არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ქართველი ებრაელები

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ქართველი ებრაელები Empty
PostSubject: ქართველი ებრაელები   ქართველი ებრაელები EmptyMon Dec 24, 2018 2:13 pm

ებრაელთა ისტორია საქართველოში

საქართველოს არაქართული მოსახლეობიდან ებრაელები ყველაზე ადრე არიან მოსული. „არც ერთს ერს არგამოუვლია იმდენი სატანჯველი და წამება, რამდენიც ებრაელთა ერს თავს გადაჰდენია. ამ ოდესმე დიდებულს და სახელგანთქმულს ერს ბედმა ხელიდან გამოსხლიტა სამშობლო და თვითმყოფელობა და განაბნია იგი მთელს დედამიწის ზურგზე, ჩაათესლა უცხო ქვეყნებში, სადაც ებრაელებს მოელოდა ყოველგვარი ტანჯვა და წვალება“. წერს ილია ჭავჭავაძე „ებრაელთა საკითხზე“. ებრაელების მოსვლას პირველად „ქართლის ცხოვრებაში“ ვხვდებით, სადაც ლეონტი მროველი ებრაელების პირველდასახლებას საქართველოში ბაბილონის მეფეს ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებას უკავშირებს ძვ. წ. VI საუკუნეში: „...და გამოჳდეს ამას შინა ჟამნი მრავალნი. მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალემი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს, და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა. მისცა და დასხნა არაგუსა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰქჳან ზანავი...“. ძვ. წ. III-II საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი მეგასთენე წერს, რომ: „ნაბუქოდონოსორ ბაბილონის მეფისგან აოხრებულ ურიათა ერთი ნაწილი შავი ზღვისაკენ გადასახლდა”. არსებობს ვარაუდი, რომ ებრაელები საქართველოში უფრო ადრე, ძვ. წ. X–VIII საუკუნეში დასახლდნენ, ხოლო ნაბუქოდონოსორისგან დევნილები მათ შეუერთდნენ. ძველი აღთქმის წიგნებში მოხსენიებული „მესეხი“ („მესექი“) იგივე მესხეთია და საქართველოზე მიუთითებს. ებრაელთა შემდეგი მიგრაციული ნაკადი ძვ. წ. 169 წელს შემოვიდოდა. კიდევ ერთი ნაკადი ებრაელებისა ახ. წ. I საუკუნეში მოსულა: „და მეფობდეს შემდგომად მისსა ძენი მისნი. ხოლო ამათსა მეფობასა უესპასიანოს ჰრომთა კეისარმან წარმოტყუენა იერუსალემი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს მცხეთას და დასხდეს ძუელთავე ურიათა თანა, რომელთა თანაერთნეს შვილნი ბარაბასნი, რომელი ჯუარ-ცმასა უფლისასა განუტევეს ურიათა უფლისა ჩუენისა იესოს წილ“. ისტორიკოსი რ. თოფჩიშვილი წერს: „... ებრაელები საქართველოში ყველაზე ძველად მოსული ერთ-ერთი ეთნიკური ერთობაა, რომლებმაც შეინარჩუნეს ეროვნული სარწმუნოება — იუდაიზმი. თუმცა, 26–საუკუნოვანი ცხოვრების მანძილზე ისე შეეწყვნენ ქართველებს, რომ მათ ქართველებისაგან მხოლოდ სარწმუნოება განასხვავებდა. იუდეველების დედაენა ქართული იყო“.

საქართველოში მცხოვრებმა ებრაულმა მოსახლეობამ თავიდანვე ისწავლა ქართული ენა, აითვისა ქართული ხალხური ზნე–ჩვეულებები და ტრადიცი ები. ისინი მოღვაწეობდნენ და ზრუნავდნენ ქვეყნის განვითარებისა და მომავლისათვის ისევე, როგორც ქართველები. ზაქარია ჭიჭინაძე წერს: „როგორც სჩანს ქრისტეს დაბადების დროს საქართველოში ისრაელნი შეჩვეული ყოფილან ადგილობრივ წეს–წყობილებას და ცხოვრებასთან. ამ გარემოებას ძლიერ აცხოველებდა ის, რომ საქართველოში ებრაელთა რიცხვი მეტად იყო გამრავლებული“. ადრეულ ხანაში ქართველი ებრაელები ტრადიციულად ერთად სახლდებოდნენ ქართლის ქალაქებში, სადაც ისინი ინარჩუნებდნენ თავიანთ საკულტო ცენტრებს, ე. წ. „ებრაულ საკურთხევლებს“, რომლებიც პირველ სინაგოგებად გამოიყენებოდა.

ბმული:
* https://ka.wikipedia.org/wiki/ებრაელთა_ისტორია_საქართველოში
* http://www.menora.ge/


study


Last edited by Admin on Wed Feb 27, 2019 1:54 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ქართველი ებრაელები Empty
PostSubject: Re: ქართველი ებრაელები   ქართველი ებრაელები EmptyMon Dec 24, 2018 2:16 pm

გიორგი ერიშვილი


ქართველ ებრაელთა ღვაწლი და მომავლის კეთილი ნება

ოცდაექვსი საუკუნის მანძილზე ცხოვრობენ საქართველოში ებრაელები. იმ დროიდან მოკიდებული, რაც ბაბილონის ტყვეობის შემდეგ ნაბუქოდონოსორისაგან დევნილი მათი ნაწილი ქვეყნიერებაზე დაიფანტა და ერთი ჯგუფი იბერიელებმა შეიფარა, მათ არასოდეს უგრძვნიათ თავი უცხოდ ამ მიწაზე. კიდევაც მეტი, ქართველ ხალხს იმდენად შეეთვისნენ და შეეხმატკბილნენ, რომ საკუთარ ეროვნებას მათიც ზედ დაურთეს და ,,ქართველ ებრაელად'' იწოდნენ. საუკუნეების მანძილზე თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ ორივე ერის სახელსა და ღირსებას. თვისტომის თავს მოწეული მრავალი განსაცდელის ჟამს ისინი მთელ მსოფლიოს ანცვიფრებდნენ მათი მეორე სამშობლოს მკვიდრებთან ძმური თანაცხოვრებითა და მასპინძლების დიდსულოვნებით, რასაც საყოველთაოდ ცნობილი შემდეგი მაგალითიც მოწმობს:

გასული საუკუნის დამდეგს, 1913 წელს, ფრანკფურტში, ებრაელთა ერთ-ერთ დიდ საერთაშორისო თავყრილობაზე, სადაც დელეგატები ერთმანეთზე უფრო შემზარავ ფაქტებს ჰყვებოდნენ თავიანთ ქვეყნებში ებრაელების დევნა-შევიწროების შესახებ – საქართველოდან ჩასულმა სასულიერო მოღვაწემ, დავით ბააზოვმა უეცარი დისონანსი შეიტანა დამსწრე საზოგადოებაში და თვალებგაფართოებულ აუდიტორიას გაუგონარი სენსაცია ამცნო:

– ქვეყანა, საიდანაც მე ჩამოვედი, შორეულ კავკასიაშია. მას საქართველო ჰქვია. ეს არის ქვეყანა, სადაც არასოდეს არ ყოფილა ებრაელთა რბევა. მის შვილებს არასოდეს არ აუწიოკებიათ ჩემი ხალხი და აგერ, ოცი საუკუნეა, ტკბილად და ძმურად ვცხოვრობთ.

ეს იმდენად გამორჩეული განცხადება იყო გამოსვლების საერთო კონტექსტიდან, რომ კონფერენციის თავმჯდომარემ, საფრანგეთის წარმომადგენელმა – გენერალმა ლიფმონმა საჯაროდ განუცხადა თანამემამულეებს:

– ძმებო, თქვენს წინაშე დგას თქვენი ძმა შორეული ქვეყნიდან. ეს ქვეყანა შორს არის ჩვენგან, მაგრამ იგი ახლოს უნდა იყოს ყველა ებრაელის გულში. ევროპა დღეს ცდილობს ადამიანის სიყვარულის განხორციელებას, ეს კი ქართველ ერს 2000 წლის წინათ ჰქონდა შეთვისებული. ამის მოწმეა მცხეთის ქალაქი და მისი პრეზიდენტი – მამასახლისი, რომელიც დაუხვდა იერუსალიმიდან გამოსულ ებრაელებს პურ-მარილით. აქ ისტუმრა ძმურად და დღევანდლამდე თუმცა ბევრი ცვლილება მოხდა ამ მშვენიერ ერში, მაგრამ თავისი იდეალი ადამიანის სიყვარულისა და ძმური განწყობისა, მათში შეუცვლელია... – კიდევ მრავალი საქებარი სიტყვა თქვა გენერალმა ქართველთა მისამართით და ბოლოს დასძინა: – ქართველ ერს შეუძლია ამაყად წარმოთქვას: ,,ჩვენც გვყავდა მეფეები, სამღვდელოება, მხედრობა, მწერლობა, მაგრამ სხვა ერების დევნა ფიქრადაც არ მოგვსვლიაო, ევროპის ძალებით დაქცეულ სისხლში ჩვენი ხელი არ გასვრილაო''. აი, ასეთია ქართველი ხალხი და მათი ის ქვეყანა, საიდანაც ჩვენი სტუმარი ჩამოვიდა!

კრებაზე გამაყრუებელი ტაშისცემა ატყდა და ყველა ერთხმად გაიძახოდა: – გაუმარჯოს ქართველ ხალხს! სიცოცხლე და ბედნიერება ქართველ ხალხს! – ბევრი ადამიანის თვალებზე ცრემლები კიაფობდა, საზოგადოება დიდხანს ვერ დამშვიდდა. გენერალმა კი თავისი სიტყვა ასე დაასრულა: – შვილებო, ანდერძად გქონდეთ, ვისაც როგორ შეგეძლოთ, იმით გამოხატეთ ქართველი ერის სიყვარული!''

ასეთი იყო ფრანკფურტის ყრილობაზე დავით ბააზოვის გამოსვლის შედეგი. ქართველ ებრაელობას სხვა დროსაც არაერთგზის დაუდასტურებია თავიანთი კეთილი მასპინძლებისადმი, ქართველებისადმი მადლიერება და სიყვარული, ხოლო თუ როგორია ქართველთაგან ამ სიყვარულზე მისაგებელი, ამის ახსნის მცდელობა ქვემოთ წარმოდგენილ წერილში გახლავთ:

***
ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობებს უძველესი დროიდან საგანგებო სამეცნიერო გამოკვლევა უძღვნა კირიონ ქართველთა კათალიკოსმა: ,,იუდეველები ძველს ივერიაში; საყოველთაო მოლოდინი მესიისა; განთესილ იუდეველთა გავლენა ჩვენი წინაპრების სარწმუნოებაზე და ებრაელთა მიერ საუფლო კვართის ჩამოტანა მცხეთაში''.

აქ ყველაფერი სათაურშივეა გაცხადებული და შემდგომ მთელ წერილშია მოთხრობილი, თუ როგორ მოხდა სალმანასარის ასურელი და ნაბუქოდონოსორის ბაბილონური დევნის შედეგად დატყვევებული და განთესილი ებრაელების დამკვიდრება საქართველოში ძველი წელთააღრიცხვის VIII-VI საუკუნეებში, როგორ მოიტანეს მათ ცნობა ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ და როგორ ეზიარა იბერთა ტომი მონოთეისტურ მსოფლმხედველობას; ხოლო რათა სრულად წარმოვაჩინოთ მადლიერების ნიშნები ძველი აღთქმის საიდუმლოს მომპოვებელი რჩეული ერის მიმართ, უნდა მივდიოთ მის თხრობას:

ღვთის რჩეული ერის – ისრაელის დანიშნულება – ორგვარი იყო: იგი უნდა ყოფილიყო ქრისტიანული ეკლესიის შობის ადგილიცა და მას ქრისტიანობისათვის გზაც უნდა გაეკვლია წარმართებში. სხვა ხალხებისაგან განსხვავებით ებრაელ ერს გამოარჩევდა ერთი ღმერთის აღიარება, რომლის თაყვანისცემაც, ყველა ქვეყანაში განთესილ ებრაელთაგან, მხოლოდ იერუსალიმის ტაძარში ხდებოდა. მესიის მოლოდინს, რომელსაც მთელი სამყაროს ებრაელები სასოებდნენ, ებრაელების გავლენით, ბევრნი წარმართნიც იზიარებდნენ. სწორედ აქ ეყრებოდა საფუძველი ორი ერის სულიერ თანაზიარობას: ქართველებიც მოელოდნენ უკვე არაჩვეულებრივ ყრმას, რომელიც იმისთვის უნდა შობილიყო, რომ წარმართობის ,,ნათელი'' დაებნელებინა. ჩვენს წარმართ წინაპრებს სმენოდათ მათი უმთავრესი ეროვნული კერპის – არმაზისაგან მომდინარე შემდეგი სიტყვები: ,,შობილი ვარ მე უნათლესი ნათლისაგან, ხოლო ახალშობილი (ყრმა) განმზადებულ არს დასაბნელებლად ჩემი ნათლისა''. ასე რომ, უკვე გასაკვირი აღარ არის, როდესაც წმიდა ნინოს ლოცვის შედეგად კერპები იმსხვრეოდა საქართველოში, ქართველობა ფსიქოლოგიურად მზად ყოფილიყო ამ მოვლენის ტრაგიკული განცდის გარეშე გადასატანად!

მაშასადამე, საქართველოს მიწა-წყალზე ერთად იდგა წარმართობა და იუდეველობა. იუდეველები აქ საკმაოდ დიდ საზოგადოებას შეადგენდნენ, რომლის რწმენასა და მოლოდინს, ნებსით თუ უნებლიეთ, უსათუოდ უნდა მიეპყრო ჩვენი წინაპრების ყურადღება, მით უმეტეს, რომ თავიანთი კერპები მათ უკვე ვეღარ ანიჭებდნენ ვერანაირ შვებას თუ ნუგეშს. ამ დროისათვის ქართველები ებრაელთა მონოთეისტური რელიგიის ძლიერი ზეგავლენის ქვეშ იყვნენ. ქართველ ებრაელობას ჰყავდა თავისი საკუთარი საეკლესიო იერარქია, მღვდელმსახურით სათავეში. და ეს თანამდებობა მცხეთელ ებრაელობაში მემკვიდრეობით გადაეცემოდა. სწორედ ერთი ასეთი მემკვიდრეობითი სასულიერო პირის, აბიათარ მღვდლის ნაამბობი გადმოგვცემს ქართველი ებრაელების ღვაწლს საქართველოს ქრისტეს ნათელთან ზიარების საქმეში:

იესო ქრისტეს საქმეთა განსასჯელად იერუსალიმიდან ანნა მღვდელმთავარმა ყველა ქვეყნის ებრაელებს მოუწოდა და მცხეთას ეს ცნობა მღვდელ ელიოზსაც მოუვიდა. როცა ელიოზმა, სხვა იუდეველებთან ერთად, იერუსალიმს წასვლა გადაწყვიტა, მაშინ დედამისმა, ღვთისნიერმა მოხუცმა დედაკაცმა (რომელიც ჩამომავლობით ელია მღვდელმთავრის გვარისა იყო), ასე მიმართა ვაჟიშვილს: ,,წარვედ, შვილო, წოდებისა მაგას მეფისასა და წესსა სჯულისას, გარნა რომელსა ისინი განიზრახვენ, ნუ შეერთვინ ცნობაი შენი! ნუ, შვილო ჩემო, რამეთუ იგი არს სიტყვა წინასწარმეტყველთა და იგავი ბრძენთა და საიდუმლო დაფარული ჰურიათაგან და წარმართთა ნათელი და ცხოვრება საუკუნო''.

ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი იერუსალიმს გაემგზავრნენ. იქ ისინი მაცხოვრის ჯვარზე ვნების შემსწრენი აღმოჩნდნენ, ხოლო მცხეთაში, ელიოზის ღვთივგანბრძნობილსა და ნათელმხილველ დედას ანაზდად სამსჭვალზე ჩაქუჩის ცემის ხმა ესმა, ოდეს იუდეველები ჯვარზე აკრავდნენ იესოს და შეიცხადა: ,,მშვიდობით, მეუფებაო ჰურიათა, რამეთუ მოჰკალით თავისა თქვენისა მაცხოვარი და მხსნელი და იქმნენით ამიერითგან მტერ და მკვლელ შემოქმედისა! ვაი, თავსა ჩემსა, რომელ არა მეუფლა მე უწინარეს ამისსა სიკვდილი, რათამცა არღარა სმენილ იყო ყურთა ჩემთა არცაღა შემდგომად ამისა ღირს ვიქმენ მე ხილვად ნათლისა წარმართთა ზედა და მშვიდობა ისრაილისა''. როგორც კი დაასრულა ეს სიტყვა, სულიც განუტევა.

ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, როდესაც მეომრებმა წილი ჰყარეს ქრისტეს კვართზე, იმ მეომართაგან, ვისაც წილად ხვდა ეს სამოსელი, ელიოზ მცხეთელმა შეისყიდა და მცხეთაში ჩამოიტანა. აქ მას შეეგება დაი მისი, სიდონია, რომელმაც დედის სიკვდილის ამბავი აუწყა და, როცა ელიოზმა დაუდასტურა დას დედის წინათგრძნობის გამართლება და ჯვარცმულის სისხლიანი კვართიც უჩვენა, სიდონიამ უმალ გამოართვა, ცრემლთაღვრით ეამბორა, გულში ჩაიკრა და იმწამსვე კვართიანად უსულოდ დაეცა მიწაზე. ვერავითარმა ძალამ ვერ შეძლო მისთვის ხელიდან ამ კვართის ართმევა. რამდენიმე დღის შემდეგ ელიოზმა მიწას მიაბარა თავისი და და მასთან ერთად – საუფლო კვართი!

თავისი ნაშრომის დასასრულ კირიონი დაასკვნის: ,,ეს კვართი ღმერთკაც იესო ქრისტესი, ჩამოტანილი ივერიის ძველ დედაქალაქ მცხეთაში, ქართველ ებრაელთა მთავრის – ელიოზის მიერ, იყო პირველი საღმრთო კურთხევა მოწამეობრივი საქართველოსათვის, და უეჭველი წინდიც იმისა, რომ უფალი მარადის შემწე და მფარველი იქნება იმ ნეტარი ქვეყნისა, რომელიც წილად ხვდა მოქცევა-განათლებისათვის მის ყოვლადწმიდა დედას – მარადის ქალწულ მარიამს''.

ათი საუკუნის წინ იყო ეს ამბავი ნაწინასწარმეტყველები და დავით მეფე განაცხადებდა მას თავის ფსალმუნში: ,,განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი'' (ფსალ. 21,19), ხოლო ზუსტად იმავე სიტყვებით აღწერდა თვითმხილველი მოციქული ათი საუკუნის შემდეგ: ,,განიყვეს სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი''. (იოანე 19,24). ხოლო ეს კვართი რომაელი მეომრებისგან სწორედ ქართველმა ებრაელებმა შეიძინეს საქართველოსათვის! როგორც ვხედავთ, უსაზღვროა ქართველი ებრაელების ღვაწლი ქართველი ერისათვის იმ სამარადისო საღმრთო მადლის მინიჭებაში, რომელიც საქართველოში მაცხოვრის კვართის დავანებას უკავშირდება – აკი სწორედ ქართველმა ებრაელებმა – ელიოზმა და ლონგინოზმა – ჩამოიტანეს ეს კვართი იერუსალიმიდან! ისიც ნიშანდობლივია, რომ მაცხოვრის ტანჯვა და სიკვდილი პირველმა თანამედროვეთაგან ქართველმა ებრაელმა ქალმა – ნათელმხილველმა ელიოზის დედამ იგრძნო და განიცადა. მან დედის ლოცვად და დარიგებად გაატანა შვილს, არ მიეღო ღმერთკაცის მკვლელობაში მონაწილეობა და შვილმაც, როგორც გამოჩნდა და, როგორც ამას შემდგომი მოვლენებიც ადასტურებენ, პირნათლად შეასრულა დედის სიტყვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საღმრთო განგებულება არ შეახვედრებდა მას იესოს კვართს, არ ჩამოაბრძანებინებდა კვართს თავის მეორე სამშობლოში და, რაც მთავარია, რომ არა იერუსალიმს წარგზავნილ ქართველ ებრაელთა უზაკველობა და ბრალის უქონლობა, ქართველების ეროვნებათშორისი ტოლერანტობა არ იკმარებდა ალბათ აბრაამის შთამომავალთა მიმართ მომავალი კეთილსათნო დამოკიდებულებისათვის – ქართველთა და ქართველ ებრაელთა მომავალ კეთილ ურთიერთობას საფუძვლად ის უნდა დასდებოდა, რომ ქართველებს მტკიცედ სწამდათ – ქართველ ებრაელებს მაცხოვარი არ გაუკრავთ ჯვარზე! მათ მის გვემა-ტანჯვაში, დამცირებასა და ქირდვაშიც არ მიუღიათ მონაწილეობა – ისინი მოვლენების ოდენ უტყვი მოწმეები იყვნენ, რისი ჯილდოც გახლდათ კვართი უფლისა მათთვის და იმ ქვეყნისათვის, რომელიც უნდა შექმნილიყო ახალ ისრაელად!

ყველა ქართველი ებრაელის ნამდვილი დიდი დედა იყო ელიოზ მცხეთელის მშობელი, რომელიც იესო ქრისტეში იდუმალი ხილვით აღიარებდა ჭეშმარიტ ღმერთს და მის ჯვარცმასა და ტანჯვაში ისრაელის მეფობის დასასრულს ხედავდა; დაი ელიოზისა, სიდონია, რომელმაც სიყვარულით ჩაიკრა გულში მაცხოვრის კვართი და იქვე აღესრულა, ჩვენი, ქართველების, საერთოდაც პირველი ქრისტიანი წმინდანია, რომლის საფლავზეც ამოვიდა სწორედ ის კვიპაროსი, საუკუნეებში ნათელ სვეტად – სვეტად ცხოველად რომ ადგას თავს ჩვენს ქვეყანას; გავიდა სამი საუკუნე მას შემდეგ და, როდესაც კვართის ამბავი უკვე აღარავის ახსოვდა, მისი ადგილსამყოფელი წმინდა ნინოს გაუმხილა ისევ ებრაელმა, ელიოზ მღვდლის შთამომავალმა – ჰურიათა მღვდელმა – აბიათარმა, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო თავის ქალიშვილთან და სხვა რამოდენიმე თვისტომთან ერთად. იგი გახდა მეფე მირიანის პირველი ქრისტიანი მრჩეველი, რასაც ბოლოს ქართველთა მეფისა და მთელი ქვეყნის გაქრისტიანება მოჰყვა! ამდენად, როდესაც პირველი საუკუნეების ქართველ ებრაელთა ღვაწლზე ვსაუბრობთ, როგორ არ უნდა დავუფასოთ ელიოზ მცხეთელს და ლონგინოზ კარსნელს უფლის კვართის საქართველოში ჩამობრძანება, ხოლო წმინდა სიდონიასა და წმიდა აბიათარს – ქართველთა ზიარება მაცხოვნებელ ქრისტიანულ სარწმუნოებასთან და როგორ არა ვთქვათ, რომ საქართველოში პირველი ქრისტიანები – ქართველი ებრაელები იყვნენ!

მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართველები ღირსეული მოწაფენი აღმოჩნდნენ და თაყვანისცემითა და კრძალულებით მიიღეს მოძღვრება განკაცებული ძისა უფლისა. ხოლო წმიდა სიდონიასა და წმიდა აბიათარის მემკვიდრე ქართველი ებრაელები თვისტომთ ვერ გაემიჯნენ და ძველი აღთქმის ახალთან თავიანთ მიერ გავლებულ მიჯნის მიღმა დარჩნენ. არადა, ქრისტიანული რელიგიის ჭეშმარიტებას ხომ სწორედ ის ძველი აღთქმა ადასტურებს, რომელსაც დღესაც ეფუძნება ებრაელთა სარწმუნოება. სწორედ ძველ აღთქმაში იყო ნაწინასწარმეტყველები მესიის მოვლინება, რაც სრულად გაცხადდა ახალ აღთქმაში – ანუ, ახალ აღთქმაში აღსრულდა ის, რასაც ჯერ კიდევ ძველი აღთქმა ქადაგებდა. ამდენად, ძველი აღთქმა ახალი აღთქმის გარეშე გაუგებარია, მით უფრო, როდესაც საკითხი მესიის მოვლინებას შეეხება, რადგან, თუკი ებრაელთა რაბინები კვლავაც ელოდებიან მესიას – მიწიერ ადამიანს, ისინი თავიანთსავე წმიდა წიგნს ეწინააღმდეგებიან. თავად განსაჯეთ, თუ როგორ მოწმობენ მესიაზე ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი, რომლებიც ებრაელთათვის დღემდე შეურყეველი ავტორიტეტები არიან: წმიდა დავითი – მეფე და წინასწარმეტყველი ბრძანებს: ,,უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ'' (ფსალ. 2,7). ხოლო სხვაგან სად განხორციელებულა ძის შობა მამისაგან, თუ არა ახალ აღთქმაში? როდესაც ესაია ამბობს: ,,აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს სახელად ემანუელს'' (ეს. 7,14), შევადაროთ როგორ სიტყვა-სიტყვით იმეორებს წინასწარმეტყველებას მათეს სახარება: ,,აჰა, ქალწული მიუდგეს და შვას ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენთანა ღმერთი'' (მათე 1,23) და თუ ქალწულისგან იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, შვიდი საუკუნის შემდეგ ახდენილი წინასწარმეტყველება კიდევ სხვა რა დასტურს მოითხოვს? და ან სხვა ვისზე, თუ არა ქრისტეზე, ცხადდება ფსალმუნში აღვლენილი მესიის სადიდებელი: ,,და თაყუანისსცემდენ მას ყოველნი მეფენი ქვეყანისანი, და ყოველი წარმართნი, და ყოველნი წარმართნი ჰმონებდნენ მას'' (ფსალ. 71,11).

განა ვნების კვირის ავბედით დღეთა გამო, იუდა ისკარიოტელის პირით არ წინასწარმეტყველებს ზაქარია, როდესაც ძველ აღთქმაში გვამცნობს: ,,მომიწონიან გასამრჯელოდ ოცდაათ ვერცხლს. მითხრა უფალმა: ჩაყარე ისინი საგანძურში – საუკეთესო საფასურია, როგორც დავფასდი მათგან. მეც ავიღე ოცდაათი ვერცხლი და ჩავყარე უფლის სახლის საგანძურში'' (ზაქ. 11,12-13). ახდა თუ არა ეს თვითბრალდება საკუთარი მოძღვრის 30 ვერცხლად გაყიდვისა? ქრისტეს კვართის გაყოფის ერთნაირი აღწერის შესახებ, დავით მეფისა და იოანე მახარებლის მიერ, ზემოთ უკვე ითქვა; ხოლო თვით ის მოვლენები, რომლებიც თან ახლდა ჯვარცმას, სავსებით ისე აღსრულდა, როგორც ამოს წინასწარმეტყველი უქადიდა: ,,იმ დღეს იქნება, ამბობს უფალი ღმერთი, რომ შუადღისას ჩავიყვან მზეს და დღის სინათლეზე დავაბნელებ ქვეყანას'' (ამოს, 8,9). ეს ხომ წინასწარმეტყველებაა იმ მოვლენისა, რომელიც თან ახლდა ქრისტეს ჯვარცმას!

ახლა კი, ის დროა, გავიხსენოთ, რას ჰპირდება მოსეს უფალი: ,,შენ რომ ხარ, ისეთ წინასწარმეტყველს დავუდგენ მოძმეთა წრიდან. თუ ვინმე არ შეისმენს ჩემს სიტყვებს, რომელთაც ის გამოაცხადებს ჩემი სახელით, თავად მე მოვთხოვ მას პასუხს'' (II რჯ. 18,18-19). როდესაც ამ სიტყვებს ვკითხულობთ, იმ ამაგის სანაცვლოდ, რომელიც ქრისტიანობის დამნერგავ ქართველ ებრაელებს მიუძღვით ჩვენს მიმართ, ჩნდება ჭირისუფლის ბუნებრივი ზრუნვა, რათა ,,სიტყვების არ შესმენის'' გამო ჩვენს თანამოძმეებს არა ევნოთ რა უფლის წინაშე! ხოლო დამაიმედებლად გვახსენდება პავლე მოციქულის წინასწარმეტყველება ბოლო ჟამისთვის, იმის თაობაზე, რომ მსოფლიოს მრავალი ხალხის ქრისტიანობისაგან განდგომილებასთან ერთად დაიწყება ებრაელი ერის მიახლება ქრისტიანობასთან:

,,არა მნებავს უმეცრებაი თქუენი, ძმანო, საიდუმლოისაი ამის, – რაითა არა იყვნეთ თავით თვისით ბრძენ, – რამეთუ სიბრმე ჟამადჟამად შეჰყვა ისრაელსა, ვიდრემდე სავსებაი იგი წარმართთაი შემოხდეს.

და ესრეთ ყოველი ისრაელი ცხონდეს, ვითარცა წერილ არს: მოვიდეს სიონით მხსნელი და მოაქციოს უღმრთოებისაგან იაკობი...'' (რომ. 11,25-26).

ბმული:
* http://www.georoyal.ge/?MTID=6&TID=65&id=352

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ქართველი ებრაელები Empty
PostSubject: Re: ქართველი ებრაელები   ქართველი ებრაელები EmptyMon Dec 24, 2018 2:19 pm

ელდარ მამისთვალაშვილი

ქართველ ებრაელთა ისტორია

საქართველოში ებრაელები უძველესი დროიდან ცხოვრობენ. საისტორიო ტრადიციის მიხედვით, საქართველოს ძველ დედაქალაქში, მცხეთაში, ებრაელები პირველად ძვ.წ. VIII საუკუნის დასასრულს მოვიდნენ. ებრაელთა მეორე ნაკადი მოვიდა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II -ის მიერ იუდეას განადგურების შემდეგ. მნიშვნელოვანი ნაკადი უნდა მოსულიყო იუდეური ომის /66-73/ შემდეგ. ებრაელები საქართველოში მოდიოდნენ მეზობელ ქვეყნებში /ბიზანტია, სომხეთი, ხაზარეთი, თურქეთი, რუსეთი/ ანტისემიტიზმის გაძლიერების პერიოდში.

იუდაიზმის მიმდევრები საქართველოში, ჩვეულებრივ, მოიხსენიებოდნენ ერთი ზოგადი სახელით - "ებრაელი", რომელიც შემოსული უნდა იყვეს ბერძნულის გავლენით, ბერძნულში შევიდა არამეულიდან, არამეულში კი ებრაულიდან.

ქართველსა და ებრაელის ერთმანეთისაგან განუყოფლობის მაჩვენებელი იყო და არის ტერმინი "ჰურიანი ქართველნი" /ქართველი ებრაელები"/. იგი ქართული ენის ლექსიკაში უნდა გაჩენილიყო IV-XI საუკუნეებში.

ზოგიერთი ანტროპოლოგი ვარაუდობს, რომ არ არსებობს ებრაელის წმინდა რასობრივ -ეთნიკური ტიპი, რადგან ათასეული წლების მანძილზე იგი სხვადასხვა ეთნიკურ ფორმაციას შეერია.

ქართველი ებრაელები, ანთროპოლოგიური ტიპის მიხედვით, არ განსხვავდებიან აღმოსავლეთის ქართველებისაგან. ზოგიერთი სპეციფიური თავისებურებანი, რომლებიც შეიძლება განვასხვავოთ ქართველი ებრაელი ქართველისაგან, მნიშვნელოვანწილად განპირობებულია ეთნოგრაფიული თავისებურებებით. ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველი ებრაელები წარმოადგენენ კავკასიის ებრაელების ეთნიურ ბაზას. ამგვარად, ებრაელები უხსოვარი დროიდან მოვიდნენ საქართველოში და გაიზიარეს ქართველი ხალხის ისტორიული ბედი. ისინი მცხეთიდან თანდათანობით გადასახლდნენ ჯერ საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ხოლო შემდეგ გავრცელდნენ დანარჩენ კავკასიაში. მოხდა მათი ასიმილაცია კავკასიის აბორიგენებთან. ცხადია, რომ დიასპორის ებრაელებმა თითქმის ყველგან შეინარჩუნეს თავიანთი რასობრივ-ანთროპოლოგიური მაჩვენებლები, მაშინ, როცა კავკასიაში საერთო ებრაული მაჩვენებლებიდან გადახრას ვხედავთ. ამიტომ აქვთ ფიზიკური ნიშნების ერთობა კავკასიის ებრაელებს. ამიტომ ჩანს მისი მკვეთრი განსხვავება პალესტინის და ევროპის ებრაელებისაგან. საინტერესოა საზიარო გვარები, რომლებიც ქართველებსაც აქვთ და ებრაელებსაც, რაც მრავალი საუკუნის მანძილზე თანაცხოვრებით უნდა იყოს განპირობებული. ებრაელები მაშინ მოვიდნენ საქართველოში, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა გვარები. როდესაც იწყება და მიმდინარეობს გვარების ჩამოყალიბების პროცესი, ებრაელთა გვარების წარმოქმნაც საერთო ქართულ პრინციპს ემორჩილება. ამიტომაა, რომ ქართველ ებრაელთა გვარები გარეგან გაფორმებასთან ერთად ხშირად ქართულ შინაარსს იძენს და, სრულიად ბუნებრივია, რომ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ყალიბდება ერთნაირი გვარები, როგორც ქართველებში ისე ებრაელებში.

ებრაელთა განსახლება საქართველოში სხვადსხვა პერიოდში განსხვავებული იყო. გვიანფეოდალურ პერიოდში ებრაელები თითქმის აღარ ცხოვრობდნენ ანტიკური და ადრეფეოდალური განსახლების ადგელებში. მათი კვალი ზოგჯერ ტოპონიმებმა შემოგვინახა. შეგვიძლია ისევ ვივარაუდოთ, როდის მოხდა მათი ჩასახლება ამ თანამედროვე ქალაქებში, სადაც გვიანფეოდალურ პერიოდში არ ჩანდნენ.

ებრაელთა რაოდენობა საქართველოში ცვალებადი იყო. მის პერიოდულ შემცირებას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება განაპირობებდა. ვერ ვიტყვი, რომ ამ პროცესს სახელმწიფოს, ეკლესიის ან ქრისტიანი მოსახლეობის მიერ გატარებული რაღაც განსაკუთრებული ღონისძიებები ედო საფუძვლად. მისი მიზეზები უმთავრესად ქვეყნის ტრაგიკულ ბედში უნდა ვეძიოთ. ხშირი ომები, რასაც თან სდევდა ამოწყვეტა და დატყვევება, ეპიდემიები, მოტაცება, სარწმუნოების შეცვლა... ყველა ამ უბედურებას ებრაელები ქართველ ხალხთან ერთად იზიარებდნენ და მათი შემცირება ქართველთა შემცირების პროპორციული იყო.

ფეოდალიზმის ეპოქაში ებრაული მოსახლეობა პერიოდულად იცვლიდა თავის სამოსახლოს ქვეყნის შიგნით - ზოგჯერ საკუთარი სურვილით, ზოგი ძალდატანებით. ძველი და გვიანდელი ხანის განსახლების ადგილების დადგენა წარმოდგენას შეგვიქმნის ებრაული მოსახლეობის დინამიკაზე და მის მიზეზებზე.

XIX ს. დასაწყისიდან შეიმჩნევა ებრაელების გადასახლების ტენდენცია სოფლებიდან ქალაქებში. ქართული საისტორიო წერილობითი წყაროები განსაკუთრებულ ადგილს მიუჩენს ებრაელებს ქართლის გაქრისტიანების საქმეში. ჩანს, რომ ქართველ ებრაელებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ქრისტიანობის კერასთან - იერუსალიმთან.

ქართველი ებრაელები მუდმივად საქმის კურსში იყვნენ იერუსალიმში მიმდინარე პოლიტიკურ-რელიგიური მოვლენებისა. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების დროისათვის მეფის ხელისუფლების დამოკიდებულება ებრაელებისადმი საერთოდ და კერძოთ, მცხეთელი ებრაელებისადმი, ჩვენთვის ცნობილი წყაროების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არ შეიცვალა. ქართველი ებრაელების ღვაწლი ქვეყნის გაქრისტიანების საქმეში ჯეროვნად შეფასდა.

ქართველებსა და ებრაელებს შორის ანტაგონიზმის არარსებობა შემდეგში უნდა ვეძიოთ:
1.ებრაელები საქართველოში იმ პერიოდში მოვიდნენ, როდესაც ქართული სახელმწიფოების ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობდა, მათ თან მოიტანეს ვაჭრობისა და ხელოსნობის წარმოების მოწინავე ფორმები, რითაც მაშინდელი ქართული საზოგადოების პატივისცემას მოიპოვებდნენ.
2.ებრაელები ყურადღებას მიიპყრობდნენ თავიანთი მონოთეისტური რელიგიით, რომელიც თავის მრევლს კონსოლოდაციის, კაცთმოყვარეობისა და პატიოსნებისაკენ მოუწოდებდა. ძველი აღთქმის მცნებებს ქართული საზოგადოება სხვა ხალხებთან შედარებით კარგა ხნით ადრე გაეცნო.
3.ებრაელების მიმართ მტრული დამოკიდებულების არარსებობას ხელს უწყობდა ისიც, რომ ისინი ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ კი არ მოვიდნენ საქართველოში, არამედ თვოთონ მიიღეს უშუალო მონაწილეობა ამ რელიგიის დანერგვაში. ქართველი ებრაელები ითვლებოდნენ ებრაელების იმ ნაწილად, რომლებსაც ბრალად არ ედებოდათ მაცხოვრის ჯვარცმა.
4.მართალია, ქართველი ებრაელები შორს იყვნენ თავიანთი ისტორიული სამშობლოდან, მაგრამ არ წყვეტდნენ კავშირს მასთან. ეს კავშირი საქართველოსათვის არ იყო საზიანო, პირიქით.
5.წინააღმდეგობა ვერ იქნებოდა იმიტომაც, რომ უკვე მომხდარი იყო ქართველების და ებრაელების ნაწილობრივი ურთიერთშერევა.
6.ადრექრისტიანული ქართული ლიტერატურა ებრაელების მონაწილეობით იქმნებოდა და, ამდენად, მასში ვერ აიხსნება წინააღმდეგობა.

საქართველოში ებრაელების გაქრისტიანება დაიწყო მანამდე, ვიდრე ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა, შემდეგ კი მასობრივი ხასიათი მიიღო. ეს პროცესი გრძელდებოდა მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში და, რადგანაც მაშინ იუდაიზმის დათმობა და ქრისტიანობაზე გადასვლა ებრაელის გაქართველების ტოლფასი იყო, სხვა მიზეზებთან ერთად, ებრაელთა საერთო რაოდენობის შემცირებას იწვევდა საქართველოში.

საქართველოში ებრაელების უფლებრივი მდგომარეობის ამსახველი წერილობითი ცნობები უაღრესად მცირეა. ერთი რამ ცხადია: რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამდე, ქართველი ებრაელი და ქართველი ქრისტიანი, უფლებრივი მდგომარეობით თანასწორნი იყვნენ. საქართველოში არასოდეს არ ყოფილა ებრაელთა დევნა და რბევა, არასოდეს არ ყოფილა სხვა ქვეყნებისათვის ასე დამახასიათებელი ებრაელთა ცხოვრების ზონები და ე.წ. გეტოები, ეს კი არა და, ფეოდალური ხანის მწირი ცნობებიც ნათელს ხდის, რომ საქართველოში ისინი ზოგჯერ გარკვეული პრივილეგიებითაც კი სარგებლობდნენ.

ფეოდალური საზოგადოების სოციალური და კულტურული ბუნებიდან გამომდინარე, ქართველი ყმა ებრაელი, ისევე, როგორც საერთოდ ყველა ეროვნების ყმები, მებატონის სრულ საკუთრებას წარმოადგენდა.

ქართული ფეოდალური სამართალი ისევე იცავდა ებრაელის საკუთრებას, როგორც ქართველი მემამულისას მიწაზე, ყმებზე თუ სხვა რამეზე. საუკუნეების განმავლობაში კანონმდებლობითა და ტრადიციებით შედუღაბებული ქართულ-ებრაული ურთიერთობა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგაც გრძელდებოდა. მიუხედავად ცარიზმის მოხელეების მრავალი ცდისა, ქართველები დაეპირისპირებინა ებრაელებისათვის, მიზანს ვერ მიაღწიეს, მხედველობაში თუ არ მივიღებთ ზოგიერთ ინსინუაციას რელიგიურ ნიადაგზე. რუსულმა მმართველობამ ქართველი ებრაელების უფლებების შეკვეცა, უპირველეს ყოვლისა, იმით დაიწყო, რომ აუკრძალა ყმების ყოლა, რაც ადრინდელ პერიოდში ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

ებრაელები, მართალია, სხვა მოსახლეობის მსგავსად იხდიდნენ სახელმწიფო და საზოგადოებრივ გადასახადებს, მაგრამ ისინი ვერ სარგებლობდნენ საერთო სახელმწიფოებრივი ფონდიდან ისეთი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, როგორც იყო განათლება, რელიგიური რიტუალი, ავადმყოფთა თავშესაფარი, ღარიბებზე მზრუნველობა, სტიქიური ან სხვა სახის უბედურება. აღნიშნული ღონისძიებებისათვის ებრაელებს მხოლოდ თვითონ უნდა გამოენახათ სახსრები. ამგვარად, ებრაელთა ინტერესების იგნორირება ხდებოდა მთელს იმპერიაში როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მიერ.

უაღრესად მწირია საბუთები ებრაელთა მიწისმფლობელობაზე. დოკუმენტურ მასალაში ებრაელთა მიწისმფლობელობა აისახა ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებთან დაკავშირებით, საეკლესიო შეწირულობებში და სხვ. ირკვევა, რომ ზოგისთვის მიწა იყო არსებობის ძირითადი საშუალება, ხოლო ზოგისთვის დამხმარე, დამატებითი შემოსავლის წყარო. ერთი რამ ცხადია, ებრაელთა აბსოლუტურ უმრავლესობას კავშირი ჰქონდა სოფლის მეურნეობასთან.

ებრაელები საქართველოში მოსვლის პირველ საუკენეებში, რამდენადაც ისინი ქალაქებში ჩასახლდნენ, ძირითადად, ვაჭრობითა და ხელოსნობით შემოიფარგლებოდნენ და ანტიკურ და ელინისტურ სამყაროსთან ურთიერთობაში ჩაბმულ საქართველოში ეკონომიკური ცხოვრების ამ სფეროში კარგი გასაქანიც ექნებოდათ. მაგრამ ელინისტური სახელმწიფოების დაცემის, ფეოდალური ურთიერთობის და ნატურალური მეურნეობის დამკვიდრების გამო, ვაჭრობა შეიკვეცა. ფეოდალიზმის დამკვიდრებას საქართველოში თან ახლდა ქართველი ებრაელებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი - ქრისტიანობის გავრცელება, რომელმაც მნიშვნელოვანწილად მოიცვა თვით ებრაელები. მათი ერთი ნაწილი გაქრისტიანდა და ასიმილაცია განიცადა. მეორე ნაწილი კი, რომელმაც იუდაიზმი შეინარჩუნა, ქრისტიანობის ძირითად კერებს - იმდროინდელ ქალაქებს - გაეცალა და პერიფერიებში დასახლდა, სადაც ნატურალური მეურნეობა კიდევ უფრო ძლიერი იყო. ამ დროს მიმდინარეობდა ქვეყნის ფეოდალიზაციის პროცესი, რაც, ბუნებრივია, ებრაელების ძირითად მასა დაყმევებას უმზადებდა. ფეოდალი, როგორც საერო ისე საეკლესიო, შეძლებისდაგვარად აღჭურავდა ებრაელს მიწით და ყმად გადააქცევდა. ქართველი ებრაელების მდგომარეობა, როგორც სოციალური ისე იურიდიული თვალსაზრისით, დიდად განსხვავდებოდა სხვა ქვეყნების ებრაელთა მდგომარეობისაგან. საქართველოში არ არსებობდა ქრისტიანი და ებრაელი ბატონის ან ყმის განსხვავება კანონმდებლობის საფუძველზე. უფრო მეტიც, ებრაელ ბატონს ჰყავდა ქრისტიანი ქართველი ყმები, მაგრამ მაშინდელი საზოგადოება ამაში ვერ ხედავდა რაიმე შეურაცხმყოფელს, სადაც ანალოგიურ შემთხვევაში ებრაელი სასტიკად ისჯებოდა.

საუკუნეების განმავლობაში ეკლესიის ხელში თავი მოიყარა მრავალმა ყმა-ებრაელმა, ეკლესიის მიერ ყმის მოპოვება უმთავრესად შეწირვის გზით ხდებოდა. წირავდნენ მეფე-მთავრები, მათი ოჯახის წევრები, ფეოდალები და სხვა. არ იყო იშვიათი ანა თუ იმ მიზეზით საკუთარი ნებით თავის შეწირვა. ფეოდალური ძალადობის ეპოქაში გავლენიანი მფარველის მოპოვების მიზნით, ეკლესიისათვის თავის შეწირვას ხშირად ეკონომიკური ინტერესები ედო საფუძვლად. შეწირული ვაჭარი და ხელოსანი, როგორც წესი, თავისუფლდებოდა სახელმწიფო და საბატონო გადასახადებისაგან. ისინი გარკვეულ ვალდებულებებს კისრულობდნენ ახალი ბატონის - ეკლესიის წინაშე.

ებრაელებს მნიშვნელოვანი წვლილი ჯქონდათ ანტიკური და ფეოდალური ხანის საქართველოს როგორც საშინაო ისე საგარეო ვაჭრობაში. სოციალურად და ეკონომიურად განსხვავებულ მდგომარეობაში იყვნენ ქალაქისა და სოფლის ებრაელი ვაჭრები. ქალაქის ვაჭრები მთლიანად ვაჭრობას მისდევდნენ და მათი საქმიანობის სივრცეც შედარებით ფართო იყო. ქალაქელი ვაჭრები შეძლებითაც დიდად განსხვავდებოდნენ მოძმე სოფლელებისაგან. სოფლელი ვაჭრები მოწყვეტილნი არ იყვნენ სოფლის მეურნეობას და მათი ვაჭრობა უფრო სეზონურ ხასიათს ატარებდა.

ქალაქის და სოფლის ებრაელი ვაჭრები ისევე როგორც სხვა ეთნიკური ვაჭრების უმრავლესობა, სხვადასხვა მებატონის /მეფის, მეფის ოჯახის წევრების, ეკლესიის, თავადების, აზნაურების/ ყმები იყვნენ და ბატონს ნატურით ან ფულით, ზოგჯერ ორივე სახით უხდიდნენ გადასახადს. XIX ს. 60-იანი წლებიდან, ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, ებრაელთა მდგომარეობა გაუმჯობესდა. ებრაელთა მნიშვნელოვანი ნაწილი იწყებს ქალაქებში გადასახლებას, ჩნდება ებრაული ინტელიგენცია.

რუსეთის რევოლუციებმა სერიოზული გავლენა მოახდინა ქართველ ებრაელთა პოლიტიკურ გამოღვიძებაზე. საქართველოს ქალაქებში გაჩნდა სიონისტური ორგანიზაციები. ებრაელთა გარკვეული ნაწილი იზიარებდა ბოლშევიკურ იდეებს. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირობებში /1918-1921/ ებრაელებმა მიიღეს სრული მოქალაქეობრივი უფლებები. მათ თავიანთი წარმომადგენლები ჰყავდათ მენშევიკურ მთავრობაში.

გასაბჭოების შემდეგ, ებრაელები მიუხედავად საბჭოთა მთავრობის მიერ განხორციელებული ანტი ებრაული პოლიტიკისა, საქართველოში, განსხვავებით სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისაგან, უკეთეს მდგომარეობაში ცხოვრობდნენ.

XX ს. დამდეგიდან იწყება ებრაელთა მასობრივი გადასახლება ისრაელსა და დასავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში. არასრული მონაცემებით დღეისათვის საქართველოში ცხოვრობს ათი ათასამდე ებრაელი.

ქართველ ებრაელთა ისტორია პერიოდების მიხედვით პირობითად ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ:
1. ებრაელთა მოსვლიდან /ძვ.წ. VIII ან VI სს/ -ჩვ.წ. საუკუნამდე. ეს არის ებრაელთა სხვადასხვა ნაკადების მოსვლის და მცხეთაში და სხვა მნიშვნელოვან ქალაქებში განსახლების დრო.
2. ადრეფეოდალური ხანა /IV-X სს/, ქრისტიანობის გამარჯვების გამო, იშლება მცხეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ქალაქების ებრაული თემები; ხდება ებრაელთა გაფანტვა ქვეყნის შიგნით თითქმის ყველა რეგიონში და კავკასიაში საერთოდ; განუხრელად მიმდინარეობს მათი დაყმევების პროცესი.
3. განვითარებული ფეოდალიზმის ხანა /XI-XVსს/. სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან ერთად ეს არის უშუალო მწარმოებელთა, მათ შორის ებრაელების, საბოლოოდ დაყმევების პერიოდი.
4. გვიანდელი ფეოდალიზმის ხანა /XVI-XIX სს. პირველი ნახევარი/. ქართველ ებრაელებს მათი სოციალურ-ეკონომიური და უფლებრივი მდგომარეობის მიხედვით ამ ჩარჩოში ვერ ჩავტევთ. უნდა გამოვყოთ ს. პირველი ნახევარი.
5. რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობიდან ბათონყმობის გაუქმებამდე /1801-1860-იანი წლები/ ძირეულად იცვლება ებრაელთა უფლებრივი მდგომარეობა. ცარიზმი ანტიებრაული კანონების დანერგვით ლამობს გამოყოფას საქართველოს მოსახლეობისაგან; იწყება დაპირისპირება მებატონეებთან; ებრაელი ყმები ცდილობენ საერთო ბატონებს გასცილდნენ და შევიდნენ მართმადიდებელი ეკლესიის მფარველობაში.
6. XIX ს. 60-იანი წლებიდან 1917 წლამდე. სხვებთან ერთად თავისუფლებას იღებენ ებრაელი ყმებიც; ებრაელები აქტიურად ებმებიან კაპიტალისტურ ურთიერთობაში, განსაკუთრებით ვაჭრობაში; ებრაელთაგან იცლება მთელი რიგი ძველი დასახლების ადგილები. ებრაელები მასიურად გადადიან ქალაქებში; ქართული ინტელიგენცია იბრძვის ებრაელთა უფლებების დასაცავად.
7. 1918-1921 წწ. ებრაელთა სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მდგომარეობა დამოუკიდებელ საქართველოში.
8. 1921წ. - დღემდე. ქართველი ებრაელები საბჭოთა ხელისუფლების დროს, სიონისტური იდეებისა და პროპაგანდის გავლენა; ნაციონალური სულის გაღვიძება და ემიგრაცია ისრაელში.


ბმული:
* http://www.georgianjews.org/stat.php?id=113&lang=gr

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ქართველი ებრაელები Empty
PostSubject: Re: ქართველი ებრაელები   ქართველი ებრაელები EmptyMon Dec 24, 2018 2:23 pm

ქეთევან აბულაძე

ქართველი ებრაელები და საქართველოს მოსახლეობა

,,ებრაელებს არ მოეპოვებათ არცერთი დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ საქართველოში ებრაელებს აყრილი გვქონდა მოქალაქეობრივი უფლებები ან გვავიწროვებდნენ, რათა უარი გვეთქვა ჩვენს სარწმუნოებაზე… არც ზეპირი გადმოცემა გვაქვს ამის შესახებ”1-აცხადებს თავის წიგნში ებრაელი მწერალი აბრეკ ბათოშვილი, რაც სრული ჭეშმარიტებაა.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს გარდა თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ გვხვდება ებრაელთა შორის საეკლესიოსამონასტრო ყმები, რომელნიც სანთლით და თეთრით ემსახურებოდნენ ტაძარს.

ევროპის ებრაელისაგან განსხვავებით, ქართველ ებრაელს შეეძლო შეეძინა უძრავი ქონება, ქრისტიანი ყმა და ესარგებლა საერთო კანონმდებლობით მაშინ, როცა ევროპელი ებრაელები მათთვის სპეციალურად ამოქმედებულ კანონთა შედეგად გარიყულნი იყვნენ საზოგადოებიდან.

XVII-XVIII საუკუნეების დოკუმენტებში, კარგად სჩანს ქართველებისა და ქართველი ებრაელების სოციალურეკონომიკური და სამართლებრივი თანასწორუფლებიანი დამოკიდებულება, მშვიდობიანი თანაცხოვრება.

ებრაელებს ხშირად ბრალს სდებდნენ, რომ ისინი არ იცავდნენ იმ ქვეყნის ინტერესებს, სადაც ცხოვრობდნენ. მაგრამ მწერალ ნ. ლესკოვის (XIX საუკუნის ბოლო) განცხადებით, ეს მოვლენა უნდა ახსნილიყო იმ ქვეყნებში ებრაელთა საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით, რამეთუ ებრაელს შეუძლია დიდი პატრიოტული თავგანწირვა… თუ იგი არ არის უარყოფილი.”2

ნ. ლესკოვის შეფასებას თვალსაჩინოდ ადასტურებს ქართული სინამდვილე, ქართულ-ებრაული ურთიერთობანი.

XVII საუკუნეში ახალციხელი ქართველი ებრაელები გაიწვიეს ჯარში. მივიდნენ რა დანიშნულ ადგილას, ქართველთა მეფემ არ ინდომა მათი ომში გაყვანა და გაანთავისუფლა, რადგან ისინი ვაჭრობას უძღვებოდნენ კარგად. ,,ურიებმა” ეს იუკადრისეს, მაგრამ ბრძანებას დაემორჩილნენ და სანაცვლოდ დიდძალი სურსათი მიართვეს ომში მიმავალ ჯარს – მოგვითხრობს ზ. ჭიჭინაძე.3

ისევ ზ. ჭიჭინაძეს მოვუსმინოთ: “არც თქმულა და არც გაგონილა, რომ ოდესმე ქართველ ებრაელებს ან საქართველოსთვის ეღალატოთ ან ქართული მეფისათვის და რაიმე ცნობები სახელმწიფოს მტერთათვის გადაეცათ, თუმცა ამის შესაძლებლობა მათ ხშირად მიეცემოდათ, რადგან ისინი სავაჭრო მიზნით ხშირად მოგზაურობდნენ უცხო სახელმწიფოში.”4

XX საუკუნის გარიჟრაჟზეც ქართველი ებრაელები ინარჩუნებდნებდნენ მშვიდობიან თანაარსებობას ქართველებთან და საქართველოში მცხოვრებ სხვა ეროვნებებთან, რისი ნათელი დადასტურებაცაა ებრაელთა მსოფლიო კონგრესზე რაბინ დ. ბააზოვის და გენერალ ლიმფონის განცხადებები.

ებრაელთა სატკივარი გათავისებული ჰქონდა საქართველოს, მის ინტელიგენციას: ი. ჭავჭავაძეს, ა. წერეთელს, ი. გოგებაშვილს, ზ. ჭიჭინაძეს, ნ. ხიზანიშვილს, გრ. უმწიფარიძეს (გ. ვოლსკი) და სხვებს. XIX საუკუნის ჟურნალ-გაზეთების: ,,ივერია”, ,,დროება”, ,,კვალის”… ფურცლებზე იბეჭდებოდა ებრაელთა მომავლის იმედის აღმძვრელი წერილები.

ფეოდალურ ეპოქაში ქართული თუ უცხოური წყაროები არ აღნუსხავენ ებრაელების საქართველოში მცხოვრებ სხვა ეროვნებებთან დაპირისპირების არცერთ ფაქტს, რისი თავდებიც და გარანტიც იყო თავად საქართველოს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა და ქართველი ხალხი. მდგომარეობა მნიშვნელოვნად იცვლება კავკასიაში რუსეთის დამკვიდრების შემდეგ, რომლის პოლიტიკამ ,,გათიშე და იბატონე” დაარღვია საქართველოს ეროვნულ უმცირესობებს შორის საუკუნეობით არსებული მყუდროება.

რუსეთის შოვინისტური პოლიტიკა ქართველ ებრაელსაც შეეხო. თვითმპყრობელობის მიერ ინსპირირებული იქნა ებრაელთა საქმე, დაკავშირებული რელიგიურ რიტუალთან5 კერძოდ, სურამსა და ქუთაისში. საბედნიეროდ, ამ მოვლენამ საქართველოში ვერ მოიკიდა ფეხი ქართველი ინტელიგენციის აქტიური ბრძოლის შედეგად. კავკასიაში რუსეთის დამკვიდრებასთან ერთად შეიცვალა გასაღების ბაზარები, ბაჟები, სატრანზიტო გზები. ქართველი ებრაელი ვაჭრები ჩაიკეტნენ ადგილობრივ ბაზარზე, რითაც შემცირდა მათი წვლილი საშინაო და განსაკუთრებით საგარეო ვაჭრობაში. საპირისპიროდ გაიზარდა სომეხთა როლი აღებმიცემობაში, რომელნიც უკეთ მოერგნენ არსებულ სიტუაციას.

ქართველ ებრაელებსა და სომხებს შორის ეკონომიკურ ნიადაგზე აღმოცენებული დაპირისპირება არ გადაიზარდა ეროვნულ შუღლში. სწორედ ამასთან დაკავშირებით აღნიშნავდა ი. დავიდი, რომ ,,XIX საუკუნეში სომეხთა და ებრაელთა ურთიერთობა იყო ლოიალური.”6 ჩვენი აზრით, ებრაელთა პოზიცია სომხების მიმართ საქართველოს ტოლერანტულნაციონალური პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენდა, რომელიც მტკიცედ გამჯდარი საქართველოს მოსახლეობას შორის.

XIX საუკუნის დასაწყისიდან კავკასიაში გადმოსახლებულ რუს და ევროპელ ებრაელებს დახვდათ ადგილობრივი არაერთგვაროვანი კულტურისა და ენის ებრაელები – ქართველი, მთის, არამეელი, სპარსელი. ქართველი ებრაელები გადმოსახლებულთ უნდობლად მოეკიდნენ და ლამის უარყვეს კიდეც.12 ქართველი ებრაელები თვლიდნენ, რომ მათ დაკარგული ჰქონდათ ძველ ებრაელთა ენა, ზნეობა, წესები. თავად ევროპელი ებრაელებიც ადგილობრივებს ქედმაღლურად ექცეოდნენ, მოიხსენიებდნენ სხვადასხვა შერქმეული დამცინავი სახელებით. ,,თითქოს ეს იყო ორი სხვადასხვა სამყაროს შეჯახება.”8

ყოფითმა პირობებმა გამოიწვია ადგილობრივი და ჩამოსული ებრაული ეთნოსის სოციალურ-ეკონომიური დაპირისპირება. ქართველ ებრაელთა ხელოსნური ნაწარმი მარცხდება ევროპელ ებრაელთა ხელოსნურ ნაწარმთან კონკურენციაში, რომელიც აღრმავებდა მათ დაპირისპირებას და ქართველ ებრაელს არსებობის წყაროს დაკარგვას უქადდა.

მაგრამ ქართველ და ევროპელ ებრაელთა სოციალურეკონომიკური დაპირისპირებაც მოკლებული იყო ეროვნულპოლიტიკურ საფუძველს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იყო ეროვნული საკითხის გადაწყვეტა. საგულისხმოა, რომ XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისისათვის ქართველთა ხვედრითი წილი საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა, ეროვნულ უმცირესობათა რაოდენობა კი გაიზარდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა – ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს შეუქმნის მის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ერს.”9 თავის არსებობის სამი წლის მანძილზე ხელისუფლება ცდილობდა ამ დებულების განხორციელებას და თუ ბოლომდე ვერ აღასრულა, ეს მხოლოდ დროის ფაქტორი იყო.

საქართველოს სახელმწიფო ენად გამოცხადდა ქართული, მაგრამ ყველა ეროვნებას მიეცა უფლება მიეღო განათლება და დაებეჭდა ლიტერატურა თავის მშობლიურ ენაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა ორმა ქართველმა ებრაელმა მ. დავარაშვილმა და ი. ელიგულაშვილმა; დამფუძნებელ კრებაში ეროვნულ უმცირესობათა 26 ადგილიდან ქართველ ებრაელებს გამოეყოთ ორი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდა ი. ელიგულაშვილი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვაჭრობის გამოცოცხლებაში და უცხოური კაპიტალის მოზიდვაში; სოციალ-დემოკრატი მ. მაღალაშვილი სათავეში ჩაუდგა საქართველოს მთავრობის მომარაგების სამინისტროს ერთ-ერთ განყოფილებას. ამდენად, ქართველი ებრაელები აღმოჩდნენ საქართველოს მართველობით აპარატში, მათი სიმცირე კი აიხსნებოდა ქართველ ებრაელთა საერთო განათლების დაბალი დონით, ინტელიგენციის ნაკლებობით.

XX საუკუნის დასაწყისშიც ქართველები კვლავ იზიარებდნენ ებრაელთა ტკივილსა და სიხარულს. 1918 წლის 28 ნოემბერს ონში რაბინ დ. ბააზოვის ინიციატივით შედგა მიტინგი, რომელიც მიეძღვნა ინგლისის მიერ პალესტინის ებრაული სახელმწიფოს აღიარების საკითხს, რომელსაც დაესწრო მთელი დაბის საზოგადოება. შეკრებაზე გამოვიდნენ სოციალდემოკრატიის, სოციალ-ფედერალისტთა, ეროვნულდემოკრატთა, სამღვდელოების წარმომადგენლები, ეროვნული დროშებით მოაწყვეს მსვლელობა ქალაქის ქუჩებში.18 ასეთივე მიტინგი გაიმართა ქ, ახალციხეში, რომელსაც დაესწრნენ ქართველი ინტელიგენციის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

ბოლშევიკური ,,დემოკრატიისა” და ,,ერთა მეგობრობის” ლოზუნგი ქართველ ებრაელებმაც იგემეს. 1918 წელს ფესახის სადღესასწაულო დღეებში ბოლშევიკების მიერ წაქეზებული ოსები თავს დაესხნენ ცხინვალის სოფლებს, დიდი ზიანი მიაყენეს ცხინვალის ებრაელთა უბანს – მოსახლეობა გაძარცვეს, სცემეს, დაწვეს სახლები. ქართველ გვარდიელთა გვერდით იბრძოდნენ ებრაელებიც.10

ასევე მოექცნენ ონელ ებრაელებს ,,მობალშევიკე” ჯარისკაცები.11

ამდენად, ზემოთ აღნიშნული ორი ფაქტი აღმოცენებული იყო არა ეროვნულ, არამედ პოლიტიკურ ნიადაგზე და ინსპირირებული იყო კვლავ ამჟამად უკვე საბჭოთა რუსეთის მიერ.

ქართველ ებრაელთა კულტურული და ყოფითი ურთიერთობა საქართველოს სხვა ეროვნებებთან ძალიან უმნიშვნელო იყო, რაც, ჩვენი აზრით, აიხსნება მათი კარჩაკეტილობით.

ქართველებსა და ქართველ ებრაელბს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრება არ დარღვეულა საუკუნეთა მანძილზე, თუ არ ჩავთვლით სურამსა და ქუთაისში რუსეთის მიერ ინსპირირებულ რიტუალურ დაპირისპირებას.

ახლა უფრო დეტალურად განვიხილოთ ქართველ ებრაელთა ურთიერთობა საქართველოში მცხოვრებ სხვა ეროვნებებთან.

ჩვენს ხელთ არსებული სამეცნიერო ლიტერატურა, დოკუმენტური წყაროები არ იძლევა ებრაელთა ეთნიკური დაპირისპირების მასალებს მცირედი გამონაკლისის გარდა.

სწორედ ასეთ გამონაკლისს წარმოადგენს ქართველ ებრაელთა და ოსთა ურთიერთობა.

1925 წლის იანვარში მოსკოვში იქმნება საკავშირო ებრაელთა მიწათ მოწყობის საზოგადოება, “კომზეტი”, რომლის მიზანს შეადგენდა მიწაზე დასახლების და სოფლის მეურნეობაზე გადასვლის მსურველთა დახმარება. ასეთივე ფუნქცია დაეკისრა 1927 წლის დეკემბერში, საქართველოს კპ ცკ-ის გადაწყვეტილებით საქართველოს მშრომელ ებრაელთა მიწათმომწყობ საზოგადოებას, როგორიც იყო მემმსი.

საქართველოში ფართოდ გაიშალა საკოლმეურნეო მოძრაობა. მხოლოდ 1932 წელს ფუნქციონირებდა ებრაელთა 14 კოლმეურნეობა,21 რომელთაგან ორი კოლმეურნეობის წევრ ქართველ ებრაელებს გარკვეული პრობლემები შეექმნათ ადგილობრივ მოსახლეობასთან.

1929 წლის 3 მაისს სახკომსაბჭოს და გადასახლებულთა კომისიის სხდომის გადაწყვეტილებით ,,სამხ. ოსეთიდან”13 ტირიფონის ველზე გადასახლებულ 33 კომლს გამოეყო მიწები. ამან გამოიწვია გორის ადგილობრივი ხელმძღვანელობის სამართლიანი პროტესტი, რადგან მცირემიწიანობის გამო სოჩის ოლქში უნდა გადაესახლებინათ გორიდან 200 კომლი, მაშინ, როცა შეიძლებოდა მათი ადგილობრივი მიწის ფონდით დაკმაყოფილება და რომ იგი ,,გამოიწვევდა გლეხებში დიდ უკმაყოფილებას.”14 მათ საპროტესტო წერილით მიმართეს საქართველოს სახკომსაბჭოს, მაგრამ უშედეგოდ.

ასე წყდებოდა ეროვნული პრობლემები, მიწათმოწყობის პრობლემები საქართველოში, რაც ქმნიდა ახალი დაპირისპირების საფუძველს.

1930 წელს ჩამოყალიბდა ტირიფონის ველზე ე.წ. ‘სამხ. ოსეთიდან” გად-სახლებულ ებრაელთა კოლმეურნეობა. კოლმეურნეობის წევრები მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში აღმოჩნდნენ. არ ჰქონდათ საცხოვრებელი სახლები, სასმელი წყალი, ნიადაგი ჭაობიანი იყო, სწორედ ტირიფონის ველზე მომხდარი ებრაელთა და ოსთა კონფლიქტი გახდა საქართველოს ცაკ-ის მსჯელობის საგანი. ამასთან, 1932 წლის 4 აპრილის მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის დადგენილებით ,,სხვა რეგიონიდან მათი გადმოსახლება მიჩნეულ იქნა მიზანშეუწონლად.”15

საქართველოს ცაკ-მა 1932 წლის 5 მაისს დაადგინა ტირიფონის ებრაელ და ოსთა საკითხის შემსწავლელი კომისიის დასკვნა მცირედი შესწორებით. კერძოდ, 2პ. აიკრძალოს ოსთა და ებრაელთა შემდგომი დასახლება იმ ადგილებზე, რომელიც კომისიის მიერ უვარგისად არის მიჩნეული.16

ზეღდულეთის ირგვლივ არ იყო სასმელი წყალი, საძოვრები. არასწორად იქნა მიჩნეული ზეღდულეთის ფონდზე (წითელი უბანი) გლეხების დასახლება. ამიტომ უკვე დასახლებულნი უნდა გადასულიყვნენ ახალ ხურვალეთში. ჩვენის აზრით, ამგვარი გადაწყვეტილება განაპირობა ებრაელთა და ოსთა შორის დაპირისპირებამ, კოფლიქტის განმუხტვის აუცილებლობამ.

ზემოთ აღნიშნულ დადგენილებას ოსები არ ასრულებდნენ და კვლავ აგრძელებდნენ მშენებლობებს ძველ ადგილებზე, ებრაულ კოლმეურნეობასთან ახლოს. საქართველოს მემმსი (მარკმანი) სთხოვდა გორის რაიკომს და ,,სამხ. ოსეთის” ცაკ-ს გადაეყვანათ ოსები მათთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე-ახალ ხურვალეთში, ხოლო უკვე გადმოსახლებულ ოსთა 12 ოჯახი დაეტოვებინათ და ჩაერიცხათ ებრაელთა კოლმეურნეობაში.17

რა თქმა უნდა, ზემოთ აღნიშნული ფაქტი კვლავ დაძაბავდა ოს და ებრაელთა შორის ურთიერთობას და 1932 წლის 9 ივნისს სამხ. ოსეთის ცაკ-ის მიერ საქართველოს ცაკ-ისადმი გაგზავნილ წერილში განცხადებულია, რომ ,,ტირიფონის ველზე ოსებსა და ებრაელებს შორის არავითარი უთანხმოება არ არის და არ ყოფილა”18 მიგვაჩნია სრულ სიყალბედ.

აკრძალვის მიუხედავად ოსები კვლავ იკავებდნენ ტერიტორიებს ტირიფონის – ,,წითელი უბნის” ებრაელთა კოლმეურნეობის გვერდით. საქმე იქამდე მივიდა, რომ გორის რაიაღმასკომმა (მიუხედავად იმისა, რომ ტირიფონი მას ჩამოაჭრეს და გადასცეს სამხ. ოსეთს) მიზანშეწონილად მიიჩნია ,,უკანონოდ გადმოსახლებულთა მილიციის საშუალებით შეჩერება.”19

ე.წ. სამხ. ოსეთის ცაკ-ი მალავდა სიმართლეს, აჩქარებდა გადასახლებას და საქართველოს ცაკ-ს უგზავნიდა ყალბ ცნობებს, რომ ,,ტირიფონის ველზე ოსებსა და ებრაელებს შორის არავითარი უთანხმოება არ არის და არც ყოფილაო.”20 სამხ. ოსეთის ხელმძღვანელობა არაფერს აკეთებდა ტირიფონზე დამკვიდრებულ ებრაელთა უკვე ათვისებული ტერიტორიიდან თვითნებურად დასახლებულ ოსთა ხურვალეთში გადასახლებისათვის. კიდევ უფრო გაააქტიურეს მშენებლობა, ,,რასაც თან ახლავს დაუშვებელი მოქმედება ებრაელ კოლმეურნეებთან და საკოლმეურნეო საქონელთან… ანადგურებდნენ ახალ ნათესებს… მიითვისეს მოსავლის ნაწილი მათთან ახლოს მყოფი ნაკვეთებიდან, ემუქრებიან კოლმეურნეთა სიცოცხლეს, აცხადებენ: ჩვენ მაინც გაგაგდებთ აქედან, მთელი მიწა ჩვენი იქნება… რის გამოც ბევრმა დატოვა კოლმეურნეობა, რაც საფრთხეს უქმნის კოლმეურნეობის არსებობას.”21 ,,ერთა მეგობრობის გარანტი” საქართველოს საბჭოთა ხელისუფლება უძლური იყო ე.წ. სამხ. ოსეთის რეგიონში.

როგორ გამოიყურება ტირიფონის ებრაელთა კოლმეურნეობა 1936 წელს? კოლმეურნეობაში იყო 26 კომლი, 86 წევრი, მათ შორის ერთი ოსი.

1936 წლისათვის ებრაელებსა და ოსებს შორის ეროვნული დაპირისპირების მტკიცება სათანადო მასალის უქონლობის გამოძნელია, მაგრამ წარმოვადგენთ ერთ დოკუმენტს. ტირიფონის კოლმეურნეობის თავმჯდომარე ე. ბაზაზაშვილი წერილით მიმართავს საქართველოს მემმსს, რომ იგი ტოვებს კოლმეურნეობას, რადგან ადგილი აქვს უთანხმოებას და ჩაგვრას. კერძოდ, 1935 წლის 6 დეკემბერს მათთან მისულა შავშვების კოლმეურნეობის თავმჯდომარე ხოხაევი გადასახადის გადახდის მოთხოვნით, რომელიც ირიცხებოდა კოლმეურნეებზე. მან ააწიოკა ტირიფონის მოსახლეობა, გამოუყარა გარეთ ნივთები, რომ თითქოს რაიაღმასკომიდან დავალებული ჰქონდა 24 საათის განმავლობაში ამოეღო მათგან ფულადი გადასახადი. ხოხაევმა არ ადროვა სამი დღეც კი, რომ კოლმეურნეებს ფული შეეგროვებინათ, ყოველივე ამან დიდი გავლენა იქონია წევრებზე და სტოვებენ კოლექტივს.22

1936 წლის 1 თებერვალს ამ საკითხის განხილვა მემსსმა როგორც ყოველთვის დაავალა კომისიას.

ამ ფაქტიდან კარგად სჩანს მათ შორის ძველი უთანხმოების, დაპირისპირების კვალი, რომელიც არასწორი ეროვნული და სოციალური პოლიტიკის გამო კვლავ ძალაში რჩებოდა.

დოკუმენტში კარგად ვლინდება მუშურ-გლეხური მთავრობის ‘ზრუნვა”- მძარცველური დამოკიდებულება მშრომელი მასისადმი.

ებრაელთა და ოსთა დაპირისპირება, ჩვენი აზრით, განისაზღვრებოდა არა იმდენად სოციალური ნიშნით, რამდენადაც ეროვნულით, რასაც ადასტურებს საქართველოს ცაკ-ის ეროვნული უმცირესობის ოქმები.

XX საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს ქ, ცხინვალში ცხოვრობდა 5810 სული, ქართველი ებრაელები კი შეადგენდნენ მის 34,4%-ს ე.ი. 2009 სული.23

სამხ. ოსეთის ცაკ-ის 1928 წლის 11 სექტემბრის დადგენილებით ქ. ცხინვალის და დაბა ახალგორის მცხოვრებლებს, რომელთაც გაწყვეტილი ჰქონდათ კავშირი მეურნეობასთან და საკუთარი შრომით არ ამუშავებდნენ მას, ჩამოერთვათ ბაღები და სახნავი მიწები. დაზარალებულთა შორის აღმოჩნდა 69 ებრაელი. მოქალაქეთა პროტესტის შედეგად მათ მცირე ნაწილს დაუბრუნეს ჩამორთმეული ნაკვეთები.

მოქალაქეებს ბაღებთან ერთად ჩამოართვეს მოსავლის 50%. ეროვნულ უმცირესობათა კომისიის თავმჯდომარის ლინეცკის დასკვნით – მოუვლელობით ხილის დიდი ნაწილი ფუჭდებოდა, ხეები ტყდებოდა, ადამიანები მაინც აგრძელებდნენ ჩამორთმეული ბაღების მოვლას და ხელისუფლების მოქმედებას აფასებდნენ – ,,ქურდობას დღისით-მზისით.”24

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცხინვალის ებრაელები გასაბჭოებამდე ძირითადად მისდევდნენ ვაჭრობას და ბაღების მოვლას,25 დავინახავთ, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ისინი, მით უმეტეს, რომ იმ ხანად ცხინვალში არ არსებობდა არტელი, ან სხვა საწარმო და ებრაელებს ძირითადად დახმარებას (მცირედ) უწევდა სინაგოგა. ულუკმაპუროდ დატოვეს 12-19 სულიანო ოჯახები, რომელთა არსებობის ერთადერთი წყარო ბაღი იყო, დაჰპირდნენ ანაზღაურებას, მოატყუეს.

ებრაელთა პროტესტი ცხინვალის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაამართალა იმით, რომ ჩამორთმეული ბაღების ტერიტორია სჭირდებოდათ ქალაქის კეთილმოწყობის, გზების გასაყვანად, თუმცა აღნიშნული ჩანოჭრილი მიწების ნაწილი გადასცეს მშენებლებს, ,,ოს კულაკებს”. მაგალითად, დავარაშვილის ბაღი გადასცეს მილიციის უფროსის ჯიოევის სიმამრს და ა.შ.26

საქართველოს ცაკ-ის ნაციონალურ უმცირესობათა კომისია გვერდს ვერ უვლის ამ ფაქტს და ღნიშნავს, რომ ,,ნაციონალური ანტაგონიზმის მკვეთრი ფაქტები არ არის, მაგრამ არის აზრი, რომ ებრაელებს ბაღები ჩამოერთვათ და მილიცია ავიწროებთ ეროვნული ნიშნის მიხედვით… არამეგობრული ურთიერთობა ჩანს ოსებსა და ებრაელებს შორის… რიგში მდგომ ებრაელებს არ აძლევენ პურს, გლეჯენ წვერს… სკოლას ჩამოართვეს დიდი ოთახი.”27

ეს საკითხები განიხილეს ებრაელთა სპეციალურ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა საოლქო კომიტეტის მდივნის მოადგილე ჯიოევი. ებრაელთა საბჭოს წევრებმა, რომლებიც იყვნენ მუშათა, მეწარმეთა, ხელოსანთა წარმომადგენლები, გააკეთეს ამგვარი განცხადება: ,,თუ გინდათ განთავისუფლდეთ ებრაული მოსახლეობისაგან, სჯობს თავი გაგვაყოფინოთ მარყუჟში და მომენტალურად განთავისუფლდებით, მეტის მოთმენა აღარ ძალგვიძს, არ არის დაცვა. პატარა თანხის გადაუხდელობისთვისაც კი მას ამწყვდევდნენ 2-3 წლით დამნაშავეებთან ერთად… ჩვენი ცხოვრება არის დუხჭირი.”28

ცხინვალის ებრაელები განსაკუთრებით გულისწყრომას გამოხატავდნენ უსამართლობის გამო, სახელწიფო სტრუქტურა დაცვის გარანტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ხშირი იყო შემთხვევები, როცა ებრაელის მიერ მილიციაში მიყვნილ ქურდს გამოუშვებდნენ და თავად ხდებოდა იგი მილიციის დაცინვის და ძალადობის მსხვერპლი, ფიზიკური შეურაცხყოფის ობიექტი.29

ებრაელის მიერ მიყვანილ ქურდს მილიცია ეკითხებოდა, ხომ არ იყო თავად ეს ებრაელი დანაშაულის მონაწილე. პრეზიდენტის არქივში დაცული ერთ-ერთი დოკუმენტით ვლინდება, რომ სურამის ებრაელებს მილიცია ცუდად ეპყრობოდა, აღნიშნული ფაქტი განაცხადა მოქალაქე ჯალიაშვილმა ნაციონალური უმცირესობის II თათბირზე 1929 წლის 20 ნოემბერს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რაში გამოიხატებოდა იგი.30 ასევე ამცირებდნენ მილიციელები ქალებს და მცირეწლოვანებს ქ. ცხინვალში.

1928 წლის ნოემბერში ეროვნული უმცირესობის კომისიის სხდომაზე ებრაელთა საბჭოს წევრის განცხადებით-პურის რიგში ოთხმა მილიციელმა სცემა დედა-შვილ ზიზოვებს და მილიციამ იქით დააპატიმრა ისინი.31

ე.წ. სამხ. ოსეთში საკმაოდ ირღვეოდა ერთა თანასწორობის პრინციპები, რაც თავად ავტონომიური ოლქის მცდარი და წინასწარგანზრახული პოლიტიკის შედეგი იყო. თავად ებრაელები ამას აფასებდნენ როგორც ,,ნაციონალურ ანტაგონიზმს”.32

1932 წელს ებრაელთა 14 კოლმეურნეობიდან ერთ-ერთი იყო ‘წითელი გორა”, რომელიც დაარსდა 1928 წელს კახეთში, სიღნაღთან. მემმსის კომისია გვერდს ვერ უვლის ებრაელების ურთიერთობას ,,წითელი გორა”-ს მახლობლად ყუბანის სოფელ ბეშკენტიდან გადმოსახლებულ უმიწო გლეხებთან, რომელნიც ,,შურით უყურებდნენ ებრაელებისადმი საქართველოს მთავრობის კარგ დამოკიდებულებას”, რომელნიც იმედოვნებდნენ, რომ გადმოსახლებულნი ვერ გაუმკლავდებოდნენ სიძნელეებს და მიწა მათ დარჩებოდათ.33

ებრაელების და ყუბანელ კაზაკთა დაპირისპირებას ადასტურებს კოლმეურნე ებრაელთა მოთხოვნა მემმსისადმი: ,,ჩვენ გვინდა ცეცხლსასროლი იარაღი მხეცებისა და ყაჩაღური ჯგუფისგან თავდასაცავად.”34

საბჭოთა ხელისუფლება არასწორი პოლიტიკით ძაბავდა ეროვნაებათა შორის ურთიერთობას და იწვევდა ნაციონალურ ანტაგონიზმს, რაც კარგად აისახა ერთის მხრივ ებრაელების და მეორეს მხრივ ოსების, ყუბანელების ურთიერთიბაში.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამ, არტელების, კოოპერატივების გახსნამ ებრაელი ვაჭრის მოქმედების არეალი და მათი როგორც შუამავლის ფუნქცია შეამცირა, გამოიდევნა იგი ბაზრიდან, გაუჭირდათ ახალ სისტემაზე მორგება. მიუხედავად ამისა, მაინც ვაჭრობის სფეროში წამყვან პოზიციებს ფლობდნენ სომხები და ებრაელები. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მათი კონკურენცია არ გასცილებია სოციალურ-ეკონომიურ დაპირისპირების ფარგლებს.

აქვე მოგვყავს ახალციხის ღარიბკომის განყოფილების განცხადება, რომ ქართველ ებრაელთა კოლმეურნეობაში გაერთიანებულნი ყოფილან სომხებიც და რომ მათ შორის ეროვნულ ნიადაგზე არასოდეს მომხდარა გაუგებრობა, მუშაობდნენ მეგობრულად.35

1936 წელს ებრაელები აღნიშნავდნენ: -,,ჩვენ ვცხოვრობთ განუხრელ მეგობრობაში ქართველებთან, სომხებთან, თურქებთან, რუსებთან.”36 შეიძლება ეს შეფასება გადაჭარბებულიცაა ინტერნაციონალიზმის გამართლების მოტივით, მაგრამ მაინც ებრაელთა მკვეთრი დაპირისპირების ფაქტები საქართველოში მცხოვრებ სხვა ეროვნებებთან ჩვენ მიერ მოძიებული მასალებით არ დასტურდება. ჩვენს საკვლევ პერიოდში ხშირი იყო საწარმოებში სოციალურ-ეკონომიური დაპი-რისპირება სხვადასხვა ეროვნულ დაჯგუფებებს შორის, რომელიც ხანდახან ეთნოკონფლიქტების სახეს იღებდა. ამ პროცესებში, ჩვენს ხელთ არსებული მასალებით ქართველი ებრაელები არ ფიგურირებენ, შესაძლო ფაბრიკაქარხნებში მათი უმნიშვნელო რაოდენობის გამო. თუმცა იყო ანტისემიტიზმის სუსტი გამოვლინებაც. რაც ძირითადად თავს ატყდებოდათ ევროპელ ებრაელებს, რომლებიც დიდი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილნი ფაბრიკა-ქარხნებში.

1929 წლის 20 ნოემბერს, ნაციონალური უმცირესობების II თათბირზე ორმა, სამმა გამომსვლელმა აღნიშნა ქართველთა მხრიდან ანტისემიტიზმის გამოვლენის ფაქტები, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ რაში ვლინდებოდა იგი37.

გადავხედეთ რა თათბირის მონაწილეთა ანგარიშებს, ჩვენთვის ნათელი გახდა ებრაელთა სატკივარი და პრობლემები. ვაჭრის შვილებს არ იღებდნენ ტექნიკუმებში, არ ეძლეოდათ არავითარი გასაქანი, ჩამორთმეული ჰქონდათ ხმის უფლება, ზოგიერთ სკოლაში არ იღებდნენ ებრაელ ბავშვებს ეროვნული ნიშნით (ქარელში), სამხ. ოსეთის ხელისუფლება არ აძლევდათ ვარგისიან მიწებს, როგორც ხმაჩამორთმეულებს არ აძლევდნენ სათესლე მასალას და ა.შ. გამომსვლელი ბერაძე აღნიშნავდა, რომ ონის ხელმძღვანელობაში არის ანტისემიტური განწყობილება, რადგან კოოპერატივებში, პროფკავშირებში ებრაელები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი და არა აქვთ სკოლები.38

ჩვენი აზრით ამგვარი ფაქტებით ქართველთა მხრიდან ანტისემიტიზმის მტკიცება მოკლებულია რეალურ საფუძველს. ზემოთ აღნიშნული ნათელი დადასტურებაა არა საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების ან ქართველთა ანტისემიტიზმის (თუ საერთოდ იგი ასე შეიძლება შევაფასოთ), არამედ საბჭოთა წყობის არასწორი ეროვნულ-სოციალური პოლიტიკის. ებრაელთა ყველა აღნიშნული პრობლემა სოციალისტური სისტემიდან მომდინარეობდა და ქართველთა ანტისემიტიზმის მტკიცება აბსოლიტურად ყალბია.

გაზეთი ,,კომუნისტი” თვლიდა, რომ საქართველოში ეროვნული დაპირისპირების, კერძოდ ანტისემიტიზმის განვითარებას ხელი შეუშალა სოციალისტური მოძრაობის ფართო გაქანებამ (როგორც ჩანს საბჭოთა იდეოლოგებს შორის ამ საკითხზე სხვადასხვა აზრი არსებობდა), თუმცა წინა საუკუნეებში ამ მოძღვრების არარსებობას ხელი არ შეუშლია ქართველთა და ებრაელთა ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულისთვის.

როგორ წარმოედგინათ თავიანთი სტატუსი ქართველ ებრაელებს ახლად შექმნილ საბჭოთა საქართველოში? ქართველ ებრაელთა შორის ეროვნული და კულტურული გამოღვიძების საქმეში დიდი დამსახურება მიუძღვის დ. ბააზოვს და მის ძეს გერცელ ბააზოვს. საინტერესოა, როგორ წარმოედგინა ქრთველ ებრაელთა მომავალი დ. ბააზოვს. საქართველოში განხორციელებული ავტონომიზაციის ფონზე მას კარგად ესმოდა, რომ ებრაელთა პოლიტიკური უფლებები გადახლართული იყო ქართველ ხალხთან და ისინი არ დაზოგავდნენ მათთვის (ებრაელებისთვის) არაფერს, მაგრამ მაინც თხოულობდა მინიმუმს, რაც შეადგენდა სამკვდროსასიცოცხლო საჭიროებებს.40

დ. ბააზოვი ითვალისწინებდა რა ებრაელთა მძიმე ყოფას, კულტურული ავტონომიის ქვეშ ითხოვდა: სკოლების გახსნას ებრაელთა ბავშვებისათვის, სადაც შეისწავლიდნენ ებრაულ ენას, ლიტერატურას, ისტორიას, სხვადასხვა მეცნიერებებს, რაც ხელს შეუწყობდა ბავშვების აღზრდას ებრაული ზნე-ჩვეულებებით, ,,რომლებიც იქნებოდნენ მცოდნე თავისი ვინაობისა და გამოსადეგი თავისი ერისა და კაცობრიობისა.”41

ქართველ ებრაელთა კულტურული ავტონომიის მოთხოვნის საპასუხოდ ატყდა განგაში. იგი ლამის სიონიზმთან გააიგივეს და დ. ბააზოვს სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს. საბჭოთა იდეოლოგების აზრით ,,სოციალისტური რევოლუციის პირობებში ებრაელთა კულტურული ავტონომიის მოთხოვნა კარგავს თავის მნიშვნელობას და ყველა ერს აძლევს კულტურის განვითარების საშუალებას”, და კიდევ ,,ეროვნულკულტურული ავტონომია სასარგებლოა მხოლოდ ვაჭრებისა და რაბინებისთვის და არა ღარიბ-ღატაკთათვის.”42

,,ყველგან, სადაც კი ებრაელები გამოჩნდებოდნენ უმალ იქმნებოდა კონფლიქტი მათსა და მკვიდრ მოსახლეობას შორის, აღმოცენდებოდა ებრაელთა საკითხი”43 -წერს ანდრია დიკი. ჩვენი აზრით, ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო მათი სარწმუნოება. რუს და უცხოელ მოგზაურთა აღნიშვნით, ქართველი ებრაელები შედარებით ზედმიწევნით იცავდნენ ებრაული რელიგიის წესჩვეულებებს და თავიც კი მოჰქონდათ ამით რუს და ევროპელ ებრაელებთან.

საბჭოთა ხელისუფლების სოციალისტური კულტურისაკენ სწრაფვის მიუხედავად, 1921-40 წლებში ქართველი ებრაელებიც სარგებლობდნენ დროის მონაპოვრებით. კერძოდ, არსებობდა ებრაული თეატრი, საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, კულტურის სახლი, სკოლები (შეზღუდული რაოდენობით), ბიბლიოთეკები, გაუმჯობესდა ებრაელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ა.შ. მაგრამ ამ ფონზე უნდა აღინიშნოს რომ საქართველოს ეროვნულ უმცირესობათა შორის ყველაზე სავალალო მდგომარეობაში იყვნენ ქართველი ებრაელები; პირველ რიგში ისინი მოკლებულნი იყვნენ მშობლიურ ენაზე სწავლებას,44 ბეჭდვით ორგანოს,45 სხვადასხვა პროფილის ტექნიკუმებს (არსებობდა რუსული, სომხური..), ჩამორთმეული ჰქონდათ ხმის უფლება. აქედან გამომდინარეობდა მათი სოციალურ-პოლიტიკური შეზღუდვები. მაგრამ ამას მაინც არ გამოუწვევია დაპირისპირება ქართველებსა და ებრაელებს შორის.

თუ ქართველები და ქართველი ებრაელები კვლავ ინარჩუნებდნენ ურთიერთშორის პატივისცემასა და სიყვარულს, ეს იყო თავად ხალხის მრავალსაუკუნოვანი ურთირეთგამოცდის და კეთილგანწყობის შედეგი და არა საბჭოთა ხელისუფლების ეროვნული უმცირესობის მიმართ წარმოებული პოლიტიკის.


ბმული:
* https://iberiana.wordpress.com/iberiana/abuladze/

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ქართველი ებრაელები Empty
PostSubject: Re: ქართველი ებრაელები   ქართველი ებრაელები EmptyMon Dec 24, 2018 2:33 pm

Posted by tamricosha

ქართველი ებრაელები

ტფილისის ერთ-ერთ დუქანში საღამო ხანს შუახნის, ღარიბულად ჩაცმული მამაკაცი შევიდა, დადო იატაკზე ტომარა, რომელშიც ცოტაოდენი გასაყიდი ნივთი შემორჩა და დაღლილი, მძინედ დაეშვა სკამზე. მედუქნეს ჭიქა ღვინო და პური სთხოვა. თვალი შეავლო დუქანს და კუთხეში მსხდომი ადამიანი შენიშნა, იგი მუშამბაზე რაღაცას ხატავდა. ეტყობა, სტუმრის მზერა იმდენად მჭრელი და სევდიანი იყო, რომ მხატვარმა თავი ასწია, თვალი გაუსწორა და თავის მაგიდასთან მიიპატიჟა. შალომი ნიკოს გვერდით დასხდა და ქაღალდის ნაგლეჯზე ფანქრით ნიკოს პროფილი დახატა. როგორ და რითი დაიწყო მათი საუბარი სინამდვილეში, არავინ იცის. გადმოცემით, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ერთხელ ტფილისში ერთმანეთს შეხვდნენ მაშინ, ჯერ კიდევ უცნობი ქართველი მხატვარი ნიკო ფიროსმანიშვილი და სამწუხაროდ, დღემდე ბევრისთვის უცნობი, პირველი ქართველი ებრაელი მხატვარი შალომ კობოშვილი.

ორი ნიჭიერი თვითნასწავლი მხატვარი, სავარაუდოდ, 1908-1909 წწ. შეხვდა ერთმანეთს, იმ დროს, შალომ კობოშვილი სარჩელის საძებნელად ქალაქიდან ქალაქში დადიოდა. ორივე, მძიმე შრომით ირჩენდა თავს, მაგრამ ერთს ის ბედნიერება ჰქონდა, რომ ხატვა თავისუფლად შეეძლო, მეორეს კი, ბავშვობის ეს ოცნება ვერ აეხდინა მშობლების წინააღმდეგობის გამო. ამბობენ, ნიკო დაჰპირდა შალომს — საღებავებით ხატვას გასწავლიო, თუმცა მაშინ ეს ვერ მოხერხდა. ნიკო ფიროსმანიშვილი 1918 წელს გარდაიცვალა, შალომ კობოშვილმა (1876 -1942 წ.წ.) კი ცხოვრების ბოლოს, მაინც ისწავლა ხატვა და სწორად მისი ნამუშევრებიდან ვიცნობთ ჩვენ დღეს ქართველი ებრაელბის ყოფას.

ბმული:
* https://tfilisidatfiliselebi.wordpress.com/2017/02/05/ქართველი-ებრაელები/

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ქართველი ებრაელები Empty
PostSubject: Re: ქართველი ებრაელები   ქართველი ებრაელები EmptyMon Dec 24, 2018 2:36 pm

ბორის გაპონოვი
(1934-1972)

ქუთაისლებისა და მისი ებრაული მოსახლეობისათვის განსაკუთრებით საამაყოა ბორის გაპონოვის, ლექსიკოგრაფისა და მთარგმნელის სახელი. მან ივრითზე თარგმნა შოთა რუსთაველის პოემა "ვეფხისტყაოსანი".

დაიბადა ქ. ევპატორიაში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წლიდან, ევაკუაციის შემდეგ, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქუთაისში. მისი ბაბუა რაბინი იყო და პატარა ბორისს ბავშვობიდან ასწავლიდა ივრითს. 1956 წლიდან სპარსულ ენას სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებულ აღმოსავლეთმცოდნეობის უნივერსიტეტში, მაგრამ უსახსრობის გამო იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა და ქუთაისში დაბრუნებულიყო.

ბორისი ერთი გულჩათხრობილი, უაღრესად განათლებული და იუმორით სავსე კაცი იყო. არავინ იცოდა სამუშაოდან თავისუფალ დროს რას აკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბორისი ხელმოკლედ ცხოვრობდა, ძალიან ბევრს მუშაობდა საკუთარ თავზე. იგი საფიჩხიაზე ნაქირავებ სარდაფში ცხოვრობდა, „ვეფხისტყაოსანის“ გამოსვლის შემდეგ, რომელმაც მარავალი სახის საზღვარგარეთული პრემია დაიმსახურა და მსოფლიო პრესაც ალაპარაკდა, მწერალთა კავშირის წევრადაც მიიღეს და ოროთახიანი ბინაც მისცეს...

ბორის გაპონოვი ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მრავალტირაჟიანი გაზეთის კორექტორად, შემდეგ ლიტერატურულ მუშაკად მუშაობდა. ფართო განათლებისა და დიდი პოეტური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანისათვის სხვა ვერაფერი მოიძებნა. აპირებდნენ მის მიწვევას აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, სადაც მას, ებრაული ენის ბრწყინვალე მცოდნეს, დიდი სარგებლობის მოტანა შეეძლო, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მას არ ჰქონდა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების დიპლომი.
კარგად იცოდა ქართული, რუსული, სპარსული, ინგლისური, გერმანული ენები. მის განსაკუთრებულ ნიჭიერებას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ებრაული ენის ვირტუოზულად დაუფლება შეძლო ებრაულად მოლაპარაკე ადამიანებთან კონტაქტისა და სპეციალური უმაღლესი განათლების გარეშე.

ბორის გაპონოვის ღვაწლი დაფასდა, თუმცა სიკვდილის შემდეგ. ზედ გამოჭრილია მასზე ფიროსმანისთვის მიძღვნილი ლადო ასათიანის სიტყვები: "მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა, ცოცხალი არვინ არ გაიკარა''. ბორისს მძიმე ეკონომიკურ პირობებში უწევდა ცხოვრება. მისი მეგობარი, აკადემიკოსი შალვა მარდი იგონებს: "მე შინ ვეწვიე პოეტს და ნახულმა თავზარი დამცა. იგი დედასთან ერთად შეყუჟულიყო ნესტიან, ბნელ საცხოვრებელში, სადაც შუქიც კი არ იყო. მთელ ავეჯს ორი უბადრუკი გასაშლელი საწოლი, დანჯღრეული მაგიდა საბეჭდი მანქანით, სამი სკამი და წიგნების ეტაჟერი შეადგენდა. თავს ირჩენდა შემთხვევითი სამუშაოთი და ხშირად შიმშილობდა.''

რაც შეეხება ბორისის ისრაელში საცხოვრებლად განმგზავრებას, იგი იძულებითი იყო. დედამ აიძულა ისრაელში წასულიყვნენ. თუმცა რაღა აზრი ჰქონდა მის საქართველოდან წასვლას, იგი მძიმედ დაავადებული გაემგზავრა ქუთაისიდან, ცოტა ხანს შეძლო შემოქმედებითი მუშაობა. ისრაელიდან შვილისადმი გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ: „...განდა უდაბნო არაა ჩემი ცხოვრება? მხოლოდ თქვენ მყავხართ და არც მყავხართ... ვერც წერილში და ვერც საუბარში ვერ გადმოგცემთ იმ ყოველივეს, რაც გულს მიკუმშავს და უხილავ ცრემლებად დუღს ჩემში. დრო ყველაფერს გამოასწორებს“...

ბორის გაპონოვი ისრაელის „აღთქმულ მიწაზე“ 1969 წელს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ დაისვა საკითხი, რომ სიკვდილის შემდეგ წარდგენილ იქნას რუსთაველის სახელობის პრემიაზე.

“ვეფხისტყაოსნის” ბიბლიის ენაზე მთარგმნელი ივრითის აკადემიის წევრი, ისრაელის ორგზის პრემიის ლაურეატია. მას 1969 წელს მიენიჭა ახალი ებრაული პოეზიის ერთ-ერთი ფუძემდებლის შაულ ჩერნიახოვსკის პრემია (ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც იგი მიენიჭა არა ისრაელის მოქალაქეს), 1971 წელს მიიღო ისრაელის პრეზიდენტის პრემია, 1989 წელს კი - საქართველოს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

მისი თარგმანი უაღრესად ფასეული და საყურადღებოა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ენა თარგმანისა, რომელიც თვით წარმოადგენს კლასიკური ებრაული პოეტური ენის ბრწყინვალე ნიმუშს. ,,ვეფხისტყაოსნის'' თარგმნისას ბორის გაპონოვმა ახალი ებრაული ლექსიკური ერთეულები შექმნა. როგორც აღნიშნეს აკადემიკოსებმა: თამაზ გამყრელიძემ და კონსტანტინე წერეთელმა, კლასიკურ-ებრაული ენის სტრუქტურის ბრწყინვალე ცოდნის წყალობით მან შექმნა ახალი სიტყვები ან ძველი ებრაული სიტყვები დატვირთა ახალი მნიშვნელობებით, რაც უკვე აისახა თანამედროვე ებრაული ენის ლექსიკონში და უკვე მოიპოვა მოქალაქეობრივი უფლება, რითაც მან გაამდიდრა თანამედროვე ებრაული ლექსიკა, ენა.

ებრაული თარგმანი ეტაპობრივი მოვლენა გახდა არა მარტო ,,ვეფხისტყაოსნის” თარგმანთა ისტორიაში, არამედ თვით ებრაულენოვან სამყაროშიც. ისრაელის საუკეთესო სპეციალისტებმა აღიარეს: ასე ივრითზე ჯერ არც ერთი წიგნი დაწერილა. ისრაელის ივრითის აკადემია მივიდა ერთსულოვან დასკვნამდე, რომ ნამდვილი ივრითის შესწავლა შეიძლება მხოლოდ გაპონოვის წიგნის მეშვეობით.

,,ვეფხისტყაოსნის'' ებრაული თარგმანი დაბეჭდა თელ-ავივის ერთ-ერთმა დიდმა კორპორაციულმა გამომცემლობამ ,,სიფრიათ ფოყალიმ'' - ,,მუშათა ბიბლიოთეკამ.'' ებრაული თარგმანის გამოცემისათვის დამზადდა სპეციალური ქაღალდი, რომელზეც მანამდე არც ერთი წიგნი დაბეჭდილა. ქაღალდის შეყვითლებული, ეტრატს მიმსგავსებული ფერი მამუკა თავაქარაშვილისეულ ილუსტრაციებთან ერთად გამოცემას ისეთ ელფერს აძლევს, თითქოს იგი რვაასი წლის წინანდელი ხელნაწერი იყოს. როგორც გამოცემის წინასიტყვაობაში “ვეფხისტყაოსნის” რედაქტორი, ივრითის აკადემიის წევრი აბრამ შლიონსკი წერს, წიგნს ისეთი შარავანდედი მოსავს, “ხანდახან გგონია, რომ წინ გიდევს ებრაული ნაწერი, რომელიც თითქოსდა რომელიმე განძსაცავში აღმოაჩინეს”.
შვეიცარიელი სწავლული ვ. არნოლდი აღნიშნავდა: “ვეფხისტყაოსნის” ეს ებრაული თარგმანი ნამდვილ სენსაციას წარმოადგენს. ამ ამბავს ორი გმირი ჰყავს: პირველი, თავად შოთა რუსთაველი – ავტორი... მეორე გმირია ბორის გაპონოვი, რომელმაც იგი ბრწყინვალედ გადათარგმნა კლასიკურ-ებრაულ ენაზე.

“ამ თარგმანს გამოიკვლევენ მომავალში და მასზე მეცნიერული შრომები დაიწერება,” - ასე წინასწარ მეტყველებდა ცნობილი ებრაისტი იოსებ ამუსტინი. ახდა მისი წინასწარმეტყველება. მიმდინარეობს თარგმანის მეცნიერული შესწავლა, რაზეც არაერთი საკანდიდატო დისერტაცია იქნა დაცული.

უკვდავია ბორის გაპონოვის ღვაწლი ქართული და ებრაული კულტურების წინაშე. მისმა სახელმა დამსახურებულად დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო საუკეთესო მთარგმნელთა შორის. მისი მრავალწლიანი ტიტანური შრომა შეფასებულია, როგორც მთარგმნელობითი ოსტატობის მწვერვალი. სპეციალისტებმა მის თარგმანს უწოდეს მსოფლიო მნიშვნელობის ფენომენალური მოვლენა.

ბმული:
*

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ქართველი ებრაელები Empty
PostSubject: Re: ქართველი ებრაელები   ქართველი ებრაელები EmptyTue Sep 15, 2020 8:55 am

ნანული ცხვედიანი

ქუთაისელ ებრაელთა „საიდუმლო სავაჭრო ენა“


მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დამდეგს, საგუბერნიო ქალაქში აღებ-მიცემობისა და სავაჭრო ურთიერთობის განვითარების პირობებში, შეიქმნა ქუთაისელ ებრაელთა „საიდუმლო-სავაჭრო ენა“. ამ თავისებური, პირობითი ენის დანიშნულებას, უმთავრესად, კლიენტებისაგან ვაჭრობის საიდუმლოს დაცვა წარმოადგენდა.

როგორც მკვლევარი ილია პაპისიმედოვი აღნიშნავდა, თვით ებრაელები ამ ჟარგონულ მეტყველებას „ყივრულს“ უწოდებდნენ, რაც დაკავშირებულია სიტყვასთან "ყიბრი". მას დიდი გამოყენება ჰქონდა ვაჭართა შორის და, უმთავრესად, შეამხანაგებული ებრაელი ვაჭრები მიმართავდნენ საჯარო ბაზრობებზე, ზოგადად ებრაელთა საყოფაცხოვრებო მეტყველებაში კი შედარებით მცირე, თუმცა გარკვეული ადგილი ეჭირა. ზოგიერთ სიტყვასა და გამოთქმას ქართული მოსახლეობაც იყენებდა.

მაინც, რას წარმოადგენდა „საიდუმლო-სავაჭრო ენა?“ეს იყო ებრაული სიტყვების ძირებზე ქართული პრეფიქს-სუფიქსების დართვით მიღებული ლექსიკური ერთეულები.

ილია პაპისიმედოვს მაგალითად მოჰყავს“ვისოხარე.“ ქართული გაგებით ეს სიტყვა ნიშნავს:““ვივაჭრე.“ მკვლევარის თქმით, ის წარმოებული უნდა იყოს ძველი ებრაული სიტყვისაგან“სოხერ“ - ვაჭარი. ამ შემთხვევაში, პაპისიმედოვის აზრით, სიტყვის ძველებრაულ ძირს დაერთვის „ვი“ და „ე“ ქართული აფიქსები. ასეთივე ფორმითაა გადმოცემული სიტყვა „გავხრიდე“, რაც ქართული გაგებით ნიშნავს:“გავყიდე“. სიტყვა „მოვატოვე“ ნიშნავს:“მოვატყუე.“ გარდა ამისა, ზოგიერთი სიტყვა ხმარებულია გადატანითი მნიშვნელობითაც. მაგ. სიტყვა „დაუადე“ ქართული გაგებით ნიშნავს:“მიეცი“. ის წარმოებული უნდა იყოს ძველი ებრაული სიტყვისაგან“იად“, რაც ნიშნავს ხელს. მკვლევარ ილია პაპისიმედოვს107 ასეთი ხმარებული სიტყვა და მისი ქართული შესატყვისი მოჰყავს თავის ნაშრომში. მათ შორის: აამსევრე (აიღე, აიყვანე), გაამსევრე (გაატანე), გაშეყერდა (გადაიფიქრა),დააფანიერე (დამალე), დააგანაბა(მოიპარა), დალეხდა (წავიდა),დავაქამე (მოვატყუე),დავლაილავდეთ (დავბინავდეთ, ღამე გავათიოთ),დაჩიშმე (გასინჯე, შეხედე),ეთომარე (ელაპარაკე), ლევანი (თუმანი),მამონი(საქონელი, ქონება),მოუბრიდე(მოუხიე, მოუჭერი), სათოხლავი (საჭმელი),სეფერი (სავაჭრო მოწმობა, პირადობა),ქელები (ძაღლი. გადატ. მნიშვნელობით - პოლიციელი, სააქციზოს ჩინოვნიკი),შეკერი(ტყუილი),ქესეფი (ფული), ქოჩაქი (ცუდი, უვარგისი), მოუგადოლე (მოუგე) , მოსატოვებელი (მიამიტი, იოლად მოსატყუებელი მუშტარი) და სხვა.

მკვლევარი მიუთითებს,რომ აღნიშნული სიტყვებისაგან შედგებოდა მთელი რიგი მარტივი და რთული წინადადებანი. ზოგიერთ წინადადებაში წევრებად ჩართული იყო ქართული სიტყვებიც. ამ ლექსიკას ბოლო პერიოდამდე იყენებდნენ მოვაჭრე ებრაელები, .

ასე რომ, ქუთაისის არალეგარულ ბაზრობებზე, შაუმიანსა და სხვა ქუჩებში ბოლო პერიოდამდე გაისმოდა ეს ნართაული ფრაზები:

-ყატონი არ დაუქამო! (კაპიკი არ დაუკლო!)

- შენს მამონს მე მივხრიდი და, რასაც მოუგადოლებ, სავახეზო იყოს!(შენს საქონელს მე მივყიდი და, რასაც მოვუგებ, სანახევრო იყოს!)

- ჩემი მუშტარი გამიშეყერა და ვერც თითონ მიხრიდა (ჩემი მუშტარი ჩამომაცალა... გადაიბირა და ვერც თვითონ მიჰყიდა).

- დღეს ტობათ ვისოხარე, მაგრამ სეფერი არ მიეშამდა და ქელებმა შოხადი წამართვა (დღეს კარგად ვივაჭრე, მაგრამ პატენტი არ მქონდა და ძაღლმა (მილიციელმა) ქრთამი წამართვა).

ქართულ-ებრაული სიტყვებისაგან მიღებული სლენგი განსაკუთრებით პოულარული იყო მეოცე საუკუნის 60 -70--იანი წლების ქუთაისელი ახალგაზრდობის გარკვეულ ნაწილში, მეტადრე - ვაჟებში. ისინი ისე სრულყოფილად ფლობდნენ ოდესღაც „საიდუმლო - სავაჭრო“ ენის ნიმუშებს, რომ სოციუმის ყველა ფენაში , ყველა ასაკობრივ კატეგორიაში თამამად გაისმოდა. თავიანთ პრიორიტეტულობას, ასე ვთქვათ, „გამოსულობას“ ახალგაზრდობის ეს ნაწილი სწორედ ამ ლექსიკის გამოყენებით და ჟარგონზე თავისუფლად მეტყველებით უსვამდა ხაზს. ასე რომ, ნაშა, გიმელი, განაბი, მიამსევრე, დაბრიდე, ჩათოხლა, ეთომარე, დავიადე და მსგავსი სიტყვები ის სლენგი იყო, რომელსაც ქუთაისელი ახალგაზრდობის ამ ნაწილის ყოველდღიურ მეტყველებაში თარგმნა არ სჭირდებოდა.

ებრაელთა დიდი ალიის შემდეგ, ანუ ქალაქში ებრაული მოსახლეობის შემცირების მერე, თაობებში იკლო ამ ლექსიკის გამოყენებამ. ახლა იშვიათად, თუმცა მაინც გვხვდება შემორჩენილი ყივრულ -ქართული ლექსიკური ერთეულები.

ვფიქრობთ, ეს თემა ენათმეცნიერთა შესწავლის საგანი შეიძლება გახდეს- სლენგში დაცული ფონეტიკური მოვლენებისა და სხვა საინტერესო ენობრივი მონაცემების გამო.

( ფრაგმენტები ნანული ცხვედიანის ნაშრომიდან "ებრაელები ქუთაისში". 2018. წაკითხულია მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში.)

ბმული:
* https://tbilisipost.ge/news/qutaisel-ebraelta--saidumlo-savachro-ena-/2195?fbclid=IwAR1c68afUXz34j9Un9_C1BD73VcREUoQ9-hqpKlI-tFC2erqOASMxT9cqKM

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ქართველი ებრაელები Empty
PostSubject: Re: ქართველი ებრაელები   ქართველი ებრაელები Empty

Back to top Go down
 
ქართველი ებრაელები
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ისტორიისათვის-
Jump to: