არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 თემურ აბულაშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

თემურ აბულაშვილი Empty
PostSubject: თემურ აბულაშვილი   თემურ აბულაშვილი EmptyFri Nov 30, 2018 3:15 pm

თემურ აბულაშვილი Temur_11

The playwriter and short story writer Temur Abulashvili - 1947-2018

თემურ აბულაშვილი

აბულაშვილი თემურ იოსების ძე (1. IV. 1947, სიღნაღის რ-ის სოფ. ჯუგაანი - 30. 11. 2018) – დრამატურგი. „ღირსების
ორდენის“ კავალერი (1997).
1977 დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1976–81 მუშაობდა გაზეთებში: „ახალგაზრდა კომუნისტი“ და „ლიტერატურული საქართველო“. 1981-დან არის მწერალთა კავშირის წევრი. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში დაიდგა მისი
პიესები: ახალციხეში – „წეროს გუთანი უბია“ (1983) და „თოჯინების სოფელი“ (1998) – ორივეს რეჟ. თ. პატაშური; თელავში – „სიცოცხლემისჯილი ტყვე“ (1985, რეჟ. ნ. ქანთარია); ოზურგეთში – „ფრინველების საქორწინო ცეკვები“ (1986, რეჟ. ო. კუპალაძე); ჭიათურაში – „სამიარუსიანი ქალაქი“ (1987, რეჟ. ნ. დეისაძე), ცხინვალის თეატრში –
„დღესასწაული თეთრი მაიმუნის სამეფოში“ (2001, რეჟ. გ. შალუტაშვილი).
აბულაშვილის სამ პიესას („წეროს გუთანი უბია“, „თოჯინების სოფელი“, „დღესასწაული თეთრი მაიმუნის სამეფოში“) მიენიჭა საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია წლის საუკეთესო პიესისათვის.
თემურ აბულაშვილი აქტიურად მონაწილეობდა ბიჭვინთა-ქობულეთის დრამატურგთა შემოქმედებითი სემინარების მუშაობაში.
ნოველისათვის „1992 წლის ფეხბურთი“ 1995 დაჯილდოვდა გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიით. მისი პიესები და მოთხრობები გამოცემულია ცალკე წიგნებად. მოთხრობები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ და
თურქმენულ ენებზე.

თხზულებები:
* ჩიტები უფასოდ, 1978;
* Река уносит весть (Рассказы), Авториз. пер. с груз. / Темур Абулашвили. - М. : Мол. гвардия, 1985. - 78 с.;
* ველის ხარი, 1986;
* წეროს გუთანი უბია (ოთხი პიესა), თბ., 1997:
* კონსერვის კოლოფის ცეკვა, 1999;
* თათქარიძეებო, ფრთხილად! ჟ. „ჩვენი მწერლობა“, 9. V. 2008, №10 (62);
* ფრინველების საქორწინო ცეკვები, 2010.

ლიტერატურა:
* ჩხიკვიშვილი ნ., გაგრა ისე სწრაფად დაეცა, გ. „ათ“, 3. X. 1996;
* გურაბანიძე ნ., ვინც გული დააყარა, იმისი ვენახი არ დაიწუნება, გ. „ლს“, 3–10. 1998;
* ბრეგვაძე ვ., იყო ზაფხული...~, გ. „ლს“ 21-28. VIII. 1998;
* მანეჟაშვილი ი., „კონსერვის კოლოფის ცეკვა“, ჟ. „ჩვენი მწერლობა“, 26. I. 2001;
* კიკნაძე ვ., ჩვენი საერთო სატკივარი, გ. „ქართული თეატრის დღე“, 14. I. 2002;
* თითმერია ჯ., „კონსერვის კოლოფის ცეკვას“ სცენაზეც ვხედავ და ეკრანზეც, გ. „ლს“, 19–26. XI. 1999;
* ჩხიკვიშვილი ნ., სევდიანი დღესასწაული, ჟ. „ომეგა“, 2002, №2;
* ბოტკოველი ზ., ყადიმი მალე გამოჩნდება, გ. „ლს“, 7. IV. 2017. კრ. „სთ“, 2007, გვ. 36

ბმული:
* http://www.tafu.edu.ge/files/pdf/duruji/duruji_6(124)_2018.pdf -- ქართული თეატრის ენციკლოპედია, გვ. 7-11.
* https://openlibrary.org/works/OL13220376W/Reka_unosit_vest%CA%B9
* http://catalog.nplg.gov.ge/search/?earchtype=X&SORT=D&searcharg=აბულაშვილი%2C+თემურ&searchscope=1
* https://1tv.ge/audio/pikis-saati-dila-regionshi-reportadji-jugaanidan/

Arrow


Last edited by Admin on Fri Feb 21, 2020 1:30 pm; edited 8 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

თემურ აბულაშვილი Empty
PostSubject: Re: თემურ აბულაშვილი   თემურ აბულაშვილი EmptyFri Nov 30, 2018 3:30 pm

თემურ აბულაშვილი - 70

70 წლისა შესრულდა თვალსაჩინო ქართველი მწერალი თემურ იოსების ძე აბულაშვილი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია:

ძვირფასო თემურ!
საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულითადად მოგესალმებიან მრავალწახნაგოვან შემოქმედს და გილოცავენ ღირსშესანიშნავ თარიღს თქვენს ცხოვრებაში – დაბადების 70 წლისთავს.
სალიტერატურო სამყარომ ამ ოთხი ათეული წლის წინ გაგიცნოთ.
თქვენი დებიუტი ხომ 1974 წელს შედგა, თელავში ჩატარებულ ახალგაზრდა მწერალთა სემინარზე, სადაც ყველას დაამახსოვრეთ თავი, როგორც თვითმყოფადმა, ორიგინალური ხელწერის მქონე პროზაიკოსმა.
მას შემდეგ თქვენი ნაწარმოებები – მოთხრობები, ნოველები, პიესები, ლიტერატურული თუ პუბლიცისტური წერილები, მხატვრული ნარკვევები პერიოდულად ქვეყნდებოდა ჩვენს სალიტერატურო პერიოდიკაში, გამოდიოდა ცალკე წიგნებად.
თქვენი პროზაული კრებულები, ისეთები, როგორიცაა „ჩიტები უფასოდ”, „ველის ხარი”, „გზა ვარსკვლავეთისაკენ”, „მდინარეს მიაქვს ამბავი”, „1992 წლის ფეხბურთი” შეიყვარა ქართველმა მკითხველმა, შეიყვარა იმიტომ, რომ თქვენი სახით თანამედროვე ქართულ პროზას ძარღვიანი და დაფიქრებული შემოქმედი ჰყავს, რომლის ნახელავს ცხოვრების ღრმა ცოდნა, ორიგინალური ხელწერა, ლიტერატურულ პერსონაჟთა სულიერი პორტრეტების სიღრმისეული ჩვენება, ფრაზის მოქნილობა, ენის ლექსიკური სიმდიდრე გამოარჩევს სხვათაგან.
ამავე დროს მართლაც რომ ჩინებული დრამატურგი ბრძანდებით, რომლის პიესები წარმატებით იდგმებოდა ქართული თეატრების სცენაზე. ეს პიესები („წეროს გუთანი უბია”, „სიცოცხლემისჯილი ტყვე”, „ფრინველების საქორწინო ცეკვები”, „თოჯინების სოფელი”, „დღესასწაული თეთრი მაიმუნის სამეფოში”...) თქვენი მრავალწახნაგოვანი ნიჭიერების ერთი მშვენიერი გამოვლინებაა. თქვენ, დრამატულ ხასიათთა შექმნის ოსტატს, უაღრესად გამძაფრებული გაქვთ თეატრალური ხედვა და ალღო, რელიეფურად ძერწავთ პერსონაჟთა სახეებს, ძერწავთ მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი მეტყველებითა
და ქცევებით – აი, თქვენი წარმატებების საიდუმლო.
თქვენს კალამს ეკუთვნის არაერთი მხატვრული ნარკვევი თუ პუბლიცისტური სტატია.
ათეული წლები მუშაობდით გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს” პასუხისმგებელ მდივნად და ქართული მწერლობის წინსვლასა და განვითარებას ემსახურებოდით.
გულით გვახარებს, რომ თქვენი მრავალწლიანი მოღვაწეობა საქართველოს მწერალთა კავშირის, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის (სამგზის), გამომცემლობა „ლომისის”, გიორგი შარვაშიძისა და რევაზ ინანიშვილის სახელობის პრემიებით აღინიშნა.
მონიჭებული გაქვთ დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ჯილდო – ღირსების ორდენი.
კიდევ ერთხელ გულმხურვალედ გილოცავთ საიუბილეო თარიღს ჩინებულ შემოქმედსა და მოქალაქეს, დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ახალ დიდ შემოქმედებით წარმატებებს გისურვებთ.

საქართველოს მწერალთა კავშირი



ბმული:
* „მწერლის გაზეთი“, №4, 1 – 31 მაისი, 2017, გვერდი 15 - http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/212934/1/Mwerlis_Gazeti_2017_N4.pdf


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

თემურ აბულაშვილი Empty
PostSubject: Re: თემურ აბულაშვილი   თემურ აბულაშვილი EmptySat Dec 01, 2018 12:01 pm

თემურ აბულაშვილი

1992 წლის ფეხბურთი
(ფრაგმენტი ნოველიდან)

„ახმახის ბრძანებით სამსჯავრო მოედანზე ოციოდე წლის ქართველი ჭაბუკი გამოიყვანეს და თალხი ქსოვილით თვალები აუბეს. ჭაბუკს უკნიდან ჯალათი მიუახლოვდა, ხანჯალი გააშიშვლა, ერთი დარტყმით თავი წააგდებინა და ხანჯალი მკლავზე გაწმინდა. წრეში თავმოყრილი გუნდების შემადგენლობა აქაც გველივით ჭრელი იყო: ერთ მხარეს რუსები და აფხაზები იდგნენ, ხოლო მეორე მხარეს - ჩეჩნები და ადიღეელები. სიცილ-ხარხარითა და ყმუილით მისცვივდნენ მოჭრილ თავს და დაიწყო საშინელი, თავზარდამცემი ფეხბურთი! იმ წუთას არა მარტო სტადიონის ტრიბუნები; არამედ ოთხივე პოლუსი, მთელი კაცობრიობა დანერწყვილი და სულში ჩაფურთხებული იყო“.



Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

თემურ აბულაშვილი Empty
PostSubject: Re: თემურ აბულაშვილი   თემურ აბულაშვილი EmptyThu Feb 20, 2020 4:58 pm

თემურ აბულაშვილი

მეწისქვილის ბიჭი და სახედარი
(მოთხრობა)

ციხე-გალავნით შემოზღუდული ბოდბისციხე ხელისგულისოდენა მთაზე, ზღვის დონიდან 750 მეტრზეა გაშენებული. ამ ქალაქში ბევრი ძველი სახლია და ჯერ კიდევ თუნუქის ღუმელით გადიან იოლას.
ჩამოთოვს თუ არა ბოდბისციხეში, თავისი საპალნეაკიდებული სახედრით გამოჩნდება ხოლმე მეწისქვილის ბიჭი, სანამ მიიხედ-მოიხედავს, მუშტარიც დაესევა. საფეჩედ დაჭრილ-დახერხილი შეშა მათთვის ხელსაყრელია და შიოსთვის – სარფიანი.
დიდი ხანია ჭირი მოგჭამათ მეწისქვილემ. შიოც უკვე ჭაღარაგარეული კაცია. მაგრამ ისევ მეწისქვილეს ბიჭს ეძახიან ბოდბისციხელები.
განთიადისას, ისე, როგორც ყოველთვის, კაცი ქურდულად უნდა გასცლოდა ეზო-ყურეს. ჭიშკართან უსიტყვოდ ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს. ტრიალდებოდა მეწისქვილე და სანამ გაღმა გავიდოდა, ერთი-ორჯერ უკან მოიხედავდა, იცოდა, გულხელდაკრეფილი ქალი ზურგში უყურებდა.
მეწისქვილე ციხე-გალავანთან შეჩერდებოდა ხოლმე, თითქოს ვიღაცამ ჟამი და მიჯნა დაუდგინაო, აქ ყოველთვის ერთსა და იმავე დროს ახსენდებოდა წუხანდელი თავდავიწყება. ეს იყო მისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წუთი.
ბოლო დროს ელოლიავებოდა და გულში ეალერსებოდა თავის ბედნიერებას.
„სამეფო კოშკიდან“ ბატონკაცურად გადაჰყურებდა ალაზნის ველს.
ნელ-ნელა იცრიცებოდა დილის ბინდი და ღამის ცვარ-ნამით ნაპკურები მიწა იღვიძებდა. მეწისქვილეს გულგასახარი შუქი ედგა თვალებში.
რამ შეაყენა ამ კედელ-ბურჯზე? ნებივრად გაწოლილი ველ-მინდვრების ხიბლში, მართას დამათრობელმა სიყვარულმა თუ ცისა და ქვესკნელის ძალამ? ის იდგა ამაყი და ძლიერი, თავი მარადიული სიცოცხლისათვის შობილად წარმოედგინა.…
ამ ცხრა წლის წინათ, როცა მართას დაუახლოვდა, წისქვილში დატოვებული შვილის გახსენებაზე სინდისი ქენჯნიდა და უკან კისრისტეხით გამორბოდა. მას შეეძლო საცალფეხო ბილიკებით, თვალდახუჭული ჩასულიყო წისქვილში, მაგრამ მგელივით მიძუნძულებდა, თავისივე ვნებების მონა მხოლოდ იმასღა ფიქრობდა, რომ როგორმე ჩაესწრო, სანამ ბიჭი გაიღვიძებდა. განთიადისას, როგორც ყოველთვის, კაცი ქურდულად უნდა გასცლოდა ეზოყურეს.
_ ამ ბოლო დროს ქატონარევი ფქვილი მოაქვს, _ შესჩივლა მართამ და მხრებზე მოხურული შალი გაისწორა.
_ ქატონარევი? _ სახტად დარჩა მეწისქვილე.
ქალმა თავი დაუკრა.
_ ბიჭი მოგესწრო, წლებს თავისი მიაქვს. _ ორაზროვნად გადაჰკრა
და ღიმილით სახეზე მიაჩერდა.
_ რამდენი წლისაა?
_ იმისი წლოვანება რაში გეკითხება! _ უკმეხად მიუგო კაცმა.
_ ალბათ შეათვალიერა ვინმე, _ მართას ლამაზ სახეზე ისევ სატანური ღიმილი გაკრთა. კვიცი გვარზე ხტისო, გულში დაამთავრა სათქმელი.
_ როდის ამოხვალ?
მეწისქვილემ აღარ უპასუხა და გატრიალდა. მისი სიტყვაძვირობით გულდაკოდილი ქალი ეზოში შებრუნდა.
მეწისქვილემ სამეფო კოშკს გვერდი აუარა, ბილიკს კი არ მიჰყვა, ქვაღორღიან ფერდობზე დაეშვა, რომ გზა შეემოკლებინა.
_ რამდენისაა და თექვსმეტისა, _ ჯიბრით გაეპასუხა მართას.
„მაშ, მატყუებს? ფქვილს იპარავს და მიმალავს... ტყავს გავაძრობ! მე განა დავბერდი?“ _ თითქოს ხელკეტი დასცხესო, ისე დაებინდა გონება.
_ ჯერ რა დროს სიბერეა?... სად უნდა მიჰქონდეს ფქვილი?
წისქვილს რომ მიუახლოვდა, ყურს არ დაუჯერა. სარეკელა ხმაურობდა.
ერთხანს გახევებული იდგა, ცდილობდა, დამშვიდებულიყო, მაგრამ გულიდან ჯავრი ვერ ამოიყარა. წისქვილში ფეხათრეული შევიდა.
შიო ფქვილით სავსე ტომრებთან მიმჯდარიყო, თავი მუხლებზე დაწყობილ ხელებში ჩაერგო. ბიჭმა ნელ-ნელა აიხედა.
_ რატომ არ გძინავს?
_ მთელი ღამე ვფქვავდი, _ უპასუხა შიომ. „მთელი ღამე“ მამას ეკალივით მოხვდა გულზე.
_ ვინ დაგავალა?
_ საფქვავი დაგროვდა, _ წამოდგა შიო. _ ორი კვირაა, ფქვილი არ ამიტანია, გამოელეოდა.
_ ვისა?
_ ვისა და მართას.
გულფიცხი კაცი იყო მეწისქვილე და მთელი ნებისყოფის დაძაბვა დასჭირდა, რომ არ გაცოფებულიყო. მაგრამ თავი ვეღარ დაიჭირა და სილა გააწნა. შიოს ყურის ძირი აეწვა, თუმცა წარბი არ შეუხრია. ცოტა ხნის შემდეგ წისქვილი დადუმდა.
_ წადი, წყალი ამოიტანე!... რაღას უდგეხარ?!
შიომ ხურჯინში დოქები ჩადგა, გარეთ გამოიტანა და სახედარს გადაჰკიდა.
მეწისქვილემ ფქვილით სავსე ტომარას პირი გადაუხსნა, ხელი ჩაყო და ამოურია. „დაფქვით კი კარგად დაუფქვავს... კარგად დაუფქვავს“.
გარეთ გამოვიდა და ბიჭს გახედა. ბიჭი წყაროსთან წახრილიყო, ხელპირს დიდი მონდომებით იბანდა. `შვილი მოგესწრო~. გაახსენდა მართას ნათქვამი. შვილის დავაჟკაცება გულში უხაროდა, მაგრამ ფარულ შიშსაც ჰგვრიდა. მან არ იცოდა, რომ შიოს ხშირად განთიადისას ჩაეძინებოდა ხოლმე.Aამ დროს თვითონ „სამეფო კოშკიდან“ გადაჰყურებდა ალაზნის ჭალებს. „მეფობა ერთხელ ყველას უნდა“, _ გაიფიქრებდა და იდუმალი სიამით გალაღებული დაეშვებოდა თავქვე.
შიო მალე ამოვიდა წყლიდან, ხურჯინიდან სველი დოქები ამოალაგა და წისქვილში შეიტანა. მამამ ჩუმჩუმად შეათვალიერა. „დღეს ქატოს გაურევს, ხვალ წისქვილს გაჰყიდის... რა, მე დავბერდი? რა სათქმელია!“- ამის წარმოდგენა მისთვის იგივე იყო, დღედაღამ წისქვილიდან ფეხი არ მოეცვალა და მოგონებების სამარე გაეთხარა.
_ შიო...შიო... _ ენის ბორძიკით წამოიწყო მან. _ მართასთან რომ ფქვილი მიგქონდა, ქატოს რად ურევდი?
შიომ პირი იბრუნა. მამამ გამხდარ ბეჭზე ხელი დაადო, შემობრუნდა და თვალი თვალში გაუყარა:
_ კიდევ ვისთან მიგქონდა?
_ მალალოსთან. _ დაუფიქრებლად უპასუხა შიომ.
_ მალალო ვიღაა? ქვეყანა რა ჩემი სარჩენია?! _ ხელმოჭერილი კაცი იყო მეწისქვილე. ამ წუთას ისეთ გუნებაზე დადგა, ძაღლს ძვალს გადაუგდებდა.
_ ჩემია, _ სადღესასწაულო ხმით წარმოთქვა ბიჭმა, ნაბიჯი წინ გადადგა და დაბეჯითებით გაიმეორა.
_ ჩემია. ლუკმაპური ენატრება.
_ ამის შემდეგ აღარ გაბედო, იცოდე!
_ გავბედავ. _ უკმეხად მიუგო შიომ და გამომწვევად შეხედა.
_ გაბედავ?! – მეწისქვილემ შვილის ამხედრება ვერ აიტანა და ხელი აღმართა. შიო თვალის დახამხამებაში გავარდა გარეთ.
_ გაბედავ და სახლიდან წახვალ!
_ წავალ! _ იყვირა შიომ, _ წავალ! – ნიჩაბი აიღო და სახედარი გაიყოლია.
მეწისქვილე მეხდაცემულივით იდგა. რას იფიქრებდა, თუ აგრე გაიმეტებდა შიო. აქამდე ჩვეულებრივად მიედინებოდა ცხოვრება. სანამ ბიჭი მშობელზე დამოკიდებული იყო, ყველაფერი თავისი გზით მიდიოდა. დღეს კი ცრემლით აევსო თვალები.
_ სად მიხვალ?
_ საფლავი ჩანგრეულა. _ ორი სიტყვა გადმოუგდო შიომ, წავიდა და წავიდა, წისქვილში აღარ დაბრუნებულა.
მას შემდეგ ოცდათორმეტი წელი გავიდა. მეწისქვილის ბიჭი დღეს ცოლშვილიანი, ჭარმაგი კაცია. მალალოც მოტყდა, ხანი დაეტყო. შიოს თეთრდრუნჩიანი სახედარი დაბერდა და მოკვდა. მეორე მგლებმა შეუჭამეს ჭოტორის ტყეში. შიო უსახედაროდ ვერ გაჩერდებოდა. როგორც თვითონ ამბობს, მუშა, გამწევი და თვინიერი საქონელი რომ არ ჰყავდეს,
ცხოვრება წელში გასწყვეტდა. ადგა და მესამე იყიდა. ჩამოთოვს თუ არა მთაზე შეფენილ ქალაქში, შიო თავისი საპალნეაკიდებული სახედრით გამოჩნდება ხოლმე და ერთი დაძახილით მთელ ქუჩას გააგონებს.
_ აბა, შეშა! ხმელი შეშა!
ამ ხმის გაგონებაზე ხელჯოხზე დაყრდნობილი, ერთიანად გაძვალტყავებული მართა ქუჩაში გამოჩაჩუნდება, შიოს დააკვირდება და ფიქრობს, ნეტა სად უნახავს ეს კაცი, მისი დიდი, ნათელი და მშვიდი თვალები.
ფიქრობს, ფიქრობს და ვერ გაუხსენებია.
დიდი ხანია მეწისქვილე ცოცხალი აღარ არის. აღარც ის პატარა წისქვილი დგას ხევში, მაგრამ ამ ქვეყანაზე მაინც დადის მამა-შვილთა მეტოქეობის ამბავი.

2010


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




თემურ აბულაშვილი Empty
PostSubject: Re: თემურ აბულაშვილი   თემურ აბულაშვილი Empty

Back to top Go down
 
თემურ აბულაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: