| | ნანა დევიძე | |
| Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 6482 Registration date : 09.11.08
 | Subject: ნანა დევიძე Sun Apr 22, 2018 11:05 am | |
|  Nana Devidze ნანა დევიძე„ვულოცავთ ნანა დევიძეს ლიტვის მწერალთა კავშირის საპატიო წევრობას. გუშინ, 2018 წლის 20 აპრილს, მწერალთა ყრილობამ ეს ოფიციალურად დაადასტურა! მშვენიერი კლასიკური კომპანიაა: ჩესლავ მილოში ( Czesławas Miłoszas აწ გარდაცვლილი პოლონელი მწერლი და ნობელიანტი), კნუტ სკუიენიეკსი (Knuts Skujenieks ლატვიელი პოეტი და ჟურნალისტი). წელს დაემატა ორი წევრი:ნანა დევიძე და ბელორუსი პოეტი და მთარგმნელი ალეს რაზანაუ ((Ales' Razanau,) . მეტი საპატო წევრი ლიტვის მწერალთა კავშირს არ ჰყავს“. ვლადას ბრაზიუნასი, 21.04.2018 Sveikinam Naną Devidzę (Nana Devidze) naująją Lietuvos rašytojų sąjungos Garbės narę, vakar (2018.IV.20) jau oficialiai suvažiavimo patvirtintą! Graži klasikų kompanija: Czesławas Miłoszas (ką gi, jau miręs), Knutas Skujeniekas (Knuts Skujenieks), Nana Devidzė, Alesius Razanavas (jis irgi patvirtintas vakar)... Daugiau Garbės narių mūsų sąjunga ir neturėjo. Va taip, amžinoji Lietuvos patikėtine Sakartvelo šaly! Vladas Braziūnas, 21.04.2018Hail Nana Devidzę (Nana Devidze) the new honorary member of the union of Lithuanian writers, yesterday (2018. IV. 20) is already officially summit patvirtintą! Beautiful Nagrinėjamuoju Company: Czesławas Miłoszas (well, already dead), Canute Skujeniekas (Knuts Skujenieks), Nana Devidzė, Alesius Razanavas (he also approved yesterday)... more honor members our union and had no. That's what I'm talking about. Nutraukė (daugiausia) Vladas Braziūnas, 21.04.2018ბმული: * https://www.facebook.com/nana.devidze.10?lst=100002035099487%3A100000015718403%3A1524380269* https://www.literacy.ge/book/1464-kuratis-shetsirva-romualdas-granauskasi/cart.html
Last edited by Admin on Sun Apr 22, 2018 12:06 pm; edited 3 times in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 6482 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნანა დევიძე Sun Apr 22, 2018 11:07 am | |
| ქართველი პროზაიკოსები ლიტვის სემინარზეორშ, 15/08/2011 - 20:01. 28 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე ლიტვის საკურორტო ქალაქ პალანგაში ტრადიციულად საერთაშორისო ლიტერატურული სემინარი ჩატარდება და მასში მონაწილეობას ქართველი პროზაიკოსი ქალები მიიღებენ. წლევანდელი ლიტვური სემინარი გასული წლებისგან იმით გამოირჩევა, რომ აქცენტი გაკეთდა არა პოეზიაზე, არამედ პროზაზე და თანაც პროზაიკოს ქალებზე. ლიტვური ენის სპეციალისტმა, მთარგმნელმა ნანა დევიძემ, ლიტვურ მხარეს ხუთი ქართველი პროზაიკოსი ქალის შემოქმედება წარუდგინა – თეონა დოლენჯაშვილის, მაკა ლდოკონენის, თამთა მელაშვილის, ნინო ტეფნაძის და მარიამ ბექაურის. ლიტვური მხრიდან მათი მასპინძელი ქალები იქნებიან – ნიიოლა კლიუკაიტე, ნიიოლა რაიჟიტე, იანინა სურვილატე, მინტარე ადომაიტიტე, ლაურა სინტია ჩერნაუსკაიტე. ქართველი მწერლები, მთარგმნელ ნანა დევიძის ხელშეწყობით, რომელიც 30 წელია ლიტვური ლიტერატურის ქართულ ენაზე გაცოცხლების საქმეს ემსახურება, ლიტვის ლიტერატურულ სემინარში მესამედ მიიღებენ მონაწილეობას. უნდა ითქვას, რომ 90–იან წლებში საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებს შორის გაწყვეტილი ლიტერატურული და სახელოვნებო კავშირები თანდათან განახლებას განიცდის. ნანა დევიძემ რამდენიმე წლის წინ შესძლო ლიტველ მეგობრებთან 15 წლიანი პაუზა აღედგინა. ვილნიუსში სტუმრად ყოფნისას, მან შესთავაზა კოლეგებს, ლიტვის მწერალთა ფონდის მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ ლიტერატურულ სემინარში, სადაც ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების მწერლები იღებენ მონაწილეობას, საქართველოც ჩართულიყო. სემინარის ქართული მხარის კოორდინატორიც სწორედ ის არის. „ლიტვის ლიტერატურულ სემინარში მონაწილეობას იღებენ პოლონეთის, ფინეთის, ესტონეთის, უკრაინის ლიტერატორები და მისი მიზანი ამ ქვეყნებში მიმდინარე ლიტერატურული პროცესების გაცნობა და მწერლებს შორის კავშირის აღდგენა არის. სემინარი ყოველ წელს რაიმე კონკრეტულ თემატიკაზე აკეთებს ორიენტაცის. წლევანდელი სამუშაო თემა ლიტერატურაში ასახული სოციალური პრობლემატიკა იქნება. სამი წლის წინ, ჩემს კოლეგებს ვუთხარი: საქართველოც ჩაკეტილ წრეშია. ქართულ ლიტერატურას ევოპაში არ იცნობენ. ყველა ლიტერატურული პროცესი ჩვენშივე დუღს და იხარშება და იქნებ ლიტვის ლიტერატურულ სემინარში ქართველი მწერლების ჩართვა საინტერესო იყოს. ისინი მართლაც დაინტერესდნენ ქართული ლიტერატურით და პირველ დელეგაციაში პოეტები გაგა ნახუცრიშვილი, დათო რობაქიძე, ამირან სიმონიშვილი მონაწილეობდნენ. ხოლო შემდეგ სემინარზე მიწვეულები იყვნენ ეკა ქევანიშვილი, რუსუდან კაიშაური, ელგა გოჩიაშვილი, ირაკლი კაკაბაძე. გიორგი ლობჟანიძემ წასვლა ვერ მოახერხა, თუმცა მისი ლექსები ითარგმნა.“ – ამბობს ნანა დევიძე. ტრადიციულად, ლიტერატურულ სემინარს კოორდინირებას ლიტვის მწერალთა კავშირი და მისი თავმჯდომარე, პოეტი იონას ლინიაუსკასი უწევდა. წელს ლიტვის მწერალთა კავშირს ახალი თავმჯდომარე ჰყავს, თუმცა იონას ლინიაუსკასი პროექტის ხელმძღვანელობას ისევ აგრძელებს. ხოლო სემინარის დიასახლისი პროზაიკოსი ბირუტე იონუშკაიტე იქნება. სემინარისთვის ნანა დევიძემ მოამზადა, როგორც ქართველ პროზაიკოსთა მოთხრობების ბწკარედული თარგმანები, ასევე ლიტველების, რომლებზეც ქართველმა მწერლებმა უნდა იმუშაონ. თეონა დოლენჯაშვილმა უკვე დაიწყო მუშაობა ნიიოლე რაიჟიტეს ტექსტზე „უცნობი ქალი ძველ ფოტოსურათზე“, რომელიც სამუზეუმო არქივის ფოტოსურათიდან რეალობაში გადმოსული–გაცოცხლებული ქალის ისტორიას მოგვითხრობს. „ლიტერატურულად ამ ტექსტს მე უნდა შევასხა ხორცი. გამომდინარე იქიდან, რომ ბწკარედული თარგმანია, მწერლის ტექნიკა არ ჩანს, თუმცა ერთი შეხედვით არც ისე თანამედროვე ტექსტია. მე–19 საუკუნის ექსპონატები მუზეუმიდან იკარგებიან და თანამედროვე ვილნიუსში იწყებენ სიცოცხლეს. ეს მცირე ფორმატის მოთხრობაა და ჩემთვის საინტერესო იქნება მისი ავტორის გაცნობა.“ – ამბობს თეონა დოლენჯაშვილი, რომელიც ლიტვის სემინარზე თავისი ცნობილი მოთხრობით „ფიდაი, ანუ ამინე სამიდან ექვსამდე“ იქნება წარმოდგენილი. მაკა ლდოკონენმა ლიტვური პროზის გაცნობა სწორედ ამ სემინარით დაიწყო, სადაც ნიოლე კლიუკაიტეს მოთხრობა უნდა თარგმნოს, რომელსაც სავარაუდოდ „ცრემლებს“ დაარქმევს. „თარგმანი თითქმის დავასრულე. საინტერესო მოთხრობა არის. ეს არ არის დასრულებული ამბავი, უფრო ემოციებზე აგებული, სიტყვაკაზმული თხრობაა, რომელსაც ქართულ „ჩემს“ სტილს ვარგებ, ანუ თხრობის მანერას. მოთხრობაში ჩრდილოური სუსხი იგრძნობა. ასეთ სემინარში მონაწილეობას პირველად ვიღებ და ვთვლი, რომ ძალიან საინტერესოა, რადგან ბევრ ადამიანს გავიცნობ. ახალ ქვეყანაში ჩასვლა, თავისთავად ახალი ემოციებია. ამ შემთხვევაში კი თელი კვირის მანძილზე ლიტერატურასა და ხელოვნებაზე ვისაუბრებთ, ვიცხოვრებთ ლიტერატორების სასტუმროში, გავიგებ რაზე წერენ ლიტველი ქალები, როგორ ფიქრობენ, რა ტენდეციებია მათთან პრიორიტეტული მცირე პროზაში. იმედი მაქვს საინტერესო იდეებით დატვირთულები დავბრუნდებით. მართალია,ლიტერატურულ გადატრიალებას ვერ მოვახდენთ, მაგრამ ახალ იმპულსებს მაინც შევმატებთ ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკას.“ – ამბობს მაკა ლდოკონენი. რაც შეეხება ლიტვის საზღვაო ქალაქ პალანგას, სადაც კომუნისტების დროინდელი მწერალთა სახლი მოგვიანებით ერთ–ერთმა ბიზნესმენმა აღადგინა და კერძო სასტუმროდ აქცია, ტრადიციულად უმასპინძლებს მწერალთა ფორუმს. ეს ის შემთხვევა არის, როცა სასტუმროს მეპატრონის კეთილი ნებით, კომუნისტების დროინდელ მწერალთა სახლს ყველა ძველი ფუნქცია შეუნარჩუნდა და მუდამ ღია არის დასასვენებლად თუ სამუშაოდ ჩასული მწერლებისთვის. სემინარის ბოლოს კი, ქალაქ პალანგას კლუბი ლიტერატურულ საღამოს უმასპინძლებს, სადაც დასწრება ქალაქის ნებისმიერ სტუმარს შეუძლია და ლიტერატურულ საღამოსთან ერთად, მხატვართა გამოფენაც იმართება. გასულ წელს იქ ქართველი მხატვრის ქეთი მატაბელის შემოქმედებაც იყო წარმოდგენილი. ბმული: * http://www.sciencelib.ge/node/2014 | |
|  | | Admin

 Number of posts : 6482 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნანა დევიძე Sun Apr 22, 2018 11:12 am | |
|  რენატა შერელიტე სარკის ზედაპირზელიტვურიდან თარგმნა ნანა დევიძემ, 2008 გზა ვაფლის პირსახოცივით ნაზი იყო. მიწიდან ამოხეთქილი ბალახის სველი ღეროები კაბის კალთებზე ეკვროდა. ხელში ფეხსაცმელები ეჭირა. ჩხვლეტია კენჭებს ვერც გრძნობდა, ისე დაერბილებინა უხმოდ დაფენილ ხამს, ობობას ქსელივით რომ აუბურდა თმა და ახლა წამწამებზე უგროვდებოდა. – დედი, ნუ წყრები, ნუ წყრები დედი… – სირბილით მიუყვებოდა ხვინჭიანი გზის პირს და იმეორებდა: – არ მინდოდა, – სრუტუნებდა, – რა საზიზღრობაა ეს მშრალი ღვინო. მუცელი ამატკივა. საწოლზე მივწექი, ტკივილს რომ გაევლო და ჩამეძინა. არ გამიწყრე დედი… შედგა. მოეჩვენა, მინდორზე დაფენილ ფერფლისფერ ნისლში კარმა ისე გაიჭრიალა, თითქოს ძილ-ღვიძილში მყოფი დედაბერი, ეზოში საჭიროებისთვის რომ გამოვიდა, უკან შებრუნდაო. – დედი, ნუ მიწყრები… რაზამ მსუბუქად, მაგრამ მკაცრად დაიჩხაკუნა. – მე… – თვალებიდან ნამი ჩამოიფერთხა და გაჩუმდა. ნისლში მისი დროის კარი იღებოდა და იკეტებოდა, ოღონდ გოგონამ არ იცოდა, წარსული იყო ეს თუ მომავალი. წამის სიდიადეს ვერ აღიქვამდა, რადგანაც სმენას უფრთხობდნენ ხმები; წვრილი, მდორე კრწიალი, ხმაჩახლეჩილი კატის კნავილს რომ ჩამოჰგავდა, უცაბედი გასროლა თუ რაზის ჩხაკუნი. – ვაი, იესო! – აღმოხდა გოგონას და შეშინებულმა მიმოიხედა. ღვინისაგან უხურდა ცარიელი მუცელი – მოჩვენებითი ბუხარი, უსინათლო და უცეცხლო. ფრენა მოუნდა. სურდა, გაყინული, უძრავი ჰაერი ხელის მკვეთრი მოძრაობით გაეპო. ფრენას იქნებ გამოესყიდა რაღაც, რაც ჯერ ვერ გაეაზრებინა, მაგრამ გრძნობდა, რომ ის მასში გაყურსულიყო. სახლამდე კი ცოტაღა დარჩა, გადაივლიდა მეზობლის ბოსტანს, სადაც ცისფრად ყვაოდა კარტოფილი და შინ ამოჰყოფდა თავს. რაღა საჭირო იყო ფრენა? ფეხსალაგთან ქრისტესისხლას ტერფები შეაწმინდა და გაუკვირდა, რომ აქამდე ვერ ამჩნევდა, როგორ მოსდებოდა ეს ბალახი აქაურობას. ფეხსალაგის შეღებული კარიდან გარეთ იჭრებოდა ნისლზე მუქი ლურჯი კვამლი. მაგრამ მას არც ყალიონის, არც სიგარეტის მძაფრი სუნი არ უგრძვნია. ვის უნდა მოეწია აქ, ახლა, დილის ხუთ საათზე, როცა მზე ჯერ არ ამოწვერილიყო, როცა ხის კენწეროები ცივ ნისლში ირწეოდნენ?!. განავლის სუნიც არ იდგა. განთიადის სილურჯესაც არ სურდა მიწაზე დაშვება. გოგონამ შეშის საწყობ ფარდულს ჩაურბინა. სახლის შავი ღრიჭოებიდან გარეთ აღწევდა დიდი ხნის ჩალაგებული ლოგინის სუნი, ქაფურის სპირტის, ოფლით გაჟღენთილი ბამბაზიის სიმძაღე და მძინარეთა მშვიდი სუნთქვა… ამან დაკრძალვა გაახსენა, როცა გვირგვინებს გამხმარი წიწვები სცვივა და რკინის კარკასი მეჩხერი კბილებით იღიმის. ხოლო სასაფლაოს ყოვლისმშთანთქმელი სილა ყრუ შხრიალით ყლაპავს სასახლის მაქმანებს. ეს ყველაფერი ჰგავდა დასასრულის მოახლოებას, დასაწყისის თვალყურის მიუდევნებლად. უამრავი საგანი, ერთი შეხედვით საშინლად ბანალური, პრეტენზიას აცხადებდა დასაწყისზე; კარტოფილის ცისფერი ყვავილები, მზით გადაწითლებული კარის სახელური, ყვითელი ფარსმანდუკები, სარდაფის სარკმელში გაჩრილი კრცხილის წვერისმაგვარი ძენძი, გზის მოსახვევი – გაცოფებული იასამანი, რომლის მიღმა, სიზმარში, ჭვრეტდა, წითელ სამოსში გამოწყობილ ბოსტნის საფრთხობელას აუჩქარებლად, მაღლა რომ სწევდა ჯერ ერთ, ნამდვილ და მერე მეორე, წარმოსახვით, ფეხს და მტვერზე სხვადასხვაგვარ ნაკვალევს ტოვებდა. და არც ერთი არ იყო არც პირველი და არც ბოლო. გოგონა ბალახში ჩაჯდა. ბალახის წამახული წვერები ნემსებივით ესობოდა შიშველ ბარძაყებს. გოგონას გაეცინა. ჩხვლეტამ გაახსენა ტერარიუმის მაგვარი საპროცედურო კაბინეტი, სადაც ახალგაზრდა, ლამაზი ქირურგი, რომელიც ელვის პრესლის ჩამოჰგავდა, აპენდიციტის ოპერაციის მერე ძაფებს უღებდა. გოგონას უკვირდა, ქირურგი წარამარა რომ წითლდებოდა. ეგონა, პროფესიონალური გულმოდგინების გამო მოსდიოდა ასე. ტკიოდა, ისე ტკიოდა, თითქოს ძაფებს კი არა, უწვრილეს ძარღვებს აძრობდნენ. მერე თვალები დახუჭა იმ იმედით, რომ მოხდებოდა სასწაული და ქირურგი ხავერდოვანი ბარიტონით ამღერდებოდა: “Lovemetender, lovemetrue“. ეს, რასაკვირველია, არაფერს შეცვლიდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა შეჩერებულიყო წამი, ილუზიებს დამონებული. კოინდარი ზღვის ბალახივით და ნაპირს შერჩენილი უსიცოცხლო შლამივით სველი იყო. მან ხელი გადაუსვა ბალახს და გადააწვინა. ვერ გაერკვია, რა იყო ეს, ლოგინი თუ წყლის მორევი. მერე მოეჩვენა, რომ სარკის გაყინულ ზედაპირზე იწვა. ყვითელი ფოთლები ნელი ბორიალით ეფინებოდნენ სარკეს და უხილავი მოცეკვავის ფეხსაცმელებივით უხმოდ დასრიალებდნენ ზედაპირზე. ნელ-ნელა ნესტი აიღეს, დამძიმდნენ და თანდათან დანებდნენ მის სიგლუვეს. სარკე უკვე აღარ ირეკლავდა საგნებს, ის თავად ფლობდა მათ. საგნებით სავსე მორევი ჩამოჰგავდა ავეჯით გადატვირთულ ოთახს, სადაც დიდი ხანია არავის გადაეწმინდა მტვერი და სადაც ობობას ქსელში გაბმული, გაშეშებული ჩრჩილი ნელა ირხეოდა. ის გულგრილად შეჰყურებდა ნაპირზე მდგარ საკუთარ თავს, რომელიც აკვირდებოდა, თუ როგორ ითრევდა წყალი სიღრმეში წიგნს. ეს, ალბათ ელიოტის პოეზია იყო. უკვირდა, რაღა ელიოტი, საკუთარი არაფერი გაგვაჩნიაო? წიგნს არ უნდოდა ჩაძირვა, თუმცა ფოთლებზე მეტად დამძიმდა. მისი ყდა გონდაკარგული პეპელას ფრთებივით ფარფატებდა. ფსკერის სიღრმეში მკითხველის მკაცრ და მომთხოვნ მზერას ლანდავდა და ეს აშინებდა. გვერდი იცვალა. იგრძნო საკუთარი სხეულის სიმძიმე და უმაქნისობა. ესმოდა სიტყვები, რომელსაც საოცრად ნაცნობი ტემბრის ხმა წარმოთქვამდა. მერე კარს ებღაუჭებოდა და ხელისგულში ციცქნა ხიჭვები ესობოდა. თავში კი მექანიკური ჩიტივით ქანქარებდა აზრი, რომ ყველაფერი იყო ლოგიკური და უსამართლო. ზეწარს ვალერიანის სუნი აღარ უდიოდა. მოკუნტული გრძნობდა, როგორ უჭკნებოდა სხეული და უგუნური ცხოველივით ცახცახებდა. – დედი, არ გამიწყრე… მუცელი ისევ ტკიოდა, ოღონდ ღვინისა და არა წინასამშობიარო სპაზმების გამო. ამან ცოტა დაამშვიდა, ტბაში ჯერ კიდევ არ ჩაძირულიყო წიგნი, არც ზეწარს უდიოდა ვალერიანის სუნი. დასასრული არ ჩქარობდა. ის ხავერდოვანი ხმით ღიღინებდა: “Lovemetender…” – უფალო! – ლოგინის სითბოგამოყოლილმა ხელებმა გოგონა წამოსვა. მან დამძიმებული ქუთუთოები ასწია და დედის უკმაყოფილო სახეს წააწყდა. – რა სულელი ხარ! აქ რამ დაგაძინა? ახია შენზე ფილტვების ანთება! მან გოგონა შეაჯანჯღარა და ღამეული სიზმრები დაურღვია. – თვალებს ამოვჩიჩქნი იმ ძროხას. ვეღარ გაბედავს დაგათროს და გაგრყვნას. შენც კარგი ვინმე ხარ. რას დაბრძანდები იმასთან?! შეჯანჯღარებული გოგონა კანკალმა აიტანა, იგრძნო, ჟრიალმა შიშველი ფეხებით ზურგზე ჩაურბინა და შეცბუნებულმა ღიმილით ჩაიჩურჩულა: – ნუ მიწყრები, დედა! სამზარეულოდან შემწვარი კარტოფილის სუნი აღწევდა. საკვამურიდან გუნდ-გუნდად ამომავალი კვამლი ჩამოჰგავდა აზრს – ჯიუტსა და დაუოკებელს. დედამ ვედროები აახმაურა. ერთ-ერთში საწური ჩაბრახუნდა…. და გოგონამ სიცივის უკანასკნელ შეხებასავით იგრძნო, როგორ ტოვებდა მოუსვენრად ვიბრაციული ელექტრონული ველი, განცდა, რომ რაღაც იყო და დამთავრდა, გაქრა, გაშორდა, დავიწყებაში ჩაინთქა… კიბისაკენ გაქანდა, რამდენიმე საფეხურს აახტა და ბოლომდე შეაღო ოთახის კარი. მძინარეთა სუნთქვა შეიგრძნო. კარს რომ ხურავდა, ერთხელ კიდევ გახედა საკვამურიდან ამომავალ კვამლს, გაიფიქრა, რომ დედას ძალიან არ გაულანძღავს, ალბათ საღამოსათვის შემოინახა. დაამთქნარა და საგნების შეუმჩნევლად სიზმარში შეაბიჯა. ამ სიზმარს კი ნაღდად უნდა ჰქონოდა თავისი სითბო, სუნი, ფერი და ისეთივე ხელშესახები უნდა ყოფილიყო, როგორც პაწია ცხოველები, როგორც კარტოფილის ცისფერი ყვავილები, მზით გადაწითლებული კარის სახელური, ყვითელი ფარსმანდუკები, სარდაფის სარკმელში გაჩრილი კრცხილის წვერისმაგვარი ძენძი, გზის მოსახვევი – გაცოფებული იასამანი, რომლის მიღმა, სიზმარში, ჭვრეტდა წითელკაბიან ბოსტნის საფრთხობელას, აუჩქარებლად, მაღლა რომ სწევდა ჯერ ერთ, ნამდვილ, ფეხს და მერე მეორე – წარმოსახვითს – და მტვერზე სხვადასხვაგვარ ნაკვალევს ტოვებდა. ქარში გაშლილი კაბის კალთებით ის გოგონასკენ მიდიოდა. და გოგონამ იგრძნო: ხელიდან უსხლტებიან პაწია ცხოველები, მირბიან და ტოვებენ მარტოს უკაცრიელი გზის მოსახვევთან.
Last edited by Admin on Sun Apr 22, 2018 12:08 pm; edited 1 time in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 6482 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნანა დევიძე Sun Apr 22, 2018 11:25 am | |
|  გიორგი ლობჟანიძე ბირუტე იონუშკაიტეს "ჩუმი ყვავილობა"ოქტომბერი 06, 2013 დღევანდელ ქართულ ცხოვრებაში ყველაზე დინამიკურად მაინც მთარგმნელობითი პროცესები ვითარდება. ათასი პრობლემის მიუხედავად, ითარგმნება უამრავი წიგნი როგორც დასავლური, ასევე აღმოსავლური ენებიდან. თუმცა ამ ვითარებაში თუ რაიმე ჩავარდნა მაინც არის, ჩვენი უშუალო მეზობელი, კავკასიელი და კიდევ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების თანამედროვე ლიტერატურის თარგმანის დეფიციტია. ქართველებს თითქოს არ აინტერესებთ, რა ხდება ამ ხალხების მწერლობაში და ის ორიოდე ნიმუშიც, რაც აქა-იქ ამ ქვეყანათა ლიტერატურიდან გაიელვებს ხოლმე ჩვენს პრესაში, სიტუაციას პრინციპულად არ ცვლის. თავის დროზე, გასული საუკუნის ბოლოს, ბატონი ოთარ ნოდიას ძალისხმევით, დაარსებული მთარგმნელობითი კოლეგია ბევრს მუშაობდა ამ მიმართულებით, დღეს, როგორც ჩანს, მხოლოდ ,,კავკასიური სახლი“ და კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია იღვწის კავკასიისა და ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების ხალხთა ლიტერატურის ქართულ ენაზე ათვისებისათვის, მაგრამ ეს საკმარისი სრულებითაც არ არის, რადგან ჩანს, რომ საქმეს აშკარად აკლია ცოცხალი კონტაქტები და ინტერესი. ბირუტე ცხოვრობს პოლონეთში, დაიბადა პოლონეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ოდესღაც ეკუთვნოდა ლიტვას, მაგრამ ომის შემდგომ მიაკუთვნეს პოლონეთს. ანუ ეს ის ტერიტორიაა, სადაც ლიტველები დღემდე ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი ეროვნულობა, ენა, კულტურა და იქ ძალიან მძაფრი ბრძოლები მიდის... ნანა დევიძე მაგალითად, იმავე ,,მთარგმნელობითი კოლეგიის" ძალისხმევით, ადრე სხვადასხვა, როგორც მაშინ უწოდებდნენ, ,,მოძმე რესპუბლიკებში“ რეგულარულად გზავნიდნენ ახალგაზრდა მთარგმნელებს, რომლებიც ადგილზე სწავლობდნენ მასპინძელი ხალხის ენას, ლიტერატურასა და წეს-ჩვეულებებს. სამშობლოში დაბრუნებული ამ ახალგაზრდებიდან კი ზოგი მართლაც ჩინებული მთარგმნელი დადგა. სწორედ ასე გააგზავნეს ლიტვაში ახალგაზრდა ნანა დევიძეც, რომელიც დღეს ლიტვური ლიტერატურის ლამის ერთადერთი მთარგმნელი ბრძანდება. ლიტერატორი მაია ჯორჯაძე ნანა დევიძის მთარგმნელობითი საქმიანობის შესახებ რადიო ,,თავისუფლებასთან“ საუბრისას აღნიშნავს: ,,მე მოწმე ვარ ნანა დევიძის მთელი შემოქმედებითი საქმიანობისა დასაწყისიდან დღევანდელ დღემდე ვიცი, რა უძღვოდა აი, იმ შედეგს, რაც დღეს გვაქვს სახეზე, უზარმაზარ ნათარგმნ ლიტერატურას ლიტვური ენიდან და როგორი რუდუნებით, სიყვარულით ეწეოდა ნანა ამ საქმიანობას. რაც შეეხება კონკრეტულად ამ წიგნს: რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო ავტორია, რამდენადაც მე შემიძლია შევაფასო, ისევ ნანას თარგმანით, მაგრამ მე იქ ნანასაც ვხედავდი და ნანას სიტყვაც მესმოდა, იმიტომ რომ ამ სიტყვას შეჩვეული ვარ, ვიცი, მე მას ვცნობ. ეს არის ძალიან სიღრმისეული, თავისებური, ძარღვიანი ქართული. ამ ქართულის მიღმა კი ვხედავ იმ სამყაროს. ჩვენ იქ ვცხოვრობდით, ამ ხალხთან გვქონდა ურთიერთობა, ის ლანდშაფტი ჩვენთვის ნაცნობია და ნანას ხმა ჩამესმოდა და ვმოგზაურობდი ისევ იმ ჩემს ნაცნობ სამყაროში.“ სტუდენტობიდან მოყოლებული ქალბატონმა ნანამ ლიტვური მწერლობის არაერთი ნიმუში გვითარგმნა, მისი ბოლო ნამუშევარი კი, რომელზედაც ლიტერატორი მაია ჯორჯაძე საუბრობს, ბრწყინვალე ლიტველი მწერალი ქალის ბირუტე იონუშკაიტეს მოთხრობების კრებულია. ეს კრებული – ,,ჩუმი ყვავილობა“, რომელიც ცხრამეტ მოთხრობას აერთიანებს ახლახან დასტამბა ,,კავკასიურმა სახლმა“, ლიტვის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის განვითარების ფოდნთან არსებული ორგანიზაციის ,,ლიტვური წიგნების“ მხარდაჭერით. კრებულის პრეზენტაცია გასულ კვირას ,,კავკასიურ სახლშივე“ გაიმართა და სასიხარულოა, რომ ამ საღამოს თვითონ მწერალიც ესწრებოდა. ბირუტე იონუშკაიტე თანამედროვე ლიტვური ლიტერატურის გამორჩეული ფიგურაა. ის ლიტვის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეც არის და საზოგადოებრივ ასპარეზზეც აქტიურად მოღვაწეობს. წეღან ქართული სალიტერატურო პროცესებში ცოცხალი კონტაქტების ნაკლებობაზე რომ მოგახსენეთ, როგორც ჩანს, ეს პრობლემა თავის დროზე ლიტველებმაც იგრძნეს და ამიტომაც სცადეს შეენარჩუნებინათ ორი უმთავრესი ღონისძიება, რაც უკვე თითქმის ორმოცდაათი წლის განმავლობაში რეგულაურად ტარდება ამ ქვეყანაში: ერთი პოეზიის ყოველწლიური ფესტივალი ,,პოეზიის გაზაფხული“ და მეორე „მწერალთა საერთაშორისო სემინარი“. ამ ღონისძიებებზე თანამედროვე ქართველ მწერლებსაც რეგულარულად იწვევენ და რამდენიმე წლის წინათ, მეც მერგო ლიტვური ,,პოეზიის გაზაფხულის“ სტუმრობის პატივი. ბირუტე იონუშკაიტეც, რომელიც აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ, სწორედ მაშინ გავიცანი. ვილნიუსში ერთი ძველი, ულამაზესი ქუჩაა. ამ ქუჩაზე ლიტვური ლიტერატურის ყველა გამორჩეულ წარმომადგენელს თავისი კუთხე აქვს და პრაქტიკულად მთელი ქუჩა ქვეყნის მწერლობის თავისებური და შთამბეჭდავი ექსპოზიციაა. ქუჩის შუაგულში თვალში აუცილებლად მოგხვდებათ კედელზე ამოკვეთილი ნეკერჩხლის ფოთოლი, რომელზეც ბირუტე იონუშკაიტეს სახელი აწერია. ფოთლის ქვემოთ კი მწერლის წიგნებიდან რამდენიმე ციტატაცაა ამოჭრილი. მთარგმნელმა ნანა დევიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ბირუტე იონუშკაიტეს შესახებ აღნიშნა: „ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ლიტერატურაში ბირუტეს შემოქმედება... და რით არის მნიშვნელოვანი? ბირუტეს ბიოგრაფიით. ბირუტე ცხოვრობს პოლონეთში, დაიბადა პოლონეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ოდესღაც ეკუთვნოდა ლიტვას, მაგრამ ომის შემდგომ მიაკუთვნეს პოლონეთს. ანუ ეს ის ტერიტორიაა, სადაც ლიტველები დღემდე ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი ეროვნულობა, ენა, კულტურა და იქ ძალიან მძაფრი ბრძოლები მიდის. და იცით რა ხდება? - როდესაც რაღაცნაირად ჩაკეტილი ხარ და მოწყვეტილი მშობლიურ საზღვრებს, ენა შიგვე იხარშება და ბირუტესთან ლიტვური ენა არის თავისთავად ძალიან თვითმყოფადი და საინტერესო. ის ატარებს გარკვეულწილად რაღაც არქაიზმის ელემენტებსაც, ანუ ძველი ლიტვური ენის ძირებიდანაც ამოდის, იყენებს მშობლიური კუთხის ლექსიკას და რაღაც უჩვეულო კუთხით დაგანახებთ იმ სამყაროს. ამას გარდა, ძალიან ხშირად როდესაც ბირუტეს შემოქმედებას ვეცნობი (და ეს ბევრად უფრო დიდია, ვიდრე აქ წარმოდგენილი მოთხრობები), სულ მახსენდება ერთი აფრიკული ტომის სიმღერა: ,,წინ მიდიხარ მშვენიერებაა, უკან წახვალ, მშვენიერებაა, მარჯვნივ წახვალ, მშვენიერებაა, მარცხნივ წახვალ მშვენიერებაა.“ თითქოს ფილმს უყურებ, თითქოს, შენ თვალწინ ფერწერული ტილო იქმნება, თითქოს მუსიკალური ნოტები ყურის ძირში ებმის ერთმანეთს, ახალი მელოდია რომ გააჟღერონ. მოკლედ რომ ვთქვათ, ბირუტეს მოთხრობების კითხვა პერფორმანსის ეპიცენტრში ყოფნას ჰგავს... მაკა ლდოკონენი შეუძლებელია ამ სოლიდურმა კრებულმა ბირუტე იონუშკაიტეს სხვა ნაწარმოებების, განსაკუთრებით მისი რომანების წაკითხვის სურვილი არ გაგიჩინოს. ის ისეთი სიღრმით, სიყვარულით გვაცნობს თანამედროვე ლიტვას, ისე საინტერესოდ გვესაუბრება ამ ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არსებულ პრობლემებზე, რომ მკითხველი თითქოს აქ აღწერილი ამბების უშუალო თანამონაწილე ხდება. წიგნის რედაქტორ მაკა ლდოკონენი წინასიტყვაობაში აღნიშნავს: ,,თითქოს ფილმს უყურებ, თითქოს, შენ თვალწინ ფერწერული ტილო იქმნება, თითქოს მუსიკალური ნოტები ყურის ძირში ებმის ერთმანეთს, ახალი მელოდია რომ გააჟღერონ. მოკლედ რომ ვთქვათ, ბირუტეს მოთხრობების კითხვა პერფორმანსის ეპიცენტრში ყოფნას ჰგავს.“ მწერლის ნიჭირებასთან ერთად ამის მიზეზი ნანა დევიძის არაჩვეულებრივი ქართულიცაა. და აქ მხოლოდ ლექსიკური მარაგის სიმდიდრეს არ ვგულისხმობ. ნანა დევიძემ შეძლო, თითოეული მოთხრობის ყველა პასაჟი ჩვენამდე განსაკუთრებული სტილური თრთოლვით მოეტანა და ბირუტეს მოთხრობები ქართული მწერლობის ორგანულ ნაწილადაც ექცია. დასანანია, რომ თვითონ მწერალი ქართულად ვერ შეძლებს წაიკითხოს თავისი მოთხრობები, რათა იგრძნოს, ნანა დევიძის წყალობით, როგორ იქცა იმაზე არანაკლებ მნიშვნელოვან ქართველ მწერლადაც, ვიდრე ის მშობლიური ლიტვური ენის სტიქიაშია. ჩვენ კი ბირუტე იუნოშკაიტეს ეს წიგნი გვიტოვებს იმედს, რომ მალე მისი რომანების ქართულად წაკითხვის საშუალებაც გვექნება. ბმული: * https://www.radiotavisupleba.ge/a/library/25127487.html | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ნანა დევიძე  | |
| |
|  | | | ნანა დევიძე | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|