არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ლალი გულისაშვილი

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 465
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლალი გულისაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 2 EmptyWed Mar 25, 2020 12:23 am

ლალი გულისაშვილი - Page 2 Lg-0210

ლალი გულისაშვილი

***

არტისტული ყვავილებით ხელში
ცის და მიწის გასაყართან იდგა,
არის რაღაც ჩაუქრობლად დიდი,
არის რაღაც დაუწველად წმინდა...
გულთან მიგაქვს ჯადოსნური ხელი,
თითქოს სულში ათასი მზე იწვის,
არტისტული ყვავილების ბაღებს
სხვა ვერ დარგავს... საქართველომ იცის!!!
( არ დაგვავიწყდეს...)



study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Wed Mar 25, 2020 12:28 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 465
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლალი გულისაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 2 EmptyWed Mar 25, 2020 12:26 am

ლალი გულისაშვილი

ვარიაცია ძველ წერილებზე

სული - ისევ დახურული,
გულის კარი კი მაქვს ღია,
რა ხანია , გრიგოლისგნ
წერილი არ მიმიღია...
აღარავის გახსენდებით,
სიტყვას მოჰყვა, ვნაღვლობ განა!
მენატრებით ყველა ერთად,
უფრო - ტასო და მანანა...
თბილისში რა ამბებია,
რას აკეთებთ, როგორ ცხოვრობთ?
მე... წუთითც კი ვერ ვიცლი,
მარტოობის ჯართან ვომობ...
ჩემი ტკივილების დაო!
მარტოობა მომეძალა,
საიმედო მითხარ რმე,
სიყვარულის მომე ძალა...
დავიღალე... და თვალებზე
უკვე ცრემლსაც ვერ ვიკავებ,
ჯარისკაცად ვერ გამოვდექ,
მელექსედაც ვერ ვივარგე...
არ იდარდო... ვცხოვრობ ისე,
მეფესაც რომ ენატრება,
მხოლოდ... ძილშიც ვერ ვისვენებ,
საქართველო მენატრება...
მენატრება უსაშველოდ,
მენატრებით სულ ყველანი,
ღამღამობით თქვენზე ვტირით,
შენი ტატო და ლევანი...
ჩემი მარტოობის დაო,
შენს ხსოვნაში არ დამმარხო,
ნუთუ ისე მოვკვდები, რომ
საქართველო ვეღარ ვნახო...
განჯის ეკლესიის კართან
რა ხანია, ვდგავარ მარტო,
უარესის მოლოდინში,
გკოცნი.
მარად შენი ტატო...



ძველი დიალოგი

- ძია გრიგოლ, ეს ცხოვრება
ნუთუ მართლა თამაშია?...
- მკლავი გქონდეს ღონიერი,
გადარჩენა სხვა რაშია?....
-ძია გრიგოლ, სიყვარული
სულია თუ სხეულია?....
-მარტო მისთვის დავრჩი დღემდე,
გრძნობა მიწადქცეულია...
-ძია გრიგოლ, დაობლებულ
სულის ტკივილს კურნავს რამე?...
-ჯერ ხომ არ ხარ ოცდაშვიდის,
კიდევ ერთხელ შეიყვარე...
-ძია გრიგოლ, მარტოობით
სული როდის დაყრუვდება?...
-ვერასოდეს ვერ შევძელი
შენი სევდის განკურნება...
-ძია გრიგოლ, მე ხომ შველა
არასოდეს მითხოვია...
-ამაყი ხარ... შენი სევდით
ერთ დღესაც არ მიცხოვრია...
ძია გრიგოლ, საქართველო
ისევ ისე ლამაზია?...
-ჯვარი ისევ ჯვრი არის
და არმაზი არმაზია...
-ძია გრიგოლ, დედა, მამა
არ მინახავს, რა ხანია...
-ეს ორდენი ყარსის ციხის
აღებისთვის... ახალია!
ძია გრიგოლ, ეს ცხოვრება
მიდის, არაფერი რჩება...
-სხვანაირად ვერ შევძელი,
საქართველოს გადარჩენა...



გრიგოლ ორბელიანის მოლანდება

ორთაჭალიდან მოდიოდა მთვრალი
გენერალი,
უფრო სწორად - პოეტი-ღენერალი,
მრავალ ბრძოლაგადანახადი...
მას ერთნაირად აწუხებდა
ხმლის ქნევის და ლექსის სახადი...
მკერდდახუნძლული,
დინჯი ნაბიჯით მოაბიჯებდა,
როგორც ლომი ან მეფისწული
და ამაყ მკერდზე უბრწყინავდა
ყველაზე დიდი " ჩინ-მენდალი" -
კოჭლი დისწული...



study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 465
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლალი გულისაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 2 EmptyWed Mar 25, 2020 12:29 am

ლალი გულისაშვილი

ჩემი სახლი მარტო დგას გიორგიწმინდაში და მიცდის...

სახლო, გილოცავ ახალ წელს,
მრავალს დაგასწროს უფალმა,
ხვავი ბარაქა გქონდეს და
კიდევ... ჩემი თავი!
სახლო, ნეტავი არ მქონდე,
სახურავ-ღობიანა,
სულ ჟრიამული გქონდეს და
კიდევ... ჩემი თავი!
სახლო, ისეთი კარგი ხარ,
მრავალს დაგასწროს ღმერთმა,
მოწყენილი ხარ ზამთარში,
ზაფხულში ჟრიამულობ...
მოწყენილი ხარ ზამთარში...
სახლო, ისეთი კარგი ხარ...



study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 465
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლალი გულისაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 2 EmptyWed Mar 25, 2020 12:32 am


#მთავარიარხი
სოფო ბათილაშვილი და ზვიად ბოლქვაძე | ისევ მოვა
•Feb 9, 2020

ისევ მოვა- ტექსტი ლალი გულისაშვილი, მუსიკის ავტორი ზვიად ბოლქვაძე



Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 465
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლალი გულისაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 2 EmptyWed Mar 25, 2020 12:34 am

ლალი გულისაშვილი

***

ვუძღვნი ი. ტ-ს.
( ძალიან ძველი ლექსი )


ახლა ისეთი ღამეა, იო,
არ შეიძლება შენი ხსენება,
ხანდახან ხდება რაღაც ისეთი...
შენ ჩემზე უკეთ მოგეხსენება!
გარეთ თოვლია...დ სითეთრეში
ბორიალობენ უცხო ლანდები,
მე ხომ არასდროს მიკითხავს შენთვის:
ვისთვის თენდები, ვისთვის ღამდები...
და დღეს ისეთი ღამეა, იო,
ცრემლი მერევა, რომ ვარ უშენოდ,
ჩვენ შეგვიძლია, ერთიმეორეს
არც კი ვიცნობდეთ, ისე ვუშველოთ...
და აღარ მიკვირს, ამ სიჩუმეში
რატომ მომინდა შენ ხსენება,
ხანდახან ისე ძნელია ღამე...
შენ ჩემზე უკეთ მოგეხსენება!



study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 465
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლალი გულისაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 2 EmptyWed Mar 25, 2020 7:15 pm

ლალი გულისაშვილი

***

ის სიყვარული, საოცარია,
გადატყდა, როგორც ბალახის ღერო,
თქვენ არ იცოდით და ვერც გაიგებთ,
როგორ მიყვარდით, ბატონო ჩემო...
როგორ მიყვარდით, ბატონო ჩემო,
ახლა გხვდებით და მსუსხავს სიცივე
და აღარ ვკრთები თქვენს ძვირფას ხმაზე,
ლამაზ თვალებზე, მხრებზე, სიცილზე...



study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 465
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლალი გულისაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 2 EmptyWed Mar 25, 2020 10:27 pm

ლალი გულისაშვილი

***

ჩემი დაცემა არ შეიძლება,
არ შეიძლება ჩემი სიკვდილი,
რადგან ჩემს ვარდნას აკავებს შენი
მაღალი ცა და დაღლილი მიწა...
ჩემი დაცემა არ შეიძლება,
უნდა მიგიკრა მკერდზე ჩვილივით
და გავძლო, ვიდრე სულს ამომხდიდეს,
შენზე დარდი და შენზე ჩივილი...



study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 465
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლალი გულისაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 2 EmptyWed Mar 25, 2020 10:29 pm

ლალი გულისაშვილი

გულმავიწყი კაცის მონოლოგი მატარებლიდან

(ტიციან ტაბიძეს, პაოლო იაშვილს და ძმათა მისთა)


საქართველოში დამრჩნენ ბიჭები,
ვით დაუცლელი თოფის ლულები,
საქრთველოში დამრჩა ლექსები,
ო, შეაჩერეთ მატარებელი!...
საქართველოში დამრჩა მიხაკი,
ო, შეაჩერეთ მატარებელი!
მაიაკოვსკის ბოლო გასროლა...
ო, შეაჩერეთ მატარებელი!...



study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 465
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლალი გულისაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 2 EmptyThu Mar 26, 2020 4:23 pm

ლალი გულისაშვილი

ჩემს ვერისბაღელ მეგობრებს

დილაადრიან ვერის ბაღში როცა გავდივართ,
ერთმანეთს ძაღლის სახელებით ვცნობთ...
მე "ლეკი" მყავს, ლაბრადორი,
თამუნას და ნინოს - მაქსი,
სერგოს ძაღლებს კი ზიტა და გიტა ჰქვიათ,
ინდური ფილმივით...
სპარტაკის ძაღლს - პერი( პერი კომო ),
ირაკლისას - ბუჩი,
ნინიშას ძაღლს - მომო
და ნუნუკას ძაღლს - ბონო,
დათოს ძაღლებს კი ბაბილინა და თუთა...
ნინას ძაღლს - დორა, ( სიმსივნით გარდაიცვალა )
თენგოს ძაღლს - ლილუ,
მალხაზის ძაღლს - ფრენკი, ( ფრენკ სინატრა )
ნატას ძაღლებს - ალბა ( ბერნანდა )
და ტოტორი,
დიმიტრისას - ჯადო,
გიასას - ბიბი,
ლექსოს ძაღლს - ბიბო,
ედიშერის ძაღლს - დუდუ,
ირაკლისას - აიკო,
ზაზასას - ბო, ( ბურთს მტაცებს ხოლმე )
ქეთისას - ბობო
და ასე შემდეგ...
დილაადრიან ვერის ბაღში როცა გავდივართ,
ერთმანეთს ძაღლის სახელებით ვცნობთ...



study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 465
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლალი გულისაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 2 EmptyThu Mar 26, 2020 4:24 pm

ლალი გულისაშვილი

ფირუზა ძალო

კადრივით მახსოვს:
მარტის ბოლო ან
აპრილის დასაწყისი იყო,
ბროწეულის კვირტები,
ანუ ეკლები,
რომ დაიბნიე გულზე ბროშივით,
ფირუზა ძალო...



study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 465
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლალი გულისაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 2 EmptyThu Mar 26, 2020 4:26 pm

ლალი გულისაშვილი

***

მარიამის მტრედებს
სულს უბერავს ქარი,
სილურჯეში კრთება,
სასუფევლის კარი...
და იდუმალ ხმათა
გამორჩევით გართულს,
შენღა შემახსენებ,
„მწუხარებას ქართულს“...



study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 465
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლალი გულისაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 2 EmptyThu Mar 26, 2020 4:32 pm

ლალი გულისაშვილი

ჩემო იესო

ჩემო იესო,
რა მარტო ხარ,
მარტოობა ძლიერ გშვენის კიდეც,
მარიამიც მარტოა, ღვთისმშობელი,
მეც მარტო ვარ, შენი ჭირიმე...
მარტოობა ისე ძლიერ გშვენის,
მერე რა, რომ იუდამ გაგყიდა!
მერე რა, რომ ბრბო და თაყვანისმცემლები
გაცილებდნენ...
მერე რა, რომ ეკლის გვირგვინი დაგადგეს...
მერე რა, რომ თორმეტივე მოციქული
შემოგნატროდა...
ჩემო იესო, საყვარელო!
მარტოობა ხომ სულის სამკაულია...
(ეგეც შენ ).



study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 465
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლალი გულისაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 2 EmptyThu Mar 26, 2020 4:34 pm

ლალი გულისაშვილი

მარო ბებია ვარდის მურაბას ხარშავდა...

ცოტა ვარდი, ცოტაც დარდი,
აისვრიმა, დაისვრიმა...
ბევრი ვარდი, ბევრიც დარდი,
ბავშვობაში გადავბარგდი...
ჯერ შაქარში იასვრიმა,
მერე დარდში დაისვრიმა...
პირისფერი იყო ვარდი,
სიროფი კი სქელი, სქელი...
და შაქარში აისვრიმა,
ცოტა ვარდი, ბევრი დარდი...
საყვარელი პეიზაჟი
ჩემს სოელში საყდარი დგას,
მოწყენილი ჩიტივითა,
გარს მინდორი შემორტყმია,
მოხატული ჩითივითა...
ეზოს სწრაფად გადაივლის,
აშოლტილი ხესავითა
მონაზონი... ისეთია
ჩამავალი მზესავითა...
იქვე წყარო მოჩუხჩუხებს,
მხიარული ცოლივითა,
ყველაფერი დამავიწყდა,
შარშანდელი თოვლივითა...
მესმის მხოლოდ, უსტვენს შაშვი
ჯადოსნური ბგერებითა,
შუბლზე ვიღაც მეფერება,
სანთელივით ხელებითა...
ჩემს სოფელში საყდარია,
მოჭიკჭიკე ჩიტივითა,
ამაყი და სევდიანი
ფეხშიშველა ბიჭივითა...



მარინა...

თოკზე სარეცხი უნდა გაფინო,
მარინა,
ანდა მძიმე ყუთები შეკრა,
როცა სამშობლოს გატოვებინებენ
და თან წაიღო
სევდის მარილი,
ცრემლის ღვინო,
შხამის ხმიადი...
თოკზე ძაღლივით უნდა ება
იმ ერთადერთი ღობის ძირას,
შენი ბავშვობის სახლს რომ არტყია...
მხოლოდ სარეცხი უნდა გაფინო
შენი ჭკვიანი, ჯადოსნური ხელებით,
თოკი არ უნდა ჩამოაბა,
მარინა...



study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 465
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლალი გულისაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 2 EmptyThu Mar 26, 2020 4:35 pm

ლალი გულისაშვილი

სუფთა სახლი

მახსოვს:
ბებიამ სუფთა სუფრა
მაგიდას რომ გადააფარა...
( თუ ჩემს ბავშვობას?! )
მერკუციო
გომბორთან ახლოს
არის სოფელი ვერონა,
( შექსპირის " რომეო და ჯულიეტა"...)
ოღონდ იქ ქალაქია.
( ეჰ, მერკუციო...)
" აკაცია, ბაკაცია"...
- აკაცია, ბაკაცია,
მამაშენი რა კაცია?
- მამაჩემი გლეხია,
მამაშენი....
მერე ისეთი ცუდი სიტყვა
მოდიოდა, რომ...
მამაჩემი ის კაცია,
კომბლიბს თლის და
ჭერში აწყობს,
ვინც ჩვენ შეგვჭამს,
თავში ჩასცხობს!
- აკაცია, ბაკაცია,
მამაშენი რა კაცია?
- მამაჩემი დურგალია,
მამაშენი...
მერე ისეთი ცუდი
სიტყვა მოდიოდა, რომ...
- აკაცია, ბაკაცია,
მამაშენი რა კაცია?
- მამაჩემი ვექილია,
მამაშენი...
მერე ისეთი ცუდი სიტყვა
მოდიოდა, რომ...
და ასე შემდეგ.
გაიგე?!



study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 465
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლალი გულისაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 2 EmptyFri Mar 27, 2020 11:12 am

ლალი გულისაშვილი

***

როგორ ვხვდები ამ ახალ წელს?
ყოფა გამიმწარდა, იო,
ეგებ მეყოს სიმხნევე და
თავს რაიმე მოვიწიო...
რით გასრულდა ძველი წელი?
ცრემლს მიჰქონდა გული, იო,
ჭკნობა შეეპრა შროშანს,
გზა არ ჩანდა სახვალიო...
რას ვინატრებ ამ ახალ წელს?
ღმერთმა დაგიფაროს, იო,
გიყვარდეს დ სულის სდგურს
ვერასოდეს მიაღწიო...
როგორ ვხვდები ამ ახალ წელს?
შენს მტერს, მე რომ ვხვდები, იო!
ცაზე ერთი ვარსკვლავი ჩანს,
წავალ, ეგებ მივეწიო...



study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 465
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლალი გულისაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 2 EmptySat Mar 28, 2020 3:12 pm

ლალი გულისაშვილი - Page 2 Lali_g10

ლალი გულისაშვილი


***

შენს ხსოვნას ისე ვუფრთხილდებოდი,
როგორც პირველად დაწერილ სტრიქონს,
ოდნავ უხეშს და ოდნავ სატირალს...
და მოვდიოდი შენს სამარესთან,
ჩაის ვარდებით მოტეხილ მკლავით
ჭრელი პეპლების გასაფანტავად...
აღარ გალობდა ჭრიჭინობელა,
ჭიამაიაც არ ჩანდა არსად,
ისე საოცრად მენატრებოდი...


Exclamation


***

გახსენება: შინდი, ბავშვობა...
მახსოვს, პირველად როგორ გავოცდი,
როდესაც ბაღში აყვავებული
შინდის ხე ვნახე...
სახლში შესულმა ბებიას ვკითხე:
- აბა, თუ იცი,
რა ფრად ჰყვავის შინდი, ჰა, ბებო?
და გამომცდელად შევაჩერდი...
ბებოს თვალებში უცნაური სითბო ჩაგუბდა,
- მზესავით იწვის...- თქვა ჩუმად და
სივრცეს გახედა.
ბინდი წვებოდა და ჩვენს ბაღში,
( რად მიკვირს დღესაც! )
ყვითლად ყვაოდა პატარა შინდი...

Exclamation

ფეისბუქ-გვერდიდან: „ცოცხალი წიგნები - საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტი“, სადაც კორონავირუსის პანდემიისას მიმდინარეობს უცხოეთში დარჩენილი ემიგრანტების მხარდაჭერის აქცია მწერლების მხრიდან.

ბმული:
* https://www.facebook.com/groups/293257197511601



study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 465
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლალი გულისაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 2 EmptyFri Apr 03, 2020 9:45 pm

ლალი გულისაშვილი


***

სასწაულები არ ხდება, მაგრამ
ხომ შეიძლება , დეკემბრის ღამეს
გამომაღვიძოს შენმა ჩურჩულმა:
- თოვლი მოსულა…


Exclamation

ფეისბუქ-გვერდიდან: „ცოცხალი წიგნები - საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტი“, სადაც კორონავირუსის პანდემიისას მიმდინარეობს უცხოეთში დარჩენილი ემიგრანტების მხარდაჭერის აქცია მწერლების მხრიდან.


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 465
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლალი გულისაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 2 EmptySat Apr 11, 2020 9:12 pm

ლალი გულისაშვილი

უიმედო ლექსი
(ამბობდა გოგი ზაუტაშვილი)

ერთი უიმედო ლექსი
საკუთარი თავისადმი
დავწერე და მხიარული
საფლავს ვითხრი ხვალისათვის...
აღარც სიყვარული მინდა,
აღარც სიხარული მინდა,
ნაცრისფერით დაიფარა,
ჩემი ოცნებები წმინდა...
თითქოს უცებ დავიკარგე,
მოვწყდი ცას და მოვწყდი მიწას,
ნეტავ სადმე, წყნარ ადგილას,
სამუდამოდ დამაძინა...
გაცვეთილი სიტყვებია,
ბუნდოვანი - ყველა ფერი
და სიკვდილის კარიბჭესთან
ფერმკრთალდება ყველაფერი...
ცოტა მერე რომ ჩამოთოვს,
მარტოობა მერე ნახე,
მღერის ჩემი მეკუბოვე,
მოკვდა ჩემი მევენახე...
არც განვლილზე მწყდება გული,
არც აწმყოზე მრჩება თვალი,
ორიოდე დღეღა ბჟუტავს,
ისიც - ბერწი და ფერმკრთალი...
...მერე გამოგეთხოვებით,
შეწევნით და მადლით უფლის,
ცას გასერავს ცისარტყელა -
ყელზე ჩამოცმული ყულფი...



study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 465
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლალი გულისაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 2 EmptyFri Apr 24, 2020 2:25 pm

ლალი გულისაშვილი

რას „მღეროდა“ ვაჟა - ფშაველა?

დიდ შემოქმედებასთან ყოველ ახალ ზიარებას ბევრ სხვასთან , ერთი სიკეთეც ახლავს: მოულოდნელად ვდგებით თუნდაც უმნიშვნელო დეტალის აღმოჩენის წინაშე და ჩნდება დაუძლეველი სურვილი „ ახლადაღმოჩენილი ფიქრის“ გამჟღავნებისა, რომელიც შორსაა ყოველგვარი მეცნიერული პრეტენზიისაგან.
სწორედ ასე დაიბადა ეს ფიქრი: ვაჟა - ფშაველას თხზულებათა ათტომეულის პირველი ტომის ვარიანტებსა და შენიშვნებში ვკითხულობთ:

„ვაჟას უამრავი ლექსის სათაურად ნახამრი აქვს სიმღერა ( გარდა იმისა, რომ გვხვდება კიდევ „ მთიულის სიმღერა“, „ პატარა მწყემსის სიმღერა“, „ დათვის სიმღერა“, „ კურდღლის სიმღერა“, „ სადღესასწაულო სიმღერა“ და ა. შ. შეიძლება ითქვას, რომ სიმღერა ვაჟასთან ლექსის სინონიმია და მარტო ეს სათაური არსებითად ლექსის დაუსათაურებლად დატოვებას უდრის. ყველა ეს ლექსი „ სიმღერის“ სათურით რომ დაგვებეჭდა ჩვენს გამოცემაში, პრაქტიკულად დიდ უხერხულობას შექმნიდა; გაჭირდებოდა სათაურით ლექსის მოძებნა, ციტირების დროს სათაურის მითითება და ა. შ. ამიტომ ჩვენ ვამჯობინეთ, წინა გამომცემელთა მსგავსად, სათაურად გამოგვეტანა ლექსის პირველი სტრიქონი, ხოლო „ სიმღერა“ კი მას იქვე, ფრჩხილებში, მივუწერეთ. სათურად „ სიმღერა“ დატოვებულია, თუ ლექსს აქვს მიძღვნა, ან ქვესათაური, რომელთა მიხედვითაც იგი სხვა „სიმღერებისგან“ გმოირჩევა“.

სანამ ციტირებულ შენიშვნას ვნახავდით, ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე (მხოლოდ და მხოლოდ ლექსის ქვემოთ ფრჩხილებში მიწერილი „ სიმღერის“ გამო ) , თანმიმდევრულად წავიკითხეთ პირველ და მეორე ტომში მოთავსებული ლექსები. უცებ გამოიკვეთა გარკვეული კანონზომიერება, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ერთი ტიპის ლექსებს არქმევდა ვაჟა - ფშაველა „ სიმღერას“... შემდგომ მოძებნილმა შენიშვნამაც არ დაგვაკმაყოფილა: - „სიმღერა ვაჟასთან ლექსის სინონიმია“. ასეთი პრინციპით მას შეეძლო ნებისმიერი ლექსისთვის „ სიმღერა“ დაერქმია და, საერთოდ, აღარ ეფიქრა სათაურზე. ის 115 ლექსი კი, რომელთაც ვაჟა - ფშაველამ „ სიმღერა“ უწოდა, უთუოდ ერთ კანონზომიერებას ექვემდებარება და ვფიქრობთ, შემთვევით არ უნდა დაერქმია მაინცდამაინც ამ ლექსებისთვის „ სიმღერა“.
ჩვენ ვფიქრობთ, ვაჟა - ფშველასთვის „ სიმღერს“ სულ სხვა მნიშვნელობა ჰქონდა. ამისათვის აუცილებელია ჩვუფიქრდეთ ვაჟას „ სიმღერის“ გნწყობილებას.
აღმოჩნდა, რომ ვაჟა - ფშაველას ყველა „ სიმღერა“ უსაშველო სევდითაა შექმნილი. წუთისოფლის ამაოება, შავი ვარამით გადანისლული დღეები და საკუთარი პიროვნების არარაობის უკიდურესი შეგრძნება წარმოადგენს ვაჟას „ სიმღერის“ ძირითად ჰანგს. აღსანიშნავია და ცოტა არ იყოს, საოცარია ისიც, რომ ეს უზარმაზარი სევდა ვაჟა - ფშაველას ლექსებში მაჟორულად გაისმის:

მიყვარხარ გულზე მწოლარი
ობლის საფლავის ქვებურა,
დმლევ და დაგლევ, ვარამო,
ცივის მთის წყაროს წყლებურა...

ვაჟა - ფშაველას „ სიმღერა“ არასოდეს არ არის პროტესტი სევდის, ვარამის, სიკვდილის წინააღმდეგ. იგი კი არ გაურბის, პირიქით, უყვარს, უხმობს, ეძახის, გულით ატარებს ტკივილსა და ტანჯვას. ყორანი მისი ბედისწერა კი არ არის ტრდიციისამებრ, მეგობარი და კეთილისმყოფელია:

სად მიხვალ, სადა, ყორანო,
შენ მაინც შამიბრლია,
მიამხანაგე, გენაცვლე,
ყრანტალით გამახარია...

ვაჟა - ფშაველას ყორანი არ არის ნიკოლოზ ბართშვილის „ თვალბედითი შავი ყორანი“, არც გალაკტიონის „ ყორნების საუბარია“. დიდი სევდა ხანდახან სევდითვე იკურნება. ვაჟა ისეთ „ უნუგეშო ყოფაშია“, რომ მხოლოდ „ ყორნების ყრანტალი“ ენატრება, იცის, მხოლოდ მას შეუძლია თანაგრძნობა და ნუგეში. შეიძლება, ეს ის მდგომარეობცაა, როდესაც „მოზღვავებული ნაღველი მოგეჩვენება ლხინადა“...
ვაჟა - ფშაველას საოცარი სიმშვიდით შეუძლია უთხრას ბუნებას ყველაზე დიდი სამდურვი: „ რამ შემქმნა ადამიანად, რატომ არ მოვედ წვიმადა“... ანდა თვითშეწირვის უმტკიცესი შეგრძნებით აღავლინოს უმკაცრესი ლოცვა: „ დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე, აქა ვარ ჩემის თავითა“... საწუთრო მოძულებული ხანდახან სთხოვს კიდეც ბუნებას: „ უფროც დაბნელდი, ღამეო, ეგებ დავკარგო ბილიკი, კლდიდამ გადვვარდე წყალშია, მორევს რომ გააქვს ლიკლიკი“...
ვაჟა - ფშაველას საწუხარი ის კი არ არის, „ რომ მოვკვდი უპატრონოდა და არაგვი მაქვს სუდარა“... ანდა: „ შენი სახლობა ქორწილობს, ჩემი ობლები ტირიან“... არამედ სილაღის განუცდელი და მიუღწეველი განცდა.
ბუნებას ძალუძს სიკვდილის სიცოცხლედ ქცევა „ ლაღის ბუნების დებითა“, თავად კი ვერასოდეს ეზიარება დიდ სიხარულს და ჩივის: „ არა ვარ გლაღებული“..
სილაღის განუცდელ გრძნობას დასტირის ვაჟა - ფშაველა, რომელზედაც არაერთხელ გვსმენია და დღემდე ვიმეორებთ დაშტმპულ გამოთქმას: „ ბუნების ლაღი შვილი“... ის კი თვითგვემის გზას დასდგომია და დაჰმღერის თავის „ მჭვრტლიან ჩონგურს“:

გულისთმავ, საფლავს გაგითხრი
და იქ დგმარხავ ცივადა,
ცხელსა დაგაფრქვევ ცრემლებსა,
მიწას მიგაყრი ხშირადა...

საკუთარი გულისთქმის ასე ვაჟკცურდ, შეუბრალებლად დამარხვა კი, ალბათ, სულის გზით მავალ ადამიანს შეუძლია. ვაჟას ერთ-ერთი „ სიმღერაც“ ხომ ამას „ მღერის“ : „ მწამს, მარად მიწამებია მუდმივ სიცოცხლე სულისა“...
ვაჟა სულის კაცია. „ ხორცის დანელება“ მისთვის ლამაზი სიტყვები როდია. მარტვილი ბერივით ზრუნავს სულის ასამაღლებლად, დიადი მისიის აღსასრულებლად და კვლავ აწეული, ომახიანია მისი ტანჯული სიმღერა:

ხორცო, დაჰნელდი, დამჭლევდი,
სულო, იხარე, ჰლაღობდე,
ღმერთმა დამკარგოს, თუ ამას
სიტყვის შნოსათვის ვამბობდე.
ხორცი რას მიშველს მარტოკა,
თუ სულით არა ვგალობდე,
სულო, აჰყვავდი, ამაღლდი,
დაე, ლეშითა ვწვალობდე!

„ სადარდო წუთისოფლის“ სამდურავიც კი ვაჟა - ფშაველას „სიმღერებში“ ტირილითა და კვნესით როდია გამოთქმული. თითქოს ორთაბრძოლაში იწვევდეს ვინმეს, ემუქრება, აშინებს, ნიშნს უგებს:

დაე, აყროლდეს სოფელი,
სრულიად დაღრღნან ჭიათა,
ზედ იფარფარონ ონხებზედ
სვავთა, უმსგავსო ფრთიანთა...

„ ნატვრააუხდენელს“ აღარც არაფერი აკავშირებს ამ ქვეყანასთან. და თუ ამ ლექსსაც ( „ რას შემომღმუი, მდინარევ“) ვაჟა - ფშაველა სათაურად „ სიმღერას“ არქმევს, იმიტომ ხომ არა, რომ ისევ და ისევ უსაშველო სევდის დმღერება სურს?...

სადარდო წუთისოფელში
აღარაფერი გრჩებაო,
ბედის ვარსკვლვსაც არ ვგლოვობ,
ჩახდეს, თუ ჩამიხდებაო...

როგორც ჩანს, უსასრულოდ შეგვიძლია ვილაპრკოთ ვაჟას სევდიან, „ შავ სიმღერებზე“, მოვიშველიოთ ციტირება და ყოველ მათგანს მოსაწყენი კომენტარი გავუკეთოთ: ეს სიმღერაც სევდიანია, უიმედოა, ვაჟას დიდი დარდი და ამაოებაა დამღერებული და ა. შ. მაგრამ ვფიქრობთ, ვაჟა - ფშაველას „ სიმღერების“ არსში ჩასაწვდომად უნდა მოვიშველიოთ ის „ სიმღერა“, რომელშიც, ჩვენი აზრით, ყველაზე მკაფიოდაა გამოხატული თავად პოეტისეული გაგება „ სიმღერისა“:

აღარ მწადიან, ვიმღერო,
მინდა დღედაღამ ვგალობდე:
მე რომ არ მწყალობს უფალი,
მე მაინც ვისმე ვწყალობდე;
მკლავს ნდომა დაუსბამო,
მოყვარისათვის ვწვალობდე...

ჩვენი აზრით, ლექსის პირველ სტრიქონში - „ აღარ მწადიან ვიმღერო“ , ვაჟა სწორედ იმას ამბობს, რომ აღარ უნდა „ სიმღერა“, ე. ი. გლოვა, დარდი, ტანჯვა, წუხილი... „ მინდა დღედაღამ ვგალობდე“ არის ის, რასაც ჩვენი დღევანდელი გაგებით სიმღერა, სილაღე, კარგი გუნებ-განწყობილება ჰქვია. მობეზრებია ვაჟას სიმღერა - გოდება, გალობა - უდარდო ყოფა და სიხარული მოსურვებია:

კვლავ ვიყო აღტყინებული,
კეთილ ხმათ ხმაზე მწყობელი;
ჩემის ქვეყნისა გმირების
სახეთ შეფრქვევით მცნობელი, -
მიყვარდეს მოძულებული
ოხერი წუთისოფელი.

ვაჟა - ფშაველას რომ არც „ ოხერი წუთისოფლისა „ ეშინია და არც სიკვდილისა, ამასაც მღერის. ჭეშმარიტი სიცოცხლე მისთვის მხოლოდ იქ იწყება, როდესაც უფალთან, ღმერთთან საუბრობს, ე. ი. ჭეშმარიტ შემოქმედებით პროცესს ეზიარება:

ჩემთვის ღვთის პირით ტირილში
სამოთხე დანაპირია,
ტირილით გაუმთელდება
გულს მოტეხილი პირია.
ანგელოზთ გუნდში კი ვმღერი
მაშინ, როს აქა ვტირია...

დიდ საიდუმლოს გვიმხელს პოეტი, თუმცა დასაწყისში გზა აგვიბნია: სევდით გათანგულ ლექსს სიმღერა დაარქვა, მერე თავის ლექსს „ ღვთის პირით ტირილი“ უწოდა, ბოლოს კი გვითხრა: თქვენ რა იცით, როდესაც გგონიათ, რომ ვტირი, სინამდვილეში ღმერთთან მაქვს საქმე, ანგელოზების გუნდში ვმღერიო!
ვაჟა - ფშაველა ის ბედნიერი პოეტია, რომელიც ხშირად „ საუბრობს „ ღმერთთან. ამ დიდ საიდუმლსაც სიმღერით გვეუბნება:

კიდევ ხმა მესმა ციდამა,
ცამ გრძნობა გამიზიარა...

ეს პოეტის ახირება კი არა, ჭეშმარიტებაა, რადგანაც იქვე ძალიან მშვიდად გვეუბნება: „სხვა თვალზე ვნახე სამყარო“... თითქოს არც არაფერი მოხდა, ისეა ეს სტრიქონი ნათქვამი, როგორც ყოველდღიური „ დილა მშვიდობისა“... სამყაროს სხვა თვალზე ნახვა კი ნგრევასთან, ჭიდილთან, წამებასთან, განწმენდასთან და ღმერთის გზით სიარულთნაა დაკავშირებული. თუმცა „ უფალი ციდამ ყველასაც გვხედავსა“, მაგრამ ბევრს არ შეუძლია უფლის მიმართ განიცადოს ის ჰარმონიულობა, რომელსაც ვაჟა აღწევს:

ზღვად ვცურავ ნეტარებისა,
წვერი ხელთა მაქვს კალთისა,
უფლის და მისთა მსახურთა
ლოცვა-კურთხევა მამდისა,
კალთაში ვარდი მეშლება,
თავზე მანანა დამდისა...

მაგრმ ვაჟას სიმღერა რაღა სიმღერა იქნებოდა, უფალი ღმერთი რომ მუდმივ მწყალობლდ არა ჰყოლოდა. და ისევ მღერის ვაჟა: „ ღმერთს რაცა ვთხოვე, არ მომცა, არ შემისრულა მუდარა...“ „ აღარაფერს ვთხოვ უფლსა, აღრც რას ვიტყვი გზიანად“... „ სხვას ესაუბროს უფალი ტკბილის ღვთიურის ენითა“...
უფლისგან მოძულებული „ტყუილსაც“ ამბობს:

გატყუეთ, ვითომ ვმღერიო,
ბინა მქონოდა თქვენშია,
რის მღერა, საიდნ სადა?
ყოველი სიტყვა ლეშია.

ვაჟას სიმღერა თურმე იმის საშუალებაც ყოფილა, რომ ღმერთთან ახლოს მდგარიყო. „სიმღერა“ სევდა-ვრამიანი ლექსია, სწორედ ისეთი, უდიდეს ვაჟკაცსაც რომ ათქმევინებს: „ბრჯღლით ვუპყრივარ სევდასა, როგორაც არწივს გნოლია“... და ისევ უსასოობა: „ თქვენ გაანათეთ სამყრო, მე ხომ გამიქრა ნათელი“...
მაგრამ ვაჟა - ფშაველას „ სიმღერა“ , პირველ ყოვლისა, თვითშეწირვის და თვითგმოხატვის ზარია. ხორცი ისევ სანთლად უნთია სულს და ზეცისკენ მიმავალ გზას უნათებს. „ წარბ-შეუხრელად ვყუდივარ ჩემთა წადილთა ბედადა“... უდიდესი მსხვერპლი გაღებულია. ყველა საზღვარი გადალახულია, რადგანაც ტრაგიკული ხმოვანება შეუძლებელია ამაზე მეტდ ამაღლდეს: „ დაწუხებულმა შენკენა კბილით კლდეები ვარღვიე“... და „ სიმღერის“ დარდთან და მწუხარებასთან გაიგივებასავით მოულოდნელია შედარებაც: „ მზის სხივებივით ბრწყინავენ , რაც მე ცრემლები ვღვარეო“...
„ ჯვარცმულის ფიქრითაა“ ნამღერი ვაჟას სიმღერები. ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც, როგორც მინაწერიდან ჩანს, ვიღცის პასუხდაა დაწერილი, გვიმხელს, რომ ვაჟას საყვედურობდნენ ტირილს, გლოვას, დარდს, ალბათ, უკიჟინებდნენ, ლაღად იმღერეო, ის კი არ იცოდნენ, რომ ვაჟას მხიარული „სიმღერა“ არ შეეძლო. თუ ლექსს „ სიმღერას“ დაარქმევდა, თავისი ვარამით უნდა მოევარაყებინა , „ შავად დაწყებული“ ცხოვრება „შავადვე გაეთავებინა“, „ მგლის ყმუილივით“ ჰაერში უნდა გამქრალიყო მისი ძახილი...
ვაჟა - ფშაველას კაი ყმის, სამშობლოს, მამულის, ბუნებისადმი მიძღვნილ ლექსებს „სიმღერა“ არ ჰქვია. „ სიმღერას“ ვაჟა მხოლოდ იმ ლექსებს უწოდებს, რომლებშიც საკუთარ დარდს, ტანჯვას, გაცამტვერებას, არარაობას გამოხატავს. ამიტომაც ითხოვს თამამად, ტირილი არ დამიშალოთო. მას აქვს უფლება საკუთარი თავის მიმართ იყოს დაუნდობელი, მკაცრი, ზარითა და მოთქმით მომღერალი. მთლიანად მოვიტანთ პასუხად დაწერილ ლექსს - „ სიმღერა“:

მე რო ტირილი მეწადოს,
თქვენ ვის რა გინდათ ნეტარა?
ერთი იცინის, სხვა სტირის,
ესეთი არი ქვეყანა.
ვისაც არ მოგწონთ ტირილი,
ის ნუ დასჯდებით ჩემთანა,
მტირალის სტვირის პატრონი,
ფეხს როგორ გავსწვდი თქვენთანა?!
მაგრამ გაიგებთ ერთხელაც,
ვინ ახლო ვდგავართ ღმერთთანა.

თურმე „ სიმღერა“ , ანუ ტირილი, მოთქმა, გოდება - უზენაეს შემოქმედთან სიახლოვის საშუალებაც ყოფილა. ვაჟას სჯერა, რომ თავისი „ სიმღერით“ უფრო მიაწვდენს ხმას ზეცას, ვიდრე ვინმე სხვა სიცილით, ლაღობით, თვითდაჯერებით. „ იმ თავად, ჩემო სავალო, შენზე ეკალი ეყარა“... ამ ეკლიან გზაზე სიარულით ნაიარევი, ზეცად აღავლენდა თავის სიმღერებს და წუხდა, იტანჯებოდა, არ კი ტყდებოდა...
ვაჟას სიდიადე იმაშიც გამოიხატება, რომ დარდიანსაც სიმღერა შეუძლია. მისთვის ვარამი უბედურების საწყისი როდია. უგრძნობი და გალაღებული ადამიანი სძულდა ვაჟას. დარდი და სევდა მისთვის ადამიანობის ყველაზე დიდი საზომი იყო. მისი ბედნიერების საწყისიც დარდის სიბრძნეშია ჩასახლებული:
ნუ დამასვენებ ნურასდროს,
მამყოფე შეძრწუნებული,
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,
როცა ვარ შეწუხებული...


„ლიტერატურული საქრთველო“, 12 ივნისი, 1987 წელი.


ბმული:
* https://www.facebook.com/notes/lali-gulisashvili/რას-მღეროდა-ვაჟა-ფშაველა/2638813249672543/


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 465
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლალი გულისაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 2 EmptyMon Apr 27, 2020 12:48 pm

ლალი გულისაშვილი

ინტერვიუ, რომელიც არ შემდგარა

LALI GULISASHVILI·SATURDAY, APRIL 25, 2020·READING TIME: 1 MINUTE

უკაცრავად... გავკადნიერდები და თქვენთან საუბარი მომენატრა. მომენატრა კი არა, ვისურვე. არა, თქვენ არაფერზე შეგაწუხებთ, არაფერს გკითხავთ, მხოლოდ მე ვილაპარაკებ. თქვენ არც კი გამოჩნდებით, სახელსაც კი არ ვახსენებ თქვენსას... მხოლოდ მომისმინეთ, ოღონდ არა ისეთმა, როგორსაც ყოველდღე გხედავენ ნაცნობები თუ უცნობები, არა გონებით, ჩხრეკით, მომაკვდინებელი შენიშვნებით... არამედ წარმოიდგინეთ, თითქოს ხე ხართ მარტოსული, დამეხილი, დიდი და ვერშეცნობილი. ერთ მშვენიერ დღეს კი თქვენს დაშაშრულ ტოტზე პატარა ჩიტი შემოფრინდა... რას უზამთ ამ ჩიტს?...
მე კი ვზივარ და ვფიქრობ. გადაშლილი მაქვს 1984 წლის „მნათობის“ მეცხრე ნომერი და მიკვირს ის საოცარი დუმილი, რომელიც დღემდე გრძელდება. ეგებ თქვენ მაინც მითხრათ რამე?.... დიახ, დიახ, საკუთარ თავზე... თქვენს ლექსებზე, საერთოდ - პოეზიაზე...
ეს რა დამემართა... მაპატიეთ... მგონი სულ დაგკარგეთ. როგორ დავიჯერე, რომ რაიმეს გამიმხელდით, მომიყვებოდით, გამენდობოდით. სხვა ხართ...მაგრამ რატომ არის თქვენი პოეზია „ჩემი?’’ ეს მაინც მითხარით!
დუმილი გრძელდება. მარტო თქვენ კი არა, ყველა დუმს. ნუთუ „ ზეპირ გითხრეს“ ქება-დიდება, ტყუილ-მართალი, ავი და კარგი... არა, მე არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ, ხმამაღლა ვფიქრობ:
თუ ვინმე მკითხავს ( და უკვე წარმოსახვით დავიჯერე, რომ მკითხეს ) აზრს დღევანდელ ქართულ პოეზიაზე, ვიტყოდი:
ლექსების ციკლი „გამოთხოვება“ ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური მოვლენაა თანამედროვე ქართულ პოეზიაში.
უკვე გადახაზეთ ეს წინადადება? ნუ ჩქარობ თ, მე შეგნებულად დავწერე, რადგანაც ეს ის შემთხვევაა, როდესაც ტრაფარეტული ფრაზა ყველაზე დიდი სიმრთლით გამოხატავს სათქმელს.
თქვენი ლექსები კი, თითქოს უცნაურია და, ძალიან გგავთ. „ არ გახუნდება, დედისავ“... ნანასავით გიმღერათ ქალმა, „მცირე ანდერძივით“ რომ იჯდა სკამზე და თვალებში შემოგყურებდათ...

წუხელ ცისპირი მესიზრმა,
ვარსკვლავები და ნარი,
ვიწექ და გულზე მეფინა,
შენი შროშნების ქარი...

ნუთუ ასე ადვილია ცისპირის დასიზმრება? ანდა:

ცისფრად შრიალებს რიჟრაჟი,
მწვანედ შრიალებს წვიმა...

და მაინც მგონია, რომ ს ი ტ ყ ვ ა თქვენი პოეზიის „ მთავარი პერსონაჟია“. მახსოვს, ერთ დღეს ძალიან სერიოზულად თქვით: „ ორი თვეა სამ სიტყვას ვეძებ და ვერ მიპოვნიაო“. პოეტებს შვენით ლეგენდები, თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. ლეგენდა თქვენზე კი, ალბათ, ასეთი იქნება: განდეგილის მოთმინებით ჩაიკეტებით რომელიმე მიტოვებულ საყდარში იმ ერთადერთი და ზუსტი სიტყვების საძებნელად, რომლებიც აუცილებელი და აუხსნელი პოეტური კანონის ძალით მხოლოდ ასეთი თანმიმდევრობით უნდა დალაგდეს:

ძეწნის შრიალი გვირისტად
ჩასდევს მდინარის პირებს...

ანდა:

ცრემლი, რომელიც მღერის...

ამ სამი სიტყვიდან რომელიმეს შეცვლა ისეთივე მკრეხელობა იქნებოდა, როგორც დამახინჯებულად წარმოთქმული ლოცვა. და ვგრძნობ, რომ ერთდროულად ძალიან ძველიც ხართ და ძალიან ახალიც, მსუბუქიც და მძიმეც, ლაღიც და ტრაგიკულიც...

კაეშნის კოშკო მაღალო,
ზღუდე გავლია სათის,
ყურანის ღია სურიდან
გულზე უდაბნო გადის...

ყურანის „ პოეტური სურები“ ვიცოდი, მაგრამ „ ყურანის ღია სურიდან“ წამოსულმა სევდამ მოსვენება დამიკარგა... თქვენი ლექსები თქვენივე სევდიანი ბედნიერებაა. სხვათათვის, ალბათ, ბედნიერი მგოსანი ხართ, „ გემღერებთ და მღერით“...ხალხური პოეზიის მსუბუქი სხეული აქვს თქვენს ლექსებს, რომლითაც ოსტატურადაა შენიღბული აზრისა და გრძნობის ტრაგიკული სიმძიმე:

ვის უპოვია ზმანება,
გზაა, ვალია, ძებნე...

სხვა სალექსო ფორმა, ალბათ, დაამძიმებდა ამ თავისთავად მძიმე აზრს, თქვენ კი ისე წერთ, თითქოს მღერით... ზოგჯერ გაფიქრებაც კი გვზარავს იმისა, რაც თქვენ ასეთი შეუბრალებელი გულწრფელობით გვითხარით... „ გზაა, ვალია, ძებნე“ კი როგორი თავგანწირულობითაა ნათქვამი... თითქოს ქარებს მისდევდე მინდორში... ვერასოდეს იპოვი, მაგრამ „გზაა, ვალია, ძებნე“... და ასე დაუსრულებლად, რადგან „ვერმიხვდომისა წყენითაა“ ფასეული ადამიანის ცხოვრება და ამ „ვერმიხვდომილის“ ძებნის გზაზე სიარულია ყველაზე დიდი საზომი ადამიანთა ტანჯვისა...
ზოგჯერ შეგნებულად გინდათ, მოგვატყუოთ. თითქოს გებრალებოდეთ მკითხველი ზემორენათქვამში ჩასაწვდომად და ამიტომ „ სამთვარიოს „ დასაწყისში ცდილობთ , სხვა რამეზე შეაჩეროთ ყურადღება. თითქოს ეს არის თქვენი ნამდვილი , მთავარი საწუხარი:

ჩანს ბროლში ყველა ფა ტმანი,
ვინც მე მიყვარდა, არ ჩანს...

კი არ გავიგე, მივხვდი, ვიგრძენი, რისი თქმაც გინდოდათ... როგორ დაწერეთ ასეთი სტრიქონები?

სად მოყმე, ლ ე ქ ს ი ს მ ი ჯ ნ უ რ ი,
ბნელში დაეძებს ნესტანს...

ნესტანს კი დაეძებს, მაგრამ, პირველ რიგში, „ლექსის მიჯნურია“ ! რამდენი ეპითეტია დახარჯული ნესტანის მაქებრის მიმართ, მაგრამ „ლექსის მიჯნური“ არავის უწოდებია მისთვის. „ უპოვნელი ზმანებაც “ ნესტანი კი არა, ყველაზე დიდი, მაღალი, ყველგან და არსადმყოფია, ყველასგან რომ გვიცავს და გვიფარავს, ჩვენში და ჩვენს გარეთ რომ სუფევს და მაინც - არსად რომ არაა... რა ბედნიერი ხართ, მ ა ს რომ ეძებთ...
როდის დაწერეთ „ კვირიკე“? ბავშვობიდან წერდით? გულით დაატარებდით, სულს უდგამდით, ყვავილივით ზრდიდით... ტანჯვით, წვალებით იბადებოდა სიტყვა, იქმნებოდა სტრიქონები... კმაყოფილება კი შორს იყო, უჯრაში კეტავდით, გამოქვეყნებას არც ფიქრობდით, არავის აჩვენებდით. „ურწმუნო თომას“ უნდობლობით კითხულობდით ყოველ სიტყვას, ყოველ ფრაზას... ეწამეთ? მჯერა. ისეთი სრულყოფილებითაა განათებული „კვირიკე“, რომ სხვაგვარად შეუძლებელია. მარტვილი ბერის მიერ სანთლის შუქზე შექმნილ საგალობელს ჰგავს. საყდრული სიცივისა და სიმშვიდის გამოსხივება და სვანეთის წმინდა კვირიკეს ბაზ ილიკის მგალობელ ბერთა მიერ „მტრედისფერ საგალობლებში“ ამოკითხული ლოცვაა:

ისევ ზარზმა და გელათი,
სამთავისი და მცხეთა,
ტროპარის ნუსხურ გზაწვრილზე
თეთრი მტრედები სხედან...

როგორც დღევანდელი კრიტიკოსები იტყვიან,“ ფორმა და შინაარსი ღრმად ეროვნულია, შესრულების მანერა და შინაგანი სტრუქტურა კი - ევროპული.“ ერთი სიტყვით, ეროვნულია და, ამავე დროს, ძალიან ევროპულიც. ეგებ სწორედ ეს სინთეზი ქმნის სიძნელეს თქვენი ლექსების ინტიმურ-ემოციური აღქმისათვის?

ყველა სენს კურნავს კვირიკე,
ყველა სატკივარს არჩენს,
ვერ კურნავს გულის სიბრმავეს,
ღვთისგან დადებულ სასჯელს...

პოეზიის წაკითხვა ბრმა გულით შეუძლებელია, მით უფრო, თქვენი პოეზიისა.
ვგრძნობ, უკვე თავი მოგაბეზრეთ, მე კი როგორ მინდა ცოტა ხანს კიდევ ამიტანოთ...

ივსება ჯავრის ფურცელი,
ჟამი მოგვდის და მიგვდის,
არ იცი, თეთრო ყვავილო,
როგორ უხდები სიკვდილს...

ამ ლექსს „შერიგება“ ჰქვია. „სიკვდილთან შერიება“, ვაზუსტებ ჩემთვის და ბოლო სტრიქონებს ვკითხულობ:

თალხებს ჩაიცვამ, ლამაზო,
ისეც გშვენოდა შავი,
მოხვალ, დამხედავ, დამირგავ
კართან ღვთისმშობლის ყვავილს...
შიგ მაინც სევდა ჩადგება,
მოუხელთები სხვისთვის,
არ იცი, თეთრო ყვავილო,
როგორ ვუხდებით სიკვდილს...

რა მოულოდნელად მთავრდება „ზღვაში ჩადიან ღრუბლები“... და საერთოდ, სიდან იგონებთ ასეთ საშინელ სიმართლეებს?

ვაჰმე, რა მშვიდად თამაშობს,
სიკვდილ-სიცოცხლის თამაშს...

ეს „ლაზარედანაა“. თქვენი „კვირიკეც“ ამ გზით მიდის, მაგრამ უფრო განწირულია, რადგან სიკვდილშიც დაეჭვებულა. ალბათ, ამიტომაც ეფერებით:

სად მიკრთი, ივერთ ნათელო,
მზით, ვარსკვლავებით, მთვარით...

საიდან დგას „ეკლესიასტეს“ სევდა კვირიკეს გოდებაში:

ნუთუ სიკვდილიც ფუჭია,
არსად გვეღება კარნი?

როგორ წამოგცდათ! „სიკვდილის იმედი“ მაინც დაგეტოვებინათ... ასეთი სტრიქონებიც გაქვთ „კვირიკეში“:

უხსოვარ წყლულზე შემეხო,
ლურჯი ქიტონის ქობა...

სწორედ „უხსოვარ წყლულზე შეხებაა“ თქვენი „ძველი სიმღერა“ და „შავშამშე, მეფის მასხარა“... მხოლოდ ემოციისათვის და განწყობილების შესაქმნელად არ იწერება თქვენი ლექსი. თითოეულ სიტყვაში, სტრიქონში, სტროფში იმხელა აზრი და სიბრძნეა,
დაუსრუებლად შეგიძლია ილაპარაკო, უფრო სწორად, ისწავლო, დაიმახსოვრო, იფიქრო...

ეგებ არც ისე ძნელია,
სულის უჟამო ხდამდე,
უფსკრულში ჩაკიდებული
ტყვიას ტყვიაში სვამდე.
ტკივილის ძაფსღა ემაგრო,
ბოლო ხავილის ექოს,
არა ძალა და იმედი,
სასოწარკვეთა გეყოს...

აქამდე მეგონა, გმირობა ის იყო, ძალა და იმედი თუ გეყოფოდა, თქვენ კი გვასწავლით, „სასოწარკვეთა გეყოსო“...თურმე იმედი კი არა, უიმედობა უნდა გეყოს, რომ გადარჩე... „ტკივილის ძაფზე“ დაკიდებულ ადამიანთან იმედს რა უნდა! „სულის უჟამო ხდამდე“ მისულიც სასოწარკვეთამ უნდა გადაარჩინოს. ალბათ, იმიტომაც გაქვთ „ლაზარეში“ ასეთი შეუსაბამობნი: „სხივთალხით განათებულა“ და „მაცოცხლებელი დარდით“...ჰარმონიულობა დარღვეულია, მაგრამ ჩნდება პიროვნება
მთელი თავისი ტრაგედიით, მტკივანი სხეულით, დაქცეული კოშკით, გათელილი მინდვრით, მაგრამ სულიერად ამაღლებული, ღვთაებრივ ნათელში გახვეული, „სხივთალხით განათებული“... თქვენი „მაცოცხლებელი დარდი“ ის მეგზურია, რომელიც მუდამ თან სდევს ერის ბედზე ჩაფიქრებულ კაცს... ამის გარეშე ეკლესიას ვერ ააშენებ, წიგნს ვერ დაწერ, მამულს ღობეს ვერ შემოავლებ... აქედან გამომდინარე, გასაგებია ის საშინელი წყევლაც, ყველას რომ უკითხავთ და, პირველ რიგში, საკუთარ თავს:

ისე შემყროდეს სიკვდილი,
მხარი არ მეგრძნოს ძმისა,
მტრისგანაც გამომეჩოქოს,
დასამარხავი მიწა...

წყევლაა, მაგრამ ლოცვასავით ისმის...

განა რა ბევრი მჭირდება,
ვგრძნობდე, თვისტომნი მყვანან,
ვიცოდე, მართლა ჩემია,
ჩემი სახლი და ყანა...

ნატვრაა, თითქოს ნიკოლოზ სასწაულმოქმედს ევედრებით... გულს ულბობთ, „განა ბევრი რამ მჭირდებაო“ და „მცირე სასწაულს“ შესთხოვთ: „ ვიცოდე, მართლა ჩემია ჩემი სახლი და ყანა“... „სახლსა და ყანას“ კი არსმენილ ფიცს აძლევთ:

კლდის ბზარში ჩაკიდებულო,
თვალთა ნათელო, ხალდე,
თავსასთუმალთან, ძილისპირს,
იარაღივით დამდე...

ღმერთმა გისმინოთ!...
როგორ არ შეგეცოდათ შავშამშე, მეფის მასხარა, პატარა და უბედური კაცი... როგორ აჰკიდეთ ამდენი ტვირთი, ასეთი დარდი, ამხელა სათქმელი:

ცრის... რა უღრანი ღამეა...
ღმერთო, გზას ავცდი, მგონი...
ძახილის ძალა მომეცი,
ძალა წყვდიადში დგომის...

დიადი სული ანათებს შავშამეშს, მეფის მასხარას, გზასაცდენილი, თვალბრუნდი, ულამპრო და უარგნო, ძახილსა და წყვდიადში დგომის ძალას სთხოვს ღმერთს და არა შველას, დახმარებას, ნუგეშს... ერთადერთი იმე დი მხოლოდ „მწარე ძახილია“, თუკი დამძახებელი გამოჩნდება ვინმე... მანამდე კი შავშამშემ იცის, რომ უნდა „იდგეს“, რადგან სხვა მდგომარეობა უკვე ღალატი და დამარცხება იქნება:

ვამბობ: იმედი კვამლია,
ცრემლი - ყომრალი სითხე,
თურმე რამდენი ფარული
სიბრძნე გჭირდება - იდგე...

თუ „უღრან ღამეში“ (და არა უღრან ტყეში ) „მწარე ძახილს“ გავიგებთ და არ გავყვებით, „ძველი სიმღერის“ ზემონახსენები წყევლა, ანდა ფრანგი სქოლარის „წყევლის ბალადა“ აგვიხდება...
სამშობლოს სიყვარულს ქადილი არ სჭირდება, - გვასწავლით თქვენ. ეს ერთადერთი შემთხვევაა, რომელიც არა სიტყვით, არამედ ტკივილით უნდა გააცხადო. ყოვლისგამომხატველი სიტყვა მხოლოდ აქ არის უძლური.
ყოველი დროის მწერლობას გამოხატვის თავისებური საშუალება ჰქონდა. დღეს ყურს გვჭრის ხმამაღალი სიტყვიერი შეჯიბრი მამულის სიყვარულში, გლოვა მიტოვებულ სოფლებზე, კიბეზე ამოსულ ბალახზე, სოფლის ერთადერთ პატრონად დარჩენილ მოხუცებზე, რომლებიც გვინდა, რომ დავამსგავსოთ, მაგრამ არაფრით ჰგვანან ვაჟა-ფშაველას სანათას... მართალი ტკივილი აკლიათ და იმიტომ. თქვენ კი რა უბრალოდ წერთ თუნდაც ამ სტრიქონებს:

და ვიდრე ჟამი დაკრავდეს,
კვლავ ჩამიხვევდეს ჩქერი,
გლეხის ბიჭი ვარ, ლაზარე,
ხნულში ვდგავარ და ვმღერი...

„ხნულში დგახართ და მღერით“, ქართული მიწით გაქვთ დასვრილი ფეხი.
დასვრილი კი არა, ნატკენი, დაწყლულებული... ეს მიწა რომ არა, ვერ იქნებოდი ასეთი მართალი, ასეთი სუფთა, ასეთი უბედური... მამა-პაპათა ძვლებს რომ არ ხედავდეთ გადახნული მიწის ყოველ ბელტში, ვერ დაწერდით:

მუხლებზე ხელებდაყრილი
ვზივარ ეკვდერის კარად.
აღმდგარა ყველა ლაზარე,
ჩემი ლაზარე - არა...

არაფერია, აღსდგება თქვენი ლაზარეც...
მანამდე კი „სხივთალხით“ იქნება განათებული თქვენი ქართლი, „გვირგვინი ეკლისა“ და „მწირის არგანი“...
ყველაფერთან ერთად, სიტყვის სიყვარულსაც ვსწვლობთ თქვენგან, სიტყვის მონახვს, შეგრძნებას, გადარჩენას...გამოყენებას მხოლოდ იქ, სადაც აუცილებლად უნდა იყოს ის ერთადერთი და არა სხვა სიტყვა. ალბათ, სწორედ ამიტომ არის ასეთი დახვეწილი თქვენი ლექსი. თქვენს პოეზიასთან თანაზიარობა კი აუცილებლად გულისხმობს გარკვეულ ინტელექტუალურ საფუძველსა და ტკივილით დაფლეთილ სულს. ამის გარეშე სწორი აღქმა შეუძლებელია. „ გლეხის ბიჭი ვარ, ლაზარე, ხნულში ვდგავარ და ვმღერი“, - რომ წერთ, თქვენს შიშველ ფესვებს ნათლად ვხედავთ, ხოლო დახვეწილი, ევროპულ კულტურას ნაზიარები სული დაფარულია. მისი დავიწყება არ შეიძლება, რადგანაც თქვენს „ხნულს“ ნათლის სვეტად ადგას, ანათებს და ამთლიანებს... თქვენ ისეთივე ოსტატობით შეგიძლიათ დაწეროთ ჭეშმრიტად „ხალხური“ ლექსი, როგორც დიდებულ ოსტატთა შესაშური სონეტი.
რამდენი ვილაპარაკე...
ვილაპარაკე კი არა, „წყალი ვნაყე“, „კედელს ცერცვი შევაყარე“... სიტყვა ვერ დაგაცდენინეთ... რა ბრძანეთ? საუბარი არ გიყვართ, მხოლოდ წერთ?... ყველას როდი შეუძლია ასე ცხოვრება...
უკაცრავად... მართლა ძალიან შეგაწუხეთ. თქვენი სულგრძელობის იმედი მქონდა. თქვენთან ერთად , ალბათ , მკითხველიც დავტანჯე. რა ბრძანეთ? ბოლოსდაბოლოს ვთქვა, ვისზე ვწერ? არ შემიძლია. დასაწყისში დავპირდი, დავპირდი კი არა, ფიცი მივეცი, „თქვენ არც კი გამოჩნდებით, სახელსაც კი არ ვახსენებ-მეთქი თქვენსას“... არ შეიძლება.
„გამოთხოვების“ ციკლში კი ერთი ასეთი ლექსიც არის: „ძველი წარწერები“, რომელიც შემდეგი სტრიქონებით მთავრდება:

ოსტატი, ვისი სახელიც
არ იკითხება...
გაქრა...

მაპატიეთ, ისევ ვერაფერი გითხარით.
საშველი არ ყოფილა და ეგ არის...


1990 წელი. თბილისი.
პოეზია - 90.

ბმული:
* https://www.facebook.com/notes/lali-gulisashvili/ინტერვიუ-რომელიც-არ-შემდგარა/2640868169467051/


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 465
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლალი გულისაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 2 EmptyWed Jun 17, 2020 12:02 pm

ლალი გულისაშვილი - Page 2 Gulisa10

ლალი გულისაშვილი

***
ვნუგეშობ... რაღა ნუგეში,
სუნთქვას ვიბრუნებ ძალათი,
ბორბალოს მთაზე ჰკიდია,
ფატმან-ხათუნის ხალათი...

ოცნება... რისი ოცნება,
რა მქონდა, ანდა რა დამრჩა,
არც ვინ ჩანს, ხელი გამოჰკრას,
გულზე დადებულ დამბაჩას...

იმედი... რაღა იმედი,
აღარ ჩანს სატრფოს ბარათი,
ბორბალოს მთაზე ფრიალებს,
ფატმან-ხათუნის ხალათი...


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6151
Registration date : 09.11.08

ლალი გულისაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 2 EmptyThu Jun 18, 2020 10:37 am


ლალი გულისაშვილი - დედის ანდერძი
•Jun 18, 2020

დედის ანდერძი
© ლალი გულისაშვილი
(კითხულობს ავტორი)
© ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2020

***
ლალი გულისაშვილი

დედის ანდერძი

გაიზარდა ჩემი შვილი,
უკვე ნახა რომი, ნიცა,
მაგრამ გაგრა არ უნახავს,
არ უნახავს ლურჯი რიწა...

სამშობლოში ტუსაღები -
ბიჭვინთა და აგუძერა,
არ უნახავს სოხუმი და
გული რაღამ აუძგერა?!

თუ მამულში დაგეკარგა
თუნდაც ერთი გოჯი მიწა,
თუ სოხუმი არ გინახავს,
არ გინახავ კინდღი, რიწა...

უნდა რკინის ქალამნებით
შეაწუხო ცაში ღმერთი,
ჩემო შვილო, უსათუოდ
უნდა ნახო აფხაზეთი!


***
Mother's Testament
The verse by Lali Gulisashvili (in Georgian)
This clip is made with: 'Ballade pour Adeline' by André Rieu.
© This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020

ბმული:
* https://youtu.be/prvwTTlQVBI

ლალი გულისაშვილი - Page 2 Lg-09-10

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6151
Registration date : 09.11.08

ლალი გულისაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 2 EmptyThu Oct 01, 2020 11:32 pm

ლალი გულისაშვილი

***
თურმე სიყვარულის ზარებს,
უცხო კარზე დაურეკავს,
შეწყდა მოლოდინის ცრემლი,
ქარს ღრუბლები გაურეკავს...

ჩაუვლია გაზაფხულებს,
სიჩუმეა საოცარი,
ყველაფერი დამკარგვია,
ვერ მიცვნია სალოცავი...

თურმე სიყვარულის ზარებს,
უცხო კარზე დაურეკავს,
ქარს ღრუბლები თიკნებივით
სამხრეთისკენ გაურეკავს...

დამვიწყნია ფერი შინდის,
სახე საოცნებო ფრესკის,
მივდგომივარ უცხო კარს და
არაფერი აღარ მესმის...


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6151
Registration date : 09.11.08

ლალი გულისაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 2 EmptyWed Oct 14, 2020 2:04 pm

ლალი გულისაშვილი

***
საით მიდიხარ,
შემკრთალო კრავო?
იმ ნასაყდრალში
აღარ ცხოვრობს უკვე არავინ,
მაყვლის ბუჩქს შერჩა
წმინდა მატყლი - თეთრი სანთელი,
ამ ბილიკს გაჰყვნენ
მოწყენილი შენიანები...
დაბრუნდი უკან,
სატაცურის გრილი თითებით,
კვლავ გამოჩნდება უცხო მგზავრი
და დამშვიდდები...


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ლალი გულისაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   ლალი გულისაშვილი - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ლალი გულისაშვილი
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: