| | რუსკა ჟორჟოლიანი Ruska Jorjoliani | |
| | Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
 | Subject: რუსკა ჟორჟოლიანი Ruska Jorjoliani Thu Dec 14, 2017 11:10 pm | |
|  Ruska Jorjoliani რუსკა ჟორჟოლიანი რუსუდან (რუსკა) ჟორჟოლიანი (მესტია, 1985) აფხაზეთის ომის შემდეგ ცხოვრობდა ჯერ თბილისში, 2007 წლიდან კი იტალიაში. იქვე დაამთავრა პალერმოს უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტი. 2009 წელს მისი ერთი ლექსი მთავარი პრიზით დაჯილდოვდა ლიტერატურულ კონკურს "მონდელო ჯოვანი"-ზე [Mondello Giovani]. 2015 წელს კი გამოქვეყნდა მისი პირველი რომანი, "შენი აქ ყოფნა, როგორც ქალაქი",რომელმაც "განსაკუთრებული აღნიშვნა" დაიმსახურა ჰერმან გეიგერის კონკურსზე დებიუტანტებისთვის. "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის" ხელშეწყობით, რომანი მალე გერმანულ ენაზე გამოიცემა. "შენი აქ ყოფნა, როგორც ქალაქი" რომანის სიუჟეტის ათვლის წერტილია, საბჭოთა კავშირის ერთ გამოგონილ ქალაქში, ლენინის პორტრეტის ფანჯრიდან მოსროლის ჟესტი. ყველა სხვა, დიდი თუ მცირე მოვლენა - დასმენა იქნება, გაციმბირება, თუ უბრალოდ ჭადრაკის თამაში - ამ ერთიდან მომდინარეობს. საგნებს, როგორც პერსონაჟებს, თავიანთი როლი აქვთ: აქა-იქ კრთებიან ძველი ფოტოები, ჩაის ჭიქები, ბრინჯაოს ზარი უცნაური წარწერით, ლურჯყდიანი დღიური, "ვეფხისტყაოსანიც" კი. ამბის მთხრობელი ვინმე ალექსანდრეა, ბიბლიოთეკარი. შიგადაშიგ ჩუმად გადაკრავს ხოლმე სასმელს, წიგნების კითხვაზე თავს არ იდებს, სამაგიეროდ უსასრულო წერილებს სწერს ციმბირში გადაკარგულ ძმას. ფონად კი ქალაქია, თითქოს ტბაში ჩაძირული, ისეთი, ვერავინ რომ ვერ იტყვის დანამდვილებით, ქალაქია მართლა თუ არა. რომანის სახელწოდება აღებულია ბორის პასტერნაკის ამ ლექსიდან: Борис Пастернак *** Ты здесь, мы в воздухе одном. Твое присутствие, как город, Как тихий Киев за окном, Который в зной лучей обернут, Который спит, не опочив, И сном борим, но не поборот, Срывает с шеи кирпичи, Как потный чесучовый ворот, В котором, пропотев листвой От взятых только что препятствий, На побежденной мостовой Устало тополя толпятся. Ты вся, как мысль, что этот Днепр В зеленой коже рвов и стежек, Как жалобная книга недр Для наших записей расхожих. Твое присутствие, как зов За полдень поскорей усесться И, перечтя его с азов, Вписать в него твое соседство. 1931 ამ წიგნის მხატვარია რუსკას და, ქეთი ჟორჟოლიანი, რომელმაც პალერმოს ნატიფ ხელოვნებათა აკადემია დაამთავრა და რომლის ნახატებსაც აქ ნახავთ -- https://www.facebook.com/Ketevan-Jorjoliani-149616332203261/ LA TUA PRESENZA E' COME UNA CITTA' Ruska Jorjoliani Collana:SEDICIGIUGNO Pagine:176 Prezzo: 14,00 € ISBN:9788899006068 Formato:14X21 cm Data pubblicazione: 15/12/2015 Viktor e Dimitri si conoscono a Miroslav da bambini, crescono insieme, poi frequentano l’università a Mosca. Dimitri diventa professore di letteratura, Viktor ingegnere. Dimitri non crede nella causa sovietica. Un giorno hanno una discussione e le loro divergenze di pensiero si manifestano aspramente. Dimitri, amareggiato, entra nella sua classe e davanti agli alunni fa volare dalla finestra il ritratto di Lenin. Viene arrestato. Viktor, interrogato, ammette che Dimitri non ha mai creduto nella rivoluzione; Dimitri è quindi spedito in Siberia ai lavori forzati. In seguito, Viktor, sposato e con un figlio, Saša, prende in casa Šošanna e Kirill, la moglie e il figlio dell’amico. I due bambini vivranno nella stessa casa, cresceranno come fratelli. Saša diventerà bibliotecario e scriverà lettere a Kirill, anche lui come il padre mandato al confino in Siberia. Saša è la voce narrante del libro. La voce di un bibliotecario riecheggia delle mille voci custodite tra le pareti di libri, geni nelle lampade. La voce di Saša comporrà puzzle. Sarà il filo d'oro che unisce i due corsi della narrazione, tre generazioni. E tante russie. Una mappa della Russia fatta di pezzi di numerose mappe della Russia, con le cuciture ben visibili; il nome della Russia che per non morire si diffrange nei nomi di poeti russi, di posti russi, di oggetti russi. * http://www.corrimanoedizioni.it/catalogoამონარიდები იტალიური გაზეთებიდან მოამზადა და ქართულად თარგმნა ნუნუ გელაძემ LA STAMPA (გაზეთი "ლა სტამპა", n°56, ტურინი, პარასკევი, 26 თებერვალი 2016) შვიდი წლის იყო ეს ქართველი დევნილი გოგონა, როცა ეთნიკურ წმენდას გამოქცეულ იმ ზღვა, გაუბედურებული ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებოდა, თბილისს რომ შეაფარა თავი. დღეს, 30 წლის ასაკში, ის იტალიელი მწერალია, რომელმაც თავისი პირველი, გამაოგნებელი ლიტერატურული დონის ნაწარმოები გამოაქვეყნა. რუსკა ჟორჟოლიანის ისტორია ყველასგან განსხვავებულია: იმ სიცილიელ ოჯახთან ურთიერთობიდან იწყება, რომელმაც, თავის დროზე პალერმოს მერიის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, ის იშვილა და გაზარდა, თანაც ისე, რომ ნამდვილ მშობლებს არ ჩანაცვლებია, უბრალოდ გვერდში ამოუდგა მათ. ამას გარდა, ეს ენობრივი არჩევანის ისტორიაცაა. უკვე არაერთი მწერალია ჩვენს ლიტერატურაში, რომელიც აქ არ დაბადებულა, სხვა ენას მიეკუთვნება, თუმცა წარმატებულადაა გადმონერგილი ჩვენს კულტურულ ნიადაგში. რუსკას შემთხვევა ამ მხრივაც გამორჩეულია: მისი სრულყოფილი იტალიური თავისი მუსიკალურობით “უცხოურ” ფონზე ვიბრირებს […]. ეს რომანი შექმნილია განყენებული პოზიციიდან, სრულიად უნიკალური მზერით. თუ როგორ მოახერხა ეს, ალბათ, იმ იდუმალი კოქტეილის იდეით აიხსნება, რომელსაც ჯოისმა “ათი პროცენტი ინსპირაცია და ოთხმოცდაათი პროცენტი ტრანსპირაცია” უწოდა, ანუ შრომა და ოფლისღვრა, მაგრამ არა მარტო ეს. ამ წიგნის შექმნის ისტორიაზე მისი ორ ქვეყანას შორის გაყოფილი ცხოვრება მეტყველებს. რუსკა არ არის ემიგრანტი ვიწრო გაგებით. ის პირველად იტალიაში ტურისტული ვიზით მოხვდა, პალერმოს მერიის ინიციატივით, რომელიც აფხაზეთიდან დევნილ ქართველ ბავშვებს სიცილიურ ოჯახებში რამდენიმე თვით ასვენებდა. იმ ტრაგედიამ - დღეს თითქმის დავიწყებულმა - მაშინ მსოფლიო შეძრა, მხოლოდ რამდენიმე წამით, როგორც ხდება ხოლმე […]. აფხაზეთმა, საქართველოს ერთ-ერთმა რეგიონმა, მოსკოვის მხარდაჭერით გამოყოფა სცადა. ქართულმა მხარემ წინააღმდეგობის გაწევა ბოლომდე ვერ მოახერხა და დამარცხდა, რასაც რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდა მოჰყვა. მსხვერპლის რაოდენობა, 1992 და 1993 წლებში, ათ-ოცდაათ ათას შორის მერყეობდა. არანაკლები იყო დევნილების რაოდენობა, რომელთაც ძირითადად თბილისს შეაფარეს თავი. მათი დამხმარე არავინ ჩანდა. რუსკა ჟორჟოლიანის ოჯახმა, აგრონომმა მამამ და მასწავლებელმა დედამ, დროის მცირე მონაკვეთში თითქმის ყველაფერი დაკარგა. თვითონ მთელი ერთი წელი მთებში ბაბუასთან და ბებიასთან შეხიზნულმა გაატარა. მათი ერთადერთი პერპექტივა თბილისში ერთოთახიანი ვიწრო ბინა იყო მთელი ოჯახისთვის. […] მისი საყვარელი ავტორები არიან: ნაბოკოვი, კუნდერა, დანილო კიში, და პარალელურად, იტალიელი მწერლები: პონტიჯა, ლანდოლფი, ფენოლიო. სამაგისტრო თეზისი ერთ ქართველ ფილოსოფოსზე დაიცვა. [...] მისი, როგორც მწერლის ისტორია, ახლა იწყება. ინტერნეტ ბმული: http://www.lastampa.it/2016/02/26/cultura/storia-di-ruska-che-pensa-in-russo-e-scrive-in-italiano-mrVMTNS3WEMMXKJTBllxsN/pagina.html LA REPUBBLICA (“ლა რეპუბლიკა”, n°16, 20 იანვარი 2016) სამოქალაქო ომი საქართველოში, ჩამოსვლა პალერმოს აეროპორტში 11 წლის ასაკში და ახალი მშობლები: რუსკა ჟორჟოლიანი წარადგენს თავის რომანს და ყვება თავის ისტორიას კეთილი დასასრულით. […] რუსკამ პალერმოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სადიპლომო დაიცვა მერაბ მამარდაშვილზე, ქართველ ფილოსოფოსზე, რომლის ერთ-ერთ პირველ მთარგმნელადაც გვევლინება იტალიურ ენაზე [...] რუსკა დაუღალავი მკითხველია, იტალიურად წერა რამდენიმე წლის წინ დაიწყო: 2008 გაიმარჯვა პოეტურ კონკურსში "მონდელო ჯოვანი" დინო კამპანასადმი მიძღვნილი ლექსით; ახლა კი თავისი პირველი რომანი გამოაქვეყნა, სახელწოდებით "შენი აქ ყოფნა, როგორც ქალაქი", რომლის მოქმედებაც საბჭოთა კავშირში ხდება. ინტერნეტ ბმული: http://video.repubblica.it/edizione/palermo/la-georgiana-salvata-da-palermo/225580/224843L’UNITA’ (“უნიტა”, 30 იანვარი 2016) რუსკა ჟორჟოლიანი – "შენი აქ ყოფნა, როგორც ქალაქი" – გამომცემლობა "კორიმანო" (ფასი 14 ევრო) საოცარი დებიუტი ოცდაათი წლის ქართველი გოგონასი, რომელიც პალერმოში ცხოვრობს და წერს პირდაპირ იტალიურად. პირველივე გვერდიდან იმოგზაურებთ საბჭოთა რუსეთში, ერთი ოჯახის თაობათა მონაცვლეობის კვალდაკვალ. ჩაინიშნეთ ეს სახელი და გვარი, მასზე აუცილებლად ისაუბრებენ. ინტერნეტ ბმული: http://www.unita.tv/focus/5-libri-consigliati-dalla-libreria-indipendente-modusvivendi-di-palermo/რუსკა ჟორჟოლიანის რომანის „შენი აქ ყოფნა, როგორც ქალაქი“ გერმანულ თარგმანი გამოიცემა 2018 წელს შვეიცარიაში: Jorjoliani, Ruska Dein Dasein als die Stadt* Übers.: Barbara Sauser Rotpunkt Verlag, 2018 * https://www.book-fair.com/images/fbm/logos/fbm--ehrengast/2018/neuerscheinungsliste_georgien_april2018_64899.pdf, die Seite 12. ბმულები: * http://www.specimen.press/articles/frammenti-di-unautobiografia-che-non-scrivero-mai/* https://www.facebook.com/ruska.jorjoliani* https://www.amazon.it/tua-presenza-come-una-citt%C3%A0/dp/8899006067/ref=sr_1_1?s=books&ie=UTF8&qid=1513280599&sr=1-1* 
Last edited by Admin on Thu Apr 26, 2018 11:29 pm; edited 8 times in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: რუსკა ჟორჟოლიანი Ruska Jorjoliani Thu Dec 14, 2017 11:24 pm | |
| რუსკა ჟორჟოლიანი ნაწყვეტები ავტობიოგრაფიიდან, რომელსაც არასოდეს დავწერWritten in Italian by Ruska Jorjoliani Translated into Georgian by Darejan Kikoliashvili საკვირველი ყაბარდოული ბედაურები ჩვენს მხარეში საგმირო ამბავთა თხრობა იმ ნაფოტს მოგაგონებდათ, სამუშაო მაგიდის ფეხს რომ შეუყენებდნენ, არ იყანყალოსო; დაზგაზე კი იაფფასიანი ხელსაწყოები შემოეწყოთ და დაუსრულებელი, მომქანცველი ზამთრებივით თან დაათრევდნენ. იმ საგმირო ამბების ცხენები იყო, მშიერი და დავრდომილი, მაგრამ მაინც ცხენები, ჩემი ბავშვური ფანტაზია რომ გააღვივეს... ვხედავდი ხოლმე, ყოველ დილით როგორ მოახტებოდა თავის ქურანს ჩვენი მეზობელი ჩიკო. შალის უხეშ ქუდს შეისწორებდა, ერთს დასჭყივლებდა და მთებს იქით იკარგებოდა თქარუნით. ერთ არსებად იქცეოდნენ ხოლმე ცხენი და სადავეებს ჩაფრენილი ჩიკო. მათ შეეძლოთ, რომ, კაცზე უწინ, ბუნების მიერ დადგენილი კანონის საზღვრებს გასცდენოდნენ, ექროლათ და სხვა ჰაერის, ადამიანის თვალისგან დაფარული სულ სხვა სამყაროს სუნი ეკრათ. ოციოდე კილომეტრი უნდა გაევლო ცხენით, მერე ჩამომხტარიყო და ფეხით შესდგომოდა აღმართს, თორემ შეიძლებოდა, ცხენი უფსკრულში გადაჩეხილიყო. მერე ტბამდე უნდა მიეღწია, გაზაფხულზე - მწვანე, ზაფხულში კი ცისფერ ტბამდე, რომელზეც ვერავინ გეტყოდათ, რა ფერისა იყო შემოდგომაზე ან ზამთარში, რადგან ვერავის გაებედა წელიწადის ამ დროს იქამდე მისვლა. ბოლოს კი მთა უნდა დაენახა, საღათას ძილში ჩაძირული გველეშაპის კუდივით გაწვრილებული. და შორს კიდევ, სხვათა, უცნობთა, სხვა ღვთაებათა შვილების - ყაბარდოელების სახლებიც დაელანდა... ყაბარდოელი ჩემს დღეში არ მენახა და პაპაჩემს რომ ვეკითხებოდი, მართლა არსებობდნენ თუ არა, ან როგორი იყვნენ, მხრებს აიჩეჩავდა: „ჩვენსავით საზღვრისპირა ხალხი უნდა იყოს, ასე მგონია". პაპაჩემი, ისევე როგორც პაპამისი, არასდროს მოსწრებია ყაბარდოელების შემოსევას, მაგრამ სულ იმას ამბობდა, შეიძლება ოდესმე ასეც მოხდესო: ერთ დღესაც მთის გველეშაპმა გაიღვიძოს, ტბა ამოხაპოს და, ჩვენსაზე ათასჯერ უფრო ღონიერ და სწრაფ, ყაბარდოულ საარაკო ცხენებზე ამხედრებულ სხვა ღმერთთა შვილებს ჩვენი მიწისკენ გამოუძღვესო. მუდამ მზად უნდა ვყოფილიყავით. ამიტომ იყო, რომ დიდი გულმოდგინედ, გამოუთქმელი მღელვარებითა და შეუპოვრად ერთი მეორის მიყოლებით აშენებდნენ ქვის კოშკებს - ყაბარდოელი იქნებოდა თუ სხვა ვინმე, არავის ისე არ უნდა გაევლო ამ ხეობებში, დაუველი ჰგონებოდა, რადგან აქ ყოველი გოჯი რომელიმე ღვთაებას ეკუთვნოდა და არაფერს ჰქონდა მხოლოდ ფიზიკური სახე: მდინარეები იქნებოდა თუ სიმღერები, ამ მდინარეებს რომ ეხმიანებოდნენ... მკვდრები, რომელთა სულები წელიწადში ერთხელ შინ ბრუნდებოდნენ... და ცოცხლები, რომლებიც იარაღს და ყოველნაირ წვეტიან ნივთს მალავდნენ, სულებს რომ არ შეშინებოდათ... ჩვენ, საზღვრისპირა ხალხმა ბრძოლა დიდი ხნის წინ წავაგეთ. უფრო ადრე, ვიდრე საზღვრის, ბრძოლისა და ბრძოლაში ჩაბმული საზღვრისპირა ხალხის მნიშვნელობას სათანადოდ გავიაზრებდით... და ცხენის ზურგზე გაკრული ჩიკო სხვაგან სად წავიდოდა, თუ არა იმ საგმირო ამბავთა საჭვრეტად, არასოდეს რომ მომხდარა. იმ ეპოსისა, რომელიც დროის ჩარჩოში ვერ თავსდება და ამიტომ მუდამ დროის მიღმაა. იმ სიქველეთა საცქერლად, რომელიც არასდროს გადახდენია თავს, - ყველაზე რთულად გადასაკვეთ, მაგრამ თან გაფერმკრთალებულ, უკვე დაძლეულ საზღვართან შესაჭიდებლად... თუ განაპირდები, უკეთ დაინახავ საგნების ფორმებს. ყაბარდოული ცხენებიც ძველებურად ავსებენ ჩემს კიდევ უფრო მშფოთვარე სიზმრებს და მიუხედავად დამარცხებისა, მიუხედავად იმისა, რომ ყაბარდოელი ჩემს დღეში არ მინახავს, ზუსტად ვიცი - უფრო შორსაც რომ მომისროლოს გეოგრაფიის და ისტორიის საერთო ზრახვებმა - ერთ დღესაც, შინ დაბრუნებულს, იქვე დამხვდებიან მომლოდინე საზღვრისპირა ადამიანები, არარსებული რაღაცის მოდარაჯენი: პაპაჩემი, მისი ყაბარდოელები და საკვირველი ყაბარდოული ბედაურები. ბმული: * http://www.specimen.press/articles/frammenti-di-unautobiografia-che-non-scrivero-mai/ 
Last edited by Admin on Tue Dec 19, 2017 9:40 am; edited 6 times in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: რუსკა ჟორჟოლიანი Ruska Jorjoliani Thu Dec 14, 2017 11:26 pm | |
| რუსკა ჟორჟოლიანი ნაწყვეტები ავტობიოგრაფიიდან, რომელსაც არასოდეს დავწერWritten in Italian by Ruska Jorjoliani Translated into Georgian by Darejan Kikoliashvili ომი სამ სურათად ჩემებისთვის, - მთის ხალხისთვის, ყველანაირ თევზს, ვეშაპის ჩათვლით, კალმახს რომ ეძახის, - ნებისმიერი დაპირისპირება ჩხუბია, უბრალო კამათიდან დაწყებული და მეორე მსოფლიო ომის „დიდი ჩხუბით“ დამთავრებული. მამაჩემს უყვარდა ხოლმე კალმახის ამბის მოყოლა, თანაც მცოდნე კაცის ეშმაკური ღიმილით, ვიდრე ერთხელაც ორიოდე საათის წინ გაცნობილმა ვიღაც ტიპმა, რამდენიმე ჭიქა ღვინის მერე არ გამოუცხადა: „ეგ ყველაფერი სისულელეა. სხვა სახელები დიახაც გვაქვს სხვა თევზებისთვის“. „აბა, რომლები?“ - ჰკითხა მამამ ღიმილით. „როგორ თუ რომლები? აი, მაგალითად...“ - და თქვა რომელიღაც უცნობი თევზის რაღაც რთული სახელი. „მე აქ დავიბადე და გავიზარდე“, - შეეპასუხა მამა, - „მაგრამ მსგავსი არაფერი მსმენია“. „ეგ არც არაფერს ნიშნავს“, - მიუგო იმან, - „ან შეიძლება იმას ნიშნავს, რომ უვიცი ხარ და მეტი არაფერი...“ მამა აღარ იღიმებოდა და იმ კაცივით ატრიალებდა თვალებს, რომელსაც მუშტი-კრივისაც ბევრი გაეგება... ჰოდა, იმ ომმა რომ მოგვისწრო, - და არა იქიდან, საიდანაც პაპაჩემს ეშინოდა, არამედ სულ სხვა მხრიდან, - ვეღარავინ გაბედა მისთვის „ჩხუბი“ დაეძახა. შეიძლება იმიტომაც, რომ ენა შეიცვალა, ან იქნებ ომები შეიცვალა. უფრო ხშირად, სიტუაციების მიხედვით, სურათებს იშველიებდნენ, ზოგად ან დაწვრილებით აღწერებს, იმ პერიოდის აღსანიშნად, როდესაც - „ლტოლვილებმა მთა-მთა ვიარეთ“, „ჩვენ ვცადეთ მდინარეში გავსულიყავით, მაგრამ მეორე ნაპირი, მოახლოების მაგივრად, უფრო და უფრო შორს მიიწევდა“, „ტანსაცმლის ქვეშ ზოგს ჯერ კიდევ პიჟამო ეცვა“. მე მხოლოდ სამ სურათს ვხედავ. ალესილი და მჭრელი კიდეები აქვთ. და ზოგჯერ, ღამით, როდესაც თავდაცვის მექანიზმი მომიდუნდება, ეს სურათები ისევ და ისევ თვალწინ ჩამივლიან ხოლმე, როგორც მოშლილ სტერეოსკოპში, თითქმის კინემატოგრაფიული სიზუსტით. ოღონდ ერთი ესაა, რომ სამივე ეს სურათი ფერების გარეშეა, რადგან დრო, პირველ რიგში, საგანთა ფერებს არ ინდობს. პირველი სურათი (ერთადერთი ფერი დაბალვოლტიანი ნათურის მკრთალი ყვითელია): მამაჩემი შინ ბრუნდება, შუაღამეა, შფოთავს, სწრაფი მოძრაობით კარადაში მალავს „კალაშნიკოვს“. ტანსაცმლიანად დაწვება ჩემს საწოლზე, ლოყაზე მკოცნის და წვერით მჩხვლეტს, დედას წვრილი კისრის ქვეშ მკლავს ამოსდებს და ამბობს: „მორჩა. მე ამ ომში აღარ ვიომებ. მეორე სურათი (ცა ნაცრისფერია): პაპა, უკვე მოხუცი და სრულიად ბრმა, ბაღის სკამისკენ მიდის ფრთხილად. პირველმა ყინვამ უკვე დააზრო ბაღის ბუჩქები და ბალახი. კეპიანი ქუდი ახურავს, რკინის ჯოხს ეყრდნობა, კარგად ესმის განგაშის სიგნალი, თითმფრინავებს გუგუნიც, დაბლა რომ მოფრინავენ და უცებ ამბობს: „კიდევ კარგი, ბრმა ვარ. ნეტავ ყრუც ვიყო, ჯანდაბა, ნეტავ ყრუც ვიყო“. მესამე სურათი (მგონი, ერთ მათგანს წითელი ჯემპრი აცვია): დედაჩემმა შეიტყო, რომ მის ბიძაშვილს, სამი შვილის მამას, ტელევიზორი აუფეთქდა და დაიღუპა. ამ დროს ჩვენთან მეზობელია სტუმრად, მკაცრი და წაწვეტებულნაკვთებიანი ქალი, რომელიც დედაჩემს ეუბნება: „ეს რა სიკვდილია? ომში მაინც დაცემულიყო“. სიფრიფანა და ტირილით აცახცახებული დედა თავს ასწევს, დაჟინებით უყურებს - იმის თვალებში პირველად ვხედავ დიდ სიძულვილს ამ ქალის მიმართ, ან რაღაც იმისადმი, რაც მისი სიტყვების უკან დგას. ბმული: * http://www.specimen.press/articles/frammenti-di-unautobiografia-che-non-scrivero-mai/ 
Last edited by Admin on Sat Dec 16, 2017 5:01 pm; edited 3 times in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: რუსკა ჟორჟოლიანი Ruska Jorjoliani Thu Dec 14, 2017 11:27 pm | |
| რუსკა ჟორჟოლიანი ნაწყვეტები ავტობიოგრაფიიდან, რომელსაც არასოდეს დავწერWritten in Italian by Ruska Jorjoliani Translated into Georgian by Darejan Kikoliashvili უცხო ქალაქი ვერ გაეგო, სად იმყოფებოდა. აღებდა ერთ კარს და მეორე კარი ხვდებოდა, მასაც აღებდა და მესამე ეფეთებოდა. ბოლოს, საწოლიდან წამოხტა. აქოშინებული და დაქანცული ფანჯარაში ზღვის ვიწრო ზოლს მიაშტერდა. დედის სიტყვები გაახსენდა, გამგზავრების წინა ღამით, ნავთის ლამფით განათებულ ოთახში რომ ეუბნებოდა: „იქ ასე არ ებნელება, აი, ნახავ“. მართალია, იმ ოთახს ბნელი არ ეთქმოდა, მაგრამ წვიმა ხმაურით და ლამის ჰორიზონტალურად ასხამდა მინაზე, - ღონივრად, გადაუღებლად და ფანჯარას ამუქებდა. ქერათმიანმა და ელეგანტურად ჩაცმულმა ქალმა შოკოლადის ფილა გატეხა, ჯერ ორად, მერე, მეთოდურად, თითოეული მათგანიც ორ, უფრო პატარა ნატეხად; ფრთხილად დაიჭირა ვერცხლის ქაღალდი და მზრუნველად, თითქმის ალერსიანად გაუწოდა დივანის კუთხეში მიკუნჭულ გოგონას. მან კი მადლობის გადასახელად უბრალო სიტყვებიც კი არ იცოდა. მორცხვად და გაუბედავად დააპირა ნატეხის აღება: ჯერ ქალს შეხედა, მერე შოკოლადს. უცებ რაღაცამ შეაჩერა, ხელი ჰაერში გაუშეშდა, ერთი წამით ასე იყო, მერე გულამოსკვნით ატირდა. მოგვიანებით, ერთმა კაცმა, ამ ქალის ქმარმა, წითელი მანქანით მოატარა ზღვის სანაპირო. ხასხასა ფერებით შეღებილ სანაყინეში ნაყინი უყიდა და თითით ანიშნა თეთრ აფრიან ნავზე, რომელიც ნელა მიცურავდა გაშლილ ზღვაში. იმ აფრის ჭრიალის ხმა ნიავს მოჰქონდა ნავმისადგომამდე, სადაც ისინი იდგნენ, მაღალი კაცი და გამხდარი გოგონა, ხელში ნახევრად დამდნარი ნაყინის კონუსით. მანქანაში დაბრუნებულებს, ხმა აღარ ამოუღიათ, ჩუმად იმგზავრეს. სახლთან შეჩერდნენ, ყავისფერ სახურავიან ყვითელ სახლთან. ღობის გვერდით ბუგანვილი ყვაოდა. კაცმა მანქანის გასაღები გამოაძრო, ჰაერში გააქან-გამოაქანა, ააჩხრიალა და ბავშვს დამარცვლით, გარკვევით უთხრა: „გა-სა-ღე-ბი. ეს გასაღებია“. გოგონამ პირველად მიიღო იმ ადამიანის სახე, გაღიმებას რომ აპირებს, შემდეგ ხელი გაიშვირა ლურჯი ზოლისკენ, რომელიც საქარე მინის ზუსტად შუაზე გადიოდა. კაცმა, აშკარა შვებით, თქვა: „აჰ, ეგა?.. ეგ ზღვაა, ზღვა“. ბმული: * http://www.specimen.press/articles/frammenti-di-unautobiografia-che-non-scrivero-mai/ 
Last edited by Admin on Fri Dec 15, 2017 5:57 pm; edited 1 time in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: რუსკა ჟორჟოლიანი Ruska Jorjoliani Thu Dec 14, 2017 11:29 pm | |
| რუსკა ჟორჟოლიანი ნაწყვეტები ავტობიოგრაფიიდან, რომელსაც არასოდეს დავწერWritten in Italian by Ruska Jorjoliani Translated into Georgian by Darejan Kikoliashvili სიტყვები კითხვა იმიტომ ვისწავლე, რომ პაპასთვის ახალ-ახალი ამბები მომეყოლა, რაკი საკუთარი ნელ-ნელა შემოაკლდა (პირველი წიგნი, რომელიც წავუკითხე, ერთ ახოვან, ცალხელა კაცზე იყო, ციმბირის მიყრუებულ ქალაქში ძმის საძებნელად რომ წავიდა). ვუკითხავდი ამბებს პაპაჩემს და, ალბათ, მრავალი წლის მერე, სწორედ ამის გამო დავიწყე წერა. დღეს კი, ფერსაჭერი მჟავის მსგავსად, რომელიც მე და სამყაროს თან გვყოფს და თანაც აადვილებს ცხოვრების ფერთა ჩემზე აღბეჭდვას, სიტყვები რელიეფურ ყალიბებად, ანაბეჭდებად, პროფილებად გარდაიქმნება, და ვფიქრობ, ადამიანი ამით ფასდება; ესე იგი, იმით, თუ როგორ ეჭიდება სიტყვებს ანდა როგორ რეაგირებს თოვლში გადაკარგული ძმის საძებნელად წასული კაცის თავგადასავალზე. თეთრი ფურცლის შიში არა მაქვს, უკვე დაწერილი ფურცელი მაფრთხობს. ჩემი ხელით გამოყვანილ ყოველ ფრაზას ავიღებდი და ხელახლა დავწერდი. დროის უკიდურეს საზღვრამდე ვიწვალებდი, ამ საზღვარსაც უყოყმანოდ გადავცდებოდი, რადგან ერთადერთი, რაც მაღელვებს, უსაზღვროების, „ამის იქით რა იქნებას“ ჭვრეტაა, როგორც წიგნში, რომელსაც თუ კიდევ ერთხელ გადაიკითხავ, სულ სხვა წიგნია; და ასევე მეგობრებთან დროსტარებაში, რომელსაც აზრი მაშინ ეძლევა, თუ მეგობრები უკვე აღარ ხართ, ან წინანდელზე უფრო მეტად ხართ. თეთრი ფურცელი მუნჯია იმ ხალხივით, ვისთვისაც სიტყვებს აზრი არა აქვს, ან, პირიქით, მეტისმეტი მნიშვნელობა აქვს, რაც ძალზე ხშირად ერთი და იგივეა. ამ ორსავე შემთხვევაში გაბედულება არ გყოფნის, სიტყვებში ჩაება, როგორც ყველაზე უარეს სასიყვარულო ისტორიებში. ყველაზე უარესი კი ის ისტორიებია, რომლებში ჩაბმაც ვერ გავბედეთ. მე კი სიტყვებს ვებღაუჭებოდი მუდმივად: ჩემი ყოველი დღის როგორღაც გამართლება სულ რამდენიმე სიტყვაა. ყოველი თავის ბოლოს დასმული წერტილი იმ სხვაობის ხსოვნაა, რაც მინდოდა დამეწერა და რაც რეალურად დავწერე. სამაგიეროდ, ჩემი ყოველი ღამე სავსეა პაპაჩემის ან ჯიხვებზე მონადირე ბებერი ჩიკოს მონაყოლი ამბებით. ყოველ დილით ვფენ და ვაშრობ ამ ისტორიებს, და ვუქარგავ ზედაპირს, რაც ხელთ მივარდება, ქაღალდი იქნება თუ ყოველდღიურობის თეთრი ტილო. და თუმცა კარგად ვხედავ მოსალოდნელ სინანულსაც, ვიღაც ან რაღაც, ღამით შობილი სიტყვების უკან რომ დგას, მეუბნება, რომ ერთადერთი, რაც მევალება, დილით ამ სიტყვების ავანსცენაზე გამოყვანაა, დამწყები მსახიობებივით, და მათი შეცდომებისა და თუნდაც სულ ერთი მისხალი სიხარულის საზღაურის ჯიბეში ჩადება. ერთხელ მესიზმრა, თითქოს რაღაც უნდა მეთქვა. ვიძაბებოდი, მთელი მონდომებით ვცდილობდი, მაგრამ ვერ ვახერხებდი საჭირო სიტყვის ზუსტად წარმოთქმას. ვიბრძოდი, ვფართხალებდი, ყელის ძარღვები მებერებოდა. და ეს იმას ჰგავდა, თითქოს პაპა მოკვდა, ან ცნობა მოვიდა, - ჩიკო ნადირობიდან აღარ დაბრუნებულაო... ყოველთვის მხოლოდ ის მაინტერესებს, „შემდეგ“ რა არის, მაგრამ ეს „შემდეგ“ იმასთან არის დაკავშირებული, რაც არავინ იცის, როდის დაიწყო. ვინ იყო პირველი, რომელმაც ცეცხლის პირას ამბის მოყოლა წამოიწყო ან ბრტყელ ზედაპირზე სურათი ამოკაწრა და შემდეგ ინანა, რადგან იფიქრა, რომ უკეთაც შეეძლო; ან სულაც არ უნდა ექნა ეს, მაგრამ მეორე დღესაც ისევ იგივე გაიმეორა. და ვიღაცამ, უფრო ახალგაზრდამ, იმ ღამით სიზმარი ნახა და მოგვიანებით მის კვალს გაჰყვა. და აი, ასე, - მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ კვალს მივყვე. ვინანო. შემდეგ, თითქოს უდაბნოდან ან წვიმის ხმაურში ჩემამდე მოღწეული სუსტი ხმა მომესმას და გზა გავაგრძელო. და ეს იქამდე, ვიდრე ჩემი ღამეები პაპას ღამეებივით არ დასრულდება, როდესაც მოსაყოლი აღარაფერი ჰქონდა და უბრალო მელოდია წამიღიღინა, უსიტყვო სიმღერა. მაშინ გარდაიცვალა, როდესაც მე, შორეულ ქვეყანაში, იმის ამბებს ვწერდი იმ ენაზე, რომელიც არ იცოდა. რამდენიმე დღით ადრე ტელეფონით ველაპარაკე. გული რომ წაუვიდა, იმაზე შევეკითხე და ასე მიპასუხა: „ყველა ერთად გნახეთ, მაგიდასთან ისხედით. ყველანი კარგად იყავით, მხიარულობდით. მერე შევამჩნიე, რომ პატარავდებოდით. ოთახიც პატარავდებოდა... ან, შეიძლება, მე გშორდებოდით. სახეებს ვეღარ ვარჩევდი და ვიფიქრე, ეს აღსასრულია-მეთქი, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ასე არ მოხდა“. ბმული: * http://www.specimen.press/articles/frammenti-di-unautobiografia-che-non-scrivero-mai/ 
Last edited by Admin on Tue Dec 19, 2017 9:42 am; edited 3 times in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: რუსკა ჟორჟოლიანი Ruska Jorjoliani Sat Jan 18, 2020 2:01 pm | |
| თამთა დადეშელი დანგრეული ბავშვობა, დაფნის გვირგვინი და ქართველი გოგონას იტალიური წარმატებებიიტალიელ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება ძალიან რთულია "შენი აქ ყოფნა, როგორც ქალაქი", - ბორის პასტერნაკის ლექსიდან აღებული ეს ფრაზა იმ რომანის სახელწოდებაა, რომელიც იტალიაში მცხოვრებმა, ძალზე ჭკვიანმა და ნიჭიერმა ქართველმა გოგონამ - რუსკა ჟორჟოლიანმა იტალიურ ენაზე დაწერა და იქაური კრიტიკოსებისა და საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. საბჭოური რეალობა გამოგონილ ქალაქში ვითარდება და მამათა და შვილთა ცხოვრებას მხატვრულად ასახავს. რუსკა იტალიაში ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობს და სამომავლოდ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო სიღრმისეულად და სერიოზულად აპირებს განვითარებასა და წინსვლას. დევნილობაში გატარებული ბავშვობა, უცხო ქვეყნის სიტკბო, ნაწარმოებებსა და ნახატებში ასახული სამშობლოს სიყვარული, იტალიური ყოფა რუსკას მონათხრობის მთავარი თემებია. პალერმო - დევნილი ბავშვების "სავანე" - პალერმოში პირველად ათი წლისა იმ პროგრამის ფარგლებში მოვხვდი, რომელსაც საზოგადოება "საქართველო-იტალია" პალერმოს მერიასთან თანამშრომლობით ახორციელებდა და ძირითადად, დევნილ ბავშვებზე იყო გათვლილი. პალერმოელთა ოჯახებში გაგვანაწილეს და ზაფხულობით მთელი სამი თვის განმავლობაში ისინი გვმასპინძლობდნენ და გვპატრონობდნენ. ცდილობდნენ, ჩვენთვის ცხოვრება გაეხალისებინათ. ძირითადად, მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები ვიყავით და ისინი, ვისაც რომელიმე მშობელი დაღუპული ჰყავდა. მოკლედ, 18 წლამდე ანუ ზრდასრულ ასაკამდე, პალერმოში წლების განმავლობაში ჩავდიოდით, მერე კი თითოეული ჩვენს გზას ვირჩევდით, ზოგი საქართველოში დარჩა და სწავლა განაგრძო, დაოჯახდა, ზოგმა - იტალიელ "მშობლებთან" ურთიერთობა არ გავწყვიტეთ და ის სითბო და სიყვარული, რაც იმ წლების განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა, დღემდე მოგვყვება. ქართულ-იტალიური მრავალმხრივი სწავლა-განათლება და პირველი ლექსები - ჩემი იტალიელი მშობლების დახმარებით, თბილისში იტალიური სკოლა დავამთავრე, მერე თსუ-ში საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარე და დასრულებისთანავე იტალიაში გავემგზავრე. მათ შვილი არ ჰყავთ და ფაქტობრივად, შვილობილი ვარ. 2007 წელს გავემგზავრე იტალიაში საცხოვრებლად. თავიდან იქაც საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარე, შემდეგ პროფილი შევიცვალე და ფილოსოფიის ფაკულტეტი დავამთავრე. იტალიურ ენაზე ლექსების წერაც დავიწყე და ჩემმა პირველმა, 2009 წელს დაწერილმა ლექსმა ერთ-ერთ ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები იტალიის კულტურულ ცხოვრებაში. რაღაცებს მანამდეც ვწერდი - დღიურებს, წერილებს, ჩანახატებს ვაკეთებდი, მაგრამ ვფიქრობდი, რაიმე სერიოზულის დაწერა ჯერ ნაადრევი იყო. ჩემი წიგნის გარეკანს ჩემი დის ნამუშევარი ამშვენებს. ისიც პალერმოშია, აკადემიაში ფერწერას სწავლობს. ჩემი ძმა - ლაშა კი ლონდონში წარმატებული მუსიკოსია, დიჯეია, საკუთარი კომპოზიციებიც აქვს. ფილოსოფია უმაღლესი მეცნიერებაა. სიმონა ვეილის (ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი ქალი) პოლიტიკური წიგნების კითხვისას მივხვდი, რომ ეს ჩემი სფერო იყო. ჩემი ქაოსური იდეებისა და მისწრაფებების თავმოყრა და მოწესრიგება სწორედ ფილოსოფიას შეეძლო. სამაგისტრო მერაბ მამარდაშვილის ნაშრომებზე დავიცავი, რომლის იტალიური თარგმანი თითქმის არ მოიპოვება, ყველაფერი რუსულიდან და ქართულიდან ვთარგმნე. ნოემბერში რომის ფილოსოფიურ ჟურნალში ჩემი სტატია დაიბეჭდება, რომლის ნაწილი ჩემი სადიპლომოდანაა ამოღებული. იტალიური ენა, მამული და მგრძნობიარე საზოგადოება - იტალიელ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება ძალიან რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გახსნილები, გულითადები და მეგობრულები ჩანან. მძიმე ისტორიის მქონე ქვეყანაა, იტალიის გაერთიანებაც ხომ რთულ პროცესებთან იყო დაკავშირებული, თვითონ მათაც პრობლემები აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობაში. რეგიონებს შორის დღემდე ბევრი რამ გაურკვეველია. სიცილიელი და სარდინიელი იქაურად უფრო თვლის თავს, ვიდრე იტალიელად. ერთადერთი გამაერთიანებელი მათი ენაა. გახლეჩილობა იტალიის პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ელემენტია და ეს საზოგადოებრივ ცხოვრებაზეც აისახება. ასეთ საზოგადოებაში ემიგრანტის მიღება და თავის დამკვიდრება საკმაოდ რთულია. კარგად იციან, როგორ მოაწყონ სახლი, სად წავიდნენ, რომ ცხოვრება ხელოვნებით შეივსონ, რომელი ტილო სად ჩამოკიდონ, მაქსიმალური ესთეტიკური სიამოვნება რომ მიიღონ, როგორ მიირთვან ესა თუ ის კერძი და ყოველდღიურობა როგორ გაილამაზონ, ასეთი ნიუანსების შეტანაში ნამდვილად პირველები არიან. იტალიურად ასახული საბჭოეთი გამოგონებულ რეალობაში - ჩემი ნაწარმოები მხატვრული რომანია, იტალიურ ენაზე, სწორხაზოვანი სიუჟეტია, მაგრამ ფორმა - არა, თავებადაა დაყოფილი და მკითხველმა თვითონ უნდა დაალაგოს, თავები ერთმანეთს შეუსაბამოს. შიგადაშიგ, ჩანახატები, ლექსი, დღიური, გაზეთიდან ამონარიდი მაქვს ჩართული. საბოლოოდ, ყველაფერი ერთიანდება და მკითხველისთვის ერთიან სურათს იღებს. მოვლენები გამოგონილ იდეალურ ქალაქში ვითარდება, რომელსაც მიროსლავი ჰქვია. ისტორიულ-პოლიტიკური სივრცე საბჭოთა კავშირია, ტერიტორია - რუსეთის და სხვადასხვა წარმომავლობის პერსონაჟები არიან - ყაზახები, ქართველები, რუსი ებრაელებიც და ა.შ. ამბის თხრობა ოქტომბრის რევოლუციიდან იწყება და 2 000-იან წლებში სრულდება. ოთხი მთავარი პერსონაჟია - ბაბუები, მამები და შვილიშვილები და ისინი ერთმანეთს ცვლიან. მათი ცხოვრება ისტორიითაა გაჯერებული, რადგან ერთ-ერთი ტიპური კომუნისტია, რომელიც დარწმუნებულია, რომ განსაკუთრებულ ქალაქს ააშენებს. მისი მეგობარი დიმიტრი კი პირიქითაა, სკეპტიკოსია, ფილოლოგი და ეჭვობს, რომ ამ ყველაფერს კარგის მოტანა შეუძლია. მიუხედავად ბავშვობის მეგობრობისა, ერთმანეთის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდებათ. მას ვიქტორთან კამათი ხშირად მოსდის პოლიტიკურ თემებზე. ეს ყველაფერი კი შემდგომ მოქმედებას განსაზღვრავს ნაწარმოებში. დიმიტრის გადაასახლებენ და იქ დაიღუპება. ვიქტორი დიმიტრის შვილს იშვილებს და საკუთართან ერთად გაზრდის. მთხრობელი ვიქტორის შვილია. რომანის სათაური კი - "შენი აქ ყოფნა, როგორც ქალაქი", პასტერნაკის ლექსიდანაა აღებული. ჩემი წიგნის პრეზენტაცია პალერმოშიც გაიმართა და სიცილიის სხვა მთავარ ქალაქებშიც. რომშიცაა დაგეგმილი. ჩემთვის მოულოდნელი იყო ის დადებითი შეფასებები, რაც იტალიელი კრიტიკოსებისგან მოჰყვა. პრესამ საკმაოდ მოზრდილი სტატიებიც მომიძღვნა. ჩემი ცხოვრებით განსაკუთრებით დაინტერესდნენ, - როგორ მოხდა, რომ იტალიურად ასე კარგად ლაპარაკობ და წერ კიდეცო. ნამდვილად არ ველოდი ასეთ მიდგომას და ამან ჩემ გარშემო დადებითი განწყობა შექმნა. დევნილი ბავშვობა - ადრე, გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში ვცხოვრობდით. ძირითადად, სვანებით დასახლებული სოფელი იყო, 1989 წელს ჩემმა მშობლებმა სახლი იყიდეს და საცხოვრებლად იქ გადავედით, მაგრამ ომი რომ დაიწყო, იძულებული გავხდით, ყველაფერი მიგვეტოვებინა და საკუთარი თავისთვის გვეშველა. შემდგომ, მე ბებია-ბაბუასთან ვიყავი მესტიაში, მშობლები კი თბილისში, ჩემს ძმასა და დასთან ერთად. ერთმანეთი წელიწად-ნახევრის მერე ვნახეთ... ამ პერიოდს დაემთხვა იტალიაში წასვლის შესაძლებლობა და ამან ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა, ბავშვობა დამიბრუნა. ნებისმიერი ტიპის ომი ადამიანის ცხოვრების საჭირო ეტაპებს, ჯაჭვს ანგრევს - ბავშვობა, ახალგაზრდობა. პალერმოელმა ოჯახმა კი ეს ბავშვობა დამიბრუნა. იქ მოგზაურობის შესაძლებლობაც მაქვს ხოლმე, შარშან ესპანეთშიც ვიყავით წასულები მე და დედა, ახლა ავსტრიაში ვაპირებ გამგზავრებას. ამ მხრივ, კარგად შეიძლება დროის, სივრცისა და იმ შესაძლებლობის გამოყენება, რასაც ევროპა იძლევა. შიდა გადაადგილებებისთვის დიდი თანხები არაა საჭირო. თავისუფლად მოძრაობის, სწავლის საშუალებაა. იტალიელების ცხოვრებაში დიპლომის დაცვა დიდი მოვლენაა, რადგან სწავლა რთულია და ყველა კურსდამთავრებულისთვის დღესასწაული ეწყობა, დიპლომაღებულს დაფნის გვირგვინს ადგამენ და მერე წვეულებას მართავენ. მეც დამადგეს ეს გვირგვინი. სამომავლო გეგმები და წიგნები - რაც შეეხება სამსახურს, მინდა, აქაურ უნივერსიტეტში დავრჩე და სწავლა და კვლევა განვაგრძო. იქ მოხვედრა ძალზე რთულია და თუ ეს ვერ მოვახერხე, ვნახოთ, რა იქნება. წერას აუცილებლად განვაგრძობ, ვთვლი, რომ ეს ჩემი გზაა და იმედი მაქვს, ჩემი მცდელობები გაამართლებს. სხვათა შორის, "ჩაწყობები" იტალიაშიცაა, ოფიციალურიც კი, ვითომდა "სარეკომენდაციო წერილის" სახით. ცდილობენ, მისგან გათავისუფლებას, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. ამ მენტალიტეტის შედეგია მაფია და პირიქით, მაფიის შედეგია ეს, ყველაფერი ღრმადაა გამჯდარი, ზოგადად ამ ტერმინს აღარ იყენებენ, მაგრამ ფენომენი იგივეა და მათ მთავარ პრობლემად რჩება. სამომავლოდ, ვაპირებ, საქართველოზე წიგნი დავწერო, სადაც ქართულ კულტურას უკეთესად წარმოვაჩენ. შემდეგ კი რაიმე მოქმედებას იტალიაშიც გავშლი და სიუჟეტს ამ ორ კულტურასთან დავაკავშირებ. თუ რომელიმე საგამომცემლო სახლი ინტერესს გამოთქვამს, ჩემს დაბეჭდილ წიგნს ალბათ ქართულადაც ვთარგმნი. 07.06.2016 ბმული: * http://gza.ambebi.ge/life/3526-dansgsresusli-bavsshsvosba-dafsnis-gvirsgsvisni-da-qarsthsvesli-gosgosnas-itaslisusri-tsarsmastesbesbi.html  | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: რუსკა ჟორჟოლიანი Ruska Jorjoliani  | |
| |
|  | | | რუსკა ჟორჟოლიანი Ruska Jorjoliani | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|