არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 კატია ვოლტერსი Katja Wolters

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6468
Registration date : 09.11.08

კატია ვოლტერსი Katja Wolters Empty
PostSubject: კატია ვოლტერსი Katja Wolters   კატია ვოლტერსი Katja Wolters EmptyThu Nov 16, 2017 9:18 pm

კატია ვოლტერსი Katja Wolters Katja_11
Katja Wolters

კატია ვოლტერსი

მწერალი, მთარგმნელი. დაიბადა 1971 წელს საქართველოში. დაამთავრა ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტები. 2012 წელს გამოსცა რომანი სახელწოდებით “იერიქონის ვარდი” – ქართულ ენაზე (გამომცემლობა “საუნჯე”). ამავე წლიდან თანამშრომლობს ქართულ ლიტერატურულ პერიოდულ გამოცემებთან – “არილი”, “საუნჯე”, “ლიტერატურული გაზეთი”, “ჩვენი მწერლობა”.

2016 წელს ესპანური ენიდან თარგმნა ხორხე ლუის ბორხესის “წარმოსახვით არსებათა წიგნი”(გამომცემლობა “ინტელექტი”); 2017 წელს გერმანულ ენაზე თარგმნა ლუკა ბაქანიძის რომანი “მესამე ნაპირი” (გამომცემლობა “Klak-Verlag”). სხვადასხვა დროს ქართულ ენაზე ნათარგმნი აქვს გაბრიელ გარსია მარკესის, ოლგა ტოკარჩუკის, ანეტ პენტის მოთხრობები. მისი თარგმანები და სტატიები იბეჭდება ასევე ევროპულ სახელოვნებო ჟურნალ-გაზეთებში.
2012-2013 წლებში “ფოლკრადიოში” უძღვებოდა საავტორო გადაცემას “ევროპული არტკალეიდოსკოპი”.

რომანით „იერიქონის ვარდი“ 2013 წელს კატია ვოლტერსი იყო ლიტერატურული კონკურსის, “საბას” ფინალისტი ნომინაციაში „საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი“.

თარგმნის ქართული, გერმანული, ინგლისური, ესპანური, პოლონური და რუსული ენებიდან.


ბმული:
* https://www.facebook.com/tatia.wolters
* https://1tv.ge/elit_author/katia-voltersi/

Arrow


Last edited by Admin on Sun Mar 18, 2018 11:55 am; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6468
Registration date : 09.11.08

კატია ვოლტერსი Katja Wolters Empty
PostSubject: Re: კატია ვოლტერსი Katja Wolters   კატია ვოლტერსი Katja Wolters EmptyThu Nov 16, 2017 9:37 pm

კატია ვოლტერსი Katja Wolters Katja-11

სათაური - „წარმოსახვით არსებათა წიგნი“
ავტორი - ხორხე ლუის ბორხესი (მარგარიტა გუერეროს თანაავტორობით)
თარგმანი ესპანურიდან - კატია ვოლტერსი
რედაქტორები - ინა არჩუაშვილი, თამარ ლონდარიძე
დაკაბადონება - ლიკა სხირტლაძე
ილუსტრაციები - პეტერ სისი
გარეკანის დიზაინი - თეონა ჭანიშვილი
გამომცემლობა - ინტელექტი
ISBN 978-9941-466-52-6
კატეგორია - ახალი თარგმანები
გვერდები - 244
ფორმატი - 14x18
ყდა - რბილი
ფასი - 17.00
წელი - 2016

El libro de los seres imaginarios un libro de Jorge Luis Borges (en colaboración con Margarita Guerrero), Editorial Destino: Barcelona, 2007 (reedición). ISBN 84-233-3912-2
Traducido de español a georgiano de Katja Wolters, Editorial Intelekti, Tbilisi, Georgia, 2016. ISBN 978-9941-466-52-6

ანოტაცია
წარმოსახვით არსებათა წიგნი ერთგვარი ენციკლოპედიაა, რომელშიც ბორხესმა თავი მოუყარა საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა წარმოსახვაში არსებულ და მსოფლიოს თეოლოგიურ, მითოლოგიურსა და მხატვრულ ლიტერატურაში გაბნეულ ასობით უცნაურ არსებას. ბორხესისთვის დამახასიათებელი იუმორითა და ერუდიციით აღსავსე ამ წიგნში შეხვდებით თქვენთვის კარგად ნაცნობ დრაკონებსა და კენტავრებს, ფერიებსა და გნომებს, ისევე როგორც სარკის ბინადარ არსებებს, ლამედ ვუფნიკებს, ფუერტე ბერნარის ბანჯგვლიან ურჩხულს და კიდევ ბევრ სხვა არსებას, რომლის შესახებაც ნაკლებად გსმენიათ.

ხორხე ლუის ბორხესი ამჯერადაც გაამდიდრებს თქვენს ლიტერატურულ შემეცნებას, ხოლო მისი სხარტი და იუმორით სავსე კომენტარები კი სასიამოვნო ღიმილს მოგგვრით.

წარმოსახვით არსებათა წიგნი უდაოდ მოხიბლავს ფანტასტიკური ლიტერატურის განსხვავებული ასაკისა და გემოვნების მქონე მკითხველს.

კატია ვოლტერსი Katja Wolters Katja-10

ხორხე ლუის ბორესი

ანამის ვეფხვები
(წიგნიდან: „გამოგონილ არსებათა წიგნი“, 1957)

ესპანურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა

ანამის* მოსახლეობის რწმენით, სამყაროს ოთხივე მიმართულებით ვეფხვები (ან ვეფხვისსახიანი სულები) განაგებენ.
წითელი ვეფხვი განაგებს სამხრეთს (სამხრეთი მათი რუკების ზედა ნაწილშია განთავსებული), - ეს ზაფხულისა და ცეცხლის ვეფხვია;
შავი ვეფხვი განაგებს ჩრდილოეთს, - ის ზამთრისა და წყლის ვეფხვად მიიჩნევა;
ლურჯი ვეფხვი განაგებს აღმოსავლეთს, - ეს ვეფხვი გაზაფხულისა და მცენარეების ვეფხვია;
ხოლო თეთრი ვეფხვი განაგებს დასავლეთს და ის შემოდგომისა და ლითონების ვეფხვად არის მიჩნეული.
ამ მთავარი ვეფხვების გარდა არსებობს კიდევ ერთი, ყვითელი ვეფხვი, რომელიც დანარჩენებს სამყაროს შუაგულიდან მართავს, ისევე, როგორც ჩინეთის იმპერატორი მართავს ქვეყანას ცენტრიდან, ქვეყანას, რომელიც, თავის მხრივ, ასევე სამყაროს ცენტრად მიიჩნეოდა. სწორედ ამიტომ უწოდებენ ჩინეთს „შუალედურ სახელმწიფოს“; ამიტომ არის ის მოქცეული XVI საუკუნეში იეზუიტთა ორდენის წევრის, მამა რიჩის მიერ ჩინელების განსანათლებლად შედგენილი მსოფლიო რუკის შუაგულში. ლაო-ძიმ** ვეფხვებს დემონების დამარცხება დააკისრა. ანამურ ლოცვების წიგნში, რომელიც ფრანგულად ლუი შოშომ თარგმნა, გვხვდება ლოცვა, რომელიც ხუთ ზეციურ ვეფხვს ჯარის გაძლიერებას შესთხოვს. ეს რწმენა ჩინეთიდან მოდის. სინოლოგები მოიხსენიებენ თეთრ ვეფხვს, რომელიც დასავლეთის ვარსკვლავებს ქვეშ მდებარე შორეულ ქვეყნებს განაგებს. სამხრეთს ჩინელები წითელ ფრინველს მიაკუთვნებენ; აღმოსავლეთს - ლურჯ დრაკონს; ჩრდილოეთს - შავ კუს. როგორც ჩანს, ანამის ხალხმა ფერები შეინარჩუნა, ცხოველებიდან კი მხოლოდ ვეფხვი დაიტოვა.
ბჰილებს, ცენტრალურ ინდოეთში მცხოვრებ ხალხს, სწამთ, რომ არსებობს ჯოჯოხეთი ვეფხვებისათვის; მალაელებს სმენიათ შუა ჯუნგლებში ვეფხვების მიერ აშენებული ქალაქის შესახებ, სადაც სახლებში კოჭებად ადამიანის ძვლებია გადებული, კედლები ადამიანის კანისაა, ხოლო სახურავისთვის ადამიანის თმაა გამოყენებული.

---
* ანამა - ვიეტნამის ძველი ჩინური სახელწოდება.
** ლაო-ძი - ძვ. წ. VI საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი.

ბმული:
* https://www.intelekti.ge/book_ge.php?id=525
* https://es.wikipedia.org/wiki/El_libro_de_los_seres_imaginarios

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6468
Registration date : 09.11.08

კატია ვოლტერსი Katja Wolters Empty
PostSubject: Re: კატია ვოლტერსი Katja Wolters   კატია ვოლტერსი Katja Wolters EmptySun Nov 19, 2017 5:28 pm

კატია ვოლტერსი Katja Wolters Ieriqo10

სათაური - „იერიქონის ვარდი“ (რომანი)
ავტორი - კატია ვოლტერსი
გამომცემლობა - საუნჯე
ISBN 978-9941-926-04-4
გვერდები - 75
ყდა - რბილი
ფასი - 8.10 ლარი
წელი - 2012

ანოტაცია
კატია ვოლტერსის პირველი რომანი - „იერიქონის ვარდი“ დაიწერა გერმანიის შუასაუკუნეებისდროინდელ საუნივერსიტეტო ქალაქში...
კატია ვოლტერსმა წიგნი დაწერა ინგლისურ ენაზე, მერე კი ქართულად გადათარგმნა.
თარგმნის პროცესში ტექსტი თითქოს ხელიდან დაუსხლტა, ქართულმა ენამ ფრაზები და დიალოგები გარკვეულწილად განტვირთა, უფრო ლაკონური და ზუსტი გახადა.
საბოლოდ კი რომანის ქართული ვერსია ინგლისურისგან შინაარსით თუ მოცულობით საკმაოდ განსხვავებული აღმოჩნდა და დამოუკიდებელ რომანად იქცა.


იერიქონის ვარდი

„იერიქონის ვარდი. გულის უკვდავების წყალში, სიყვარულის, მწუხარებისა და სინაზის ანკარა სინოტივეში ვძირავ ჩემი წარსულის ფესვებსა და ღეროებს. და უკვე მერამდენად ხდება საოცრება - იფოთლება ჩემი სანატრელი მორჩი. წადი, გამშორდი გარდაუვალო დროო, როცა ბოლო წვეთამდე ამოშრება ეს სინოტივე, განიძარცვება და გამოიფიტება გული და ერთხელ და სამუდამოდ დავიწყებას მიეცემა ჩემი ვარდი იერიქონისა“.
ივან ბუნინი, „იერიქონის ვარდი“


ელი ბელამი:
პატარა მოედანი მესიზმრება, ქვის მრგვალი აუზი ერთი ციცქნა შადრევნით. რკინის მასიური შავი კარიბჭე ჩასრესილა დროჟამით ნაიარევ კედელში. კათოლიკური ეკლესიისა უნდა იყოს. თვითონ ტაძარი თვალს მოჰფარებია, მაგრამ მისი უჩინარი სამრეკლოდან ზარების ხმა ჩამესმის. ქალს ვხედავ, აუზის კიდეზე ჩამომჯდარს და ლოდინად ქცეულს. თითქოს ისიც დაჟინებით მიცქერს თაღის ქვეშ მდგომს. მოედნის შუაგულში ერთი უცხო ხე ამოზრდილა და ფართოდ გაუფარჩხავს ვეება ტოტები. მის ჩრდილში თვლემს ეს მოედანიც. ხიდან ფანტელებივით მოფარფატებენ წვრილი, ყვითელი ყვავილები და ქალის ოქროსფერი თმის ტევრში უჩინარდებიან. ფრთხილი ნაბიჯით ვუახლოვდები. მეტის ხილვა მწადია, მეტის შეცნობა. ჩამავალი მზის შუქში თანდათან ფერმკრთალდება გამოსახულება და აუზთან მისულს მქრქალი სილუეტიღა მხვდება. ამაოდ ჩავლილი მცდელობისგან გუნებაწამხდარი ვიღვიძებ.

მირა ემბრიჯი:
თავიდანვე არ მომივიდა თვალში. ერთი გადაპრანჭული და ქედმაღალი ქალბატონი იყო. იმ საშინელ წვიმიან დილას სპილოსძვლისფერი აბრეშუმის კაბაზე იმავე ფერის ქიშმირის ლაბადა შემოეცვა. ხელში მოოქროვილბუნიკიანი ღია ფერის ქოლგა დაეჭირა და ისე ცხვირაწეული იყურებოდა, თითქოს ესესაა ზეციდან ჩამობრძანდაო. მანქანიდანაც როგორ მედიდურად და ამაყად გადმოვიდა! რატომაც არა, ალბათ საათობით ხვეწდა მსგავს მანერჩამობრძანდაო. მანქანიდანაც როგორ მედიდურად და ამაყად გადმოვიდა! რატომაც არა, ალბათ საათობით ხვეწდა მსგავს მანერებს ძვირადღირებულ სკოლაინტერნატებში. წელში გამართული მოგვიახლოვდა, სარგადაყლაპულივით დადგა და ნასწავლი ქედმაღლობით წარმოგვიდგინა თავიც. ჩვენი კეკლუცი ქალბატონი, ყველა სიკეთესთან ერთად, დიდგვაროვანიც აღმოჩნდა. გაღიმება, რა თქმა უნდა, არ ისურვა. როგორ ეკადრებოდა მის უდიდებულესობას! ასეა, ზოგს მეტად სწყალობს ბედი და დაბადებიდანვე ვერცხლის ლანგრით მიერთმევა ხოლმე ყველაფერი რჩეული და საუკეთესო. ჩემნაირებმა კი საკუთარი წარმატება ფრჩხილებით უნდა მოფხოჭნონ. იქნებ ასეც ჯობდა, მაგრამ ხანდახან მაინც ამეკვიატება ხოლმე ფიქრი, ცოტა მეტად რომ გამმართლებოდა ცხოვრებაში და იღბალს უკეთესი სტარტი ებოძებინა, აი, თუნდაც ამ გრძელგრძელ გვარსახელიან დედოფალას რომ ჰქონდა, იქნებ მეტისთვისაც მიმეღწიამეთქი. მით უმეტეს, რომ ჭკუაგონება სხვაზე ნაკლები ნამდვილად არ მქონია.
მაშინ მის დრამონდ დრაქსზე ბევრი აღარ მიფიქრია. მთავარია, თავისი საქმე დროულად და პირნათლად შეასრულოს და აღარ დავეძებმეთქი. რას წარმოვიდგენდი, იღბალი თუ ასეთ სიურპრიზს მიმზადებდა.

ელი ბელამი:
მარტის რუხი დილა გათენდა. წინა ღამით ამოვარდნილმა ქარმა ალაგალაგ თოვლნარევი წვიმა და უგუნებობა მოიტანა. არაფრის ხალისი არ მქონდა, მაგრამ საუზმის დროს ისე შემომხედა, უარი ვეღარ ვუთხარი. მიდლენდის ერთერთ ფერწერულ სოფელში უქმეების გასატარებლად სახლის ყიდვა მირას იდეა იყო. მე აზრის გამოთქმა არც მაცადა, ისე სასწრაფოდ მოაგვარა ყველაფერი: სახლიც მარტომ მოძებნა, ადვოკატიც და შეხვედრის დროც თავადვე შეათანხმა.
- შესანიშნავ ინვესტიციას ვაბანდებთ, შესანიშნავს! - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და შემომხედა. ალბათ, ჩემგანაც რამე მსგავსის მოსმენა უნდოდა. მე კი მხოლოდ მხრები ავიჩეჩე და კრინტიც არ დამიძრავს. მივხვდი, ჩემმა საქციელმა გვარიანად გააღიზიანა. ერთმანეთთან შეჯახებისა და ორმხრივი უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად ხვდი, ჩემმა საქციელმა გვარიანად გააღიზიანა. ერთმანეთთან შეჯახებისა და ორმხრივი უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გამოსავალიღა მრჩებოდა - უნდა ჩამეცვა და გავყოლოდი. რადგან არც ერთი ჩვენგანი მანქანას არ ატარებდა (ჭკუათმყოფელს რად უნდა ლონდონში მანქანა?), ვიღაც მისი ადვოკატის ნაცნობს უნდა გამოევლო და იმას წავეყვანეთ სოფელში სახლის სანახავად. 

სადარბაზოსთან ძველი, მწვანე „იაგუარი“ გაჩერდა. მანქანიდან საკმაოდ ახალგაზრდა ქალი გადმოვიდა და ჩვენკენ გამოემართა. არც ფარისევლური ღიმილი შემოუგებებია, არც გადამეტებული თავაზიანობა გამოუჩენია. თითქმის ჩემსავით მოღუშულმოქუფრული არ მალავდა, რომ ასეთ წვიმიან შაბათ დღეს სულაც არ ეხატებოდა გულზე ხანშიშესული წყვილის მიდლენდში წაყვანა. ერთი აგვხედდაგვხედა, გაგვეცნო და გვთხოვა, მანქანაში ჩაბრძანდითო. დანახვისთანავე მომეწონა. ლამაზი არ ეთქმოდა, მაგრამ თავისებური მიმზიდველობა ნამდვილად არ აკლდა. მისი გვარითაც არანაკლებ მოვიხიბლე, ვაგნერივით ისმინებოდა. თან როგორ წარმოთქვა - „დრაამმონდ დრააქს!“ - ამაყად, ძლიერი ინტონაციით. ტანჰოიზერი1 , - გამიელვა თავში, - ტანჰოიზერის უვერტიურა კარაიანის დირიჟორობით. კიდევ ორჯერ გავიმეორე ჩემთვის, მელოდია რომ დამემახსოვრებინა.
მანქანის კარი გამოვაღე, მირას ხელი შევაშველე და მეც გვერდით მივუჯექი. მის დრამონდდრაქსმა მხოლოდ ჩვენი ჩასხდომის შემდეგ დაიკავა საჭესთან ადგილი. მშვიდად ჩართო ძრავა, მშვიდადვე მოავლო ქუჩას თვალი და სიჩქარე გადართო. მანქანამ ერთი ამოიკრუტუნა კატასავით და ელეგანტურად დაუყვა დაღმართს. ნელი, აუღელვებელი, კონცენტრირებული მოძრაობები მის გარეგნობას თითქოს უფრო ხვეწდა და დიდებულების იერს სძენდა.
სალონში ოდნავ საგრძნობი, მაგრამ ჩემთვის კარგად ნაცნობი სურნელი ტრიალებდა.

(გაგრძელება ბმულზე).

ბმული:
* https://saba.com.ge/books/details/1166

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6468
Registration date : 09.11.08

კატია ვოლტერსი Katja Wolters Empty
PostSubject: Re: კატია ვოლტერსი Katja Wolters   კატია ვოლტერსი Katja Wolters EmptySun Mar 18, 2018 10:06 am

ოლგა ტოკარჩუკი
ორი მოთხრობა: ბალერინა და საბინას სურვილი

პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა

ბმული:
* https://1tv.ge/elit/olga-tokarchukis-motkhrobebi/

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6468
Registration date : 09.11.08

კატია ვოლტერსი Katja Wolters Empty
PostSubject: Re: კატია ვოლტერსი Katja Wolters   კატია ვოლტერსი Katja Wolters EmptySun Mar 18, 2018 10:11 am

გაბრიელ გარსია მარკესი

მარია დოს პრასერესი

ესპანურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა, July 23, 2014

გაბრიელ გარსი მარკესის გარდაცვალების ამბავი ფრანკფურტის აეროპორტში შევიტყვე. თვითმფრინავის მოლოდინში ნაცნობ წიგნების მაღაზიაში შესულმა პირველი მისი მომღიმარი ფოტო დავინახე – მომცრო მაგიდაზე ერთმანეთზე აკოკოლავებულ, მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე გამოცემულ თავისსავე წიგნებზე მიყრდნობილი – რომლის წინაც გამყიდველ ქალბატონს პატარა, თეთრი სანთელი აენთო. მისი მოთხრობების ესპანურენოვანი კრებული – “თორმეტი პილიგრიმიც” იქ ვნახე პირველად და დაუფიქრებლად შევიძინე.

კრებულში თავმოყრილი მოთხრობების დაწერის იდეა ავტორს სამოცდაათიან წლებში გასჩენია, ერთი, როგორც წინასიტყვაობაში თავად ამბობს, “გამოსაფხიზლებელი სიზმრის” შემდეგ: “დამესიზმრა, რომ საკუთარ დასაფლავებაზე ვიყავი და სამგლოვიარო ტანსაცმელში გამოწყობილ მეგობრებს შორის მივაბიჯებდი, რომელთაც ერთობ საზეიმო განწყობა ჰქონდათ, მათ შორის კი ყველაზე ბედნიერი მე ვიყავი. სიკვდილმა ჩემს ერთად თავმოყრილ, ლათინურ ამერიკაში მცხოვრებ და, აქედან გამომდინარე, ყველაზე ძველ, ყველაზე საყვარელ და დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრის საშუალება მომცა. სუფრიდან რომ წამოიშალნენ და წასასვლელად ემზადებოდნენ, მეც წამოვდექი, მინდოდა მათ გავყოლოდი, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა მკაცრად შემახსენა, რომ ერთმანეთთან შეხვედრის ეს დღესასწაული ჩემთვის უკვე დამთავრებულიყო. “შენ ერთადერთი ხარ, ვისაც ჩვენთან წამოსვლა არ შეუძლია”, – მითხრა მან. მაშინღა მივხვდი, რომ სიკვდილი სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ შენს მეგობრებთან ყოფნა აღარ შეგიძლია”.

რატომღაც, სწორედ ამ სიზმრის საშუალებით გაუცნობიერებია მწერალს თავისი “ჭეშმარიტი წარმომავლობა” და ისეთი მოთხრობების დაწერაზე უფიქრია, სადაც მკითხველს “ლათინური ამერიკის შვილების” ევროპულ თავგადასავლებზე მოუყვებოდა. “ყველა მოთხრობაზე ერთდროულად მუშაობამ და სურვილისამებრ ერთიდან მეორეზე გადანაცვლებამ, მთლიანი პანორამის დანახვის საშუალება მომცა, ერთიმეორეს მიყოლებული დასაწყისებით გამოწვეული დაღლილობისგან, ზედმეტი გამეორებებისა და დამღუპველი წინააღმდეგობებისგან მიხსნა. დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ გზით, მოთხრობების ისეთი კრებული შევქმენი, რომელიც ყველაზე ახლოა იმასთან, როგორის დაწერაც ყოველთვის მინდოდა”, – ამბობს ავტორი.

გაბრიელ გარსია მარკესის კრებულში შესულმა ამ თორმეტმა პატარა მოთხრობამ მეც ისე მომხიბლა, რომ წაკითხვისთანავე გადავწყვიტე, ყველა თუ არა, რომელიმე მათგანი მაინც აუცილებლად მეთარგმნა. არჩევანი “მარია დოს პრასერესზე” შევაჩერე. ალბათ იმიტომ, რომ ის ყველაზე უფრო მარკესისეული მეჩვენა – მცირე მოთხრობა, რომელიც დიდი რომანის ემოციას იტევს, რომელიც შორეულ, მაგრამ ამავდროულად თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან კარგად ნაცნობ, ადამიანური განცდით, ტკივილითა და სიყვარულით სავსე სამყაროს აღწერს.

მთარგმნელი



დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელი ისე პუნქტუალურად მოვიდა, მარია დოს პრასერესმა, რომელსაც ჯერ კიდევ დილის ხალათი ეცვა და თმები ბიგუდებით ჰქონდა სავსე, იმის დრო ძლივსღა მოიხელთა, ყურს უკან თმაში წითელი ვარდი ჩემაგრებინა, ძალიან შეუხედავი რომ არ გამოჩენილიყო. თავისი მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად ინანა, როდესაც კარი გააღო და მოღუშული ნოტარიუსის ნაცვლად – მარიას სიკვდილის გამყიდველი სწორედ ასეთი წარმოედგინა – იქ ერთი მორიდებული ახალგაზრდა კაცი დახვდა, კუბოკრული პიჯაკითა და ფერადჩიტებიანი ყელსახვევით.

ბარსელონას გაზაფხულის მერყევი ამინდის მიუხედავად, მოსულს ლაბადა არ ეცვა. გარეთ კი ცრიდა და ქარი უბერავდა, რის გამოც, ტაროსს ზამთრისაზე ნაკლებად აუტანელი არ ეთქმოდა. მარია დოს პრასერესი, რომელსაც ასე ადრიანად არაერთი მამაკაცი მიუღია, ახლა უჩვეულოდ დარცხვენილი იდგა, უკვე სამოცდათექვსმეტ წელს ითვლიდა და დარწმუნებული იყო, შობამდე უნდა მომკვდარიყო. არადა, ცოტა დააკლდა, გამოღებული კარი სასწრაფოდ მიეხურა და დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლისთვის ეთხოვა, რამდენიმე წუთით გარეთ მომიცადეო, რომ ტანთ ჩაეცვა და საკადრისი დახვედრისთვის მომზადებულიყო. მერე იფიქრა, ამ ბნელ სადარბაზოში გაიყინებაო და შინ შეიპატიჟა.

“მომიტევეთ, ასე ღამურასავით რომ გამოგეცხადეთ”, – უთხრა კაცს, – “მაგრამ ორმოცდაათ წელზე მეტია კატალონიაში ვცხოვრობ და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ზუსტად დათქმულ დროს მოვიდა ვიღაც”.

^ უნაკლო კატალონიურით ლაპარაკობდა, რომელსაც არქაულობისა და მივიწყებული პორტუგალიურის მელოდიურობა გასდევდა. ასაკისა და ბიგუდების მიუხედავად, ჯერ კიდევ მოხდენილი და სიცოცხლით სავსე მულატი ქალი იყო, უხეში თმითა და ცეცხლოვანი ყვითელი თვალებით, მაგრამ მამაკაცებს კარგა ხანია აღარ თანაუგრძნობდა. ქუჩიდან შემოსული სინათლით თვალმოჭრილ სტუმარს მეტი არაფერი უთქვამს, ჯუტის ტილოზე ფეხები გულმოდგინედ დაიწმინდა, დაიხარა და მარიას ხელზე ეამბორა.

“ისეთი მამაკაცი ხარ, ჩემს ახალგაზრდობაში რომ იყვნენ ხოლმე”, -უთხრა მარიამ და სიცილი სეტყვასავით გადმოსცვივდა, – “დაჯექი”.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არ იყო რაც ამ საქმიანობას ეწეოდა, დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელი დილის რვა საათზე ასეთ ხალისიან დახვედრას მაინც არ ელოდა, თანაც მოხუცისგან, რომელიც, ერთი შეხედვით, სადღაც ზღვის გაღმიდან გადმოხვეწილ შეურაცხადს ჰგავდა. ამიტომ, სანამ მარია დოს პრასერესი ფანჯრებიდან პლუშის მძიმე ფარდებს გადასწევდა, კართან მდგომს ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია და არც რაიმე უთქვამს. აპრილის დილის მქრქალმა შუქმა მსუბუქად გაანათა მყუდრო ბინა, რომელიც ანტიკვარების მაღაზიის ვიტრინას უფრო ჩამოჰგავდა. ბინა, არც მეტი არც ნაკლები, ყოველდღიური მოხმარების ნივთებით იყო სავსე, მაგრამ თითოეული მათგანისთვის ისეთი სიზუსტითა და დახვეწილი გემოვნებით მიეჩინათ ადგილი, რომ უკეთესი საცხოვრებლის პოვნა, თუნდაც ისეთ ძველსა და იდუმალ ქალაქში, როგორიც ბარსელონაა, გაგიჭირდებოდათ.

“მაპატიეთ, – თქვა ბოლოს, – დარწმუნებული ვარ, კარი შემეშალა”.

^ “კარგი იქნებოდა, – მიუგო მარიამ, – მაგრამ სიკვდილს არასოდეს ეშლება”.

მოხელემ მაგიდაზე საზღვაო რუკასავით უამრავჯერ დაკეცილი, სხვადასხვა ფერის ნაკვეთებით და აურაცხელი ჯვრითა და ციფრით აჭრელებული ქაღალდი გაშალა. მარია დოს პრასერესი მაშინვე მიხვდა, რომ ეს ქაღალდი სხვა არაფერი იყო, თუ არა მონჟუიკის უზარმაზარი სასაფლაოს სრული გეგმა და ძველმა შიშმა თავი გაუხსენა – მანაოსის სასაფლაო მოაგონდა, ოქტომბრის თავსხმაში საფლავის უსახელო ბორცვებსა და თავგადასავლების მაძიებელთა ფლორენციული ფერადი მინის მავზოლეუმებს შორის დაგუბებულ წყალში მოჭყუმპალე ტაპირებით. ერთ დილასაც, მაშინ სულ პატარა გოგო იყო, ნაპირებიდან გადმოსული ამაზონი მყრალ ჭაობად გადაიქცა. ადიდებულმა წყალმა მათ პატიოში დახეთქილი კუბოები შემოაცურა, ღრიჭოებიდან ამოჩრილი დაძენძილი ქსოვილებითა და მიცვალებულთა თმებით. სწორედ ამ მოგონების გამო იყო, რომ ახლომდებარე და მისთვის კარგად ნაცნობი სან-გერვასიოს პატარა სასაფლაოს ნაცვლად, სამუდამო განსასვენებლად მან მონჟუიკის მთაზე მდებარე უშველებელი პანთეონი აირჩია.

“ისეთი ადგილი მინდა, წყალი რომ ვერასოდეს მიუდგეს”, – თქვა. “აგერ, ინებეთ, – უპასუხა მოხელემ და დასაკეცი საჩვენებელი ჯოხით, რომელსაც კალამივით გულისჯიბით ატარებდა, რუკაზე მიუთითა. “ამსიმაღლეზე ზღვა არასოდეს ადიდდება”.

მარია დიდხანს ათვალიერებდა რუკას, სანამ მთავარი შესასვლელი არ იპოვა; აქ სამი ერთნაირი უსახელო საფლავი ეგულებოდა, სადაც ბონავენტურა დურუტი და ანარქისტების კიდევ ორი სხვა – სამოქალაქო ომში დაღუპული წინამძღოლი განისვენებდა. ყოველ ღამით საფლავის ქვებს ვიღაცა მიცვალებულთა სახელებს და გვარებს სრულად, შესაბამისი თანმიმდევრობით აწერდა ჩვეულებრივი თუ წარბების ფანქრით, საღებავით, ნახშირით ან ფრჩხილების ლაქით. დარაჯები კი ყოველ დილით შლიდნენ დაწერილს, რათა არავის შეეტყო, ვინ იწვა მდუმარე მარმარილოს ქვეშ. თავის დროზე მარია დოს პრასერესიც მონაწილეობდა დურუტის დაკრძალვაში, ბარსელონას მეხსიერებაში ყველაზე სევდიანსა და ამაღელვებელ მოვლენაში, და უნდოდა თვითონაც სადმე იქვე, მისი საფლავის სიახლოვეს დაემარხათ. მაგრამ ახლომახლო თავისუფალი ადგილი აღარ დარჩენილიყო და ისიც შესაძლო არჩევანით დაკმაყოფილდა. “ოღონდ ერთი პირობით, – თქვა, – რომ იმ ხუთწლიან უჯრაში არ მომათავსებთ, სადაც მიცვალებულებს ისე აწყობენ, როგორც საფოსტო ყუთში”. მერე კი, რადგან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ გაახსენდა, ნათქვამს საჩქაროდ დაუმატა: “და, უპირველეს ყოვლისა, მინდა დაწოლილი დამმარხონ”.

საქმე იმაში იყო, რომ საფლავების განვადებით შეძენის მყვირალა რეკლამის შემდეგ ქალაქში ხმა დაირხა, ადგილის დაზოგვის მიზნით მიცვალებულებს ფეხზედგომელებს მარხავენო. მოხელემაც, წინასწარ დაზეპირებული და მრავალგზის გამეორებული ტექსტით სიტყვა-სიტყვით განუმარტა, რომ ამგვარ ჭორებს ძველი ყაიდის დამკრძალავი ბიუროები ავრცელებდნენ, რათა საფლავების განვადებით გაყიდვის ახლად ფეხმოკიდებული ტრადიციისთვის სახელი გაეტეხათ. ამ ლაპარაკში იყო, რომ კარზე სამჯერ დააკაკუნეს. მოხელე შეყოყმანდა და გაჩუმდა, მაგრამ მარია დოს პრასერესმა ანიშნა, განაგრძეო.

“ყურადღებას ნუ მიაქცევთ, – თქვა ჩუმად, – ეს ნოია”.

მოხელე ისევ დაუბრუნდა შეწყვეტილ საუბარს და მარია დოს პრასერესიც კმაყოფილი დარჩა მიღებული ახსნა-განმარტებით. მაგრამ მანამდე, სანამ კარის გასაღებად წავიდოდა, გადაწყვიტა, ყველა იმ ფიქრისათვის, რომელსაც მანაოსში მომხდარი საშინელი წარღვნის შემდეგ ამდენი წელი გულში ინახავდა, ერთბაშად გაეხსნა გზა.

“კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, – თქვა, – “ისეთ ადგილს ვეძებ, სადაც მიწაში მყოფს წყალდიდობის საშიშროება არ დამემუქრება, ზაფხულში კი სადმე ხეების ჩრდილში წოლას ვისურვებდი, და კიდევ, მინდა იმაშიც დარწმუნებული ვიყო, რომ გარკვეული დროის შემდეგ არავინ ამომთხრის და სანაგვეზე არ მომისვრის”.

მერე შემოსასვლელი კარი გააღო და ოთახში წვიმისგან თავიდან ფეხებამდე გალუმპული და ბინისთვის შეუფერებლად მოუვლელი პატარა პუდელი შემოვარდა. დილის გასეირნებიდან დაბრუნებული და შინ შემოსული ძაღლი ერთბაშად გახალისდა. უმიზნო ყეფით მაგიდაზე ახტა და მისმა სველმა, ტალახიანმა თათებმა კინაღამ სასაფლაოს გეგმა შეიწირა. დიასახლისის ერთმა გამოხედვამ სასწრაფოდ ალაგმა მისი სიანცე.

“ნოი, – თქვა მან, ისე რომ ხმისთვის არ აუწევია, -“Baixa d’Aci!”[1]

ცხოველი მოიკუნტა, შიშით ახედა დიასახლისს და ცხვირზე რამდენიმე გამჭვირვალე ცრემლი ჩამოუგორდა. მარია დოს პრასერესი განცვიფრებულ მოხელეს მიუბრუნდა.

“Collons![2] – წამოიძახა მან, – “ძაღლი ტირის!”

(გაგრძელება ქვემოთ)

ბმული:
* http://arilimag.ge/გაბრიელ-გარსია-მარკესი-2/

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6468
Registration date : 09.11.08

კატია ვოლტერსი Katja Wolters Empty
PostSubject: Re: კატია ვოლტერსი Katja Wolters   კატია ვოლტერსი Katja Wolters EmptySun Mar 18, 2018 10:13 am

გაბრიელ გარსია მარკესი

მარია დოს პრასერესი

ესპანურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა, July 23, 2014


(დასასრული)

“უბრალოდ აღგზნებულია, რადგან ამ დილაადრიან უცხო ადამიანი დახვდა სახლში”, – ჩუმად მოიბოდიშა მარია დოს პრასერესმა, – “საერთოდ კი, როგორც წესი, მამაკაცებზე უხმოდ შემოდის ხოლმე სახლში. შენი გამოკლებით”.

“ძაღლი ტირის, დასწყევლოს ეშმაკმა! – ისევ გაიმეორა მოხელემ, მერე უცებვე მიხვდა, რომ უხეშად გამოუვიდა და სახეზე ერთიანად წამონთებულმა მოიბოდიშა: “მაპატიეთ, მაგრამ ასეთი რამე კინოშიც არ მინახავს!”

“ნებისმიერ ძაღლს შეუძლია, თუკი ასწავლი”, – მიუგო ქალმა, – “ცხოველების პატრონები კი უამრავ დროს ხარჯავენ იმაში, რასაც საბრალო არსებებისთვის ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს – ასწავლიან თუნუქის ქილიდან ჭამას, მათსავით ერთსა და იმავე დროსა და ადგილას მოსაქმებას, ამ დროს კი, ისეთ ბუნებრივ რამეებს, მაგალითად სიცილს და ტირილს, რაც ცხოველებს სიამოვნებას მოჰგვრიდათ, არავინ ასწავლის. სად ვიყავით?”

გასარკვევი ბევრიც აღარაფერი დარჩენილიყო. მარია დოს პრასერესს ზაფხულში ხეების ჩრდილქვეშ წოლაზე უარის თქმა მოუხდა, რადგან სასაფლაოზე მდგარი რამდენიმე ხის ჩრდილით მოსაზღვრული ადგილი არსებული რეჟიმის წევრებისთვის ყოფილიყო დაჯავშნილი. ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი სხვა პირობები და მუხლები კი მას აღარ ეხებოდა, რადგან მარიას ასეთი შემთხვევისთვის გათვალისწინებული ფასდაკლების გამოყენება და საფლავის ნაღდი ფულით შეძენა ჰქონდა გადაწყვეტილი.

საქმეს რომ მორჩნენ და საბუთები ისევ პორტფელში შეინახა, მოხელემ კიდევ ერთხელ მოავლი ბინას თვალი და მისი მაგიური სუნთქვით მოიხიბლა. მარია დოს პრასერესიც ისეთი დაკვირვებით შეათვალიერა, თითქოს პირველად ეს წუთია დაინახაო.

“შეიძლება ერთი უხერხული კითხვა დაგისვათ? – იკითხა, როდესაც ქალი უკვე გასასვლელისკენ მიაცილებდა.

“რა თქმა უნდა”, – მიუგო მარიამ, – “თუ ის ჩემს წლოვანებას არ ეხება”.

“იცით, ერთი ახირებულობა მჭირს. ვცდილობ, ბინაში არსებული ნივთების მიხედვით მათი მფლობელის პროფესია ამოვიცნო ხოლმე, ამ შემთხვევაში კი, უნდა გამოგიტყდეთ, არაფერი გამომივიდა. არ გამიმხელთ, რას საქმიანობთ?”

“მეძავი ვარ, შვილო. თუ უკვე აღარც მეტყობა?”

მოხელე ყურებამდე გაწითლდა.

“ვწუხვარ”.

“შენ კი არა, მე უნდა ვწუხდე”, – თქვა და მოხელეს მხარში ხელი ჩაავლო, კარს რომ არ დასჯახებოდა, – “და თავს გაუფრთხილდი. ძალიან გთხოვ, კისერს მანამდე ნუ მოიტეხ, სანამ ღირსეულად არ დამასაფლავებ”.

კარი დახურა თუ არა, პუდელი ხელში აიყვანა, თითებით ბეწვი აუჩეჩა და მომხიბლავი, აფრიკული ხმა საბავშვო გუნდის სიმღერას ააყოლა, რომელიც ახლომდებარე საბავშვო ბაღიდან მოჰქონდა ქარს. სამი თვის წინ ხილვა ჰქონდა, რომ უნდა მომკვდარიყო და მას შემდეგ, რაც დრო გადიოდა, ძაღლი სულ უფრო და უფრო მეტად მიაჩნდა თავისი მარტოობის თანაზიარად. მარია ისეთი გულმოდგინებით შეუდგა სიკვდილის შემდეგ ქონების განაწილების საქმეს და საკუთარი ცხედრის მომავლის დაგეგმვას, რომ ამიერიდან რა წუთსაც უნდა გარდაცვლილიყო, ამ ფაქტით აღარავის შეაწუხებდა. ნელ-ნელა, თითქმის ყოველგვარი მსხვერპლის გაღების გარეშე დაგროვილი ფულადი სახსრების წყალობით ის ჩვეულ საქმიანობას ჩამოშორდა და საცხოვრებლად ძველი და ღირსებით სავსე სოფელი გრასია აირჩია, რომელიც თვალსა და ხელს შუა მზარდ ქალაქს მოესწრო და ლამის მთლიანად ჩაეყლაპა. ეს მოუვლელი, მაღალი პარტერიც, რომელშიც შებოლილი ქაშაყის სუნი იდგა და რომლის გოგირდმჟავათი ამოჭმულ კედლებსაც ჯერ კიდევ აჩნდათ უსახელო ბრძოლების კვალი, თვითონ იყიდა. შენობას მეკარე არ ჰყავდა და მიუხედავად იმისა, რომ ყველა სართულზე ვიღაც სახლობდა, მის ბნელსა და ნოტიო კიბეებს საფეხურები აკლდა. მარია დოს პრასერესმა სამზარეულო და სააბაზანო გააახლებინა, კედლები მხიარული ფერის შპალერით შემოსა, ფანჯრებში თლილი მინები ჩაასმევინა და ხავერდის ფარდები ჩამოაფარა. სულ ბოლოს გემოვნებიანი ავეჯი, არაერთი აუცილებელი და ბინის მოსართავი ნივთი, აბრეშუმითა და ფარჩით სავსე სკივრებიც მოატანინა, რომლებიც ფაშისტებს რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ნაჩქარევად მიტოვებული რეზიდენციებიდან დაეტაცებინათ, მას კი, მარიას, წლების განმავლობაში საიდუმლო აუქციონებსა და ხელსაყრელ ფასებში შეეძინა და საგულდაგულოდ ეგროვებინა.

წარსულთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი კარდონას გრაფთან მისი ნაცნობობა იყო, რომელიც მარიას, ჩვეულებისამებრ, ყოველი თვის ბოლო პარასკევს სადილად, სადილის შემდეგ კი უნდილი სიყვარულისთვის სტუმრობდა. მარია ამ ახალგაზრდული წლების ნაცნობობასაც გადამეტებული სიფრთხილით ეკიდებოდა. თავის მხრივ, გერბებითა და ემბლემებით დამშვენებულ მანქანას გრაფიც ყოველთვის საკმაოდ შორს ტოვებდა მისი სახლიდან და ჩრდილდაფენილ ქუჩაზე ფეხით მიმავალი, საკუთარი და ქალის ღირსების დასაცავად, შეუმჩნევლად ცდილობდა ბინამდე მიღწევას. მარია დოს პრასერესი სახლში არავის იცნობდა ახალგაზრდა ცოლ-ქმრის გარდა, რომელთაც ცხრა წლის გოგონა ჰყავდათ და მის მოპირდაპირე ბინაში ცოტა ხნის წინ გადმოვიდნენ საცხოვრებლად. როგორი ძნელი დასაჯერებელიც უნდა იყოს, სხვა ვინმეს ის კიბეზეც კი არასოდეს გადაყრია.

ანდერძით ქონების განაწილებისას, მარიამ აღმოაჩინა, რომ ადათ-წესების პატივისმცემელი კატალონიელების საზოგადოებაში, რომელთა ეროვნული სიამაყის გრძნობაც უპირველესად ზნეობას ეფუძნებოდა, თავის დამკვიდრება მოეხერხებინა. სულ უმნიშვნელო წვრილმანებიც კი იმ ადამიანებს შორის გაანაწილა, რომელთაც მის გულში ედოთ ბინა, ისინი კი, თავის მხრივ, მარიას ბინასთან ახლოს სახლობდნენ. მართალია, საკუთარ სამართლიანობაში ბოლოს ცოტა ეჭვი შეეპარა, მაგრამ იმაში ნამდვილად დარწმუნებული იყო, რომ იმათგან, ვინც მის ყურადღებას იმსახურებდა, არავინ გამორჩენია. ანდერძის ოქმი ისეთი სიზუსტით იყო მომზადებული, ნოტარიუსი კაიე არბოლიდან, რომელსაც თავი მოჰქონდა, ამქვეყნად აღარაფერი გამაკვირვებსო, სახტად დარჩა; თვალებს არ უჯერებდა, როგორ დეტალურად და უშეცდომოდ კარნახობდა მარია მდივნებს კუთვნილი ნივთების ძველკატალონიურ სახელწოდებებს, მომავალი მეპატრონეების სრულ გვარ-სახელებს, მისამართებს და პროფესიას, იმ ადგილთან ერთად, რომელიც ამ ადამიანებს მარიას გულში დაემკვიდრებინათ.

დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლის ვიზიტის შემდეგ მარიაც ერთ-ერთი იმ მრავალთაგანი გახდა, კვირაობით სასაფლაოს რომ სტუმრობდნენ. თავისი “მეზობლებივით”, პატარ-პატარა კვლებში ისიც თესავდა წელიწადის დროების შესაფერის ყვავილებს, რწყავდა ახლად ამობიბინებულ ბალახს და მაკრატლით მანამდე კრეჭდა, სანამ ქალაქის მმართველობის შენობაში დაფენილ ხალიჩას არ დაამსგავსა; ბოლოს კი, საკუთარ საფლავზე ისე შინაურულად იგრძნო თავი, რომ გაუკვირდა, აქაურობა თავიდან ასე უნუგეშოდ რატომ მომეჩვენაო.

პირველი მოსვლისას მთავარ შესასვლელთან სამი უსახელო საფლავის დანახვაზე გული შეუქანდა, მაგრამ არ შეჩერებულა, რადგან იქვე ახლოს მუდამ ფხიზელი მცველი იდგა. მესამე კვირა დღეს კი მცველის წუთიერი უყურადღებობით ისარგებლა და წითელი ტუჩის საცხით წვიმით გადარეცხილ პირველივე საფლავზე წააწერა: “დურუტი”. მას შემდეგ, შეძლებისდაგვარად, როგორც მოუხერხდებოდა, იმავეს ხან ერთ, ხან სამივე საფლავზე იმეორებდა მუდამ მტკიცე ხელით გამოყვანილი ასოებითა და მონატრებისგან აჩქარებული გულით.

ერთ-ერთ კვირა დღეს, სექტემბრის ბოლოს, ბორცვზე პირველი დასაფლავების მოწმეც გახდა. სამი კვირის შემდეგ, ნაშუადღევს, ყინულივით ცივი ქარი რომ ქროდა, მეზობელ საფლავში ახალგათხოვილი ახალგაზრდა ქალი დამარხეს. წლის ბოლოს უკვე შვიდი ნაკვეთი იყო დაკავებული, მაგრამ ზამთარმა ნაჩქარევად გადაიარა, ისე რომ, მარია დოს პრასერესი სრულიად უვნებელი გადარჩა; არაფერს უჩიოდა და როდესაც გარეთ თანდათანობით დათბა და ღია ფანჯრიდან სიცოცხლის ხმაურმა დაიწყო შემოსვლა, კიდევ უფრო მეტი ხალისი და ენერგია მიეცა ნანახი სიზმრისა და მასში მოცემული მინიშნების დასავიწყებლად. კარდონას გრაფს, რომელიც ცხელ თვეებს მთებში ატარებდა, დაბრუნებისას ის კიდევ უფრო მეტად მომხიბვლელი მოეჩვენა, ვიდრე ახალგაზრდობაში, ორმოცდაათი წლის წინ.

რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ მარია დოს პრასერესმა როგორ იქნა იმას მიაღწია, რომ ნოიმ ისწავლა მისი საფლავის გამორჩევა სასაფლაოს ბორცვზე მდებარე სხვა მსგავსი საფლავებისგან. ამის შემდეგ შეეცადა, ძაღლისთვის საფლავთან ჯდომა და ტირილი ესწავლებინა, რათა მისი სიკვდილის შემდეგ ეს ჩვეულება ერთგულად გაეგრძელებინა. სახლიდან სასაფლაომდე ძაღლთან ერთად რამდენჯერმე ფეხით წავიდა, თან გზადაგზა საორიენტაციო პუნქტებზე უმახვილებდა ყურადღებას, რომ სანამ სასაფლაოზე მარტო გაშვებას გაბედავდა, მისთვის რამბლას ავტობუსის მარშრუტის დამახსოვრება გაეიოლებინა.

ბოლო რეპეტიციისას, კვირას, შუადღის სამ საათზე, მან ნოის საგაზაფხულო პელერინა გახადა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ზაფხული ახლოვდებოდა, მეორე კიდევ, გამვლელთა ყურადღება რომ ნაკლებად მიეპყრო, და გარეთ გაუშვა. ერთხანს გასცქეროდა, როგორ მიუყვებოდა დაჩრდილულ ტროტუარს მსუბუქი ნაბიჯით, მოქიცინე კუდითა და დაშვებული ვიწრო და სევდიანი უკანალის ქნევით, სანამ ცხოველმა კაიე მაიორის კუთხეში ზღვისკენ არ შეუხვია და თვალს არ მიეფარა; და ამდენი ერთად გატარებული წლის, უამრავი გაცრუებული იმედის გამო, უცებ ისეთი სიბრალულის გრძნობა შემოაწვა საკუთარი თავისა და მის მიმართ, რომ ცოტა დააკლდა არ ატირებულიყო. თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ მარია ახლომდებარე ლესეპსის მოედანზე რამბლას ავტობუსში ჩაჯდა და ცდილობდა, ნოი ავტობუსის ფანჯრიდან დაენახა, ისე, რომ თვითონ შეუმჩნეველი დარჩენილიყო ძაღლისთვის. დაინახა კიდეც, შორეული და სერიოზული, საკვირაოდ გამოწყობილი ბავშვებით გარშემორტყმული – პასეო დე გრასიაზე შუქნიშნის გადართვას რომ ელოდებოდა.

“ღმერთო ჩემო, ” – ამოიოხრა, – “როგორი მარტოსული ჩანს”.

თითქმის ორი საათი ელოდა ნოის გამოჩენას მონჟუიკის შეუბრალებელ მზეში. აქა-იქ ჭირისუფალს ესალმებოდა, რომლებიც სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანი კვირადღეებიდან ახსოვდა მარიას. თუმცა მათთან პირველი შეხვედრიდან იმდენი დრო გასულიყო, აღარც კი იცოდა ვინ ვინ იყო; აღარც შავები ეცვათ, აღარც ტიროდნენ და საფლავის ქვებზეც მიცვალებულზე ფიქრის გარეშე აწყობდნენ ყვავილებს. ცოტა ხნის შემდეგ საყვირის ყრუ ხმა გაიგონა, რომელმაც თოლიები დააფრთხო და უკიდეგანო ზღვაში თეთრი თბომავალი დაინახა – ბრაზილიის აფრიალებული დროშით. მთელი სულითა და გულით ინატრა, რომ გემს იმ კაცისგან გამოგზავნილი ბარათი მოეტანა, რომელმაც მისთვის პერნამბუკოს საპყრობილეში დალია სული. ხუთს უკვე გადაცდენილი იყო, რომ ნოი გამოჩნდა – სავარაუდოდ, თორმეტი წუთით ადრე – სიცხისა და დაღლილობისგან ენაგადმოგდებული, მაგრამ საკუთარი თავით კმაყოფილი, ბავშვივით შექების მომლოდინე. ძაღლის შემხედვარე მარია დოს პრასერესს საშინელი შიში დაეუფლა, რომ არავინ რჩებოდა ქვეყნად, ვინც მის საფლავზე იტირებდა.

შემოდგომა დადგა თუ არა, მარია დოს პრასერესმა ყველგან და ყველაფერში მოსალოდნელი უბედურების ნიშნების ძებნა დაიწყო, რომლებიც არსად ჩანდა, მაგრამ გული მაინც ერთიანად დამძიმებული ჰქონდა. პლასა დელ რელოის ოქროსფერი აკაციების ქვეშ ძველებურად სვამდა ყავას, მელიის კუდის საყელოს და ხელოვნური ყვავილებით შემკულ ქუდს ატარებდა, რომელიც ამასობაში ხელმეორედ შემოსულიყო მოდაში. სმენაც უფრო მეტად გაუმახვილდა. ცდილობდა, როგორმე თავისი უჩვეულო ფორიაქის მიზეზისთვის მიეგნო. ყველაფერს აყურადებდა: რამბლაზე ჩიტების გამყიდველი ქალების გაცხარებულ ჭორაობას, წიგნების დახლებთან შეგროვილი მამაკაცების ჩურჩულს, რომლებიც აგერ უკვე რამდენიმე წელი იყო, რაც ფეხბურთზე აღარ ლაპარაკობდნენ, ომში დასახიჩრებულების ჯიუტ დუმილს, რომლებიც მტრედებს პურის ნამცეცებს უყრიდნენ და, ამ ყველაფერში სიკვდილის ნიშანს ხედავდა. საშობაოდ აკაციებს შორის ფერად-ფერადი ნათურები აანთეს, აივნებიდან მუსიკისა და მხიარულების ხმა ისმოდა და ტურისტების ჟრიამულმა, რომელებიც აქაურების ხვედრს არად დაგიდევდნენ, კაფეები აავსო. მაგრამ ამ სადღესასწაულო ხმაურშიც კი იგრძნობოდა ძველი, ერთგვარიYიძულებით ჩახშობილი დაძაბულობა, რომელიც თითქოს იმ დროს გამოქცეოდა, როცა ანარქისტებმა ბარსელონის ქუჩები დაიპყრეს. მარია დოს პრასერესმა, რომელიც ამ დიდი ვნებებით აღსავსე პერიოდის მოწმე იყო, სხეულში ჩაბუდებულ მოუსვენრობას ვერაფერი მოუხერხა და ცხოვრებაში პირველად, შუა ძილში მყოფი, საშინელმა შიშის გრძნობამ გამოაღვიძა. ერთ ღამესაც სახელმწიფო უშიშროების აგენტებმა მისი ფანჯრის წინ სტუდენტს ესროლეს, რომელსაც მოესწრო და მსხვილი ფუნჯით კედელზე მიაწერა: Visca Catalunya llure.[3]

“ღმერთო ჩემო,” – უთხრა თავს გაკვირვებულმა, – “თითქოს ყველაფერი ჩემთან ერთად აპირებს სიკვდილს!”

ასეთი შიშნარევი მოუსვენრობა ბავშვობაში მანაოსში ჰქონდა ხოლმე. გათენებამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე, როდესაც ღამეული ხმები მოულოდნელად წყდებოდა, წყალი ჩერდებოდა, დროც ზანტად მიიზლაზნებოდა და ამაზონის ჭალები ისეთ დუმილში იძირებოდა, რომელსაც მხოლოდ სიკვდილი თუ შეედრებოდა. სწორედ ასეთ აუტანელ და დაძაბულ მდგომარეობაში მყოფს, ისე როგორც ყოველი თვის ბოლო პარასკევს, მარიას სადილად კარდონას გრაფი ეწვია.

ამდენი წლის განმავლობაში გრაფის სტუმრობა ერთგვარ რიტუალად ქცეულიყო. ის საღამოს შვიდსა და ცხრა საათს შორის პუნქტუალურად, ერთსა და იმავე დროს გამოჩნდებოდა ხოლმე ადგილობრივი შამპანურით – რომელიც ცნობისმოყვარე თვალისგან დასაფარავად საღამოს გაზეთში გადახვეული ეჭირა – და ერთი კოლოფი შოკოლადის ტრუფელით ხელში. მარია დოს პრასერესი მას ღუმელში კანელონის უცხობდა, ძველი, კარგი დროიდან მოყოლებული, თავმომწონე კატალონიელთა საყვარელ კერძს, ბულიონში ნაზად ჩაშუშულ ქათმის ხორცს უმზადებდა და თასს სეზონური ხილით უვსებდა. სანამ მარია სამზარეულოში საქმიანობდა, გრაფი იტალიური ოპერების ისტორიული ჩანაწერების ნაწყვეტებს უსმენდა გრამოფონზე და ჭიქა პორტვეინს წრუპავდა ნელ-ნელა.

სასიამოვნო საუბრის თანხლებით დასრულებული ხანგრძლივი ვახშმის შემდეგ გაზეპირებულ სასიყვარულო ალერსს ეძლეოდნენ, რომელიც თითოეულ მათგანში ნალექივით ტოვებდა ხელმოცარულობის განცდას. შუაღამისას, წასვლის წინ, აჩქარებული გრაფი საძინებელში მდგარი საფერფლის ქვეშ ოცდახუთ პესეტას ტოვებდა. ეს იყო მარია დოს პრასერესის ფასი მაშინ, როცა პარალელოს სტუდენტურ სასტუმროში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, და ერთადერთი რამ, რასაც დროის ჟანგი არ ეკიდებოდა.

არცერთ მათგანს არასოდეს დაუსვამს კითხვა საკუთარი თავისთვის, თუ რაში გამოიხატებოდა მათი მეგობრობა. მარია დოს პრასერესი გრაფს რამდენიმე პატარა სამსახურს უმადლოდა. ის რჩევას აძლევდა ხოლმე, სად და როგორ დაებანდებინა დაზოგილი თანხა, ასწავლა თავისი რელიქვიების სწორად შეფასება და ისიც, როგორ უნდა მოქცეულიყო, რომ არავის შეეტყო მის მიერ შეძენილი მოპარული ნივთების წარმომავლობის შესახებ. უპირველეს ყოვლისა კი, გრაფი სწორედ ის ადამიანი იყო, ვისი წყალობითაც სიცოცხლის ბოლოს გრასიაში აღმოჩნდა, როდესაც ბორდელში, რომელშიც მთელი ცხოვრება მუშაობდა, ერთ მშვენიერ დღეს უცერემონიოდ გამოუცხადეს, თანამედროვე გემოვნებას აღარ აკმაყოფილებო და მოინდომეს მისთვის ხანში შესული მეძავების საიდუმლო თავშესაფარში ეკრათ თავი, სადაც ბიჭებს ხუთი პესეტის საფასურად სიყვარულს ასწავლიდნენ. მარიამ გრაფს ისიც უამბო, როგორ გაყიდა თოთხმეტი წლისა დედამ მანაოსის პორტში, როგორ ჟინმორეული იცხრობდა ვნებას მისით თურქული გემის პირველი ოფიცერი ატლანტის ოკეანის გადაკვეთისას, მერე კი გემიდან ჩამოსვა და პარალელოს ჭაობებში დატოვა უფულო, უსახელო და ენის უცოდინარი. ორივემ მშვენივრად იცოდა, რამდენად ცოტა ჰქონდათ საერთო, რომ თავს ისე მარტოსულად არასოდეს გრძნობდნენ, როგორც ერთად ყოფნისას, მაგრამ ვერცერთი ვერ ბედავდა ჩვეულების ჯადოსნური წრის გარღვევას; ეროვნული მოძრაობა კი იმაში წაადგათ, რომ ერთდროულად ეგრძნოთ, თუ რამხელა სიძლიერით და სინაზით სძულდათ ერთმანეთი მთელი ამდენი წლის განმავლობაში.

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. კარდონას გრაფი სასიყვარულო დუეტს უსმენდა ოპერიდან “La Boheme” ლისია ალბანესესა და ბენიამინო გილის შესრულებით, როდესაც სამზარეულოდან, სადაც მარია დოს პრასერესს რადიო ჰქონდა ჩართული, “ახალი ამბების” ხმა შემოესმა. კარს ფეხაკრეფით მიუახლოვდა და ყური მიუგდო. გენერალი ფრანსისკო ფრანკო, ესპანეთის მარადიული დიქტატორი, საკუთარ თავზე იღებდა სიკვდილმისჯილი სამი ბასკი სეპარატისტის იღბლის გადაწყვეტას.

“ეს იმას ნიშნავს, რომ სამივეს დაუყოვნებლივ დახვრეტენ,” – შვებით ამოისუნთქა გრაფმა, “რადგან caudillo[4] სამართლიანი კაცია”.

მარია დოს პრასერესმა სამეფო კობრას სიბრაზით ანთებული თვალები შეანათა გრაფს და ოქროსჩარჩოიანი სათვალის მიღმა მისი ვნებისგან დაცლილი უსიცოცხლო გუგები დაინახა, მტაცებელი ცხოველის კბილები, სიბნელეში ცხოვრებას მიჩვეული მხეცის კლანჭები – ისეთი, როგორიც ის სინამდვილეში იყო.

“გირჩევნია ღმერთს შეევედრო, რომ ასე არ მოხდეს”, თქვა მარიამ, “თორემ ერთიც რომ დახვრიტონ, ჩემი ხელით ჩაგიყრი საწამლავს კერძში”.

გრაფს შეეშინდა.

“კი მაგრამ, რატომ?”

“იმიტომ, რომ მეც სამართლიანი ბოზი ვარ”.

კარდონას გრაფი აღარ გამოჩენილა, სამაგიეროდ, მარია დოს პრასერესს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, რომ მისი სიცოცხლის უკანასკნელი წრეც შეიკრა. სულ ცოტა ხნის წინ საშინლად აღშფოთდებოდა ხოლმე, თუ ვინმე ავტობუსში მისთვის ადგილის დათმობას დააპირებდა, ქუჩაზე გადასვლაში დახმარებას შესთავაზებდა ან კიბეზე ასვლისას ხელს შეაშველებდა, ახლა კი მსურველს არათუ უფლებას აძლევდა, რაღაცნაირი საძულველი, მისთვისვე აუტანელი კატეგორიულობით, მათგან ამას მოითხოვდა კიდეც. მერე ადგა და ანარქისტების შესაფერისი, უსახელო და უთარიღო საფლავის ქვა გააკეთებინა და დაწოლის წინ კარს ურდულითაც კი აღარ კეტავდა – ძილში რომ გაპარულიყო, ნოის გარეთ გასვლა და ვინმესთვის ამბის შეტყობინება შესძლებოდა.

ერთ კვირა დღეს სასაფლაოდან დაბრუნებულს და სახლის სადარბაზოში შესულს კიბის მოსახვევთან ის პატარა გოგონა შემოხვდა, რომელიც მის მოპირდაპირე ბინაში ცხოვრობდა. რამდენიმე ქუჩა ერთად გაიარეს. მარია ბავშვს ყველაფერზე და არაფერზე ბებიებისთვის დამახასიათებელი ტონით ელაპარაკებოდა და თან თვალს არ აშორებდა, როგორ შეხმატკბილებულად, ძველი მეგობრებივით ანცობდნენ გოგონა და ნოი. როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა, პლასა დელ დიამანტეზე ბავშვი ნაყინზე დაპატიჟა.

“გიყვარს ძაღლები?” – ჰკითხა.

“ძალიან”, – მიუგო გოგონამ.

მარია დოს პრასერესიც ადგა და წინასწარ მომზადებული სიტყვებით უთხრა:

“რამე რომ დამემართოს, ნოი შენთან წაიყვანე”, ოღონდ ერთი პირობით, კვირაობით გარეთ მარტო უნდა გაუშვა ხოლმე და უკან არ გაჰყვე. მან თვითონ იცის, რაც უნდა გააკეთოს”.

გოგონა ბედნიერი იყო. თავის მხრივ მარია დოს პრასერესიც გახარებული დაბრუნდა შინ. მის გულში რამდენიმე წლის განმავლობაში მომწიფებული კიდევ ერთი ოცნების ასრულებასაც აღარაფერი ედგა წინ, მაგრამ ეს ოცნება ვერ აისრულა და ამის მიზეზი არც ასაკობრივი გადაღლა ყოფილა და არც თვით სიკვდილის სიზანტე, სიმართლე ითქვას, ამ ყველაფრის გადაწყვეტას მას არც არავინ ეკითხებოდა.

სიცოცხლეს მარია დოს პრასერესი ნოემბრის ერთ სუსხიან ნაშუადღევს გადაეყარა. სასაფლაოდან რომ გამოდიოდა, უეცრად ჭექა-ქუხილი ატყდა. სამივე საფლავის ქვაზე სახელების დაწერა მაინც მოასწრო და თავით ფეხამდე გალუმპული თავდაღმართში, ავტობუსის გაჩერებისკენ დაეშვა. როგორც იქნა მოახერხა და ერთი მიტოვებული უბნის კარიბჭის თაღს შეაფარა თავი, რომელიც გეგონებოდა სულ სხვა ქალაქის კუთვნილებააო. მისი სანახევროდ დანგრეული საწყობების, დამტვერილი ფაბრიკებისა და ვეებერთელა სატვირთო მატარებლების ფონზე მარიას ჭექა-ქუხილის გრგვინვა კიდევ უფრო საშინელი ეჩვენებოდა. სველ ძაღლს გულში იკრავდა და ცდილობდა, როგორმე გაეთბო. თან ხალხით გატენილ ავტობუსებსა და ცარიელ, მაგრამ შუქჩამქრალ ტაქსებს თვალს ადევნებდა და უნიათოდ იქნევდა ხელს, მაგრამ ეს არავის ადარდებდა. მოულოდნელად, როდესაც მარია სასწაულსაც კი აღარ ელოდა, დაისისფერმა თვალწარმტაცმა მანქანამ წყლით დაფარულ ქუჩაში თითქმის უხმოდ ჩაიარა, უეცრად გაჩერდა, უკან დაიხია და მარიას წინ შეჩერდა. თითქოს ჯადოსნური კვერთხის ერთი აქნევით, ფანჯრის მინა დაბლა დაიწია და მძღოლმა წაყვანა შესთავაზა.

“ძალიან შორს მივდივარ,” – გულახდილად თქვა ქალმა, – “მაგრამ ძალიან დამავალებთ, გრძელ გზას ცოტათი მაინც თუ შემიმოკლებთ”.

“მითხარით, სად მიბრძანდებით,” – ჩაეკითხა მძღოლი.

“გრასიაში”, – მიუგო.

თითქოს მანქანის კარიც თავისით გაიღო.

“მეც სწორედ იქით მივდივარ”, – თქვა, – “დაბრძანდით”.

სალონში, სადაც რომელიღაც წამლის სუნი იდგა, წვიმა შეუსაბამო მოეჩვენა მარიას. ქალაქი ფერს იცვლიდა, ის კი შორეულ და ბედნიერ სამყაროში იმყოფებოდა, სადაც ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. მძღოლიც, თითქოს მაგიურ ძალას ფლობდა, ისე მარჯვედ მიიკვლევდა გზას ტრანსპორტის ლაბირინთში. ცოტა იმისი რცხვენოდა, რომ ფიქრობდა, მეც და ჩემს კალთაში გატრუნული ძაღლიც შესაბრალისად გამოვიყურებითო.

“მანქანა კი არა, შორეული ნაოსნობის ხომალდია”, – აღნიშნა ქალმა, რადგან იგრძნო, დრო იყო, რამე ღირებული ეთქვა. “მსგავსი რამ სიზმარშიც კი არ მინახავს”.F

“მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს, კერძოდ კი ის, რომ მე არ მეკუთვნის”, -მიუგო მძღოლმა დამტვრეული კატალონიურით და ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ესპანურად დაუმატა: “ამის საყიდლად მთელი ჩემი სიცოცხლის გასამრჯელოც არ მეყოფა”.

“წარმომიდგენია”, – ამოიოხრა მარიამ.

გვერდიდან შეათვალიერა მძღოლი, რომელსაც სალონის წინა დაფიდან არეკლილი შუქისგან სახეზე მომწვანო ფერი დასდებოდა და მაშინღა შეამჩნია, რომ თითქმის ყმაწვილი კაცი იყო, მოკლე ხვეული თმითა და რომაული ბრინჯაოს ქანდაკების პროფილით. გაიფიქრა, რომ ლამაზი არ ეთქმოდა, მაგრამ თავისებური ხიბლი არ აკლდა, და ის უბრალო ტყავისგან შეკერილი, გაცვეთილი ქურთუკიც ძალიან უხდებოდა. ალბათ დედამისს გული სიხარულით ევსებოდა ხოლმე შინ დაბრუნებული შვილის ნაბიჯების ხმის გაგონებაზე. მხოლოდ გლეხური ხელები გასცემდნენ საიდუმლოს, რომ მანქანა, რომელსაც მართავდა, მას არ ეკუთვნოდა. მთელი გზა დუმდნენ. ერთი ეგ იყო, ხანდახან მარია მძღოლის შეფარულ მზერას გრძნობდა და სულ უფრო მეტად იწვოდა სირცხვილისგან, ამ ასაკში ჯერ კიდევ ცოცხალი რომ იყო. წვიმისგან დასაცავად თავზე ნაჩქარევად შემოხვეული ჭურჭლის ტილოთი და გაქუცულ საშემოდგომო ლაბადაში – გამუდმებით სიკვდილის მოლოდინში მყოფს ახლის შეძენა აზრადაც არ მოსვლია – თავი ამაზრზენი და საბრალო ეჩვენებოდა.

გრასიას რომ მიუახლოვდნენ, ცა მოიწმინდა. თან ღამდებოდა და ქუჩას ფარნები ანათებდა. მარია დოს პრასერესმა მძღოლს სთხოვა, მანქანა სახლთან შორიახლოს, ქუჩის კუთხეში გაეჩერებინა, მაგრამ კაცმა დაიჟინა, სადარბაზოს კარამდე მიგიყვანო; ის კი არა, ტროტუარზეც კი შეაყენა, გადმოსვლისას ფეხი რომ არ დასველებოდა. მარიამ ძაღლს ხელი გაუშვა და შეეცადა მანქანიდან შეძლებისადაგვარად ღირსეულად გადმოსულიყო, ისე, როგორც ამის საშუალებას სხეული მისცემდა, და როცა მადლობის გადასახდელად შემობრუნდა, მამაკაცის ისეთ მზერას შეეფეთა, რომ სუნთქვა შეეკრა. დაბნეულმა ერთხანს გაუძლო კიდეც ამ შემოხედვას, თან ცდილობდა გამოეცნო, რას მოელოდნენ მისგან და რატომ. მერე კაცმა მტკიცე ხმით ჰკითხა: “მაღლა ამოგყვეთ?”

მარია დოს პრასერესმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.

“მადლობელი ვარ, რომ შინ მომიყვანეთ”, – თქვა, – “მაგრამ ჩემი მასხარად აგდების უფლებას ნამდვილად არ მოგცემთ”.

“არავის მასხარად აგდებას არ ვაპირებ,” სრული თავდაჯერებულობით მიუგო მძღოლმა ესპანურად, და “განსაკუთრებით ისეთი ქალისას, როგორიც თქვენ ბრძანდებით”.

მარია დოს პრასერესს უამრავი მისნაირი მამაკაცი ენახა, მასზე ბევრად უფრო გაბედულები თვითმკვლელობისგანაც გადაერჩინა, მაგრამ თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე გადაწყვეტილების მიღება ასე არასოდეს გასჭირვებია. “მაღლა ამოგყვეთ”? კიდევ გაუმეორა კაცმა კითხვა. არაფერი ეტყობოდა საიმისო, რომ აზრის შეცვლას აპირებდა.

მარიას კარი არ დაუხურავს, ისე მოსცილდა მანქანას, და იმაში დასარწმუნებლად, რომ მის ნათქვამს გამგები სწორად გაიგებდა, ესპანურად უპასუხა: “რაც გინდათ ის ჰქენით”.

ქუჩიდან შემოსული ირიბი შუქით მკრთალად განათებულ სადარბაზოში შევიდა და კიბის პირველი მონაკვეთი ისეთი აკანკალებული მუხლებით და შიშისგან სულშეგუბებულმა აათავა, რომ ამ განცდას მოახლოებული სიკვდილის წუთს თუ შეადარებდა. კარის წინ შეჩერებულს – როდესაც მღელვარებისგან მთელი ტანით აცახცახცახებული ხელჩანთაში გასაღების პოვნას ცდილობდა – მოესმა, როგორ გაიჯახუნა ქუჩაში მდგარი მანქანის ჯერ ერთმა და მერე მეორე კარმა. ნოიმ, რომელიც კიბეზე ახლაღა ამორბოდა, ყეფა ატეხა. “ხმა გაიკმინდე”, აფორიაქებულმა ჩურჩულით დატუქსა ძაღლი და კიბის მორყეულ საფეხურებზე პირველი ნაბიჯების ხმა რომ შემოესმა, შეეშინდა, გული არ გასკდომოდა. წამის მეათასედში კიდევ ერთხელ ამოქექა მეხსიერებიდან თავისი წინასწარმეტყველური სიზმარი, რომელმაც სამი წლის შემდეგ ერთიანად შეცვალა მისი ცხოვრება და მყისვე აღმოაჩინა სიზმრის ახსნაში გაპარული შეცდომა.

“ღმერთო ჩემო”, გაოგნებულმა უთხრა თავს, “თურმე ეს სიკვდილს არ ნიშნავდა”!

როგორც იქნა მიაგნო გასაღების ჭუჭრუტანას. ყურში კი სიბნელეში დაბლიდან მომავალი ნაბიჯებისა და იმ კაცის გახშირებული სუნთქვის ხმა ჩაესმოდა, ვინც წყვდიადში მასზე არანაკლებ შეშინებული უახლოვდებოდა, და მიხვდა, რომ ღირდა ამდენი წლის ლოდინი, ღამის სიმარტოვეში განცდილი ტანჯვა და ტკივილი, თუნდაც მხოლოდ იმად, რასაც ახლა, ამ წუთებში განიცდიდა.

მაისი, 1979 წელი.

---
[1] “ახლავე დაბლა ჩამოდი!” – კატალონიურად.
[2] სალანძღავი სიტყვა ესპანურად.
[3] გაუმარჯოს თავისუფალ კატალონიას – (კატალონიურად).
[4] მეთაური, ბელადი (იგულისხმება გენერალი ფრანსისკო ფრანკო).

ბმული:
* http://arilimag.ge/გაბრიელ-გარსია-მარკესი-2/

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




კატია ვოლტერსი Katja Wolters Empty
PostSubject: Re: კატია ვოლტერსი Katja Wolters   კატია ვოლტერსი Katja Wolters Empty

Back to top Go down
 
კატია ვოლტერსი Katja Wolters
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: