არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ეკა კვიციანი

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი - Page 2 EmptyWed Aug 07, 2019 8:19 pm

ეკა კვიციანი - Page 2 Ekvic-13

ეკა კვიციანი

***
მე მინდა,
ერთი ლექსი მაინც დავწერო შენზე.
შენ კი,
არც ხელს მკრავ, არც მღალატობ.
არც ჩემგან გარბიხარ.
ერთხელაც ვერ გამოჭამეს გული შენზე ეჭვებმა.
ერთხელაც ვერ გამოგეტირე.
ვერ მოგახალე სიტყვა - „ვერ გიტან!“
- ეს რანაირი სიყვარულია?!
ამ სიმშვიდისგან აბა, როგორ დავანთო ლექსი,
რომელიც მინდა, შენთვის იწვოდეს?..

Arrow


Last edited by Admin on Fri May 15, 2020 8:43 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი - Page 2 EmptyThu Dec 12, 2019 12:05 pm

ეკა კვიციანი

***
უცხო ფანჯარა.
უცხო ჭერი.
უცხო კადლები.
და შენი სუნთქვა, ჩემთვის ჯერაც უცნობ ოთახში -
როგორც წყლის წვეთი
უსახელო და უკაცრიელ პლანეტაზე,
სადაც სიცოცხლე
აღმოვაჩინე.

Arrow


Last edited by Admin on Wed Dec 18, 2019 7:36 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი - Page 2 EmptyFri Dec 13, 2019 5:29 pm


ლიტერატურული კუთხე - ეკა კვიციანი

Trialeti Tbilisi
Published on May 25, 2016

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი - Page 2 EmptyWed Dec 18, 2019 7:36 pm

ეკა კვიციანი

***
დამიცდა ფეხი, მოგონება თავქვე მიმათრევს,
მახსენებს, სულზე მარწუხებით როგორ მიჭერდა.
სირცხვლი, როცა ვიტკეპნიდი მუჭში სინათლეს,
გადმოღვრილს სხვისი, ლურჯი სახლის კედლის ღრიჭოდან.
სხეულზე ახლად დასერილი ჭრილობებივით,
მეწვოდა მისი გაბზარული კედლების ფეთქვა,
თვალს ვარიდებდი ქუთუთოებგადაღებილი
ფანჯრების მზერას, სხვისი სახლის შიში რომ ერქვა...
ვერ გავცდი, უცხო, უხილავმა ძალამ დამტბორა,
არ დავიტოვე ასარჩევად არცერთი სხვა გზა,
სახლმა ჩემ თვალწინ საკუთრი თავი დატოვა,
მე წამოვიღე მოპარული სილურჯე საგზლად...
ვერ ჩამორეცხეს არეული სიზმრის ღვარებმა,
თვალებიდან რომ უკითხავად, მლაშედ იდინეს,
ჭუჭყი, რომელიც შემოვზიდე ჩემში გარედან,
ვერც სინანულით შემსუბუქდა მხრებზე სიმძიმე,
დიდხანს ვცდილობდი, ვიმშრალებდი ლექსებს ოფლივით,
ვიდრე უდაბნოს დუმილი და შიში გამეფდა...
ეჭვის შოლტებით ნაცემი და უარყოფილი,
ვდგავარ სახლიდან გაპარული სახლის კარებთან.
დღეს აღარა ვარ გულუბრყვილოდ, აღსრც კეთილი,
ვერც თავს ვუშველე ვერაფერი გარდასახვით და
ჩამოიღვარა თითებს შორის წყლის წვეთებივით,
ლურჯი სინათლეც, მოპარული სხვისი სახლიდან...

Arrow


Last edited by Admin on Wed Dec 18, 2019 7:57 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი - Page 2 EmptyWed Dec 18, 2019 7:51 pm

ეკა კვიციანი

***
იხუმრა ღმერთმა - გაიარა გულის ფიცართან.
მის ნაკვალევზე ერთი სიტყვა ამოიზარდა.
ჯერ ხმაური და უცხოობის ერქვა თავზარი,
მერე ქვად იქცა, ადგილიდან ვეღარ დავძარი.
ის დარჩა ჩემში - დამარცხების ზარიც და ტაშიც,
და ლურჯად იწვის, გაბლანტებულ დუმილის ტბაში..
ამ დუმილიდან შენს სიზმრამდე თუ ვეღარ მოვალ,
გადმოაბიჯე უსარგებლო სიტყვების გროვას,
შეხედე, როგორ ძლიერდება ცეცხლი შებერვით,
იგრძენი სუნი ბიბლიური ნელსაცხებელის.
რომელიც ახლა, განურჩევლად დარის და ავდრის,
ამ სიტყვისაგან ალმოდებულ სხეულზე ამდის...
იქნებ, ამოვხსნათ, სიყვარული როგორ დაერქვა,
გზაარეული, უხილავი ღმერთის ნატერფალს.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი - Page 2 EmptyWed Dec 18, 2019 7:52 pm

ეკა კვიციანი - Page 2 Eka_kv11

ეკა კვიციანი

***
ყოველთვის, როცა ჩემი მეგობარი მტრებს ახსენებდა,
მე ვამტკიცებდი, რომ ისინი არ არსებობენ.
გადამული შავი წარბებით,
გადმოკარკლული, ჩასისხლიანებული თვალებით და
ხელებზე ჭუჭყიანი ბრჭყალებით –
ასე წარმომედგინა "მტერი".
ასეთი კი ჩემს ნაცნობებში არავინ იყო,
და ამიტომაც, არ მჯეროდა მათი არსებობის,
რადგან ჯერ კიდევ იმ წიგნებში ვცხოვრობდი,
ბავშვობაში რომ შემირჩია მამაჩემმა.
და როცა ჩემმა მეგობრმა შეწყვიტა ლაპარაკი
და მე ბავშვობისწიგნებიდანგამოვიხედე,
დავინახე - ადამიანები მშვიდი თვალებით და მოვლილი ფრჩხილებით
აუღელვებად თხრიდნენ ორმოებს საფლავებისთვის..
თხრიდნენ საფლავებს ცოცხალი ადამიანებისთვის.
და ვთქვი:- აი, მტრები.
ისინი არ მოგხარშავენ მდუღარე ქვაბში,
არც ეშვებს გამოაჩენენ.
ფრჩხილებიც მოვლილი აქვთ და გეგმებიც მოწესრიგებული.
ისინი მოვლენ და გვერდით მოგიჯდებიან,
მხარზე თავს ჩამოგადებენ
და ორმოში თუ ჩაპირქვავდი, ცრემლსაცჩამოგაწვეთებენ - ბეჯითიმესაფლავეები.
- აი, ისინი!
მე ვისწავლე მათი ცნობა! –
ვეტყოდი ახლა ჩემს მეგობარს.
მაგრამ ახლა ასეა -
მე ვცნობ მტრებს,
ოღონდ, აღარ მყავს მეგობარი, ვისაც ამაზე მოვუყვები...

Arrow


Last edited by Admin on Fri May 15, 2020 8:43 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი - Page 2 EmptyWed Dec 18, 2019 7:53 pm

ეკა კვიციანი

***
არასდროს წამოგცდეს ეს სიტყვა: -
"სიყვარული!" -
მოვლენ,
ცივ ხელებზე თეთრ ხელთათმანებს მოირგებენ,
გულში ღრმა ორმოს ამოგითხრიან,
შიგნით სიცარიელეს ჩაასვენებენ და წავლენ..
ქვასავით მძიმე იქნება,
ნისლივით ცივი და სველი იქნება.
ხელებში შეგატოვებენ და
წავლენ..
შენ კი მისი ტარება მაშინაც მოგიწევს,
საკუთარი თავიდან თუ გაიქცევი...
დაწყევლილია ეს სიტყვა: -"სიყვარული".
მოჯადოებულია ეს სიტყვა:- "სიყვარული"
ვერავინ აგხსნის,
ვერავინ გამოგილოცავს,
თუ შეგეყარა.
არასდროს წამოგცდეს!

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი - Page 2 EmptyWed Dec 18, 2019 7:53 pm

ეკა კვიციანი

***
წავიდა ჩემგან სიყვარული – ლურჯთვალა ღმერთი,
რაღა გიმღერო, რას დაგპირდე მე მის გარეშე?
იმ დროს კი, როცა ცის სილურჯე მეფინა ფერხთით,
გულიდან, აბა, რანაირად უნდა გამეშვი..
დღეს აქ ყველაფერს სხვა ფერი აქვს ან არც აქვს ფერი,
დიდი ხანია, აღარ ჩანან ცაზე მერცხლებიც,
ვეღარც დაგეძებ, დაქანცული სიზმრებში ფრენით,
მართლა მყავდი თუ გიგონებდი, უკვე ვერც ვხვდები.
და მაინც, ზოგჯერ, ფეხქვეშ მიწა როცა მყარდება,
ისევ მტკივდები, ისევ გგრძნობ და ასე მგონია,
თითქოს მიყვარდე ძველებურად, თითქოს მყავდე და
უმისამართოდ ვაგრძელებდე ცაში ბორიალს.
არაფერს ვნანობ, ოდესღაც ხომ გულით ვეცადე,
რომ სტრიქონები ჰამაკივით ცაში გამება,
შენ რომ იცოდე, რა დიადი ჩანდი ჩემს ცაზე,
ამ სიცხადისთვის თავი მართლა დაგენანება...

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი - Page 2 EmptyWed Dec 18, 2019 7:54 pm

ეკა კვიციანი - Page 2 Ekvic-14

ეკა კვიციანი

გულის ელეგია

თუ წასვლას ითხოვ, დავიწყების სიმშვიდეს ითხოვ,
რა აღიღინებს ჩემ სხეულში ამ დილის სისხამს,
თუ ისევ გხედავ, როგორც ხილულს, ...ყინულის სითბოს
ცოტაც და კიდეც შეგეხები, ხელს გადაგისვამ
ცისფერ სხეულზე - დავიწყებულ ფორიაქს ჰგავდე,
დასაბამს ჰგავდე, დასასრულმა რადგან დამტოვა,
ყველა პირობის კვლავდარღვევის პირობა დავდე,
ჩემშია ყველა, ყველგან ვცხოვრობ, მაინც მარტო ვარ.
გამოგიგონე ან გიპოვე შემთხვევით, ისევ,
მიყვარდეს მინდა, უამრავჯერ ვინც მიღალატა,
ხსოვნა მყიფეა, უხეშია, ხისტი და მქისე,
მე შემიძლია, დავიჯერო, რომ ის არა ხარ
ვინც გაიბზარა, ან წვიმაში გაშრობა შეძლო,
ან გამიხადა, შეცდომების თოკზე გამფინა,
რომ სუნთქვა მეღრძო, სული მეღრძო, სიცოცხლე მეღრძო...
ვინც არ ელოდა ამ სიმღერას, ამ წამს, ამ ფინალს.
შემოდგომიდან დაიჩეკა სხეულში ყველა
ჭუპრი და ყველა საზეპირო გამექცა გვერდზე,
უბინადრებო ნიჟარებით სავსე რიყე ვარ
ან კალაპოტი და საკუთარ სიღრმეში ვერ ვძლებ.
წარსულს ვღიღინებ, იმ გარდასულს, ცა რომ მეთხელა
და თუ ოდესმე საკუთარ თავს ისე არ ვყავდე,
უჩემოდ მყოფმა სიძულვილი შეძლოს ერთხელაც...
ან ზიზღი შეძლოს, არ ახსოვდე ან არ უყვარდე.
დრო რომ გავიდეს, გაიპაროს (ან როგორც არის),
ჩემგან და მერე ჩემს გარეთ რომ თვალი დახუჭოს,
გამოვუხურო ერთხელ, თუნდაც, შემთხვევით, კარი -
მეხსიერებებს, წარმოსახვებს, ხსოვნის პარკუჭებს...
და როგორც ვცოცხლობ, როგორც ვფიქრობ და როგორც ვსუნთქავ,
ყველაფერი რომ შეიცვალოს, უცებ და მკვეთრად...
აქ თვალებს ვხუჭავ, სუნთქვას ვხუჭავ და დუმილს ვუთქვამ
და დახუჭული სიცოცხლიდან სივრცეებს ვკვეთავ.
და სივრცის მიღმა- ჩემი გული - მზეების ფეთქვა,
ამ სიტყვებს გირწევს, სინანულის სიმღერას გირწევს.
და ხმები ჩემი და სიჩუმე, რომ უნდა მეთქვა,
დრო ვიდრე მოვა, ვიდრე წამშლის, ვიდრე მომიწევს
გაქრობა. ვიდრე ასი თვალით სიბრმავე მერქვას,
ვიდრე ცდუნებით ცამ დამაშროს, მიწა განქარდეს
სიმღერად დასცდეს სიყვარული ამ გულის მერქანს
და არასოდეს, არასოდეს აღარ დამთავრდეს,
რაც არ მითხრეს ან უკვე თქვეს და ვერ მოვისმინე,
რაც დამანახა დახუჭული თვალების შვებამ...
როგორც ფრესკიდან ჩამოღვრილი ცრემლის სისველე,
სულის ფსკერში რომ გუბდება და არასდროს შრება.
რადგან მე შევძლებ, ისევ შევძლებ, თავიდან შევძლებ,
მიტევებიდან, სინათლიდან, სულში ჩახედვას,
და მხოლოდ იმას ვიღიღინებ ჭის ფსკერშიც, შენზე
საკუთარ თავში დაბრუნებამ რაც მიმახვედრა...


Arrow


Last edited by Admin on Fri May 15, 2020 8:29 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი - Page 2 EmptyWed Dec 18, 2019 7:55 pm

ეკა კვიციანი

ბოლო ბარათი

ხედავ? შევწყვიტე გულუბრყვილო დავა სიზმრებთან,
მშრალი სიცხადით იწერება ჩემი წერილი,
არ დამაბრალო დღეს ამბების დრამატიზება,
ეს მონოლოგიც, მოსაწყენი და გაწელილი
იქნება ბოლო და ყველაზე გულწრფელიც, ალბათ,
არავითარი აჩვილება, თავის მართლება...
ცივია სიტყვა, თუმცა ცრემლში მრავალჯერ დალბა,
რაც იყინება ის ხომ მერე დიდხანს არ თბება...
როდესაც ცრემლი (ვიცი, მალე ესეც დაშრება),
გადმოიღვრება თვალებიდან და გულს მიჩვილებს,
ვიხსენებ, მაშინ - მე რომ შველას ვითხოვდი შენგან,
ჩემი დანგრევით თავი როგორ გადაირჩინე...
ასეთ დროს ყელში მოწოლილი ქვითინი მახრჩობს,
თუმცა, ავკრძალე რა ხანია,სენტიმენტები.
მე მოვდიოდი, ვწრიალებდი შენს სულთან ახლოს,
მისაკარებლად, შესახებად ვერ გიმეტებდი...
ან ვერ ვბედავდი ან ვერ ვთმობდი სიშორეს, სულაც,
მწამდა, სინათლეს ტკივილი რომ წარმოშობს სწორედ...
გხატავდი - ღმერთის ხატებას თუ ხორცშესხმულ სურათს,
გწერდი- სიტყვები გულის კოვზზე ვზომე და ვწონე...
შენ გაუცხოვდი...მიწის შვილად იქეცი უცებ,
შენ გაუცხოვდი...შეგეცვალა ხმაც და აქცენტიც,
გამოებერე მიწას - შავი ვეშაპის მუცელს
და ვერ ხვდებოდი, დამნაშავედ როგორ მაქცევდი,
როცა გეძებდი, გპოულობდი, ისევ გკარგავდი,
სულს გიხუთავდა ახლოს მოსვლის ყველა მცდელობა,
ასეთ დროს, ვგრძნობდი, საკუთარ თავს ისე არ ჰგავდი,
თითქოს სხვა ვინმე სასულეში გადაგცდენოდა...
მერე თანდათან მოინდომა გაზრდა მანძილმა,
მერე ნელ-ნელა დაეკარგა სიმართლეს წონა,
უცნობმა ძალამ მიწის მტვერში ისე ამზილა,
ვერცერთი სიტყვა ვერ წარმოვთქვი მკვეთრად და სწორად.
საკუთარ თავთან დავიბენი და შევკრთი მერე,
ამოვსებული მქონდა პირი მტვრით და ტალახით,
მერე ათასი სისულელე ვჯღაბნე და ვწერე,
გამოვიყენე უღმერთობის ყველა ტალანტი..
დღეს მძიმე ტვირთად მაწევს მხრებზე ყველა ბრალდება,
ხელებში შემრჩა საღებავებშემშრალი ფუნჯი,
მაგრამ რაც სულში იბადება, თურმე, არ კვდება
და ამოვსებულს, იდუმალი ამბებით, ხურჯინს
დავათრევ. დამაქვს არეული დღეების განცდა,
ორივეს ერთად დავატარებ - სასჯელს და შვებას,
ის, რაც გულს ერთხელ აალებულ ლექსებად დასცდა,
არ მიდის არსად, მარადიულ ტკივილად რჩება...
სხვა ყველაფერი იკარგება, გვალვებში ხმება...
მენდე, გაუვალ ლაბირინთებს თავი გავართვი,
მე ახლა შენს ლურჯ სინათლეს და ტკივილსაც ვხედავ
ამ სინათლეში დაიწერა ბოლო ბარათი...

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი - Page 2 EmptyWed Dec 18, 2019 7:56 pm

ეკა კვიციანი

***
მე ვწერდი შენზე.
ლურჯი, უძირო სამელნედან
წვალებით ამომქონდა სიტყვები,
რომლებიც მხოლოდ შენთვის ლაპარაკობდნენ.
მაგრამ ისინი გაშრნენ და გახმნენ,
ფორმა და ფერი ისე იცვალეს,
ვერცერთი მათგანის ამოცნობა
შენ ვერ შეძელი.
დიდია ხანია, აღარ ვიცი,
სად დავმალო სველი თითები,
რომ ლურჯი ტბისკენ არ გამექცნენ
მკვდარი სიტყვების ამოსაყვანად...
დიდი ხანია,
ვერიდები ლურჯ სამელნეში თითების დასვრას -
ვაითუ, ღალატი და
სხვისთვის წერა ისწავლეს...

Arrow


Last edited by Admin on Wed Dec 18, 2019 8:15 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი - Page 2 EmptyWed Dec 18, 2019 8:05 pm

ეკა კვიციანი

***
მოაქვთ ღამეებს უთვალავი თოვლის ფანტელი,
სველი ფიქრების სუსხიანი კორიანტელი.
ვდგავარ ყინვაში გამხელილი, შეუმოსავი,
და მეშინია, შენი ქოხი ისე შორს არი,
სადაც ვგზავნიდი აღსარებებს, ცრემლის ბარათებს,
რომ მიდიოდნენ არსად, ანდა სხვა მისამართზე,
ახლაც არ ვიცი, შეუცვალათ გეზი რა ქარმა,
დღეს მხოლოდ ერთს გთხოვ, ვიდრე ეჭვის ზვავი დამფარავს _
ცეცხლის ალები იმ თვალების და იმ ტუჩების,
ტკივილად მენთოს, ნურასოდეს გამიყუჩდები...

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი - Page 2 EmptyWed Dec 18, 2019 8:07 pm

ეკა კვიციანი - Page 2 Ekvic-15

ეკა კვიციანი

სიტყვების ქალაქი

*
შენი ხმა იყო,
მე რომ ბედისწერა დავარქვი,
გავყევი და ცაში აღმოვჩნდი.
უძრავად იდგა კამკამა სილურჯე
და არავინ იყო ამ სილურჯეში შენ გარდა,
არავინ იყო, ვისაც დავუძახებდი და ხმას გავაგონებდი,
ავდექი და ვისწავლე შენი ენა.
ავდექი და ვისწავლე შენთან ლაპარაკი.
*
სხვა რა შემეძლო, გიშენებდი სიტყვების ქალაქს,
ცა იყო ირგვლივ, სიტყვაც იყო ცის და თხევადი,
ვარჩევდი ფრთხილად, მონდომებით,
ალაგ და ალაგ,
გრძნეულის ვნებით, აალებულ ცეცხლშიც ვფერავდი...
*
და გულმოდგინედ ვმალავდი ჩემს სხეულში მძინარე ქალს,
რომელიც ზოგჯერ ღრმა ძილიდან
გამოფხიზლებას ლამობდა
და თავს მახსენებდა.
ვმალავდი, რადგან მჯეროდა, რომ
მისი გაღვიძება არ შეიძლებოდა,
არც მისი გამოჩენა შეიძლებოდა
გამჭვირვალე სიტყვების ქალაქში...
*
და მდუმარებდა სიცხადემდე მქრქალი მანძილი,
და ვჩურჩულებდი: სიყვარულო, გამიხანგრძლივდი...
*
ერთხელაც, როცა მეძინა,
მანძილი გალეულა
და იმდენად ახლოს მოსულხარ,
იმ ქალს დამალვა ვეღარ მოუსწრია...
გამეღვიძა და შემრცხვა,
გამეღვიძა და ხმა ჩამიწყდა,
გამეღვიძა და მივხვდი, რომ დავყრუვდი
და აღარ მესმოდა შენი ენა...
*
ვეღარც შენ მცნობდი, ტკივილისგან მწარედ დაკბენილს,
არც ღონე მქონდა ამ ცხადიდან გზების გაკვლევის...
*
მერე უშენობის შიშმა ამომავსო,
ცაში დაკარგვის შიშმა ამომავსო,
გზის ვერგამოგნების შიშმა ამომავსო,
უცხოობის შიშმა ამომავსო.
მძიმე იყო სხეულში ჩამდგარი შიში
და გამოქცევა ვერ შევძელი ქალაქიდან,
რომელსაც ეს სიმძიმე ანგრევდა...
*
სხვა არაფერი _ სილურჯეში ვცადეთ თამაში,
არც ამინდები, კაცმა რომ თქვას, ჰგავდა ცვალებადს,
რა ვიცოდით თუ ნანგრევებად ქცეულ ქალაქში
მკვდარ სიტყვებს შორის მოგვიწევდა გარდაცვალება...

Arrow


Last edited by Admin on Fri May 15, 2020 8:30 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი - Page 2 EmptyWed Dec 18, 2019 8:08 pm

ეკა კვიციანი

***
ნურასდროს იტყვი,
რომ შეძელი,
რომ კარგად მიცნობ,
თვალახვეული ნუ ენდობი
მოლიპულ ვიწრობს,
ნუ იმახსოვრებ ღამეების
უმწეო ცახცახს,
მატყუარაა სხივჩამდგარი
დღეების ასხმაც...
თვალებში ბევრჯერ ნაპერწკლები
ავად რომ ელავს,
ეკა კვიციანი
ნუ გაიოცებ, დამერწმუნე,
დღეს ესეც მე ვარ!
მე შემიძლია უმოწყალოდ
ყველაფრის ნგრევა!
შორიდან რაც ჩანს, ტყუილია,
პოზაა, ფარსი,
სხვა ყველაფერმა
დიდი ხნის წინ
დაკარგა ფასი...
ნურასდროს მეტყვი, რომ შეძელი
წაკითხვა წვიმის,
ან ცრემლი წყლისგან გაარჩიე _
ნუ მომგვრი ღიმილს...
რომ ისე მიცნობ, შეგიძლია
ბრმასავით მენდო,
რომ დაკარგული ვერ იქნება
ვერაფრით ეს დრო...
მოურჩენელი ხდება ხშირად
და მძიმე ჭირი _
აუხილავად დარჩენილი
თვალების ჭრილი...
ჩემი დანახვა, დამერწმუნე,
შეგაკრთობს მხოლოდ,
და სანამ კიდევ ამოივლი
საფეხურს ბოლო,
გეტყვი: _ ყინულის სასახლეა,
სადაც მე ვსახლობ _
ნუ მოხვალ ახლოს!

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი - Page 2 EmptyWed Dec 18, 2019 8:09 pm

ეკა კვიციანი

***
უკურნებელი სახადისგან მიხსენი, მთაო,
ჩააქრე ცეცხლი!
გულზე ეჭვის ნემსების როკვა!
არც მწვავს ბოლომდე,
ვეღარც მისი
ალებით ვთბები,
ათასი გველი შხამიანი ენებით მლოკავს...
ნუ მასმენინებ მდუმარების შემზარავ ექოს,
ნუ გამაბრუნებ სალოცავად წამოსულს, გზიდან,
ნუ დამაჯერებ, რომ ეს სენი სასჯელად მერგო
და ბოლო წამის ჩამოკვრამდე მე უნდა ვზიდო...
შენ დგახარ უტყვი,
მოღუშული და გათოშილი,
თითქოს, მიმზადებ კიდევ უფრო მძიმე განაჩენს...
მითხარი, მთაო, რომ უმტვერო თოვლით მოსილი,
ყინულის ლაქებს საკურნებლად სულზე დამამჩნევ...
თორემ, როდესაც ძველებურად თავხედი ვნებით
გადაურბენენ ჩემს ნახანძრალ სხეულს ალები,
გულის წასვლამდე შემზარავი სიცხადით ვხვდები,
სასოწარკვეთას
მომაკვდავი ჭლექიანების,
შენს ცივ უბეში
განკურნების იმედით რომ
თავს აფარებდნენ,
და მეშინია...

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი - Page 2 EmptyWed Dec 18, 2019 8:10 pm

ეკა კვიციანი

***
იყო მუდარაც,
მრისხანებაც,
ხმაურიც,
წყენაც...
ის ყველაფერი
გადაიქცა
საძულველ წყევლად:
სიჩუმედ,
შიშად,
მარტოობის
ბურანში რწევად...
გზამ,
ჯიუტად რომ
ვიკვალავდი
ერთ დროს
შენამდე,
ვერ მოგაგნო და
მომიყვანა
ამ მოწყენამდე...

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი - Page 2 EmptyWed Dec 18, 2019 8:11 pm

ეკა კვიციანი

***
როცა კითხულობ _
ის, ვინც ათასი წლის წინ
შენი ლექსის ბინადრად იქცა,
რა სიფაქიზით და განცდით წერს
ვიღაცის გრძელ და მოქნილ თითებზე...
შენ
გახსენდება მხარბეჭიანი, მაღალი და ტლუ კაცი,
რომელიც აგერ, საუკუნეა,
გულმოდგინედ ცდილობს,
მთელი მისი ღირსება _
გაშლილი მხრები და
კუნთებად ასხმული ხორცის ნაჭრები დაგანახოს...
შენ კი ვერასდროს შეძელი,
ამ ათლეტური მონდომების სანაცვლოდ,
ერთი სტრიქონი მაინც გადაგეხადა...
გახსენდება და საკუთარ,
სიმწრით დაკვნეტილ თითებს უბრაზდები,
რომლებიც
ღმერთზე,
ტკივილზე,
არარსებულ სიღრმეებსა და სიმაღლეებზე
და (უკაცრავად!)
მიფურთხებულ
სიყვარულზე წერაში გაცვდნენ...

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი - Page 2 EmptyWed Dec 18, 2019 8:12 pm

ეკა კვიციანი

***

„მაგრამ ამითი არაფერი დამთავრებულა“
ბექა ახალაია

მოულოდნელად,
სულ უბრალოდ _ ფეხი დაუცდა.
მერე აღმოჩნდა
ბაყაყებით სავსე აუზთან,
შემოეტმასნა
შავი გველი სხეულზე შიშველ
და უდღეური ბავშვები იშვნენ...
მაგრამ ამითი არაფერი დამთავრებულა,
კვებავდა ჩვილებს,
აკნავლებულ, მჩხავანა დამღებს,
და პეშვებიდან ასმევდა ნაღველს,
კვებავდა ჩვილებს,
პირში მუჭით უყრიდა მიწას,
და მთელი ღამე იმ გველთან იწვა.
მაგრამ არც მაშინ არაფერი დამთავრებულა,
ხედავდა სიზმრებს
გახელილი თვალებით. სასჯელს
იხდიდა, ალბათ, ღამეში ასჯერ,
ხედავდა სიზმრებს,
სიზმარ-ცხადის შავ-თეთრ საზღვარზე,
ბევრჯერ, ჩავლილი წლები აზვავდნენ...
თუმცა, არც ამით არაფერი დამთავრებულა,
დაიმახსოვრა
სიზმარ-ცხადში განცდილი ძრწოლა
და აგრძელებდა კვლავ გველთან წოლას...
ხმელი მკერდიდან
აწოვებდა მტირალა ჩვილებს,
აბინავებდა თვალებში ჩრდილებს...
და არც ამითი არაფერი დამთავრებულა.
სანამ იგრძნობდა
გამხმარ ტანზე შეფარულ თვალთვალს
ამოღამებულ, უფსკერო თვალთა...
საყვედურები
ჩაეღვარა სულში ამ თვალთა
და ყველაფერი მაშინ დამთავრდა...

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი - Page 2 EmptyWed Dec 18, 2019 8:14 pm

ეკა კვიციანი - Page 2 Ekvic-17

ეკა კვიციანი

***
დასავიწყებლად გულმა მაინც ვერ გაგიმეტა,
დილაადრიან გაავებით ყეფდა წარსული,
ამოქოლილი, აკრძალული ხსოვნის მღვიმედან
ხელებს მიწვდიდნენ ღამეები, ყელგაბასრული.

მოგონება თუ ერთი ბნელი ხრამისპირია,
ვიდრე ბოლომდე ჩანავლდები და ჩამიქრები,
მოდი, მითხარი, უცრემლებოდ რას მისტირიან,
მთებზე ნისლებად გაფენილი სველი ფიქრები.

სად გაქრა ის ხმა, ჩემს სინანულს რად არ დარაჯობს,
უხსოვარ დროში აბსურდებს რომ აგვირისტებდა...
თქვი, იქნებ, მართლა ქარაფიდან გადავარდნა სჯობს
ამ უკაცრიელ უდაბნოში ადგილის ტკეპნას...

Arrow


Last edited by Admin on Fri May 15, 2020 8:33 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი - Page 2 EmptyMon Apr 20, 2020 8:41 am


ნაწვიმარი ალუბლები - ეკა კვიციანი
•Feb 14, 2017

sdasu TV

გადაცემა "ნაწვიმარი ალუბლები",
სტუმარი პოეტი ეკა კვიციანი.
SDASUtv 2017 თებერვალი



Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი - Page 2 EmptyMon Apr 20, 2020 7:50 pm

ეკა კვიციანი - Page 2 Eku_kv10

ბლიცინტერვიუ ეკა კვიციანთან

ლიტერატურული გაზეთი·MONDAY, APRIL 20, 2020·READING TIME: 1 MINUTE


* რამდენად რთულია მწერლისათვის, იყოს იზოლაციაში და გარკვეულწილად, მოწყდეს სამყაროს?
ჩემი პირადი გამოცდილებით ვიტყვი - როცა იზოლაციაში ყოფნა ნებაყოფილობითია, ამ შემთხვევაში ის არანაირად არ წარმოადგენს ადამიანისთვის დისკომფორტს. პირიქით - ბევრად მეტია ფიქრის, საკუთარ თავსა და სამყაროში ყოფნის დრო და შესაძლებლობა. სამი წლის წინ მივხვდი, რომ აღარ მხიბლავდა ხალხმრავალი და ხმაურიანი სამყარო და წამოვედი ამ სამყაროდან. ეს სამი წელი, რაც ასე ვთქვათ, თვითიზოლაციაში გავატარე, ჩემთვის იყო კომფორტის ზონაში ცხოვრების წლები. მაგრამ როცა იზოლაცია იძულებითია, და, მით უმეტეს, იძულებითია ეპიდემიის გამო, როცა შეზღუდვები დაწესებული გაქვს, არც მეტი, არც ნაკლები, სიკვდილის შიშით, ეს მდგომარეობა შეუძლებელია, ვინმესთვის და, მათ შორის მწერლისთვის, არ იყოს რთული.

* ყველაზე მეტად რას ვერ ეგუებით და რა აღმოჩნდა თქვენთვის სასიკეთო?
ვერ ვეგუები იმას, რაც ჩვენს პლანეტას ჭირს - შიშს, პანიკას, სიკვდილს... ვერ ვეგუები იმას, რომ ჩემი ძმა მეგულება ესპანეთში. ვერ ვეგუები იმას, რომ არაფრის გაკეთება შემიძლია კაცობრიობისა და დედამიწის გადარჩენისთვის.
სასიკეთო? სასიკეთოს ვერაფერს ვხედავ. ფიქრებში ჩაღრმავებითვის, სადაც შეიძლება, რაიმე სასიკეთოც კი აღმოაჩინო მონდომებულმა ადამიანმა, ადგილი აღარ დარჩა, თითქოს ყველაფერი ქაოსმა და გაურკვევლობამ ამოავსო.

* ამბობენ, მწერლებს წინათგრძნობის უნარი აქვთო - ეთანხმებით?
ვეთანხმები, რასაკვირველია. ეს ალბათ, განსაკუთრებული მგრძნობელობაა, რაც მწერალს გარკვეულწილდ განასხვავებს დანარჩენი ადამიანებისგან. რაკიღა ჩვენ ვიცით, რომ „პირველად იყო სიტყვა“ და მწერალი (თუ ლაპარაკი ნამდვილ მწერალზეა) სწორედ სიტყვაა, შეუძლებელია, არ დავეთანხმოთ მოსაზრებას მწერლის წინათგრძნობის უნარის ქონის შესახებ. მით უმეტეს, როცა ამის დასტურად უამრავი ფაქტის მოყვანა შეგვიძლია ლიტერატურიდან.

* როგორ ფიქრობთ, რა გამოძახილს ჰპოვებს ეს პანდემია მსოფლიო და ქართულ ლიტერატურაში?
გამოძახილს, ალბათ, ჰპოვებს. შეუძლებელია, ამ მასშტაბის მოვლენა ლიტერატურაში ასახვის გარეშე დარჩეს, თუმცა რამდენად ღირებული იქნება ეს გამოძახილები, ამის პროგნოზირება არ შემიძლია.

* ურჩიეთ მკითხველს თქვენი საყვარელი წიგნი...
რჩევის მიცემა ცოტა მეუხერხულება, უბრალოდ, ვიტყვი, რომ ამ შფოთვების პერიოდში სამი წიგნი მაქვს გადმოღებული თაროდან და მონაცვლეობით ვიღებ ხელში წასაკითხად - ახალი აღთქმა, ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო“ და „პეპი გრძელიწინდა“. სამივეს კითხვა მამშვიდებს და მსიამოვნებს.

* https://www.facebook.com/notes/ლიტერატურული-გაზეთი/ბლიცინტერვიუ-ეკა-კვიციანთან/2817801241608171/

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი - Page 2 EmptyFri May 15, 2020 5:17 pm

ეკა კვიციანი - Page 2 Sxvisi11

ბაილ ილბა, ილბა ბაილ...
(მოკლე ჩანაწერი ეკა კვიციანის ლექსების წიგნის „სხვისი სახლის“ შესახებ)

„ბაილ, აშ ხოსკინა თვეთნამ კვიცრას,
ბაილ ილბა, ილბა ბაილ“.
სვანური საფერხულო სიმღერიდან: „ბეთგილ“ (ქართულად: „ბაილ, გამომხტარა თეთრი შუნი,/ბაილ ილბა, ილბა ბაილ“).

საფერხულო წრეში, სადაც დიდი მონადირე ბეთქილი ჟაბეშელებთან ერთად ფერხულს უვლის, თეთრი შუნი, იგივე ჯიხვი შემოხტება, კლდეებში გაიტყუებს, მერე ქალღმერთ დალიდ გადაიქცევა და თავის ნაჩუქარ მძივს მოსთხოვს მონადირეს. ბეთქილს კიდევ ის მძივი თავისი საცოლისთვის, თამარისთვის უჩუქებია. განრისხებული ქალღმერთი კლდის ქიმზე დაკიდებულ ბეთქილს მიატოვებს და იქაურები ვეღარ უშველიან, ბეთქილი უფსკრულში გადაიჩეხება და ასე დაიღუპება, რადგან ძნელია ქალღმერთის სიყვარული...
რას იფიქრებდა, როგორ განწყობაზე დარჩებოდა ბეთქილის შეყვარებული თამარი, რანაირი იქნებოდა მისი განცდები დაკარგული სიყვარულის გამო? - აი, ამაზეა ეკა კვიციანის ეს კრებული, როგორც მე მგონია და თუნდაც თანამედროვე ურბანულ გარემოში, ნერვიული და დაძაბული რიტმით იწერებოდეს მისი ლექსები, მცირეოდენი გრადაციებით მაინც გამოიკვეთება ხოლმე მითოლოგიური სამკუთხედი: „დალი-ბეთქილი-თამარი“.
თუნდაც აქ:

„შენ უკვე იცი, გულდიდობებს მერე რა მოჰყვა
და ახლა ჩემმა გარინდებამ რომ არ შეგზაროს,
გეტყვი, რომ გულის მორევიდან მკვდრები ამომყავს,
ანუ - ვთევზაობ...“

მითოლოგემა: „დალი-ბეთქილი-თამარი“ და ამ წიგნში შესული ლექსები სწორედ ამ თამარის ნაგრძნობი და განცდილია მეთქი, მოგახსენეთ და საიდან ვიფიქრე ეს?
საიდან და, იქიდან, რომ ეკა კვიციანის პოეტური კრებულის „სხვისი სახლის“ ერთგვარ გასაღებად მე ის ლექსი მესახება, რომელსაც აქვე დავიმოწმებ:

ბაილ!

როცა შენზე შემომწყრალი წამოვყევი ბარში ქარებს,
გზა ან მეწყერს ჩაეკეტა, ანდა ნამქერს ჩავეტანე.

ან ხმაურით დაძრულიყო შუა გზაზე სადმე ზვავი.
დამწეოდა შენი რისხვა, დამწეოდა მთების ზარი...

რა მინდოდა ბარში, ბაილ, ბეთქილ, ბარში რა მინდოდა,
ნეტავ, მართლა შემძლებოდა მოთმენა და შენი ნდობა...

აქ ჭუჭყი და მტვერი მახრჩობს, სული დამაქვს ნაწვალები,
ჩამქრალი მაქვს თვალში შუქი, დაჭრილი მაქვს ნაწნავები...

ჩემი თოვლისფერი კაბა ვერ აიტანს ნათითურებს,
თოვლისფერის რიდი, ბაილ, არ ჰქონიათ ბარში, თურმე.

ჩემთან ჭუნირის ხმა აღწევს - მოთქმით სტირის მირანგულას,
აქ ვერავის ვუერთგულე, მეც ვერავინ მიერთგულა.

ქარის ხმაზე დატირება, ნეტავ, მართლა, არ მახსოვდეს,
ან შემეძლოს დავიწყება, ან ყინულის გული მქონდეს.

გულით შენი თვალთა ცეცხლი თან დამქონდეს, როგორც წყევლა.
მხრებით დარდი ვზიდე, ბაილ, სწორედ ჩვენი მთებისხელა.

მაინც როგორ აუყევი ჩემს გარეშე უშბის კიდეს,
მარტო როგორ გამომიშვი, როგორ არ გამომეკიდე...

რა უნდათო ბარში დალებს - თეთნულდს ცრემლი შეჰყინვოდა,
მომყვებოდა თეთრი შუნი, ორბი ზეცას შეჰყიოდა...

ნეტავ, ახლაც თოგორაზე მთვარე ვერცხლის კარავს ქსოვდეს,
იქ გელოდე, არ გავიდე ამ კარვიდან არასოდეს...

ბაილ, მთისკენ გამირბიან ეს თვალები, დანისლული,
ველოდები, მთიდან როდის ჩამომძახებს თეთრი შუნი...

როცა შენგან მოვდიოდი, მოვყვებოდი ბარში ქარებს,
გზად თუ არ დამეწეოდი, ნეტავ, ზვავებს ჩავეტანე...

მინაწერი:
„ბაილ ილბა“ რას ნიშნავსო, -- არა მკითხოთ, -- ეგ მარტო მე კი არა, არც არვინ იცის... ასემანტიკური რიტმული შესიტყვებააო და ჯერაც იკვლევენ მეცნიერები, -- ნეტავი, რას უნდა ნიშნავდესო.
„კვიცრა“ რომ ჯიხვია სვანურად, ალბათ, ჩემსავით მიხვდებოდით და ეკას გვარზეც იეჭვებდით, -- ქართულად რომ „კვიცი“ გვგონია, აგერ, ბატონო, სვანურად „ჯიხვი“ ყოფილაო...
და ამ მოკლე ჩანაწერის გაცნობის შემდეგ თუკი ეკა კვიციანის პოეტური კრებულის წაკითხვა მაინც არ მოგინდებათ, მაშინ მე ხომ ამაოდ დავმშვრალვარ და შენდობას ნუ მეტყვით, მაგრამ არწამკითავი რასაც დაკარგავს, ის საკუთარ თავს დააბრალოს...

პატივიცემით,
მიხო მოსულიშვილი

07.12.2018


ეკა კვიციანი - „ბაილ!“
* May 15, 2020


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ეკა კვიციანი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ეკა კვიციანი
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: