კარლო კობერიძე
ქარავანი მიდისსიტყვამ მოიტანა და, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა არჩილ სპარსიაშვილმა რომ მითხრა, "ილიამცოდნეობას" ვკითხულობო, მეგონა მომესმა, იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის. ერთხანს კარგადაც ვერ გავიცნობიერე, ამ საგნის შემოღება რამხელა სიკეთეა დღეს, როცა ყოველგვარი ეროვნული, ვიღაც ახალბედათა თუ რომელიღაც რეფორმატორების, ასე ვთქვათ, გემოვნებას ვეღარ აკმაყოფილებს და ჩამორჩენად, პროვინციალიზმად ითვლება. ამას ამბობენ ისინი, ნაბიჯს, ხმას რომ უწყობენ იმ ვითომ ჩვენს რჩეულებს, ვინც ეროვნებას გვართმევს, მამის სახელს გვიკარგავს და, ვის წისქვილზეც უგდებენ წყალს, ჰგონიათ რა მიზანიც აქვთ, არ ვიცით და არც გვინდა ვიცოდეთ. საინტერესოა, ისეთი რა დავუშავეთ ქართველებმა, ან რამ შეაჯავრათ თავიანთი მამები, ასე რატომ უარყვეს ერთიც და მეორეც?
რაღაც უცნაური ამბავია: რაც დღეს ჟურნალ-გაზეთი გამოდის, არასოდეს გვღირსებია ამდენი, მაგრამ რად გინდა, ვერ ყიდულობ, ჯიბე არ გაძლევს ამის საშუალებას, ვერც სამკითხველოებში ნახავთ - ესეც გაგვიღატაკეს, გამოგვიკეტეს. თუმცა, მთავარი სხვაა - ეს უთავბოლობაც მათი ჩანაფიქრია, ვისაც ჩვენი რუკიდან წაშლა უნდა - საქართველო უქართველებოდო. საქმე ის არის, რომ ყველას შეუძლია ჟურნალ-გაზეთის გამოცემა, კანონი არ კითხულობს, რა ჭკუა-გონებისაა გამომცემელი, რა იცის და რა ესმის, ანდა, საერთოდ, იცის ან ესმის რამე? რა მიზანი აქვს, რა იდეოლოგია? თუმცა, სახელმწიფოს რომ არა აქვს იდეოლოგია, სხვას რაღა ნამუსით მოგთხოვს? მოკლედ, ყველას მიუწვდება ხელი რედაქტორ-გამომცემლამდე. ოღონდ თავიანთი პროდუქტი (სწორედ რომ პროდუქტი) გაასაღონ და რა ყურმოკრულს, რა შეთითხნილს, რა ჭორს აღარ ბეჭდავენ, რითაც იბნევა მკითხველი, ვეღარ გაუგია, ვინ სიმართლეს ამბობს, ვინ მიედ-მოედება. ეს კიდევ არაფერი, მთელი უბედურება ის არის, ერთმანეთის გამომრიცხავი ამბები, ფაქტები, ვარაუდები რომ იბეჭდება. თუ რომელიმე ბაყბაყდევს გაღორება-გაუმაძღრობას ამოუქექავ, ვითომც არ გაუგონია, დაყრუვდება და დამუნჯდება ერთბაშად, სამაგიეროდ, რომელიმე გაზეთი გამოიდებს თავს და უანგაროდ, რაღა თქმა უნდა, უანგაროდ, ნამდვილად უანგაროდ აცხადებს მამა აბრამის ბატკნად.
მავანმა რომ თქვა, ილია ჭავჭავაძეს, როგორც პოეტს, ასეთს არ ვიცნობო, არ ღირდა ამდენი ნერვების, დროის, ქაღალდის დახარჯვად, მით უმეტეს, გემოვნებაზე არ დაობენო. ეს მისი აზრია, მისი ჭკუის გემოვნების ნაყოფი, და მაინც თუ არ დაგიშლია, აუხსენი, დაუმტკიცე, რაც შენ არ მიგაჩნია პოეზიად, სწორედ ის არის პოეზია-თქო, ეს ლანძღვა-გინება რაღაა?! როცა ილიაზეა საუბარი, წმინდან ილია მართალზე, მაშინ უფრო მართებდათ და მართებთ ენის დაწმინდავება: რა დღეში არ აგდებდნენ მახარაძე, ნაცვლიშვილი, რა სიტყვებით არ ლანძღავდნენ, არადა, საპასუხო წერილებში მათი მისამართით ერთი უვარგისი - გაბრიყვებული სიტყვა არ დასცდენია, არ დაუკარგავს თავის სიმაღლე. ილიას პოეზიის დამწუნებელს, როგორც მახსოვს, პროფესიულ დონეზე არავინ შეკამათებია, მარტო თათხავდნენ, შეკამათებოდნენ და დაემტკიცებინათ, ცდებით და ძალიანაც ცდებითო. მიუხედავად ამისა, მაინც თავისაზე დამდგარიყო, საამისოდ გენიალური წყევლა გვაქვს: ღმერთმა არც შენ გაცოდინა და ნურც ჩემი დაგაჯერებინაო.
ვისაც ცენზურის მარწუხების სიმწარე არ განუცდია, ის ვერაფრით ვერ გაიგებს ასეთი, თუნდაც ასეთი, თავისუფლების სიკეთეს. რაც შენ გინდოდა, იმას ვერ იტყოდი - არ გქონდა ამდენი უფლება, რაც მთავრობას ნებავდა, მთავრობასა და რუსებს, კი ბატონო, გეთქვა, არავინ გიშლიდა, პირიქით. როცა ჩვენიანები ისხდნენ იქ, სათავეში, მაშინაც ვიჩაგრებოდით, ისე ეპატარავებოდათ რუსეთიც კი, სადღა ახსოვდათ თავიანთი საქართველო და ქართველობა, დიდი იმედი კი გვქონდა მათი, ალბათ მაშინდელია - "იმედიც კარგი საქონელიაო".
მკითხველთა უმეტესობამ არ იცის, რომ ჩვენი, ქართული წიგნები მოსკოვის ნებართვის გარეშე არ იბეჭდებოდა, თანაც მოკლედ, ანოტაციით უნდა მოგეხსენებინა, რომელი წიგნი რა შინაარსისა იყო და ფულადი მოგების გარდა კიდევ რა სარგებლობა მოჰქონდა კომუნისტური წყობილებისა და მისივე საზოგადოებისათვის.
ხალხთან ადვილად მიდისო, კინოში უფრო მკვეთრად ჩანდა: ერთ-ერთ მთავარ მოქმედ გმირად რუსს თუ არ შეიყვანდი (უფრო ჭკუის დამრიგებლად, გასაჭირიდან გამოსასვლელად), ისე სცენარს არაფრით დაადგებოდა საშველი. გაიხსენეთ "დარიკო", "გიორგი სააკაძე" ("რუსი მოდის!"), "ხარება და გოგია"... შალვა დადიანმა თავის ცნობილ რომანს "უბედური რუსი" რომ დაარქვა, გადაირია რუსობა, ეს რა გვაკადრეს - ჩვენ და უბედურიო? რაღა თქმა უნდა, სასწრაფოდ გამოუცვალა სათაური, ახლა - "გიორგი რუსი" (იური?) დაარქვა და შიგნითაც მიალაგ-მოალაგა რაღაც-რაღაცეები. რუსის წყენინება არც ახლა გვიჯდება ალჩუზე, მაშინ ხომ სიკვდილის ტოლფასი იყო.
ცენზურამ თქვენი ჭირი რომ წაიღო, შემოქმედი ხალხის ენერგიასაც გზა უნდა გახსნოდა, კალაპოტში ჩამდგარიყო, მაგრამ ახლა უსახსრობა, სიღარიბე გადაუდგა წინ და ისევ მარწუხებში მოექცა. ამ ხელოვნურ ბარიერს როდის გამოეცლება საძირკველი, ძნელი სათქმელია.
აი, ამ ფონზე, სასიკეთოდ გამოირჩევა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. როცა ასე ცნობილი პედაგოგიური ინსტიტუტი უნივერსიტეტად მოინათლა, თითქოს ამას ელოდაო, მას აქეთ რამდენიმე ტომად გამოიცა ამ სასწავლებლის "შრომები", პროფესორ-მასწავლებელთა წიგნები კიდევ სხვაა. ამით იმას არ ვამბობ, მანამდე არ გამოდიოდა-მეთქი, მაგრამ დროს მოაქვს ყველაფერი - ნაშრომთა ხასიათიც, ღირსებაც და, რაც მთავარია, ავტორის გუნება-განწყობაც, რაც აშკარად ეტყობა მათ ასე საინტერესო ნააზრევს.
აქ მომუშავე მეცნიერთა სახელები კარგად არის ცნობილი, იმდენად კარგად, რომ სამეცნიერო წრეებში ამათგან რომელიმე რომ ახსენო, არავინ იკითხავს, ეგ ვინღააო. განსაკუთრებით გამოირჩევიან ფილოლოგები და ისტორიკოსები, სხვებიც, არც სხვა დარგის მეცნიერებს ვუკარგავთ გარჯას, სახელს, მაგრამ რაკიღა ამჯერად მათ შრომებზე ვაპირებთ ორიოდე სიტყვის თქმას, ასე ამიტომაც გადმოდგნენ წინ.
როცა ამ ინსტიტუტს ოფიციალურად ეწოდა უნივერსიტეტი, უფრო სწორად, საჯაროდ გამოცხადდა ეს სასიამოვნო ამბავი, იმ ოფიციალურ თავყრილობა-ზეიმზე მეც გახლდით. საქვეყნოდ არა, მაგრამ კულისებში კი ითქვა, ამით, ვითომ, რა შეიცვლებაო. თითქოს ჭეშმარიტებაა - სახელის შეცვლა შინაარსს, მოვალეობას, მიზანს ვერ ცვლის. უნივერსიტეტი რომ ეწოდა, რაღაც ნამდვილად შეიცვალა სასიკეთოდ, რისთვისაც თუნდაც ეს ერთი მაგალითი კმარა: ინსტიტუტის "შრომების" ბოლო, IX ტომი ორჯერ და მეტად პატარაა უნივერსიტეტის "შრომების" მომდევნო, X-XI ტომებზე, რაც არც თუ ისე, მაინც სიკეთეა.
"შრომების" ორივე ტომი მრავალფეროვანია, თითქმის ყველა იმ მეცნიერებას მოიცავს, რაც უნივერსიტეტში ისწავლება, მაგრამ ეს უკვე სხვა წერილის თემაა.
როცა მთელი ერი ლამის არასრულფასოვნების კომპლექსით დაგვაავადონ მათ, ვინც თვითონ არიან სამკურნალონი, ამ დროს თელავის უნივერსიტეტში "ილიამცოდნეობა" იკითხება, და ამ საგნის ლექტორი, პროფესორი არჩილ სპარსიაშვილი, ერის უსწორო მოამაგეზე ორიგინალურ გამოკვლევებს ბეჭდავს ორ წიგნად და სამ ნაწილად "ილია მართლის მცნებანი". სამწუხაროდ, ისეთი მცირე ტირაჟი ჰქონია, ამ უნივერსიტეტსაც არ ეყოო.
ილია ის საგანძურია, ურომლისოდაც ძნელია ეროვნულ ენერგიაზე ლაპარაკი.
ილიას არავისი დაცვა არ სჭირდება, თავისი ტალანტი, გარჯის ნაყოფი იცავს და დაიცავს ყოველთვის.
იყვნენ და იქნებიან მედროვეები, თვალებდაჭყეტილი ბრმები - საკუთარი ოჯახების იქით ვერაფერს რომ ვერ ხედავენ, წავლენ, ჩაივლიან და მისიანების გარდა აღარავინ გაიხსენებს, მაგრამ ერის მეხსიერებამ თუ შემოინახა, ვაი, ასეთ შემონახვას!
იმ წიგნებს შორის, ბოლო წლებში რომ გამოსცეს თელავის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, განსაკუთრებულ ყურადღებას გიორგი ლეონიძის "ნამცვრევიც" იპყრობს. როცა ამ გაუსაძლის დროს აქეთ-იქით აწყდები და მთელი ჯახირით ახერხებ საკუთარი შრომის გამოცემას, ამ ფონზე მოულოდნელი კეთილშობილებაა, სხვისი ნიჭის დანახვა რომ მოგმადლა გამჩენმა. ამგვარ სიკეთეზე მოგახსენებთ: "წიგნი შეადგინეს, შესავალი წერილი და ბიბლიოგრაფია დაურთეს როინ ჭიკაძემ და გიორგი ჯავახიშვილმა". ისიც ხაზგასასმელია, რომ უნივერსიტეტში არსებობს "გიორგი ლეონიის ცხოვრებისა და შემოქმედების შემსწავლელი მუდმივმოქმედი ფილოლოგიური (!) სემინარი". სწორედ ამ სემინარის საქმიანობას მიეთვლება ეს წიგნი. წიგნში შესული მასალა გაბნეული იყო ჟურნალ-გაზეთებში, ყველაზე ადრეული "ნიკო ფიროსმანაშვილი" 1930 წელს ჟურნალ " დროშა"-შია გამოქვეყნებული, უახლესი კი - "ქართული სახელები" "ლიტერატურულ გაზეთში" 1961 წელს. ამდენად, გიორგი ლეონიძის შემოქმედებით დაინტერესებულ მკითხველს ნაკლებად მიუწვდება ხელი, ამათ კი მადლი მოისხეს - ერთ ყდაში მოაქციეს ამ ერისკაცის ნაფიქრალ-ნააზრევი და ერთ წიგნად მიაწოდეს. რაც გიორგი ლეონიძის კალმის ნაყოფია, ყველაფერი გაუხუნარია, თუნდაც "ბელადის ბავშვობა და ყრმობაც", რასაც ავტორს შეცდომათ უთვლიან ისინი, ვისაც ვერ გაუთვალისწინებია დროის პრობლემა, ის უთავბოლობა, სატკივარი, დიქტატურა რომ ერქვა, როცა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა ვინმე უკეთურის შურზე, ბოღმაზე, აქედან, ერთ წინადადებაზე იყო დამოკიდებული, რისი მაგალითიც აუარებელია. ვინც გაზეთ "მემორიალს" ადევნებს თვალს (დირექტორი ზურაბ რცხილაძე), ამით კიდევ უფრო კარგად გააცნობიერებს "წითელი ტერორის" მიზანსა და შედეგს, ადვილად გამოიტანს დასკვნას, რა ტრაგედია უნდა გადაეტანა ხალხს, ტყვია და ციხე-ციმბირი თუ ასცდებოდა, იმდენი და ისეთი სტრესისათვის გაეძლო. მახსოვს, მწერალთა კავშირში, რაჟდენ გვეტაძის გასახსენებელ საღამოზე, ტიციან ტაბიძის დაპატიმრებაზე ჩამოვარდა სიტყვა და მაშინდელმა ქართველ მწერალთა "ავანგარდმა" როგორ "ჩაუშვა" ერთმანეთი. მანამდე ჭორად ვიცოდით იმდროინდელმა ახალგაზრდებმა, რაც გახდა მიზეზი მისი დაპატიმრება-დახვრეტისა, მაშინ კი ზუსტად გავიგეთ, სად წამოსცდა ტიციანს ის მოუზომავი სიტყვა და ვინც იყვნენ დამბეზღებლები. მაშინ თქვა ბესო ჟღენტმა, ახლა ადვილია ანალიზის გაკეთება, მაგრამ მაშინ რა დღეშიც ვიყავით, ამას ვერავინ ჩასწვდება, როგორი ამბავია, ყოველდღე დაპატიმრებას ელოდე, კარის ყოველ დაკაკუნებაზე გული გისკდებოდესო. მაშინ იყო, ვიღაცამ რომ ჩაილაპარაკა დარბაზში, ეგ რა მაბეზღარობის გამამართლებელი საბუთიაო.
"ნამცვრევი" - წიგნის სათაურად რომ გამოუტანია შემდგენლებს და ამით იმასაც მიანიშნებენ, წიგნში ყველაზე ღირებული ეს არისო - გზადაგზა, დროდადრო ჩაუწერია ავტორს, მიგნების ანდა გახსენებისას კი ამბობს, მეცნიერულ ღირებლებას მოკლებულიაო, მაგრამ უმეტესობას მეცნიერული ღირებულება არ ჰქონდეს, სხვათა შრომებში დამოწმებული არ შეგვხვდებოდა. ჩვენი მიზანი ამ კრებულის გარჩევა რომ ყოფილიყო, ამ წიგნში შეტანილ სხვა ნაშრომ-ნაღვაწზეც გავამახვილებდი ყურადღებას და, სიამოვნებითაც (თუნდაც "ნიკო ფიროსმანაშვილი" რად ღირს), ამიტომ ერთსღა ვიტყვი: ის, რაც ავტორმა ვერ მოასწრო, გააკეთეს მათ, ვინც მშვენივრად იცის გიორგი ლეონიძის ღირსება, ადგილი ერის ისტორიაში, ამით ეუბნებიან სამადლობელს და, რაღა თქმა უნდა, თავიანთ კაი კაცობას უსვამენ ხაზს.
ამავე, 2000 წელს არის გამოცემული არჩილ სპარსიაშვილის მომცრო, მაგრამ კარგად გამიზნული წიგნი - "გიორგი ლეონიძე თელაველთა მოგონებებში". კეთილი და პატიოსანი. მაგრამ ვიდრე ამ წიგნზე ჩემს აზრს ვიტყოდე, მინდა მანამდე ერთ საინტერესო, ამავე დროს საკმაოდ უთავბოლო საკითხზე მივაპყრო თქვენი ყურადღება: ბევრი ვერ იტანს უწყინარ, სიტყვიერ შენიშვნასაც კი, განსაკუთრებულად მტკივნეულად რომ მიიჩნევს დაბეჭდილს, ეს რაღა საკითხავია! საამისოდ ბევრი მაქვს სათქმელი. უფრო სწორად, მოსაგონარი.
ნაწარმოებს რომ წაიკითხავ, ბუნებრივია, შენი აზრი გექმნება მასზე. სხვამ თავისი თქვას, მე კი არ შემიძლია, ავტორს არ ვუთხრა, რაც მომეწონა და რაც არ მომეწონა - ისიც. ყოველთვის ვცდილობ, დავიმარტოხელო და ისე ველაპარაკო ნაკლზე. თავს არ გამოვიდებ, ჩემს აზრს წყალი არ გაუვა-მეთქი, რაც არ მიმაჩნია მართებულად, იმას ვეუბნები. მიუხედავად ამისა, მაინც მემდურის. ერთმა, მაშინაც ცნობილმა მწერალმა, ჩემი "ცისკარში" მუშაობისას, თავის რომანის ხელნაწერი მომიტანა, დაბეჭდვით სხვაგან ვაპირებ დაბეჭდვას, მარტო შენი პირუთვნელი აზრი მაინტერესებს, დროს თუ გამონახავ და წაიკითხავ, დიდად დამავალებო. რაკი ასე მაფასებ, კი ბატონო, მაგაზე როგორ დაგზარდები, დღეისწორს, სამსახურის შემდეგ, აქვე, რედაქციაში შევხვდეთ-მეთქი. შევხვდით და იქიდან მოკიდებული, მთელი წელიწადნახევარი აღარ მესალმებოდა, მიუხედავად ამისა, ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე... რაღაც-რაღაცეები ვერ მოზომა ავტორმა, თავი ვერ გაართვა თუ არ იცოდა და სინათლეში გასასვლელი გზა რომ ვუჩვენე, ეწყინა. მაგრამ სადაც სამართალია, აქეთ უნდა გწყენოდა - არაფრად გაგდებს, როგორც მკითხველს, ცალკე იმდენი დრო დაგაკარგვინა თავისი, უკაცრაული ქართულია - ნაწარმოებისა თუ ნაშრომის კითხვით, ცალკე - ნერვები აგიწეწა. მით უმეტეს მაშინ უფრო მწარდები, სახელი რომ აქვს გავარდნილი და სუროგატს კი გთავაზობს - ფუტკრის ხსენებაზე თაფლი გვაგონდება და არა ნესტარი. ის სხვა თემაა და სხვა პრობლემა, ხელოვნურად რომ უქმნიან სახელს და ხმა ვერ ამოგიღია, შურში არ ჩამომართვანო.
ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ, მთლად უბადლო ულოგიკობასთან გვაქვს საქმე: ყდაზე აწერია ავტორი არჩილ სპარსიაშვილიო, შიგნით კი არაფერია მისი, გარდა ანოტაციისა და ნახევარ გვერდზე ცოტა მეტი, ასე ვთქვათ, წინასიტყვაობისა ("ვითარცა ხსოვნა"). დანარჩენი კრებული იმ თელაველების მოგონებებს შეუვსია, ვინც ოდესღაც შეხვედრია გიორგი ლეონიძეს, ვისაც რაიმე ურთიერთობა ჰქონია მასთან. ამ სტრიქონების დაწერა ნამდვილად მეძნელებოდა, ვიცი, ამით ერთი კაცი მოაკლდა ჩემს საძმო-სამეგობროს, მაგრამ თავს ამით ვინუგეშებ: "მოყვარეს პირში უძრახე, მტერს ზურგს უკანაო" (ეს ანდაზაც ილიასგან ვიცით).
ამაგის დაფასება ყველაზე დიდი სიკეთეა, დაუნახაობა კიდევ ის სივაგლახე, ლამის ეროვნულ ნიშნად რომ გვექცა.
ილია ჭავჭავაძის დაცვა, ცოტა არ იყოს, უხერხულია. მაგრამ რაკიღა მავანთა და მავანთ გაუწყრათ თავიანთი გამჩენი და საკუთარი ჭკუა-გონების პროდუქტი გამოფინეს, იძულებული ხდები, ათასჯერ ნათქვამი გაიმეორო - ილია არც ყველას შესაფასებელია, არც სალაპარაკო, რამდენიც არ უნდა იღავღავონ, ქარავანი მაინც მიდის.
დიდ მადლს მიეთვლება ალექსანდრე გვენცაძის შესახებ გამოცემული წიგნი (ავტორები - როინ ჭიკაიძე და არჩილ სპარსიაშვილი). რაც სხვისთვის გემეტება, სიკეთე იქნება თუ უკეთურება, როგორც ჩვენი რელიგია გვასწავლის და, ამდენად, უეჭველია, ყველაფერი უკლებლივ დაგიბრუნდება, მაინცადამაინც შენ თუ არ დაგიბრუნდა, შენს შთამომავლობას არაფრით არ ასცდება და, რაღა თქმა უნდა, შენ იქნები ისიც. ალექსანდრე გვენცაძე ის გამორჩეული კაცი იყო, რომლის მსგავსი იშვიათადღა გვხვდება. ასეთებზე იტყოდნენ ხოლმე მეოცე საუკუნეში, მეცხრამეტედან გამოსულ ინტელიგენტსა ჰგავსო. რასაც სიკეთე, კეთილშობილება ჰქვია, ყველაფერი ამ კაცში იყო თავმოყრილი. მქონდა ბედნიერება და კარგად ვიცნობდი, მამაჩემსაც კარგად იცნობდა თურმე, მოხსენებული ჰყავს "მოგონებათა ფურცლებში" (მთლად ახალგაზრდა დაიღუპა მამაჩემი. ისეთი პატარა ვყოფილვარ მაშინ, ჩემს მეხსიერებას არ შემორჩენია). მამაჩემი ისეთი კუთხით გამაცნო, დამანახა, საიდანაც ჩემიანებს არ შეეძლოთ შეხედვა, სხვა სხვაა და, ამიტომაც ვარ მისი მადლობელი... ცოდნით თავისთავად, ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭითაც იყო მომადლებული ბატონი ალექსანდრე. ჰუმანიტარული დარგის თითქმის ყველა ჩვენს მეცნიერს იცნობდა, თითქმის ყველასთან ჰქონდა ურთიერთობა. ამ წიგნში მოტანილი ორიოდე ბარათითაც ნათელი ხდება, როგორი იმედი ჰქონდათ მისი, იცოდნენ, სხვათა გასაჭირს აუცილებლად მიიტანდა გულთან. მახსოვს, ახლობელმა ერთი შუახნის კაცი მომიყვანა, ინგილოა, ჩემი ძმა და მეგობარი, ამის რძალს თელავის პედინსტიტუტი დაუმთავრებია, დიპლომში შეცდომით ჩაუწერიათ სახელი და სამსახურში ამიტომ არ იღებენო. ასეც იქნებოდა, მიზეზს ეძებდნენ - მოგეხსენებათ, მაშინაც კი, როცა გასავალი ჰქონდა "ხალხთა დიად მეგობრობას", რა დღეში აგდებდნენ ინგილოებს ჩვენი აზერბაიჯანელი ამხანაგები. ახლაც საკირის ცეცხლში ატარებენ, მაგრამ ყურსაც არ იბერტყავს ჩვენი ხელისუფლება. პირდაპირ რომ ვთქვათ, საქართველოში ყველა გალაღებულია ჩვენს გარდა, ამ მხრივ განსაკუთრებით აყვავდნენ, გაივსნენ, გაიფუყნენ აზერბაიჯანელები, მაგათ უნდა დაიკვეხონ თავიანთი და ჩვენად წოდებული პრეზიდენტიც... იმას ვამბობდი, სახლს ვაშენებდი იმ ზაფხულის მიწურულს. ორი კალატოზი მეყენა, ისედაც მაკლდა მუშახელი და ჩემი წასვლა არაფრით არ შეიძლებოდა. წერილი გავატანე ბატონ ალექსანდრესთან - ღმერთი გიშველის, დამაფასე ამ კაცთან, იქნებ საინგილოში მაინც გამიცნონ-მეთქი. კვირის თავზე დამეხმაურნენ კახიდან - რაც ის კაცი მემადლიერებოდა, ის კაცი და მისი რძალი! აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ბატონი ალექსანდრე ხაზგასმულ ყურადღებას იჩენდა ინგილო სტუდენტების მიმართ, მათთვის არც დროს იშურებდა, და არც გულის სითბოს, როგორც საერთოდ, მართალი იყო ამჯერადაც... ცოცხალი მემატიანე იყო ამ ასე ცნობილი სასწავლებლისა, სადაც მისი დაარსების (1939 წ.) დღიდან მუშაობდა, როცა სწავლება ორ წელიწადს მოიცავდა და სამასწავლებლო ინსტიტუტი ერქვა. კახეთის რომელ სოფელშიც უნდა მოხვედრილიყო, თითქოს წინასწარ იცოდნენო, ერთბაშად მოექცეოდა ხოლმე თავისი ნასტუდენტარების გარემოცვაში... "მოგონებათა ფურცლებში", ამ წიგნში რომ არის შეტანილი, ალმანახ "ალაზანში" უნდა დამებეჭდა, აწყობილიც იყო, მაგრამ ასე ცნობილმა უთავბოლო მოვლენებმა არ გაუშვა სინათლეში. წაიკითხავთ და თვალნათლივ დაინახავთ, როგორ ცდილობს, მალე მორჩეს საწუხარი ამბების თხრობას და მალე გადავიდეს კეთილად გასახსენებელზე. ცხოვრებაშიც ასეთი იყო, ერთთავად კეთილი ღიმილი გადასდიოდა პირისახეზე. ვიმეორებ: ეს წიგნი ალალი და უსაყვედუროა მასზე.
სამოცდაათ წელს მოუყარა თავი ცნობილმა მეცნიერმა ივანე ქეშიკაშვილმა. მის სამეგობროში ვითვლები, აქამდე კი არ ვიცოდი, პოეტიც თუ იყო. ჰოდა, ორიგინალურად აღინიშნა ეს მრგვალი თარიღი, წიგნი ("ჩემი საფიხვნო") გამოსცა, რომელშიც სამოცდაათი ლექსია შეტანილი. უხერხულია ამ კრებულის უმნიშვნელო ხარვეზზე საუბარი, ვინაიდან დაბადების დღე ის ბედნიერი დღეა, როცა იუბილარის ნაკლის ხსენება გამორიცხულია. წიგნს ზუსტად ახასიათებს ანოტაცია: "კრებულში წარმოდგენილია ჭაბუკობიდან მოყოლებული, სხვადასხვა დროს დაწერილი ლექსები, რომელთა გამოქვეყნება ავტორს დღემდე, სამოცდაათი წლის შესრულებამდე არ უცდია. პირადი განცდა, ემოციური განწყობა გამხდარა მათი შექმნის საფუძველი. ზოგი მათგანი ექსპრომტად არის თქმული, ზოგიც მეგობრებისადმია მიძღვნილი, გარკვეული ნაწილი მშობლიური ქვეყნის სიყვარულის გამოძახილია, ბუნების გარეშე ხომ წარმოუდგენელია ადამიანის არსებობაც კი".
ის წიგნები, ეს წერილი რომ დამაწერინა, უკლებლივ ნაჩუქარია ყველა.ჩემი ხელფასის პატრონი "ლიტერატურულ საქართველოს" ძლივს ვყიდულობ, ღმერთმა უშველოთ - რომ არ მანისიავებდნენ, ესეც გამიჭირდებოდა, ამგვარად, წიგნის ყიდვას, რაც უნდა საჭირო იყოს, ვერ ვახერხებ. როგორ არ გაგახსენდება ჩვენი პრეზიდენტის სიტყვები, პენსია და ხელფასები რომ გავზარდოთ, ლარი გაუფასურდებაო. სწორია ამხანაგის გამოსვლა, ლარის გაუფასურებას ჩვენი - ადამიანების გაუფასურება არ სჯობია, მე შენ გეტყვი, თვლით ვყავართ ჩაბარებული და, ემანდ, პასუხი არ მოთხოვოს ვინმემ, ვთქვათ - პარლამენტმა. ამ თვლამ გამახსენა - რამდენი ხანია, ჩატარდა საყოველთაო აღწერა. მაგრამ შედეგი არ ჩანს, ჯერჯერობით დიდსულოვნად დუმან, ეტყობა იმდენი ხალხი გვაკლია, იმდენმა უშველა თავს - ზოგმა იმ ქვეყნად გაასწრო, ზოგმა უცხოეთში - რომ გაყალბება ამათაც კი გაუჭირდათ, რაშიც დიდად გამოცდილები, სამაგალითონი არიან, ამ კუთხით ამათ სახელი სტრასბურგამდეა გავარდნილი.
მითხრეს, ამის გარდა, აქაური მეცნიერების სხვა წიგნებიც გამოვიდაო. მაგრამ ჩემამდე არ მოუღწევია, ან ვერ გაიმეტეს, ან უკვე გაყიდეს, მოგეხსენებათ, დღეს ყველა პატიოსან კაცს როგორ აჯახირებს სიღარიბე. თუმცა მე ისეთი "გაჭირვებული" ვინმეებიც მეგულება, ვეება ტომები რომ გამოუციათ საკუთარი ხარჯით.
2002-05-03, გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“
ბმული:
*
http://www.opentext.org.ge/index.php?m=57&y=2002&art=9345 