არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ლელა სამნიაშვილი

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი - Page 2 EmptySun Jun 14, 2020 2:27 pm

ლელა სამნიაშვილი - Page 2 Lela_s10

ლელა სამნიაშვილი

პატარა კერძო სამოთხეებში

„დედამიწა გასკდა,
როცა კვირიონს თოფი ესროლეს” –
თქვა ჩემმა შვილმა შემოდგომის მწიფე შუადღეს,
როცა სოფელში, მსხმოიარე ბაღში მოკლული
ლურჯი ხავერდის ფრინველი ნახა.

გვერდგამოჭმული ლეღვები ტოტზე –
პირდაღებულ ბაყაყებს გავდნენ.
დაკარგვოდათ მთელი სიტკბო,
ნიშნისმოგებით ყიყინებდნენ აბეზარ ხმაზე.

მებაღე ხომ მართალია ამ შემთხვევაში –
ის რგავს, ის რწყავს, მოთმინებით ის ელოდება,
როდის ჩადგება გულებში წვენი,
როდის ჩადნება კანში შაქარი.
ამიტომ პირის დაკარებაც არის მხოლოდ
მისი უფლება. თოფის გასროლაც –
ამ უფლების დამოწმებაა.

ბეღურები, შოშიები, კვირიონები –
ეს ლამაზი, საძაგელი უსაქმურები,
წესრიგს რომ მაინც ვერ მიეჩვივნენ –
იყენებენ ფრთების ზღაპრულ პრივილეგიას –
დაფრინავენ თავის ნებაზე,
არ იციან ტყუილ-მართალი,

პირველყოფილი უმანკოებით
უნაკვეთებო ცის ბაღიდან ესხმიან მიწას,
ოქროსფერ მარცვლებს უნისკარტებენ,
შემოდგომის პატარა კერძო სამოთხეებში –
თითქოს მათთვის გაფენილიყოს
მთელი ქვეყნის აგარაკები ტკბილი ნაყოფით.

დიახ, მებაღე მართალია,
მაგრამ ბავშვიც არის მართალი,
როცა მკვდარ ფრინველს პირველად ხედავს,
მას კი ლურჯ ყელზე უთვალავი ფერი გადასდის
და მკვდარიც ისე ლამაზია, თითქოს, სამყაროს,
ყველაზე დიდი მონდომებით ის შეექმნას
ბაღისა და მებაღის მიღმა.


Arrow


Last edited by Admin on Sun Jun 14, 2020 2:53 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი - Page 2 EmptySun Jun 14, 2020 2:31 pm

ლელა სამნიაშვილი

საკეისრო კვეთა

ეს ცის გახსნას გავს.
სკალპელი – ელვა.
და ღმერთის თვალი – მაგიდისკენ – ფარნად ინთება –
თვალყურს ადევნებს ექიმის ხელებს
და შენს სახეს, გადაფითრებულს –
ნაკვთებს რომ ცქერით ვერ დაულაგებს
ქმარი – შენს თავთან –
გარანტია, რომ თუ ჩაქრები, ახალ ვარსკვლავს პეშვით წაიღებს.

ცის გახსნას გავს –
უცაბედი, როგორც სიკვდილი კატასტროფაში –
ყოველგვარი პრელუდიის, სამშობიარო ტკივილების გარეშე –
მიღმა შავი ხვრელის – ბნელი დერეფნის –
სულები რომ მიმოდიან ამ სამყაროში.

ცის გახსნას გავს –
უფრო ძნელია, ვიდრე წერდე სიმფონიას – ტაშზე მქუხარეს,
ან აწყობდე რევოლუციებს – მათთვის, ვინც უკვე მოსულია,
ან გზადაგზა კოლონიებს აარსებდე გალაქტიკებში.
ის ერთი ჩხვლეტა ხერხემალში –
საიმედო ანესთეზია –
მაინც გართმევს ამ უფლებას იყო ჯვარცმული –
თუნდაც ერთისთვის, თუნდაც ასე ხელფეხგაკრული.

ცის გახსნას გავს –
ეს გაბედვა – ჩაეჭიდო ახალ სიცოცხლეს –
ყველანაირი მშვიდობისგან აუშენო ატრაქციონი,
ომებს ზურგით გადაეფარო, რომ მუდამ მისკენ გქონდეს სახე,
რომ უცინოდე. აი, ასე,
შეაბიჯე ძველ ნაკადში, ასე დაწექი
ერთადერთი ქალიშვილივით – კეისრის –
პირმშოს გადასარჩენად რომ გაფატრეს. ორივე ჩაქრა.
შენ კი ფეთქავ და სარკმელში – ღამის ქალაქი –
ციმციმებს, როგორც უხმაურო დღესასწაული.
ცხრა მაისის უცნაური ფეიერვერკი:

კადრებს ხმები ჩამოეცალათ. უხმაუროდ – პულსი – ას ოცი.
შენი სისხლის – პირველი რეზუს დადებითის
საზეიმოდ გადასხმა ახალ ვენებში, მამის თვალის ფერის,
როგორც ბევრად უფრო ნათელის.
ცის გახსნას გავს –
ტირილის ხმა – დასაწყისის მაუწყებელი.

ახლა ჭრილობებს შეუძლიათ, პირი შეიკრან –
ეს ცა აღარ დაიხურება.
არასოდეს არ ყოფილა შენი ღამე ასე კაშკაშა.
თოთო სინათლე შენს თვალებთან
ასე ახლოს არასოდეს მოუტანიათ.
ის იზრდება – ყველა ჩრდილის გადაფარვამდე.


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი - Page 2 EmptySun Jun 14, 2020 2:39 pm

ლელა სამნიაშვილი

მინის ბურთები

ნახეთ, როგორი უპირატესია _
მინასთან _ პლასტმასი _
შეღებავ კაშკაშა ფერებში,
მოახვევ პრიალა ატლასს
და მზად არის მარადიული სათამაშო ნაძვის ხისათვის _
არცერთ ბავშვს ხელში არ ჩაეფშხვნება,
არცერთ საღამოს არ გაკაწრავს თხელი ნამსხვრევით.
ლამაზია, უსაფრთხოა, მხიარულია _
ახლადფეხადგმულ ჩვილებს უღიმის
და უღვივის კეთილი შუქი ნაძვისხის ტოტზე _
გამძლე შუქი _ მრავალჯერადი დღესასწაულის.
მე კი _ სიფრთხილეს მასწავლიდნენ მინის ბურთები _
ყოველ წელიწადს იმსხვრეოდა ერთი ან ორი _
ყველაზე უფრო ლამაზები, მოხატულები
წვრილი ფიფქებით. მწყდებოდა გული.
და წამიერი გაკვეთილებით წლიდან-წლამდე,
სულ ამაოდ, კვლავ სიფრთხილეს ვიზეპირებდი.
მსხვრევისას ზოგი წკრიალებდა ზანზალაკივით _
ამ ხანმოკლე არსებობაში სწრაფი ბგერა რომ ჩაებეჭდათ.
ვერ გავხდი ფრთხილი.
ჩემს შვილს კი ხელში არ ჩაფშხვნია არცერთი ბურთი.
და არც სხვის შვილებს.
და გაუქმდა სიფრთხილის ძველი გაკვეთილებიც,
რადგან მაინც ვერ ვისწავლეთ ვერაფერი,
რადგან ცხოვრება არც გამძლეა და არც უსაფრთხო,
რადგან დღესაც, საახალწლოდ მორთულ პლანეტას
შეუძლია, ბავშვების ფერხთით ნაღმები
ისევ უბრჭყვიალებდეს.
ეს არის მთელი კომპენსაცია, მთელი პროგრესი _
მინის ბურთები გახდა პლასტმასის,
რომ მსხვრევისას ვერ დავინახოთ,
როგორ ხდება ჯადოსნური სიცარიელე _
ნაწილი დიდი, ჩვეულებრივი სიცარიელის.
თითქოს არც იყო მათ შორის ზღვარი.


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი - Page 2 EmptySun Jun 14, 2020 2:41 pm

ლელა სამნიაშვილი

ქალი პოეტი

ისე ჟღერს, როგორც ქალ-ბაყაყა -
თუ იყიყინებს, უნდა გამოსცეს უფრო ნაზი ხმა
არ უნდა იყოს აბეზარი
ყურთასმენა არ უნდა წაიღოს
უნდა ქონდეს უხილავი პაწია ოქროს გვირგვინი
იქნებ ვინმემ შეამჩნიოს
იქნებ აკოცონ
იქნებ თავზე ხელი გადაუსვან
და დაისვან თავსასთუმალთან.
მოკლედ, ზღაპარია. ფიქციაა.
ბაყაყს - მნიშვნელობა არ აქვს, დედალია თუ მამალი,
სჭირდება ძლიერი ხმა,
რომ სხვების ყიყინი გადაფაროს,
რომ უფრო ხმამაღლა შეასხას ხოტბა უტკბილეს ჭაობს,
მოყვეს თავკომბალობის სანუკვარ დროზე,
ან უფრო ხმამაღლა იყიყინოს იმაზე,
თუ როგორ არ მოწონს საკუთარი სლიპინა კანი
და აყროლებული წყალმცენარეების დარბაზებში
ბაყაყურით ცურვა.
თუ როგორი მოსაბეზრებელია მწერებით მუცლის ამოვსება
ყოველ დილას, შუადღეს და საღამოს.
თუ როგორ განიცდის, რომ
საკუთარ ენაზე ზემოთ ვერ ახტება.
იკრობს, რაც გარშემო დაფრინავს.
ამ მოწყენილობაში
მისი ხმა მისი ერთადერთი თავშესაქცევია.
სიცოცხლის ნიშანი.
ის, რაც აგრძნობინებს, რომ სისხლი ბოლომდე არ ეყინება.
სინაზე ამ ამბავში შეუძლებელია.
წამგებიანი მანევრია. არაფერში არ გამოდგება.
ამიტომ, არ დაიჯეროთ ლამაზყდიანი ანთოლოგიების,
საიდანაც მხოლოდ ქალები გიღიმიან.
არ არსებობს ქალი პოეტი.


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი - Page 2 EmptySun Jun 14, 2020 2:47 pm

ლელა სამნიაშვილი

ბედნიერება

მაინც, რა არის ბედნიერება?
ოდესმე თუ დაგვემართება?

თაფლიანი ჭიქა – ლამაზად –
ამოგვყურებს მე და შენ, მაგრამ
ფუტკრის მკვდარი სხეული,
როგორც თვალის გუგა –
გულში უბრწყინავს.

ვერცხლის კოვზი მომაწოდე,
ოქროსფერ ფრთებს
ფრთხილად მოვაცლი,
რომ შენმა ბაგემ თავისუფლად
მოსვას თაფლი ჩვენი ჭიქიდან.

მაგრამ ერთხელ მაინც დახედე –
ბედნიერების ამ ღმერთს, პატარას –
ასე მკვდარი რომ მოჩანს თაფლში,

რათა თავისი არსებობა დაგვიმტკიცოს,
რათა დაგვატკბოს.


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი - Page 2 EmptySun Jun 14, 2020 2:49 pm

ლელა სამნიაშვილი

დაბრუნებამდე

„შენს მუჭში ხელი დამეღალა“ –
უცაბედი ღალატივით ფიქრია, როგორც –
„სამშობლოში ვერ ვიკეტები“.

ფილიპინელი გოგო რომ ვიყო,
ვილოცებდი დაძინებისას, რომ ჩემი სოფლის ახლოს
ვულკანს გაღვიძებოდა და მეცეკვა საკუთარ ფერფლში.

ირანელი გოგო რომ ვიყო,
შუა ქუჩაში მოვიხსნიდი ამ წუთს - თავსაფარს
და თვალებზე შემოვიხვევდი.

როგორც სადგურზე გადამსკდარი ჩემოდანი,
ნივთები და ტანსაცმელი რომ სცვივა, - უნდა
ჩავაპირქვავო, ჩავკეტო წუთი;

გამახსენდეს, რომ ვდგავარ სადღაც –
გალერეაში; უზარმაზარი ნატურმორტი მათვალიერებს, -
ტკბილეული ლამისაა სათითაოდ ამომაცალოს;

გამახსენდეს, რომ ჯერ კიდევ შემიძლია დაბრუნება,
რომ ჯერ კიდევ შეგიძლია დაბრუნება;
გამიცოცხლდეს შენს მუჭში – ხელი.


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი - Page 2 EmptySun Jun 14, 2020 2:57 pm

ლელა სამნიაშვილი

წყალზე და ჯებირზე

სინამდვილეში ეს ჯებირია _
წყაროს, მდინარეს, ზღვას _
გვერდები ამოუშენეს _ სათითაოდ ჩალაგდნენ _
ბეტონის მძიმე ფილებივით _ ადამიანები.
არ უნდა იყვირონ, არ უნდა დაიბზარონ,
არ უნდა ჩამოიშალონ, ვიდრე წყალი მიედინება,
მიიმღერის, მიექანება, იზრდება და ბევრდება და
მძვინვარდება და ეხეთქება გზაზე ნაპირებს.
იციან, არ უნდა დაყვნენ წყლის ნებას _
სხვა გზა მონახოს. უნდა გაძლონ, ჩაატიონ
საგულდაგულოდ ამოყვანილ კალაპოტში
წყლის ნაკადი _ საკუთარი წარსული და მომავალი,
რომელიც ალბათ, სადღაც გააღწევს,
სადაც თვალიც არ მიუწვდებათ.
მასწავლებლები გვანან ბეტონის მკვრივ ფილებს.
მათი სამსახური ზუსტად ეს არის.
და არაფერს ცვლის ჯამაგირი, დღის რეჟიმი,
ზაფხულის გრძელი არდადეგები.
მათი ვალია წყალს გაუძლონ და უყვარდეთ,
როცა მისი ყოველი წვეთი
ჯიუტად მღერის: `დაგვანებეთ თავი, არ გვინდა
განათლება და თვითკონტროლი~.
მათი ვალია, იმეორებდნენ წმინდათწმინდა
ლოცვის ფორმულებს, სტროფებს, ციტატებს
შერჩეული ტემბრით, ზუსტი ინტონაციით,
რომ გზადაგზა ჩაიბეჭდოს ყოველმა ტალღამ.
ისინი გვანან ბეტონის ფილებს და
არიან მრავალრიცხოვანი,
რადგან ბევრია წყალი, რადგან ძლიერია,
რადგან ის არის ერთადერთი მაცოცხლებელი
და ერთადერთი დამანგრეველი.
სისტემა ცდილობს შეაკეთოს, გაამაგროს,
გააკონტროლოს.
და არის დიდი განახლება კონსტრუქციების.
ის უნდა იდგეს მუდამ სწორი და შეუვალი,
წყლიდან მშრალად ამოსული
და ტალღა შუბლით ეხეთქებოდეს.
მაგრამ არ ვარგა ამ მასალად ადამიანი,
ქვა _ მღაღადებელი, აღჭურვილი უტყუარი ცოდნით _
ჩვევების და უნარების საზომი შკალით _
ნაპირზე რომ გამუდმებით აფიქსირებს საკუთარ რყევებს,
თუ თვითონაც წყალი არ არის _ ტალღებთან ერთად _
სადღაც გაღწევის სურვილი რომ წინ მიაქანებს.


კარალიოკები

რა მარტივია სილამაზისთვის _ კარის შეღება,
გახსნა საკეტის, გახსნა გულის, როგორც კოლოფის.
გადაკეცავს ცარიელ ფურცელს _ ქაღალდის ჩიტად
და გაუშვებს უმისამართოდ _
რომელიმე პარალელური სამყაროსაკენ _
თავისქალებში უვარსკვლავოდ რომ გაფენილა.
აუცილებლად აიღებენ, წაიკითხავენ,
მოძებნიან, გაუშლიან ფეხქვეშ ვნების წითელ ხალიჩას.
რა მარტივია _ მას შეუყვარდე,
აგიკვიატოს სიმღერასავით.
მისდევს გულის ხმას.
ფრთხილად არ ირჩევს,
არ აშტერდება ნაკვთებს და თითებს,
ნაკლს არ უთვლის არცერთ ნაყოფს,
ფრჩხილით არ კაწრავს, არ უკირკიტებს _
არ აშინებს სიმეტრიის უსასრულო ვიბრაცია
ამდენ ფორმაში.
საკუთარი სრულყოფილება ყოფნის სიმშვიდედ.
გონება კი ვერ ეგუება თავის მონობას _
კაკლის ნაჭუჭის ფორმის საკნიდან ეძებს სიმართლეს,
სილამაზეს, მიზანს, სიყვარულს.
გაცქერის ჰაერს, როგორც ბადეს.
სივრცის მიღმა ეჭვობს სივრცეებს.
ხანდახან კი მზერას იმოკლებს _
საკუთარ ბაღში _ ჩერდება ხესთან.
მის ტოტებში _ კარალიოკებს
შეყურებს, როგორც ბდღვრიალა გულებს _
რომელიღაც მზიან დღეებში სხეულიდან
გამოტანილებს _
ხელშეუხებლად _ შემოდგომაში რომ ჩამწიფდნენ
და ზამთარში ჩირივით ჩაქრნენ.


მარხილი

იქნებ ღირს _ შეაბა სილამაზე მარხილში,
როგორც ლაიკა _ ესკიმოსმა, სტვენით აიკლო,
დაგეშო გზაზე, თვალით უნახავ სამიზნეზე,
B წერტილზე, შუქს და სითბოს კილომეტრებზე
რომ აირეკლავს.
იქნებ ღირს, თასმა გადაუჭირო, მოუქნიო მათრახი,
ხშირად აშიმშილო, რომ დაიჯეროს _
შენთან ერთად დანაყრდება გრძელი გზის ბოლოს.
იქნებ ღირს, შეაბა მარხილში _ ძაღლი _
მოელვარე წითელი ენით _
შორიდან რომ უმნიშვნელო სისხლისდენას გავს,
თოვლის მწარე ტრამალს რომ ლოკავს _
განუწყვეტლივ რაც კბენს თათებზე,
რაც წვავს თეთრი, სველი კოცონით _
დაპირებული სინათლისკენ, სამოთხისკენ,
ან ერთი ჯამი სალაფავისკენ _
მთელი ძალით რაც მიაქანებს.
წარმოიდგინე _ მათი ძვლებით სავსეა გზები _
თოვლის ქვეშ მთელი სამეფოა _
ბასრი ეშვების გუმბათები ამოწვერილი.
ცისფერ გუგებზე გადაკრული წმინდა ყინული.
პატრონი მათ გზადაგზა ხსნიდა მარხილიდან,
სინანულით დაყურებდა. გზას აგრძელებდა.
იქნებ ღირს, მიყვე, გაიმეტო _
გზის გამართლებად მოიგონო
A ფერდობზე დროშის ჩარჭობა _
ვითომ პოლუსი აღმოაჩინეთ.
რა ძნელია, როგორი თითქმის შეუძლებელი,
როცა უკვე მოიპოვე კომპაქტური, ფართო `ზედხედი~,
როცა უკვე გადაღეჭე ყველა კუთხე, ყველა რაკურსი.
ჩრდილოეთი და სამხრეთი და კოსმოსი
და წარსული და მომავალი _
ამოვსებული ამდენი ძვლით და სილამაზით,
ყველა წერტილში შეგიძლია გახსნა, ჩახედო.
ვარსკვლავებივით ყველგან არიან
და არც იციან, რას ანათებენ.
ამ უგზოუკვლო მარხილისთვის არ გემეტება,
რომ გაუშვა _ დროს გადაუსწროს.
სახლის ძაღლივით უვლი, კვებავ,
უმოწყალოდ უფრთხილდები.
მას კი მაინც ტრამალისკენ უჭირავს თვალი.


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი - Page 2 EmptySun Jun 14, 2020 2:59 pm

ლელა სამნიაშვილი

თანამზრახველები

თავები გავყავით სასწაულში _
ნებით თუ უნებლიედ.
სიცოცხლემ მიიტანა სივრცეზე იერიში _
ცივზე, უდაბურზე.
თუმცა სასწაული არ იყო დაწმენდილი,
არ იყო უვნებელი,
აენთო ნაპერწკალი,
გაისმა პულსაცია _ სიცარიელეში.
აივსო დღეებით, აივსო ფერებით,
თვალებით, სახეებით.
სიცოცხლე ჩვენი და
ჩვენ კი _ სიკვდილის თანამზრახველები.
და მივყევით, გავაბრტყელეთ მრგვალი დედამიწა _
ჩრდილოეთს ფერხთით დავუგეთ სამხრეთი,
შევზიდეთ ცათამბჯენებში ოქრო და ვერცხლი,
შემოვდგით მიწურებში ნაკვერჩხალზე წყალწყალა წვნიანი
და მამამ, რომელსაც შვილის ხელი ეჭირა ხელში
და არჩევდა თაფლს და კარაქს მინის თაროზე,
და მამამ, რომელსაც შაჰიდის ქამარზე ეჭირა ხელი
და ეგონა, რომ ჩადრიან ქალებს და თორმეტ ბავშვს
ღამით კართან დახვდებოდათ მთელი წლის სამყოფი მუცლის ქონი,
გაიარეს ერთმანეთის ძვლებში, კედლებში, სიცარიელეში,
გაიარეს პოლიტიკოსების და იმამების
საარჩევნო ყმუილში და შავ ლოცვებში
და ნამსხვრევებში და ზრიალში და პანიკაში
და ნავთობის მაგისტრალში და ჭაბურღილში
და ღმერთში და სამშობლოში და გარეკილ ჭეშმარიტებაში.
და მათი შეჯახების ადგილას გაიხსნა სიკვდილი
რაღაც საშინელი მოზაიკის ნაფლეთებში
და ასე, ერთბაშად, შთანთქა სასწაული.
და სად არის სამშობლო სიცოცხლის მიღმა?
ნუთუ ის არის _ ხორცისმჭამელი მიწა და ღმერთი,
მებაღე, ხეს რომ რგავს და უვლის,
ამწიფებს ნაყოფს, რომ კმაყოფილმა დაიტკბოს ბაგე;
მწყემსი, რომ ამრავლებს, კვებავს, იფარავს,
ნადიმისთვის ამზადებს საკლავს.
ნუთუ ზუსტად ჩვენი მსგავსია?
დავიმსგავსეთ ჩვენი ღმერთები.
და დავდექით მათი სახელით სიკვდილის მხარეს.
სიცოცხლე ჩვენი და ჩვენ კი _ სიკვდილის თანამზრახველები.
და სიყვარულიც გამოვკიდეთ ჩირაღდანივით
ჩვენი ბნელი საქმეების გასანათებლად.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი - Page 2 EmptyMon Nov 02, 2020 7:30 pm

ლელა სამნიაშვილი

***
რა გაცრეცილი სიტყვაა თრიმლი
როცა მთა ასე ააგიზგიზა -
წაკიდებია ნაცრისფერ თბილისს -
ამ გადატკეპნილ გზაზე - სიზმრიდან -
სამსახურამდე - ყოველდღე ვზვერავ -
ცეცხლოვანი და ხმელი კვირტების
ტოტს ავიღებდე ასანთის ღერად,
ამ ჩემს ცხოვრებას წავუკიდებდე.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი - Page 2 EmptySat Dec 05, 2020 10:30 am

ლელა სამნიაშვილი

ჰამლეტის დაბრუნება

სახე აქვს ამ ვარდს. ვარდად ყოფნის ამბავს უსტვენს ნოემბრის ბაღში.
უფლისწულია, გვირგვინი რომ მაინც არ ერგო.
მისი ფურცლების სიტყვებს მალე ქარი გადაშლის,
ჩამოიშლება ოქროსფერი ბაღის სამეფო,
და მიწას, ზედ რომ დასცქეროდა, უნდა გაეგოს
წამიერ ნოხად მისი სახის მთელი ხავერდი.

ვინც უკვე ჩაქრა, სიცოცხლიდან ვინც კი გავიდა,
ნოემბრის ბაღში იბადება თითქოს ხელახლა.
თითქოს თავიდან, ბრმა თვალიდან გამოახედათ
უკვე მიმჭკნარმა ყვავილებმა, ბზამ და ვენახმა.
ცოცხლები ასე სიცოცხლეს ვერ შეიყვარებდნენ.

ამ სილამაზის დაჭერაა დროის მოგება.
ხოლო დანარჩენს მოერგება გველის სრიალი
და სამოსივით გაცვდებიან მოგონებებიც,
მაღალი ძაბვის გრძნობები და სერიალები,
მონოლოგებით, არავინ რომ არ მოისმინა.

2019

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი - Page 2 EmptyTue Jan 12, 2021 10:14 am

ლელა სამნიაშვილი

წინდას თვალი წაუვიდა

მე რომ წავიდე, შენ ყოველთვის დაგტანჯავს გრძნობა
დანაშაულის, რომ ვერ დამტოვე,
მაგრამ იქიდან, საიდანაც მე მას ვუყურებ
`ყოველთვის’ - ისე ხანმოკლეა, როგორც წარსული,
ან მომავალი. მომავალი –
რა ვიცით მასზე? ის არის ზუსტად იმდენნაირი,
რამდენიც გვინდა და როგორსაც უფრო ვისურვებთ.
ის სანუკვარი, საოცნებო სისულელეა –
ბოლოს რომ ხრჩოლავს ტაბლის სანთლად,
უცხო სულეთად.
რა გველოდება, ყველაფერი თუკი გაგრძელდა?
წარმოიდგინე კადრი, ოღონდ აჩქარებული –
კვირტი გაშლისას, მის ფუცლებში ჭკნობის შეპარვა,
ბარტყის შეღინღვლა, ფრთების გაშლა, მიწას დაცემა,
ბუმბულის გაცლა, ჩაკეტილი დაბოლოება –
ბგერის გარეშე –
ჩონჩხის მახვილი, მასზე მცოცავი –
ჭიანჭველების თაობები და ზედ – ბალახი.
ახლა კი ნახე სხვა კადრები – შენელებული:
ბავშვის ტირილი, საზეიმო დაბადება,
ექიმის ხელი როგორ ჭრის ჭიპლარს,
ევროპაში მივლინებით მყოფი მამიდა –
მხიარული ცრურწმენებით –
სორბონაში ამ ჭიპლარის ნაწილს რომ ტოვებს.
ბავშვი – წინსაფრით. ფაფის ლაქა.
ბავშვი – პირში სატყუარათი.
ბავშვი – წიგნით. ბავშვი, ლექსებს რომ იმეორებს.
დედის ტუჩები, აყოლილი ამ ლექსის სიტყვებს,
მასთან ერთად რომ მოძრაობენ. მის სახეზე
ათინათი ბედნიერების. ბავშვი იზრდება.
ის გადადის კლასიდან – კლასში. ფაქტებს, მოვლენებს –
წლების გასწვრივ აბებივით ყლაპავს.
დგება გზაგასაყართან.
თვალსაწიერი ფართოვდება. იზრდება მკერდი.
მალე ზედ ჩვილი აეკვრება –
სიყვარულის თუ ვნების ნაყოფი.
მერე უკვე შეგიძლია ააჩქარო ეს ყველაფერი:
ორი მოხუცი ხელმკლავით, ბაღში სეირნობისას.
მოკლე სცენა დამშვიდობების. ყვავილები. იმათი ჭკნობა.
დრო გავს წინდაზე წასულ თვალს.
სცადე, წარმოიდგინე –
თავდაპირველი ქმნილება ღმერთის –
სამყარო – სრული მატერიით. გაუხლეჩავი.
ის თავის თავში მოიცავდა უთვალავ ფორმას –
დანაწევრების, კვეთის გარეშე. და მერე დიდი აფეთქება.
ატომის ხლეჩა. ამოტყორცნილი უთვალავი,
მათი დინება უსასრულოდ, ყველგან, არსაით,
ლტოლვა ათასგვარ ინერციით,
შეუძლებლობა – თავისუფალი ვარდნის,
მიზიდვა და განზიდვა, კიდევ მეტად დანაწევრება,
დაქუცმაცება ახალ ფორმებად,
ვარსკვლავებად, არსებებად, იდეებად, მიმართულებად.
მთლიანობა – ერთიანად გამოძენძილი.
საბედისწერო დეფექტია – დრო.
წინდაზე წასულ თვალს გავს.
არაფერი არ ეშველება.
ახლა კი – მიწას დაებჯინე ორივე ფეხით
და შეხედე – რა კეთილად იღიმება ნაგავსაყრელი –
მთელი თავისი ნარჩენების უხვი რესურსით –
მეორადი და სწრაფი კვება –
გულმოწყალე მკლავებიდან –
კაცობრიობის ნაწლავებში ჩაედინება.
მდიდრები ყრიან, ღარიბები ცახცახით კრეფენ,
ანდაც პირიქით – ჭკვიანები კრეფენ გადაყრილს
სულელებისას, ან საკუთარ გადაფურთხებულს
ლოკავენ, ანდაც არაფერი ემეტებათ
და ერთგულად, თვითონ ალპობენ.
როგორ აგიხსნა სიყვარული ნაგავსაყრელში,
სადაც ადგილი მოგვეჩინა, და თუ დავყვებით
მშობლების ნებას, შევეცდებით უფრო ნაკლებად
დავთხვაროთ ჩვენი იდაყვები, ადგილს მოვძებნით –
რაც შეიძლება უფრო სუფთას.
სწავლას, სამსახურს, სახლს ამოვავსებთ
წუთების და წლების ძონძებით
და ვიქორწინებთ, ბავშვს გავაჩენთ და გამოვკვებავთ,
და შეგვაწუხებს ეს სიმყრალე უფრო ნაკლებად,
რაც შეიძლება სუფთა ადგილს თუკი მოვძებნით.
მშობლების მესმის. მათ სურთ ჩვენთვის მხოლოდ სიკეთე.
და ჩვენი გავლით – არარსებულ მარადისობას
ჩაბღაუჭება არის მათი ზრუნვა, ლოცვები.
ათასგვარ ნიჭს და ამდენივე წყევლას მოვძებნით
მათგან ბოძებულს, ჩვენში, ხაზი რითაც გრძელდება
და თაობების ტყავში ძვრება და არ ძველდება,
რადგან მშობლებმა სიკეთისა სხვა არც იციან –
საკუთარ სისხლზე დარდი იციან,
ვერ იმეტებენ ნაგავსაყრელს კოცონისათვის
და მოთმინებით გვზრდიან, იცდიან.
წარმოიდგინე ცირკის ლომი, ჯერაც ახალი,
რომ აითვისა ყველა ილეთი,
მაგრამ ხახაში ღრენას ვერ ითმენს
და მწრთვნელმა უნდა იხმაროს შოლტი,
ნუგბარი ხორცი, ხან მუქარა, ხანაც დალოცვა,
რომ ბოლოს თავი ჩაუყოს გვამში –
ცხოვრება ცდილობს შეგვაგუოს თვინიერებას,
ფშვინვა გვასწავლოს ამდენ ნაგავში.
როგორ აგიხსნა ეს სიყვარული,
სულ რომ ებრძვის გაქცევის სურვილს,
რომ სურს უყვიროს დიდი უარი
ყველა უნარს და უუნარობას –
გენების ამ ბარგს, თანდაყოლილს, რომ ვერც ვირჩევდი,
ვერც ვხვეწდი მეტად, ვიდრე მომცეს ამის უფლება.
დარჩენას ისე გამოგვაბეს მთელი ძვალ-რბილით,
რომ ჩვენს ნებასთან არაფერი არ აქვს საერთო,
გვიჭერს ტკივილის საცეცებით, ტანჯვის განგაშით,
არსად გაგვიშვებს, არ გვიტოვებს ნამდვილ არჩევანს –
წასვლას, რომელიც ძნელი არის და აკრძალული,
ისეთი ძალით გამოაბეს ყელზე დარჩენა.
ვიცი, გმობაა ღვთის და გმობა ადამიანის;
ღმერთის, რომელიც ღმერთად იქცა
სწორედაც რომ ამ არჩევანით –
ჯვარცმის გაბედვით, მზად ყოფნით – მისთვის,
სიყვარულის სახელით თუნდაც.
ის ღმერთია და ამ შიშისგან თავისუფალი.
მე კი, რომელმაც მსურს, გავბედო,
შიშის ხესავით დახუნძლულმა ათასი ეჭვით,
რომ მეტი შიშით, მეტი გრძნობით ჩავეჭიდო ყოფნის
სასწაულს,
გადარჩენისთვის მოვძებნე შვილი,
ჩვენი შვილი, რომელიც მოდის
თვალში თვალს მიყრის
და მთავარ კითხვებს მიმეორებს
უფრო მეტი დაჟინებით, ცნობისწადილით.
ის ამბობს, რომ ეს რუტინაა.
ვეუბნები, რომ სიყვარულია.


2014


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი - Page 2 EmptyYesterday at 10:42 am


ლელა სამნიაშვილი "დირიჟაბლი"
•Dec 23, 2020

თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა ვიდეო - პორტრეტები. “ ცოცხალი წიგნები ”

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი “ ცოცხალი წიგნები ” წარმოგიდგენთ თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა ვიდეო- პორტრეტებს.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ლელა სამნიაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ლელა სამნიაშვილი
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: