
წიგნის დასახელება – „ცეცხლოვანი მამლის წელიწადი“ (რომანი)
ავტორი - სერგო წურწუმია
რედაქტორი - თემურ ამყოლაძე, ზვიად კვარაცხელია
დამკაბადონებელი - ირინე სტროგანოვა
გარეკანის დიზაინი - თეონა ჭანიშვილი
სპონსორი - არჩილ ჯალაღონია
გამომცემლობა - „ინტელექტი“
ISBN 978-9941-31-307-3
ყდა – რბილი
გამოცემის წელი – 2021
გვერდების რაოდენობა – 580
შინაარსი:
* პირველი ნაწილი - აირგის რისხვა - გვ. 3-169
„აირგ, შენ მხოლოდ ზღვისპირეთს ძარცვავ...“
აფხაზური ხალხური ლექსიდან
* მეორე ნაწილი - გამწყდარი სიმი - გვ. 171-524
„ერთი მათგანიც რომ გაწყდეს...“
აკაკი
* მესამე ნაწილი - კარი არსაით - გვ.525-580
„ამ ორ არყოფნას „კარი არსაით“ ტიხრავს“
საკუთარი ლექსიდან
ბოლოთქმა უკანა ყდაზე:
„სერგო წურწუმიას რომანი „ცეცხლოვანი მამლის წელიწადი“ აფხაზეთის ომის ვრცელი და საგულისხო მხატვრული რეტროსპექტივაა. მასში ომის ანატომია სრულყოფილად თვალსაჩინოვდება – უსამართლობა და ქაოსი, სიშლეგე, ექსტრემალურ ვითარებაში გამომჟღავნებული ადამიანური ბუნების კონტრასტები – უკიდურესი სიკეთე და უკიდურესი ბოროტება; ამ შემზარავად შთამბეჭდავ პანოს დოკუმენტური ნარატივი ამყარებს – ტექსტში მკაფიოდ ირეკლება რეალურ გმირთა პორტრეტები.
თუმცა, რომანის უმთავრესი ღირსება არა მხოლოდ ომის ანატომიის აღწერა, არამედ მის შინაარსში გაცხადებული საიდუმლოა – ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, მისი შორი და ახლოხედვის ნიუანსები. თავად მწერლისთვის ეს საიდუმლო ყველაზე კარგადაა ნაცნობი, სწორედ ამ პირუთვნელი ცოდნით, მრავალპლანიანი პერსპექტივით, მოქალაქეობრივი და შემოქმედებითი პატიოსნებით ქმნის მხატვრულ რეალობას, რომელშიც ქართველსაც და აფხაზსაც საკუთარი სათქმელის, ყოველგვარი წყენისა და ბრაზის მიღმა დაუნჯებული სიმართლის ამოკითხვა შეუძლია.
რა ხდება სამყაროში მაშინ, როცა ცხოვრების რუკაზე საბედისწეროდ იცვლება ისრები – ზღვისპირა ქალაქში საომრად თურქეთიდან მუჰაჯირობის დროს გაქცეული აფხაზური ოჯახი ბრუნდება, მშობლიური ქალაქიდან კი მისი მკვიდრი შვილი, ქართველი მებრძოლი გარბის?!.. შესაძლებელია, ისრებმა კვლავ ერთმანეთისკენ იბრუნონ პირი?.. რა გამოცდა ელის ოდესღაც სამოთხედ წოდებულ მიწას, სადაც სამართალი დროებით საფარველს ამოეფარა?
ამ ძნელი კითხვების პასუხი უამრავი ტკივილით, სიკვდილით და აღდგომითაა გამოსყიდული. სერგო წურწუმიას ეს არაჩვეულებრივი რომანი სწორედ ამ საბედიწერო საფასურზე გიამბობთ“.
ნინო სადღობელაშვილი

სერგო წურწუმია
წინათქმა მე ლიტერატურული პერსონაჟი ვარ. იმავდროულად ამ ტექსტის ავტორიც. ამიტომაც არის, რომ მთელი თხრობის განმავლობაში საკუთარი სახელი და გვარი არსად დამცდება. დარწმუნებული ვარ, მიმიხვდებით, რატომაც! ყოველ შემთხვევაში, იმის მაინც მჯერა, რომ ამას არც ამნეზიას მიაწერთ და არც მთხრობელის უნებლიე შეცდომას. ჯერ ერთი, თაობის ბედი მინდოდა მეჩვენებინა ამ წიგნში, ერთი ადამიანის ხვედრის პრიზმაში არეკლილი, მეორეც: დაე, ვიყო უსახელო გმირი ან ისტორიული პროცესების მდინარების შედეგად წარმოქმნილ გარემოებათა სახელშეურქმეველი მსხვერპლი. ლიტერატურას ახსოვს ამგვარი მიჩქმალული გმირები, ჰოდა, დავრჩე ეგრე უსახელო მეც! ბოლოს და ბოლოს, იღბალს რომ არ გაეღიმა და დავღუპულიყავ, ამ ამბავსაც ვერავინ მოგიყვებოდათ. ისე ჩაიკარგებოდა და გაქრებოდა დროის უხსოვნობის მორევში, როგორც იმ უამრავი ადამიანის თავგადასავალი და მათგან აკინძული ქვეყნის მატიანეც დაიკარგა, უდროოდ და უკვალოდ რომ ჩაიშრიტნენ ცხოვრების უსასტიკეს მისაქცევლებში.
მე გადავრჩი! არადა, ყველა იმ გარემოებასა და ვითარებაზე დაკვირვებით, რამაც ავი ბედისწერის კარნახით მოიყარა თავი ჩემ გარშემო, ცხრაგზის მაინც უეჭველად უნდა დავღუპულიყავ! ცხრა სასიკვდილო შემთხვევას გადარჩენა ხომ ცხრაჯერ ხელახლა დაბადებას ნიშნავს, ცხრა სიცოცხლის თავიდან მინიჭებას. არ ვიცი, როგორ გადავრჩი, ვისგან მომენიჭა ეს ცხრა სიცოცხლე, მაგრამ ის კარგად და გარკვევით მესმის უკვე, თუ რატომ მოხდა ეგ! მე ჩემი თავგადასავალი უნდა მომეთხრო და ამით საკუთარი, ჭეშმარიტებით აღბეჭდილი შტრიხები შემემატებინა ეპოქის სურათისთვის.
ოდესღაც, უთვალავთაგან გამორჩეული ერთი წიგნი რომ წავიკითხე, ძალიან მომეწონა მისი ავტორის სიტყვები, საკუთარ პერსონაჟს რომ ათქმევინებს: ადამიანს ორი ან სამი, დიდი-დიდი ორი ან სამი ამბავი თუ გადახდება თავს იმგვარი, მოსაყოლად რომ ღირდესო, სულ ერთია, საკუთარ თავგადასავალს გიამბობს თუ საერთოდ ჰყვება რამესო; ეს გადახდენილი ამბის ნიმუშია და არა ისტორიაო, ასკვნის იგი.
მეც, რატომღაც, მისი თქმისა არ იყოს, საკუთარ თავს ვერ ვხედავ და ისტორია კი უცხო თვალით იქმნება. მიმაჩნია, რომ სწორედ ამის გამო, ადამიანს უთვალავი ამბავი აქვს მოსაყოლი, თავს გადახდენილიც და გამონაგონიც.
საერთოდ, ცხოვრება ყოველწამიერად გვთავაზობს ისტორიის ერთიან, ზოგად მონახაზს, კონტექსტურ სქემას, რომელიც უნდა შევავსოთ ჩვენი ცხოვრებით, ყოველდღიური თავგადასავლით, ნაფიქრ-ნააზრევით, ნანახით, განცდილით, განაგონით... სისხლით გავაჯეროთ, ხორცი შევასხათ და ცოცხალ ყოველდღიურობად, ჩვენი და ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანების მატიანედ ვაქციოთ იგი. ეს ადამიანები ისევე არიან სქემის ნაწილი, როგორც ჩვენ თავად.
სქემას, შაბლონს, კლიშეს ცხოვრებისაგან შემოთავაზებულს რომ ვამბობ, იმ ისტორიულ პერიპეტიებს ვგულისხმობ, რომელშიც რაღაც ჩვენგან უმართავი ძალის წყალობით ვხვდებით, რისი კორექტირებაც, საერთოდ შეცვლა და მასზე უარის თქმა არ შეგვიძლია. განა ჩვენი ამქვეყნად მოვლინება სწორედ ამ ისტორიულ პეროდში, ამ სოციალურ თუ პოლიტიკურ გარემოში, ცხოვრებისგან შემოთავაზებული სქემის განხორციელება არ არის, რომელშიც უნდა ჩავრთოთ ჩვენი ბიოგრაფიები, მივუსადაგოთ ისინი არსებულ კონტექსტს, შევავსოთ მათით ამ კონტექსტის სივრცეში ჩვენთვის დატოვებული სიცარიელეები?!. ეს კი, ნამდვილად, შეგვიძლია!
სწორედ ჩვენს ხელთ არის საკუთარი ბიოგრაფიების შექმნა თითქმის ისეთად, როგორადაც მოგვესურვება. თუმცა ერთია ცხოვრებით, ყოველდღიურობით დაწერილი თავგადასავალი და მეორე ქაღალდზე ან თუნდაც ზეპირ გადმოცემაში ასახული ნებისმიერი ჩვენგანის ამბავი. აქ ნამდვილად არის მნიშვნელოვანი დაშორება, აცდენა, რადგან შეუძლებელია, რომელიმე ადამიანს, ათი ბიოგრაფოსიც რომ დაეხვას, სრულყოფილად, სარკისებურად აღუდგინონ ის წვრილმანი დეტალებისა და ფრაგმენტებისგან შემდგარი მოზაიკა, რეალური, დროში მედინი სიცოცხლე რომ ჰქვია.
ეს ჩემი ამბავია. ოღონდ ვერ დავფიცავ, მხოლოდ ჩემია-მეთქი. მე ხომ, როგორც უკვე გითხარით, ლიტერატურული პერსონაჟი ვარ აქ და არა ისტორიული პერსონა. ლიტერატურული გმირი კი ერთი კაცის თავს გარდახდენილი ამბის ჩარჩოებში ვერასოდეს ეტევა. იგი უთვალავი ადამიანის, თავგადასავლის, ხასიათის, ფიქრისა და გრძნობის სიმბიოზს წარმოადგენს. ამიტომაც ვამბობ: ეს ჩემი თავგადასავალიც არის და არც არის ჩემი თავს გადასახედი. ამ თვალსაზრისით, ჩემი მონათხრობიც ერთგვარი სიმულაკრაა, რომანი-სიმულაკრა. მას, შესაძლოა, როგორც რეალობის ასლს, ორიგინალი საერთოდ არ გააჩნდეს, ერთგვარი სიმულაციის შედეგიც იყოს, რომელიც „არყოფნას ყოფნად ადგენს და შლის ყოველგვარ ზღვარს რეალობასა და წარმოსახვითობას შორის“.
ჩემს მონათხრობში თუ პერსონაჟები შეთხზულები ან გადასხვაფერებულები არიან, მონოლოგები, დიალოგები, პერსონაჟთა განსჯანი, სავსებით ხელშესახებნი, დამახსოვრებულნი და წლების შემდეგ რეპროდუცირებულნი, ვიმედოვნებ, სავსებით და მკაფიოდ ასახავენ ეპოქის სულს და ვისი ბაგეებით და როდის იყვნენ წარმოთქმულნი ან ვის აღმოვათქმევინე და მივაწერე, რა მნიშვნელობა აქვს მკითხველისთვის, დროსა და სივრცეში ასე შორს რომ აღმოჩენილა იმ ეპოქისგან?
თუკი ვინმეს, ისტორიულ მონაკვეთში მოქმედ რეალურ პიროვნებათაგანს, ეცნოს რომელიმე ფრაზა, მას რომ წამოსცდენია ოდესღაც, გულდამშვიდებული ბრძანდებოდეს, ვერც ერთი მათგანი ვერ ამოიცნობს საკუთარ თავს ჩემს პერსონაჟებში! ისტორიისგან მოთხრობილ ცხოვრებისეულ პასაჟებში მოქმედი პირები იქვე ჩარჩნენ სამუდამოდ, ჩემს მონათხრობში კი, ჩემგან შექმნილი ტიპაჟები სახლობენ, ცოცხლობენ და მოქმედებენ... და თუნდაც, ზოგიერთ შემთხვევაში მათი სახელ-გვარები რეალური პიროვნებებისას ემთხვეოდეს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი ცხოვრებიდან არიან გადმოწერილნი! ეს ჩემი სამწერლო ხერხია ერთგვარი, არასოდეს, არც ერთ მონათხრობში რეალურად არსებული ესა თუ ის პერსონაჟი პირდაპირ არ დავხატო, მაგრამ იმდენად გავაბუნებრივო, რომ მკითხველს დაჯერება გაუჭირდეს, ეს ტიპაჟი მწერლის გონებაში შეთხზული როგორ იქნებაო...
ასე რომ არ იყოს, ეს ტექსტები არყოფნის ყოფნად აღდგენა და რეალობასა და წარმოსახვითობას შორის ყოველგვარი ზღვარის წაშლა როგორ იქნებოდა?!.
ეს არის სულ, რისი აღნიშვნაც მინდოდა. იქნებ ამის საჭიროება არც იყო. თუმცა თუ ზოგჯერ თქმას, უეჭველად, უთქმელობა სჯობს, ვგონებ, თქმითაც არაფერი დაშავებულა ამ შემთხვევაში!
ავტორი
ბმული:
*
https://intelekti.ge/book_ge.php?id=879 