არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 სერგო წურწუმია

Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

სერგო წურწუმია Empty
PostSubject: სერგო წურწუმია   სერგო წურწუმია EmptyFri Jul 07, 2017 11:36 am

სერგო წურწუმია Sergo_11
Sergo Tsurtsumia

***
...ჩუმი ბჟუტვა კვართა _
შვინდი... შვინდი... შვინდი...
მწუხრზე _ ზრინი ზართა...
მშვიდი... მშვიდი... მშვიდი...
ღამის ლურჯი კალთა _
ბინდი... ბინდი... ბინდი...
და შორეულ ქალთა:
რამდი-დარო-რიმდი...
დადუმებულ კართა
რინდი... რინდი... რინდი...
ფერხისაი ქართა...
და ვარსკვლავთა სიმდი.


სერგო წურწუმია
პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმენლი

დაიბადა 1962 წლის 16 მაისს ქალაქ წალენჯიხაში. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. სკოლის ასაკიდანვე გატაცებული იყო ლიტერატურითა და მხატვრობით.
1980-1985 წ.წ. სწავლობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში დაიწყო ლექსებისა და საგაზეთო სტატიების ბეჭდვა საუნივერსიტეტო, რაიონულ და ავტონომიური რესპუბლიკის პრესაში.
1985 წლიდან მუშაობდა მაღალმთიანი სოფლის სკოლაში პედაგოგად. 1989 წელს დაიწყო ჟურნალისტური მოღვაწეობა. მუშაობდა სოხუმის რაიონულ გაზეთში კორესპონდენტად, პოლიტიკურ-საზოგადოებრივ გაზეთ „ოქროს საწმისში“, საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის განყოფილების გაზეთ „კოლხურ დიადემაში“ და ჟურნალ „რიწაში“ _ პასუხისმგებელ მდივნად. 1992 წლიდან იყო გაზეთ „ცხუმის“ მთ. რედაქტორი. საომარი მოქმედებების დროს სოხუმში, საფრონტო პირობებში უზრუნველყოფდა გაზეთის სტაბილურ გამოშვებას.
აფხაზეთის კონფლიქტის გამო იძულებით გადაადგილების შემდეგ _ 1993 წლიდან ცხოვრობს ქ. ქუთაისში. მუშაობდა ჟურნალ „ბაგრატის ტაძრის“ პასუხისმგებელ მდივნად, გაზეთ „ჩემი ქუთაისის“ მთ. რედაქტორის მოადგილედ, შემდეგ რედაქტორად.
მუშაობდა ლიტერატურულ-საზოგადოებრივ ჟურნალ „ენიგმას“ მთავარი რედაქტორის მოადგილედ, იმავდროულად იყო მწერალთა ჟურნალ „განთიადის“ სარედაქციო საბჭოს წევრი. ამჟამად არის „განთიადის“ პასუხისმგებელი მდივანი.
1996 წელს ქუთაისში გამოსცა პირველი წიგნი _ ლექსების კრებული „გარეგანი ფრინველი“, რომელსაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ადგილობრივ, ასევე რუსეთის ქართულენოვან პრესაში.
ლექსებს, მოთხრობებს, ესეებსა და მხატვრულ თარგმანებს ბეჭდავს როგორც დედაქალაქის, ასევე სხვადასხვა რეგიონის ლიტერატურულ გამოცემებში. რუსულ ენაზე თარგმნილი მისი მოთხრობა შესულია სახალხო დიპლომატიის ეგიდით გამოსულ სამხრეთ კავკასიის მწერალთა ერთობლივ კრებულში „КЛЮЧИ ОТ СЕРДЕЦ“ (2003 წ.), ასევე ქართველ და აფხაზ მწერალთა ორენოვან კრებულში „ხიდი“ (2007 წ.). მისი ლექსები შეტანილია აფხაზეთის ლიტერატურის და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის ეგიდით გამოცემულ კრებულში „აფხაზეთი ქართულ პოეზიაში“ (2008 წ.), ასევე ქუთაისში გამოსულ სამეგრელოსადმი მიძღვნილ პოეტურ კრებულში „გურს გენია მონტებული“ (2007 წ.), ანთოლოგიაში „მზეკაბანი“ (2010 წ.), 2016 წელს გამოცემულ „მეგრული პოეზიის ანთოლოგიაში“, „პატრიოტული პოეზიის ანთოლოგიაში“, (2016 წ.) ხოლო თარგმანები _ „პოეტური თარგმანის ანთოლოგიაში“(2017 წ.).
მისი შემოქმედების პოეტური და პროზაული ნიმუშები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, უკრაინულ და აზერბაიჯანულ ენებზე.
სერგო წურწუმიას შემოქმედების გაცნობა შესაძლებელია ინტერნეტრესურსების მეშვეობითაც.
აფხაზეთის ახალგაზრდა მწერალთა კრებულში შესული ლექსებისათვის 1993 წელს მიღებული აქვს ჟურნალ „ცისკრისა“ და მწერალთა გაერთიანება „გულანის“ ერთობლივი ლიტერატურული პრემია.

წიგნები:
* ცეცხლოვანი მამლის წელიწადი (რომანი), რედ. თემურ ამყოლაძე, ინტელექტი, 2021
* Ad Libitum (ლექსები), რედ. გიორგი ხასაია, ქუთაისი, შპს "მბმ-პოლიგრაფი", 2011. - 96გვ.. - ISBN 978-9941-429-13-2
* ვიღაც წვიმის ფლეიტაზე უკრავს (ლექსები), ქუთაისი, შპს "მბმ-პოლიგრაფი", 2008. - 96გვ.. - ISBN 97899940929-7-0
* მოთხრობები, წერილები, ქუთაისი, შპს "მბმ-პოლიგრაფი", 2008. - 160გვ.. - ISBN 978-99940-929-8-7
* დამსხვრეული ცის ბინადარი (პროზა), ქუთაისი, შპს "მბმ-პოლიგრაფი", 2006. - 171გვ.. - ISBN 99940-878-7-8
* მზის ოთხი წახნაგი (ლექსები), ქუთაისი, საგამომც. ცენტრი, 2006. - 103გვ.. - ISBN 99940-848-0-1
* გარეგანი ფრინველი (ლექსები), ქუთაისი, 1996

თარგმანი:
* ვლადიმირ წოროკინი - ქარბუქი (რომანი); რუსულიდან თარგმნა სერგო წურწუმიამ; რედაქტორი თამარ ლონდარიძე; გარეკანის დიზაინერი თეონა ჭანიშვილი. თბილისი, ინტელექტი, 2018 (სტამბა დამანი), ISBN 978-9941-476-21-1

ბმული:
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00011304/
* https://burusi.wordpress.com/literature/sergo-tsurtsumia/
* https://www.facebook.com/sergo.tsurtsumia?lst=100002035099487%3A100000372003666%3A1499407186


სერგო წურწუმია საუბრობს ლინ კოფინის ზუგდიდში სტუმრობის შესახებ
•Mar 13, 2017

* https://youtu.be/D_6nUAKSbRU

study


Last edited by Admin on Thu Jun 10, 2021 9:56 am; edited 10 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

სერგო წურწუმია Empty
PostSubject: Re: სერგო წურწუმია   სერგო წურწუმია EmptyFri Jul 07, 2017 11:38 am

სერგო წურწუმია

ფრთებს შეაგებებს კორნაპის სერი

გოჩა სხილაძეს

მწუხარე ფიფქით უფსკრულის უბეს
გაუნელდება დამსკდარი ფსკერი…
და გაშფერდიდან მოდენილ ღრუბელს
ფრთებს შეაგებებს კორნაპის სერი.

თუ ღვთაებრივი ბოდვების წყურვილს
არ დაიჯერებს სასტიკი ლანდი,
დავიტვირთებით მიღმური ურვით
და უცხო ბილიკს გავკვალავთ ცამდის,

სად ცთომილების აშრება გუნდი,
ვით დაქანცული იესოს ცრემლი…
და ატეხილი ცეცხლების მრუდით
ბინდს ამობუგავს გრიგალი მწველი…

და ავენთებით ქარიან ღამით,
როგორც მარადი ქვითინი ზართა,
როს დალეწილი სამყაროს გვამი
დაეზღერთება დაგმანულ კართან.

8 თებერვალი, 2007 წელი



გიორგი კორნაპელს

I

ჯვრის ფრთებით ცაში _
ყანჩასავით გაშლილი ფრთებით…
ახდა სიზმარი _ შენს საფლავზეც დაფრინავს კვირტი!
გამჭკნარ ყანებით კვდები… ცოცხლდები… კვდები…
და გადმოჰყურებ აქეთ დარჩენილთ ქირდვით.

მიედინები დინჯად, ტაატით მიხვალ,
ღრუბლებს _ იესოს ნაფეხურებს _ მსუბუქად თელავ,
ხორცი _ შემოქმედს დაუბრუნე შესაქმის თიხად,
სული _ ნათელში, უფლის ნათელში ელავს…

იქაც დათვრები შუმ პოეზიის ღვინით,
ლექსის წინწკლებად შეეშხეფები ბინდებს.
მოგიხდებოდა მზის მაყრიონში ლხინი,
მერე ბანცალი სადღაც სამყაროს კიდეს…

კორნაპის სერით ცივ ნისლეულებს ზვერავ
(თვით სასწაულსაც ცხადად სურვილი შეიქმს!..):
ჩაგვიქროლებდე მეტეორივით ცერად,
მოგვაშუქებდე შენი ლექსების შლეიფს…

ჯვრის ფრთებით ცაში _
ყანჩასავით გაშლილი ფრთებით…
მიზიდულობის დედამიწას გასცლია ძალა,
გეგებებიან ცად პირმცინარი დები
და თვალზე მომდგარ კურცხალს განძივით მალავ…

II

ზაალ ებანოიძეს

ევოე! _ გიხმობს,
ვინაც გიგულებს სვირით,
ზემოთით უნდა ჩამოგაწვდინოს ხმაი…
უცხოდ წკრიალებს, _ ამბობს _
სვირელის სტვირი,
შენ უდარდელად უკან ასძახებ: _ რაი?..

გეზმანებოდეს ცაში ამწყდარი ქორი,
ირაოს მკვრელი, თან აქოჩრილი ავად…
მკერდს გისველებდეს განთიადების თქორი
და საფლავიდან ამოდიოდე თავად!..

ზვავს ასკდებოდეს სტიქიონების ზვავი,
არ იკარებდეს სული ეშმას და ჯოჯოს…
თითქოს ღვთისმშობლის გედოს კალთაში თავი,
ისიც დედურად, ჩუმად გიჩეჩდეს ქოჩორს.

გალაქტიკების წესრიგს ადვილად შეცვლი,
ელვად გივლიდეს ალით ლანდების კრთომა!..
რა აღმტაცია დიდი ვნებების ცეცხლი,
რა დიდებული _ სიმაღლეებით კვდომა!

რა უნაპირო ზვირთად ღელდება დარდი _
არ გეღირსება მაინც სიკვდილთან ზავი!..
და მოფენილი იით, ზამბახით, ვარდით,
მიემართება ეს გზა, ნეტავი, საით?!.

ევოე! _ გიხმობს,
ვინაც გიგულებს სვირით,
ზემოთით უნდა ჩამოგაწვდინოს ხმაი…
უცხოდ წკრიალებს, _ ამბობს _
სვირელის სტვირი,
შენ დაეჭვებით უკან ასძახებ: _ რაი?..

4-10 აპრილი, 2007 წელი



როცა გრიგალებს ცა მიაქვთ მკვდარი

გივი ტყეშელაშვილს

როცა გრიგალებს ცა მიაქვთ მკვდარი
და თვალებს დაღლის ღამის გათევა,
მოგელანდება გოლგოთას ჯვარი _
მარადი წყევლა და ანათემა…

რა სათნო ჩანდა სიკვდილთან ზავი _
უდროობაში გადგმული ბუდე!..
სად მიაქვთ ცივი ცრემლების შვავი
ცაში აბარდნილ გედების გუნდებს?!.

გადაინისლებს ზვრებს სული ზანტად,
ასცდება ცერად ღრუბლების ქვესკნელს
და მოგიკენჭავს სიტყვების სმალტა
ლექსების ობლად დარჩენილ ფრესკებს,

რომ არ ელოდო აღსასრულს შიშით
თიხა ცრიატით დასალტობელი…
რომ მიხვდე უცებ: ხელახლა იშვი
და ეს სიტყვაა შენი მშობელი.

ოჰ, როგორ გინდა, ძალუმად ქროდეს
და სტრიქონებში აახმიანო:
ამ გრიგალების ფრთათეთრი ფორტე
და შენი სულის ლურჯი პიანო!

4 აპრილი, 2007 წელი



გარდასახვა

გიორგის

…ცა სანთლის ღვენთად ედინებოდეს ფასისს,
ცარცის ცრიატი გადამცვრეოდეს სივრცეს,
დამძიმებოდეს ფრთა პონტოს ნისლის ფლასით _
რძია-რძიებით ძმისწულს გლოვობდეს ცირცე.

უბრუნდებოდეს თითქოს ყოველი საწყისს:
ქარცი ქედების კედლებს ქარცივი ფშვნიდეს,
ტოტით ყვავების ყრანტალს არხევდეს ცაცხვი,
იღველფებოდეს თითბრის ბორჯღალი მშვიდად…

ქარებს მიჰქონდეთ… მხარზე გაედოთ ქარი,
ვით ტალღებს ტალღა ან ბინდებს მიაქვთ ბინდი…
ღია სამარეს ჰგავდეს სასახლის კარი,
მწუხრის წიაღში რითაც ოდესმე ვლიდი.

თუ ამ უკუნთან ისევ ვარჩიე ზავი,
განა იმიტომ, რომ შენ მაკავებ ჯერაც!..
ლუშ სივრცეების ვნახო სიზმარი შავი,
შორით მესმოდეს ვიოლონჩელის ჟღერა,

თეთრი ქედნები მომქვითინებდნენ მწარედ,
ვით შქვითინების ურა მითების რემა,
გაქრეს ყოველი… სივრცის და დროის გარეთ
დადგეს დიადი გონის უგონო თვლემა…

მღვრიე ნისლებში სხივად გამსხლტარი მცანი,
შენ, ხატო ჩემო, ხორცო ჩემო და სისხლო!..
მარადისობის იყოს მომცველი წამი,
წითლად მღუარი დარჩეს ზამბახის დისკო…

15 აპრილი, 2007 წელი

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

სერგო წურწუმია Empty
PostSubject: Re: სერგო წურწუმია   სერგო წურწუმია EmptyFri Jul 07, 2017 11:40 am

ყარა გურგან ბუხარელი (ხორეზმი, XI ს.)

***

ეჰ, ნიშაბურო, ხალხმრავალო და... უდაბურო,
რა დაგაკლდება, ჭერი მომცე და დამაპურო?!.
დრო დადგეს, იქნებ იამაყო, მე რომ გსტუმრობდი,
თუცა რას ვაქნევ, ფადიშაჰის თაჯიც დამბურო!..


***
ვზი და გავცქერი სამარყანდის მდუმარ მინარეთს,
შენივთებული მთელი არსით დროის მდინარეს —
მე აქ ვიჯდები მირიადი წლების გადაღმაც,
როგორც ვიჯექი მირიადი წლების წინარე.

***
კატაც ვეფხვია, რომ იცოდე, ჩემო მეუფევ...
დარჩები კატად, ძველთა სიბრძნეს თუ არ ეუფლე!..
ვეფხვად გაჩენილს, ვერ გიმეტებ კატის ხვედრისთვის,
მიტომაც ოდენ მართალს გკადრებ, გინდ დამეუბრე!..

***
აქლემს რად უნდა ან ნაზუქი ან თაფლაკვერი,
მიეცი აქლემს საქსაული — ძლივ გასატკვერი,
ივლის და ივლის... გადაივლის უდაბნოს ქვიშებს,
სანამ შთანთქავდეს დრო, ყოველთა არსთა შთანმთქმელი.

***
იღბლიანი ვარ, ღვთის რჩეული, აბა, მა რა ვარ?
თიფლის ქალაქით ჩამოღწეულს შევხვდი ქარავანს,
მექარავნეთა ღვინო მასვეს, ჩუმად დამათვრეს,
ახლა ვჭოჭმანობ: ვარ მუსლიმი თუ აღარა ვარ...

***
მოეძებნება ფოტრო ხეში მყუდრო ნიშა ბუს,
სამარყანდს იყოს, კოკანდს იყოს, იყოს ნიშაბურს...
ბუ მაინც ბუა, არა მჯერა, გახდეს არწივი,
ჰმონებს რჯულს, როგორც უდაბნოში ჰმონებს ქვიშა ბურს.
***
სატრფოს დაეძებს ქვეყნად ყველა, ვინც კი გაჩნდება,
ბუნებას, ზეცას თუ ამ მიწას ვინც დააჩნდება...
დაეჯუფთება, რომ მონახავს სანდო გულისსწორს,
აჩენს მომავალს, გამჩენს თვისას ვალში არ რჩება.

***
ზღაპარიაო, ჩმახიაო, ესე ცხოვრება,
სიმდიდრის ხვეჭას გერჩიოსო გამათხოვრება,
ციური მადლი შეიმოსე ფარჩა-ატლასად,
და მით გაბრძნობილს, საუკუნოდ გელის ცხოვნება.

***
მძიმე დღე ადგას, ვისაც ხელში თოხი უპყრია,
მუშაკობს მიწყივ, დილაა თუ ღამის მწუხრია.
შაჰის ხმალივით სისხლს როდი ღვრის, პირგაბასრული,
მის თოხს ბუხარა და კოკანდი არ დაუპყრია.

***
მომყმარის მუცელს რა შეხვდება მაძღრის ტაბლიდან,
ნუგბარის სუნი მოაშიებს უფრო, დაბნიდავს...
მომყმარს იმქვეყნად ერგებაო ზეცის მანანა,
ცოდვა მოაშთობს, ვითომ, მაძღარს ძუის საბლითა?!.

***
ერთმა მოლექსემ ასე ბრძანა: ვარ უსახური,
ოჯახის მონა _ ცოლ-წვრილშვილის, დია, მსახური...
ამან რა უნდა დაგვიწეროს, აბა, მითხარით,
მეწველი ძროხის, ვის გინახავთ, ყანა დახნული?!.


თარგმნა სერგო წურწუმიამ

study


Last edited by Admin on Fri Jul 07, 2017 11:44 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

სერგო წურწუმია Empty
PostSubject: Re: სერგო წურწუმია   სერგო წურწუმია EmptyFri Jul 07, 2017 11:44 am

სერგო წურწუმია

***
ღამისკენ მიდის საღამო ლურჯი,
ვით კაცობისკენ ბავშვობის ბოლო.
გადამხმარია დეკა და ქუჩი,
ამოძირკვული მარწყვი და ჟოლო...
გზააბნეული ბოშაა ქარი
და ქარში ბლები წვეროებს ხრიან,
ავსებულია ცისკიდე ქარვით
და ალაგ-ალაგ მარჯანი ყრია.
მიადგა მთვარე ღრუბლების პონტონს,
მხრებით რომ ზიდავს ღამეთა ვარამს
და ჩემში ღელავს ბებერი პონტო,
რომელიც კოლხთა დიდებას მალავს...
ჩამოღვრის მნათი სხივების სპილენძს,
რომ დედამიწას მოჰფინოს ფარჩა,
შენა ხარ, ვისაც მე გული მივეც
და ცარიელი საგულე დამრჩა.
შენა ხარ ჩემი მზიანი ღამე,
შენა ხარ ცისკრის ვარსკვლავის კრთომა,
გახსენ ბაგენი: მითხარი რამე!
მითხარ, რომ ჩემი ჯერაც გწვავს ნდომა!
_ არ ღირდა... ღირდა? _ ყოველდღე ვარკვევ
და ბოლოს მაინც ვერაფერს ვხვდები,
გადავკრავ ტკივილს, ვითარცა საკეს
და ისევ შენი ამბორით ვთვრები.
შენ ჩემს მკლავებში დაიწყებ სხმარტალს,
ვით მოხელილი კალმახი ბადით,
აგივსებს თვალებს ცთომილთა სმალტა
და მოფარფატე ფანტელი გბარდნის.
უსიტყვო ცრემლით ქვითინებს ღამე,
გადანამულა ზამბახთა ველი
და ჩემი სიზმრის უხორცო ლამებს
აუღერიათ ზეცისკენ ყელი.
ნათელი ქრება ბინდების ქაფში,
ხუნდება ჭრელი ფერების გამა,
რა საწყალობელ არსებად გავჩნდი,
მაგრამ რამხელა ნათელი დამაქვს!..
არ ვიცი: მართლა მარადი მელის
თუ მწუხარება დაათოვს არეს...
და მწარედ, როგორც ტრამალის მგელი,
შევყმუი კენტად, შემცივნულ მთვარეს...

study


Last edited by Admin on Sat Mar 07, 2020 4:13 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

სერგო წურწუმია Empty
PostSubject: Re: სერგო წურწუმია   სერგო წურწუმია EmptyFri Jul 07, 2017 11:47 am

სერგო წურწუმია

***
უკვდავებაში თუ რაიმე სიკეთე ყრია,
მიდი და ჰკითხე ლიუციფერს, ვინც უკვდავია!
ბედით ცთომილებს თვალებივით ბუდიდან თხრიან
და ენის წვერით შემთვრალ კოსმოსს მზე უკავია.

ქარები შენში აღიძვრებიან
და ეხლებიან სამყაროს კიდეს...
იქ ვარსკვლავების მწიფე ზვრებია,
იქ სიზმრის რემას ღამეების უღრანი იტევს...

ჩემი სიმშვიდის გადნება თოვლი
და გამოჩნდება ტკივილის რილო...
შენ ხარ ქრონოსის თვალმარჩხი ცოლი
და მუცლადღებულ ნაყოფების გაჩენას ცდილობ...

შენ როშაპი ხარ, გრძნეული ხარ, შენა ხარ დავარ...
სამყაროს ცივად აძაგძაგებს შენი გოდებით...
მე კი ცისკრების ხერთვისში ვდგავარ
აკარწახებულ ღრუბლის ტოტებით...

ვიავთანდილე _ ვიყარიბე ათასი წელი _
ჩემივე სულის უღრანებში ვიხეტიალე...
და იმ უცაბედ ნუგეშებს ვწყევლი,
უნუგეშოთა ბნელ ცაში რომ მეხად იალეს.

რა გულდანდობით მელულება სულში ზამთარი,
ოკეანეთა წიაღების ლილაჩაცრილი...
მძიმედ მომწვდება უსაბამო ქცევა ჟამთანი,
როგორც სიკვდილის ცივი სუნთქვა, ასგზის განცდილი.

გამახსენდება სამყაროში როგორ მოვსულვარ,
როგორ დამიდევს ამ უცნაურ სიზმარში წილი:
რომ მზე ყოფილა ჩემზე ორსულად
და არ ჰქონია მთვარეს ჯავრით ცხრავე თვეს ძილი...

გადამლეკავი ცეცხლებით ყოვლის
სანამდე ჩემში დაღდასმული წარსული წვალობს,
გაუკვალავი ცის ლურჯი თოვლით
დამეჩუმქრება გალეწილი დღეების კალო...

ბინდთა ზვირთები მოვლენ ზღაპრებად,
სივრცის სიბრტყეზე ლეკებივით მოცერულები...
ჩემი სიმშვიდის აბრეშუმზე დაიდღაბნება
სევდის ფუნჯებით ტკივილების ბროწეულები...

თუ გამიტყუებს ცა ვარსკვლავთა ჩამომხუნძლავი,
ტინს მიმანამქროს მარადისმა ფიფქად ისევე...
და მაოგნებდეს აქამომდე ასე უძრავი
ღმერთის თვალების ჩუმი სისველე...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

სერგო წურწუმია Empty
PostSubject: Re: სერგო წურწუმია   სერგო წურწუმია EmptyFri Jul 07, 2017 11:50 am

სერგო წურწუმია

სოფლის სასაფლაოს მკვიდრებს ვიგონებ

სულში ტკივილის კუნჭულს
სხივი ალოკავს რბილად:
აქეთ მარხია გუჯუ,
იქით _ დომე და ილა.

ქარში სანთლებად ჩამქრალთ
ბინდი ჰფენიათ თოთო...
აქეთ მარხია ჩაქა,
იქით _ ცარა და ფოთო.

მათი ატყვია ჯერ გულს
ხსოვნა კაცური, ცხადად:
აქეთ მარხია ძერგუ,
იქით _ ქუთუ და ხათა.

რა სინანული ძაბავთ,
ღრუბლებს ადენილთ ჟრუნად:
აქეთ მარხია ძაბა,
იქით _ ჩათუ და ჟუნა...

შავი სიკვდილის დოსტად
შერიგებულნი სვე-ბედს:
აქეთ მარხია კოსტა,
იქით _ პილა და ჯვებე.

ნათლად ვიგონებ ყველას,
ვინც განისვენებს მშვიდად...
უფლის ნათელის ელვას _
ბინდს შერეულებს ბინდად...

დრო გაქცევიათ წამად
მღვრელებს სისხლის და ოფლის,
წყებად რომელნიც წვანან
სასაფლაოზე სოფლის...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

სერგო წურწუმია Empty
PostSubject: Re: სერგო წურწუმია   სერგო წურწუმია EmptyFri Jul 07, 2017 11:51 am

სერგო წურწუმია

***

ლეგა ღრუბლების აბრისს
მიწა აზმანებს ლანდებს,
ზღაპრის მცველი ვარ... ზღაპრის
რა სამანები მანდეს!..

მივალ საყდრების გლახა,
მივაროჭიკებ სოფლებს,
ციცქნა მტვერი მაქვს სახლად,
რომ ვერ პოულობს სწორფერს.

და ამ მტვრის მარცვალს ესხმის
ცეცხლთა წვიმების თქორი...
რა საცნაურად მესმის
ბრმა წყვდიადების ქორო!..

სიმწრით დავიმტვრევ თითებს,
ცარგვალს გავქარჩხავ მზერით,
მითებს დავტირი, მითებს,
თავად მითების მთხზველი...

დის მდინარეთა დარად,
მთიდან მოხეთქილ ღვარით _
ჩემი სიცოცხლე ქარად,
ქარში, ქართან და ქარით...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

სერგო წურწუმია Empty
PostSubject: Re: სერგო წურწუმია   სერგო წურწუმია EmptyFri Jul 07, 2017 11:53 am

სერგო წურწუმია

***

...და ნემსის ყუნწში გაუტეველი,
მაგრამ ამ ცდაში ფრთამოტეხილი...
მარადიული ღამისმთეველი,
ხან _ ინტეგრალი... ხან კი _ ტეხილი.

ხან _ ცეცხლის ალი... ხანაც _ გლეტჩერი,
ხან _ უკუნეთში შუქთა მთოველი...
ხან _ ვიზიონთა ზვირთებს შერჩენილს,
კრთომით გიქრება ლანდი ყოველი.

ხან მწარე გლოვა _ ჟამის ტროფეი,
დაღვენთილ მზეებს რომ ეფინება,
ხანაც _ ტიხარი ცის გამყოფელი,
ხან _ არყოფნათა მღვრიე დინება...

ხან _ ორაკული და ხან _ მენცარი,
ხან _ გულთმისანი და მაზაკვალი...
ხან _ ასე მძაფრი და უეცარი!..
ხან კი _ უძირო, როგორც ცარგვალი!..

ხან _ საკუთარი სიფხიზლით მთვრალი,
ხან _ უცნაური თრობით ფხიზელი...
ხანაც _ სიკვდილის მწიფე მარცვალი,
რითაც სამყაროს ფეთქვა იგზენი.

ხან _ სიყვარულის ელდად მბორგავი,
ხან _ მძვინვარე თუ შიშით პყრობილი...
ხან _ გრიგალივით დაუბორკავი,
ხან _ ბომონივით ქვე დამხობილი...

...და მაინც ქვეყნად დაუტეველი,
სვიანი ამით თუ... უბედური...
მარადისობის სიტყვით მხმეველი
ანდა დუმილის გლოვას შერთული...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

სერგო წურწუმია Empty
PostSubject: Re: სერგო წურწუმია   სერგო წურწუმია EmptyFri Jul 14, 2017 9:44 am

სერგო წურწუმია

საღამო

ნელა ილევა დღე,
ბინდი დასუდრავს კვრინჩხს...
შეუშინდება ტყე
ჭინკას გატეხილ ფიჩხს.

წვრილად მოქარგავს ჩითს
ჭვირვალ ვარსკვლავთა ნა...
მთვარე ამოჰკრავს ჭვინტს
ტბასთან მითვლემილ ნავს.

ჩიტი გასძახებს ჩიტს:
ჭრიტ!..
ჭრიტ!..


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

სერგო წურწუმია Empty
PostSubject: Re: სერგო წურწუმია   სერგო წურწუმია EmptyFri Jul 14, 2017 9:46 am

სერგო წურწუმია Yayach10

სერგო წურწუმია

წვიმის მკვიდრები

ჩვენ ყველა წვიმის კაცები ვართ, წვიმის ქალები,
წვიმის მოხუცები და წვიმის ბავშვები,
სამი დღე და ღამეა წვიმად მოვდივართ,
წვიმის ღელეებად ვდიდდებით,
წვიმის ნიაღვრებად მოვგელავთ,
წვიმის ღვარცოფებად მოვსკდებით,
წვიმის წვიმებად ვიღვრებით,
წვიმად ვცოცხლობთ და ვკვდებით წვიმებად.
წვიმის სიზმრებად, კოშმარებად ჩვენ ვესიზმრებით
ჩვენივე წვიმის გონებებს და ვჭვრეტთ წვიმის თვალით
როგორ ნათდება წვიმის ზეცა წვიმის ელჭექით,
როგორ იშლება წვიმის კლდე და წვიმის ფერდობი,
როგორ მოღელავს წვიმის ქვებზე წვიმის მდინარე,
წვიმის ხეებს და წვიმის ლოდებს მოახრიგინებს,
თან მოაქვს წვიმის შავბნელი ღამე,
წვიმის ცეცხლი და წვიმის გრიგალი,
თავს გადაუვლის წვიმის სახლებს, წვიმის გვირაბებს,
წვიმის გზატკეცილს, წვიმის პარკებს, წვიმის მოედნებს.
ჩვენ დაგვივიწყებს წვიმის ღმერთი და წვიმის ლოცვა
აღარ გვიშველის, რადგან წვიმის ღმერთს და ჩვენ შორის
ხმაგაუმტარი დაშვებულა წვიმის ზეწარი.
წვიმით გვევსება წვიმის პირი, წვიმის ყურები,
წვიმით წყალდება ჩვენი სისხლი,
წვიმით თხელდება ჩვენი სული,
გაზავებული წვიმის ცაში სანამ აღხდება.
გვეპოტინება გამოწვდილი წვიმის ხელებით
წვიმის სიცოცხლე და არ გვიშვებს წვიმის სიკვდილში,
თუმც ჩვენი წვიმის სველ სხეულებს
ვერვინ დაიხსნის,
დავტოვეთ წვიმის მიწა უკვე კარგა ხანია,
ჩვენა ვართ წვიმის ზეცის მკვიდრები.


ესხერები

სიკვდილო, სიცოცხლე მასესხე,
სიცოცხლე მასესხე, უსიკვდილოდ...
ჩემგანაც სანაცვლოს ელოდე:
სიზმარს დაგიდგამ სპექტაკლივით,
სპექტაკლს სიცოცხლესავით ნასიზმრებს
და არც შენ დაგტოვებ გულნაკლულს...
სუფრას გაგიწყობ სასაკურთხოს,
ღომს დაგიდგამ ტაბლაზე, ოხშივარადენილს,
შიგ ყველის ნაჭრებით ისე ბლომად, შენ რომ გიყვარს,
კუპატებს დაგირთავ, დალოცვილო,
თიკანს დაგირთავ, დალოცვილო,
ჭადებს დაგიცხობ, დალოცვილო,
პურებს დაგიცხობ, დალოცვილო,
ხაჭაპურს იმნაირს,
თითები ჩაგყვეს და დაიკვნიტო...
გკითხავ და დაგიწვევ ვინც გინდოდეს,
დაგიწვევ, მოგისხამ მკვდრებს ცოცხლებად,
მოდი, შენს დედა-სიკვდილს დავუძახოთ,
მოდი, შენს მამა-სიკვდილს დავუძახოთ,
მოდი, შენს და-ძმა სიკვდილებს დავუძახოთ,
ბარემ შენს საცოლე-სიკვდილს დავუძახებ,
ბარემ შენს მეგობარ-სიკვდილებს დავუძახებ,
ბარემ დაბადების დღეს გადაგიხდი,
მოგაგებ, მოგაუნჯებ, მოგანიჭებ
ყველა დაბადებისას, რაც არ გადაგიხდია,
ყველა სიყვარულისას, რაც არ გღირსებია,
ყველა მოფერებისას, რაც არ გრგებია,
ყველა სიხარულისას, რაც არ გქონია.
ტკივილი დაივიწყე ამ წუთებში,
ტანჯვა დაივიწყე ამ წუთებში,
წუხილი დაივიწყე ამ წუთებში,
გისტუმრებ, გაბატონებ, გიმასპინძლებ,
მე ხომ შენი ქვეყნის მოსახლე ვარ,
მე შენი სოფლის ვარ მეკომური,
მოვაწყობ იქაურობას და გადმოვბარგდები,
წყალს შევიყვან და გადმოვბარგდები,
დენს გავიყვან და გადმოვბარგდები,
ბჭისკარს დავკიდებ და გადმოვბარგდები,
ამიტომ ჯერ კიდევ აქეთ ვრჩები,
აქეთ, უმზეოს და უსინათლოს
და სანამ შენს სამზეოს გადმოვსულვარ,
და იქნებ გადმოსვლამდეც გამახარო,
მესტუმრო, გამილაღო ჭერ-კედლები,
მესტუმრო, გამიჩაღო სასანთლენი,
მესტუმრო, გამიკვირვო მეზობლები,
ეს რა სტუმარი ესტუმრაო,
ეს რა ღვთის წყალობა ეღირსაო...
ოღონდ... ესხერებით დამაწყნარე,
ოღონდ ერთი დღე რას მეყოფა,
ოღონდ ორი დღე რას მეყოფა,
ოღონდ სამი დღე რას მეყოფა,
მთელი უკვდავება მასესხე!


ხსოვნაში ჩარჩენილი მისამართები

მე სამოთხეში არ მიცხოვრია
და მაშ სამოთხეს ვით დავკარგავდი?
სადაც ვცხოვრობდი ყველგან იყო
ჯოჯოხეთის მცირე ნაწილი
ჯოჯოხეთი სამოთხისდარ დეკორაციით
არც ის ქალაქი არ ყოფილა
ჩემთვის სამოთხე
რა დამკარგვია აქ მე-მეთქი
ვეკითხებოდი საკუთარ თავს
ისე როგორც ენცენსბერგერი
მართლაც რა უნდა დამეკარგა ჯოჯოხეთის
იმ კარიბჭეში სამოთხის დარად მოხატული
რომ ჰქონდა ბჭენი
არც არაფერი როცა ამას თავს ვუმტკიცებდი
მაშინ თურმე სამუდამოდ ვიმახსოვრებდი
ამ ქუჩების ამ ხეების ამ ცის ამ წვიმის
ამ ზღვის ამ გემების ამ ქვიშის სურნელს
შენ თუ იცი რისი სუნი ასდიოდა
ცისფერი სახლის სარდაფს
კიროვისა და ორჯონიკიძის ქუჩის კუთხეში?
ან როგორი ჭიშკარი ჰქონდა
სახლს ლენინის ქუჩისა და კიროვის კვეთაზე?
ან რა მწარე ეკლებს ისხამდა
პლაჟის კუთხიდან მეოთხე ბუჩქი?
რა სიმყრალეს აბოყინებდა
ზღვასთან შერთული შავღელუკა სამოსგახდილი?
საით უხვევდა სანაპიროს ბულვარის ბზარი
რომელ ქუჩაზე გადიოდა გალავნის კიდე?
ან გაგუას ყავას რა სურნელი განასხვავებდა აკოფას ყავისგან?
საიდან ამოდიოდა თეთრფუმფულა ღრუბლის
პირველი საავდრო ფთილა?
რამდენი კუზი ჰქონდა თამარ მეფის გზატკეცილს
უკანასკნელ კუზამდე _ ანუ თამარის ხიდამდე გაზლაზნულს?
ყველა მისამართს დაეკარგა ჭეშმარიტი დანიშნულება
ახლა მათით მხოლოდ მოგონებებს თუ მიადგები
გარდასულ ჟამებს გამქრალ სურნელს გამოვლილ დღეებს
გადავიწყებულ ქალის ალერსს სახლების სითბოს
შემოდგომების წვიმებსა და ზამთრების თოვლებს
ზაფხულთა ხვატებს გაზაფხულთა ნოტიო ნისლებს
კომბოსტოს ფოთლის ფერადნაფერ ზღვაში განბანილ
მზეებს ქალწულის ტორსივით რომ უელავთ ტანი
რა აკივლებდათ იმ თოლიებს იმგვარი სევდით
რომ შესჩიოდნენ ზეცის წიაღს უგუარ ტკივილს
რა გზავნილები წაუღიათ ჩვენგან სივრცეში
რა ანაღვლებდათ იმ უნაღვლო არსად შობილებს?
იქნებ ტიროდნენ უდაბნოებს ზღვათა ნაპირზე
იქნებ გლოვობდნენ მკვდარ ქალაქებს სამოთხეებში
იქნებ დამთრგუნველ წინათგრძნობას უხმობდათ გული
იქნებ სიკვდილის დაკარგული ლანდი იპოვეს
იქნებ იპოვეს იმ სამოთხის უცხო წალკოტში
იქნებ ულანდოდ დარჩენილი სიკვდილის გლოვას
მოჰკრეს ყური და იმ გოდებას იმეორებდნენ
იქნებ გამქრალი ენის ბგერებს ახმიანებდნენ
იქნებ პაპათა დავიწყებულ ენაზე გვხმობდნენ
იქნებ ენაზე სინათლეს და სიბრძნეს რომ სძენდა
ჩვენს დიდ წინაპრებს ოდითჟამიდან
საით წავიდნენ თოლიები საით წავიდნენ
მათ ხომ არც ერთი მისამართი არ ხსომებიათ
მათ ხომ არც ერთი ბუხრისპირი არ მითბობიათ
მათ ხომ არც ერთი მყუდრო ჭერი არ ღირსებიათ
მათ ახსოვთ მხოლოდ იმ დღეების ნათელი ტანგო
მათ ახსოვთ მხოლოდ იმ დილების რძისფერი სამბა
მათ ახსოვთ მხოლოდ იმ ღამეთა გაშლილი ქოლგა
მათ ახსოვთ მხოლოდ ცაში მობოინე ლითონის ჩიტი
მათ ახსოვთ მხოლოდ ნისლოვანში ამოჩრილი გემთა ანძები
რომლებზეც ისხდნენ შავეთისკენ გზად მიმავალნი
როცა დაქანცულთ ნიჩბებივით ფრთები დასთრევდათ
მე სამოთხეში არ მიცხოვრია
და არც თოლია არ ყოფილა სამოთხის ჩიტი
მე სამოთხეში არ მიცხოვრია
და რაც არ მქონდა აბა იმას ვით დავკარგავდი
არა უბრალოდ მე ვიცხოვრე სამოთხის მკვიდრის
თეთრად დაწინწკლულ ზურმუხტოვან-ცისფერ სიზმარში
მე ისინი დავკარგე მხოლოდ
ნარინჯისფერი წვიმის ასხმულა
მზის ცეცხლმოსხმული პალმების წყება
მთვარეები ჩემი თვალებით რომ უმზერდნენ სივრცეს
მლაშედ ჩამოჟონილი მარადისობის წვეთები
ჩვენი წარსულის მკერდზე მოშრიალე ძველი ბაღები
თოვლის საფლავში ჩაფენილი მშვიდად ფოთლები
ნოემბრის წვიმებს მოყოლილი პეპლების ფლეგმა
გველის კვერცხებივით ნაფორეჯები ვარსკვლავები
ქვები _ გამჭკნარი დედამიწის ცრუ მეჭეჭები
მუჭით შეფშვნილი ზეცის თავანს მრეში ქედნები
ვაზის ლერწებზე ამოკვირტული ციცინათელები
მზის ყვავილთა სურნელით გაბრუებული დილები
და მაინც გაფრინდით თოლიებო სამოთხისაკენ
თუ ძველი მისამართები
ჯერ კიდევ ჩაგრჩენიათ ხსოვნაში
თუ ძველი გზები
ჰაერის ქარვაში გამოხვეწილები
ჯერ კიდევ არ ამოუვსია არადქცევის თიხას
თუ ძველი სურნელები ჯერ კიდევ
გაბრუებენ ჩვენგან დავიწყებული არომატებით
გაფრინდით თუმცა არა ხართ სამოთხის ჩიტები
გაფრინდით თუმცა იქ არავინ გელოდებათ
გაფრინდით თუმცა არც ჩვენ ველით თქვენს დაბრუნებას
თქვენ ხომ არც საფოსტო მტრედები ხართ
და არც წმინდა სულის გადმომფენელი
წითელფეხება ფრთოსნები
რომ უფლის მადლი გადმოავლინოთ ჩვენ ზედა
გაფრინდით რათა იქაურობას უჩვენობის
ჰიმნები უმღეროთ
გაფრინდით რათა ჩვენი სიზმრები დააფრქვიოთ
უსიზმრობით გატანჯულ ძილებს
გაფრინდით რათა ჩვენი სულები ჩაუყვანოთ
უსულობით გატანჯულ ზეცას
გაფრინდით რათა ჩვენი სხეულები ჩაუტანოთ
უხორცობით გატანჯულ მიწას
გაფრინდით თოლიებო
გაფრინდით!



study


Last edited by Admin on Sun Apr 07, 2019 12:09 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

სერგო წურწუმია Empty
PostSubject: Re: სერგო წურწუმია   სერგო წურწუმია EmptyFri Jul 14, 2017 9:48 am

სერგო წურწუმია Baleri10

სერგო წურწუმია

მოდი მოყევი შენი სიზმარი

მოდი მოყევი შენი სიზმარი
მე ვარ წყალი და გამატანე მივალ საითაც
მომიყევი სიზმრის სიბლანტემ
როგორ შეგაკრთო
გაგიქცია საგულედან მფრთხალი ზაზუნა
იმ სიბლანტიდან _ წებოვანი სიბნელის ზღვიდან
როგორ გამოჭრა განაკაფი ბრტყელშუბლა ფარგამ
როგორ დააღო სადესანტო გემივით პირი
და გველკუების ასეული გადმოანთხია
მომიყევი წყლის უდაბნოს როგორ ლახავდი
იმ პაწაწინა მღრღნელის ძებნაში
რომლის ნაკვალევს მადიდა ლუპით
თუ დალანდავდი
იმდენად მქრქალად ეტყობოდა ტალღის ზედაპირს
მომიყევი როგორ აწყობდი
ძველი პირატის გაფხავულ სკივრში
გარდასულ დღეთა მქრქალ ნეგატივებს
როგორ ალღობდი ცრემლის კირქვით
სიზმრის დამზრალ ფსკერს
როცა ნეგატივს ნეგატივზე ალაგებდი
მოხილვის შემდეგ
მომიყევი როგორ დასდევდი
მთას და მთას შორის აკიდებულს
ცის ქსელზე ექოს
რომელიც ერთხელ დედამიწას აღმოხდა ბგერად
და მერე ყველა ჩვენთაგანის ყურში გავლილი
მზის დედას მისწვდა მკვდარ ელეგიად
მოდი მოყევი შენი სიზმარი
როგორ მოგდევდნენ კურულიდან გაქცეული
შავი ხარები
როგორ გთელავდნენ და გფატრავდნენ
ბასრი რქებით ბეწვაჯაგრული ნაფლეთები
მრუმე ღამისა
მძიმედ გთქერავდნენ ჩლიქებით და შენც ტოვებდი
იმ კლდის ქიმებზე ამოფურჩქნულს
სისხლის მტევნად მღუარ ნაკვალევს
როგორ მოთესე შენი ძვლებით
ბინდის მინდორი
როგორ ააგე შენი ცრემლის ცივი ქვებით
ამაოების ოკეანეში მოტივტივე კიდობანი
მოდი მოყევი შენი სიზმარი
როგორ გეწვოდა ცეცხლის ჩქერში
ნისლის მანდილი
რომელიც თოვლის ველში ერთ დროს ელავდა
ქრებოდა და ისევ ელავდა
იმ კაცის ცხადთაშორისებში
რომელმაც საკუთარ სამშობლოში მოვლო
ლურჯად ნახავერდები უდაბნო
და მერე ენდო ფრთებს
რომლებიც არ ამოსვლია
მოდი მოყევი შენი სიზმარი
როგორ დაწდი ლექსის წყლისაგან
დედათა წესის ნაქცევივით
მთვარის ნაწრეტად რომ დაგდინდა
ვინ იცის იქნებ ყველა მსხვერპლზე წმინდა სისხლივით
ცოდვილი გარსის განწმენდას რომ ემსახურება
სხვა რომელია ამის მოქმედი
სხვა რომელია ამის მტვირთველი
სხვას რომელს ძალუძს
საკრალური აქტის ჩადენა
ასე მარტივად
ასე მშვიდად
ასე ციკლურად.
მოდი მოყევი შენი სიზმარი
მე მას წავიღებ ამ ტალღების ცხელ ღადარში
მკვიდრად შეფუთულთ
და იქ მივიტან
სადაც მისგან სინამდვილეს აცხობენ ჩვენსას.


მშვიდად, იარაღო!

საწოლი _ ბირთვული ზმანებების რეაქტორი,
სიზმრის სოკოების ამყვავებელი,
მიმიძღვის უცნაური ნათლით ნაფენი
თოვლივით ქათქათა ველებისკენ,
სადაც გაქვავებული სიცოცხლის ხეყოფილად
ყინვით აციმციმებული ერთადერი ქოლგა დგას,
რომლის კვარცხლბეკისკენაც ფერშეუმღვრეველ
მიტკლის ზედაპირს
მეწამული ვარდის ფურცლებად დაწინწკლული
ხასხასა სისხლის ნაფეხურები მიემართება.
ჰაერი, როგორც ჭაობის წყალი,
მღვრიე და მლაშე შემოდის ჩემში,
რომ ფილტვებს ჰქონდეს საწვავი ბლომად
და არ შევწყვიტო უდროოდ ფრენა
იმ ორბიტაზე, ერთხელ შემთხვევით რომ მომესახა
და დამავიწყდა უკვე ისიც, თუ რამდენი საუკუნეა
რაც დავტრიალებ...

(მშვიდად, იარაღო!..)

ცივილიზაცია მხოლოდ ქართულად იწყება სიტყვით „ცივი“
(შეიძლება „წივილიც“ გაგვეელვოს ან „ცელის წივილი“)
და იქნებ ამიტომაც გვაციებს ტანში
როცა ცივილიზაციას _
სამყაროს უმაღლეს მიღწევებს _ ვეზიარებით...
ჩვენთვის უმჯობესი ალბათ ის იქნებოდა,
ცისფერ სივრცეში მოსრიალე შავი ფრინველების
თეთრი მუცლებისათვის გვემზირა
და არა ვერცხლისფერი მონსტრების
თუნუქის სტომაქებისთვის,
საიდანაც ყოველწუთიერად შეიძლება გამოფრინდნენ
ცეცხლოვანი ლითონის ჭუპრები,
რომლებიც ხმელეთთან შეხებისთანავე
ათასფრთიან პეპლებად გაინთხევიან,
იქნებ ხეების გაბარჯღული ვარჯებისათვის გვეჭვრიტა
და არა ლითონის აჩონჩხილი კონსტრუქციებისთვის,
ქალაქთა სიმბოლოებად ქცევის ამბიცია რომ აღბეჭდვიათ
ცივი შუბლების გლუვ ზედაპირზე
ან რკინაბეტონისა და შუშის ურჩხულებისთვის,
რომელთა ნაწლავებში ათასობით ადამიანი
მატლივით დაღოღავს ყოველდღიური სარჩოს მოსაპოვებლად
განსაცვიფრებელი და მონური გულმოდგინებით.
ჩემი მეომარი, ხელშუბიანი, ყამა-სატევრიანი
წინაპრები სიცილით დაიხოცებოდნენ,
რომ გაეგოთ, მათი უშორეულესი ბადიში
აჭიმებსა და ვიწრო კოსტიუმში ჩაკვეხებული,
ფერად-ფერადი ჰალსტუხებით გამონასკვული,
ცათამბჯენის რომელიღაც სართულის წიაღში
ამუშავებს რომელიღაც კორპორაციის
საცოდავი ქაღალდების დასტას დასტაზე
და ეს ჰგონია კაცობრიობისთვის გაწეული დიდი ამაგი...
უმჯობესი იქნებოდა, გიგანტურ კუთა
კორიდით დავმტკბარიყავით და არა
„M1 Abrams-ებისა“ და „Т-90 МС-ების“ ჯახით,
საკუთარი რაკეტებით გვეთამაშა,
დღეში თუნდაც ასჯერ და უაზროდ ერეგირებულებით
და არა ბალისტიკური ფალოსებით,
ბირთვულით სპერმით რომ აქვთ პარკუჭები გამოტიკნილი.
აბა ვინ იტყვის:
ვისთვის უნდა ჩამოღამდეს დასასრული,
ვისთვის დადგეს ზმანებების აპოკალიფსი?..
იქნებ ღმერთი, რომლის იმედიც ადამის ძეს
საბოლოოდ არ დაჰკარგვია,
ამჯერადაც სადმე, თავისგანვე ქმნილი სამყაროს
რომელიმე უშორეულეს კიდეს ჩარჩეს
ვარსკვლავთა ლაფში
და აპოკალიფსის გამოჟონვა _
ზმანებების რეაქტორიდან რეალობაში _
ისევე გამოეპაროს,
როგორც ოდესღაც იმ კოსმოსის რომელიღაც
გამოხუნებულ პერიფერიაში მიკარგულ
ციცქნა პლანეტაზე მომხდარი
პლანეტარული მასშტაბის ტრაგედია _
თავისი საყვარელი ძის ჯვარცმა
გამოეპარა თვალთახედვიდან
ისეთი უმადური და ბეცი არსების მიერ,
ადამიანი რომ უწოდებია
მოაზროვნედ მიჩნეული ტალახისთვის
და იმდენად კადნიერი აღმოჩენილა,
უფლის ქმნილებად აღუზევებია უღირსი თავი.
არ ელოდა ასეთ უმადურობას, ალბათ!.. რას იფიქრებდა?..
იმ საბრალო, საწყალობელი არარაობისგან!..
თავისივე თავის მტერი რომ აღმოჩნდა,
როცა ჯანყი და მკრეხელობა იქცია წესად,
იქცია წესად და იმ ამაო ფაფხურს დაუდო საძირკვლად,
მერე თვითონვე ცივილიზაცია
რომ შეარქვა ფუყე სახელად...

(მშვიდად, იარაღო!..)

ვერ დავამადლი საკუთარ ფილტვებს,
ჰაერს რომ ვაწვდი.
აქ ნებას ჩემსას ძალზე ცოტა მიუძღვის წვლილი,
ინსტინქტი არის საფუძველი სუნთქვის ციკლების.
გულს ვერ მივცემდი ინსტრუქციას, როგორ ეძგერა,
ძგერა ხომ გულის უმთავრესი არის ფუნქცია,
იგი ჩვენს სურვილს ნამდვილად არ ემორჩილება!
ვერ დავამადლი თვალებს, მზერით თითქოს ვავსებდე,
მე არც კი ვიცი, სად იშვება თვალების გზნება,
არც ყურებს უნდა მივამადლო, წესით, სასმენლად
მუდამ ფხიზელი რომ აქვთ მზაობა,
სმენა თანმდევი არის ნიჭი იმ ორგანიზმის,
რომელსაც თავად ჩვენ სახელვდებთ ადამიანად,
გითხრათ სიმართლე, ვერც სიზმრების დაბადებას
ვერ ვაკონტროლებ,
თორემ დაღვრემილ ღმერთს, რომ მედგა გვერდით
დაღლილი და ჩამომეყრდნო მხარზე ხელებით,
მერე ხელებზე მიასვენა უმწეოდ თავი,
მითხარით ერთი ვით ვისიზმრებდი,
ვით გავბედავდი, მიმეწვია სიზმარში სტუმრად?
იგი ხომ აგერ,
სულ ახლახან დამიმეზობლდა!

(მშვიდად, იარაღო!..)

ცხოვრებიდან და
პოეზიიდან განდევნილი რომანტიკა _
გაქუცული ძუკნა ძაღლი, შორს მილასლასებს
და სივრცეს ავსებს მზე _ ხელმეხის მცხუნვარე ელვა.
მე იცი ვინ ვარ?
იცი ვინ ვარ? _
საკუთარ თავს ვეკითხები
და ის მპასუხობს:
ვიცი!..
შენა ხარ თვითმკვლელების შთამომავალი,
სამ სუიციდში დაცემული წინაპრები
ჯიშს გიმშვენებენ
და გულით დაგაქვს თვითმკვლელობის
მწველი ცდუნება!..
ერთმა იმათგან სამჯერ გაჰყო თავი მარყუჟში _
არ მოისვენა, სანამ თავი არ მოასვენა...
მეორე უფრო პროგრესული აღმოჩნდა მაგ მხრივ,
ანტიფრიზს მისცა საშუალება
ჩაექრო მისი შინაგანი მხურვალების მუდმივი კერა.
მესამემ კი რა! აუკრძალა ჭამა საკუთარ
პირს და უარი განაცხადა ამქვეყნიურ არსებობაზე.
არავინ იცის ეს პროტესტი იყო რისადმი
ან ვისადმი გაცხადებული...
არ ჭამა... არ სვა... ჩიტისხელა არ გახდა სანამ,
მერე ჩიტივით განუტევა ზეცისკენ სული...
არა!.. მე მზე ვარ, მზე-ვარსკვლავი,
ვარსკვლავ-გიგანტი,
უკანასკნელი ყვავილობის ჟამით ვნებული,
მზე გაცდენილი საკუთარი არსის ნაპირებს,
რათა სამყაროს თვალი მოვჭრა საბოლოო
გაელვებით და მერე გავქრე, დავწდე, გავიმქვრა,
ჩავიღვარო პისტოლეტის ლულის შავ წრეში _
ჯუჯა ცთომილის მიერ ნაშობ უძირო ხვრელში.

აი, რად ვამბობ, მშვიდად-მეთქი, იარაღო!
მშვიდად იწექი იმ ყურთბალიშზე,
მიგასვენეს სადაც ოდესღაც.
მშვიდად იწექი, შენი ჟამიც, გჯეროდეს, მოვა!

და მაშინ მოხდეს მოსახდენი _
თიხა წაიღოს თიხამ
თიხა შეერთოს თიხას
სული სად წავა, სად?
ერთხელ იქნება, მიწის საშო დაიგმანება,
რომ თესლებად ასე ფრთხილად მიბარებულნი
გაგვაღივოს და ზესთასოფელს აღმოგვაცენოს...

და ყვავილების პერისკოპიც არ ამოცურავს
ბლანტად მღელვარი ოკეანის ზედაპირიდან,
რომ გალაქტიკებს წამით შევავლო
თვალების ღიად დარჩენილი ორივე ფოსო,
მაგრამ სად,
აბა სად იქნება თავად კოსმოსი _
სამყაროს რიტმი,
კონვენცია და
ჰარმონია!..

(მშვიდად, იარაღო!..
მშვიდად!)...



study


Last edited by Admin on Sun Apr 07, 2019 12:00 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

სერგო წურწუმია Empty
PostSubject: Re: სერგო წურწუმია   სერგო წურწუმია EmptyFri Jul 14, 2017 9:50 am

სერგო წურწუმია

დიდი ხუთშაბათი

დღეს დედა დილიდან ტრიალებს,
დღეს დედა დილიდან არ ისვენებს,
დიდი ხუთშაბათიაო, წმინდა დღე,
დღეს სულებს სადილი უნდა გავუმზადოთ,
დღეს უნდა დავაპუროთო მომყმარნი,
დღეს პური _ ქრისტეს ხორცი მივართვათო,
დღეს ღვინო _ ქრისტეს სისხლი ვასმიოთო,
დღეს უნდა დავარწყულოთო მწყურვალნი,
დღეს უნდა დავამშვიდოთო მშფოთვარნი,
დღეს უნდა შევირიგოთო მომდურავნი,
დღეს უნდა დავამდიდროთო უპოვარნი,
დღეს უნდა დავმოსოთო განძარცვულნი,
დღეს უნდა გავუთენოთო შავეთი,
სანთელ-საკმეველი მივუკმიოთ,
ლოცვა-ვედრება მივუთბოთო,
რათა ისუფევონ მშვიდობით.
ტაბლას საგანგებოდ მოამზადებს,
გააწყობს, გაავსებს ხორაგით,
პურ-ღვინოს დაუდგამს გარდასულებს,
სასურველ კერძს დაუდგამს თითეულს,
სანთლებს დაანთებს ყოველ ჯამთან,
ჭიქებს ღვინოთი შეავსებს,
წყლით და ლიმონათით შეავსებს,
აჰა, საბრალონო, თქვენი ლუკმა,
აჰა, საბრალონო, თქვენი ყლუპი! _
„ჯვებე, რა მოგესურვილაო,
რა კერძი გენატრებაო, შურიგე?
შენ, ძმაო, რისი გწვავსო წადილი,
შენ, ბაბა, რა გინდა, დაგიდგაო,
შენ, დედა, რა კერძი გიწილადო,
და სხვანო, რა გინებთო ულუფად?“
ტრიალებს, წამითაც არ ისვენებს,
სახლის კარს ფართოდ გამოაღებს,
„მობრძანდით, ძვირფასებო, მობრძანდითო!“ _
და სულებს ცოცხლებივით მასპინძლობს,
თითქოსდა რიგ-რიგად შემოსულან,
რიგით დამსხდარანო ტაბლასთან,
მიიტკბობს, თავს ევლება, მსახურებს,
არ უნდა ვინმე დარჩეს გულნაკლული,
არ უნდა ვინმე დარჩეს ნაწყენი.
„დღეს მათი დღეაო, ნანაგე,
ოლაღონ, დანაყრდნენ და დარწყულდნენო,
რათა კმაყოფილნი დაუბრუნდნენ
თავიანთ მარადიულ სამკვიდროს,
თავიანთ უსასრულო მდუმარებას,
თავიანთ უსასრულო ნეტარებას,
თავიანთ უსასრულო მოლოდინს,
სხვა მკვდრის არ შეაჩერდნენ ლუკმასო,
სხვა მკვდრის არ მოისურვონ ყლუპიო.
დღეს მათი დღეაო, ნანაგე!..
დღეს დიდი დღეაო, ნანაგე!..
ჩვენს ძველებს ასე უქნიათო,
ჩვენც ასე უნდა ვქნათო, ნანაგე,
ოდესმე ჩვენი დღეც იქნება
და მომავალი გვიმასპინძლებს,
ჩვენი ბადიში დაგვაპურებს,
ჩვენი მოიშმოი დაგვარწყულებს,
სანთლებით გაგვითენებენო ყიამეთს.“
თან მათთან თავდადრეკით ბოდიშობს:
„რა ვქნათო, რით გათნიოთ კიდევო,
პური და მარილი მოგაგებეთ,
ღვინო და წყალი მოგართვითო,
სანთელ-საკმეველი გიკმიეთო,
ლოცვით გაგითბეთო უფალი.
ბოდიში, თუ რამ ვერ შეგისრულეთ,
თუ ვერ დაგიხვდითო საკადრისად,
თუ გულნაკლულად გვრჩებითო.“
დედა ტრიალებს ამ დილიდან,
და მე ამერია სათვალავი,
და მე ამერია დროთა სვლა,
ეს დილა, ნეტავი რომელია,
რა დილა გაგვითენდა ამ დილით?
ასე ტრიალებდა ქრისტემდეც,
ასე ტრიალებდა ღმერთამდეც,
დედა დასაბამიდან ტრიალებდა...
დედა იტრიალებს ქრისტეს მერეც,
დედა იტრიალებს ღმერთის მერეც,
დედა იტრიალებს მარადის...


ბრმა პეკინეზი, სახელად - ტოჰა

ორი წელია, ტოჰას ნათელს ბინდის ფერი აქვს,
ძაღლის სიზმრების ფერადებში გაზავებულის.
მოულოდნელად ჩამოფშვნილის წყვდიადის წიაღ
მთვარის ათასი ნაწილაკი ელექება თვალთა ფოსოში,
სადაც ოდესმე მღუარ მზეთა ბრუნავდა დისკო
და ამ ცხოვრების გადიოდა ცოცხალი კინო.
ახლა მოხუცის დინჯი ნაბიჯით,
ხელჯოხიანი, მიუყვება სხივის ბილიკს
შავფოთლება, დიადი ღამე.
მას დაეკარგა მირიადი ციდან ვარსკვლავი,
ქარმა წახვეტა თითქოს მტვერი ერთი დაბერვით.
უცებ აღმოჩნდა არადყოფნის სიმსუბუქეში
და მოლანდებად შემოექცა ყოველი არსი.
მოულოდნელად შეაბიჯა წყვდიადის ქვაბში,
გამოსასვლელიც ჩაეგმანა ჯახუნით კარი.
სამეგრელოს ცა ჩაიმარხა პეკინელი ქალბატონის
თვალთა ღიობში, _
უკანასკნელად დანახული ქაშანურის ლურჯი ლამბაქი
და ალმაცერად მორიალე ბინდის ქინქლები.
ტოჰა მზესავით ბეწვის სხივებს აფენს მიდამოს
და პაწაწინა, პაჭუა ცხვირით
ნაცნობ ჰაერს უსინჯავს გემოს,
ხოლო ყურებით ნაცნობ ბგერებს
აწალიკებს, როგორც ანეულს,
ხელებს _ გამოწვდილ თაფლაკვერებს
ლოკავს დანდობით
და იმათ სილბოს იღებს როგორც უფლის წყალობას.
დედა არ ახსოვს ტოჰას თითქმის,
მისი კერტების არ ახსოვს სიტკბო,
მისი რძის სითბო, დვრილებიდან გადმოდენილი,
ხაოიანი მისი ენის ნედლი ალერსი.
რადგან დიდია უკვე ტოჰა,
რადგან გამოვლო მაკეობის ისე ასაკი,
თვალით ხვადი რომ არ დაუნახავს,
და ახურებულს ტანში ცრის და ეს თუ გაუმხელს,
დედრი რომ არის და თავადაც მართებს ძუობა.
მხოლოდ სიზმარში, ათასფერში,
ათასში ერთხელ,
ის ხდება დედა და იდენს სიტკბოს
დვრილებიდან ვარდისფერი ლეკვებისთვის,
მისეულნი რომ ჰყვანან მკერდზე.
და მაშინ ტოჰა ვერ ისვენებს,
ცმუკავს და ანცობს,
ტრიალებს როგორც
ბორბლის წრეში მბრუნავი ციყვი,
დასდევს საკუთარ ხმას,
პირიდან რომ გაქცევია,
აგერ რომ გარბის და საცაა წასწვდება კუდზე.
(მხოლოდ ასეთ დროს თუ შეატყობთ,
ბრმა რომ არის, შუქდაწრეტილი).
პეკინეზს, ბრმასაც,
ძარღვში სისხლთან დაუდის ერთად _
ცხოველის გეში,
ჯიშის გზა
და ძველი ჩინეთი.
ხსოვნას კი ჩარჩა
ტექნიკური პროგრესის რისხვა,
ადამიანის გულქვაობით გაჯერებული,
მომაკვდინებელ სალტეთა ღრჭენა,
ჩამომხობილი თავზე შვავი
და ჩამქრალი პატრონის სახე...
როცა თვალს ახელს, არარსებულს,
არარსებულ მზეს,
არარსებულ ცას,
არარსებულ ქვეყანას ხედავს.
რადგანაც თქმულა: ვინც თვალხილული იხილავს რამეს,
სხივდაშრეტილიც იმასვე ხედავს...
ორი წელია, ტოჰას ლოკავს სიკვდილის ენა
და დედის ალერსს შეახსენებს ეს რბილი ხაო.

study


Last edited by Admin on Sat Aug 14, 2021 8:19 am; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

სერგო წურწუმია Empty
PostSubject: Re: სერგო წურწუმია   სერგო წურწუმია EmptyFri Jul 14, 2017 9:52 am

სერგო წურწუმია Sokhum10

სერგო წურწუმია

წარმოსახვით აღდგენილი ძველი სახლი

კიბის ჩონჩხისგან დარჩენილი
კონსტრუქცია
ჟანგადქმნილი ლითონის ჯართი
საშიშრადქცეულ ბასრი ჭანგებით
ცასმიმატებულს
ჩაჰფრენია სიცარიელეს...

ვინ იცის,
განა ახსოვს ვინმეს
რამდენი პატარძალი აუტარებია
თეთრკაბიანი მის საფეხურებს
რამდენი აკვანი აუტატებიათ
იმ საფეხურებზე ამავალ მშობლებს
რამდენი ბალღი
საკუთარი ბედნიერების შესახვედრად
ასკინკილით ჩამომავალი
გამოუშვია ცხოვრების გზაზე
რამდენი ვაჟი ჩამოუცილებია
ომში წამსვლელი
და რამდენ მათგანს
სახლის ხის კედლებზე ამოუკაწრავს
სახელი გვარი და
იმ ბოლო ნახვის თარიღი
თითქოს საკუთარ საფლავის ქვებს
წააწერეს სიკვდილის ჟამი.
რამდენი კუბო ჩამოუტარებია
მის საფეხურებს
უკანასკნელ გზად მიმავალი...

არის კი ვინმე დარჩენილი
ეს ვისაც ახსოვს?

მაგრამ მე ხომ ვარ...

და აჰა კიბის წარმოსახვით
აღდგენილმა საფეხურებმა
ჩემი ბავშვობის მოგონება
ჩამოატარეს.



დილა _ ნიუ

მას ჰქონდა მდედრის ძუძუები
ჯანსაღად მსუყე
ხორბლისფერი და ხორკლიანი
მწიფე შინდის ორი მარცვლით
დასრულებული
მას ჰქონდა მდედრის მოქნეული
და შხვართი წელი
ფერ-ხორციან კიდურებს შორის
მუქი ხუჭუჭის საფარველქვეშ
დასრულებული
მას ჰქონდა მდედრის ცხელი საშო
უშურველად მიმღები თესლის...
მას ჰქონდა მდედრის ახვეწილი
მსუბუქი ქედი
და ჰქონდა თმების უჩვეულოდ
კოხტა ბულული
მას ჰქონდა
მდედრის დაბურცული
მხურვალე ბაგე
წყლიანი და თან
ვნებისაგან ელდის მომგვრელი
მას ჰქონდა
მდედრის ნისლმომდგარი სველი თვალები
შინაგანი ცეცხლით მკვესავი
მას ჰქონდა მდედრის ლბილი გული
ვიოლონჩელის ღუღუნით სავსე
მას ჰქონდა სული მოზეიმე გაზაფხულის
ცამოხატული ჭრელი აკრილით...

დილა იყო მდედრი...


study


Last edited by Admin on Sun Apr 07, 2019 12:08 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

სერგო წურწუმია Empty
PostSubject: Re: სერგო წურწუმია   სერგო წურწუმია EmptySun Apr 07, 2019 11:27 am

სერგო წურწუმია

ხუთი რობაი

* * *
ჩვენ თესლ-ჯილაგის გრძელ ჯაჭვში ვართ, ალბათ, რგოლები,
რომ სისხლმა ჰპოვოს სადინარი დაუბრკოლებლივ...
სხვა, ვიქმთ რასაც კი ქვეყნად, ფუჭი არის ფაფხური,
შენათხზი ჩვენი თავხედი და ლირწი გონების...


* * *
ლექსებს არა ვწერ მეფეთათვის, ღმერთო, მაშორე!
წყალობა მათი არ მჭირდება, შენ თუ მაშრომებ...
არც ქონება მსურს, არც დიდება, მხოლოდ ის მინდა,
სიტყვის სალბუნით მაშვრალთ თვალზე ცრემლი ვაშრო მე.


* * *
იღბლიანი ვარ, ღვთის რჩეული, აბა, მა რა ვარ?
თიფლის ქალაქით ჩამოღწეულს შევხვდი ქარავანს,
მექარავნეთა ღვინო მასვეს, ჩუმად დამათვრეს,
ახლა ვჭოჭმანობ: ვარ მუსლიმი თუ აღარა ვარ...


* * *
ჩემს ლექსებს ახლა ბუხარაში ფლასის ფასი აქვს,
გულს ჭმუნვა იპყრობს: ატლასი თუ მართლა ფლასია?..
და არც ის ვუწყი, მომავალი თუ წაიკითხავს,
ბედისას, აბა, რას გაიგებ _ მიწყივ თარსია!..


* * *
ამოვიზარდე ამ მიწიდან თუ ცამ დამბადა?
წყალმა? ჰაერმა? ცეცხლის ალმა ამომლამბა და
გზად შემაყენა უთავჟამო ყარიბ-მოხეტედ,
სიცოცხლე ჩემი ვინაც შეთხზა მწარე ამბადა.

Exclamation

სერგო წურწუმია Hayate10
ჰაიატე სოტომე - სერგო წურწუმია, 2018

study


Last edited by Admin on Sun Apr 07, 2019 10:42 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

სერგო წურწუმია Empty
PostSubject: Re: სერგო წურწუმია   სერგო წურწუმია EmptySun Apr 07, 2019 11:36 am

სერგო წურწუმია House_11

სერგო წურწუმია

ერთი უჩვეულო სოხუმური სახლი

შეიძლება, უკეთესადაც დავხატო, უკეთეს ქაღალდზე და ტექნიკური შესრულებითაც... ახლა ძალიან მომინდა, დამეხატა ერთი უჩვეულო სოხუმური სახლი, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე აღარ დგას თურმე... არადა, რამდენი რამის მომსწრე ყოფილა! რევოლუციური ქარტეხილების ჟამს ამ მოდერნის სტილის ნაგებობაში, რომელიც თბილისის გზატკეცილზე იდგა, სამხედრო სანატორიუმის საპირისპიროდ, ღვინჯილიების ოჯახს უცხოვრია (1917-1921 წწ.), და ვალენტინა თედორეს ასული ღვინჯილია თავის შვილიშვილებს უყვებოდა თურმე წლების შემდეგ, როგორ გაჰყურებდა ამ აივნიდან ქალაქში მობობოქრე რევოლუციურ ტალღას 12-13 წლის გოგონა... როგორ დაჰყავდათ ერთმანეთი ჯერ მენშევიკებს, შემდგომ ბოლშევიკებს დასახვრეტად ამ სახლის გასწვრივ, მომავალი პლაჟი „ქიმიკოსის“ მიდამოებში...
ამბობენ, სახლის ბოლოც სავალალო იყო, ჭურვი მოხვდა თუ ისე გაუჩნდა, ხანძარმა გაანადგურაო...

2019 წლის 4 თებერვალი

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

სერგო წურწუმია Empty
PostSubject: Re: სერგო წურწუმია   სერგო წურწუმია EmptySun Apr 07, 2019 11:39 am

სერგო წურწუმია

***

ოცინდალესთან თქორავს ცრიატი
და ტყაშმაფები ლანდებს მალავენ.
ბებერი ლომის მზერა ზვიადი
მზეებმა მინდვრებს გადაალამეს.

აქ ლეგენდების ცრემლი დამეცა
და დედასავით თბილი ნაღველი
მე აქ ვიპოვე, ოცინდალესთან...
და კოლხეთია მისი სახელი.

2018 წლის 22 დეკემბერი

study


Last edited by Admin on Sat Aug 14, 2021 8:20 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

სერგო წურწუმია Empty
PostSubject: Re: სერგო წურწუმია   სერგო წურწუმია EmptySun Apr 07, 2019 12:03 pm

სერგო წურწუმია

***

ალექსანდრე საჯაიას ხსოვნას

ეს იყო როდის... ეს იყო როდის?..
ძვირფასი კუბო დაედგა ოდიშს.

და იყო იმედთა უდროოდ მოსრა,
სოფელი მგოსნისა ტიროდა მგოსანს.

ნუგეში მშობლისა კუბოში იწვა,
სამარედ ქცეოდა მშობელი მიწა.

და როგორც ქარქაშის გარეშე ყამა,
უშვილოდ რჩებოდა მოხუცი მამა.

გლოვობდა სოფელი დაღუპულ მართვეს,
პოეტის სიკვდილი სტკიოდა ქართველს...

ეს იყო როდის... ეს იყო როდის?..
ძვირფასი კუბო დაედგა ოდიშს...

1987 წ. სოხუმი

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

სერგო წურწუმია Empty
PostSubject: Re: სერგო წურწუმია   სერგო წურწუმია EmptyFri Dec 06, 2019 12:11 pm

სერგო წურწუმია

***
ღამეული ცის სიმეტრია და ჰარმონია
ასახულია წყლის გლუვსა და უძრავ სარკეზე...
ვწევარ სილაზე. ცას ავყურებ. ასე მგონია,
ეს ვარსკვლავები გასაფრენად მართლა მაქეზებს.

ვწევარ სილაზე. ყურს აწყდება ტალღის შრიალი
და ვიცი კარგად, რომ ვერსადაც ვერ გავფრინდები!..
შიშით დამყურებს ბავშვის მზერა ზარნიშიანი
და ეს ბავშვია ჩაკარგული ჩემში ბინდებით.

ჩემშივე სახლობს მამაკაცი, ჯერარშობილი,
სამი შვილის და შვილიშვილის სამის პატრონი...
ცხოვრობს პოეტი, უცნაური ლექსით ცნობილი,
საკუთარ ბედის ხამურაბი და ეხნატონი.

მე ის მწყემსი ვარ, დიანამ რომ თვალი დათხარა
და ჩემი სტვირი ჩუმი ღელვით მაინც ქვითინებს...
ვარსკვლავთა მტვერში ამოვლებულს ვეძებ დატჰაარს,
როცა დაქანცულ შუქს წყვდიადი გააინტიმებს.

ამღვრეულ ნისლებს გაუყვება რიგი მზეების
და კოსმიური მასშტაბების ვიგლოვ დანაკარგს...
აწყავენ სივრცეს ქვის გოვზებით მეზვერეები,
ამ თბილმა მიწამ რომ თავისი სევდა დამარქვას.

ღამეული ცის ცთომილება და ილუზია,
სამყაროს გონის ნაყოფი და ნამოქმედარი...
მივხვდები უცებ: ხელისგულზე უფალს ვუზივარ,
ვით მინდვრის პეშვზე მოშრიალე ობლად კედარი.

9 დეკემბერი, 2012 წელი

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

სერგო წურწუმია Empty
PostSubject: Re: სერგო წურწუმია   სერგო წურწუმია EmptySat Mar 07, 2020 4:19 pm

სერგო წურწუმია 20200310

წიგნის დასახელება – Ad Libitum (ლექსები)
ავტორი - სერგო წურწუმია
რედაქტორი - გიორგი ხასაია
კომპიუტერული დიზაინი 0 სერგო წურწუმია
გამომცემლობა - შპს "მბმ-პოლიგრაფი", ქუთაისი
ISBN 978-9941-429-13-2
ყდა – რბილი
გამოცემის წელი – 2011
გვერდების რაოდენობა – 96


* Ad Libitum (ლათინურად, - „სურვილის მიხედვით“, „შენი შეხედულებისამებრ“).


@

სერგო წურწუმია

***
ცა იდგა ვაინახივით
უცოდველი და ერთგული.
სანთელი კრთოდა დახრილი,
თოვლის ხვიმირში შედგმული.

მზეს უნდა ფეხით ვეახლო,
სულს მზე თუ გამიფხიანებს!..
მე რომ ვთქვი „ვაი, ვენახო“,
ვაინახს გავეხმიანე.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

სერგო წურწუმია Empty
PostSubject: Re: სერგო წურწუმია   სერგო წურწუმია EmptySat Feb 13, 2021 6:37 pm

სერგო წურწუმია

***
მეფინებოდა თოვლი, უსპეტაკესი ყოვლის,
მთელი სამყაროს მოვლის ვიყავ სურვილით სავსე...
მკრთალი კანკალით ალთა გზნებით დამდაგველ ქალთა
ცეცხლი ფარული მწვავდა... და მე ავმღერდი ასე.

სულში ზვირთებად ჩადგა ცრემლით დაფერვა ჩანგთა,
ქალით სიკვდილი... ანდა მწველი ნაღველის თმენა,
ბლანტი ქაოსით მოცულ, ჩვილი მზეებით ორსულ
სამყაროს კიდით მოსულ მელოდიებით ლხენა.

ფიფქთა ვუსმენდი შრიალს... და პლანეტარულ ტრიალს,
არა მღვრიეს და ფრიას ხმობდა ნეტარი არსი.
ვშლიდი ფანტელთა ბლონდებს, სევდამ დამტბორა ოდეს...
და ამ უცნაურ ბოდვებს ცვლიდა ჰანგები ნაზი.

გული დაფებით ძგერდა... და ცით ფიფქების მფერთა,
რა ტკბილქართულად ჟღერდა, თეთრი ტიტების თოვა.
რეკდნენ ქარები ზღვიდან, მზემ ზმანებები ზიდა,
მწველი განცდებით მცლიდა ლურჯი ზღაპრების ქსოვა.

მეფინებოდა თოვლი, უსპეტაკესი ყოვლის,
სულის, სევდებით სოვლის, აციმციმებით ცამდე...
შედგა ტრიალი ჟამთა _ დრო გაიყინა ანდა...
და რა ადვილი ჩანდა: გსურდეს, გიყვარდეს, გწამდეს!..

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

სერგო წურწუმია Empty
PostSubject: Re: სერგო წურწუმია   სერგო წურწუმია EmptyThu Jun 10, 2021 9:09 am

სერგო წურწუმია

მარადმღვიძარი სარანგი ერისა

კონსტანტინე გამსახურდია. არის რაღაც მაგიური თუნდაც ამ სახელისა და გვარის ჟღერადობაში. მაგიური და დიდებული. უჩვეულო მუსიკალობაა გაჟღერებული ოცდაორი ბგერის ალიტერაციულ გადაძახილში. თითქოს საგანგებოდ შეერჩიოს გამრიგეს ეს ორი სიტყვა მთელი ზეიმურობით, მთელი პათეტიკით წარმოსათქმელად: არა გიორგი, არა თორნიკე, არა ლუარსაბი, არა თევდორე, არა ერეკლე ან ალექსანდრე, არამედ _ კონსტანტინე გამსახურდია! და ეს მაგიურობა სახელისა იმ უდიადესი მაგისა და ქართული სიტყვის ჯადოქრის შექმნილია, ვინც უძველეს სეფედროშასავით ზეაღმართული შეურყევლად გამოატარა იგი კოშმარული ეპოქის უმძიმეს და უსასტიკეს ქარტეხილებში.
დაბადების თარიღიც კი მისტიური საბურველით ჰქონდა დამოსილი. რა მნიშვნელობა აქვს ახლა, რატომ იყო ყოველთვის სხვადასხვა წელი და რიცხვი, როცა სიმონ გამსახურდიას უმრწემესი ვაჟი მოევლინა ქვეყნიერებას. შესაძლოა, რაღაც მიზეზით, თავადაც უწყობდა ხელს ციფრთა ასეთ გამისტიურებას მითებისა და ლეგენდების ეს უბადლო მთხზველი.
ღმერთთან მებრძოლი ბიბლიური პერსონაჟი დაუსახავს საკუთარ სიმბოლოდ ბალღობიდანვე. ბოლშევიკური კერპებისა და წითლად დაფერილი ცრუღმერთების წინააღმდეგ ბრძოლას თუ გულისხმობდა დაუცხრომელი მეომარი ამ სიმბოლოში, თორემ რა სჭირდა საბრძოლო და საომარი ქრისტეს და ქრისტიანულ სათნოებას?!
სოფლის პუტუნა დიაკვნისაგან ნასწავლი ანბანით, გადია ეკაიას წარმართული წარმოდგენებით, `ქართლის ცხოვრების~ სისხლიანი ფურცლებიდან შეთვისებული ამბებითა და გენიოსობაზე მეოცნებე ყმაწვილკაცის გახელებული გონებით შეეჭიდა ცხოვრების უძნელეს აღმართს მსოფლიოს ყველაზე მცირე მდინარის პირას დაბადებული ჭაბუკი, რათა მსოფლიოს უდიდესი მდინარეების პირას დაბადებულებთან რკინებაში გამარჯვებულს, ქართული კაზმულსიტყვაობის ოლიმპზე აბრძანებულს დაესრულებინა ხანგრძლივი, მამულისა და ტკბილქართულის მეჯინგორეობაში უშურველად გახარჯული სიცოცხლე.

ერთ წერილში ზვიად გამსახურდიამ მამის გამო ბრძანა: ჩოხოსანი კონსტანტინე კავკასიის ერთიანობისა და თვითმყოფადობის ისეთივე სიმბოლოა მეოცე საუკუნეში, როგორიც შამილი მეცხრამეტეშიო. და ეს წუღა-მესტებიანი, ჩოხოსანი რაინდი, საქართველოს შორეული ისტორიიდან დროის უცნაური მანქანით შემთხვევით გადმოსროლილივით რომ დააბიჯებდა თანამედროვე ქალაქის ქუჩებში, გახლდათ ზედმიწევნით განათლებული ევროპელი, ცივილიზაციის მრავალგვარ სიკეთეს ნაზიარები დახვეწილი დენდი და უკანდაუხეველი მებრძოლი, როდესაც საქმე ეროვნული პრინციპის დაცვას შეეხებოდა.
ოქროსმაძიებლის ჟინშეყრილივით `მოგზაურობდა~ მშობლიური ენის უბნელეს დარანებში, საკვირველი ალღოთი აგნებდა ყველასგან მივიწყებულ, მტვერწაყრილ სიტყვებს, აგნებდა და გამოჰქონდა კიდეც სამზეოზე, ისე ააელვარებდა, ისე ზუსტად ჩასვამდა თავის ალაგას, თითქოს მუდამ ასე ყოფილიყოს, ხოლო როცა სიტყვებიც შემოელეოდა მის ყოვლისშთანმთქმელ გონებას, თხზავდა მათ, ქმნიდა, ევროპული ენებიდან ამკვიდრებდა, მეგრულიდან სესხულობდა და თარგმნიდა. საერთოდ, მომხრე იყო დიდი ქართულის მიერ მეგრულ-ჭანურისა და სვანურის აურაცხელი საგანძურის ათვისებისა, ამასთან, ზოგადნაციონალური აზროვნების დამკვიდრებისაც. ამიტომაც მოიგო სრულიად საქართველოს მესიტყვის სახელი.
მტკიცედ სწამდა, რომ ჩვენს საუკუნეში მწერალი დიდ სახელს ოდენ პოეტური ქმნილებებით ვერ მოიხვეჭსო და ამიტომ იმთავითვე გადაეშვა პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის ორომტრიალში. ალბათ აიხდენდა ბავშვობის ოცნებას მხედართმთავრად გახდომისა, ან წარმატებებს მიაღწევდა პოლიტიკურ ასპარეზზე, რომ არა წამოწეული ბოლშევიკური ტირანია _ ერთის მხრივ, და მისი უსაზღვრო სიძულვილი წითელი რეჟიმის მიმართ _ მეორეს მხრივ. ასე შეეკვეცა ფრთები მის გეგმებს და საასპარეზო არეალად ოდენ ლიტერატურა დაურჩა, მაგრამ დახეთ, რა მასშტაბებით გადმოხეთქა ამ არენაზე შემოქმედის დაუოკებელმა ენერგიამ?!
პირველი მოდერნისტული რომანი მან დაწერა ქართულ სინამდვილეში. პირველი ქართული მოდერნისტული რომანი. მანვე დაამკვიდრა ჩვენში მანამდე უცხო, შემდეგ კი მეტად გაშინაურებული კრიტიკული ჟანრი _ ესეისტიკა. პირველი ქართული ესეი სწორედ მის მადლიან კალამს ეკუთვნის. როგორი კოლოსალური ჩანს მისი ყოვლისმწვდომი და განმჩხრეკელი აზროვნება ყოველდღიურობის წვრილმან საზრუნავზე მოლუღლუღე კალმოსანთა ფონზე.
მისი კრიტიკული წერილები ეყოფოდა ერთ კაცს ლიტერატურის ისტორიაში მყარი ადგილის დასამკვიდრებლად. მისი პოეზია ეყოფოდა ერთ შემოქმედს ფილიგრანული ლირიკოსის სახელის დასაგდებად. მისი მეცნიერული ნააზრევი იკმარებდა ერთი მკვლევარისათვის. მისი დიდებული თარგმანები იკმარებდა ერთი შესანიშნავი მთარგმნელის სახელის მისახვეჭად.
და მისი პროზა?
მაინც პროზა, ქართული სიტყვიერების უძვირფასესი ყვავილებისაგან შეკონილი უჭკნობი გვირგვინი არის უმთავრესი ნაყოფი კ. გამსახურდიას შემოქმედებითი გენიის დაუმცხრალი მოღვაწეობისა. `დიონისოს ღიმილი~, `მთვარის მოტაცება~, `დიდოსტატის მარჯვენა~, `გოეთეს ცხოვრების რომანი~, ტეტრალოგია `დავით აღმაშენებელი~, `ვაზის ყვავილობა~, გაუხუნარი, მარადი ხიბლით აღბეჭდილი ნოველები… რა ტიტანური შემართებისა უნდა ყოფილიყო სიტყვასთან მორკინალი ხელოვანი, ვისაც ამდენი სწორუპოვარი ქმნილება დაუდევს მარადისობის სასწორის ძნელადასაწონ პინაზე!
დიდი შემოქმედის ნაღვაწის შეცნობისას უპირველესად გაოცებამ უნდა შეგიპყროსო _ ბრძანებდა თავად უდიადესი მუშაკი გრძნეულსიტყვაობისა და მიტომაც გვაოცებენ მისი ნამუშაკევნი.
მის სათაყვანო ილიაზე უთქვამთ: არცერთ გენიოსს საკუთარი ერისათვის შესაძლოა იმოდენა მნიშვნელობა არ ჰქონოდეს, რამ დენიც ილიას ქართველობისთვისო. ახლა უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას _ არცერთი სხვა კაცი არ ყოფილა მისი დროის საქართველოში, კონსტანტინე გამსახურდიაზე მეტად რომ დასჭირვებოდეს ეროვნული ცნობიერების გადარჩენისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის ბრძოლას, გაჩაღებულს მსოფლიო რევოლუციისა და უნიტარიზებული კომუნიზმის ბოდვითი იდეებით შეპყრობილი უმახინჯესი რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ!..
ქრისტეს მსახურებად განდეგილი ბერივით დამწდარი იოგებით დახვედრია რიცხვმრავალ ბრძოლებში ჭირგადანახადი და დამაშვრალი დიდოსტატი მოზეიმე შავლითამიანი მხედრის შემოხეტებას კოლხური კოშკის მდუმარე პალატებში. მისი თაობის აუხდენელ ნატვრაზე _ თავისუფალ საქართველოზე მოფიქრალს განეშორებოდა სული შორეული საუკუნეების თოროსან რაინდთა ლანდებთან მოლაციცეს.
ოდესღაც `Pატერ პატრიაე~-ში ბოლშევიკთა უგნურებას კვირობდა: ჯერ არსად მომხდარა ასეთი რამ _ იუდა ქრისტეს ფერხთით მარხიაო. ილიას ადარებდა ქრისტეს, ხოლო იუდად ფილიპე მახარაძეს სახავდა. იქნებ ამიტომაც თქვა სიცოცხლეშივე უარი მთაწმინდაზე: ჩემი მთაწმინდა იქ არის, სადაც დავიმარხებიო. აკი საკუთარ ეზოში, მის მიერვე აგებული კოლხური კოშკის ჩრდილში დაივანა სამზეოდან გაბრძანებულმა. მთაწმინდაზე წმინდა საფლავთა გვერდით უწმინდურიც ეგულებოდა და ამას ვერ ურიგდებოდა ერის ტკივილებზე მჭმუნვარე რაინდი.
თითქოს საკუთარი ნაღვაწის გამო ეთქვას: `გენიოსთაგან ხშირად იმდენს ვერ ისწავლიან მისი თანამედროვენი, რამდენსაც მომავალი თაობები… გენიოსების კაპიტალი აუთვისებელი ხდება იმ ეპოქაში, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, მათ მიერ დატოვებული სულიერი კრედიტები და საჭურჭლენი განუსაზღვრელია~.
არა, ხალხის გულწრფელი სიყვარული, არც ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ნაძალადევი თუ მართალი აღიარება სიცოცხლეშივე არ დაჰკლებია. მაგრამ მის თანამედროვეთ ნამდვილად ვერ შეუმეცნებიათ ბოლომდე მისი ნააზრევის სიღრმეები და ყოველივეს მიუხედავად, დიდოსტატი დიდოსტატადვე დარჩება ყოვლისშემმუსვრელი საუკუნეების მიღმაც.
მისი სამარადჟამო საძვალეც მთაწმინდაზე ეგულება ქართველს, მაგრამ ჩანს დღევანდელი, სიძულვილით გულგამოჭმული, ძმათა სისხლის დამღვრელი, კოლხური კოშკის ხელმყოფელი საქართველო არ არის ამ ამაღლებული მისიის მტვირთველი. ისევ მომავლის საქართველომ, დიდოსტატის დანატოვარი `სულიერი კრედიტებისა და საჭურჭლეთა~ გამთავისებელმა საქართველომ უნდა ააბრძანოს წმინდა მთის მადლიან კალთაზე ერის მარადიული სიცოცხლის ხმალჩაუგებელი, დაუმცხრალი სარანგი.

1998 წლის მაისი


study


Last edited by Admin on Sat Aug 14, 2021 7:45 am; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

სერგო წურწუმია Empty
PostSubject: Re: სერგო წურწუმია   სერგო წურწუმია EmptySat Aug 14, 2021 7:29 am

სერგო წურწუმია

ჩიქო

…ჯერ სახელი ნახე, როგორია: ძველმეგრული, თითქო როდინდელი თუ იცი, უხსოვნობის დროს გაჩენილი. გვაროვნულ წყობილებამდე და გვარების წარმოქმნაში წილდადებული. აბა, გასინჯე _ ჩიქვანი, ჩიქოვანი, ჩიქობავა, ჩიქვანაია, ჩიქავა?!.
თავად რომ მოსწრებოდი, ის იყო კარგი, მაგრამ შენ არ გინახავს და ახლა რაც უნდა აგიწერო, ნაასალსაც ვერ შევძლებ, ალბათ. მაინც ვცდი, სხვა რაღა დამრჩენია, სიგელ-გუჯრებში წაგაკითხებ მის ამბავს თუ მისი ტოლი და სწორი შეგხვდება ვინმე და მოგიყვება წვრილ-წვრილად?!. ყველამ გაასწრო ამქვეყნიდან და ესეც, მიწიერი ყოფით დაქანცულ-გამოფიტული, რა საშინელი აღსასრულით წავიდა ცხოვრებიდან, შენც იცი უკვე.
ფიზიკური აღნაგობა როგორი გითხრა, _ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ რომ სანდრო ჟორჟოლიანი ილიკო ჩიგოგიძეს თამაშობს, _ ე, ალიკვალი! თხელი, ძვლების მყარ ღეროზე ასხმული, დაკუნთულ-დაძარღვული, მისხალ ქონს მოკლებული ტანი, ობოლი ბავშვობის წლების გარჯა რომ ატყვია ზედ სიცოცხლის მიმწუხრსაც, ოდნავ აწურული, წლების სიმძიმეს შეგებებული, თითქოს, მხრები, თავი კოხტად მოკვერცხილი, ჯიშიანი, სახე უფრო კეთილშობილი ნაკვთებით, ბაცი ცისფერი თვალები (ვითომ არ არის ტყუილი, ძველები რომ წერენ, კოლხები ქერა, ცისფერთვალა ხალხი იყოო?!.) რამოდენა სიკეთეს აფრქვევენ, სულის სიღრმიდან ამოშუქებულს?! ოდნავ მოჭუტულ ქუთუთოებს ბავშვური უზაკველობის ნატამალი აქამდე შერჩენიათ, ასაკისმიერი ცბიერებით ვერა და ვერ გადაძალული. აცვია, რა თქმა უნდა, თავისი დროის კაცის შესაფერისად, ილიკო ჩიგოგიძე ტყუილად კი არ გიხსენე, მასავით ბაშილაყით თავწაკრული თუ არ არის, ეზოსგადაღმა ბიჯს ვერ გაადგმევინებ, უფრო ხშირად კიტელივით გადმოკიდებულჯიბეებიანი, წვრილი ტყავის ვერცხლისბალთებიანი ქამრით წელში გამოწიორებული, ზურგსუკან ნაკეცებმოყრილი ხალათი მოსავს, მუქი-ლურჯი _ ფერად, მასთან შეხამებული გალიფე შარვალი, მწევარივით აწვართულ წვივებს რომ მოსახავს ორიოდე მონასმით. რაღა სათქმელია, ამას ყველაფერს რომ აზიაცკები თუ ცარცკები, _ როგორც გინდა დაუძახე, ასეც იცოდნენ და ისეც, _ აძლევს დასრულებულ სახეს. თუ უამინდობაა, კალოშებში აქვს წაყოფილი მაშინ უძიროებიანი ფეხი და შეიძლება ნაბადიც ჰქონდეს წამოსხმული. თავისი დროის კაცებისგან განსხვავებით, ერთი გამორჩეული სიკეთე სჭირს: თამბაქო არ მინახავს მოეწიოს ოდესმე, არც ყალიონი და კვეს-აბედი, მახსოვს, რომ სჭეროდეს. კრიალოსანი არ შემინიშნავს მის ხელში, ხანმოთეული მეგრელი მამაკაცების ეს მოუცილებელი ატრიბუტი და არც ის მახსენდება, სხვა აზარტულებზე არას ვამბობ, ნარდის სათამაშოდ ჩამჯდარს შევსწრებოდე, გინდ მასპინძლად გამეცადინებულს და გინდ სასტუმროდ გასულს. ესეც მძიმე ბავშვობის დაღი მგონია მე, სულ ხანდაში მყოფს, ყელამდე საგარჯილოში ჩაფლულს, იმთავითვე არ ჰქონდა-მეთქი, ვფიქრობ, ნარდის მღერისა და რიკ-ფაინების დრო…
სიტყვა-პასუხი როგორი თავდაჭერილი? გინებას და ყიამყრალობას ხომ მისგან ვერ გაიგონებდი, არ მოიძევებოდა მის ლექსიკურ მარაგში ამგვარი ერთეულები, ამ დროს ენაკვიმატობით იყო ცნობილი, და მერე როგორით! ახლაც, ამდენი წლის მერეც, რომ გაიხსენებენ, სიცილით ბჟირდებიან ხოლმე. მტრობასაც უკადრისი სიტყვის გარეშე ახერხებდა და არც შეხუმრებაში იცოდა გადამლაშება. ჩხუბი და მტრობა რომ შეეძლო, ბებიაჩემის გაწყრომიდანაც ხომ კარგად გამოსჭვივის, ქმარზე რაღაცატომ ამრეზილი, შვილთან, იგივე დედაჩემთან რომ უჩიოდა: ბაბასო, ჩემს დიდ პაპაზე ამბობდა, ანტოზე (ოო, ეგ ცალკე მოყოლის ღირსია, აქ ვერ გამოვატნევ!), ცუდი რამე როგორ შევუთვალო საფლავშიო, თორემ როგორ არ ეკუთვნისო, მაგან გამაყოლა დაძალებით _ ვაჟკაცი ჩანსო (ბაბას კიდევ ვაჟკაცობის ფარდი სხვა ღირსება არ ეგულებოდა კაცისა), თორემ ეგ რომ ჩემს გადასანახულებლად მოვიდა, იმავე საღამოს გვიჩვენა ვინც იყო, ღვინის ნასმმა ბანძღი ატეხა და ალალი ბიძაშვილი გამილახაო.
ნაქაღარდი (ნაქაღალდევს განსწავლულობაზე იტყვიან სამეგრელოში, აი, ნაწიგნარიო, რომ თქვას კაცმა) არ იყო მგონია, მე რომ დედათქვენი შევირთე, ქართულად ეს განგებისად თუ ეტყოდა რამეს, ის სულ მეგრულად პასუხობდა, ბოლოს რომ ჰკითხა ახალმა პატარძალმა: ბაბუა, ქართულად რატომ არ მპასუხობ, არ იცი თუ რაო, გესმის, რა მიუგო: ომში რომ გამიწვიეს, ექვსი თვე იქით ვყავდით მოსამზადებლად (თან აღმოსავლეთისკენ უთითებდა მაღლა აშვერილი ცერით) და იქ, ხაჩამაჩა ხალხში ყურმოკრული ქართულით როგორ გაკადრო დალაპარაკებაო… მისი სკოლა და აკადემია სამწყემსურში გატარებული წლები იყო, საიდანაც საგვარეულო ხელობასთან ერთად (ამათი გვარის კაცები რომ განთქმული მეჯოგეები არიან, გაგეგონება, ალბათ), ადამიანურობის და ზნეობის დიდი გაკვეთილები ჰქონდა წამოღებული. არადა, ხომ სკურის გაუვალ ტყეებში იყო მიმოფანტული მათი საჯინჯიხატო და გვარსამოდენილო… ამგვარი ზრდილობა და კეთილშობილება მართლა თანდაყოლილი თუ არ არის, საიდან უნდა მოეტანა საქონლის ნაჭლიკარში ჩამდგარი გუბიდან არეკლილის მეტად საკუთარი სახის ანაგებაც რომ ვერ ენახა, სანამ ჯეელობაში არ შედგა ფეხი და ქვეყანა არ მოიარა… განათლებისას ვამბობდი და ბარემ ისიც მინდა გავიხსენო, როგორ ვნახეთ მე და ჩემმა ბიძაშვილმა ზაფხულის პაპანებას გარიდებული, ჩრდილში „ლეჟანკაზე“ წამოწოლილი, უზარმაზარი წიგნის კითხვით გართული, იქვე რომ უბის წიგნაკი და ფანქარი მოემარჯვებინა და ჟამი-ჟამ რაღაცას, წიგნიდან თვალით ამოკენკილს ინიშნავდა იმ წიგნაკში. მივეპარეთ, უფრო საანგლოდ. წიგნი მიხეილ კვესელავას „ასერგასის დღე“ აღმოჩნდა, ფაშისტურ გერმანიასთან ომს და გამარჯვებას რომ შეეხება. ჩავწურეთ კვიმატი მზერები წიგნაკშიაც, აღმოჩნდა, რომ ბაბუას ნაცისტური სახელმწიფოს მამამთავრების სახელ-გვარები ჰქონდა სულ გვირისტ-გვირისტ ჩამოწიკწიკებული. გაოცებულებზე მეტებმა ვკითხეთ: რად გინდა, ბაბუ, ეგენი რომ ამოგიწერიაო! ხუთი წელი ვეომებოდი ამ ოხრებს და მათი სახელები მაინც არ ვიცოდეო?! არადა, ომში გამარჯვების მერე ოცდათხუთმეტი ცხრა მაისი ჰქონდა საბჭოთა ქვეყანას ცუმპა-ცუმპათი გადარიხინებული…
ერთიც გავიხსენოთ მაგის მოსწრებული სიტყვა-პასუხის დასტურად: კოლექტივს რომ რაიკომის ნამესამემდივნარი ჩაუყენეს სათავეში, _ იცოდნენ კომუნისტებმა კადრის ამგვარი ჩამოშორება პოლიტიკური ასპარეზიდან. ფულის საკეთებელ ადგილზე მოისროდნენ, საჩალიჩოს მიუგდებდნენ ნამსახურობის ვითომ დასაფასებლად, ამ დროს კი, გასასვრელად სწირავდნენ, ფულის საშოვნელად აგზავნიდნენ, რომ იქიდან თავადაც ეხეირათ და ეს კაციც ჰყოლოდათ სამუდამოდ ყურით ჩაჭერილი. პოლიტიკური საფრთხე მისგან მოსალოდნელი აღარ იქნებოდა, რაკი ფულში გასვრილს დაპატიმრების მუდმივი საფრთხის ქვეშ მოუწევდა კურდღელივით ძილფხიზელი ცხოვრების მითრევა სამარის კარამდე. _ ასეთი კაცი დანიშნეს იმ კოლექტივის თავმჯდომარედ, სადაც ფერმაში ეს იყო მეჯოგედ. რატომღაც იმთავითვე ავად დაადგა თვალი და დაუწყო ჩიჩხინი, როგორმე თავიდან მოშორების მიზეზის მოსანახად. პატიოსნებას ვერ დაუწუნებდა, ან იქნებ მაგას უწუნებდა სწორედ, მის ნებაზე რომ არ იფინებოდა ფარჩად ეს თავნება და უტეხი მოხუცი?!. სხვას რას გამორჩებოდა და იმაზე დაუწყო ახირება, ნასვამი მოდიხარ სამუშაო ადგილზე, ხშირადო. თითქოს ამას ზუსტი ხელსაწყოების ხმარებისას შეცდომის დაშვებით მსოფლიო კატასტროფის გამოწვევა შესძლებოდეს. რამდენჯერაც შევიდა ფერმაში, იმდენჯერ რაღაც მიზეზი მოუნახა და სიმთვრალეს დააბრალა მისას. ერთხელაც მისულმა დაინახა როგორ ასუფთავებდა პირუტყვის გარეშემოს და მოსაქმეობა დაუწუნა, ხელიდან გამოსტაცა ნიჩაბი და თავად მოუსვა, აქაოდა, ასე უნდა მუშაობაო, თან განრისხების ნიშნად ნაგაზივით გაჰღრენდა: მოგხსნი სამსახურიდან, ეს თუ კიდევ ასე გაგრძელდა, მეტის მოხათრებას აღარ ვაპირებო. _ მოხსნილი შენ ხარო, _ ამას მიუხეთქებია მოურიდებლად. _ რაიკომის მდივანი იყავი და აგერ ნაკელს ხვეტ, თორემ ჩემი მოხსნა რა ბედენაა, პირუტყვი სახლშიც ქე მყავს, იმას მოვუვლი და მეტს აქაც რას ვაკეთებდიო. დაუტოვებია სახტად ის კოლექტივის ნარაიკომისმესამემდივნარი თავმჯდომარე, დაუკრავს ფეხი და წამოსულა იქიდან. ბევრი უთვლია მერე იმას დაშოშმინებულზე: კარგიო, ჰო, გადავივიწყე იმდღევანდელი წაკამათება, ჩამოვიდეს და იმუშაოს როგორც მუშაობდაო, მაგრამ ამას აღარ უქნია მიბრუნება. ნადიდკაცარი, რაც უნდა ეცადოს, წყენას მაინც ვერ ამოიგდებს გულიდან, ქნით რას მიზამს, მარა კიდევ რომ მაწყენინოს, უნდა დავკარგო სამუდამოდ და ამად არ მიღირს იქ მიბრუნებაო. აღარც მიბრუნებულა.
_ ბაბუო, _ ვკითხავდით მისი გულღიაობით გათამამებულები, _ ორმოცდაორში რომ წაუყვანიხართ, ორმოცდაშვიდამდე გადაკარგული ყოფილხარ, ქვეყნის გიომია, სხვებმა რომ იომეს ორდენებით დაჯინჯლული მკერდები ჩამოჰყვათ იმ დასაკარგავიდან და შენ რა ღმერთი გაგიწყრა, მკვდრისთვის მაინც აგეძრო ერთი კინკილა მედალი, სალაპარაკო გვექნებოდა შენს შვილიშვილებსო. _ მეო, ჩემო კარგებოო, _ მოგვიგებდა თვალებში ნაპერწკლების ეშმაკური აჟიკჟიკებით, _ ჩემი თავის ჩამოსატანად ვიბრძოდი, ვინც ორდენებისთვის იბრძოლა, ბევრმა ჩემს თვალწინ დატოვა თავი ფრონტზეო. ერთხელ ესეც გადარჩენილა აშკარა სიკვდილს და ამის დასტური სიცოცხლის ბოლომდე ატარა მარცხენა ბეჭზე, გულის ზემოთ გამჭოლი ნატყვიარის სახით. წამით დაგვიანებით რომ ჩაერგო მიწაში თავი შეტევის დროს ჯვარედინად გადმონთხეული ჯოჯოხეთური ცეცხლის ქვეშ მოხვედრილს, ვინ იცის სად, ვის მიწაში მოუწევდა ჩაწოლა სამუდამოდ და მისაღებ თუ ვერაფრით მიუღებელ მედლებთან ერთად სიცოცხლეც ოხრად დარჩებოდა მაშინ. ტყვედნამყოფიც უნდა ყოფილიყო ერთიხანობა, მაგრამ მაგ თემაზე საუბარი არ უყვარდა და ბოლომდე ასე შეუტყობელი დაგვრჩა მისი ცხოვრების ეს მონაკვეთი. ომიდან მობრუნებულა, როგორც გითხარი, ორმოცდაშვიდში, და წასულს რომ ვაჟიშვილთან და ძღაბებთან ერთად ცხვირამდე მიწეულმუცლიანი ცოლი დაუტოვებია, ახლა მეოთხე ნაბოლარა გოგოც დახვედრია ხუთიოდე წლისა (ბებიაშენია ახლა ის პატარა გოგო!), ვისაც დიდად გაჰკვირვებია, ჯარიდან ჩამოსული მისი ბაბა კაცი რომ აღმოჩნდა, არ ეკარებოდა, თურმე, _ ჩემი ბაბა ქალია, ეს კიდევ კაცია, ვიღაცა არის და ბაბა საიდან იქნებაო, _ იჟინებდა. _ ასე მეგონა, ბაბუას გარდა ოჯახშიც და სამეზობლოშიც რომ ყველა ქალი იყო, ბაბაც ქალი უნდა ყოფილიყოო, _ წლების განმავლობაში ასე იგონებდა თავის ოდინდელ შეცბუნებას.
სვამდა ხშირად, მაგრამ ცოტ-ცოტას, ცოტა ათრობდა შებერებულს და ალბათ იმიტომ. უყვარდა ყველას, სადაც უმუშავნია, მისი სიფხიზლეც და სიმთვრალეც, _ ისეთ ამბებს გვიყვება, დღის გასვლას ვერ ვგებულობთ, ნამუშევარი და დაღლილი რომ ვართ, გვავიწყდებაო.
ათწლეულების გამოვლა მუხლსაც დატყობოდა და თვალსაც, მაინც არ ეშვებოდა, საღამოს ადრიანად დაწოლილს არასდროს უჭირდა ჟიჟრიბანდისთვის დაესწრო ადგომა. დღეცისმარე ჩაის პლანტაციაში მიეჩქარებოდა, _ ბოლო დროს ჩაის მკრეფავობა აიჩემა. ეჩხუბა, ერთიხანობა, ბიძაჩემი, _ კაცო, ვის რაD უნდა შენი ნაცოდვილარი კაპიკები, თავი მომეჭრება, იტყვიან ამ ხნის კაცს მუშაობას აძალებსო, თუ ჩვენი ხათრი გაქვს, ხალხს ნუ აალაპარაკებო, _ მაგრამ რას შეასმენდა! სანამ კოლექტივი არ დაიშალა და ჩაის კრეფამაც არ მოგჭამა ჭირი, დილით რომ პირუტყვს მოილევდა, ჩაისკენ გარბოდა იმწუთში.
_ მე ხომ ვიცი, რატომაც მირბიხარო, _ ეკაპასებოდა ბებიაჩემი. _ სასმელის ხათრით დადიხარ, იმან დალია ცეცხლი და მოუნელებელი, ვისაც შენი გულისთვის სასმელი დააქვს ჩაიშიო… გაპროტესტებას თუ გაუბედავდა, ეს კი ძალზე იშვიათად ხდებოდა _ სუუუჰ, გაიკმინდე, ახლა, ხმაო! _ კიდევ უფრო კაპასად შეუტევდა ცოლი, მისი მოვლა-პატრონობის ფუნქციაღა რომ ჰქონდა შერჩენილი ქვეყანაზე და ცდილობდა პირნათლად აღესრულებინა იგი. თუ ნასვამი მიადგებოდა ჭიშკარს, შორიდანვე იწყებდა მეუღლისათვის თავის მოქონვას: _ კარგი გოგოა ჩემი პაშაო, მაგისთანა ქალი მთელ დუნიაზე არ მოიძებნებაო, რომ მითხრან, ახლა, ათ ახალგაზრდა ქალს მოგცემთ მაგის სანაცვლოდო, მაინც როგორ შეველევიო! _ ისიც, მეტი აბა რაღა უნდოდა, წამისუმალ დააგდებდა ხელსაქმეს და გაალმასებული დაეტაკებოდა: _ აგერ ჩაგმარხე, მიწაში, რავარც ჭიქა შენ პირს არ აცდება, შენ არ აცდი ადრე და მალე მიწაში ჩალალვასო! _ ამ წყევლა-წიწინით ააცილებდა საწოლ ოთახში, გახდიდა და დააწვენდა, მიხედავდა და მერეც სულ გაყურად-გაცეცებული იყო, რამე არ დასჭირდეს, ცუდად არ შეიქნას და არ გამომეპაროსო…
სიამესთან ერთად სიმწარეც ბევრი იგემა ცხოვრებაში, რომ იტყვიან, თავისი წილი ქვაც დაუფქვავს და უჭამია, მაგრამ არ მახსოვს, მისი წუწუნი და ცრემლი ენახოს ვინმეს. მსუბუქად იცხოვრა თითქოს, ერთი შეხედვით ადვილად და გულსგარეთ გადამტანი გეგონებოდა გაჭირვებისა. იმდენი იუმორი ჰქონდა, იმგვარი დამცინავი დამოკიდებულება ცხოვრების მიერ მითავაზებული გასაჭირების მიმართ. ვის ეგონა, ასე ტრაგიკულად თუ დაამთავრებდა გრძლად და მშვიდობიანად განვლილ მიწიერი არსებობის გზას. ბოლო დროს თვალისჩინმა დაუწყო კლება. თვალებმა უღალატეს. სხეული დაუბერდა, გაუცვდა და დაექანცა, როგორც თავად ამბობდა. როცა საერთოდ ვეღარ დაინახა მზის აყვავებული გვირგვინი, მაშინვე გამოუტანა საკუთარ თავს ულმობელი განაჩენი, როგორც ჩანს. შინაგანი სამზადისი დიდი და საფუძვლიანი უნდა ჰქონოდა, რადგან ორჯერ სცადა თავის ჩამოხრჩობა და ორივეჯერ მიუსწრეს ოჯახის წევრებმა, მიუსწრეს და ჩამოხსნეს კინაღამ საიქიოს გასული. _ რატომ შვრები, კაცო, ამას, რატომ გვყრი ამისთანა სირცხვილში, ან თავს რად იმეტებ, ან ოჯახს ჩირქს რაღაზე სცხებ, ვინ რა დაგიშავეთ მაგის ფასი, რომ ხალხის ყბაში არ ჩაგვაგდოო, _ საყვედურობდნენ ცალკე ცოლი, ცალკე შვილები, რომ მოსულიერდებოდა ოდნავ, მაგრამ გაკმენდდა ხმას, არაფერს ეუბნებოდა არავის და მომდევნო მცდელობისთვის იწყებდა სამზადისს. _ არაო, დავიქანცე ამ ქვეყანაზე ყოფნითო, გავიცვითე სრულიად და სიკვდილს მაინც თუ არ მივყავარ, მე არ დავნებდები, მე თვითონ მივადგები და ავუტალახებ კარსო, _ მეზობლის ქალისთვის ეთქვა, კინაღამ მისი ტოლა რომ იყო, _ შვილები აქ არაფერ შუაში არიან და შენ გთხოვ, მე რომ აღარ ვიქნები, ხალხს სალაპარაკო არ დაუტოვოო… ვიღაცაზე რომ გაეგო, უკანასკნელ დღეშია და ლოგინში ასაქმებენო, _ ვაჟკაცი არ ყოფილაო, _ ესღა უთქვამს, _ რა ვიცოდი მაშინ, რა ცეცხლიც უტრიალებდა გულ-გვამშიო, _ მისმა შვილიშვილმა, მესამედ და საბოლოოდ მცდელობის შემდეგ რომ ჩამოხსნა თოკიდან.
ხომ გითხარი, ბებიას ერთადერთი მისია მოესაკუთრებინა სათავისოდ, ქვეყანაზე დარჩენის გასამართლებლად, _ ქმრის მოვლა-პატრონობა, რაკი შვილიც მომვლელის ხელში ეგულებოდა, შვილიშვილიც და მისი ნაგრამიც, და როგორც კი ეს მისია მოეშალა, ჩავარდა ლოგინად და სიკვდილის მოსვლის ნატვრაში აღმოხდა ნატანჯი სული, ქმრის გარდაცვალებიდან ერთი წელიც რომ არ იყო გასული. სხვაგვარი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ, _ სხვაგვარად არც იქნებოდა!
ბებიაც რომ მოკვდა, გახსნეს მათ ოთახში რომ შვილ-შვილიშვილებისთვის ხელშეუხებელი სკივრი იდგა. ცოლ-ქმრის ტანისამოსის, სხვადახვა პირადი პიტუ-პატუების ქვეშ გადიდებული, სიყვითლეშეპარული ორი ფოტოსურათი აღმოჩნდა, ნიკოლოზისდროინდელ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ერთიდაიმავე კაცისა. სქელი რეტუშირების გამო გაურკვეველი რაღაც ოფიცრული ჩინის დამადასტურებელი სამხრეებიც უჩანდა კოკარდიანი ქუდით თავდამშვენებულ, თავისი დროის ყაიდაზე ულვაშგადაგრეხილ ვაჟკაცს. როგორც გაირკვა, პირველი მსოფლიო ომის დროს ყარსის ფრონტზე უგზო-უკვლოდ დაკარგული მამის სურათები ჰქონოდა ასე სათუთად გადანახული მთელი ცხოვრების განმავლობაში ბაბუას. ვინ იცის, როგორ ეამაყებოდა იმ კაცის შვილობა, ერთხელ მშვიდობით ჩამოსული, უცოლშვილო ძმის სანაცვლოდ რომ შებრუნებულა ფრონტზე და საბედისწეროდაც…
გითხრა სიმართლე, დარწმუნებული არა ვარ, ბოლომდე ვიცოდე, რატომ გიყვები ამ ამბავს. არც ის ვიცი, მოგტაცა თუ არა მზერა შენი წინაპრის აქ მოსახულმა სილუეტმა იმდენად, ბოლომდე ჩაგეკითხა ეს ნაცოდვილარი, მაგრამ ამას, ალბათ, არცა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მე უფრო ჩემთვის მოვჩხრიკე წარსულის ნავლი, ეს მე მინდა დავიწყებას გამოვტაცო ერთი სრულიად ჩვეულებრივი და ამავდროულად უცნაური კაცის სახება…
თუმცა რამდენადმე კმაყოფილი მაინც დავრჩი, რადგან ახლა შენ იმ ადამიანის შტრიხები დაგეხატა ჩემი მცდელობით, ვის საფლავთანაც, ხათრის გამო ადევნებული, მედექი გვერდით ამას წინათ და ცდილობდი როგორმე წარმოგესახა მეხსიერებას ვერშერჩენილი უცნობი წინაპრის ხატი. მე ეს სამარის სადა ქვისკენ მიმართულ შენს დაჟინებულ მზერაში დავინახე, შენს მოწიწებულ ქცევაში ვიგრძენი, სანთელს რომ უნთებდი და ღვინოს აპკურებდი წარეცილი ჭიქიდან.
ამან თუ მომაკიდებინა კალამზე ხელი!..

28 აგვისტო, 2006 წელი, მარიამობა


study


Last edited by Admin on Sat Aug 14, 2021 7:45 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

სერგო წურწუმია Empty
PostSubject: Re: სერგო წურწუმია   სერგო წურწუმია EmptySat Aug 14, 2021 7:39 am

სერგო წურწუმია

ძახილი

ზაფხულის ხვატით გათანგულ დილებსა და საღამოსპირებზე, როცა არმური მძიმე ზიმზიმით ასდიოდა გასალღობად გამზადებულ ასფალტს, ყოფილი სასტუმროს ოდინდელი ლუქს-ნომრის ციცქნა აივანზე გაირინდებოდა ათასგვარ წვრილმან საოჯახო ნივთებს შორის ჩაკარგული ზოსიმე ბიძია. მესამე სართულის რკინისმოაჯირიანი, სტანდარტული აივანი ქვემოდან გარეული ფრინველის ბუდეს მოჰგავდა თავისი აღკაზმულობით. ზოსიმე ბიძია, უფრო სწორად მისი თავი, რომელიღაც რელიქტური ფრინველის კინკრიხოსავით ამოეჩრებოდა გასაშრობად გადმოკიდებულ თეთრეულებსა და ჭრელაჭრულა სარეცხებს შორის. კაუჭა, კავკასიური ცხვირი, ხმელხმელი, ჟანგისფერი სახე, ძარღვად და ტყავად ქცეული ბებრული კისერი, უგულისყურობით დაუვარცხნელი და უთავბოლოდ აბურძგნული ჭაღარა თმა, თავის ბულულივით რომ დაჰყროდა თავზე, კიდევ უფრო ამძაფრებდა ერთხელ აღქმულ ხატს და უცხო ფრინველის ბუდეს დასრულებულ სახეს აძლევდა. სმენოდა ზოსიმე ბიძიას, ზღაპრულ ფრინველს რომ ადარებენ დევნილობაში შეძენილი მეზობლები, ზურგსუკან ქირქილით რომ პტეროზავრს ან ფრთოსან ხვლიკს ეძახოდნენ, მაგრამ არ იმჩნევდა, არ ბრაზობდა ამის გამო. „ვითომ რატომ არა ვართ ფრინველები, საკუთარ ბუდეებს ძალად მოგლეჯილები, სხვათა საბუდარს მიტმასნილები და სხვათა საჩეკში კვერცხების გამომჩეკელები! მე მარტო რომ მადარებენ ფრთოსანს, თავიანთ თავს რად არ ჩაუკვირდებიან, საკუთარ წერას რად არ იგულისხმებენ, სხვისი გამქიქებლები?!.“
ბოლო ხანს ასე ეგონა, ყოველგვარი ზღვარი წაშლილაო დროის მდინარებაში. უაზროდ მედინ ჟამს თავბოლო გამქვრეოდა მის თვალსაწიერზე და უკიდეგანო წკვარამის ოკეანედ ქცეულიყო იგი, თვალშეუწვდენელ და მზერაგაუღწეველ კუპრად, რომელშიც სინათლის მცირე ფიორიც კი არ ჭიატებდა სადმე. ყოველდღიურობას ფასი დაჰკარგოდა მისთვის, სულერთი გამხდარიყო სალმობა და სიმრთელე, ავი და კარგი, წყენა და სიხარული, მეგობარი, მეზობელი, ნათესავი, სისხლი, ხორცი, შვილი და თანამეცხედრე. ბინდს წაელეკა მისი მეხსიერება, სურვილების ნაცვლად მონოტონური ერთფეროვნების ლავა მოედინებოდა გონის ყოველი დარანიდან. გაურკვევლობა, წლითიწლობით რომ იმატებდა, ახლა საბოლოოდ დაუფლებოდა მის არსებას, ყოველი მხრიდან შემოალყებოდა ლაოკოონის მახრჩობელასავით და სრულიად დაემორჩილებინა, უილაჯო ფშვინიერად ექცია იგი.
შვიდი ათეული წელი კარგა ხანია მოეტოვებინა უკან. მიუხედავად ამისა, ხორცისმიერს არას უჩიოდა, არც თვალთ დაკლებია საგანგაშოდ და არც მუხლი მოჰკვეთია ისე, რომ სხვათა საპატრონო და სათრევი გამხდარიყო. საჩივლელადაც გახდომოდა საქმე, მაინც არ იყო ხმის ამომღები. მისი ჯილაგის კაცს ყველაფერზე მეტად სწორედ წუწუნი და სხვათა მოიმედეობა ეჯავრებოდა. სიკვდილისპირამდე მოითმენდა ნებისმიერ სალმობას ხორცისას, ოღონდ მავანისათვის სალაპარაკოდ არ მიეცა თავისი სისუსტე.
უკანასკნელ თვეებში ერთადერთ საზრუნავს თუ სადარდებელს შეეპყრო მისი გონება. გაზაფხულის თბილი დარი რომ დაიჭირა, მას შემდეგ ყოველ დღეცისმარზე აივანზე გამოვიდოდა, ძველისძველ, უთვალავგზის შეკეთებულ შეზლონგზე მოეწყობოდა და საკუთარ თავში ჩაგმანული, გარესამყაროსთვის შეუღწეველი ხდებოდა. ამ თვეების განმავლობაში პირ¬ველად იგრძნო, რომ თურმე, ფიზიკური სიცხადით ყოფილა შე¬სა¬ძ¬ლებელი ერთხელ განცდილისა და გარდავლილის ხელახლა განცდა და გარდავლა. თითქოს გონებაც ამაზეღა გამეცადინდაო, განსაცვიფრე¬ბე¬ლი სიცხადით ჭვრეტდა სამზეოდან უამრავი წლის წინათ გარდასულ მშობლებს, და-ძმებს, მეზობლებს, ნათესავებს, სრულიად უცნობებსაც კი, ვისაც თუნდაც ერთხელ შეხვედრია ცხოვრების გრძელ გზაზე განგების მიზეზითა და სხვადასხვა გარემოებების გამო. თვალწინ სულ თავისი ოდაბადე სოფელი ედგა. ყველა დრამა და ფარსი, რომელიც მის ლიბრგადაკრულ თვალთა წინაშე კინოფირივით ტრიალებდა, სწორედ ამ, ოდესღაც კურთხეულ, ახლა კი ღვთისაგან და კაცისაგან გაწირულ მიწაზე თამაშდებოდა. სოფელი თავისი წარსულით ცოცხლობდა მასში. გაზაფხულის დიდროა ლანქერივით იყო მოდებული მის თვალსაწიერს და ყოველივეს თავისი ცხოველი სახებით ავსებდა. ეს არ იყო უბრალო გახსენება წარსულისა, ეს არც მტანჯველი ნოსტალგია გახლდათ, მშობლიური სანახების მოშორებით გამოწვეული. სოფელმა მის გონებაში ხორცი შეისხა, გაცოცხლდა, სული ჩაიდგა და მისი ყოფიერების ნაწილი, მისი სიცოცხლის გამაპირობებელი გახდა. მას ახლა სხვაგვარად აღარ შეეძლო. სოფელი გახდა მისი სისხლი, მისი ძარღვი, მისი არსობის პური, მაცოცხლებელი წყალი, რომლის გარეშეც დაუშრეტელ გეენაში მოელოდა დაფერფლვა. არც ჭამა ახსოვდა, არც სმა და მით უმეტეს სხვა უფრო წვრილმანი რამ ამქვეყნიური, რაც თავისი სტიქიიდან თუნდაც წამით მოწყვეტდა და აქაურობას დაუბრუნებდა. თანამეცხედრე, მთელი ცხოვრება რომ მასთან ერთად მოდიოდა ჭირსა და ლხინში, მის სიხარულს და ვარამს რომ იყოფდა უდრტვინველად, შვილი, რძალი, შვილიშვილები… რა შორეულები გამხდარიყვნენ ამ მოკლე ხანში, თავიანთი წუხილებით, სიხარულებით, ამაო ფუსფუსით, შფოთვით და დრტვინვით, ყოფიერებასთან საყოველდღეო ვითომ ბრძოლაში, სინამდვილეში კი უნუგეშო ფართი-ფურთში თავპირით გადაშვებულები. რა ამაო და მომაკვდინებლად უაზრო იყო ყოველივე. ახალ ალაგას, ახალ პირობებში, შეუგუებელ გარემოში თვითგადარჩენისათვის გაჩაღებულ ამ ჯგლეთას მასთან არავითარი კავშირი აღარ ჰქონდა უკვე. იგი ვალმოხდილის განდგომით გარიდებოდა აქაურობას და სხვა, უფრო წარმტაცი, იგავმიუწდომელი სამყაროს მკვიდრი გამხდარიყო. განა შესაძლებელი იყო რომელიმე მათგანს იმგვარი ნეტარების განცდა დაუფლებოდა, როგორსაც ის განიცდიდა, როცა უხსოვარი დროის მიღმა დარჩენილ დღეებს კვლავ პირვანდელი სიცხადით აღუდგენდა და უცოცხლებდა არსთაგამრიგე? როგორ დაქანცულიყო ადამიანური ყოფისაგან? მარადიული უკუნისათვის გაწირული სკაროსივით დატყეპებოდა მისი არსება ყოფიერების ფსკერს და ამაოების უშველებელი სიბლანტე დაღვროდა ზედ, მთელი თავისი სიმძიმით სრესდა ძეხორციელად ყოფნის ოკეანე. მაგრამ ეს გუშინ იყო, გუშინწინ, შარშან…მან ხომ შესძლო ამ უზარმაზარი ტვირთის ქვემოდან გამოძრომა, გარიდება და სრულიად ახალი სამყაროს კარების შეღება. ახლა ბედნიერიც კი ეთქმოდა ალბათ, უფრო სწორად, ბედნიერი სულის სადგური, საწყაო, რომელიც პირამდე აღვსილიყო ჯერგანუცდელი ნეტარებით…
…სოფელი მთის მდინარის მიერ საუკუნეების მანძილზე გამოხრამული, ნაბიჯ-ნაბიჯ გაფართოებული ხეობის დამრეც ფერდობებს შეფენოდა რომაული ამფითეატრივით. მკაცრი, დატეხილი ხაზები მთებისა და მარადიული მყინვარებისა, მაღლა ღრუბლების ფაფუკ ქათიბში იკარგებოდა, დაბლა კი ზურმუხტის უნაზესი პასტელური გრადაციებით გრძელდებოდა მდინარის ვერცხლისფერ ზონარამდე. ათასწლოვანი რტოებგანიერი მუხებით, ცაცხვებით, აკაციებით, რცხილებით, წაბლებით, ჭადრებით, მურყნებითა და კოპიტებით, შიგადაშიგ გარეული წიწვოვანი ფიჭვებითა და ნაძვებით მოიწევდა ტყე სოფლის მისადგომებისაკენ და ჩამოქცეულ გოდოლში შეჭრილი მტრის მოწინავე რაზმებივით იჭრებოდა ნოტიო ტევრებით მის სანახებში.
იქ, იმ უსიერი ტყეების წიაღში, რომელიც მდინარის ნაპირებს და მთათა გრეხილებს მოსდებოდა გაღმა-გამოღმა, ძეხორციელი არასოდეს გაჭაჭანებულა. საუკუნეები ისე გადიოდნენ, ადამის შთამომავალთაგანი არავინ შეამღვრევდა იქაურ სიმყუდროვეს. მხოლოდ ტყის ბინადართა გნიასი და მრავალ ხმაზე მსტვინავი ჩიტების კაკაფონია თუ შეაშფოთებდა გარინდებულ ეთერს ათასში ერთხელ. ხეები ცხოვრობდნენ თავისთვის, საკუთარი ყოფით აკეთილშობილებდნენ გარემოს, აღმოცენდებოდნენ არყოფნიდან, იზრდებოდნენ ყოველი ცხოველი არსების დარად, ანაყოფიერებდნენ ერთმანეთს, აპნევდნენ მტვერმოყრილ თესლს მათი წინაპრების მერქნებით, ფოთლებითა და ქერქით გაპოხიერებულ მადლიან მიწაში და თავისივე მსგავსთა ახალ სიცოცხლეებს უდებდნენ დასაბამს. მერე თავად იფიტებოდნენ, ხმებოდნენ, ჟამის მდინარებას დამორჩილებულნი ისეთივე უდრტვინველობით კვდებოდნენ ზეზეურად, როგორი უდრტვინველობითაც იტანდნენ საშინელ მეხთატეხებს, მზის თაკარა სხივების მცხუნვარებას, მძვინვარე გრიგალებსა და უამინდობ¬ას მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ახლა ისინი წაიქცეოდნენ უხმო, ყრუ გმინვით, ერთადერთი ჯახანი შეასკდებოდა ექოდ გაღმა-გამოღმა წყალ-ჭალას და უზარმაზარი ვარჯები მტერთან რკენაში წაქცეული მეომრებ¬ის სხეულებივით ეცემოდნენ ხმელეთის პირზე. უჟამო ძილის ნეტარ ბანგში გახვეულები დახუჭავდნენ სველ თვალებს და დაკეცილი ფრთების უკანასკნელი შრიალით ეხუტებოდნენ მარადისობის უთავჟამო მდინარებას. ახლა ისინი აპოხიერებდნენ თავიანთი სხეულით მშობლიურ მიწას. საკუთარი წვენით ანოტიებდნენ მის მარადიულ საშოს, რომელიც მზად იყო მათი შეწირული სიცოცხლეების სანაცვლოდ ახალი სიცოცხლე ეშვა კიდევ და კიდევ. სიცოცხლის წრებრუნვის უსასრულო ციკლი ზეიმით შემოივლიდა კიდევ ერთ რკალს თავის მისტიკურ გზასავალზე და მორიგი ბრუნისათვის იჭერდა თადარიგს. ბედნიერი იყო ხეების სიკვდილი, ბუნებრივი და ძალდაუტანებელი. ისინი იმავე მიწის ნაწილი ხდებოდნენ, იმავე წიაღში ჩაიწრიტებოდნენ, რომელმაც მისცა დასაბამი მათ ამქვეყნიურ არსებობას, არგუნა მათ ალაგი მზისქვეშეთში, მხურვალე მზის თესლით დაუთესლა წიაღი, საკუთარი ნაჟურით გაუჯირჯვლა კეთილი ნაყოფი, ამაყად გააშლევინა რტოები და ალაღებინა თვალმახარა ვარჯები. არცერთმა არ იცოდა რა არის ნაჯახი და ხერხი. არავის მოუკვდინებია ისინი ძალად. არასოდეს გაუყენებიათ შორეული გზებისთვის და არასოდეს გაუზიდავთ უცხო მხარეში. ცხოვრობდნენ „ბედნიერი ხეები. ჩვენზე უფრო ბედნიერები! იმათ მშობელ მიწაში მაინც ეღირსათ მტვრად და ფერფლად მიქცევა. თავისივე მიწის ნაწილად ჩამქვრევა!“
იმ ტყეების განშტოებას წარმოადგენდა ის ტევრიც, რომლის წიაღში განისვენებდნენ სოფლის მზეგადასული მკვიდრები. საგოდებელი უხსოვარი დროიდან იმ ადგილას ყოფილა. სწორედ იქ, იმ ნოტიო ხავსითა და სუროთი დაფარულ მიწაში ჩაცელილან ხეობის მკვიდრთა უთვალავი თაობები. მოდიოდნენ და მიდიოდნენ. იმ ხეების დარად იბადებოდნენ არყოფნიდან, საზრდოობდნენ მადლიანი მიწის წვენით, ხარობდნენ, ლაღობდნენ, მწუხარებდნენ, გოდებდნენ, სძულდათ და უყვარდათ, მტრობდნენ და მოყვრობდნენ ერთმანეთს. ვაჟებს აქორწინებდნენ, ქალებს ათხოვებდნენ… ერთ ოხვამერს ლოცულობდნენ და ერთ ჯიხას ერთგულობდნენ. არავის და არასდროს დასცდენია საყალო და უკადრისი სიტყვა მეორის თესლ-ტომის მისამართით. სოფელს უჩხუბარუდავიდარაბოდ აბა რა გააჩერებდა?! დავაც ჰქონიათ და შეხლა-შემოხლაც შემორევიათ, მაგრამ არა იმიტომ, რომ სხვადასხვა გვარ-ტომისანი იყვნენ, სხვადასხვა ჯილაგს ეკუთვნოდნენ, ან სად იყო ამის გარჩევა, ვინ ეძებდა, მოგვარეთაგან ორში რომელი რომელ ერს მიეკუთვნებოდა… ვის რაში სჭირდებოდა ამის განჩხრეკა და ამგვარი საბაბით დაპირისპირება…
მის მეხსიერებას მკაფიოდ შემოენახა თითოეული საფლავის გათლილი ქვა თუ უბრალო ლოდი, რომლებითაც იყო მონიშნული ყოველი ძვალთშესალაგი. ყველა ჩუქურთმის ხვეული, ხან ოსტატურად, ხანაც გაურანდავი ხელით გამოჩორკნილი ორნამენტი, წარწერები, რომლებიც მნახველს ამცნობდნენ გარდაცვლილთა ვინაობას, დაბადებისა და აღსრულების თარიღებს. აქა-იქ სრულიად გულუბრყვილო, სოფლური მიამიტობით აღბეჭდილი უბირი ავტორის მიერ ჩამოცოდვილებული ლექსის სტრიქონებიც ახსოვდა, ცხოვრების დაუნდობლობასა და იმქვეყნად გადაბარგების გარდუვალობაზე დაფიქრებას რომ შესთხოვდა წამკითხველს. ნეტარი მზეგადასულები! წვანან მშვიდად მშობელი მიწის წიაღში და უდრტვინველად მისცემიან საუკუნო განსვენებას…ისინი იმ უსიერი ტყის ხეებივით ვალმოხდილი არიან ამსოფლიური არსებობის დამდგენელის წინაშე. საოცარი გულმოდგინებით, უფრო მეტიც, გახელებულის სიჯიუტით, მოჰყვებოდა თაობას თაობა. ერთნი გლოვითა და ვაებით რომ ასრულებდნენ ამქვეყნიურ გზასავალს, მეორენი ასეთივე ტირილით ევლინებოდნენ მზისქვეშეთს გარდასულთა გვარ-ჯილაგის გასაგრძელებლად, მათი გენების, სისხლისა და სულის გადამტან ჭურჭლებად საუკუნიდან საუკუნეში. მისი წინაპრების რამდენიმე თაობა იქ იწვა, იმ ღირსეული მანდილოსნებისა და პატიოსანი, თავმომწონე ვაჟკაცების გარემოცვაში, რომელთა შორისაც გაეტარებინათ აქაური ყოფა და რომელთა გარეშე ვერც წარმოედგინათ მათთვის განკუთვნილი როლების გათამაშება ცხოვრებადწოდებულ ტრაგიკომიკურ ფარსში. იქ, მისი წინაპრების გვერდით, მათ სიახლოვეს უკანასკნელი ნავთსაყუდელის პოვნას გუმანობდა ისიც მთელი ცხოვრება. ახლა კი რა გამოდიოდა?!. სად უნდა მიეჩინათ მისთვის უცხო სავანე, სად უნდა ჩაკირულიყო მისი ძვლები და ჩარღვეულიყო ხორცი?!. არაფრისდიდებით არ უნდოდა ამ აზრთან შეგუება. არ სურდა საბოლოოდ გაქრობოდა მდგომარეობის შეცვლის იმედი, თუმცა ხედავდა, რომ სანუგეშო ამ მხრივ ბევრი არაფერი იყო.
უცნაურ გაცხადებასავით მოადგა განზრახვა, რომელსაც დასაწყისში თავისთავსაც არ უმხელდა. თუმცა იგი სულ უფრო მეტად იპყრობდა მის არსებას და საბოლოოდ დაუძლეველ სურვილად ექცა, რომლის შეკავება აღარაფერს შეეძლო… ერთადერთი აზრით გათანგული უხმოდ, უჩუმრად გაექცა ყოველდღიურობად ქცეულ რუტინას და გეზის ყოველგვარი მინიშნება-მითითების გარეშე გაუდგა სავალს საკუთარი სათავისაკენ, სადაც აღსასრულის, მარადიული სიმშვიდისა და მოსვენების პოვნას ინუგეშებდა… „მე იქ უნდა მოვკვდე, ჩემი სიყმაწვილისა და კაცობის მიწაზე, იქ უნდა შევერთო მის წიაღს, სადაც ჩემი წინაპრების უთვალავ მოდგმას დაუსრულებია არსებობა, ამაზე უფრო დიდი ვალი აღარ დამრჩენია აღსასრულებლად. ბედნიერი მაშინ ვიქნები, მათ გვერდით რომ მოვიპოვებ სამუდამო განსასვენ ალაგს…ისინი მიხმობენ, მომიწოდებენ, მეძახიან…არ მომცემენ სხვაგან აღსრულებისა და დამარხვის უფლებას…მოვდივარ, მეც მოვდივარ, ძვირფასებო!..“
…სანამ თავისი საოცნებო სოფლის სანახებს მიაღწევდა, გამოვლი¬ლი არცერთი დაბრკოლება, არცერთი საგუშაგო არ ჩაუგდია რამედ, თუმცა, რამდენიმე მათგანი გაჭირვებით გამოიარა. სწორედ გზაში, ამ ხელოვნური ბარიერების გავლისას იგრძნო მან, თუ რა უაზრობა იყო ყველა ის ხერგილი, რა პირობითი იყო ყველა საზღვარი, ადამიანებს რომ დაედგინათ და გულმოდგინებით დარაჯობდნენ…და უცებ იგი მიხვდა, რომ სწორედ ასე, უკანმოუხედავად ტოვებს გაცხარებული ბრძოლის ველს მეომარი, რომლის გონებაც ჩაწვდა სიტუაციის სრულ უაზრობას, რომელიც მიხვდა, რომ აქ და ასეთი სიკვდილისათვის არ მოუვლენია განგებას ამქვეყნად. იქნებ დეზერტირის დამამცირებელი ხვედრიც ელოდეს, იქნებ უყოყმანოდ დასაჯონ ჩადენილის გამო, მაგრამ კაცს, რო¬მელიც ჭეშმარიტებას მიეწია, სხვაგვარად აღარ შეუძლია მოქცევა, ის ტოვებს ბრძოლის ველს არა შიშის გამო, არამედ სწორედ ამ გრძნობის დათრგუნვის შემდეგ, მის გარშემო სხვათა ნებით შექმნილი ვითარებისადმი პროტესტის ნიშნად…
როგორი მძიმეც არ იყო გამოვლილი გზა, მას ჰქონდა აზრი. ამ მინდვრების, გორების, ტყეების, მდინარეების, ღელეების, ხევების, ასე შორეული და ახლობელი დათოვლილი მწვერვალების ხილვა, თუნდაც რამდენიმე წამით, თუნდაც რამდენიმე დღით, ღირდა ყველა იმ ტანჯვის, ტკივილის, დამცირებისა და უკეთური საქციელის ატანად, რაც ხვედრად ერგო ამ გზაზე. მაშ, მისი სანუკვარი მიზანი შესრულებულია. იგი საკუთარ სახლშია, საკუთარ ეზოში დააბიჯებს, საკუთარ ჰაერს ისუნთქავს, საკუთარ წყაროს წყალს მიირთმევს და საკუთარ მიწის სურნელს ისუნთქავს, არაფერი აქვს მოსარიდებელი და საბოდიშო. აქ სრულდება მისი გრძელი ცხოვრების გზა… აქ ჩაეხლართება მიწის გულს, დიადი ხის იმ ფესვის დარად, რომელმაც მერქნის გამოსაკვებად ყველაზე შორს გაბარჯღა ტოტი და ახალი ყლორტის აღმოცენების შემდეგ, თავად უკვალოდ გაიმქვრა მიწის წიაღში.
…როცა მისი მეზობლები საგვარეულო სასაფლაოზე, სწორედ იქ, უთვალავი წლის წინათ დავანებული დედა-მამისა და და-ძმების საფლავებს შორის ვიწროდ გაჭრილ სამარეში კრძალავდნენ ზოსიმეს, მისი სულგაყრილი ნეშტი ნეტარებამ აღავსო, სრულიად უცხომ, არაამქვეყნიურმა, მაგრამ სავსებით საცნაურამა და ხელშესახებმა. იგი მკვდრული ბედნიერებით იყო გამსჭვალული, რადგან დაიმარხა იქ, იმ მიწაში, რომელმაც დედასავით შობა და გაზარდა იგი. ახლა კი ნამდვილად აღარ ჰქონდა ხეებისადმი ადრინდელი შურის საბაბი: მისი სხეულის იმ მიწას აპოხიერებდა, რომლის წიაღიდანაც იყო თავად აღმოცენებული. ახლა მას ნამდვილად შეეძლო ნეტარი ძილით ძინებოდა უკუნითი უკუნისამდე…

2002 წლის ივლისი,
ქუთაისი

study


Last edited by Admin on Sat Aug 14, 2021 7:48 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

სერგო წურწუმია Empty
PostSubject: Re: სერგო წურწუმია   სერგო წურწუმია EmptySat Aug 14, 2021 7:43 am

სერგო წურწუმია

ოშოშია

არა, ოშოშია სახელი ნამდვილად არ არის მისი, მეტსახელია, მარა, ზოგჯერ სახელი გინდ გქონია და გინდ არა! ასეა მის შემთხვევაშიც…
_ მურე, ანწი, გემშუმდესკო ოშ-ოში, ქო, ქო გეფშვათ, მუქ გაღოლ, ანწი?!. _ გამოკიდება იცის, მკლავის დაჭერით, შემოხვეწება იმდაგვარი, თუ მართლა წუთხანობაზე არ არის შენი საქმე მიმდგარი, ვერაფრით უარს ვერ შეასმენ, დაყაბულებულს წამისუმალ შეგივსებს თბილი, ახალგამოღებული არაყით საასგრამო წახნაგებიან ჭიქას, ორიოდე ლეღვსაც ჩამოწყვეტს იქვე გაფოთლილ ხეს მისაყოლებლად (ლეღვობა თუა, ბედნიერებაა!)… მაგრამ ასე არ ხდება ძირითადად. ძირითადად დაჭირვებულზე ადრიანად მისული კაცი გაურბის დასალევს, ახერხებს სახსარში ჩაბღუჯული მკლავის ართმევას და ეზოდან უკანმოუხედავად გაძურწვას… ზურგში კარგა ხანს მიეწევა უკმაყოფილო მასპინძლის ჯიჯღინი:
_ მურდუ, ბოში, ოშ-ოშიში შუმა ნწყუნდუო ქიანას?! _ ჰოდა, ამ ოშ-ოშის ძახილშია რომ შეერქვა ოშოშია, თორემ სახელი სხვა ჰქონდა-მეთქი, გითხარი იმთავითვე, თუმცა ის სახელი აღარც კი ახსოვთ, და სოფელში რომ მოიკითხო, ვერც გაიგებს ვინმე ვის კითხულობ და თუ სახელით ვერ გიცნო ვერა ცოცხალმა სულმა, რაღა სახელია, მითხარი, ერთი, თუ კაცი ხარ! მიტომ არ გეუბნები შენც, მაინც არა აქვს არავითარი აზრი და მნიშვნელი…
ახლა ისე არ გამიგო, დასალევი თუ უყვარს, იმას ვამბობდე, მისი გამოხდა არ ეჭაშნიკებოდეს თითქოს. მთელი წელი საარაყე ქვაბი თუხთუხებს მისი სახლის ლაფაროში. არის სამფეხის, როფესა და ჭანურის გაუთავებელი გამზადება, გვიმრის ძებნა ჭურჭლის ნერჩში ჩასაფენად, გამოსახდელი მასა რომ არ მიიწვას და არაყს ხრაკის გემო არ დაჰყვეს, ნაკუშლიანი არ გამოვიდეს… მთელი წელი ნამეტანიაო, იტყვი, ამდენი ჭაჭაც არ ექნება და შეშაც ხომ უნდა, ჭაჭა რომც ეშოვებოდესო. ჯერ ერთი, ვინ გითხრა, ჭაჭას ხდის გაუთავებლადო, ხილი აგერ არ არის? და ხილიც რომ გამოილიოს, რავა გგონია, მდინარისპირებზე და კლდე-ღრეში პორწიალი რისთვის სჭირდება? ინჭირიას დაეძებს, ჩემო კარგო, იცი, შენ, ბუჩქ-ბალახა მცენარეა ერთგვარი, ანწლი ქვია და მისი არაყი თუ არ გაქ დალეული, ნაყენი მაინც გექნება ნასმი, სოფელში დიასახლისი არაა, შემონახული არ ჰქონდეს, კუჭ-ნაწლავისთვისაა უებარი. ჰოდა ამ ინჭირიას მაინც არ უნდა დახლი და სასწორი, ნოქარი და მუშტარი, კრიფე და ყარე საარაყე ქვევრში, რამდენიც გინდოდეს, ოღონდ მის დროზე სხვა საქმისგან მოცლა და აღმა-დაღმა ხეტიალი არ დაგზარდეს! სიარულ-სიარულში შეშასაც შეიგულებ. ამ მდინარეს რომ უყურებ, მეტი ხეირი კი არაფერია მაგისგან. როა ახლა გაყურსული და მიგასაცოდავებს თავს, გამოზაფხულისას უნდა ნახო, შენ, რომ გადაირევა და მოაქვს ცა და ქვეყანა… ე, მაშინდელი ნავარზღლობის მერეა რომ ივსება მირიყული ხეებით ჭალა-პირები… დაჰყვება ერთხელაც ოშოშია და დასხეპავს ყველას, სულ ჯიკავ-თრევით ამოიტანს წყლისპირიდან და კაცმიუხმარებლად მიიტანს საკუთარ ლაფარომდეც.
მიმხმარე და დოსტი მაშინ ნახე შენ, საარაყე მილის მრუმედ დაფჩენილი ხახიდან დამტკბარი სურნელის მფრქვეველი ორთქლი რომ გამოფითქინდება ჯერ და მერე წვრილ ლარად თხიერი ძაფიც რომ გაიჭიმება მილის ტუჩსა და ათლიტრიან ჩაფზე დაცობილ ძაბრს შორის. _ უჰ, უჰ, რა ცეცხლია, ბიჯო, _ სამი-ოთხი სტაქნიანი ხელი მაინც არის შეწაფებული ამ ძაფს და ძაბრამდე მისვლა რომ ვთქვი, ტყუილი მომივიდა, ვინ აცლის ძაბრამდე მისვლას. ეგრეა გაუთავებლად… არაყს სულ ხდის ოშოშია, მარა წამლად რომ დაგჭირდეს და მის ცოლს ერთი ჭიქის მისესხება სთხოვო, ვერაფერსაც ვერ გაგატანს, _ რაც არა აქვს, რა უნდა გაგატანოს?.
_ არა, ბიჭო, ნამუსი სულ არა გაქვთ-მეთქი, _ ერთხელ, მეც გადავლახე თავშეკავების ბუნებრივი ბარიერი, განცვიფრებულმა, _ კაცი მთელი წელი არაყსა ხდიდეს, ცეცხლში და ბოლში იყოს გამოყვანილი, ნართის „კაპჩიონკასავით“, თქვენ კიდე ცხლად გამოუგნაროთ, გრამი არ შეარჩინოთ, სადაური წესი და რიგია-მეთქი, _ მარა გამიგონია, იღრიჭნენ უშნო ღრეჭით, დაღუზეს თავები, ვითომ რიდის ნიშნად, უფრო არაყისგან გამოელმებული თვალების მისამალად, მაგრამ განაგრძეს ისევ იმ ცხელი არაყის სმა ძველებურად. იმ წელსაც რა დახლი ოშოშიას დაუყენეს, მისი ცისანეს წყევლასაც ეტყობოდა სიმწარეზე.
ოშოშიას კიდევ რა: მაგას კლდე-ღრე პორტყვა, შეშისა და ინჭირიას, პანტა-მაჟალოს ძებნა უთხარი… თუ გამოსახდელად დაზარებულ ჭაჭას შენც გაუტან და დაუთმობ (ასეც მომხდარა ხოლმე), მეტი რაღა უნდა, თავისი ცისანეც ფეხებზე ჰკიდია და მიტუშეც, ერთადერთი აყვანილი ბიჭი რომ ეზრდება. დაიცა, ან იქნებ ამიტომაც, ჰა?..
…ბოლოს უღელტეხილზე ვნახე ოშოშია. იბისის ბუდესავით აგვაჯული ქოჩორი ისევ ურჩად ადგა თავზე და უზარმაზარ ჩრდილს სცემდა დიდი ხნის უწყლობით გამოშაშრული თიხნარის მსგავსად დაღარულ ჯანგარა სახეს. ნაცრისფერი თვალები უთვისტომო კაცისთვის დამახასიათებელ უსაშველო სევდას ამოეწყურუმებინა ასე მალე და აღარც მისი გულღიაობის გამამხელელი ღიმილი ჩანდა სადმე.
მსახვრალი ბედისწერის მიერ მარადი ურიას დარად უცნობ სავალს გატორღიალებული, ცოლ-შვილთან ერთად, ზურგზე ხურჯინივით მოკიდებული წარსულით მიალაჯებდა ბუნდოვანი და სახიფათო მომავლისაკენ.
სადღაც, უღელტეხილის უნაგირიდან დაშვებულს, მერამდენედ მომეწია და დასასვენებლად სველ, გადამხმარ ალპურ ბალახზე წამით მიწოლილს გვერდით ჩამომიჯდა და სიმწარენარევი, გაბზარული ხმით მკითხა: აქედან რომ ჩავაღწევთ, საით აპირებ წასვლასო. რომ ვუთხარი, მამისეული სახლი რომ მაქვს სამეგრელოში, იქ მივდივარ, სხვაგან სად უნდა წავიდე-მეთქი, ბედნიერი კაცი ხარ, ენგურსგაღმა არათუ ნათესავ-მეგობარი, უბრალო ნაცნობიც კი არავინ მყავსო… წამოდგა მძიმედ, სიარულში ერთი აიქნია თასმით ჩამოკიდებული ტომრით ჩამოზიდული მხარი და დაეშვა წინწასული ცოლ-შვილის დასაწევად. ახლაც მიბურღავს სმენას მისი სამდურავით გაჟღენთილი ხმა, ყრუ ტკივილი, რომელიც მისმა ნათქვამმა გულში ჩამიტოვა, აქამდე ცოცხლობს ჩემში და მოსვენებას მიკარგავს.
წარმოვიდგენ ხანდისხან: როგორ მოეწყო ახალ ადგილზე ოშოშია, როგორ გაიჩინა ენგურსგაღმა ახალი მეზობლები, ახალი მტერ-მოყვარე, ახალი მეგობრები და მოკეთეები… მისი ბიჭიც უკვე ცოლშერთული უნდა იყოს. იქნებ დაწვრილშვილებულიც. სოფლად რომ გაიჩენდა ფესვის მოსადგმელს, ამაში ეჭვიც არ მეპარება, ქალაქში, ასფალტზე რა მოასვენებდა მისი წარსულის პატრონს?!. არაყის სახდელ ქვაბსაც უეჭველად იშოვიდა ოშოშია, ინჭირიას და ჭაჭას ახალ ადგილზეც მოიძევდა, დარწმუნებული ვარ, იქაც გამოჩნდებოდნენ ახალგადმოწანწკარებული ცხელი არაყით პირის დაფუფქვის მოსურნეები, ზამთარ-ზაფხულ რომ ოშოშიას ქვაბთან იქნებიან მიძუძგული…
ოშოშიაც მკლავში ხელის წატანებით შეაკავებს თავაზიანად მოუარე სტუმარს და ღიმილით შეეხვეწება: _ მურე, ანწი, გემშუმდესკო ოშ-ოში, ქო, ქო გეფშვათ, მუქ გაღოლ, ანწი?!.
მეტსახელი აქედან არ გადაჰყვებოდა. ოშოშია იქ ხელახლა შეერქმეოდა…

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7092
Registration date : 09.11.08

სერგო წურწუმია Empty
PostSubject: Re: სერგო წურწუმია   სერგო წურწუმია EmptySat Aug 14, 2021 7:44 am

სერგო წურწუმია Ocinda10

სერგო წურწუმია

ბიჭი და სიმაღლე

კოშკი შორიდან არც ისე მაღალი ჩანდა, თანაც ბიჭი მთელი გზა გულს იკეთებდა. მართალია, ფეხი არ აუთრევია, აქეთაც თავისი სურვილით მოდიოდა და არა ვინმეს დაძალებით, მაგრამ სიმაღლის გაუცნობიერებელი შიში მაინც მყარად ჰქონდა გამჯდარი ძვალ-რბილში და საიდანღაც დიდი ძალისხმევით გამოხმობილ სიმამაცეს არად ქცევით ემუქრებოდა. თუმცა ფიზიკურ ტკივილამდე მისული თავმოყვარეობაც იქვე იძალებდა და ახლა ის არ აძლევდა უკან გაბრუნების უფლებას.
გუშინ ბიჭი მეგობრებთან ერთად მოვიდა ამ კოშკთან. მათთან ერთად შეუდგა სერპანტინად დაგრეხილ, კოშკის მრგვალი კედლის შიდა მხარეს შეყოლებულ ლითონის ღერებისგან შედუღებულ საშიშ კიბეს, მაგრამ თხუთმეტიოდე საფეხურზე აბიჯების შემდეგ უკუქცეული, დარცხვენილი გამოვიდა კოშკიდან და შინისაკენ ისე გაუყვა გზას, მეგობრებს არც დალოდებია. თითქოს მათი ბრალი ყოფილიყოს, გულდედლობა რომ გამოიჩინა.
დღეს მან სკოლა საგანგებოდ გააცდინა. არ უნდოდა ამჯერადაც გაკვეთილების შემდეგ, ბიჭებთან ერთად მოსულიყო აქ. არა, იმიტომ კი არა, რომ ისინი ისევ არ გამხდარიყვნენ მისი წახდენის მომსწრეები, რაკი გადაწყვეტილი ჰქონდა, უსიკვდილოდ ასულიყო კოშკზე და რადაც არ უნდა დაჯდომოდა, უკან არ დაეხია. უფრო იმიტომ, რომ არ უნდოდა, მისი ამ მცდელობის შესახებ საერთოდ ცოდნოდა ვინმეს.
კაცმა რომ თქვას, მას სკოლის გაცდენა მაინცდამაინც არ უჭირდა. შინიდან გამოსული ხშირად სრულებით უმიზეზოდ გადაუხვევდა გზიდან და ხან მდინარის ნაპირზე ამოყოფდა თავს, ხან უკაცრიელ პარკში, ხანაც ძველისძველ სასაფლაოზე, რომლის ხავსმოდებული, ნესტიანი ლოდები ასევე ძველი, გამოკეტილი ეკლესიის გარშემო იყო მიმოფანტული. ზოგჯერ კინოთეატრის ცარიელ შენობაში კლავდა დროს, სადაც კინომექანიკოსად მომუშავე ერთი უფროსკლასელის მეშვეობით შედიოდა და მარტოდმარტო უყურებდა ფილმებს, სეანსების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე. მოკლედ, მისთვის სულ ერთი იყო, სად გაატარებდა სკოლისთვის განკუთვნილ დროს, რომლის გაცდენაც შეიძლებოდა ძვირად დაჯდომოდა. საკმარისი იყო შემთხვევით ვინმე ახლობელს მოეკრა თვალი და ოჯახში მიეტანა ამბავი, რომ მკაცრი სასჯელი არ აცდებოდა. მიუხედავად ამისა, ბიჭი თავისას მაინც არ იშლიდა და სკოლას ხშირად აცდენდა. ამისთვის მას არანაირი საბაბი არ ჭირდებოდა. უბრალოდ, ყოვლად უმიზეზოდ შეეძლო დილას შინიდან სასკოლოდ გამოსულს იქით გაეტია, საითაც გული გაუწევდა. მასწავლებლებმა იცოდნენ მისი ახირებული ხასიათის ამბავი და თუ თავიდან ცდილობდნენ როგორმე მაინც დაესაჯათ თავგასულობის გამო, შემდეგ და შემდეგ შეეჩვივნენ, ჩვეულებრივ ამბად ექცათ ბიჭის ამგვარი უცნაურობანი, იმდენად, რომ აღარც კი ცდილობდნენ ოჯახი აეწრიალებინათ ამის თაობაზე. თანაკლასელებიც ფარული თანაგრძნობით ეკიდებოდნენ მის ქმედებას.
_ სად ხარ, ბიჭო, ახალ მთვარესავით რომ გამოანათებ, ათასში ერთხელ?! _ ყოველ გამოჩენაზე ერთი და იგივე სიტყვებს შეაგებებდა რუსულის მასწავლებელი, ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის შიშით სხვა მოსწავლეებს გაცდენა კი არა, ზედმეტი სიტყვის თქმაც ვერ გაებედათ გაკვეთილზე. ხანდახან თვითონ ბიჭსაც კი უკვირდა, რითი ახერხებდა იგი მასწავლებლების ასე მოთვინიერებას. დირექტორის გარდა, სკოლაში არ იყო ისეთი ვინმე, მისი ახირებებისათვის ანგარიში არ გაეწია. აი, დირექტორთან მისი ურთიერთობა კი რთული და განსაკუთრებული იყო. თუმცა ბიჭი ცდილობდა ნაკლებად შეფეთებოდა მას და არც დირექტორს ეტყობოდა ბიჭთან დავა-კინკლავის დიდი სურვილი. თუმცა თავიდან, ერთი-ორჯერ მაინც მოუხდათ დაპირისპირება, მაგრამ დირექტორი, რაკი შეატყო მასთან სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლებელიაო, შეეშვა და ცდილობდა ყურადღების ქვეშ ისე ჰყოლოდა, რომ ბიჭს შეუმჩნეველი დარჩენოდა ეს ამბავი. როცა მიხვდა, ცუდის არაფრის ჩამდენია და მხოლოდ მისი გულჩახვეულობისა და უკარება ხასიათის ბრალია გაკვეთილებს რომ აცდენსო, ხელი ჩაიქნია, იყოს როგორც უნდა, მთავარია ისეთი რამე არ ჩაიდინოს, მის გამო სკოლას რომ პასუხი მოსთხოვონ, თორემ თუ არ ისწავლის, ისე უქნია, ბაბუაჩემს მისწევია, ამ სკოლის დამთავრება იმდენმა უმეცარმა შეძლო, ვერც დაითვლის კაცი, ერთიც თუ შეემატა, არც მაგით დაიქცევა ქვეყანაო… ზუსტად ასე უთხრა ბიჭს _ ისე გესწავლოს, როგორც ბაბუაჩემმა ისწავლაო!.. ბიჭის თვალში დირექტორს ამით არაფერი დაკლებია. აქამდეც არაფერს წარმოადგენდა მისთვის ეს გაბღენძილი, უვიცი და თავკერძა ბებერი, რომლის ხელშიც სკოლა კოლონიას დაემსგავსა და შიშის, მაბეზღარობისა და ურთიერთსიძულვილის კერად იქცა და არა განათლებისა და კულტურისა…
ბიჭი კოშკის კარს მიუახლოვდა. თუმცა კარი აღარსად იყო. თავის დროზე წყლის ავზისათვის აშენებულ, დიდი ხნის წინათ უპატრონოდ მიტოვებულ კოშკს კარი და საკეტი სადღა ჰქონდა. ცალ, ჟანგისაგან შეჭმულ ანჯამაზე დამპალი კარის ჩარჩოს ფრაგმენტიღა კონწიალობდა. მეორე ფრთის ნამუსრევი ნაწილ-ნაწილ დაშლილი იქვე ახლო-მახლო იყო მიმოფანტული.
კოშკის რუხი-ვარდისფერი კედლების შიგნით გამეფებულ სიბნელეს სართულების სიმაღლეზე დატანებული ფანჯრებიდან შემოჭრილი შუქი ფლეთდა და წრიულად მიმაგრებულ კიბის საფეხურებს იმდენად ანათებდა, რომ ზედ ასვლა დაუბრკოლებლად შეიძლებოდა.
ის პირველი ათი დაწყევლილი საფეხური რომ აიარა, შვებით ამოისუნთქა. ახლა უკვირდა, გუშინ რა მოუვიდა, რამ შეუყენა შიში და გააბრუნა უკან. ბიჭების გამო არ დაურცხვენია. იმათ კარგად იცოდნენ, რომ უარეს სიტუაციებში მყოფსაც არ დაუხევია უკან. ნაბიჯს ნაბიჯზე დგამდა და თან ცდილობდა ქვემოთ არ ჩაეხედა. ერთი-ორჯერ თვალი მაინც გაექცა და გული შეუფრთხიალდა, მაგრამ კედელს მხარი მიაყრდნო და მზერა ზემოთ ააპყრო. მართალია, ქვემოთ მდინარის მორევი არ ბრუნავდა, მაგრამ საკმაო სიმაღლეზე ასულიყო და თვალი მაინც აუჭრელდა. თავბრუხვევას როგორც იქნა მოერია და მუხლებაკანკალებულმა გზა განაგრძო. ფანჯრის ჭრილს მიუახლოვდა, ხელი ჩარჩოს ჩაავლო და ცოტა ხანს შეიცადა. ერთი გაფიქრება ისიც გაიფიქრა, ხომ არ გავბრუნდეო, მაგრამ მყისვე უარყო ეს აზრი და გზა კვლავ განაგრძო. „უკვე ორმოცამდე საფეხური მექნება დარჩენილი, ოცდაცხრამეტი, ოცდათვრამეტი, ოცდაჩვიდმეტი…“ _ ბიჭი გულში ითვლიდა და თან ცდილობდა არაფერზე ეფიქრა გარდა იმისა, რომ ბოლომდე დაეძლია მანძილი, მას უნდოდა მხოლოდ საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინა ღირდა რამედ თუ არა…
ბიჭმა როგორც იქნა მიაღწია ზედა კარის ასევე ღია ჭრილს და გააბიჯა მასში. კარს მიღმა ბეტონის მართკუთხა მოედანი იყო. ოდესღაც იგი რკინის მოაჯირით უნდა ყოფილიყო შემოზღუდული, მაგრამ ახლა ღობურის მაგვარიც კი არაფერი ჰქონდა შერჩენილი. მოედანზე მტრედები ისხდნენ და უცხო არსების გამოჩენისთანავე ფრთხიალით აშლილები შორეულ ცას აფოფრილი ზღვის ქაფივით შეეშხეფნენ.
ბიჭი თავის დასამშვიდებლად ნელა ჩაჯდა. ქარ-წვიმისაგან გამოფიტულ-გამოხრული ბეტონი არასაიმედოდ ეჩვენა. ერთი ორჯერ მსუბუქად შეირხა, თითქოს მის სიმტკიცეს ამოწმებსო და რომ მიხვდა საფრთხე არ მემუქრებაო, უფრო მოხერხებულად მოიკალათა. მძიმე სუნთქვა უკვე დაუწყნარდა. სულში თანდათან სიმშვიდემ დაისადგურა და ბიჭი სივრცეების ჭვრეტამ მისდაუნებურად გაიტაცა. კოშკის აივნიდან განსაცვიფრებელი სანახაობა იშლებოდა მთელ თვალსაწიერზე. ბიჭი ხეთა კენწეროებს ზემოდან დასცქეროდა და მათ მიღმა შორეულ ჰორიზონტამდე განფენილი ტბასავით მოკამკამე ზეცის უძირო ლაჟვარდი თითქოს ფრთების გასაშლელად და თავდავიწყებით სანავარდოდ იწვევდა. ხეების რიგს მიღმა ვიწრო ქუჩებით დაქსელილი პატარა ქალაქის წითელსახურავიანი სახლებისაგან შემდგარი უბნები მიქუჩებოდა ერთი მეორეს. დასახლება, რომელიც ბიჭის ფეხებთან იწყებოდა, ასევე უცებ წყდებოდა საპირისპირო მხარეს და გარშემო მას ტრიალი მინდვრები და ხშირფოთლოვანი ტყით დაბურული გორაკები ერტყა. ჩრდილოეთიდან ნელი სიო ეფინებოდა სიცხისგან გათანგულ ქალაქს და ბიჭთან ერთად მასაც აძლევდა შვებას.
შორს ვერცხლის ქერეჭებით დაფენილი მდინარის ტანი ლაპლაპებდა მზეზე. თითქოს ცხადად შეიგრძნო მაცოცხლებელი ჩქერების მისი სხეულის ყოველი ფორისათვის აგრერიგად ნაცნობი სიგრილე. ვინ იცის, რამდენჯერ განბანილა თავადაც ამ ცრემლივით წმინდა წყალში, რამდენი უზრუნველი საათი გაუტარებია მის უკაცრიელ ნაპირზე გადმომდგარი ცაცხვებისა და აკაციების ჩრდილში წამოწოლილს და უოცნებია შორეულ და უცნაურ რამეებზე…
ბიჭი არ ნანობდა აქ ამოსვლას. იგი ახლა უბედნიერესი არსება იყო მთელი დედამიწის ზურგზე. თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში მას ჯერ კიდევ არ განეცადა საკუთარი მოქმედებით გამოწვეული ისეთი კმაყოფილება, როგორიც ამ წუთას დაუფლებოდა და მზად იყო ამ განცდის გასახანგრძლივებლად ნებისმიერი საქციელი ჩაედინა.
კარგა ხნის შემდეგ მტრედები დაბრუნდნენ. ბიჭმა ხელი არ შეუშალა შინ დაბრუნებულ ფრთოსნებს და სხეულში გამჯდარი მომთენთავი სიზარმაცით შებოჭილი მდუმარედ აკვირდებოდა მათ უკვე გათავხედებულ გოგმანს მისი სხეულის გარშემო. ბიჭს თითქოს შურდა კიდეც მტრედებისა, რადგან მათ შეეძლოთ ამაყად ფრთაგაშლილებს უზრუნველად ენავარდათ ცის კაბადონზე და დამტკბარიყვნენ სიმაღლეების დამპყრობთათვის მინიჭებული შინაგანი სილაღითა და შეუზღუდავი თავისუფლებით.
ბიჭი დიდხანს იჯდა აივანზე. მერე დუნედ წამოდგა. შეაბიჯა წყვდიადით ამოვსებულ ჭაში შემავალი კარის ჭრილში. მას ახლა თავბრუდამხვევ კიბეზე დაშვება ელოდა, რაც აქ ამოსვლაზე არანაკლებ საშიში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბიჭს ეს უკვე აღარ ადარდებდა…

24 ივლისი, 2004 წელი

study


Last edited by Admin on Sat Aug 14, 2021 8:21 am; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





სერგო წურწუმია Empty
PostSubject: Re: სერგო წურწუმია   სერგო წურწუმია Empty

Back to top Go down
 
სერგო წურწუმია
Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: