არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 მერაბ აბაშიძე

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6406
Registration date : 09.11.08

მერაბ აბაშიძე Empty
PostSubject: მერაბ აბაშიძე   მერაბ აბაშიძე EmptySat Sep 10, 2016 11:03 pm

მერაბ აბაშიძე Merab_11
Merab Abashidze

***
ერთმაც დაკარგა, მეორემაც, ‒
მიწად საბჯენი,
ორივემ იგრძნო ‒ ამიერით
სხვისი ბარგია,
მეფისთვის კვერთხი,
თუ ბრმისათვის ხის ყავარჯენი,
ნეტა რომელი უფრო მძიმე დანაკარგია?!


მერაბ აბაშიძე
(1 ივლისი, 1950 - 8 იანვარი, 2000)
ეექიმი, მწერალი

დაიბადა 1950 წლის 1 ივლისს ქალაქ თბილისში. საშუალო განათლება მიიღო 29-ე სკოლაში და სწავლა განაგრძო სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც 1975 წელს დაამთავრა. წერდა ლექსებს, მოთხრობების წერა 19 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი მოთხრობაა „აქეთ მაშხლები, კვაზიმოდო!“, მას მოჰყვა „პოეზიის ხანძრის ქალიშვილი“, „წყალში გადაყრილი მიხაკები“.
მწერლის მოთხრობები პირველად ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა და დიდი რეზონანსიც გამოიწვია, შემდგომ ჟურნალ „მნათობში“ და გამომცემლობა „მერანში“. სხვადასხვა დროს გამოცემულია მწერლის ნაწარმოებები – „აქეთ მაშხლები, კვაზიმოდო!“, „ცეროდენა ანგელოზი“, „ჯვარი“. მისი მოთხრობები თარგმნილია რუსულ ენაზე.
მწერლის შემოქმედების მიხედვით გადაღებულია სამი ფილმი – „აქეთ მაშხლები, კვაზიმოდო!“, „სერაფიტა“, „მეთევზე“; დადგმულია სპექტაკლები და რადიო-სპექტაკლები. 2001 წელს გამოიცა ორტომეული, რომელშიც მერაბ აბაშიძის სრული შემოქმედებაა თავმოყრილი. მწერლის მოთხრობა „აქეთ მაშხლები, კვაზიმოდო!“ შესულია ქარჩხაძის გამომცემლობის გამოცემულ წიგნში – მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგია.
მერაბ აბაშიძე გარდაიცვალა 2000 წლის 8 იანვარს, 39 წლისა.

წიგნები
* ჯვარი (რომანი). - თბილისი, მერანი, 1997. - 135 გვ.
* ანგელოზი (მოთხრობები). - თბილისი, მერანი, 1989. - 139 გვ.
* ზარის ხმა შუაღამისას . - თბილისი, 1988. - 38 გვ.
* Абашидзе, Мераб - Факелы, Квазимодо! : Повести и рассказы : Пер. с груз./Мераб Абашидзе; [Гл. редкол. по худож. пер. и лит. взаимосвязям при Союзе писателей Грузии]. - Тбилиси : Мерани, 1986. - 140,[2] с.; 20 см. Перед вып. дан. авт.: Абашидзе Мераб Коихосрович. Содерж.: Факелы, Квазимодо!; Дочь поэтического пожара; Магическое слово; "Будь милосердна..."; Гибли мои страсти; Крошка ангел; Два письма; Какую форму придать; Белая лошадь; Бессердечный человек, и др. произведения.

სცენარები ფილმებისთვის:
* ქალაქის მიღმა (ღამის ილუზია), რეჟისორი მარინე ხონელიძე, 1985
* სერაფიტა, რეჟისორი მარინე ხონელიძე, 1981

ბმული:
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001089/
* http://www.geocinema.ge/ge/scenari.php?kod5=276
* https://www.imdb.com/name/nm0007722/

Exclamation


Last edited by Admin on Tue Nov 03, 2020 7:32 pm; edited 10 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6406
Registration date : 09.11.08

მერაბ აბაშიძე Empty
PostSubject: Re: მერაბ აბაშიძე   მერაბ აბაშიძე EmptySat Sep 10, 2016 11:13 pm

რუსუდან გაბროშვილი

განაღე კარი, დაგმანული თორმეტი კლიტით

2002-05-31


ორი წლის წინ, 2000 წლის 8 იანვარს გარდაიცვალა 49 წლის მწერალი მერაბ აბაშიძე. ეს ამბავი, სამწუხაროდ, მისი შემოქმედების ბევრ თაყვანისმცემელსაც კი არ შეუტყვია, ანდა მხოლოდ დაგვიანებით თუ გაიგო - ესეც დროის მორიგი "სიურპრიზია" - ბოლო ათწლეულის სულიერებაგამოცლილმა ყოფამ ზოგი ფიზიკურად მოსპო (რომ არც გაგვიგია და ვერც დავიტირეთ!), ზოგს კი სული გაუნარეკლა. "თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი"...

მერაბ აბაშიძე სიცოცხლის ბოლო პერიოდში უკვე იმდენად იყო დაუძლურებული, მისი ლანდიღა დადიოდა, სულიღა იყო... ნაინფარქტალმა გულმა ვეღარ გაუძლო სასტიკ დროს, სასტიკ ზამთარს და ყველაფერს წერტილი დაუსვა. მწერალთა ამქარს გამოაკლდა ერთი უცნაურად ნიჭიერი კაცი - მაღალი, რიხიანი, გვემული, მაგრამ ამაყი, ღმერთთან და ეშმასთან მებრძოლი რაინდი. ეს სიტყვები რომ ცარიელი პათეტიკა არ არის, ბევრი დამეთანხმება.

მერაბ აბაშიძეს სულ 6 წიგნი აქვს გამოცემული. აქედან 5 სიცოცხლეშივე მოასწრო. მეექვსე კი სულ ახლახან დასტამბა გამომცემლობა "აჭარამ" (დირექტორი დავით თედორაძე). ეს გახლავთ მწერლის ორტომეული. მასში თავმოყრილია მერაბ აბაშიძის შემოქმედების სრული სპექტრი - პირველი ლექსიდან თუ მოთხრობიდან დაწყებული ბოლო სტრიქონამდე.

- ამ ჩემს კვაზიმოდოს გადააკვდნენ, თითქოს იმის მეტი არაფერი დამეწეროსო, - იტყოდა ხოლმე ხუმრობანარევი სინანულით. ისე კი, თავადაც უყვარდა იგი. 19-20 წლისა იყო, როცა "აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!" და "პოეზიის ხანძრის ქალიშვილი" დაწერა. დაბეჭდვით კი, უკვე 26 წლისას, 1978 წელს გამომცემლობა "საბჭოთა აჭარამ" დაუბეჭდა ისინი. საოცარი დამთხვევაა - პირველიც და ბოლო წიგნიც ბათუმმა გამოსცა.

რაც შეეხება თბილისს, აქ ცოტა არ იყოს, გაძნელდა საქმე. მერაბის მოთხრობები წლების მანძილზე "გაყინული" იყო "ცისკრის" რედაქციაში, რასაც იგი მტკივნეულად განიცდიდა. ბატონ რეზი თვარაძეს წააკითხა ისინი, რომელმაც ძალიან მოიწონა, 1984 წელს, როგორც იქნა, კრიტიკოს გურამ ასათიანის "გზის დალოცვით" დაიბეჭდა. ასეთი ლიტერატურული "ნათლობა" ბევრს არ ხვდომია წილად.

გურამ ასათიანი წერდა: "ახალი, ნამდვილად საინტერესო პიროვნების შემოსვლა ლიტერატურაში მძაფრად აღიქმება დამხვდურთა მიერ.

დაახლოებით ისეთი გრძნობაა, როცა კარგად მილაგებული, მყუდრო ოთახის კარი გაიღება და ვიღაც, წვიმაში გაწუწული, შემოაბიჯებს ტალახიანი ფეხებით, რომელიღაც ძვირფას ნივთს გამოედება, ყველაფერს ააწრიალებსირგვლივ და უცერემონიოდ, სულ სხვა კილოთი ჩაებმება ოთახში მყოფთა საუბარში".

გურამ ასათიანს თავის წერილში ჰქონდა შენიშვნებიც, მითითებებიც. ერთი რამ უდავო გახდა. იმ დროისათვის მერაბ აბაშიძე ახალი ლიტერატურული ესთეტიკის დამამკვიდრებელი იყო. იგი აუჯანყდა საყოველთაო სიყალბეს - ხელოვნებაში, ღმერთთან მიმართებაში, ზნეობაში თუ ჩვეულებრივ, ადამიანურ ყოფაში, ლამაზ, მაგრამ ყალბ კეთილშობილებას მახინჯი სიმართლე დაუპირისპირა და მისი რეაბილიტაცია მოახდინა... "შეინახეთ მკერდი კაბის ქვეშ, სულით კი ოქროს საპირფარეშოს კედლები წმინდეთ" - წერდა იგი.

მისი პირველი მოთხრობა "აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!" თვით ჰიუგოს კვაზიმოდოსაც კი უპირისპირდება თავისი სითამამით, ბრძოლის უნარით, ირონიით - ამ უტყუარი იარაღით, რომელსაც მერაბ აბაშიძე ბრწყინვალედ ფლობდა თავის მწერლურ სამყაროში. იმ დროისათვის ამგვარი გაბედულება, რა თქმა უნდა, ბევრისთვის მიუღებელი იყო.

არსებობს აზრი, რომ მერაბ აბაშიძე ტრაგიკული პიროვნება იყო. სად არის ამის სათავე? დედამისი, ქალბატონი ლილი თაყაიშვილი იხსენებს, რომ მერაბს ჯერ კიდევ მოსწავლეობისას მოუწია არსებულ რეჟიმთან შეხლამ. მე-9 კლასში ყოფნისას (თბილისის 29-ე სკოლაში სწავლობდა) ოლიმპიადაზე გამოიყვანეს და "კომკავშირული დაკვეთით" დაწერილი ლექსი წააკითხეს თურმე. ის კი წაიკითხა, მაგრამ პროტესტის ნიშნად, საკუთარი ინიციატივით, პატრიოტულიც მიაყოლა. ამის გამო დიდი საყვედური მიიღო ადმინისტრაციისაგან.

უცნაური ბედი დაჰყვა. 17 წლისა იყო, სამედიცინო ინსტიტუტის პირველკურსელი (იგი პროფესიით ექიმი-რენტგენოლოგი გახლდათ!), საკონკურსოდ წარდგენილ 150 ლექსში მერაბის ლექსი საუკეთესოდ სცნეს და სატელევიზიო ჩაწერაზე მიიწვიეს. მან იქ სულ სხვა ლექსები წაიკითხა თურმე: ერთი - საქართველოზე ("დედის რძიდან რქაწითელზე გადავდიოდით") და მეორე - ტიციან ტაბიძეზე, რასაც იმ გადაცემის რედაქტორი შეეწირა, ხოლო მერაბი ცეკაში დაიბარეს "გასასაუბრებლად". რამდენიმე დღეში ტიციანის რეაბილიტაციაც მოხდა. ეს პერიოდი იყო მაშინ... აქედან დაიწყო მისი სულიერი კრიზისი. იგი ბავშვობიდანვე ძალზედ მგრძნობიარე, ფაქიზი სულის იყო თურმე.

ამ ეპიზოდებით არ დასრულებულა მისი ახალგაზრდობის ჭექა-ქუხილილ. მთავარი წინ ელოდა... 70-იანი წლების დისიდენტურ ჟურნალში "ოქროს საწმისი" მერაბ აბაშიძის მოთხრობა დაიბეჭდა, რომელიც ზვიად გამსახურდიას ეძღვნებოდა. ამის გამო უშიშროების კომიტეტში დაიბარეს და მკაცრად გააფრთხილეს, რომ აღარ ჩაედინა ამგვარი საქციელი.. თუმცა, მარტო გაფრთხილება არ აკმარეს - დაიწყო მისი თვალთვალი, დევნა სუკის აგენტების მიერ. ერთხელ სახლშიც კი მიაკითხეს. ყოველივე ამან მერაბი დეპრესიაში ჩააგდო, ჩაიკეტა.

ქალბატონმა ლილიმ, ყველასგან ფარულად, უშიშროების კომიტეტს მიაკითხა, სადაც მისი თანაკლასელი მუშაობდა და მერაბის მდგომარეობაზე შესჩივლა. მან თურმე "დაამშვიდა", - არ გვინდა გზას ასცდესო, და ახალგაზრდა მწერლის მიმართ გამოჩენილი "ყურადღება"მასზე ზრუნვით ახსნა; თანაც, მერაბის წიგნის გამოშვება შესთავაზეს, რაზეც ქალბატონ ლილის კატეგორიული უარი განუცხადებია - ეს საკითხი ლიტერატორთა საზოგადოებაში უნდა გადაწყვეტილიყო, რისი დროც, მჯეროდა, დადგებოდაო.

...ბუნებით მორიდებული იყო მერაბი. არასოდეს უსარგებლია ზვიად გამსახურდიასთან ძველი მეგობრობით და არაფერი უთხოვია მისთვის პრეზიდენტობის დროს. ასეთი იყო მეგობრებთანაც, ოჯახის წევრებთანაც: რამდენადაც შემოქმედებაში მეამბოხე, იმდენად ცხოვრებაში - დამთმობი. სამედიცინოზეც მშობლების ხათრით ჩააბარა, თურმე. თავისი პროფესიით ძალზე მცირე ხანს იმუშავა... მისი მთავარი საქმე მწერლობა იყო. ოჯახსაც მხოლოდ ჰონორარით არჩენდა.

გარდაცვალებამდე ათი წლით ადრე ინფარქტი გადაიტანა. ზუსტად მაშინ დაიწყო ის საშინელი წლებიც: მატერიალურად ძალიან გაუჭირდათ. მისი მეუღლე - ელზა უმუშევარი დარჩა, მერაბის ჰონორარმაც იკლო. ერთადერთი, მერაბის ძმით ედგათ სული. ბოლო დროს, თურმე, ძირითადად იწვა - ლოგინში წერდა, კითხულობდა. სიცივის გამო ასე მიეჩვია და მერე უკვე სხვაგვარად აღარც შეეძლო. ყველაზე მეტად მაინც მარტოობას განიცდიდა. მეგობრების აუდიტორიის უქონლობას, რითაც ერთდროს განებივრებული იყო. პირველად ვოვა სიხარულიძე, შემდეგ ბადრი ჭოხონელიძე გარდაიცვალნენ, რამაც დიდი სიცარიელე დაუტოვა; ნათელა წამალაიძე საბერძნეთში წავიდა; ბოლო დროს მხოლოდ მელანო კოპაძე, მაკა ჯოხაძე და მისი მეუღლე, აკაკი მინდიაშვილი ეხმიანებოდნენ. ძალიან რელიგიური გახდა - ყოველდღე ლოცვებს კითხულობდა. სანამ შეეძლო, სიონში დადიოდა, შემდეგ - ლურჯ მონასტერში. ბოლო პერიოდის ლექსები მთლიანად მისტიკაა... მიწიერ ყოფას განრიდებული, სიკვდილზე ფიქრი დაღმერთთან შერიგება:

სულით და ხორცით
უფლისკენ ვილტვი,
მიწიერ ყოფას
სული დასცინის!
ო, სული ჩემი, უკვდავი სული,
ირგვლივ სიბნელე - სიჩუმე სრული,
ირგვლივ - ფერმკრთალი
შუქი ყვავილთა,
გონი მაღალთა შინა აღვიდა!
... ვდგავარ მდუმარი,
ჩამოყრილ ფრთებით,
და არც კი ვიცი, -
ვცოცხლობ თუ ვკვდები!
სულში მშფოთვარე
შრიალებს ქარი,
იხურება და იღება კარი,
მე, ალბათ, მალე გავაღწევ გარეთ...

- ეს მისი უკანასკნელი ლექსის სტრიქონებია.

...7 იანვარს დილით თავი დაიბანა და გარეთ გავიდა. ქუდს არასოდეს იხურავდა. რომ დაბრუნდა, ჩაწვა - ტანში მაჟრიალებსო. იმ ზამთარს მთელი ქალაქი რაღაც საშინელი ვირუსით იყო შეპყრობილი. ღამით ტემპერატურამ 40 გრადუსამდე აუწია. წამალი მისცეს. შუაღამისას სიცხემ დაუკლო, დაუძახა მეუღლეს და უთხრა: მე თუ რამე დამემართოს, არ დაიბნე, არც შეგეშინდესო. თითებზე პუნქტებად ჩამოუთვალა, რაც უნდა გაეკეთებინა. გული სიკვდილის მოახლოებას უგრძნობდა. მეორე დღეს დათომ - ძმამ მოაკითხა. წამლები მოუტანა. ისაუბრეს. მისი წასვლის შემდეგ უთქვამს, - ახლა წავუძინებო. 5 საათი იყო დაწყებული. წამლის დალევის დრო ჰქონდა. იფიქრეს, შევაღვიძებთო. ცოცხალი აღარ დაუხვდათ... ისევ თბილი კი იყო.

დადუმდა მეგობრების, ახლობლების "მაღვიძარა". დილის ძილს აღარავის დაუფრთხობს მისი ტელეფონის ზარი, - მე რომ მოვკვდები, ჩემი შესანდობარი ყავის დიდი ჭიქებით დალიეთო, - ასეთი ორიგინალური "ანდერძი" დაუტოვა მეგობრებს. ...კიდევ ბევრი რამ, რაც ნელ-ნელა ითქმება და ხშირად შეგვახსენებს თავს, როგორც მისივე სტრიქონები, რომელსაც ხშირად გვიკითხავდა მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს:

"განაღე კარი, დაგმანული თორმეტი კლიტით და შეაბიჯე ტანჯვასა შინა... ნუ შეგაშინებს ცეცხლის ტკაცუნი და ნუ შეგაკრთობს უხილავის კვნესა და გმინვა... განაღე კარი და განიბანე ცეცხლში, რომელიც დიდხანს გელოდა, და განინათლე სული წყვდიადში, ყოვლის განმჭვრეტი, მაღალი სული! იყავ ნათელი ამ უზღვავ ბნელში და მალე იგრძნობ, - უკვალოდ ქრება ყოველი, გარდა სიყვარულისა! ქარში დაშლილი ვარდის ფურცლებად გადაეფანტე იისფერ მინდორს, გახდი უფალი საკუთარ თავის, რათა კუთვნილი სამყარო ზიდო! დაიცხრე რისხვა! მოთოკე ვნება! დამალე ცრემლი! ღმერთი იყავი! რახან გაბედე ეშმასთან შებმა, არ გაიკეთო ყალბი ნიღაბი! ო, ვნება შენი, ვნება ხელოვნის, უზარმაზარი ყოვლისდამნთქმელი, სევდანი შენნი, უსაშველონი, წარიხოცება, როგორც ფანტელი, წარიხოცება, როგორც უმწეო და უსუსური ნისლი დილისა, ჰოი, სინათლევ ბნელის ქაოსში! მშვენიერებავ, ნათლის სხივისა! განაღე კარი, დაგმანული თორმეტი კლიტით და შეაბიჯე ტანჯვასა შინა!"

ბმული -
* http://www.opentext.org.ge/index.php?m=57&y=2002&art=9469


Last edited by Admin on Sun Sep 11, 2016 12:20 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6406
Registration date : 09.11.08

მერაბ აბაშიძე Empty
PostSubject: Re: მერაბ აბაშიძე   მერაბ აბაშიძე EmptySat Sep 10, 2016 11:26 pm

მერაბ აბაშიძე Merab%20Abashidze-01_zpspk08asax


მერაბ აბაშიძე

აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!


ნელა ავუყევი აღმართს...

მზე ჩადის...

ცივა...

პალტოს საყელო ავიწიე... (ვერც ამან მიშველა).

თავბრუ მესხმის...

ხელები მიცახცახებს...

არ იქნა და ის უცნაური გრძნობა ვერ მოვიცილე...

ვგრძნობ, რომ საცაა გადმოსკდება ამდენ ხანს დაგუბებული და დაგროვილი...

ყელი მიშრება...

ეს რა არის?

მეხდაცემულივით გავშეშდი!

გზაზე მთვრალების ხორხოცი ისმის.

ფრთხილად მივიპარები და არემარეს ვზვერავ.

გული უცნაურად მომეწურა და შემიფართქალდა!

ანდრო და მისი ამხანაგები!

წელმოწყვეტილი მივბრუნდი უკან და ხეს ამოვეფარე.

ველოდები, სანამ ჩაივლიან...

ისინი კი, ეტყობა, ჯერჯერობით არსად არ აპირებენ წასვლას;

რა ვქნა? გავიქცე, გავარღვიო ეს ბრბო და... პირდაპირ სახლისკენ... თუ?

თუ რა?

რომ ჩამავლონ?

მიმასიკვდილებენ!

ჯანდაბას! მიმასიკვდილონ... წამლიანი ბოთლი რომ გატყდეს?

ვერც კი ვიგრძენი, ისე ჩავცურდი ხეს მიყრდნობილი და პირდაპირ ტალახში ჩავჯექი. წამლის ბოთლი წინ დავიდე და გაყინული თვალებით ვუყურებ.

- "ცუდად ვარ" აფარფატდნენ ჰაერში მომაკვდავი ბგერები - "ძალიან ცუდად".

თავი გადავწიე და ცას მივაშტერდი...

სპილენძისფერ ცას ვარდის ბუჩქივით შელეკოდნენ ჩამავალი მზის შუქში გახვეული ღრუბლები.

გალაკტიონის ლექსი გამახსენდა.

შენი ცხოვრება არის ბუჩქი,

ჩამოფლეთილი ყოფნის კარამდის.

სადაც სიკვდილი და სადაც ჭუჭყი

განუყოფელად მიდის მარადის...

შენი ცხოვრება, - ვით შემოდგომა

არასდროს აღარ დაიზამთრება...

აცივდა და შენს გარშემო დგომა

ახლა არავის არ ენატრება...

შენი ცხოვრება ღონემიხდილი

არის ტალახი, ბოსელი, ქართა,

რისთვის გაშინებს, მითხარ, სიკვდილი,

თუ არვინ მოვა, სიკვდილის გარდა?

ვიცი, თუ როგორ გადიხარხარებს,

როცა გაიგებს სიკვდილის ხველას,

შენი ცხოვრება არვის ახარებს...

შენი სიკვდილი ახარებს ყველას.

ღაპაღუპით გადმომცვივდა ცრემლები, წამალი ავიღე და გულზე მივიხუტე. ჯერ ჩუმად ვტიროდი, მერე უცებ ხმამაღლა, გულამოსკვნით ავქვითინდი.

წამოვდექი.

ჩემთვის ახლა ყველაფერი სულ ერთი იყო.

ბარბაცით ავუყევი აღმართს.

აი, გამოჩნდნენ მთვრალი, დამცინავი ღიმილით დაბრეცილი სახეები.

ერთბაშად ყველამ შეწყვიტა ხორხოცი და მე მომაშტერდა...

მაღლა აღვმართე წამლიანი ბოთლი!

- ნინკა! - ვამბობ ჩახლეჩილი, გაბზარული ხმით და ვქვითინებ. - გამატარეთ ბიჭებო... გატყდება ბოთლი... ნინკა ცუდად არის! ძალიან ცუდად... გამატარეთ... ძალიან გთხოვთ!..

აღარ შეგაწყენთ თავს ფუჭი ყბედობით.

გამოვტოვებ რამდენიმე ფურცელს ჩემი ისტორიიდან.

ისე, თუ გაინტერესებთ, მოკლედ მოგახსენებთ, როგორ განვითარდა მოვლენები თუმცა ჭკვიანი მკითხველი ისედაც მიხვდება, როგორ შეტრიალდებოდა საქმის ვითარება.

ანდრო, რა თქმა უნდა, "ჩახვდა" რაღაც-რაღაცეებს, "გჰული მჰოულბა", ჩემმაიმდღევანდელმა მოქმედებამ აღძრა მის არსებაში კეთილშობილური ჰიმ... პუჰ... ლსე... ბი დაჰ... დავ... ძმა... კაც... დით!

მკითხველი, ალბათ, ფიქრობს, რომ ვაჭარბებ, როცა ასეთი აგდებული ტონით ვყვები, მაგრამ ეს ნერვიულობის ბრალია.

ახლა შევიხედოთ ოთახში, სადაც მე და ანდრო ვზივართ (უჰ! ბოდიში, პატივცემულო კონსტანტინე, - ვსხედვართ).

ღმერთო კი მომკალი... ეს რა არის... ჰა?

რამდენი ვუტრიალე ამ ოხერ ოთახს და ვერსად ჭუჭრუტანა ვერ ვუპოვე.

კარი კიდევ ისე მაგრადაა ჩაგმანული, რომ... ფჰიუეეე... კაი ქურდიც ვერ გააღებს...

ჯანდაბას, ისევ მოგიყვებით:

ჩვენი დამეგობრება იმით დაიწყო, რომ მეორე დილას ანდრო თვითონ გვეახლა, ავადმყოფი მოინახულა, მერე გვერდითა ოთახში გამიყვანა და მითხრა - თუ რამე დაგჭირდეთ, ჰა ჩემი კისერი და თქვენი ხმალიო.

ამის შემდეგ ჩვენი ხშირი სტუმარი გახდა.

მკითხველისათვის, ალბათ, საინტერესოა, მოვახსენო ამ ურთიერთობის შესახებ.

ე.ი. დამეგობრდნენ მტარვალი და მსხვერპლი...

რა გინდ სათნო და კეთილშობილი არ უნდა გახდეს მტარვალი მსხვერპლის მიმართ, როგორც არ უნდა ეცადოს ძველი შეცდომების გამოსწორებას, მაინც დიდ ტკივილებს აყენებს ტანჯულს, რადგან ამ უკანასკნელის თავმოყვარეობას მისდამი ეს თბილი, მამაშვილური დამოკიდებულება წარსულ წამებზე ნაკლებ როდი აღიზიანებს.

თანაც, მაყურებლის თანდასწრებით ხომ სულ უფრო ეწეწება და ეძაბება ნერვები.

(მაყურებელი - ნინკა გახლდათ).

ბატონებო! რომ გეყურებინათ ჩემი საცოდაობისთვის...

მკითხავდა რამეს ის ვირიშვილი ალერსიანად და... ჰაჰ! ხელად დაფეთებით ვუყურებდი თვალებში, ვეგრიხებოდი, ვეპრანჭებოდი, ფინიასავით ვწკავწკავებდი, მკერდზე ვახტებოდი თათებით (თან მეშინოდა, მისი ახალთახალი კოსტუმი არ დამესვარა), ხანდახან ვებუტებოდი...

მაშინ ის ძვალს მომიგდებდა, თავზე ხელს გადამისვამდა, ქეჩოს მომფხანდა და მეც ვმშვიდდებოდი და ისევ მორჩილად შევყურებდი თვალებში.

ჰო... ერთი სასაცილო ამბავი გითხრათ... გივი ეჭვიანობდა...

და რაზე?

ეგონა, რომ ანდრო ნინკას სანახავად მოდიოდა ხოლმე (ისაა. ნინკას და ანდროს ამბავი მაინცდამაინც არც მე მომწონდა. ნამეტანი ხშირად ისხდნენ ცალკე და რაღაცას ტკბილად ჭუკჭუკებდნენ).

თუმცა, რა მეგივიებოდა და მენინკებოდა, ისე ვიყავი ჩემი ახალი მეგობრით გატაცებული. მთელი ჩემი ფიქრები მისკენ იყო მიმართული.

იმდენს საყვარელ ქალზე არ იფიქრებს, ალბათ, კაცი, რამდენსაც მე იმაზე ვფიქრობდი.

საწყალი გივი!

მოვიდოდა, ჩამოჯდებოდა სკამზე და გვიყურებდა.

სცენები იყო! ჰო და ჰო!

თეატრებში რომ ასეთი სპექტაკლები იდგმებოდეს, ზღვასავით მიაწყდებოდა ხალხი.

ჰოდა... ჩემო პელაგიე, ქეც მიხაროდა შინ ყოფნა და ქეც ვგიჟდებოდი...

ანდროს, ეტყობა, მაინცდამაინც არ სიამოვნებდა მისი იქ ყოფნა და იგესლებოდა, მაგრამ გივი მაინც ერთი წუთით არ გვცილდებოდა განუყრელ სამეულს.

ერთი სიტყვით, ანდროს გარდა, ყველანი ადუღებული კუპრით სავსე ქვაბში ვიჯექით.

ვიწოდით, მარა... ვიცინოდით და კაცს, რომელიც ფიჩხს უმატებდა კოცონს, ხელებს ვულოკავდით.

თქვენ, ალბათ, მკითხავთ, - ნინკა რაღაზე იხრაკებოდაო?

რაზე და იმაზე, რომ ანდროს სიტყვაზე თუ შემოხედვაზე ისიც ჩვენსავით წითლდებოდა და ფერადდებოდა...

ბოლოს გივიმ გადაწყვიტა, ხმა აემაღლებინა არსებული წესწყობილების წინააღმდეგ.

იმჟამად შინ არ ვიყავი. როცა სახლში მივედი, ნინკა ტახტზე ჩამხობილიყო და ქვითინებდა.

ირგვლივ ყველაფერი ყირაზე იდგა.

- რა მოხდა?

არაფერი მიპასუხა.

უხმოდ გავედი სამზარეულოში, ჩამოვხსენი კედელზე ჩამოკიდებული პატარა ხორცის საკეპი ნაჯახი და კართან მივედი.

ნინკა წამოდგა და...

- ვთხოვდებიო, - მითხრა.

გავშეშდი...

- ვიზე? - ამოილუღლუღა "ვიღაცამ".

- ანდროზე!

აღგზნებული იყო. თვალები უცნაურად უბრწყინავდა.

გაოგნებული მივედი და გვერდით მივუჯექი.

- ეს რაა? - მივუთითე დამსხვრეულ ავეჯზე და დაბდღვნილ საბნებსა და ბალიშისპირებზე.

ისევ ტირილი წასკდა.

- იჩხუბეს! - ამოიღნავლა.

- მერე?

გულზე მომეყრდნო, ერთიანად ცახცახებდა.

- მერე?

- საწყალი გივი!..

ეს იყო და ეს.

ორ კვირაში იქორწინეს კიდეც.

ძალიან მინდოდა ხელის მოწერას დავსწრებოდი, მაგრამ ანდროს და ნინკას შევატყვე, რომ მაინცდამაინც არ ესიამოვნებოდათ ჩემი იქ ყოფნა, ასე რომ... ავდექი და იმ დღეს საერთოდ არ გამოვჩენილვარ.

(ჰო, მართლა... - არ დაგავიწყდეთ, მთელი ეს ხანი თითქოს სიზმარში ვიყავი). ვერ წარმომედგინა, - ნინკა და ანდრო - ცოლ-ქმარი. ნინკა - ანდროს მიერ შეცდენილი და მიგდებული - კიდევ ჰო, მაგრამ - ნინკა მისი მეუღლე? ეს ნამდვილად გადასარევი რამ გახლდათ... მაგრამ მე მაინც არ გადავრეულვარ და ხელის მოწერის დღეს გივისთან ავედი.

ერთი გენახათ, რას გავდა.

ეტყობა, ამ ორი კვირის განმავლობაში, რაც ჩვენი სახლიდან შინ ნაჟეჟი მიბრუნდა, ტანსაცმელი არ გამოეცვალა. თვალები ამოლურჯებული ჰქონდა, თავი შეხვეული, გახეთქილ ღაწვზე იოდი წაესვა.

- როგორა ხარ?

არაფერი მიპასუხა, წავიდა და პატარა ტაბურეტზე ჩამოჯდა.

- ჰა, რა ცხვირი ჩამოუშვი, - ვცადე გამემხნევებინა.

დუმდა. მერე ნაცემი ძაღლივით ამომხედა, მომაკვდავი კაცის ღიმილით გამიღიმა, საჩვენებელი თითი სახეზე დაიდო და...

- ხედავ, რა მიქნაო, - ამოიხრიალა.

- რა მოხდა, შე კაცო, - დავამშვიდე, - ისე, რატომ მოგივიდათ ჩხუბი?

გაბრაზებულმა შემომხედა, ხელი ჩაიქნია, რაღაც ჩაიბურდღუნა.

- ჰა... ამოღერღე... (ვითომ არ ვიცოდი).

- დიდი უთავმოყვარეო კაცი ხარ! - დაიღრინა უცებ.

ჩავიცინე.

- რა გაცინებს შე...

- ჰმჰ... დაამთავრე!..

წამოდგა, ზიზღით ამათვალიერა, ... დაჰ! ისევ ტაბურეტზე დასკუპდა.

- მართლა... - (არ ვიტყოდი, მაგრამ ამ შემოხედვამ საშინლად იმოქმედა) - ქორწილში ხომ არ წავსულიყავით?

... წარბშეკრულმა შემომხედა.

მაგიდასთან მივედი, სიგარეტის კოლოფი ავიღე, ერთი ცალი გამოვაძრე, პირში გავირჭე, მოვუკიდე, გავაბოლე... ფჰიუ-მეთქი!

- ჰა... (რაღაც სადისტური გრძნობა დამეუფლა, თუმცა, რა გასაკვირია, სადიზმი დაგემართოს კაცს ჩემს მდგომარეობაში) - რას იტყვი, ხომ არ წავსულიყავით?

- ვის ქორწილზე? - ხრინწიანი ხმით იკითხა.

- ჩემი დაიკოსი და ანდროსი...

გაოცებით შემყურებდა.

- რა იყო? - ვკითხე და მის წინ ჩავიცუცქე.

- ...

- რაო, რას მომაშტერდი? რა გეგონა აბა, მეძავი იყო ნინკა, თუ როგორ? უყვარდათ ერთმანეთი, მაშ! უყვარდათ!

- ...

- რა მოგივიდა? - ვკითხე შეშინებულმა, როცა დავინახე, როგორ ჩაეტეტკა უეცრად სახე და მიცვალებულს დაემსგავსა.

- რა დაგემართა? - ვუმეორებ!

- რა დაგემართა! - ვყვირი!

ის კი ზის...

თავით ფეხებამდე ცახცახებს...

უცებ წამოვარდა, საყელოში ჩამავლო ხელი და მაგრად შემაჯანჯღარა... მინდა, თავი გავითავისუფლო, მაგრამ ისე ჩამბღაუჭებია, რომ განძრევის საშუალება არა მაქვს... კბილები საზარლად დაუკრეჭია და ახრჭიალებს, ხროტინებს... იხრჩობა...

- რა მოგივიდა? - ვჩურჩულებ ათრთოლებული. ხელს მიშვებს.

- წადი! - მეუბნება.

უხმოდ მივდივარ.



* * *

ორი დღის შემდეგ გავიგე, გივიმ თავი მოიკლა.

ორლულიანი თოფიდან გამოვარდნილი ჟაკანი წერტილივით დაესვა მის ხანმოკლე სიცოცხლეს.

და მართლაც, თვითმკვლელების სიცოცხლე რაღაცით მაგონებს ლექსის სტრიქონებს.

ახლა ერთი სასაცილო ამბავი გითხრათ:

ჩემს მეგობარს სიკვდილის წინ ბარათი დაეწერა, რომელიც აღელვებულს იმავე ლოგინზე დაეგდო, სადაც შემდეგ წამოწოლილიყო და თავი მოეკლა. სასამართლო ექსპერტიზამ მხოლოდ ერთი სიტყვის წაკითხვა შეძლო - "ძვირფასო"... დანარჩენი სისხლში მოთხვრილიყო.

როცა ეს ამბავი გავიგე, ჩემმა ავადმყოფურმა გონებამ იმ წუთშივე წარმოიდგინა, როგორ მოჭმუჭნიდნენ საქმისათვის გამოუსადეგარ ქაღალდს და ფანჯარაში მოისროდნენ.

იმ დღეს, ალბათ, ქარი იქნებოდა...

აფარფატდებოდა ქარში უკანასკნელი განწირული გოდება, აილუფხებოდნენ სისხლში მოთხვრილი ბგერები და ჰაერში მორიალე ყვითელი ფოთლები ერთმანეთში...

გაბრწყინდებოდნენ უჩვეულოდ...

წამოვიდოდა ციცინათელების წვიმა და ლაჟვარდოვან შარავანდედად დაედგმებოდა მათგან წამოსული სინათლის სხივებისაგან დაწნული გვირგვინი ჩემი მეგობრის გამხმარ სხეულს, რომელიც - მოკრუნჩხული და გაშეშებული, - ყინულის ქანდაკებასავით იწვა დიდი ქალაქის რომელიღაც ჭუჭყიან, შავ პროზექტურაში.

* * *

გამოხდა ხანი (ძველი მემატიანის თქმისა არ იყოს).

ანდრო ჩვენთან დაბინავდა.

სახლში მამამისს სამი რძალი ეჯდა... ასე რომ, ჩვენი სენაკი არჩია.

თუმცა... რატომ სენაკი? სამოთახიანი ბინა არ არის პატარა. თანაც, მე იმათ ხელს არ ვუშლიდი. სამზარეულოში მიმიჩინეს კუთხე. ალბათ, იქიდანაც გამომაგდებდნენ, მარა - ჰუმანურობა, პატენი, ადამიანურობა!

ბოლო დროს სიძუკელამ ისევ გაიხსენა ძველებური ჰოფოფები და... ღამით მთვრალი რომ მობრუნდებოდა, მეც მომინახულებდა ხოლმე სამზარეულოში, მაგრამ მე მის ასეთ გულისხმიერებას ფილოსოფიურ ახსნა-განმარტებას ვაძლევდი. იგი - რელიგიის შვილი გახლდათ - იეზუიტი... წმინდანი! მე კი - ალქაჯი. ასე, რომ, ის ჩემთვის ზრუნავდა და ცდილობდა უწმინდური სული ამოებერტყა ეშმაკის გვამიდან.

მაგრამ ჩემი სული არ გახლდათ ასე ადვილად გასაძევებელი თავისი სამფლობელოდან. მე კი არ მგავდა - სამზარეულოში რომ გავფრინდი და თუ მეტყოდნენ, სახურავზეც ავიდოდი.

იგი ჯიუტად ებღაუჭებოდა ხორცს და გლუვი კუნთებისაგან აშენებულ, წითელი და ლურჯი ძარღვებით მოფარდაგულ კედლებიან სანგარში ჩამჯდარი ერთ ნაბიჯს არ დგამდა, არც წინ, არც უკან.

ჰო... მართლა! ნინკა ფეხმძიმედ იყო, - მეშვიდე თვეში.

ხანდახან, როცა ესმოდა, როგორ მირახუნებდნენ სამზარეულოში, შემოვიდოდა და დაჩოქილი ემუდარებოდა ჩემს ჯალათს - თავი დაანებე ძმა არის ჩემიო.

მაშინ ანდრო კიჭებს გააკრაწუნებდა და (ჭ-არა, წ!) ერთს იმასაც წაუთაქებდა ხოლმე.

ერთხელ ისე უთაქა, რომ ნინკას მუცელი მოწყდა და საავადმყოფოში წასაყვანი გაგვიხდა.

ჰოჰ... როგორ დაგვიტკბა ხელად ანდრო-ბატონი...

მაგრამ... ჩემი მოწამეობრივი სიმშვიდე, სანამ საავადმყოფოში ნინკას თავზე ვადექი, თანდათან სიშ-ლე-გე-ში გადადიოდა და... ერთ დილას, როცა სანოვაგით ხელში საავადმყოფოში მივედი... ხოლო ექთანმა შეწუხებული სახით გამიყვანა გვერდით და გაბზარული ხმით მითხრა, - წუხელ ისევ სისხლისდენა აუტყდა და გარდაიცვალაო, - ექთნის წინ უკვე გიჟი იდგა, რომელსაც სანოვაგით სავსე კალათა გულზე მიეკრა და შემზარავად ხარხარებდა.

დავმარხე თუ არა ერთი მიცვალებული, იმ დღიდანვე შევუდექი მეორეზე ფიქრს... ჩემს წარმოსახვაში ანდრო უკვე მოარული გვამი იყო და სხვა არაფერი.

ახლა საჭირო იყო ყველას დაენახა, რომ მიცვალებული მხოლოდ მიწაში უნდა იწვეს!

იარაღში, რომელსაც ყველასათვის კიდევ ერთხელ უნდა ეუწყებინა ეს უძველესი ჭეშმარიტება, - ცხრა ცალი ახალთახალი, შავად მოელვარე ტყვია იყო!

სამ ცალზე - ნ ი ნ კ ა ეწერა!

სამზე - გივი!

დანაჩენთ ჯვრები დავუსვი!

მაგრამ... ანდრო გარეთ არ გამოდიოდა.

ამიტომ გადავწყვიტე თვითონ მომენახულებინა...

ბატონებო! სადღაც ყური მომიკრავს - სამართლიანი შურისძიება ბედნიერს ხდის ადამიანსო. არ ვიცი, რამდენად სწორად მოგაწოდეთ ეს სადღაც გაგონილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ახლაც ბედნიერად ვგრძნობ თავს, როცა იარაღმომარჯვებული ვდგავარ ჩემი მტრის სახლის კარის წინ, ერთიანად ვცახცახებ და დაკაკუნება ვერ გამიბედავს; ვაითუ მამამისმა ან სხვა ვინმემ გააღოს კარი, ყვირილი ასტეხოს და დამნაშავემ ფანჯრიდან გადახტომით უშველოს თავს.

მაგრამ არა! ეს არ შეიძლება მოხდეს!

დამერწმუნეთ, ძვირფასო სკეპტიკოსებო, რომ კარს მხოლოდ ანდრო გააღებს და სხვა არავინ!

და როგორც კი გააღებს, - გადაწყვეტილი მაქვს პირველი ტყვია მუცელში ვხეთქო, როცა იგი დაეცემა, ტკივილებისაგან მთლად დაკრუნჩხულს მკერდზე ფეხი დავადგა, დავჭირო და აუღელვებლად, მშვიდი ღიმილით დავცხრილო!

ო, რა წკვარამი ღამეა!

მე მგონი, მკითხველი ვერ დაინახავს ამ სამართლიანი განჩინების აღსრულებას!..

მაშ... გავაჩირაღდნოთ ეშაფოტი!

ა ქ ე თ მ ა შ ხ ა ლ ე ბ ი... კ ვ ა ზ ი მ ო დ ო!


ბმული -
* http://www.opentext.org.ge/index.php?m=28&y=2001&art=489]


Last edited by Admin on Sun Sep 11, 2016 1:43 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6406
Registration date : 09.11.08

მერაბ აბაშიძე Empty
PostSubject: Re: მერაბ აბაშიძე   მერაბ აბაშიძე EmptySat Sep 10, 2016 11:29 pm

მერაბ აბაშიძე Merab%20Abashidze-00_zpsw0ixa4sw

მერაბ აბაშიძე

აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!

რადიოსპექტაკლი ჩაწერილია 2002 წელს

მონაწილეობენ:
გოგა გორგასანიძე,
ლილი ხურითი,
არჩილ ბარათაშვილი,
ნანა ხურითი,
რევაზ თავართქილაძე,
კახა ჭოლაძე.

ინსცენირების ავტორი და რეჟისორი - ლევან ლორთქიფანიძე

ხმის რეჟისორი – რომეო ტერ–გრიგორიანი

ბმული -
* http://radio1.ge/ge/videos/view/129839.html


Last edited by Admin on Sun Sep 11, 2016 2:10 am; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6406
Registration date : 09.11.08

მერაბ აბაშიძე Empty
PostSubject: Re: მერაბ აბაშიძე   მერაბ აბაშიძე EmptySun Sep 11, 2016 12:31 am

მერაბ აბაშიძე Merab%20Abashidze-03_zpspcmwhogi

მერაბ აბაშიძე

განაღე კარი

განაღე კარი, დაგმანული თორმეტი კლიტით
და შეაბიჯე ტანჯვასა შინა...
ნუ შეგაშინებს ცეცხლის ტკაცუნი და
ნუ შეგაკრთობს უხილავის კვნესა და გმინვა...
განაღე კარი და განიბანე ცეცხლში,
რომელიც დიდხანს გელოდა,
და განინათლე სული წყვდიადში,
ყოვლის განმჭვრეტი, მაღალი სული!
იყავ ნათელი ამ უზღვავ ბნელში
და მალე იგრძნობ, - უკვალოდ ქრება
ყოველი, გარდა სიყვარულისა!
ქარში დაშლილი ვარდის ფურცლებად
გადაეფანტე იისფერ მინდორს,
გახდი უფალი საკუთარ თავის,
რათა კუთვნილი სამყარო ზიდო!
დაიცხრე რისხვა! მოთოკე ვნება!
დამალე ცრემლი! ღმერთი იყავი!
რახან გაბედე ეშმასთან შებმა,
არ გაიკეთო ყალბი ნიღაბი!
ო, ვნება შენი, ვნება ხელოვნის,
უზარმაზარი, ყოვლისდამნთქმელი,
სევდანი შენნი, უსაშველონი,
წარიხოცება, როგორც ფანტელი,
წარიხოცება, როგორც უმწეო
და უსუსური ნისლი დილისა,
ჰოი, სინათლევ ბნელის ქაოსში!
მშვენიერებავ, ნათლის სხივისა!
განაღე კარი, დაგმანული თორმეტი კლიტით
და შეაბიჯე ტანჯვასა შინა!

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6406
Registration date : 09.11.08

მერაბ აბაშიძე Empty
PostSubject: Re: მერაბ აბაშიძე   მერაბ აბაშიძე EmptyFri Feb 08, 2019 8:39 pm



მერაბ აბაშიძე
აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!

ინსცენირების ავტორი და რეჟისორი - ლევან ლორთქიფანიძე
ხმის რეჟისორი - რომეო ტერ-გრიგორიანი
მუსიკალური გამფორმებელი - ხათუნა ბედელაძე
რეჟისორის ასისტენტი - ნათია ხოშტარია

მონაწილეობენ: გოგა გორგასანიძე, ლილი ხურითი, არჩილ ბარათაშვილი, ნანა ხურითი, რევაზ თავართქილაძე, კახა ჭოლაძე.

ჩაწერილია 2002 წელს.

ბმული:
* https://youtu.be/hzfx15doavc

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6406
Registration date : 09.11.08

მერაბ აბაშიძე Empty
PostSubject: Re: მერაბ აბაშიძე   მერაბ აბაშიძე EmptyFri Feb 08, 2019 8:43 pm



მერაბ აბაშიძე
წყალში გადაყრილი მიხაკები!

რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟისორი - რომეო ტერ-გრიგორიანი
მუსიკალური გამფორმებელი - ლალი იმნაიშვილი

მონაწილეობენ: თამარ დათუაშვილი, მაია ტურიაშვილი, რევაზ ჩხიკვიშვილი, ზურაბ ცინცქილაძე, თემურ ხუციშვილი, უშანგი კაპანაძე.

ჩაწერილია 1987 წელს.

ბმული:
* https://youtu.be/PTpTeB3pLrI

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6406
Registration date : 09.11.08

მერაბ აბაშიძე Empty
PostSubject: Re: მერაბ აბაშიძე   მერაბ აბაშიძე EmptySun Jul 05, 2020 9:09 pm

მერაბ აბაშიძე Merab_10

მერაბ აბაშიძე

***
მზე გატყდა...
ცხელი, წითელი ცილა
ჩამოიღვარა ვერცხლის სილაზე
აფრიალებულ ალის სინაზედ
განიბნა ყველგან ლალი და ლილა.
ჩამოკრა თითი ქალწულმა ლირას,
და აწკრიალდა ძველი საკრავი...
მწყემსავდა ფარას მდინარის პირას,
სილაში ძოვდა მისი ცხრა კრავი.
ო, მოჩრდილულთა თვალთა ალერსო,
შუქო თვრამეტი ცისფერი სანთლის,
მოდით, ეს დანა კარგად ავლესოთ,
სანამ უფალი სხივებად გაგვთლის.
სანამ ერთმანეთს შევეფანტებით
და ღრუბლებივით განვიფინებით...
მზის და სინათლის თეთრი ბარტყები –
დავიფარებით შავი ფილებით.

მოთხრობიდან: „იხრჩობოდნენ ჩემი ვნებები“

ბმული:
* http://217.147.235.82/bitstream/1234/295641/1/Choroxi_2017_N6.pdf

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6406
Registration date : 09.11.08

მერაბ აბაშიძე Empty
PostSubject: Re: მერაბ აბაშიძე   მერაბ აბაშიძე EmptySat Oct 31, 2020 10:08 pm

მერაბ აბაშიძე

სოფელი

კვამლით შავად შეღებილი ქოხი,
დილის ბინდი გადაღვრია სხვენს,
კედელს ფრთხილად მიყრდნობილი თოხი
ყანას ხედავს სიზმარში და თვლემს.
გარეთ ქარი სალამურზე უკრავს,
მოციქული მიწისა და ცის...
და ღვთისმშობლის ოქროსფერი ნუკრი
შუაცეცხლთან მოწყენილი ზის!


* * *
ხშირად აღარ იკაწრება შეუცნობლის კედელი...
ცოტა დარჩა ჭეშმარიტი სილამაზის მჭვრეტელი.
ხოლო სისხლი ‒ ძარღვებიდან ფურცლებისკენ დაძრული,
აღარ ფიცხობს, მოსწონს თითქოს, მყუდროება ტაძრული...
ჰო, დაწყნარდა ჩემი სისხლი, გული ჩადგა საგულეს
და ისე ვწერ, ისე, თითქოს ‒ ტბაში გედებს ვაპურებ.
მაგრამ იქნებ ვცდები კიდეც, ვბითურდები, ვრიტორობ!
აბა, ერთი აგრიალდი, ჩემი სულის ლითონო!
მაგრამ მახსოვს მცნება ერთი, ვარ ამ მცნების მცნობელი,
გვირილით არ შეიცნობა, ყრუა წუთისოფელი!
ამიტომაც დაცხრა სისხლი, გული ჩადგა საგულეს
და ისე ვწერ, ისე, თითქოს, ‒ ტბაში გედებს ვაპურებ!


* * *
ჩვენ ვართ მიწა,
ჩვენ ვართ ზეცა,
ჩვენ თქვენს სულში ვიფოთლებით...
ჩვენ ვართ გმინვა,
ჩვენ ვართ ფეთქვა,
ჩვენ ვართ ლექსის სტრიქონები!


* * *
ერთმაც დაკარგა, მეორემაც, ‒
მიწად საბჯენი,
ორივემ იგრძნო ‒ ამიერით
სხვისი ბარგია,
მეფისთვის კვერთხი,
თუ ბრმისათვის ხის ყავარჯენი,
ნეტა რომელი უფრო მძიმე დანაკარგია?!



* * *
(სულით და ხორცით
უფლისკენ ვილტვი,
მიწიერ ყოფას
სული დასცინის!
ო, სული ჩემი, უკვდავი სული,
ირგვლივ სიბნელე - სიჩუმე სრული,
ირგვლივ - ფერმკრთალი
შუქი ყვავილთა,
გონი მაღალთა შინა აღვიდა!
... ვდგავარ მდუმარი,
ჩამოყრილ ფრთებით,
და არც კი ვიცი, -
ვცოცხლობ თუ ვკვდები!
სულში მშფოთვარე
შრიალებს ქარი,
იხურება და იღება კარი,
მე, ალბათ, მალე გავაღწევ გარეთ...)
.
- ეს პოეტის უკანასკნელი ლექსის სტრიქონებია.


* * *
მე ხიდზე ვზივარ,
მზის ყვავილებს ღიმილით ვუვლი,
წყალს არვინ მითმობს,
მათხოვარი ვარ,
წინ ქუდივით მიგდია სული;
― ჩაყარეთ სითბო!


* * *
აღდგა ერი ― საწნახელში მაჭრის ქაფი აჩანჩქერდა,
აღდგა ერი ― განწირული შავ წკვარამში ჩასაჩეხად,
აღდგა ერი ― აგიზგიზდა ალად მცხრალი ნაკვერცხალი,
აღდგა ერი ― მზით გაბრწყინდა ნატაძრალში ნაფრესკალი.
აღდგა ერი ― ისევ მღერის ლილისფერი ზეცის კალთა,
აღდგა ერი ― ვაჟკაცთა და ტანასხლეტილ ლამაზ ქალთა,
აღდგა ერი ― გმირთა, ბრძენთა, მგოსანთა და ერისკაცთა,
აღდგა ერი ― რუსთაველის და ილიას ერი აღდგა.
აღდგა ერი ― განკითხული, დასიცხული, დარბეული,
აღდგა ერი ― ამოღვარა ვანის მიწამ განძეული.
აღდგა ერი ― დასეტყვილ ველს ვარდისფერი მოლი მოსავს,
აღდგა ერი,
აღდგა ერი,
აღდგა ერი,
მოგილოცავთ!


*
მარადიული გიზგიზებს ცეცხლი!..
საძმო საფლავზე გიზგიზებს ცეცხლი,
ეს არის სული, სული უკვდავი,
ვდგევარ მდუმარე და კარგად მესმის
რას ნიშნავს სიტყვა ― შეუსუდრავი.
ან ვინ შესუდროს ალი მგზნებარე,
მარადიული, დაუცხრომელი,―
ზემოთ რომ იწევს მკლავებს მღელვარედ,―
თითქოს დაღუპულ შვილს ხმობს მშობელი...
საძმო საფლავზე გიზგიზებს ცეცხლი!


Arrow


Last edited by Admin on Tue Nov 03, 2020 6:34 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6406
Registration date : 09.11.08

მერაბ აბაშიძე Empty
PostSubject: Re: მერაბ აბაშიძე   მერაბ აბაშიძე EmptySat Oct 31, 2020 10:10 pm

მერაბ აბაშიძე

ილუზიონისტი

ქუჩაში მივდიოდი. ცივი. უსიამო დღე იდგა. ცრიდა. ქარი ქროდა და ციოდა. უცებ ზურგზე ხელის შეხება ვიგრძენი. შემოვბრუნდი. ჩემ წინ მაღალი, ჩამომხმარი კაცი იდგა, რომელსაც რაღაც ანაფორასმაგვარი ტანსაცმელი ეცვა. იგი ჩემკენ გადმოიხარა, გაიღიმა და ჩურჩულით თქვა:
‒ მე შენ გიცანი!
დაბნეულად მივაჩერდი.
მან ხელმკლავი გამიყარა და თავისი გზით გამიტაცა.
‒ აქ შევიდეთ! ‒ მიმითითა რომელიღაც ეზოზე.
ანგარიშმიუცემლად მივყევი.
ეზოში ნაძვების ხეივანი იყო. მან ხეივანში შემიყვანა, სკამზე ჩამოჯდა და მეც მთხოვა, დავმჯდარიყავი. დავჯექი, იგი გაბრწყინებული თვალებით მიმზერდა.
‒ მაშ ეს შენა ხარ? ‒ მკითხა და ისევ გაიღიმა.
მხრები ავიჩეჩე.
არაფერი მიპასუხია.
‒ ეს ცის გახსნასავით იყო, ‒ ყვებოდა იგი, ‒ ჩავუთქვი, რომ თუ დღეს ქუჩაში გავიდოდი, მე-12 შემხვედრი ჩემზე უფრო ტანჯული სულის მქონე ადამიანი იქნებოდა. ვინა ხარ? ‒ ჯიქურ შემეკითხა იგი.
‒ ადამიანი, ‒ მივუგე მცირე ხნის დუმილის შემდეგ.
მან თავი დაიქნია.
‒ ჰო, ‒ თქვა. ‒ ადამიანი... მაგრამ ხელობით... რა პროფესიის ხარ?
‒ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ‒ ვთქვი მე ‒ მთავარია, რომ დიდად მხიარული ადამიანი მართლაც არა ვარ.
‒ შენ ხელოვანი ხარ! ‒ თქვა მან უცებ.
თავი დავუქნიე.
‒ პოეტი? ‒ მკითხა.
გაკვირვებით შევხედე,
მას სიცილი წასკდა.
მან მხიარულად გადაიხარხარა მერე უცებ მოსხიპა სიცილი, ერთხანს გარინდებული იჯდა, შემდეგ პირი ყურთან მომიტანა და ჩუმად, სისინით თქვა:
‒ სულელიც ყოფილხარ!
‒ არ მესმის! ‒ ვთქვი ოდნავი გაბრაზებით.
ხელი ჩაიქნია.
უცებ ცისკენ აღაპყრო თვალები, ხელები საყვირივით მიიდო პირზე და ხმამაღლა, ყვირილით, სიმღერასავით დაიწყო:
‒ გვტანჯავ ხოლმე, უფალო, რისთვის?! ცოდვილად გვაქცევ ხოლმე, რისთვის? ჯვარზე გვაკრავ ხოლმე, რისთვის?! გვსრეს ამაოების ტვირთქვეშ, რისთვის?! რისთვის! რისთვის! რისთვის!
ცივად წამოვდექი.
‒ მოიცა! ‒ წამოხტა იგი, ‒ სად მიდიხარ?!
‒ მეჩქარება! ‒ ვთქვი მე.
‒ ეწყინა, ‒ ჩაფიქრებით თქვა მან, მერე თითი მომიშვირა. ‒ გეწყინა? ‒ გაიმეორა.
მხრები ავიჩეჩე.
მან ხელები პეშვებად შეკრა.
უცებ მის პეშვებში ცეცხლმა იელვა.
‒ მახე! ‒ ჩამახედა პეშვებში.
იქ ორი, დიდი ბრილიანტი ენთო.
‒ ერთი ჩემი სულია, მეორე კი ჩემი სატრფოსი, ‒ თქვა მან. ‒ იცი, ვინ არის ჩემი სატრფო?
თავი გავიქნიე.
‒ მშვე-ნი-ე-რე-ბა! ‒ დამარცვლით თქვა მან. ‒ ჩვენ ყველას ხელში გვიჭირავს როგორც საკუთარი თავი, ასევე ჩვენს შემეცნებაში არსებული მშვენიერება. ხედავ, როგორი მხურვალე, თვალისმომჭრელი ალით იწვიან ორივენი? მაგრამ, რაც უნდა დაგვწვას ამ საუნჯემ, მაინც არ უნდა გავუშვათ ხელიდან. ასე არ არის?
‒ არ ვიცი! ‒ ვთქვი ყრუდ.
მან ბრილიანტები ძირს დაყარა.
‒ ისინი უბრალო ქვის კენჭებად იქცნენ.
‒ ხედავ? ‒ თქვა მან, ‒ საკმარისია ხელიდან გაუშვა ისინი და ფა-ფუ!
‒ მაგრამ ისინი ახლა იმას წარმოადგენენ, რაც ნამდვილად არიან! ‒ ვთქვი მე.
იგი დაკვირვებით მომაშტერდა.
‒ აჰ, ასე, ‒ თქვა და მოიღუშა.
ერთხანს დუმილი ჩამოწვა.
‒ წავალ, ‒ ვთქვი ბოლოს და წამოვდექი. მას არაფერი უთქვამს.
მივდიოდი და მეღიმებოდა, როცა იმ საბრალო ილუზიონისტს ვიგონებდი, რომელსაც რაღაც მანქანებით შეეძლო ცეცხლი გაეჩინა უბრალო ქვებისთვის... ჰო, ცეცხლს ეთამაშებოდა ილუზიონისტი.. მაგრამ მე იგი ვიცანი. ამ ათიოდე წლის წინ ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა. ცირკიდან ლოთობისთვის გამოაგდეს. ამის შემდეგ არ მინახავს... ამბობდნენ, სადღაც რაიონებში გამოდისო...
მივდიოდი და მეღიმებოდა. მაგრამ უცებ ღიმილი პირზე შემეყინა და გავიფიქრე ‒ ნუთუ მართლაც სასაცილო იყო ყველაფერი ეს?

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6406
Registration date : 09.11.08

მერაბ აბაშიძე Empty
PostSubject: Re: მერაბ აბაშიძე   მერაბ აბაშიძე EmptySat Oct 31, 2020 10:11 pm

მერაბ აბაშიძე Merab%20Abashidze_zpsrkqurr9c

მერაბ აბაშიძე

მშვენიერი საცთუნებელი


სალამი ბატონებო! მოკითხვა ზოოპარკის მუზეუმიდან!.. რკინასა და მინაში ჩასმული გველებისგან! მათი სახელით ვწერ ამ წერილს. მომიტევეთ, თუ რაიმე ისეთი წამომცდა, რაც გაღიზიანებთ. ჩვენ არ ვაპირებთ დიდაქტიკური ბარათის მოწერას. წმინდანები რომ არა ვართ, ვიცით. უბრალოდ, გვინდა გაგიზიაროთ ზოგიერთი გამოცდილება. ერთი შეკითხვაც გვაქვს.
ბატონებო! გალიიდან ხშირად გაკვირდებით და ვხვდებით, რომ... არ გიყვარვართ. აქამდე ვერ გაგვიგია, რა არის ამის მიზეზი. ნუთუ ის, რომ სლიპნი და ხორკლიანნი ვართ? მართალია, ზოგიერთი თქვენგანი ლამაზადაც გვთვლის... (პოეტური ბუნების ადამიანები, უფრო ქალები), მაგრამ... უმრავლესობას მაინც ვეზიზღებით.
თუმცა, რასაც ვამბობ, შეიძლება ჩვენი კომპლექსის ბრალიცაა. ჩვენ ხშირად ვიცვლით ტყავს და ტყავის გამოცვლისას ამაზრზენნი ვართ ხოლმე. ეს კი საყმაწვილო სენს გავს (რა უნდა იყოს იმაზე საშინელი, როცა ლამაზ ყრმას ან ქალწულს სახეზე ან ტანზე გამოაყრის?). სწორედ ეს საბედისწერო ფერისცვალებაა ალბათ (ტყავის გამოცვლისას) ჩვენს არასრულფასოვნების კომპლექსს რომ აყალიბებს.
მაგრამ, ამაზე შემდეგ...
ჩვენდამი შიში ჩვენივე შხამით არის გამოწვეული, რაზეც ღმერთს მადლობას ვწირავთ. უშხამოდ ხომ ჩვენ საზიზღარი ჭიები ვიქნებოდით და სხვა არაფერი: გონიერ არსებებადაც გვთვლით... მაგრამ რაც არ უნდა გონიერი ვიყოთ, თქვენ მაინც ვერ შეგედრებით მოხერხებითა და ეშმაკობით. აკი მოახერხეთ ჩვენი დაჭერა და რკინასა და მინაში ჩასმა. ამას კი ადამიანის გარდა ვერავინ მოახერხებდა.
ბატონებო, შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ რასაც ახლა გეტყვით, ლამაზი სიტყვისთვის არ ვამბობთ. ჩვენ გვიყვარხართ თქვენ!
დიახ, სწორედაც რომ არ გვძულხართ და ალბათ ეს არის სწორედ სიყვარული... თუმცა, როგორც გავიგეთ, არსებობს სხვა სიყვარულიც, როცა თურმე მოყვასი საკუთარ თავზე მეტად გიყვარს. მაგრამ ეს მე მგონი სისულელეა და თქვენშიც ალბათ ძალიან ცოტაა ამგვარი ბრიყვი.
ახლა კი გვინდა აგიხსნათ ჩვენი აღშფოთების მიზეზი იმ ერთი შემთხვევის გამო, რომლის მიმართაც, იმედი გვაქვს. გულგრილნი არ დარჩებით და პირობას მოგვცემთ, რომ ამიერიდან მსგავსი ინციდენტი არ განმეორდება. (ჩვენის აზრით, მსგავსი რამ არც უნდა მოხდეს ცივილიზებულ სამყაროში).
ეს ორი კვირის წინ მოხდა.
საღამო იყო.
უცებ მუზეუმის კარი გაიღო და 10 წლის გოგონა და მაღალი, შედარებით ახალგაზრდა, გამხდარი მამაკაცი შემოვიდა (ეტყობა, მამა-შვილი იყო, რადგან საშინლად გავდნენ ერთმანეთს). რაღაც უცნაური იერი ედო ამ მამაშვილს, ორივეს მაღალი, სპეტაკი შუბლი და ცეცხლოვანი, თუმცა ნაღვლიანი თვალები ქონდათ.
მამაკაცი ჩვენს დანახვაზე მოიღუშა. მერე სახეზე ღიმილმა გადაუარა, იღლიიდან უცნაური ნივთი გამოიღო. რომელიც აქამდე არც შეგვიმჩნევია (და რომელიც ვიოლინო გამოდგა). ერთი ნაბიჯი წინ წამოდგა და... ააქვითინა ჯადოსნური საკრავი.
ამას არც ერთი ჩვენგანი არ ელოდა.
მთელი საგველეთი მივაწყდით გალიის მინებს, რათა არაფერი გამოგვპარვოდა ამ ღვთაებრივი მელოდიიდან... სულმოუთქმელად ვიჭერდით ჰაერში მოფარფატე, მშვენიერ ბგერებს, თვალზე ცრემლი გვადგებოდა... გვაგონდებოდა თავისუფლება... დიახ, ჩვენ შეგვეძლო დაუსრულებლად გვესმინა ეს მელოდია... დაბოლოს, დაკვრა შეწყდა.
მამაკაცი ერთხანს მდუმარედ გვიყურებდა, მერე დაბნეულად გაიღიმა, ბავშვს რაღაცა უთხრა და... ორივენი გავიდნენ.
ახლაც კი, როცა ვიგონებ ამ წუთს, სიბრაზისაგან ვკანკალებ.
რა იყოს ეს? დაცინვა თუ სიბრალული? თუ დაცინვა იყო, კიდევ არაფერი, მაგრამ ამ კაცს ნაღვლიანი სახე ჰქონდა... ბავშვსაც! ის დაბნეული ღიმილიც არ ამომდის თავიდან! ჰო! რა თქმა უნდა სიბრალული იყო, დასწყევლოს ეშმაკმა! ალბათ შეებრალა გალიაში გამოკეტილი თავისუფლებაწართმეული გველები და... შეგვიბრალაჰჰ!!!
ამას კი ნაღდად ვერ ავიტანთ, ბატონებო!
იმ დღეს ჩვენ მზად ვიყავით გაგვემსხვრია მინები და რკინები, მოგვეძებნა ის ბავშვი და კაცი, დაგვეკბინა, დაგვეგესლა, დაგვეგლიჯა, დაგვეხრჩო და მერე თუნდ მოვმკვდარიყავით.
მაგრამ ის მუსიკა! ღმერთო ჩემო! ის მუსიკა ხომ ჩვენში დარჩება სამუდამოდ! არა, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს! ყველაფრის ატანა შეუძლია გველს, მაგრამ სიბრალულისა კი ‒ არა! იმ მუსიკის მოსმენის შემდეგ კი საშინლად დამცირებულად ვგრძნობდით თავს. ერთმა განსწავლულმა ასპიტმა თქვა, ეს ‒ შუბერტის „ავე მარია“ იყოო. შეიძლება ასეც არის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას? ჩვენ მასხარად აგვიგდეს... არა, რას ვამბობ... შეგ-ვიბ-რა-ლეს! მტერსაც არ ვუსურვებ ასეთ რამეს. სწორედ ეს უნდა გვეკითხა თქვენთვის, ბატონებო! საიდან ჩნდებიან თქვენში ისეთი ადამიანები, ვისაც თავისი წყეული ნიჭით და გაუაზრებელი მოქმედებით ძალუძთ აღაშფოთონ უნასებიც კი, რომლებიც ყველაზე ცივსისხლიან არსებებად ითვლებიან? არადა, იმ ადამიანის მოქმედება მართლაც გაუაზრებელი იყო. მას ეს თავისი ეგრეთწოდებული კეთილშობილებით მოუვიდა ალბათ. ისე კი, გეტყვით რომ ჩვენ ამაზე დიდი დამცირება არ გადაგვიტანია. ახლა კი კმარა! რის ცივსისხლიანები ვართ, თუ თავს ვერ შევიკავებთ (რაც არ უნდა დიდი იყოს შეურაცხყოფა).
ჩვენ არ გვითქვამს, რომ ტყავის გამოცვლის ჟამს განმარტოვებას მიველტვით ხოლმე. ჰოდა, უნდა გითხრათ, რომ იმ მელოდიის მოსმენის შემდეგ ბევრ ჩვენგანს გაუჩნდა სურვილი განმარტოვებისა.
დიახ...ვეყარენით ცალ-ცალკე გალიის ფსკერზე და მჭვუნვარედ ვუმზერდით, ჩვენს მნახველებს. ერთი სიტყვით, ჩვენ ტყავს ვიცვლიდით, მაგრამ ეს სხვაგვარი ტყავის გამოცვლა იყო. საშინლად უმწეონი გვეგონა თავი. საჭირო იყო სიმხნევის მოპოვება და ეს იმ ასპიტმა მოახერხა, რომელმაც მელოდიაში „ავე მარია“ შეიცნო.
იგი ნელა მიუახლოვდა დედალ ჭრელ უნასს, რომელიც თავისი ლამაზი ტანით გამოირჩევა და ახლოს მიუწვა. ჯერ ყურადღება არ მიგვიქცევია მათთვის. ისინი ფრთხილად გაეხახუნნენ ერთმანეთს, მერე მძლავრად, დაბოლოს ერთ ერთ გორგალად იქცნენ. ჟრუანტელმა დაგვიარა. ყველამ მათკენ მივაბრუნეთ თავი, ისინი კი თავგამოდებით ეტრფოდნენ ერთურთს.
და უცებ... ასპიტმა თავისი შხამიანი კბილები ყელში ჩაასო სატრფოს.
ერთბაშად შევკრთით!
მერე... გონება გაგვინათდა და... ასპიტის სიბრძნით საშინლად კმაყოფილნი, საზარელი ხმით ავსისინდით.
მივხვდით, რომ ტყავის გამოცვლა დამთავრდა.
ჩვენ ავითვისეთ ახალი სიბრძნე
‒ სიყვარული სასიკვდილო საცდუნებელია!
(სიყვარული აქ ზოგადი მნიშვნელობით იხმარება, ქალბატონო!)
მართლაც, სიყვარული ახლაც და წინა შემთხვევაშიც ხაფანგი გამოდგა.
ამ შემთხვევამ ისევ შეგვმატა საკუთარი თავის რწმენა და ღიმილით გადავხედე ასპიტს, რომელიც თავისი მკვდარი სატრფოს სხეულს კედლისკენ მიათრევდა, მადლობა შევწირეთ და გავიტრუნეთ რაღაც სიახლის მოლოდინში... თუმცა, რა უნდა ყოფილიყო ეს სიახლე, რომ გეკითხათ, ვერავინ გეტყოდით...

Arrow


Last edited by Admin on Tue Nov 03, 2020 7:27 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6406
Registration date : 09.11.08

მერაბ აბაშიძე Empty
PostSubject: Re: მერაბ აბაშიძე   მერაბ აბაშიძე EmptyTue Nov 03, 2020 6:26 pm

მერაბ აბაშიძე

სპილენძის ვარდი

პოემა


ღამეა... ჟამი იდუმალი,
მთვარის სხივები
ცერცხლად ციმციმებს გალიების
შავ გისოსებზე.
იატაკზე ვარ გაწოლილი, და ჩემთვის ვფიქრობ,
ვფიქრობ იმ დღეზე,
როცა ვიყავ თავისუფალი.
ახლა ვინა ვარ? გალიაში გამოკეტილი
ორანგუტანგი... მიმი გახლავთ
ჩემი სახელი.
ვიცნობდეთ ერთურთს! თუმცა, აბა,
რაში გჭირდებათ
ჩემი გაცნობა. მე დაცინვაც მეყოფა თქვენი.
დამცინეთ! აკი მეც დავცინი
ჩემს ბედს და ყოფას.
მაგრამ რატომღაც სევდიანი გავხდი
ბოლო დროს!
... ვგრძნობ რომ ვბერდები
ამოგანგლული სიბინძურეში,
იავარქმნილი, პატივაყრილი,
მე მაინც შენზე მაღლა ვდგავარ, ადამიანო!
დიახ, უცხოა შენთვის ხილვანი ‒
მე რომ მეწვევა ბინდიან ღამით...
მშვენიერება, ცით გარდმოსული
ჩანს ხოლმე სიზმრის
სიფრიფანა, ცისფერ კედელზე...
რამდენჯერ ვცადე მივახლებოდი,
ამაოდ დავშვრი, დავრჩი ეულად!
ხანდახან რისხვით ვარყევ გისოსებს,
ეს მაშინ,
როცა მაგონდება თავისუფლება.
დიახ, მე ვიცი, ერთხელ იქნება ‒
გავამსხვრევ რკინის მტკიცე გისოსებს
და გავიქცევი!
მაგრამ ჩუ! არვინ ამოიკითხოს
ეს აზრი ჩემი თვალების ფსკერზე!
ღამე კი, ღამე, იდუმალებით
ავსებს ყველაფერს ‒ ბნელი და ცივი
და მე საკუთარ ლანდს ვემალები,
სულს ვაჩვევ ლოდინს,
ხორცს ვაჩვევ ტკივილს.
ხოლო ხანდახან, როცა ტკივილი
გაუსაძლისი ხდება ძალიან,
მაშინ საკუთარ თავს ვუმეორებ ‒
‒ შენი ბრალია!
‒ შენი ბრალია!
ალბათ, როდისმე შეცდომა დიდი
დავუშვი, რომლის გამოსწორება
არც მე, არც არვის
არ ძალუძს ქვეყნად...
მაგრამ, ო, მაგრამ, ნუთუ წვალება
არ კმარა ჩემი?
ნუთუ არ კმარა, რაც ავიტანე?
სად ჩაიძირა ოცნების გემი?
რომელ მეჩეჩზე დაიმსხვრა ნეტავ,‒
თეთრი, ალისფერ აფრააშლილი,
ვერ დააღწია თავი ქარიშხლებს,
ვერ ესალბუნა ო, ჭირთა ჩემთა!
და ჰა... თენდება!
ეს ერთი დილაც
მოიპარება,
და ჰა, მეც ნელა და ზანტად ვდგები...
ვუახლოვდები გისოსებს რკინის,
და ჰა... ვიღვიძებ.
გაოცებული დავყურებ ჩემს ტანს!‒
აწ გარდასახულს კაცის სხეულად,
მერე წყაროსთან მივდივარ სწრაფად,
და არც კი ვიცი, რას, მაგრამ ველი,
ველი და ვფიქრობ რაღაცას ჩემთვის...
ეჰ, ღამეს მაინც დილა სჯობს მუდამ,
არა! აქედან გავიქცე უნდა!
ისევ ვფიქრობ და ვდუმვარ და ვწუხვარ...
აჰა, მზეც აღჩნდა...
სხივები ცხელი
მომისვა თავზე, მკერდზე, სხეულზე,
გამოაფხიზლა გონი ‒ მთვლემარი,
და გაფაჩუნდა მცირე იმედი,
ორანგუტანგის გატანჯულ სულში.
ვხედავ ‒
მოადგა ვიღაც გალიას!
ვინ არის ნეტავ? უცხო ქალია...
იცინის, საკვებს მაწოდებს ფრთხილად...
ვართმევ, ვჭამ, მერე მადლობას ვუხდი,
ის კვლავ იცინის, იცინის დიდხანს
და სავსე მკერდი უხტის და უთრთის.
მერე კი მიდის... და ვრჩები მარტო.
ზეცას ვუმზერდი, რუხს და ნაღვლიანს,
ვფიქრობდი ‒ ნეტავ რატომ გონიათ,
რომ ეს სიცოცხლე ‒ მხოლოდ შუღლია
და ერთმანეთთან ბრძოლად შეხლილი
რატომ იცლება მთელი სამყარო
სისხლით, რას ამბობს საღვთო წერილი
ამაზე?
ვზივარ და პასუხს ველი...
ხოლო პასუხი არა და არ ჩანს,
(ეტყობა რჩება გაურკვეველი),
და ამის ნაცვლად ჩემს გალიასთან
აჭრელებული მოცურდა გველი.
მიყურებს, დიდხანს მიყურებს იგი
და მეკითხება?
‒ ნუთუ ტყვეობით არ დაიღალე?
მე არც კი ვიცი, რა ვუპასუხო...
ის პასუხს ელის.
‒ ჰო, დავიღალე და დავიტანჯე...
ვამბობ და სახეს ვისრისავ ხელით.
‒ მაშ, რად არ ცდილობ გაქცევას, მითხარ?
მისვამს უნასი მეორე კითხვას.
‒ როგორ გავიქცე, ან სად? ‒ ვპასუხობ,
‒ დავბერდი, უკვე არ ვარ ჩაუქი.
‒ არა არის რა აქ საჩაუქო!
უკმაყოფილო ჩემი პასუხით
ამბობს გველი და იკვრება რკალად
‒ ჰო, მერე, როცა აქედან წავალთ,
უნდა ვიპოვოთ ადგილი კარგი,
სადაც სამალავს ვიპოვით სანდოს!
‒ წავალთ? და როდის? ‒ კვლავ ვეკითხები,
ის ამბობს ‒ მალე! სულ მალე, ნახავ!
და ჰგავს უნასი დაგრეხილ ბაწარს
და მე მისდამი ნდობით ვივსები.
და ჰა, მოველით
იმ დღეს, სასწაულს,‒
რომელსაც ჰქვია თავისუფლება!
ვერ მოახერხა ‒ ასცილებოდა შხამს,
გადავაბიჯეთ მოკლულ მომვლელის გვამს.
გარეთ ვართ უკვე, გააფთრებულნი მივქრით,
სწრაფნი ვართ, როგორც ადამიანის ფიქრი!
გამოქვაბულში შევდივარ ფრთხილად...
ჰო, არა უშავს აქაურობას.
შუაში წყნარად რაკრაკებს წყარო,
კედლიდან დურჯი სურო დამცქერის,
დაღლილ-დაქანცულს მერევა ძილი
და ისიც მოდის ‒ მშვიდი და ტკბილი.
უსიზმროდ გადის ეს ერთი ღამე,
არ ჰგავს წინანდელთ...
სულში უცხო რამ შუქი ჩადგა, დაიბინადრა...
მაინც საიდან, ასე მკრთალი, ლბილი სინათლე...
ახლა მე მგონი, ჩემმა სულმა
რაც რომ ინატრა!
კამკამა წყალში, როგორც სარკეში
კრთის და ციმციმებს ჩემი სახე,
ჩემი თვალები,
ჰოი, უფალო, და სამყაროს იდუმალებავ!
ნუთუ დღეიდან აღარავის დავემალები?
იღვიძებს გველიც,
არ მაშორებს ალმაცერ მზერას,
ამბობს ‒ ჰო, მინდა დავიჯერო, და
კიდეც მჯერა!
მე კი, მე ისევ დავრჩები იმად,
რაც უწინ ვიყავ!
მე ‒ სიხარულით ღამის შეშლილი,
გარდაქმნილი და სახეშეცვლილი,
მთელი სულით და გულით რომ ვხარობ,
აღარ ვცილდები კამკამა წყაროს,
ვეხლები კედლებს, ხმამაღლა ვყვირი,
გველი კი ამბობს ‒ მოკუმე პირი,
კვლავ მაიმუნად არ გარდისახო!
ჟამი კი გადის... მიიპარება...
სულის სარკმლები ‒ ჩემი თვალები,
არ ემალება უკვე არავის,
მგონი გათავდა ჟამი წვალების,
და როგორ იქნა, დავდგი კარავი
აწმყოს ნაპირზე ‒ სიზმრების მშვიდის...
წარსული ‒ როგორც ზღაპარი, მითი,
გადის ჩემგან და მიედინება...
და ისევ ვხედავ სატრფოს სახებას
სიზმრის კარავის ცისფერ კედლებზე,
და მე ‒ იმ ლანდის მკრთალი ნათება
მიკვალავს ცისკენ მიმავალ გზას,
როგორც მლოცველი, დაბლა ვაგდივარ,
მოვთქვამ, ავსტირი უხორცო ლანდს.
განვიდა ჩემგან ავი, ბოროტი,
ეს თასი უნდა შევსვა ბოლომდის,
სიზმრით პირთამდე აღვსილი თასი,
რომ ცხადის უფრო შევიცნო ფასი.
და ზოგჯერ თუმცა ვივსები რისხვით
და მეყინება ძარღვებში სისხლი,
როცა ვიგონებ გარდასულ დროს,
და იასამნის ფაფუკი რტოც
იქცევა მაშინ რკინის სატევრად!
ნეტავი ვინ ან რამ ამადევნა
ჯოჯოხეთური, შავი ხილვები
ამ დროს თითქოსდა ორად ვიყოფი,
(დამეხილი ხე რომ გაიყოფა)...
და მაინც ცოცხლობს,
და მაინც სუნთქავს,
იმკობა, მაინც მწვანით იმკობა!
მე მენატრება ზოგჯერ ტანჯვა,
ასეა, რა ვქნა...
მე მენატრება დაცინვა და
ზიზღი, ძაგება,
ვერ ვუმორჩილებ სულის ფეთქვას
გონივრულ განსჯას,
და ჩემს სიზმარში შენი სახე
ისევ ცხადდება,‒
ო, მშვენიერო დულსინეა!
ეს მე გიმღერი ‒
დამძიმებული ტანჯვით, სევდით,
ლექსით, სიმღერით,
მოაპყარ ყური ჩემს გოდებას,
მოვმართე საზი
შენს სადიდებლად...
ვინ არს შენზე ლამაზი, ნაზი!
შენსკენ მაქვს ორთავ ხელი გაწვდილი,
ნუთუ ხარ მართლა მხოლოდ აჩრდილი?
მაშ, რატომ ჩანხარ ასე მკაფიოდ?
დგახარ და ერთვი ციურ დაფიონს!
ო, დულსინეა, იკმარო იქნებ
ჩემი ტანჯვა და ჩამოჰყვე კიბეს...
ჩამოჰყვე კიბეს სხივთა და ჩრდილთა,
ო, დულსინეა, იწამე ღმერთი!
აღრეულია სისხლი და შლამი,
აღრეულია თაფლი და შხამი...
ისევ ღვართქაფად მოედინები
სულო და ისევ ტანჯვით ითვრები...
საოცარია არსება შენი!
რამ დაგავიწყა ის შავნი დღენი,
ისევ რომ ნატრობ გარდასულ ტანჯვას...
ასე რომ ეტრფი ჩრდილს თუ ზმანებას...
კვლავ ვიმეორებ ‒ გონებით განსჯა
რად ვერ გარწმუნებს ლანდს უკარებას
რომ უიმისოდ არ გაგეძლება
და ფეხქვეშ მიწა გამოგეცლება!
რატომ, როდიდან, რად ხდება ასე?
რა ამისთანა ბალღამი გასვეს,
რა შხამი იყო ამგვარი ტკბილი,
რომ ვეღარ იგებ, სად არის ჩრდილი,
რომ ვეღარ იგებ ‒ სად არს ნათელი.
მაინც შორს რბიან ჩემი ფიქრები,
კვლავ მესმის ჩემი გულის ფართქალი...
და რაღაც უცხო, სულ უცხო გრძნობა
შემოდის ჩემში... უცებ, ანაზდად,
ვიცი ტანჯვამ და წვალებამ შობა
ეს სიხარული ‒ ჰო, სიხარული,
(აბა ამ განცდას სხვა რა დავარქვა),
ახალ ტანჯვისთვის სამზადისს მოჰგავს
იგი... (და ვიცი, ის ტანჯვაც მოვა),
იქნება ცრემლი, იქნება გლოვა,
იათა, ვარდთა იქნება კვდომა...
ულოღიკოა და ირრეალურ
ჭვრეტამდის ადის ‒ მკაცრი და ცივი,
სპილენძის ვარდს ჰგავს ‒ ცეცხლით შეალულს,
ბრწყინავს, ელავს და ნაპერწკლებს ისვრის...
ნათელია და ბნელიც იმავ დროს,
გრძნობა ‒ ახლა რომ სულში ბინადრობს.
გარეთ კი ბინდი წვება ისევე,
მეც მივეგდები და დავისვენებ,
და მოვა მერე იგი ‒ სიზმარი
და ამტკივდება გულის ფიცარი,
და გული ‒ ბასრი ხანჯლით ნაკორტნი
და ქვებს კბილით და ფრჩხილით დავპოტნი.
ნეტავი რატომ ცდილობენ ასე
გაქირდვას, რაც არ უწყიან თვითონ...
თუმცა, შორს ჩემგან წუწუნი, კვნესა,
ანდა ასეთი რა მადლი თესა
ამ ხალხმა, ასეთ დიდ ყურადღებას
რომ ვაქცევ, ‒ ჩემზე იტყვიან თუ რას
და ხელოვნების მხურვალე ქურა
თანდათან უფრო მეტად ხურდება...
მე ხომ მასხარის ქუდიც მეყოფა!
მაგრამ, ო, ის დრო თუ დაბრუნდება,
როს გალიაში ვეგდე უმწეოდ
და მომევლინა მეგობრად გველი,
გარდავისახე ადამიანად,
მაშ, რა მოხდება განვლილი გზები
მოვიხსენიო ღრმა მოწიწებით,
ვით სევდიანი სიმღერის, ძველის
შორეული და მწველი მოტივი?
ადამიანო, არ დამცინებდი,
შენც რომ გაგევლო გზანი იგინი,
თუმცა კი, ახლა შენი ჯერია,
და ჰა, რა გინდა, მეც ხომ ვიცინი
ვიცინი შენზე, ჩემზე, ყველაზე!
ვიცინი! ვტირი!
ვტირი! ვიცინი!
ჩემი სიცილი ‒ სევდისგან შეშლა!
თქვენი სიცილი ‒ სევდასთან შეხლა!
ჩემი სიცილი ‒ ციმციმა ნისლი!
თქვენი სიცილი ‒ პირუტყვის წიხლი!
და ჰა, მე მაინც თქვენთან მოვსულვარ!
და მეღვიძება... მე, თურმე ძილში
მესიზმრებოდა კარი გალიის,
გარეთ ცივა და მძლავრი ქარი ქრის.
და წევს უნასი ჩემს ფერხთით, ჩრდილში.
რა მოვახერხო,
რა მოვახერხო,
როგორ დავუსხლტე ფიქრის მარწუხებს,
ვიღაც ჩამძახის ‒ მიდი, იცინე,
სხვა ნურაფერი ნუ შეგაწუხებს!
ვგრძნობ, რომ თანდათან ვცარიელდები,
გამირბის ცეცხლი კალმის წვერიდან,
მოჩანს სამარის შავი ბელტები,
უკლებლად ჩვენი ყველას ხვედრი და
ყველა სადგურის ბოლო ბაქანი...
გარეთ კი ფეთქავს იასამანი,
როდის აღვდგები ნეტავ ფერფლიდან?
რა საბრალოა ადამიანი!
ჩემს ბედში მყოფსაც
სურს ‒
თუნდ მცირე ხნით
დაიგვიანოს სიკვდილის ბასრმა,
შხამში ლესულმა ცელმა პრიალამ,
და მოთქვამს სადღაც ჩანგი წკრიალა:
„რა ქნას საბრალო ადამიანმა!“
არ ვიცი!
უკვე ვიცი აღარა!
დაღარა შუბლი ნაოჭმა მკაცრმა,
მარგალიტების ლამაზი აცმა
არ არის, ვიცი, ჩემი პოემა...
სისხლით, ოფლით და ცრემლით ნათესი
მისგვარი ბევრი მოიპოვება,
მაგრამ რა ვუყოთ... ერთმანეთსა ჰგავს
მიცვალებულთან გამოთხოვება!
მეც გეთხოვებით... (აწ ცხადში უკვე),
ზოოპარკისკენ მივდივარ, ძმებო,
სისხლი მთხოვს ამას, გავსინჯო ისევ
ჩემი ცრემლების ფერი და გემო!
და თქვენს დაცინვას ვუპირისპირო
უფრო ხანგრძლივი, მძაფრი სიცილი,
შმაგი, ველური და უნაპირო,
თუმცა რას ვამბობ, ვინ მოერევა
თქვენს დაუწერელ მცნებებს, კანონებს,
და არ არსებობს ჩემნაირთათვის
არც მოწყალება,
არც სიბრალული,
და რეალურზე უფრო ნამდვილი
ხდება ამიტომ ირრეალური!
და დულსინეას ხატის მშვენებაც
არ გახლავთ ყალბი და მოჩვენება,
(ერთ მშვენიერ დღეს
იქნებ მართლა შეისხას ხორცი!)
და, ჰა, მგონია თავდება კიდეც
ეს ხეტიალი სულის სიღრმეში,
როგორც ყოველთვის, ჩამიტყდა კიბე,
ცას რომ მივადგი... მაგრამ იმედი
მაქვს ‒ გამოჩნდება ისეთი ვინმე,
ვინც წაიკითხავს ჩემს იეროგლიფს,
სისხლით წარწერილს წვეტიან ქიმზე.
და მაშინ ისევ მოგელანდებით,
და მაშინ ისევ მოგესალმებით
და გეტყვით:
‒ ძმებო, ეს მე ვარ, მიმი!


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6406
Registration date : 09.11.08

მერაბ აბაშიძე Empty
PostSubject: Re: მერაბ აბაშიძე   მერაბ აბაშიძე EmptyTue Nov 03, 2020 6:28 pm

მერაბ აბაშიძე

უცხო მოტივი

საიდან გაჩნდა სიმღერა იგი?
― ყინვიდან სითბოდ მოვიდა ალბათ,
გაჰყვა იებით მოქარგულ ბილიკს,
სწავლობდა დიდი სიჩუმის ანბანს...
ჩამოიღვარა კლდეებზე სისხლად,
ამოეპწკარა ფურცლებს და წიგნებს
და ყოველ ღამეს,
და ყოველ დილას
გზას მწვერვალისკენ ამ სისხლით იგნებს
კიბე ― წამიერ ცხოვრების აღქმის.
ფრთხილად ადებენ ვნებაზე ― ვნებას,
ნაპოვნზე ― ნაპოვნს, განცდილზე ― განცდილს,
ნათქვამზე ― ნათქვამს, ცნებაზე ― ცნებას,
შენდება მეტად ლამაზი სახლი.
საიდან გაჩნდა სიმღერა იგი?
― ყინვიდან სითბოდ მოვიდა ალბათ,
გაჰყვა იებით მოქარგულ ბილიკს,
სწავლობდა დიდი სიჩუმის ანბანს...

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6406
Registration date : 09.11.08

მერაბ აბაშიძე Empty
PostSubject: Re: მერაბ აბაშიძე   მერაბ აბაშიძე EmptyTue Nov 03, 2020 6:29 pm

მერაბ აბაშიძე

მშვენიერება

შემოვაცალე მშვენიერებას
მისი მბორკავი გარსი...
რა უჩვეულო დღე იყო მაინც, ―
მზე რომ არაფრით არ ჩადიოდა!
...თიხა ნელ-ნელა შრებოდა მზეზე...
ვიყავი ოდნავ გაბრუებული
ულამაზესი სახების ჭვრეტით
და ყველაფერი იმ თიხასავით
იყო ნათელი, მძაფრი და მკვეთრი!
იკაწრებოდა მზის სხივით სული
და ბარბაცებდა მთვრალი კაცივით,
მიშუშდებოდა სხეულზე წყლული
და დამყიოდა ციდან არწივი!
...თიხა ნელ-ნელა შრებოდა მზეზე...
ვიყავი ოდნავ გაბრუებული...
კედელზე ლურჯი ცოცავდა ვარდი,
იმ ვარდს ცისფერი ქალი ლოცავდა
და უცხო იყო მოკვდავთა დარდი
ჩემთვის, რომელიც ამდენს ცოდავდა.
ამდენს ცოდავდა, ბედავდა ამდენს
მშვენიერების გარსის დამსხვრევით...
თითქოს ვიყავი მიწაზეც, ცაზეც
მშვენიერების ხატვის დამდგენი.
ეს ცოდვა იყო. დიდი ცოდვა.
და მზადდებოდა
ცაშიც, მიწაზეც
ამ ცოდვისთვის უკვე სასჯელი...
და აღარ ვიცი,
აღარ მახსოვს,
ჰო, დამავიწყდა,
რამხელა იყო ის ცოდვა
და იყო რამდენი!
ბოლოს მზე ჩაქრა.
ჩაილია ზღვის სილურჯეში,
მე მოვიყარე ღამის წინ მუხლი.
წმიდა გონებამ შეისრუტა სიბნელე წმიდა,
შენ კი, ძვირფასო,
ისევ ჩემზე დარდობდი, წუხდი.
ალბათ გინდოდა გეშველა ჩემთვის
ან მომკვდარიყავ!
გავიწყდებოდა, რომ მე ვარ კენჭი,
გაორებაში გამონარიყი...
გაორებული ვცხოვრობდი მუდამ,
აღგზნებული და აღტაცებული,
მე ვიყავ მზით და მთვარით სნეული
და... მიტანილი ნიჟარა ყურთან.
ყველას ძალიან კარგად ესმოდა,
რისთვის ვფეთქავდი და რისთვის ვთრთოდი,
და პოეზიის დაძარღვულ ტოტზე
მჯდარი ჩიტის ხმა მენატრებოდა...
ის დარაჯობდა მარადისობას
და წკრიალებდა დაბლა საკრავი,
ხე ― უამრავჯერ ხმალდანაკრავი
მაღლა,
სულ მაღლა,
ცისკენ ილტვოდა!
მე კი იმა ხმის მოსმენა მსურდა,
გაორებულს და გატიალებულს,
და მე ვუდრიდი ბრმათა და ყრუთა
ქვეყნიერებას, ერთად აღებულს!
ვასკეტობდი და ვგანდეგილობდი
და ვმარხულობდი, როგორც არავინ,
და მაინც ირგვლივ იყო სიჩუმე,
გულსაკლავი და გულშემზარავი!
...და ციმციმებდა ღამითაც თიხა
და არ ისმოდა მოკვდავთა ჩქამიც...
და მე ამ ციმციმს მაღლა მივყავდი,
როგორც მზის სხივებს ფოთლიდან ნამი
მიყავთ ზეცისკენ... ხმას არ იღებდა
მარადისობის დარაჯი ჩიტი...
და მაშინ, როცა ვეთხოვებოდი
ამ მდუმარებას, და უკვე ვთვლიდი,
რომ მოახლოვდა წარღვნა ქვეყნისა,
მომესმა ხმაი ხოტბის შესხმისა.
ხოტბას ასხამდა პატარა ჩიტი
იმას, რასაც მე არაფრად ვთვლიდი...
რაც ყურადღების გადაღმა დამრჩა,
სადაც ჩაიმსხვრა სურვილთა ხიდი.
ჩიტი უხმობდა ყველა სულიერს
მანათობლისკენ...
და ცისკიდურზე, ―
უზარმაზარი ცეცხლის ვარდივით,
მშვენიერება ამოდიოდა.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6406
Registration date : 09.11.08

მერაბ აბაშიძე Empty
PostSubject: Re: მერაბ აბაშიძე   მერაბ აბაშიძე EmptyTue Nov 03, 2020 6:30 pm

მერაბ აბაშიძე

შენს ნანგრევებზე ამოსული იასამანი

წრიალებს სული, რა სურს ნეტავ, რომ ვერ გავიგე,
იქნება უნდა შეუერთდეს არსთაგამრიგეს,
მას ‒ უზეშთაესს, შეერიოს, ვით სხივი მკრთალი,
სულის ნათელი, დაბლა დარჩეს ხორცი და ძვალი?
არ ვიცი, არა, გაფიქრებაც მთრგუნავს და მზარავს,
და ვფერმკრთალდები, ვით სიზმარში დილის არილი,
ხილვანი ჩემნი გამჭვირვალე ზამბახებს გვანან,
და თოვლში ვდგავარ ‒ დაღლილი და პატივაყრილი...
ბარდნის და ბარდნის, მოდის თოვლის ფანტელი თეთრი,
მოდის თოვლი და თითქოს მესმის ‒ შორსაა ღმერთი!
არ მსიამოვნებს ამ სიტყვების ჩქამის გაღებაც,
‒ მე თვითაც ვიცი! ‒ ვამბობ ჩუმად... ირგვლივ ღამდება.
ღამდება სულში, სულის გარეთ, ყველგან ღამდება,
ღამდება, მაგრამ ის ტკივილი არ მიამდება...
და ისევ მესმის დამცინავად: ‒ შორსაა ღმერთი!
და ეს სიტყვები მკაწრავს, როგორც გვირგვინი ეკლის!
და სისხლი დამდის, მოთქრიალებს სისხლი ფიცხელი,
ვიღაც კი ამბობს ‒ არვინ მოვა! არვინ გიშველის!
და მე ვიცინი, (თითქოს როსმე მეთხოვნოს შველა!),
ცივსა და ამაყს, გადაქცეულს კაციდან ‒ მგელად!
ამიხდა წყევლა ‒ სატანჯველად მექცა საწუთრო,
შენი ჯერია, სულო, ‒ ტანჯვის ალში ნაწურთნო!
შენი ჯერია, შენ კი მგონი, ‒ მღალატობ შენაც!
ნუთუ ვერ ჩაჰკალ შენივ არსში წყენა იმაზედ,
რომ ჯერ ადრეა ქცევა ცივ და ლამაზ სინათლედ,
ჯერ არ გეძახის, არ მოგელის სამყარო ზენა!
შენ უნდა იქცე ახლა ქვად და ლოდებად კლდისად!
უნდა იწოდე! მაგალითი აჩვენო წვისა!
მიწიერიც ხარ დიახ, მაგრამ ამავ დროს ‒ ცისაც!
შენ უნდა იქცე ახლა ქვად და ლოდებად კლდისად!
მერე, როსმე თუ დაინგრევი და დაიშლები,
თუ შევირყევი, გავშლეგდები და გავგიჟდები,
შენს ნანგრევებზე ამოსული იასამანი
სიმშვიდის მწყურვალთ უფლისაკენ გზას მიასწავლის!
სიმშვიდის მსურველთ, თუმცა იმის ვერსად მპოვნელთა,
გლახაკთა, ბრმათა, ყარიბთა და მწირთა ყოველთა!
ჰოი, უფალო! შემწედ გვექმენ! აჰა, ვემთხვევით
შენს ფერხთა მტვერთა, ვინც ტანჯვაში შევივერცხლენით!
ვისაც სიყრმიდან აგვერია ცისკენ მავალი,‒
გზა, ვისაც ასე გაგვიმწარდა სვე, მომავალი!
ქარი კი მოთქვამს, მოთქვამს ქარი შეშლილ ქალივით,
მოდის ქუჩაში მღვრიე წყალი ნიაღვარივით!
თან ქუხს და ელავს, ზეცას აპობს უფლის მახვილი,
ვდგევარ! უფლისკენ ვედრებით მაქვს მკლავნი აწვდილი!
შეუცნობლობა ამქვეყნიურ არყოფნა-ყოფნის
აღარ ასვენებს სულს, რომელსაც მცირედიც ყოფნის,
რათა უარყოს კანონები უგვან ბრბოისა,
იყოს გამსწრები არსებული ჟამის, დროისა...
და ტირის ქარი, ისე ტირის, როგორც ეული
ბავშვი, ქუჩაში უპატრონოდ მიტოვებული!
მე კი, მე რა ვქნა, ბოროტებით ფრთებდალეწილმა,
უარმყოფელმა ამა სოფლის, ამა ქვეყნისამ,
სად ვპოვო ვანი აბორგებულ, მშფოთვარ სულისა,
როცა ჩემესმის ზარის რეკვა ‒ დასასრულისა!
დასასრულისა და ამავ დროს ახლის საწყისის,
და თითქოს ვბოდავ, ამ სიახლეს ისე განვიცდი!
ვბოდავ, ვით სადღაც, ტრიალ ველზე შლეგი ქადაგი,
დიდი ხანია, შხამიანი შევსვი ბადაგი!
ვერ მიმკურნალებს აწ ვერავინ სიკვდილის გარდა,
რაც მიმკითხავეს ბავშვობაში, ყოველი ახდა!
და მეც ვტირივარ იმ ბალღივით და იმ ქარივით,
წვიმა კი მოდის, მოდის წვიმა ნიაღვარივით!
შემშალეს ცოფის ღვართქაფებმა კოკისპირულმა
და გააფთრებამ სათნოების ჭერი აგლიჯა,
ჩემზე მრავალი ქირქილებდა ‒ მგონი გაგიჟდა!
დიახ, გავგიჟდი, მათსავით კი არ წავბილწულავარ,
სიშლეგე ჩემი კუთხე-კუნჭულ არ იმალება,
სიშლეგე ჩემი ამ სტრიქონთა არს ბრწყინვალება!
მოდის და მოქუხს, მოაგორებს ტალღებს ვეებას,
არ ითხოვს არრას ‒ არც სასჯელს და არც მიტევებას!
დაჰქროლე! უფრო მაგრად დაჰქროლე ქარო,
ოღონდაც ნუღარ დამიშლი
დავტკბე მრისხანე ცეცხლის ქარიშხლით
და ძირს არასდროს აღარ დავუშვა
დროშა ‒ ამ ცათა წყრომა―ქარბუქმაც,
რომ ვერ შეახო თავის ტორები!
ხილვანი, მე რომ ვხედავ ყოველღამ,
ამაოების მწვანე კედლებზე,
მდევენ ყოველგან,
მდევენ ყოველგან,
თვითვე მოდიან,
თვითვე მეძებენ!
რატომ ვეცადო განმარტოებას!
აზრი არა აქვს ფიქრსაც კი მასზე,
ხომ სულ ერთია ‒ ხალხში თუ მარტო,
შევსვამ ფიალას, სიმწარით სავსეს!
შევსვამ და წავალ ქარში სიმღერით,
ამაოების სადაგით მთვრალი,
გზაზე შემხვდება ქალი ცისფერი,
გზაზე შემხვდება ცისფერი ქალი...
შევავლებთ ერთურთს მზერას დუმილით,
მერე კი წავალთ სხვადასხვა გზებით,
გზაზე ნაფლეთი დარჩება სევდის,
იმ ქვეყნისაკენ მიმავალ გზაზე...
ო, ამოუცნობ ჭეშმარიტების
გზადაბურდული ლაბირინთები!
დიდი ხანია აქ დაწრიალებს
პოეტის სული და თუმც იმედი
დაკარგა უკვე გარეთ გასვლისა,
მაინც დაეძებს ხელის ცეცებით,
რაც უნდა იგრძნო, უნდა აღიქვა,
(ხოლო ხელით კი ვერ შეეხები!)...
ვწერ ამას, ვწერ და სისხლის შხეფები
რჩება ფურცელზე, როგორც იები,
მე სუნთქვა მიჭირს, ო, სუნთქვა მიჭირს,
ვგრძნობ ‒ ვბოლოვდები და ვიძირები...
სულის სიღრმეში, აღარ მაქვს ძალა ამოსვლის მაღლა,
მე ‒ განბანილი ცისფერ წვიმებში,
ვდგავარ და ვგრძნობ რომ სიზმარი ახდა:
სიზმრად კი ვნახე პირქუში დილა,
აწვიმდა ბაღებს ცოფით და რისხვით,
ისე ღელავდა მთელი სამყარო,‒
როგორც ქაოსი პირველად ქმნის წინ...
და ამ ქაოსში ისმოდა ჩუმი
და თან ჟღერადი ხმები მკაფიო
და ამოხეთქილს ცაზე დაფიონს
ეწვეთებოდა ცრემლები უფლის.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6406
Registration date : 09.11.08

მერაბ აბაშიძე Empty
PostSubject: Re: მერაბ აბაშიძე   მერაბ აბაშიძე EmptyTue Nov 03, 2020 6:33 pm

მერაბ აბაშიძე

გარდასახვა

სათნოებიდან მოვდივარ შენკენ
და პეშვით მომაქვს გროვა იების,
ელავს წარსული იების ფრთებზე,
როგორც ცრემლები მონანიების.
შენ უკვე სხვა ხარ... გათავდა ბრძოლა
კაცს და ღმერთს შორის, სულს და ხორცს შორის,
აღარ აგიტანს შიში და ძრწოლა,
ვერ შეგაშფოთებს უბრალო ჭორი!
და შენი ხილვა ― სიზმარი ბროლის,
სვეტიცხოველის ჯვარივით წმინდა,
წამოვა, როგორც დეკემბრის თოვლი
და ბზის ტოტებზე დაიწყებს ბზინვას.
შენ უკვე იცი ― ამ ხილვებს რა შობს,
ან რა ანიჭებს ღვთაებრივ ძალას,
სული ― სიმღერის ცისფერი საშო,
საკუთარ არსში რა აზრებს მალავს!
და იმ უმანკო ჩასახვასავით
როგორ მწიფდება აზრები იგი,
რომელიც მუდამ იყო ლახვარი
სიმდაბლის, ეჭვის, ღალატის, შიშის!
შენ ახლა სხვა ხარ... ამიერიდან
დაღდასმული ხარ გარდაქმნის წამით,―
ვით შობის ღამით!
ცისკენ იარე!
სხვა გზას ერიდე!
ამინ
და
ამინ!

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




მერაბ აბაშიძე Empty
PostSubject: Re: მერაბ აბაშიძე   მერაბ აბაშიძე Empty

Back to top Go down
 
მერაბ აბაშიძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: