ალენ დელონი: „არაა მართალი, რომ ცუდად ყოფნის დროს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებს ვკითხულობდი“16:00 / 11.02.2015
მსოფლიო კინოვარსკვლავმა ალენ დელონმა, რომელიც თბილისში პაატა ბურჭულაძის 60 წლის საიუბილეო კონცერტის წასაყვანად ჩამოვიდა, „არტ პალასში“ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ალენ დელონის თქმით, საქართველოზე არაფერი იცოდა, თუმცა 10 წლის წინ გაიგო საქართველოს შესახებ, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ და მიხეილ გორბაჩოვმა 10 წლის წინ ქალაქ ვენაში დააჯილდოვეს.
„არაფერი ვიცოდი საქართველოსა და ქართველების სესახებ. 10 წლის წინ გორბაჩოვმა და ედუარდ შევარდნაძემ დამაჯილდოვეს და გავიგე საქართველოს შესახებ. პირველად ვარ საქართველოში. აქამდე არავის მოვუწვევივარ აქ. ასევე არაფერი ვიცოდი ქართული კინემატოგრაფიის შესახებ, მაგრამ დავინტერესდი და უნდა გავეცნო ქართულ კინოს.
ასევე, მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წლების წინ ცუდად ყოფნის დროს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებს ვკითხულობდი. ისიც დაიწერა, თითქოს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების კითხვის დროს ვისწავლე ქართული ლაპარაკი. ისე, უკვე მაინტერესებს ამ მწერლის შემოქმედება“,-განაცხადა ალენ დელონმა.
კინოვარსკვლავის თქმით, მასზე დიდი გავლენა მოახდინა რამდენიმე რეჟისორმა.
„რეჟისორორებს რაც შეეხება, ჩემზე გავლენა რამდენიმე რეჟისორმა მოახდინა. მათ შორისაა ვისკონტი. ამ რეჟისორით გავიგე, რა არის ოპერა და ბედნიერი ვარ ამით. ისე, რეჟისორები არიან გენიოსები, საშუალოდ ნიჭიერები და არარაოებები. მე ვარჩევ გენიოსებთან მუშაობას და ალბათ, ამიტომ არ ვმუშაობ სხვა დონის რეჟისორებთან. გამორჩეულ როლებზე საუბარი რთულია. მე ყველა როლი მიყვარს. სიცოცხლე თამაშია და ამითაა ცხოვრება საინტერესო. მსახიობობა ლამაზი პროფესია, მსახიობები პენსიაზე არასდროს გადიან და ისინი სულ მუშაობენ, სიკვდილამდეც კი. მიყვარს ჩემი პროფესია, რამაც ბედნიერება მომიტანა. რაც შეეხება ჩემ წარმატებულ კარიერას, ეს დაკავშირებულია საქმის სიყვარულთან. მსოფლიოში მილიონობით ადამიანია, რომლებიც წარმატებას ვერ აღწევენ. ეს კი იმის ბრალია, რომ მათ თავიანთის საქმე არ უყვართ“, - განაცხადა ალენ დელონმა.
მისივე ინფორმაციით, მის ცხოვრებაში ძალიან ბევრი ქალი იყო, რომლებიც კარიერაში დაეხმარნენ.
„სამხედრო სამსახური რომ დავასრულე, 23 წლის ვიყავი. ამბობდნენ ცუდი გარეგნობა არ მქონდა. ჩემ გარშემო ბევრი ქალი ტრიალებდა. ბევრი მათგანი მსახიობი იყო, თუმცა ჩემზე 8-10 წლთ უფროსები იყვნენ. ისინი დამეხმარნენ ჩემი კარიერის დასაწყისში. მე გამოვარჩევ რომი შნაიდერს და ვიტყვი, რომ ის ჩემი ცხოვრების პირველი და მთავარი ქალი იყო“,-აღნიშნა ალენ დელონმა.
კინოვარსკვლავის თქმით, ბოლო პერიოდში სპექტაკლში თამაში შვილთან, ანუშკასთან ერთად მოუწია.
„ჩემი შვილი ანუშკა 24 წლისაა. ძალიან ნიჭიერი მსახიობია. მასთან ერთად სპექტაკლში ვითამაშე და დიდი კომფორტი ვიგრძენი, თუმცა სცენაზე დგომისას გულის სიღრმეში მაინც ვფიქრობდი, რომ ის ჩემი შვილია“,- აღნიშნა ალენ დელონმა.
მისივე თქმით, ის მდიდარი და ბედნიერია 58 წლიანი კინოკარიერით, რომელმაც წარმატება და მსოფლიო აღიარება მოუტანა.
„რომ არა ჩემი პროფესია, მე დღეს თქვენ წინაშე არ ვიქნებოდი, ასეთი დიდი ინტერესი არ იქნებოდა და ჩემსკენ ამდენი ვიდეოკამერა არ იქნებოდა მომართული. მადლობა ყველას სიყვარულისთვის“, - აღნიშნა პრესკონფერენციის ბოლოს ალენ დელონმა.
ბმული --
http://info9.ge/kultura/108951-alen-deloni-araa-marthali-rom-cudad-yofnis-dros-vazha-fshavelas-natsarmoebebs-vkithkhulobdi.html?lang=ka-GE