არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ნინო გუგეშაშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ნინო გუგეშაშვილი Empty
PostSubject: ნინო გუგეშაშვილი   ნინო გუგეშაშვილი EmptySat Nov 08, 2014 9:48 am

ნინო გუგეშაშვილი Nino_g10
Nino Gugeshashvili

ნინო გუგეშაშვილი -
მწერალი, მომღერალი

ბმული -
* https://www.facebook.com/nino.gugeshashvili.7





gvenelon
Published on Oct 22, 2014

"ღაღანა და არეთა"
ტექსტის ავტორები – ბორის და ნინო გუგეშაშვილები.
მუსიკა – ნინო გუგეშაშვილის.
არანჟი – ჯგუფი Gvenelon
სლაიდ–შოუ შედგენილია უმეტესწილად სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოების გამოყენებით. ფოტოების ავტორები და მომწოდებლები: "რაჭა და რაჭველები", გრიგოლ თვალჭრელიძე, ბადრი ვადაჭკორია, გია ბერიშვილი, სოსო მელაძე, სოლო ტაბუცაძე, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ონის კულტურის ცენტრი, ბ–ნი ჟორა მაისურაძის საოჯახო არქივი, თორნიკე სხიერელი, ნათია მაისაშვილი, ქეთი ბერაძე, ნინო ბერიშვილი, ნონა ბერელიძე, მეგი გუგეშაშვილი, ნიკოლოზ გუგეშაშვილი, ია ლობჯანიძე, მარინა ბაღაშვილი, სოფო გუგეშაშვილი, შალვა ხმალაძე, ნინო გუგეშაშვილი და სხვა მრავალი ფბ მომხმარებელი.
დიდი მადლობა ფოტოების ავტორებს და მომწოდებლებს. სამწუხაროდ, ყველას ვინაობა არ ვიცით. თუ გვიკარნახებთ მათ გვარებს, სიამოვნებით შევავსებთ ჩამონათვალს.

study


Last edited by Admin on Mon Nov 15, 2021 11:59 am; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ნინო გუგეშაშვილი Empty
PostSubject: Re: ნინო გუგეშაშვილი   ნინო გუგეშაშვილი EmptySat Nov 08, 2014 9:53 am

ნინო გუგეშაშვილი

კაცა-ბასილა

ე მგელი მიტომ მოვკალი,
თხა შემიჭამა ნისლა,
გაგვისტუმრე, გეთაყვანე,
სხვაგანაც გვინდა მისვლა.
ღებური ალილო


არ დაანთო ბუხარი,
მობრძანდი-თქვა, უთხარი
და მზე სანამ ამოვა,
კაც-ბასილა ჩამოვა.
ბუხარს თვითონ დაანთებს,
კვართან ილაპარაკებს,
დილა-ბნელში გააბნევს
საშობაო არაკებს.
დაიბერტყავს კვახუჯებს,
მყუდროდ მოისკამუნჯებს,
ღვინო დადგი, დალიოს,
მოულხინოს ალიონს,
მთვრალი კაცა-ბასილა
უფრო ხელგაშლილია,
ლოცვა-მადლად დაღვრილა,
სულ-გულ-გაღეღილია.
კუთხე-კუნჭულს დალოცავს,
ოთხ ჯვარს დასვამს ხაროსთავს,
დაგიტოვებს ხარებას,
ჩუმად გაიპარება...
თუნდ მოვიდეს ქარიდან,
ნათოშ-ნაქარბუქალი,
არ შემოვა კარიდან,
უნდა გქონდეს ბუხარი...

გამოწვდილ ხელზე დამიდე რამე,
შენ ნუ გამიშვებ ხელცარიელს,
ჩემით რას შევქმნი?
არაფრისაგან რას როგორ შევქმნი?!
გამოწვდილ ხელზე შენ დამიდე პატარა ცომი,
ამოვიგანგლო, რაა მერე?
"ალილოს" სხივში და ალიონში განვიბანები,
მომე სულ ციცქნა, პატარა ცომი,
გავაკეთო დიდი თვალები -
შიში ფარული რომ განდევნოს ჩვენი სახლიდან,
ფართო ხელები -
სიხარულმა სამუდამოდ რომ ჩაგვიხუტოს,
ბრტყელი ქამარი ბარაქისათვის -
ოცნებები შევკონოთ და არ გაგვიფრინდნენ,
დიდი ხალათი – ჩვენი ტყავი ტანზე რომ გვეცვას,
არქაული დიდი ხარება –
რომ გავიხაროთ ბოლოს და ბოლოს!
შენ სულ პატარა რამე მომეცი -
დიდს გავაკეთებ.
შენ იცი, რატომ აღარაა სიხარული ჩვენს ქალაქებში?
სახლებს ბუხრები ამოუვსეს ქვებით, სიცივით,
უბუხრო სახლებს აშენებენ
და გაბუტული კაცა-ბასილა ვეღარ ჩამოდის.
დადის და ბორგავს ბუზღუნ-ბუზღუნით,
ბრაზობს კეთილად,
რას შვრებითო, უგუნურებო,
ბრიყვო ბავშვებო,
დაბნეულო ღამეში ცხვრებო,
დამანთებინეთ ერთი კვარი, ერთი ბუხარი,
შემოიჯარეთ ცეცხლის ირგვლივ,
იყნოსეთ ჩიხრი,
გათბით ცეცხლით,
თქვით "ალილო" -
გავთბები თქვენით,
დამანთებინეთ ერთი კვარი,
დალოცვილებო,
მახარებინეთ,
თქვე კაიდედმამიშვილებო!...

...მთებს იქით ისევ დაიღრენს ომი,
მთებს აქეთ ხევი ფიფქით ავსილა.
- ბებია, მომე პატარა ცომი,
მეც გამოვაცხო კაცა-ბასილა...



ნინო გუგეშაშვილი სტუმრად ობიექტივში
Published on May 12, 2012
ნინო გუგეშაშვილი სტუმრად ზუკა ჩაჩანიძის გადაცემაში

Arrow


Last edited by Admin on Fri Mar 08, 2019 8:45 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ნინო გუგეშაშვილი Empty
PostSubject: Re: ნინო გუგეშაშვილი   ნინო გუგეშაშვილი EmptySat Nov 08, 2014 9:57 am

ნინო გუგეშაშვილი

ბახოს ხარები

("ხვარამზეობა - 2013", მეორე პრემია)

ახლოს მოგიტანს მზერას ავდარი,
ჩაგხედავს სახლში, საბძელში, ბაღში,
გაგიწეწავს თმებსა და თივას,
სულსა და ღრუბელს,
მიმოქანდება ბალახში, წყალში,
დაიგრუხუნებს –
დაგემუქრება, რომ მოჰყავს ჯარი,
მოჰყვება უკან ცხენოსანი წვიმის ლაშქარი
და ფეხოსანი სვეტები ქარის,
დაბერავს ქურას, გაშლის ფრთებს და
ემსგავსება ვეებერთელა წვიმის ღამურას –
იზრდება, სხლტება, გშორდება და გაიდგაფუნებს,
– ბახო სად არი? ბახო სად არი?
მოდის ავდარი.
– ბახო მთაშია, ჩაბალახას, ხარებს ალაღებს.
ხარი უხდება ჩაბალახას,
ხარს – მთის ბალახი,
კაცი უხდება ჩაბალახას, ხულა და ნისლი,
გაილაღებენ ხარები და წითურდებიან,
ფერდებს ივსებენ, იზნიკებიან,
მიმობოხნიან მთებზე გარჩენილ ღრუბლის ხვეულებს,
გახურებულზე ნისლის ნაფლეთით დარწყულდებიან,
ერუჯებათ მზეზე ზურგები კბენია მზით გადარეულებს,
დღით – ქორის ჩრდილი, საღამოზე მთვარე ალბუნებთ.
გაფცქვნის დიმელას, ხანაც ძენწლას, მწყემსი ბახო –
გააახრამუნებს,
თვალით ღრუბელში გამოჭვრეტილ
წვრილ სხივებს კენწლავს,
„ავდარი მოდის“, გაიფიქრებს, „მჯოხი სად არი?“
თავის ქერუჩას და ორი სოფლის ხარებს გახედავს:
არ უნდათ „მჯოხი“ – ძოვა–ძოვით პატრონისკენ იზიდებიან,
თავს წამოწევენ, თვალს აფეთებენ – ბოლო ვერ უჩანს
მგლისფერ ღრუბლების მოვარდნილ ხროვას,
ჩქარობენ ძოვას – მიწა, ქარი, ბალახის გემო, დიყის ანძები –
ცალ–ცალკე, ერთად, შფოთავენ და ილანძებიან,
გეფიცებიან – მოდის დიდი, დელგი ავდარი!
არნახული, არშესადარი!
შეზიდავს შეშას ხულაში ბახო,
დიდ კოტორზე დააგდებს ასანთს
და ზემოდან ხის გობს დაამხობს.
მოიღებს ჭექას მახვილაში მეხი ვამეხი,
აქ უპასუხებს ჩაბალახა, იქით – ბუძგორი,
გადირბენს ელვა მთლიან ცაზე –
ჭუთხაროსთან გამოილევა,
გადაფითრდება ხარ–ხალიანი წამით მინდორი,
ზეციდან ჩანან ხარ–ბიკიკები პაწაწინები,
დახედავენ ავდრის ქაჯები, დაჰხარხარებენ,
გადმოანთხევენ ისევ ქვევრებით ღამის წკვარამს და
იფშვნეტენ ხელებს, აფართხალებენ,
დააგორებენ გრუხუნით ქვევრებს...
– ამ ხნის კაცი ვარ, ამნაირ დელგმას არ მოვსწრებივარ!
ხელებს შლის მამა.
– რაღა ვქნა, ბახო სულ მარტვაა ჩაბალახაში!
მეასედ გადის აივანზე ღამეში დედა,
გახედავს ღამეს იქით, საითაც ჩაბალახაა.
რას დაინახავს?!
კუპრის ფარდას წამიდან წამზე ელვები ხევენ
და ნაკუწებში გამოკრთიან მთები და მთები
და იმათ მიღმა კიდევ მთები,
მთის პროფილები მარჯვენები და მარცხენები,
ზოგი კაცსა ჰგავს, ზოგიც მდევ–დათვას,
მთათა ჯარები, ცახცახებენ, ათმაგდებიან
და იმ ჯარებში ერთ–ერთ მთაზე – ჩაბალახაზე
ხულა დგას,
ხულას ჯოგად შემოსჯარვიან
ორი სოფლის მარჩენალები –
ბახოს ხარები.
თვალს აფეთებენ, თავს იფერთხავენ –
უფეთქდებათ ყურებში მეხი – ეფეთებიან,
ზმუიან, კბილებს აღრაჭუნებენ,
გახედავს ბახო ქოხმახიდან –
იელვებს და სიბნელიდან გამოხოხდება
გადაფერფლილი ხარის ნიღბებით
მომზირალი ღამე–ალქაჯი...
– გეყოფა, დაჯე, კაი ქალო, ნუღარ დაგვტანჯე!
– რაღა ვქნა, ბახო სულ მარტვაა ჩაბალახაში!
– ბახოს რა უჭირს, ხულაში შევა.
– რა ხულა გაძლებს ამ ლეშტერში?! სახლი მძლივს უძლებს.
– ჩაბალახაში კაი ხულაა, ნუ გეშინია, არ წაიქცევა.
ამბობს მამა და ფიქრში თავს უქნევს:
„რა ხულა გაძლებს ამ ლეშტერში! სახლი მძლივს უძლებს“,
– შენ ნამყოფი ხარ? – ეკითხება იმედით ქალი.
– აპა! – პასუხობს და ირიბად მიურბის თვალი...
როცა საათი არც რას აჩვენებს,
როცა ალქაჯი დელგმას აჭენებს,
თან ჯოჯოხეთურს ბერავს საბერველს
გარეთ ხარია, თვალებს გადევნებს,
ბევრი თვალები ელვებს აბევრებს,
როცა ელავს და ნიღბებს ატევრებს,
როცა დგას შიში, იქნევს სატევრებს,
როცა სველ დრუნჩებს შფოთიც ასველებს,
როცა ნიკორას რაღაც აღელვებს –
ბახოს ხულაში რა გააჩერებს?
– ნუ გეშინია, ნიკორა! – ჩაჰყვირის ყურში – ეს ელვამ გადაიგორა!
ნიკორამ ყური მიუშვირა, თითქოს „რაიო?“ ვერ გაიგონა.
– ღვინია, ნუ გეშინია, გაღმიდან მოდის, ტყის ლიწინია!
– ნუ გეშინია, ქერუჩა, ღრუბელი იდორბლება სქელტუჩა!
– ნუ გეშინია, წიქარა, ცოტა ქე გადაიკარა!
– შენ არ შეშინდე, ვეფხია, ზეცის წკიპურტი – მეხია!
– შენ არ შეშინდე ვეჟანა, ღმერთს აბარია ქვეყანა!
დადის და ხარებს ყურში ჩაჰყვირის,
ჰხვევენ ყელებს სველი ხარები, ყელქვეშ იქცევენ,
მოჰხედავენ, თავს აიქნევენ,
დრუნჩებით ყურში ჩაუქშენენ –
რაღაც დიდ ამბავს ჩაუბერავენ,
არ ეშინიათ – მასთან უნდათ, უბრალოდ კაცთან.
ბახოს ამდენი კაცებთანაც არ აქვს ნათქვამი – სიტყვაძუნწია,
სიჩუმე უყვარს, უსიტყვო შრომა,
აქ ლაპარაკობს – აქ მოუწია.
კაცის და ხარის ქედჩაგრეხილი ერთგული დგომა
ავდრის ქაჯებმა შეამჩნიეს, დაახარხარეს,
გაცვივდნენ უცებ, მყინვარებიდან ააფხოკნეს, ააქარქარეს
და ვეება ცის ჯამებიდან
ტყის თხილისტოლა ცივი სეტყვა წამოაყარეს.
გაანჩხლდა უფრო ავდარი და გადაფიჩინდა.
მწყემსმა კისერზე გადახვია მკლავი ძმაკაცებს –
ქერას და კვამლას, ხელისგულები ლაღად გაშალა
ჯერ აღიღინდა, მერე ამღერდა, ღმერთს მიებარა:
– ჰოი ჰოიდაა! ჩაბალახა, ვინ გალახაა, ჰოოი
ჰოოიდა, აპა გვიხაროოდეს, ჰოოი!
ჰოიდაა! გვესევიან მეხებიო, ჰოოი,
ჰოოიდა, აპა გვიხაროიოდეს, ჰოოი!
ჰოიდაა! ვერ მოგვჭამეს ფეხებიო, ჰოოი,
ჰოოოიდა, აპა გვიხაროიოდეეეს, ჰოოი!
ივაგლახეს, ვერ გაგვლახეს,
დაიღალენ, გაიპარენ,
ღამევ, ნუ გვეჯღანებიო
გათენდება დარებიო,
ვიბალახებთ ჩაბალახას
მე და ჩემი ხარებიო... ჰოი!

გამთენიისას დაიცალა ღრუბელი, დადნა,
ჩამოეწრიტათ ფერდებიდან წყალი
დაქანცულ მთებსა და ხარებს,
ბახომ ქოხიდან მშრალი შეშა გამოიტანა:
– ნუ გეშინიათ, ახლა გათბებით, – სველებს ახარებს, –
ჯერ თეთრი კვამლი წამოვა და ქერუჩებო, ჯერ თქვენ გათბებით,
მერე წამოვა კამკამა კვამლი და კვამლიებო, თქვენ გაშრებით,
მერე წითელი ალი ავარდება და წიქარებო, ცეცხლი თქვენია.
მერე ღვინისფერი ნაკვერჩხალი დარჩება და ღვინიებო, თქვენი ჯერია.
მერე ფერფლი შეერევა და ვეჟანებო, თქვენ ჩამოდექით,
ბოლოს შავი ნახშირი დარჩება და
მურეშა და გიშერა, თქვენ წამოწექით. –
იცინის ბახო, გალუმპული,
ფიჩხებს ამტვრევს და თან ლაპარაკობს,
ცდილობს, ხარები გააცინოს, გაათბოს და ააბალახოს.
ხარი გისმენს და ვერას ამბობს, ხარი – ხარია,
ხალხთან ამდენი არასოდეს უქაქანია...

...
– დღეს მოვა ბახო, ლობიანები უნდა დავაცხო,
მოჭერი ლორი, ჩამოგვივლენ მთებიდან ორნი –
ეგ და ქერუჩა, აწყვეტილები, ნამთეურები,
ისე დასქელებიათ კისრები და ბარკლეულები
ვეღარ გაუძლებთ აპეურები.
იცინის დედა, ახსენდება შვილი გამხდარი და
აწოწილი ჩვილ ძეწნასავით,
თვალი ევსება ღიმილის და სევდის ნაზავით.
– ქე რა! გეტყვის რამეს და მოგიყვება, თუ?
მოვა, კარებში ჩამოდგება, ჩაყლაპავს ენას –
გაბლიხდება იმ თავისი ქერუჩასავით...



Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ნინო გუგეშაშვილი Empty
PostSubject: Re: ნინო გუგეშაშვილი   ნინო გუგეშაშვილი EmptyFri Mar 08, 2019 8:48 pm


ნინო გუგეშაშვილი Nino Gugeshashvili - Kanapi კანაფი

gvenelon
Published on Aug 5, 2010

Actors: Guram Gugeshashvili & Shalva Khmaladze. Guitar-Dato Japaridze, bass-Shalva Khmaladze, drum-Koba Toklikishvili.

კანაფი (მოკვდი მტერო -- გაიხარე ბალახო!)

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ნინო გუგეშაშვილი Empty
PostSubject: Re: ნინო გუგეშაშვილი   ნინო გუგეშაშვილი EmptyFri Mar 08, 2019 8:50 pm


ნინო გუგეშაშვილი "ღამურა"

Published on Jul 10, 2013

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ნინო გუგეშაშვილი Empty
PostSubject: Re: ნინო გუგეშაშვილი   ნინო გუგეშაშვილი EmptyFri Mar 08, 2019 8:52 pm


ნინო გუგეშაშვილი -- ღიღილო

gvenelon
Published on Nov 29, 2013

"ღიღილო (ემიგრანტის სატრფიალო)"
სიმღერა ჩაწერილ იქნა მესხეთის თეატრის სპექტაკლისთვის "დოდოს მოლოდინში". ესაა ერთ--ერთი კომპოზიცია ამ სპექტაკლისთვის ჩაწერილი საუნდ--ტრეკიდან. სპექტაკლი დადგა რეჟისორმა ვახტანგ ბერიძემ.
პიესის ავტორი -- დათო ტურაშვილი, მუსიკის ავტორი -- ნინო გუგეშაშვილი.
კომპოზიციას ავტორი, ნინო გუგეშაშვილი, უძღვნის ემიგრანტებს.
ტექსტი, მუსიკა, ვოკალი და ფანდური -- ნინო გუგეშაშვილი.
ბასი და დრამი -- შალვა ხმალაძე.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ნინო გუგეშაშვილი Empty
PostSubject: Re: ნინო გუგეშაშვილი   ნინო გუგეშაშვილი EmptyFri Mar 08, 2019 8:53 pm


ნინო გუგეშაშვილი -- ბედნი ერი

gvenelon
Published on Feb 9, 2012

Nino Gugeshashvili - singer, songwriter, guitar;
Shalva Khmaladze - bass, keyboard;
Koba Toklikishvili - drum.

Arrow[/quote]
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ნინო გუგეშაშვილი Empty
PostSubject: Re: ნინო გუგეშაშვილი   ნინო გუგეშაშვილი EmptyFri Mar 08, 2019 8:56 pm

ნინო გუგეშაშვილი

ენაი კვიმატი (ერთი დღე)

,,წინდახედულად მოვიქეცი და უკანმოუხედავად გავიქეცი”- მღეროდა ზანგი და უკრავდა.

როცა სიმღერას უკრავს ზანგი, ის შეიძლება იყოს ზანგური, მაგრამ თუ უკრავს ჩანგი, ის არ არის ჩანგური, და მითუმეტეს თუ ჩემი მეზობელი, წინაპრებით მიდიელი ფანდი უკრავს, ის ვერ იქნება ფანდური...”

რას ჯღაბნიო, ჟანა მასწავლებელი დამადგა, მე კონსტანტინეს "დიდოსტატის" ანალიზი დაგავალეთ და შენ რას ჯღაბნიო. დიდოსტატამდე ამ გზით უფრო მალე მივალ-მეთქი. ახლა დავწერ, ,,მაგრამ როდესაც უკრავს გამსახურდია, ეს სულ გამსახურდიულია და როდესაც დიდოსტატი უკრავს, ეს ხომ ყოველთვის ძალიან დიდოსტატურია...”და ეგეც შესავალი-მეთქი. რას ნიშნავს, გამსახურდია უკრავსო, გაგიჟდა ჟანა მასწავლებელი, დამკვრელები შენსკენ მოიკითხეო. მოკითხვა ჩემკენ, დამკვრელებო, ჟანასგან! კი ბატონო, ჯღაბნეო, წავიდა ბოლოს გაბუტული და მივხვდი, რომ მასწავლებელთა შურისძიების ყველაზე ბალისტიკური იარაღი, ორიანი დამიმიზნა.

შევცდი - ორიანი პლიუსით დამიწერა. ზედმეტად კვიმატ ქართულს ეთამაშებიო, ფრთხილად იყავიო. ორიანი ჰე, გამოვიმუშავე, მაგრამ ეს პლიუსი რაღაში მეკუთვნის-მეთქი და კვიმატობებშიო.

გამხდარი მგელივით დავბრუნდი სახლში და ვისადილე მარცხენაში ჩანგლით და მარჯვენაში ტელევიზორის პულტით. ყველა არხს ერთად ვუყურე. სადარბაზოში შემოსულს ჩემი ორი, წინაპრებით რუს-ქართველი მეზობელი წამემგზავრა. ერთი პირველ სართულზე ცხოვრობს და მეორე ალბათ ლიფტში. სულ ლიფტშია. ხან გაჭედილია, ხან ცდილობს, რომ გაეჭედოს. ლიფტთან დაშორდნენ ერთმანეთს და დაშორებისას იმან მოაძახა ამას:

- ზავტრა ჭიკარტი ნე ზაბუძ! - მაინცდამაინც ,,ჭიკარტი” ვერ გადათარგმნა. ბაბუა ჰყავდა კავთისხეველი, ბებია - კრივოი როგელი. ორივე რომ კავთისხეველი ჰყოლოდა, უპრობლემოდ იტყოდა სუფთა ქართულით: ,,ხვალ კნოპკები არ დაგავიწყდეს”, როგორც ამბობს სრულიად საქართველო.

ამან უპასუხა, ნოუ ფრაბლემო და ერთი ლიფტში შეძვრა, მეორე - მესამე მეზობელთან, ახლა ყავაში ახარჯვინე კიდე ფული.

მე არ ვლაპარაკობ ყველაზე კვიმატ ქართულს, ჟანა მასწავლებელო! ... ვიბოღმები... მამშვიდებს ბებ’ჩეს გაბრაწული კარტოფილი და პულტის წკაპ-წკაპი.

- ბებია, როგორ წვავ ასე გემრიელად კარტოფილს, ტო!

- როგორა შვილო და ტაფა ჯერ უნდა მოატყუო, - სულით-გულით ამიხსნა ბებ’ჩემ - მაგრა უნდა გააცხელო, მაგრამ არ უნდა შეიმჩნიო, ვითომ არ გაგიცხელებია და კარტოფილი ზედ ისე უნდა დაჰყარო, რო ვერ გაიგოს!

- მე ხო გავიგე, აი!

- ეგ კარგია, შენც თუ ვერ გაიგე, აბა ტაფა რაღას გაიგებს! მერე მოსარევათ რო მოხდი სახურავს, ცოტა უნდა გვერდზე გადახარო, რო კარტოფილმა ტაში დაგიკრას.

- რამდენი გვიცეკვია კარტოფილის დაკრულ ტაშზე, არა სარგისოვნა? - გაიარ-გამოიარა მამ’ჩემ, რატომღაც მიდი-მოდიოდა.

- არა, კარტოფილი უსმენოა, ვერ იცეკვებ. ფელამუშია სმენიანი და წისქვილი!

ვახ, როგორ ავაწკაპწკაპე პულტი – სმენიანი ფელამუში და წისქვილიო - გადავიარე არხებზე! აბა აქ ნახე ჟურნალისტების კვიმატობები, ჟანა მასწ. წკაპ! და ბუშის პიროვნებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, წკაპ! და ამოღებულია ყუმბარები და მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის სასურველი და აუცილებელი სხვა ატრიბუტები, აბა წკაპან! და შესაძლოა რომელიმე ინგლისის სხვა გუნდმაც იასპარეზოს, აქ კი საცხობში აღმოჩენილ იქნა ტარაკნების გარკვეული რაოდენობა, იქ მოხდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა, მაგრამ საბედნიეროდ მსხვერპლს ადგილი არ ჰქონია, ხოლო დამნაშავეს აღმოაჩნდა თხუთმეტი შეკვრა ყალბი დოლარიანების პაჩკა, ახლა კი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, თუ როგორ გამოიყურება ხანძარი, წკაპ-წკაპ! თბილისის მიმართულებით და ზედმეტად ხაშურის მიმართულებით მოძრავი მერსედესის ტიპის მსუბუქი ავტომანქანა და აი რას ამბობს ამის შესახებ აწ დღესდღეობით უკვე გარდაცვლილი თუფაქი, ხოლო პედაგოგი ყოველდღე 7 კილომეტრს ფეხით დადიოდა, მთელი ცხოვრება ემსახურა მომავალი თაობის აღზრდის საქმეს და წარმოიდგინეთ, ამას აკეთებდა ფეხით!

- მამა, ქვეყანაში საყოველთაო ჯიგჯიგიზაციის თხუთმეტწლეულია გამოცხადებული, თუ ჩემს დაბადებამდეც ასე იყო?

- არა, ოცდათექვსმეტწლეულია გამოცხადებული და ჩემს დაბადებამდე როგორ იყო, აგერ სარგისოვნას ემახსოვრება

- აღარ მახსოვს, კოლექტივიზაცია რომ იყო, მახსოვს და ჯიგჯიგიზაცია, რავიცი, ალბათ ძალიან პატარა ვიყავი

- ეგ რა არის, დილით ერთმა გოგოწამყვანმა გვითხრა, მე ერთი კვირით გემშვიდობებით და მანამდე კი თქვენ გაიღიმეთო.

- მერედა, შვილო, შენც გაიღიმე, მაგაზე ახვეწნინებ? - გაიოცა ბებიამ.

- როგორ, სარგისოვნა, ერთკვირიანი გაღიმებისთვის კომპრაჩიკოსებს სპეციალური ქოთნები ქონდათ, მე სად მაქ ეგეთი ქოთანი?

- ლობიოსი ხო გვაქ!

- გუშინ საღამოს პოლიციელმა იცი რა გამოაცხადა? მოხდა თვითმკვლელობის მცდელობის 8 შემთხვევა და აქედან ორმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწიაო, შემოსული ოპერატიული მასალის საფუძველზე მოხდა ოპერატიულად თვითმკვლელობაში ჩარევა, სარგისოვნა, და თვითმკვლელობის დროული აღკვეთა. ანალოგიურად მოიქცა კიდევ 3 მოქალაქეო.

- ანალოგიურად როგორ?

- ეგ აღარ ვიცი.

- მაგანა თქვა ერთი კვირით გაიღიმეთო? შვილებო, რა დღეში მყავხართ!

ყველაფერს გეფიცები, ქვეყანაში, სადაც სასურველი შედეგი თვითმკვლელობაა და იმასაც ვერ მიაღწევ, სადაც ოქტომბერში ნორმაზე მეტი ნალექური წვიმა და მეწყრული მოვლენები დაფიქსირდა, სადაც ეჭვმიტანილი დევნის შედეგად გარდაიცვალა და ჩვენ ნახევარი თავი ჰედ ენდ შოლდერსით უნდა დავიბანოთ, ხოლო მეორე ნახევარი სხვა შამპუნებით, ჟანა მასწ, გეფიცები, მე არ ვლაპარაკობ ყველაზე კვიმატ ქართულს და ის პლიუსი რატომღა დამიწერე, ორიანი არ მეყოფოდა?

- დღეს ხო იცი, საავადმყოფოდან ფეხი დაიკარგა. - მანუგეშა მამაჩემმა.

შევხედე.

- ამპუტირებული ფეხი. სანიტარულმა სამსახურმა იკითხა, ერთი ფეხი გვაკლია და სად წავიდაო. ექიმმა უთხრა, არსად არ წავიდოდაო, შესაძლოა პატრონმა წაიღო და დაკრძალაო, პაციენტს უფლება აქვს წაიღოს კიდური და დაკრძალოსო. არა, ნამდვილად ღირს ქართული არხების ყურება. იცი რას მივხვდი? ის პაციენტიც ხომ ამპუტირებულია ფეხისგან.

- ბებია, ახლობელის ფეხი ხომ არ იყო, დაკრძალვაზე მისასვლელი არ ვართ?

- მისასვლელი ვართ და ყვავილის ფესვი გვაქ მისატანი. - თქვა მამამ.

- აგრე შავათ ნუ ხუმრობთ, შვილებო, ღმერთი შეიჭმუხნება თქვენზე.

- რავი, რამდენ დაკრძალვას გაიგონებ, ჩვენი ახლობელიაო, გარბიხარ.

ღმერთზე უფრო შეჭმუხნული დამხვდა ეზოში ჩემი მეზობელი ფანდი. დღისით აიძულებენ შვილიშვილი და წიწილები ასეირნოს, ღამით ნებაყოფლობით ჩაჯდება ბუჩქებში და ქეიფობს და მღერის.

მე მივუახლოვდი ჩემი ფიქრების ღრუბლით და ამ ღრუბელში გახვეულს მელანდებოდა სადღაც იმ უსმენო კარტოფილის დაკრულ ტაშზე მოცეკვავე ამპუტირებული ფეხი, რომელიც პატრონს არ წაუღია, და ყვავილის ფესვს რატომ ამზადებს მამაჩემი?

- ფანდი ბიძია, ქვეყანაში საყოველთაო კვიმატიზაციაა გამოცხადებული. იცოდით?

- როგორა, შვილო?

სადარბაზოდან ის რუს-ქართველა მეზობელი გამოვიდა, ჭიკარტები რომ ვერ გადათარგმნა.

- ვა, ალიონა, რა მარტო ხარ, ლიზა სად არის? - გაიოცა ფანდიმ, თუ ფანდმა?

- ლიფტშია გაჩედილი, ქსოვს. Что ты делаешь, отстань! – უყვირა თავისი ექვსი წლის ბიჭუნას, რომელიც ფანდის წიწილებს დაედევნა, - არ აიღო წიწილი!

ფანდიმ მშვიდად თქვა:

- არაუშავს, აიღოს, ოღონდ მერე ისევ დადოს

- წავედი, - ვთქვი მე, - რა საყვარელი ბავშვია! – ფანდის შვილიშვილმა მოირბინა.

- ბაბუა, კოღოები სახლებს სად იკეთებენ?

- ეგენი სახლებს არ იკეთებენ, სასტუმროებში ცხოვრობენ.

გზაში წარმოვიდგინე სასტუმროში მცხოვრები კოღოები, რომლებიც კარტოფილის დაკრულ ტაშზე ცეკვავენ უსმენოდ... გაჩერებაზე სამარშრუტო ტაქსი იდგა და ტრაფარეტზე ეწერა:

დ ი ნ ა მ ო



თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს



ც ი ხ ე ე ბ ი



რა თქმა უნდა, ჩავჯექი. მძღოლმა სარკიდან მკითხა: “გავივსე?” “კი, კი, გაივსე!”, იღაღადეს მგზავრებმა – თბილისში რომ ცოფი სიცხე იცის ხოლმე, ისე ცხელოდა. მივიხედ-მოვიხედე და ჩემი მარცხენა მეზობლის გაშლილი გაზეთის გვერდზე სათაური წავიკითხე: “თაკო სვირინგს განსაკუთრებულ დღეებში აჩენს”, ხოლო მარჯვენა მეზობელ გოგოს ოთხი ბარძაყი ჰქონდა და ოთხივეთი მავიწროვებდა.

- საქმიანი ქალი? ჯვარი მეწეროს! – დაქალს ეჭორავებოდა, - პროსტა ისიც კი მიტყდება, რო ბოლო-ბოლო ოცდაექვსი წლის ქალი ვარ და ჯერ მარტო პირველად ვარ გათხოვილი.

- გათხოვილი ახლა შენც, - არ აცალა დაქალმა, არ აცლიდნენ ერთმანეთს, ერთნაირად ალესილი იყვნენ ლაპარაკზე, - გათხოვდი – ჰე, გათხოვდი, მარა ადამიანზე ვერ გათხოვდი? შენი ქმრის საშუალო არითმეტიკული ხო იცი, არა? ეგ არის კაცი ღორისებრთა ოჯახიდან.

- ცხოველია, გოგო, გადამეკიდა გუშინ, ოთხშაბათი მეტია თუ ხუთშაბათიო. მე ვუთხარი, ხუთშაბათი-მეთქი. აბა მაშინ ხუთშაბათი მეტია, თუ პარასკევიო. პარასკევი რამდენია-მეთქი? რამდენიც ახლა შენ მოგხვდებაო და რო წამოავლო იმ თავის უჩაკოებს თუ უჩიკოებს ხელი, რა ქვია... პარასკევი რამდენია, გოგო, შენ გეცოდინება.

- ბევრია, ხუთშაბათზე მეტი ნაღდად არის, ცხრა პარასკევიაო კვირაშიო, ხო გაგიგია...

მე წარმოვიდგინე კაცი ღორისებრთა ოჯახიდან, რომელიც სასტუმროში კარტოფილის დაკრულ ტაშზე კოღოებთან და ოთხბარძაყიან გოგოსთან ერთად ცეკვავს და ეს ისეთი განსაკუთრებული დღეა, პარასკევია ბევრი, რომ თიკოც ალბათ სვირინგს გამოაჩენს და ოთხბარძაყიანი გოგოს ქმარი იკითხავს: აქ ბარძაყები მეტია, თუ პარასკევი?...

ბაზრობაზე ჩამოვედი – კვიმატობათა ეპიცენტრში, აქ ჟანა მასწავლებელთან ერთად უნდა წამოვიდე, როცა დაფასებული კაცი გავხდები. მაშინვე ქალმა ჩამიარა მუყაოს დიდი ყუთით ხელში. იძახდა და იძახდა: “აბა კარგი გაყინული თევზი თავისი ბარკლებით” და კარგახანს ვდიე, რომ ეს საოცრება დამენახა. ძლივს წამოვეწიე და ეს თევზიო და ეს კიდე ფადის ბარკლებიო, ცალკე-ცალკე ცელოფნები გადამიშალა... იმედი იმდენად გამიცრუვდა, რომ ნაყინის ყიდვა მინდოდა და ბამბის ნაყინი ვიყიდე. ამ ბამბის ნაყინში ჩავრგე თავი ბავშვობისდროინდელი პირველყოფილი მნიშვნელობების გასახსენებლად, როცა ნივთი ნიშნავს ნივთს და სიტყა ნიშნავს სიტყვას და ერთი-ერთზეა მნიშვნელობა სიტყვის და ნივთის. უცებ ხალხში დავინახე ბიჭი, რომელიც აქ მაიკის საყიდლადაა მოსული, მაგრამ თავი ჩაურგავს ბამბის ნაყინში და დადის და დადის და მივხვდი, რომ ეს ბიჭი მე ვარ. სასწრაფოდ შევჭამე ბამბის ნაყინი და ამასობაში კიდეც მომეწონასავით ერთი მაიკა, მაგრამ მომეჩვენა, რომ უხარისხოა და მალე დაბუსუსდება.

- სადაური მაიკაა? – ვკითხე გამყიდველს.

- თურქეთი. უმაღლესი საქონელი მაქ, სულ ნაღდი თურქეთები.

- ეს მაიკა თითქოს ადვილად დაბუსუსდება...

- რა, თურქეთი?! - თვალი მომიწვრილა გამყიდველმა, - უკაცრავად, თურქეთი არ ბუსუსდება საერთოდ, ეგ ჩინეთი ბუსუსდება.

დარცხვენილი წამოვედი, ჟანა მასწ. გეოგრაფიაშიც ნორმალური ნიშნები მაქვს და ისტორიაშიც. ეგ არ უნდა მცოდნოდა ამხელა, როგორც თქვენ სიყვარულით გვეძახით, ჯორ-აბიტურიენტს, რომ თურქეთი არ ბუსუსდება და პირიქით, ჩინეთი ბუსუსდება? სულ გავიბუტე და წარმოვიდგინე კოღოების სასტუმროში ფელამუშის დაკრულ ტაშზე მოცეკვავე დაბუსუსებული ჩინეთი და თევზი თავისი ბარკლებით. მეც იმ სასტუმროში ვცხოვრობ და დავბრუალებ კოღოსავით ქურდულად უკან წაღებულ ხელში სიგარეტით და ახალი იმპორტული ბოტასებით, რომლებიც ნაღდი ქუთაისებია და თავზე მახურავს ნამუსის ქუდი, რომელიც ნაღდი დუბაია და მივისწრაფი სინგაპურისკენ, რომელიც დასავლეთზე უფრო დასავლეთია და ერთ დღეში სამ დღეს ვცხოვრობ. გადავიარე გადასასვლელი ხიდი, შემომხვდა თამაზა, რომელსაც ძალიან კეხიანი ცხვირის გამო დიდგორა ქვია და ერთად წავედით სუპერხინკალცენტრში. მერე გავედით ქართული როკის ასოციაციაში, სადაც დიდგორას წინაღამით ფანდური და სალამური დარჩა ჰაშიშით თრობის მყარ ნიადაგზე, გამბოლეს ამ ბოლიშვილებმაო, მერე გავედით ერთი მსახიობის თეატრში, სადაც დიდგორას ერთ-ერთი მსახიობის ნახვა უნდოდა – თავისი პიესის დადგმაზე უნდა დალაპარაკებოდა, მაგრამ ერთი მსახიობის თეატრის მთელი დასი საგასტროლოდ იყო წასული, მერე რაჭულ ბისტროში კაი ყავააო დიდგორამ და იქ დავლიეთ ყავა “ყაზბეგი”, მერე ორი კათხა ლუდი მოატანინა, არ მინდა-მეთქი ლუდი. როგორ, ქართველი ქალიშვილების პატიოსნეულების სადღეგრძელო არ დავლიოთო? შეყვარებულზე იყო ნაწყენი. ფეხზე წამოდგა და ისე დალია ქართველი ქალიშვილების პატიოსნეულების სადღეგრძელო, მთელ კლიენტგამოხშირულ დარბაზს მიმართა. მე შეყვარებულზე არ ვიყავი ნაწყენი და არც რომელიმე ეროვნების ქალიშვილზე. მეორე ტოლჩა ლუდით მოდი ჩვენნაირი ზარმამაცი ხალხი არ არსებობსო და ზარმამაცი ქართველები დავლოცოთო. როგორი-მეთქი? ზარმამაციო. ჩემი და შენი თამადობით ზარმამაც ხალხს გაუმარჯოსო.

- შენით იგონებ ასეთ სიტყვებს? პატიოსნეულება, ბოლიშვილები... – ვკითხე.

- არა, შალვა ახალციხელი მასწავლის.

- ვაა! სიზმარში გეცხადება? გმირი?!... და სიტყვებს გკარნახობს?!

- არა, რა გმირი, ბასისტი შალვა ხმალაძე ხო იცი, ახალციხელია წარმოშობით, ისე დელისელი ბიჭია, რაღაც პონტში გმირიც კია...


(გაგრძელება ქვემოთ)

Exclamation
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ნინო გუგეშაშვილი Empty
PostSubject: Re: ნინო გუგეშაშვილი   ნინო გუგეშაშვილი EmptyFri Mar 08, 2019 8:57 pm

ნინო გუგეშაშვილი

ენაი კვიმატი (ერთი დღე)

(გაგრძელება)

მე დიდგორას შევჩივლე, თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობ-მეთქი, სიტყვების კონფლიქტისგან რაღაც გულისრევისნაირი მჭირს-მეთქი და ხომ არ იცი, მედიცინაში რა ქვია სტენდალის სინდრომს კვიმატობათა ძეგლებთან მიმართებაში-მეთქი. ეკლესიაში უნდა იაროო, დიდგორამ, შენი სახელობის ხატი უნდა შეიძინოო და წამიყვანა მაღაზიაში “ხატები ბითუმად” და მაყიდვინა დავით აღმაშენებლის ხატი. ვაფშე დუშევნათ გაუბერეო, დიდგორა მარწმუნებდა, ბევრი უნდა ილოცოო და მოსაწევი თუ იჩალიჩო, დამირეკეო. ელექტროფანდურს ვაკეთებ და დისტორშენი მაგრად მიდის მოსაწევზე და ელექტროფანდურზეო. ვაფშე დუშევნათ გავუბერე თუ ვააბშე დუხოვნათ-მეთქი? სულ ერთიაო. მე ვიცოდი, რომ არ იყო სულერთი, მაგრამ რა განსხვავება იყო, მაგის დაჭერა ასე გადაღლილს არ შემეძლო და ამისგან უეცრად კიდევ ერთი დღის დაღლილობით ერთბაშად დავიღალე. ასე დაღლილი მე და სრულიად დასვენებული დიდგორა ამასობაში ერთ დიდ, ძალიან გაპრიალებულ რაღაც ოფისში აღმოვჩნდით, რომელსაც გარედან ეწერა “ელიტ ფეშენ მოდელ გლამურ”. ამ ფრაზას თვალით ისე გავყევი, როგორც ოთხუცნობიან განტოლებას, რომელიც საგამოცდო ბილეთში ამომივიდა და აღარ ვიცი, გამიხარდეს თუ მეწყინოს. აი, როცა თითქოს ყველაფერი იცი, მაგრამ საბოლოო პასუხს ვერ იღებ. ბოლო სიტყვამ მაინც ყველაფერი გააბუნდოვანა.

- აქ რაღა გვინდა? – ვკითხე დიდგორას.

- აქ იამაიკური პარიკები აქვთ და თორმეტი ცალი ძუა უნდა გამოვაძრო.

- რა ძუა და რა თორმეტი?

- კვაკიან ფანდურს ვაკეთებ, ქრომატიულს, ექვსსიმიანს, ოღონდ წყვილ-წყვილი ექნება ლარები პეიჯის გიტარასავით და რადნოი კვაკი ექნება. ისეთი ფანდური უნდა გავაკეთო, ბობ მარლის რო არ მოლანდებია.

- და იამაიკური ძუა რა პონტია, ქართული ძუა არ წავა?

- სად ვიშოვო ქართული ძუა თბილისში? – მკითხა გაოცებულმა.

- და რა პონტია ექვსსიმიანი ქრომატიული ფანდური კვაკით. ეგეთი ხო გიტარა არსებობს?

- საკულტო პონტია, ბიჭო, საავტორო, გესმის? ასე უფრო მაგარი ტიპი ხარ. ექვსსიმიანი ფანდური თორმეტსიმიანი, იამაიკური ძუა, კვაკი, პლანი, მარლის ქუდი იამაიკის დროშის ფერებში, ისეთი ქართული რეგე უნდა დავუკრა, რო სულ დაყარონ ფანდურები და ზოლიანი ქუდები ამ პლაგიატებმა და მიმბაძველებმა.

- რა ქართული რეგე, თუ ძმა ხარ!

- რას ამბობ, ძმაო, მაგარ ხოდშია, ერთი კაი ქართული სამხედრო-პატრიოტული რეგე, მერე კლიპს გადაიღებენ, დაატრიალებენ, რამე...

- კარგი რა! სად წაიღებ მაგ სამხედრო-პატრიოტულ რეგეს?

- აგერ, ძმაო, რეგეს მსოფლიო ფესტივალზე სიღნაღში.

დაღლილი რომ არ ვყოფილიყავი უკეთეს სიცილს დავაყრიდი. დავინახე სიტყვებმა როგორ ხელდახელ იჩხუბეს.

- ფესტივალს რა ქვია, “ნო მარო, ნო ქრაი”?

- რას დაგვცინი, ძმაო, ერთი ჯგუფი სტეფანაკერტული რეგე იქნება, მეორე-ავლაბრელი ბიჭები არიან ძააან მაგრები, აქაური და რუსთაველი რეგეისტები ვიქნებით, საგარეჯოელი ბალტიისპირელები იქნებიან კიდე და ეგარი...

- კაი რა, კაპოტი ამეხადა სიცილისგან!

- შენ იცინე და ეგ თუ გავარტყი, ბაითსაც გავარემონტებ და მაცაცოს პატიოსნეულებასაც მოევლება, გაიკეთებს მერე ბეჭდებს და ფრჩხილებს და დაიწყებს ზედ ყურებას.

“ელიტ ფეშენ მოდელ გლამურ”-ში სიგრილე იყო და თანამშრომლები არ დარბოდნენ, მოთენთილები დადიოდნენ. ოთახებში ისხდნენ კაცისხმიანი ქალები და ქალისხმიანი კაცები. მოთენთილი ქალები ეწეოდნენ და ყავას სვამდნენ, ხოლო მოთენთილი კაცები არ ეწეოდნენ – მარტო ყავას სვამდნენ და ყველა “საყვარელო”-თი მიმართავდა ერთმანეთს. დერეფნებში კი გაპრიალებული ახალგაზრდები დადიოდნენ მოთენთილად, მაგრამ ღირსებით. გოგოები მაგარ სიფათებს კერავდნენ და ისე პრინციპულად მოემართებოდნენ, იფიქრებდი, ეს-ესაა დამეჯახებაო და ბიჭები პირიქით, რბილ სიფათებს კერავდნენ და ისე მოიწევდნენ, იფიქრებდი, ეს-ესაა ჩამეხუტებაო. ამიტომ ყველას გზას ვუთმობდი და პანიკურად დავყვებოდი კედლებს.

- შემოსასვლელში დაგელოდები, დავიღალე კედლების ხეხვით. – ვუთხარი დიდგორას, რომელსაც აქ “დევიდს” ეძახდნენ. რბილ სავარძელში ჩავყვინთე და ხუთიოდე წუთის დასვენებისთვის ამოვისუნთქე, თან “ელიტ ფეშენ მოდელ გლამურ”-ის დიდი შუშის კედლებიდან ქუჩაში გავყურებდი ხალხს და მანქანებს. კარებთან ვერცხლისფერი “პორშე” გაჩერდა და გერონტი ორჩხომაძე გადმოვიდა, ჩემი ძმის კლასელი. გერონტიმ სამი წლის წინ დაამთავრა სკოლა და ყველაზე მეტად სკოლას თავი დაამახსოვრა ნივრის და კიტრის მწნილის ქრონიკული სუნით. სამი წელი უძახე გერონტის წასვლიდან და სკოლა ჯერაც ვერ განიავდა.

გაპრიალებულ კარებში დიდი ღირსების და მოთენთილობის გრძნობით შემოვიდა გერონტი ორჩხომაძე და მე დამინახა. სადღა იყო მისი აჯაჯული ფართო შარვალი და დიდი სვიტერი, 44 ზომა ბოტასები და შავი გაუვალი ჯაგნარი თავზე! თმები ქერად შეეღება, მთლიანად ბზინავდა გალაქული თმებიდან და ფრჩხილებიდან დაწყებული და დამთავრებული მბზინავი ჩალისფერი რეიტუზით და ასეთივე ფერის წვრილი, გრძელცხვირა ტუფლებით.

ერთიანად პრიალებდა – ხის წებოში ჩავარდნილს გავდა.

- ვა, ორჩხომაძე, რა გაგჭირვებია? – შევყვირე მე.

თბილად გადამკოცნა.

- როგორ ხარ, საყვარელო?

- რა “საყვარელო”, ბიჭო, გერონტი, შენ ხუარ გძმარავს!

- მე ჯერი ორჩე მქვია, ჯერი! რაღა დროს გერონტია! აი, ხედავ საყვარელო, როგორ დავეკარგეთ ერთმანეთს? რობი როგორ მყავს? მე აი, აქ ვმუშაობ. – რობი თვალშისაცემი გაბღენძილობით და ნიშნის მოგებით მოიკითხა, აქაოდა, მე ნახე სად ვმუშაობ და შენი ბედოვლათი და ზარმამაცი ძმა აბა სად მუშაობს, აბა დამახარბეო.

- მოიხედე, გერონტი...

- ჯერი მქვია...

- რა ჯერი! ჯერი არა, ტომი კიდე და ფისო! ჯერი როგორ დაგიძახო ამხელა კაცს, ტო?! თუ გინდა, ჰა, გეროს დაგიძახებ... – ქუჩაში რაღაც სადისტრიბუციო მანქანამ ჩაიარა, რომელსაც “გერმანულ ქვაზე გამომცხვარი პური” ეწერა და შუქნიშანთან შეჩერდა.

ვახ! გერმანულ ქვაზე გამომცხვარი პურიო!

მე მთელი ცხოვრება იმას მასწავლიდნენ, რომ კარგი სალი კლდეები გვაქვს საქართველოში და გაჯიქებული ვდგავარ, არავის არ ვუცვლი გერმანიის და სხვა ქვეყნის სამოთხეზე და თვითონ კიდე თურმე გერმანიიდან შემოაქვთ ქვები. ამეჯაგრა ყველაფერი და მზად ვარ, ეს ნაბიჭვარი და ნაბიჭვარიც რო არ არის, ეს ნაგოგოვარი გერონტი ვცემო, ამნაირ სლიკინა სნობ ლოკოკინებს შემოაქვთ გერმანიიდან ქვები..

- რაღაცას მეკითხებოდი, საყვარელო. – შემახსენა გერონტიმ.

- ბიჭო, გერონტი, მე მეგონა სალი კლდეები მაინც გვივარგოდა საქართველოში!– თვალს ვერ ვაშორებდი შუქნიშანზე გაჩერებულ მანქანას. – ქვის პური მიყვარს, გერონტი...

- ჯერი დამიძახე...

- და იცი რატომ მიყვარს, გერო, ქვის პური? ქართულ სალ კლდეზე გამომცხვარი მეგონა...

- ვაიმეე, პატარაც სულ ეგეთ უცნაურ საყვარლობებს ამბობდიიი....

- გერონტი, მართალი მითხარი, შენ შემოგაქ ქვები გარმანიიდან?

- რა ქვები, სიცოცხლე, მე აქ ვმუშაობ! – სიამაყით მოავლო ხელი მბზინავ სივრცეს. სადისტრიბუციო მანქანა წავიდა.

- მოიხედე, გერონტი, ნახევარი საათია ამ შენობაში დავდივარ და ვერ გავარკვიე, რა დაწესებულებაა, რას აკეთებთ აქ?

- ჩვენ აქ, გენაცვალე, ქართულ გლამურს ვქმნით!

- რაას?!

- არა მარტო ვქმნით, არამედ საექსპორტოდაც ვამზადებთ!

აშკარად კარგ რაღაცას ქმნიან, ისეთი ბედნიერია გერონტი და ისე ელოდება ახლა ჩემგან სახოტბო მადლიერებას, ნამდვილად ქართული გლამური ყველას ძალიან გვეჩქარება. აი ჩვენ ღამით მშვიდად გვძინავს, ესენი სხედან და გლამურს ქმნიან და საექსპორტოდ ამზადებენ, რათა ჩვენ მშვიდად გვეძინოს. გაიტანენ მერე უცხოეთში ქართულ გლამურს, იქიდან გერმანულ ქვებს შემოიტანენ და მე უმადურს პური მექნება... გერონტის მძაფრი, აშკარად ძვირფასი სუნამოს სურნელი ასდის, რაც, პრინციპში, ისევ ნივრის სუნს ნიშნავს...

- გერონტი, გლამური რა არის?

- რაა? გლამური არ იცი რა არის? შემომხედე! – მითხრა შტერულად გაბადრულმა და გამარჯვებული ტორეროსავით ჩამომიდგა. – გლამური მე ვარ!

მე შევხედე და დავინახე ხის წებოში ჩავარდნილი გერონტი ორჩხომაძე – ქართული გლამური. ან ქვებს ვინ გვაძლევს ამაში! აქ დიდგორაც მოვიდა და გერონტიმ უთხრა, მაგ ცხვირის კეხს რომ მოიჭრიდე, სუფთა ბრედ პიტი ხარო.

და მერე ის კეხი რომ ბრედ პიტს დავადგა, ის გახდება დიდგორაო? დიდგორამ. არა, არაო, მერე დიდგორა ხომ ვეღარ ვიქნები, ორთაჭალის ტურფა ვიქნებიო და წამოვედით არც ისე კმაყოფილები, მაგრამ არც ხელმოცარულები და კუდამოძუებულები – თორმეტი ძუა ამისთვის საკმარისი არ იყო...

შუაღამისას სადარბაზოში რომ შევდიოდი, ლიფტი გაიღო და იქიდან ფანდი, ლიზა და ჩემი რუსულის მასწავლებელი, ფარნავაზი გამოვიდნენ. ლიზამ უსიტყვოდ ჩამიქროლა, ალბათ ლიფტში გაჭედვა ეჩქარებოდა, და სადღაც მეზობელთან შევარდა. ფანდის ერთი ბოთლი არაყი და თეფშით წიწაკის მწნილი მოჰქონდა, ხოლო ფარნავაზს ერთი ბოთლი არაყი და თეფშით წიწაკის მწნილი. აი ამ მრავალფეროვან მენიუს თვითონვე გაკვირვებული დააჩერდნენ, როცა მე დამინახეს.

- ფარნა მასწ, რომელი უფრო სწორია, “ვაფშე”, თუ “ვააბშე”?

- ქართულად “ვაფშე’ და რუსულად “ვააბშჩე”.

- არა, რას ნიშნავს, რო სპეციალისტია! – ბოთლი აიქნია ფანდიმ.

- არა, ფარნა მასწ, ხუმრობის გარეშე, რომელი უფრო სწორია, “დუხოვნა”, თუ “დუშევნა”? როგორ უნდა ვთქვა?

- თუ ხუმრობის გარეშე გინდა, ორივე სწორია, გააჩნია, როდის იტყვი...

ფანდიმ საათზე დაიხედა:

- ასე, ამ დროს რო თქვას ხოლმე, თორმეტის ნახევარზე?

ხვალ გაკვეთილზე აგიხსნიო და წავიდნენ ბუჩქებისკენ. იქ ჩაიბუდებენ ციცრებივით, თავიდან ხმადაბლა აბუბუნდებიან და ამ ბუბუნზე მთელი ორი კორპუსი ტკბილად დავიძინებთ, მერე ერთ საათში ფანდი ამღერდება ბუჩქებიდან და ეს არ იქნება ფანდური, ეს იქნება ისევ ფანდი და მთელი ორი კორპუსი გავიღვიძებთ და იმ ლოთების გინებას მოვდგებით, რომლებიც ღამ-ღამობით არ გვაძინებენ, არკი გაგვახსენდება და არ დავუმადლით, როგორ ტკბილი ბუბუნით დაგვაძინეს და არ ვიცი აგლეთს ლეკვები რას შვრებიან, მაგრამ ქართველი ბავშვები ქეიფის იავნანაზე იზრდებიან და მადლობა ფანდის –ორი კორპუსის ბავშვებს ზრდის...

ისეთი დაღლა მომერია, რომ ოთხზე დადგომა მომინდა და დავდექი ოთხზე. ლიფტში ოთხით შევედი.

– ერთი წუთით, არ დააჭირო! – ლიფტში ლიზა შემოვარდა და ნებისმიერ ღილაკს თითი დააჭირა. “ნეტა ახლა არ გაიჭედოს!”, ვინატრე და მეტი სიფხიზლისთვის ორზე ავდექი. როცა ლიფტი გაჩერდა, ლიზას ვკითხე:

- რომელი სართულია?

- არ ვიცი, ან მეხუთეა, ან მეთერთმეტე. – გავიდა და წავიდა, მიმატოვა სრულ ინფორმაციულ და ისე სიბნელეში. სადარბაზოში თავი გამოვყავი და მოვათვალიერე. სწორი თქვა: ან მეხუთე იყო, ან მეთერთმეტე. უცებ ვიღაცამ თავში ხელი მტაცა და ლიფტიდან იმ ბნელეთში მითრია.

- გამოდი ბიჭო, რას გამოჩერებიხარ თრითინასავით!

- მამა!... გამიხეთქე გული, რა არი, რა!

- აღარ გინდა სახში მოსვლა და ლიფტში იმალები, თუ რა ხდება?!...

მეთერთმეტე ყოფილა.

...ნეტავ რა ქვია სამედიცინო ლექსიკონში სტენდალის სინდრომს კვიმატობათა ძეგლებთან მიმართებაში? ეგ დაავადება მჭირდა და ვახშამი ჩამშხამდა. მამ’ჩე და ჩემ’ძმა რაღაც ძველ დოკუმენტურ ფილმს უყურებდნენ, აჭარის რევოლუციაო თუ რაღაც, რავი, და ტექსტი იმდენად კვიმატი იყო, რომ მინერალური წყალი ხომ არ არის-მეთქი ოჯახში, ვიკითხე. მამ’ჩე ძალიან ბედნიერი აკომენტებდა:

- ნახე რა თქვა პრეზიდენტმა? ჩავალ ბათუმში და მაგ ქონდრისკაცს მიწაში ჩავტკეპნიო!

- ბებია, ბორჯომი გვააქ?

ბებ’ჩემ “ნაბეღლავი” დამისხა.

- ბებია, შენ რას იტყვი, ჩატკეპნის?

- ამან თუ ეიწყვიტა ჩატკეპნის, მდევივითაა, მარა ჩასატკეპნათ ბათუმში წასვლა... აქვე ჩატკეპნოს ვინმე.

- მამა, გადართე რა, მართლა ცუდად ვარ.

მამ’ჩე სიგარეტის მოსაწევად ადგა და როცა ჩამიარა, კისერში ჩამიჭირა ცერი და საჩვენებელი თითები და გახარებულმა ჩამომძახა:

- ასლან ი ასლანიონოკ! – ამით აჭარის რევოლუციისადმი თავისი ხალისიანი დამოკიდებულება დააფიქსირა.

- მამა, ქვეყანაში საყოველთაო ბოდვაა გამოცხადებული!

- ბიჭო, შენ რა გასწავლეს დღეს ავტოსკოლაში? – მიუბრუნდა რობის.

- ჰიდრავლიკური ამძრავის ჯამური ფოლხვა. – მიუგო რობიმ, ან როგორ დაიზეპირა! მე თვალები დავხუჭე.

- სარგისოვნა, ფოლხვა რა არის, იცი?

- რავა არ ვიცი, რო მიხოხავ და ვეღარც მიხოხავ.

- და ჯამური ფოლხვა?

- ეგ ბუზი ან რამე ჭია-მაია ჯამიდან რომ ვეღარ ამოდის და ფოლხავს, ფოლხავს...

- ხვალიდან ბებიაშენს მიებარე, რაში მაყრევინებ ფულს! – დაუბარა მამ’ჩემ რობის და აივანზე გავიდა.

მე თვალები ამის მერე აღარ გამიხელია, ყველაფერი ისე გავაკეთე.

- დაიძინე შვილო ვინემ გეძინება, ემანდ არ გამოგინელდეს.- მითხრა ბებ’ჩემ, მაგიდას ალაგებდა.

დავიძინე...

მე მაქვს ორი სიზმარი – დაძინებამდე და დაძინების შემდეგ.

დაძინებამდე დამესიზმრა, რომ ვსწავლობდი ფეხებზე დაკიდებას. რადგან ფეხებშიც ცაცია ვარ, ყველაფერს მარცხენა ფეხზე ვიკიდებდი და ეს მარცხენა ფეხი იმდენად გადამეტვირთა, რომ ვერ დავიძინე. სადღაც ძილ-ღვიძილის საბაჟოზე ვიყავი გაჩხერილი და რაღაც მაკლდებოდა, ფული თუ სიმსუბუქე, რომ საბაჟო გამევლო. მერე დანაგვიანებული ფაილებისთვის მარჯვენა ფეხი გავშალე და მაშინვე დამეძინა. დამეძინა და გავფრინდი არა ზეცაში, არც ცაში, არამედ სადღაც ზოგადად დავფრინავდი, ქვეცაში...

და ეს იყო ჩემი ჩვეულებრივი ძილი – მე ვიცოდი, რომ მეძინა.

დაძინების შემდეგ დამესიზმრა:



* * *



კოღოების სასტუმროში ქორწილი იყო. სასტუმროს შესასვლელთან ზანგი იჯდა და მღეროდა: “წინდახედულად მოვიქეცი და უკანმოუხედავად გავიქეცი”, თან უკრავდა კვაკიან თორმეტსიმიან ფანდურზე, რომელზეც ლარებად იამაიკური ძუა იყო ასხმული.

სასტუმროში სულ ორი დარბაზი იყო და აქეთ მობრძანდითო, დიდ დარბაზში შემიძღვა სოლარიუმში გაყვითლებული დიდგორა, რომელსაც ცხვირი ჰქონდა მოჭრილი და ამიტომაც ვერ მიცნო. დიდ დარბაზში ქორწინდებოდნენ გერონტი ორჩხომაძე და ჯერი ორჩე, გაშლილი იყო გრძელი სუფრა და სუფრაზე ელაგა გერმანიიდან შემოტანილი ქვები, რომლებიც თურმე ჩვეულებრივი რივნის ჭალის ქვები ყოფილა, ოღონდ გალაქული. შემწვარი კარტოფილი “ფრის” დაკრულ უსმენო ტაშზე ცეკვავდნენ ხის წებოში ამოვლებული ქალისხმიანი კაცები და კაცისხმიანი ქალები და მეფე-პატარძალი – თვით ქართული გლამური ცეკვავდა.

დიდგორას გავძახე, შემოდი ამ მეფე-პატარძლის და მთელი ამ ხალხის პატიოსნეულების სადღეგრძელო დავლიოთ-მეთქი, მაგრამ ცხვირმოჭრილმა დიდგორამ ისე ვერ მიცნო, თითქოს მე მქონდა ცხვირი მოჭრილი და გვერდზე გაიხედა. მარტომ დავლიე პატიოსნეულების სადღეგრძელო და მეორე ოთახში რა ხდება-მეთქი, წავედი.

მანდ მოგწყინდებათო, დიდგორამ მომიბოდიშა, არაფერი არ ხდება, ძველმოდურობა და ქაჯობააო.

დიდგორ! მიცანი-მეთქი?! და გვერდზე გაიხედა...

იმ მეორე, მართლაც ჩამოძველებულ თელის ოთახში მარტოდმარტო იდგა ქართული წყლის წისქვილი და მუშაობდა. კარი ჭრიალით გაიღო და, რომ შევედი, თვითონვე მიიხურა. ხვიმირაში არ ეყარა არც ჭვავი, არც პური, არც სიმინდი. ხვიმირაში ეყარა ქართული ხალხური ლექსები და სიმღერები და რიტმული ტკბილი ღრიანცელით მუშაობდა ძველი წისქვილი. სულ მარტო იყო, მაგრამ მაინც რაღაც უხაროდა, ბედნიერი იყო. საერთოდ არ ახსოვდა მეზობელ დარბაზში უსმენოდ მოცეკვავე, წებოში ამოვლებული სნობი ლოკოკინების ქორწილი. ჩამოიფქვებოდა “ხასანბეგურა”, დაიწყებოდა “იმერული ნადური”, ჩამოიფქვებოდა “ვეფხის და მოყმის ლექსი”, დაიწყებოდა “ორშაბათობით აშენდა ციხე-ქალაქი მთაზედა”...

დოლაბის ქვემოთ ხაროს თავზე პეშვი გავშალე და ირიბად მომაყარა ფქვილი – ხელის გული ელვარე მომწვანო-მოწითალო ზურმუხტის და ლალის ღერღილით მოიფიფქა. მე წამოვწვები, დავისვენებ აქვე, ხაროს თავზე და როცა დაიწყება “არსენას ლექსი”, ორ ხმაში ვიტყვით “არსენას ლექსს”.

- დაიძინე, - მითხრა სარეკელამ, - ეს არის შენი იავნანა.

ბრუნავდა, ბრუნავდა წისქვილი, მარტოდ-მარტო მუშაობდა. ძალიან ბედნიერი იყო, ვერ ჩერდებოდა...

და როცა ჩამოთავდა “მაღლა მთას მოდგა” და დაიწყო “მხედრული’, მე დავდექი და ქართული წისქვილის დაკრულ სმენიან ტაშზე მარტომ ვიცეკვე...

2011

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ნინო გუგეშაშვილი Empty
PostSubject: Re: ნინო გუგეშაშვილი   ნინო გუგეშაშვილი EmptyFri Mar 08, 2019 8:58 pm

ნინო გუგეშაშვილი 27076410

ნინო გუგეშაშვილი

წვიმის გილიოტინა

...თავი გადავწიე ჯერ უკან – არ მომწონს, ყელში ჩამდის.

სისხლია და სისხლის გემო აქვს. მერე აბაზანაში ცივ წყალს ვუშვერ სახეს... ვუყურე, ორფერი პატარა მდინარე თეთრ მინანქარზე როგორ უერთდება ერთმანეთს და გადის....

წყალი არ არის უფერო – უფერობაც ფერია, ყველაზე მოუხელთებელი.

... დავდივარ ოთახებში, დიდი პირსახოცით სახეზე. ნაბიჯებით ვზომავ მუსიკას.

ნაბიჯების ზომა და სიხშირე ჩემი გადასაწყვეტი არაა – მუსიკის გადასაწყვეტია.

... გავდივარ აივანზე... იდინოს, თუკი არ უნდა, რომ გაჩერდეს, იაროს – სისხლია, ქლიავის წვენი ხომ არა? თავისუფალია, აწყვეტილია.... ვეყრდნობი მოაჯირს, თავს წვიმას ვუშვერ – ვუყურებ მიწას.

წვიმა უკრავს: ბუმ –ტამ ტა–ბლი–რამ

ბუმ–ტამ ტა–ბლი–რამ...

ამ რიტმს უკრავდა წვიმა–დრამერი მაშინაც, რაჭაში... ღამით გამოვიდა თორნიკე, შველი მოვკალითო, წამოდით, მწვადებს ვაკეთებთო...

შველი?!... ჰო, პატარა იყოო, ხელებით მოკლული შვლის სიგრძე მაჩვენა...

ბუმ–ტამ ტა–ბლი–რამ...

შველი მოკლეს...

პა–ტა–რა–რა–რამ...

ეტ–კინ–აბა–რამ..

ღამით მოიტანეს..

ბუმ და ტამ...

ეზოში ალუმინის ძველი ქვაბი გდია, გადაბრუნებული, ძაღლის ქვაბია. მთავარი წვეთი საწვეთურიდან ქვაბს ეცემა და "ტამ" მაგის სათქმელია...არცერთხელ არ ჩააგდო რიტმი. "ბუმ" ჩემი სისხლის წვეთია ცხვირიდან.

ვგიჟდები, ისე მომწონს – ვუკრავთ მე და წვიმა..."ბუმ"–სისხლის წვეთი, "ტამ"– ალუმინის ქვაბი და მერე ერთად იმსხვრევიან, გაფანტულ დიდ–პატარა ნასხლეტებად "ტა–ბლი–რამ".

კისერში ცივი სამართებელივით მსერავს წვიმა. ნეტავ რამდენხანს უნდა მქონდეს თავი გადაქინდრული ასე, რომ წვიმის გილიოტინამ თავი წამაცალოს, ქვას ხომ ხვრეტს?

ბუმ – ტამ... მომწონს, მივფრინავ!...

სანამ მუსიკა არ დამთვრდება, ეს წვეთი არც შეჩერდება, ტყუილად ვცდილობ, რა პირსახოცი! – პარტია აქვს შესასრულებელი "ბუმ"–ს უკრავს. პარტნიორს ხომ არ უღალატებს!....

– რას აკეთებ, ე! – გამოვარდა ვიღაც. ვერ ვიცანი. მოსულან.

ვიცინი. ვუკრავთ– მეთქი, ვუთხრა, რას გაიგებს?!....

ეძახიან ექიმს... თმებს მიმშრალებენ ... "სისხლისგან გინდა დაიცალო?! რას აკეთებ!"

მოდის ექიმი. მიწის თხილს დაუდევრად ჭამს. აქაოდა, თქვენ ხო მაგარი ტიპები ხართო და მეც მაგარი ვარო– ჭამს მიწის თხილს.

ამ დროს მე არ ვარ მაგარი და თუ ვარ რამეში, არ მინდა, რომ ვიყო.

ვწევარ, სისხლს დაუნანებლად ვღვრი. რაღაცნაირად ფეხზე მკიდია.

ექიმი მიწის თხილის ჭამაში აშკარად ღელავს.

– სად არის ავადმყოფი?

ნუთუ არ მეტყობა, რომ აქ ვარ? მოთხუპნული ვარ ვამპირივით.

– აგერ არის.

– რა სჭირს?

– ცხვირიდან სისხლი მოსდის, ვერ შევუჩერეთ.

– აჰა, გასაგებია!

რა ჭკვიანი ექიმია, გაიგო!

– რამ გამოიწვია სისხლდენა? – ჭამს თან, იმისი ერთი მიწის თხილი – ჩემი ერთი პეშვი სიხლი.

აუხსნეს რაღაც. გაიგო!

–აჰა, ექიმს აჩვენეთ?

–აგერ, გაჩვენებთ.

– არა, სხვა ექიმს თუ აჩვენეთ?

– სხვა ექიმებიც არსებობენ? – თორნიკე ახლა აფეთქდება. ჩემი ჩარევაა საჭირო, მაგრამ მეზარება.

– ჰე, ექიმო ახლა, შენ შენი საქმე გააკეთე და თორნიკე, შენ კიდე ხელს ნუ უშლი თხილის ჭამაში. – მარტო ეს ვთქვი. ექიმმა უიუმორო კაცის სიცილით გაიცინა. რაღაც გრძელი ბინტის ნაჭერი ამოიღო და რაღაც რკინაზე დაახვია. შუბლზე თვალი გაიკეთა, ღელავს, მუშაობს, მიწის თხილს ჭამს.

ხელები დაკავებული აქვს, თხილებს ჯიბიდან ვეღარ იღებს, მაგრამ ღეჭვას კი აგრძელებს.

ნეტავ რა ხდება? მღელვარებისგან დაავიწყდა, რომ მიწის თხილი პირში აღარ აქვს და ინერციით იღეჭება, თუ სადმე ლაყუჩებში აქვს მარაგი?

– ექიმო, აი სულ ცოტა სისხლმა რომ იდინოს, ისე რომ გავაკეთოთ, არ შეიძლება? – ეკითხება თორნიკე, ხელების ისეთი მოძრაობით, თითქოს სანტექნიკს ელაპარაკება.

– რაშია საქმე?

– უხდება ნინოს სისხლი სახეზე.

– უხდება, არა?

– ნინო, სარკეში არ ჩაიხედე? სისხლი გიხდება, ვამპირს გავხარ.

– ვამპირს არა? – ექიმმა თავი გაიცინა. თავის თავი ძალად გაიხითხითა. ლაპარაკი მეზარება, მგონი ვთქვი, შენ უსისხლოდაც რომ ვამპირს გავხარ, შენ რა გეშველება–მეთქი თუ რაღაც. ეტყობა, ვთქვი – ექიმმა ისეთი სიცილი აიტეხა, რომ ის ვირტუალური მიწის თხილი სასულეში გადასცდა და წყალი მოურბენინეს. ბებიაჩემის თქმის არ იყოს, თვითონ სამკურნალო ექიმი იყო. დიდხანს ახველა, სერიოზულად შევწუხდი, მაგრამ შეწუხების თავიც აღარ მქონდა... თან საკუთარ ვამპირობას ნელ–ნელა ვიჯერებდი.

– ექიმო, აქ არ მოკვდე, თუარა ვინ დამიჯერებს, რო მე არ დაგკბინე....

აქ დამეძინა, თუ გამეღვიძა – არ მახსოვს.

გული წაგივიდაო, დედამ. მაგრამ არ მჯერა. მჯერა, რომ რაღაც სუფევის სივრცე გამოვიცვალე, ან ფორმა.

მოკლედ დამეძინა, ან გამეღვიძა....



...



– ვინ არის? – იკითხა ღრუბელმა.

– შველია, დაჭრილია. – უთხრა შურთხმა.

– ჯობია დავაწვინოთ. – თქვა ბალახმა.

– გული წაუვიდა. – თქვა ექიმმა, მიწის თხილს ჭამდა.

– დააწვინეთ, ჩქარა, დააწვინეთ! წყალი! ნინო... გაახილე, ნ ი ი ი ნ ო ო ო .....

არ ვარ შველი, კვამლი ვარ და გასვლა მინდა, მუსიკა დამრჩა, კარგად ვარ...

– მიმიშვით, დავბან, სისხლიანია. – თქვა ღრუბელმა და იწვიმა ჩურჩულით, – ადექი, წადი. შენ იცი, რომ შენი მწვადი გემრიელია?

"ნეტა იქუხოს!" ვიფიქრე და იქუხა.

ქუხილის შლეიფს მივყვები მილევადს.

მომეცი ძალა!

ვარ ნადირი და არ მინდა გავხდე ნანადირევი...

– ვინ ინადირა? ვინ ინადირა? ვინ ინადირა? – იკითხა ექომ....

2011

Arrow[/quote]


Last edited by Admin on Mon Nov 15, 2021 11:55 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ნინო გუგეშაშვილი Empty
PostSubject: Re: ნინო გუგეშაშვილი   ნინო გუგეშაშვილი EmptyFri Mar 08, 2019 9:02 pm

ნინო გუგეშაშვილი

ავთვისებიანი საშუალო

... სანკიმ შორიდანვე შენიშნა, ნაგავში ისევ ის ტიპი იქექებოდა. მისი ამორჩეული ძონძები მეზობელი ყუთის კიდეზე ეკიდა, ხოლო მიწაზე გაშლილ ,,კვირის პალიტრაზე" ემალის ჩაიდნის სახურავი, აუდიო მაგნიტოფონის სახელური, რქა, დანის გაცვეთილი ქარქაში, გაბზარული ბროლის ჭიქა, ბურთი, აქანდაზი და რაღაც ჭანჭიკები მოემწკრივებინა. იქვე, გაზეთზე, პაწაწინა ყავისფერ ლეკვს ეძინა მზეზე გაპენტილს.

სანკიმ ნაგვის ვედრო სანაგვეზე მოაპირქვავა და ის იყო გამობრუნებას აპირებდა, რომ დაბალი, მაგრამ უცნაურად მკაფიო ხმა გაიგონა ზედ ყურის ძირში:

_ არის რამე მაგაში საინტერესო?

მოიხედა. არა, არ მოეყურა; მის წინ მაწანწალა იდგა და კითხვით სავსე გულგრილ მზერას აბჯენდა.

_ რაა? _ კითხა გაოცებულმა სანკიმ.

_ არის რამე შენს ნაგავში? ტყუილად არ გამაქექინო.

_ რ-როგორ გითხრათ... მე მგონი..._ სანკი დაიბნა, სანაგვეში ჩაიხედა და შეეცადა ეცნო თავისი ჩაყრილი ნაგავი, რათა გაეხსენებინა, რას ჭამდნენ ბოლო დღეებში. _ ხო, აი კარტოფილის ნათალია, თუ გამოგადგებათ და თევზის ფხები... კიდევ კომბოსტოს ფოთლები...

_ სულ ეს არის? _ ზიზღით აათვალიერა მაწანწალამ.

_ ა-არა, კ-კიდევ არის... _ სანკიმ თვალებით რაღაცას დაუწყო ძებნა. _ მახსოვს, თევზის თავებიც იყო და სად წავიდა?!

_ კარგად მოძებნე, თუ იყო არსად არ წავიდოდა, _ ჩაიბუზღუნა მაწანწალამ, _ თევზის თავებს ნუ ეხუმრები.

სანკიმ მეტი ყურადღებით დაუწყო ძებნა, მაგრამ თევზის თავები ვერ იპოვა. მაწანწალა გვერდით დაუდგა და ყუთში ჩაიხედა.

_აგე, ის ხომ არ არის?

_არა. _ სანკი ასეთი დარცხვენილი ჯერ არ ყოფილა.

ერთხანს ერთმანეთს უყურეს უხმოდ. მერე მაწანწალამ თქვა:

_ თევზის თავები სად იქნება, უფრო ზუსტად ვერ მიმასწავლი?

ისევ ჩაეყუდნენ ნაგვის ყუთში და თევზის თავების ძებნა კოლექტიურად განაგრძეს.

ვერ იპოვეს...

_ ალბათ, შემოგეჭამა. _ უსაყვედურა მაწანწალამ.

_ არა, გეფიცები, ჩვენ თევზის თავებს არა ვჭამთ საერთოდ.

_ ვინ თქვენ?

_ მე და დედაჩემი. ბაბუას თევზზე საერთოდ ალერგია აქვს.

_ ბებია შეჭამდა. _ დაეჭვდა მაწანწალა.

_ ბებია არა მყავს. ცოტა ხნის წინ დამეღუპა.

სანკი საუკეთესო ამერიკულ ფილმებზეა გაზრდილი და აქ ასეთ პასუხს ელოდა: ,,იზვინი!" მაგრამ ამის სანაცვლოდ აი რა გაიგონა:

_ სად დაგეღუპა, ერაყის ომში?

_ ერაყის ომში რა უნდოდა, ჰუსეინის ბებია კიარ იყო, ჩემი ბებია იყო.

_ საღოლ! ... მაგრამ იქნებ ჟურნალისტი იყო!

_ ჰო, ,,ნიუ-იორქ ჰერალდ თრიბიუნის" ჟურნალისტი იყო და ვაფშე ყველამ თავის ბებიას მოუაროს, რა! _ აიფოფრა სანკი.

_ ეგეთი გაზეთი არ არსებობს. _ მშვიდად მიუგო მაწანწალამ. _ აბა ,,დამეღუპა" რა ქართულია? ,,ბებია დამეღუპა"! დაღუპვა არის ან მორალურად რო დაიღუპები, ან გმირულად, ან ტრაგიკულად. შენი ბებია გმირულად დაიღუპა, თუ მორალურად?

საიდანა აქვს ამ მათხოვარს ასეთი ლამაზი სახე, თვალები ჯადოსავით ძლიერი, წვერი და ქუდიც კი ძალიან ძლიერი და ვაჟკაცური. მეც რა დეგენერატივით დავდექი და ვებაზრები. მცალია?!

_ მომისმინე, ძმაო, თევზის თავებს ეძებ, არა? ჰოდა ეძიებდე და ჰპოვებდე. მე ჩემს საქმეს ხომ არ გაკეთებინებ, არა? ჩაო!

_ საღოლ! ჩაო, მაგრამ თუ აღიარებ, რომ თევზის თავები შემოგეჭამა, შრომა შემიმსუბუქდება, მეტი არაფერი.

_ მე ვინ მიმსუბუქებს შრომას? კარგად მოძებნე, სხვას რას მიკეთებ?

_ კაი, ახლა წადი და სხვა დროს უკეთესი ნაგავი მოიტანე. საქართველოში ნაგვის დონეც კი დაბალია. მარტო საკუთარ თავზე არ უნდა იზრუნო. სავსე სუფრიდან ცოტა შიმშილის გრძნობით უნდა ადგე, ხომ გახსოვს? შენთვისაც კარგია და ჩემთვისაც. _ ასე დამოძღვრა იმ მათხოვარმა.

_ მე შიმშილის გრძნობით სუფრასთან ვჯდები. ჩაო!...



* * *



სანკის დედა კარგი მხატვარი იყო, ხოლო სანკის ბაბუა _ თავისი დროისთვის ზედმეტად პროგრესული არქიტექტორი. ამიტომ ხელმოკლედ ცხოვრობდნენ: გადასახადებს იხდიდნენ და ორ დღეში ერთ სადილს და დილა-საღამოს უღიმღამო ჩაის ახერხებდნენ.

მას შემდეგ, რაც სანკიმ თბილისში გარკვეულ პოპულარობას მიაღწია, იმდენს, რომ პოლიციელების და ბაზრის გამყიდველების დაახლოებით ჩვიდმეტი პროცენტი ცნობდა (ეს არც ისე პატარა პროცენტია თბილისში), მას მომავალში დიდი ფულის შოვნის იმედი გაუჩნდა, ისევე როგორც მასზე ბევრად ნიჭიერ დედას ახალგაზრდობაში, ხოლო კიდევ უფრო ადრე კიდევ უფრო ნიჭიერ ბაბუას. მაგრამ სანკის სხვისი დაკარგული წარსული და დაფშვნილი იმედები არ აინტერესებს _ ახლა მისი დროა! ამიტომ სახლში შესვლისთანავე იყვირა:

_ უხნაჩადა!

ამ შეძახილს რატომღაც არავინ არ გამოეხმაურა. ოჯახში რომ შეხვალ და ,,უხნაჩადას,, იყვირებ და არავინ არ გამოგეხმაურება!.. სანკიმ თაროდან ერთი სქელი შავყდიანი რვეული ჩამოიღო. თავფურცელზე ეწერა: ,,ახალი, მსოფლიო ენებთან ინტეგრირებული, ნორმალური ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, შედგენილი სანკი-ამპლანეტელის მიერ,,. ის ფურცელი გადაშალა, რომლის პირველ ხაზზე, ზუსტად შუაში სათაურად ეწერა ,,უ,, და ჩაამატა: ,,უხნაჩადა _ უხარისხო ნაგვის ჩაბარების დანაშაული".

_ დედა, რამდენჯერ გითხარი, რომ ჩემი ნაგავზე გაგზავნა აღარ შეიძლება. ბაბუამ გაიტანოს დღეიდან, ან შენ თვითონ. _ და მძიმე ბათინკები გაიძრო.

_ ნუ იხდი, ერთი დიდი ცელოფანია კიდევ გასატანი. _ მშვიდად გამოსძახა დედამ ბიბლიოთეკიდან, ძველ ბროშურებს არჩევდა გადასაყრელად.

_ ოოო! _ იკივლა სანკიმ. _ ჯერ ერთი, მაგვიანდება...

_ რაღა გაგვიანდება, მზად ხარ, ჩაცმული ხარ, წაიღე ნაგავი და წადი...

_ მზად არა ვარ, წვერი მაქ გასაპარსი და ფეხები. თვალებიც დასახატი და მერე კიდე, იმ სანაგვეზე ვინმემ რომ მნახოს, ვინღა მიმიწვევს მე ასეთი დონის ტუსოვკაზე?…

_ როგორი დონის?!

_ კარგი რა, დედა. შენ მოგწონს, თუ არ მოგწონს, ახლა ასეა საჭირო. თუ იქ არ გეძახიან, ნამდვილი ვარსკვლავი ვერ გახდები. ეს ასეა.

_ ოხ, თქვენი ვარსკვლავობის შურით იუპიტერი გამსკდარა!

_ ყველა იდიოტ მათხოვარს მე რატო უნდა ვაბარო ანგარიშები, რა არის ჩემს ნაგავში საინტერესო, რომ აბა, გაქექოს, თუ არ გაქექოს. როგორ განაგლდნენ, ესღა მაკლდა, მენიუც გამატანე ხოლმე ყდაში ჩასმული. _ თავის თავს ებუზღუნებოდა სარკეში სანკი.

_რაა? _ დედამ ბიბლიოთეკიდან გამოიხედა.

_ ერთი დარტყმული მათხოვარია, რა არის შენს ნაგავში საინტერესოო, გადამეკიდა, გავქექო, თუ არ გავქექოო. მე ვუთხარი, თავში ქვა გიხლია, გინდა გაქექე, გინდა ნუ გაქექავ-მეთქი, მე ხომ არ გაგიქექავ ნაგავს-მეთქი.. _ დედას სიცილი აუვარდა. ზალიდან ბაბუამ გამოყო ლამაზი თავი.

_ რაო?! _ იკითხა სიცილისთვის უკვე მზადმყოფი სახით..

_ რა ვიცი მე, თევზის თავები მომიძებნეო, ბებიაშენი ერაყის ომში ხომ არ იბრძოდაო.

_ ბებიაშენი რამ გაახსენა? _ იკითხა დედამ. სიცილისაგან სულს ვეღარ იბრუნებდნენ. სანკიც აროხროხდა.

_ ხო გეუბნებით, გიჟი იყო ვიღაცა. თევზის თავებს ბებია შეჭამდაო. მეთქი, ბებია არა მყავს, ცოტა ხნის წინ დამეღუპა. სად დაგეღუპა, ერაყის ომშიო? ტრაგიკულად, თუ მორალურადო?

იდგნენ, ერთმანეთს უყურებდნენ და იცინოდნენ. სანკიმ მხოლოდ ახლა, ამ ორი ორიენტირისათვის თვალის გასწორების შემდეგ აღიქვა ნათლად, რამდენად სასაცილო დღეში ჩავარდნილა იქ, სანაგვესთან. ადვილად არ მოიძებნებოდა ასეთი მეგობრული ოჯახი. კარგად იცინეს _ თვითონვე კმაყოფილები დარჩნენ. მერე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. სანკიმ თვალები მოიწმინდა და თქვა:

_ წამოსვლისას მომაძახა, სხვა დროს წესიერი ნაგავი მოიტანე ხოლმეო...

ისევ სიცილი წასკდათ, თვითონ სანკი იყო ძალიან სასაცილო _ გაოცებული და გახარებული თითებს იმტვრევდა.

_ სუფრიდან შიმშილის გრძნობით უნდა ადგეო, ჩემთვისაც კარგია და შენთვისაცო...

_ კარგი რა, სანკი, აღარ შემიძლია! _ ხელებს იქნევდა დედა.

_ მიშველეთ, ჩავიფსი! _ თქვა ბაბუამ. სანკისთვის იყო ბაბუა, თორემ ქალებს ჯერ კიდევ მოსწონდათ ორმოცდათექვსმეტი წლის, ბიჭური სახის დახვეწილი კაცი. _ მე მეტი შიმშილის გრძნობით ვერ ავდგები სუფრიდან, არა, უბრალოდ ვეღარ ავდგები.

_ დედა, შემდეგ წასვლაზე ან კარგი პურ-მარილი გამატანე, ან მე იქ ვეღარ წავალ, მომკლავს.

_ წაიყვანე დღეს სადაც მიდიხარ, კარგი პურ-მარილი იქ იქნება.

_ აუ, მართლა რო წავიყვანო, წარმოიდგინეთ. _ ჩაბჟირდა სანკი._ მე რო იქ გავიჩითები მათხოვართან ერთად!

დედას მოულოდნელად ფიქრიანი სახე გაუხდა.

_ იცი რა, სანკი. ეგეთი მართალი ვინმესგან რამე მოგისმენია? იმ შენს ,,ტუსოვკებზე" ეგეთებს ლაპარაკობენ?

_ ოხ, შეადარა, რა!

_ შენ შეადარე... ჯობია სანაგვეზე უფრო ხშირად იარო, ვიდრე იქ…...

_ნუ ჩაამწარებ ახლა შენებურად, სადაც უხარია, იქ იაროს. _ გამოექომაგა ბაბუა.

_ არ მინდა ტყუილი უხაროდეს.

_ მაგაზე მეტი ტყუილი არ იყო ,,წიქარა" და ,,ნაცარქექია" დღე და ღამე რომ უკითხავდი და უხაროდა?

_ დედა, იცი რა თქვა? საქართველოში ნაგვის დონეც კი დაბალიაო.

_ მართალი უთქვამს.

_ დედა, იცი რა ლამაზია? ჩემზე მაღალია და აპოლონივით ლამაზი...



* * *



_ აქ გააჩერე, სანაგვესთან!

მძღოლმა გააჩერა. სანკი ტაქსიდან გადმოვიდა, სავსე ტომარა გადმოათრია, იქვე მიაყუდა და მაწანწალას პირდაპირ მიახალა:

_ ამაში საინტერესო არაფერია, ძველი ბროშურებითაა სავსე.

_ ნახე, რა მომიტანეს! _ მიახარა მაწანწალამ და გულზე ხელი დაისვა. _ აქ ყველა შენსავით უპასუხისმგებლო და ხელცარიელი კიარ მოდის.

სანკიმ მისი ახალი სამოსი შეათვალიერა. ეს იყო თითქმის მუხლამდე სიგრძის, მწვანე, ლურჯი, ფორთოხლისფერი და წითელი რუშებით ნაძვის ხესავით იარუსებად ასხმული, რაღაც ძალიან გაურკვეველი დანიშნულების და წარმომავლობის კაბა თუ ანაფორა, ბეჭებიდან მოხდენილად დაცემული და ქარში მოქანავე ბალახივით ბოლოაშლილი.

_ თბილი ფერებია, გიხდება. ვა, რა მაგარი ნაჭერია, ვინ მოგცა?! _ დააყარა სანკიმ.

_ იმ სახლიდან მოიტანეს. კარნავალისთვის შეუკერიათ და მერე აღარ დასჭირდათ. პრინცივით ხო გამოვიყურები?

_ ეგ ქუდიც იმათ მოგცეს? ძალიან მიდის მაგაზე.

_ არა, ეს რაჭული თექის ქუდია რაღაც ბალახში შეღებილი, ბებიაჩემმა გამიკეთა.

_ მოიხედე, კარგ ადგილას მივდივარ, წამოხვალ?

_ ამ ტაქსით მიდიხარ?

სანკიმ თავი დაუქნია. მაწანწალა წავიდა და მანქანაში ჩაჯდა. სანკიც სანაგვესთან მიატოვა, ,,კვირის პალიტრაზე" მომწკრივებული თავისი ნადავლიც, მძღოლს მიესალმა და ახალი კოსტიუმის სწორებას და თვალიერებას შეუდგა. გაოგნებულმა მძღოლმა სალამზე პასუხიც ვერ მოახერხა. უაზროდ დაიხედა ფრჩხილებზე და საჭეზე თითებით დიმპიტაური-დამპიტაური შეასრულა.

_ წამო, რაღას მიყურებ! _ გამოსძახა მაწანწალამ ფიქრში წასულ სანკის.

სანკი მანქანაში ჩაჯდა. მძღოლმა დაქოქა.

_ ერთი შეკითხვა მაქვს შენთან, მარტო ერთი. _ უთხრა სანკიმ თავის ახალ თანამგზავრს.

_ მე - ორი შენთან. _ მოუგო მან ისეთი სახით, რომ ნათელი იყო, მართლა ორი ჰქონდა. _ ჯერ შენ მკითხე.

_ რა გქვია?

_ გიორგი. _ მიუგო მაწანწალამ. _ სად მივდივართ? _ აქვე მიაგება თავისი პირველი შეკითხვა.

_ ახლა რო გითხრა, შეიძლება დაკომპლექსდე და აღარ წამოხვიდე, ამიტომ უნდა მენდო, კარგ ადგილას მივდივართ, გიორგი. ყოველ შემთხვევაში საჭმელ-სასმელი ბევრი იქნება. მეორე შეკითხვაც მიდი ბარემ და გაცნობას მოვრჩეთ.

_ შენ ბიჭი ხარ, თუ გოგო?

_ არც მე და არც იმათ, ვინც იქ დაგვხვდება, ეგ აღარ გვკითხო, კარგი? ეგ საკითხი მოდაში აღარ არის. არავის აღარ აინტერესებს, რა.

_ ვახ, კაცოუ! _ შეჰყვირა მძღოლმა და მოწყვეტით დაამუხრუჭა. გამაყრუებელი სიგნალებით მოაწყდნენ უკანა მანქანები.

_ წადი, რას გაჩერდი? _ შეჰკითხა გიორგიმ სარკეს.

მძღოლმა ისევ დაქოქა. თუმცა რომ გაჩერებულიყვნენ, აშკარად უფრო ჭკვიანური იქნებოდა. გაოგნებისაგან ძალაგამოცლილი მძღოლი სარკეს თვალს ვეღარ აშორებდა და საჭეს შეუსაბამო გამალებით ატრიალებდა ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ.

_ იმ გრძელ შენობასთან გამიჩერე ერთი წუთით. _ თქვა სანკიმ.

_ მოვედით? _ იკითხა გიორგიმ.

_ არა, აქ ჩემი ერთი ძმაკაცი მუშაობს, ლექსი უნდა გამოვართვა. ახლავე მოვალ, მელოდება.

_ ვინ გელოდება, მაჟორა?

_ ვა, შენ რა იცი მაჟორა?! _ გაუხარდა სანკის.

_ ვიცნობ მაჟორას. _ მშვიდად თქვა მაწანწალა-გიორგიმ.

_ ვახ, კაცოვ! _ ამოიყვირა ისევ მძღოლმა და დაამუხრუჭა. _ ეს მაჟორა რაღა სახელია, გადავირიე კაცი. _ ისე ალალად აცეცებდა თვალებს, თითქოს მართლა მაჟორას სახელმა გადარია.

_ ვა, გადასარევი რაა, მაჩაიძეა და ჟორა ქვია და მაჟორას ვეძახით, აბა კლარას ხუარ დავუძახებთ! _ გაიოცა სანკიმ და გადავიდა.

_ არა, ეგ რა ვუყოთ მერე, _ მიუტრიალდა მძღოლი გიორგის, _ აგერ ჩვენთანაც ორი ძმა არიან, ერთსა ქვია ბენზინა, მეორეს _ ჩხაკუნა. ბენზინას ბიჭებს ბენზინიჩებს უძახიან, ჩხაკუნას ბიჭებს _ ჩხაკუნიჩებს და ერთად როცა მოდიან ბიძაშვილები, ხალხი იძახის, გაიხედეთ, ზაჟიგალკეები მოდიანო... მარაა...

_ რა, მარა? _ ჩაჰკითხა გიორგიმ.

_ რავიცი, რავიცი, ყველაფერი ისე აირია, რო... _ ჩაიბურდღუნა მძღოლმა და მიტრიალდა. მერე უცებ ისევ შემობრუნდა. _ შენ, კაცო, საღაციდან ხუარ მეცნობი?!

_არა!



* * *



გზაში სანკი მალულად ათვალიერებდა გიორგის და რაც უფრო დრო და მანძილი გადიოდა, მით უფრო ნაკლებ სამარცხვინოდ ეჩვენებოდა მის გვერდით ყოფნა. არც ისეთი საშინელება ყოფილა მაწანწალასთან ახლოს ჯდომა... მის თვალში გიორგის ნაკვთებმა, ჩაცმულობამ, სიმშვიდემ და ხასიათის რაღაც უცნაურად გამომჭვირვალმა ფერადოვნებამ და სიმყარემ გზადაგზა, თანდათან აზრი მოიცეს, გაერთიანდნენ, აიკინძნენ და ერთიან, არც თუ უწონო იმ მთლიანობად იქცნენ, რომელიც აი აგერ, ახლა მის გვერდით მნიშვნელოვნად ზის და ამ თავისი ჩუმი და გულგრილი ჯდომით სასიამოვნოდ იწუხება. სანკი გაოცებული აკვირდებოდა: ეს არ იყო გიორგის შინაგანი მეტამორფოზა, არამედ ეს უფრო გარემოებათა მეტამორფოზა იყო გიორგის შინაგანი მთლიანობისა და სიმშვიდის მიმართ. მათხოვარი უძახე და გარემოს თავის თავზე ისადაგებდა თითის გაუნძრევლად, სიტყვის უთქმელად. რაც უფრო უახლოვდებოდნენ დანიშნულების ადგილს, სანკის აზრით გიორგი მით უფრო ღირსი და შესაფერი ხდებოდა ამ ადგილის, და ბოლოს, როცა ფერადი შუქ-ჩრდილებისა და მრავალსახიანობის სიჭრელით აზრიალებულ დარბაზში შევიდნენ, გიორგი ისეთი თვალშეუდგამი სილამაზის სხივით აინთო, თავის ტყავში ჯდომის ისეთი ძლიერი გრავიტაციით შეიმოსა, რომ უნებურად ყველა მათკენ წაიზიდა. ,,სანკი! სანკი!" რამდენიმე ხმამ ერთად იყვირა.

_ ეს ჩემი ახალი მეგობარია, ჯორჯი, შოუმენია ამერიკელი, ჯორჯ... ჯორჯ ნაგვინი... _ წარადგინა სანკიმ მაწანწალა.

_ ოოო! _ აღმოხდათ სახეებს, რომლებიც დიდი დახატული თვალებით, შეღებილი ნაკვთებით და სქესის ბუნდოვანებით ჰაერში მოტივტივე ნიღბებს აგონებდნენ გიორგის.

_ ახლა პანკურს აწვება, _ თქვა სანკიმ და გიორგის მოკლე ანაფორა და ჯინსის შარვალი შეათვალიერა, _ ადრე მადონას და მაიკლ ჯექსონის შოუებს აკეთებდა.

_ მისტერ ჯორჯ, ველქამ, როგორ მოგწონთ... კაკ ვამ ნრავიტსია გრუზინსკაია ფარტკულტურა? _ რატომღაც რუსულად ჰკითხა ერთ-ერთმა სახეთაგანმა.

_ რუსულად და ქართულად არცერთი სიტყვა არ ესმის. სწორედ მაგისთვისაა ჩამოსული, რომ ქართული ფართი შეისწავლოს და კონსულტაციები მოგვცეს. _ სასწრაფოდ ჩაეჭრა სანკი.

_ აქ ვისთან იმუშავებს?

_ აქ მარტო ერთი დღით ჩერდება.

_ შენი სტუმარია, სანკი?

_ ხო, ჩემი სტუმარია. რა დაგემართათ, ხალხო, ცოტა გაგვატარეთ, რა!

_ საიდან დაითრიე, ე!

_ ინტერნეტით გავიცანი. _ იგერიებდა სანკი ცნობისმოყვარეთა პირველ ტალღას და თან გაღწევას ცდილობდა. უბადრუკი მაწანწალაა, ამ ტალღის სიმძიმეს ვერ გაუძლებს და რამეს წამოაყრანტალებს, ნაღდად. სადმე მყუდრო ადგილას უნდა გაიყვანოს და გონს მოგების დრო მისცეს.

_ დამაპადხოდე, სანკი, ჩემი ალბომი მოვასმენინოთ.

_ ახლა არა, მერე ჩამოვა უფრო დიდი ხნით. წამო, ჯორჯ, რამე დავლიოთ. What will you have to drink? _ ანგარიშმიუცემლად ჰკითხა და სახელოში ჩააფრინდა.

_ A bottle of red wine. Let ‘s go! _ ომახიანად მიუგო გიორგი მაწანწალამ.

სანკი გახევდა. პირდაღებული შეაჩერდა სახეში და ხელი უშვა მის სახელოს.

_ You don ‘ t worry, I understand everything at all. _ ქოჩორი მოუჩეჩა გიორგიმ. ხუთი-ექვსი წლით იქნებოდა სანკიზე უფროსი. ახლა მან წაავლო სახელოში ხელი და ბარისკენ წაიყვანა.

როგორც კი სიმყუდროვეში გააღწიეს, გიორგიმ ცხვირსახოცი მიაწოდა და უთხრა:

_ ასე არ უნდა ინერვიულო, კინაღამ დავიწვით.

_ შენ მე გადამრევ, ყბების ქავილი ამიტყდა ზედმეტი განცდებისაგან, ცუდი ბრიტვითაც გავიპარსე ალბათ. _ სანკი სახიდან ოფლს იწმენდდა გიორგის ცხვირსახოცით.

_ გაიპარსე? _ გაიხარა გიორგიმ. _ ესე იგი, ბიჭი ხარ!

_ მორჩი, რა! ამას რაები აინტერესებს, მე ამდენი ნერვიულობისგან მგონი მენსტრუაცია მომივიდა, პაკეტიც არ წამომიღია, ჯერ არ ველოდი, ეს კიდე რაებზე ფიქრობს!

_ მენსტრუაცია?! ესე იგი, გოგო ხარ!

_ მორჩი, რა!

ამ დროს ვიღაც გრძელთმიანი და ნაზი არსება მიუახლოვდათ რწევით, ელამი თვალებით სადღაც შუაში იყურებოდა. გიორგის ხელში მინიდისკი შეაჩეჩა და უთხრა:

_ ოცდათორმეტ პროცენტს ჩაგახუტებ... არა, ოცდაათ პროცენტს ჩაგახუტებ! გადაუთარგმნე! _ დაუბარა სანკის, ჰაერში კოცნა დააგდო და წავიდა.

_ ეს ვინ იყო?

_ მინაჩო. აი, გაზეთები რომ წერდნენ, ,,ახლახან მინაჩომ ტრიუმფით მოიარა დასავლეთი", ეგ მინაჩოა. თუმცა შენ რა იცი გაზეთები.

_ რომელი ქვეყნები მოიარა ამან კაცო?! _ გაოცდა გიორგი.

_ ონი, ამბროლაური, ცაგერი და ლენტეხი! _ჩამოთვალა სანკიმ დასავლეთის ყველა წამყვანი ქვეყანა.

_ მართლა ხომ არ გავხდე მინაჩოს პროდიუსერი? _ სიცილი აუტყდათ.

_ შენ რა ტიპი ხარ, ე!... არა, რა ინგლისური შეუბერა!

_ სკოლაში უკეთესი არ მასწავლეს.

ამასობაში ყველანი სახელდახელოდ გამართულ კონცერტზე მიიწვიეს. გზად, სანამ გიორგი და სანკი თავის მაგიდამდე მიაღწევდნენ, კიდევ თხუთმეტიოდე დისკი მიაჩეჩეს გიორგის და კიდევ უამრავი პროცენტის ჩახუტებას შეჰპირდნენ.

კონცერტის მსვლელობაში გიორგიმ გაარკვია, რომ ეს იყო რაღაც ფართომასშტაბიანი ფესტივალის, ,,ვივას!,, გამარჯვებულთა იმპროვიზებული საღამო, სადაც ყველა მსურველს და ყველა არამსურველს შეეძლო გამოსვლაც და არგამოსვლაც. ფესტივალი ,,ვივა!,, იმდენად მრვალპლანიანად ჩატარებულა თურმე, რომ გამარჯვებულთა შორის იყვნენ რეჟისორები, მხატვრები, მძღოლები, მუსიკოსები, ხაჭაპურის მცხობელები, ბიზნესმენები, მწერლები, საუნას მფლობელები, ბილიარდის, გოლფის და კეგლის ჯადოქრები, მოკლედ ვინ აღარა. საუკეთესო კოქტეილის შემზავებლები ერთი შავკანიანი ეგზემპლარით იყვნენ წარმოდგენილნი. ჯორჯ ნაგვინის მიმართ ინტერესი არ იკლებდა, მაგრამ, რაღაი ქართულ-რუსული სულ არ ესმოდა, ათიოდე შეკითხვა დაუსვეს ქართული სკოლის ინგლისურ ენაზე და თავი დაანებეს, თუმცაღა Mმთელი საზოგადოების ყურადღება ფარულად მისკენ მიიზიდებოდა და იმპროვიზებული კონცერტის მოწვეულმა და ჰონორარიანმა რეჟისორმა, დიმა რევინმა, თავის ასისტენტს კულისებში ისიც კი უთხრა, რომ სულ გული უგრძნობდა, მის ნამუშევარს ადრე თუ გვიან ვინმე დიდი პრომოუტერი ნახავდა და გზას გაუხსნიდა დასავლეთისკენ. აღარ შეუძლია, სული ეხუთება ამ პროვინციაში. ,,დღეს ჩვენი დღეა! დღეს ჩვენ ოკეანის გაღმა გავდივართ! ერთი ეს ლიფი ცოტა გამიხსენი, ძალიან მიჭერს..."

აბა გიორგიმ რა იცოდა, თუ დღეს გადიოდა დიმა რევინი ოკეანის გაღმა და თან ლიფი უჭერდა.

(გაგრძელება ქვემოთ)

Exclamation
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ნინო გუგეშაშვილი Empty
PostSubject: Re: ნინო გუგეშაშვილი   ნინო გუგეშაშვილი EmptyFri Mar 08, 2019 9:02 pm

ნინო გუგეშაშვილი

ავთვისებიანი საშუალო

(გაგრძელება)

ადგა და ისევ ბარში გავიდა. როცა დაბრუნდა, სცენაზე გამარჯვებული საუნას მფლობელი იდგა, რომელსაც თურმე და პანტომიმის ნიჭიც აღმოაჩნდა და ყველაზე პიკანტურ წვრილმანებში წარმოადგინა როგორ იქცევა საუნას კლიენტი საუნაში შესვლიდან გამოსვლამდე. მექისესთან გახეხვის და ცივ აუზში ჩახტომის სცენებმა ხალხი სიცილით გააპო. გიორგი ზეთისხილის გარდა არაფერს ჭამდა, მაგრამ თითქმის ყველაფერს სვამდა. მერე ვიღაც მომღერლები გამოვიდნენ, რომლებსაც გულით ეწადათ მერაია ქერის და ჯორჯ მაიკლს დამსგავსებოდნენ და კიდევაც ჰგავდნენ, Oოღონდ უფრო მოუთავებლებს და ნაკლულებს, ვიდრე თვითონ ისინი არიან. მათ შემდეგ სცენაზე ავიდა ბილიარდის ფალავანი და ხალხი გაართო ბილიარდის ბურთებით და ჯოხებით ჟონგლირებით და კურიოზებით საბილიარდო ცხოვრებიდან. მერე ორმა გამარჯვებულმა მწერალმა ორი პატარა მოთხრობა წაიკითხა, რომელთაგან ერთი უნიჭო მარკეს-სელა-ლიოსა იყო, ხოლო მეორე _ ასევე უნიჭო და უცხვრპირო დოჩანაშვილ-დუმბაძე. მერე სუსტმა პავაროტიმ იმღერა, მერე ასინქრონულმა და რიცხობრივად ცოტა ,,რივერ დანსმა" იცეკვა. ამის შემდეგ კეგლის ბურთი გაიჩერა შუბლზე და ცერზე კეგლის ჩემპიონმა, ჯერ კიდევ გამოუცდელმა ქართველმა ვანესა მეიმ ვიოლინოზე პაგანინის კაპრიჩიო შეასრულა და ჯახირჩიო გამოუვიდა, დაბოლოს მაგიაში ზარელედ განსწავლულმა დევიდ კოპერფილდმა მესამე ცდაზე გააქრო ერთ-ერთი სპონსორის პრიზი _ ზეთისხილიანი ქილებით სავსე ყუთი.

_ დაგვერხა, ვეღარც გააჩენს! _ გულზე შემოეყარა გიორგის, რომელსაც სწორედ ამ დროს შემოელია ზეთისხილი.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, ხალხი გულით ილხენდა და თავისი ქვეყნის ეგზომ დიდ მიღწევებს კულტურის ყველა სფეროში ოვაციითა და ეროვნული სიამაყის უნაპირო გრძნობით ეგებებოდა. გიორგის უკვე მეთვრამეტე დისკი მოუტანეს. სცენაზე მანეკენები გამოვიდნენ, რომლებსაც იმდენი ძვირფასი ნაჭერი ჰქონდათ ტანზე დახვეული, გასასკდომად გამზადებულ მოწრიალე ჭუპრებს წააგავდნენ. გიორგის დასცხა, ადგა, ბარში გავიდა. ეჰეი, ხალხო! ეს ხომ ავთვისებიანი საშუალოა, თქვენ რა გიხარიათ? თქვენ იცინით, ერთობით, ცეკვავთ და არ იცით, რომ ავად ხართ სასიკვდილოდ _ ავთვისებიანი საშუალო შეჯდომია თქვენს ტვინებს და ჭამს დუჟიანი პირით, ცოდვიანი წარმატებით, ხრავს თქვენს სულს, ფიქრს და ჯიგარს, თქვენს ქვეყანას, თქვენს დედამიწას, აყვავებს მეტასტაზებს და ბურღავს მსოფლიოს როცა მსოფლიოს გენიალობა ტოვებს, როცა ავთვისებიანი საშუალოს ბატონობის ოქროს ხანა დგება! მოიშორეთ, იმკურნალეთ! _ საშუალო ავთვისებიანია, იჩქარეთ იპოვოთ ჯანმრთელი გენიალობა, რომელიც დროდადრო კრიოთერაპიასავით მოდის და სულის კიბოს ყინავს, მაგრამ ჩქარია და ჩქარა გარბის, პატიოსანია და უკადრი და გტოვებთ სწრაფად. დაიჭირეთ! გენიალობის სიცოცხლე აუჰ! ხანმოკლეა, მისი უკვდავებაა ხანგრძლივი, ის წარსულსა და მომავალში არსებობს მხოლოდ, ავთვისებიანი საშუალოს სიცოცხლე კი მარადიულია, ის მუდმივად აწმყოშია, მუდმივად გჭამთ და გლოკავთ, მარტო კრიოთერაპიის მოკლე-მოკლე სეანსების დროს ისუსება და ითოშება, იცდის, რათა როგორც კი გენიალური მიგატოვებთ, ისევ გააღვივოს ყვავილოვანი მეტასტაზები, რომლებიც თქვენ ასე სასიამოვნოდ გიღიტინებენ ტვინებში... როდემდე?! ნუთუ თქვენივე ჯანმრთელობა არ გადარდებთ! ნუთუ სულის კიბოს ყოველთვის ასეთი დონორული სიამაყით უნდა ჩააბაროთ თქვენი სულები?! ნუთუ ყოველთვის ასეთი მოხალისეები იქნებით?!... გიორგის ფიქრი არ არევია, უბრალოდ სხვა დროისთვის გადადო, ერთი ჭიქა კონიაკი კიდევ დალია, ბარმენს ჰკითხა, აქ სამზარეულო სად არისო და წავიდა...

სანკისთან რეჟისორის ასისტენტი მივიდა და უთხრა:

_ სან, შენ ხომ იმღერებ?

_ არა!

_ არა? რატომ?!

_ დღეს არ შემიძლია, მადუ. არ გაგიტყდეს, რა!

_ ვა, რა ხდება?! თუ გადაიფიქრო, აქა ვართ. ეცადე, გადაიფიქრო!

მადუ წავიდა. დღეს პირველად მოხდა, რომ სანკიმ გამოსვლაზე უარი თქვა. თავის თავს გამოუტყდა, რომ გიორგის წინაშე ეუხერხულება იმ უბადრუკობის ჩვენება, რასაც აქამდე ასეთი სიამაყით აჩვენებდა და რაც ასე მოსწონდა მთელ ამ ხალხს. ყველაფერი ეს დღეს რაღაცნაირად არასაკმარისად პატიოსანი ეჩვენა. ღმერთო! ვიღაც მაწანწალას რამდენ ყურადღებას უთმობს... მართლა! სად წვიდა გიორგი?! ნუთუ ამდენ ხანს ბარშია და ჭიქა უჭირავს? სანკი ბარმენთან მივიდა და ამერიკელი სტუმარი მოიკითხა. ბარმენმა სამზარეულოში მიასწავლა. სამზარეულოში გიორგი არ იყო, მაგრამ მზარეულმა უთხრა, რომ ეს წუთია გავიდა აქედან.

_ აქ რას აკეთებდა? _ იკითხა სანკიმ

_ თევზის თავები ყვარებია და სამი ცალი შეჭამა.

_ თქვენ ინგლისური იცით? როგორ მიგახვედრათ? _ გული შეუქანდა სანკის.

_ თევზის თავებზე მიაღირა თითი და რაღაცა თქვა ინგლისურად. მე ვუთხარი ,,ოქეი, ოქეი"_ მეთქი და შეჭამა. ეგ კი გამაგებინა, მარა რაღაცეები დამიტოვა და ის ვეღარ გავიგე რა იყო.

_ რა დაგიტოვათ?!

მზარეულმა დანა-ჩანგლის უჯრა გამოაღო და სანკიმ შიგ ჩაყრილი თვრამეტი მინიდისკი დაინახა. Aამ დროს დარბაზიდან მოესმა:

_ ახლა კი სიტყვას ვთხოვთ ჩვენს ამერიკელ სტუმარს, გამოჩენილ შოუმენს, მისტერ ჯორჯ ნაგვინს. ფლიიზ, მისტერ ნაგვინ!

სანკი რეაქტიული რაკეტასავით გაიჭრა სამზარეულოდან. ,,არაა!" იღრიალა... როცა დარბაზში შევარდა, გიორგი უკვე სცენაზე იყო. აქამდე თვალებზე ჩამოფხატული მწვანე თექის ქუდი უკან გადაეწია. ღმერთო, როგორი ლამაზია და განათებული!

_ გამარჯობა! _ თქვა გიორგიმ. ყველა უცხოელი ასე იწყებს საქართველოში. დარბაზი ტაშით და შეკივლებებით გამოეპასუხა. _ მე ქართველი მაწანწალა ვარ და გლდანში ნაგავს ვქექავ.

დარბაზმა გადაიხარხარა, აქაოდა, რა კარგი ქართული ცოდნიაო და რა ამერიკულად ხუმრობსო. სანკიმ მთლად ყურებზე ვერა, მაგრამ ყურებთან ახლოს კი აიფარა ხელები.

_ მაგრამ, როგორც ყველა პროფესიონალი, სრულყოფაზე და უფრო ფართო მაშსტაბებში მოღვაწეობაზე ვოცნებობ. მინდა, რომ როგორმე დიდ ნაგავზე გავიდე. _ განაგრძო გიორგიმ. _ დღეს, როცა თქვენ გნახეთ, მივხვდი, რომ ჩემი ოცნება ახდა (ტაში). ის, რაც მე ვერ მოვახერხე, თქვენ უკვე გაგიკეთებიათ. თქვენც ქართველი მაწანწალები ხართ და თქვენც ნაგავს ქექავთ, ოღონდ უფრო ფართო მასშტაბებში( გაუბედავი სიცილი და კანტი-კუნტი ტაში). ჰოდა ასე, ჩემო სიხარულებო, ვქექოთ მსოფლიოს სანაგვეები!

ხალხმა ისეთი ტაში და შეძახილები დასცხო, აშკარა იყო, უფრო სასიხარულო ჯერ არაფერი მოესმინათ. სანკი გაოცებული აკვირდებოდა და ვერ აეხსნა, რა მაგიური ზემოქმედების საიდუმლოს ფლობდა ეს მაწანწალა. ხალხი მზად იყო მისგან ყველაფერი სიხარულით და მადლიერებით მიეღო, ყველაზე შეურაცხმყოფელი და უაზრო გამოხდომაც კი. გიორგი ერთხანს დარბაზს დააკვირდა, ოდნავ შექანდა, გაიცინა, მერე დამშვიდობების ნიშნად ხელი ასწია და თქვა:

_ დარწმუნებული ვარ, თქვენი მამა სექსში ცაცია იყო!

_ ვაუ! _ იკივლეს დარბაზში და ხანგრძლივი ოვაცია გამართეს. გიორგი სცენიდან ჩამოვიდა. სანკი მიეჭრა და წამოთრევა დაუპირა. მათ ხალხი შემოეხვია.

_ სანკი, რა ხდება? ვინ არის ეს ჯორჯია თუ ვიღაცა?..

_ მისტერ ნაგვინ, აღტაცებული ვართ თანამედროვე ამერიკული იუმორით და დიპლომატიით.

_ ვისთან იმუშავებთ საქართველოში? სანკისთან? _ აყრიდნენ შეკითხვებს.

_ წამო, წამო! _ ყვიროდა სანკი და ერთ ხანს მართლაც გაარღვიეს წრე და ცოტათი წინ წაიწიეს, მაგრამ მერე ისევ დააშორა ხალხმა ერთმანეთს. გიორგის ახალგაზრდები შემოეხვივნენ.

_ მისტერ ნაგვინ, რას გულისხმობდით უფრო ფართო მასშტაბებში?...

_ ჯერ ნუ წახვალთ, იყავით ჩვენთან...

გიორგიმ მათ თვალი მოავლო. წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ერთი თავით მაღალი იყო დანარჩენებზე. სანკიმ შორიდან შიშით შეხედა და კიდეც გაიგონა და კიდეც დაინახა გიორგის კვიმატი ხმა, რომელიც სიტყვებს მართლა თარგებივით ჭრიდა:

_ თქვენ ბიჭები ხართ თუ გოგოები?

_ ვაუ! _ იკივლეს გაურკვევლებმა.

სანკიმ ყურებზე ხელები აიფარა და გასასვლელისკენ გაიჭრა...



* * *



პირველ დღეებში უცნაური ზიზღის და მოყირჭების გრძნობით ათვალიერა სანკიმ საკუთარი მეხსიერება და საგაზეთო სათაურები: ,,კაცი _ ტრიუკი", ,,ვქექოთ მსოფლიოს სანაგვეები", ,,ალბათ მამათქვენი სექსში ცაცია იყო"...

ზუსტად მეჩვიდმეტე დღეზე თავის თავს გამოუტყდა, რომ გიორგის ნახვა უნდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ ნახავს... კიდევ ორ კვირაში გაიგო, რომ გიორგის ნახვის გარდა არაფერი არ უნდა. Aამის გაგებიდან მეორე დღეს სანაგვეს მიაკითხა, მაგრამ გიორგი იქ არ იყო...

არც მესამე დღეს იყო, არც მეოთხე, არც მეხუთე, არც მეექვსე დღეს...

...და მეშვიდე დღესაც რომ არ იყო, სანკი სახლში დაბრუნდა და ლოგინზე თავქვე დაემხო...




* * *



_ მაჟორ! გიორგას მართლა იცნობ?

_ სანკი! გიორგას ვიცნობ ზუსტად ოცდაცხრამეტ ცალს, გუშინ ჩამოვწერეთ ბიჭებმა. თუ ახალ გიორგას ვინმეს გამახსენებ, ორმოცად დამრგვალდება.

_ შენი თავი ჩაწერე?

მაჟორა ჯერ ღრმად ჩაფიქრდა, მერე უცებ გაიბადრა.

_ ბიჭო, მოფიქრება არ გინდა! მეც გიორგა არა ვარ?! ვინ იფიქრებდა!...

მაჟორამ სია დაამრგვალა და დავთარს გადახედა.

_ შენ რომელ გიორგას ეძებ?

_ მათხოვარია ერთი, ლამაზი ბიჭია, მერვე მიკროში სანაგვეზე დვიჟენიობდა ადრე...

_ მათხოვარი?! _ უცებ მაჟორამ საფეთქელში ხელი იტკიცა. _ ვახ, გიორგა, შენი! ბიჭო, შენ წიგნებს და გაზეთებს არა კითხულობ?

_ რა ხდება, რო?! _ გული შეუქანდა სანკის, იფიქრა, ისევ იმ სკანდალზე რამე ახალი დაიწერაო.

მაჟორამ თაროდან ორი წიგნი ჩამოიღო და ერთ-ერთი გადაშალა.

_ ამას ხედავ?

_ რას? _ სანკიმ წიგნში ჩაიხედა და გიორგის სურათი კი დაინახა. _ ეგ აქ რას აკეთებს?

_ ეს ორი წიგნი გიორგას დაწერილია, სანკო-ჩემო. რა მათხოვარი, ახლა აიჩემა, მაწანწალებზე უნდა დავწეროო და სანაგვეებზე დაძვრება. კაი მწერალია, თუ მოინდომა _ დაწერს...

კიდევ კარგი, რომ სანკის უკან რბილი და გამძლე სავარძელი იდგა...



* * *



_ გამარჯობა! _ თქვა სანკიმ და კარებში ჩადგა. თმები მოკლედ შეეკრიჭა, წვერი ოდნავ მოეშვა და უჩვეულოდ ვაჟკაცურად გამოიყურებოდა. გამხდარიყო.

_ ჰეი! _ თავი ასწია გიორგიმ. _ აქ რამ მოგიყვანა, ნაგავი ხომ არ მომიტანე? _ გიორგი, შუა ოთახში ჩამჯდარი, პაწაწკინტელა ყავისფერ ღუნღულა ლეკვს თიხის ფიალიდან პურჩაფშვნილ რძეს აჭმევდა.

_ ეგ ვინ არის? _ ლეკვზე მიანიშნა სანკიმ.

_ მაწანწალაა, გლდანის სანაგვეზე გავიცანი.

_ მეც გავიცანი ერთი მაწანწალა გლდანის სანაგვეზე...

_ შენ რა ამერიკული კინოს ფინალს მიყვები. მერე რა, თუ გაიცანი, ცუდი გრძნობაა?

_ არა, პირიქით. აი ახლა ეგ შენი ბურძგლა ლეკვი რომ სამეფო დოგად გადაკეთდეს, ეგეთი გრძნობაა...

_ შემოდი, კაი წითელი ღვინო მაქ, ყველი, კიტრი კიდე და ტარხუნა. რავა ხარ?

_ კიტრეულობა არ მინდა, ერთ-ორ ჭიქა ღვინოს დავლევ.

გიორგიმ ღვინო მოიტანა, ჭიქებში დაასხა. ლეკვი ჭამას მორჩა და მძიმე მუცლისგან წონასწორობადარღვეული გვერდზე-გვერდზე წამოვიდა სანკის ბოტასებისკენ. ჩააჭახუნეს და დალიეს.

_ ორი შეკითხვა მაქვს შენთან. _ თქვა სანკიმ.

_ მე - ერთი შენთან. ჯერ შენ დაიწყე.

_ თავს როგორ გრძნობ ამ ყველაფრის შემდეგ?

_ საერთოდ კარგად და კონკრეტულად _ ცოტა უხერხულად პირადად შენთან.

_ რატომ აღარ მოხვედი სანაგვეზე, ჩემი ნახვა აღარ გინდოდა?

_ შენ სად მენახე, არ ვიცოდი, სანაგვეზე ამისთვის სიარულს აზრი არ ჰქონდა. ვწერდი, მაწანწალებზე მინდოდა, მაგრამ უფრო სხვა რამეზე გამომივიდა და ეს შენი დამსახურებაა. გაგიმარჯოს! _ კიდევ დალიეს.

_ წამაკითხებ?

გიორგიმ ფურცლები აიღო მაგიდიდან და მიაწოდა. სანკის ჩვევად ჰქონდა სათაურისთვის მაშინვე დაეხედა, რათა წაკითხვამდე ემარჩიელა _ რას უქადდა თვითონ ნაწარმოები. ჰოდა დახედა დახრილი, მკაფიო ასოებით დაწერილს. ,,ავთვისებიანი საშუალო"_ უთხრა სათაურმა. სანკი წამით დათვრასავით ამ სიტყვების ტევადობისგან და ახალის გაცნობის ხიბლიანი მოლოდინისგან.

_ ჰე, ახლა შენი ერთი შეკითხვა და მოვრჩეთ გაცნობას. _ უთხრა გიორგის. უკვე წასვლა ეჩქარებოდა, რათა გიორგი უკეთ გაეცნო.

_ შენ გიფიქრია, რით ჯობია ქართველ მაწანწალას ამერიკელი მაწანწალა?_ ჰკითხა გიორგიმ.

_არა! ჯობია, რო?

_ იმათ ო’ჰენრი და ჯეკ ლონდონი ჰყავდათ. ჩვენი მაწანწალა ძალიან დაჩაგრულია, ნაგავიც ისეთი უხარისხო აქვს, რომ ფანტაზია აღარ ეხსნება. რა ხდება ტუსოვკებზე?

_ მას შემდეგ სახლიდან არ გამოვსულვარ. წავედი. წავიკითხავ და მოგიტან. _ სანკი წამოდგა.

_ ეგ თუ გინდა დაიტოვე, მაგრამ შენ არ დაიკარგო. ახლა ბევრი ლაპარაკი მეზარება, ეგ წაიკითხე და მერე ჩვენი წილი ვიფიქროთ, რა მოვუხერხოთ ამ ავთვისებიან საშუალოს. კიდე ვიღაცებს გაგაცნობ. ჰო, მართლა, რა გქვია?

_ სანდრო.

_ არა, რას გავდი იმ ღამეს სანდრო, საშუალო სქესის რაღაცას გავდი. შეცვლილხარ, რაღაც სხვანაირი ხარ.

_ გული უნდა აგიჩუყო: იმ საღამოს მერე მართლა სხვანაირი გავხდი...

_ არ დაიჯერო! შენ რომ ჩვეულებრივი ყოფილიყავი, მათხოვარს შუა სანაგვიდან სასახლეში მეჯლისზე არ წაიყვანდი. _ უცებ გიორგის სიცილი აუტყდა. _ არა, რამ მოგაფიქრა, ჰა? დამავლო ხელი და... ეგეთი ჯერ არაფერი გამიგია, მე ასეთ რამეს ასი წელი ვერ მოვიფიქრებდი. ისე ხო ხოშიანად მოვილხინეთ, რას იტყვი?

_ შენ – კი.

ისევ სიცილი წასკდათ.

_ მახსოვს, შენ იმდენი ინერვიულე, კინაღამ მენსტრუაცია დაგემართა. _ იცინოდნენ გადაუღებლად. ბოლოს გიორგიმ ჰკითხა:

_ რა არის შენთან ახალი? მაჟორამ მითხრა შენზე, მაღალგრადუსიან მუსიკას წერსო.

_ ახალი შენა ხარ. კიდე, მეორე თვეა მენსტრუაცია აღარ მომსვლია. _ ახალი სიცილი გახსნეს.

_ ესე იგი, ბიჭი ხარ! ან..._ თავი გადააქნია გიორგიმ.

_ ან რაღა? _ წარბები შეკრა სანდრომ.

_ ან ფეხმძიმედა ხარ!

_ თუ გლეწე ახლა ყბაში!...

_ ეგრე, რა!...

2012

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ნინო გუგეშაშვილი Empty
PostSubject: Re: ნინო გუგეშაშვილი   ნინო გუგეშაშვილი EmptyMon Nov 15, 2021 11:31 am


ნინო გუგეშაშვილი " განსხვავებული შთაბეჭდილებები "
Nov 15, 2021

თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა ვიდეო - პორტრეტები. “ ცოცხალი წიგნები ”.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი “ ცოცხალი წიგნები ” წარმოგიდგენთ თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა ვიდეო- პორტრეტებს.

ბმული:
* https://youtu.be/Xzzppett8DQ

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





ნინო გუგეშაშვილი Empty
PostSubject: Re: ნინო გუგეშაშვილი   ნინო გუგეშაშვილი Empty

Back to top Go down
 
ნინო გუგეშაშვილი
Back to top 
Page 1 of 1
 Similar topics
-
» ნინო სადღობელაშვილი
» ნინო თარიშვილი
» ნინო ქადაგიძე
» ნინო ჭინჭარაული
» ნინო ნეკერიშვილი

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: