
მიხო მოსულიშვილი
გვიმრისა და გვიმრუჭას პარაბოლაირინე გიორგის ასულ ბაქანიძეს "ელმავალი გამაყრუებელი ზათქით შემოიჭრა გადასასვლელზე. ლიანდაგი გაიზნიქა და აჭრიალდა. რელსებს თითქოს მძიმე, ტლანქი ნაჯახი დაუშინეს – რიტმულად, წყვილ-წყვილად, გაუთავებლად. ავტობუსის საბურავქვეშაც აძიგძიგდა მიწა და სარკმლის ჩარჩოებს ზრიალი შეუდგა".
ამ პასაჟის ავტორი დიდი მუსიკოსივით აბსულუტური სმენის პატრონია – რამდენჯერ მომისმენია და მინახავს მატარებლის გადავლა შლაგბაუმის მიღმა, მაგრამ ახლა წაკითხული და მერე გონებით მოსმენილი, - თუ როგორ დაუშენენ ტლანქ ნაჯახებს ლიანდაგს – აღარასოდეს დამავიწყდება.
ზუსტად მიგნებული ეს დეტალი სხვა იმისთანებან ერთად გვიმრის ფოთლებივით გამოესხმება "კრიმანჭულის" შვიდ ხმას – ზროდ, ვარჯად და ტოტებად რომ გახლართულა და რაღაცნაირად, ჩემს თვალწინ გამქრალი სიტყვების ადგილზე უცხოდ მოშრიალე, ფანტასტიკური გვიმრაა...
მარტო იქ კი არა, ასევე დანარჩენ მოთხრობებშიც – უცხოდ სახილველი გვიმრები ჩნდება.
დავხურავ წიგნს, დავხედავ და იქიდანაც ზღვისპირზე ამოსული გვიმრები შემომეფეთებიან თვალებში. სწორედ ისე, როგორც თავად წერს - "ზღვა ახლა ნისლიან ჰაერს ჰგავდა, შორს და, როგორღაც ძალიან ქვევით ფარფატებდა ნაცნობი ღელე, ანწლით, ჯუჯა თხმელებითა და მაღალი გვიმრებით დაფარული".
მიდის დრო და ფიქრისას ეჭვი ჩნდება – რას ავიკვიატე ეს გვიმრა, ვის გაუგონია "კრიმანჭულის" შვიდ ხმაზე გამოფოთლილი მცენარე? აბა, რა ვიცი! "კრიმანჭული" იმიტომ, რომ მუსიკოსის სმენა მოჰმადლა გამჩენმა. გვიმრა რაღა შუაშია, რას ავიხირე? გვიმრა და გვიმრა!..
დრო მიდის, ისევ ვფიქრობ ამ ხუთმოთხრობიან წიგნზე, ვუღრმავდები, ვაკვირდები წაკითხულს და თავს არ მანებებს ის ფანტასტიკური გვიმრა.
გადავშლი საბას ლექსიკონს. გვიმრა, იგივე ჩადუნა, იგივე იფხლი ყოფილა. ხეგვიმრა. დ. ჩუბინაშვილი ბლენცარასაც ეძახის, ქვიმრასაც, დათვის საგებელსაც. სხვები – მამასწარას, ღორთიფქლას, დათვის ჩადუნას, იფხლას უხმობენ.
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით გვიმრა უყვავილო, სპოროვანი მცენარეა. აქვს დიდრონი, დაკბილული ფოთლები. ხოლო გვიმრუჭა კი დაბალი ტანის გვიმრაა.
ვიხსენებ, ვცდილობ დავინახო გურიაში და მთელ საქართველოშიც ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნანახი ბუსუსებიანი, მთლად ჭინჭარივით არა, მაგრამ მაინც მსუსხავი მცენარე, თავისი სპეციფიკური სუნით.
ენციკლოპედია იუწყება, რომ გვიმრები (Pteropsida) უმაღლესი სპოროვანი მცენარეების ტიპია. აერთიანებს როგორც ბალახოვან (გვიმრუჭა), ისე ხეგვიმრებს. ნორჩი ფოთოლი ლოკოკინასავით აქვს დახვეული. ჩვენში გვიმრის თოთხმეტი ოჯახის ორმოცდათოთხმეტი სახეობა ხარობს – მეტწილად დასავლეთ საქართველოს ტენიან ტყეებში, თუმცა აგერ ლაგოდეხის რაიონში სოფელი გვიმრიანი ყოფილა და ტყუილად ხომ არ დაარქმევდნენ... ხოლო ტროპიკებში კი შემორჩენილი ყოფილა მეზოზოური ხანის ხისებრი, ოცმეტრიანი გვიმრები.
საბა ბრძანებს, ხეგვიმრაო.
მეზოზოური ხანა დინოზავრებისაა, ადამიანი ჯერ არ იყო მაშინ.
უნივერსიტეტში მოსმენილ პალეონტოლოგიის ლექციებს ვიხსენებ – სწორედ ამ მეზოზოურ ხანაში, ანუ მილიონობით წლების წინ გიგანტური ხეებიც ხარობდნენ: გვიმრები, შვიტები და ლიკოპოდიუმები. იარებოდნენ დიდროან-დიდროანი დინოზავრები – მტაცებლებიცა და მძოველებიც, მფრინავებიც, ხმელეთისებიც, წყლისანიც: ქვიშაში ეფლობოდათ ფეხები, აკი სათაფლიაშიც დაგვიტოვეს თავისი ნაკვალევი და იმ გიგანტური ხეებიდანაც ჭამდნენ. მერე კლიმატი შეიცვალა, აცივება დაიწყო და დინოზავრები გადაშენდნენ. აღარც შვიტები და ლიკოპოდიუმებია. გვიმრა კი გადარჩა – შეეგუა გარემო პირობებს, დაპატარავდა, დაჩიავდა და ხიდან ბალახად იქცა, გვიმრიდან გვიმრუჭად.
ნეტავი, რომელი სჯობდა, შეგუება და გადრჩენა თუ დაუმორჩილებლობა და გადაშენება? ანდა, რას ავხირდი და, რომ იტყვიან, ღდინში ჩავყევი ამ გვიმრებს?
ეს ჩემი კი არა, იმისი ბრალია – იმის მოთხრობებში აკვიატებული გვიმრა ახლა მე ამეკვიატა და აღარ მეშვება. ნეტავი, რას ფიქრობდა, რატომ მოსწონდა? ეგებ წინარე იბერიული რასის ბედიც ამ გვიმრისას აგონებდა, თავის დროზე მთელი ხმელთაშუა ზღვის არეალში რომ გადაშლილიყო და მერე, ინდოევროპელთა მოსვლის, ანუ გარემო პირობების ცვალებადობის კვალობაზე პირენეელ იბერებად, კელტიბერებად, ეტრუსკებად, აფრიკელ ბერბერებად, წინააზიელ პელაზგებად თუ კავკასიელ იბერებად რომ დაპატარავდა, დაჩიავდა და ხიდან ბალახად, გვიმრიდან გვიმრუჭად აქცია ჟამთა სიავემ? შეიძლება, ეს არც უფიქრია, მაგრამ ზეგარდმო ძალამ ანიშნა იქნებ?..
მიდის დრო, რა გააჩერებს და, ყოველთვის, როცა იმის პროზაზე ვფიქრობ, კვლავ და კვლავ იმ უცხოდ სახილველ გვიმრას ვხედავ ხოლმე, როგორც არსსა თუ გულისგულს მისი შემოქმედებისა.
მოქანდაკე რომ ვიყო, იცი, როგორ გავაკეთებდი?
ზის სულად დარჩენილი, თითქმის უხორცო. უშიშარი. საკუთარ თავში თუ წარსულში ჩაღრმავებული. აუცილებლად ნიკაპი აქვს შემოდებული დაძაბულ, ათრთოლებულ თითებზე და თავის წინ ამოსულ გვიმრას უყურებს და უყურებს; ისე დაჟინებით მისჩერებია, იფიქრებ – იმის სულშიც ასეთივე გვიმრა ამოსულაო.
არ ვიცი, გიფიქრია თუ არა, მაგრამ, რაღა დასამალია და, შენც ხომ იმისი გენი გაქვს, დიდი მუსიკოსივით აბსოლუტური სმენა, იმისი ნიჭი "კრიმანჭულივით" შვიდხმიან კომპოზიციებზე ზუსტი დეტალების მორგებისა და ჩემგან დანახული თუ აკვიატებული ფანტასტიკური გვიმრის გამოხატვისა, გვიმრუჭასი კი არა!..
თუ ასე არაა, მაშ, რანაირად პოულობ, ანუ როგორ ისმენ იმ ერთადერთ ზუსტ ფრაზას, რამაც შენი პერსონაჟი, ცხოვრებით განაწამები ქალი სამუდამოდ უნდა დამამახსოვროს: "სხეულის ყველა წერტილით გამოსწოვა სამყაროს ენერგია და საიდანღაც, ამ მიწისა თუ ცის წიაღიდან, თავისი ახლანდელი და ყველა წინანდელი ცხოვრების სიღრმიდან უნაპირო საყვედურითა და ზიზღით, მკაფიოდ და საოცარი სიმშვიდით, იმ სიმშვიდით, რასაც ყველა ეს ძალა ანიჭებდა, ყველას გასაგონად ამოთქვა:
-წადით, თქვენი..."
დრო კი გადის, ყოვლის მკურნალი და ყოვლის დამამხობელი, თან წაუყვანია მამაშენი, მაგრამ შენ ხომ ხარ...
ერთსაც გეტყვი, თუკი არ მიწყენ – გავიგე, კინოსცენარების წერა დაგიწყია და ვშიშობ, ვაითუ, მოგაცდინოს – როგორც გიორგი ბაქანიძე გადაიყოლა თარგმანმა.
ყველაფერს ისა სჯობია, მემკვიდრეობით მიღებულ-ნაანდერძევი, უკვე შენეული, ფანტასტიკური გვიმრები დაგვიხატო ხოლმე, გვიმრუჭები კი არა, - "კრიმანჭულის" შვიდი ხმის ღერებზე გამოსხმული, შეკბეჩილ-გამოკბეჩილი და ბუსუსისანი ფოთლებით.
წიგნიდან: "გედები თოვლქვეშ", (მინიატურები), თბ., გამომცემლობა საარი, 2004