
ავთანდილ ზედგენიძე
მეფე-მგელიდღე-ღამის გასაყარზე ბინდს სიცარიელე, სიცარიელეს კი სიცივე მოეტანა.
საშინელი უწესრიგობა სუფევდა ამ მხარეში. თითქოს ყველა სულიერს მიეტოვებია
აქაურობა. ალაგ-ალაგ ჯერ კიდევ მოჩანდა ადამიანთა თუ შინაურ-გარეულ
ცხოველთა აჩრდილები. ვერავინ იტყოდა მათ სულიერებას. მძიმე განცდებში იყო
მოხუცი: ფალის ჩინი წართმეოდა, თუმცა მის სიბრძნეს არა დაკლებოდა რა...
"ადამიანის გონება ჭეშმარიტებას ისევე კარგად შეიცნობს, როგორც ეს თვით
ბუნებას ძალუძს. მაგრამ იდუმალი და პარადოქსია , ის რომ ბუნების ძალა ბევრად
აღემატება ადამიანის ძალას. მართალია ადამიანი სუსტია,მაგრამ ეს არ ნიშნავს
ბუნების სწრაფი და ზუსტი მოძრაობების ვერ შემჩნევას. ყველაფერი მასში იმპულსს
იწვევს. იმპულსს კი არ შეუძლია განავითაროს საკმარისი ფიზიკური ძალა ბუნებას
რომ გაუმკლავდეს. ბუნებაც თავის მხრივ ლოგიკურად დიდი ხნის უკან მოსპობდა
ადამიანს, რომ არა ადამიანის შეუპოვრობა და მკვირცხლი აზროვნება. შეუპოვარია
იგი სიყვარულის გამო ნაშიერისადმი. მისი მკვირცხლი აზროვნება კი ამბობს: რომ
ძლიერია არა ძალა, არამედ ძალის მართვის უნარია... ‘’
ამ ფიქრებში იყო მოხუცი,როდესაც ქარმა შემოგლიჯა კარი და ოთახში შემოიჭრა.
ჩაუქრო სანთელი და მინავლული ბუხარი,თითქოს შურისძიება სურდაო მოხუცზე.
თავაწყვეტილი იწყო ბორიალი ოთახში. მაგიდიდან ღვინის ჭურჭელი
გადმოაგდო. მიწაზე დაიღვარა სისხლისფერი სითხე. მოხუცი გაჭირვებით წამოდგა.
კარის დაკეტვა სცადა , მაგრამ ახლა მას ეტაკა გულმოსული . ქარმა მოხუციც
წააქცია,სულ არ მორიდებია მის ასაკს. მისთვის ხომ სულერთი იყო ყველა და
ყველაფერი . აღარც უცდია წამოდგომა, დანებდაო თითქოს... "აღსასრული
დამდგარაო ჩემი "-გაიფიქრა და უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, რათა ღირსეულად
შეხვედროდა მომავალს. სინანულის ცრემლმა დაუნამა გადათეთრებული ღაწვები.
ერთ წამში ჩაუქროლა წარსულმა ცხოვრებას... დაენანაოა თითქოს , აწმყო
შორდებოდა წარსულს... სევდამ, ტკივილმა, ცრემლმა შეცდომებისა, დანამა
გარდასვლა. წარსულად ქცეულმა იხილა ის შორეული გზა,რომელიც
გამოიარა.ყველაფერი შეიცვალა ,ქარიც თითქოს უხილავი და იდუმალების არსით
გაირინდა,აღარ სციოდა მოხუცს ,პირიქით სასიამოვნო სითბოც კი იგრძნო. -"ღმერთო
დიდებულო"-ჩაიჩურჩულა მოხუცმა, რა დაინახა რომ თავზე ვიღაც დადგომოდა და
ხელს უწვდიდა."წარმოდექი მოხუცო"-გარკვევით გაიგონა ხმა. მძიმედ წამოიწია.
გარჩევა გაუჭირდა მის დანისლულ მზერას. სინათლე მცირე იყო ოთახში,მაგრამ
მოსულის მომღიმარ სახეს კი ხედავდა,ოქროს კბილიც კი შეუნიშნა,რამაც გააკვირვა
მოხუცი,რაღაც მოგონება აღძრა,მაგრამ ვერ გახსნა...
–"ვინ ხარ შვილო?"–ძლივს გასაგონად ამოთქვა მოხუცმა მოსულს.
–"შვილი მიწოდე თავად "–ღიმილით მიუგო ვაჟმა. საოცარ სიმშვიდეს გვრიდა
მოხუცს მისი ღიმილი. უებარი მალამოსავით ცხებდა მის ნაჭრილობევ გულს. უცხო
ვაჟმა წამოაყენა მოხუცი, ბუხართან დასვა და თვითონ შებრუნდა,რათა კვლავ
დაენთო ცეცხლი.მოხუცი კი აფორიაქებული გულით უმზერდა მას."რა დედამ შობა?"
"საიდან მოვიდა?"
–და მაინც..ვინა ხარ შვილო, ვისი გვარისა?
–ვერ არის კარგი საქმე მშობელო, ნაშობი ვერ გიცვნია–ვაჟის ღიმილმა კვლავ ნეტარი
სითბო მოგვარა მოხუცს–თავად არ მიწოდე შვილი? პირველი აზრი მოსული
ყოველთვის ჭეშმარიტებაა.შემდეგ ვბოჭავთ ზედმეტი ფიქრით და ეჭვით,რაიც
გვდევნის რწმენისგან. შენი გვარის რომ არ ვიყო,ვერ დაგინთებდი ცეცხლს–უთხრა
და ხელები ცეცხლისკენ გაწია,თავადაც შეცივნოდა. მოხუცმა თავი ვეღარ
შეიკავა,თვალები აუწყლიანდა. გული ჩვილად ქცეულიყო,ის უემოციო მოხუცი აღარ
იყო,შიგნიდან რომ იწვოდა და გარეგნულად წყალივით მშვიდი და ცივი ჩანდა.
–"მოდი ჩემთან შვილო"–მიიხუტა გულზე ვაჟი. და ამჯერად მის გულში აგიზგიზდა
კოცონი,რომელიც მოგიზგიზე ბუხარსაც კი გაათბობდა.–,,ჩემი პატარა გოგო
მომტაცეს, ჩემი დედოფალი, ვერაფერი მოვახერხე"–აქვითინდა მოხუცი. თან
მოსულს ეფერებოდა თმებზე,თითქოს მისი გოგონას თმებს ჰგავდა. თითქოს მართლა
მისი შვილია.თითქოს ძმაა მისი. განცდები უფრო უწურავდა გულს და მოწვიმდა
ცრემლებად. მოსულის დიდ თვალებშიც სევდა ჩადგა,მოხუცი კარგად დააკვირდა
მის სახეს.
–"შენ სად იყავი მაგ დროს, დაჭრილი ხარ შვილო?–ჰკითხა მზრუნველი,
მთრთოლვარე ხმით.
–ავად ვიყავი მშობელო, სარეცელს მიჯაჭვული.–თვალები დახარა ვაჟმა. დანაშაული
იგრძნო,რომ იქ არ იყო იმ დროს, როცა მოხუცს გაუჭირდა.–დედოფლის ამბავი რომ
გავიგე, მაშინვე შენსკენ გამოვეშურე. აუცილებლად დავიხსნი, გამთენიისას
გავუყვები გზას ...
ამის გაგონებაზე მოხუცი უცებ მომაგრდა,თითქოს სიბრძნე კვლავ შემოეჯავშნა მის
გულს.
–"ნუ შვილო, ნუ, მას უკვე ვეღარ დაიხსნი და შენც დაიღუპავ თავს. იქ სხვა ცაა , იქ
წასული ბევრი მინახავს, უკან მობრუნებული არავინ. იქაური ჰაერი აგყრის
ყოველივე ძალს და ფარს. ნუ შვილო ნუ–ეფერებოდა მოხუცი ვაჟს–ყველგან ის ცაა
შვილო,რა ხალხიც არის მის ქვეშ. იმათი ცის ქვეშ ჰაერში, ეშმაკთა საბუდარია. არც
შენ გაცოცხლებენ. ჰაერს ჩვენი ფიქრები და გულისთქმა ქმნის შვილო. ჩვენი ცაც კი
დაპატარავდა. ჩვენი სიონი...ჩვენი ფიქრი და გულისთქმაც კი წაიბილწა შვილო.
მაგიტომ ვეღარ ფარობს ჩვენი სიონი. მაგიტომ აღარ ჭრის ჩვენი ხმისალი–
განაგრძობდა მოხუცი–ჩვენი სიონის გარეშე ჩვენ ჩვენ აღარ ვართ, აჩრდილებს
დავემსგავსეთ ყაენისას. სულზე აღარავინ ფიქრობს. ყველამ უღალატა სამშობლოს,
ვინც მისთვის სანთელს არ ანთებს გულში. ნუ შვილო, ნუ –ცდილობდა
გადაერწმუნებინა ვაჟი. შეეშინდა მისი დაკარგვის, განა რამდენი შვილი უნდა
დაკარგოს? დიახ, მისმა გულმა უცებ მიიღო მოსული. თითქოს, დიდიხნის უკან
დაკარგული დაუბრუნდა. ასე განცდებით მოუბარს და შვილზე ფერებით დაღლილს
მიეძინა მოხუცს. ყველანაირად ეცადა გადაეთქმევინებინა ვაჟისთვის, მაგრამ ვაჟმა
მაინც არ დაიშალა.
დილით გაღვიძებულს აღარ დახვდა გუშინდელი სტუმარი ოთახში. გულში
გაკრა მოხუცს. ძებნა იწყო. ვერსად პოვა. კარი გამოაღო. თვალი მიმოავლო
უჩვეულოდ განათებულ არე–მარეს. სიმშვიდეს დაესადგურებინა ირგვლივ. ეამა. ცას
ახედა, თეთრი ღრუბლები შენიშნა. თითქოს ყველაზე წინ წასული მიამსგავსა კიდეც
მხედარს და მის თეთრ რაშს...
-"ღმერთო დაიფარე შვილები, მამა ხარ, შენი ხატება ვარ მეც...ვიცი უღირსი,მაგრამ
მაინც მაქვს იმედი არ გაწირავ ჩემს გულს. შენ ხომ იცი ,რომ შენთვის ანთია იქ
კოცონი....
ახალი წლის ცამეტში შეაბიჯა ჭაბუკმა უცხო ცის ქვეშ. გამართლდა მოხუცის
სიტყვები,იარაღი აყარა სხვა ცამ. უიარაღოდ მიაღწია მთავარ მოედანს. რაშიც თავის
ცის ქვეშ დამალა. უამრავი რჯულის ხალხს მოეყარა თავი მიწაზე და ურჯულოთ
ცაში. ცის ქვეშ წინასწარ იყო გამართული ზეიმი, მიწაზე მოლოდინი სუფევდა
სანახაობის. და, აი ისიც ...მზეთუნახავი... გამოჩნდა, მშობლის დაუშრეტელი
ცრემლი, პატარა გოგო–დედოფალი. მისი ნათელი ნაცრისფერს აფრქვევდა უკუნში.
მრავალი უწმინდური აზრი დაახშო მისმა ნათელმა სახემ. ზოგი სამუდამოდ, მაგრამ
სანახაობის წყარო კვლავ უშრეტად მიედინებოდა ცის ქვეშ. უამრავ ლამპარს ამოეშვა
იმ დღეს თავ– თავისი ჯინები და ისინიც მორჩილად ერთიდაიმავეს იმეორებდნენ:
..."შესრულებული იქნება ჩემო მბრძანებელო!"..ვაჟი უხმოდ და უჩინრად იდგა,
მხოლოდ დედოფლის ბაგეთ ხედავდა, რომელიც სიმართლე–სადგომს დაეძებდა და
ვაჟმაც გაუღო კარი. სწორედ იმ წამს, რა წამსაც შეერთდა მათი ბაგენი. გულის ლარები
ერთად შეირხნენ. სევდამ სევდა განაქარვა. სინანულმა სინანულს უმღერა ნანა.
სიყვარული მადლით დაიფარა. ვაჟმა მუხლი მოიდრიკა და ხელები გაშალა:
"ჩემი დედოფალი’’...
პატარა გოგო მისკენ გამოიქცა, გაცისკროვნებული სახით, კისერზე მოხვია ხელები.
–მეგონა ტყეში დავიკარგე, გამიხარდა შენი დანახვა,მეშინოდა ძალიან...–-
გულისნადები გაანდო გოგონამ და უფრო ძლიერ მიეკრა ვაჟს.
–ჩემთან ხარ, ნუღარაფრის გეშინია.
–იცი რა გავაკეთე?–ღიმილით ამოხედა ქვემოდან პატარამ.
–რა, კუდრაჭავ?
–ჯვარი–გოგონამ ქამრიდან ამოიღო ვაზის ჯვარი და უჩვენა ვაჟს.–ჩემი თმებით
შევკარი–უცებ სახე ეცვალა გოგონას. აღარ იღიმოდა,თითქოს წამში განვლო მთელი
ცხოვრება და შეიგრძნო ჯვრის არსი სრულად.
–-ულამაზესია შენი ჯვარი.
–ვაიმე–შიშმა შეიპყრო პატარა დედოფალი.–-რა სირცხვილია თმები რომ შევიჭერი,
მამა გამიწყრება ალბათ.
–ნუ გეშინია. მე მიგყვები მამასთან, ძალიან გაუხარდები–ეს უთხრა ვაჟმა და ორივე
მუხლი მოიყარა.
იქ, იმ მოედანზე ყველაფერი დასრულდა და უკუნი გამეფდა. წამი გაიყინა.
მხოლოდ ახლაღა შენიშნეს უცხო ყმა ვინმე, მუხლებზე მდგარი და ჩუმად
მტირალი. საშინელმა ძრწოლამ მოიცვა იქაურობა. უკან დაიხიეს, თავები დახარეს.
დადგა წამი ,როდესაც ყველამ იგრძნო სიცარიელე როგორ დაპატრონებოდა მათ
სულებს. წამი, როდესაც მცირედნი მიწას ჩაშტერებოდნენ. მრავალნი კი სასახლის
აივანს უმზერდნენ ,თითქოს მთავარ დამნაშავეს ეძებდნენ ლომთალომს…ოქროს
საწამისი, მარადისობა, როდესაც ერთი წამი კვდება და იბადება მეორე.
გარდაცვალება. გარდასვლა. გზა წამებიდან წამებამდე,როდესაც თუ არ ეწამე ვერ
იწამებ და თუ ვერ იწამე ეწამები. იწამებს ის ვინც, იხილავს და საკუთარ თავს
მოკითხავს. ვინც ეწამება,ვინც შეიგრძნობს ცოდვას თვისას და სინანულით
მოემადლება რწმენა. ის ვინც ვერ მოიმადლის რწმენას, ის მუდამ ეწამება.რადგან
ყოველთვის სხვასში დაიწყებს ძებნას ცოდვისას და ვერასდროს იხილავს მადლს
რწმენისა. ოქროს საწამისი, წამებიდან წამებამდე. რწმენა და ურწმუნოება წამებში
ცვლიან ერთმანეთს,ვინც რწმენით აღივსება ის გარდაიცვლება ჭეშმარიტებად,
ნათელად მყოფი. ვისაც ურწმუნოება დაძლევს და დასცემს, მას სიცარიელე
დაიპატრონებს და აქცევს უკუნად. დიახ,მათ ვინც აღაპყრო მზერა ლომთალომისკენ
იქ ის ვერ იპოვეს,უკან მოხედილთ არცა უცხოდ მოსული დახვდათ და ის წამიც გაქრა
...
ვაჟი თავის რაშზე ამხედრებულიყო და მშობლისკენ მიქროდა. ერთი შეხედვით
თითქოს უკუნი მისდევდა ნათელს, მაგრამ უფრო მცირედი ნათელი ეცლებოდა
უკუნს. ბრძოლა ყოველთვის საკუთარ ცის ქვეშ ღირს. ამად მოისწრაფოდა ჭაბუკი.
მხოლოდ 9 დღეღა ჰქონდათ მარაგში. წამოსვლისას უნახავს დიდი მამა,რომელსაც
გაუნდვია რომ ლომთალომი შურისძიებას მის ზეცაზე ახალი წლის ოცდაორს
აპირებდა. იმ დღეს მოხუციც დილიდან ლოცულობდა ტაძარში, მანამდე არ
გამოსულა, სანამ სარკმლიდან ცად არ იხილა თეთრი რაში. ისე სწრაფი იყო მისი
რბოლა,რომ მხოლოდ სამადლობელიღა მოასწრო მოხუცმა და ტაძრის კართან რაშის
ფლოქვების თქარუნი მოისმა. მოხუცი გარეთ გამოვიდა. რაშს მიეფერა და კვერი
აჭამა. შორიახლო ქვაზე ჩამომჯდარი ვაჟი შენიშნა და მისკენ წავიდა. მართალია
სევდიანი იხილა ჭაბუკი,მაგრამ მოხუცის გულს მაინც უხაროდა,რადგან ის კვლავ
იხილა, სევდა ადრე თუ გვიან განქარდება...
–-შენ ნამდვილი რაინდი ხარ, სიტყვა არ გატეხე. შვილი დამიბრუნე, ჩემი ფალის
ჩინი. ყველაფერი მიამბო. ისიც ძალიან მადლიერია.მითხრა, რომ შენ ხარ ის, ვისაც
უნდა გავყვეთ. შენ მე გამაცოცხლე შვილო."-უთხრა მოხუცმა და თავზე ხელი დაადო,
ლოცვა წარმოსთქვა ჩურჩულით.
–-მადლობელი მე ვარ მისი მშობელო, მან მიხსნა სარეცელს მიჯაჭვული. მისმა
ჯვარმა მომცა ძალა–-უპასუხა ვაჟმა. შემდეგ ამოიოხრა. ცას გახედა და განაგრძო–-
მაგრამ... მე ვიხილე ცის ქვეშ მყოფნიც, ურიცხვნი არიან...მტერი კარიბჭესთან არის
მშობელო. ახალი წლის ოცდაორში შემოიჭრებიან…მე უნდა გამომყვეთ? მე არ ვიცი რა
გზას დავადგე. განა იოლია წაიყვანო ხალხი იქ, სადაც მათ ცივი რკინით სიკვდილი
ელით?...არა მე კი ვიცი, რომ სამშობლო წმიდათაწმიდაა,რადგან მშობელთა
საბუდარია. ცოცხალი მშობელი კი ის არის, ვისი ჯვარიც ჩვენი ჯვარია. მე კი ვიცი,
რომ თუ ამ ჯვარს ვუღალატებ,იქ სიონში ვუღალატებ ჩვენს მშობლებს და ყველანი
დავიღუპებით. მათ ჩვენი იმედი აქვთ, ჩვენ მათი. მაგრამ თავად არა სთქვი მშობელო,
ჩვენი სიონიც დაპატარავდაო? გამომყვებიან კი? ალბათ მცირედნი და იმ მცირედით
ურიცხვთ შევაჩერებთ? არა, მშობელო არა. შენ ხომ იცი მე სიკვდილის არ
მეშინია.ყველანი მოკვდავნი ვართ ამ წუთისოფელში. მე იმის მეშინია რომ ჩვენი
სიონი დაეცემა. რომ ძმები გვიღალატებენ და ამის ხილვა მომკლავს.მუდამ მსურდა
გამარჯვებული სიონი მენახა,თუნდაც იმ წამსვე უფსკრულს დავინთქა–ვაჟმა
ყვავილი მოწყვიტა და დააცქერდა. მის გულისთქმას გრძნობდა მოხუციც, მაგრამ არ
აწყვეტინებდა სათქმელს,რადგან გულისთქმა ხომ სიონს აძლიერებდა,რომელიც
ველად გაიჭრებოდა და მრავალთ შეურხევდა გულის ლარს... მოხუცს სწამდა რომ ის
ოცდაორი იქნებოდა ძლევაი საკვირველი. ის ამას გრძნობდა,როცა ვაჟს თმებზე
ეფერებოდა.არ ესმით შვილებს და ვერ ხედავენ რწმენას. ძნელია მათი
დაჯერება,სანამ თავად არ შეიგრძნობენ და არ გააცნობიერებენ. ჭაბუკი კვლავ
უსასრულობაში იხედვიდა სევდიანად.
–-„მე ვიხილე ლომთალომი როგორ უმაწყალოდ ჰგლეჯდა მიწიდან ამოხეთქილ
ულამაზეს ყვავილს. ცდილობდა როგორმე ისევ უკან მიწაში ჩაეფლო,დაემარხა“
–-ლომი და ყვავილი შვილო?–-ჩაეკითხა მრავალმნიშვნელოვნად მოხუცი–-განა
ლომი ლომია როდესაც ყვავილს ებრძვის? ადრე, ლომებს ღირსება ჰქონდათ შვილო.
ძაღლის გამოწვევას უარს აგებებდნენ: მიჯობს ძაღლებმა დამცინონ შიშისგამო,
ვიდრე ლომებმა დამცინონ რომ ძაღლს გავუყადრე თავიო…მისი არ უნდა
გვეშინოდეს შვილო. არა, ის ლომია მხოლოდ ძაღლთათვის.
––ჰო, არარაობა…ის ვერასდროს გაიმარჯვებს–-დაეთანხმა ვაჟი–-არარაობა რაობის
გარეშე ვერ იარსებებს. ის ხომ უარყოფაა. უარყოფამ რომ იარსებოს ჭეშმარიტებაა
აუცილებელი. საკუთარ თავს ებრძვის, მანამ სანამ მტვრად არ იქცევა
გათანგული…რაობა კი არარას მოშორებას ცდილობს და შედეგად ჭეშმარიტებაში
დამკვიდრდება. უკვდავება …
–-უკვდავება…–-გამოეხმაურა მოხუციც. მზად იყო ეთქვა სიტყვა. მოეყოლა ის, რაც
განიცადა მაშინ სანამ ვაჟი გამოჩნდებოდა მასთან. მაგრამ დაელოდა თავად ვაჟი თუ
რას ეტყოდა. ის, კვლავ სევდიანი უმზერდა ჰორიზონტს. მოხუცს კი დუმილი არ
სურდა,ისედაც დიდხან იყო მდუმარედ–-უკვდავება შვილო ჩემო, კვლავ და კვლავ
გამუდმებით სიკვდილია,როდესაც უკეთესი იბადები. დაცემა და წამოდგომა.
როდესაც დაცემის შემდეგ,სულ მცირედით მაინც უკეთესი წამოდგები და ასე
გამუდმებით სრულყოფამდე. კვდომას კი ფასი მაშინ აქვს, როცა სხვისთვის
იფერფლება გული. თავგანწირვა შვილო. თავგანწირვა, როდესაც სხვისი ტკივილი,
გოდება შენი ხდება. სწორედ მაშინ კვდები. მაშინ დგება წამი სანთელივით რომ
ილევი და ფენიქსივით ფერფლისგან ახლად იბადები. სულ უფრო და უფრო
სხვისთვის ხანგრძლივად დანთებული სანთელი. მილიონობით უჯრედი თავს იმად
სწირავს, რომ დედის წიაღში ბავშვი გამოძერწოს. განა იშვება ბავშვი უჯრედთა ერთმა
ჯგუფმა რომ უარი თქვას გარდასახვაზე და თავგანწირვაზე? არ იშვება, ან იშვება
ძლიერ ხარვეზიანი. ასე ვართ ჩვენც: თუ არ გარდავისახეთ, თუ არ შევეწირეთ სიონს
მარადისობა არ მიგვიღებს და მტვრად მივიქცევით-–კიდევ დიდხანს ისაუბრეს.
კიდევ დიდხანს ეფერა მოხუცი ვაჟს იმ მზიან ღამეში. ის იყო ვაჟმა უთხრა მოხუცს,
შევიდეთ ტაძარს მოვისვენოთო,რომ უეცრად ქვემოთ უამრავი ვარსკვლავებად
მოციმციმე ნათებები შენიშნეს.
–-ეს რა არის მშობელო?
–-არ ვიცი შვილო. მგონი ხალხია გამოსული ველად, მაგრამ ამ ღამეში ნეტავ რად ?–-
თითქოს თავის თავს ჩაეკითხაო მოხუცი...
–-ჩემი მხლებლებია–-გაისმა უეცრად ხმა უცხო ყმაწვილისა.–-ვუბრძანე იქ
დარჩენილიყვნენ, მე კი აქეთ გამოვწიე. უცნაური ნათება იყო აქ ამ გორაზე, გულმა
აქეთ გამომიწია.მოველ და თქვენ გიხილეთ. საინტერესო საუბარი აღარ
შეგაწყვეტინეთ. გადავწყვიტე აქვე დავრჩენილიყავ სამალავში და თქვენთვის მესმინა.
დიდიხანია აქ ვარ“- მტკიცე ხმა ჰქონდა სტუმარს, თუმც ძალიან ახალგაზრდა იყო.
–-სტუმარი ღვთისაა–-შეაგება მოხუცმა და ტაძარში შეიპატიჟა. ბუხარი დაანთეს.
სუფრა გაშალეს. ღვინო დაასხეს. სტუმარს შესთავაზეს. მან კი თავიდან
მისდაუნებურად უარი თქვა. წამიერად იფიქრა: არ იქნება კარგი ჩემი დათრობა,
მაინც უცხონი არიან. რას იტყვის ჩემი ხალხი მათთან მთვრალი რომ დავბრუნდე ხომ
შევრცხვებიო. მაგრამ მოხუცმა მხოლოდ შვიდი სასმისის დალევა შესთავაზა.
ყმაწვილიც დაჰყვა. ცოტა დაიმორცხვა კიდეც, რომ შეეშინდა თრობის და იეჭვა
მასპინძლებზე. მართალია ცნობისმოყვარეობა სძალავდა გაეგო თუ ვინ იყვნენ მისი
მასპინძლები,მაგრამ თავს იკავებდა. მოხუცი გაუძღვა სუფრას და პირველი უფლის
სადიდებელი თქვეს. სამივეს სასმისი ერთად გაწკარუნდა და ერთხმად
წარმოთქვეს:“უფალი მეფობს!“
–-და მაინც ვინ არის იგი?–-იკითხა სტუმრად მოსულმა დარცხვენით.
–-უფალი ღმერთი ჭეშმარიტებაა შვილო. მის გარეშე არ არს არაფერი. განა შეიძლება
იყოს ჭეშმარიტების გარეშე რაიმე? ჭეშმარიტებაა მარადისობა. იგია ყოველი. როგორც
ჭეშმარიტებაა ერთი და არ არსებობს ორი ჭეშმარიტება–-მიუგო მოხუცმა და დაამატა-
ერთის დაშლით მიიღება ორიც,ოთხიც და მილიონიც. ასევე ვინც არ ყოფს და
აერთიანებს, ის იღებს ერთს.. ვიღაცისთვის ცოლ-ქმარი ორია. ჭეშმარიტებისთვის კი
ერთ ხორცი. ვიღაცისთვის მათ ხუთი შვილი ჰყავთ, ჭეშმარიტებისთვის კი ერთი
ოჯახი. ერთი სოფლისანი ვართ. ერთი მართალის შვილები. ხოლო ვინც ყოფს და ვერ
დგება ჭეშმარიტებაში, მათ ეშმაკის შვილებს უწოდებს უფალი. რადგან ანგარება,
ამბიცია ვერ დგება შეჭმარიტებაში.ის სიცრუის შვილია. მხოლოდ სიმართლის
მადიდებელთ ძალუძთ გაერთიანება გულით და გონებით. სხვანი ამას ვერ შეძლებენ.
ამად არის ბოროტება ამ ქვეყნად. ყველას სურს გაერთიანება, მაგრამ ამას საკუთარი
ძალის მეშვეობით. ტყუილით ცდილობენ და არა უფლის მართალი ძალით.
–ლომთალომის წადილიც ეგ არის: ძალით მოახერხოს ყველას ერთი ცის ქვეშ
მოქცევა–-გააგრძელა მოხუცის ნათქვამი ვაჟმა–ძალიან ძლიერია, თუ მოგვერევა
დავიღუპებით სამუდამოდ. ძალიან ბევრნი არიან, ძალა მათ ხელთაა..
–-სამწუხაროდ ეგრეა შვილო, მრავალნი არიან.–-დაეთანხმა მოხუცი–-მართალნი
მცირედნი,როგორც ზღვა და ზღვის ერთი წვეთი. მაგრამ უფალი ჩვენთან არს! არც
ხმლით და არცა სიმრავლით.ჩვენ მტერს ჩვენი რწმენით დავამარცხებთ, ჩვენი
ლოცვებით .
–-განა არ ვიომებთ? განა ლოცვა გვიშველის მხოლოდ?–-უკმაყოფილოდ იკითხა
სტუმარმა
–-ბრძოლას მაშინ აქვს აზრი,როცა კეთილგონიერი ხარ. კეთილგონიერი მაშინ ხარ,
როცა ღმერთთან ხარ. ღმერთთან მაშინ ხარ, როცა სამართალია შენი კანონი.
დაკარგულს ბრძოლით ვერ დავიბრუნებთ. მხოლოდ დაცვით იმისა, რაც ეხლა
გვაქვს.–-უპასუხა სტუმარს ვაჟმა და ახლად შეავსო სასმისები. შემდეგ სამშობლოს
სადღეგრძელო შეისვა და რადგან სუფრაზე უფროსი კაცი თამადა იყო, ორივე ვაჟი
ფეხზე წამოუდგა და მისი თამადობით შესვეს ის ფიალა.
–-სამშობელო…დღიდან გამოძევებისა ადამის სამოთხიდან, მუდამ სამოთხეს
დაბრუნება გვწადია. მუდამ მას დავეძებთ…მშობელნი,წინპარნი სიყვარულით
ქმნიდნენ ამ მამულს. რომელსაც ჩვენივე უწმინდურება ანადგურებდა მუდამ. დიახ,
ჩვენი მამულია სამოთხე. სამშობელო, მაგრამ მის აღმოჩენის მაგივრად, ისევ ფალის
ჩინ წართმეულნი დავიარებით. მშობელთა სიყვარულით შექმნილ სილამაზეს
შვილნი ურწმუნოებით ანადგურებენ. რადგან საუცხოოს დაეძებენ და მხოლოდ
მცირედნი ხვდებიან რომ ცხონება აქ არის,სადაც შობილხარ , გაზრდილხარ...
–-რად გამოძევდა ადამი მშობელო?–-იკითხა სტუმარმა
–-ვაშლი შეჭამა შვილო. ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან ვაშლი ალეგორიულად ის
არის ვინც არსს შლის. ვინც ჭეშმარიტება დაშალა…ჭეშმარიტება შესული დედის
წიაღში შობს სიყვარულს შვილო. მამა იქ, ჭეშმარიტება აქ, დედის საშოდან
ამობადებული სიყვარულია.–-მოხუცმა შესვა სასმისი და დაჯდა.
შემდეგ ვაჟკაცთა სადღეგრძელომ მოაწია. აქაც ფეხზე წამოდგა სტუმარი და
ამჯერად მის წინ მჯდომი მასპინძელი ვაჟის თამადობით თქვა ვაჟკაცთა
სადღეგრძელო. ფიალა დაცალა და წამიერად მოკრა თვალი, როგორი მოციმციმე
თვალებით გადახედა მოხუცმა ვაჟს. სტუმარსაც ესიამოვნა. მიხვდა, რომ მისმა
საქციელმა ასიამოვნა მასპინძლებს. არა არ იცოდა რომ მის წინ მჯდომი ვაჟი ვაჟკაცი
იყო. მერე რა რომ ტანადი და რაინდული იერსახე ჰქონდა,ხომ შეიძლებოდა სულაც
არ ყოფილიყო ისეთი, როგორიც ჩანდა? მაგრამ უბრალოდ სტუმარი გრძნობდა ამას,
აქამდე თუ ყველაფერს ცნობისმოყვარედ ხედავდა და გამოთვლებს აკეთებდა,
ამჯერად გრძნობდა და სჯეროდა,თუნდაც შემცდარიყო,რა მერე? იმ წამს ასე სურდა
და ის წამი ამაღლებდა სწორედ მასაც. რადგან რასაც სხვაში ხედავ, სწორედ ის ხარ
შენც. დიახ, რაინდობის მსურველს რაინდები მასპინძლობდნენ. ვაჟმა სამადლობელი
მოიხადა:
–-დღეგრძელნი არიან ვაჟკაცნი,რადგან არსის, ჭეშმარიტების კაცნი არიან. მათი
სახელები უკვდავყოფილია. რადგან გაწირეს თავი სხვათათვის და რაოდენ დიდია
დედოფალი ,რომელიც ვაჟკაცურად მოიქცა. ყველანი მუხლს ვიდრეკთ მის წინაშე. ის
არის ჩვენი წმინდა დედა, და და გულის ფეთქვა!–-ჭაბუკებმა მუხლი მოიყარეს.
პირჯვარი გარდაისახეს...
მეოთხე სასმისი აღმა შენების, გამარჯვებისა შესვეს. რა გამოცალეს ფიალა,
მოხუცმა სალმასის ჯაჭვის პერანგი ამოიღო სკივრიდან და აჩუქა სტუმარს. ვაჟი
გარეთ გავიდა და მობრუნებულმა მგლის სახა–მუზარადი შემოიტანა. მანაც სტუმარი
დაასაჩუქრა. მგლის მუზარადის დანახვაზე მოხუციც და ყმაწვილი სტუმარიც
შეკრთნენ. მოხუცი იმად, რომ ეხლაღა იცნო თავისი შვილი, მისი გერი,რომელიც
დიდიხნის უკან განდევნეს ამა სოფლიდან. სტუმარი იმად შეკრთა, რომ ვერ დამალა
აღტაცება. მგლის სახა–მუზარადი დიდხანს ათვალიერა ხელში და რომ გაითავისა
მერეღა ჰკითხა მასპინძელს ღიმილით:
–-მაშ ლომთალომს მეფე მგელი დაამარცხებს? , განა ნადირთ მეფე ლომი არ არის?
–-ნადირთ მეფე არის, მაგრამ არა კაცთ მეფე –-გაუღიმა საპასუხოდ ვაჟმაც–-ტყეში
ლომია ძლიერი ცალსახად. მაგრამ კაცთა გულებში მგელია უძლეველი, რადგან
სამართალია მისი კანონი.
მეხუთე სასმისი სიყვარულისა თქვეს. სტუმარმა სიყვარული დედის იმედის
სახელით შესვა, მასპინძელმა კი მტრის სიყვარულით.
–-მაგას რად ამბობ ძმის გულო?–-იკითხა წუხილით ყმაწვილმა–-განა მტრის
სიყვარული გაგონილა?
–-იმად ვამბობ, რომ მტერმა შეგვყარა ერთად. რომ არა მტერი, განა ღმერთს
ვადიდებდით? განა მშობელი და მათი შვილები წმინდა იქნებოდა ჩვენთვის? იმად
ვამბობ, რომ მტერს თუ შევიძულებ მეც მის მსგავსი არ ვიქნები? თუ სიყვარული
სიძულვილით ჩავანაცვლე სწორედ ეგ არ სურს მტერსაც? განა მაშინ უფრო იოლად
არ დამამარცხებს მადლ გამოცლილს? მტრის სიყვარული არ ნიშნავს რომ მისი
საქმენი გიყვარს. ის მტერია,მაგრამ გიყვარს. ესე იგი სამართლიანი იქნები მის წინაშე
და არ დაეცემი მასავით. ხმლით მოვა, ხმლით დახვდები. სიტყვით მოსულს სიტყვით
და სიყვარულია ის ძალა,რომელიც შეგეწევა ბრძოლაში. რომელიც გააქარწყლებს
მტრის მრავლიანობას. იგი მსგავსია ღატაკის გამოწვდილი ხელისა, რომელიც შანს
გაძლევს გააკეთო მადლი. ღატაკიც იმად არსებობს, რომ არ ვიზრუნეთ მათზე და
მივატოვეთ როცა უჭირდათ...
–-ხილული მტერი, მტვერია შვილო–-გააგრძელა ვაჟის სიტყვა მოხუცმა–-ის მტვერია,
რომელიც მხოლოდ იმად გედება, რომ უმოძრაოდ ხარ. აღარ იკვალავ გზას. უხილავი
მტრის, დემონის არსებობა რომ დაგვიწყებია და ლხენას მისცემიხარ. მთავარი
ბრძოლა ამ ქვეყნად და იმ ქვეყნადაც ჩვენი სულებისათვის მიდის. ჩვენ კი
ხორცთათვის ვიბრძვით. უხილავ მტრისთვის დემონისთვის, მთავარი სიყვარულის
მოკვლაა შვილო. შემდეგ უკვე ციხე როდესაც შიგნიდან გატეხილია,მისი აღება
მცირედთაც შეუძლიათ იოლად, არა თუ მრავალთა. განა არ იცი, რომ:
სიბრაზით,სიშმაგით მწყობრიდან გამოსული ადამიანი, შეცდომას შეცდომაზე
უშვებს? აი სწორედ ეს სურს დემონს. სიყვარულით სავსე გული კი აუღებელი
ციხესიმაგრეა.
–-და მაინც რა არს სიყვარული მოხუცო?
–-სიყვარული, ეს ჭეშმარიტების უხილავი საკრავია შვილო. ის რაც ჰყვა რაობას
ლარით. საკრავის დაღვრილი ჰანგებია შვილო. იმ საკრავისა, რომელიც წმინდაა და
ამაღლებულს ემსახურება. გამოსცემს ბაგეთაგან ბგერებს,რომელიც ჭეშმარიტებას
უმღერს. შვიდ სიმად იყოფა შვილო და მათი არითმული რხევა ქმნის ლასარეს.
რომელიც გარეთ გამოდის და უფლობს. ჯადოსნური ლარი, ძალიან სათუთია. მას
მხოლოდ მცირედნი ეხებიან ,რადგან მხოლოდ მცირედთ ძალუძთ მის კარავში
შესვლა, მისი კარის გაღება.
–-რა აღებს მის კარს მშობელო, ეგეც მიამბე–-სთხოვა სტუმრად მოსულმა.
–-ახალი სასმისი შევსვათ და მაგასაც გეტყვი შვილო–-სიყვარულით მიუგო მოხუცმა.
სტუმარმა თავად ითავა სასმისების შევსება და რა შეავსო ბოლოს თავის სასმისი,
ერთი წვეთი მაგიდას დაეცა და თითქოს გაიწკარუნა, წამი გაირინდა,მოხუცმა
სასმისით სპეტაკი ცრემლისა სთქვა.
–-სინანულის გარეშე არ გაიღება კარი. მხოლოდ სინანულით არს შესაძლებელი
გულის კარის გაღება. იქ, სადაც არის შვიდი სიმი ფარული. სუფთა, სპეტაკი
რომელსაც მხოლოდ მონანი შეეხებიან. სინანულია,რომელიც დაუკრავს
ნანას,რომელიც გაბრუნებს ჩვილობაში. მხოლოდ ჩვილი ბავშვის სათუთ თითებს
ემორჩილება ლარი შვილო ჩემო...
მალე გათენდებოდა უკვე. სტუმარი დიდად ნასიამოვნები წამოდგა.
––აწ უკვე წასვლის დროა, იშფოთებენ ჩემები ამდენხანს რომ მივატოვეო. –თითქოს
მოიბოდიშაო.
შეავსეს მეშვიდე სასმისიც და მადლობა უთხრა მასპინძლებს. მათ კი თავის მხრივ
მადლის, წყალობის არ მოკლება უსურვეს. გარიჟრაჟზე გამოვიდნენ გარეთ. ვაჟი
დაემშვიდობა სტუმარს.
–-მიხარიხარ მგლის გულო. მართალია, დრო ცოტა გვაქვს, მტერი მალე მოადგება
ჩვენს სიონს. მაგრამ იქამდე ყველაფერი მზად გექნება ვიცი. ბრძოლის წინ მეც მოვალ.
უტყუარ გამარჯვების ცნობად.–-უთხრა და ხელი გაუწოდა. მათი ხელის ჩამორთმევა
იყო ძმობის შესაკრავი. მოახტა ვაჟი თავის რაშს და სწრაფად გაუჩინარდა, ისე რომ
თვალიც ვერ გააყოლეს მოხუცმა და სტუმარმა. მხოლოდ ახლაღა ჰკითხა მოხუცს:
–-ვინ არის იგი მშობელო?
–-ის მგელთა მეფეა შვილო,ჩემი საყვარელი გერი–-გულისტკივილით ამოთქვა
მოხუცმა–-წყაროსთან ვიპოვე თოთო. საოცრად ლამაზი ბავშვი იყო. მისი თავდადება
საქმეში, ხომ ყველას აცვიფრებდა. საოცარ ბედის ვარსკვლავზე იყო დაბადებული.
გამორჩეულს ზურგი აქციეს,უღალატეს და ლომთალომმა დაამარცხა დიდი ხნის
უკან. მას მერე განერიდა ყველას. რჩეულის ღალატმა გამოაცალა ძალა.
–-რად უღალატეს მშობელო? რად არ უყვართ გამორჩეულები?
–-სასტიკი იყო შვილო, სასტიკი მათთათვის. მისი კანონი სამართალია. არ ცნობს არც
ხორციელ ძმას არც ხორციელ დას, მხოლოდ მართალს. მას სწამს, რომ ძალა
სიმართლეა. მაგრამ ტყუილმა და ორპირობამ დაამარცხა. შმაგმა და მრავალმა
დაჯაბნა. ამად იყო დაწყლულებული ამა სოფლისგან, მაგრამ საოცრად ერთგულია.
ყოველი ღამე მის გულს ბასრ ხანჯალს ასობს. ამად არის, რომ ყოველ ღამით ისმის
შემზარავი ყმუილი. ყოველ ღამით მზეს უხმობს, რომ გათენდეს. ყოველი დღის
იმედი ყოველი ღამის კოშმარით ეცვლება. მაგრამ ის მეფეა შვილო,რადგან ჯვარს
ატარებს გულით.
–-რად არ ინდობს უფალი,მშობელო? რად არ შეისმენს მისას?
–-უფალს ის ძალიან უყვარს შვილო, რადგან თავად გააკეთა არჩევანი. გაყვა გზას
მართლისა. უფალი დიდიხნის უკან წაიყვანდა თავისთან ნათლულს, მაგრამ თავად
არ გაყვა. ის მეფეა შვილო. ვერ მიატოვებს თავის სამწყსოს.
–-თუ თავის სამწყსო ჰყავს, მაშ დაგვეხმარება ლომთალომის წინააღმდეგ თავის
ამალით?
მოხუცმა გაუღიმა კეთილად ვაჟს–-„იმედია შვილო იმედი, რომ კვლავ შეკრებს
ამალას. დახმარება კი შენგან დაჭირდება, თავად არ გეტყვის“...
–-ჩემგან? მე რით შემიძლია მშობელო?-გულწრფელად გაუკვირდა ვაჟს.
–-მისი გულის ხმა ყველგან ისმის შვილო, მიყურადებაა საჭირო. აუწყე შენი გულის
ცემა. მგლის მუზარადი ბევრს მისცა, დიდი იყო მისი ამალა. ეხლა კი მხოლოდ შენღა
ხარ.
(გაგრძელება ქვემოთ)