| | ნინო თორაძე | |
| | Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: ნინო თორაძე Mon Dec 03, 2012 10:43 am | |
|  Nino Toradze ნინო თორაძედაბადების თარიღი - 4 ივლისი, 1964 დაბადების ადგილი - თბილისი ოჯახური მდგომარეობა – დაოჯახებული (მეუღლე და ერთი შვილი) 1987 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტი პუბლიკაციები * “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია მე-19 მე-20 ს.ს.”- 1995 * “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია”- 2006 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია ავტორი: ვახტანგ თორაძე; ნინო თორაძე თემა: ისტორია/პოლიტიკა; რელიგია; ISBN: 99940-65-67-X გამომცემლობა: ელფი გვერდების რაოდენობა: 632 ყდა: მაგარი ფასი: 35.00 ლარი წონა: 0.834 კგ. ბმული - https://www.facebook.com/nino.toradze
Last edited by Admin on Mon Dec 03, 2012 11:32 am; edited 5 times in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო თორაძე Mon Dec 03, 2012 10:45 am | |
| ნინო თორაძე ახალი წლის ღამეზამთრის ერთ სუსხიან საღამოს, უფრო სწორედ არც თუ ისე ჩვეულებრივ საღამოს, რადგან ამ დღეს მთელი ქალაქი ახალი წლის მობრძანებას ელოდა. ყველა საახალწლო ფუსფუსს მოეცვა, რთავდნენ ნაძვის ხეს, აკეთებდნენ გოზინაყს. ქუჩებში გამვლელიც კი არ ჩანდა. ეკლესიაც დაცარიელებულიყო, ალაგ-ალაგ თუ ბჟუტავდა სანთლები. მოძღვარიც ჩქარობდა სახლში წასვლას. მასაც უნდოდა ახალ წელს თავის ოჯახთან ერთად შეხვედროდა. უეცრად კარები გაიღო და ტაძარში ძონძებში გახვული პატარა ბიჭუნა შემოვიდა. მაცხოვრის ხატთან მივიდა, ჩაიჩოქა და რაღაცის ბუტბუტი დაიწყო. მღვდელი მშვიდად იდგა და ინტერესით ათვალიერებდა პატარა მლოცველს, მოთმინებით ელოდა როდის გავიდოდა ეკლესიიდან. ბიჭუნა ლოცვას მორჩა, ფეხზე წამოდგა, გათოშილი თითებით პირჯვარი გადაიწერა. ძონძებიდან დაკეცილი ქაღალდი ამოაცურა და ფრთხილად, მეტისმეტი მოკრძალებითა და მოწიწებით ხატის ქვეშ დადო. უმალ შეტრიალდა და ეკლესიიდან თითქმის სირბილით გავიდა. მოძღვარი სწრაფად მიუახლოვდა ხატს, ქაღალდი გაშალა და კითხვა დაიწყო: - “უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მე ერთი ობოლი მაწანწალა ვარ. სანამ მშობლები მყავდნენ ცოცხლები ძალზე ბედნიერი ვიყავი. არა არ იფიქრო, რომ სიმდიდრის გამო. მდიდრები არასოდეს ვყოფილვართ. უბრალოდ უხვად მქონდა სითბო, სიყვარული და ნუგეში. ახლა კი ყველაფერი დავკარგე, აღარაფერი მაქვს. დღეს ახალი წლის ღამეა და ქუჩაში გამვლელიც კი არ სჩანს, რომ მოწყალება გაიღოს მშიერი მაწანწალასათვის. ბავშობაში დედა სულ შენ ხატთან ლოცულობდა, პირჯვარს გამომსახავდა და მეუბნებოდა, რომ შენ ერთადერთი ხარ ვისაც ყველაზე მეტად გიყვარვართ ადამიანები. ხოდა მეც იმიტომ მოვედი, რომ შენს მეტი აღარავინ მყავს. უმორჩილესად გთხოვ სიზმრად მაინც ეწვიო ობოლ ბიჭუნას, რომელსაც სულ ცოტა სიყვარული და ნუგეში სჭირდება სიცოცხლისათვის.” მოძღვარმა ეს წერილი, რომ წაიკითხა თვალები ცრემლებით აევსო. მცირე ხანს თავდახრილი იდგა ხატთან, შემდეგ თითქოს რაღაც გაახსენდაო, სახეზე ღიმილი მოეფინა მაცხოვრის ხატს ახედა, თავი დაუკრა და საჩქაროდ გარეთ გასულ მაწანწალას აედევნა. ახალი წლის დილა გათენდა. მამლებმა რა ხანია იყივლეს. თოვლს სულ თეთრად მოეკაზმა ქალაქი. პატარა მაწანწალას რა ხანია ეღვიძა, მაგრამ თვალის გახელა ეზარებოდა. ანდა რატომ იჩქარებდა. ქოხში არც სითბო იყო და არც საკვები. მარტო ცივი სუსხიანი ქარი უბერავდა კედლის ღრიჭოებიდან. ბოლოს გადაწყვიტა ამდგარიყო. თვალები გაახილა საწოლზე წამოჯდა და ჰოი საოცრებავ ქოხის კარებთან პატარა მაგიდაზე ათასნაირი ნუგბარით სავსე დიდი ხონჩა იდო. ბიჭუნამ თვალებს არ დაუჯერა. სწრაფად მიირბინა მაგიდასთან. ხან ერთს დაავლო ხელი ხან მეორეს. აღარ იცოდა რომელი ეგემნა პირველად, რომ უეცრად მაგიდაზე ბარათი შენიშნა. აიღო და კითხვა დაიწყო: “ჩემო პატარა მეგობარო! უნდა მაპატიო შენს გაღვიძებას, რომ ვერ დაველოდე. საქმე იმაშია ,რომ მარტო შენ არა ხარ ამ ქვეყნად, ვისაც ჩემი სიყვარული და ნუგეში სჭირდება.... ბოდიშს გიხდი მცირე ძღვენზეც, რადგან არც მე ვარ მდიდარი და კიდევ ერთი, მეც მაქვს შენთან პატარა სათხოვარი. როცა დიდი ბიჭი გაიზრდები, თუ კი როდესმე გამდიდრდები, გაიხსენე რა გჭირდებოდა ყველაზე მეტად როცა გიჭირდა და შენც უხვად გაეცი სითბო, სიყვარული და ნუგეში. “შენი იესო.” | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო თორაძე Mon Dec 03, 2012 10:48 am | |
| ნინო თორაძე ორი მაწანწალა არავინ იცის ეს ამბავი რომელ ქვეყანაში ან რომელ საუკუნეში ხდებოდა, რადგან სულაც შეიძლება იგი ჩვენს დროში მომხდარიყო. ხოდა იმას ვამბობდი, ერთ ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობდა ორი მაწანწალა ექსილი და მინი. უცნაური სახელებია არა? Dდიახაც! იმიტომ, რომ ეს სახელები თავადვე მოუგონეს ერთმანეთს, სინამდვილეში კი რა ერქვათ, არავინ იცოდა. ყოველ ცისმარე დღეს ექსილი და მინი მოწყალების სათხოვნელად გადიოდნენ ქალაქში, ხოლო საღამოს დაღლილ-დაქანცულნი ბრუნდებოდნენ შინ. ეს შინ კი, ხიდის ქვეშ სახელდახელოდ მოწყობილი უბადრუკი ფარდული გახლდათ. მინი კვირაობით ეკლესიაში დადიოდა წირვაზე და თავის მეგობარსაც ეპატიჟებოდა, მაგრამ ექსილს ღმერთისგან შორს ეჭირა თავი. შემიძლია ჩუმად გაგიმხილოთ, რომ მასზე გაბრაზებულიც კი გახლდათ, თუ რატომ ერგო მაწანწალის ბედი...… ამ საკითხზე მეგობრები ხშირად კამათობდნენ. მინი რაც შეიძლება მშვიდათ და მოთმინებით იტანდა მეგობრის საყვედურებს. უხსნიდა, რომ განსაცდელი მადლიერებით უნდა მიეღო... რადგან, ვინც უყვარს ღმერთს მასვე ღზრდის. ხოლო, შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებსო. მაგრამ ექსილს არც ღმერთის სიყვარული სჭირდებოდა და არც მისი შვილობა. უსამართლოდ დაჩაგრულად თვლიდა თავს და წუწუნით და საყვედურით ავსებდა მინის. ეს უკანასკნელი კი მადლობდა უფალს და ჩუმად ბუტბუტებდა: ”ღმერთო! შენ სულ ჩემზე ფიქრობ და გინდა, რომ უკეთესი გავხდეო.” მის ამ ნათქვამზე ექსილი საშინლად ბრაზდებოდა და მინის გამოჩერჩეტებულ ბერიკაცს ეძახდა. ასე გრძელდებოდა მათი ცხოვრება, ექსილის ბუზღუნსა და მინის ლოცვაში. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, მინი შეუძლოდ გახდა. ფეხზე წამოდგომა ვეღარ შეძლო. შეწუხდა ექსილი, ყველა სიკეთესთან ერთად, მაგ შენმა ღმერთმა შენისთანა ხრინწი ბერიკაციც ამკიდა მოსავლელადო. კარგა ხანს იწუწუნა, ხან შეუბღვირა, ხან მოეფერა, მაგრამ მინის ფეხები აღარ ემორჩილებოდა. სახლში კი პურის ნამცეციც არ გააჩნდათ. ექსილი, რომ არ წასულიწო მოწყალების სათხოვნელად, ორივე შიმშილით დაიხოცებოდნენა. - წადი, ჩემო კარგო, დასუსტებული ხმით ეხვეწებოდა მინი. რას მიშველის შენი შიმშილი. შენ მაინც დანაყრდი სადმე. მე არა მიშავს რა, არ მოვკვდები. - რას პრუტუნობ ბერიკაცო, მარტოს ხომ ვერ დაგტოვებ, რამე რომ მოგივიდეს მერე რაღა ვქნა? - კარგი, ექსილ... ეგრე ნუ ნერვიულობ, - ამშვიდებდა მინი. - ისედაც ვიცი სიყვარული რომ შეგიძლია. გგონია არ გიცნობ? მინის ფეხები უცივდებოდა, კანკალმა აიტანა. - მცივა - დაიჩურჩულა მან და ძაგძაგს უმატა. დღე გაიწელა. ექსილი კვლავ ბუზღუნებდა, მინი აწყნარებდა. - შენ რომ მოკვდე რაღა მეშველება, მე ხომ შენს მეტი არავინა მყავს. სად არის ეგ შენი ღმერთი, თუ მართლა არსებობს ერთად წაგვიყვანოს. მარტოობას ვერ გავუძლებ. რას ამბობ ექსილ... ისევ ვერაფერი გაიგე?... ამ ქვეყნად არავინ არ არის მარტო. Aდამიანები ტოვებენ ერთმანეთს, ზოგჯერ ღალატობენ, სძულთ ან კლავენ, მაგრამ ყველაზე ბოროტიც კი არასოდეს არ რჩება მარტო. თუ კი ის მოისურვებს და მოტრიალდება, დაინახავს მის გვერდით მდგარ ხელებგაშლილ ღმერთს, რომელიც ყოველთვის მზად არის მის გულში ჩასაკრავად. - რა კეთილი ხარ ჩემო მინი, რატომ უნდა იყო ავად, რატომ უნდა კვდებოდე. - ბუტბუტებდა ექსილი და მალიმალ გულში იკრავდა გაძვალტყავებულსა და ძონძებში გახვეულ მეგობარს. გავიდა რამდენიმე მტანჯველი დღე... მოსაღამოვდა. ისინი გვერდიგვერდ იწვნენ თვალებგახელილნი. ორივეს ძალა ჰქონდა წართმეული. ერთს ავადმყოფობისგან, ხოლო მეორეს შიმშილისა და ნერვიულობისაგან. - ექსილ! - დაიჩურჩულა მინიმ... ხოდა იმას გიყვებოდი ქრისტეზე. ისინი სამნი იყვნენ გოლგოთაზე. სამი ჯვარცმული გესმის! ერთი, კვდებოდა მთელი სამყაროს ცოდვებისთვის, მეორე ცოდვილობის განცდითა და სინანულით.ხოლო მესამე კი ცოდვილი... ექსილს პასუხი არ გაუცია. ჩუმად იყო და თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, თუმცა მინი ამას უკვე ვეღარ ხედავდა. ფარდული დუმილით აივსო. - უფალო შემიწყალე, მომიტევე, რომ ბრმა ვიყავი და სისხლამდე არ აღვსდექი ჩემი ცოდვების წინააღმდეგ საბრძოლველად, ამოიჩურჩულა ექსილმა და მშვიდად დაიძინა სამარადჟამო ძილით. დაღამდა. უკუნეთი ჩამოწვა. ქროდა ქარი და სადღაც შორს, გრგვინვაც ისმოდა. ისინი ისევ სამნი იყვნენ გოლგოთაზე: იესო, ექსილი და მინი. ერთი ისევ სამყაროს ცოდვებისთვის კვდებოდა, მეორე გულით წმინდა და ღვთის სიყვარულით აღსავსე, ხოლო მესამე კი შენდობილი. ღამის წყვდიადს რიჟრაჟი შეეპარა. მზე ისევ ამობრწყინდა ცის კაბადონზე, რათა ადამიანები კვლავ გაეთბო და სამყარო გაენათებინა. | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო თორაძე Mon Dec 03, 2012 10:50 am | |
| ნინო თორაძე სიმართლე ხომ არც თუ ისე ლამაზია
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი სამეფო. ამ სამეფოს, როგორც ყველა სამეფოს ჰყავდა მეფე და ჰქონდა თავისი უსამართლო, თუ ალაგ-ალაგ სამართლიანი კანონები. სამართლიანობის ქალღმერთი აქაც, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ბრმა, ყრუ-მუნჯი და ცოტათი კოჭლიც გახლდათ. თუმცა სიმართლე, რომელიც დედამიწაზე ადრე გაჩნდა სულაც არ იყო ასეთი ხეიბარი. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო, სამართლიანი და ძალზე მშვენიერი ყოფილა. ამიტომ ყველაფერი რასაც ღმერთი ქმნიდა მშვენიერიც იყო და სამართლიანიც. როდესაც პირველი ადამიანები გაჩნდნენ მაშინ ჯერ კიდევ ტრიალებდა ჰაერში სიმართლისა და სამართლიანობის დამათრობელი სურნელი და ადამიანებმა არ იცოდნენ რა იყო ტყუილი, ფარისევლობა და სიყალბე. შემდეგ რა მოხდა დანამდვილებით არავინ არ იცის, მაგრამ, რაღაც დიდი უბედურება კი უთუოდ დატრიალდა, რადგან ადამიანებმა შეიძულეს სიმართლე და შეიყვარეს სიცრუე საკუთარ თავზე უფრო მეტად. სწორედ ამის შემდეგ იქცა სიმართლე მხოლოდ ლეგენდებისა და ზღაპრების გმირად. აი ასეთი სევდიანი ისტორია მოუყვა ერთხელ ერთმა მოუსვენარმა კარისკაცმა, ტახტის მემკვიდრეს, მოწყენილ უფლისწულს. ამ დღის მერე დაკარგა მოსვენება უფლისწულმა. აიკვიატა, რადაც არ უნდა დამიჯდეს სიმართლე უნდა მოვძებნოო, ის ხომ ასეთი კეთილი და ლამაზი ყოფილაო. თქვა და შეასრულა კიდეც. მეფემაც არ დაუშალა. თურმე ნუ იტყვით და დიდ მონარქსაც ინტერესი კლავდა სიცოცხლეში ერთხელ მაინც შეევლო თვალი სიმართლისთვის. აბა რა ყელში ჰქონდა ამოსული ელამი, ყრუ-მუნჯი და კოჭლი სამართლიანობა. ჩაიცვა უფლისწულმა რკინის ქალამნები, აიღო ხელში რკინის ჯოხი და გაუდგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა, მრავალი ქვეყანა შემოიარა. სად არ იყო, ვინ არ ნახა, მაგრამ სიმართლე რა თქმა უნდა ვერსად იპოვა. ბოლოს და ბოლოს ნირწამხდარმა ტახტის მემკვიდრემ, ცივ და უკარება ყინულთა ქვეყანას მიაშურა. თუმცა გულის სიღრმეში იმედიც კი არ ჰქონდა, რომ ამ უზარმაზარ ყინულის ლოდებს შორის კაცობრიობის სანატრელ და სანუკვარ ოცნებას სიმართლეს იპოვიდა. უეცრად ყინულებს შორის პატარა ქოხი დალანდა. შიმშილით და სიცივით დაუძლურებულმა იფიქრა მოჩვენებები დამეწყოო. თვალები რამდენჯერმე მოიფშვნიტა და როცა დარწმუნდა,რომ არ ეჩვენებოდა ქოხთან მიირბინა, კარი შეაღო და მოულოდნელობისაგან გაშრა. მაგიდასთან ნაცემ-ნაბეგვი და ნაწამები თეთრწვერა მოხუცი იჯდა.ისეთივე ხნიერი როგორიც ცა და დედამიწაა. უფლისწულს გული სიბრალულით აევსო. მოხუცთან მიიჭრა, მის ფეხებთან დაიჩოქა და ქვითინი აღმოხდა. - მოხუცო! ვინ გაბედა შენი ასეთი შეურაცყოფა? რა დედის გაზრდილმა შვილმა მოგაყენა ამდენი ტკივილი? ვინ გაწამა ასე სასტიკად და დაუნდობლად? მითხარი მისი სახელი და ნახავ თუ როგორ შევძლებ დავიცვა შენი და ჩემი ღირსება. მოხუცმა მოწყალედ გაუღიმა უფლისწულს და დანანებით ჩაილაპარაკა: -“კაცობრიობამ” ჩემო კარგო, “კაცობრიობამ.” -როგორ, განა კი ვინ ხარ? ან რა დანაშაული გაქვს ასეთი ჩადენილი, რომ კაცობრიობამ მოგიძულა. შესძახა უფლისწულმა. - მე?. . . მე სიმართლე ვარ ჩემო პატარავ, სიმართლე.. მას შემდეგ რაც ადამიანებმა შეიყვარეს ცოდვები, სიმართლე მხოლოდ ცოდვების მამხილებლად იქცა. ესაა სწორედ ჩემი დანაშაული. უფლისწულს თავზარი დაეცა და ცხარედ აქვითინდა. - რას ამბობ მოხუცო?!.. რად სცრუობ!... მთელი ქვეყანა ქედს იხრის შენს წინაშე. ყველა სიმართლის ნატვრასა და ძიებაშია. რამდენი კვდება მარტო შენი სახელის გულისათვის. შენ კი ცილს გვწამებ, რომ კაცობრიობამ გაწამა ასე. ახლა რაღა ვქნა?.. როგორ დავბრუნდე შინ... ან რა მოვუყვე ქვეშევრდომებს, მამას.., რომ სიმართლე რომელიც ასეთი კეთილი და ლამაზი ეგონათ სინამდვილეში მოხუცი, გამათრახებული და ყველასაგან მიტოვებულია... რომ თავშესაფარი და სავანე მთელ მთელ დედამიწაზე მხოლოდ ამ ცივ და უგრძნობ ყინულებში ჰპოვე სადაც სულიერიც კი არ სახლობს, რომ სინამდვილეში შენ არავისაც არ სჭირდები.. ქვითინებდა გამწარებული უფლისწული. სიმართლეს შეეცოდა უბადრუკი ტახტის მემკვიდრე და გადაწყვიტა მისთვის ეამებინა. - ნუ სტირი ჩემო კარგო, ნუ განიცდი. ხოდა შენც ადექი და ყველა მოატყუე, რომ სიმართლე ვითომ ძალიან კეთილი და ძალიან ლამაზიაო... ჭირი იქა ლხინი აქა... | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო თორაძე Mon Dec 03, 2012 10:53 am | |
| ნინო თორაძე ხვალინდელი დღე ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინათ, ერთ ქვეყანაში წინასწარმეტყველი მარჩიელი ცხოვრობდა. იმ ქვეყნის მეფე არაფერს წყვეტდა მის გარეშე. არც ომს იწყებდა და არც ზავს დებდა, მხოლოდ მის რჩევასა და წინასწარმეტყველებას ენდობოდა. მასთან დადიოდნენ ნაზირ-ვეზირები და მათი ცოლებიც. მარჩიელი ქალაქის განაპირას, გორაკზე პატარა ქოხში ცხოვრობდა. ის ქოხი მიმსვლელ-მომსვლელს ვერ აუდიოდა. ერთ მშვენიერ დღეს კი ხმა გავარდა, ჩვენი სახელგანთქმული მარჩიელი დადუმდა და აღარავის იღებსო. შეწუხდა მეფე, საიდან არ ჩამოუყვანეს მკურნალები, შემლოცველები, ჯადოს მომხსნელები, მაგრამ ხმა ვერ ამოაღებინეს. იჯდა და სივრცეს გასცქეროდა გაღიმებული. მისი მზერა ადამიანების ზურგს უკან, სადღაც უსასრულობაში იკარგებოდა. მობეზრდა მეფეს მარჩიელის მოვლა პატრონობა, დიდებულებმა და ქალაქის მაცხოვრებლებმაც გული აიყარეს მასზე და შეურაცხადათ მონათლული მალე სულ მთლად გადაივიწყეს. გავიდა ხანი. ერთხელ იმ გორაკზე პატარა მწყემსი ბიჭუნა აძოვებდა ფარას. ძალიან მოსწყურდა, გაიხედ-გამოიხედა და ქოხს მოჰკრა თვალი. ქოხის წინ, მოლზე, მოხუცი იჯდა და მშვიდად გასცქეროდა ცას გაღიმებული. ბიჭი მიუახლოვდა, ხელი შეახო და წყალი თხოვა. მოხუცი ბავშვს მოეფერა და ქოხიდან დოქით წყალი გამოუტანა. მზე შუბის ტარზე იდგა გაბრწყინებული და სასწაულებრივი სითბოთი და ნათელით ავსებდა ქვეყნიერებას. ბიჭს გაახსენდა მშობლების ნათქვამი, რომ იმ გორაკზე დამუნჯებული მარჩიელი სახლობსო და მიხვდა ვინც იდგა მის წინაშე. - რატომ დადუმდით ბატონო! რად აღარ წინასწარმეტყველებთ ჩვენი ხალხისა და მეფის გასახარად? მოკრძალებით იკითხა პატარამ. მოხუცმა ჩაიმუხლა. ხელი შეახო ბალახს და ხმადაბლა მიუგო...ხედავ რა ლამაზია ეს ბალახი, აი ახლა ამ ყვავილს შეხედე, დაიხარე და ნახე რა ნაზი სურნელი აქვს. მოდი ცასაც ავხედოთ, მზეს ასე რომ გვათბობს და გვინათებს, რა მშვენიერია არა? ბიჭმა უდარდელად ახედა ზეცას. - მერე რა? - იკითხა პატარამ. - მერე ის, რომ ჩემო კარგო ბრმები ვართ. შეგიძლია, რომ შენი ძალებით შექმნა რომელიმე მათგანი? ასე ცოცხალი და განუმეორებლად მომხიბლავი, წარმტაცი და თვალის მომჭრელი და ყოველივე უანგაროდ მაჩუქო მე ასეთ ცოდვილს? მიბოძო უნარი, რომ ვუყურო, აღვიქვა, შევიგრძნო, ვუსმინო და შევეხო კიდეც ყველაფერ ამას? გაოცებულმა ბიჭმა მხრები აიჩეჩა. - ხოდა თუ არ შეგიძლია ჩემო პატარავ, იცოდე, რომ არავის არა აქვს მარჩიელობის უფლება, რადგანაც ვისაც ასეთი სასწაულის შექმნა და უანგაროდ ბოძება შეუძლია ხვალინდელი დღეც იმისია. ხოდა მეც დავდუმდი და ვტკბები იმით, რასაც ღმერთი გვიძღვნის და მხოლოდ მისგან, ასე კეთილისა და მოსიყვარულესგან ველი ხვალინდელი დღის საჩუქარს. ჭირი იქა ლხინი აქა. | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო თორაძე Mon Dec 03, 2012 10:57 am | |
| ნინო თორაძე ზღვის ვარსკვლავი, ანუ რატომაა ზღვაში მლაშე წყალი... ადამიანები ზედმეტად ცნობისმოყვარენი არიან. ეხებათ თუ არ ეხებათ მათ, ყველგან ყოფენ ცხვირს. შეიძლება არც კი დამიჯეროთ მაგრამ , ზოგჯერ დიდებიც ვერ ერევიან თავიანთ ბავშურ ცნობისმოყვარეობას და დანაოჭებული სახის მიღმა თავიანთ განცვიფრებულ სულებს მალავენ. თუმცა ადამიანები რა შუაში არიან, ეს ამბავი სულაც ჩიტმა მომიტანა. დიახ, დიახ .. ერთმა პატარა ბეღურამ მიამბო. თქვენც გაინტერესებთ, არა, რატომ არის ზღვაში მლაშე წყალი? კარგად მოკალათდით და ეხლავე გიამბობთ... ეს ამბავი უხსოვარ დროს მოხდა.სწორედ მაშინ, როცა ღმერთმა შექმნა სამყარო. გაჰყო ზესკნელად და ქვესკნელად.ცა მოკირწყლა და მორთო ვარსკვლავებით,ხმელეთი კი გააგრილა წყლით. აი ამ დროს დაიბადა ზღვაც, გაახილა კამკამა ლურჯი თვალები და მის ზემოთ თავმომწონე, მასავით თვალუწვდენელ და უძირო ცას დაუმეგობრდა. ზღვა ისეთი ტკბილი იყო, რომ ცა სულ ზღვიდან სვამდა წყალს. ალბათ ეხლაც ასე იქნებოდა ზღვის ვარსკვლავს, რომ ეს უბედურება არ შემთხვეოდა.მოკლედ ერთ მშვენიერ დღეს ზღვის ფსკერზე დაიბადა პატარა ზღვის ვარსკვლავი .ალბათ ყველას გინახავთ რა მშვენიერი და მომხიბლავია, თუმცა სულაც არაა ისეთი ბრჭყვიალა, როგორც ცის ვარსკვლავი. ხოდა, იმას ვამბობდი, პაწაწინა ზღვის ვარსკვლავმა თვალინ გაახილა თუ არა, დაინახა ულამაზესი მოციმციმე პატარა ცის ვარსკვლავი და მოიხიბლა. პაწია გული უსაზღვრო სიყვარულით აევსო. იმის მაგივრად ყველა პატარასავით პირველ სიტყვა „დედა“ ეთქვა, საწყალი ზღვის ვარსკვლავი ისე დაიბნა, ძლივსღა მოახერხა ამოელუღლუღა „მიყვარხარ“. აი სწორედ აქედან დაიწყო მისი ბედნიერებაც და უბედურებაც. ყოველ ღამე, როცა მოწმენდილი ცა იყო, პატარა ზღვის ვარსკვლავი ტკბებოდა თავისი სატრფოს ცქერით, რომელიც კეკლუცად იწონებდა თავს ცის კაბადონზე და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა იმაზე, თუ როგორ შეხაროდა პატარა ვარსკვლავი ზღვის პირქუში ფსკერიდან. ოჰ, რომ იცოდეთ როგორ ეჯავრებოდა ზღვის ვარსკვლავს მზის ამოსვლა. ამ ბრწყინვალე მოკაშკაშე ბურთს პირად მტრად თვლიდა. მზე, რომელიც არაფრად დაგიდევდათ პატარა ვასრკვლავის გრძნობებს, აფერმკრთავებდა და ნელ-ნელა აქრობდა ხოლმე ვარსკვლავებს ციდან. არ იფიქროთ, რომ ეს ერთადერთი მტერი ყავდა ჩვენს პაწია მიჯნურს. უნდა გენახათ, როგორ ბრაზდებოდა ხოლმე ღრუბლების დანახვაზე. ეს საძაგელი მოუსვენარი ქარი, ხადახან შავ-შავ ღრუბლებს მორეკავდა მწყემსივით და ცას გადააფარებდა. აბა, რაღა ფასი ჰქონდა ვასრკვლავის ცხოვრებას სატრფოს გარეშე. როცა მას ვეღარ ხედავდა, თითქოს არც კი არსებპბდა. ცხოვრობდა ცის ვასრკვლავის ტკივილით, სიხარულით და არაფერს ითხოვდა მისგან. ის იმითაც უსაზღვროდ იყო კმაყოფილი შორიდან რომ ხედავდა მას ბედნიერსა და მხიარულს. მაგრამ ერთ დღეს, უფრო სწორედ ერთ მშვენიერ ღამეს, არადა ღამე მართლაც მშვენიერი იყო, სამწუხაროდ დიდი უბედურება დაატყდა თავს ჩვენ პატარა ზღვის ვარსკვლავს. როცა ის ჩვეულებისამებრ ბედნიერებით აღსავსე შესცქეროდა მთვარით განათებულ ცაზე კეკლუცად თავმომწონე სატრფოს, რომელიც თავდავიწყებით იცვლიდა ფერებს, უფრო მომხიბლავად რომ ეციმციმა და ეკაშკაშა, უეცრად ცას მოწყდა. ზღვის ვარსკვლავმა თავიდან ვერც კი გაიგო, თუ რა ხდებოდა. ისიც გაიფიქრა წუთით, იქნებ მიმიხვდა გულის ნადებს, გრძნობამ ყველა წინააგმდეგობა გადალახა, სასწაული მოახდინა და ჩემსკენ მოფრინავსო. მაგრამ ცის ვარსკვლავმა სიჩქარეს და სადღაც ზღვის მიღმა, ცის ლურჯ უფსკრულში გაუჩინარდა. თავზარდაცემულმა ზღვის მშვენებამ მერეღა გააცნობიერა, რომ მისთვის ყველაფერი დამთავრდა, რომ მისი სატრფო სადღაც უსასრულობაში გაუჩინარდა. მანამდე არც კი იცოდა, რა იყო სიკვდილი. თუმცა მის გარშემო თითქმის ყოველდღე კვდებოდნენ თევზები, ის ამით მაინც არ ღონდებოდა, ვერც კი ამჩნევდა ამას. მხოლოდ ახლაღა მიხვდა, რა მტკივნეული ყოფილა არყოფნა, როცა როცა აღარ გყავს ის, ვინც გიყვარს. -ღმერთო, მე ხომ არაფერს ვითხოვდი მისგან, - აღმოხდა განწირული ქვითინი პატარა ზღვის ვარსკვლავს, - მხოლოდ ეცოცხლა, მე ხომ ესეც მყოფნიდა! ესა თქვა და ცრემლებად დაიღვარა. წამოვიდა და წამოვიდა მლაშე ცრემლები თვალებიდან. აი, რატომ არის ზღვის წყალი მლაშე. პატარა ვარსკვლავი ხომ უხსოვარი დროიდან ტირის და გლოვობს თავის სატრფოს. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ვინმეს აწუხებდეს თავისი მწუხარებით. ერთი ეგ არის, რომ თავისი ცრემლებით ზღვის წყალი გაამლაშა პატარა ჭირისუფალმა, ზღვის ფსკერზე რომ მიმალულა და კიდევ უფრო დამშვენებულა განუკურნები სევდით შემოსილი. | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ნინო თორაძე  | |
| |
|  | | | ნინო თორაძე | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|