მურმან ლებანიძე
მკვდრებიარდავიწყების მწვანე კონცხთან ამოდის გემი
ზღვის უფსკრულიდან; მისცემიან გემბანზე ფიქრებს.
მიცვალებულებს ალამაზებს ოცნება ჩემი -
ბევრი მათგანი ქუდს მიხდის და ცხვირსახოცს მიქნევს.
აკაკი მოკვდა, მოკვდა ვაჟაც, ილია მოჰკლეს,
გალაკტიონმა, ვიცით, თვითონ გაშალა ფრთები.
ფასშეუვალი და მწუხარე ხომალდი მოჰქრის,
მოჰქრის ხომალდი, დახუნძლული ძვირფასი მკვდრებით.
ხოლო ცოცხლები ჩემს ნაპირზე, ჩემ გვერდით დგანან;
მგონია, ვდგავარ ერთდროულად ძმებთან და მტრებთან;
ხელს ვართმევ ცოცხლებს, მაგრამ მკვდრები სხვა ნისლში დგანან
და კარგად ვიცი, რომ საერთო მეტი მაქვს მკვდრებთან.
- წინ! ასწი თასი! მოაშურე ჩვენს მსუბუქ ხომალდს!-
ვიღაც დიდი და იდუმალი, გაფრენას მირჩევს...
და გალურსული ჩემი სული სიფრთხილით ზომავს
გასაფრენ მანძილს და საფრენად უძნელეს სივრცეს.
ხომ არ დაბერდა. ხომ არ გაცვდა ჭურჭელი ხორცის,
რომ, რაც დრო გადის, უხორცობის წყურვილით ვთვრები,
რომ მპირდებიან სამუდამო ტაძარში ქორწილს
და მეძახიან, მეძახიან მე ჩემი მკვდრები?!
რა არის წლები, ეპოქები რა არის ხშირად, -
მოწამებრივი, ხორციელი ცხოვრების შემდეგ
უსაზღვროების თუ იქცევი წილად და შვილად
და წარიშლება შენთვის ზღვარი და სიტყვა „შესდექ!“
ჩუ, ეს ვინ გალობს? მწვანე კონცხთან ფრიალებს აფრა -
კრთის და ფრთხიალებს უთეთრესი ყვავილი ხსოვნის.
იქ არა ერთის შარავანდი ფრიალებს ლამპრად,
იქ რუსთველია წინმდგომად და მეუფედ ყოვლის.
იქ, წინაპრებთან, ჩემი დროის შვილებიც ჩანან.
მკერდბუმბერაზი ეს ვინ დადგა მამების გვერდით?
ოჰ, რა ღირსებით, რა ლომური ჭაღარით დგანან
და რა ურყევი ერთი მრწამსით და ერთი ხვედრით!
აკაკი მოკვდა, მოკვდა ვაჟაც, ილია მოჰკლეს,
გალაკტიონმა, ვიცით, თვითონ გაშალა ფრთები.
ფასშეუვალი და მწუხარე ხომალდი მოჰქრის,
მოჰქრის ხომალდი, დახუნძლული ძვირფასი მკვდრებით.
- მაშ, ასწი თასი! მოაშურე ჩვენს მსუბუქ ხომალდს!-
ვიღაც დიდი და იდუმალი გაფრენას მირჩევს...
და გალურსული ჩემი სული სიფრთხილით ზომავს
გასაფრენ მანძილს და საფრენად უძნელეს სივრცეს.
