Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: მურმან ლებანიძე Sat Nov 24, 2012 11:10 pm
Murman Lebanidze
მურმან ლებანიძე
მურმან სილოვანის ძე ლებანიძე (დ. 14 ნოემბერი, 1922, აღსთაფა, აზერბაიჯანი - გ. 17 აგვისტო, 2002, თბილისი, საქართველო), ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი. რუსთაველის პრემიის ლაურეატი (1973).
ბიოგრაფია
მურმან ლებანიძე დაიბადა 1922 წლის 14 ნოემბერს, დაბა აღსთაფაში. 1940 წელს, საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1948 წელს. მეორე მსოფლიო ომმა სწავლა გააწყვეტინა და 19 წლისამ ჯერ კავკასიის უღელტეხილზე წარმოებულ ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ – ყუბანში. 1943 წელს მძიმე ჭრილობის გამო დაბრუნდა თბილისში. 1948 წელს მურმან ლებანიძე დაოჯახდა, მისი მეუღლე გახდა ელენე ჭავჭავაძე.
მოღვაწეობა
1946 წლიდან მუშაობდა საყმაწვილო-სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. საქართველოს ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის მთავარ რედაქტორად. 1978 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანია, თავმჯდომარედ. შოთა რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი იყო. ლირიკული ლექსების პირველი კრებული 1950 წელს გამოაქვეყნა. ლებანიძეს ეკუთვნის ლექსებისა და პოემების კრებულები „რჩეული“ (1972), „ანისის აღება“ (1972), „უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი“ (1974), „რჩეული ლირიკა“ (1977), „რჩეული“ (1979): საბავშვო წიგნები „ბიჭები“ (1963), „ოთხი დრო“ (1964) და სხვა. ლებანიძის შემოქმედებითი ინტერესების სფერო მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. ამან განაპირობა სინამდვილის სხვადასხვა ასპექტის და ნაირგვარი პოეტური თემის ასახვა მის პოეზიაში. ლებანიძის შემოქმედების წყარო სათავეს იღებს ქართული კლასიკური ლექსიდან და ხალხური ხელოვნებიდან. მისი ერთობ ორიგინალური ძიებანიც მუდამ ემყარება წინაპარ თანამოკალმეთა ტრადიციებს. პოეტმა შეძლო ახლებურად აეჟღერებინა ქართული სიტყვა და ახლებურად განეჭვრიტა თანამედროვე ადამიანის სულიერი სამყარო, ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი. ლებანიძე თამამად ეხმაურებოდა პირადული თუ საზოგადოებრივი ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებს. მისი პოეტური თვალთახედვა უპირატესად კონკრეტულ, უშუალოდ აღსაქმელ მოვლენებზეა მიმართული. ამასთან, მის მიერ ასახული უაღრესად ინტიმური მოვლენებიც მხატვრული განზოგადების ხარისხშია ატანილი. გრძნობა თუ ფიქრი გამოხატულია ნატიფად და უშუალოდ, თავისუფალია ყოველგვარი სენტიმენტალურობისა და პათეტიკურობისაგან. ვერსიფიკაციის სფეროში მან კიდევ უფრო განავითარა პაროდიული სტილი და სასაუბრო მეტყველება. მის ლექსს ახასიათებს პოეტური ფრაზის მოქნილობა, სიტყვის ეფექტურობა და რითმის დინამიკურობა. პოეტი მუდამ საზოგადოებრივი ცხოვრების შუაგულში ტრიალებს. მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პატრიოტიზმის, სიცოცხლის, სიკეთისა და სილამაზის, დიდი სამამულო ომის, სიყვარულისა და მეგობრობის თემები.
თარგმნები
მურმან ლებანიძე ნაყოფიერად მუშაობდა მთარგმნელობით სფეროშიც. მან თარგმნა იაპონური, კლასიკური და ძველი ეგვიპტური პოეზიის ძველი ნიმუშები, რედიარდ კიპლინგის , რობერტ ბერნსის ლექსები, შექმნა რუსული კლასიკური პოეზისიის მიკროანთოლოგია (კრებული „უკვდავი ყვავილები“, 1971). მურმან ლებანიძის ლექსები თარგმნილია რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, უკრაინულ, ფრანგულ, გერმანულ და ჩეხურ ენებზე.
მინიჭებული პრემიები და ჯილდოები
დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებით. 1972 წელს მურმან ლებანიძეს მიენიჭა შოთა რუსთაველისა და გალაკტიონის პრემიები. დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით. 1995 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ. მურმან ლებანიძე დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
მურმან ლებანიძე
თამუნია ქავთარაძეს
პირმოღუშული სახითა აქ მრავალს ჩაუვლია ... შენ ამ ქალაქში რა გინდა, პატარა თამუნია?!
ქალაქი - დიდი იმედის! ქალაქი - ტყუპი მექის! დადიან ბრძნული ხველებით ვეტერანები ჭლექის ...
მთაში ირემი აყვირდა ტირილი გაურია ... შენ ამ ქალაქში რა გინდა, პატარა თამუნია?!
სად უცხო ჭალაკი არი და სად ვიწროში ბღავის არაგვი - არაგვიანი, იქ უნდა კრეფდე ყვავილს!...
პირმოღუშული სახითა აქ მრავალს ჩაუვლია ... შენ ამ ქალაქში რა გინდა, პატარა თამუნია?!
ანანურზეით სოფელი ... წელში გაჩრილი წალდით ტყეს წავა მამა მშობელი - მუშტისტოლაა დარდით ...
მთაში ირემი აყვირდა ტირილი გაურია ... შენ ამ ქალაქში რა გინდა, პატარა თამუნია?!
ლა-ალე! ლა-ა-ლე! დღეს თუ არა, ხვალე - შენთან, შენთან, გალაკტიონ! შენთან მოვა მალე!
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მურმან ლებანიძე Sat Nov 24, 2012 11:23 pm
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მურმან ლებანიძე Sat Nov 24, 2012 11:25 pm
მურმან ლებანიძე
რუდაქი იტყვის
პოეტზე იტყვის;- ჯამი იტყვის, ფეჰლევი იტყვის, რუდაქი იტყვის, სიტყვასიტყვით ამასვე თითქმის; შორიდან სალმით შენს ხელმწიფეს დასდევი ფასი - კაცია ისიც - მაგრამ მაინც ქვეითად გასწი. არ შეგეშალოს, არ გაბრიყვდე, არ იყო ბავშვი, - არამც და არამც არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში!
ვთქვათ, გაწყრა ღმერთი, ქარაშოტმა დაბერა ავმა. მიემსხვრა მეჩეჩს, ანუ ზღვაში დაყვინთა ნავმა, იტყვიან ერთნი: „აეკიდა ხელმწიფეს გზაში, ვერ უვაზირა - ვაზირობა იცოდა ნავსი!“ იტყვიან სხვანი: „უყვარდაო ლიქნი და ტაში!“ შენ დაგბრალდება - ჩავარდები დუნიის ყბაში... არ შეგეშალოს, არ გაბრიყვდე, არ იყო ბავშვი - არამც და არამც არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში!
ხოლო თუ დაცხრა, ვინც დღეებში ქარიშხლებს ურევს, ნავმა მშვიდობით მიაღწია დიდების ყურეს, დიდებას დიადს, არ გაბრიყვდე, ხელმწიფე ჰპოვებს, ხელმწიფის ჩრდილში მოგიხდება დადგომა პოეტს... კვარცხლბეკზე მდგარიც და ქარიშხლით წყალწაღებულიც - ასეც და ისეც ხალხის თვალში ხარ წაგებული!
მაშ გასწი ფეხით! პურს გიწვდიან ჩანგში და თარში! სვი ხალხის ღვინო - ხალხის შვილი ხალხადვე დარჩი!.. არ შეგეშალოს, არ გაბრიყვდე, არ იყო ბავშვი - არამც და არამც არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში!
Last edited by Admin on Wed Jul 31, 2019 9:31 am; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მურმან ლებანიძე Sat Nov 24, 2012 11:26 pm
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მურმან ლებანიძე Sat Nov 24, 2012 11:27 pm
მურმან ლებანიძე
***
უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი არა დაღვრილის - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა, არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია!
მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი, თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია, არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია!
მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი და კითხვა: ,,ვინ ვის?'' ბებერ გულში ლახვრად მაჩნია, არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი, არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია!
1971
Last edited by Admin on Sat Nov 24, 2012 11:45 pm; edited 2 times in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მურმან ლებანიძე Sat Nov 24, 2012 11:29 pm
მურმან ლებანიძე
*** მამა ღამე დამიტოვა, დედამ კაბა შავი მთხოვა, ერთი სასაფლაო მქონდა, ისიც თოვლმა დამითოვა, შენ რომ წიგნი დამიტოვე, სხვამ რომელმა დამიტოვა. ბევრი დღე და ბევრი ღამე კიდევ ბევრი შხამით მოვა. ის რომ არ ჩანს, ვისაც ველი, მოწყენილიც ამიტომ ვარ.
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მურმან ლებანიძე Sat Nov 24, 2012 11:32 pm
მურმან ლებანიძე
ციცო
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო, მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო, ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _ შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!
მე იმ ასაკში არ ვარ ახლა და არც იმ ჭკუაზე _ ცოლ-შვილს გავეყარო! მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და პატარა ციცოვ, უნდა დამეხმარო!
ხოლო ციცუნია ტოლებში დაქრის და შენი მახრა ფეხზე ჰკიდია, თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!
ისე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი, ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია. როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში _ ციცო ისეთია!
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო, მწყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო, ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _ შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მურმან ლებანიძე Sat Nov 24, 2012 11:36 pm
მურმან ლებანიძე
*** ვოი! რა უფერულია სიკვდილი ლოგინში! ვოი! რა საშინელია სიკვდილი ლოგინში! ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ - ყინულის ლოგინში!
ვოი! კალა-უშგული შეკრებილა, ვოი! ყანას და სათიბს მომცდარა. მთელი სვანეთი შეკრებილა, მთლად საქართველო შეკრებილა, შხარასთან ღრუბელივით მომდგარა… ვოი! შხარა სისხლით შეღებილა - კოხტა თიკანაძე მომკვდარა…
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში, ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს მშრალი ბურთები გასჩრიათ ყელში…
გურამ თიკანაძეს შხარა აუღია, - რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა: საკუთარ ხელით პალო დაუგია, საკუთარ პალოზე მომწყდარა… ცოცხლისგან საყვედური აუგია - თოკი – ერთადერთი ჩაუბია, თავი – სიმამაცით წაუგია, ვოი-ვო! სიმამაცით მომკვდარა!..
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში, ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს მშრალი ბურთები გასჩრიათ ყელში…
- „ხოჩა საკაცე გამითალეთ, დავაწყო ხორცი და ძვალი! სიკვდილი სიცოცხლედ ჩამითვალეთ აღმართში – კვნესით ამიტანეთ, ვაკეზე – მითხარით ზარი!..“
- „თეთნულდმა რა მოგცა?! უშბაზე რა გქონდა?! შხარაზე რა გინდოდა, გმირო?! ვო, გურამ, რამხელა ბეჭები დაგქონდა - რამ დაგაპატარავა, შვილო?!“
ასი ცხენოსნით უშგული გახლავს და ბეჭზე მიდევს შენი საკაცე… შენ დაგეუფლა ძილი და დაღლა, შენ დასახარჯი უკვე დახარჯე… შენ გაიელვე ღრუბლებზე მაღლა, შენ საქართველოს ღამე გახაზე… ასი ცხენოსნით უშგული გახლავს და მიტივტივებს შენი საკაცე…
ვოი! რა უფერულია სიკვდილი ლოგინში! ვოი! რა საშინელია სიკვდილი ლოგინში! ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ - ყინულის ლოგინში!
გურამ თიკანაძეს შხარა აუღია, რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა: თავი სიმამაცით წაუგია, ვოი-ვო, გურამი მომკვდარა… ცოცხლისგან საყვედური აუგია, ჩაუქი – მკვდარიც ჩაუქია! ვარსკვლავი ვარსკვლავებს მომწყდარა!
1964 წ.
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მურმან ლებანიძე Sat Nov 24, 2012 11:38 pm
მურმან ლებანიძე
ჭაბუა ამირეჯიბს
რომანზეც დამთენებია, ფანჯრებში რიბირაბაო: რა ზვრები, რა მტევნებია, ამირეჯიბო ჭაბუა! ლენცოფა აგიცელია მორჩი, კეთილი გვცენია, რა წიგნი დაგიწერია. რა სიკვდილები გიგრძვნია! გამხმარო, გაძვალებულო, მეკობრევ, ბერად შემდგარო, სიცოცხლეგამწარებულო. სიკვდილისაგან ვერმკვდარო! თეთრ ცხენზე ამხედრებულო მწუხარე სახის რაინდო, სოფლისგან გამეტებულო, შენთან ბევრი მაქვს საერთო. მიყვარხარ – ცერად გავლილი, მიყვარხარ – ვეფხვად მხტომარე, მიყვარხარ – ეხლა დაღლილი, სენაკში – სანთლით მჯდომარე! ლენცოფა აგიცელია, მორჩი, კეთილი გიცვნია, რა წიგნი დაგიწერია, რა სიკვდილები გიგრძნია! ბრძოლები განგიჭვრეტია, ბრძენის, ასკეტის ღირსებით, ცხოვრება დაგვიჩხვრეტია, კითხვა – ძახილის ნიშნებით! სიცოცხლის საზღვრად გდებულო სიკვდილით ბევრჯერ შემკრთალო, სიკვდილად გამზადებულო, ვერა და ვერა, ვერ მკვდარო! წიგნს სისხლით ნაწერს ვკითხულობ (მეც სისხლის ნთხევით ვმღეროდი!) შენთან ერთობით ვდიდგულობ, - “ვამაყობ საქართველოთი”.
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მურმან ლებანიძე Sat Nov 24, 2012 11:40 pm
მურმან ლებანიძე
მელეშუმს დათვები მოუკლავთ ვაჟკაცებს
ერთ-ერთი ნადირობის დროს რეზომ ტყეში დაჭრილი დათვის ბელი იყიდა მონადირეებისაგან. წაიყვანა შინ. გადაწყვიტა გამოეჯანმრთელებინა და ისევ დაებრუნება ტყეში. დაჭრილი ბელი დააბა ეზოს ,,საკუჭნაოში” ერთ ღამეს ბელს აუხდია სახურავი, გადმომხტარა და დილით იპოვეს თავისივე თოკზე დაკიდებული. რეზომ საშინლად განიცადა ეს ამბავი. გააკეთებინა ფიტული და თავის სამუშაო ოთახში დადგა. სწორედ ამ შემთხვევის გამო მივუძღვენი მას ლექსი: ,,მელეშუმს დათვები მოუკლავთ ვაჟკაცებს”.
მელეშუმს დათვები მოუკლავთ ვაჟკაცებს: ტუხია დაუშვილს და რეზო გაგნიძეს, სათავე ურემზე გულაღმა დაშხლართეს და გამთენიისას დაიძრნენ სახლისკენ მელეშუმს ტყე კუპრივით შავია უღრანი და ტყეში ღნავიან … ობოლი ბელები, არტელში კი უთქვამთ:- ჩვენია მუხნარი, ჩვენია ბელებიც და ლურჯი სერებიც! გზად გამოეფინა დიდი და პატარა და მონადირეთა ტოლებსაც გასძახეს. შეჰღიმა არტელის ბერმა თავმჯდომარემ ურემზე გაშვართულ ბანჯგვლიან ბარძაყებს. დათვების სიცოცხლეს დაესვა წერტილი- აჰქნეს და შუა-შქმერს უბაზროდ გაჰყიდეს; ტყავი კი გახადეს და ქრისტე ღმერთივით არტელის კანტორის კედელზე გაჰკიდეს… კმარა, რა არტელს სიმინდი დახლიწეს! კმარა, რაც ირემა მოზვრები დაგლიჯეს! აწ სოფლის თავკაცთა ბჭობას და ყრილობას, სიმღერას, გულისთქმას, საქმეს და პირობას, უსმენდნენ-შუაზე გაჩეხილ თავებით- კედელზე მორჩილად გართხმული ტყავები.
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მურმან ლებანიძე Sat Nov 24, 2012 11:41 pm
მურმან ლებანიძე
დავით კლდიაშვილი
გაშლის ქართველი მამა პაპათ ძვირფას სურათებს და საუკუნეს მეცხრამეტეს მიაყურადებს… “ბრძენი ილია, გმირი ვაჟა” ცეცხლი აკაკი” ვიცით ცხოვრების დიდებულის მათის ავ-კარგი;
ვიცით რას იქმდა უკვდავების ღირსი სამება, ბარათაშვილის, მარტოსულის, ვიცით წამება, კი, ყველა ვიცით არდათმობის, თმობის, მიყოლის, ორბელიანის გენერლობაც ვიცით გრიგოლის, მაგრამ ამ მკაცრმა, თვალჭროღამ და მიმინოს მსგავსმა, სერვანტესივით გამხდარმა და გამხმარმა კაცმა, ვინ, ვინ უმადლის, ანუ, ვკითხო, ვინ მეტყვის ახლა, სიცოცხლის რისკით სხვაზე მეტი კაცურად რაც ქნა? შეფს “ჩერნომორსკი ვესტნიკისას”, რედაქტორს შავბნელს, ჩვენს ქართველ ხალხზე დიდმყრობლურად აუგის მჯღაბნელს, ვინმე პალმს გვარად, მიაფერთხა ცხვირ-პირში ზიზღით ხელთათმანი და გასწორება მოსთხოვა სისხლით… მაგრამ ამ კაცმა, ვინც დაგვჯღაბნა ბარბაროს ხალხად: ნუ, იტყვით, თურმე, მიცვალებულს ჩვენ ცუდად ვმარხავთ, არა საჩქაროდ, წესისამებრ ძვირფასის მათის, არამედ ვუხდით პარაკლისებს, მივაგებთ პატივს, კი, კი, ამ ჩვარმა, რა მიადგნენ გმირი რაინდის სეკუნდატები კლდიაშვილის, დიდი დავითის შეშინდა, დაფრთხა, არ ინდომა შებრძოლებოდა და, რაკი წამხდარს კავკასს აღარ ედგომებოდა, მიხიკ-მოხიკა ხურდა-მურდა, დაზოგა ტყავი და, ლაფდასხმული, ოდესაში ამოყო თავი… ხოლო ვინ იყო კაცი იგი, ვისი დამარხვაც ღირსი პატივით არ მოსწონდა ჩვენს მტერს ხმამაღლა? გამოსათხოვრის ნაცვლად ერზე პასკვილს სტამბავდა, ვის აგინებდა აბდაუბდას თახსირს ლამბავდა? კაცს ფილოსოფოსს, კაცს ზეგარდმო ნიჭით ხვავრიელს, მას, მამას წმინდას, ეპისკოპოსს, მამაც გაბრიელს, ვისი სახელიც რუსეთს იქით, ბრიტანეთს ჟღერდა, დობროლუბოვი მორიდებით ვის წიგნზეც წერდა, ვის ნეშთს ილიამ თაყვანი კადრა და ვისაც სიტყვა ერის მამის დაადგა ნათლად… რა აწუხებდა, გულს რა ჩხვლეტდა რედაქტორს შავბნელს? რა არ მოსწონდა მეფის სატრაპს, დამსმენს და მჯღაბნელს? სიცოცხლე ერის, კი, დღესავით არის ნათელი და სხვა თუ მიხვდა, მიმხვდარია ამას ქართველი, გაშლის პოეტი მამა-პაპათ ძვირფასს სურათებს და ქარაშოტებს იმპერიულს მიაყურადებს. და არსს ბრძოლისას მშობელს თვისას ხალხს დაანახვებს და გამოარჩევს დიდთა შორის კაცს არანაკლებს; ”აგერა-კაცი,” იტყვის იგი და ხელს მიაშვერს სერვანტესს ჩვენსას, მამას ჩვენთვის, დავით კლდიაშვილს. და დასძენს წყნარად:”ლხინად უჩნდათ მსგავსნი თამაშნი უხორცოსაებრ იყვნენ როსმე კაცნი მამაცნი,” და რა ქნას ერმა, რა გააწყოს, არ ყავდეს ოდეს ქომაგი მსგავსი გაფოფრილი მიმინო კორდის?
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მურმან ლებანიძე Sat Nov 24, 2012 11:43 pm
მურმან ლებანიძე
*** როგორც მწვრთნელი შიშითა და ძრწოლით შორიახლო ლომს მიჰყვება ბებერს, რუსთაველზე მოჰყვებოდა ცოლი საქართველოს პოეტების მეფეს. სტუდენტებმა მოიხადეს ქუდი და ღიმილი მგოსანს მიაგებეს. ლუდხანაში ჩამოუსხეს ლუდი საქართველოს პოეტების მეფეს. ერთი ჭიქით, ერთი ჭიქით მთვრალი ჰყვება: “სისხლით ქრისტესავით მღებეს!” მთაწმინდისკენ გაუშტერდა თვალი საქართველოს პოეტების მეფეს. აწ პარნასი გულში იკრავს სევდით ბილიკების შეუშინარ მძებნელს - სძინავს ბაღში სწორუპოვართ გვერდით საქართველოს პოეტების მეფეს.
*** ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ (ის ,,მთვრალი“ იყო, როგორც ყოველთვის!): – ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ, დაგვისახელეთ მეორე პოეტი… უცებ, ჭინკებით გაევსო თვალი - თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი, – საქართველოში?!! – ჩაიქირქილა – და ლომურ წვერზე მოისვა ბრჭყალი
ლეგენდად დარჩეს!
გალაქტიონი ტიციანთან ყოფილა უბრად, ტიციანს თავის პოეტებში ჰქონია სუფრა, და იჯდა თურმე ჩვენი დენდი საერთო ჯამთან - უხორცო იყო, ცოტას სვამდა და ცოტას ჭამდა, გალაქტიონი შემოსულა დუქანში ამ დროს, მარტო დამჯდარა, მარტოსული, და უსვამს მარტოს; არ მიუხმია ის ტიციანს, არა და არა, და ასე უბრად, უხერხულად კარგა ხანს მსხდარან. უცებ… (მახლობლად პურს ნაჭამა რეგვნების ჯგუფი) გალაქტიონთან ერთ-ერთ რეგვენს მოსვლია ჩხუბი: პოეტი მეფე ვერც მიმხვდარა რატომ და რისთვის, - უკადრებია რეგვენს სიტყვა რეგვნული მისთვის… აჰფეთქებია აქ ტიციანს უეცრად დენთი, წამოვარდნილა ჩვენი ლორდი და ჩვენი დენდი, დაუდგამს ჭიქა, შეუხსნია კისერზე ბანტი და უხეთქია რეგვნულ შუბლში რეგვნისთვის კვარტი. და დარევიან პოეტები ერთპირად რეგვნებს და ჭახაჭუხი შესდგომიათ ბოთლებს და ნეკნებს; და როცა ჩვენი ლომკაცები ბრძოლით დამძღარან, დაუფრენიათ თხებივით და ომი დამცხრალა, - ტიტე, ძამიკო! – შეშლილივით აყვირებულა გალაქტიონი და ორთავე ატირებულა ორპირის ფშანზე გაზრდილ ბიჭებს უეცრად გული ამოსჯდომიათ, ხვევნა-კოცნა შექმნილა ძმური; გადმოსცვენია შვების ცრემლი ტიციანს მისით, რაც ექნებოდათ სამდურავი იციან, ვიცით! დიდი ბავშვები! ამდგარან და და დამსხდარან ერთად და პოეზია უთქვამთ პირველ საერთო ღმერთად. პაოლოს გარდა ამ საქმეში ყოფილა გოგლა, ყოფილა სმა და გადარევა ყოფილა ოხრად. ეს ყველაფერი მე მიამბო “არაგვში” გალამ და, თუ ვუმატებ, ანუ ვაკლებ, ან რამეს ვმალავ, არამი იყოს ის წარწერა: “სულით და გულით!” იქ, იმ სარდაფში მიღებული ღვინო და პური! გული გულს იცნობს, ღონე ღონეს, მარჯვენი მარჯვენს… ლეგენდად დარჩეს, მეგობრებო, ლეგენდად დარჩეს!
1968
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მურმან ლებანიძე Sat Nov 24, 2012 11:48 pm
მურმან ლებანიძე
ფშაური
მთის ჩიტი მთას შააკვდაო, _ თოვლი თოვს, არ ჩანს საფრენი... მთას ჰკითხეს: "რა შაგაკლდაო?" მთამ: "დიდი არცარაფერი!" "ვა, ბეჩა, მაგას სტყუვდები! არ გაცოცხლდების ბედკრული, მაგრამ შენც გამაჰყრუვდები, გამაგელევის ერთგული!".
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მურმან ლებანიძე Sat Nov 24, 2012 11:50 pm
მურმან ლებანიძე
...ლექსის მწერალი ხშირდება
"ლექსის მწერალი ხშირდება, სამწუხაროა რაიც! რამდენი რამე სჭირდება პოეტს, ჩვენს დროში მაინც!" - ეს კონსტანტინემ, იძრო რა შაბათს, მწერლების ბაღში, მგოსნებისაკენ ისროლა განხეთქილების ვაშლი. დიდოსტატები სწყალობდნენ ბაღს, და აქ ისხდნენ ხშირად, სუროში შაშვი გალობდა, რაღა თქმა უნდა, ფრთხილად. სთქვა ბესო ჟღენტმაც: "მრავლდება დღეს ლექსის მოწადინე, ცამდის მართალი ბრძანდება ბატონი კონსტანტინე". ცოდვილი ვაშლი გაგორდა და, უკვე წასწვდნენ რადგან, მათ დემნა მიუახლოვდა, ასე, ორ მეტრში დადგა. ირაკლიმ ხელი ჩაჰკიდა ბაღის ბოლოში სიმონს, გოგლა ხიდს მოდგა გაღმიდან, შემოუერთდა იმ ორს. მესმე რანგიც მოხროვდა, მეორე რანგის გარდა, და დიალოგზე მოგროვდა გამსახურდიას სკამთან. "ლექსის მწერალი ხშირდება, ლექსი კი არ ჩანს მაინც! რამდენი რამე სჭირდება ნამდვილ პოეტს და რაინდს!" - საკითხი განსახილველად და ვაშლი ცხვირწინ ედოთ, და სთქვა ირაკლიმ პირველმა, ეს გახლდათ მისი კრედო: "პოეტი წლობით ღვინდება, მართლა პოეტი თუა! პოეტს იღბალი სჭირდება და, რა თქმა უნდა, ჭკუა! სიმხნე და გამჭრიახობა, ფხიზლად განჭვრეტა დროთა! სიბრძნე და პატრიარქობა - ამას გვასწავლის შოთაც!" - არ დაეთანხმა ირაკლის და იუარა გოგლამ: "სად სიყრმე ყირაყირა ჰქრის, იქ სიბრძნემ ლექსი მოკლა! პოეტს ჯერ სიმხნე სჭირდება, მყვირალობა და ბუკი! ლექსს ვინ მისცაო დიდება გარეშე სიჭაბუკის!" სიმონმა გოგლას ღიმილი ჰკადრა და მოჰყვა სწრაფად: "პოეტს სჭირდება ტკივილი, პოეტს სჭირდება ჯაფა, სჭირდება ვრცელი გზაშარა, ბევრი წვა, ბევრი ფიქრი, ინტელექტი და განსწავლა, მწიგნობრობა და წიგნი!" სუროში შაშვმა დასტვინა, მზე შუბისტარზე იდგა, ვრცლად აღარავინ არ ცდილა, მოკლედ მრავალი ითქვა. თან კვერს უკრავდნენ ირაკლის, თან თაკილობდნენ თმობას - მუხრანმა: "გრძნობა სიახლის!" გრიგოლმა: "ფორმის გრძნობა!" ალიომ: "მხოლოდ იდეა!" (კოლაუ იდგა განზე...) კარლომ თქვა: "საქმე ჰკიდია წერასთან ერთად ფხაზე!" სთქვა მარგიანმა: "მარილი მთავარიაო სვანში!" სთქვა ნონეშვილმა: "ყვარელი და სტუდენტობის ტაში!" თავისთვის იჯდა ჩრდილში, არას იტყოდა ანა... - ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! - გალაკტიონმა ბრძანა...
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მურმან ლებანიძე Sat Nov 24, 2012 11:52 pm
მურმან ლებანიძე
*** მელიქიშვილის გამზირი, ია, ვარდი და ბზა... უშენოდ ვეღარ გავძელი, ჩემი ბალღობის გზავ.
გზად სტუდენტობა იჩქარის, მძებნელი მზის და გზის. სად არის ახლა ის ქალი?! ალბათ, აკვანთან ზის.
იქნებ რუსთავი არჩია, იქნებ სამგორშიც ქრის, იქნება ისევ ბავშვია, თვალებიც შერჩა შვლის.
და ელანდება დამწველი კვლავ სტუდენტობის გზა _ მელიქიშვილის გამზირი, ია, ვარდი და ბზა...
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მურმან ლებანიძე Sat Nov 24, 2012 11:54 pm
მურმან ლებანიძე
მახსოვს!
სოსო იორამაშვილის ხსოვნას
ეს ერთი სიტყვა უნდა ავიხირო _ მახსოვს! შენი დათვისისხლა შავი ღვინო _ მახსოვს! შენგან მოძღვნილი არყის ბოცო _ მახსოვს! შენგან მოწვდილი ტახის ხორცი _ მახსოვს! იორ-მუღანლოში სადილობა _ მახსოვს! შენ რომ შემაყვარე ნადირობა _ მახსოვს! შენ რომ ლელიანის კატა მაპოვნინე _ მახსოვს! შენ არ ესროლე და მე რომ მასროლინე _ მახსოვს! მე რომ პირველი ხოხბით გავიხარე _ მახსოვს! შენ რომ დაიხარე და აიყვანე _ მახსოვს! ივრის ჭალები აქოჩრილი _ მახსოვს! ეგ მხრები ბრეზენტით გაკოჭილი _ მახსოვს! მზისგან დამწვარი გორმახები _ მახსოვს! შენი თათარი ყონაღები _ მახსოვს! ბოლო ხანებში გვეღლებოდი _ მახსოვს! მახსოვს, ხელიდან გვეცლებოდი _ მახსოვს! "მეც ვბერდები და ძაღლიც ბერდებაო", _ მახსოვს! "ჰაუ, რანაირად თენდებაო!" _ მახსოვს! ლექსებს მიკითხავდი კოცონთან _ მახსოვს! ეს ოთხი სტრიქონი მოგწონდა _ მახსოვს!
"გახედე: კახეთი! დამსკდარა ატამი, რა მალე მოვიდა აგვისტოს პირველი. გარეულ ჭალებში ტრიალებს ქათამი, ჭაობში იხვია მოწყენით მზირველი..."
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მურმან ლებანიძე Sat Nov 24, 2012 11:56 pm
მურმან ლებანიძე
*** ვერაფერი გამიგია, ცხოვრებაში რა ხდება; ყველაფერი წამიგია _ მეგობრები მაკლდება.
ბრაუნინგით არ მომკვდარან, ვინც დღეს ჩემთვის მკვდარია, არც ფანჯრიდან გადმომხტარან _ მშვენიერად არიან.
უფრო ხშირად ახლა შინ ვარ, წვიმას ვნატრობ შხაპუნას: შევსვათ! ყველა თავის წვრილმან საზრუნავში ჩაფლულა!
ყველა თავის ნავში სხდება, ყველამ სადღაც გაცურა, ყველა კვდება, გული მწყდება _ წასულან და წასულან!
და დღეები გადის ზანტად, ღამეები გროვდება, ვიღაც უსაშველო ლანდად მწუხრში მიახლოვდება...
მინდა მთაზე ავირბინო, ზღვის მიქცევა ვიხილო, თავში ხელი წავიშინო _ რაც მომხვდება, ვიყვირო...
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მურმან ლებანიძე Sun Nov 25, 2012 12:01 am
მურმან ლებანიძე
*** ბოღჩებით და ყავარჯნებით გრძელი სოფლის კართან ვდგავართ; მოკლე სოფელს არ დავრჩებით, ყველა გრძელ სოფელში წავალთ!
კეისარიც, სპასალარიც, თვითონ რომის პაპიც თავად (სხვა სოფელი არსად არი!) _ ყველა გრძელ სოფელში წავალთ!
ამ ტალახებს გავშორდებით, ამ ორღობეს ლაფში ვყავართ... მადლობა ღმერთს, გავსწორდებით, ყველა _ გრძელ სოფელში წავალთ!..
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მურმან ლებანიძე Sun Nov 25, 2012 12:03 am
მურმან ლებანიძე
*** მეტეხის კლდეში სწერია ოთხი სტრიქონი ბრწყინვალე: _ რა უფრო მშვენიერია: დიაცი _ უბემჩინარე, თმადათოვლილი მოხუცი, ჩვილი _ აკვნიდან მცინარე, ვაჟკაცი _ ომში გასული, მამულისათვის მძვინვარე, თუ უკვე შუბლგაჩეხილი _ გაუღვიძებლად მძინარე?!.
მურმან ლებანიძის ძეგლი ონში
:::
Last edited by Admin on Wed Jul 15, 2020 10:43 am; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მურმან ლებანიძე Sun Nov 25, 2012 12:06 am
მურმან ლებანიძე
ოთარ ჭელიძეს
გაზაფხულზე ყაყაჩო _ ყვავილია, თიბათვეში, გასთიბავენ და _ თივა. ყვავილობა, იცოდე, ჩავლილია _ ოთარ, გული მტკივა. გული მტკივა, მომაშველე რამე, შემახსენე საზიარო სიყრმე, მომატყუე, რომ შორსაა ღამე, ხალისიან საღებავებს მიხმე. შენც გჭირდება, ძმაო, ჩემი ხელი, მეც მჭირდება, მომიფინო წყლული. ისევ შენ და ისევ შენი ცხელი, მტკივანი და უღალატო გული! მე ვიგონებ ფიროსმანის ქუჩას, პირველ ლექსს და ცაში პირველ ფრენას მზეგარეულ დღეებს ერთიმუჭას და ცალთვალა შენს პაწია სენაკს. გავლილია წუთისოფლის ბინდი, ავლილია მოქანავე კიბე _
გიხაროდეს, ოქროს ზვირთში ცხონდი, აღმართ-აღმართ მწიფე ლექსი ჰკრიფე! დაღმართ-დაღმართ ვეშურებით ახლა, ძირს მოვყვებით მზის ჩასვლისას ქუჩებს, და ერთ-ერთი, ვიცი, ასწევს მაღლა ყვავილებით დამძიმებულ ჭურჭელს. ჯერ კი მაინც მზე დაგვღუის ციდან, დაბადებით პირდაპირს და ჯიუტს თავდაღმართშიც გაგაგონო მინდა:
“ტია-ტია, ტიუ-ტიუ-ტიუ”. დაგეკარგო უნდა ორი კვირით, მოგიტანო მოძებნილი ხმები, მომაგებო საკოცნელი პირი, მოგიშვირო ჭლექიანი ყბები... შეცდომაზე გვისწავლია, ოთარ, უშეცდომოდ არ გვივლია გზები, კი გვწყენია ერთმანეთის ცოტა _ გავწმენდილვართ ძმები...
გაზაფხულზე ყაყაჩო _ ყვავილია, თიბათვეში, გასთიბავენ _ თივა. ყვავილობა, იცოდე, ჩავლილია _ ოთარ, გული მტკივა...
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მურმან ლებანიძე Sun Nov 25, 2012 12:08 am
მურმან ლებანიძე
ცხენები
იანვარია_მე ვწევარ თხრილში_ რიცხვი პირველი ორმოცდასამის... თუ გამახსენდა დაწერის ღირსი, მეც მოვიგონებ ომისას რამეს. ეს დივიზია ჩემი ბედია, გადამტანია ბრძოლების დიდის, სამას ოთხმოცდამეთოთხმეტეა, მარუხის მხრიდან კრასნოდარს მიდის. ვწევარ თხრილში და ვისვენებ ცოტას, წვიმანარევი თოვლი მასველებს? ათ წუთს ისვენებს სამივე როტა_ ოცს და ოცდაათს ვინ დაგასვენებს! მაგრამ თითებს თუმც ბეჭში მკიდებს, კიდეც მკიდია ბეჭებზე ტვირთი და ეშმაკურად ბექობზე მიდევს. სდუმს ურაგანი კავკასის კარში, მარუხ-ნახართან აღარ ჰყეფს რიხით; როგორც ცხვრის ფარას, მილალავს მარსი სახორცეს თვისას ახლა მთებს იქით, ეს დივიზია ჩემი ბედია, გადამტანია ბრძოლების დიდის, სამას ოთხმოცდამეთოთხმეტეა, მარუხის მხრიდან კრასნოდარს მიდის; პოლკი _ ალპური, ქლუროხ-მარუხის რვაასმეათე პოლკი ცნობილი _ ამ ჯართის გრგვინვის, ამ რაკა-რუკის და ამ მარშების ქარში წრთობილი. ატენილია სამხრეთის ტრაქტი ასი ათასი ქვემეხის ლულით, ათასი ბოღმით, ათასი წყლულით, ათასნაირი ჯარების ზვირთით, რისხვით, წარბშეკვრით და გულგრილობით, ამ პირტიტველა ბიჭებით, ჭყინტით, ილაჯგაწყვეტით და უძილობით. ვარ დატვირთული დროგის ცხენივით, ტვირთში შებბმული წეკოს ვაბოლებ, ათი წუთი მაქვს მე დასვენებიოს, ლაშქრის დინებას (თოვს!) თვალს ვაყოლებ. და, უცბად, როგორც ვერცხლის გალია, უცხო გალია, უცხო ფრთოსნებით, “სტუდაბეკერი” ჩემს წინ მდგარია, კრიჭაშეკრული ვარ საოცრებით: არა ჭენებით გალაფულები _ ნაპატიები და ნასვენები ძარაზე დგანან არაბულები, მართლა ფრთიანი დგანან ცხენები _ მოჩითულები ლურჯი ხალებით, ლურჯი ფორეჯის იაგუნდებით, დაგეზებული ურჩი თვალებით როგორც პინგ-პონგის ხტიან ბურთები... ხართ ისეთები, ხელში ყვავილით რომ გადმოდგება ქალი აივნით _ ოჰ, ბედნიერო სარდლის ცხენებო, ათას კილომეტრს თქვენ არ გაივლით! სიკვდილს მეც შევძლებ _ ეს ტრაქტი მიმძიმს, კი, მე თუ მივალ, თქვენც მიხვალთ ომში, მაგრამ თქვენ სხვა ხართ, _ პატივით, ციმციმ, ტრანსპორტით შეხვალთ ხვალ სისხლის ტბორში! და _ ღმერთო ჩემო _ გიჟივით ვნატრობ, _ შენ არ გამიგო, ეს სიტყვა წყენად, მე ვარ ჯაგლაგი, ორი დღით მარტო, გთხოვ, გამაცხენო გენერლის ცხენად!.. თოვს. ცნებაო საწყალი კაცის, ხარ უმწარესი და უტკბილესი. ანაზდად მესმის ღრჭიალი საჭის _ თოვლში გენერლის დგება “ვილისი”. ადიუტანტი უმალ ჩამოხტა _ ძარაზე შემდგარს გარს უვლის ცხენებს _ რად შევჩერითო, ჰკითხავს, რა მოხდა?! გზა მოგვეცითო, მიმართავს ჩვენებს. ეგ არაფერი! თრაქტზე პიკია _ გზა ჩაუხერგავს ტანკების ჯახანს. მაგრამ წუთიც და, ისევ მიჰქრიან, ისევ მიჰყვება აღალი აღალს. “სტუდაბეკერიც” აიძრა ნელა, ციმციმ ცად მიდის ჩემი გალია; მე ვწევარ თხრილში, ამფხიკავ ძნელად _ ცალკე ხორცი ძევს, ცალკე ძვალია... არც მე ვარ მდიდარი მე ძვლით და ხორცით, სულიღა ბჟუტავს და ვიკრებ ძალებს; უეცრად მესმის; _ თამბაქოს მორჩით! _ჩადექით მწყობრში!_კომბატი ბრძანებს. _ მარშ _გატენილა სამხრეთის ტრაქტი ასი ათასი ქვემეხის ლულით, ათასი რკინით, ათასი წყლულით, ათასნაირი ჯარების ზვირთით, წყვდიადის სიღრმით და უძილობით... და ამოდენა კოშმარის თავზე, რომელიც წუხს და დუღს გახელებით, ვერცხლის გალია ჰკიდია ცაზე და ცად მიგვიძღვის ლურჯა ცხენებით. _მარშ! _ წარბშეკრული კომბატი ყვირის, _ მეათე დღეა, მარშით გვატარებს. ულებზე ელავს ცივი მზის დილის, გააქვთ ჩხრიალი ქვაბებს, მათარებს. _ წინ, ჩემო მურმან! მოეშვი ფიქრებს, რომელსაც შავი გრიგალი გიქრობს; სამშობლო შენი ძალ-ღონეს იკრებს _ ხომ გითხრეს, შენზე სამშობლო ფიქრობს! შენ გაგინათებს ომი გონებას, მე შენ ჯერ არ გთვლი წყალწაღებულად, წინ, ჩემო მურმან, იწყებ ცხოვრებას ბაჩა-ცხენივით თავჩაღებულად. სდუმს ურაგანი კავკასის კარში, მარუხ-ქლუროხთან აღარ ჰყეფს რიხით, როგორც ცხვრის ფარას, მილალავს მარსი სამწყსოს თავისას ახლა მთებს იქით... სხვას თუ არა და, ამას გპირდები _ მხნე სიარულით გზა დამოკლდების. წინ, ჩემო მურმან, გაასპიტებით! წინ, ჩემო მურმან, ძალთა მოკრებით! იქ ყუბანია და ცეცხლის ფარდა, ცა _ გაპობილი კომეტის კუდით... წინ, ჩემო მურმან, ოცი წლის ხარ და, წინ, ჩემო მურმან, ფოლადის ქუდით!..
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მურმან ლებანიძე Sun Nov 25, 2012 12:10 am
მურმან ლებანიძე
*** აჩალული სიმინდებით, გაკრეფილი ვაზებით, უკეთესის იმედებით, უარესის გაძლებით დიან ჩემი დღეები... დავაგროვე ასიოდე ლექსი სისხლის გაშრობით, მაინც ვაინაჩრობით, ყოყმანით და ლაჩრობით დიან ჩემი დღეები. აჩალული სიმინდებით... გაძარცვული ვაზებით... უკეთესის იმედებით, უარესის გაძლებით...
Last edited by Admin on Wed Jul 31, 2019 9:37 am; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მურმან ლებანიძე Sun Nov 25, 2012 12:14 am
მურმან ლებანიძე
***
აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს _ ეს კაცია, ალბათ, თურქის თემის... და მე ვყვირი: _ ჩემს სისხლს დალევს უწინამც! და მე ვმღერი: _ აფხაზეთი ჩემი! როსმე `არგო” (სხვა ხომალდი გუშინაც!) მოაპობდა ზვირთებს ნიჩბის ცემით... და მე ვყვირი: _ მკვდარსა მნახვენ უწინამც! და მე ვმღერი: _ აფხაზეთი ჩემი! ზღვაო პონტის! რიფებს მალავ უჩინარს _ არაერთის ზედ მიემსხვრა გემი... და მე ვყვირი: _ ოხ, უწინამც! უწინამც! და მე ვმღერი: _ აფხაზეთი ჩემი!
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მურმან ლებანიძე Sun Nov 25, 2012 12:14 am
მურმან ლებანიძე
*** გაზაფხული შემოსულა, ლენ, ბუდეები გაუწყვიათ ჩიტებს... მე გიყიდი წითელ-ყვითელ ჩითებს, თეთრი ტილო მომიქარგე შენ! გაზაფხული შემოსულა, ლენ! მოგანატრე სათიბი და ტყე, სუნი ქუსლით გასრესილი ანწლის, შორს გუმბათი ბეთანიის ტაძრის და ცისფერი, უბორკილო დღე... მოგანატრე სათიბი და ტყე! აწი აღარ გაგაჩერებ შინ, აწი ოჯახს ვერ დაარქმევ `დილეგს~, მკვირცხლი ბიჭი შეუყენე ბილიკს _ მწევარივით გამიხტუნე წინ, აწი აღარ გაგაჩერებ შინ! გაზაფხული შემოსულა, ლენ, რია-რია გაუმართავთ ჩიტებს... მე გიყიდი ყვავილიან ჩითებს, თეთრი ტილო მომიქარგე შენ! გაზაფხული შემოსულა, ლენ!
Last edited by Admin on Wed Jul 31, 2019 9:39 am; edited 1 time in total