ირაკლი ციგროშვილი
გაახილა როგორც კი თვალი უთენიაზე...გაახილა როგორც კი თვალი უთენიაზე,
ცაცხვის ძირში ანაზდად გაუღიმა იამ მზეს.
მოჟღურტულე ჩიტები ხის ტოტებზე ჩამოსხდნენ.
ამომაღლდა მნათი და გადმოხედა სამოთხეს.
რძეს მოწვეთავს მოქათქათე ჭალისპირის ძუძუ
და განგება ითავისებს ფუტკრის ღვთიურ ზუზუნს.
და დღითიდღე მეც ვამბობ ლექსსა თითო-ოროლს;
ამ ცაცხვებთან,
ამ იფნებთან,
ამ ცირცლებთან ვცხოვრობ...
იახსრობა - 2000ღმერთს ადიდებენ... და ავისგორზე
ხემხვივანს შესძრავს სიო მთებისა.
ხატს ამწყალობებს ხუცესი თასით
და ლოცავს ნამუსს ხატის ყმებისას.
მოჰყავთ კურატი.
მუხის და იფნის
ფოთლებს ზარის ხმა დაუვლის ჟრჟოლად...
ზვარაკის სისხლი ამეწამულებს
ბალახს... და მერე მიწაში ჟონავს...
შუქი ევლება იახსრის დროშას,
ციდან ჩამოდის სვეტი გრძნეული...
დრო-ჟამის ქვებზე იწვის სანთელი,
მძვინვარე დრო-ჟამს გამოღწეული.
***
მოგიახლოვდა ზამთრის პირი. საშეშე წიფელს
ათვალიერებ და... აქა-იქ შვინდები მწიფე
ოქტომბრის მზეში დაფერილა. მზერა ნებივრობს
წიფლის ტევრში... ღმერთო, იქნებ შემაძლებინო,
რომ ამ ტევრიდან წავიყოლო სამყოფი სითბო
და ჩავუთბუნდე ზამთრისპირის უბიწო სტრიქონს.
ცა გაიხსნებავკითხულობ, ვწერ და ფიქრების
ციხეს ვაშენებ თითქოსდა...
ამ ქოხში ღამის ფრინველმა
თვალები ამომიკორტნა...
მწირის ვახშამიც ვიგემე,
სიზიფეს ლოდიც მიმქონდა!
ხან თუ გამკენწლა ვარამმა,
პატარა ლხინიც იყო და -
სხვა რა ვქნა? გათენდება და
ცა გაიხსნება სტრიქონთა!
***
ისე გიხარის ხვავრიელი თოვა,
თითქოს და -
ყრმობისდროინდელ თოვლში ბრუნდები,
რომ მაშინდელი ნაკვალევი გაათბო კიდევ...
თოვლმა მიჩქმალა უბნის ქუჩებში -
წუმპე და მტვერი,
ერთფეროვან დღეთა სიშავე...
იქ კი - შორეულ სოფელში, ალბათ
გადასწორდა ჩირგვები და ბექობები...
დუმხარ.
ფიქრებში კვლავ იქითკენ მიეშურები,
იმ ყრმობის ვალი რომ როგორმე გადაიხადო...
***
სულ ესაა:
სიგრძე-განით მოვიხილე ცხოვრება.
ამ გზა-შარას გამიყენეს
წლებმა,
როგორც მსტოვრებმა.
სულ ესაა:
მოცინარის, ჟამი მოვალალისა...
თუკი რამეს მომიტევებ
ღმერთო,
ერთი ვალისა!..
ალბათ, ასე უნდა მძიძგნონ
დაგეშილმა ყორნებმა.
სულ ესაა:
სიგრძე-განით ჩემი წამის ცხოვრება.
***
გადავლილ დღეზე ფიქრს მინებდი და გაიხსენე
მეხრის სიმკვირცხლე,
ხნული - სხივთა ნასათუთარი.
ნაყამირალი კარისპირის კვალში ისვენებს,
უფლის ნაკურთხი გუთნისდედა და ხარ-გუთანი.
***
ახლა ქალაქში შუაღამეა
და ქალაქიდან ვიგონებ სოფელს.
ცოტაა სიტკბო,
ბევრი შხამია,
აქ და იქ დუხჭირ ცხოვრებას გმობენ...
ქალაქს აფხიზლებს ათასი თვალი,
სოფელს - მხოლოდღა მგლების ყმუილი...
ხელისუფლების სახლს ხურავს ჩალით
ბიწიერების ბევრი ტყუილი.
შუაღამეა. მთაწმინდის არეს
მნათი მკრთომარე შუქით ჩაუვლის...
მამშვიდებს დიდი ქალაქის მთვარე
და მენატრება მთვარე ფშაური.
***
ყველა დროში და ამინდში
ცად მიირწევი მძლევარო.
დიდი დღის შუქში შესულო,
უამურ ღამის მთევარო.
ემაგ სივრცეთა მხილველი,
ცოდვილი ისევ მე ვარო!..
"ლიტერატურული საქართველო", 2002-10-27ბმული -
http://www.open.ge/index.php?m=57&y=2002&art=9910