ეკატერინე დონდუა
ქმარმა რა იცის, რომ წაწლობ ფიქრში...(ციკლიდან „მთა _ სიყვარულის პოეზია“)
"ხათუთავ, რა არის წაწალი?"
მ. ჯავახიშვილი, "თეთრი საყელო" დღეს: ფრთათეთრი დილა შემოენთო ფიქრიან თვალებს,
ნარუჯი ტანი დაიღალა ნარუჯ ღამეში,
რამდენი წამიც გაფრინდა და რამდენიც თვალე,
ყველა ჩამოდნა შენი ტანის სიმხურვალეში...
გუშინწინ: ალუბლის ტუჩებს ფუტკარივით დააკვდა კოცნა,
ვაშლის დამსკდარი კვირტის დარი ქათქათებს მკერდი,
მთის წაწალი ხარ, სულ არ იცი დაღლა და მოცლა
და გაშოლტილმა აუტკივე ვრცელ მინდორს ფერდი...
გუშინ: მოგისაკლისეს,
დიდ ქალაქში სულელს და ჭკვიანს,
დღეს ერთდროულად წამოსტკივდა ნეკნი ნაკლული,
და შენც დაბრუნდი...
დაბრუნება თუ ამას ჰქვია,
გული ხომ დაგრჩა მთების იქით გადაკარგული _
წითელი დისკოს სიმხურვალე, მჭვირვალ მანდილში, _
ცისა და მიწის შესართავთან შიშვლად რომ ფეთქავს...
„სუ–უ–უ...“ , _ გააჩუმებ ქმარს, ანთებულს უცხო წადილში,
„სუ–უ”... _ გააჩერებ, _ „ დღეს ნუ იტყვი, რაც უნდა გეთქვა...“
ჩამოიყოლებ სიჯიუტეს ბედაურების,
გაიხდი სამოსს _ მთის ყვავილთა სურნელს მათრობელს,
მოგეძალება კაეშანი,
ბედად ურვების
განსაქარვებლად არ ზოგავენ თავს და
გართობენ.
აფერადებენ ეზოებსაც, გაგილღვონ გული,
მათ რა იციან, რომ უგულოდ დაბრუნდი ქალაქს,
იელვებს...
კრთება ვერცხლისფერი თვალებზე რული,
„ნეტავი, კოშკში რა ხდებაო?!“ _
ეჭვი გღრღნის თანაც...
ხვალ: მშვიდი მომავლის მოადგება ფანჯარას დილა,
შემოიღება საძინებლის ჩუმად კარები...
შენ კი ადგები, ჩაიცმევ და ქმრის ჩუმად, ფრთხილად,
ფინჯან ყავასთან, მთაში მაინც გაიპარები...
02.07.2012