ქართველ მთარგმნელებს გამხნევება სჭირდებათ (ამერიკელი მეცნიერი მთარგმნელობითი საზაფხულო სკოლის შედეგებს აჯამებს)
საერთაშორისო მთარგმნელობითმა სკოლამ, რომელიც თბილისში რუსთაველის ფონდის დაფინანსებით შედგა და რომლის ინიციატორები იყვნენ ლიტერატურის ინსტიტუტი, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია და ორგანიზაცია «კროსკულტურული კომუნიკაციები", გუშინ მუშაობა დაასრულა. სკოლის მიზანი, მიეცა პრაქტიკული რჩევები ქართველი მთარგმნელებისათვის, რომლებიც ქართულიდან გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე თარგმნას აპირებენ, ანდა თარგმნიან, ამ ეტაპზე შეიძლება შესრულებულად ჩაითვალოს. ათი დღის მანძილზე 22 მონაწილესთან მუშაობდნენ მეცნიერები ლინ კოფინი და მერი ჩილდსი ამერიკიდან; იულია გლაზოვი, გამომცემლობა «ბურსკეს" ლექტორ-რედაქტორი გერმანიიდან; რუსულენოვან ჯგუფთან მუშაობდა ბულგარელი სლავისტი იორდან ლუცკანოვი, ხოლო ფრანგულენოვან ჯგუფთან - მალინკა ველინოვა, მენტორი სორბონის უნივერსიტეტიდან. ათდღიანი სემინარებისა და ლექციების შემდეგ, ინგლისური ჯგუფის ხელმძღვანელის, ამერიკელი პოეტის, პროზაიკოსისა და მთარგმნელის ლინ კოფინის შეფასებით, ქართველი მთარგმნელები სრულად არიან აღჭურვილნი თეორიული ცოდნით და მათ გამხნევება სჭირდებათ.
ინგლისური ენის სემინარის 14 მონაწილე განსხვავებული პროფესიისა და ასაკის 150 მსურველიდან შეირჩა. მენტორის შეფასებით, ისინი საუკეთესონი იყვნენ და თანაც, უკვე სერიოზული გამოცდილებით. ასე რომ, მენტორს მოუწია, მათთან მუშაობის სტრატეგია შეეცვალა და აეხსნა არა თარგმანის ანბანი, არამედ უკვე თარგმნის ხელოვნება და "გაემხილა" ამ ხელოვნების საიდუმლოებები, საკუთარი თვალსაზრისი გაეცნო და განსხვავებული ხედვა ესწავლებინა.
ლინ კოფინი საქართველოს გასულ წელსაც სტუმრობდა, იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მხატვრული თარგმანის კურსს უკითხავდა მაგისტრანტებს და დოქტორანტებს, პარალელურად კი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორისა და მთარგმნელის, გია ჯოხაძის მიერ მომზადებული ბწკარედის მიხედვით ქართველ კლასიკოსთა პოეზიის ნიმუშებს თარგმნიდა. ამერიკელი მეცნიერი გია ჯოხაძემ ინტერნეტსივრცეში აღმოაჩინა, სადაც გამოქვეყნებული იყო მისი ესე იოსიფ ბროდსკის შესახებ. ქართულ-ამრიკული დიალოგიც აქედან დაიწყო.
ლინ კოფინი, პოეტი, მეცნიერი, მთარგმნელი: "სემინარის მონაწილეებს ჰქონდათ გამოცდილება თარგმანის თუ პედაგოგობის და ჰქონდათ სურვილი, ქართული ლიტერატურა ევროპულ ენებზე ეთარგმნათ და ის ფართო აუდიტორიისთვის წარედგინათ. განსხვავება ის იყო, რომ მათ თარგმანის შესახებ იცოდნენ სამეცნიერო მოსაზრებები, მოსმენილი ჰქონდათ ძალიან ბევრი თეორია და ნაკლებად ჰქონდათ მისი პრაქტიკაში გამოყენების საშუალება. მე მათ კონტრთეორიები წარვუდგინე."
- რა იყო ის სიახლე, რაც ქართველმა მთარგმნელებმა თქვენგან შეიმეცნეს?
- ამ კურსთან მუშაობისას ჩემი დევიზი იყო ანტონიო მაჩადუს სიტყვები: "მე მივდივარ იმისათვის, რომ სიარული ვისწავლო." როგორც მე ვნახე, მათ ნასწავლი ჰქონდათ თეორიები, როგორ ეთარგმნათ, მე ვასწავლიდი, როგორ განეხორციელებინათ. მაგალითად, ბევრი ფიქრობს, რომ ნაწარმოები ჯერ ბოლომდე უნდა წაიკითხო და მისი თარგმნა მერე დაიწყო. ჩემი თეორიით, მგონი, შოკში ჩავაგდე, როცა ვთქვი, რომ სიტყვა მაშინვე უნდა თარგმნო, როგორც კი ამის განწყობა გაგიჩნდება. რადგან, ვიდრე წიგნის ბოლოში ჩახვალ, ის განწყობა შეიძლება გაქრეს. ამერიკელი მწერალი რობერტ ბენშლი ამბობს: ყველა მწერალი აგებს ხიდს. ზოგი დგება ამ ხიდზე და მიდის, ისე, რომ არ იცის, საით და შეიძლება გადავარდეს, ზოგი კი წერს და შეიძლება შემოგხვდეს, შეიძლება აგცდეს. ჩემს სტუდენტებს ვეუბნებოდი, შეიძლება ასცდეთ, მაგრამ არ უნდა გადავარდეთ. როდესაც ისინი იწყებდნენ თარგმნას, მე ვთავაზობდი განსხვავებულ იდეას, რაც ძალიან უკვირდათ. შეიძლება, მათ ამ სემინარის შემდეგ თარგმანის შესრულებასთან მიდგომა არ შეიცვალონ, მაგრამ ის მაინც ეცოდინებათ, რომ არსებობს სხვა მოსაზრებები. სემინარის ყველა მონაწილე ენერგიული და მონდომებული იყო, ეთარგმნათ ქართულიდან ინგლისურ ენაზე, მაგრამ მათ რატომღაც გამჯდარი ჰქონდათ უნივერსიტეტში ნასწავლი მოსაზრება, რომ თარგმნა ძალიან რთულია. მათთან შეხვედრისას პირველი, რაც გავაკეთე, ის იყო, რომ წავუკითხე ლექცია თარგმანის შესახებ და გავაცანი ჩემი დამოკიდებულება.
- სემინარის მონაწილეები პრაქტიკულად მუშაობდნენ ტექსტებზე. რა სირთულე ხვდებოდათ მათ თარგმნისას?
- მთავარი პრობლემა ის მგონია, რომ როცა ისინი თარგმნას იწყებენ, ამ საქმეს ძალიან რაციონალურად უდგებიან, თარგმნიან როგორც ინფორმაციას და მხატვრულ მხარეს ტოვებენ. ქართველი მასწავლებლებიც ძალიან კარგები არიან და სტუდენტებიც, მაგრამ შეიძლება, ისინი იმაში ცდებიან, რომ ძალიან რთულ ტექსტებს აკითხებენ. მათი აზრით, თარგმნა მეცნიერებაა და ამიტომაც უამრავ დროს ახმარენ ამას და ბოლოში განხიბლულები რჩებიან. მე კი ვფიქრობ, რომ როგორც კი სტუდენტი თარგმნის სურვილს გამოთქვამს, მას თარგმნა უნდა დააწყებინონ და არ არის საჭირო თეორიებით თავის გატენა, შეცდომების გასწორება გზადაგზა შეიძლება.
თარგმნით დაინტერესებულ ყველა მსურველს ერთს ვურჩევდი: როცა ისინი იწყებენ ქართულიდან უცხო ენაზე თარგმნას, მუდამ ჰქონდეთ კონტაქტი იმ ადამიანებთან, ვისთვისაც ეს მშობლიური ენაა, რათა მხატვრული ტექსტის თარგმნისას თავიდან აიცილონ შეცდომები. კურსების მონაწილეებმა თვითონ აირჩიეს ის ტექსტები, რაც სურდათ. ეს ძირითადად თანამედროვე ავტორების ტექსტები იყო: ერლომ ახვლედიანის, ნესტან კვინიკაძის თუ სალომე ბენიძის ლექსი. განსახილველად გვქონდა სამეცნიერო ტექსტი და პიესაც. ორმა მონაწილემ საკუთარი ლექსების თარგმანებიც გააკეთა, რითიც აღფრთოვანებული დავრჩი.
- თქვენ ის მთარგმნელი ხართ, ვინც ქართულ პოეზიას ინგლისურ ენაზე თარგმნის. ამ სემინარში რა იყო თქვენთვის საინტერესო?
- მე მიყვარს საქართველო და ნებისმიერ მოწვევაზე თანახმა ვარ, რათა კიდევ უკეთესად გავიცნო ის. მე მგონია, რომ საქართველოში ისე უყვართ პოეზია და ისე ესმით, როგორც არსად. აქ პოეტების ძეგლები სჭარბობს მეომართა ძეგლებს, ამერიკა და საქართველო ამ მხრივ ცოტა საპირისპირონი არიან. ქართულ ენაზე ძალიან ცუდად ვლაპარაკობ, მაგრამ მესმის, როცა ქართველები საუბრობენ, ისინი ხშირად იყურებიან უკან - წარსულს ახსენებენ. ეს მათი საყრდენია, რომელსაც არ კარგავენ და ეს ქართულ ენასაც ეტყობა. მეორე მხრივ, ეს წარსულში ყურება მომავლის შიშითაც არის განპირობებული. ამერიკაში ამ მხრივაც სხვაგვარადაა საქმე.
- ჩვენ ვცდილობთ, ქართული ლიტერატურა ევროპულ ენებზე ვთარგმნოთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად საინტერესო იქნება დასავლელი მკითხველისათვის ეს ლიტერატურა?
- ერთი მხრივ, ქართველი მთლიანად ევროპელია, თუმცა ის მაინც აზიის გზაჯვარედინზეა. საქართველო არ არის ევროპა, ის ევროპის კიდეა. ქართველები იმითაც განსხვავდებიან სხვა ერებისგან, რომ მე-12 საუკუნეში შექმნილ "ვეფხისტყაოსანს" დღესაც კითხულობენ და მოსწონთ. როდესაც მე ქართული კლასიკური ლიტერატურის გაცნობა დავიწყე და გია ჯოხაძემ ამიხსნა, რომ ეს პოემა მე-12 საუკუნის ნაწარმოებია, ვთქვი: "ოჰ, ღმერთო ჩემო, ეს რად მინდა!" მაგრამ როცა კითხვა დავიწყე, სრულიად დაუჯერებელი იყო, რაც აღმოვაჩინე. აქვე გეტყვით, რომ გადაწყვეტილი მაქვს, გია ჯოხაძესთან ერთად, სრულად ვთარგმნო ეს პოემა რითმებით. პროლოგი უკვე მზად გვაქვს. პოემა თითქოს მეფეებსა და რაინდებზეა, მაგრამ საოცრად ადამიანურია, მეტისმეტად ჯადოსნურია და საინტერესო. მე არ ვიცი რამე მნიშვნელოვანი საკითხი, აქ რომ არ იყოს - სულიერება, ფილოსოფია, ესთეტიკა, რელიგია, სიყვარული, მეგობრობა.
თანამედროვე ამერიკელი მკითხველი უფრო მეტ ინტერესს გამოხატავს იმ ქვეყნებისადმი, რომელიც არ არის ცნობილი. ჩვენ არ ვიცნობთ ქართულ ლიტერატურას, მაგრამ სიამოვნებით გავიცნობდით მას. ამერიკელებმა თითქმის არაფერი იციან საქართველოზე, არ იციან, ასეთი ქვეყანა თუ არსებობს სადმე. ქართველებს ვურჩევდი, რომ გააკეთონ პროფესიული, მაღალმხატვრული თარგმანები. ვერ გეტყვით, რამდენად იპოვით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომცემლობას, წიგნები დღეს კვდებიან, მაგრამ არსებობს ონლაინ გამოცემები, საიტები, სადაც ამ ლიტერატურის განთავსება შეიძლება. მე ვთარგმნე ქართველი პოეტი დათო ბარბაქაძე, ვთვლი, რომ ის გენიალური თანამედროვე პოეტია, მის განთავსებას ჯერჯერობით ინტერნეტსივრცეში ვაპირებ. ჩემ მიერ თარგმნილი ლექსების რესურსი არსებობს ინტერნეტგამოცემებში. ამავე დროს, თბილისის ლიტერატურის ინსტიტუტი აკეთებს ვებსაიტს ამ მიზნით, ქართული ლიტერატურის თარგმანებისათვის ვებსაიტი აქვს ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორს მერი ჩაილდს, რომელმაც ერლომ ახვლედიანის "ვანო და ნიკო" თარგმნა.
და ბოლოს, მინდა ვთქვა: ქართული კულტურა და მთლიანად საქართველო ისეთი საოცარია, სიამოვნებით ვიქნებოდი საქართველოს ელჩი დასავლეთში.
სტატიის მისამართი:
http://24saati.ge/index.php/category/culture/2012-09-14/31850.html*
http://en.wikipedia.org/wiki/Lyn_Coffin