არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 მაიკო მიქაია

Go down 
3 posters
Go to page : Previous  1, 2, 3  Next
AuthorMessage
maiko miqaia

maiko miqaia


Female
Number of posts : 31
Age : 54
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

მაიკო მიქაია - Page 2 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 2 EmptyWed Jun 05, 2013 8:49 pm

მაიკო მიქაია - Page 2 Maiko_11

მაიკო მიქაია

უსაზღვრო სივრცე

ალბათ, სიტყვებით
ვერასდროს გეტყვი _
მიყვარხარ ისე!
უგონოდ ვეტრფი შენი თვალების
უსაზღვრო სივრცეს.
რასაც ვგრძნობ შენთან,
ალბათ, მხოლოდ მე თვითონ ვიცი
და მიყვარს ფეთქვა
შენი გულის
უსაზღვრო სივრცის.
ერთმანეთს ვავსებთ,
ვცხოვრობთ, ვფიქრობთ,
ვაზროვნებთ, ვიბრძვით...
და მეც ვარ სავსე
შენი სულის
უსაზღვრო სივრცით.


Back to top Go down
http://Maiko_miqaia@yahoo.com
maiko miqaia

maiko miqaia


Female
Number of posts : 31
Age : 54
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

მაიკო მიქაია - Page 2 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 2 EmptyWed Jun 05, 2013 8:50 pm

ფშავი

ვინატრე, ახლა იქ ვიყო, სად სული მღერის ხვარამზის,
არც სხვა რამ სურვილს ვისურვებ, არც სითბო მინდა სხვა რამ მზის.
უმანდოდ ისე ურვით ვარ, გულში ჩამენთქას ქვა ლამის,
ჩემს სიყვარულში გიტყდები, განა თქმა მინდა სხვა რამის!
ვიცი, რა გულით მიმიღე, მეც შეგაგებე სალამი,
ივრის ტალღებში ჩათქვიფე ჩემი დარდი და ვარამი,
შენი სითბოთი მიპყარი, შენი სიტკბოთი დამშხამე,
მანატრე კადაჩლის ნისლი და ქუშხეურას ქვა-შლამი.
ფილტვები ამომიგლისე მტვერით ვაჟაის ქალამნის,
შენს სიყვარულში გავცვითო უნდა უცვეთი კალამნი!


Back to top Go down
http://Maiko_miqaia@yahoo.com
maiko miqaia

maiko miqaia


Female
Number of posts : 31
Age : 54
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

მაიკო მიქაია - Page 2 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 2 EmptyWed Jun 05, 2013 8:52 pm

ყავის ნალექი

შენ არ ჩამაცვი თეთრი კაბა,
ასე რომ მსურდა,
თითქოს გიყვარდი
და მეგონა ჩემი ცა და მზე.
ხელი ჩამკიდე,
მე ვიყავი წრფელი და სუფთა,
მაგრამ ჩვენი გზა არ მივიდა
მაშინ ტაძრამდე...
ცა ჩამობნელდა, მზე კი ისე
აღარ კაშკაშებს,
შენ გახსენდება,
რომ ვიყავი ოდესღაც მშვიდი...
დიდი ხანია მივხვდი _ დარჩი
მხოლოდ ქაღალდზე,
მაშ, სამუდამო ერთგულებას
რატომ დაგპირდი?!
მოვდიოდი და ვივიწყებდი
ქვეყნიურ წუხილს...
ეს სიხარული,
ვეღარც მიხვდი, ისე წალეკე
და მოგონება დამრჩა მხოლოდ
ისეთი მუქი,
როგორც ბოღმაზე დალეული
ყავის ნალექი.
Back to top Go down
http://Maiko_miqaia@yahoo.com
maiko miqaia

maiko miqaia


Female
Number of posts : 31
Age : 54
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

მაიკო მიქაია - Page 2 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 2 EmptyThu Jun 06, 2013 12:50 pm

ვერ გიღალატე

ხატებს ლოცვებში ვანდობდი სათქმელს,
ცისხელა დარდით მიველ სიონთან,
სანთელს კი _ შენთვის დანთებულ სანთელს
ბეჭდისოდენა ცრემლი სდიოდა.
მე მთელი ღამე ცრემლს ვერ ვმალავდი,
ჩემი ტკივილი ვერვის გავანდე
და მაპატიე,
შენი ღალატი
ვიფიქრე,
თუმცა,
ვერ გიღალატე...
Back to top Go down
http://Maiko_miqaia@yahoo.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მაიკო მიქაია - Page 2 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 2 EmptyThu Apr 17, 2014 11:03 am

მაიკო მიქაია "შურიმშინე"

https://youtu.be/YNR_tF_xNT0
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მაიკო მიქაია - Page 2 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 2 EmptyFri Apr 18, 2014 1:53 pm

მაიკო მიქაია - Page 2 10007410

მაიკო მიქაია

შურიმშინე*


ცისფერ ზაფხულს შემოდგომა გადაება,
ზღვას ქარებმა ღრუბლის გული შეუშვირეს
და შენსავით ბაგეტკბილი გულაბების
და შენსავით ბაგეტკბილი გულაბების
ყვითელ ფოთლებს აშრიალებს,
შურიმშინე.

გითხარი, რომ ვერ დავრჩები, მალე წავალ,
შენ თვალები დახარე და მოიწყინე.
როგორ ვდარდობ, მაგრამ შენთან მე არა ვარ,
როგორ გნატრობ, რადგან შენთან მე არა ვარ,
მე არა ვარ, შენთან ზღვაა,
შურიმშინე.

სანამ ნისლებს დავიწყების შევერევი,
თვალს აყოლებ პეპლის ფრთებად მობიბინე
ფირუზისფერ კაბას, ქარში გადარეულს,
ფირუზისფერ კაბას, ქარში გადარეულს,
თვალს _ აყოლებ, გული _ გწყდება,
შურიმშინე.

ახლაც გხედავ მხარმიყრდნობილს სევდის ლოდთან,
ზღვის ნაპირზე რომ იდექი მომლოდინე,
მიმწუხრისას მზე დასავლეთს მიდიოდა,
სხივჩამქრალი მზე დასავლეთს მიდიოდა,
მზესთან ერთად მეც წავედი,
შურიმშინე.

სიშორეში რადგან მე ვარ დამნაშავე,
გავჩუმდი და უშენობა მოვითმინე.
ზღვის ტალღებზე მიტორტმანებს შენი ნავი,
უიალქნოდ მიტორტმანებს შენი ნავი,
მეც დინებას მივუყვები,
შურიმშინე.

დედამიწას, მრგვალს და მრავალწახნაგოვანს,
გარს ვუვლი და გული ვეღარ მოგაწვდინე.
დღეს ჩვენს შორის ბინდისფერი სამყაროა,
გზებით შორით დასერილი სამყაროა
შენს კუთხიდან ჩემს კუთხემდე,
შურიმშინე.

მაგრამ იცი, ვერასოდეს მიგატოვებს,
ვისაც ერთხელ ასე თბილად გაუცინე.
მიყვარს, როცა ცა ირეკლავს ღიღილოებს,
შენს თვალებში მოციმციმე ღიღილოებს,
შეყვარებულ შენს თვალებში,
შურიმშინე.

ღმერთო ჩემო, რა მძიმეა ქალის ტვირთი!
მე კი შენით უფრო მეტად დავიმძიმე.
ზღვას მზის ჩასვლით შეეფაკლა ლაზურიტი,
ზღვას მზის ჩასვლით შეეფაკლა ლაზურიტი
და ნაპირი გაირინდა,
შურიმშინე!

---
შურიმშინე _ (ლაზ.) გენაცვალე, შენი ჭირიმე.


მოვისმინოთ ავტორის წაკითხვით -- https://youtu.be/YNR_tF_xNT0

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მაიკო მიქაია - Page 2 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 2 EmptySat Sep 05, 2015 12:11 pm

მაიკო მიქაია

სიზმარში...

შენთან მოვდივარ,
ფეხსაც ვუწყობ გულს მოღიღინეს.
ვსველდები,
წვიმა ჩამოშლილა ციდან მძივებად.
როცა ახლოს ხარ,
შენით ვხარობ,
შენით ვციმციმებ,
როგორ მიხდება მერე შენით აციმციმება!
არ დაგირეკე,
ეს პირადად სასაუბროა,
უკვე ახლოა ჩვენი სახლი, ჩვენი სართული...
აქ სულ თბილა და ჩახუტებაც ისე მყუდროა,
შემომიშვითო,
მერე წვიმაც მოგვიკაკუნებს.
ხომ გიყვარვარო? _ მახალისებს ეს დაეჭვება,
უცებ თვალები მიცელქდება
და ვიბადრები.
შენ _ რა ვიცი და...
სიგიჟემდე მიყვარს პეპლები,
შენს დანახვაზე სხეულში რომ დაფარფატებენ.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მაიკო მიქაია - Page 2 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 2 EmptyWed Mar 15, 2017 9:36 am

მაიკო მიქაია

ხვედრი

მე უნდა ვზიდო ეს ჯვარი მარტო _
მძიმეა...
სიცოცხლე სუსტი, გავიდა რაც დრო _
სიმია,
მაგრამ იმ ორ გვრიტს, ღმერთმა რომ მანდო _
იმედად,
ჩემი სხეულის მარცვლები საზრდოდ
სჭირდება.

2017

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მაიკო მიქაია - Page 2 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 2 EmptyWed May 17, 2017 10:39 am

მაიკო მიქაია

თეთრაულები
(სონეტი)

აქ სიმშვიდეა. სიმშვიდეში არის ცდუნება,
რომ გაერიდო ფიქრებს, გრძნობებს, ეჭვებს... ქალაქებს,
სადაც მარტო ხარ, ოცნებაც კი აღარ გალაღებს
და ელოდები, როდის, როდის გაზაფხულდება!

აქ სიმშვიდეა, რადგან მხოლოდ აქ გეგულება
მთათა ვარაყი ჩახვეული ზეცის ლაჟვარდებს,
თავისუფლებით ჟანგბადივით რომ ამარაგებს
სულსა და სხეულს, ზამთრისაგან დაძაბუნებულს.

აქ სიმშვიდეა. წყლის და მიწის მზესთან კირთება
მუდმივად გიხმობს და მუდმივად შველას გპირდება,
მუდმივად, სანამ დის იორი, დის ქუშხეურა.

შენც ეახლები, მცხუნვარება მზის შენც გჭირდება,
აქ ცაც შენია, მიწაც _ შენი, შენი იმდენად,
რომ არ გშორდება, თან მოგყვება სულკურთხეული.

2017

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მაიკო მიქაია - Page 2 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 2 EmptyTue Jun 06, 2017 12:54 pm

მაიკო მიქაია

წასვლა აღარ დამიგვიანო
(სონეტი)

უკამათოა და უსიტყვო ეს შეთანხმება _
წავიდეს ყველა წამსვლელი და დარჩეს დამრჩენი.
მე დაბადება ვიჩქარე და სხვა დანარჩენი,
სხვა ყველაფერი ქვეყანაზე მიგვიანდება.

ეს სახეები, ქცეულები ფიქრშიც ლანდებად,
ხანდახან რატომ მიჩემდება, ვეღარ ავხსენი,
როგორც მიწიდან გაზაფხულის ამონაქშენი,
დროდადრო მათი მოგონება ამოლაგდება.

რომ მიბრუნდება იმქვეყნიდან ადამიანი,
მიწაზე პირქვე დამხობილ ფიქრს ავახმიანებ
და ნებას ვაძლევ თვალის ფსკერზე გადამიაროს...

თუნდ ერთის სულს რომ სამუდამო დავრჩე სალბუნად,
ამქვეყნად მოსვლა ვიჩქარე და აღარ მარგუნო,
ღმერთო, ლოდინი... წასვლა აღარ დამიგვიანო!

2017

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მაიკო მიქაია - Page 2 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 2 EmptyThu Nov 09, 2017 11:03 am

მაიკო მიქაია

ბოლო ტკივილი...

თუნდაც ბევრი იწვალო,
ეპოტინო იმედებს,
უნდა გარ-და-იცვალო,
როცა დრო გაგიმეტებს.
სულიც უნდა დაღვინდეს,
რომ დალიო ბოლომდე...
მოვა დრო და... აგირჩევს _
თითქოს სხვა არც ჰყოლოდეს!
ამაოა ყოველი...
ამაოა ყოველთვის...
რადგან მიწა _
მშობელი
გვეძახის და...
მოგველის
ერთიც,
ბოლო ტკივილი _
მზესთან გამოთხოვების!..
და თუ მხოლოდ წამია
აქედან და იქამდეც,
უნდა ისე გალიო
სიბნელეც და სინათლეც,
ერთხელ გრძნობით მოავლო
თვალი ცაზე მბრწყინავ მზეს...
უნდა...
უნდა მოასწრო _
ერთხელ მაინც
გიყვარდეს!

2013 წ.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მაიკო მიქაია - Page 2 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 2 EmptyFri Nov 10, 2017 4:48 pm

მაიკო მიქაია

გზად შატილისკენ

დღე გათენდება და შეიცვლება
ცხოვრება, გავლილი უშენოდ...
რადგან შემაფეთე შეუძლებელს,
მარტო არ დამტოვო _
მიშველე!
გაგაოცებს ჩემი გაორება,
შენ თვალწინ ვიცვლები... და უცებ
ჩამითრევ თვალების ჭაობებით,
მეც ვიძირები და
გაოცებ.
ბევრჯერ ვახსენე და დავიფიცე
ხილვის უხილავი შემქმნელი...
ეს შენ მაპოვნინე დედამიწა,
მაინც მაპოვნინე _
შეძელი!
მეყო, რაც უშენოდ ვიწანწალე
ღვთისგან სულშებერილ ხევებში.
იქ დავიკარგები, ჩემთან წამო,
ჩემთან წამოდი ან...
შემეშვი!
ბევრი ვერ გითხარი ერთი ლექსით...
თუმცა, საკმარისი სავსებით:
მე ნისლებს მივყვები „ხევ-სულეთში“,
მარტო თუ გამიშვებ _
დავრჩები...

2017 წ.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მაიკო მიქაია - Page 2 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 2 EmptySun Nov 12, 2017 5:35 pm

მაიკო მიქაია

უნდა წავიდე

ისე მიყვარხარ -
უნდა წავიდე!..
ყოფნაც არყოფნის
ხდება ტოლფასი,
რადგან, რომც გსურდეს,
ვერ ამარიდებ
იმქვეყნიური ბინდის
მონაზვნებს.
ხომ მაინც გაგვყრის
ეს დრო - სამიწე,
შენც ჭაობისფერ
ჩიტებს მომასევ
და ფრთებმოტეხილ
ლექსებს დამიწერ,
უეცრად შეშლილ
შემოდგომაზე.
თან გავიყოლებ
სიზმრებს ოდინდელს
ისევე, როგორც
შიშს ამჟამინდელს
და შეჩერება
აღარც მოგინდეს,
ისე ნატიფად
უნდა წავიდე...


ბოდბის ზარები

მთელი ცხოვრება ვატარებდი სულში
ფანტომებს,
ერთი წკრიალით რომ განდევნეს ბოდბის
ზარებმა.
ამქვეყნიური სიამისგან მინდა განდგომა,
რ ომელიც შენი არსებობით ჯერ
მეკრძალება.
მეც თურმე ვზრდიდი უფლის მარცვალს,
ცოცხალს ნიადაგ,
თუმცა ხან ოდებს ვეტრფოდი და ხან
სატირიკონს,
ცრემლით ვალბობდი ცისფერ სხეულს -
ფხვიერ ნიადაგს,
რომ იმ მარცვლიდან ცირცელის ხე
ამოზრდილიყო.
მსუბუქად ვაღებ მძიმე კარებს და იქ
შევდივარ,
სადაც დაიწყო დაბნეულმა სულმა ირაო.
ისევ ვმარცხდები, ისევ ვიბრძვი და ისევ
მიყვარს -
ნიშნავს, რომ მიწის სუნთქვაში ჯერ
ვმონაწილეობ.
და ტკივილები რომ აღვივებს - უფლის
მარცვალი,
ჩემში იზრდება, არ იზიდავს უცხო მიწები.
უკან ვბრუნდები, ეს ნიშნავს, რომ გზები
გავცვალე...
ზოგჯერ არც ვიცი, ვიცხოვრე თუ ახლა
ვიწყები.
რაღაც დამალულს, რაღაც უთმელს, რაღაც
გამხელილს
ჩამოვიბერტყავ - გულის მომწყვლელს და
გამომშიგვნელს
და ყრუ კედლებში გამოჭრილი ღია
სარკმელი,
მზის უკანასკნელ სხივთან ერთად, მეც
შემომიშვებს,
იქ, სადაც ლოცვა მელოდება და მეტანია.
რომ დასრულდება ან ეს გზა და... ან ეს
ზღაპარი,
ჩემს ამქვეყნიურ არსებობას მოვინანიებ
და უკანასკნელ ნავსაყუდელს თავს
შევაფარებ.


შენ იცი...

შენ ახლა ჩემი ყველა გზა იცი,
(ყველა გზა რაღაც ახალს მასწავლის).
შენი ფიქრების გამხადე ღირსი
და ღირსი შენი თავგადასავლის.
ადრე ცხოვრებას ვალადღა ვთვლიდი,
ბედს კი ვეკიდე სადა საყურედ...
და შენთან ყოფნა არ ვიცი რითი,
არ ვიცი, როგორ დავიმსახურე.
და მაინც რა ვქნა, რა ვუყო სევდას,
გულზე რომ მაყრის ეჭვის ყინულებს...
სევდას, რომელიც ზოგჯერ სულს ლევს და
მერე კვლავ ჩემი ტანჯვით იბრუნებს.
შენ ახლა ჩემი იცი ყველა გზა,
ჩემს ყველა ბილიკს სერავ ბრჭყალებით.
სასაყვედუროდ სიტყვას ვერ დავძრავ,
ხვალამდე ასე თუ გეყვარები.
ჩვენ რას გავუძლებთ, რასაც დრო იტანს,
ან რას ვი პოვით, რასაც დრო ეძებს...
რადგან წარსული ტკბილი გრძნობიდან
მხოლოდ ლექსები რჩებათ პოეტებს.


ცას ისევ ვეძებ

ყინვის ზეწარზე
ქანცმილეულ დარდად ვლაგდები,
მერე ამ მუქი მოზაიკით -
ცხოვრების რუკით,
ყუჩდება მკერდში ცრუ სიმშვიდე,
როგორც ლანდებით
სავსე გვირაბში დანახული
იმედის შუქი.
თებერვლის ბოლო გაოცება -
სიშორით მარტის
მაოცებს მეც და
გულგრილობის სიცივით მთოშავს
და ჩემთვის, ჩუმად ვმარჩიელობ -
ვყავდი - არ ვყავდი...
ჩემში თოკივით იგრიხება -
მორჩა - არ მორჩა...
თოვლის ფიფქებს კი,
სველ თმაზე რომ ცელქად ხატავენ
თებერვლის მჩატე აგონიას -
უხმო რექვიემს,
ვუშვერ წამწამებს,
ფიფქებივით მიმომფანტავი
ტკივილი ფსკერზე ჩამიბრუნდეს...
გადაგეჩვიო.
ცას ისევ ვეძებ,
ისევ ვეძებ, თუმცა კი ვიცი,
თავზემოთ უნდა ავიხედო,
უბრალოდ, ერთხელ,
როგორც ახლახან,
რამდენიმე მზიანი დღის წინ -
იმედი უნდა შევაჩვიო
მოსაფრენ მერცხლებს.


* * *
წლობით ნაგროვებ სითბოს გავცემ
და ვიხარჯები,
შენ ისევ მავსებ სიცოცხლით და
ლექსით მოსული,
აღარც სისხლი ხარ და არც ხორცი...
სული ხარ ჩემი,
სულში პატარა კუნძული მაქვს
და იქ ვლოცულობ.


* * *
ცხოვრება დამემართა -
დავიბადე...
ვსწავლობ ბედისწერის გაკვეთილებს.
თუმც ასე გაგრძელება არ ივარგებს...
თავიდან დაწყებას - არ ვაპირებ!


ჰორტენზია

არასდროს მომწონდა არც სუნით, არც ფორმით,
თუმცა, რა წესია -
მომართვეს... საჩუქარს არ შეეფერება
რამე პრეტენზია!
ყვავილს მჩუქებლისგან თან მოჰყვა ხოტბა და
ახსნა-პოეზია,
ადრე დაუხატავს თურმე ცნობილ მხატვარს
მთელი კოლექცია,
(გვარს ვეღარ იხსენებს, მაგრამ საუბარი,
ვფიქრობ, მონეზეა)
და ჰოლანდიაში ლაღად გადაშლილი
ჰორიზონტებზეა.
ახლა მოკრძალებით ჩემს ოთახს ამშვენებს
სათბურის ვერსია...
ზამთარს შეფარული ვნებად გაზაფხული -
ლურჯი ჰორტენზია.


* * *
სულ უფრო ხშირად,
რომ ვაყოლებ მზერას დანისლულს,
სხვა ქვეყნებისკენ გეზაღებულ
გუნდებს ფრთოსნების,
ვერ ამიხსნია,
ეს - სურვილი წამძლევს წასვლის თუ
ისე მომბეზრდა ეს ამბავი -
სიამოვნებით
მივასვენებდი ფერგაცრეცილ
ფსკერზე ზარდახშის
ჩემს წილ ცხოვრებას,
ჩემი წილი ჯოჯოხეთითაც...
ეჯიბრებოდნენ ადრე ფოთლებს
ქარში ფარფატში,
ახლა მკლავები
ფოთლებივით მცვივა მხრებიდან.
მცვივა მხრებიდან
ფრთები, როგორც სითბო სახიდან
და მხოლოდ ხსოვნას
შერჩენია სისხლის წვეთებად -
რა სანატრელი -
შენს თვალებში მზერის ჩახიდვა,
რა სასურველი -
შენი სიზმრად შემოხეტება.


* * *
და მაინც... რატომ
მინდა ისევ გაუსაძლისად,
ძარღვებში თრთოდეს მირკანი და
ყინვით გადაბმულ
დღეებს გულგრილად
არ ფარავდეს თოვლით აპნისი,
ფერდობზე ნუში აფეთქებდეს
თეთრად გაზაფხულს.
ისევ ამღვრევდეს თვალში ფერებს
დარდის მოლბერტი,
ისევ ვითმენდე, გულში თმენით,
როგორც ვითმენდი,
შენს დაღლილ მკლავზე რომ მიფენდე
სიზმარს მოთენთილს
და თმას მვარცხნიდე
ალერსივით მშვიდი თითებით...


ლარნაკი

იდგა ლარნაკი ბროლის იერით
და იყო სავსე სიცარიელით.
ის სახსოვარი იყო დედისგან,
უტრიალებდნენ ბზარებს კედლისკენ.
ბზარებს ხედავდა მხოლოდ კედელი,
ასე მდუმარედ მრავლისმეტყველებს...
იდგა ლარნაკი და იშვიათად
დებდნენ ყვავილებს, ქალს რომ მიართვეს.
იდგა თავისთვის, ზოგჯერ მტვრიანიც
კი ამშვენებდა ფორტეპიანოს.


* * *
ალბათ არ მინდა ასე ვევნო, ასე გავწამდე...
შენ ჩემს მზერაში ირეკლები -
ვიფარავ თვალებს,
რომ მეც ისევე არ ამტკივდე,
როგორც ჯვარცმამდე
ქრისტეს -
თვალებში არეკლილი ხის მძიმე ჯვარი.


* * *
ღამეები, უძილობით დაგრეხილი,
ჩემს სულეთთან დაეძებდა კავშირს.
ასე უცხო, უცაბედი ქარტეხილით
გიყურებდი დამტვრეულს და დაშლილს.
მე მელოდი... და თვალები ამეხილა,
უცებ მივხვდი... შეგხედე და... გავშრი -
შენ იდექი ქუჩისპირას, როგორც ხილის
მოპარვაზე წასწრებული ბავშვი.

„ანეული“, 2-2017

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მაიკო მიქაია - Page 2 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 2 EmptyThu Nov 16, 2017 10:01 am

მაიკო მიქაია

***

წყენა,
სხეულზე ამოხორკლილი,
სიტყვასაც ადევს,
როგორც ბორკილი...
მაინც ვეღარ თმობ,
რადგან ორპირად
სულით
სულზე ხარ
გადამყნობილი...

2017

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მაიკო მიქაია - Page 2 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 2 EmptyThu Nov 16, 2017 10:08 am

მაიკო მიქაია

ბოლო ტკივილი...

თუნდაც ბევრი იწვალო,
ეპოტინო იმედებს,
უნდა გარ-და-იცვალო,
როცა დრო გაგიმეტებს.
სულიც უნდა დაღვინდეს,
რომ დალიო ბოლომდე...
მოვა დრო და... აგირჩევს _
თითქოს სხვა არც ჰყოლოდეს!
ამაოა ყოველი...
ამაოა ყოველთვის...
რადგან მიწა _
მშობელი
გვეძახის და...
მოგველის
ერთიც,
ბოლო ტკივილი _
მზესთან გამოთხოვების!..
და თუ მხოლოდ წამია
აქედან და იქამდეც,
უნდა ისე გალიო
სიბნელეც და სინათლეც,
ერთხელ გრძნობით მოავლო
თვალი ცაზე მბრწყინავ მზეს...
უნდა...
უნდა მოასწრო _
ერთხელ მაინც
გიყვარდეს!

2013

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მაიკო მიქაია - Page 2 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 2 EmptyThu Nov 16, 2017 10:14 am

მაიკო მიქაია

ვხედავ...

უკვე ვისწავლე,
რომ ეკლიან გზებს
გვერდი ვუქციო,
თმენას ნაჩვევმა;
რომ მკვდარი პეპლის
ფრთები ნიავზე
ისევ აგრძელებს
თრთოლვით დარხევას...
თუმცა,
შეძელი მაინც იმდენი,
ბედნიერების ვირგებ იმედებს _
ასე სისხლიან ხორცზე მიდენილ,
მშიერ, ცოფიან მგლებს ამშვიდებენ.
ეს წლები წარსულს
ისე მიცვლიან,
ვკრთები...
თან ზღვაში მლაშე სისველის
თითებს ვაწობ და
მიმხმარსისხლიან,
სიმწრით დაკბენილ
ტუჩებს ვისველებ.
ზოგჯერ კი უცებ,
როგორც მაშხალებს,
აანთებ ჩემში
სიტყვას ნაფერებს,
სულს შემიბერავ,
ააბარჩხალებ
დაღლილი მკერდის
მიმქრალ ნაკვერჩხლებს.
მაინც ვერაფრით,
თუმცა, მიცდია,
ვახერხებ ისევ
წელში გამართვას,
მაგრამ უფლებას
ლურჯზარნიშიან
ცისკენ გახედვის,
ვერვინ წამართმევს!
და ვხედავ ღრუბლებს,
ელვით გახლეჩილს,
ვხედავ თაღებში
მბჟუტავ დაფიონს...
გადასწი ფარდა,
სივრცეს გახედე,
ერთმანეთზე ფიქრს
ცა დავამთხვიოთ.

2017

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მაიკო მიქაია - Page 2 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 2 EmptyThu Nov 16, 2017 10:30 am

მაიკო მიქაია

„სევდისგორი“


როგორც იქნა, მოვიცალე. ისე სწრაფად ჩავალაგე ბარგი, მე თვითონაც გამიკვირდა. არტანში მივდივარ!!! მიხარია, მაგრამ სამზადისმა დამღალა. „ჩავალ და იქ დავისვენებ“ _ ვიიმედებ თავს. თუმცა, ხომ ვიცი, იქ უფრო ვერ ვისვენებ: საქმეს ისედაც რა გამოლევს თვეობთ მიტოვებულ სახლში, მაგრამ ყველაფერს რომ მივხედავ თითქოს, მერე მე თვითონ ვიგონებ საკეთებელს _ ახალ ფარდებს ვკერავ, თაროებს ვხერხავ და ვაჭედებ, ვხეხავ და ვღებავ, ვრგავ და ვრწყავ...
ღამე კი, როცა ბავშვები იძინებენ და სოფლის მყუდროებას მხოლოდ ივრის შხუილი არღვევს, საყვარელ წიგნებს საწოლთან ვილაგებ და კითხვაში ჩამეძინება ხოლმე.
აბა, რა იცის სანათამ, ყოველ ღამე მის „სკივრში... სახლში... წიგნში...“ რომ დავძვრები და ვიქექები, ჩემი (რა თქმა უნდა) ფირუზისფერი, პატარა ფანრით ვანათებ (ბავშვები რომ არ გავაღვიძო) და სულს ვინათებ მარიამის ნაფიქრ-ნაწერებით. აფხაზეთშიც ხომ წავიღე თამთას კაბებში გახვეული, რომ საზღვარზე რუს-აფხაზებს არ ენახათ ქართული წიგნები. იქაც ხომ ვკითხულობდი ღამღამობით და არტან-თეთრაულების მონატრებას ამით ვიქარვებდი, მაგრამ აქ, ფშავში, სულ სხვა იყო, აქ სხვანაირად აღვიქვი ყველაფერი. აქ თავიდან ვკითხულობდი სხვა სუნთქვით, უფრო სწორად, სუნთქვაშეკრული, ფარდაგადაწეულ ფანჯარასთან მიკრული, უზარმაზარ ვარსკვლავიანი ცა თავზე რომ მემხობოდა თითქოს _ უფრო ავსებდა და მიფორიაქებდა სულს მარიამის:
შარახევასთან დიდ ლოდზე
ამსხლტარი შემეჩეხები,
არაგველების სისხლისა
გაყრია ტანზე შხეფები.
ჩქერიდან ამოვარდნილი
ხელისგულებზე მიხტიხარ,
ჩაგსვამ არაგვში, ოღონდაც
აღმა სადამდე მიდიხარ?!
_ კლდეზე დავახევ ლაყუჩებს,
რა თავში ვიხლი იოლ გზებს?
ვუწევდი, მზემდეც ვუწევდი,
წვიმა რომ მიწყივ დიოდეს.

ანდა ეგ:
ნისლი აცვია ავისგორს,
კარატისწვერით მზე ნათობს.
მადლია _ გერქვას ამ მიწის,
ვალი ლექსებად გემართოს.
ხატს გაუზრდიდე კაიყმებს,
იღბალს ნატრობდე მწყემსების.
უბეს ივსებდე საუფლო,
არაგვნასვამი ლექსებით.
ლუდს ხარშავდე და სვილს მკიდე,
მესანთლე იყო ჯერ მარტო.
თავისი გერქვას და ამ ცის
მადლი ლექსებად გემართოს.
ჰოდა, აბა, რა მომასვენებდა. თანაც მარიამ წიკლაურის სიტყვებიც სულ ჩამესმოდა ყურში: „მაიკო... თუ არტანში წახვედი, ერთი ის გაბზარულკედლიანი ეკლესია მოილოცე და მიათვალიერ-მოათვალიერე სოფლის სასაფლაო, ეგებ შენ ყველაზე მეტად გაგიმართლოს და სულაც, ხვარამზის საფლავის ქვაც იპოვო... ძალიან მინდა, ეს მოხდეს!“
როგორც კი ზედიზედ სამდღიანი წვიმების მერე გამოიდარა, ჩემი ფშაველი დედამთილი (რომელიც ყველაფერში მყვება, რასაც მოვიფიქრებ) ავიყოლიე, გზად ჩვენს წინასწარ შეგულებულ მეგზურს, ნაზი ჯაბუშანურს გავუარეთ და წავედით _
ხვარამზეს საფლავის საძებნელად!
როგორი იმედიანი მივდიოდი! თავიდანვე ვთხოვე ნაზი ძალოს, ახალი სასაფლაო არ მინდა, ძველში წაგვიყვანე, იქ უფრო სავარაუდოა რამეს მივაგნოთ-მეთქი. ისე, ჩემი დედამთილის ბებია, ხვარამზეს თანატოლი და მეგობარი, ქალიკელ გორზამაული, ვინც ხვარამზეს ლექსი პირველმა ჩააწერინა თავის ახლო ნათესავს, თედო რაზიკაშვილს, სოფლის შედარებით ახალ სასაფლაოზეა დაკრძალული, რომელიც გაბზარულ საყდართანაა. შესაძლოა, ხვარამზეს საფლავის ქვაც აქ უნდა მეძებნა, მაგრამ გული რატომღაც ძველი, საუკუნეების წინანდელი სასაფლაოსკენ მიმიწევდა.
გაბზარულ საყდართან შევყოვნდი. ვილოცე და წამოსვლისას ჩემთვის ჩავილაპარაკე: _ აჰა, მარიამო, შევასრულე შენი დანაბარები-მეთქი.
ისევ გავუყევით გზას.
ჩვენი მეგზური კი ანა კალანდაძეს კითხულობდა მცირე პაუზებით.
ვაჟაო, დილის მზის სხივო, ხან მთებზე ნისლთა დინებავ, შუაფხოდან რომ მიდიხარ, გული რად გაგეტირება? შენ თუ არ იცი მიზეზი, აბა, ვის ეცოდინება? გადმოდი, გადმოაშუქე ლურჯ თხილიანას კალთები. რა დაშავდება? არც რაი: გნახავ და... გამეხარდები!
უყვარს ნაზი ძალოს ლექსები. ფრუშკას შთამომავალია, თვითონაც კარგი მოლექსეა და საოცარი მეხსიერება აქვს.
გზიდან რომ გადავუხვიეთ და გორალას აღმართს ავუყევით, ტყის სურნელმა თავბრუ დამახვია. ხეებს შორის ძლივს შესამჩნევ ბილიკზე მივიკვლევდით გზას. ხშირ ფოთლებში მზეს ვერ შემოეღწია. წინა დღის წვიმის წვეთები გვეწვეთებოდა ფოთლებიდან. საოცრად მისტიკური განწყობა დამეუფლა ტყეში შესვლისთანავე. ნაზი ძალო ისევ ანას მიუბრუნდა:
ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა, ბროლს მოამსხვრევს ბროლიანსა, შხეფს შეაფრქვევს ვარდკაჭკაჭას, ლამაზს, ცისფერთოლიანსა, წამო ჩემთან! უკაცრავად, ვერ გაგყვები ცოლიანსა! – ესალმება ფხოვის ტყეებს, ტყეებს მწვანე მოლიანსა, დაჯირას და უკადრისას, სატყრობელას ჭორიანსა... არაგვისკენ გზას მიიკვლევს, გზას ძალიან შორიანსა...
ჩვენც მივიკვლევთ გზას მაღლა-მაღლა. ტყეც უფრო ხშირი და უფრო გრილი ხდება. პატარა, ცივ და ჩქარ წყაროზეც გადავედით და უცებ აღმოვჩნდით მზით გაჩახჩახებულ მინდორში, სადაც მხოლოდ ერთი უზარმაზარი, ბებერი პანტა იდგა. ტანზე ხავსი შემოტმასნოდა, მყარად და ამაყად იდგა. მივედი, ხელები შემოვხვიე და ლოყით მივეკარი. ასე ვისვენებდი და მსიამოვნებდა.
იქვე, გვერდზე, წრიულად დიდი ქვები ელაგა. შესაძლოა, აქ რაიმე რიტუალი ტარდებოდა ადრე. ქვების ამგვარი განლაგება სახლთავშიც მინახავს, კვირიაზე.
ასვლა განვაგრძეთ. გზადაგზა ყვავილების თაიგულს ვკრავთ.
მწვერვალო,შალშავს შემოვყევ,
ნისლს და ქარს მომაძალებო...
შავ ბურუსს ირგვლივ შემომხვევ,
უგზოდ, უკვალოდ მარებო...


განაგრძობს ჩვენი მეგზური, ოღონდ უკვე სვენებ-სვენებით. ზოგჯერ ჩერდება, რომ ამოისუნთქოს...
მინდოდი?
არად მინდოდი,
ზესკნელ-ქვესკნელის კარებო!
„ჩემ ღმერთის არ მეშინოდეს“,
ფეხსაც არ დაგაკარებო!
მოვედითო, თქვა ბოლოს და რამდენიმე ნაბიჯში ძველი სასაფლაოც გამოჩნდა.
საფლავის ქვები უწესრიგოდ იყო განლაგებული. ზოგი გვერდულად აშვერილი, ზოგიც ამოყირავებული დაგვხვდა. წარწერები არ იკითხებოდა და მე მონდომებით დავიწყე მათი ფხეკა. ვასუფთავებდი ხავსისა და ტალახისაგან და ვცდილობდი წარწერები ამომეკითხა. ჩემდა გასაკვირად, პირველივე საფლავი, რომელიც გავასუფთავე, თეთრაულისა აღმოჩნდა. გავოცდი, მესიამოვნა და თან რაღაც მინიშნებად ჩავთვალე: მე ხომ თეთრაულების რძლობით გავხდი ნახევრად ფშაველი, იმ ადგილას ვიყიდეთ სახლი, რომელსაც თეთრაულებს ეძახიან; საერთოდაც, ფშავი ჩემთვის სწორედ თეთრაულებთან ასოცირდება და...
გახარებული ვარ. უფრო გულმოდგინედ განვაგრძე საფლავების დასუფთავება. ზოგზე გვარი ამოვიკითხე, ზოგზე ვერა. მაგრამ მიხარია, ვგრძნობ, რომ რაღაც კარგს ვაკეთებ...
_ ასე უწესრიგოდ რატომაა საფლავები მოფანტული და ამოყირავებული-მეთქი, _ ვიკითხე.
_ ტყიდან მორებს აქედან ეზიდებოდნენო... _ მოვისმინე პასუხად და ამის წარმოდგენამ შემზარა.
ქვების ნაწილი შუაზე იყო გადამტვრეული და ერთმანეთს დაშორებული. ზოგი ქვა მიწაში ღრმად იყო ჩაფლული და მხოლოდ წვერიღა ჩანდა. ალაგ-ალაგ ჩვეულებრივი ლოდებიც ელაგა. შავი ჭირის დროს ქვის გამოთლას ვეღარ ასწრებდნენ და საფლავებს ასე ინიშნავდნენ თურმე. ყველაზე სევდისმომგვრელი ბავშვების პაწაწინა საფლავებია.
ერთმა საფლავმა ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. სხვა ქვებისგან განსხვავებით, ზედ ქალის სახე იყო ამოტვიფრული. აშკარად ეტყობოდა, მდიდარი ქალის საფლავი უნდა ყოფილიყო. წარწერა აქაც ცუდად იკითხებოდა. ძალიან მოვინდომე. ვფიქრობდი, იქნებ მივაგენი იმას, რასაც ვეძებ-მეთქი, მაგრამ ვერაფრით ამოვიკითხე.
ჩემი დედამთილი და ნაზი ძალო ბავშვობის ამბებს იხსენებდენენ, ხან მხიარულს, ხან სევდიანს. ლაპარაკით დაღლილებს უკვირდათ, მე საფლავების გასუფთავებით როგორ არ ვიღლებოდი. ბოლოს მართლა დავიქანცე.
უკვე ბინდდებოდა.
ერთ უსახელო და უფორმო საფლავის ქვასთან გავჩერდი, სანთელი დავანთე, სხეულით ავეფარე, რომ ნიავს არ ჩაექრო და ძალიან გულით ვილოცე მიცვალებულთა სულებისთვის...
ის ერთი საფლავი გულში ჩამრჩა. ნაკლებად სავარაუდოა, ხვარამზეს საფლავი ყოფილიყო, თუმცა, ვინ იცის!..
უხმოდ ვეშვებოდი გორალადან დაღლილი და დარდიანი.
გორალაო, აბა, რა გორალა, მე „სევდისგორი“ დავარქვი იქაურობას. ჩემთვის ასე მოვნათლე და ასეც მოვიგონებ ხოლმე. ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ წელს, როცა არტან-თეთრაულებში ჩემს მარტოობას ნაჩვევ სახლს ამოვაკითხავ, აუცილებლად ავივლი ჩემს „სევდისგორზეც“. სანთელს ავუნთებ მიტოვებულ საფლავებს და დავიწყებულ მიცვალებულთა სულებისთვისაც გულმოდგინედ ვილოცებ...

September 6, 2012 at 2:21pm

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მაიკო მიქაია - Page 2 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 2 EmptyThu Nov 16, 2017 11:52 am

მაიკო მიქაია

სიზმრისა

ცხოვრება სიზმარს ჰგავს გასაოცრად,
ყვები და შენვე რომ იზაფრები.
ან სიხარული როგორ წამომცდა,
ან როგორ მჯერა ლურჯი ზღაპრების?!
გამოინათა ისევ ღამემ თუ,
ისევ შეხვედრა ღმერთმა ინება,
აუცილებლად გეტყვი საყვედურს,
იმასაც გეტყვი აუცილებლად,
რომ არ გიშველის
თავის მართლება,
ან რა უფლებით, ან რა წესებით...
ან სიფხიზლეში რად მენატრები,
ან სიზმარში რად შემომესევი?!
ღამეა. ხმები ჭრიჭინობელის,
ან შემპარავი წვიმის ქორალი
და ვუსმენ, სანამ დაუნდობელად
ბოლო მზერასაც ჩამიქოლავენ.
ხარ ახლობელი, ხარ შორეული...
მივყვები სიზმარს უთავ-უბოლო,
გაცილებული, გაშორებული,
საკუთარ კანს და სხეულს უწონოს.
ტკბილი შეხვედრის დასაწყისია
ამ მთვარის თვალში ჩამოგორება.
გზას გავუყვები ცისფერნისლიანს
და, ღმერთმა იცის, იქ რა მოხდება!

2017

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მაიკო მიქაია - Page 2 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 2 EmptyWed May 16, 2018 10:02 am

მაიკო მიქაია

***

***
ხან დედამიწას ვემალები,
ხან საკუთარ თავს...
(მეორეს _ უფრო).
დავდივარ ასე _
დახრილ თვალებით
და არავისთან...
ვერავისთან
ვეღარ ვსაუბრობთ _
მე და გული ვხდებით უბრები,
როცა რაღაც ვერ...
როცა მტკივა _ ვწერ...
და გამოდის _
საკუთარ
სულს
ვესაუბრები!..
რა ლამაზად ანთია ცაზე
ვარსკვლავი, ადრე
გულში რომ ენთო...
სევდით ვარ სავსე,
და, რატომღაც,
ასე უფრო
ახლოს ვარ შენთან,
ღმერთო!

2018

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მაიკო მიქაია - Page 2 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 2 EmptyThu Jun 07, 2018 11:37 am

მაიკო მიქაია

პაემანი ბლოკპოსტზე

ახლა გადავშლი... რამე უფრო უკეთესს დავწერ,
უფრო უბრალოდ, უფრო სადად და გასაგებად -
მხოლოდ ფიქრებში შემონახულ ბავშვობის სახლზე,
თეთრ პიონებზე, სიზმარშიაც რომ მენატრება;
დედაზე...
ვნახე ხუთი წუთით - როგორც მირაჟი,
წლების უნახავს ჩავეხვიე, ისიც მლოცავდა,
საკუთარ ცრემლებს რომ ვმალავდი თავსხმა წვიმაში,
მისას - ტუჩებზე რომ ვიცხებდი მალამოსავით.
...და ისევ წლები დაგვაშორებს (ოღონდ იცოცხლოს!)
და მხოლოდ მის ხმას გავიგონებ (ოღონდ მესმოდეს!);
დავიმახსოვრებ ენგურის ხიდს - ცოდვის სიმბოლოს,
ხიდზე მიმავალ შავოსან ქალს - ძვირფასს ესოდენ;
ჩემს ძმას...
- ერთბაშად ხვალ არ გნახო!.. აღარ დავეძებ,
დავსველდე!.. უხმოდ ჩავეხვევი მხრებს. არა უშავს,
რომ ეჩქარება... რამხელა ტვირთს იტევს ამ მხრებზე -
ქვეყნის, ოჯახის, ახლობლების... ჩემს სიყვარულსაც!..
განა არ ვიცი, როგორ უჭირს, თუმცა მუდმივად
ისე ალალად იღიმება... მაინც ეტყობა,
სულ სხვა ნაპირის, სხვა ცხოვრების ნახვის სურვილი,
თვალების ფსკერზე მიმალული უიმედობა...

. . .
ასედაც ხდება - ვერც შენ ხვდები, სხვასაც ვერ უხსნი,
რატომ ვმორჩილებთ დროს, მოვლენებს, გარემოებას?!.
ბავშვობის მძიმე ჭრილობები რატომ შეუხსნა
და დაუნდობლად აქუცმაცა წლების მორევმა -
ბერი, ახლა რომ ვერ იხსენებს სახელს საკუთარს,
აკვიატებულ გზის საზღვართან მისვლას ეღირსა.
ვეღარ ვიჯერებ, რომ შევძელით!..
ლტოლვა დასრულდა
აფხაზეთისკენ და მშობლების საფლავებისკენ.
დგას დაბნეული, თან იმ მიზნით გაბრწყინებული,
განაწამები და სნეული რასაც სული სთხოვს -
ხსოვნაში ცოცხლად შემორჩენილ მიცვალებულებს
ლოცვა და ცრემლი საფლავებზე ჩამოურიგოს.
იქიდან ბიჭი წავიდა და ბერი ბრუნდება...
თითქოს ვუყურებ უკვე ნაცნობ სურათს ბიბლიურს,
ცრემლი, გამომშრალ ნაოჭებზე ნამარხულები,
ისე მორჩილად ეკიდება ყურის ბიბილოს...

. . .
„აშო ჩელა დო იშო ბუსკა...“ ურმის კიჩოებს
მიჰყავს ჩემები, ჩემი გულიც - სადღაც მათ შორის...
ვერ შეძლებს ხიდი და-ძმა დიდხანს აშორიშოროს,
ის უარყოფილ ბავშვობასთან თუ დამაშორებს!..
აქეთ დავრჩი და... მხოლოდ გრძნობა არის ნაცნობი,
ხეხილის ბაღსაც უკვე აღარ ვემახსოვრები -
დაბერდებოდა... ჩათვლემილი ჩემი ბავშვობის
ღამეებს ლამბავს გაფარჩხული, ხშირი ტოტებით.
სიტყვა, უძლური - ჭრილობაზე მტკივნეულია,
ერთ მარცვალ ცრემლში რომ ტევ ძვირფას ადამიანებს -
როცა მშობლიურ სახლის კედლებს უცხო სუნი აქვს,
როცა ჭიშკარიც უჩვეულოდ უცხოდ ჭრიალებს.
ღმერთო, შემინდე!.. უნდობლობით ვხდები სნეული,
სულს მინგრევს ჩემი უძლურება და უმწეობა,
როდესაც სვამენ ყანწებით და განსხვავებულით
გამეტებული ჩემი კუთხის სადღეგრძელოებს.
მიკვირს, სუნთქვა რომ მიგუბდება და მჩხვლეტს ლავიწთან
და ისიც მიკვირს, რატომ ვბრაზობ, რატომ მოველი,
რომ ყველა იგრძნობს, რა უზომო ტკივილს განვიცდი
ერთი დევნილი და რიგითი წუთისოფლელი?!.
...ახლა გადავშლი, რამე უფრო უკეთესს დავწერ,
უფრო უბრალოდ, უფრო სადად და გასაგებად -
მხოლოდ ფიქრებში შემონახულ ბავშვობის სახლზე,
თეთრ პიონებზე, სიზმარშიაც რომ მენატრება;
დედაზე...

2017

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მაიკო მიქაია - Page 2 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 2 EmptySat Nov 03, 2018 1:42 pm

მაიკო მიქაია

***
დავიწყებული რომელიღაც საუკუნიდან,
ერთხელ, ჩვენ შორის გაიარა
ღმერთმა ინანამ,
დასარწყულებლად ორი სულის
შლეგურ წყურვილთა _
ზღვა მოგვიტანა.
რამდენჯერ ეს ზღვა გადმოვიდა ნაპირებიდან...
რამდენჯერ იყო ტკივილებით იავარქმნილი!..
ამიტომ ღმერთმა მიგვატოვა _
დაშრა წყლები და...
დარჩა მარილი.

2018

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მაიკო მიქაია - Page 2 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 2 EmptyMon Nov 12, 2018 11:04 am

მაიკო მიქაია

***
ვდგავარ შენ წინ მოდრეკილი მუხლით,
ფიქრით ვთელავ აწმყოსა და მყოფადს.
ღმერთო, როგორ მეშინია მწუხრის...
ღმერთო, ფიქრით დაჩეხილი შუბლით,
შენ მოგანდე ცხოვრება და ყოფა.

ვერ ვეგუე, სიმართლე რომ ითქვას,
ორპირ ქარს და ადამიანს ორპირს,
მათმენინე მოთქმაცა და მითქმაც!..
საფეთქლებთან მოხეთქილმა სისხლმა
დამიცვარა შუბლი ცივი ოფლით...

დრო რომ გადის, ჩვენგან გადის დრო რომ,
დგება დრო და... ახლა სხვასთან მიდის.
მაშინ ვცხოვრობ, როცა სხვისთვის ვცხოვრობ,
მაშინ ვკვდები, როცა ვერ გრძნობს ცხოვლად
გული, მძიმე ტკივილების მზიდი.

უკვე გავცდი აკვირტებულ აპრილს,
უკვე გავცდი ადიდებულ ენგურს...
იქნებ, მალე მომეშველო დაღლილს,
იქნებ, ჩემი მაპოვნინო სახლი _
სადმე მშვიდად განსვენება მერგოს.

2018

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მაიკო მიქაია - Page 2 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 2 EmptyFri Dec 07, 2018 9:57 pm

მაიკო მიქაია

თოვლის ლოდინში

ლოდინის მეტი რა დამრჩენია,
როცა მზე დაღლილ
ღრუბლებში შედის
და ველოდები თოვას _
ჩემიანს...
რა დამრჩენია, ლოდინის მეტი.

და თვლემა,
თეთრი სიზმრით ორსული,
წამწამზე მაფრქვევს ფიფქებს პაწიებს...
თოვლმა,
ჯერ ცხადში აღარ მოსულმა,
სიზმარში როგორ შემოაღწია?

მოვიდეს,
თუნდაც სევდა მოჰქონდეს,
ტანზე ჩამაცვას თეთრი ლანქერი,
როდესაც გვიან ნაშემოდგომევს
წყლიან თვალებში
უხმოდ ჩავცქერი.

თოვლს ველოდები,
სევდანათოვი...
ეჰ, ახლა კაცი
(ქალიც) დალევდა,
რომ დაივიწყოს ეს სიმარტოვე
და დარდის კვალი
ჩამქრალ თვალებთან.

ელვის შოლტები
ღრუბლებს ლესავენ,
ცა,
მოქუფრული,
ტოტებს გასჩრია
და... მოდის წვიმა,
რადგან ჩემსავით,
სხვა არჩევანი არ გააჩნია.

2018

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მაიკო მიქაია - Page 2 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 2 EmptyThu Dec 13, 2018 10:54 pm

მაიკო მიქაია

ხარ...

შენ ხარ... და შენშიც
სუნთქავს ქვეყანა,
იმედს აწვეთებ
თვალებს მზეჩამქრალს.
ცხოვრება უნდა გადაგეტანა,
სიყვარული რომ გამოგეცადა.

რომ არ მოგკლას
და არ გაგახელოს,
ხსოვნაში ფანტავ
ტკივილს ჩაუმქრალს _
ფრთა მოეკეცა
ფერმკრთალ ანგელოზს
და ერისწყალთან
ფეხი დაუცდა.

ღვთის სიყვარულის
არის დასტური
ის გრძნობა,
ასე რომ დაჰკანკალებ,
მაინც გარდაცვლილ
ფოთლებს დასტირი _
მიწამდე სული
ვერ მიატანეს.

თავს ხრი უღონოდ
და მტკივან თვალებს
ხუჭავ, წარსული
გტკივა დღეს უფრო,
ფიქრებს სიტყვები წამოაფარე,
ღამე ცრემლებად
რომ არ გესტუმრონ.

შენი სიცოცხლის დასაბამიდან,
ეძებ ცალსა და
იმ მთებს დაეძებ,
სად მიწამ მზისკენ
მხრები აზიდა
და თითქმის მისწვდა
ცას ყვრიმალებზე.

ხან ცეცხლი ხარ და
ხანაც ნაცარი.
აცალე, ბედი
მოვა შენთანაც...
რადგან ჯერ კიდევ
თრთი და ფართხალებ,
შენ ხარ!..
და შენშიც
სუნთქავს ქვეყანა.

2018

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მაიკო მიქაია - Page 2 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 2 EmptyTue Jan 22, 2019 7:28 am

მაიკო მიქაია

***
მშვიდად სუნთქვასაც
რომ აღარ გაცლის,
ეს ცხოვრებაა...
ანდა რაც არი.
ბევრი რამეა
აქ თვალწარმტაცი,
ძალიან ცოტა _
გულწარმტაცავი.
თუ უკრავს მხოლოდ
შავი კლავიში,
მონოტონურად
ჟღერს შეჩვენება,
ყრუდ აყოლილი
მძიმე ნაბიჯებს:
_ რა გეშველება?!
_ რა გეშველება?!
მებღაუჭება,
როგორც სულთმობრძავს,
გულში დარდი და
მხარზე ყორანი
და ველოდები,
რომ დაუნდობლად,
ბოლო სუნთქვასაც
ჩამიქოლავენ.
შეუძლებელი
რად ხდება შერთვა,
მასთან, ვინც შენთვის
სანუკვარია?!
როგორ ვკანკალებ...
მე მცივა, ღმერთო...
და ღმერთო, რატომ
ასე ძალიან?!
...თვალწინ კი ჩნდება
ლურჯი ზმანება,
ზღვა _ ფაფრიანი,
თეთრი იორღა,
გადაუარა
მიწას ტალღებად
და საუკუნე ამოიოხრა.
მე კი...
მე ვდგავარ
უცხო ნაპირთან,
ჟანგისფერ სისხლით
ვალტობ ხრიოკებს
და ამოსუნთქვის
მღვრიე ტალღიდან
საკუთარ სულს თუ
ამოვიოხრებ.

2019

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





მაიკო მიქაია - Page 2 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 2 Empty

Back to top Go down
 
მაიკო მიქაია
Back to top 
Page 2 of 3Go to page : Previous  1, 2, 3  Next
 Similar topics
-
» მაიკო მიქაია

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: