არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ბელა ჩეკურიშვილი

Go down 
3 posters
Go to page : Previous  1, 2, 3  Next
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyMon Oct 30, 2017 8:41 am

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Bella_11

ბელა ჩეკურიშვილი

ამბავი ცერცვისა და კედლისა

„შეაყარე კედელს ცერცვი...“ - ქართული ანდაზა


ეს მაშინ,
როცა ჩვეული მოძრაობით
კედელს მეათასედ შემაყარე,
როცა წკაპა-წკუპით ძირს ჩამოვცვივდი,
როცა ხელები ჰაერში აიქნიე ნიშნად იმისა,
რომ კედელი გლუვია,
ცერცვის მარცვალი კი ბრიყვი და სხმარტალა,
როცა იფიქრე,
რომ კედლისა და ცერცვის ამბავი ისე სანდოა,
შეხედვაც კი აღარ სჭირდება,
სწორედ მაშინ,
როცა მშვიდად მიუბრუნდი ქარს და საზრუნავს,
სწორედ მაშინ,
ფესვი გავიდგი.
სწორედ მაშინ
დაუმთავრდა სიბერწე კედლს,
ტანი გაუთბა და ნაპრალები შემომაშველა...
რა უნდა მოსთხოვო
ერთ გულუბრყვილო ცერცვის მარცვალს
ხვიარად რომ დაბადებულა,
დღენიადაგ საყრდენს რომ ეძებს
და მზად არის,
ვინც შეხვდება, გადეხვიოს.
რა უნდა მოსთხოვო
მოულოდნელად გაღვიძებულ ცერცვის მარცვალს,
როცა საკუთრი სიმწვანეც კი ისე აბრუებს,
უგზო-უკვალოდ იფოთლება და მსხმოიარობს...
და მაშინ,
როცა მზეში ოქროსრქიან ვერძებს ვითვლიდი,
ფოთლებს ვუწვდიდი შეყვარებულ ჭიამაიებს
და ღრმა ძილიდან გამოფხიზლებულ ბებერ კედელს
წყლის და მიწის ამბავს ვამცნობდი,
როცა ვცდილობდი,
ჩემს პაწაწინა ცერცვის გულში
ახალ-ახალი სასწაულები აღმომეჩინა,
გამომეხმო ყველა ზღაპარი,
რასაც დედა გვიყვებოდა მე და ჩემს და-ძმებს
გრილ და ნოტიო პარკში წოლისას,
მაშინ,
როცა მეგონა,
თუკი მოვედი,
ყველა ცოცხალ და მფეთქავ არსებას
ჩემს სიყვარულში დავარწმუნებდი,
სწორედ მაშინ,
რატომღაც უკან მოიხედე
და
შეგეშინდა.
... როგორ გიმტყუნე,
შენ ხომ ისე ალალად მენდე,
მე კი ბრიყვულად დავარღვიე ათასწლოვანი სიტყვების ტაბუ
შენ და შენს მოდგმას აკვანშიც რომ განუგეშებდათ,
რასაც სწავლობდით მამიდან შვილზე,
რასაც პაპების სიბრძნე ერქვა
და დიდპაპების გამოცდილება,
აბა, ჩემი გაღვიძება რად გჭირდებოდათ,
სიმწვანე ხომ იმდენი გქონდათ,
ცერცვის ერთი ყლორტი რა არის,
ფეხქვეშ გეფინათ.
ოდითგანვე, სხვადასხვა მარცვალს,
თქვენც ანდობდით მიწის სველ და მხურვალე საშოს,
მაგრამ კედელი
უნდა მუდამ გულცივი და ყრუ ყოფილიყო,
ცერცვის მარცვალს კი თავში ჭკუა უნდა ჰქონოდა
და ბრმა კენჭივით ესხმარტალა მის ზედაპირზე...…
და მაშინ,
როცა შენი შეშინებული ხელები დავინახე,
და მაშინ,
როცა ყელში ჩაფხრეწილ ბგერებს
გაკვირვების ავი ბოღმაც ამოაყოლე,
და მაშინ,
როცა ძვლები გაგიცივდა
და იმიტომ გამოიქეცი,
რომ კედლიდან ჩემი ყველა კვალი მოგესპო,
ვიდრე სხვები დამინახავდნენ, ათასწლოვანი ტაბუ იქნებ გადაგერჩინა,
სწორედ მაშინ,
ვიგრძენი რომ
შიშზე ძლიერი გრძნობაც არსებობს,
შიშზე ვერაგი გრძნობაც არსებობს,
შიშზე მარტივი გრძნობაც არსებობს,
და
შემეცოდე _
ავი ბოღმისთვის.
შეშინებული ხელებისთვის.
დამზრალ ძვლებისთვის.
შემეცოდე,
ცასაც ავხედე,
და უფრო მეტად ავეკარი დაბზარულ კედელს,
ტანი კეკლუცად შემოვხვიე,
ქვებს გავუსწორე,
ფოთლები განზე გავშალე
და
ჩუქურთმად ვიქეც..

ბმული - http://www.bu.org.ge/x1764?lang=geo

study


Last edited by Admin on Sat Jun 06, 2020 1:11 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyMon Oct 30, 2017 8:43 am

ბელა ჩეკურიშვილი

მამას

(ტრიპტიქი)

I.
ჩემთან ეძებდი,
რაც ვერ გითხრეს სატრფომ და ცოლმა,
რაც დაგიმალა დედაშენმა
და მეზობლის ქალს არ გაემეტა,
ჩემთან ეძებდი,
რაც ვერ მოგცა ვერც რძემ, ვერც ღვინომ,
ვერ მიუხვდი წყალსა და მიწას,
ჩემთან ეძებდი,
გჯეროდა რომ მე გაგიმხელდი,
ან უნებლიედ წამომცდებოდა
და იმედით შემომყურებდი,
როგორც მდინარეებში ჩაფენილ ტყავებს შეჰყურებდნენ
ძველი კოლხები
და ზედ დალექილ ქვიშის ნამცეცებს
მისხალ-მისხალ ართმევდნენ ოქროს,
გჯეროდა,
მამის სიყვარული ის ძალაა,
ნათელისგან ბნელს რომ გამიჯნავს,
რაც ქალიშვილებს აქეზებს, რომ
აკრძალული ხილი მოწყვოტონ,
რაც წარღვნის მერე კიდობნიდან გაშვებულ მტრედებს
ზეთისხილის რტოს აპოვნინებს,
გჯეროდა,
რომ საკუთარი სისხლი გეტყოდა იმ საიდუმლოს,
სამოთხიდან განდევნის დღეს რომ დაუმალეს
ქალებმა კაცებს
და მელოდი,
ღამეს მითევდი,
მხრებზე მისვამდი
და ნაძვის ხეების დახატვაშიც მეხმარებოდი,
ნებას მაძლევდი, შენს ძვლებზე მევლო
და საქანელად
შენი გული გადამერწია,
არ იშურებდი,
რაც დააკელ სატრფოს და დედას,
რაც დაგავიწყდა ცოლისთვის და
არ არგუნე მეზობლის კახპას,
ფრთებს მისწორებდი აფერენის წინ და
ნუგბარი რომ მომაკლდებოდა,
საკუთარი ხორცით მკვებავდი,
იცდიდი.
მაგრამ დაგავიწყდა,
რომ შვილები
პირველ რიგში მშობლებისგან გარბიან ხოლმე,
გარბიან, რადგან მათი სიყვარული
ნელ-ნელა ყელზე გამობმული ქვასავით მძიმდება
და ცურვისას ფსკერისკენ მიათრევს,
რომ ქალიშვილებს
მისჯილი აქვთ უცხო მამრების კვალზე წანწალი,
რომ ეშინიათ,
სიყვარული მამებსაც რომ გაუნაწილონ,
სამსხვერპლო კოცონს მხურვალება დაეკარგება,
რომ ისინი
არასოდეს არ ამხელენ იმ საიდუმლოს,
სამოთხიდან განდევნის დღეს რომ დაუმალეს
ქალებმა კაცებს.

II.
მისხნიდი, რომ ეს ყინულის ლოლოები,
გველეშაპის კბილებია,
ზამთრობით რომ ჩვენს ეზოში სახლობს.
მიხსნიდი, რომ თუ დავხატავ
ნაძვებს, ფერადმძივებიანს,
თოვლის კაციც მივუხატო ახლოს.
რომ პატარა ქალბატონი,
თუ იქნება ხუთოსანი,
მამის გულში მას ვერავინ შეცვლის,
რომ ხოჭოებს სიბნელეში
ზურგები აქვთ უთოსავით
და ძალიან ეშინიათ ცეცხლის.
მიხსნიდი, რომ თუ იადონს
გამოვუშვებთ გალიიდან,
ბევრი ფრენით ეტკინება ფრთები,
რომ ზღაპრული დევის გვერდით
მუდამ დევის ქალი იდგა,
დევგმირებს კი ზოგჯერ დღესაც ვხვდებით.
მიხსნიდი, რომ სადედოფლო კოშკს და მიწას,
უცხო მოყმე მოადგება ბევრჯერ,
რომ ათასგზის დამიდებენ
ზავს და ნიძლავს
და თუ მინდა გამარჯვება შევძლო,
ნუ გავყვები ლაბირინთში
ძაფის გორგალს,
ნუ გავამხელ მამისეულ ანდერძს.
მიხსნიდი, რომ
ქმარი ხეებს ასხამს ფოთლად,
მაგრამ მამას ღმერთი ერთხელ გვაძლევს...

III.
როცა მითხარი,
აყვავებულ ალუბალზე მშვენიერი იქნები და
ბაობაბის ხეზე ძლიერიო,
დაგიჯერე.
წყალში რა გინდა,
თევზზე უფრო ელასტიურ სხეულს მოგცემ და
ის სახლი, შენ რომ აგიშენებენ,
მარჯნებზე მტკიცე იქნებაო,
დაგიჯერე.
ცას რას შესცქერი,
შენი თვალები ფრინველის ფრთებზე სწრაფი იქნება და
მზეც თვითონ მოვა შენთანო,
რომ მეუბნებოდი,
დაგიჯერე.
წამოდი,
ფუტკრებს ან ისეთი ერთგულება სად შეუძლიათ,
ან იმგვარი თავისგანწირვა,
როგორც იმ თიხას,
კაცის ფორმა რომ მივეცი და
წყვილს რომ ნატრობსო,
დაგიჯერე
და წამოგყევი.
შენ კი ის თიხა ჩემზე მეტად გიყვარდა მაინც,
რადგან პირველქმნილებას
სხვა ხიბლი და სიხარული ახლავს ყოველთვის,
ამიტომ აღარ გამიმხილე,
რომ ერთხელაც შემრცხვებოდა და
ტანს ფოთლებით დავიფარავდი,
არ გამიმხილე,
რომ ცოლობის გარდა,
ჩემგან დედობასაც მოითხოვდნენ,
ვიღაცის შვილი მეც ვიქნებოდი
და ყველა მამრი,
ვისაც კი სისხლით ვაზიარებდი ფეხადგმულ მზეს და
აყვავებულ ალუბლის ხეებს,
მოისურვებდა,
რომ მხოლოდ მისი ყოფილიყო
ეს ვარდისფერი ნათებაც და
ეს ოქროსფერი მხურვალებაც,
რომ მამა, ქმარი,
ძმა, შვილი და მისი ბადიშიც,
ერთმანეთის ქიშპით და ბოღმით,
ნაწილ-ნაწილ ისე დამშლიდნენ,
ჩემი პირველი საწყისიდან
მხოლოდ სახელის ასოები გადარჩებოდა....

ბმული - http://www.bu.org.ge/x1764?lang=geo

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyMon Oct 30, 2017 8:44 am

ბელა ჩეკურიშვილი

სიგარეტის ნამწვები

ვიდრე ამ რაინისპირა ქალაქში ქვაფენილს დაჰყურებ
და ქვებს შორის სიგარეტის ნამწვებს ითვლი,
გახსენდება, როგორ კრეფდით ასეთ ნარჩენებს
ოდესღაც, სულ სხვა ქალაქის ქუჩებში,
მერე პლასტმასის მილით რომ მოგეწიათ.

და როცა გეკითხებიან, რა ხდებოდა შენს ქვეყანაში,
როცა ერთ დღესაც საბჭოთა კავშირი აღარ იყო,
როცა ნანატრი თავისუფლება
შენს თაობას ფანტივით ერგო,
ის სიგარეტის ნამწვები გახსენდება
ქუჩაში, ტროტუარის კიდედან აღებული
და პასუხობ:

რომ შეყვარებულები ვერ იგებენ როდის ღამდება
და სახლებისკენ არც არასდროს მიუწევთ გული,
თუკი პარკში სითბოა და მთვარის სინათლე,
რომ ღამეები მაშინ ძალიან მოკლე იყო
და გათენების ხმები - ვერცხლის სიმზე წკრიალა,

რომ
მოზარდობისას სიგარეტის ღერებს მამებს ვპარავდით
ეს ხან საბჭოთა იყო, ხან უცხოური - ბოშებთან ნაყიდი,
იმის მიხედვით, რა განწყობაზე იყვნენ ხოლმე ჩვენი მამები,
რისთვის ემეტებოდათ დედებისგან დაზოგილი ოჯახის ფული,
მერე კი, როცა უკვე სტუდენტებს შეგვეძლო
თავხედურად, ღიად, საჯაროდ მოგვეწია
და მშობლებისთვის დამოუკიდებლობა გვემტკიცებინა,
ქვეყნის დამოუკიდებლობამ მოგვისწრო
და ნამწვავებზე გადაგვისროლა.

ჩვენი სიყვარულიდან
ჩვენი სტუდენტობიდან
ჩვენი თავისუფლებიდან
მხოლოდ სიტყვები დაგვრჩა
რომელიც აი, ლექსებად ვაქციეთ და ვცდილობთ,
იქნებ ახალ სამყაროს
სიტყვების ამ ნარჩენებით მოვულბოთ გული,
სიგარეტის ფული რომ გვქონდეს.


:::

study


Last edited by Admin on Fri Feb 12, 2021 10:19 am; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptySun Dec 03, 2017 2:30 pm

ბელა ჩეკურიშვილი

ცაცხვზე და კაცზე

თემურ ჩხეტიანს

მწერ, აცივდაო,
მზემაც უკვე ძალა დაკარგა,
მაგრამ ხეები იმისთანა ცეცხლით იწვიან,
თითქოს მადლობით გვირიგებენ ახლა კარდაკარ
რაც მზისგან ერგოთ და ვერ ახშობს მჭრელი სიცივე.
ნეტავ გაჩვენა, ის ცაცხვის ხე როგორ ანათებს,
ჭიშკართან რომ დგას,
და წყლისთვის რომ გარეთ გავდივარ,
ახსენდება და ძველ ამბებზე ისევ ვკამათობთ,
მეზობლის ქალმა შემოგვისწრო კიდეც ამ დილას
რომ ვარწმუნებდი,
კი არ გაქრა, ვეღარ ახერხებს,
ხშირად ჩამოსვლას, შორს არის და გზა კი ძვირია,
სამაგიეროდ, ფოსტა მოდის იმის სახელზე,
შენ ვერ გაიგებ, გულში ვის რა გასაჭირი აქვს.
აცივდა,
მაგრამ გადავწყვიტე სოფლად დარჩენა,
ცოტა შეშა მაქვს, ცოტაც ღვინო და თავს გავიტან,
ეს ცაცხვიც როგორ დამგურგურებს, ნეტავ, გაჩვენა,
ასეთ მეგობარს არც ხანი აქვს და არც სამანი და
ვერ მივატოვებ,
თანაც მალე თოვლს რომ ჩამოჰყრის,
გავალ გავძახებ, ხან შენს სახელს, ხანაც ბიჭების,
შორს რომ არიან, გულს რა ვუყო, თორემ ამ ოხერ
ზამთარში ცაცხვიც ლამაზია, გაღმა ფიჭვებიც.

ბმული - https://www.facebook.com/notes/bella-chekurishvili/ცაცხვზე-და-კაცზე/10155971938999044/

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptySun Sep 02, 2018 8:45 am

ბელა ჩეკურიშვილი

პიანინო

ბებიამ თქვა: პიანინო უნდა ვიყიდოთ,
აი, უკვე ორნი არიან,
დები ერთად დაუკრავენ და იმღერებენ,
მოიწონებენ თავს მეგობრებში, ყმაწვილკაცებში.
და ვიდრე მშობლები ჩემთვის სახელის შერჩევაზე ჯერაც დავობდნენ,
მან პიანინო შეუკვეთა, გერმანული როინიში, დედაქალაქში.
თავის ყოფილ მოსწავლესთან ჩავიდა
და ორ კვირაში გამოუგზავნეს,
თან ამწყობიც გამოაყოლეს - გზაში აშლილი ტონალობის გასასწორებლად.
დების სიმღერას კი ფონად ექცა ფორტეპიანოს საძულველი გაკვეთილები,
და ბებიას დამუნათება:
“იმეცადინეთ, იმხელა კაცი შევაწუხე, ეს რომ გქონოდათ”.

იმხელა კაცი - ჩვენი ბავშვობის განუყრელი თანამგზვრი,
ვთამაშობდით თუ ტელევიზორში ხუთწუთიან მულტფილმს ვუცქერდით,
თავზე გვადგა და ნაბიჯებს ზუსტად გვითვლიდა.
იმხელა კაცი მაშინაც არ წასულა ჩვენგან,
როცა ბებომ ჩვეული სიმარჯვით შეკრა ბარგი და უხილავ ბილიკს აუყვა,
და არც მაშინ, როცა ერთ დღესაც
იმ უხილავი ზეცის ბილიკს ბიჭი ჩამოჰყვა
და ნათესავებს დაჟინებული ჩხავილით გვამცნო,
რომ ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა.
ვიდრე მშობლები მისთვის სახელის შერჩევაზე ჯერაც ვდაობდით,
მისმა ბებომ თქვა:
პიანინო უნდა გავყიდოთ. ბიჭი მოვიდა, რძე სჭირდება, მაწონი ყველი,
ბევრი ფაფა და ხაჭაპური.

პიანინო? - გავიკვირვეთ მაშინ დებმა,
და ყოყმანით გავხედეთ ოთახს,
წლების მანძილზე იმხელა კაცის აჩრდილი რომ ავსებდა და აბუბუნებდა,
ახლა კი ერთი პაწია კაცი უპირებდა გამოსახლებას, სულაც განდევნას.
ის გერმანული პიანინო ორ ძროხად იქცა,
თან პატარა ხბოც გამოაყოლეს, ახალნაშობი,
ფური ადვილად რომ მოგვეწველა.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyTue Sep 11, 2018 11:09 pm

ბელა ჩეკურიშვილი

მზრუნველი დედა

მინდოდა, ჩემს შვილს ნაყინი ჰყვარებოდა,
როგორც ყველა ბავშვს,
ქუჩაში ფეხებს რომ აბაკუნებენ და გაჰყვირიან :
„ნაყინი მინდააა! მიყიდეეე!“
ეს კი პირიქით,
ნაყიდს პირიდან აფურთხებდა და შემომტიროდა:
„რატომ მაჭმევ ამ ცივსა და სველს?“
ჯერ ვიფიქრე, ვანილისა არ მოეწონა,
ვუყიდე მარწყვის, შოკოლადის,
ხილით, ნაღებით,
ვცადე ნაყინის კოქტეილიც,
ვაჩვენებდი,
როგორ ელოკა ძაბრულა ვაფლში ჩამოსხმული,
მიმყავდა კაფეში, მაკდონალდსში, რომ ენახა
როგორ დგანან ნაყინის რიგში,
განწყობა ხომ გადამდებია და იქნებ სურვილი გასჩენოდა,
შეჰხარბებოდა...
მან კი ყოველ ჯერზე იმედი გამიცრუა,
ყოველ ჯერზე გულგრილი იყო.
ისე გახდა ბავშვიდან დიდი,
მაინც ვერ მიხვდა, დედამისი რად აძალებდა...
მე კი მინდოდა, კარგი დედა ვყოფილიყავი,
იმ მრუმე 90-იან წლებში,
ახალგაზრდა, ყოჩაღი დედა,
შვილს რომ ყველა ნატვრას უსრულებს,
რადგან გაუმართლა,
მუშაობს და ნაყინის ფული აქვს...

study


Last edited by Admin on Thu Feb 11, 2021 10:30 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyMon Dec 24, 2018 12:18 pm

ბელა ჩეკურიშვილი

***

სიკვდილს ებრძვის,
ვიმეორებთ თავდაჯერებით,
კლინიკაში გადავიყვანეთ
და სიკვდილს ებრძვის.
ძველები იტყოდნენ: სულთმობრძავია.
ფიქრობდნენ, რომ ეს ავადმყოფის სული ებრძვის
შავეთს და ბნელეთს.
მაგრამ იქნება წასასვლელად იბრძოდეს სული,
იქნებ დარჩენა კი არადა და გაქცევა უნდა,
საკუთარ სხეულს აუჯანყდა,
რომელიც აქეთ, სამზეოსკენ ებღაუჭება?
ეს სხეულს სჯერა, რომ სამზეო აქეთ არის, დედამიწაზე.
მეც ასე მჯერა
და შევყურებ სასუნთქ აპარატს,
მამაჩემის წამებს რომ ითვლის,
ვეძახი ექიმს, გამარკვიოს, დამაიმედოს,
რომ ორთაბრძოლა დასრულდება აქეთ დარჩენით.
მაგრამ ან ჩვენ და ან ექიმმა
ვიცით განა, რა ახსოვთ სულებს,
რა გადმოჰყვათ იქიდან აქეთ გადმოსვლისას,
რას ესწრაფიან?
იქნებ და არც რა
და სწორედ ახლა ცდილობს გაგებას,
ფიქრობს, აი, დრო მოვიდა
გადაჭრას ყველა ვალდებულება,
სიყვარულის სახელით რომ აჰკიდეს მას დაბადებიდან,
ხან დედის სახე რომ ჰქონდა და
ხანაც ჩვილი შვილიშვილების
ალბათ ცელიც ამისათვის ხდება საჭირო,
რომ გაგვისვას გაწვდილ მკლავებზე
ამ სულელ შვილებს,
სასუნთქ აპარატს გამწარებით რომ ჩავჭიდებივართ.

2018

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyWed Jan 30, 2019 9:42 am

2016 წელს გერმანელმა პოეტმა ნორბერტ ჰუმელტმა საქართველოში იმოგზაურა, მათ შორის ფშავსაც ეწვია. შუაფხოში მას ნატო ინგოროყვამ და ელიზბარ ელიზბარაშვილმა უმასპინძლეს და იახსრის ხატში აიყვანეს. ეს ლექსიც იქ შეიქმნა.
ბელა ჩეკურიშვილი, მთარგმენლი


ნორბერტ ჰუმელტი

სალოცავი

მდინარის ფონი პირველად რომ გადავიარეთ,
ბილიკზე გველი გაიკლაკნა, უკვე ქვიანზე,
მერე ფერდობი მეტისმეტად დამრეცი გახდა. ზევით

ეულად მდგარი ხის ქვეშ, ცხვრის რქები დაგვხვდა,
ერთი თვის უკან შეეწირათ მსხვერპლად და მკაცრად
გვეკრძალებოდა შეხება მასთან.

ეს რა ხე იყო, რომ ვიკითხე, ტელეფონს ერთმა
ჩახედა წამით და პასუხი სატელიტმა მყის გვიკარნახა.
ასე როგორ დაბნელდა მიწა, რომ არც ერთ ჩვენგანს

აღარ ძალგვიძს რამის დანახვა.
ფერდობი კი მიიწევდა კვლავაც ციცაბოდ. მაგიდა დაგვხვდა,
ხატობას რომ ტრაპეზობს მრევლი. მის შორიახლოს

ღვთისმშობელის საკუთრთხეველი.
ქალები სწორედ აქ შეჩერდნენ. მსურდა, მეთხოვა
შემწეობა, დანაკარგი მაკმაროს ძველი.

გზა გავაგრძელეთ ზემოთ, ნიშისკენ,
სახვევები იქ რომ ეკიდა, სამსხვერპლო ცხვარს იცავს შიშისგან,
მორჩილად ხვდება ყელის გამოჭრას.

და კიდევ ერთი კოშკი გამოჩნდა უხატო ხატის.
მამაკაცებსაც ეკრძალებათ შეხება მასთან, სიტყვები გაქრა.
მეც ხომ ასე გამომჭრეს ყელი, თუმც ახლა აქ ვარ,

ჭრილობამაც შეიკრა პირი. დღე იყო ისევ
იქიდან რომ დავეშვით თავქვე, გადმოვიარეთ ის ფონი უკან
და თვალი ვკიდეთ სანოვაგით დატვირთულ სუფრას.

ახალდაკლული ცხვარი იდო ტარხუნის და ტყემალის წვენში.
იმ დღესავით გამჭვირვალე დიოდა ღვინო,
სისხლი იყო მუქი და მრეში.

2016

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 490
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyFri Mar 15, 2019 4:44 pm

ბელა ჩეკურიშვილი

კავშირი

„გამიშვი, მარია“, - მესამე დღეა მექანიკურად იმეორებს ვიტორიო და ფიქრს ქარის ზუზუნს აყოლებს. მესამე დღეა მონადირის ქოხში ხის მერხებზე წვანან და საძილე ტომრებიდან ცხვირები მოუჩანთ. იციან, რომ მალე პრიმუსში ნავთი გათავდება და ჩაისაც ვეღარ დალევენ. ზაქრო ამბობს, რომ უკან უნდა დაბრუნდნენ - მთა არ უშვებთ. მაგრამ ვიტორიომ იცის, რომ მთა კი არა, მარია არ უშვებს, რომ მარიას ეშინია, ვიტორიო არ დაკარგოს და ამიტომ არ უშვებს. შარშანაც ასე იყო და შარშანწინაც. ორჯერ ჩამოვიდა ვიტორიო კავკასიაში, ორჯერ დაიძრა სტეფანწმინდიდან მყინვარის პლატოსკენ, ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ ნისლი გადაივლიდა და მწვერვალი გამოჩნდებოდა, მაგრამ მოხევეების პროგნოზი მართლდებოდა, ამინდს გამოდარების პირი არ უჩანდა და ვიტორიოსაც ამ მოგზაურობიდან მხოლოდ ფოტოკარდები რჩებოდა.

მისი ფოტომოწყობილობის დანახვაზე გლეხები იცინოდნენ, ხელებს იქნევდნენ და რაღაცას უხსნიდნენ. ვიტორიოც იცინოდა და ფოტოებს უღებდა მათ, მათ შვილებს, მათ სახლებს, მათ ცხენებსა და თივის ზვინებს.

ამ რამდენიმე დღის წინ სტეფანწმინდაში ბერნანდოსთან ერთად ამოვიდა. ცხენიდან ჩამოხტა თუ არა, ბავშვებმა იცნეს, შემოეხვივნენ და პირდაპირ ზაქროს სახლისკენ წაიყვანეს. გზაში გლეხები ხვდებოდნენ, ნაცნობები, უცნობები, ქუდს იხდიდნენ და ესალმებოდნენ.

მისი დანახვა ზაქროს არ გაჰკვირვებია. იმ ღამეს ისევ ის უცნაური გემოს არაყი დაალევინა და გათენებისას ყაზბეგის მთისკენ წამოუძღვა. იმ ცოტა რუსულით, რაც ზაქრომ იცის, და კიდევ უფრო ცოტა სიტყვებით, რაც ვიტორიოს ესმის, მოხევე ცდილობს, იტალიელებს აუხსნას, რომ მთა არ უშვებთ, რომ ყაზბეგმა ასე იცის, თუ განწყობაზე არ არის, არ აგიშვებს. მაგრამ ვიტორიო სხვაგვარად ფიქრობს, ზაქროს ამას ვერ გააგებინებს, ამდენი რუსული სიტყვა ვიტორიომ არ იცის და რომც იცოდეს, ალბათ ზაქრო არ დაიჯერებს, რომ მთა კი არა, მარია არ უშვებს, რომ მარიას ეშინია, ვიტორიო არ დაკარგოს.

მარიას უკვე ათი წელია ეშინია. ზაფხული რომ მოდის და ვიტორიო ზურგჩანთის ჩალაგებას იწყებს, მარია უძილობას იმიზეზებს და ღამეებს ოთახებში ბორიალში ათენებს. იყო დრო, როცა ვიტორიო მხოლოდ მარიას ხედავდა და ყველა ფოტოსურათს მარიას სახელი ერქვა: შადრევანს ქალაქის მოედანზე და თვითონ მოედანს, და სახლებს და აივნებს ამ სახლებზე, და ქუჩებს და ხიდებს ამ ქუჩებზე, და სოფლებს ქალაქის გარშემო და ბაღებს ამ სოფლებში. მარია წვიმდა ვიტორიოს ფანჯრებზე და მარია იღვრებოდა შუქად მის ოთახში განთიადთან ერთად.

მაგრამ მერე ვიტორიომ მთებისკენ დაიწყო ყურება და ფოტოსურათებზეც მთები გაჩნდა. თოვლით აივსო ოთახები, თოვლიანი მთები წამოსდგომოდნენ მარიას თავზე, სახლის ყველა კუთხეში აღმართულიყვნენ და ვიტორიომდე მისასვლელი გზა ჩაეხერგათ. ვიტორიომ მარია ლომბარდიის მთებზე გადაცვალა. თოვლიანი მთები გაჩნდნენ მათ შორის და მარიას ღამეები თოვლივით გაათეთრეს.

როცა შეამჩნია მარიას უძილო ღამეები, ვიტორიო ისე შეცბუნდა, თითქოს ქუჩაში ღიღინით მიმავალს მოულოდნელად მხრებში ხელი ჩაავლეს და შეანჯღრიეს. ვიტორიომ თავი დამნაშავედ იგრძნო. მაგრამ მორიგი მარშრუტი შედგენილი იყო და ჩანთაც ჩალაგებული. ძალიან, ძალიან დასევდიანდა ვიტორიო, ძალიან, ძალიან მაგრად მოეხვია მარიას და ძალიან, ძალიან ჩუმად უთხრა: „გამიშვი!“ მარია დუმდა. და ამ დუმილში ვიტორიომ გაარჩია: „მეშინია, არ დაგკარგო!“ ეს მარიას მხრებმა თქვეს, უღონოდ ჩამოყრილმა მხრებმა და მერე მკლავებმა გაიმეორეს. თვალები კი კიოდნენ: „რა გინდა იქ, რა დაგრჩენია?!“ ეს საკოცნელად რომ დაიხარა, მაშინ მოესმა. მაგრამ ვიტორიოს პასუხი არ ჰქონდა. მისი პასუხი ის ფოტოსურათები იყო, მწვერვალებზე რომ იღებდა და დაბრუნებული სახლს ავსებდა. ეგონა, რომ მარიას ესმოდა, ვიტორიოს „რა დარჩენოდა იქ“. როგორც სიბერეში გადასულ ცოლებს ესმით უსიტყვოდ მოღალატე ქმრების ვნებები მათი ახალგაზრდა სატრფოს დანახვისას.

სახლი სავსეა ვიტორიოს ვნების ვულკანებით, მაგრამ ახლა, ამ მოგუგუნე ვულკანთა შორის, განსაკუთრებით შემაშფოთებლად ჟღერს „კავკასია“. ვიტორიომ ეს მთები ჯერ სხვისი ფოტოებით შემოიყვანა სახლში, მერე თვითონაც წავიდა მათ სანახავად. ისე წავიდა, როგორც სატრფოსთან შესახვედრად გარბიან ხოლმე გიმნაზიელები - სულსწაფად, ფართიფურთით.

ვიტორიომ კიდევ ერთხელ უთხრა: „გამიშვი“, მაგრამ მარიამ ტუჩების შერხევაც კი ვერ შეძლო თანხმობის ნიშნად. მარიას ეშინია ამ მთების. დაზაფრულია. არა, მარია ამ მთებზე არ ეჭვიანობს. ეს უფრო მეტია, ვიდრე ეჭვი. ეს უსახელო შიშია. როგორც დედას ეშინია წამოზრდილი შვილის შეღამებულზე სახლიდან გასვლის. და ეს შიში ისეთი ძლიერია, ვიტორიოს მთაზე არ უშვებს. მარიას შიში ვიტორიოს სურვილზე ძლიერია, ხვდება ამას ვიტორიო. ამ შიშს მარიასავით დიდი თვალები აქვს და მარიასავით დიდი გული. ამ შიშს სიყვარული ჰკვებავს და იცის ვიტორიომ, რას ნიშნავს, როცა გრძნობას სიყვარული ჰკვებავს.

ქარი არ ჩერდება, სამი დღეა ნამქერს ატრიალებს და მათი ქოხის კედლებს აყრის. სამი დღეა ბერნანდოს სამი სიტყვა არ უთქვამს ზედიზედ. ის ვიტორიოს გადაწყვეტილებას ელოდება. ზაქროც ვიტორიოს გადაწყვეტილებას ელოდება. ვიტორიო კი წევს და მარიას ევედრება, რომ გაუშვას.

* * *

გათენებისას ქარი ჩადგა. ქოხმა მოულოდნელად შეწყვიტა რყევა, ვიტორიომ ეს ძილში იგრძნო. თანამგზავრებს გადახედა. ზაქროს თავი წამოეწია და ვიტორიოს უღიმოდა. ნეტავ რამდენი წლისაა? გაიფიქრა ვიტორიომ. მისთვის ასაკი აქამდე არ უკითხავს. შავ წვერში უკვე ჭაღარა აქვს შერეული, მაგრამ რას გაიგებ, კაფანდარაა, მუდამ წელში გამართული დადის და საუკეთესო მონადირედ ითვლება სტეფანწმინდაში. ვიტორიოს მის სახლში უაზარმაზარი ჯიხვის რქები აქვს ნანახი კედელებზე. დათვის ტყავები უგია საწოლზე და იატაკზე.

ზაქრო იღიმება და ახლა ბერნანდოს უყურებს. ბერნანდო დგება და პრიმუსს ანთებს. ზედ კარდალას დგამს ჩაისთვის. ზაქრო ისევ იმ უცნაური გემოს არაყს იღებს აბგიდან და პატარა რქაში ასხამს. ვიტორიო უკვე მიეჩვია ამ სასმელსაც და ამ რქასაც...

მერე ზაქრო წინ მიდის და ნაპრალებზე აფრთხილებთ. ვიტორიოს გულისკოვზთან რაღაც უღიტინებს, ლამისაა ხმამაღლა იმღეროს: „მარია“, „მარია“. ამ სახელს ყოველთვის იმეორებს, როცა მწვერვალისკენ მიდის. მარიამ არ იცის, რომ ვიტორიო მის სახელს იმეორებს, როცა მწვერვალზე ადის, როგორც არ იცის, რა დარჩენია ვიტორიოს მთებში.

ვიტორიო თოკშია ჩაბმული ზაქროსთან და ბერნანდოსთან ერთად, ფოტომოწყობილობით აღჭურვილი ხშირად ჩერდება და იმის ფიქსაციას ახდენს, რასაც მისი გული გრძნობს და ხედავს. ვიტორიოს ფოტოსურათები თოვლიან მწვერვალებზე დაწერილი ოდები, ჰიმნები და საგალობლებია. ვიტორიო მყინვარის გვერდით გაწოლილ გველეშაპს იღებს. ზაქრომ ჯერ კიდევ სამი წლის წინ, სტეფანწმინდაში მოუყვა ამ გველეშაპის შესახებ, კავკასიონზე მიჯაჭვული გმირის შესაჭმელად რომ წამოვიდა, მაგრამ ქართველმა წმინდა მხედარმა გააქვავა და მწვერვალამდე აღარ აუშვა. ისე როგორც მარია არ უშვებდა ვიტორიოს, შიშის ემისრებს გზავნიდა კავკასიაში და ქარბორბალას ატრიალებდა.

ვიტორიო ფოტოზე აფიქსირებს მზის პირველ სხივებს, მთებს რომ ეცემა და თვალს აყოლებს უფსკრულებს, სადაც ეს სხივი ვერ აღწევს. მისი კამერა გრძნობს, როგორ უახლოვდება ნელ-ნელა მყინვარწვერი. კამერა ვიტორიოს გულია, რომელიც მის ხელებში პულსირებს და იმაზე ადრე ამჩნევს ყველაფერს, ვიდრე თვალი დაინახავდეს.

* * *

ბერნანდომ ვიტორიოს მორიგ შესვენებაზე ჩანთიდან ლიმონი ამოიღო და ზაქროსკენ წავიდა. ვიტორიომ იგრძნო, რომ თოკმა დაქაჩა და ვიდრე გაიაზრებდა რა მოხდა, წონასწორობა დაკარგა და შტატივს გადაემხო. ზაქროს ყვირილი რომ მოესმა, უკვე თოვლზე მისრიალებდა. მექანიკურად მოიქნია წერაყინი და თოვლში ჩაასო. თავი რომ ასწია, ზაქრო დაინახა. ისიც წერაყინზე ჩამხობილი იწვა. მერე საიდანღაც ბერნანადოს კვნესაც გაიგონა, ყრუ კვნესა და ძახილი. და ვიტორიო მიხვდა, რომ ნაპრალის პირას იწვა.

„ბერნანდო!, ბერნანადო!“ - ყვირის ვიტორო და საფეთქლები უგუგუნებს. „მარია!, მარია!“, შხუის სისხლი მის ყურებში და სმენას უხშობს.

ნაპრალი ფართოა და ღრმა. ზაქრო თოკებს ქაჩავს, ვიტორიო ჩასვლას იწყებს, ბერნანდოს ხელები აქვს დაზიანებული, ვერ ეხმარება. ზაქრო მარჯვე და კუნთმაგარი მონადირეა, ასობოთ ჯიხვი ჰყავს აქ მოკლული, ორჯერ დაფლა უკვე თოფი, სისხლგამძღარი და ყავლგასული. ეს ნაპრალი არასდროს შეუმჩნევია, აქ ნაპრალს რა უნდა, მთაში ნაპრალების მეტი რა იცის, ზოგი ზაფხულში ჩნდება და ზოგიც შემოდგომის პირას, მაგრამ ეს ნაპრალი არასდროს უნახავს, აქ ნაპრალს რა უნდა!

ვიტორიოს სჯერა, რომ ზაქროს არაფერი შეშლია, რომ ზაქრო დამნაშავედ ტყუილად გრძნობს თავს, რომ ვიტორიომ იცის, ადრე აქ ნაპრალი არ იქნებოდა, არც ზაქროს ბავშვობაში იქნებოდა, პირველად რომ გამოჰყვა ბიძაშვილებს ამ გზაზე, მაგრამ ახლა ახსნის დრო არ არის, ამდენი რუსული ვიტორიომ არ იცის, და რომც იცოდეს, ვერ აუხსნის, ზაქრო არ დაუჯერებს, თუ ვიტორიო ეტყვის, საიდან გაჩნდა აქ ნაპრალი. ახლა ახსნის დრო არ არის, ახლა მთავარია, ბერნანდო ჩაიყვანონ სტეფანწმინდამდე, ხელები რომ აქვს დამტვრეული და ტკივილისგან დროდადრო გრძნობას კარგავს. ვიტორიოს ბათინკი გაეხა ნაპრალში, თოვლი შევიდა და დასველდა. მარჯვენა ფეხში თანდათან მასაც ეკარგება გრძნობა, მაგრამ ფეხის გაბუჟება რა მოსატანია, უნდა იარონ, სწრაფად უნდა იარონ, ხელებდამტვრეული ბერნანდო როგორმე სტეფანწმინდამდე უნდა ჩაიყვანონ.

* * *

ვიტორიო თვალს მილანის საავადმყოფოში ახელს. ცდილობს გაიხსენოს, რა მოხდა სტეფანწმინდიდან მილანამდე. ბერნანდო? ხელები არტახებში ჩაუსვეს მოხევეებმა. მას კი ფეხი სტკიოდა. მოყინული, გაშავებული ფეხი დაუზილეს, მაგრამ ტკივილი არ ჩაცხრა. ახლა აღარ სტკივა. ვიტორიო ხვდება, რომ მარჯვენა ფეხი აღარ სტკივა. ვიტორიოს შეუძლია ადგეს და გაიგოს, როგორაა ბერნანდო. ორივე ხელი ალბათ თაბაშირში აქვს. სადმე იქნება ახლოს. ეს ხომ საავადმყოფოა. ვიტორიო საავდმყოფოში წევს. ბერნანადოც სადმე ახლოს იქნება. უნდა ადგეს ვიტორიო და ბერნანდოს ამბავი მოიკითხოს. მაგრამ ვერ დგება. ფეხი აღარ სტკივა, მაგრამ მაინც ვერ დგება. ვიტირიო ფრთხილად წევს საბანს და საკუთარ სხეულს დაჰყურებს. როგორც ზევიდან, მწვერვალიდან დაჰყურებს ხოლმე ხეობებს, ფსკერამდე რომ თვალს ვერ აწვდენს, მზის სხივიც რომ გზაში ჩერდება. ვიტორიო ზევიდან დაჰყურებს საკუთარ სხეულს, როგორც უცნობ, დღემდე უნახავ ხეობას და თვალი უშტერდება. როგორც მისი ფოტოკამერა ყუჩდება და იძაბება უჩვეულო კადრის დანახვისას. ვიტორიოს მარჯვენა ფეხის ადგილას სიცარიელე აქვს, დიდი, თეთრი სიცარიელე, დოლბანდში გახვეული მუხლის სიქათქათეს რომ აგრძელებს, როგორც მყინვარის ქუდს მისი ენა...

„ვიტორიო! გაიღვიძე? რა კარგია! ჩემთან ხარ! კიდევ კარგი, არ დაგკარგე!“ - მარია ლოგინზე წამომჯდარ, გაკვირვებულ ვიტორიოს იხუტებს. „კიდევ კარგი, არ დაგკარგე!“ - დაუსრულებლად იმეორებს მარია და ცრემლები ღვარად ჩამოსდის - „ფეხი არაფერია, ძვირფასო, მთავარია სიცოცხლე არ დაგიკარგავს!“ - ცდილობს გაიცინოს.

„არ დამიკარგავს“, - დუმილით ეთანხმება ვიტორიო, - თვითონ დავიკარგე... და მარიას ვეღარ ხედავს...

23 მარტი, 2009 წელი

ბმული:
* http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0unikumu1--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&c=unikumu1&cl=CL4&d=HASH012f0ff1eac3967cf53be3e4.56.1

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyMon Jun 08, 2020 5:28 pm


ბელა ჩეკურიშვილი - მოვუხმობ ავდარს
•Jun 8, 2020

მოვუხმობ ავდარს
© ბელა ჩეკურიშვილი
(კითხულობს ავტორი)
© ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2020

***
I cause to bad weather
The verse by Bella Chekurishvili (in Georgian)
This clip is made with: Hey Jude -- pan pipes (Beatles).
© This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020

ბმული:
* https://youtu.be/LAXVX5GLX2E

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Bella_10


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyFri Jan 29, 2021 8:11 pm

ბელა ჩეკურიშვილი

ნანას ცხენი

ნანამ ცხენი დახატა.
რკინისფეხება საწოლის ქვეშ შეძვრა
და როცა ბოლოსდაბოლოს მოიკითხეს,
იქიდანვე გამოსძახა:
“ცხენი დავხატე”.
დეიდამ ჯერ ბავშვი დაბერტყა,
მერე საწოლი გამოაცურა,
კედლის ძირას ნაცრისფერი ლაქა მოჩანდა
და დაიხარა, ახლოდან კარგად რომ შეეხედა.
ამ ამბავს ისე ხშირად ყვებოდნენ,
როცა სიარული სხვებმაც ვისწავლეთ,
ცხენიან კედელს,
როგორც რამე სანახაობას, ისე ვსტუმრობდით.
საწოლს კი აღარ აცურებდნენ,
მე და ჩემი ძმა რიგრიგობით ვძვრებოდით მის ქვეშ.
იქ იყო ჩვენი ალტამირას გამოქვაბულიც და
ნასკას ველებიც,
განსაკუთრებით, ზამთრის რუხ საღამოებში,
როცა ბუხრიდან მომზირალი ცეცხლის სინათლე
იატაკს წითლად აღვივებდა
და ზედ გაწოლილებს ახალ-ახალი სურათებით გვასაჩუქრებდა.
ცხენი თავდახრილი იდგა და ძოვდა.
ნანა ამბობდა, ტყეში მიდისო,
ძმას სჯეროდა,
მაშინ ჭიხვინებს, როცა გვძინავსო.
რკინის საწოლის აღება მახსოვს.
დიდხანს მსჯელობდნენ, როგორი ტახტი შეერჩიათ:
“ბავშვები ზედ ითამაშებენ, საჭირო დროს კიდევაც გავშლით”...
და ნაცრისფერი, მძიმე ტახტი კედელს მიადგეს,
რამაც ჩვენი მობალახე, რუხი ცხენი
სრულად დაფარა.
“წავიდა, წავიდა, ჩვენი ცხენი, ტყეში წავიდა!” -
ხუმრობდა ნანა,
და ახლა უკვე ალბომებში აწებებდა ფერად ფოტოებს.
პატარებს კი ფლოქვების ხმა ყურებში გვედგა
და იმ ტახტზე დასაძინებლად მუდამ ვჩხუბობდით.
მახსოვს, ბებოსთან მეღა ვცხოვრობდი,
როცა დედამ ქალაქიდან რომბებიანი შპალერი გამოგზავნა
გაყვითლებული კედლების დასაფარავად.
დეიდამ კი მეზობელი დაიხმარა
და ჩვენი ბავშვობა
ნანას ცხენიანად
და ცეცხლის ალზე მოლივლივე ზამთრის საღამოებიანად,
ერთი ხელის მოსმით გააქრეს.


ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 512

ნანას ცხენი
ბელა ჩეკურიშვილი

ISBN 978-9941-31-274-8
სკატეგორია:თანამედროვე ქართული პოეზია
გვერდები:
ფორმატი:
ყდა: რბილი

„ნანას ცხენი“ ბელა ჩეკურიშვილის მეხუთე პოეტური კრებულია ქართულ ენაზე, რომლის გერმანულ ვერსიას, 2021 წელს, გამომცემლობა „ვუნდერჰორნი“ გამოსცემს.

„წიგნის გამჭოლი კონცეპტუალური ხაზი, ღერძი, რომელზეც მისი ოთხივე ნაწილი იკინძება, ასეთია: ეს არის პოეტური ნატურის პიროვნების სვლა ავტორიტარული ოჯახური გარემოდან – გარე, ტოტალიტარული სოციალური სივრცისაკენ, შემდგომ ამ სივრციდან გადანაცვლება თავისუფალ, ევროპულად დემოკრატიულ სივრცეში და ამის შემდგომ, ადრეული ბავშვობიდან მთელი ზრდასრულობის გავლით, საკუთარი წარსულის ხელახალი წაკითხვა ახალი ღირებულებითი სისტემის, აღქმისა და შემეცნების ახლებურ პირობებში,“ – ნინო დარბაისელი სტრონი.


ბმული:
* https://intelekti.ge/book_ge.php?id=847

study


Last edited by Admin on Wed Feb 10, 2021 10:38 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyWed Feb 10, 2021 10:09 am

ბელა ჩეკურიშვილი

მშობლის სტატუსი

შვილმოკლული მამა სტატუსია ჩვენს ქვეყანაში
და ეს მარადიულ ბრძოლას ნიშნავს,
რომ ერთ დღეს უთხრან:
დაისვენა შენმა შვილმა, იქ, გაღმა მხარეს,
მის მკვლელს მკვლელის სახელი ჰქვია,
და ამ სახელით შერჩება აწმყოს.
შვილმოკლული დედა სტატუსია ჩვენს ქვეყანაში
ეს მოუხდელ ვალს ნიშნავს და მოუწმენდ სირცხვილს:
როგორ შეხვდეს იმ ქვეყნად წასულს ასე პირშავად,
ვერ ჩაუტანოს ამბავი, რომ
მის მკვლელს მკვლელის სახელი ჰქვია -
რადგან მშობლები მარცხდებიან ყველა ბრძოლაში
აქვე, ჩვენს თვალწინ, ვინც მკვლელებსა და მოკლულთა შორის
უძრავად ვდგავართ
და საკუთარ თავს ვეღარ ვუყურებთ,
ქვებად ქცეულნი,
ოღროჩოღროდ დადგმულ ყორეს რომ დავემსგავსეთ.
და ისღა გვრჩება,
გალავნად მაინც შემოვერტყათ ცოდვებით სავსე ამ ჩვენს ქვეყანას,
ცოცხლები და მკვდრები მაინც ზუსტად გავმიჯნოთ...


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyWed Feb 10, 2021 10:12 am

ბელა ჩეკურიშვილი

შეთანხმება

მიერულა სულსა ჩემსა მოწყინებითა; დამამტკიცე მე სიტყჳითა შენითა. (ფსალმუნი 118, 28.)


ჩვენს შორის ყველაფერი წარმოსახვითია,
გამოგონილი, შეთხზული,
ეს ჩვენი შეთანხმებაა,
შენ შემომთავაზე და მე დაგთანხმდი,
როგორც ამინდი მთავაზობს მზეს
ანდა ქარიშხალს,
მე კი მხოლოდ კაბას ვუხამებ.
დაგთანხმდი, რადგან დამარწმუნე,
ასე უფრო იოლია ჩემამდე მოსვლა, უფრო სწრაფი, მოხერხებული,
რადგან ერთმანეთს გვაშორებს სივრცე, დრო და მანძილი.
ჰო, შენ თქვი ასე: რომ ეს სივრცეა, დრო და მანძილი,
მე არც ერთი გამომიცდია, არ მიგრძვნია,
და მხოლოდ ის შემიძლია, რომ დაგიჯერო,
სხვა გზა არ მაქვს, უნდა გერწმუნო,
რომ სადღაც, დროის მიღმა დარჩენილს,
მხოლოდ სიტყვაა, რაც შენამდე მომაღწევინებს,
შენს ამბავს მეტყვის, რას აკეთებ, რა გიხარია,
ალერგია ხომ არ გაწუხებს, ან შვებულებას როგორ ატარებ.
ვფიქრობდი, აი, ეს სიტყვები ფრინველებია,
მოფრინავენ და ბრუნდებიან - ჩემთან და შენთან,
ფრინველებს კი, ზოგჯერ ფრთებით მცენარეთა თესლიც გადააქვთ,
ზოგჯერ მწერებსაც დაატარებენ,
იქნებ გადმოჰყვეთ შენი სამყაროს რაღაც მცირედი ნაწილი მაინც,
იქნებ გაირღვეს სივრცისა და დროის კარიბჭე,
იქნებ სიტყვამ ინტონაციაც გადმოიყოლოს.
ჩვენს შორის მხოლოდ სიტყვებია,
უხმო, უფორმო, უსახო და უკომენტარო.
მე ვლაპარაკობ, შენ კი მისმენ,
აქამდე მხოლოდ ასე იყო, აქამდე მხოლოდ მე გიყვებოდი,
ფერებს ვატანდი, სურნელს, ეჭვებსაც,
ერთხელ ჟანგის გემოც გადმომყვა,
მაგრამ ცალმხრივი დინებით ხომ წყალიც იღლება,
იქნებ რაღაც მაინც მანიშნო,
თორემ დადნა სული ჩემი ნაღვლიანობით,
ნაღვლის სიმწარე შეეპარა და გაიცრიცა,
ჩიტის კი არა, ლამის წვეთის ძალაც დაკარგოს...
მომწერე, რამე,
რამდენიმე უბრალო სიტყვა
შემომეშველე,
რომ შევძლო და ისევ ვიდინო,
თუნდაც ხმად დავრჩე,
მაგრამ დავრჩე და ძველებურად გელაპარაკო.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyWed Feb 10, 2021 10:13 am

ბელა ჩეკურიშვილი

ჩრდილები

ისინი
ჩვენზე წინ რომ აღწევენ მიზანს,
გვასწრებენ კარში,
დაუბრკოლებლად
გაივლიან კედელზე, ჭერზე,
დადევნება არც კი ღირს ალბათ,
მხოლოდ თვალის გაყოლება -
როგორ შესწვდება შენი ჩრდილი მეზობლის თუთას,
ხის ქვეშ მდგარი
გოგოების ფეხებში ძვრება,
ამ მზიან დღეს რომ ტოტებს არხევენ,
გაწვდილ ხელებში
ლურჯი მუშამბის სუფრა უჭირავთ
და ვიდრე ჭიშკართან შეგამჩნევენ მორცხვად ატუზულს,
ჩრდილს თითები უკვე კიდეც გაშავებია,
ტუჩებს ილოკავს...
ეს მახსენდება, როცა ჩემი ბნელი მხარე
შენსკენ მომიძღვის,
კიბეზე მასწრებს,
ოთახიდან გამომავალ სინათლის ჩქერში
ბილიკად წვება
და მისრუტავს,
როგორც ცხელ კვამლს საბუხრე მილი.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyWed Feb 10, 2021 10:30 am

ბელა ჩეკურიშვილი

რა ვიცი მამაჩემზე?

მამაჩემი ოთხმოცის გახდა.
მისი გონება იბინდება, – ამბობს ექიმი,
სამწუხაროდ, ეს შეუქცევადი პროცესია, –
და თვალს გვარიდებს.

რა ვიცით კიდევ ჩვენს მამაზე,
იმის გარდა, რომ ოთხმოცის შესრულდა უკვე
და რაც ახლა ექიმმა გვითხრა? –
ვდგავართ და-ძმა და მხრებს ვიჩეჩავთ.

„მამაშენივით უწესო ხარ“ – ჩხუბობდა ბებო,
როცა ტანსაცმელს საწოლზე ვყრიდი,
წიგნებს საბნის ქვეშ ვკითხულობდი
და საეკლესიო სანთლებს ვღეჭავდი.

„ნუ იტყუები მამაშენივით, მაინც გავიგებ“,-
მემუქრებოდა დედა, როცა აღარ ვუმხელდი,
რად დამქონდა კეტები ჩანთით
ან დღიურში ჩუმად რას ვწერდი.

„ოჰ, მამაილავ,
შენი გინდა, რომ გაიტანო?
დადე, ვერ ასწევ“, – დამცინა ერთხელ მეზობელმა
წყლის ჭურჭლით სავსე ურიკას რომ დავებღაუჭე.

აბა, რა ვიცი მამაჩემზე?
ის, რომ ცუდი სიმთვრალე ჰქონდა და ცოტა ფული?
რომ ერთხელაც ყველა ქალი შემოეცალა
და სიბერეში მარტო ცხოვრობდა?

ერთხელ კი ბიჭმა,
სანდლებიდან მოჭყიტინე ფეხის თითებზე
მზერა რომ ვერა და ვერ მომწყვიტა,
მორცხვად შენიშნა: „რა უცნაურად ჩამწკრივებულან“.
„ჰო, მამაჩემსაც ზუსტად მსგავსი თითები აქვს“,-
შევცინე და გადავეხვიე.

კიდევ რა ვიცი, მამაჩემზე,
იმის გარდა, რაც ექიმმა ამ წუთას მითხრა?
და ვერც ვერაფერს ვეღარ გავიგებ,
უცხო ქვეყანას შეხიზნული.
და მისი ნავი გაღმა წყლებისკენ რომ დაიძვრება,
ხელს ვერ დამიქნევს,
და ვერც მომიჭერს,
(როგორც ფილმებში ხდება ხოლმე)
რომ მანიშნოს,
რა ვერ მოასწრო ეთქვა ჩემთვის,
და რომ არ ნანობს,
რაკი სწორედ ახლა მასთან ვარ.

ბმული:
* https://www.lyrikline.org/de/gedichte/14078

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyWed Feb 10, 2021 10:53 am

ბელა ჩეკურიშვილი

ბაბუაწვერები

პაპისეულ ეზოზე ვამბობ,
ბაბუაწვერამ რომ გადაუარა.
მთელი წელია, აქ არავინ ჩამოსულა, ფეხს ვერ აუქცევ,
ლამის კიბეც გადაფარაო, -
ჩივის დედა, -
თუმცა მანამდეც არ ყოფილა მამათქვენი კარგი მეურნე,
სულ გარე-გარე ეჭირა თვალი, ბოსტანიც სულ გაუველურდა.
ვუსმენ და თან თმას ვიღებავ კარამელისფრად,
საღებავს ასე აწერია,
თუმცა არც ვიცი, ჩემს შავ თმაზე როგორ დაჯდება,
უკვე შავიც რომ აღარ არის,
სანახევროდ ნაცრისფერია,
ბაბუაწვერას ბუერების ფერი,
პაპისეული ეზო რომ გადაფარა
და დედაჩემის ხმა ახლა უკვე ჩემს ოთახშიც დააფრიალებს,
რომელიც ინტერნეტ ველის წყალობით
ჩემი ბავშვობის ქვეყნიდან მოქრის და თვალებზე ლიბრად მედება,
და ვეღარ ვხედავ დედაჩემის ნაღვლიან სახეს,
რომელმაც უკვე აღარ იცის,
ეს ამდენი ბაბუაწვერა როგორ უნდა მოსპოს ეზოდან,
ხელით დაგლეჯვაც არ გამოუვა,
ჯანი აღარ აქვს,
მამაჩვენს ხომ არც ეს ეზო ადარდებდა და არც ოჯახი
მთელი სახლი გააპარტახა,
მის შვილებს კი დრო არასდროს არა რჩებოდათ.
დედა ზუსტად არჩევს იმ სიტყვებს,
მაგნიტურ ტალღებს რომ დაჰყვებიან და სრიალით ჩემს სარკესთან იკეცებიან
მაგრამ ვერ ვხვდები, საპასუხოდ რა მივაშველო მის ხმას,
თანდათან რომ წყვეტილი ხდება,
ანდა იმ ეზოს,
თვითონაც ასე დაყვავილებულ ბაბუაწვერასავით თმაგაწეწილმა,
და კარამელისფერ საღაბავს,
როგორც ერთადერთ ნუგეშს, ისე შევცქერი.

study


Last edited by Admin on Thu Feb 11, 2021 7:44 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyWed Feb 10, 2021 10:56 am


ბელა ჩეკურიშვილი: მანანის ფაფა. კრებულიდან "ნანას ცხენი"
•Feb 11, 2021

* https://youtu.be/3Fepdgesqqg

2021 წლის 10 თებერვალს, ოთხშაბათს, თბილისის დროით დღის 12 საათზე ფეისბუქ ჯგუფზე -- აგორა Agora -- დაიწყება გერმანიაში მცხოვრები ქართველი პოეტისა და ჟურნალისტის
ბელა ჩეკურიშვილის ახალი პოეტური კრებულის
“ნანას ცხენი”
(გამომცემლობა ,,ინტელექტი”)
ვირტუალური პრეზენტაცია.

ბმული:
* https://www.facebook.com/groups/454981475634129

@

ბელა ჩეკურიშვილი

მანანის ფაფა

მწვანე მატარებელი ოთახს წრიულად უვლიდა
და სადგურს რომ მიაკივლებდა, სამივენი ამ ხმას ველოდით.
ტვინისწამღებად კივისო, ამბობდა დედა
და გვაძალებდა,
მანანის ფაფა ორი კოვზიც გადაგვეყლაპა,
თორემ გამორთავდნენ,
ლიანდაგებსაც აშლიდნენ და სარდაფში გადამალავდნენ.
წებოვანი და ტკბილი ფაფა –
ჩვენი ბავშვობის სასჯელი,
მამის ხათრით, ბებოს ხათრით, მწვანე მატარებლის ხათრით გადაყლაპული
მთელი ცხოვრება ყიპყიპებს ყელში,
და მახსენებს,
თუ მინდა, რომ ვუყვარდე და არ მომიძულონ,
ანდა, რაც მიყვარს, არ დამინგრიონ, არ წამართვან, არ დამიმალონ,
უნდა ავდგე და უსიტყვოდ გადავყლაპო
რაც დადგენილი და დაწერილია,
რაზეც თაობები გაზრდილან და დაბერებულან,
რაც ნაცადია.
უნდ მოვითმინო,
თვალები დავხუჭო და თავი მოვაჩვენო
რომ მიხარია,
ობოლი რომ არა ვარ და თან ფაფაც მაქვს,
რომ მათი ოჯახის ნაწილი ვარ,
მათი მსგავსი, უტყვი ნაწილი,
თორემ სასჯელს ვერ გადავურჩები,
შემიძულებენ, დამინგრევენ, წამართმევენ, დამიმალავენ
როგორც იმ მწვანე მატარებელს,
სადგურთან მისული ტვინისწამღებად რომ კიოდა.


study


Last edited by Admin on Thu Feb 11, 2021 10:37 am; edited 1 time in total

Nicoletta La Chatte likes this post

Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyThu Feb 11, 2021 10:28 am


ბელა ჩეკურიშვილი: ომი არ იყო. კრებულიდან "ნანას ცხენი".
•Feb 11, 2021

ბმული:
* https://youtu.be/Mckyg5l7IXc

@

ბელა ჩეკურიშვილი

ომი არ იყო

ისინიც ხომ ხალხია იქ, -
ამბობდა დედა, -
ნამდვილი ომი ხომ არ არის,
ისე ისვრიან, ერთმანეთის შესაშინებლად,
ან სახურავებს, სვეტებს ესვრიან.
თუმცა ვხედავდით,
იმ ტყვიამ ერთი მეზობელი ქუჩაში დაჭრა,
აქვე მეორეს აივნის კარი ჩაულეწა,
გადაღმა სახლს კი ცეცხლი გაუჩნდა.
კიდევ კარგი, შენობაში არავინ იყო,
თორემ ისე სწრაფად მოედო,
გაძარცვაც კი ვერ მოასწრეს უსაქმურებმა.

ნამდვილი ომი ხომ არ არის,
ბუნკერში ბიჭებს არაფერი დაუშავდებათ, -
გვამშვიდებდნენ წმინდა ნინოს ეკლესიაში
და პრეზიდენტის მომხრეთა გვერდით,
ჩემი ძმისთვისაც ანთებდნენ სათელს,
რომელიც, ჯერაც ვერ გაგვეგო,
ან იმ ადგილას როგორ აღმოჩნდა,
ან ბუნკერში რამ შეიყვანა.

გამოდით ჩვენთან,
ვიდრე მაქეთ ყველაფერი ჩაწყნარდებოდეს -
გვირეკავდნენ ბიძაშვილები, -
ხომ ხედავთ, რომ პურზე გასვლაც საშიში გახდა,
ახალი წელი დადგება მალე, ერთად აღვნიშნოთ.
განა ომია, -
ვპასუხობდით, -
შევეჩვიეთ უკვე ამ ხმებსაც, ხანგამოშვებით ისვრიან და
ქუჩაშიც უფრო ზრდილობიანად იქცევიან,
ვიდრე მაშინ, როცა დაიწყო.

და ვაგრძელებდით ყველა ისე, როგორც შეგვეძლო:
ველოდით მამას, კახეთს რომ შერჩა და ქალაქში აღარ უშვებდნენ;
ძმისაგან - ცნობას: ბოლოს და ბოლოს, უბანში იყო ის ბუნკერი,
გამოპარვა რა გაუჭირდა?
მე - ჩემი შვილის დაბადებას, ექიმის თქმით, თვის ბოლოსკენ უწევდა უკვე;
ნანა გეპეის გამოცდისთვის წერდა კონსპექტებს,
თან სამსახურში დადიოდა მოვლითი გზებით.
ომი არც მაშინ დავიჯერეთ,
ჩემი ქმარი რომ შემოვარდა პალტოს ქვეშ დამალული ავტომატით
და ჩუმად გვითხრა: ეს გავყიდოთ, როცა ბავშვი დაიბადება.

ომი არ იყო,
ჩვენ ვიყავით გაძარცვულ და დამწვარ ქალაქში,
იყო სიცივე, უპურობა, სიბნელე, შიში...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyThu Feb 11, 2021 10:34 am


ბელა ჩეკურიშვილი: ეს იყო. კრებულიდან "ნანას ცხენი".
•Feb 10, 2021

ბმული:
* https://youtu.be/51ygEUxE_Fg

@

ბელა ჩეკურიშვილი

ეს იყო

ეს იყო დიდი მარტოობა
უცხო ქვეყნის უცხო ქალაქში
სიარული ეულად და ხელისცეცებით
სადაც საგნები სამჯერ უფრო დიდები მოჩანს
ჩიტის ფრთები ხიდის თაღები
პირმოკუმულნი აღმართულან სახლები შენს წინ
დახუჭული თვალებით თითქოს
არაფერი გააჩნდეთ უკვე გასაცემი ან გასამხელი
მხოლოდ ხეები აფენენ ჩრდილებს
და თანაგრძნობით მიგაცილებენ
გაურკვევლობის მომწარო სუნში
ტროტუარებზე არ ჭაჭანებს ერთი სულდგმულიც
რომ გითხრას მოდი ჩამოვსხდეთ და
გადავხედოთ დღეებს შორიდან
ნუ იფიქრებ საით აქვთ გეზი შენგან წასულ ადამიანებს
შენც ხომ აი აქ ჩამოჰყევი გზას და საკუთარ თავს დაატარებ
პილიგრიმივით უცხო მიწის შეცნობის ჟინით
როცა არსად არ მიგელიან
და წყალი მაინც შუა იყოფა რომ გაიარო
მერე იხსენებ რომ ფერები თანდათან გაქრა
და შემოგრჩა მხოლოდ ქვაზე ამოკაწრული ნახატები და სახელები
და მეც – იმ ქვაში
როგორც სურვილი
რომელიც ბოლოს ისე დამძიმდა
ჩანთიანად სადღაც დატოვე

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyThu Feb 11, 2021 7:41 pm


ბელა ჩეკურიშვილი: "წითელი წიწაკები". კითხულობს მიხო მოსულიშვილი. 2021
•Feb 11, 2021

* https://youtu.be/4Xxa45Z4R0k

@

ბელა ჩეკურიშვილი

წითელი წიწაკები

როგორც ყანწები
მოლიცლიცე ღვინით, ნაქები
და როგორც რქები,
ცეცხლოვანი, ზღაპრული ხარის,
გაფენილია მაგიდაზე -
თვალი შეჰხარის
და ხელები მარჯვედ კინძავენ
წითელ წიწაკებს.

სამზარეულო, როგორც გული,
ვნებით გაბრწყინდა.
გირლანდებს
ცხელი ზაფხულების დაჰყვება მზერა,
დღესასწაული შორს არ არის -
ვამბობთ და გვჯერა,
ზამთრის სიცივეს რომ დაგვავიწყებს.

რომ მალე ცეცხლად აენთება
აქვე, ქურაზე,
მოგვნუსხავს სიტყვით და მაგიით
როგორც აჯიკა -
ვინ იქნება აბა, უარზე,
ამ სურნელის გემო გასინჯოს?
და ზამთარი სულ რომ გაჯიქდეს,
ვერ წაგვართმევს სითბოს და ფერებს.

და მეც ისევ ვაგრძელებ წერას,
დახარბებული,
სოციალურ ქსელში ვინატრებ:
ხომ არავინ მოდიხართ აქეთ,
რომ წამომიღოთ
ამ ხელების თბილი სინათლე,
რასაც ახლა ფოტოზე ვხედავ -
აალებულ მაგიდასთან თავდახრილ დედას,
სიცივის სუსხს რომ იმორჩილებს
წიწაკის ძალით.

უხსოვარი დროიდან დღემდე,
არაფერი არის ახალი,
და არც არაფერს შეუძლია
რომ გაგვამხნევოს,
როგორც იმ გემოს
ბავშვობიდან რომ ჩაგვყოლია -
ტკბილად და მწარედ,
რასაც სამშობლოს ვეძახით და
არაფერი ანაცვლებს, მენდეთ.

ბმული:
* https://www.facebook.com/bella.chekurishvili/videos/10215195488840450


Bela Chekurshvili

Rote Chilischoten

Wie Trinkhörner voll mit funkelndem Wein
Wie Hörner des Stiers aus dem Märchenlatein
Liegen sie ausgestreut über den Tisch
Und Augen sind da und freuen sich
Geschickte Hände fädeln sie auf
Die ganze Küche ist heute gut drauf

Und unser Herz ist so köstlich erregt
Von Sommerlicht, das die Girlanden bewegt
Das Fest kommt näher, es ist nicht mehr weit
Sie helfen uns über die Winterzeit
Damit uns die Kälte nichts anhaben kann,
So sagen wir, und wir glauben daran.

Bald werden sie Feuer, gleich hier auf dem Herd,
Wir haben das Zauberwort alle gehört:
Adjika* – gibt es hier Frau oder Mann,
Der diesem Arom widerstehen kann?
Der Winter mag kommen, so streng wie er will,
Uns bleibt ihre Farbe, ihr warmes Gefühl.

Ich werde nicht müde, sie anzupreisen,
Sie munter ins weltweite Netz einzuspeisen:
Fliegt jemand bald aus Georgien hierher,
Und brächte die Hände – ich freute mich sehr,
Die Hände her mit dem warmen Licht,
Wie auf dem Foto und hier im Gedicht,
Die Mutter am Tisch, mit gesenktem Kopf,
Die Kälte bekämpfend, mit Feuer im Topf.

Zu keiner Zeit wurde etwas geboten,
Das uns so erquickt wie die Chilischoten.
Wir kannten als Kinder schon ihren Geschmack,
Der süß oder scharf war wie Kautabak
Wir nennen es Heimat, ich teil es mir dir,
Es gibt einfach keinen Ersatz dafür.

---
*pastose georgische Würzsauce aus roten Chilischoten, mit landestypischen Kräutern und Gewürzen.


Nacdichtung von Norbert Hummelt.


* http://belachekurishvili.ge/index.php?do=full&id=1765

study


Last edited by Admin on Fri Feb 12, 2021 10:42 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyFri Feb 12, 2021 10:01 am


ბელა ჩეკურიშვილი. ზამბახები. წიგნიდან "ნანას ცხენი". კითხულობს ნინო ქოქოსაძე. 2021
•Feb 11, 2021

* https://youtu.be/DExOYJhJeas

@

ბელა ჩეკურიშვილი

ზამბახები

ზამბახებს დავრგავთ,
გადავწყვიტეთ,
ზამბახები კარგად ხარობს
და მწვანედაც დიდხანს რჩებიან.
ძმამ გვითხრა ასე,
სასაფლაოს ზამბახები მოუხდებაო.
იქ მიწა ჯერაც აბურცულია, გაზაფხულზე გადაასწორებს
და ორი მხრიდან
მელნისფერი ყვავილების მწკრივს გააკეთებს.
შემოდგომაზე
შეიძლება ვერ ჩამოუსწრო, აღარ ყვაოდნენ,
მაგრამ აღდგომას მივალთ იქ და ფოტოებსაც გადავიღებთო,
-მწერენ
და ამ რაინისპირა მწვანე ქალაქში
უკვე ისეთი გაზაფხულია
ქუჩიდან ქუჩას ფეხით დავყვები,
ეს თვეები მინდა სწრაფად გადავიარო,
თან ზაფხულიც ზედ მივაყოლო
იქნებ სექტემბრის მზეებს მივუსწრო საქართველოში
მამის საფლავზე რომ თამაშობს ათინათებად.
მაგრამ აი, მინდვრებზე, გზებზე,
შემოდგომამდე, ფოტოებამდეც
იისფერი ზამბახები თვითონ მხვდებიან,
თითქოს ცოცხალი მამაჩემი გამოსულიყოს
ჩვენი სახლის ფართო ჭიშკრიდან
და ხელებგაშლილი მეგებებოდეს:
„რა არის, რა სულ გეჩქარება,
აქა ვარ, შვილო“.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyFri Feb 12, 2021 10:05 am


Nestan Bagration-Davitashvili: "მე არ მჯერა". ტექსტის ავტორი ბელა ჩეკურიშვილი.
•Feb 11, 2021


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyFri Feb 12, 2021 10:07 am


ნინო პოპიაშვილი: ბელა ჩეკურიშვილის ლექსების კრებულზე "ნანას ცხენი".
•Feb 11, 2021


* https://youtu.be/ynUjLGagW6w



study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyFri Feb 12, 2021 10:09 am


როსტომ ჩხეიძე ბელა ჩეკურიშვილის ლექსების კრებულზე "ნანას ცხენი".
•Feb 12, 2021


* https://youtu.be/e1h2zu48-d4


@


გიორგი ლობჟანიძე: ბელა ჩეკურიშვილის კრებული "ნანას ცხენი".
•Feb 10, 2021

* https://youtu.be/hQxttPuhYBE


study


Last edited by Admin on Fri Feb 12, 2021 10:23 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyFri Feb 12, 2021 10:14 am


ბელა ჩეკურიშვილი: "გზავნილი წარსულში". კითხულობს შორენა ლებანიძე.
•Feb 12, 2021

* https://youtu.be/Jhq33ZE9uhQ

@

ბელა ჩეკურიშვილი

გზავნილი წარსულში


ბესოს, რომელმაც წასვლა მირჩია
და
შორენას, რომელსაც უდაბნოს ნახვა უნდოდა


დაივიწყე და წამოდი-მეთქი.
ერთად დავთვალოთ უდაბნოს ქვიშა,
ერთად ვუთიოთ ქარავანს ღამე,
ერთად ავუგოთ ბავშვობას წესი,
უნდა მოვძებნოთ სემი და ქამი,
გამოვაღვიძოთ დაღლილი ნოე,
უცხო მიწაზე ვისწავლოთ თესვა,
აქ სხვა სურნელი ასდის ღვინოებს
და სულ სხვაგვარი ჩრდილი აქვს მზესაც,…
თმა შეიკარ და წამოდი-მეთქი.
ისე დაბერდნენ ძველი ღმერთები,
სიტყვის უთქმელად გარდაიცვალნენ.
როგორც თოვლისგან მიწა თეთრდება,
როგორც გაზაფხულს უხმობს მერცხალი,
ისე ცხადია ჩემი ეჭვები,
აღარ სჭირდება ნიშნებს შესწავლა,
ცის თაღს შევუდგეთ სუსტი ბეჭებით,
ქორონიკონიც უნდა შევცვალოთ,
გზას გახედე და წამოდი-მეთქი.
ცეცხლი ანთია მაყვლის ბუჩქებზე,
შეძახილისგან ლეღვის ხეც გახმა,
მომწყვდეულია სული მუჭებში
და მალე ვიღაც გამოჰკრავს ჩახმახს,
ცას შეასკდება პირველი ლოცვა
და სინანული – ლოცვას რომ ახლავს.
პასუხი ყველა კითხვაზე მოგვცეს,
სასანთლეებში ზეთს უნდა ჩასხმა,
დრო აღნიშნე და წამოდი-მეთქი.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ბელა ჩეკურიშვილი
Back to top 
Page 2 of 3Go to page : Previous  1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: