არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ბელა ჩეკურიშვილი

Go down 
3 posters
Go to page : 1, 2, 3  Next
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი Empty
PostSubject: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი EmptySun Jul 17, 2011 4:32 pm

ბელა ჩეკურიშვილი Bela_c10
Bela Chekurishvili

ბელა ჩეკურიშვილი

დაიბადა 1974 წლის 25 დეკემბერს.

ბიოგრაფია

იმ სოფელს, სადაც მე, თემურ ჩხეტიანი და ელა გოჩიაშვილი გავიზარდეთ, ვაჩნაძიანი ჰქვია და გურჯაანის რაიონში მდებარეობს. ის სკოლა კი, სადაც ჩვენ დავდიოდით, ერთ დროს ჯანდიერების სასახლე იყო.
ელას და თემურისგან განსხვავევით, ჩემს სოფელზე არასდროს დამიწერია, თუმცა კი, თუკი რამე კარგი და მძაფრი მაქვს შიგნით, სწორედ ვაჩნაძიანს უკავშირდება.
პირველი ლექსი მესამე კლასში დავწერე, სასკოლო გაზეთისთვის, პირველი სექტემბერის განწყობით, მასწავლებელმა დაგვავალა. მერე, დიდხანს, ასეთი კარგი ლექსი აღარ დამიწერია Smile ეტყობა შედევრები შეკვეთითაც იწერება Smile)
ახლა რომ ვფიქრდები, ჩემი პოეტად დაბადება ხელოვნურ ჩასახვას ჰგავს, თუმცა კი, გამართლებულ ექსპერიმენტს, ფაქტია, ნაყოფი გაიზარდა და სიცოცხლისუნარიანია.

ისე კი, საკუთარი რამდენმე დაბადება მახსოვს.
პირველად შვილად დავიბადე, რომელიც დედაჩემს გაუხარდა და მამაჩემს - არა.
მერე - ცოლად. აი, ეს დაბადება კი, ცოტა არ იყოს, უდღეურ ბავშვს ჰგავდა - თვალსა და ხელშუა გათავდა.
მერე დედად დავიბადე. ეს ყველაზე იღბლიანი დაბადება იყო, სრულფასოვნების განცდით და მარადიულობის შეგრძნებით.
მერე ერთი პოეტის მეგობრად გავჩნდი და მისი ლექსების პერსონაჟად ვიქეცი. საინტერესოა, საკუთარ თავზე დაკვირვება ამ ამპლუაში, ცოტა კიდეც გაშინებს, კიდეც გაღიზიანებს, გაკვირვებული შესცქერი, ხან მოგწონს და ხანაც სულ უცხოსავითაა.
ერთ დღეს კი აღმოვაჩინე, რომ ჟურნალისტად დავბადებულვარ. ეს ისეთი განცდა იყო, ავტობუსიდან რომ ჩამოხვალ, ჩანთაში ხელს ჩაიყოფ და საფულე აღარ გაქვს. ანდა, ასეთი: ჩამოხვალ, ხელს ჩაიყოფ და ხედავ, ვიღაცას მანდარინის ქერქები ჩაუყრია...
შეიძლება ითქვას, დღემდე ამ განცდით დავდივარ, საფულეამოცლილი, სხვისიშეჭმულიმანდარინისქერქებიანი...
ხანდახან ვფიქრობ, ხომ შეიძლება კიდევ რამედ დავიბადო?

ბმული:
* https://ka.wikipedia.org/wiki/ბელა_ჩეკურიშვილი
* https://www.facebook.com/bella.chekurishvili
* https://intelekti.ge/author_ge.php?id=353
* https://burusi.wordpress.com/literature/bella-chekurishvili/
* http://belachekurishvili.ge/index.php
* https://www.youtube.com/channel/UCnje0e5yYVw0Ho-NWZR7OvA


ოთხი ლექსი - ბელა ჩეკურიშვილი
•Mar 12, 2018
პირველი არხი Georgian Public Broadcaster

study


Last edited by Admin on Fri May 07, 2021 8:15 am; edited 8 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
bella

bella


Female
Number of posts : 5
Age : 41
Location : Tbilisi
Job/hobbies : Ok
Humor : Ok
Registration date : 17.07.11

ბელა ჩეკურიშვილი Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი EmptySun Jul 17, 2011 11:02 pm

მუტაცია

უნდა შევიცვალო ვარცხნილობა (როგორც საპატარძლომ ქორწილის წინ),

გამომეტყველება ( მზესუმზირის მსგავსად),

სუნთქვის რიტმი (სად მეჩქარება?),

მანძილი სიტყვებსა ქმედებებს შორის (გზიდან გადახვევა რომ მოვასწრო ხოლმე),

ზოდიაქოს ნიშანი და მფარველი პლანეტა (ვნახოთ, რა მოხდება),

სამშობლო (იქნებ გავიხარო უცხო მიწაზე, როგორც კარტოფილმა, სიმინდმა ლობიომ?)

ჰო, უნდა შევიცვალო სამშობლო.

მაგრამ როგორ მოვახერხო, რომ არ დავკარგო სასიცოცხლო მაჩვენებლები?
იქნებ ვირუსებს მივბაძო?
ან ბაქტერიებს?

მაშინ შევძლებ დავიბუდო, გავმრავლდე და კვალიც დავტოვო, შევძლებ შევაღწიო ჰაერში, სისხლში, საკვებში, იქ, სადაც მარტივად ვერ შემამჩნევენ, ვერ აღმკვეთენ, ვერ განმაგდებენ... უნდა მოვიფიქრო.

როგორ არ მახსოვს,
მუჭით ნატარები, ნაომარი, ძვლებიანი, გაცვლილი, გაყიდული, დათმობილი, ჩაბარებული,

როგორ არ მახსოვს,
იებად, თითებად, თასებად, საათებად, უთოდ და ძუად, ბუდედ და შოშიად, ყაყაჩოდ, წეროდ, ქოლგად, ჰამაკად ჩამარცვლული, თითჩაყოლებული,

მაგრამ ცვლილებებზე უარი რატომ ვთქვა?

მერე რა, თუ აღარ მექნება ბირთვი, ვეღარ ავფეთქდები შიგნიდან, ვეღარ გავანათებ, ვეღარ გავიყოფი,

მერე რა თუ დამეხშობა სიტყვა ‘კოსმოსი’, ‘წინაპარი’ `‘კედელი,’ცერცვი’’ , სამაგიეროდ გადავრჩები, გავფართოვდები, გავმყარდები, გავხანგრძლივდები...

რა არის საშიში?

ხომ გვიხარია სამხრეთამერიკული თუთიყუშები, ჩინური ჩაი, ინდური წიწაკა, აბრეშუმის ჭიაზე ლეგენდები, განა მათ ვინმე საყვედურობს?

მეც ვეცდები, რომ ზუსტად ვუწოდო სტეპებს სტეპები, პრერიებს - პრერიები, პუშტებს - პუშტები, პამპებს - პამპები, და იქვე ველიც დავასახელო, ცნობისათვის,

და ვიარო,

როგორც საათის ისრებმა (ერთი რიტმით),

მატარებლის ლიანდაგებმა (წრფივად),

დღეებმა (დათვლილად)

წვიმამ (სეზონურად)

ქოლგამ (თავს ზემოთ)

წყარომ (რაკრაკით).
Back to top Go down
https://www.facebook.com/profile.php?id=1830023483
bella

bella


Female
Number of posts : 5
Age : 41
Location : Tbilisi
Job/hobbies : Ok
Humor : Ok
Registration date : 17.07.11

ბელა ჩეკურიშვილი Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი EmptySun Jul 17, 2011 11:04 pm

საგზაო მოძრაობის წესებიდან

წესი ნომერი პირველი

გზას რომელსაც ჩემამდე მოჰყავხარ, იმდენი ბოლო აქვს, რამდენი ხაზითაც გაგირბის და გიახლოვდება.

ჩემი გზა კი, შენამდე, ერთი საცალფეხო ბილიკია, შემხვდრსაც რომ მხარს ვერ ავუქცევ. გამოგიტყდები, შიშით ვუყურებ შენს გამოჩენას - ჩვენ აქ, მხარდამხარ ვერ გავივლით. ამ ბილიკს თავისი წესები აქვს – წყვილებს ვერ ჰგუობს. მაგრამ თუ შევძლებთ და ისე მჭიდროდ მოვეხვევით ერთმანეთს, რომ ერთი ვეგონოთ, იქნებ გაგვიშვას.

გზებს სახელების დამახსოვრება არ უჭრით ხოლმე, კარგად იციან, სად უხვევენ, სად სწორდებიან. არც ნაბიჯების გარჩევაა საძნელო საქმე, ზურგით გრძნობენ ამაყი თუ დარცხვენილი კაცის სიმძიმეს.

ვეჭვობ, ვერც ჩვენს მოძრაობას გამოვაპარებთ, ამიტომ კარგად მომეხვიე, ან სულაც ხელში ამიყვანე, შემითვისე, შემისისხლხორცე, თორემ ამ ბილიკს ათი თვალი და ათი ყური აქვს, წყვილად ყოფნას არ გვაპატიებს, მხარს აიქნევს და უფსკრულში გადაგვიძახებს.


წესი ნომერი მეორე

წარმოიდგინე, მგზავრი ვარ და უკვე ყველა ქუდი მოვირგე – ჩალმა, კეპი, ბერეტი, შლაპა, კიპა, სომბრერო. პური გავტეხე და მარილიც მხარს უკუღმა გადავაფრქვიე, მაგრამ, მაინც, მაღალი ძაბვის სადენივით, ზურგზე იარლიყად მაკრავს - `საშიში~.

რომ შევამჩნიე, ჩემი ორი თვალი უკვირდათ, ცალი ავიხვიე, ხეიბრებთან ყავარჯენი დავიჭირე და მელოტებთან თავი სულაც გადავიხოტრე, მაგრამ ჩემს დანახვაზე მაინც კბილებდაკრეჭილი თავისქალა ახსენდებოდათ.

ვცადე და ენა შევიცვალე, წყაროსავით გადმოვსკდი და ავრაკრაკდი, ვცადე და უცხო კერპებს ვუკმიე, ლოცვებითა და ღამისთევით ზვარაკი ვწირე, მაგრამ მაინც ეჭვის თვალით შემომცქეროდნენ, როგორც ბაზარზე მოულოდნელად გამოჩენილ მავნებელ პროდუქტს, სამარკო ნიშნების გარეშე რომ სურს დისტრიბუტორს შემოაპაროს.

წარმოიდგინე, მგზავრი ვარ და, ბალახზე ვწევარ, ზეცას შევცქერი, წინ კი ისევ სამი გზაა, მინიშნებებით - `სახიფათო~, `საშიში~, `უნდო~, ზეცას შევცქერი და ვფიქრობ, როგორ გამოვიცნო, საით წავიდე, სად გამიმართლებს, სად მიმიღებენ, სად მენდობიან.

მაგრამ იქნებ ამ სამი გზიდან აღარც ერთის არჩევა არ ღირს, იქნებ დავტოვო ეს ზღაპარი აქვე, უცვლელად და წამოვდგე ამ ბალახიდან, მეოთხე, მეხუთე, მეთერთმეტე გზები მოვსინჯო, იქნებ სულაც ჩემი გავკვალო, არა სხვების სახელდებული, ნაჩვენები, ნაკარნახევი, ტრაფარეტაკრული, დათარსული...


წესი ნომერი მესამე

არსებობს სადგომები, თავშესაფრები, ხანმოკლე, ხანგრძლივი, დროებითი, რომელიც მუდამ რაღაც ვადას გულისხმობს. მერე კი შენს გზას უნდა გაუყვე, თუნდაც არსად გელოდებოდნენ, შენი თავისკენ მაინც იარე და მოძრაობის წესებს თუ დაიცავ, ალბათ მიაღწევ.

არსებობს გაჩერება, დაყოვნება, დამუხრუჭება, ხელის დაქნევით, ნებით, მუქარით, იძულებით, დამსხვრევის და სიკვდილის ფასად. ხან არჩევანია ჩვენი აქ და ხან არადანი, ხან ვამსხვრევთ და ხანაც ვიმსხვრევით.

არსებობს სუსტი წერტილები, მაგრამ საიმედო ჯავშან-ჟილეტებიც არსებობს, ტანზე, სისხლში, ტვინში, ნერვებზე, გააჩნია როგორ მოვირგებთ, როდის მოვასწრებთ, დანახავამდე, შეხვედრამდე თუ შეჯახებამდე.

და თუ სიკვდილის რისკი მოძრაობის მაჩვენებელს უთანაბრდება, მაშინ იქნებ ჯავშანჟილეტი ყოველდრიურ აქსესუარად გვექცია, როგორც ხელჩანთა, შარფი, სათვალე, ანდა ჰალსტუხი (მამაკაცების შემთხვევაში).


Back to top Go down
https://www.facebook.com/profile.php?id=1830023483
bella

bella


Female
Number of posts : 5
Age : 41
Location : Tbilisi
Job/hobbies : Ok
Humor : Ok
Registration date : 17.07.11

ბელა ჩეკურიშვილი Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი EmptySun Jul 17, 2011 11:05 pm

Safe mode

დაცული ვარ,

როგორც სიკვდილმისჯილთა საკანი, გლეხის ბეღელი, ქვრივის ხსოვნა, საკრედიტო ბარათის კოდი,

საიმედოდ, სათუთად, საგარანტიოდ.

ჩვენ შევთანხმდით რეჟიმზე, რომელიც საუკეთესოა, ოპტიმალური, ნაცადი,
დაცულია ჩემი ალტერ ეგო ღალატისგან, საშვილოსნო - შვილოსნობისგან, სახლი - აშენებისგან.

დაცული ვარ და სჯობს ასე დავრჩე, სჯობს სასწორზე მომავალი არ შემოვდო, ვაითუ გადამწონოს, ვაითუ დავიბნე, ვაითუ გაფანტულობა მომეწონოს,

მე კი ისეთი ძვირფასი ვარ, ერთი მისხალიც არ უნდა მომაკლდეს, არ უნდა დავნაწევრდე, არ უნდა დავზიანდე.

ვიდრე დაცული ვარ, უვნებელი ვარ, და არა საშიში, არა მომწამვლელი, არა გადამდები, არა მკვლელი, არა მაცდური.

ჩვენ შევთანხმდით ამ რეჟიმზე და ვიცით:

როგორ ავიხვიოთ თვალები, ვიბრუნოთ პირი, გავწყვიტოთ გზა, შუბლისა და გულის ძარღვები,

მთავარი ისაა, სიკვდილმისჯილს განაჩენის აღსრულებამდე გავაძლებინოთ, ხორბალს - ზამთრამდე, არ შევბღალოთ გარდაცვლილთა სექსუალური მოგონებები, საბანკო მომსახურების პრესტიჟი.

დილას კი, სერაფიმი ჩამოვიდა და ამბობს, რომ ზევით, რახანია, არდადეგები დაიწყო...

Back to top Go down
https://www.facebook.com/profile.php?id=1830023483
bella

bella


Female
Number of posts : 5
Age : 41
Location : Tbilisi
Job/hobbies : Ok
Humor : Ok
Registration date : 17.07.11

ბელა ჩეკურიშვილი Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი EmptySun Jul 17, 2011 11:45 pm

ბელა ჩეკურიშვილი Bella_10

ბელა ჩეკურიშვილი

ეპითალამა

`ესენი ფეხსაცმელს ხიდზე ტოვებენ და ისე ხტებიან' - (ლიზი, იაპონიიდან)

ფეხსაცმელი გავიხადე და კართან დავტოვე.

ახლა დროა გადმოვაბიჯო, გადმოვიდე, გადმოვინაცვლო,

შემოვიფრცქვნა (ჩამოვიწრიტო) გამოვლილი (ნაფიქრი) ქუჩები და ქალაქები, პარკის სკამებზე დარჩენილი კოცნები, პაემანზე მოსწრებული წვიმები, ჭორაობაში გათენებული ღამეები, თავფარავნელი ჭაბუკი, შვლის ნუკრების ნაამბობი, დედა,

დავიფერთხო თმებიდან სიტყვები, მკლავებიდან _ ადამიანები, ყელიდან _ მძივები, გულიდან _ მიწა, კაბიდან _ სამშობლო,

გადავისწორო წახნაგები და კუთხეები, ნაწიბურები, ბორცვები, მთები,
დავრბილდე, გავლღვე, გავმსუბუქდე და შემოვცურდე ჩემიდან შენში.

ფეხშიშველი ვარ.

ერთი ნაბიჯიც და სიმყარე უწონადობით შემეცვლება, რომელიც დასაწყისში ისეთივე ნეტარებაა, როგორც გაშლილ ზღვაში ჩამავალი მზისაკენ ცურვა, როგორც რძის პირველი ყლუპი, ფეხებსშორისი შეხება, ჰამაკში რწევა,

მაგრამ უსასრულობის შიში ხომ თანდათან ყველაფერს გაუსაძლის ტანჯვად აქცევს, გვყლაპავს, გვაქუცმაცებს და ჩაკეტილი ოთახებისკენ ხარხარით მიგვარბენინებს.

ვიცი. და ვდგავარ,

როგორც შემოდგომა, საათის ისარი, კუდიანი ვარსკვლავი, კარი.
Back to top Go down
https://www.facebook.com/profile.php?id=1830023483
bella

bella


Female
Number of posts : 5
Age : 41
Location : Tbilisi
Job/hobbies : Ok
Humor : Ok
Registration date : 17.07.11

ბელა ჩეკურიშვილი Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი EmptyThu Jul 28, 2011 8:58 pm


to be continued


მზესუმზირები

(სურათი პირველი)

თუკი გეტყვით, რომ ბედნიერი ვარ, მიხარია ხის ჩრდილებზე გადაბიჯება, ახალი მძივი და კიბეც ისე ავირბინე, თითქოს გემის ანძაზე ლურჯი დროშა აასრიალეს, მოიწყენთ და გასაქცევად სასწრაფო საქმეს მოიმიზეზებთ.

უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა იმის მოსმენა, როგორ ვიქეცი დიდი, ყვითელი, შავგულა ყვავილიდან წვრილ-წვრილ მარცვლებად და ახლა, სადღაც ქუჩის კუთხეში, მუჭა-მუჭა ვიყიდები.

ამ სიტყვის შემდეგ, ალბათ, უკვე ქურთუკს გაიხდით, სკამს მოაბრუნებთ და სიგარეტსაც მოუკიდებთ თვალის მოწკურვით.

მერე კი ხმას ისე შეიცვლით, თითქოს თოვლმა ჭადარს ტოტი ჩამოატეხა და კენწეროზე შემომჯდარი ყვავი დააფრთხო.

გაყინულ ცას შეფრენილი ყვავის ზაფრით უსასრულოდ გაიმეორებთ, რომ მზის ყურება ყველას უყვარს, მაგრამ სახელის მითვისება? სიკვდილამდე? თან უსიკვდილოდ? ვის შერჩენია?

ხოლო როცა თქვენი გულწრფელი მღელვარება თანაგრძნობის ხიდად იქცევა, სადაც უსინათლო მუსიკოსები გარმონს უკრავენ,

მეც შემრცხვება და უხეირო მასპინლობა რომ არ დამწამოთ, ჩემს ახალ მძივს, ანძის ლურჯ დროშას, ხეების ჩრდილებს და ნაბიჯებს ამ ჩრდილებზე კარს უკან დავმალავ და სადარბაზოს წინ მზესუმზირის ჩენჩოებად მოვიფანტები.

სოკოები

სურათი მეორე (დაუმთავრებელი)

გაგვაფრთხილეს,
რომ ქუდებზე დავიწეროთ რიცხვები და
პროცენტები, რამდენ გრადუს შხამს გავცემთ და ვუძლებთ,
როგორც ტყეში სოკოები, ფეხებითაც უნდა გვიცნონ, ფერითაც და ხალებითაც,
რომ იოლად გვიპოვნონ და წაგვშალონ და გადაგვრეცხონ
და მერე კი, ფოტოებად მიგვაწებონ ფურცლებს.
გაგვაფრთხილეს,
ცამეტიდან ავირჩიოთ მეცამეტე
საწოლი და პერსონაჟი. სურვილი კი მივაჭედოთ კარებს.
არ გავბედოთ გადა-რბენა, გადა-ვარდნა, გადა-ფრენა, გადა-მალვა, გადა-ქცევა,
და მარტივი მოძრაობით მოვახერხოთ იმ დღეების გამოსყიდვა,
ორშაბათს რომ გვათხოვეს და შაბათამდე გვპარეს.
გაგვაფრთხილეს...


მოქცევა

სურათი მესამე (ვიდეო არტი)

დღეს მოქცევაა,

გარეთ გამომაქვს და გაყრი რაც ჩავყლაპე, წაგართვი, გაგაცალე, უნებლიეთ ხელს გავაყოლე, გამატანე.

გამომაქვს უკვე მონელებული და დაგლეჯილი, ნაკუწებად ქცეული, სახეცვლილი და გაყრი, რადგან მოხვედი, დგახარ, მიყურებ და ფეხსაც არ იცვლი.

ვხედავ, შენთვის სიმშვიდეზე უფრო მეტია იმის გაგება, ვინ (რა) შევირგე, რა (ვინ) ჩავითრიე, თვალს და ყურს რა გამოგაპარე, რას დავხარბდი, რაზე გავიყიდე, რით გამაბრიყვეს.

მოქცევაა და მაღლა ამომაქვს ვერჩაკიდებული ხელები, ვადაგასული სურვილები, სამაშველო რგოლების ვირტუალური ანალოგები, საკვირაო წირვა და პური და ფსალმუნის ტექსტი ამ წირვიდან, ახალშობილის ყიფლიბანდი, შავი თავსაფარი და ვერცხლის ბეჭედი გადარეცხილი წარწერით - `ფილიპე'.

მოქცევაა, ვიცვლი რჯულს და ცხოვრების წესს, სისხლის ჯგუფს, პერანგს, ტელეფონის ნომერს, საქმროს, სარკის ორეულს,

ვექცევი მავნე გავლენის ქვეშ, გამჭვრივალე შუშის კოლბაში, ხის კენწეროზე, ვეშაპის კუჭში, საპატრულო პერიმეტრის გარშემო, ბოლოს _ მჭედლის გაშლილ მკლავებში და მიჭერს და მადნობს, როგორც რკინას, ვერცხლს, სპილენძს, თითბერს...

(აქ ვიღაც მაინც გამოერევა, რომელიც იტყვის, რომ საზოგადოებაში ასე მოქცევა არ შეიძლება)...

ორნი

ფოტოკოლაჟი

მუხლებს

შეუძლიათ იყურონ კაბის ქვემოდან და არ მოიწყინონ,

შეუძლიათ გარეთ გამოიჭრან და იქათქათონ,

ყვავილის მსგავსად გადაიშალონ, ანდა გიმნაზიელებივით მორცხვად შეტყუპდნენ და იკეკლუცონ.

ხელები,

ზოგჯერ როგორც მტრედები, სხდებიან დამორცხვებულ მუხლებზე და ითვლიან,

ზოგჯერ კი, ლიანებივით ეხვევიან და სრიალებენ, სრიალებენ, სრიალებენ, გადადიან საზღვარს, არ უყურებენ დროს და არ იციან სიტყვა `სხვისი'.

ბურთი კი, რომელიც დაგორავს მუხლებსა და ხელებს შორის, წითელი კოპლებით, როგორც კალათში ჩაწყობილი ვაშლებით, ახარბებს თვალებს და ბაგეებს ენით ასველებს.

აქ ზედმეტია მხოლოდ ზეწარი, თეთრი, ხამი ტილოს ზეწარი, სადაც ვერ მოასწრეს დაეწერათ: Happy End





Back to top Go down
https://www.facebook.com/profile.php?id=1830023483
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი EmptyThu May 31, 2012 3:54 pm

ბელა ჩეკურიშვილი Book_o12

სათაური: შეკითხვად სიზიფეს
ავტორი: ბელა ჩეკურიშვილი
კატეგორია: ქართული პოეზია
ISBN 978-9941-11-293-5
გვერდები: 108
ფასი: 3.9 GEL
ყდის ტიპი: რბილი ყდა

ანოტაცია –

თუ სამყარო სეზონებადაა დაყოფილი და შენ გადამფრენი ხარ? თუ ყველაფერი სქესის მიხედვით ნაწილდება და სახელებად იშლება? თუ შენი სიტყვა მხოლოდ ხმაურია და არა ღმერთი, თუნდაც წარსული დროის კატეგორიით? - მსგავს შეკითხვებზე პასუხი სიზიფესთან ვიპოვე: ჩვენი ქვა იმდენჯერ უნდა ავიტანოთ მთაზე, რამდენჯერაც ჩამოგორდება. სამყაროში სადაც ყველაფერი თითქოს ქვიშად ქცეულა და სიმყარე აღარაფერს აქვს, ჩემი ქვის მოძებნას მაინც შევეცადე...

ბელა ჩეკურიშვილი

ბმული – http://www.diogene.ge/ka/books/book/240

ბელა ჩეკურიშვილი Bella_10

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი EmptyWed Jun 20, 2012 1:02 pm

ბელა ჩეკურიშვილი Bela-p10
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი EmptyWed Dec 05, 2012 12:21 pm

ბელა ჩეკურიშვილი

გაგზავნილი წერილი

ციკლიდან "შამხათ"


ჩვენ ერთმანეთი სიტყვით ავავსეთ და სხეულებად დავინაწილეთ
(ალბათ ეყრდნობი ახლა სავარძელს და მონიტორი თეთრად ციმციმებს).
და მეც ვციმციმებ ჩემი სიცილით, ჩემი ზურგით და ზურგზე ხალებით,
შენ შეგიძლია დასვა წერტილი და დაგეზაროს ხარკის გაღება
შეხვედრებისთვის, რომელთა შორის იყო გრძნობების სუსტი ტეხილი,
არ დაგჭირდება დამბაჩის სროლა, არც სველი თოვლი, მე რომ მიხილო
ღრუბელთა ცისფერ სიმხურვალეში. რა საჭიროა ღმერთებთან ომი,
გიახლოვდები სისხლის გარეშე და წყევლად ჩემი წარსული მომაქვს.
შენ შეგიძლია ფიქრად დამტოვო, ან ტელეფონის ზარად მაქციო,
მე მოგიყვები როგორ დავმთავრდი, რომ ვარდისფერი კაბა მაცვია,
რომ ერთადერთი სიზმრის ნახევარს შემოვინახავ ჩემი მერმისთვის,
რომ ისევ შევძლო თვალის გახელა სადმე ქუჩაში თუკი შეგნიშნავ,
რომ ავედევნე კახპად გილგამეშს ყველა დროსა და ყველა ბილიკზე,
გზაში დავკარგე ყველა ნიშანი და შენს ფეხებთან გამოვირიყე,
მაგრამ ვერაფრით შემოვემატე შენი დღეების წამლეკ სიჭრელეს,
ავსებული ხარ ფიცით ყელამდე და ვიცი ახლა არ დამიჯერებ,
რომ ყოფნასა და არყოფნას შორის არჩეული მაქვს ჩემი ხაზები,
რომ ვიქნებოდი მორჩილი ცოლი, ანდა მხევალი, როგორც ასეთი.
არ დამიჯერებ, რომ შენ გიძღვნიდი ყველა ლექსსა და ყველა სიმღერას,
შემოგეფეთე ახლა პირისპირ და ყველა ძვალი ვნებით მიელავს,
რომ ვოცნებობდი შენზე მანამდე, ვიდრე პირველად დაგინახავდი,
რომ სურვილები ღმერთებს გავანდე და როგორც ზვარაკს ისე დაგხარბდი...
შენ შეგიძლია დასვა წერტილი, როგორც სიცრუე, ანდა სიმართლე,
ანდა დუმილით გამაცამტვერო ზედმეტ შეკითხვებს თუკი მივმართავ,
ან გამიმეტო როგორც წარმართი, შემომირიგო და მომიცილო.
. . . . . . . .
ალბათ ეყრდნობი ახლა სავარძელს და მონიტორი თეთრად ციმციმებს.



ბმული - https://www.facebook.com/photo.php?fbid=428075307245663&set=at.428073447245849.97230.428072350579292.1830023483&type=1&theater
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი EmptyThu Jan 24, 2013 12:42 pm



Published on Jan 23, 2013

ბელა ჩეკურიშვილი კითხულობს "სიტყვების ჩარჩის მონოლოგს" და დაწერის ისტორიაზე საუბრობს.


Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი EmptyThu Mar 07, 2013 12:08 pm

ბელა ჩეკურიშვილი

***
ისე მივქროდით, გვერდზე გახედვისას თავბრუ გვესხმოდა და გზადაგზა პეიზაჟი იდღაბნებოდა. მივქროდით იმ საშიშ და მხიარულ ტალღებში, ქროლვას რომ ახლავს და გზადაგზა ვკარგავდით ქუდებს, ფეხსაცმელს, შარფებს, ვკარგავდით ხმებს და ხმაში სიტყვებს, სიტყვაში ბგერებს,

მივქროდით წამის მეასედებში და ვერაფერს ვეღარ ვგრძნობდით, გარდა საკუთარი სხეულებისა, რომლებსაც, როგორც სანახევროდ სავსე ყულაბებს, ჩხრიალ-ჩხრიალი გაუდიოდა...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი EmptyWed Apr 17, 2013 4:07 pm

ბელა ჩეკურიშვილი

მე

იქ, ზევით, სადაც ყოველთვის ყველაფერი ზუსტად იციან და გვირჩევენ სახლის ნომერს, ქალაქს და განედს, გვირჩევენ თმის ფერს, თეძო-წელი-მკერდის ზომას, სწავლის საფასურს,

იქ, ზევით, სადაც ყველაფერი განსაზღვრული და გათვლილია, იციან, როდის აივსება ჩვენი ფანჯრები სავსე მთვარის კამკამა შუქით და მოშიშვლებულ მკერდებს ჩამოვხსნით მარტოობის მძიმე საჭურველს, იციან,როდის გვიცდება ფეხი მატარებლის ლიანდაგებზე, როდის ვშლით ქოლგას სახურავის ქიმზე შემდგარნი,

იქ, ზევით, სადაც სიტყვა-სიტყვით მიაწერეს ჩვენს სახელებს თარიღები გატეხილი ფიცისა და დარყმული მუშტის, დარღვეული საქორწინო კონტრაქტების, ბოთლში ჩადებული და ზღვას მიცემული სურვილების, პურში გადაცვლილი ოქროს ბეჭდების,

იქ, ზევით, სადაც გადაწყვიტეს, რომ ხელის კვრით არ იღება არც ერთი კარი და ღრიჭოებში გადაძვრომას უნდა დავჯერდეთ, სადაც კადრებად დაალაგეს სტუდენტობისას მოტეხილი ფეხი და მხარი, გაწყეტილი ზურგის ტვინი შეუფარდეს სავარძლის წონას, მოგვაზომეს ძაძა და ფლასი,

იქ ზევით, ალბათ ისიც იციან, ხელები ჯვარცმის ნიშნად კი არ გავშალე, შენ ჩაგკიდე, რომ ერთად უფრო დიდი წრე მოვხაზოთ და დავიყვიროთ: აი, აქ ვდგავართ!

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი EmptySat Jul 06, 2013 8:30 am

ბელა ჩეკურიშვილი

ამბავი ქვად დარჩენისა

ასი წელია ქვისა ვარ,
ქვა ვარ,
ქვის ლოგინში,
ქვის სასთუმალზე ჩუქურთმად იქცა ჩემი ნაწნავი.
ასი წელია, არ ჭრიალებს არც ერთი კარი, არ ირხევა დარბაზის ფარდა; კენჭივით გდია სოროში თაგვი და ქონგურებზე ჩამწკრივებულ ქორის მართვეებს არ უტოკავთ ფრთები და ღინღლი; მიწამ შეჭამა თავლაში - ცხენი, ხულაში - ძაღლი.
ასი წელია, ამ სასახლეს გვერდს უვლის წვიმა, ქარიც კი ღრუბლებს სულ სხვა მხარეს მიერეკება, თუ რომელიმე გაბედავს და ცნობისწადილით შეყოვნდება, ისე გაწეწავს, როგორც მბეჭეველი მარტყლის ფთილას საჩეჩელაზე.
ასი წელია, მზე ზურგს აქცევს ამ გორაკებს და ცერად მიდის; აღმა იქცა ხიდის ქვეშ წყალი და მიწის ღია ნაპრალებიდან ავად ელავს ცეცხლის თმები დამშეული ჯოჯო-ალების, სურვილით იწვის მათი ვნება, ამობრიალდნენ, გადაევლონ ხეობას და დაანახშირონ;
ასი წელია, მათ სიშლეგეს შენი მოსვლის შიში აჩერებს, შენი სახელი უზით ყურებში და გამწარებულნი უსასოოდ, ყრუდ გუგუნებენ. იციან, რომ ასმეერთე წელს გამოჩნდები და დელგმა წვიმით გადარეცხავ მიწის ზემოთ თავდარჩენილ ავსულთა მოდგმას.
ეს ცოდნაა, რომ აჩერებს წისქვილში დოლაბს, ხვიმირში სიმინდს და ტომრებზე გადამხობილ მეწისქვილესაც შენი მოსვლის იმედით აქვს გაყინული ძარღვებში სისხლი.
დღეს ასმეერთე წელიწადის დილაა და სასახლის კოშკს მზის სხივების შეხებაზე ვნებით ათრთოლებს; დაფეთებული მოქუხს წყალი შორი მთებიდან და ასი წლის წინ მიტოვებულ კალაპოტსაც ატორტმანებს ცნობისმოყვარედ; ბილიკი გრძნობს ცხენის ფლოქვებს და იზმორება.
ლოდინმა იცის თავგზის აბნევა და შეშინება, ლოდინი ჭორის ძაფებს ხლართავს და უიმედობის ბადეში ახვევს გულის ოცნებებს. მაგრამ სასახლის ასწლიან ლოდინს არასოდეს შეჰპარვია უიმედობა:
მე - ქვადქცეული კაბა-ნაწნავით, დამუნჯებული კარი და ფარდა, კენჭი - თაგვები და ქორის მართვე ქონგურებზე უძრავად მჯდარი, ჩვენს ასწლოვან გარინდებაში შენს ნაბიჯებს ვითვლიდით და ზუსტად ვიცოდით, ეს უმზეო დღეებიც და უმთვარეო ღამეებიც შენს მოსვლასთან გვაახლოებდა.
ვიცოდით, მოხვალ და ქვის სარეცლის მდუმარებას შენი მხურვალე კოცნა დაბზარავს.
დღეს ასმეერთე წელიწადის დილაა და შენს თვალებში ქვადქცეული სასახლეა წამომართული - დაზაფრული და დაბნეული.
და ერთადერთი, რაც ყურს ჩაესმის, შენი თანმხლები ამორძალის სიტყვებია: ”დროს ნუღარ ვკარგავთ, ღმერთსაც და კაცსაც ერთნაირად მოსწყენია აქ გაჩერება”...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი EmptyTue Dec 03, 2013 6:12 pm

ბელა ჩეკურიშვილი

"წარვედ წყალის პირს"_ ნიკ. ბარათაშვილი


რაინი დიდი მდინარეა, დე, რაინზე გემები დადიან.
თუკი ვიფიქრებ, რომ ნაფოტი ვარ, არყისხისა, გინდ ცაცხვის,
ლუკმად არ ვეყოფი რაინს.
ან უნდა გემად გადავიქცე, თავი ჩავღუნო და მგზავრები ვატარო,
ან თოლიასავით ყაშყაშით გავყვე ტალღებს.

აქ მიწას ჩემი სახელი არ ჰქვია დე,ვერც ქვად ვიქცევი, ვერც კედლად.
ხომ ამბობდი, სადაც მიწას ხმას ვერ გადავაწვდენთ, ნურც წყლისგან ველოდებით პასუხს.
მაგრამ თუ მოვახერხებ და ჰაერში ავიწევი,
თვალს ამარიდებენ და ხელსაც
უბრალოდ ამიქნევენ და მეც იქნებ ავფრინდე,
აქ ხომ არც ტოტი მაქვს, არც ფესვი,

როცა სიტყვები აღარ გაბადია, როცა ფიქრიც არ კრთის გულში,
რამ უნდა ჩამოგაგდოს, ან რამ დაგამძიმოს,
თავისკენ რა მიგიზიდავს, რა დაგსჯის?
შორს კი ვერსად წახვალ, ერთი ნაპირიდან
მეორე ნაპირამდე მხოლოდ სეზონებს თუ წაშლი,
მაგრამ ნაცადია და ამბობენ, დრო მოვა,ყველა ასე იფრენს ცაში.


რაინზე რამ უნდა შემაშინოს, დე, რაინი ხომ დიდი მდინარეა და
აგერ გემებიც მიუყვებიან რაინს...


2013 წლის 3 დეკემბერი, 17:27-ზე

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი EmptyMon Dec 30, 2013 10:41 am

ბელა ჩეკურიშვილი

სერაფიმს, მეთევზეს


ყველა წყალს _ ონკანს, საშხაპეს, ქუჩის შადრევნებს, ქალაქის ცივ და მდორე მდინარეს შენს სახელს ვუმეორებ და გადავლილ ზამთარზე ვუყვები.

(აქ წყალი ერთადერთი მოძრავი და ცოცხალი სუბსტანციაა, ვისაც შემიძლია ჩემს ენაზე ველაპარაკო)

და გაზაფხულის წვიმებისას, როცა წვეთები შენს ქვეყნამდე ჩამოაღწევენ, გექნება ჩემი მდუმარე სურათები ტანზე მიკრული ხელებით, ჩამწყდარი ხმით და შეჩერებული სისხლით.

მაშინაც, როცა თავი ოქროს თევზები გვეგონა და ადამიანების იღბალს ვარკვევდით, მაშინაც, როცა მივხვდით, თევზსაშენში ვიმყოფებოდით და გაშლილი სივრცე, რომელსაც სიკვდილამდე შევიცნობდით, მხოლოდ ბეტონის აუზი იქნებოდა,

მერეც, როცა აკვარიუმში ცხოვრება და ინტერიერის დამშვენება შემოგვთავაზეს, ვიცი, ვერაფრით წარმოიდგენდი, რომ სიცოცხლეს საკუთარი ნებით დავთმობდი, შრიალა ტალღებს მარინადის წვენს ვარჩევდი და გულის ფეთქვას ოკეანის ხმაურს კი არა, წვიმის წვეთების წკაპს ავუწყობდი.

და ახლა, ბევრი წყლის და ქვეყნების მერე, ცურვისა და ფართხალის მერე, ვთავხედდები და იმ დუმილის (ტკივილის) ამბავს გიყვები, რომელიც მხოლოდ მარინადად ქცეულმა თევზმა შეიძლება გაგიზიაროს.


2013 წლის 30 დეკემბერი, 1:05-ზე

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი EmptyFri Jan 17, 2014 9:45 am

ბელა ჩეკურიშვილი

ბუხრის წინ ნამღერი


ეძღვნება ნუსას


ვიდრე მივფრინავთ
და საგნები ფორმასა და ზომას იცვლიან, სიტყვები კი თანხმოვნებს კარგავენ
და სიმღერებად გვედევნებიან,
როცა სურვილები ერთი ხელის გაწვდენაზე ჩანს და შეხება აღარც გვჭირდება,
ვიდრე მივფრინავთ
და არ ვდარდობთ ნაკვალევზე _
ირიბია თუ დაღმავალი, დედას მოსწონს, ან მეზობელი ხომ არ ჭორაობს _
რადგან მიწაზე არ ვტოვებთ მას, გვგონია, რომ ვერავინ ხედავს,
ვიდრე მივფრინავთ
და უწონადობა საკუთარ სხეულს ისე გვაყვარებს, ვნებისაგან პირდაპირ ვკივით
და ექსტაზში გვავიწყდება თვალის დახუჭვა (აფრენის წინ როგორც გვასწავლეს),
რომ ფრთები არ გვაქვს და კაბის კალთა ორი ხელით უნდა გვეჭიროს,
ვიდრე მივფრინავთ
და მზესთან ახლოს სხვა ფერებს ვიძენთ, ერთმანეთსაც სხვაგვარად ვხედავთ,
ვიწელებით, ან ვმოკლდებით ჩრდილებსა და აჩრდილებს შორის,
ხან ძალა ისე გვემატება, რომ კედლებს ვანგრევთ,
ხან კი ისე მოქნილნი ვხდებით,
სიოდ გავდივართ ნასვრეტსა და ჭუჭრუტანაში,
ვიდრე მივფრინავთ
და ვიყურებით მხოლოდ ცალ მხარეს,
ვერ ვამჩნევთ, როგორ იცვლება ჩვენ წინ ხედები, სეზონები და მოდური ტენდენციები,
მხოლოდ სიზმრის პერსონაჟები უფრო და უფრო კონკრეტდებიან
და უხამს ქცევებს მათგან ისე ხარბად ვითვისებთ, არც კი ვწითლდებით...


2014 წლის 16 იანვარი, 11:12-ზე

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი EmptyFri Jan 17, 2014 9:49 am

ბელა ჩეკურიშვილი

***

მინდა, დაგაბედო რამე იღბლიანი
თუნდაც წარსულიდან, ანდა - მომავლიდან,
ვიღაც ადრე მოდის, ვიღაც იგვიანებს,
ვიღაც არ გვინდა და
ვიღაც სულ არ გვინდა...
ვიღაც შემოდის და დროებით ჩერდება,
ვიღაც გამვლელია, საჭეს ატრიალებს,
ვიღაც გვემუქრება იმქვეყნად შეხვედრით,
ვიღაც წმინდაა და ვიღაცა მტვრიანი.
ვიღაც ღმერთია და ჯვარზე გაკვრას ითხოვს,
ვიღაც ერთგულია, ვიღაც -ეჭვიანი,
ვიღაც ღალატისთვის სამოთხეს დაგვითმობს,
ვიღაც ვერცხლის ფულებს ყურთან გვიჩხრიალებს.
ვიღაც ჩვენს სხეულთან პირისპირ დაგვტოვებს,
ვიღაც ბალახია, სველი და შრიალა,
ვიღაცა ჰაერში აკეთებს სალტოებს,
ვიღაც ძრის ვარდება, ვიღაც მისრიალებს.
ვიღაც დაგვიფარავს ფრთებით და კალთებით,
ვიღაც კოცონია, მწველი და ბრიალებს,
ვიღაცის გვჯერა და კიდეც ვემსგავსებით,
ვიღაც იკოცნება, თანაც, ვნებიანად.
ვიღაც იწყება და იკეთებს კონტურებს,
ვიღაც მთავრდება და ცოტას გვაზიანებს,
მე კი წარღვნამდელი მზერით შემოგყურებ
და შენი კიდობნის მტრედებად ვხმიანობ
და ახლადნანახი მიწის სიხარულით,
მე რომ დედაა და თბილი და ბრღვიალა,
პირველადშეხვედრის რიტუალს ვასრულებ:
მინდა, დაგაბედო რამე იღბლიანი...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი EmptyMon Oct 06, 2014 1:45 pm

ბელა ჩეკურიშვილი Bella_12

ბელა ჩეკურიშვილი

ვატყუებ. ნუცას

მე კი არ ვტირი, როგორ გითხრა,
ავ თვალს ვატყუებ,
იცი, ცრემლიანს უკეთური არ ეკარება,
არც შურის ღველფი მიეწევა
და სიმარტოვეს
არ გააგრძელებს, გაუწეწონ თუნდაც ქარებმა
ძველი ფიქრები და ნივთები, ჩანთიდან, ზემოთ
აუფრიალონ წერილები, ხმელი ფოთლები,
რომელთაც უკვე დაჰკარგვიათ ფერი და გემო,
და არც არაფრად აღარ ითვლება.
კი არ გამშვიდებ, ასე ხდება,
როცა სხვაგან ხარ,
როცა გადათქვამ ყავლგადასულ
გრძნობას და აზრებს,
ჯერ შემპარავად გაჩოჩდები, მერე გადახვალ
ერთხელ დადგენილ წესებს და საზღვრებს,
როცა არც ერთხელ არ ინანებ, ის რაც დატოვე,
ყელზე გეკიდა, ტანზე გეცვა, ფარულად ზრდიდი
და მთლად შიშველი გადადიხარ უკვე სალტოებს,
და გგონია, რომ უკვე ხარ დიდი.
ისედაც იცი, გადავარჩევ
იმ სიტყვებს ცალკე,
ცა ქუდად რომ არ არგიათ და მიწა ქალამნად,
სიბნელეშიც რომ კაშკაშებენ
და როგორც სარკე
აირეკლავენ სურვილებს და ალბათ სალამსაც
დააყვედრებენ ხონთქარს, იცი, სწორედ ასეთებს
როგორ ელიან მეგობრები, ჩვენგან, შორიდან,
ჰოდა, სასწრაფოდ გამოვატან დილის გაზეთებს,
შენ კი, მერწმუნე, კი არ ვტირი, ისე, მომინდა,
გადამეხედა ძველი ბაღისთვის...

2014 წლის 6 ოქტომბერი, 13:00-ზე

study


Last edited by Admin on Tue Jun 09, 2020 12:12 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი EmptyMon Mar 02, 2015 11:50 am

ბელა ჩეკურიშვილი

ფითრი

“აი, ეს ხეა მამაჩემი” - ზვიად რატიანი

მიყურებს, ხე ვარ და ვშრიალებ, ვშრიალებ, ვშრიალებ
ათასი ფოთლით და მოქნილი, ხასხასა რტოებით,
დაქრის საქანელა აღმა-დაღმა და ვირწევი,
და ჩრდილსაც დავაფენ ზაფხულის თაკარა დღეებში,
სჯერა, რომ სანდო ვარ ძლიერი ვარჯით და მერქანით,
ამ რწმენით ნათდება მისი დილაც და თვალებიც,
სჯერა, რომ დასჭირდეს, ჩემს ტოტებს შეშადაც შევაწევ,
ისურვებს, გავხდები კერიის თავხეც და აკვანიც.
სჯერა და არ ვიცი, ოდესმე მაინც თუ მიხვდება,
გულში გაიფიქრებს, ანდა ეჭვად თუ გაუვლის,
რომ ეს ხე კი არა, ხეს შემოხვეული ფითრი ვარ,
უფესვო, უმერქნო, წნელების გროვა და მეტი არც
არაფერს არ ნიშნავს ეს ჩემი გაცრეცილი ფოთლები,
და რომ საკუთარი არც სიცოცხლე მაქვს, არც სიკვდილი,
რომ სხვისი სინათლით ვიკვებები და ვერთობი,
თუმც მზერა გამირბის მიწისაკენ, ხან ზეცისკენ,
შეშინებული პატრონს მჭიდროდ-მჭიდროდ ვეხვევი...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი EmptyMon May 11, 2015 8:05 pm

ბელა ჩეკურიშვილი

ნატვრის ხე

მათ სურდათ, ნატვრის ხე ვყოფილიყავი,
მოსულიყვნენ, ჭინჭები შეებათ
და სურვილის შესრულება მოეთხოვათ.
მათ სჭირდებოდათ ადგილი,
სადაც შეიძლება ჭინჭით მიხვიდე და იმედით გამობრუნდე,
ადგილი, რომელსაც ცხვირსახოცით,
ქამრით ან პერანგის ნაგლეჯით თუკი მონიშნავ,
სამუდამოდ დაგიმახსოვრებს.
სჭირდებოდათ მორჩილი და უტყვი არსება,
ვინც მოისმენდა და მოითმენდა
მათ მზაკვრულსა თუ გულწრფელ ჩანაფიქრს,
ოცნებას, ზრახვას
და ვერ იტყოდა: "დავიღალე", "მომბეზრდა",
ანდა "ღმერთო, მიშველე"
და ხეს მიადგნენ,
რომ ახლა მიწისაგან წამოეღოთ, რაზეც ზეცა უარს ამბობდა, აგვიანებდა,
ან არ ესმოდა.
მაგრამ მე შემიძლია, შევირხე
და ტანსმოხვეული სურვილებიც ფთილა-ფთილა შემოვიგლიჯო,
შემიძლია, შემოვბრუნდე, გავემგზავრო,
ან დავიყვირო.
რატომ უნდა ვიყო ნატვრის ხე?
იმიტომ, რომ დავიმახსოვრო სხვისი სურვილები
და ფესვებს გადავცე,
მერე კი ერთ დღესაც, ნატვრის ჭინჭებით გაკოჭილი,
ტანი რა არის, ტოტს და ფოთოლს ვეღარ შევარხევ
და ნელ-ნელა, გამხმარ ჩალის ზვინს დავემსგავსო,
შემოდგომის მინდორში დადგმულს?
მათ სურდათ, ნატვრის ხე ვყოფილიყავი,
მაგრამ, თუ შემომხედავთ,
საკუთარი სურვილები მაქვს გამოსხმული
და მალე კიდეც დავიყვავილებ.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი EmptyMon Sep 28, 2015 7:27 pm

ბელა ჩეკურიშვილი Bella_11

ბელა ჩეკურიშვილი

ჩვენ, ვაშლის ხეები


ჩვენ, ვაშლის ხეები, იმიტომ კი არ ვყვავილობთ, რომ ველოდებით, ვინმე მოვა და თაიგულად შეგვკონის, ანდა გვირგვინებს დაწნავს და მერე ბალახში წამოგორებული უდარდელ ფოტოს გადაიღებს;

ჩვენს ვარდისფერ ყვავილობას პატარა ბიჭის სურვილი ჰქვია, ჯერ კიდევ მწვანე, მჟავე ნაყოფს მარილს რომ დააწებს და კბილებში აახრაშუნებს.

ჩვენ, ვაშლის ხეები, ძირს დაშვებული ტოტებით ტირილისთვის კი არ ვემზადებით, ანდა საყვედურის სათქმელად კი არ დავმძიმებულვართ, პოეტებს რომ ლექსის საბაბი მივცეთ და წუთისოფლის ამაოებაზე ვავაგლახოთ;

ჩვენს სიმწიფეს ახალგაზრდა წყვილების წარმოსახვა ჰქვია, მოკრეფისას რომ გააჟრჟოლებთ და ალმოდებული გულებით საწოლებისკენ გაიქცევიან.

ჩვენ, ვაშლის ხეებს, ტკბილი სურნელი არასდროს გვტოვებს კვირტობიდან ფოთოლცვენამდე და (მან ეს ზუსტად იცის) მითების და იგავების ცოდვის სირცხვილი კი არ გვაწუხებს, როცა ზამთრის პირას ვშიშვლდებით,

ჩვენს სიშიშვლეს დედაბრის ბუხრის ზღაპარი ჰქვია, თოვლიან დღეებს შემწვარი ვაშლი რომ ულამაზებს, მხატვრები კი, ამას ისე გამოსახავენ, რომ სიბერე და მარტოობა ჩარჩოს უკან უჩინარდება...


2015 წლის 28 სექტემბერი, ორშაბათი

ვიდეო ამ ლექსზე გერმანულად -- https://youtu.be/ZgZ1Ki1AsuM

study


Last edited by Admin on Sat Jan 28, 2017 4:17 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი EmptySun Dec 25, 2016 10:11 am

ბელა ჩეკურიშვილი

***

შენი ხელები ჩემს წელზე
და თავი - კალთაში,
რა ბანალური სურათია, ერთი შეხედვით!
მაგრამ ყველაფერი იცვლება,
როცა ეს ხელები,
როგორც შორეულ ზღვაოსანთა ნავები,
ჩემს სხეულზე იწყებენ ცურვას საიდუმლო კუნძულების აღმოსაჩენად.
მაშინ მე, ერთი რიგითი ქალი,
იმ სიხარულის მიზეზი ვხდები,
უძვირფასესი განძის პოვნას რომ მოჰყვება მეკობრეთაგან მიტოვებულ გამოქვაბულში.
მაშინ მე, არაფრით გამორჩეული, რიგითი ქალი,
ათასფრად ვიწყებ ციცმციმს და ბრჭყვიალს
და ვიჯერებ,
მზის სარკმელი ვარ
და სამყაროს შუქით ავსება ჩემს ტანზე გადის.

study


Last edited by Admin on Tue Dec 27, 2016 6:09 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი EmptyTue Dec 27, 2016 6:08 pm

ბელა ჩეკურიშვილი Bella_10

ბელა ჩეკურიშვილი

წმინდანი ქურდის ამბავი

– როცა არ უნდა დაგირეკო, შენ სულ მიუწვდომელი ხარ! – უკვე სკაიპში მეუბნება პასკალი, მოზრიალე კომპიუტერს რომ ძლივს შემოვუსწარი.
ტელეფონზე გამოტოვებული ზარების რაოდენობას აღარ ვითვლი, პასკალის ხმა მკარნახობს, რომ რაღაც დავაშავე და მშვიდობიანად უნდა გამოვარკვიო – რა. ამიტომ ამ „შენ სულ მოუწვდომელი ხარს“ ყურს უკან ვატარებ და ხმასაც აბრეშუმივით ვაშრიალებ, აი, კაროლი რომ ლაპარაკობს, ისე:
– სადილს ვაკეთებდი, რა მოხდა?
– რა მოხდა და გამძარცვეს! – თითქოს ნიშნს მიგებს, ისე მიცხადებს.
ცივი ოფლი მასხამს და ვმუნჯდები. კიდევ კარგი, ვზივარ. სიტყვას ვერ ვამბობ, თვითონ აგრძელებს:
– წაიღეს საფულე და ყველა ბარათი, რაც შიგ მედო, აბსოლუტურად ყველაფერი, ყველაფერი!
ვიფიქრე, სახლი გატეხეს–მეთქი და რაკი ერთ საფულეზეა ლაპარაკი, ხმის ამოღებას ვბედავ:
– ფული ბევრი გქონდა? სად ამოგაცალეს? პოლიციაში დარეკე?
– აბა, შენ რა გგონია, სად ვიყავი ამდენ ხანს? შენც გირეკავდი და ტელეფონს არ იღებდი! მთელი საღამოა, გირეკავ! – ადამიანები ხომ პასუხის გაცემას ბოლო შეკითხვიდან იწყებენ, ვერაფრით ვისწავლე ჭკუა, შეკითხვებს შორის პაუზა გავაკეთო, თუ მინდა, რომ პასუხი მივიღო. მაგრამ იმის ჭკუა კი მყოფნის, რომ ახალგაძარცვულ თუ დაყაჩაღებულ ადამიანს ლაპარაკი არ შევაწყვეტინო და ვაცალო, რაც სათქმელი აქვს, ამოალაგოს, ბოლომდე ამოიბერტყოს.
და პასკალიც ალაგებს და ბერტყავს:
– იცი, რომ ახლა პორტრეტების შექმნა აღარ ყოფილა მნიშვნელოვანი? ახლა იმას აქცევენ ყურადღებას, როგორ მოქმედებს მძარცველი. რა აცვია და როგორ გამოიყურება, ეგ უკვე სულერთია თურმე. საათ ნახევარი პოლიციაში ვიჯექი, წარმოგიდგენია? საათ-ნახევარი! მთელი ჩემი ბარათები უნდა დაიბლოკოს, ყველაფერი უნდა ხელახლა შევუკვეთო, მოწმობები, საბანკო ბარათები, საშინელებაა, საშინელება! ეს რა დაჯდება, როდის დამზადდება?! რამდენგან უნდა განვაცხადო, მერე ვიდრე შეხვედრას დამინიშნავენ, ვიდრე ახალს დამიმზადებენ! და რამხელა თანხა წავა ამ ყველაფერში? სამასი ევრო მაინც!
– ფული ბევრი გედო? – ცოტა შეისვენა და ვსარგებლობ.
– 200 ევრო, ეგეც შენი საშობაო საჩუქრების ფული! – და აგრძელებს, – არა, შენ წარმოგიდგენია, რამდენი დრო წავა ამ მოწმობების დამზადებაზე? ექიმის მოწმობა, საპენსიო მოწობა, დაზღვევის ბარათი, მატარებლის სამგზავრო ბარათი, მუზეუმების ბარათი, საბანკო ბარათები, საკრედიტო ბარათი, გადახდის ბარათი, საშინელებაა, შენ არ გესმის, რა საშინელებაა ეს ყველაფერი!
– საბანკო ბარათები ხომ დაბლოკე? – აშკარად უკვე მშვიდად ვარ, რადგან სახლი არ გაძარცულა და იმ საფულეშიც, განსაკუთრებული თანხა არ ყოფილა.
– ისინი კი დავბლოკე, მაგრამ გადახდის ბარათს ერთი გატარება უნდა, არც ხელის მოწერაა საჭირო, არც კოდის აკრეფა...
– თუ ჭკვიანია, ვერ გაბედავს მაინც, სადღაც აუცილებლად აისახება ეგ და ჩაავლებენ. ნუ გეშინია, მთავარია, რომ ბანკებს ინფორმაცია გადასცეს, – ახლა ჩემი ლაპარაკის ჯერი დგება, – როგორ ამოგაცალეს, ვერ შეამჩნიე?
მაგრამ, როგორც ჩანს, მოვლენებს გავასწარი, დენთის კასრი ჯერ ისევ შიშინებდა და ზუსტად ფეხებთან ამიფეთქდა:
– რას ქვია, ვერ შევამჩნიე? თვითონ შემოვუშვი სადარბაზოში! რას ვიფიქრებდი, რომ ქურდი იყო?! ვის აწერია სახეზე, რომ ქურდია! – ბოლო ხმაზე ყვირის პასკალი.
– მოიცა, როგორ შემოუშვი?
– ჰო, ეგრე, სტუმრად მოდიოდა მეგონა. ისეთი ნორმალური გარეგნობა ჰქონდა, სულ არ ჰგავდა ქურდს!
– შემოუშვი და ფული მოგთხოვა?
– უნდა გითხრა, რომ ძალიან თავაზიანი იყო. არც მთვრალი ყოფილა, არც წამალზე დამოკიდებულს ჰგავდა. ვერავინ იფიქრებდა, რომ მძარცველია. შეიძლება, სულაც გაუჭირდა და ამიტომ გამოვიდა ამ საქმეზე...
– კარგი ახლა, რას ამბობ, ადამიანმა საკუთარ სადარბაზოში დაგაყაჩაღა!
– ჰო, დამაყაჩაღა, ხელებით გამაკავა. სასიამოვნო მართლაც არ იყო, მაგრამ ძალიან თავაზიანად მოიქცა მაინც. შეიძლება, პოლონელი იყო, ანდა ბოშა.
– ვაიმეეე, ფილმში მგონია თავი, ბოშას რაღა უნდა თქვენს უბანში?!
– იცოდე, სიტყვა „ბოშა“ არ უნდა ვთქვათ, არამედ „რომას შვილები“. მათ შორის ძალიან ბევრი წესიერი და მშრომელი ადამიანია, ბევრი ცნობილი მუსიკოსიც ჰყავდათ. ყველა მათგანს ნუ გალანძღავ...
პასკალთან ვერასდროს იკამათებ. იკამათებ და უცებ ისეთ რაღაცას წამოგიქროლებს, ერთი კარგად რომ დაგაბარბაცებს. ჩვენი თვალთახედვა არცთუ ისე ხშირად ემთხვევა ერთმანეთს, სხვა თუ არაფერი, სხვადასხვა სამყაროში გავიზარდეთ, სხვადასხვა კულტურას მივეკუთვნებით, განსხვავებულია ჩვენი ფსიქიკა, ტემპერამენტი, არქეტიპები, კლიშეები, ბოლოს და ბოლოს, სხვადასხვა ენაზე ვიგინებით, ამიტომაც ხშირად ვასკდებით ერთმანეთს. პასკალმა დათმობა არ იცის, აგიყვირდება, შემოგწყრება, შემოგებუტება, ბოლოს დიაგნოზს დაგისვამს: „მე შენი არ მესმის!“ და შენც უნდა ადგე და გასცილდე, ტელეფონი დაუკიდო, კომპიუტერი გაუთიშო, მოკლედ, რამე მოიფიქრო. ეს ხომ ათი ათასჯერ მიწვნევია, და ისიც ვიცი, ამ ახირება-აყვირების შემდეგ, ქართულად მდუღარე სისხლი რომ დამიცხრება და მის ნათქვამზე დავფიქრდები, სასწორზე რომ ავწონი წინადადების ყველა წევრს, თავისი სასვენი ნიშნებით, ეს ჩემი სააფთიაქო სასწორი უსინდისოდ გადაიხრება პასკალისკენ და თანაც ისე, აქამდე ნაგროვები ჩემი ცოდნა-გამოცდილება მტვრის ფენადღა რომ გამოჩნდება.
ამჯერად კი საკამათოც არაფერი ყოფილა: პასკალისთვის ქურდს ეროვნება არ აქვს, და თუ აქვს, ერთი მათგანის საქციელით მთელ ერზე მსჯელობას არც თვითონ აპირებდა და არც ჩემგან დაუშვებდა.
კარგი, ხო, მეც ხომ არაფერი მითქვამს, რაკი იმ ქურდმა, პოლონელი იყო თუ ბოშა, ყელი არ გამოსჭრა ან თავი არ გაუტეხა, რაკი საფულის წართმევას დასჯერდა და სახლამდე არ აჰყვა, ჯანდაბას მისი თავი, ეროვნებას არც მე წამოვაძახებ, ოღონდაც პასკალი ახლა მაინც მშვიდად იყოს!
და არის კიდეც: ერთი კვირა ინსტანციიდან ინსტანციაში დადის და ყველა მოწმობა-ბარათს ხელახლა უკვეთავს. კვირის თავზე კი ახალი ზარი მაქვს:
– არ ვიცი, გასახარია თუ საწყენი, მაგრამ დღეს წერილი მივიღე, – იწყებს შორიდან და ეს, აშკარად, მისი სტილი არ არის, აშკარად, რაღაც ხდება.
– ვისგან მიიღე წერილი? რა წერილია? – ისევ შრიალა ხმით ვეკითხები, რა ვიცი, რა ხდება, იქნებ სულაც ჩემზეა რამე, გადმოვხვეწილვარ ცხრა მთას იქით...
– გამომიგზავნეს ყველა ბარათი, რაც ძარცვისას წამართვეს, წარმოგიდგენია? უკლებლივ ყველა – მოწმობებიც, საბანკო პლასტიკური ბარათებიც, მათ შორის, გადახდის ბარათიც!
– ეს როგორ, ასე მალე აღგიდგინეს?
– რა აღმიდგინეს? ახლები კი არა, ძველი ბარათები მივიღე, მძარცველმა გამომიგზავნა! რაც წამართვა, ყველაფერი გამომიგზავნა, მხოლოდ ფული დაიტოვა და საფულე. სამწუხარო ისაა მხოლოდ, რომ მე ახლები უკვე შევუკვეთე, ეს ძველები უკვე აღარ ვარგა, აი, საგზაო ფასდაკლების ბარათი გამოდგება მხოლოდ...
– ვაიმეეე, რას ამბობ?! ქურდმა გამოგიგზავნა ფოსტით?
და გამახსენდა, კაროლი რომ ამბობდა, ის ქურდი მარტო ფულს ამოიღებდა, საბუთებსაც და საფულესაც იქვე ახლომახლო ჩააგდებდა ნაგვის ურნაში და აბა, პასკალმა თავის სახლთან მოათვალიეროს, ვიდრე ახლებს შეუკვეთავსო. იმ გაცხარებულ გულზე როგორ ვეტყოდი, ნაგვის ურნები დაიარე-მეთქი, თავისიც ჰყოფნიდა, მაგრამ აკი, მძარცველს არც გადაუყრია, ნაგვისაში კი არა, საფოსტო ყუთში ჩაუყრია და ახლა პასკალს უჭირავს ხელში.
– ხო მაგარი საშობაო ამბავია, არა? – წმინდანი ქურდი, რომელმაც მხოლოდ ფული აიღო, ნივთები კი დააბრუნა. ახლა ალბათ ზის თავის ცოლ-შვილში და უხარია, რომ ბევრი შოკოლადი აქვთ, – პასკალი გულიანად იცინის.
მეც ვიცინი, ვიწყებ მსგავსი ისტორიების გახსენებას და პასკალი უცებ ისევ მამუნჯებს:
– თუ ბოშა იყო, ალბათ ჯერ უფროსს მიუტანდა, სახლშიც კი ვერ წაიღებდა მთლიანად. ნეტავ, არ ყოფილიყო ბოშა, ის 200 ევრო რა გასაყოფი იყო, აბა?!

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი EmptyThu Sep 28, 2017 9:52 pm

ბელა ჩეკურიშვილი

სიზიფეს

ჯერ ქვა მოძებნე

და მტკიცე კვანძის შეკვრა ისწავლე,
თორემ იქ, ხელი ხავსისკენ გაგექცევა და შერცხვები.
ეს ინსტიქტია, ბოლო წუთებში ყველას უჭირს,
და ხანდახან ისეც ხდება, რომ ხავსი მაშველ რგოლად იქცევა
და შენ, გალუმპულს,
ნახევარი ქალაქის თვალწინ მადლობასაც გათქმევინებენ.

ჯერ ქვა მოძებნე

და ჩუქურთმის გათლა ისწავლე,
თორემ კედლებს ისე სწრაფად ამოიყვანენ, ჯერ მუხლამდე, მერე ყელამდე,
დაყვირებასაც ვერ მოასწრებ,
ბეტონის ყორეში აღმოჩნდები ჩაშენებული
და შენს ადგილას, ტაძრის ნაცვლად, უსახური გალავანი იდგება ბოლოს.…

ჯერ ქვა მოძებნე

და ფერები გადაარჩიე, ვიდრე ოსტატს ოქროს ბეჭედს შეუკვეთავდე,
იკითხე მათი წარმომავლობა და პოვნის ფაზები:
ზოგი ქვა სმენას ამახვილებს, ზოგი აბრმავებს,
ზოგი გულს ამსხვრევს, ზოგი ნაღველს შლის
და ზოგიც, სულაც, უმიზეზო ოცნებებს იწვევს...

ჯერ ქვა მოძებნე,

და ზომები კარგად გათვალე, ვიდრე შვილის გაჩენას გადაწყვეტდე,
თორემ ვინ იცის, მამამ ახალშობილის გადაყლაპვა მოიგუნებოს.
თუ მზად გექნება შეფუთული, დაღებულ ხახას რომ შეაგებო,
იქნებ შეძლო და გადაარჩინო,
თორემ ღმერთები, ხომ იცი რომ საკუთარ შვილებსაც არ ინდობდნენ
და მუდამ ძლიერის მხარეზე იდგნენ.

ჯერ ქვა მოძებნე,

და ვიდრე სურვილს ჩაუთქვამდე, კარგად დაფიქრდი,
კიდევ გინდა დაბრუნება ამ ქვეყნად,
სადაც ქვებიც ამდენს მოთქვამენ?

ბმული - https://www.lyrikline.org/de/gedichte/13004#.Wc02EGiCzIW

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი EmptyMon Oct 30, 2017 8:34 am

ბელა ჩეკურიშვილი

წუხელი სიზმარი ვნახე

„წუხელი სიზმარი ვნახე, ნეტავ, დედავ, რაო?“ - ხალხური.

_რაო და,
ის წყალი, თავზე თქეშად რომ გადმოგემხო,
ჩემი ცრემლებია,
ვაი აქვს შენს დედას და ნუგეში არ უნდა!
_რაო და,
ის თევზი, წყალში რომ შემოცურდა,
შენი ექიმია და
თევზმა ეშვები რომ ჩაგასო,
მისი სკალპელი,
_რაო და,
აკვანს ღერძი რომ გასტეხია,
შენი ხერხემალია და
არტახები რომ დასწყვეტია _
შენი ხელ-ფეხი,
_რაო და,
ავგაროზზე ღილი რომ აუჭრიათ,
შენი თავია,
ვაი აქვს შენს დედას და ნუგეში არ უნდა!
_რაო და,
ჩიტები რომ მოგეგებნენ,
შენი და-ძმებია,
ჟღურტული მიტომ აღარ შეუძლიათ, რომ
ენა თევზებმა შეუჭამეს,
ბუმბული მიტომ დასცვენიათ, რომ
იმქვეყნად ტანსაცმელი არ სჭირდებათ,
ფრთებით გზას მიტომ განიშნებენ, რომ
თან უნდა გაგიყოლონ,
_რაო და,
თორმეტ ნაწილად გადასერილს
ერთად აგკინძავენ,
ეს ერთმანეთით ისწავლეს და
აღარ შეეშლებათ,
ვაი აქვს შენს დედას და ნუგეში არ უნდა!
_რაო და,
ლეღვის ხეს ნაყოფი რომ უხმება,
დედაშენის მკერდია და
საწნახელი სისხლით რომ ავსებულა _
მისი მუცელი,
ტყისპირას ტურები რომ გაჰკივიან,
მისი გოდებაა,
ვაი აქვს შენს გამწირავს და ნუგეში არ უნდა...

ბმული - http://www.bu.org.ge/x1764?lang=geo

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





ბელა ჩეკურიშვილი Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი Empty

Back to top Go down
 
ბელა ჩეკურიშვილი
Back to top 
Page 1 of 3Go to page : 1, 2, 3  Next
 Similar topics
-
» ლინ კო­ფი­ნი - ბელა ჩეკურიშვილი
» ბელა ჩეკურიშვილი - წერილები
» ტიმოთი კერჩნერი - ბელა ჩეკურიშვილი

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: