Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: ზეზვა მედულაშვილი Thu Jun 09, 2011 6:52 pm
Zezva Medulashvili
ზეზვა მედულაშვილი - (20 დეკემბერი, 1939 - 30 აპრილი, 2018)
ზეზვა ნიკოლოზის ძე მედულაშვილი დაიბადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 1939 წლის 20 დეკემბერს. 1957 წელს „ვერცხლის მედლით“ დაამთავრა არასენდის საშუალო სკოლა და მისაღები გამოცდები ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავთლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. მესამე კურსზე უკვე ბრწყინვალედ ფლობდა სპარსულს და დეკანატის გადაწყვეტილებით ახლადგახსნილ არმენოლოგიის ფალუკტეტზე გადაიყვანეს. 1961 წელს მისი პირველი თარგმანი დაიბეჭდა ალმანახ „მეგობრობის ცისარტყელაში“. მისი თარგმანები: სპარსული, სომხური, ტაჯიკური, უზბეკური, თურქმენული, თურქული, ჩეჩნური, რუსული, გერმანული, აზერბაიჯანული ენებიდან იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. მისი რედაქტორობით გამოცემულია მრავალი თარგმანი. 1974 წლიდან მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგამნისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარ სარედაქციო კოლეგიაში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. ზეზვა მედულაშვილი არის პანკისის და დმანისის საპატიო მოქალაქე.
წიგნები * ჰრანტ მათევოსიანი ჩემი მგელი (მოთხრობები), თბ. ნაკადული, 1987 * ჰრანტ მათევოსიანი მიამიტური ამბავი, თბ. ნაკადული, 1971 * ჰრანტ მათევოსიანი აგვისტო (მოთხრობები), თბ. საბჭოთა საქართველო, 1977 * ჰრანტ მათევოსიანი მწვანე მინდორი, თბ. 1987 * აზერბაიჯანული მოთხრობები, თბ. ნაკადული, 1974 * აზერბაიჯანული ზღაპრები, თბ. ნაკადული 1974 * აზერბაიჯანული ბაიათები, თბ. ნაკადული, 1979 * ისა ისმაილზადე, ლექსები, თბ. საქართველო, 1983 * მამედ არაზი ანდერძი, ლექსები თბ. საქართველო, 1984 * ქოროღლი (აზერბაიჯანული ეპოსი), თბ., კავკასიური სახლი, 2003, ISBN 99928-71-34-2 * საიათნოვა, ლექსები, თბ., კავკასიური სახლი, 2005. * ათას ერთი აზერბაიჯანული ბაიათი, თბ. უნივერსალი, 2010, ISBN 978-99941-17-064-5
ზეზვა მედულაშვილი (დოკუმენტური ფილმი, 70 წლის იუბილე, 2010 წელი)
Last edited by Admin on Mon Jul 20, 2020 1:52 pm; edited 27 times in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ზეზვა მედულაშვილი Thu Jun 09, 2011 7:00 pm
ავტორი: საიათნოვა გამომცემელი: კავკასიური სახლი ყდა: რბილი ყდა ენა: ქართული გამოცემის წელი: 2005 პუბლიკაციის ტიპი: წიგნი გვერდები: 215 ფასი: 9.10 GEL ISBN: 99928–71–76–8
საიათნოვა ცნობილი თბილისელი საზანდარ–მომღერალი იყო, რომლის ლექსებიც სამ ენაზე– სომხურად, აზერბაიჯანულად და ქათულად არის შემონახული. ამ წიგნში ისინი თარგმნა და რედაქცია გაუწია ზეზვა მედულაშვილმა.
გამოვიდა აზერბაიჯანული ბაიათების ქართულ თარგმანთა კრებული "ათას ერთი აზერბაიჯანული ბაიათი", შესრულებული ცნობილი პოეტისა და მთარგმნელის ზეზვა მედულაშვილის მიერ. მას ქართველი მკითხველის წინაშე წარდგენა არ სჭირდება, რადგან აგერ ოთხი ათეულ წელზე მეტია ნაყოფიერ მთარგმნელობით მოღვაწეობას ეწევა. მართალია სრულყოფილად ფლობს აღმოსავლურ ენებს - თურქულს, სპარსულს, არაბულს, მაგრამ ძირითადად თარგმნის აზერბაიჯანული და სომხური მწერლობის ნიმუშებს. ამ ორიოდე წლის წინათ ქართულად თარგმნა საიათნოვას აზერბაიჯანული და სომხური ლექსები და კრებულად გამოსცა. კრებულში შესულია აგრეთვე საიათნოვას ქართული სიმღერები. ასე რომ ეს კრებული საიათნოვას პოეზიის პირველი სრული ქართული კრებულია. ამ გამოცემას შევეხმიანე საკმაოდ ვრცელი რეცენზიით, რომელშიც საგანგებოდ აღვნიშნე - თუ საიათნოვა გენიალური აშუღია, მაშინ ზეზვა მედულაშვილმა მოგვცა მისი პოეზიის კონგენიალური ქართული თარგმანი. ეს აზრი დავასაბუთე კიდეც. მასვე ეკუთვნის ოვ. თუმანიანის, ავ. ისააკიანის, ჰრ. მათეოსიანის და სხვა სომეხ კლასიკოსთა ნაწარმოებების მთარგმნელობითი ოსტატობით შესრულებული თარგმანები. ამჯერად მათ განხილვას არ ვაპირებ, ეს ახლო მომავალში მაქვს განზრახული. ახლა კი მსურს ვესაუბრო მკითხველს ზეზვა მედულაშვილის მიერ აზერბაიჯანული ხალხური პოეზიის ზოგიერთი ნიმუშის ქართულ თარგმანებზე. ამ მხრივ, პირველ რიგში აღსანიშნავია მის მიერ აზერბაიჯანული ეპოსის "ქოროღლის" ქართული თარგმანი. იგი გამოვიდა ორ ტომად, 2007 წელს. იმდენად, ბუნებრივად აქვს შერჩეული და მისადაგებული ქართული ხალხური ლექსის რიტმული და რითმული ჟღერადობა და პოეტური სისადავე, რომ თარგმანი ქართული ორიგინალური ეპოსის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს კი, ვფიქრობ, მთარგმნელის დიდი გამარჯვებაა, რაც მისასალმებელია მაგრამ ზეზვა მედულაშვილისგან გასაკვირი არ არის, რადგან მას ქართველი მკითხველი და ლიტერატურული საზოგადოება განებივრებული ჰყავს ასეთი შესანიშნავი თარგმანებით. ამიტომ, ბუნებრივია, ეს თარგმანი საზოგადოებამ მოწონებით მიიღო, რაც აღინიშნა მისი განხილვის დროს "კავკასიურ სახლში". აქვე მსურს ქართველ მკითხველს ვამცნო ერთი უნიკალური, სასიამოვნო ფაქტი: ზეზვა მედულაშვილი არის ერთადერთი მსოფლიოში, ვინც ეს ვრცელი მოცულობის ეპოსი აზერბაიჯანულად და ქართულად თავიდან ბოლომდე ზეპირად რომ იცის. ზეზვა მედულაშვილის თარგმნილი აქვს აგრეთვე ნიზამის, ფიზულის, ვაგიფის, აშუღ ალის, მ. არაზის, ი. მამედოღლის, სამედ ვურღუნის, ვ. ჰაჯილარის და სხვა აზერბაიჯანელი კლასიკოსი პოეტების ნაწარმოებები. ამ თარგმანებში - "აზერბაიჯანული და ქართული სული ფაქიზად არის ურთიერთშერწყმული" - როგორც სწორად აღნიშნა ნიჭიერმა თანამედროვე აზერბაიჯანელმა მწერალმა რაფიგ გუმბათმა,ზეზვა მედულაშვილმა თავი მოუყარა მის მიერ შესრულებული აზერბაიჯანული ბაიათების ქართულ თარგმანებს და საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ფინანსური დახმარებით, წლეულს ერთ კრებულად გამოიცა. ვინაიდან იგი აღმოსავლეთმცოდნეა სათაურიც აღმოსავლური შეურჩია და უწოდა - "ათას ერთი აზერბაიჯანული ბაიათი". თანაც, ამით მიანიშნა აზერბაიჯანული ბაიათის აღმოსავლური წარმომავლობა. კრებული ორენოვანია და მკითხველს შეუძლია თარგმანი შეუდაროს დედანს და განსაჯოს მისი მხატვრული ღირებულება. ვიდრე კრებულში შესული თარგმანი ბაიათების შესახებ ვიტყვი, უპრიანი იქნება ორიოდე სიტყვით ამ ჟანრის შესახებ მოვახსენო მკითხველს. ბაიათი ძალზე პოპულარული იყო X|||-X|||| ს.ს. აზერბაიჯანულ და საერთოდ თურქულენოვან სამყაროში. მასში ხალხს ჩაქსოვილი აქვს სედვა თუ სიხარული, სიყვარული თუ სიძულვილი, ცხოვრებისეული ხალხური სიბრძნე. სახალხო აშუღები დღენიადაგ მღეროდნენ და ბაიათი იყო აზერბაიჯანელი ხალხის დარდისა და შვების წამალი. რაც შეეხება ბაიათის პოპულარობას, ეს პოპულარობა განაპირობა მისმა ხალხურობამ და სადა სალექსო ფორმამ. გარდამავალი პერიოდის ქართულ პოეზიაშიც აქა-იქ გამოჩნდა ბაიათი. ამ სალექსო ფორმის მიხედვით წერდნენ ბესიკი, ბატონიშვილები, ალ. ჭავჭავაძე და სხვ. მაგრამ ფეხი ვერ მოიკიდა და გავრცელება ვერ ჰპოვა. ახლა, რაც შეეხება კრებულს "ათას ერთი აზერბაიჯანული ბაიათი" და მასში შეტანილ თარგმანებს ზეზვა მედულაშვილს შესრულებული აქვს შვიდმარცვლიანი საზომით თუმცა ნაწილი კი რვამარცვლიანით, რომელიც ქართულ ყურს ბუნებრივად ესალმუნება. ერთი შეხედვით, ეს სადა სალექსო ზომით შექმნილი ბაიათის თარგმნა თითქოს ძნელი არ უნდა იყოს, მაგრამ ეს ასე არ არის. იგი სტრუქტურული აღნაგობით საკმაოდ რთულია და დიდ მთარგმნელობით ოსტატობას მოითხოვს. დედნის ბოლო ორ სტრიქონში ჩადებულია ძირითადი აზრი, პირველ ორ სტრიქონზე მოდის სარითმო საყრდენი ანუ ეს არის მუსიკალური შემზადება ბოლო ორ სტრიქონზე გადასასვლელად. პირველ ორ სტრიქონს აზრობრივი წინამავლის ფუნქცია აკისრია. მასში გამოთქმული აზრი ხშირად არ უკავშირდება ბოლო ორ სტრიქონში გატარებულ აზრს. ერთი სიტყვით მთარგმნელი სრულიად უნდა ფლობდეს ამ სალექსო ზომის ყველ ნიუანსს და დედნის შეკუმშული აზრის აფორიზმად გადმოტანის ხელოვნებას. ზეზვა მედულაშვილი ყოველივე ამ კომპონენტს შესანიშნავად ფლობს და იყენებს კიდეც. აღარას ვამბობ ორივე ენის სიღრმისეულ ცოდნაზე, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა მთარგმნელის წარმატება. იგი ორიგინალის შინაარსსაც იცავს და შეიძლება ითქვას ახალ პოეტურ რეალობასაც ქმნის. ამის ნიმუშებად გამოდგება ნებისმიერი ნათარგმნი სტროფი.
ბედი მექცევა ჩარჩივით, რა ვქნა, ბედია, არ ვჩივი, მიმინო ვიყავ, დავბერდი, ღაჟოს ხვდა ჩემი არჩივი.
ამ კრებულში შესული აზერბაიჯანული ბაიათების ქართულ თარგმანთა პოეტური ღირსებების შესახებ კიდევ ბევრის თქმა შეიძლება მაგრამ რაც ითქვა, ვფიქრობ, იმითაც ნათლად ჩანს ამ თარგმანების მაღალი მხატვრული დონე და მთარგმნელის ოსტატობა.
Last edited by Admin on Tue May 01, 2018 9:42 am; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ზეზვა მედულაშვილი Thu Dec 27, 2012 11:26 pm
ზეზვა მედულაშვილი
*** გულო, ერთხელაც დაიღვენთები, როგორც სანთელი ქარში დაღლილი, ერთხელ მოგთხოვენ პასუხს ღმერთები, გაილესება შენზეც მახვილი. ნუ შემიდრკები, ძვირფასო, მაშინ, – ვალი ვალია და შენც ივალე, ჭირში თუ ლხინში, მზეში თუ ქარში, ძმობილო, ჩემთან მოხეტიალევ. ყველას ხვედრია, ყველას თან დასდევს ის ძველი ცელი პირჟანგიანი, ჩვენც შევერკინოთ, არ დავუზავდეთ წყალობას ნუ ვთხოვთ, – კრიჟანგი არი. ჯერ კი, ხომ მივქრით... და რჩება უკან – გზა ცაზე, ზღვაზე, მთაზე, ვაკეზე, გვხიბლავს სიჭრელით სამყაროს რუკა და გიჟ ოცნებებს სრბოლად აქეზებს. ფიქრთა და აზრთა საზღვართა მიღმა გვახეტიალებს ბოშა ოცნება, ჩვენივ თავს ვეძებთ ჩვენ სხვათა მიღმა, ვერ გვიპოვნია და... გვეოცება. ვესწრაფით, ვჩქარობთ, ვრჩებით და ვუსწრებთ, დარი ხან დარობს და ხან ავდრდება. დრო კი ხევს ჩვენი სიცოცხლის ფურცლებს და შორეული ახლო მთავრდება. ვეძებთ ცხადლივ და ვეძებთ ანდეზე, ბედი კი სწორეს გვიმრუდებს მუდამ, ვკეცეთ, ვკეცეთ და ვეღარ დავკეცეთ, უკან გაფრენილ გზებს დავრჩით უკან. მაინც მგელივით მუხლი შაიბი, გადი, გამიყვა, მოგდევ, იარე, ბეწვის ხიდებზე იმუშაითე, ჩემო ძმობილო, ჭირმოზიარევ.
Last edited by Admin on Tue May 01, 2018 9:38 am; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ზეზვა მედულაშვილი Thu Dec 27, 2012 11:28 pm
"ჩვენი საგანძური" 14.11.15 ცნობილი მწერალი,მთარგმნელი,პოლიგლოტი ზეზვა მედულაშვილი •Nov 14, 2015
Georgian Public Radio
გადაცემა მიეზრვნა ცნობილ მწერალს, მთარგმნელს,პოლიგლოტს, აღმოსავლეთმცოდნე ზეზვა მედულაშვილს,რომელსაც შარშან დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. სტუმრები: აღმოსავლეთმცოდნეები,პოეტები და მთარგმნელები - ზეზვა მედულაშვილი და ნომადი ბალთაია წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
:::
Last edited by Admin on Wed Jul 22, 2020 11:39 pm; edited 7 times in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ზეზვა მედულაშვილი Thu Dec 27, 2012 11:29 pm
ზეზვა მედულაშვილი
მტერ-მოყვარეებს
რაც კი რამ მწამდა, ყველა გაწამდა წელთა და წამთა შავი ჭორებით. ვისგან და როგორც გული გამწვავდა, ყველას უკლებლივ გეამბორებით. რისი ამბორი! გკოცნით და გტლოშნით, ვინც გამათეთრეთ თქვენი სიშავით, ვინც ჩემს დაქანცულ და ისეც მოშლილ სულს თითო მაინც დასდეთ ნიშანი. ვინც მხვდებით დღეს და მხვდებოდით გუშინ დადარაჯებულ სიტყვით, ღიმილით - ყველას, სულ ყველას გისტუმრებთ გულში ძველ სიყვარულით, თუმც სიმძიმილით. ლექსი თუ გული, ძმობა თუ გრძნობა, ლუკმა თუ აზრი თქვენ გიწილადეთ, დავკარგე ცნობა, დაგწამეთ ბრძნობა, და თავსა ზედან დაგსვით პილატედ, თქვენ ჯვარზე გაკვრა არ გიჭირთ სხვისი, გიყვართ სხვის ბედზე ხელის დაბანა, თქვენი საქმეა ქირქილი მქისი, თქვენ კარგად იცით ეს ანაბანა. თქვენ გამიმრავლეთ თმაში ჭაღარა, ეს თქვენგან ვისხამ შუბლზე ნაოჭებს, თქვენმა სამსალამ გული დაღარა, თქვენ გამისტუმრებთ სასაფლაოზე, ხომ დამადევნებთ ნიანგის ცრემლებს. ხომ ასრულდება თქვენი მიზანი! და მაინც ყველას მე შემოგევლეთ, და მაინც ყველას კოცნას გიგზავნით, შეღონებული თქვენი ელდებით, მალე გავხდები ზეცის ხიზანი. მე გაპატიებთ! ნუ აღელდებით! მე ჰაეროვან კოცნას გიგზავნით!
Last edited by Admin on Thu May 03, 2018 11:55 pm; edited 5 times in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ზეზვა მედულაშვილი Thu Dec 27, 2012 11:31 pm
ზეზვა მედულაშვილი
ღამე მინდორში
ფეხი ჩაუცდა ქარაფში მზეს სამყაროის აეშაგს, სისხლის ცრემლებით ტიროდა, დაისი ჰგავდა კაეშანს... და ბინდი გორაკებიდან ოლისპირებზე დაეშვა. თიბვას მოვრჩი და საღამოც შემომეპარა ვით რული. ცა დაემგვანა სპარსულ ნოხს – სხივშეოჭვილი, მდიდრული... სოფლისკენ გამოვეშურე, მათრობს ეს ღამე მინდვრული. თვალს ჩამიკუჭავს ვარსკვლავი, – მესაყვარლება თუ მრისხავს? როგორ მომნახა მიწაზე, ვით შემამჩნია მწუხრის ხანს. ალბათ, რომ შევტრფი, მიმიხვდა, გაიგო, გაიგულისხმა. ჯერ მბნედავს მისი კრიალი, ახლა – ბალახის სურნელი, თიბათვის ღამის შიკრიკი – ნიავი მოჰქრის სულ ნელი. ჩემ შორიახლოს, ოლედან შინ მიჭრიალებს ურემი: ბედს რომ დამპირდნენ, აქედან წასვლას არ მოვისურვებდი. მიდის ნიკორას სიზანტით ურემი თივანადები. შე დალოცვილო, ვარსკვლავო, მეურმეს მიანათებდი! მეურმევ, ხარიმც გაგიწევს, გადაგვიშალე დარდები! გასახარელიც ხომა გაქვს, სევდაც გექნება რამდენი! დაიბუბუნებს ურმული, გაეკიდება ვარსკვლავებს, – გედი დაეცა დაჭრილი, თუ ეს მინდორი კანკალებს! მე ამ ურმულმა გამზარდა და გრძნობას ის მიანკარებს. ვისმენ და გამაჟრიალებს, – გულმა რა გაიხალისა! მეურმის ღუღუნს ავყევი (მეც ავმღერდები ხანდისხან), მივყვები ყანის ნაპირებს, ნაჩლიქარს სურმა ხარისას. დავლანდე ჩემი სოფელი, მაგრამ შინ წასვლა არ მინდა. გულმა გაგლიჯა, გასწია, გალაღდა, გაიამინდა, გადაჰყვა მწყერის ჭუკჭუკსა და ვარკვლავებთან აფრინდა. ო, ამ დუმილში ჩამძირა, მომასმენინა ურმული, ზედ მაცვიოდეს ვარსკვლავი – მინათოს ჩამობურული, – არც მინდა თქვენი დიდება, არც თავზე დაფნის ბულული! შინ რა წამიყვანს! ამ ღამეს აქ, მუხის ძირას გავათევ! ო, მშობლიურო ველებო, მაგ თბილი სუნთქვით გამათბეთ, სიოვ, შენ დამინანავე, ვარსკვლავო, გადმომანათე!
Last edited by Admin on Sun Oct 23, 2016 8:42 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ზეზვა მედულაშვილი Thu Dec 27, 2012 11:32 pm
ზეზვა მედულაშვილი
შეხვედრა ძველ მუზასთან
ნეტავ საით გაფრინდნენ ჩვენი თეთრი მერცხლები, საით გადაიჩეხნენ სიყვარულის მეწყრები. ვაი, როგორც გაცივდა გული ნაბურბურალი, ვისთვის, ვისად გესმოდა ჩემი ნაბულბულარი. ახლა არის გვიანღა ნაცრის ანაღვერდლება, იმ პირველი სიმღერით გული არ ამღერდება. ახლა ჩვენს შავ გიშერსაც შეჰპარვია ვერცხლები, გადამქრალან უკვალოდ გულის ის ნაპერწკლები.
Last edited by Admin on Wed Jul 22, 2020 11:41 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ზეზვა მედულაშვილი Thu Dec 27, 2012 11:35 pm
ზეზვა მედულაშვილი
წერილი სიყრმის მეგობარს სოფელში
"შუაღამეა, შემოემარცვლა, ჩამოეთვალა ყინულს მძივები, ერთი სიზმარი მაქვს სანახავი, თორემ ეხლაც არ დავიძინებდი" ასკემო
ჩვენ აპრილებმა მოგვინარეკლეს, კახეთის ცამ და ვარსკვლავთ მწყემსობამ, მზეს ვადიდებდით ცვარში არეკლილს და ბალახების ენა გვესმოდა. არ მოგვაკლებდა ლექსის საფანელს ვაზის ცრემლი თუ ატმის რტოები, ნოემბრის ბურს და იანვრის ფანტელს მოსდევდნენ ჭრელი აგვისტოები. ხანა გვცეცხლავდა ცისკრის ცახცახი, ხან ობლის სევდა, გაუმხელელი, ვერდაბრუნებულ მამილოს სახე და ნაჯაფარი დედის ხელები. ხანაც იისფრად იშვებდა სული, მოსთქვამდა ნაზი ტრფობის ებანი, სულს გვიშფოთებდა თეთრი ასული და ალისფერი მოგონებანი. მაგრამ... მზეჭრელში ფერთა თამაშით, სიზმრებს შეერთო ჩვენი მიზნები და ცხრათა ძმათა დაი ლამაზი დევთაგან ვერა, ვერ დავიხსენით. არ ვთქვათ: "თევზივით რიყეზე შევრჩით!"– ჯერ ხომ მზე მაინც ღუის ვარდივით, ჯერ ხომ გვაფეთებს ღრუბელთა ტევრში მთვარე ყაჩაღად გამოვარდნილი. ჯერ ხომ გვახარებს მზის პირის ბანა და ცისარტყელა ფარშევანგული, ჩვენი ლამაზი სოფელ-ქვეყანა მიმინოსავით მხარშემართული! მაშ, ნუღა შეგვძრავს სევდა ფარული, გულს ნაღვლის ხიჭვი ნუ დაგვესობა, ჯერ ხომ კიდევ გვწვავს იმ სიყვარულის, მზისა და ლექსის უმაღლესობა! ერთურთს ვახაროთ რწმენა ახალი, რომ ვიძინებდეთ ერთი იმედით: "ერთი სიზმარი მაქვს სანახავი. თორემ ეხლაც არ დავიძინებდი".
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ზეზვა მედულაშვილი Sat Nov 30, 2013 10:11 pm
ზეზვა მედულაშვილის მონაყოლი მედულაშვილებზე და არაშენდაზე
მე ზეზვა მედულაშვილი ვარ. მინდა, რამდენსაც შევძლებ და როგორც შევძლებ, იმ ცოდნით, რაც შემომრჩა პაპა-ბებიებისგან ან სხვა ნათესავთაგან, ან ნაცნობთაგან ჩემივე გვარისა და გვარის წარმოშობის შესახებ, რაობისა და სადაობის შესახებ, იმ ცოდნით მოვუყვე ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ბევრი რამე სადაო იქნება, ვარაუდებზე იქნება დამყარებული. მომიხდება ხანდახან ანალიზის გაკეთება ბევრ რამეზე და რამდენად სწორი ვიქნები იმ ანალიზებში, ეგეც სავარაუდო და საფიქრალი იქნება, იქნებ სხვამ უკეთესად შეძლოს, მაგრამ ამ ყველაფერს ჩავწერ. შემდეგ შეიძლება სხვისი დახმარებით, ჩემი ჩარევითაც, იქნებ უკეთ გავშალოთ და უკეთ ამოვხსნათ ბევრი სავარაუდო რამე. მედულაშვილების ძირი და ფესვი რამდენადაც ვიცი და ვხედავ კიდეც და დადასტურებულიც არის, და მაინცდამაინც ვარაუდიც აღარ არის - ეს არის სოფელი არაშენდა, კახეთში, გურჯაანის რაიონში. დანარჩენი მედულაშვილებიც აქედან არიან გაფანტულები საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ძირითადად - კახეთში. თუმცა, როგორც ვიცი, თუმცა პირადად არავის ვიცნობ, ზესტაფონშიც ყოფილა რამდენიმე ოჯახი და ისინიც ყოფილან გადასულები სოფელ ახალსოფლიდან, ყვარლის რაიონიდან. და ის კაცი, ვინც გადასულა ახალსოფელში ჩემი ნაცნობი ოჯახის, მედულაშვილის, ბასილა მედულაშვილის ძმა ყოფილა. თვითონ ახალსოფლელებს, ძველ გავაზელებს, მიაჩნიათ რომ ჩვენი სოფლის არაშენდის სანახებიდან გადასულან და იქ გამრავლებულან ახალსოფელში. არიან სხვა მედულაშვილებიც, რომლებიც ახალსოფლიდან გადასულან წინანდალში, ოღონდ ისინი უკვე მედოლიშვილები არიან, მაგრამ მედულაშვილობენ. მე ვიცნობდი მამა-შვილს არჩილას და მუზიკანტ კაკოს მედოლიშვილებს. ერთხელ მე შევიარე მათთან წინანდალში მთელი ავტობუსით, მაშინ რაღაც დელეგაციას ვხელმძღვანელობდი, თელავში ჩამოვიარე და ავტობუსით შევუარე მთელი ხალხით. არჩილა აღარ დამხვდა ცოცხალი. კაკო წასული ყოფილა სადღაც საზღვარგარეთ სამუშაოდ. გამოვბრუნდი უკან. იქ ქალებმა იცოდნენ ჩემს შესახებაც, მომიკითხეს კიდეც. მეც მოვიკითხე, ოღონდ, პირადად არავის ვიცნობდი. მედულაშვილობენ ისინი, ოღონდ მედოლიშვილები არიან. პაპაჩემის იოსებას, იგივე ბუქიას თქმით, თითქოს წინანდლელები პაპიროზაანთი ყოფილან. ისევე, როგორც ზედმეტსახელად ჩვენ მედულაშვილების ერთი შტო შანათიანთი ვართ. არ ვიცი, რამდენად მართალია. ეხლა იქ, ის არჩილა ძია აღარ არის ცოცხალი. კაკოც დიდხანს არ მინახავს, არ ვიცი ჩამოვიდა, თუ ისევ საზღვარგარეთ არის. მუზიკანტს ეძახიან, ალბათ უკრავს. ის არჩილა ძია აქეთ მამაჩემის ბიძაშვილის ბეჟანა ძიას გადანაჭერი იყო ისე ჰგავდა, ფერით, სახით. ის კაკოც ნანახი მყავს ადრე ახალსოფელში. მედოლიშვილები ახალსოფლელ მედულაშვილებთან ნათესაობენ და ხშირად ჩადიან ერთმანეთთან რელიგიურ დღესასწაულებზე და იქ გავიცანი ახალსოფელში 45-46 წლის წინ წინანდლელი მედულაშვილები არჩილა ძია და კაკო, რომლებიც ჩვენს არაშენდელ მედულაშვილებსა ჰგავდნენ ძალიან, ფერ-ხორცით და შესახედაობით, ის არჩილა ძია აქეთ ბეჟანა ძიას, პაპაჩემის ძმისშვილს ჰგავდა და ის კაკოც, გადაჭრილი ქუჩო მედულაშვილი იყო, ჩვენი - არაშენდელი. ანუ ეს ნიშნავს გენის ერთობას. ეს საკითხი გადაჭრილად მიმაჩნია. მაგრამ, ეს გვიანდელი საკითხებია, საიდან მოვდივართ, - აი ეს საძიებელია . . . მხოლოდ ვარაუდები შეგვიძლია გამოვთქვათ. შეიძლება ჩვენი გვარი სხვა მსგავსი გვარისგან არის წარმოებული, მაგ. მედულაურებისაგან. ის, რომ მთასთან კავშირი გვქონდა, დიდად სავარაუდოა. აქვე ორიოდე კმ-ში არაშენდასთან არის სოფელი ფხოველი. ძველი ისტორიული სოფელი იყო, სადაც ეხლა ერთი კაციც არა ცხოვრობს. მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ეს სოფელი ფხოველი და იქვე ზიარიც, არაშენდის საბჭოში შემოდიოდნენ. ეს ხალხი, ვითომ უგზოობის გამო გადაასახლეს გურჯაანის რაიონში, თვითონ გურჯაანშიც. იქიდან მოკლე ჩასასვლელი გზა არის გურჯაანამდის, არაშენდიდან გურჯაანამდის დაახლ. 10 კმ იქნება, ტყეზე, ბევრჯერა ვყოფილვარ ბავშვობაში, ფეხითაც, ვირითაც. აქედან მცირე აღმართია ლაკბის ხეობამდის არაშენდიდან, არაშენდის მიმდებარე გვერდზე სოფელს ქოდალას რომ გასცდები, ჩახვალ, ჩაღმართია ლაკბემდე. ლაკბიდან ერთი კმ იქნება ზიარამდის, გადახვალ დაეშვები და გურჯაანამდის არის სულ დაღმართი. სოფელი ფხოველიც იქვეა, გვერდით. ზიარსა და ფხოველს შუა ეხლა მოცარიელებული მინდორია. მახსოვს ბებერი კაკლის ხეები ამ მინდორზე ბავშვობაში, იქ სავარგულები იყო კოლმეურნეობისა მხოლოდ. ამ ადგილს ნანიანს ეძახიან, ქოდალელებიც, არაშენდელებიც, ზიარელებიც და ფხოვლელებიც. საქმე ის არის, რომ ეს ნანიანი, სოფელი უკვე სხვა ადგილას არის, ქვევით კაჭრეთის მიმართულებით. არაშენდის ქვემოთ მობმულია ნანიანი. ეს ბადებს ეჭვს, რომ ნანიანი ჩვენს ქვემოთ, ეტყობა თავის დროზე იქა სახლებულა ზიარსა და ფხოველს შორის. ანუ ეს რამდენიმე სოფელი არაშენდის გარშემო იგივე ფხოველი, ზიარი, ქოდალა, დარჩეთი, არაშენდის ოდნავ ჩრდილო-დასავლეთით. ეს ყველა სოფელი შემოდიოდა არაშენდის სასოფლო საბჭოში. საერთოდ, ყველანი ესენი ამოსულები არიან ფხოვლიდან და ეს ერთიანად იყო საანდრონიკაშვილო, თავადი ანდრონიკაშვილების სამფლობელო. ანდრონიკაშვილები ძმები, გაყრილები, ზოგს ქოდალაში ჰქონდა სასახლე, ზოგს არაშენდაში. არაშენდა დიდი სოფელი იყო. ზოგიერთი რაიონული მაშტაბის დაწესებულება იყო არაშენდაში. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, როცა არაშენდა იყო არა გურჯაანის, არამედ კაჭრეთის რაიონი. კაჭრეთი არაშენდის ქვემოთ არის. ისიც მცირე სოფელი იყო, მაგრამ რაიონული ცენტრი იყო. შემდეგ დაიშალა კაჭრეთი და ისევ გურჯაანს შეგვიერთეს. ეს სოფლები ყველა ერთმანეთს ვიცნობდით, ჩვენი სოფლის სკოლაში სწავლობდნენ ზიარელები, ქოდალელები, დარჩეთელები, ხან ჯიმითელებიც კი. ის კი არა და, იორმუღანლოს, დუზაგრამის თათრებიც კი მაშინ კაჭრეთის რაიონში შემოდიოდნენ 60-იან წლებში და მათაც ბევრს ვიცნობდით. სარაიონო კომისარიატიც კი არაშენდაში იყო მაშინ. ასე, რომ არაშენდელები ვართ, ძირითადად, მედულაშვილები, ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი გვარი არაშენდაში. როგორცა მსმენია მედულაშვილები ყოფილან ასევე სოფ. მელაანში. ერთი მედულაშვილია ცნობილი, რომელიც მართლა მელაანელი იყო, ხოხობა მედულაშვილი, რომელიც არაშენდაში მოკლეს აქ ჩასაფრებულმა სტრაჟნიკებმა მეოცე საუკუნის 20-იან წლებში. ის ყაჩაღი ყოფილა, თუ ტყის ძმა. მასთანვე იყო პაპაჩემის ძმა ილია მედულაშვილი, იგივე შანათიშვილი. ჩვენი შტო მედულაშვილებში შანათეს შტო ვართ. შანათიანთ გვეძახიან, ვიღაცა შანათე გვყოლია. ამისი ვერსიები არსებობს. ჯიმითშიც უცხოვრიათ მედულაშვილებს. აქედანვე არიან გადასულები გურჯაანში. ორი-სამი მეც ვიცოდი, რეროაანი იყვნენ, იქით თაგვაანთი მედულაშვილები, გიორგი პაპა იყო აქეთ ჭრიღოაანთ მედულაშვილი. ჭრიღოაანი სახლეულებად არიან დაყოფილი, იყვნენ კვირიანთები, ხოხონაანთები - იგივე თაგვაანთები, ჩვენ - შანათიანთ მედულაშვილები, არიან ჭუკიაანთები. ნანიანში არიან ხარაანთი, ტიტლიკანაანთ მედულაშვილები. სხვებიც ყოფილან. სხვებსაც უნდა შევეკითხოთ, ყველა თავისას რომ იტყვის შემდეგ უფრო მეტს გავიგებთ მედულაშვილების შესახებ. შესაძლოა რამდენიმე ქართული გვარს ერთი წარმოშობა ჰქონდეს: მედულაშვილებს, მედოლიშვილებს, მედულაურებს, მიდელაშვილებს, მედელაშვილებს, მეგულაშვილებს (თეთრ წყაროში. სოფ. საღრაშენი).
ეხლა რაც შეეხება ჩვენს წარმოშობას, ჩვენ წარმოშობით ფხოვლიდან ვართ. ფხოველი თავის დროზე დიდი სოფელი იყო. ეკლესიაც ჰქონდა. მეცა მაქვს ნანახი ნანგრევები. ადრე წაკითხული მაქვს, სულ სხვა თემებზე ვმუშაობდი მაშინ არქივში და სამეფო აქტებს ეძახიან, რუსეთმა რომ ჩაიბარა (მიიტაცა) ტრაქტატის საფუძველზე საქართველო, იქ ძველი საბუთები ათარგმნინეს რუსულად. ეს აქტები არის არქივში და იქ ამოვიკითხე დისერტაციის მასალებზე მუშაობის დროს. 1802 და 1804 წლებში რომ იყო აჯანყება რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ, მგონი ფარნაოზ ბატონიშვილის თაოსნობით, კონსპირაციული შეკრებები მაშინ ტარდებოდა სოფ. ფხოველში, რომელიც შედარებით ჩაყუჟულია მთებში და შეიძლება ამის გამოც აირჩიეს შტაბად. ამ სამეფო აქტებიდან ჩანდა, რომ შეთქმულები თითქოს გაუყიდია ვიღაც ბოდბელ მღვდელს, შემდეგ ეს აჯანყება ჩაიშალა. ჩააქრეს ყველა აჯანყებები, ასევე 1810 წლისაც.
ასე, რომ ამ ფხოვლიდან ვყოფილვართ ჩვენ. ჩემს ბალღობაში არც ერთი მედულაშვილი აღარ ცხოვრობდა იქ, მხოლოდ ფხოვლის ბოლოს ბაკებიღა ჰქონიათ მედულაანთ და ეძახიან მედულაანთ ყურეს. ბუქია პაპა მედულა ყურეს ეძახდა. ლაკბე მაშინ წყალსავსედ მოდიოდა, კარგი გასადევარი ჰქონდა სოფელს, ტყე გვერდზე იყო, საძოვრებიც იყო. აქ, ალბათ, ანდრონიკაშვილებმა დაგვასახლეს, ერთ-ერთმა ძმამ - ერთი ზიარში იყო, მეორე ფხოველში იყო, მესამე ქოდალაში იყო, ფხოვლელები 4 წლამდე ქოდალის სკოლაში დადიოდნენ და შემდეგ არაშენდის სკოლაში მოდიოდნენ საშუალო სკოლაში. ზიარში 8 წლედი იყო. არაშენდელები ქოდალის წმინდა გიორგში ლოცულობდნენ. ძველი საეკლესიო ჩანაწერებიც იქიდან არის შემორჩენილი.
ასე, რომ ერთხორცი ვიყავით ეს 5-6 სოფელი. არაშენდა ზეგანზე იყო, ფხოველი ხეობაში, დაბლა, ზიარი მაღლა იქით საალაზნოს გადასახედით და აქეთ საივრო გადასახედით. ყველა ერთმანეთს იცნობდა, ნათესაობდნენ, ამხანაგობდნენ. თავადებმა გაყოფისას თავისი ყმები ფხოვლიდან წამოიყვანეს თავ-თავის კარმიდამოსთან ახლოს. არაშენდაში უზარმაზარი შენობა ჰქონდა აბელიანთ (აბელ ანდრონიკაშვილი, ერეკლეს გამზრდელი). ეტყობა პაპაჩემის მამა ბოლოს წამოიყვანა, იმიტომ რომ ამათი მახსოვრობა კარგად ინახავდა ფხოველს. მედულა ყურეში მეც მახსოვს საცურაო იყო, ჩავდიოდით და ვბანაობდით, იქ ბუღლუტს ეძახოდნენ, დაგუბებული იყო, ადრე მორევი ყოფილა. ლაკბეზე ადიოდა გზა-ბილიკი მელაანზე. მაგ. ცნობილი ქართველი მწერალი ნათიძე იყო, რომელიც ერთადერთი მოთხრობით გახდა ცნობილი მოთხრობით „ბნელო“. ფსევდონიმად ჰქონდა მელანია. პაპაჩემის ბებიაც ნათიძე ყოფილა, მაგარი დედაკაცი. გადმოცემით ცნობილია, რომ ქურდები დასცემიან საქონლის გასარეკად, მაგრამ მას ტყვია დაუყრია ბერდენკით და გაუქცევია ქურდები. ჩვენ მედულაშვილები ვართ, მაგრამ ერთ ნაწილს შანათიშვილებს გვეძახიან, ბებიის გამო, რომელსაც დაარქვეს მეტსახელად შანათე. მაშინ ფხოველში იყო ლაკბისუბანი და პაპაჩემის ბებიას მელაანელ ნათიძეს, რომელსაც თავისმა დედამთილმა უთხრა „შაანათე, სოფიო შაანათეო, რომ საქონელი დაეთვალიერებინათ გომში და ქურდები შეეშინებინაათ“.
თვითონ ეს სიტყვა - ფხოველი რას ნიშნავს. სიტყვა ფხოვი ფშავს ნიშნავს ძველქართულად. ფხოვი საერთოდ ქართულ მთიანეთს ერქვა აქეთ ფშავ-ხევსურეთს. „ფხ“ ძირი მაინც ქართველსა ნიშნავს, ჩეჩნურად - „ფხია“. მოხევესაც ნიშნავს ფხია და ქართველსაც ზოგადად. ფხოვი - ფშავი. მაინც ხევს უკავშირდება, ხევი ნიშნავს მდინარესაც, ჩაღრმავებულ, ჩავარდნილ გამოხრულ ადგილს და თვითონ წყალიც ხევია. ჩეჩნები ფხიას მოხევეს უწოდებენ, ეს ალექსანდე ყაზბეგსაც აქვს ნახსენები; „ფხ“ „ფშ“, ფხოვი, ფშავი, ფშა არის წყარო ფშანი, ნაკადული პატარა. მთიელი - ფხოველი.
ეტყობა ან კომპაქტურად ჩამოსახლდნენ, რაღაცას გამოექცნენ, სისხლის აღებას, ან სხვას, ისევე როგორც ალუდა ქეთელაური თემმა განდევნა. მთა მაინც მწირი ადგილია, დიდი შრომა უხდება იქ კაცს, რომ გაძლოს, თავი და ოჯახი შეინახოს. ჩამოსახლდნენ ბარში.
შეიძლება სოფელი უკვე იყო, ფხოველებიც ჩამოსახლდნენ, შეიძლება ჩამოსახლებულები უფრო მეტნიც იყვნენ, ვიდრე ბარში დახვედრილი ადგილობრივები და დაერქვა ფხოველი სოფელს.
ფხოველი ნახსენები აქვს დავით გურამიშვილს, ლეკებთან რომ მივიდა, რუსის სტანიცაში კაზაკებთან, იქ იგონებს:
„როგორც რომ რუსის კაზაკმა მე ერთმა მამიარაო, როცა რომ მყვანდა მივლიდა მეც მამაჩემი არაო, ადგა და გულზე მიმიკრა მკოცნა და ცრემლი ღვარაო, სწრაფად მოენედ მომგვარა ფხოვლელი იანვარაო“.
მაშასადამე, ფხოველი ნიშნავს ფშაველს, მაგრამ ფხოვლელი ნიშნავს სოფ. ფხოველის მკვიდრს.
მაშასადამე ფხოვლელი აღმოჩენილა რუსეთში, როცა დავით გურამიშვილი გაექცა ლეკებს და იქ დახვდა ფხოვლელი იანვარა.
თუმცა იანვარაშვილებიც არიან; ასევე იაგანაშვილები ცხოვრობდნენ ფხოველში ბევრნი, ბებიაჩემი ნატო იაგანაშვილი იყო და ჩემს ბავშვობაშიც მიხნიას ვიცნობდი იაგანაშვილს, მერე ისინიც გურჯაანში გადასახლდნენ. გამიგია, თითქოს - იანვარა ძიაო ბებიაჩემი ნატოს და ოლა იხსენებდა.
სულ ოთხი-ხუთი გვარი ცხოვრობდა ფხოველში: ძირითადად მედულაშვილები, იაგანაშვილები, ჯავახიშვილები და ჯავარაშვილები.
მახსოვს სკოლიდან ექსკურსიაზეც წავუყვანივართ, გურაზას ქვასთან ფხოველში, დიდი კლდე-ლოდია. ადრე ცნობილი სოფელი ყოფილა ერეკლეს დროს და ადრე. ბოდბელმა მღვდელმა რომ გასცა შეთქმულები, იქ ერთი ფრაზა იყო „ლაკბეზედ შევიყარენითო“. ადრეც ყოფილა ეს სახელები. ლაკბე უერთდებოდა იორს, იორი - ალაზანს, ალაზანი - მტკვარს და მტკვარი - მინგეჩაურის წყალსატევს. თავის დროზე გზა რომ გაეყვანათ ზიარში და ფხოველში, შერჩებოდა ხალხი. ეხლა უკან ბრუნდება ხალხი თავის ძველ საცხოვრისზე და ისევ ძველ მიწებს ეპატრონება. ჩვენი ძველი ხალხი ამბობდა, რომ მედულაშვილებს იქ ზედაშეები გვქონია ფხოველში. იქ იგონებდნენ წინაპრების სულებს და აწყობდნენ ნადიმს. ეხლა უნდა შევკრიბოთ ინფორმაცია ჩვენი წინაპრების შესახებ და არ უნდა ჩამოვრჩეთ ევროპელებს, რომლებმაც ხშირად 7-8 თაობა იციან და შვილებს გადაცემენ ამ ინფორმაციას.
ეხლა, რატომ ჰქვია ჩვენს სოფელს არაშენდა, იმ ვარაუდებზე ვისაუბროთ. მედულაშვილების გვართან დაკავშირებული კიდევ ერთი ვერსიაა: არაშენდაში ცხოვრობს კიდევ ბაწელაშვილის გვარის ხალხი. მაშინ არაშენდის ტოპონიმებს ვაგროვებდი 70-იან წლებში. ამ გვარის უხუცესმა კაცმა გიო ბაწელაშვილმა (ისემემ) დაახლ. 95 წლის კაცმა მომითხრო წინა საუკუნის 70 წლებში: „შვილო, მე პაპაჩემისაგან ვიცი, და იმან თავის მამისაგან იცოდა, რომ ჩვენა ვართ მედულაშვილებიო. ჩვენა გვყოლია უფროსი წინაპარი ჩვენი შტოს საფუძველდამდები ბაწელა მედულაშვილიო“. როგორც ეტყობა ეს ბაწელა შერქმეული სახელი უნდა იყოს იმ მედულაშვილებისა, გამოცვლის სახელი. „ბაწ“ ნიშნავს ლეკურად, ხუნძურად, ანუ ავარულ ენაზე მგელს. ბაწელაუ ნიშნავს მგლის ლეკვს, რაც, სავარაუდოდ, მეტსახელად დაურქმევიათ ლეკებს იმ კაცისათვის, რომლის ნამდვილი სახელი იმ გიო პაპამაც არ იცოდა. კახეთში ჩვეულებრივი ამბავია მეტსახელის შერქმევა. ამ გიო პაპამ მითხრა, რომ ეს ბაწელა მედულაშვილი მაგარი კაცი ყოფილაო და „სოფლის შამნახავი“ იყოო, ანუ მოჭირნახულე, ფიზიკურად, მოქმედებით და სიტყვიერადაც ძლიერი ადამიანი. ეს კაცი ყოფილა დაახლ. ზვიადაურივით, სტუმარმასპინძლიდან. გარეთ მავალი კაცი, სოფლის გუშაგი. რაკი ბაწელა მედულაშვილი ასეთი გამორჩეული კაცი ყოფილა და თვითონ ბაწელაშვილმა გიო პაპამ შემოინახა, ბაწელაშვილების მედულაშვილებიდან წარმოშობის ამ ვერსიას სრული უფლება აქვს იარსებოს. ეს ადასტურებს მედულაშვილების სულ ცოტა ორი საუკუნის ისტორიას ამ გვარით.
Last edited by Admin on Sun Dec 01, 2013 8:53 am; edited 2 times in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ზეზვა მედულაშვილი Sat Nov 30, 2013 11:46 pm
პირველი მერცხალი
ეძღვნება ზეზვა მედულაშვილს
არაშენდის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეთა ჟურნალი 2009-2010 სასწავლო წელი
2002-2003 სასწავლო წელს მეხუთეკლასელებმა შექმნეს ჟურნალი `პირველი მერცხალი~, რომლის მიზანი იყო, ბავშვებს მეტი სცოდნოდათ თავიანთი სოფლის შესახებ: მისი ისტორია, ტრადიციები, ზნე-ჩვეულებანი, ფოლკლორი, ტოპონიმები, ისტორიული ძეგლები. გაცნობოდნენ იმ თანასოფლელებს, რომელთაც ასახელეს სკოლა და სოფელი, გახდნენ ცნობილი და საამაყო ადამიანები. ჟურნალის პირველი სტუმარი იყო ზეზვა მედულაშვილი - ცნობილი მთარგმნელი, მრავალი პრემიის ლაურეატი, არაშენდელთა საყვარელი შვილი. ამჯერად ჟურნალი `პირველი მერცხალი~ მთლიანად ეძღვნება ბატონ ზეზვას, რომელსაც 2009 წელს 70 წელი შეუსრულდა. ჩვენ გვინდა მოვეფეროთ მას, ვუთხრათ, რომ ძალიან გვიყვარს და ვამაყობთ მისი არაშენდელობით, რომ ქედს ვიხრით მისი დიდი ნიჭის წინაშე, ვაფასებთ მის დიდ ღვაწლს ქართული სიტყვის განვითარებაში. ჟურნალს არა აქვს იმის პრეტენზია, რომ იგი სრულყოფილად წარმოაჩენს ბატონ ზეზვას პიროვნებას და შემოქმედებას. ჩვენ უბრალოდ მოვყვებით მის შესახებ რაც ვიცით, დანარჩენი დასკვნები მკითხველისთვის მიგვინდია. ელისო გილიგაშვილი
წინაპრები
`შანათიანი~ - არაშენდაში ასე ეძახიან მედულაანთ დიდი გვარის იმ განშტოებას, რომლის წარმომადგენელიც იყო ბატონ ზეზვას პაპა - ტიმოთე ანუ ტიმო. `შანათე~ - მისი ბებია, ამაყი და დაუმორჩილებელი ქალი ყოფილა. ეს მეტსახელი კი არაჩვეულებრივი სილამაზის გამო რქმევია. `შაანათაო~, ასე ამბობდნენ თურმე. ტიმო საშუალო ტანის ლამაზი და ძალიან ყოჩაღი კაცი იყო. ერთხელ ლეკებს მისი საქონელი გაუტაციათ. სახლში მობრუნებულს ეს რომ გაუგია, გამოკიდებია, დაუფრენია ისინი და თავის საქონელთან ერთად მათიც გამოუყოლებია. საერთოდ კი ძალიან გულკეთილი, გულთბილი და სტუმართმოყვარე კაცი იყო. ბაბო - ნატო იაგანაშვილი, რომელსაც დიდი წვლილი ჰქონდა ბატონ ზეზვას ჩამოყალიბებაში. მას ნადია კნეინას გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული და ძალიან ნაკითხი და განათლებული ქალი იყო. ამ ნაზმა და კაფანდარა ქალმა ახალგაზრდობაშივე დაკარგა თვალის ჩინი, მაგრამ ღრმა სიბერემდე (იგი 90 წლისა გარდაიცვალა) წიგნთან, ლიტერატურასთან კონტაქტი არ დაუკარგავს. მას შვილიშვილები უკითხავდნენ ახლად გამოცემულ საინტერესო ნაწარმოებებს სანაცვლოდ იმ ამაგისა, რაც მას ჰქონდა გაწეული თავისი შვილიშვილებისათვის, სანამ ისინი კითხვას ისწავლიდნენ. მან ზეპირად იცოდა ვაჟა ფშაველას პოემები და აუარებელი ქართული ხალხური ზღაპრები. ულევი მარაგი და ხიბლი ჰქონდა თხრობისა. სწორედ პაპას და ბაბოს უძღვნა ბატონმა ზეზვამ თავისი შემოქმედების მწვერვალი - `ქოროღლი~, რომელზეც მან მთელი წლები იმუშავა.
მშობლები არაშენდაში, შანათიანთ უბანში, გზის პირას იდგა პატარა, ნახევრად დანგრეული სახლი. არავინ იცოდა რამდენი ტკივილით, სევდითა და ცრემლით იყო გაჯერებული მისი კედლები. ბევრს დღესაც ახსოვს მის აივანზე მოფუსფუსე ქალი, რომელიც ზოგჯერ ღიღინებდა, ზოგჯერ კი გიტარაზე ან ფანდურზე ამღერებდა ნაღვლიან სიმღერებს სიყვარულზე, რომელიც 16 წლის ასაკში ეწვია და მხოლოდ ერთი წელი გაგრძელდა; `მოღალატე ქმარზე~, რომელმაც მიატოვა, წავიდა ომში და აღარ დაბრუნდა. `ტიმოანთ ნინა~ - ასე ეძახდნენ სასიამოვნო გარეგნობის, სიმპატიურ მანდილოსანს, რომელსაც ყოველდღე ხედავდნენ სამსახურში - ტუბსაავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე. მისი სევდიანი და ამაღლებული სიყვარულის ისტორია კი ასე დაიწყო: გთავაზობთ ნაწყვეტს მისი მულის – ქეთო მედულაშვილის მოგონებიდან, `ზამთრის სუსხიანი დღე იყო. ჩემი ამხანაგი გოგო ქაქანით მოვარდა ჩემთან და მითხრა: `ჩქარა წამოდი, კოლას ისეთი ლამაზი გოგო მოჰყავს, მთელი სოფელი გარეთ არის გამოშლილიო~. მე მაშინ მეცხრე კლასში ვიყავი. ის გოგო კი ბაკურციხელი ნინა ლუაშვილი, დეიდაჩემის მეზობელი იყო. ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით. მე კისრისტეხით გავიქეცი მათ შესახვედრად. ნინას თან ორი უფროსი და ახლდა. ძალიან მორიდებით მოდიოდნენ, არ იცოდნენ ოჯახი როგორ შეხვდებოდათ. მამაჩემი სახლში არ იყო, დედაჩემმა კი ვიშვიში დაიწყო, როგორ გაბედა ამ სიცივეში გოგოს ფეხით წამოყვანაო. მე გავიქეცი მამასთან მის შესამზადებლად, რადგან იგი წინააღმდეგი იყო კოლას დანიშვნის, ჯერ ბალღიაო. (კოლამ თბილისში დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და კოლმეურნეობაში მუშაობდა მიწათმომწყობად). მამაჩემმა მშვიდად და ღიმილით მიიღო ეს ახალი ამბავი და მკითხა: `სტუმრები გვყოლია და არაფერი დაკალითო?~ მე კი სირბილით გამოვიქეცი სახლში და ღუმელის გარშემო შეკრებილ დაბნეულ სტუმრებს შევუძახე: `არიქა, სუფრა გავშალოთ-მეთქი~. შანათიანთ ტიმოს სახლში გვიან ღამემდე ისმოდა სიმღერის და სიცილის ხმა. დაბადება დაიწყო სიყვარულით სავსე დღეები. კოლა დღედაღამ მუშაობდა, რომ ოჯახი აეწყო. გაფრინდა თვეებიც და დეკემბრის ერთ თოვლიან დღეს კოლა სამხედრო სამსახურში გამოიძახეს. `კადრში გაიწვიესო~ ასე იტყოდნენ ხოლმე მაშინ. სამხედრო კომისარიატი გურჯაანში იყო. რეგისტრაციის მერე წვევამდელები მატარებლით გადაჰყავდათ თბილისში. მეორე დღეს, 20 დეკემბერს, როცა `არც ერდოზე ორბი იჯდა და არც ყიოდნენ არწივები~ შანათიაანთ უბანში თოფი გავარდა: `ბიჭია, ბიჭიო~ ახმაურდა უბანი. შეგროვდნენ შანათიანთ კაცები. `კოლას როგორ ვახაროთო?~ იკითხეს ბიძაშვილებმა. `არაშენდის ბაქანზე დავხვდები მატარებელსო~ - წამოიძახა ერთმა და მაშინვე მოახტა ცხენს. მატარებელი იქ მხოლოდ ერთი წუთი ჩერდებოდა. ჯარისკაცებით გადაჭედილი მატარებელი ზანტად, ქშენით შემოვიდა ბაქანზე, კოლა მედულაშვილს უხმობდა მხედარი ხმამაღლა. ფანჯრებში გადმოკიდებულმა ბიჭებმა ჰკითხეს: `რად გინდა კოლაო~. `ბიჭი ეყოლა და უნდა ვახაროო~. `ბიჭო ეყოლა, ბიჭი ეყოლა!~ სიხარულის ყიჟინამ გადაუარა ვაგონებს და კოლამაც გადმოიხედა. დაბნეულმა ისღა მოახერხა, რომ ქუდი მოიხადა, გადმოუგდო ბიძაშვილს და უკვე დაძრული მატარებლიდან გადმოსძახა: `ჩემ ბიჭს დაახურეთო!~ მატარებელმა კიდევ ერთხელ ამოიქშინა, ღრმად ამოიოხრა, წავიდა და თან წაიღო ჯარისკაცის აუხდენელი ოცნებები, დაუმთავრებელი გეგმები, შეწყვეტილი საქმეები, უნახავი შვილისა და 17 წლის ცოლის სიყვარული და მონატრება, მახარობელი კმაყოფილი ბრუნდება სახლში, მან თავისი საქმე პირნათლად შეასრულა, სახლში კი მელოგინეს თავს დასტრიალებდნენ მეზობლის ქალები და შანათიანთ რძლები: არსენაული, ქერეჭაული, მამისაური, ბოღლოციაური. ბედნიერი დედა დაჰყურებდა პირმშოს და უკვე ოცნებობდა იმ დღეზე, როცა მისი სიყვარული ჯარიდან ჩამოვიდოდა და შვილი ფეხადგმული დახვდებოდა. `რა დავარქვათო?~ იკითხა ვიღაცამ. `ზეზვაო~ ბრძანა ტიმო პაპამ, რომელმაც ყმაწვილკაცობაში გაიცნო ვაჟა ფშაველა უფროსი ძმის - ილიას მეშვეობით და სიკვდილამდე მისი შემოქმედების მოტრფიალე დარჩა. არაშენდელებს უყვართ ლეგენდები, მაგრამ ამ ამბავში არაფერია გაზვიადებული და მოგონილი, თუმცა აღარც ის ქუდი არსებობს და არც კოლას ლექსების 2 რვეული იოსებ გრიშაშვილის კომენტარით: `კარგია~. იქნებ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ 1939 წელს ცივი ზამთარი იდგა, ხოლო თბილ ოთახში ბედნიერი დედა დაჰფოფინებდა თავის პატარას და ლამაზ-ლამაზი სიმღერებით ართობდა. ახალგაზრდა იყო და ფიქრობდა, რომ მისი შვილი კიდევ ბევრჯერ დაიხურავდა მამის ქუდს, რომ მისი სიყვარული კიდევ მრავალ ლექსს დაწერდა. ვინ იცის... მან ჯერ არ იცოდა რას უმზადებდა ბედისწერა, ის მხოლოდ შვილზე ფიქრობდა ბედისწერა კი ჯარისკაცის ქვრივის მძიმე მანდილს უქსოვდა, ბევრ ტკივილს, სევდას, ავ თვალს, უსიყვარულოდ დარჩენას პირდებოდა, თუმცა ვარსკვლავები ამშვიდებდნენ, რომ ერთადერთი შვილი წაშლიდა ყველაფერ ამას და დედა ამაყი და ბედნიერი იქნებოდა მისით.
ბავშვობა ცხოვრება კი გრძელდებოდა სიღარიბეში ჩაფლული ხალხი წელში წყდებოდა, დღე და ღამეს ასწორებდა, რომ ფეხზე დამდგარიყო. ამ პატარა სოფელში სამი კოლმეურნეობა არსებობდა, რომელიც თავდაპირველად სასოფლო-სამეურნეო არტელის სახით შეიქმნა: პირველი მაისის, ორჯონიკიძის და სტურუას სახელობის. 3 კოლმეურნეობა, სამი თავმჯდომარე და სამად დანაწევრებული ანდრონიკაშვილებისეულა მამულები. ავის მოლოდინში იყვნენ არაშენდელები. ასეც მოხდა. იმატა ჯარისკაცებით დატვირთული მატარებლების დენამ, იკლო კაცების რიცხვმა სოფელში. სამკალ-სათიბი ქალების ამარა დარჩა. სოფლიდან 10-12 კილომეტრის მანძილზე ღამისთევით წასული ადამიანები ამ მძიმე შრომას მათთვის დამახასიათებელი იუმორით იტანდნენ და უძლებდნენ. სულ პატარა მიზეზი იყო საკმარისი, რომ თითქოს ჩვეულებრივი ამბავი ანეგდოტად ქცეულიყო, ან მასზე კაფიები თქმულიყო.
გაზაფხულის პირი მოვა, თან მოყვება ბალახი, რა კლიოზნიკი კაცია ყამბარაანთ დალაქი. სამუშაოზე არ დადის, ეზარება განაო, როცა პურის გაყოფაა, მობრძანდება თანაო. გაივლის და გამოივლის, მოუმატებს ხველასო, ამის სალავა დაიქცეს, ბევრი ერგო ყველასო. ჩემ ტომარას გადავხედე, გულს მომედო გენიაო, წადი, წიტო, იმუშავე, ააშენე ბენიაო.
ხალხს, რომელსაც შეეძლო ქილიკი და კბილის გაკვრა, ასევე შეეძლო უდიდესი სითბო და სიყვარული გამოეჩინა ობოლას მიმართ. იზრდებოდა ბიჭი და ყველა თავს ევლებოდა ცელქ, მაგრამ ალალ, გულკეთილ, ჭკვიან და ნიჭიერ ბავშვს, რომელიც თავის თეთრ ვირზე კი არ ჯდებოდა, დგებოდა და ისე ჩაივლიდა ხოლმე ხევებს სიმღერით.
სკოლა სკოლის წლები დაუვიწყარია ბატონი ზეზვასთვის. უმამობის მძაფრი განცდა არ ჰქონია იმიტომ, რომ მის გვერდით ათობით ბიჭი იზრდებოდა ობლად. ამ საშინელი ომიდან არდაბრუნებული ბიჭების დანაკლისმა წელში გაწყვიტა სოფელი, მაგრამ მაინც არ დანებდა. ახალგაზრდობა ხედავდა, რომ მარტო შრომით ვერ წაიწევდა წინ, თუ განათლებასაც არ მიიღებდა. იქნებ ამიტომ იყო, რომ დასაბამიდან არაშენდის საშუალო სკოლა თითქმის ყოველ წელს პირველობდა რაიონში უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა პროცენტული მაჩვენებლებით. ან იქნებ იმიტომ, რომ მალხაზ და ივანე ანდრონიკაშვილების და მათი შთამომავლების მშობლიურ სოფელს უფრო ახლოს ჰქონდა შეხება სწავლა-განათლებასა და კულტურასთან. მეოცე საუკუნის დასაწყისში ნადია კნეინას 4 კლასიანი გიმნაზია ჰქონდა გახსნილი და სერთიფიკატებსაც აძლევდა მოსწავლეებს. ანდრონიკაშვილების სოფლიდან წასვლის მერე გაიხსნა დაწყებითი სკოლა, შემდეგ თავადების ერთ-ერთ სახლში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, ბოლოს კი მალხაზ ანდრონიკაშვილის ძირითად საცხოვრებელ სახლში გაიხსნა არაშენდის საშუალო სკოლა, რომელიც ათეული წლების მანძილზე ახლომახლო მდებარე 7-8 სოფელს ემსახურებოდა. ამ წლების განმავლობაში მის კედლებში გაიზარდა მრავალი ექიმი თუ იურისტი, აგრონომი თუ ინჟინერი, ფიზიკოსი თუ მათემატიკოსი, მწერალი თუ პოეტი, აკადემიკოსი, პროფესორი თუ პარლამენტის წევრი. ამ სხვადასხვა პროფესიის და თვალსაჩინო ადამიანთა შორის ზეზვა მედულაშვილს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მის მიღწევებს საფუძველი სწორედ სკოლის წლებში ჩაეყარა. სწავლობდა ფრიადებზე, ყველა საგანს ხალისით სწავლობდა, მაგრამ ქართული ენა და ლიტერატურა განსაკუთრებით უყვარდა და ეს არც არავის უკვირდა. მონაწილეობდა სხვადასხვა საგნობრივ ტურებსა თუ კონკურსებში, მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და სიგელი, კითხულობდა ძალიან ბევრს, მაგრამ ეს ყველაფერი არ აკმაყოფილებდა. მას აუცილებლად სჭირდებოდა ხალხთან ყოფნა, იუმორის მოსმენა, ზეპირად იცოდა სოფელში გავრცელებული ყველა ანეგდოტი. ცოტა რომ მოიზარდა იწერდა კიდეც ყველაფერს. იცნობდა სოფლისა და მისი შემოგარენის ყოველ კუთხე კუნჭულს. ასეთ კოლორიტულ გარემოში სასკოლო ცხოვრებაც კურიოზებით იყო სავსე. `პირველი მერცხლის~ ფურცლებზე დაბეჭდილ ინტერვიუში ბატონი ზეზვა ერთ ასეთ შემთხვევას იხსენებს. - მახსოვს, ქართულ ენასა და ლიტერატურას ერთხანს მასწავლიდა არაჩვეულებრივი პიროვნება – არჩილ გიოშვილი. მაშინ ქართველ მწერლებთან ერთად ვსწავლობდით რუს მწერალთა შემოქმედებასაც. ერთხელ, სასწავლებლად გვქონდა გორკის ბიოგრაფია არჩილ მასწავლებელმა ააყენა კეშხანა (გივი პიტიურიშვილი) და ჰკითხა გაკვეთილი. `გორკი...გორკი~ დაიწყო მან ლუღლუღი. მე თავი ჩავღუნე და ვუკარნახე: `დაწანწალებდა~ კეშხანამ გაიმეორა: `გორკი... დაწანწალებდა~. ჩვენს უკან იჯდა გივი მეშველიშვილი (ნიკალას ბიჭი). ახლა მან წაიდუდღუნა: `ლილა, ნემსები, ღორის ჯაგარზე~. (იმხანად სოფელში დადიოდა ათასნაირი ჯურის ხალხი, დაჰქონდათ ლილა, ნემსები და სხვა წვრილმანები და ცვლიდნენ ღორის ჯაგარზე) კუშხანამ თამამად ასწია თავი და წარმოთქვა: `გორკი დაწანწალებდა სოფლებში და ლილსა და ნემსებს ცვლიდა ღორის ჯაგარზე~. ომის შემდეგ წლებში `ლილა, ნემსები...~ კარგა ხანს ისმოდა კვლავ სიღარიბეში ჩაფლულ სოფელში. ვერც კოლმეურნეობების გაერთიანებამ გამოიღო შედეგი. მხოლოდ 1954 წელს მოწეულმა ზღვა მოსავალმა მთლიანად შეცვალა ცხოვრება. წამოვიდა და წამოვიდა წინ ხალხი, გამოვიდა ქოხმახებიდან, ნელა, მაგრამ მაინც შენდებოდა საცხივრებელი სახლები, გაჩნდა მოტივაცია შრომასა და სწავლისათვის იმიტომ, რომ უკვე გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეეძლოთ სტუდენტობის შენახვა თბილისში.
სტუდენტობა 1957 წელს ზეზვამ ვერცხლის მედალზე დაამთავრა საშუალო სკოლა. პარადოქსია, რომ რუსულში გამოჰყვა ოთხიანი. გავა წლები და ის რუსულთან ერთად კიდევ 18 ენას ისწავლის. მანამდე კი... ოჯახში მტკიცედ განაცხადა, მთაში უნდა წავიდე მწყემსადო. რა თქმა უნდა, დედის, ბიძების, ბიცოლების მხრიდან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა და ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. სტუდენტობა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო მის ცხოვრებაში. სკოლის წლებში ჩადებული მარცვალი ახლა უნდა გაღვივებულიყო, აღმოცენებულიყო და ნაყოფი გამოეღო. ამავე დროს სოფლიდან ქალაქში ჩასული ცელქი ბიჭი პიროვნებად უნდა ჩამოყალიბებულიყო. მისი მოზღვავებული ენერგია და ნიჭი შფოთავდა, აწყდებოდა აქეთ-იქით, ეძებდა საკუთარ თავს და ამ ძიების პროცესში ათას რამეში სცდიდა თავის შესაძლებლობებს. უყვარდა სიმღერა (სიმღერის ნიჭი დედისაგან გამოჰყვა, პოეზიისა _ მამისგან) და გაიტაცა კლასიკურმა მუსიკამ და ოპერამ. არ გაუცდენია `დაისის~ და `აბესალომ და ეთერის~ არცერთი წარმოდგენა ოპერაში. ზეპირად იცოდა მათი პარტიტურები. უყვარდა ჭიდაობა და უნივერსიტეტის ნაკრებში წარმატებით მონაწილეობა სხვადასხვა შეჯიბრებებში. უყვარდა ჭადრაკი, შეეძლო მთელი დღე ეთამაშა; თუ არადა იჯდა და წიგნიდან არჩევდა პარტიებს. ალპინისტობაც სცადა. სცადა კი არადა მრავალჯერ დალაშქრა მთები და მწვერვალები. ხევსურეთი და მთა-თუშეთი უყვარდა, განსაკუთრებით მათი ფოლკლორი. ვახუშტი კოტეტიშვილთან ერთად ხშირად სტუმრობდა მათ და ეპაექრებოდა კაფიებში. ხალხთან ურთიერთობა სჭირდებოდა და საამისოდ მშვენიერი პირობები ჰქონდა. რიყე, სადაც ის ბიძასთან ერთად ცხოვრობდა, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული უბანი იყო. ამბობენ, საქართველოში 80-მდე ეროვნების ადამიანი ცხოვრობსო. ამ ნახევრად დანგრეულ, მჭიდროდ დასახლებულ ხალხმრავალ უბანში კი შეიძლება უფრო მეტი ეროვნების ხალხი ცხოვრობდა. მათთან ყოფნა უადვილებდა ენების შესწავლას მომავალ პოლიგლოტს. იქნებ სწორედ ამიტომ მესამე კურსზე უკვე ბრწყინვალედ ფლობდა სპარსულს და დეკანატის გადაწყვეტილებით ის ახლად გახსნილ არმენოლოგიის ფაკულტეტზე გადაიყვანეს. ძალიან გაუჭირდა ამ ფაქტთან შეგუება, ერთხანს უნივერსიტეტის მიტოვებაც კი უნდოდა, მაგრამ პროფესორ მასწავლებელთა თანადგომით და დახმარებით, ჩვეული ენერგიით შეუდგა ახალი ენის შესწავლას და არც უნანია. იმიტომ, რომ იგი ერთადერთი სერიოზული და კომპეტენტური არმენოლოგია. ამავე დროს იგი არის აზერბაიჯანული ზეპირსიტყვიერებისა და ლიტერატურის დიდი მცოდნე. ამაზე მეტყველებს `ქოროღლის~ და `ათას ერთი აზერბაიჯანული ბაიათის~ ბრწყინვალე თარგმანები. `აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელით დიდ მადლობას მოვახსენებ ჩვენი ფოლკლორისა და წერილობითი ლიტერატურის უბადლო მცოდნესა და დამფასებელს, აზერბაიჯანელი ხალხის დიდ მეგობარს, ნიჭიერ პოეტ - მთარგმნელს, აზერბაიჯანელი ზეპირსიტყვიერებისა და ლიტერატურის დაუღალავ აგიტატორს ბატონ ზეზვა მედულაშვილს აზერბაიჯანული ბაიათების ამ ტოლუპოვარი თარგმანისათვის~. ეს სიტყვები ეკუთვნის საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პროფესორს, დოქტორ ნამიგ ალიევს.
შემოქმედება 1961 წელს დაიბეჭდა მისი პირველი თარგმანი ალმანახში `მეგობრობის ცისარტყელა~ და დაიწყო მრავალფეროვანი მთარგმნელობითი მუშაობა. ლექსები და მოთხრობები, ბაიათები და რობაიები სპარსულიდან, სომხურიდან ტაჯიკურიდან, უზბეკურიდან, თურქულიდან, თურქმენულიდან, ჩეჩნურიდან, რუსულიდან, გერმანულიდან, აზერბაიჯანულიდან და სხვა. თარგმანები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, ალმანახებსა თუ კრებულებში. ცალკე წიგნებად გამოცემული აქვს 6 წიგნი სომხურიდან, 9 წიგნი – აზერბაიჯანულიდან, 1 წიგნი – ტაჯიკურიდან, 1 წიგნი _ ჩეჩნურიდან. მისი რედაქტორობით გამოცემულია მრავალი თარგმანი, რადგან იგი 1974 წლიდან წლების მანძილზე მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმნისა და ლიტერატურული ურთიერთობის მთავარ სარედაქციო კოლეგიაში უფროს მეცნიერ-რედაქტორად. მისი მთარგმნელობითი მუშაობა შესაბამისად ფასდებოდა კიდეც. 1986 წელს _ ეღიშე ჩარენცის პრემია. 1987 წელს _ ივანე მაჩაბლის პრემია 2001 წელს _ ღირსების ორდენი 2004 წელს _ საბას პრემია 2008 წელს _ ნაჯაფ ნაჯაფოვის პრემია პანკისის და დმანისის საპატიო მოქალაქის წოდება. ყოველივე ამის მისაღწევად მან 50 წლიანი სერიოზული და მძიმე შრომა გასწია. ბატონ ზეზვას მეგობრებისთვის და არაშენდელებისათვის იგი არის კაფიების დიდოსტატი მისი ცნობილი `ზეზვაურები~ პერიოდულად ქვეყნდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ხარისხიანი და სახუმარო ლექსების გარდა, მას აქვს დაწერილი საკმაოდ სერიოზული ლექსები. გთავაზობთ ზეზვა მედულაშვილის ლექსების და `ზეზვაურების~ მცირე ნაწილს.
შეხვედრა ძველ მუზასთან
ნეტავ საით გაფრინდნენ ჩვენი თეთრი მერცხლები, საით გადაიჩეხნენ სიყვარულის მეწყრები. ვაი, როგორ გაცივდა გული ნაბურბურალი, ვისთვის, ვისად გესმოდა ჩემი ნაბულბულარი. ახლა არის გვიანღა ნაცრის ანაღვერდლობა, იმ პირველი სიმღერით გული არ ამღერდება. ახლა ჩვენს შავ გიშერსაც შეჰპარვია ვერცხლები, გადამქრალან უკვალოდ გულის ის ნაპერწკლები.
*** გულო, ერთხელაც დაიღვენთები, როგორც სანთელი ქარში დაღლილი, ერთხელ მოგთხოვენ პასუხს ღმერთები, გაილესება შენზეც მახვილი. ნუ შემიდრკები, ძვირფასო, მაშინ, _ ვალი ვალია და შენც ივალე, ჭირში თუ ლხინში, მზეში თუ ქარში, ძმობილო, ჩემთან მოხეტიალევ. ყველას ხვედრია, ყველას თან დასდევს ის ძველი ცელი პირჟანგიანი, ჩვენც შევერკინოთ, არ დავუზავდეთ, წყალობას ნუ ვთხოვთ, _ კრიჟანგი არი. ჯერ კი, ხომ მივქრით... და რჩება უკან _ გზა ცაზე, ზღვაზე, მთაზე, ვაკეზე, გვხიბლავს სიჭრელით სამყაროს რუკა და გიჟ ოცნებებს სრბოლად აქეზებს. ფიქრთა და აზრთა საზღვართა მიღმა გვახეტიალებს ბოშა ოცნება, ჩვენივ თავს ვეძებთ ჩვენ სხვათა მიღმა, ვერ გვიპოვია და ... გვეოცება. ვესწრაფით, ვჩქარობთ, ვრჩებით და ვუსწრებთ, დარი ხან დარობს და ხან ავდრდება, დრო კი ხევს ჩვენი სიცოცხლის ფურცლებს და შორეული ახლო მთავრდება. ვეძებთ ცხადლივ და ვეძებთ ანდებზე, ბედი კი სწორეს გვიმრუდებს მუდამ, ვკეცეთ, ვკეცეთ და ვეღარ დავკეცეთ, უკან გაფრენილ გზებს დავრჩით უკან. მაინც მგელივით მუხლი შაიბი, გადი, გამიყვა, მოგდევ, იარე, ბეწვის ხიდებზე იმუშაითე, ჩემო ძმობილო, ჭირმოზიარევ.
1971 წ.
ძაღლი
სანამ მოსდევდა მუხლში ღონე და თვალში _ თონე, სანამ შეეძლო ფერს ჭრელობა, კბილს _ გამჭრელობა, სანამ უჭრიდა ყურთასმენა, გულთასმენა და, სანამდე შეჰყვა მინდობა და უიჭველობა, _ პირზე რა ქაფით, გარჯით და ჯაფით, მიმოხვრით ცქაფით, რიხით და ხაფით, ფრინვით ფარულით და სიყვარულით, ალერსით, გულით უმხურვალესით, თეთრთა ღამეთა რიცხვით ურიცხვით (არა მარტოდენ ლუკმაპურისთვის!), ვითა გზა მისი ოდით სახულა, _ პატრონს ყმასავით ის ემსახურა. და იყო ყმა და იყო ძმა და იყო პატრონი – პატრონის ძაღლი ძაღლის პატრონის. ის დარაჯობდა კეთილ სიზმრებს თვისის უფლისა და ძილფხიზლობდა, ვითა ძაღლი ძაღლის თეოზე, დარში, ავდარში გარეთ ეგდო, დოვლათის უვლიდა და შემართული იყო ყველა სანაძლეოზე. მაგრამ ძაღლური ჟამი მისი როცა გაბევრდა, როგორც ყოველი, ისიც დაბერდა. წამოეპარა დრო გაოგნებად, გაუცვდა ძველი ტოტის მოქნევა, ხლტომა, აზრი და მუხლის მოკრეფა; აღარსად ის ხმა – მავნეთა რისხვა, არსად ის ძალი, ყური და თვალი; წაუხდა ძველი ფერბზინვარება, ის მოქნილობა და მძვინვარება. და როს გაუკეთა მასაც დაისი, გარდუხდა ჟამი სიკისკისისა, - ერთად შემოსწყდნენ: ბედი თავისი, კაცი _ ღმერთი და ღმერთი კაცისა. ნაცვლად და მიზდად იმ ერთგულების მედგრად და ნაღვლად განასრულების, ერთხელ, ზაფხულის დილა-სისხამზე, როს გორის წვერზე ყინჩად იდგა მზე, კაცმა კისერში ჩააბა თავი, გადაიყვანა გადაღმა ხევში წნორთაგან ერთ-ერთს მიაღძრო ტევრში, განზე გადგა და მოიხსნა თოფი. დილა იყო და რა საოცრად იყო მზიანი! ცაში ისმოდა ტოროლების ვერცხლის წკრიალი, ზურმუხტისფერში ბანაობდნენ ირგვლივ სერები, შეფენილიყო ფერდობებზე თეთრად ცხვრის ფარა და ჯანიანი ნაგაზები თვალგაშტერებით უვლიდნენ ფარას და აფრთხობდნენ ქურდსა და მპარავს. ის კი _ ბებერი გოლიათი, თვალდანისლული, თვისი სიცოცხლის უკანასკნელ კართან მისრული, ჯაგრცხილის ღვლერჭით ბებერ წნორზე იყო მიმღრძვალი, დაფხავებული, იმ ხესავით ძალამიმძრალი. იდგა კორტოხზე თავის აწმყოს ნამყოს, მყოფადის, აშკარად გრძნობდა უკვე ნაყოფს ხისა ცნობადის, _ ხისა ცნობადის, ხისა, ოდესღაც კეთილს და აქ კი – ბოროტის ... და იმ წამს ჩანდა ძველებურად მხნე და გოროზი; თვალშემართული იდგა წნორებთან, არა შიშისგან უთრთოდა მუხლი და ვაჟკაცურად თვალს უსწორებდა მისკენ ძაღლურად მიშვერილ ქუხლის.
1958-1961 წწ.
ახლობლისადმი მიძღვნილი სახუმარო ლექსები
ფიფოს ჩივილი
რისთვის გავზარდე ვიქტორა, მოვყარე დასანიშნადა?! სანამ აქ იყო, უჯარმას, მანამდე არა მიშავდა. ახლა რუსეთი აუტყდა: ვოდკა, ლარისა, სელოდკა, ამ გაგიჟებულ მამაძაღლს რა რუსეთისთვის სცხელოდა ან ვინ ჩამიყრის საძირკველს, ღორს ვინ დაუგდამს სალაფავს ან ვინ მოუვლის ბუზ-ფუტკარს, ვინ დამიგლეჯავს შალაფას. ან ხაბაროვსკი რათ უნდა, აქ `პრარაბობას~ ვუშოვი, ქალები აქაც ბევრია, ელიკონი თუ ტუშონი. ჯანდაბას, უნდა წავიდეს, ჯერ ღობე ამიშენოსა, არ ამიშენებს, არ უნდა მემრე ეზოში შემოსვლა?! იჯდა, ჩიოდა სპირიდონ (შვილი რათ მინდა ეგეთი) წელზე ოლიას ფართუკით, თავზე ვიქტორას `ხებე~-თი.
ალვერას (ჯარში ჩინეთის საზღვართან ყოფნისას)
თუმცა გრძეული ხარ, ჭკუისას სიმოკლეს ვერვინ დაგწამებს, ოღონდ მგონია კატოლკის, თრევა ძალიან გაწვალებს. ვიცი, მაგასაც გაუძლებ, დაგვიმრავლდები ნულივით, თან ჩინურ-იაპონურსაც ისწავლი რუმინულივით. აქ შენი სადღეგრძელო ვთქვით, მესაზღვრე ბიჭის, მამლისა, ჩიტას დარდი ჰკლავს შენი და ვენახის მოსაწამლისა. სამშობლოს ხრიხლებს სდარაჯობ, გხურამს მესაზღვრის ქუდია, აუვალ-ჩაუვალი ჩინელებს, როგორც გვერდითი სუდია. ჩინეთს მარტოკა ეყოფი, ჩვენი საზღვრების ჩამღობად, მარტო ეგ არი, ეგა მკლავს, ბორშს თუ გაძლევენ სამყოფად. ჩემი რაღა ვთქვა, რა გითხრა, დავდივარ, როგორც ტურულე, არა მიშავს-რა, კარგად მყავს, ჩემი ნუკრი და ზურულე. ცოტა დავბერდი, ეგ არის, თმაში თეთრები მაყრია, და იგრე მამტვრევს ტუსმათი, ვით ქართულს ბლუი შაქრია. სხვაფრივ კი შანათიანი კარგად ვართ ეზო-ყურითა, ბუქიათი და ჩიტათი ვენახითა და ჭურითა. კაკოლა `ხვითა-გოთათი~ იმ ბოღლოციაურითა, შაქრითა და კიფოთი, ბოსტანში ნივრის სუნითა. ვართ ღმრთისაგან შენი და თამზოს სიკეთის მთხოველი, მოგელით არაშენდა და ზიარ ქოდალო, ფხოველი.
მალხაზ გილიგაშვილს
ის დრო წავიდა მალხაზავ, კაკალს რო სცემდი ხალხასა, გავიგე ჩინეთისაკენ გადაჰყოლიხარ ტალღასა შენ იცი, მაგრად დაუდექ მაო ძე დუნის გიჟებსა, სხვისი იმედი არა გვაქვს, შენ თუ დააძრობ კიჭებსა. არ გასდრკე, უშნო თუ იყავ, ჩინეთს წახველი რაღათღა, არც უშნო ხარ და ხო გახსოვს ჭივლილია და ლაგატკა. ჩინეთს დაუდექ გაქირით არაშენდული ჩოჩორის, ვიცი, რო კარგად გაარჩევ მარგალიტსა და ჩონჩორიკს. შენს ჯანმრთელობას ვლოცულობთ, მოგესალმებით მესაზღვრეს, შიგ კუკუზნაკში დაჰკარი, ვინც ჩვენს სიმშვიდეს დღეს ამღვრევს. ნუ გაახარებ ავის მდომს, გენაცვალოს შენი ზეზვაი, ჩვენს მტერს და დუშმანს აძახე ხვალე უი და დღეს ვაი. თუ შენ ვეფხურად დაჰკარი, რაც სადმე მტერი ბოგინებს, საშენოდ კაკინასერზე დაასლოკინებს ჩოკინებს. აბა, შენ იცი, ჩინელებს შენღა თუ მოსდებ ხრიკასა და როგორც ჩვენთან იცოდი, მანდაც გაუსვამ სრიკასა. როგორც წახვედი, ჩამოდი იმაზე უფრო ვაჟკაცი, რო იყოს ცეკვა-თამაში რო იყოს სიცილ-კასკასი. აქ ყველა კარგად არიან ეთერაცა და ბალიაც, ქიშვარდა ღვინოს აღარ სვამს, აღარც არაყზე თვალი აქვს. მოგიკითხავენ კოცნითა შენი თამრიკო, მარო და ბალღები დისწულ-ძმისწულნი ვინც კი საშენოდ კმაროდა. მოგიკითხავენ აგრეთვე ჩემი ზურა და ნუკრია, იმათი ფასი, ხო იცი, ზეზვაის არ აუყრია. სხვებიც მოკითხვას გითვლიან _ ცხენ-გოგია და ოსია, ტრულაილა და გირვანქა, დაჟე დრიშკა და სოსია. სხვაც ბევრი _ გზები რო შავკრათ როგორც ჭრილობა მარლამა, სოფლის ბოლოში კაჭანა და სოფლის თავში ვარლამა. კარგად და კარგად იყავი, ყველა ვართ შენი შემყურე, მოგელის კაკინასერი, კოხტა მუხა და გრძელყურე. წერილს ვამთავრებ, ეგ არის (რა ვქნა, ძურწასა ვგლეჯამ-ღა?) ღმერთს შეგავედრებს ბალია (კაკალქვეშ უდგა ლეჟანკა). წერტილი. ბოლოს ზეზვაიმ წერტილის დასმა გაბედა და აზრზეც არ ხარ, სულ ბოლოს რითმაში მოდის აბეტა.
P.შ. მინაწერი: რა ვქნა, ყველაფერს მოვედე, იქ ბალიშსა და აქ საბანს, მარტო ელისო გამომრჩა _ თეას და ეთოს თავსა ჰბანს. ისიც შეგითვლის სიყვარულს, ძმურ-მაზლურ პირზე კოცნასა, (ჩვენი `დინამო~ `დნეპრს~ უგებს ახლა მორჩება, ორ წამსა). კვლავ და კვლავ კარგად იყავი სალამი, `ზდრასტი ზნაკომა~, ნეტა თუ იცი ჩინური, როგორც თათრული ჭაკომა.
ელისოს (დაბადების 20 წლისთავზე, რომელსაც ვერ დაესწრო ავადმყოფობის გამო)
გენაცვლე სიმურმანეში, ჩემო ლამაზო ელისო, ე რამოდენა გამხდარხარ, ძველო, ძველის დავ, ძველისო. ვაჟამ: `ოცდასამს წიხლი ვკარ, ხვალ ოცდაოთხი მელისო~. კაი მუტრუკი ყოფილა ფინთი ძმა დაის ქველისო გულით მინდოდა წამოსვლა, მაგრამ ნემსები მელისო, ფინთათა ვგდივარ ლოგინში და ერთ ალაგას ხელ ვისომ.
რობაია ელისოს
სარობაიე ბაია ხარ, თვით ხარ რობაი, საკახეთოში არავინ არი შენი მჯობაი, ვერ მოიშალე გასათხოვრად მოყრილმა გოგომ, მწარე ყოფაი, ანგლობაი და ქაჯობაი.
*** არაყს არ დალევო? – შემეკითხა მეგობარი. რა შეკითხვა მინდოდა, სიცივით ვიხოცებოდით, იქა ვთქვი:
თუკი არ დავლევ არაყსა, კომპოტი ვსვა თუ მა რა ვსვა? ამ კობას რო აქვს არაყი, მე გამოვულევ მარაგსა? ისე შევყვები არაყსა, როგორც რო თევზი არაგვსა, დავლევ, დავთვრები, არა თქვან კობას არაყი არ აქვსა.
*** ერთმა ძმაკაცმა სუფრაზე მწვადს არ მიხედა და ვინიგრეტი გადაიხვავა. მე ვუთხარი:
ვინ შენა და ვინ ეგრეთი რად გინდოდა ვინეგრეტი? აჰა, მწვადი გადაიღე, ეგ დაუდგი ვინმე კრეტინს.
*** ლექსო ჭინჭარაულს
შენმა ვარდივით გაშლამა, ლექსოვ, მიირთვი ხაშლამა, თორემ რა გვიყოს ჩვენ მშივრად დასხდომამ ანდა აშლამა.
*** გადმომაწოდე მწვადია, მაგ მწვადის ჭამა მწადია. მე მწვადი არ მიჭამია, თორმეტი წელიწადია თუ მაგ მწვადს არ გადმომაწვდი, ადე, აქედან წადია.
*** ნეტა რად მინდა ნამცხვარი, ვინ ნახეთ ნამცხვრით გამძღარი. ისეთი რამე მოიტათ, ან მჟავე იყოს ან ცხარი. მგელივით დამშეული ვარ მუცელს გაუდის ჩანჩხარი.
*** გამიწყრა მაღლით სამება ღვინო დავლიე `სამება~ დავთვერი ვეღარ გავიგე, თავი თუ მება, სა (დ) მება, ძნელი ყოფილა ბიჭებო, ჭიქების დასამსამება ჭიქების დასამსამებას სცოდნია გასავსავება.
*** აგერ მოგართმევ `მზიურსა~ ისე ჰკბენს, როგორ გიურზა. ვერსად ვერ ნახავთ სიგარეტს „მზიურზე“ ემოციურსა.
Last edited by Admin on Tue May 01, 2018 9:40 am; edited 2 times in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ზეზვა მედულაშვილი Sun Dec 01, 2013 10:19 am
ზეზვა მედულაშვილი
ზეზვაური
ეპიგრამა „ზეზვაურების“ შემდგენელს, ლევან ბრეგაძეს
ჩემ ჭირად გადავეკიდე, უფალ რედაქტორს ბრეგაძეს, „მშობლიურ კერას“, თქვენც იცით, კლიტე-ბოქლომი ეგ აძევს. შაირებ დამაცდენინა, გაზეთს ეყოფა ერთ ას წელს. ეგ ჩემ კაფიებს უყურებს, ვით შედევრალურ შენაძენს. „უშენოდ, ძმაო, ხომ იცი, ჩვენი გაზეთი ვერ გაძლებს“, - თავ მომიქონა სიცილით, (ვითომ ჰონორარს ბევრს მაძლევს!), მაგის მოცემულ ფულითა (გამყიდველს ბევრი ვებაზრე) ძლივს ორი „ასტრა“ ვიყიდე ავლაბრის შეყოლებაზე. მე აღარ მივალ მაგასთან, სხვა მიიტყუოს ლებანზე, როგორც აქამდე მივლია, კვლავ ვივლი ჩემივ ნებაზე.
*** მადლობა ვუთხრათ ლევან ბრეგაძეს, ზეზვა მედულაშვილის ბევრი ზეპირად ნათქვამი კაფია რომ გადაარჩინა დაკარგვას და ზუსტი სახელიც შეარქვა „ზეზვაურები“.
Last edited by Admin on Fri May 04, 2018 11:45 am; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ზეზვა მედულაშვილი Sun Dec 01, 2013 10:32 am
ზეზვა მედულაშვილი
ჩუფჩიკას (თენგიზ მირზაშვილს)
ჩემ ჩუფჩიკას ვენაცვალე, რომ აიღო ომით ნანტი. სამ თვეს მისი ნახატები იყო ნანტის დომინანტი. გენაცვალე, ჩემო ჩუფჩიკ, ემანდ ბუწკნარიან შუბლში. საქართველოს სიყვარულით გადაპიპინებულ გულში. ფრანგებს ხატვა შენ ასწავლე, რომ არ იყვნენ ბაიბურში.
*** თავი მანებე, ნიკოლოზ, არ მინდა შენი მარლბორო, ოტელო მაგით გაშავდა, მაგან მოუღო მავრ ბოლო. რად მინდა, თუკი ასტრა მაქვს, მარლბოროსათვის მარბოლო, ამქვეყნად არ ვარ პირველი, მე ცხოვრებაში ვარ ბოლო, ამიტომ რაკი ეგრეა, ეს ასტრა უნდა ვაბოლო.
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ზეზვა მედულაშვილი Tue May 01, 2018 10:32 am
მახთუმყული
მახთუმყული ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XVIII საუკუნეში. დაბადება-გარდაცვალების წლები უცნობია. სხვადასხვა ხელნაწერთა და თავად პოეტისავე ლექსებში გაჟღერებულ ირიბ მონაცემთა გათვალისწინებით, მკვლევარები მაინც თანხმდებიან, დაასახელონ პოეტის დაბადება-გარდაცვალების სავარაუდო თარიღი _ 17331783 წ.წ. დარჩა მომცველი პოეტური მემკვიდრეობა 10 000-მდე სტრიქონის რაოდენობით. იგი უაღრესად საინტერესო პოეტია _ წმინდა ლირიკასთან ერთად მოეპოვება საყოფიერო, დიდაქტიკური და, განსაკუთრებით, დიდი პატრიოტული მუხტის შემცველი, მოქალაქეობრივი გამბედაობით აღბეჭდილი ლექსები, სადაც სოციალური უთანასწორობისა და აღზევებული უსამართლობის კრიტიკით, ერთმანეთის ძარცვა-გლეჯაში გართულ თუქმენ ბეგებს მოუწოდებს, გაერთიანდნენ და საერთო ძალა მიმართონ უცხოელი დამპყრობლების (ამ შემთხვევაში – ირანის) წინააღმდეგ.
ხალხო
ვისაც გულში ჭირადა სჭირს ტრფობის სატკივარი, ხალხო, იმას მინდა, რომ შევჩივლო ჩემი საჩივარი, ხალხო.
რომც შემიმუსროს სიყვარულმა ხორცი და ძვალი, მაინც ვიქნები სიყვარულის მისის ქადაგი.
მიმტაცა სრულად გული, რჯული, მისგან სარჯული, - ტან-ანაგებით, მაგ განგებით, ღმერთო, რად აგი?!
სალმოდღა ილმე, ჰ ა ფ ე ზ, მხოლოდ ერთი მალამო - ისევ მაგისი ტუჩ-ბაგისი ბაქმაზ-ბადაგი.
* * * სატრფოს ხილვა მიჩნს უკვდავების მტკბარის უმეტეს, ღმერთო, შემყარე, ვინ მნათია მთვარის უმეტეს! დანა დამცა და არ ვამხილე, არ დავძარ კრინტი, თუმცა მწარი მჭირს გულს ჭრილობა, მწარის უმეტეს! ჩამოვუდგები გზასავალზე, ვით მათხოვარი, - წყალობა მისი _ განძისა და ლარის უმეტეს! ჰე, განდეგილო, ნუ მაცდუნებ სამოთხის ბაღით, - მისი ხალი ვთქვი იმ ბაღის და ზვარის უმეტეს! იმ ვარდის დარდით გამღუნვია ტანი საროსი, ვინ ერთი მშვენობს ყაყაჩოთა ჯარის უმეტეს! რას უშველის და რით უშველის, ნეტავ, მკურნალი გლახ გულს, დადაგულს, სისხლი რომ სდის ღვარის უმეტეს! რჩევა მოხუცის ყურად იღეთ, ჰეი, ჭაბუკნო, - ჭაბუკთ ხელობას ბრძნული სიტყვა ჰკმარის უმეტეს! ერთხელ მეზრახა: ვისა აქვსო მსგავსი საყურე, ჩემი რომ ბრწყინავს სისხამ დილით ცვარის უმეტეს! მისი შემყურე მეც დავდივარ მონის საყურით, მისთვის ვკვდები და ცოცხალიც ვარ მკვდარის უმეტეს! ხომ ზენდე-რუდი* უკვდავების წყლად არის თქმული, მაინც შირაზი ისპაჰანის არის უმეტეს! შაქრად იტყვიან საყვარლისას სიტყვასაც, მაგრამ ტკბილი ვერ იყოს ის ჰაფეზის ქნარის უმეტეს!
თარგმნა ზეზვა მედულაშვილმა
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ზეზვა მედულაშვილი Tue May 01, 2018 10:44 am
ვაგიფი - აზერბაიჯანელი პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე, Molla Penah Vaqif (1717 - 1797)
თუკი გიყვარვარ
თუკი გიყვარვარ, მოვეხვიოთ, მოდი, ერთმანეთს, ფარული მზერა, ანდა შორით ნახვა რა არის?! არ გიყვარვარ და, ან გამცილდი, წადი, ღმერთმანი! ან ჩემი სულის ეგრე ცეცხლით დაღვა რა არის?!
სიყვარულისთვის ვინ დაგვცინებს, თუ აქვს გონება?! ვინ დაგიძრახოს სატრფოსათვის გულის ღონება, თუ თვალს არ მოსწონს, გულს არცარა მოეწონება, - კეკლუც-კაზმულად ჩემ წინ გზების ლახვა რა არის?!
სისხლად დაცალე გულ-ჯიგარი ვაგიფისანი, მით გაამრავლე იმედები რაყიფისანი; რაღა გავიგო, თუ ფარულად ნიშანს მიგზავნი, მაშინ აშკარად საყვედური, ძრახვა რა არის?!
საიათნოვა Սայաթ-Նովա - სომეხი პოეტი და მუსიკოსი (აშუღი), (1712 - 1795)
ამბობენ
ვინ სატრფო არი, ვინ - დოსტი და ვინ - მეგობარი, ზოგს ვარდი უყვარს, ზოგს - ამბარი, - ამას ამბობენ. ზოგი - ბულბული, თუთიყუში არი ზოგიცა, ვისას - ლაბლაბოს, ვისას ყანდის ჭამას ამბობენ.
ზოგი ილხენს და ზოგს აცვია სევდის თათმანი, ზოგს მისხალი აქვს, მეორეს კი ხუთი ბათმანი, ორსა დაახრჩობს ერთმანეთის მტრობა ათმაგი - სიკვდილ-სიცოცხლეს, - თვალის ცრემლით ბანას ამბობენ.
ოქროს ეჟვნისთვის ჩაუვლია ზოგიერთს ჭანგი, ზოგი ღვინოს სვამს, ზოგსაც ჯავრით დაათრობს ბანგი, ზოგი საზს უკრავს, ზოგსაც ხელში უჭირავს ჩანგი, ვინ დროს ატარებს, ვინ - შხამსა სვამს, - ბალღამს ამბობენ.
ზოგსა სძინავს და ზოგიერთი არის მღვიძარი, ზოგი მთვრალია, ზოგიერთი ფხიზელიც არი, ვინ ხელით არი, ფეხით არი - ვინ - სახიჩარი, კვერცხის მალამოს დაადებენ, - ჩარას ამბობენ.
ეს საიათნოვა ნაჭერია რომელ ფართლისა, ჰინდს თუ ჰამადანს - მზესა ჰფიცავს რომელ გამდლისა? ჩემი სამშობლო თბილისია, მხარე ქართლისა, დედას - ავლაბრელს, ალაბელსაც მამას ამბობენ.
თარგმნა ზეზვა მედულაშვილმა
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ზეზვა მედულაშვილი Tue May 01, 2018 11:01 am
ნინო ჯავახიშვილი
"რასაც შენ მეტყვი, მეც გეტყვი, ყრუი ვარ, განა უენო..."
ზეზვა მედულაშვილი, პოლიგლოტი კახელია. გარდა იმისა, რომ ბევრი ენა იცის, გონებამახვილობითა და კაფიებითაც არის ცნობილი. როდესაც ბატონ ზეზვასთან შესახვედრად მივდიოდი, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა მისი კორპუსის პოვნა და ძებნით დაღლილი ისევ პირვანდელ ადგილს რომ დავუბრუნდი (კახეთის გზატკეცილზე გახლდით), მაღაზიასთან მდგარ ხალხს ვკითხე, კახეთის გზატკეცილის ესა და ეს ნომერი სად იქნება-მეთქი? ეტყობა, მაშინვე მიხვდნენ, ვისი სტუმარიც ვიყავი და ყველას სახე გაებადრა, - ვა, ზეზვა პაპასთან მიდიხარ? ვიცით, როგორ არ ვიცით, სადაც ცხოვრობსო, - მითხრეს და გზა მიმასწავლეს. ისეთი სიყვარულით მოიხსენიეს, მივხვდი, თბილ, ტკბილ, "გემრიელ" კახელთან რომ მქონდა საქმე და არც მოვტყუებულვარ...
- 1939 წლის 20 დეკემბერს, სოფელ არაშენდაში დავიბადე. 19 დეკემბერს ბრეჟნევია დაბადებული. 21-ში - სტალინი. ამიტომ ვხუმრობ ხოლმე, გახიდული ვარ დურაკსა და გენიას შორის, ხან ერთისა "წამომკრავს" და ხან მეორისა-მეთქი. კაფიაც გამოვთქვი:
"ცალ მხარესა მყავს დურაკი, მეორე მხარეს - გენია. ოღონდ მე რომელს ვეკუთვნი, ეგ ვეღარ დამიდგენია"...
მამაჩემი - კოლა, თვალითაც არ მინახავს. სწორედ იმ დღეს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში ("კარში", როგორც მაშინ ამბობდნენ), როდესაც დავიბადე. სამხედრო კომისარიატი გურჯაანში იყო. რეგისტრაციის შემდეგ წვევამდელები მატარებლით გადაჰყავდათ თბილისში. კოლას როგორ ვახაროთ ვაჟის შეძენაო, უფიქრიათ მის ბიძაშვილებს და ერთ-ერთს უთქვამს, არაშენდას ბაქანზე დავხვდები მატარებელს და გავაგებინებო. მართლაც, ცხენს მოახტა თურმე. მატარებელი ბაქანზე მხოლოდ ერთი წუთით ჩერდებოდა. მამაჩემის სახელს რომ გაყვიროდა, ფანჯარაში "გადმოკიდებულ" სამხედროებს უკითხავთ, რად გინდა კოლა, რატომ ეძებო? ბიჭი ეყოლა და უნდა ვახაროო... - "ბიჭი ეყოლა, ბიჭი ეყოლა", - სიხარულის ყიჟინამ გადაუარა თურმე ვაგონებს და მამაჩემსაც გადმოუხედავს ფანჯრიდან, ქუდი მოუხდია და უკვე დაძრული მატარებლიდან გადმოუგდია, რომ გაიზრდება, ჩემს ბიჭს დაახურეთო. ამის შემდეგ მასზე არავის არაფერი სმენია - უგზო-უკვლოდ დაიკარგა. დედა 17 წლის დაქვრივდა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა. სახელი კი პაპას - ტიმოთეს დაურქმევია ჩემთვის. ყმაწვილკაცობაში ვაჟა-ფშაველა გაუცნია და სიკვდილამდე მისი შემოქმედების მოტრფიალე იყო. ამიტომაც დამარქვა ზეზვა.
- ალბათ ბევრი გაჭირვება გამოიარეთ - ომის წლები, სიღარიბე... - მართლაც უკიდურეს სიღარიბეში ვცხოვრობდით. ხალხი მუშაობით წელში წყდებოდა. ფხალეულობაზე გავიზარდეთ, ცეცხლსაც კი ვსესხულობდით. ასანთი არ იშოვებოდა და ღამე ცეცხლს ნაცარს წავაყრიდით ხოლმე, რომ მეორე დღეს ნაკვერჩხალი გვქონოდა. სოფელში კაცების რიცხვმა იკლო. სამკალ-სათიბი ქალების ამარა დარჩა. სოფლიდან 10-12 კმ-ის მანძილზე ღამისთევით წასულები ამ მძიმე შრომას კახელებისთვის დამახასიათებელი იუმორით იტანდნენ და უძლებდნენ. წარმოიდგინე, ისეთი გაჭირვება იყო, რომ სკოლაში ბავშვები ერთმანეთისგან მჭადს ვსესხულობდით. სამი თითის დადება მასესხეო, - ასე ვთხოვდით ერთმანეთს ლუკმაპურს.
- პროფესიით არმენოლოგი ხართ, მაგრამ არაერთი სხვა ენაც იცით... - სომხური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი ვარ, თუმცა ნელ-ნელა სხვა ენებსაც "მივადექი". შევისწავლე თურქული, არაბული, აზერბაიჯანული, სპარსული, თურქმენული, ტაჯიკური (გერმანული და რუსული ხომ სკოლიდანვე ვიცოდი) და ბევრი სხვა "ნაყარნუყარი" ენა (იცინის). 1961 წელს დაიბეჭდა ჩემი პირველი თარგმანი, 1974 წლიდან კი მწერალთა კავშირთან მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგია დაარსდა და ვიდრე პენსიაში გავიდოდი, იქ უფროს მეცნიერ-რედაქტორად ვმუშაობდი. ვთარგმნე ლექსები და მოთხრობები, ბაიათები და რობაიები სპარსულიდან, სომხურიდან, ტაჯიკურიდან, უზბეკურიდან, თურქულიდან, აზერბაიჯანულიდან... ჩემი შემოქმედების მწვერვალი - "ქოროღლი" (აზერბაიჯანული ეპოსი) ჩემს ბაბოს და პაპას მივუძღვენი.
- 50-წლიანი მუშაობისთვის არაერთი პრემია და ორდენი მიიღეთ - ედიღე ჩარენცის პრემია, ივანე მაჩაბლის პრემია, საბას პრემია, ნაჯაფ ნაჯაფოვის პრემია, ღირსების ორდენი... ალბათ ღირდა ამად... - (იცინის) "ბიჭო, რათ მინდა პრემია, გამამაცხადებს ვრემია? ქართულად არის ტვირთი და რუსულად კიდევ - ბრემია"... რად მინდა პრემიები და სიგელები? ზოგი მწნილის ქილას აფარია. ცარიელმა თითმა პირი გამამღლიტაო, - ნათქვამია. მწერლებს პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არაფერი გვაქვს. ახლა უკვე ისეთ ასაკში ვარ, "ფეჩის" ქვეშიდან კატას უნდა ვაგდებდე და მე ვწვებოდე... უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ სხვა გატაცებებიც მქონდა - მიყვარდა სიმღერა, ჭადრაკი, ნარდი, ვჭიდაობდი, გატაცებული ვიყავი ალპინიზმით, განსაკუთრებით მთა-თუშეთი და ხევსურეთი მიყვარდა, მოხიბლული ვიყავი იქაური ფოლკლორით. ვახუშტისთან ერთად (ვახუშტი კოტეტიშვილი ჩემი მეჯვარე იყო) ხშირად ვსტუმრობდი თუშეთსა თუ ხევსურეთს და იქაურებს კაფიობაში ვეპაექრებოდი.
- კაფიების, ექსპრომტების ოსტატი ხართ. ბევრი რამ მსმენია თქვენი სიტყვაკაზმულობისა და გონებამოსწრებულობის შესახებ. - კაფიაობაში თავაზიანობას ვერ დაიცავ. უწმაწურობა შვენის კიდეც ასეთ ლექსებს, მაგრამ დასაწერად ყველა არ გამოდგება. მე, ვახუშტი და ალექსი ჭინჭარაული ხშირად ვეუბნებოდით ერთმანეთს "უწყინარ" კაფიებს. რომელი ერთი გავიხსენო. ერთხელ "ნივით" ლუდის დასალევად მივდიოდით. მაშინ ვთქვი: "კარგი არის ნივა, სადაც უნდა მივა, სულ არ უნდა ქერი და სულ არ უნდა თივა, არც ბენზინი არ უნდა, თუნდ ჩაასხი "პივა", მაგრამ ნივა რომ არ გვაქვს, ვაჰმე, გული მტკივა". კომუნისტების დროს ბარისახოს სკოლის ბიბლიოთეკისთვის წიგნები მიგვქონდა საჩუქრად. ბევრნი ვიყავით, ორი ავტობუსით. ბარისახოდან შატილშიც უნდა გადავსულიყავით. საგუშაგოზე ინსპექტორი დაგვხვდა, მძღოლებს მართვის მოწმობები წაართვა და აღარ გვიშვებდა შატილისკენ - ორი დღის წინ ავტობუსები გავგზავნეთ, დიდი თოვლი მოვიდა და დღესაც არ ჩანან, არ ვიცით, რა მოხდა და თქვენც პრობლემები არ შეგექმნათო. ბევრი ვეხვეწეთ, არაფერი გამოვიდა. ვიფიქრე - ეს მილიციელიც მთის კაცია, მივალ, რამე კაფიას ვეტყვი, გავაცინებ და იქნებ უფრო ადვილად მივუდგე-მეთქი. "მაგ საგზურების წართმევა, შენგან კი არის ადვილი, საქმე ის არის, გაგვიშვა, ერთხელ გვაჩვენო შატილი. შენც თან წამოგვყვე, მეგზურად, ჩვენ იქ უშენოდ რას ვივლით, სიმართლეს გეტყვის ზეზვაო, ზეზვას არ უყვარს ქადილი"... არც კი გაუღიმია, თურმე ოსი ყოფილა, ჩვენი დარდი ჰქონდა?! ერთმა ძმაკაცმა სუფრაზე მწვადს ზედ არ დახედა და თეფშზე "ვინეგრეტი" დაიხვავა. მაშინვე "შევამკე": "ვინ შენა და ვინ ეგრეთი, რად გინდოდა ვინეგრეტი? აჰა, მწვადი გადაიღე, ეგ დაუდგი ვინმე კრეტინს". ჩემმა მეგობარმა შეამჩნია, რომ "ასტრას" ვეწეოდი. ამოიღო "მარლბორო" და შემომთავაზა - ეს მოსწიეო. "თავი მანებე, ნიკოლოზ, არ მინდა შენი მარლბორო, ოტელო მაგით გაშავდა, მაგან მოუღო მავრ ბოლო. რად მინდა, თუკი ასტრა მაქვს, მარლბოროსათვის მარბოლო, ამქვეყნად არ ვარ პირველი, მე ცხოვრებაში ვარ ბოლო, ამიტომ რაკი ეგრეა, ეს ასტრა უნდა ვაბოლო". ახლა სხვამ მითხრა: ბიჭო, "მარბლორო" არ გერჩივნა, რას ეკვლევინები ასტრას მახრჩობელა ბოლსო?! "ყოფა ვუტირე მარლბოროს, მე ვენაცვალე ასტრასა, ას ყუთს რომ ჰყოფნის იაზვად და ბუასილად ას ტრაკსა"-მეთქი... ბოდიშს ვიხდი უწმაწურობისთვის, მაგრამ რა ვქნა, კაფიაობაში ვერ ასცდები...
- ისიც მომიყევით, ერთ კაფიაში ცოლის "დაგლეჯით" რომ დაემუქრეთ მოპაექრეს... - (იცინის) ეგ მე არ ვყოფილვარ, თუმცა მაგ ამბავსაც მოგიყვებით. ხალხი უკვე სხვის ნათქვამსაც მე მაბრალებს. ფშავში, სოფელ ლახატოში ცხოვრობდა გიორგი მგელიაშვილი, ყრუ გიორგის ეძახდნენ. მის შვილიშვილთან ვმეგობრობდი. ერთს უთქვამს: გიორგი დახატულო, შენთან სალექსოდ მოველო... რაზედაც უპასუხია: "რასაც შენ მეტყვი, მეც გეტყვი, ყრუი ვარ, განა უენო". მოკლედ, ამ გიორგის სიტყვა უჭრიდა. მისი ცოლი ახალგაზრდობაში თავისივე თანასოფლელის წაწალი ყოფილა. სწორედ ასე მოუნდომებია კაფიაობაში გიორგის დაჯაბნა და უთქვამს: "ჩემი ძაღლი გქმნა გივარგი, დაგაბამ ბაკის ახლოსა, რა, ყეფა მოგწყინდებოდა, შამინახამდი საქონსა. სამ დღეში ერთხელ გაჭმევდი, ცივ წყალსა, ასლიდ ქატოსა"... გიორგის უმალვე უპასუხია: "ერთხელ ხომ ავეშვებოდი, ცოლს დავუგლეჯდი პატრონსა"... ალბათ მიხვდებით - დავუგლეჯდიო - ამის ნაცვლად რასაც ეტყოდა... აი, ასეთი "მწარე" იუმორი აქვთ ფშავლებსაც...
- სიცილს უდიდესი ძალა აქვს. თქვენ თუ წაგხმარებიათ იუმორი? - რას იზამ, როცა გიჭირს და სხვა საშველი აღარ არის, უნდა გაიცინო და სიცილით გადაიტანო ყველა გასაჭირი. დალხინებული არც ბავშვობა მქონია და არც სიბერე მაქვს უდარდელი. 100-ლარიან პენსიაზე რომ კაცი იცხოვრებს, კარგად როგორ უნდა იყოს? ჩემი მეგობრები ამ ბოლო დროს ხშირად მსაყვედურობდნენ, "უგზო-უკვლო კვებისგან" გასუქდი, დიეტას თუ ვერ დაიცავ, მარხვა მაინც შეინახეო. გამეცინა: "ჩვენი მთავრობის შემყურე, ნეტავ, რას გვარგებს მარხვაი, ისედაც მშივრებსა გვხოცავს, ეგ პირქვე დასამარხავი"...
- აღიარება არ გინდათ, მაგრამ ვიცი, რომ კარგ ლექსებსაც წერთ. მინდა, ჩვენი ინტერვიუ თქვენი ერთი სევდიანი ლექსით დავამთავრო.
ნეტავ, საით გაფრინდნენ, ჩვენი თეთრი მერცხლები, საით გადაიჩეხნენ სიყვარულის მეწყრები. ვა, როგორ გაცივდა გული ნაბურბურალი, ვისთვის, ვისად მესმოდა ჩემი ნაბულბულარი. ახლა არის გვიანღა, ნაცრის ანაღვერდლობა, იმ პირველი სიმღერით გული არ ამღერდება. ახლა ჩვენს შავ გიშერსაც შეჰპარვია ვერცხლები, გადამქრალან უკვალოდ გულის ის ნაპერწკლები.
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ზეზვა მედულაშვილი Fri May 04, 2018 10:52 am
ზეზვა მედულაშვილს 3 მაისს მშობლიურ სოფელ არაშენდაში დაკრძალავენ
BY KVIRA ON 02/05/2018 11:23
79 წლის ასაკში ცნობილი მთარგმნელი, მწერალი, აღმოსავლეთმცოდნე, პოლიგლოტი ზეზვა მედულაშვილი გარდაიცვალა. მწერალი ხანგრძლივად ავადმყოფობდა. ზეზვა მედულაშვილს 3 მაისს გურჯაანის რაიონის მშობლიურ სოფელ არაშენდაში დაკრძალავენ. 1957 წელს „ვერცხლის მედლით“ დაამთავრა არაშენდის საშუალო სკოლა და მისაღები გამოცდები ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ირანოლოგიის განხრით, სპარსული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაზე. პირველივე კურსის მეორე სემესტრიდან გადაიყვანეს ახალგახსნილ არმენოლოგიის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა კიდეც როგორც არმენოლოგმა, თუმცა სპარსულის სწავლა არ მიუტოვებია და დამოუკიდებლად განაგრძობდა უფრო ღრმად შესწავლას და დაუფლებას. ასევე დამოუკიდებლად სწავლობდა თურქულ, აზერბაიჯანულ და სხვა აღმოსავლურ ენებს. 1961 წელს მისი პირველი თარგმანი დაიბეჭდა ალმანახ „მეგობრობის ცისარტყელაში“. ზეზვა მედულაშვილის თარგმანები: სპარსული, სომხური, ტაჯიკური, უზბეკური, თურქმენული, თურქული, ჩეჩნური, რუსული, გერმანული, აზერბაიჯანული ენებიდან იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში. მისი რედაქტორობით გამოცემულია მრავალი თარგმანი. 1974 წლიდან მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარ სარედაქციო კოლეგიაში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. ზეზვა მედულაშვილი არის პანკისის და დმანისის საპატიო მოქალაქე. მას მიღებული ჰქონდა პრემიები: ივანე მაჩაბლის, ეღიშე ჩარენცის (სომხეთი), ნაჯაფ ნაჯაფოვის (აზერბაიჯანი) პრემია, საბას პრემია, საგურამოს პრემია. იყო ღირსების ორდენის კავალერი, ასევე ქართული კულტურის ამაგდარის და ქართული კულტურის დესპანის მედლების მფლობელი. ზეზვა მედულაშვილის პანაშვიდები გაიმართება მისამართზე: კახეთის გზატკეცილი 36-3, მეორე სადარბაზო, ბ. 34. 3 მაისს, 10:00 საათზე კი, მას არაშენდაში გადაასვენებენ.
ქართველი მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე ზეზვა მედულაშვილი (1939 - 2018)
Last edited by Admin on Mon Jul 20, 2020 2:56 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ზეზვა მედულაშვილი Mon Dec 31, 2018 9:24 am
ომარ ხაიამი
რობაიები თარგმანი სპარსულიდან ზეზვა მედულაშვილისა
(გამოუქვეყნებელი თარგმანები ვარიანტებითურთ)
1. ვინც ამო ღვინით იქარვებდა დარდებს ამო დღეს, მასზე თქვეს, თითქოს ჯოჯოხეთში კუპრი ჩამოსთხევს, თუ მსმელს და მიჯნურს ჯოჯოხეთში ელით მოხვედრა, ხელისგულივით ხვალ ცარიელს ნახავთ სამოთხეს.
2. სამყარო ესე უკიდეოდ განაკიდია, თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ, სადა ჰკიდია, ვერვინ ამიხსნა, ეს ამდენი ხალხი რომ მიდის, ნეტავ საიდან – ან მოდიან, ან სად მიდიან?
3. უსარგებლოა გარდასულზე დარდიც და დავაც, ცხოვრებამ გული დაუკოდა ჩვენსავით მრავალს, ამივსე თასი, გადავკრა და მეფონოს გულზე, მომხდარი – მოხდა, მოსახდენი მოხდება კვლავაც.
4. მძაფრი წყურვილით ხელადისა დავტუჩე ტუჩი, რათა ნიადაგ ნეტარება მქონოდა ყუჩი, ხელადაც ჩამიტუჩიტუჩდა და ჩამჩურჩულა: – ერთხელ მოსულხარ, სვი, საწუთრო არისო ფუჭი!
5. არაფერია, რაც რამ ქვეყნად თვალით გვინახავს, რაც გვითქვამს, უთქვამთ ანუ ხსოვნით შემოგვინახავს, რაც გვიხვეჭნია, გვიშოვნია, რაც გზა გვილახავს, ავაგლახ, თურმე სულ ტყუილად წყალი გვინაყავს.
5.2 ამაოა, რაც კი ქვეყნად გინახავს და გაგიგია, ამაოა, რაც თვით გითქვამს, ანუ სხვისგან გაგიგია, ამაოა, რაც გივლია რაც გზა ფეხქვეშ გაგიგია, ამაოა, რაც ქონება, გიხვეჭავს და გაგიგია.
6. მუფთი, ჩვენა ვართ შენი მიწყივ შემაწყინარი, თუმც ლოთები ვართ, ჩვენი ჭკუა შენზე წინ არი, ჩვენ ვსვამთ ვაზის სისხლს, შენ სისხლსა სწოვ ადამიანებს, თქვი, ჩვენ ორს შუა სისხლისმსმელი უფრო ვინ არი?
6.2 ჰეი, მუფტი, უსაქმურნი შენზე საქმიანები ვართ, ლოთები ვართ, მაგრამ შენზე უფრო აზრიანები ვართ, ჩვენ სასმელად ვაზის სისხლი, შენ კი ხალხის სისხლი გიყვარს, ვინ უფროა სისხლისმსმელი, ერთურთს რაში ვგვანებივართ!
7. მახეში გაბმულ მოფრთხიალე ფრინველსა ვგავართ, ბედით გვემულნი, მშფოთვარენი, ვინა ვართ, რა ვართ? ამ უკარფანჯრო წუთისოფლის წადილის ყმა ვართ, ბედის წადილით, უწადინოდ, დღეს თუ ხვალ, წავალთ.
8. მე თუ ლოთი ვარ, “არ ვარ-მეთქი”, არა ვფიცავარ, – კი, ლოთიცა ვარ, მეკერპეც და წარმართიცა ვარ, მიეთ–მოეთნი ათას რამეს იტყვიან ჩემზე, მე უფრო ვიცი, ვინცა ვარ და როგორიცა ვარ.
8.2 მე თუ ლოთი ვარ, “არ ვარ-მეთქი”, არა ვფიცავარ, – კი, ლოთიცა ვარ, მეკერპეც და წარმართიცა ვარ, თავის გუმანზე ათას რამეს მაბრალებს ზოგი, მე უფრო ვიცი, ვინცა ვარ და როგორიცა ვარ.
8.3 ვიეთთა აზრით ლოთიცა ვარ, ავარაცა ვარ, წარმართიცა და გიაურიც, ასჯერ სხვაცა ვარ, ხალხი ყბედია, როგორც უნდა ისე გაგჭორავს, არადა ის ვარ, რაც ვიყავ და ეხლაც რაცა ვარ.
9. ნასვამი ვიყავ, ჩავიარე სარდაფის კარზე, მოხუცი ვნახე, ღვინის დოქი მოეგდო მხარზე, ვუთხარ: მოხუცო, ღვინოს რო სვამ, ღმერთი არა გწამს? – ღმერთი შეგვინდობს, შენც დალიე, ნუ ხარო შარზე!
10. გვერდით მოისვი საროსტანა ნაზი და ნორჩი, ასწიე ჯამი და ქვეყნისას სადარდელს მორჩი, არ მოგვარდნია ძუ მგელივით სანამ სიკვდილი, არ დაუღრღნიხარ და შენში არ გაუდგამს ბორჯი.
11. ეგ ღვინის დოქი არ გეგონოს ჩვენთვის ზარალი, შენც დაისხი და მეც დამისხი ღვინო ალალი, იჩქარე, სანამ ჩამოგვძერწავს დოქად განგება, ჩვენი ძვალ-ხორცი სანამ კიდევ დოქი არ არი!
11.2 წამოდექ ტურფავ, ტანი ჩვენთვის მოილერწამე, თუნდ ერთი წამით, ყოფა კვლავაც წაგვიერთწამე, მოგვართვი ღვინო, ჩვენც გვასვი და თვითაც იგემე, ჩვენივ თიხისგან სანამ დოქად ჩამოგვძერწავენ.
11.3 მო, მერიქიფევ, მუშკისა და ამბრის ფშვენებით, ღვინო გვასვი და თან დაგვატკბე შენი მშვენებით, ჩვენც დავიფშვნებით სანამ თიხად, ხოლო მედოქე ახალთახალ დოქს გამოძერწავს იმ ნაფშვენებით.
12. მეჭურჭლის დუქნის, დრო მომეცა ერთხელ, ნახვისა, და რაც იქ ვნახე, მოწამე ვარ იმ ვაგლახისა: – მოჩარხა დოქი, ყურად უყო მათხოვრის ფეხი, ხოლო ტუჩ-პირად – თავისქალა ფადიშაჰისა.
13. წავედი, მოვრჩი, ამ ქვეყნისას ვისტუმრებ ვალებს, ქარივით ჩავლილ ამ ცხოვრების ცოდვებს და ბრალებს, ჩემი სიკვდილი გაუხარდეს მავანს და მავანს, ვინც ფიქრობს – თავად გადურჩება სიკვდილის ბრჭყალებს.
14. თუ ვსვამ ღვინოს და ლამაზმანთა მახლავს კრებული, სჯულის მოძღვართა რაღად მინდა ქადაგებული? ამ ღვინის მსმელებს ჯოჯოხეთით რომ გვაშინებენ, მაშ, ის სამოთხე ვისთვისღაა გამზადებული.
15. სარდაფის კარზე ბერიკაცი ვნახე მავანი, – წასული ხალხის მამცნე-მეთქი ავან-ჩავანი! მითხრა: ღვინო სვი! ჩვენნაირი ვნახე მრავალი, წავიდნენ, მაგრამ ვერ იკვლიეს უკან სავალი.
16. ნადიმად მსხდარნი, ოდეს მოლზე გულს იფონებდეთ, ერთურთს აქებდეთ და ერთურთით თავს იწონებდეთ, ძმანო და თვისნო, საჩემოდაც ასწიეთ თასი, მე გარდასულსაც, მე საწყალსაც მომიგონებდეთ.
17. მუხლებზე დამცემს თავის ფერხთით როცა სიკვდილი, როს შეჯამდება ჟამი ჩემი მოთვლილ-მითვლილი, საღვინე სურა შექმენ, ღმერთო, ჩემი თიხისგან, რომ ღვინის სუნმა გამაცოცხლოს მე, სულმიხდილი.
18. შეჰკიდებია ღვინის ეშხი ჩემს გულს ცეცხლადა, ვსვამ და არ ვზრუნავ ამ სირცხვილის მოსარეცხადა, იმდენი ვსვა, რომ ვინცა მნახავს, ასე იფიქროს: “ეს ღვინის რუმბი აქ საიდან გამოგვეცხადა?!”
19. ჰეი, შენ, ვისაც გიყურნია აქამდე მზისთვის, თუ გიფიქრია, ქვეყანაზე არსებობ რისთვის, გონს მოეგე და თავს მიხედე, რადგან დროება შენც იმას გიზამს, რაც აქამდე უქნია სხვისთვის.
19.2 ამ წუთისოფლის დღის და ღამის თუ ხართ მჭვრეტელი, თქვენ ეგ საწყაო არ გეგონოთ დაუშრეტელი, გონს მოეგეთ და მიხვდით ბოლო ამოსუნთქვის ჟამს, თქვენამდე ბევრის რატომ იყო მუხლთა მკვეთელი.
20. უღვინოდ ვერ ვძლებ, ვენაცვალე ღვინის ბარაქას, უღვინისჯამოდ ვერ მოვიკრებ გონს და არაქათს, იმ წამის ყმა ვარ, მწდე მომაწვდის როდესაც სასმისს, სმა მინდა, მაგრამ ჩამორთმევის შნოც აღარა მაქვს.
20.2 სანამ ვიდარდო, ესა თუ ის მაქვს თუ არა მაქვს, ან ცხოვრებაში ვეღირსები როსმე ბარაქას, – ამივსე თასი, რადგან, ძმაო, ეგეც არ ვიცი, რომ ჩავისუნთქო, კვლავ მოვიკრებ თუღა არაქათს.
21. ჟამსა მას, ოდეს ია ღაწვებს ეშხით ალეწავს, ოდეს ვარდებში მოირეწავს სიო სარეწავს, ჭკვიანს დავარქმევ, ვინც სატრფოსთან ასწევს ფიალას, სასმელს გადაჰკრავს, ფიალას კი ქვას მიალეწავს.
21.2 მომეც ხელი ხელს, სიყვარული ერთურთს ვასხივოთ, ვიამოთ ღვინო, სირცხვილ-რიდი არ დავაზღვიოთ, ღვინის ჭურჭელში სალოცავი გავცვალოთ ნოხი, თავშეკავების ჭურჭელი კი ქვას მივამსხვრიოთ.
22. ბერნიც და ყრმანიც, როგორც ვხედავ და როგორც ვავლენ, მოვლენ და წავლენ სათითაოდ, ვინც ქვეყნად დავლენ. არ შერჩენია ეს ბებერი ქვეყანა არვის, მოდი-მიდიან, კვლავაც მოვლენ და კვლავაც წავლენ.
23. გამთენიისას რატომ ყივის, იცით, მამალი? ან რა სევდაა მის ყივილში გადანამალი? – დილის სარკეში დანახული გვამცნო უვიცებს, რომ სიცოცხლისა ერთი ღამეც გაჰქრა ფრთამალი.
23.2 გამთენიისას რატომ ყივის, იცით, მამალი? ან რა სევდაა მის ყივილში გადანამალი? ჩვენ რომ გვეძინა, მან იხილა დილის სარკეში, რომ სიცოცხლისა ერთი ღამეც გაჰქრა ფრთამალი.
24. მითხრეს: ცოტა სვი, ღვინო არის მავნე და ავი, რომ მერე ხალხთან ბოდიშებით არ იყო მზღავი! – ჰა, თქვენ, ბოდიშად ტურფას ღაწვი და დილის სიო, თქვენც ინამუსეთ, მეტი რითღა ვიმართლო თავი?
25. თრიაქნაჭამი რინდი ვნახე, ეგდო ერთგანა, ფეხზე ეკიდა რჯული, რწმენა, ხალხი, ქვეყანა. რის შარიათი, რა ისლამი, რომელი ღმერთი?! – ორთავ ქვეყანას – ზედა-ქვედას, ყელთ მოეყვანა.
26. ჩუმად იცხოვრე, არა გმართებს ცხოვრების ჯიბრი, ერთმანეთს ჭკუით შეუწონე საქმე და ფიქრი, ენას, თვალს და ყურს მოუფრთხილდი, მუდმივად გედოს: ენაზე – კლიტე, ყურში – ბამბა და თვალზე – ლიბრი.
26.2. ცხოვრების გზაზე ცუდუბრალოდ რომ არ გაფუჭდე, ჩუმად იცხოვრე, თავს დარაჯად უნდა დაუჯდე, საღად გასხია სანამ ენა, თვალი და ყური, უნდა დაყრუვდე, დაბრმავდე და უნდა დამუნჯდე.
26.3 ქვეყნის მახეში ორივ ფეხით რომ არ გაება, ჭკუით იცხოვრე თუ ჭკუა არ გეცოტავება. ენაც, თვალ-ყურიც თავის ადგილს სანამ გასხია, გხამს დამუნჯება, დაყრუება და დაბრმავება.
26.4 ამ ქვეყანაზე არა გმართებს ცხოვრების ჯიბრი, თუ ჭკვით იცხოვრებ, მეტს გაიბრი, სანამდე იბრი, ენას, თვალს და ყურს მოუფრთხილდი, მუდმივად გედოს, ენაზე – კლიტე, ყურში ბამბა და თვალზე ლიბრი.
26.5 ჩუმად იცხოვრე, ცუდუბრალოდ რომ არ გაფუჭდე, ჭკუით იყავი, თავს დარაჯად უნდა დაუჯდე, საღად გასხია სანამ ენა, თვალი და ყური, გხამს, ხან დაბრმავდე, ხან დაყრუვდე და ხან დამუნჯდე.
26.6 ბედის ხრიკებით ქვეყნად რომ არ გაფუჭდე, ძმაო, ჭკუა გონებით ცოტა უნდა დაუნჯდე, ძმაო, საღად გასხია სანამ ენა, თვალი და ყური, უნდა დაყრუვდე დაბრმავდე და დამუნჯდე, ძმაო.
27. ღვინით გამბანეთ, როცა ვიქნე დასამიწარი, ღვინით მიხსენეთ შენდობა და მოსაფიცარი, თუ განკითხვის დღეს ჩემი პოვნა მოგესურვებათ, სამიკიტნოს წინ ავარდნილი სუნით მიცანით.
28. აფსუს, გავლიე უსარგებლოდ მთელი ცხოვრება, გაარმდა ლუკმა, სუნთქვაც ჰაერს იმათხოვრება, პირშავად დამსვა ცით ნაბრძანის არშესრულებამ, ჩემით კი რაც ვქმენ, ვაჰ, რა მწარედ მემახსოვრება!
28.2 აფსუს, გავლიე უსარგებლოდ ცხოვრება მთელი, გაარმდა ლუკმა, ჭირს სუნთქვა და კარგს არას ველი, პირშავად დამსვა ცით ნაბრძანის არშესრულებამ, ჩემით კი რაც ვქმენ, იმისგან მაქვს თვალები სველი.
28.3 აფსუს, რა ფუჭად ცხოვრებაში გზა-კვალი ვკოდე, გაარმდა ლუკმა, ჭირს სუნთქვა და ახლოა კბოდე, რაც ღვთის ნებისად არ მიქნია, მით ღმერთსა ვცოდე, ჩემი ნებისად რაც მიქნია, იმაზე ვგოდებ.
28.4 აფსუს, გავლიე უსარგებლოდ ცხოვრება მთელი გაარმდა ლუკმა, ჭირს სუნთქვა და კარგს არას ველი, რაც ღვთით მებრძანა და არ ვქმენი, ვცოდე უფალს, რაც ჩემით ვქმენი, მის გამო მაქვს თვალები სველი.
29. ორი დღის ხემსად თუ გაქვს პური, თუნდ ერთი ცალი, ნაბზარ დოქშიაც ცივციველა თუ გიდგას წყალი, მაშ, რაღად გინდა ემსახურო სხვას, შენზე ნაკლებს, ან თუნდაც შენი თანასწორის დაიდო ვალი?
29.2 ორი დღის ხემსად თუ გაქვს პური, თუნდ ერთი ცალი, თან პირმოტეხილ ხელადაშიც თუ გიდგას წყალი, მაშ რაღად გინდა ემსახურო შენზე მდაბიოს, ან თუგინდ, შენი თანასწორის დაიდო ვალი.
29.3 ორი დღის ხემსი თუ გაქვს პური, თუნდ ერთი ცალი, ნაბზარ დოქშიაც ცივციველა თუ გიდგას წყალი, მაშ, რაღად გინდა ემსახურო სხვას, შენზე მცირეს, ან შენს თანასწორს ამსახურო ხორცი და ძვალი.
30. ვთქვი: ამიერით აღარ მივდევ, მორჩა, შარაფსა, ვაზის სისხლია, როგორ დავლევ სისხლსა შარავსა?* – მართალს ამბობო? – შემეკითხა ჭკუა ბებერი, – ვიხუმრე-მეთქი, სხვა რა ვქნა, რო ღვინო არა ვსვა!
*შარავი სისხლი – შავი, ჩაქცეული სისხლი
30.2 ვთქვი: აღარ დავლევ მე ამ ღვინოს წითლად მცვარავსა, სისხლია-მეთქი ვაზისა და სისხლი მზარავსა, – მართალს ამბობო? – შემეკითხა ჭკუა ბებერი, -ვიხუმრე-მეთქი? სხვა რა ვქნა, რომ ღვინო არა ვსვა.
31. მითხრეს: სამოთხე ფერიებით დანაფერია; ვუთხარ: სამოთხე ყურძნის წვენთან არაფერია! ღვინო ნაღდია, სამოთხე კი არის ნისია, როგორც დოლის ხმა, შორით ქარის დანაბერია.
31.2 თუ გსურს ედემში ფერიები გვერდით მოისხა, მითხრეს, ნუ სვამო მის წვენს, ვაზმა რაც გამოისხა! ეს ახლო ნაღდი მირჩევნია იმ შორ ნისიას, შორიდან ხოლმე უფრო კარგად ისმის დოლის ხმა.
31.3 მიქეს სამოთხე ჰურიების მტილად სახული, მე ყურძნის წვენი ვამჯობინე გამომკრახული, ჰა შენ ნაღდი და იმ ნისიას მოეშვი, ძმაო, შორიდან-ხოლმე კარგად ისმის დოლის ბრახუნი.
ვისთვისაც ცნობილია მთარგმნელის, მწერლის, აღმოსავლეთმცოდნის, პოლიგლოტის ზეზვა მედულაშვილის სახელი, ვფიქრობ, ის ხელახლა აღმოაჩენს მას, ვინაიდან ახლა, როცა ზეზვა ჩვენთან აღარ არის, უცნაური კანონზომიერების წყალობით კიდევ უფრო თვალისმომჭრელად გამოიკვეთა მისი ელვარე, მართლაც რომ კაშკაშა ნიჭიერება და უაღრესად შთამბეჭდავი პიროვნულ-ადამიანური სახე.
ზეზვა მედულაშვილი დაიბადა 1939 წელს გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში. 1957 წელს წარჩინებით დაამთავრა არაშენდის საშუალო სკოლა და მისაღები გამოცდები ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ირანოლოგიის განხრით. რამდენიმე ხნის შემდეგ ის გადავიდა ახლადგახსნილ არმენოლოგიის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა კიდეც როგორ არმენოლოგმა. სპარსული ენის შესწავლა არ მიუტოვებია და ამავე დროს სწავლობდა თურქულ, არაბულ, აზერბაიჯანულ და სხვა აღმოსავლურ ენებს. 1961 წელს მისი პირველი თარგმანი დაიბეჭდა ალმანახ “მეგობრობის ცისარტყელაში”. ზეზვას თარგმანები სპარსული, არაბული, სომხური, ტაჯიკური, უზბეკური, თურქმენული, თურქული, ჩეჩნური, აზერბაიჯანული, გერმანული, რუსული ენებიდან ქვეყნდებოდა ლიტერატურულ პერიოდიკაში. მისი რედაქტორობით გამოიცა მრავალი წიგნი. ზეზვა 1974 წლიდან მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარ სარედაქციო კოლეგიაში, სადაც საუკეთესო ქართველი მწერლები იყვნენ თავმოყრილნი. იყო პანკისისა და დმანისის საპატიო მოქალაქე. მისი თარგმანები შესრულებულია უშუალოდ დედნისეული ტექსტებიდან. ზეზვა მედულაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა 2018 წლის 30 აპრილს 78 წლის ასაკში.
ეს ბიოგრაფიული ფაქტები გარკვევით გვაჩვენებს მწერლის მოღვაწეობის უაღრესად ფართო არეალს, მაგრამ ოდნავადაც ვერ წარმოგვიჩენს ამ ნიჭიერებით გამორჩეული შემოქმედის მოუსვენარ ნატურას, მის პიროვნულ-ინდივიდუალურ სახეს. შეუძლებელია ერთ წერილში ჩაატიო მისი მრავალმხრივი ლიტერატურული მემკვიდრეობის და პიროვნული თავისებურებების ამსახველი რამდენადმე ამომწურავი განხილვა-ანალიზი. მაგრამ რადგან ამ თვითმყოფადი შემოქმედის თარგმანები სადღეისოდ უკვე ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის ოქროს ფონდს განეკუთვნება, სასურველია მოკლედ მაინც აღვწეროთ მისი შემოქმედება და პიროვნება.
უშველებელი, ძირძველი, თვალუწვდენელი და ფერუხვი აღმოსავლური სამყარო ზეზვა მედულაშვილისთვის საოცრად მიმზიდველი, სისხლხორცეულად ახლობელი იყო. მას მთელი არსებით ესმოდა ამ სამყაროში აღძრული ხმები, მისი მახვილი თვალი და ყური იჭერდა ამ სამყაროდან მომდინარე ნაირფეროვან სხივსა და ბგერას და ქართულად გარდაქმნიდა. ცოტაა იმის თქმა, რომ ზეზვას საამისოდ ყველა მონაცემი გააჩნდა. ის თვითონ იყო საკვირველი ფენომენი, პოლიგლოტი ისე გახდა, რომ აღმოსავლური ენები ბეჯითად კი არ დაისწავლა, არამედ ბუნებრივად, ძალდაუტანებლად შეითვისა. აქ მჟღავნდებოდა მისი უნივერსალური ნიჭი შემოქმედისა და ანალიტიკოსისა. სპარსული ენის სიტკბომან მასმინა მუსიკობანიო, ამბობდა თეიმურაზი და ასე იყო ზეზვასთვისაც – აღმოსავლური ენების მომნუსხველი ფონეტიკა და, ზოგადად, განუმეორებელი ჟღერადობა შთაგონებას აღუძრავდა მას. ეს შთაგონება ზეზვას არსებაში პოეტსაც აღვიძებდა და ანალიტიკოსსაც. მას შეეძლო საათობით ესაუბრა ხაიამისა თუ ჰაფეზის რობაიებში განფენილ ბგერწერულ მუსიკალობაზე, ამ საუბარს კი ნათელს ჰფენდა დედნისეული ტექსტის არტისტული დეკლამირება. გზადაგზა დეკლამატორი ზეზვა რომელიმე პოეტური ფრაზის მეტრულ სიმწყობრეს, ან ცალკეული სიტყვის სემანტიკასაც განჩხრეკდა და აქ უკვე ანალიტიკოსი იღვიძებდა მის არსებაში.
ზეზვა მედულაშვილი თვითონ იყო აღმოსავლური სამყაროს საოცარი ნატეხი, რომელიც განუმეორებელ და უწყვეტ შუქს ასხივებდა. მას უყვარდა მოყვასი და თავის ნააზრევს მოყვასს უზიარებდა. ოცდახუთი წლის იყო ზეზვა, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ თარგმანის თეორიის და პრაქტიკის კურსს გაუძღვა. დარწმუნებული ვარ მსმენელები მოიხიბლებოდნენ მისი იმპროვიზირებული საუბრით, რომელიც არაფრით ემგვანებოდა ჩვეულებრივ სალექციო კურსს. ზეზვას ცოცხალი კონტაქტები იზიდავდა და ზოგადად აუდიტორიას, ხალხს კი არა, პიროვნებათა კრებულს მიმართავდა. ზეზვა გამორჩეული პიროვნება იყო და თვითონაც გამოკვეთილ პიროვნებებთან ურთიერთობას ესწრაფვოდა. ის მაშინ წამოენთებოდა, როცა მსმენელშიც შენიშნავდა პოეზიისადმი ინტერესის ნაპერწკალს. ასეთ დროს თითქოს იმას ცდილობდა, ეს ნაპერწკალი კიდევ უფრო გაეღვივებინა. და სწორედ ამ გზადშეყრის შემდეგ იწყებოდა უკვე მისი ლექცია – მონოლოგი. მრავალი წლის მანძილზე ვმუშაობდი ზეზვას გვერდიგვერდ მთარგმნელობით კოლეგიაში და მის ასეთ არაერთ მონოლოგს შევსწრებივარ. ის აღმოსავლეთმცოდნეობის სფეროში ნამდვილი ერუდიტი იყო და ამავე დროს იყო შემოქმედი და არტისტული ბუნების ადამიანი. ამიტომაც მსმენელები მას მონუსხულები უსმენდნენ. მისი საუბარი დროში აღბეჭდილ ქართულ-აღმოსავლური კულტურების შეხების წერტილებს და მხატვრულ-მსოფლმხედველობრივ პარალელებს მოიცავდა, და რა შეიძლებოდა ამაზე საინტერესო ყოფილიყო. გარკვეულ პერიოდში ზეზვამ მიატოვა უნივერსიტეტი და მთარგმნელობით კოლეგიაში გადავიდა სამუშაოდ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამეცნიერო საქმიდან ის შემოქმედებით საქმიანობაზე გადაერთო, მაგრამ სწავლა არ მიუტოვებია. პროფესიონალი მთარგმნელი ერთდროულად სწავლულიც არის და შემოქმედიც, და ზეზვა მედულაშვილი ასეთი იყო. ზეზვა მარჯვედ უთავსებდა ერთმანეთს ცოდნას და შემოქმედებას. ამაზე მეტყველებს მისი არაერთი პუბლიკაცია. თუნდაც საიათნოვას სამენოვანი წიგნი გავიხსენოთ. განა შეიძლებოდა ზეზვა არ დაინტერესებულიყო ასეთი უნიკალური ფენომენით, როგორიც საიათნოვა გახლდათ? აკი მისი უფროსი კოლეგა და მეგობარი ვახუშტი კოტეტიშვილი სიყვარულით მას თანამედროვე საიათნოვას ეძახდა. ახალგაზრდობიდანვე მოკიდა ხელი საიათნოვას შესწავლას, როგორც ჩანს, წიგნის დაწერას აპირებდა. მასალების მოსაძიებლად სომხეთის და აზერბაიჯანის არქივები მოიარა და მერე, იმავე მიზნით მოსკოვის ბიბლიოთეკებს და არქივებსაც ეწვია. ცალკე მონოგრაფია აღარ დაუწერია, მაგრამ ბრწყინვალე წინათქმა კი წაუმძღვარა საიათნოვას სამენოვან წიგნს. ამავე წიგნში ცხადია, მისი ჩინებული თარგმანებიც გამოქვეყნდა სომხურიდან და აზერბაიჯანულიდან. ფაქტობრივად სრული სახით საიათნოვა ქართველი მკითხველის წინაშე ზეზვა მედულაშვილმა წარმოაჩინა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ როცა ის თავის განუყრელ აღმოსავლურ სამყაროში იძირებოდა, ცოდნა არ ასვენებდა, თავისი ორიგინალური მიგნებები არ აძლევდა მოსვენებას. არ აძლევდა მოსვენებას ის, რაც მონოგრაფიებად უნდა ქცეულიყო.
ზეზვას შთაგონების გარეშე არ შეეძლო ცხოვრება. ეს შთაგონება კი როგორც უკვე ვთქვი, ანალიტიკურიც იყო და პოეტურ-ლირიკულიც. პოეტურ-ლირიკულ ნაწილში მას სიტყვადქმნადობა იზიდავდა. ზეზვა სიტყვიერ და ფრაზეოლოგიურ ფოიერვერკებს ქმნიდა პროზაშიც და პოეზიაშიც. აი, ვთქვათ, მცირე ამონარიდი დიდებული ეპოსიდან “ქოროღლი”. შეყვარებული ხონთქარის ქალი ნიგარი შეუთვლის გმირთაგმირ ქოროღლის:
აგრემც შემოგევლე, ვაჟო ქოროღლი, მოდი, წამიყვანე, თუ ხარ შემძლები. მე შენი სურვილით თმენა მიმხდია და კვლავაც ამ სურვილს ვერ გავეცლები.
შენ ხარ ჩანლიბელში მოყმე ცნობილი, შენგან დუშმანია ლახვარსობილი, გმირთა სარქალი ხარ, გმირთა ძმობილი, ჩემს გულს არავისზე არ გაეცვლები.
ხონთქარის ქალი ვარ, მქვია ნიგარი, ბევრ ხანს და ფადიშახს დავწვი ჯიგარი. მიყვარხარ ! სადაც შენ, გულიც იქ არი, წამიყვა, შემირთე, თავად გეძლევი.
სარითმო წყვილი “ნიგარი” – “ჯიგარი” ისე თავისუფლად და ძალდაუტანებლად მოჰყვება ლექსის აზრობრივ-ევფონიურ დინებას და ასევე აზრობრივ-ემოციურად იმდენად ზუსტია, რომ მკითხველი არამარტო იჯერებს ამ ქალის სატრფიალო აღტკინებას, არამედ ერთიანად იხიბლება. სიტყვადქმნადობის ასეთი თავბრუდამხვევი მორევები გასდევს “ქოროღლის” ზეზვასეულ ქართულ თარგმანს.
ამ თხზულების პროზაული ნაწილიც მსგავსი ექსპრესიულობით და დინამიზმით არის აღბეჭდილი. აი,არაბ რეიჰანისა და ქოროღლის შერკინების სცენა: “არაბ რეიჰანმა ცხენს ნავარდი აქნევინა და ქოროღლისკენ გაექანა. ორთაბრძოლა დაიწყო. ყველა სამოცდაჩვიდმეტი ფანდი სცადეს, მაგრამ ერთმანეთს ვერა დააკლეს-რა. გაბრაზდა ქოროღლი და ცხენიდან ჩამოხდა. შეეჭიდნენ ერთმანეთს. მიწას ხან იმისი მუხლები ხნავდა გუთანივით, ხან ამისი. ქოროღლიმ ნახა, რომ: არა, ძმაო! ეს არაბ რეიჰანიც ნაკლები ნადირი არ არის. გაბრაზდა და ისეთი კიჟინა დასცა, მთა-ბარმა ხმა მისცა. არაბ რეიჰანის ხალხი შიშისაგან ქორდაცემულ წიწილებივით დაიფანტა”.
ქოროღლი მსოფლიო ფოლკლორისტიკის ერთ-ერთი შედევრია. ეს ეპოსი გავრცელების თვალსაზრისით უზარმაზარ გეოგრაფიულ არეალს შემოწერს. კავკასიასა, მცირე აზიასა და შუა აზიაში “ქოროღლის” სხვადასხვა ვერსიებია შემონახული. არსებობს ამ ეპოსის თურქული, არაბული, თურქმენული, ტაჯიკური, უზბეკური, ყაზახური, სომხური, აზერბაიჯანული ვარიანტები. ყოველი ვერსია იმ ეთნოსის მხატვრული და და ცხოვრებისეული რეალიებით არის გაჯერებული, რომლის წიაღშიც იძენდა ახალ სიცოცხლეს. არსებობს ამ ეპოსის ქართული ვერსიაც. ზეზვა მედულაშვილს, ცხადია, ყველა ვერსია დედანშივე ჰქონდა გაცნობილი და ამათგან სათარგმნელად ყველაზე სრული და ძირძველი – აზერბაიჯანული – შეარჩია. ვრცელი ტექსტის მეცნიერულად დამუშავების შემდეგ მან ხელი მიჰყო ეპოსის გადმოქართულებას. მას თურმე ჯერ პოეტური ჩანართები უთარგმნია, მერე პროზაულ ნაწილს შესდგომია. ზეზვა ოცდაათი წლის ახალგაზრდა კაცი იყო, როცა ამ ურთულეს საქმეს შეეჭიდა. რამდენიმე წელიწადში გაასრულა კიდეც. ის ამ დროს უკვე ოჯახს იყო მოკიდებული და ორი ვაჟიშვილის მამა გახლდათ. როგორც მისი მეუღლე, ქალბატონი კამილა გადმოგვცემს, ამ ეპოსს ზეზვა თარგმნიდა დიდი შთაგონებით, ყოველ პოეტურ ჩანართს და პროზაულ პასაჟს ხმამაღლა კითხულობდა, აჭაშნიკებდა და აგემოვნებდა, როგორც ჩანს, თავისი შემოქმედებითი ენერგია და ლაღი დამოკიდებულება თვითონვე ასხამდა ფრთას. ეს კონგენიალური თარგმანი, სხვათა და სხვათა მიზეზთა გამო მრავალი წლის მანძილზე იყო თაროზე შემოდებული და მხოლოდ 2003 წელს ეღირსა დღის სინათლე. წიგნი გამოსცა “კავკასიური სახლის” გამომცემლობამ.
ზეზვა მედულაშვილს თავის ცხოვრების მანძილზე ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია გარჯა. ის კრებდა, ეძებდა, ქმნიდა უკვე თარგმნილი ნაწარმოებების ახალ ვარიანტებს. უამრავი აღმოსავლელი, ჩრდილო კავკასიელი პოეტი თარგმნა და კიდევ უამრავის თარგმნას ეპირებოდა. მას, როგორც ნამდვილ ფილანტროპს და ჰუმანისტს სწამდა, რომ უძველესი ფოლკლორის და სიტყვაკაზმული მწერლობის მქონე აღმოსავლელ ხალხებს შორის ცოცხალი კონტაქტები მნიშვნელოვანწილად შეუწყობდა ხელს საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ სუბიექტად ქცევას… მაგრამ ყველაფერთან ერთად ზეზვას უპირველესი საზრუნავი მისი თვითმყოფადი ხელნაწერით აღბეჭდილი თარგმანების მაღალმხატვრულობა იყო. რომელი ერთი ვთქვა, რომელ ერთს გადავწვდე, უპირველეს ყოვლისა, არ შემიძლია წინამდებარე წიგნში, “აღმოსავლურ მზეჭრელში” პირველად წარმოჩენილ გენიალური ომარ ხაიამის ზეზვასეულ თარგმანებს თუნდაც გაკვრით არ შევეხო. ოთხბწკარედში ჩატეული ხაიამისეული სიბრძნე ზეზვასთან ლაღად და ძალდაუტანებლად სუნთქავს!
წავედი, მოვრჩი, ამ ქვეყნისას ვისტუმრებ ვალებს, ქარივით ჩავლილ ამ ცხოვრების ცოდვებს და ბრალებს, ჩემი სიკვდილი გაუხარდეს მავანს და მავანს, ვინც ფიქრობს, თავად გადურჩება სიკვდილის ბრჭყალებს.
ამ რობაის მხატვრულობას ერთი აზრის ენერგიული მოქნევა, თავისუფლად მოსროლილი სიტყვები და ფრაზები ქმნის. ასეთია “ცოდვებს და ბრალებს”, “მავანს და მავანს” და ასეთივეა მოკლედ მოჭრილი ფრაზის დაბოლოება: “სიკვდილის ბრჭყალებს”. არცერთი ლექსიკური ერთეული არ აფერხებს აზრის მუსიკალურ განვრცობას.
ხაიამის ზოგიერთი რობაია სიტყვათა თანამაშზე და აზრის მიმოხრაზეა აგებული. აქ პოეტი თითქოს იღიმის, თამაშ-თამაშით გვატყობინებს სიტყვებში მიმოფანტულ სიბრძნეს და მერე მოულოდნელად აბრკოლებს; ასეთ რობაიას თუ არ დაშორდი, შენს ენაში არ შემობრუნდი და მსგავს თამაშის წესებს არ მიაკვლიე, ისე ვერ თარგმნი. ზეზვა აქ ნამდვილად თავის სტიქიაში იყო და ბოლომდე ებრძოდა ენობრივ ფანტაზიას:
მძაფრი წყურვილით ხელადისა დავტუჩე ტუჩი, რადგან ნიადაგ ნეტარება მქონოდა ყუჩი, ხელადაც ჩამიტუჩიტუჩდა და ჩამჩურჩულა: – ერთხელ მოსულხარ, სვი, საწუთრო არიო ფუჭი !
ოთხმოციან წლებში მაღალნიჭიერ სომეხ მწერალს ჰრანტ მათევოსიანს ერთი ანტისაბჭოთა მოთხრობის გამო ევროპაში სახელი გაუვარდა, რუსულად უკვე თარგმნილი და გამოცემული იყო და ევროპულ ენებზეც ითარგმნა. ეს ფაქტი ზეზვას, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია, მას უკვე თარგმნილი და გამოცემული ჰქონდა ამ შესანიშნავი მწერლის მოთხრობები (ჰრანტ მათევოსიანი “აგვისტო”, მოთხრობები, თბ. “საბჭოთა საქართველო” 1977) და ხელახლა მოუბრუნდა მას. მისივე სხვა თხზულებანი თარგმნა, ძველი გამოცემა შეავსო და ახლა უკვე სქელტანიანი წიგნი გამოსცა (ჰრ. მათევოსიანი, მწვანე მინდორი, თბ. “ნაკადული” 1979წ.). ამ წიგნის გამოსვლა ნამდვილი მოვლენა იყო. მე თვითონ ვიყავი უშუალო მოწმე იმისა, თუ როგორ დაურეკა თარგმანის კოლეგიიდან სომხეთში ზეზვამ ჰრანტ მათევოსიანს და მისი წიგნის ქართული გამოცემის გამო როგორ ესაუბრა. შუამავალი ენა არ დასჭირვებია, ეს თხემით ტერფამდე ქართველი კაცი ისეთი სომხურით ესაუბრებოდა იმ ქვეყნის უპირველეს მწერალს, რომ თვითონ სომეხსაც შეშურდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ზეზვა მედულაშვილი უაღრესად თავმდაბალი კაცი იყო და არასოდეს უბრძოლია რაიმე გამორჩენისათვის, პირადი კეთილდღეობისა და რეგალიებისათვის, მას მაინც მრავალი პრემია ჰქონდა მიღებული. 2004 წელს მაშინ ახლად დაარსებული “საბას” პრემიაც მიიღო. ეს პრემია იმით გახდა ცნობილი, რომ უკვე ასაკოვან, ყველაზე გამოჩენილ ქართველ მწერლებს და, ზოგადად, სიტყვის ოსტატებს ებოძათ. მათ შორის იყვნენ აღმოსავლური ენებიდან მთარგმნელები – ვახუშტი კოტეტიშვილი და ზეზვა მედულაშვილი.
ივანე მაჩაბლის პრემიასთან ერთად ზეზვას ჰქონდა ერთი უაღრესად საპატიო სიგელი, რომელსაც ერქვა “ქართული კულტურის დესპანი”. არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში ეს მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანი პრემია იყო და ამ მნიშვნელობას ზეზვა მთელი არსებით გრძნობდა. მთავარი კი ის გახლდათ, რომ ის მართლაც დესპანი იყო თავისი ერისა და კულტურისა, ვინაიდან ისეთი წრფელი გულით მასპინძლობდა და ამავე დროს სტუმრობდა კიდევ ჩრდილო-კავკასიელ, ამიერკავკასიელ, შუააზიელ, პეტერბურგელ თუ მოსკოველ მწერლებს, რომ სამუდამოდ ამახსოვრებდა მათ თავს.
უპირველესი პატივისცემა იმით იყო განპირობებული, რომ მათ ენებზე თავისუფლად საუბრობდა. ამ ენების ფლობით ზეზვა არაერთი ადამიანის გაკვირვებასაც იწვევდა. მახსენდება ერთი შემთხვევა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ზეზვას ახლადგამოცემული შესანიშნავი წიგნის: “ათას ერთი აზერბაიჯანული ბაიათის” პრეზენტაცია ეწყობოდა. აზერბაიჯანელ მწერალთა და მეცნიერთა დელეგაცია პრეზიდიუმში განთავსდა. თვითონ ზეზვა კი, – ამ წიგნის მთარგმნელი – ჯერ არსად ჩანდა. ცოტა ხანში ისიც გამოჩნდა. ეს დინჯი კაცი პრეზიდიუმისკენ მიიჩქაროდა. ეტყობოდა, რომ სიჩქარე როგორღაც უცხო იყო მისთვის, ოფიციალური შეხვედრების დიდი მოყვარული არასოდეს ყოფილა. პრეზენტაციას აკადემიის პრეზიდენტი უძღვებოდა. აზებაიჯანელები თავიანთ ენაზე გაესაუბრნენ მთარგმნელს და მოპასუხემაც მხარი აუბა შემკითხველებს. პრეზიდენტი გაკვირვებული ადევნებდა თვალს ნაუცბათევად გამართულ დიალოგს, მერე კი ზეზვას მოუბრუნდა და ჰკითხა: “შენ რომელი ფაკულტეტი დაამთავრე? ზეზვამ მაშინვე უპასუხა: “სპარსულს ვსწავლობდი, მერე არმენოლოგიას გავყევი”, – კი, მაგრამ ეს აზერბაიჯანული სადღა ისწავლე”? – ვეღარ დამალა თავის გაკვირვება პრეზიდენტმა. აქ კი ზეზვას აღარაფერი უპასუხნია, ანკი რა უნდა ეთქვა, ხომ არ ეტყოდა, კიდევ არაერთი და ორი ენა ვიციო, გაჩუმება ამჯობინა.
“ათას ერთი აზერბაიჯანული ბაიათის” წინათქმაში ზეზვა წერდა: “განვლილი ორმოცდაათი წლის მანძილზე აზერბაიჯანელ მწერლებთან გარდა ლიტერატურული შემოქმედებითი ურთიერთობისა, ბევრ მათგანთან პირადი მეგობრობაც მაკავშირებდა. ნამდვილი, ძმური, წრფელი, სტუმარ-მასპინძლური და ამავე დროს შემოქმედებით-კოლეგიალური ურთიერთობა გვქონდა. ჩავიდოდი ბაქოში და მათი სახლი ჩემი სახლი იყო, ჩამოვიდოდნენ თბილისში – ჩემი სახლი მათი სახლი იყო. სასტუმროებშიც კი არ ვუშვებდით ერთმანეთს; ბევრი მათგანის შემოქმედება მითარგმნია ქართულად – პროზაიკოსისა თუ პოეტისა… ვადასტურებ, რომ ჩვენთვის სამწერლო – შემოქმედებით ურთიერთობებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი სწორედ ის პირადი ძმობა ყოფილა.”
აქ სრული სიმართლეა ნათქვამი. ასეთი გულღია ურთიერთობებისას ზეზვა ნამდვილად თავის სტიქიაში იყო და ასეთი ურთიერთობები ჰქონდა მას მრავალი ქვეყნის მწერლებთან, ამიტომაც იყო ჩვენთვისაც და მათთვისაც ქართული კულტურის დესპანი.
არაერთხელ ვახსენეთ 2010 წელს გამოცემული წიგნი “ათას ერთი აზერბაიჯანული ბაიათი”. აქაც როგორც ხაიამისა თუ ჰაფეზის, “ქოროღლისა” თუ საიათნოვას, ვაგიფისა თუ მახთუმყულის პოეზიაში, კიდევ ერთხელ გაიბრწყინა ზეზვა მედულაშვილის ვირტუოზულმა სიტყვადქმნადობამ და ოსტატობამ. შეიძლება ითქვას, რომ ზეზვა ვერ ეტეოდა ქართულ ენაში. ენასთან შეხება მის არსებაში უჩვეულო ენერგიას აღძრავდა. ქართული ენა მისთვის ის სუბსტრატი იყო, რომელიც უეჭველად პოეზიად ქცევას ესწრაფვოდა. ჩვეულებრივი მეტყველება ზეზვასთვის არ იყო ბუნებრივი რამ, რადგან ენა თვითონ იყო მისთვის სტიქია და თავის ნამდვილ არსებას სტიქიური მძვინვარების ჟამს გამოხატავდა. სტიქიურობა კი ზეზვასთვის რიტმულ მეტყველებასთან ერთად სიტყვადქმნადობის ნიშნით იყო აღბეჭდილი. ეს გამომჟღავნდა ბაიათებშიც.
ტრიალ ველზე თივა ვთიბე, ტვინი ვძგიბე, სიტყვა ვკიბე, ტურფას სახლი ავუშენე, ზედ მივადგი ოქროს კიბე. ან კიდევ: რო რჩეული ხარ ათასში, მერწმუნე ცოტა-მატაში: არ უღალატო სიმართლეს, არ გაეხვიო ხათაში. ან კიდევ: ქვეყანა შემოვიარე, გულს დარდი მწვავდა მღვიარე, ძუნძულით მდევდა სიკვდილი, ჩემს კვალზე ნადგომიარე.
წინამდებარე წიგნში, რომელსაც თვითონ ზეზვამ ადრევე უწოდა “აღმოსავლური მზეჭრელი”, თავმოყრილია აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნების პოეტური ნიმუშები. ამ ნიმუშებზე მე ნაწილობრივ უკვე ვისაუბრე. ცხადია, ეს ნიმუშები სხვადასხვა დროის და ვითარების კარნახით შეიქმნა და მხოლოდ ახლაღა შეიკრიბა ერთად გამოსაცემად. ზემონახსენები საიათნოვა და აზერბაიჯანული ბაიათები ცალკე წიგნებად ადრევე გამოიცა, მაგრამ ამ კრებულშიც პოვა თავისი კუთვნილი ადგილი. მათ გარეშე “აღმოსავლური მზეჭრელი” ფერნაკლული იქნებოდა. ამ წიგნში თავმოყრილი ნიმუშებიდან ბევრი რამ გამოქვეყნებული გახლავთ, მაგრამ წიგნად კი არ იყო აკინძული. წიგნის სტრუქტურა არაერთი აკადემიური გამოცემის მსგავსია, სხვადასხვა ქვეყნების პოეზია ერთად არის თავმოყრილი და შესატყვისი მცირე წინასიტყვაც აქვს წამძღვარებული. ვფიქრობ, რომ “აღმოსავლურ მზეჭრელს” ქართულ ენაზე გამოცემულ სხვა კრებულთაგან გამოარჩევს მრავალმხრიობა, ფართო თვალსაწიერი, მხატვრული შესრულების მაღალი ხარისხი და, რა თქმა უნდა, უშუალო შეხება დედნისეულ ტექსტთან. ყოველივე ეს ერთად თავმოყრილი და ერთ მთლიანობად ქმნილი ამ წიგნის უნიკალურობის წარმომჩენია. ამავე მთლიანობას ზეზვა მედულაშვილის პიროვნება ქმნიდა, მისი ცხოვრების წესი, მისი ცოდნა და რწმენა, მისი სილაღე და სიუხვე, სიტყვადქმნადობის და უხვად გამცემლობის ნიჭი. ზეზვა მთლიანი პიროვნება იყო, სრული კაცი იყო და ეს პიროვნული განუყოფლობა აღიბეჭდა მის მდიდარ მთარგმნელობით შემოქმედებაში. წიგნს ამშვენებს საადის ზეზვასეული ერთი თარგმანი, რომელიც ასე ჟღერს:
გულო, უწყოდე მეგობარი სამი ჯურისა: ერთი სულისა, ერთი – ენის, ერთი – პურისა, პურის მეგობარს პურმარილით ეცი პატივი, ენისას – ენით გაუქარვე დარდი გულისა, ხოლო მიეცი სული შენი – სულის სანაცვლოდ, თუკი ოდესმე მეგობარი ჰპოვო სულისა.
ამ ლექსში საუბარია იმის შესახებ, რომ ცხოვრების გზაზე ადამიანს სხვადასხვა ჯურის მეგობრები გადაეყრებიან ხოლმე. ერთნი პურის მეგობრები არიან, ანუ თანამეინახენი, რომელთაგან პურ-მარილი უნდა მიიღო და რომელთაც პურ-მარილითვე უნდა გაუმასპინძლდე. მეორენი ენის მეგობრები არიან, ანუ სიტყვის ოსტატნი, რომლებთანაც ენის ფლობა აკავშირებს კაცს, ხოლო მესამენი კი სულით მონათესავე ადამიანები გახლავთ. მათი პოვნა სიმცირის გამო ძალზე ძნელია, ამიტომაც თუკი როდისმე იპოვი, პურით კი არ უნდა უმასპინძლო, ან სიტყვა კი არ უნდა შეაგებო, საკუთარი გული უნდა უწილადო. ამით განუქარვებ მას მარტოობას და როცა შენც დაგეუფლება მარტოობა, თავის მხრივ, ის გიწილადებს თავის სულის ნაწილს. როგორც ჩანს, ზეზვას გულზე მოხვდა ეს ლექსი და ამიტომაც თარგმნა. პურის და ენის მეგობრები მასაც უხვად ჰყავდა, მონათესავე სულის ადამიანი კი როგორც ყველა ნიჭიერ შემოქმედს, მასაც აკლდა და მუდმივად გულგახსნილი იყო ასეთი ადამიანის მისაღებად.
კრებულში შესულ პოეტთაგან გამორჩეულია მეთვრამეტე საუკუნის თურქმენი პოეტის ნახთუმყულის ნაწარმოებები. მას აქვს სიბრძნის მქადაგებელი და პატრიოტულ-ჰეროიკული ლექსები. ეს ლექსები ფერადოვანია და მეტაფორული ენით აღბეჭდილი. იგრძნობა დიდი პოეტური შთაგონების ძალა, რომელიც წარმართავს ვრცელ ლირიკულ სურათებს:
სხვათა შორის, მახთუმყული და სხვა შუააზიელი პოეტები რუსულ ენაზე თარგმნა ბრწყინვალე რუსმა პოეტმა არსენი ტარკოვსკიმ. ის ჩინებულად თარგმნიდა ქართულ პოეზიასაც. თვითონ მისი ლექსები არაჩვეულებრივად გაჟღერდა მისივე ვაჟიშვილის, დიდი კინორეჟისორის ანდრეი ტარკოვსკის ცნობილ ფილმში “სარკე”. მახთუმყულის აღიარებულ ტარკოვსკისეულ თარგმანს ტოლს არ უდებს ზეზვა მედულაშვილისეული თარგმანი და ერთი უმთავრესი უპირატესობა გააჩნია მის წინაშე – ზეზვა მახთუმყულის უშუალოდ დედნიდან თარგმნის და არა პწკარედული ტექსტიდან. ამავე დროს ისიც უნდა ითქვას, რომ ზეზვა ოსტატურად იყენებს აღმოსავლური პოეზიის ქართულ ტექსტებში დამკვიდრებულ პოეტურ რეცეფციას.
გვრძნობ, სიტყვა გამიგრძელდა და აღარ მინდა თავი შევაწყინო მკითხველს. “აღმოსავლური მზეჭრელი” თითოეულმა კაცმა თვითონვე უნდა წაიკითხოს და თავადვე განსაჯოს მისი ავ-კარგი. მე მსურდა, ჩემი აზრი გამომეთქვა ამ წიგნზე და მსურს კიდევ ერთხელ მოვუბრუნდე ქართულ ენაზე ამ წიგნის შემქმნელის, ზეზვა მედულაშვილის პიროვნებას, რომლის ფასიც მისი წასვლის შემდეგ განსაკუთრებით მწვავედ შევიგრძენით.
ზეზვა მედულაშვილი როგორც ყველა ნიჭიერი შემოქმედი განწყობილების კაცი იყო. თავის დაგროვილ გამოცდილებას და შთაგონებით აღბეჭდილ განათებებს, როგორც უკვე ვთქვით, მაშინ ანდობდა და უზიარებდა კოლეგებსა თუ ამხანაგებს, როცა საამისო განწყობა ჰქონდა. ამის შესახებ უკვე ვილაპარაკე, მაგრამ მინდა ეს აზრი გავაღრმავო. ამ საუბრებში ზეზვა წარმოჩნდებოდა როგორც თავისებური ზეპირსიტყვიერი ლექსიკოგრაფი, ის ცალკეულ სიტყვებს ჩხრეკდა, მას ზეპირ, იმპროვიზაციულ საუბარში თანდათან ედებოდა შთაგონების ცეცხლი, ქართულ მდიდარ ლექსიკოგრაფიასაც გადასწვდებოდა – სულხან-საბას “სიტყვის კონას”, გოგლა ლეონიძის დიდძალ ლექსიკოგრაფიულ მასალას თუ გიორგი შატბერაშვილის “თვალადურ ჭაშნიკს”. თვითონ არასოდეს გაუწევია ლექსიკოგრაფიული თუ ლექსიკოლოგიური შრომა და ერთად არ მოუყრია თავი ხანგრძლივი ძიებით მიგნებული სიტყვებისათვის, მაგრამ მის თარგმანებში გაბნეული აურაცხელი ფრაზა თუ სიტყვა მისი მადლმოსილი ხელით არის გაჩალხული და გამოძერწილი. ეს სიტყვები ანათებენ და უკვე სამუდამოდ გაანათებენ ქართულ პოეტურ მეტყველებას. ყოველივე ამის დასტურია ეს უნიკალური წიგნიც – “აღმოსავლური მზეჭრელი”.
„მემკვიდრეობა - ტვ“ წარმოგიდგენთ: ქართველი მთარგმნელის, მწერლის, აღმოსავლეთმცოდნესა და პოლიგლოტის, ბატონ ზეზვა მედულაშვილის (1939 - 2018) დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი მისი თარგმანების კრებულის, „აღმოსავლური მზეჭრელი“ (აღმოსავლური პოეზია) წარდგენას თბილისში, მწერლის სახლში, ორგანიზატორი - საქართველოს მწერალთა კავშირი (თავმჯდომარე - პოეტი მაყვალა გონაშვილი). (პირველი ნაწილი); გამოყენებულია ვიდეოჩანაწერები ზეზვა მედულაშვილის საოჯახო არქივიდან; ოპერატორი და ვიდეო - რედაქტორი ვეფხია სამსონიძე.
ზეზვა მედულაშვილი - ადგილის დედის მონატრება •Jul 22, 2020
ადგილის დედის მონატრება ზეზვა მედულაშვილი (კითხულობს ავტორი) ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2020
***
ზეზვა მედულაშვილი
ადგილის დედის მონატრება
თვალს მიცემს ჩემი სავენახეთი, აგრემც მოვუკვდე, ვეღარ დავხედე. კაი ხანია, ჩემი კახეთი გემოზე ვეღარ მოვიკახეთე. კაი ხანია, სევდით მორჩილით შევიტკბე ჟანგი, მტვერი, ნეონი და მახრჩობს გულზე ჯავრად მოჯრილი ვერმოგებული სანაძლეონი. კი, ჩემი თავი ენაცვლოს შოთას, პუშკინს, ნიზამის, რაბლეს თუ ლი ბოს. მაგრამ დღეს გული სხვაგვარად შფოთავს, მონატრებული მშობლიურ ლიბოს. ვენაცვლე სხვათაც _ ხაიამს, დანტეს, პელეს, პიკასოს, ტალს თუ კარუზოს, მაგრამ ეს გული შარაზე დავდე, გავხადე ქვეყნის სატარტაროზოდ. შორს კი საზღაპროდ ღუის ბუხარი, პაპას ულვაშზე კვამლი კიდია, სარკმელში მოსჩანს ბლის ხე მწუხარი და წეროები სამხრით მიდიან. დამდევს სიზმარში პატარა სახლი და გაღრეცილი ლასტის ჭიშკარი, ძველი ბეღელი და ბეღლის მაღლით გაჭენებული ცაზე ცისკარი. ოჰ, ის კისკასი პატარა ბიჭი, თუშური ქუდით პეპლის მდევარი! ოჰ! მოტეხილი იმისი კიჭი, ოჰ, მოპარული ყურძნის მტევანი! გარდახდა ჟამი, იძალეს წლებმა, ახლა ყოველი უკვე შორს არი, ძნელდება დროსთან ხელდახელ შებმა, _ „მოდის ყიჟინით, როგორც კორსარი!“ და მაინც გული გულობას ჰბედავს, ბალღობის მადლით ნათელმოსილი, მე ჩემ საყვარელ ადგილის დედას, ვერ მოვშორდები ანთეოსივით. მეძახის კვლავაც პატარა სახლი, ჩემი ოცნების თავშესაფარი, შორით ციმციმებს, მიხმობს და დაღლილ სულში შემოდის, როგორც ზღაპარი.
*** Nostalgia for the 'Adgilis Deda' (the 'mother of locality') The verse by Zezva Medulashvili (in Georgian) This clip is made with: 2CELLOS - Perfect - Ed Sheeran. This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ზეზვა მედულაშვილი Sun May 21, 2023 1:28 pm
ლევან ბრეგაძე
ზეზვაურები (ფრაგმენტები წიგნიდან: ზეზვა მედულაშვილი. „მზისა და ლექსის უმაღლესობა“. გამომცემლობა „მწიგნობარი“, 2020)
ზეზვაურებს ზეზვა მედულაშვილის მეგობრები ეძახდნენ ექსპრომტებს, კაფიებს, ეპიგრამებს, ფუნაგორიებს, რომლებსაც იგი უხვად აფრქვევდა ყოველგვარ ვითარებასა თუ სიტუაციაში. მას შეეძლო ელვისებურად გაერითმა ნებისმიერი აზრი, ნებისმიერი სიტყვა. თანაც მისი რითმა უმეტესად ორიგინალური, მოლოდნელი და მხიარული იყო. იმასაც ამბობდნენ, „ჩვეულებრივი“ ადამიანებისაგან განსხვავებით, ზეზვას ლექსად მეტყველება პროზაულ მეტყველებაზე მეტად ეადვილებაო. ერთხელ ერთ სუფრაზე წამოსძახეს: შენ თუ მართლა ეგეთი მაგარი ხარ, აბა „ემპირიოკრიტიციზმი“ გარითმეო! წამოსძახეს და მალევე ასეთი ზეზვაურა დაიმსახურეს:
„მე ვხედავ რომ შენი სახით იმპერია კრეტინს გვიზრდის; ვერაფერი გაგიგია ემპირიოკრიტიციზმის!“
* ლევან ბრეგაძე იგონებს: „კავკასიურ სახლში“ ინდური კულტურისადმი მიძღვნილი საღამო რომ დამთავრდა, ზურაბ კიკნაძემ ზეზვა მედულაშვილი გაიხმო გვერდზე და გამოცდა მოუწყო: – აბა, „უპანიშადები“ გარითმე! და ზეზვამ მაშინვე, დაუფიქრებლად წარმოთქვა:
„მივმართავ ძვირფას ამ ჩვენს მარაქას, სირცხვილით პირი თუ გამიშავდეს, ეგ იმიტომ, რომ ფული არა მაქვს, და ვერ ვყიდულობ 'უპანიშადებს'“.
– აბა, ახლა „მაჰაბჰარატა“ გარითმე, – არ ეშვება ზურაბი. ზეზვაც განა დაიბნა:
„თუ წაგიკითხავს 'მახაბხარატა', თუკი ინდოეთს სახავ ფარადა, მწამს, უსათუოდ დათმობ კათედრას და ქარხანაში წახვალ ხარატად“.
შორიახლო ვიდექი და ვუსმენდი. დაუჯერებელი ჩანდა.
* ლევან ბრეგაძის მეორე მოგონება: ერთხელ ზეზვა და მე სასოსისეში შევედით. მებუფეტემ მოგვიბოდიშა – სოსისი არა გვაქვს, ხუთშაბათია, თევზის დღეაო. თევზი იყოს-თქო, დავყაბულდით. ჩვენ თევზით არ ვვაჭრობთო, – განგვიმარტა. სხვა დუქანში შევედით. იქაც იგივე ამბავი – თევზის დღეაო. მესამეში და მეოთხეშიც შევიხედეთ. „თევზის დღე“ და „თევზის დღე“ – ისმოდა ყველგან. ერთგან თევზსაც წავაწყდით, მაგრამ ისეთი იყო, გული არ მიგივიდოდა. და ზეზვას მორიგი ზეზვაურა დასცდა:
„კაცს როგორ უნდა შევზიზღდე, რომ დამიწესოს თევზის დღე“.
* ლევან ბრეგაძის მესამე მოგონება: გაზეთების კიოსკში შევიძინეთ ახალდაარსებული გაზეთი „სიტყვა“, რომელშიც ანტიკური ავტორების თარგმანები ჭარბობდა. ზეზვამ თქვა:
„სეტყვასავით მოდის 'სიტყვა', ფსალმუნი თუ ევრიპიდე. ღმერთო, მსგავსი თარგმანები წამაკითხე ბევრი კიდე. მაგრამ ფასი ძვირი ადევს, სიღარიბით ვერ ვიყიდე. არც ისეთი საქმე ვარგა, ვთესო, მაგრამ ვერა ვმკიდე.
* ლევან ბრეგაძის მეოთხე მოგონება: ზეზვასთან შეხვედრა გამართა როსტომ ჩხეიძემ „ომეგას“ ოფისში, მელიქიშვილის ქუჩაზე. ზეზვა წინა დღის ნაქეიფარი მოვიდა და გამოსვლა ასე დაიწყო:
„ჩაიბარეთ თქვენი ზეზვა – ნაარყალი, ნახაშარი, ვერ ელევა არაყს, თუმცა მისგან ბევრჯერ ნახა შარი. რა ფინთია 'პახმელია' – თავმტკივანი, ხახამშრალი! არაყი და ლუდი არი კაცის გულის მამხარშავი. არ შემეშვა თუკი ეშმა – ხან ცბიერი, ხან აშარი, ღვინოც აღარ მინდა, ხალხო, აღარც თეთრი, აღარც შავი.
* ეს ეპიგრამა კი ვისზეც არის და რაზეც არის თვითონ ლექსიდანაც კარგად ჩანს:
„ჩემ ჭირად გადავეკიდე უფალ რედაქტორს ბრეგაძეს, 'მშობლიურ კერას', თქვენც იცით, კლიტე-ბოქლომად ეგ აძევს. შაირებ დამაცდენინა გაზეთს ეყოფა ერთ ას წელს. ეგ ჩემ კაფიებს უყურებს, ვით შედევრალურ შენაძენს. 'უშენოდ, ძმაო, ხომ იცი, ჩვენი გაზეთი ვერ გაძლებს', – თავ მომიქონა სიცილით (ვითომ ჰონორარს ბევრს მაძლევს!), მაგის მოცემულ ფულითა (გამყიდველს ბევრი ვებაზრე) ძლივს ორი 'ასტრა' ვიყიდე ავლაბრის შეყოლებაზე. მე აღარ მივალ მაგასთან, სხვა მიიტყუოს ლებანზე, როგორც აქამდე მივლია, კვლავ ვივლი ჩემივ ნებაზე“.