Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: გიორგი ლეონიძე Thu Mar 31, 2011 7:06 pm
Giorgi Leonidze (1899–1966)
გოგლა – გიორგი ლეონიძე
გიორგი ლეონიძე (დ. 27 დეკემბერი, 1899, საგარეჯოს რაიონი, სოფელი პატარძეული, ახლანდელი საგარეჯოს რაიონი — გ. 9 აგვისტო, 1966, თბილისი) - ქართველი მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1959), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
ბიოგრაფია
მამა - ნიკო ლეონიძე, ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ვაჟა-ფშაველას დიდი მეგობარი იყო. მას გორის სემინარია ჰქონდა დამთავრებული და სიცოცხლის ბოლო წლებში სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. დედა - სოფიო გულისაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის და ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა. სოფიოს მამა ნინოწმინდის სამიტროპოლიტო ტაძრის წინამძღვარი იყო. ბიძა - ზაქარია გულისაშვილი - ხალხოსანი მწერალი, „შაქროს“ ფსევდომინით იბეჭდებოდა.
ნიკო ლეონიძის ოჯახში იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები. ასეთ გარემოში აღზრდილ გიორგი ლეონიძეს ბავშვობიდანვე გამოჰყვა ქვეყნისა და მშობლიური ლიტერატურის სიყვარული. გიორგი ლეონიძის სწავლა-აღზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა მამის დანატოვარმა მდიდარმა ბიბლიოთეკამაც. გიორგის მამა ორი წლის ასაკში გარდაეცვალა და ხუთი და-ძმის აღზრდა დედამისს დააწვა მხრებზე.
1907 წელს გ. ლეონიძე თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ამ პერიოდში მან თანამოაზრეებთან ერთად ლიტერატურული წრე ჩამოაყალიბა. 1913 წელს მან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1918 წელს დაასრულა. აქ მას ასწავლიდნენ ისეთი გამოჩენილი პიროვნებები, როგორებიც არიან: ვასილ ბარნოვი, ნიკო სულხანიშვილი, კორნელი კეკელიძე და სხვ. 1911 წლიდან უკვე პრესაში გამოჩნდა მისი პირველი ლექსები და წერილები. იგი რედაქტორობდა ხელნაწერ ჟურნალებს "გვირგვინი" და "ფანდური", რომლებიც სემინარიაში გამოდიოდა. 1916 წელს გიორგი ლეონიძემ გამოსცა ლიტერატურული ალმანახი "საფირონი".
პირველი ლექსი „მცხეთა“ ყრმობის ჟამს გამოაქვეყნა (1911, გაზეთ „სინათლე“). ერთი წლის შემდეგ ლექსი უძღვნა ვაჟა-ფშაველას, რომელიც საპასუხო ლექსით (1912, დაიბეჭდა გაზეთ „განათლებაში“) გამოეხმაურა პოეტს. 1912 წლიდან ლეონიძის ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში, თუმცა პოეტი თავისი შეგნებული სამწერლო მოღვაწეობის დასაწყისად 1915 წელს ასახელებდა. ამ წელს დასტამბულ ლეონიძის ლექსებში, წერილში „ოსკარ უალდი“ (ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, № 51) და სხვა აშკარად გამოჩნდა პოეტის მოდერნისტული განწყობილებანი. 1918 წელს იგი დაუახლოვდა „ცისფერყანწელებს“, რომლებთანაც ანათესავებდა ქართულ ნიადაგზე მოდერნიზმის გადმონერგვის სურვილი და ლექსის ტექნიკური სრულყოფისაკენ სწრაფვა. ეს წლები ერთგვარი „ოსტატობის სკოლა“ გამოდგა ახალგაზრდა პოეტისათვის, რომელიც გარკვეული ხარკი მიუზღო სიმბოლიზმს (ლექსები: „ოფორტი“, 1919; „მზე ტაბასტა“, 1922; „ავტოპორტრეტი“ და სხვა წერილები და ნარკვევები). 1919 წელს პოეტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში განაგრძო სწავლა. 1921 წელს ლეონიძემ ტ. ტაბიძესთან ერთად გამოსცა პოეტური კრებული „რევოლჲიუციის პოეტები“. 1922-1923 წლებში იგი „ცისფერყანწელთა“ ყოველკვირეულ სალიტერატურო გაზეთ „ბახტრიონს“ რედაქტორობდა. ლეონიძე მაინც შორს იყო ორთოდოქსული სიმბოლიზმისაგან. შემდგომ პოეტის ღრმა პატრიოტულმა განწყობილებამ და ქართველ კლასიკოსთა ძლიერმა ზეგავლენამ ჩამოაშორა ესთეტიზმს.
ლეონიძე თვითმყოფი და ღრმად ეროვნული პოეტია, რომლის ადრინდელი ლირიკულმა შედევრებმა („ნინოწმინდის ღამე“, „სიმღერა პირველი თოვლისა“, 1926; „მყვირალობა“, „ყივჩაღის პაემანი“, „ყივჩაღის რამე“, 1928; „ოლე“, 1931 და სხვა) იმთავითვე განსაზღვრა პოეტის როლი XX საუკუნის ქართულ პოეზიაში.
საქართველოს ისტორიის წარსულისადმი მიძღვნილ ლექსთა ციკლი „ქართლის ცხოვრება“ პატარა ერის ისტორიის ტრაგიკული ფურცლებია. პოეტი წარსულშიც მომავალს განჭვრეტს; ამიტომაც მისი თუნდაც ყველაზე ტრაგიკული სტრიქონები ნათელი ოპტიმიზმით არის გამსჭვალული («წიგნი „ქართლის ცხოვრება“», «მინაწერი „ქართლის ცხოვრებაზე“», „წინაპრებს“, 1928; «მე ვკითხულობდი „ქართლის ცხოვრებას“», 1929; „დიდ თამარს“, „დავით აღმაშენებელს“, 1941 და სხვა). ლეონიძის ღრმა პატრიოტიზმი, მისი მოქალაქეობრივი პროგრამაა ჩამოყალიბებული ლექსში „ვუმღერ სამშობლოს“, პოეტის იდეალია „ადიდებული, დამწიფებული“ სიცოცხლე, ამავე დროს, ლექსის ის უჭკნობი სიჭაბუკე, რომლის საწინდარია ლექსისა და მისი წარმომშობი ეპოქის თანხმოვანება („სიჭაბუკე და ლექსი ერთია“). საქართველოს მიუძღვნა ლექსთა ციკლი „თბილისის განთიადები“ („მთაწმინდიდან ქარს მოჰქონდა“, 1926; „თბილისის განთიადი“, 1935; „თბილისი, ჩვენო თბილისო“, 1940; „თბილისს“, 1947 და სხვა).
პოეტი გამოეხმაურა მეორე მსოფლიო ომს („მხედარი პირტახია“, 1941; „შინმოუსვლელო, სადა ხარ?“, 1943; „არ დაიდარდო, დედაო“, 1944 და სხვა). ძნელბედობის ჟამს შექმნილი ზოგიერთი მისი ლექსი ხალხურ სიმღერად იქცა.
ლეონიძის ლირიკულ-ეპიკურ პოემებში „სამგორი“ (1960) და „ფორთოხალა“ (1951; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1952) თანამედროვეობის, „ახალი ქართლის“ თემა გადაწყვეტილი ისტორიის თემასთან თავისებურ მიმართებაში. „ფორთოხალა“ ისტორიის შემოქმედი ხალხისადმი, უსახელო გლეხის ქალისადმი მიძღვნილი ჰიმნია. ლეონიძეს ეკუთვნის აგრეთვე პოემები „ბავშვობა და ყრმობა“ (1933, სტალინური პრემია, 1941), „ბერშოულა“ (1943), „რატომ არის საქართველო ლამაზი და მდიდარი“ (1957) და სხვა. 60-იანი წლების ზღურბლიდან შეიმჩნევა ლეონიძის პოეზიის ახალი აღორძინება.
ლეონიძის მოთხრობების წიგნმა „ნატვრის ხემ“ (1962, იმავე სახელწოდების ფილმი - 1976, რეჟისორი თენგიზ აბულაძე) სრულიად ახალ მხატვრულ სამყაროს აზიარა მკითხველი, პოეტის ყრმობის ხორცშესხმული აჩრდილები, გააზრებულნი დიდი მხატვრის ღრმა ინტელექტით, თანამედროვე ოსტატის თვალთახედვით წარმოგვიდგებიან. ერთმანეთთან დაუკავშირებელი მცირე მოთხრობების ეპიკურობა მძლავრი პოეტური ნაკადით არის გაჯერებული.
ლეონიძე ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურათმცოდნეობაშიც. იყო ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით ძველი ქართული მწერლობის მკვლევარი, ძველიხელნაწერების დაუცხრომელი მაძიებელი და გამომცემელი. 30-იან წლებში მისი ინიციატივით დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა (ამჟამად გ. ლეონიძის სახელობისა), იგი წლების მანძილზე ამ მუზეუმის დირექტორად მუშაობდა. მისი დაარსებულია ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, აგრეთვე ალმანახი „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, რომელსაც თვითონვე რედაქტორობდა. 1940-1948 წლებში „ლიტერატურული მატიანის“ რედაქტორი იყო, 1951-1953 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირს. 1957-1966 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს.
ლეონიძემ სათანადო კომენტარებითა და გამოკვლევებითურთ გამოსცა მამუკა ბარათაშვილი „ჭაშნილი“ (1920), სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“ (1928), იოსებ თბილელის „დიდმოურავიანი“ (1939) და სხვა. ლეონიძეს ეკუთვნის გამოკვლევები ვეფხისტყაოსნის, ვახტანგ VI-ის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, საიათნოვას, ანთიმოზ ივერიელის, მ. გურიელის, ა. ყაზბეგის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ვ. ბარნოვის და სხვათა შესახებ.
დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
სიჭაბუკის დროს პირველად როს ვახილებდი თვალებსა და ვუცქეროდი მტირალი სამშობლოს განაწვალებსა. ვეძებდი აქეთ-იქითა ქვეყნის დამხმარე ძალებსა არავინ უჩნდა დარაჯად ამ ჩვენს დაჩაგრულს მხარესა, ვტიროდი უფრო ძალიან, ცრემლებს ვაფრქვევდი მწარესა დღეს ვხედავ გაჰმრავლებიან მშობელ ქვეყანას შვილები მტერს არ მისცემენსათელად თავის სამშობლოს გმირები, მირჩება წყლული გულისა, ვყუჩდები ანატირები.
1912 წ. 29 ნოემბერი
გიორგი ლეონიძემ როგორც პოეტმა, პირველი ნათლობა ვაჟა-ფშაველასაგან მიიღო. ვაჟა-ფშაველამ "დამსკდარი ხელი თავზე დამადო",- იხსენებს გიორგი ლეონიძე. როგორც ჩანს, მასზე დიდ იმედებს ამყარებდა მთის არწივი. 1912 წლის 29 ნოემბრითაა დათარიღებული ლექსი "გიორგი ლეონიძეს", რომელიც ვაჟამ თორმეტი წლის გოგლას მიუძღვნა.
Last edited by Admin on Sat Mar 09, 2019 10:20 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: გიორგი ლეონიძე Sat Mar 09, 2019 10:19 pm
გიორგი ლეონიძე
Published on Nov 13, 2013 მისი ყოველი ფრაზა გულთამხილველის ამოძახილს ჰგავს. თითქოს ერთ პიროვნებაში შერწყმულა ჟამთააღმწერელი და წინასწარმეტყველი. იგი ჭეშმარიტი ლიტერატურული ვუნდერკინდი გახლდათ: განსაკუთრებულ მოვლენად არა მარტო მისი პოეტური ნიჭის ადრეული გამოვლენა უნდა მივიჩნიოთ, არამედ სიყრმის ჰასაკშივე გატაცება ფილოლოგიური კვლევა-ძიებით. მან ჩინებული გამოკვლევები დაგვიტოვა და უაღრესად საინტერესო ლიტერატურული პორტრეტები შექმნა. იგი ეწეოდა მრავალმხრივ საზოგადო მოღვაწეობას. მისი სამყარო სიცოცხლის კორიანტელით, წყურვილითა და ვნებითაა გაჭექილი. სწორედაც რომ აღნიშნულის დასტურია მისი აორტის გაგლეჯის ზღვარზე მისული შეძახილი, მოხმობა, ნატვრა, აღსარება, ურვა:
"როგორც ხმალი ძმებო ტამერლანისა, სიყვარული ისე დამჯახებია"...
"სამშობლოვ, ისევ შენ ხარ პირველი, ვტორტმანებ შენით, როგორც მეწყერი"...
"მონურ ღიმილს მე ვინ გადმომაბრალებს? მე გაჩეხილ ნაპრალებს ყივჩაყურებ ჩავყურებ".
ასეთი მწვერვალური, კულმინაციური სტრიქონები, მხოლოდ ისეთი დიდი ესთეტის ხელიდან შეიძლება გამოიძერწოს როგორიც გიორგი ლეონიძე გახლდათ.
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: გიორგი ლეონიძე Sun Jan 23, 2022 11:13 pm
გიორგი ლეონიძე
ავტოპორტრეტი
ვარ ბარბაროსი, ვარ ხაზარი, ვარ სარაცინი, რომის კედლებთან ურაგანი და დინამიტი. ცხელ რუსუდანის მესრისება მე სარეცელი, დაუბრუნებელ სივრცეების მაღრჩობს ამინდი.
ძველი სისხლები არის ჩემში დარეულები (კახეთის მსუქან თეძოების ვწოვე მტევნები). თავზე მადგიან კვირეეები - მთვარეულები და პურპურივით მზე მეცემა დაუტევნელი.
რასის ჭრილობებს ტანზე ვითვლი, როგორც ყვავილებს. ქართლის თავადი და პარიზის დიდი ტრიბუნი. მიყვარს დროშები საქართველოს გამოყვანილი, მზე - ჩემი გვარის ლაშქრობაში გათეთრებული.
პოეზიაში, როგორც რუმბში ჩაყუდებული, ყველა წვენებში, ყველა შხამში სული ჩავაწე. არტÎურ რემბოსთან ბოროტ ტყუპად ჩახუტებული - მადგამენ გვირგვინს თეიმურაზ და ჭავჭავაძე.
მე ვარ პოეტი, კვირეული ვარ ნიამორი, შეგვიანებულ ტრამვაების ყრუ „ნევერ მორით“.
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: გიორგი ლეონიძე Sun Jan 23, 2022 11:14 pm
გიორგი ლეონიძე
ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავზე შუამთაში
შუამთას ვნახე, - ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავზე კახელებს ხილი გაეფინათ. ვნახე, პოეტო, შენი საფლავი, ზედ გაეფინათ ნობათის ხილი - კახეთის სიტკბო, ტუჩის მთაფლავი, ჩამოკრეფილი ოქროვან დილით. შენც სიტკბო იყავ და მით განიშნეს შენი ლექსების ღირებულება. გიყურებ შორით, სიტკბოს არ იმშვნევ, თუმც წინანდალი გებულბულება. მწარ დროს სცხოვრობდი, ქვა გაკაფინეს, შავმა ვეშაპმა ჩაგასო კბილი; მაშინ რომ გაკლდა, მისთვის გაფინეს დღეს, შენ საფლავზე, სალბუნად, ტკბილი...
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: გიორგი ლეონიძე Sun Jan 23, 2022 11:15 pm
გიორგი ლეონიძე
არ დაიდარდო, დედაო...
1949 წ. ნოემბერს, ტამანის ნახევარკუნძულზე ვინახულე უცნობი ქართველი მეომრის საფლავი. ლევანი რქმეოდა...
ღიმილის ბიჭი ვიყავი, ბეჭზედ არწივი მეხატა, ცხრამეტი წლისა შევსრულდი, ოცი არ გადამეხადა,
სამშობლოს დროშა მეჭირა, მტერს ვეცემოდი მეხადა! ვისაც უნდოდა, ქართველი რომ გამხდარიყო ხიზანი,
დავკარი, ვიყავ მართალი, ვით ჩემი ტყვიის მიზანი... ნუ დაიდარდებ, დედაო, მწარე სიკვდილის სევდასა.
დღეო, გადიდდი, გადიდდი, შვილი ეყრება დედასა! არ დაიდარდო, დედაო, რაც მე სიკვდილით გაწყინე;
მე შენი ძუძუს ნათელი საქვეყნოდ გამოვაბრწყინე. მე გაგიხუნე ლეჩაქი, მაგრამ დაგხურე შუქური,
სამშობლოსათვის დავთხიე სისხლ-ცვარი სიჭაბუკური. მე არ დამკარგავს სამშობლო, სულ ვეხსომები ლევანი,
სანამდის საქართველოში იწურებოდეს მტევანი... მტერთან ჩემ სიკვდილს ნუ იტყვით, დამალეთ ჩემი სამარი,
თუ მტერმა გკითხოს, უთხარით, კრემლშია, სტალინთან არი! და თუ სტალინმა მიკითხოს, უთხარ, არ ვიყავ ჯაბანი,
იქ ვდგევარ, სადაც ნათობენ სტალინის მამაპაპანი! ცხრა ძმათ მეათედ მიმიღეს, პირზე მაყარეს ვარდები,
დაჭრილს, დამძრალს და გზადაღლილს დამხურეს მუზარადები. თუ გაუჭირდა სამშობლოს, კვლავ ცეცხლით დავიდაგებით,
ჩვენ გამოვამტვრევთ საფლავებს, ხმლით ქართლის მთებზე დავდგებით. არ დაიდარდო, დედაო, ნუ მიეცემი სევდასა.
დღეო, გადიდდი, გადიდდი, შვილი ეყრება დედასა!
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: გიორგი ლეონიძე Sun Jan 23, 2022 11:17 pm
გიორგი ლეონიძე
დავით-გარეჯა
გადარუჯული დავით-გარეჯა... ამწვარ ტრამალზე ბზინავს ავშანი... ამ ველს, ამ სივრცეს ვინც უდარაჯა, ვინც შეიმსხვრია მკერდზე ჯავშანი, ―
ვინ მოიგონოს, სადღა არიან, ვინ გაიხსენოს მათი სახელი? არც მოჩვენება, არც სიზმარია, ჩონჩხებით სავსე ჩანს საწნახელი...
გაჰქრნენ ქარივით და სიზმარივით, მათზე მგლოვარეც დალპა თავშალი... და მხოლოდ ტბაზე შერჩა მარილი... ბალღამიანი ბზინავს ავშანი...
გადარუჯული დავით-გარეჯა... თუ მწარე წარსულს ასე ენება, დღეს დახსნილია ნესტან-დარეჯან, ძვირად დაგვიჯდა მისი შვენება! წინაპართ შვილნი ვიღწვით და ვშრომობთ დიდ სიყვარულის ასაშენებლად... მისთვის მივიბრძვით, ვიღწვით და ვომობთ და ჩვენი ღონეც მას შეელევა!..
Last edited by Admin on Sun Jan 23, 2022 11:19 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: გიორგი ლეონიძე Sun Jan 23, 2022 11:18 pm
გიორგი ლეონიძე
გაზაფხული კახეთში
გაზაფხულია, თუ საყვარელი ქალი მოსულა ხელში იებით? როგორ არ არის გასახარელი, როცა ყვავილად ბრწყინავს მთიები? გამოზაფხულდა და სიჭაბუკემ თავისი ნიჭი ჩამოარიგა, ვისმენთ ჭექის და ქუხილის ბუკებს და ნიაღვარი ყვირის “ჰარიქა”! მე კაეშანი ვეღარ მერევა, როს გომბორიდან დავყურებ კახეთს! მე ზღვისოდენა ბედნიერი ვარ, თუ არა გჯერათ, მოდით და მნახეთ! თითქოს სამოთხე ჩემს ხელად არი, და სხვა მაისი არც კი მეხილვოს... ერთი მინდიხარ შენ კელაპტარი, მე მინდა შენს სულს გადავეხვიო!
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: გიორგი ლეონიძე Sun Jan 23, 2022 11:23 pm
გიორგი ლეონიძე
თოლია
მიყვარს ზღვა მზეში დაოქროილი, მისთვის, რომ გული ტალღის ტოლია; ზღვის ლურჯ ყუთიდან ამოქროლილი გადასთხრის ღრუბლებს თეთრი თოლია... იწვება ცეცხლით გულის ფიცარი, ― გული კი არა, ცხელი თონეა, სატრფო მეცა მყავს დასაფიცარი, მეც მყვარებია, მეც მითრთოლია...
* მე დავრჩენილვარ შენი ამარი, ვით ზღვის ამარი არის თოლია, ძვირფასო, შენი შუბლი მარმარი რამდენ ოცნებას დაუთოვლია. რამდენი სხივი გულში ითესა, რამდენჯერ არის ლექსში რქმეული, სახე შეყინულ მარგალიტისა, კიდევ ცისკარის ფიფქით ფრქვეული. შენი სახელი მე დავიფიცე, დე, ვიყო მარად შეყვარებული; მე ვემალები ქვეყნის სიბიწეს შენს ციურ სახეს შეფარებული. შენი ღიმილი ნათელკაშკაშა, თითქოს ფრთა გაჰკრა ტალღას თოლიამ... მე სიყვარულმა დამავაჟკაცა, მეც მყვარებია, მეც მითრთოლია! შენ, სიჭაბუკის ჩემის გენიავ. ოცნებისა და ლექსის დიდებავ, პირზე რომ წმინდა შუქი გფენია, მე უკვდავ ცეცხლად გულს მეკიდება! მე გხედავ მზეში ქროლვით შესულსა, რაგინდ ავდარი შავად ნისლავდეს, შეეჩუქურთმა სული შენს სულსა, დე, ნურც გაშორდეს უკუნისამდე! დამიელვარე ფრთამარგალიტი, თავს დამნათოდე, თეთრო თოლია, ჩემი აფრაა თოლიას ფრთები, ცის თეთრ ვარდებში რომ უქროლია. დაე, დაიწვას გულის ფიცარი, დარჩეს ნაცარი ― სხვა რა ღონეა? შენა ხარ ჩემი დასაფიცარი ჩემს გულზე მქროლი თეთრი თოლია! თუ ვარ ზღვასავით აღვარებული, მიტომ, რომ გული ტალღის ტოლია, მეცა ვყოფილვარ შეყვარებული, მეც მყვარებია, მეც მითრთოლია!
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: გიორგი ლეონიძე Sun Jan 23, 2022 11:25 pm
გიორგი ლეონიძე
მე რომ მიყვარხარ...
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს, ისე მაღალი და სპეტაკი განა მთებია? მარტის ნიაღვარს აყვირებულს გზები ჩაუხრავს, უგრიალნია და ზღვის უბეს შეერთებია.
მე ვის უბეში, მე ვის გულში შევინავარდო, ვის შევუერთდე, - შენი გული დაკეტილია! ნუთუ ეს ტრფობა, საყვარელო, თეთრო მთის ვარდო, პოეტისათვის მხოლოდ ძველი გაკვეთილია?
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: გიორგი ლეონიძე Sun Jan 23, 2022 11:26 pm
გიორგი ლეონიძე
ოლე
შენ ლიახვის კლდეზე დგახარ, ძველი მოსასხამით, ― ოლე, ოლე, მარტოხეო, დღისითა და ღამით;
რომ სთქვა: გული თუ მტკიოდა, ახლა აღარ მტკივა, რომ ლიახვის რძიან ქაფში შემოცურდე ტივად,
რომ გაგჩარხო და გაგთალო, როგორც წმინდა ბროლი, რომ შენ იყო ჩემს დარბაზში შუაბოძის ტოლი,
რომ გრძელ ტივებს მოუძღოდე ხეთა წინამძღოლი!
მოდი ჩემთან, ვიდრე მეხი დაგკრავს, აგაბოლებს, ტყავდამსკდარო, ნაოხარო, მარტოხეო ოლე!
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: გიორგი ლეონიძე Sun Jan 23, 2022 11:28 pm
გიორგი ლეონიძე
ყივჩაღური ღამე
ყივჩაღეთისკენ თეთრი ტრამალი გააქათქათა მოზდოკის მთვარემ, გულის ნაწვიმი და ნატამალი, თუ რამე შემრჩა, ვიმღერო ბარემ... მენავეთათვის და მოგზაურთა! ― შავი ზღვის ნისლებს ამოვეფარე.
მოსჩანს სამშობლო, ივრის ვაზები, როგორც სასანთლე გაჩაღებული; შორიდან რაზე მელამაზები, გული მაქვს გულთან დაჯახებული! ნუ გამინათებ, ნურც გამიჩაღებ, ირმის ნახტომებს ვემარტოები; შავს ყურღანებში სძინავთ ყივჩაღებს, თავქვეშ უგიათ თოქალთოები. სიზმრად ხედავენ რომის პალატებს, გარმონს უკრავენ დონის ქალები, დარიალს ვეღარ შემოანათებს მათი ჭიხვინა ცხენის ნალები. როგორ გატორეს ერთხელ ტრამალი, როგორ ამტვრევდნენ გულის ფიცარსა; მაგრამ ვერ ნახეს ქვეყნად წამალი და გამწარებით ხრავენ მიწასა!
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: გიორგი ლეონიძე Sun Jan 23, 2022 11:37 pm
გიორგი ლეონიძე - ყივჩაღის პაემანი •Jun 24, 2022
ყივჩაღის პაემანი გიორგი ლეონიძე (კითხულობს ავტორი) ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2022
მაგრამ თვითონაც დაილეწება, დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად, მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი, თავი შუაზე გადამიჩეხა!
მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას, ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები... როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი, ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...
მოდი! გეძახი ათას წლის მერე, დამნაცროს ელვამ შენი ტანისა; ვარდის ფურცლობის ნიშანი არი და დრო ახალი პაემანისა!..
*** Kipchak's Rendezvous The verse by Giorgi Leonidze (in Georgian) This clip is made with: Red Right Hand (Peaky Blinders) - Nick Cave & The Bad Seeds. This clip was made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2022