ნიკა აგიაშვილი
წიგნიდან: “ჭაბუკები დარჩნენ მარად“
ლადო ასათიანი(1917-1943)
ქალაქ თბილისის 1500 წლისათვის, გორგასლის ქუჩაზე, სამას არაგველთა გმირობის აღსანიშნავად აღიმართა ობელისკი. ობელისკზე – სვეტის ვიწრო მხარეს მთელი სიმაღლით ამოკვეთილია დეკორატიულად შესრულებული წარწერა:
მამულისათვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი...
ეს სტრიქონები ლადო ასათიანს ეკუთვნის.
ერთხელ, ერთი ცნობილი პოეტი ჩამაცივდა: თუ კაცი ხარ, მითხარი და მითხარი, რატომ გიყვარდა შენ ლადო ასათიანი, მაინცდამაინც ისეთი რა ჯადო ჰქონდაო. კარგი ბიჭი იყო და იმიტომ-მეთქი, მივუგე; ყველაფერი გასაგებიაო, თქვა და მომეშვა, ოღონდ თვითონვე დაუმატა: კარგ ბიჭობასთან კარგი პოეტიც იყოო...
ლადო ასათიანს აქვს ერთი დაუბეჭდავი ლექსი, ეგრეთ წოდებული “ფუნაგორიის” ტიპის სალაღობო ბალადა. იგი ასე იწყება:
ქუთაისმა კარგად იცის
პოეტების მაზანდა ,
ბევრ ღირსეულს გზა გაუხსნა,
ბევრი კარგი გაზარდა...
ბევრი კაი ყმა, კარგი პოეტი, რჩეულ-რჩეული მწერალი და საზოგადო მოღვაწე გამოიზარდა ჩვენს საყვარელ ქუთისში. მათი სახელით მუდამ ამაყობდა და იამაყებს ქართველი ხალხი.
ლადო ასათიანი ამ რჩეულთა რიგებში მიაბიჯებს მტკიცედ და ქედუხრელად.
მას უყვარდა მზე, პოეზია, უყვარდა საქართველოს ალისფერი განთიადი და მისი ზღაპრული მთვარიანი ღამეები, უნდოდა გულთბილი მეგობრებთან მარად ყოფნა და მთთან მწერლობასა და ლექსებზე ხალისიანი საუბარი. უყვარდა კარგი წიგნი და კარგი, თავანკარა ღვინო, მძაფრშინაარსიანი კინოსურათები და ლექსთა თავისებური ბუტბუტ-ღიღინით რუსთაველის პროსპექტზე სიარული, მაგრამ ყველაფერი ეს ადრე მოუშალა სიკვდილმა და ოცდაექვსი წლის მშფოთვარე ჭაბუკმა სოფელ ბაგების ღორღიან მიწაში ჰპოვა მყუდრო სავანე.
ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა, დამწყები პოეტი იყო ლადო ასათიანი, თავის უბის წიგნაკში რომ ჩაწერა:
“ჩემი ბავშვობა ლექსით დამიწყია და ჩემი ცხოვრებაც ლექსით უნდა დავამთავრო. ყოველი ჩემი ლექსი უჩვეულო ამღერება იქნება ბედნიერ ქვეყანაში გალაღებული ადამიანისა”.
და შემდეგ ლექსად უმატებს:
ყველას სურვილი აქვს,
უსურვილოდ ვერ ნახავთ ვერავის...
ზოგს ფრენა უნდა, ზოგს გმირობა
პურის ყანას შიგ.
მე მსურს
ამ ცხოვრების დავრჩე მომღერალი
მომღერლების ქვეყანაში...
და მართლაც, თავის ნაადრევ სიკვდილამდე დარჩა ის ჩვენი ცხოვრების მგზნებარე მომღერალი.
იგი იყო კარგი ოჯახიშვილი, ჰყავდა სასახელო დედ-მამა და საყვარელი და-ძმა, ჰყავდა ერთგული მეგობრები და მოსიყვარულე ცოლ-შვილი, იყო მშვენიერი ლექსების მწერალი. იყო და უნდა ყოფილიყო კიდეც ბედნიერი კაცი ამქვეყანაზე, მაგრამ სიკვდილმა აღარ დააცალა შემოქმედების გზაზე დავაჟკაცება და ჩვენი თაობის ნიჭიერ პოეტთა რაზმს გამოაკლდა ერთი თვალსაჩინო თანამებრძოლი; განუხორციელებელი დარჩა ბევრი მშვენიერი ოცნება და ჩანაფიქრი.
როცა ამქყვეყნიდან უდროოდ წასულ შემოქმედ ადამიანს იგონებენ, ყოველთვის გულისტკივილით ფიქრობენ, რა ბევრის გაკეთებას შეძლებდა იგი, რომ დასცლოდაო. ლადო ასათიანმა დაგვიტოვა ასზე მეტი ლექსი, ორიოდე პოემა და რამდენიმე თარგმნილი ლექსი და მოთხრობა. მრავალ მათგანს აზრის ნამდვილი სიმწიფის ბეჭედი და შექმნილია ჟეშმარითი შემოქმედის ხელითა და გონებით. მათ ვერ დააბერეს ვერც დრო და ვერც ხანი.
შეიძლება ეს სიტყვები გაზვიადებულ შეფასებად მოეჩვენოს ვინმეს; შესაძლოა, ზოგიერთის აზრით ეს იყოს ერთგვარი შეღავათი, ნიჭიერ ახალგაზრდა პოეტს რომ ვაძლევთ და ისიც ჩვენგან ასე უდროოდ წასულს. მაგრამ, ვინც ახლოს იცნობდა ლადო ასათიანს, ვინც სხვებზე უფრო ხშირად იდგა მის გვერდით, მან კარგად იცის, თუ როგორი პოეტი იყო იგი, რა შემოქმედებითი პოტენცია ჰქონდა ამ ჯერ კიდევ ახლადშეთვალებულ ხალას ნიჭს, რა იქნებოდა დღეს დავაშკაცებული ფიზიკურად და შემოქმედებითად.და რამდენად სავალალოა, რომ ყველაფერი ის, რის გაკეთებაც მოასწრო, იყო დასაწყისი უფრო დიდისა. ის-ის იყო ყრმობა დაამთავრა, სიჭაბუკეში უნდა შეედგა ფეხი და აი, ”ერთ დღეს ის გაქრა და გულის შიგნით ჩაგვიდგა რაღაც ნაღველის მსგავსი”. ჯერ ფრთებს ისწორებდა გასაფრენად, რათა როგორც იტყვიან, ფრენის დროს უფრო გამაგრებოდა ფრთები მაღალ სივრცეთა დასაპყრობად.
უნდა აღინიშნოს ერთიც: დღეს ცოცხალ პოეტთა შორის (თვით სახელგანთქმულთა შორისაც კი!) ბევრი როდია ისეთი ბედნიერი, ახალა ხელი რომ მოაწეროს, ან რომელიმე ”რჩეულ ნაწარმოებთა” კრებულში შეიტანოს 20-22 წლის ასაკში შეთხზულ-დაწერილი და გამოქვეყნებული თავისი ლექსები. ზოგიერთს ერცხვინება კიდეც მათი გახსენება. ამას თვით ლექსთა ავტორები გრძნობენ და აღიარებენ. ხოლო ახალგაზრდა ლადოს ლექსები ყოველთვის აღტაცებას მოგვრის მკითხვეკლს და ბევრ მათგანს დროის ჟანგი არ მოეკიდება.
ხანმოკლე იყო ლადო ასათიანის სიცოცხლე, ხოლო მისი პოეტური ბიოგრაფია ხუთიოდე წელსაც არ აღემატება. იგი დაიბადა 1917 წლის 14 იანვარს ქალაქ ქუთაისში. მისი მშობლები იყვნენ ცაგერის რაიონის სოფელ ბარდნალის მკვიდრნი, მასწავლებლები – მელიქისედეკ გუჯუს ძე ასათიანი და ლიდა ბართლომეს ასული ცქიტიშვილი. ლადომ 1934 წელს დაამთავრა ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, ხოლო 1938 წელს – ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1935 წლის 15 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო გაზეთ “სტალინელში” პირველად დაიბეჭდა ლადოს ლექსი “ჩვენ კვლავ მოვედით”. შემდეგ იგი ამავე გაზეთის რედაქციის თანამშრომელი იყო და 1936-1937 წლების 17 ნოემბერში დაბეჭდა 23 ლექსიმამულისათვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,
სა. ამასთან ერთად მონაწილეობდა მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების მასობრივ საქმიანობაში – იყო ამ განყოფილების ფონკლორული სექციის წევრი, გამოდიოდა სიტყვებითა და ლექსებით საიუბილეო და სხვა ლიტერატურულ საღამო-შეკრებაზე.
1938 წელს ლადო თბილისში გადმოვიდა, და ერთ წელზე მეტ ხანს იმუშავა გაზეთ “ნორჩი ლენილენის” რედაქციაში, სადაც გამოაქვეყნა მრავალი საბავშვო ლექსი, თარგმნი და სხვადასხვა ნარკვევი. ამ წლიდანვე მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ყველა ჩვენს ჟურნალ-გაზეთში. 1939 წლის შემოდგომიდან რამდენიმე თვით რიგით ჯარისკაცად იყო საბჭოთა არმიის რიგებში, საიდანაც გაათავისუფლეს ავადმყოფობის გამო. 1940 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული. ეს იყო ერთადერთი წიგნი, რომლის გამოსვლასაც მოესწრო სიცოცხლეში. გარდაცვალების შემდეგ შემდეგ დღემდე ლადოს ლექსთა კრებულები გადმოცემულია თორმეტჯერ. სიცოცხლის უკანასკნელი ორიოდე წელი საშინელ სენთან ბრძოლასა და შერკინებას შეალია. გარდაიცვალა 1943 წლის 23 ივნისს.
ლადო ასათიანის ლექსების უმრავლესობა და პოემა “კოლხიდა” დაიბეჭდა ჟურნალ “ ჩვენი თაობის” ნომრებში.
ლადოს გარდა, უმთავრესად, ამ ჟურნალში თავიანთ საჯუთარ და თარგმნილ ნაწარმოებებს ბეჭდავდნენ მისი ტოლმეგობარი მწერლები და პოეტები: ლადო ავალიანი, შალვა ამისულაშვილი, მარიკა ბარათაშვილი, ვახტანგ ბეწუკელი, მირზა გელოვანი, ვლადიმერ გოჩოლეიშვილი, ნიკოლოზ გუნია, რუსუდან გურამიშვილი, ანდრო თავზაძე, გრიგოლ იმედაძე, შალვა იოსელიანი, სევერიან ისიანი, გიორგი კალანდაძე, გივი კაჭახიძე, ალექსანდრე კოკია, ნიკოლოზ კოპალიანი, ვასო ლომიძე, ვასო ლორთქიფანიძე, რევაზ მარგიანი, გიორგი ნაფეტვარიძე, იოსებ ნონეშვილი, დავით პატატიშვილი, სანდრო ჟღენტი, ალექსანდრე საჯაია, ანდრო სიჭინავა, ლადო სულაბერიძე, ელიზბარ და ლადო უბილავები, მიხეილ ფოფხაძე, ვაჟიკა ფხოველი, გიორგი ქავთარაძე, ნინო ქობულაშვილი, ასლან ყოჩიაშვილი, ალეკო შენგელია, გრიგოლ ჩიქობანი, იაკობ ჩხაიძე, ოთარ ჩხეიძე, გრიგოლ ცხვედიანი, ვახტანგ ჭელიძე, კოტე ხიმშიაშვილი, გაბრიელ ჯაბუშანური.
როცა მთელ მსოფლიოში გაისმა ომის საშინელი ჭექა-ქუხილი, “ჩვენი თაობის” რედაქციამ შეწყვიტა მუშაობა და ახალგაზრდა მწერლებს მოეშალათ რუსთაველის პროსპექტზე სიარული, ჭადრების მყუდრო შრიალ-შრილის მოსმენა და უკვდავებაზე ფიქრი და ოცნება. ბევრი ჩვენთაობელი პოეტი ფრონტზე წავიდა და ჩაება სასტიკ ბრძოლათა ქარცეცხლში. ზოგი აღარ დაბრუნებია თავის სახლ-კარს. მათგან მხოლოდ მირზა გელოვანის სამარეა ცნობილი.
ბრიანსკის ხანძარმოდებულ, ჭაობიან ნაძვნარში დაიკარგ სევერიან ისიანის კვალი. სევასტოპოლში შეწყდა გიორგი ნაფეტვარიძის გულისძგერა. ლადო უბილავა და ია ჩხაიძე ქერჩის ტრაგედიამ შეიწირა. იმ ომში დაიყუპნენ ალექსანდრე სულავა, შალვა სოსლანი, შალვა იოსელიანი, სანდრო ჟღენტი, დავით პატატიშვილი, გივი კაჭახიძე, ნიკოლოზ კოპანლიანი, ასლან ყოჩაიშვილი, მიხეილ ფოფხაძე, ვაჟიკა ფხოველი, ანდრო სიჭინავა და სხვები.
ხოლო ლადო ასათიმამულისათვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,
საანი, ალიოშა საჯაია და რამდენიმე ნიჭიერი მწერალი – მათ შორის ვასო ლომიძე და ნიკოლოზ გუნია – ძალიან ადრე და უდროოდ წავიდნენ ჩვენგან. მათ დარჩათ კარგი ლექსები... ამ ლექსებს ვკითხულობთ დღეს ჩვენ და ისინი გვმატებენ სიცოცხლესა და მხნეობას, აღგვანთებენ ცეცხლოვანი სტრიქონებით, წინ მიგვიძღვიან უკეთ ცხოვრებას მოანატრებენ კაცს და შეაყვარებენ ჩვენს ქვეყანასა და მის სახელოვან ადმიანებს, მათს გმირულ ბრძოლასა და თავდადებულ შრომას უკეთესი მერმისისათვის.
რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა იმავე წლებში დაიღუპა სრულიად უსაგნოდ და უმიზნოდ. თავიანთი ცხოვრების ადრიან გაზაფხულზე დაგვშორდნენ ისინი ჩვენ და ქართულ ლიტერატურაში ჭაბუკებად დარჩნენ მარად. მათ ლექსებიდან ჩვენ ახლაც გვესმის მოზღვავებული გულისძგერა და შეწყვეტილი სიმღერა – ვაჟკაცური და ომახიანი.
ლადო ასათიანის შემოქმედებაში ყველაფერი თითქოს ერთი მთავარი თემის მორჩილია: ესაა სამშობლო-საქართველო, მაგრამ ეს თემა როდია მოწყვეტილი და ამოვარდნილი სხვა თემათა რკალიდან. მის ლექსებში მეტნაკლები გამუხატულება ჰპოვა ყველაფერმა იმან, რაც კარგი და საუკეთესო ახასიათებს ჩვენი ქვეყნის წარსულსა და მის დღევანდელ წინსვლას, მისი ხალხის შეუპოვარ გმირულ ბრძოლასა და თავდადებულ შრომას ხვალინდელი დღისათვის. საქართველოს წარსული დაკავშირებულია თანამედროვე ცხოვრებასთან. ბასიანისა და ასპინძის გმირები, სამასი არაგველი, ძველი ოქროს მაძიებლები და მამაცი ქართველი ქალები თავიანთი გმირული სულით ეხმაურებიან თანამედროვეობას. პოეტი ადიდებს მათ სიმამაცესა და მამულის სიყვარულს, მაგრამ როდი კარგავს სიახლის გრძნობას, როცა ომახიანი შეძახილით აღვიძებს კრწანისის ველზე დაცემულ თავდადებულ გმირებს და მუხლს იდრეკს მათ საფლავებთან, დღევანდელი დღის მძაფრი სიყვარულით ანთებული, მგზნებარედ მოუწოდებს ახოვან ვაჟკაცებსა და უშიშარ ჯეელებს შრომისა და შემოქმედებისაკენ და სამამულო ომში ამხედრებულ ქართველ მეომარს ანდერძა ატანს:
გახსოვდეს ლამპიონებით განათებული ასპინძა,
მამულისათვის ქართველი მტერს როგორ გაუმასპინძლდა.
აჩეხე, სანამდისინაც მარჯვენა გადაგიწვდება,
საბჭოთა არმიისა ხარ, ნურასდროს დაგავიწყდება.
ლენინის ტომი და ქალაქი გორი, ცხრა ძმა ხერხეულიძე და ნორიოს ნავთობის შადრევნები, ძველი ასპინძა და ახალი კოლხიდა, სამასი არაგველი და კალმახების ამღერება სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე, თბილისი და სტალინგრადი, კრწანისის ყაყაჩოები და ჩვენი ქვეყნის გულჩიორა მოჭიკჭიკე პიონერები, რუსთაველი, პუშკინი და ილია, ვაჟა და ფიროსმანი, პირველი ქართველი მჭედლებიდა ესპანელი მეამბოხენი, ბარათაშვილი და ვანო სარაჯიშვილი, მანანა ორბელიანიდა და ვერიკო ანჯაფარიძე... აქ არის მკითხველისათვის ნაცნობ ისტორიულ პირთ და ადგილთა სახელები, პოეტის საკუთარი თვალით დანახული ან წიგნებიდან ამოკითხული ნამდვილად მომხდარი ამბები, ბავშვობის შთაბეჭდილებათა გავლენით დახატული სურათები. საუცხოო მხატვრული სახეებით გადმოცემულია საქარ;ველს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის – ლეჩხუმის ბუნების წარმტაცი პეიზაჟები: ნამკაშურის წისქვილები, კოხტა ეზოებში მოკუნტრუშე ხბოები, გუმარეშის ამწვანებული ჭალები, ბულბულთა ნაამბორალი ბარდნალას ბუჩქები და გორაკები. მშვენიერია ყოფაცხოვრების რეალისტური დეტალებითა და ნამდვილი ჟანრული ლამაზი ჩანახატებით აკინძული ცაგერის მდიდრი ბაზრობა...
„ხალხია ენამზიანი, გმირი და არამკვეხარა”, - ეს სტრიქონები სწორედ ლეჩხუმელ ადამიანებზეა ნათქვამი მათი სახელოვანი შვილის მიერ.
პოეტურ ინტერესთა მრავალფეროვნებასთან ერთად აღსანიშნავია ლადოს კულტურული მეტყველება, კარგი ქართული ენა და ისტორიული დეტალების ზედმიწევნით ცოდნა. ასაკთან შედარებით ძალიან ბევრი რამ იცოდა. ის ხომ დაიბადა და აღიზარდა განათლებულ მასწავლებელთა ოჯახში და სწავლა-განათლებაც ქუთაისის სასწავლებელში მიიღო! მისი ფრაზები ლაღად არის გამართული, მუსიკალურია და გვიზიდავს მარად მგზნებარე განწყობილებით, მოულოდნელი პოეტური შედარებებით, აღფრთოვანებული და ზომიერად ზეაწეული ტონით. მას არასოდეს არ მიუმართავს არქაიზმისათვის და ახალი ფორმის ძიებითაც არ ყოფილა გატაცებული. ეს შემდეგისათვის იყოს, თუ დაოსტატება დამცალდაო, - თქვა ერთხელ. ყრმა პოეტის სტრიქონებს აქა-იქ დაჰკრავს გალაკტიონის, ტიციანისა და გიორგი ლეონიძის გავლენა. ახალგაზრდა პოეტისათვის ეს ბუნებრივი ამბავია. ამას თვითონაც გრძნობდა, მაგრამ ამბობდა: არ მეშინია დიდი პოეტების გავლენა მქონდეს. ჯერჯერობით მათი გამოცდილების დაუხმარებლად ჩემს სათქმელს ვერ ვიტყვი, მათი შემწეობით უნდა დავდგე საკუთარ ფეხზე, შემდეგ, თუ მოვახერხე, მხარშიც ამოვუდგებიო. ლადო ასათიანის ენა უაღრესად თანამედრეოვეა და სადა. გამუდმებულად წიდნების კითხვამ და ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში მუშაობამ მიაჩვია მარტივად და გასაგებად წერას, აზრი მკვეთრად და ბუნებრივად გადმოცემას.
ბევრი ლექსი და გულწრფელად ნამღერი ხალისიანი სტრიქონი ლოგინში მწოლიარემ დაწერა. მაშინაც კი, როცა სასიკვდილოდ იყო განწირული და ენატრებოდა მამაპაპური ცისფერი სარწყული, რომ სიმჭლის სენით დაფლეთილ ფილტვებსა და ცხელების ალმურით გათანგულ მკერდზე სიცოცხლის წყარო ესხურებინა, როცა ელანდებოდა ხერხეულიძეთა თამაშ-თამაშა რაშების გაფრენილი ფაფარი, - მაშინაც ხალისითა და თვალებგაბრწყინებული უკითხავდა მნახველებს სიკვდილის სარეცელზე შეთხზულ “ბასიანის ბრძოლას”, “ასპინძას”, “გულბაათ ჭავჭავაძეს”, “ლევან დადიანის ნადირობას”, “სასაფლაოს”, და ზედ მიაყოლებდა ავადმყოფობამდე დაწერილ “ჩემი ქვეყნის ოქროყანას”, “ვაჟა-ფშაველას ნაამბობს”, ყაყაჩოებისა და ფიროსმანის ციკლს, “ცაგერის ბაზრობას”, განთქმულ “სალაღობოს”.
სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ამ ლექსს - “სალაღობოს”, თავდაპირველად დედანში “ასათიანური” ერქვა (ალექსანდრე საჯაიამ შეარქვა). აქ სალაღობო და თავშესაქცევი მართლაც არაფერია. ეს არის ახალგაზრდა ქართველი პოეტის ერთი კარგი, ვაჟკაცური, სწორედ “არწივების ასაფრენი” სიმღერა იმაზე, “რომ ჭაბუკნნი ვიყოთ მარად, რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს”
როგორც ითქვა, ლადო ასათიანის საოცნებო და სანატრელი სახელი იყო სამშობლო-საქართველო. მაგრამ, განა სამშობლოსა და წარსულ დღეთა ამბებზე არ წერდნენ მისი თანატოლი პოეტები? განა სხვებს არ ჰქონდათ სამშობლოს სადიდებლად დაწერილი გზნებარე სტრიქონები? ოღონდ უნდა ითქვას, რომ იმ წლებში ბევრი გაურბოდა ამ თემაზე წერას, ლადოსავით ვერ ბედავდა თავისი გულისნადებისა და პოეტური სულის აღსარების გამოთქმასა და გამომჟავნებას. იმ სათქმელს, რასაც ზოგიერთი პოეტი შეფარვითაც ვერ ახერხებდა, ლადო პირდაპირ და ხმამაღლა იტყოდა. მან შეძლო ეთქვა სიცოცხლით სავსე ლამაზი სიმღერა სამშობლოზე. მთელი მისი პოეზია მჩქეფარე სიჭაბუკისა და ადამიანის გამარჯვების ქებათა ქებაა. მწუხარება და სევდა ბევრჯერ შეეჭრა ცხოვრებაში, მაგრამ მის ლექსებში ღია კარი ვერასოდეს იპოვნა. სიძნელის წინაშე კაცი არ უნდა შედრეკს. ქვითინი არ უნდა დაიწყოსო, - ჩაუწერა მას თავისი უბის წიგნაკში.
სწორედ იმ ხანებში დაიწერა ის ლექსები, ასე გატაცებით რომ ეტანება მკითხველი და ასეთივე მგზნებარე სიხარულით რომ გაიმეორებენ ჩვენი შვილები და შვილთაშვილბი დღესასწაულებზე, საზეიმო სიმღერებში, ჭირსა და ლხინში – პატიოსნების, მამაცობისა და კეთილშობილების შუქით გაბრწყინებულს...
ლადო ასათოიანს, კუბოს კარამდე მისულსაც კი, სჯეროდა, სიცოცხლე რომ დათგრუნავდა სიკვდილს, და კვლავ თხზავდა ლექსებს, რადგან კარგად იცოდა,
რომ ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს
და ლექსი თვითონ ტკივილი არი...
და რადგან მერგო ვიყო პოეტი,
ჩემი ცხოვრების საბედისწეროდ,
რადგან ამქვეყნად მისთვის მოვედი
რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო,
რადგან სხვა რამე, სიმღერის გარდა.
ახლაც ვერ შველის ტკივილებს ჩემსას,-
მჯერა, ამ დიად ბუნების კართან
მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად!
აღსანიშნავია, რომ ლადო ასათიანის პოეზია სავსებით მოკლებულია სევდასა და მელანქოლიურ განწყობილებას. მის ლექსებს მთიულური ფოლკლორის სილაღე და ოპტიმისტური ბუნება ახასიათებს. ეს პირველად ალიოშა საჯაიამ თქვა ლადოს გარდაცვალების პირველ წლისთავზე დაწერილ წერილში.
სიცოცხლის უსაზღვრო სიყვარულითაა აღსავსე ისეთი სევდისმომგვრელსათაურიანი ლექსი, როგორიცაა მისი “სასაფლაო”, სადაც ნაკადულის საამური გალობით ტკბებიან ყვავილებზე მოფარფატე პეპლები. იქვე დაცქრიალებს პოეტის პირმშო - თვალხატულა მანანა და მისი სიცილი იფრქვევა სიცოცხლედ და ნაკადულად. საინტერესოა ამ ლექსის დაწერის ამბავი: 1941 წლის 7 აგვისტოს აბასთუმნიდან გამოგზავნილ წერილში ლადო სწერს აკაკი გაწერელიას:
“დავწერე ლექსი სახელწოდებით “სასაფლაო”. დიდი ხანია მინდოდა დამეწერა და აბასთუმანში ერთმა შემთხვევამ შემაძლებინა. ვნახე აქაური სასაფლაო. უცნაურია ამ მთაში რამდენიმე საფლავი. გაძარცული გვირგვინების ნარჩენები, ნიაღვრისაგან მიწის ზედაპირზე გაფრენილი ოცნებებივით ამოყრილი თავის ქალები და ყბები... ყველაფერი ეს საშინელება იქნებოდა, რომ ერთი რამ არ იყოს ამ უიმედო სანახაიობაში: საფლავებშორის მოქრის და მოქუხს ნაკადული, მთის ნაკადული. ორ ნაწილად ყოფს სასაფლაოს. მოქრის როგორც უშიშარი სიცოცხლე. მე მგონია, შესანიშნავია. ასეთ რამეების პოეტები იგონებენ. მე კი ნამდვილად ვნახე”.
არც ერთ ლექსში არ ლაპარაკობს იგი სიკვდილის შიშზე. მხოლოდ პირად წერილებში თუ ახსენებს სიკვდილს სევდანარევი ირონიით, ლექსებში კი, თითქოს აგდებულად, და – ხანდახან, საყვედურითაც კი გაეპაერება მას ისე უბრალოდ და ამხანაგურად, როგორც უყვარდა და იცოდა მოსწრებული სიტყვა, სხარტი ნაკვესი, დაუზოგავი ეპიგრამა.
ძალზე კეთილი გული ჰქონდა და ცეცხლოვანი თაფლისფერი თვალები. ტანად მაღალი იყო და ზორბა. ყოველთვის დინჯად და აუჩქარებლად დადიოდა, სამაგიეროდ ლექსსა და საუბარში იყო ჩქარი, უეცრად აფეთქდებოდა და ვინმესთან მწვავე კამათში თვალთაგან ნაპერწკლებს აკვესებდა. ზამთრობით თავშიშველი დადიოდა და მუქწაბლისფერი თმა ხშირად თოვლის ფანტელებით შეებამბლებოდა. ზაფხულობით თავს გადაიხოტრავდა...
როგორც ყოველი გულკეთილი კაცი, ლადოც ძალზე ფიცხი იყო და იცოდა სამართლიანი გაბრაზება და გულისმოსვლა.
საუბრებსა და საქმიანობაში უყვარდა მოულოდნელი ხუმრობა. იქვე, სწრაფად და უბრალოდ, სახელდახელოდ შეთხზავდა და გამოთქვამდა რაიმე ოსტრიქონიან ეპიგრამას, ზოგჯერ – მოზრდილ ფუნაგორიას, ანდა საქილიკო სხარტულას, რის გამოც ზოგიერთი სულსწრაფი და უგულო ადამიანი ფრიად ნაწყენი რჩებოდა, მაგრამ ახალგაზრდა პოეტს ბევრი რამ უნდა ვაპატიოთ... უნიჭობის გარდა!
ერთხელ, რუსთაველის პროსპექტზე, თელების ხეივანში, ერთი ცნობილი კრიტიკოსი შემომხვდა. მწერალთა კავშირის მხრიდან გამალებით მოდიოდა. შორიდან მომესალმა და თანდათან აუჩქარა ნაბიჯს. ცოტა რომ წავიარე, ლადო ასათიანი დავინახე, ისიც აჩაქარებული მოისწრაფოდა. სახეალეწილი და ძალზე აღელვებული ჩანდა; ასე მითხრა: მწერალთა კავშირის ბაღში ერთი კაცი სულ რაფიელ ერისთავს “სამშობლო ხევსურისას” აგინებდა, - ამ ლექსს შოვინიზმის სუნი უდის, ადგილობრივი, კუთხური პატრიოტიზმიაო. სახელმძღვანელოებიდან უნდა ამოვიღოთ, თორემ ახალგაზრდა თაობას გარყვნის და თავგზას აუბნევსო. უნდა მეცემა, მაგრამ ძლივს დამიძვრა ხელიდან. აქეთ წამოვიდა, სადმე ხომ არ შეგხვედრიაო.
ლადო კარგა გვარიანი, გრძელთითებიანი, მოქნეული ხელების პატრონი იყო. ღონეც ერჩოდა, მაგრამ, რაც ვიცნობდი, მისი ნაცემი არავინ მინახავს. წუთში აფეთქდებოდა, აბობოქრდებოდა, თორემ ძალზე გულჩვილი ადამიანიშვილი იყო. რომ დასწეოდა, იქნებ არაფერიც ეკადრებინა რაფიელის იმ გამქიქებლისათვის, მაგრამ გარიდება ვამჯობინე, გზა ავუბნიე და ვუთხარი: აგერ, ახლა ტროლეიბუსით წავიდა-მეთქი.
ოცდაექვსი წლის ლადო ასათიანი კაი ხანია სამარეში განისვენებს, მაგრამ იგი ისეთივე ჭაბუკი და ახალგაზრდა დარჩა ჩვენს ხსოვნაში.
სინამდვილეში ლადო ახლა ორმოცდაათ წელზე მეტი ხნისაა, თანაც უკვე ბაბუაა. მისი ტყუპი შვილიშვილები – ეკა და მაკა – თითქმის იმ ხნისანი არიან, რა ხნისაც იყო – მამის დაკარგვისას მათი დედა – ლადოს ერთადერთი ასული მანანა.
მხოლოდ ლადო ასათიანისთანა სულით ვაჟკაც და მხნე პოეტს შეუძლია სამარის კართან მისულმა წარმოთქვას ასე მგზნებარედ:
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ...
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამქვეყანაზე!
ამიტომაც არის, რომ რაც უნდა მოწყენილი იყოს ადამიანი, როცა ხელში აიღებს და მღელვარებით გადაფურცლავს ლადოს გულში ჩამწვდომი და ლამაზი სიცოცხლით სავსე ლექსების წიგნს, გადაიკითხავს ან მართლაცდა “ასათიანურ” პწკარებს, მაშინვე სიხარულით, სიამითა და აღტაცებით გაუბრწყინდება სახე და ასე დარჩება დიდხანს, თანაც უცებ გადაეყრება შუბლიდან სევდა-ნაღველი, ისე როგორც სასტიკი ბუღის შემდეგ რიონის ხეობიდან მოდენილი გამაცოცხლებელი ნიავი ან ლადოს მშობლიური ლეჩხუმური ხაბარულა გაფანტავს და გადარეკს ვიწროებში ჩაწოლილ ნისლსა და ჯანღს, ხვამლის ქედზე ჯარჯარად მოდებულ ღრუბლების ქარავანს.
თავისი ხანმოკლე ცხოვრება ლექსითა და სიმღერით დაიწყო და ასევე ლექსითა და სიმღერით დაამთავრა. ამიტომ უყვარს ასე გულწრფელად ქართველ მკითხველს ლადო ასათიანი და მისი პოეზია.
მე ხალხს ვენდობი ყველაზე უფრო,
თუ მოეწონე, ძეგლსაც აგიგებს, -
თქვა მან ერთადგილას, ამ ძეგლს მტკიცე საძირკველი აქვს გადგმული ჩვენი სახელოვანი ახალგაზრდობის გულში.
ვისურვებ და ვინატრებ: მრავალი ასეთი სახელოვანი შვილის ძეგლი აღემართოს და ჰქონდეს ქართველ ხალხს სადმე: მთა-კორტოხზე წამოდგმული, გაშლილ მოედანზე ან ქუჩის თავში, აღმართის დასასრულს თუ ბაღ-წალკოტის შესასვლელთან მდგარი; ვისურვებდი: ამ ძეგლთა დანახვით სიძნელე გზისა გაუადვილდეს ახალი ქვეყნის მშენებელ ადამიანს და ცხოვრების უძნელეს ხვეულებში მიმოგზაურს, რომ თავდადებული შრომით და მედგარი ბრძოლით მოღლილ-მოქანცულმა ყოველმა ქართველმა კაცმა, ამ ძეგლთან ჩასვლისას, იგრძნოს შვება და სიხარული, შემდეგ კი ცისა და ბარის სადიდებელ ლოცვად თუ ჰიმნად სამგზის წარმოთქვას და შემდეგ მრავალჯერ გაიმეოროს ჩვენი დაუვიწყარი ლადოს სიტყვები:
გიმზერ და მჯერა, რომ ქართველობა
არასოდეს არ გადაშენდა!
უფრო ვრცლად წავიკითხოთ აქ –
http://publish.dlf.ge/vaxtangvi/ladoasatiani/nika__agiashvili.html