არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 იმირ მამედლი - Imir Memmedli

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

იმირ მამედლი - Imir Memmedli Empty
PostSubject: იმირ მამედლი - Imir Memmedli   იმირ მამედლი - Imir Memmedli EmptyThu Mar 24, 2011 3:49 pm

იმირ მამედლი - Imir Memmedli Imir_m11
Imir Memmedli

ზამთარი

წელს უსაშველო ზამთარი იყო,
თუმცა თბილოდა ერთხანს, თავიდან…
თოვლმა ენძელა რომ დაინახა,
დავბრუნდებიო,
თქვა და წავიდა.


იმირ მამედლი - İmir Məmmədli
მწერალი, დრამატურგი და მთარგმნელი

დაიბადა 1957 წლის 7 აგვისტოს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფაშიანში (იგივე კალოუბანში), მდინარე თეძამის მარცხენა სანაპიროზე. ამ სოფლის მახლობლად მდებარე სოფელ ზემო ხანდაკის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე (1975-1980).

თბილისში საცხოვრებლად 1980-იან წლებში გადავიდა. 1985 წელს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო რადიო და სატელევიზიო კომპანიაში, ამავე წლიდან არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ამასთან მუშაობდა გაზეთ „სოვეტ გუჯისტანის“ რედაქციაში.

1992-1996 წლებში იგი მუშაობდა კონსულტანტად და მრჩეველად საქართველოს პრეზიდენტის ოფისში, ხოლო 1996-2000 წლებში კი საქართველოს სახელმწიფო ბიბლიოთეკაში. შემდეგში დაწინაურდა რეგიონალური პოლიტიკისა და ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილედ.

ამჟამად არის აზერბაიჯანში საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომპანიის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების დირექტორი. ასევე აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის საქართველოს განყოფილების თავმჯდომარე.

იმირ მამედლიმ ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო საშუალო სკოლაში. წერა როგორც აზერბაიჯანულ, ასევე ქართულ ენაზეც. მისი ნამუშევრები ქვეყნდებოდა პერიოდულ გამოცემებში. მისი სამეცნიერო-პუბლიცისტური, შემოქმედებითი და მთარგმნელობითი საქმიანობა ასახულია ოცზე მეტ წიგნსა და ასამდე პუბლიცისტურ სტატიაში.

იმირ მამედლიმ პირველად თარგმნა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ აზერბაიჯანულად. ხოლო ქართულად თარგმნა წინასწარმეტყველ მუჰამედის სიტყვები, იუნუს ემრის ლექსების კრებული, აშუღ ალასკერის ნაწარმოებები და თანამედროვე აზერბაიჯანული პოეზიის ნიმუშები.

იმირ მამედლი არის: აზერბაიჯანის ინტელექტუალთა საზოგადოების საპატიო წევრი (1997), მსოფლიო აზერბაიჯანელთა კულტურული ცენტრის წევრი (1998), მსოფლიო აზერბაიჯანელთა საკოორდინაციო საბჭოს წევრი მსოფლიო აზერბაიჯანელთა I კონგრესზე (2001).

იმირ მამედლი რამდენიმე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორია. იგი თავის თხზულებებს ორ ენაზე, აზერბაიჯანულად და ქართულად წერს, შესაბამისად აზერბაიჯანულიდან ქართულად და ქართულიდან აზერბაიჯანულად თარგმნის.

მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია შვიდი სატელევიზიო და ორი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელთაგან ერთის ეკრანიზება სახელმწიფო შეკვეთით აზერბაიჯანში განხორციელდა, ხოლო მეორე თურქმა კინემატოგრაფისტებმა გადაიღეს.

აზერბაიჯანის თეატრებში სხვადასხვა დროს დაიდგა მისი ოთხი პიესა.

იმირ მამედლი საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. ნაყოფიერი მთარგმნელობითი მოღვაწეობისთვის 1997 წელს მიენიჭა მაჩაბლის პრემია, ხოლო 1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით (აღსანიშნავია, რომ იმირ მამედლიმ ორიგინალიდან თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“). იგი არის აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის სუამის პრემიის ლაურეატი.

იმირ მამედლი ცხოვრობს და მოღვაწეობს ბაქოში, ჰყავს ორი ვაჟი და სამი შვილიშვილი. იგი არის აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ექსპერტი.

წიგნები:
* ფიქრთაღრიცხვა (ლექსები), რედაქტორი ბესიკ ხარანაული, თბ. ინტელექტი, 2003
* ასი ლექსი, თბ. ინტელექტი, 2013

ქართულად თარგმნილი:
* მაგსად ნური - „ქალაქის მერი“ (რომანი), თბ., ინტელექტი, 2015
* აფაგ მესუდი - „თავისუფლება“ (რომანი), თბ., გამომცემლობა „მერანი“, 2019

სცენარის ავტორია ფილმების:
* გოგრა (2007 წ.)
* გულშემატკივარი (ფილმი, 2008)
* სოფელ გოვღალოს ღამეები (ფილმი, 2008)
* გართობა (ფილმი, 2009)
* მოდით, კიდევ ერთხელ ვიქორწინოთ (ფილმი, 2012)
* კიოსკი (ფილმი, 2018)
* მამალო ბაირამი (ამ ფილმს სცენარის მიხედვით „ორმაგი ცხოვრება“ ეწოდებოდა, 2018) თურქეთი

ბმული:
* https://ka.wikipedia.org/wiki/იმირ_მამედლი
* https://az.wikipedia.org/wiki/%C4%B0mir_M%C9%99mm%C9%99dli
* https://1tv.ge/elit/dominos-tamashi/
* https://www.lit.ge/books/5-155489-imir-mamedli/
* https://aztc.gov.az/ge/
* https://saba.com.ge/books/details/6914/
* http://old.radio1.ge/ge/videos/view/132483.html - VAJA PŞAVELA ,,QONAQ VƏ EV SAHIBI", Tercümə etdi:İmir Məmmədli
* https://aztc.gov.az/ge/posts/id:925
* https://www.facebook.com/imir.mammadov

study


Last edited by Admin on Thu Dec 26, 2019 1:07 pm; edited 27 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

იმირ მამედლი - Imir Memmedli Empty
PostSubject: Re: იმირ მამედლი - Imir Memmedli   იმირ მამედლი - Imir Memmedli EmptyThu Mar 24, 2011 3:53 pm

იმირ მამედლი

ფიქრში ზრუნვა

შენთან რომ ხშირად ვერ მოვდივარ ,
ნუ გამიწყრები.
ბოლოს და ბოლოს,
კაცმა ტაძარში
შეიძლება არ იაროს და
განუწყვეტლივ ახსოვდეს ღმერთი.


ზამთარი

წელს უსაშველო ზამთარი იყო,
თუმცა თბილოდა ერთხანს თავიდან…
თოვლმა ენძელა რომ დაინახა,
დავბრუნდებიო ,
თქვა და წავიდა.


პიესა

რა საოცარი ამბავი გახლავთ,
ფული რომ მქონდეს,
გეფიცები ,ამას დავდგამდი:
ვინც პირველ თავში უცოდველია,
მეორე თავში
დამნაშავედ გვევლინება
ყველა მათგანი


სიზიფეს ლოდი

მე ავიტანე სიზიფის ლოდი,
არ შემწევია ქედზე სატანა.
მაგრამ მწვერვალზე ის ვერ ვიხილე,
რისთვისაც ღირდა ლოდის ატანა.

მე ავიტანე და მტკაველ–მტკაველ
ზეცისკენ ავყე მაღალ მთა–გორებს.
ამაო ჯაფით გამწყრალმა ლოდი
იქით ფერდისკენ გადავაგორე.

ახლა ნახევრად ამაქვს და ვუშვებ,
ძირს ენარცხება ამომშრალ რუებს.
ასე სჯობია, დროს ხომ ვკლავ ლოდით,
თავსაც ვირთობ და ზევსსაც ვატყუებ.


ყველაფერი ქართული

წამოეპარა ქარი, ვით ქურდი,
მათხოვარი კი იჯდა, მღეროდა.
ქარმა მათხოვარს მოსტაცა ქუდი,
თუმც ორივ გახლდათ საქართველოდან.

ქართული ქარი, ქართულ მიწაზე
ქართველს ქუდს ჰპარავს, ჯერეთ ცარიელს.
იმ ქარს სხვა ქარი დაუხვდა გზაზე
ქუდი ფოთლებში არივდარიეს.

და სხვა ქართველი,ოღუნდ ახალი
გაჩნდა ქართულად დარდიმანდული,
ქართველ მათხოვარს ხითხით–ხარხარით
მუჭში ჩაუგდო ქართული ფული.

ქართული ცა და ქართული მიწა,
უძველესნი და უტყვი მოწმენი. –
ნისლი მათ შორის დარდივით იწვა
და საქართველო იყო მოწყენით.


ცხოვრება

ცეცხლი არ ჰქონდათ,
დარდს ჭამდნენ უმად.
ჭკნებოდა ხეზე ნაზი ფოთლები.
იყვნენ,
ცხოვრობდნენ
ფუსფუსით, ჩუმად,
და კორვალოლის ეწყო ბოთლები…



study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

იმირ მამედლი - Imir Memmedli Empty
PostSubject: Re: იმირ მამედლი - Imir Memmedli   იმირ მამედლი - Imir Memmedli EmptyThu Mar 24, 2011 3:58 pm

იმირ მამედლი

არშემდგარი დღესასწაული
(პოემა)

პირველად იყო… პირველად არის
ყველა სულდგმული ამ ქვეყანაზე.
ერთხელ თენდება, ერთხელ, პირველად
ყოველი დილა;
ერთხელ ღამდება ღამე ყოველი.
პირველად არის დღე დღევანდელი,
პირველად და უკანასკნელად,
ვით გუშინდელის მომავალი და ხვალეს
წარსული.

მათ ბავშვობაში არ უნერგავდნენ
არცა სიყვარულს, არცა სიძულვილს,
ამზე არც კი ლაპარაკობდნენ,
დღიურ სარჩოზე ზრუნავდნენ მხოლოდ,
ეს კი ისევე ბუნებრივი იყო იმათთვის
როგორც სიცოცხლე,
ანუ უბრალოდ უნდა ეცხოვრათ,
სხვა არფერი ევალებოდათ.
ეჰ, კაცმა რომ თქვას,
არც თვით ცხოვრება
იყო დიდად სავალდებულო,
თუმც საამისო სიტუაცია
იმთავითვე იყო შექმნილი,ვითარცა ჩარჩო სურათისათვის.
ყოველ ნაბიჯზე ყოველ ცისმარე
გზაგასაყარი ხვდებოდა მათაც.
არჩევანი ერქვა ყველა დღეს
და ყველა ღამეს.
პირველადა ხარ,
არ გაგივლია ამ გზაზე უწინ,
კაი ბიჭი ხარ, აირჩიე და
არ შეგეშალოს.
მით უმეტეს,რომ კაცი მონაა,
ტყვეა თავის არჩევანისა.

…მდინარის პირას გაშლილი ბაღი,
და ბაღში იბგნენ ვაშლის ხეები,
როგორც ხორცსავსე გლეხის ქალები,
გაზაფხულობით ერთობ საეჭვოდ
იბურებოდნენ ყვავილ –ფოთლებით.
და სამუშაოდ გამოსულთ არა,
საჭორაოდ და
ქვეყნის უფრო დასამშვენებლად
მოფენილს ჰგავდნენ ყვავილობისას.
… სოფლის ზეგანზე ბეტონის არხი
გაქვავებული გველივით გდია.
არხს ქვემოთ გრილი,
ჩუმი საღამო ჩამოწოლილა.
საღამოს ბინდში ზის ქალ–ვაჟი,
რომლებიც წეღან
მოზღვავებულმა
ვნებამ აქეთკენ გამოიყოლა.
გოგო მზად არის ყველაფრისათვის
მხარზე დადებულ ხელით ჭაბუკმა
ოდნავ ებიძგოს,
წამოუწვება რათა იდინოს,
ვით არხში წყალმა
გოგოში ვაჟის ნება–სურვილმა.
ყმაწვილმა იცის ეს ყველაფერი,
მაგრამ არ იცის,
რა მოუხერხოს,მერე რა უყოს
ყაყაჩოსავით გულგაშლილ გოგოს.
აქვე? ამ წუთში?
და მერე როგორ? და რანაირად?
ეჰ,ბიჭი როგორც ახალშლბილი
ისე არის ამ ძველ საქმეში.
ესეც არ იყოს,
ძალზე ცუდია,
როცა საომრად,
რაღაცის ძალით მოსაპოვებლად
ხარ განწყობილი,
და უბრძოლველად
გნებდებიან, გყაბულდებიან.
რაღა უნდა ქნა
მოულოდნელად გეგმაშეცვლილმა,
გაწბილებულმა?
ქვემოთ სოფელი ემზადება
დასაძინებლად,
ვაშლის ხესავით განტოტვილ ცოლებს
სურვილშეპარვით უყურებენ
ახლა გლეხკაცნი.

…დღიურ ჯაფაში ქანცგაწყვეტილი
გლეხკაცებივით
დაგვალული მთა–გორაკები,
ზედ ბალახიც რომ აღარ იზრდება
თუნდაც ცხენის ფაფრის სიმაღლე.
არამედ ყველაზე ჭარბ ადგილებშიც
ვირის ბალანს არ აღემატება.
თითქოს უფალსაც ვერ გაემეტოს,
მოკლედ მოჭრილი ველები გდია
მთა–გორებს შორის.
ერთ ასეთ ველზე,ზედ მთის ფერდობთან
მსხვილ პალოზე და დაძენძილ თოკზე
გამოუბამთ სახედარი – დედალი ვირი.
სოფლის ბიჭები უტრიალებენ ვირს
შორი ახლო.
სახედრის კდემა,და ბუზების მოგერიება
მოსვენებას აკარგვინებს ამ ვირმუსუსებს.
მართლაც კუდს ისე
მსუბუქად და ბუნებრივად აიქნევს
ხოლმე
თითქოს ნიავმა კაბის კალთა აუფრიალა.
და პირველვნების მაგარი თოკით
ბიჭებიც მამალ ჩოკინებივით
ემბევიან მოუთოკავ ჟინის პალოზე…
ამას ვირიც გრძნობს. ოდნავ შემკრთალი
პალოს ისე უტრიალებს,ვითარცა ქალი
ყოყმანს და სურვილს.
ვირს სუნიცა სცემს მათი განზრახვის,
და არ იცის რა დაარქვას ამ ყოველივეს,
ნამდვილი საფრთხე თუ სიყვარული…
ბიჭებს აზრადაც არ მოსდით,რომე
ახლა,ამ წუთში საიდანღაც
სოფლის კეკლუცი გოგონები
უთვალთვალებენ,
გულის ფანცქალით ელოდებიან,
რით დამთავრდება ესე ამბავი –
საქორწინო რეპეტიცია.
აჰა,ბექობზეც მიაყენეს და …
ჯერ ტანმოკლენი, ვირს ვერ სწვდებიან,
როგორც ოცნებას ვერ შესწვდებიან
მერე უამრავს.
შეარჩიეს სხვა ბექობი უფრო მაღალი,
ერთი მათგანი მყის მოემზადა
სასიყვარულო საცერელისთვის.
რაა ამაში გასაკვირი, თუ ის მინდორი
სასიყვარულო სარეცელივით იყო გაშლილი.
ო,მაგრამ ამ დროს,
ო,სწორედ ამ დროს,
როგორც ხდება და როგორც იყო მოსალოდნელი,
უცებ გამოჩნდა ვირის პატრონი
და ხელში სახრით გამოქანდა იმ ადგილისკენ,
სადაც უნდა შემდგარიყო
პირველი ვნების დღესასწაული.
და კაცი იგი ისე მორბოდა,
გეგონებოდა საქმე ეხება არა დედალ ვირს,
არამედ მის ცოლს,ანდა ქალიშვილს.
დაფრთხნენ ბიჭები და დაიფანტნენ
ქვანასროლი ბეღურებივით.
სახედარი კი სანამ პატრონს დაინახავდა
და ვითარებას მიხვდებოდა ვირის გუმანით,
სახტად დარჩა ,როგორხ როსკიპი
მთლად უმიზეზოდ მიტოვებული.
კაცმა იფიქრა,
მაგათ მაინც ვერ დავეწევიო,
და დაბმულ პირუტყვს პატიოსნად ჩამოყუდებულს
ის სახრე სამჯერ გადაუჭირა,
აქაოდა, უკნიდან მომდგარს
ტლინკები რატოს არ აყარეო,
ვით ნამუსიან
მდედრს შვენის და მოეთხოვება.

… „ ფეხზე მკიდია მამიდა,
თუ ღამის ფილმი მამინდა!“ –
ესა თქვა ბიჭმა გულში ხმამაღლა,
მერე იგივე გაიდევიზა
და მიუცუქდა მამიდას ასულს.
მთლად გავითოშე,
გავთბები და წამოვდგებიო.
სანამ ესენი ტელევიზორს მისჩერებოდნენ,
და სანამ ბიჭი მამიდაშვილს მიუწვებოდა,
იქით ოთახში მამიდამ და მამიდას ქმარმა
ყველა საქმე მოითავეს და ტკბილ ძილს მიეცნენ,
როგორც ქვეყნის და
იმ დღის წინაშე ვალმოხდილები.
საწოლი ძლიერ ხმას გამოსცემდა
გვერდის სულ ოდნავ მონაცვლებაზეც,
ეტყობა ძალზედ მოძველდა იგი
მრავალწლიანი ზეწოლისაგან.
მამიდის ქმარს კი ორ დღეში ერთხელ
შეუძვრებოდა ხოლმე ის ბზიკი,
რომელსაც უნდა უმადლოდეს კაცობრიობა
თავის სიმრავლეს.
იმ ოთახიდან დრო გამოშვებით
ერთობ ცინცხალი ამბებივით გამოღწეულმა
ღამის ჭრიალმა უფრო აღაგზნო
ტელე – ეკრანს მიჩერებული იგი ყმაწვილი
და თუთასავით კერტმწიფე ქალი.
ამიტომ იყო,
შემცივდაო, – მაჭანკალივით მიუგდო ქალსა, –
გავთბები და წამოვდგებიო.
გოგონამ გვერდზე გაიწია და
რასა შვრებიო, მაინცა ჰკითხა.
არაფერსაო,
გავთბები და წამოვდგებიო,
ბიჭმა ისევ ჩაიბურდღუნა.
ერთი პირობა გაიტურნა ისე, ვითარცა
უცხო უცხოს ცეცხლს მიფიცხული.
ქალი ხვდებოდა რაც ხდებოდა,
გნოლივით იწვა განაბული და
ელოდებოდა,
ანუ შვრებოდა იმის მაქსიმუმს
რაც შეიძლება გააკეთოს ქალწულმა ამ დროს.
ბიჭს აუვარდა კანკალი მართლაც,
მაგრამ თავად ვერ გარკვეულიყო
სიცივის ბრალი იყო თუ უფრო
მეტისმეტი სიმცურვალისა.
მერე ვითომდაც გვერდი იცვალა,
შეტრიალდა გოგონასაკენ.
ვითომ გოგომაც ისე, შემთხვევით,
იცვალა გვერდი
სახით ბიჭისკენ შემოტრიალდა.
ეს ყველაფერი ხდებოდა ჩუმად,
ხმის გაუღებლად, ვითარცა ყველა
მნიშვნელოვანი და დიდი საქმე.
და აი მაშინ, მაშინ პირველად
მიადეს ერთურთ ორი სხეული,
ოღუნდაც ხელით
( ესეც უნდა აღინიშნოს, თუ სიმართლეა),
არ შეხებიან ერთი – მეორეს.
მიეტმასნენ და გაინაბნენ ერთი პირობა,
სხვა არაფერი.
სხვა არაფერი მათ არ უქნიათ,
ვერც გაბედავდნენ და არც იზამდნენ
და ვერც იზამდნენ
უცოდველობის მიზეზით მხოლოდ.
და ასე იდგნენ სანამდის ბიჭი
დაიცლებოდა სურვილისაგან,
როგორც უეცრად
წაქცეული კოკა, ან ბოთლი.
მერე კანკალმაც გაუარა და
გავთბიო, თქვა და წამოდგა ვითომც
აქ არაფერი მომხდარიყოს მნიშვნელოვანი,
თანაც იმგვარად მოხდა ყოველი
მზერა წუთით არ მოუწყვეტიათ ეკრანისათვის, –
„ ოთხი ტანკისტის და ერთი ძაღლის“
ბოლო სერია გადიოდა სწორედ იმ ღამეს.
გოგოს მამას კი იმ წამ– წუთებში
ესიზმრებოდა ასული თვისი, –
ის სიფრიფანა ცისფერ კაბაში
მიმოდიოდა ყვავილნარში და ვარდებსა კრეფდა.
ფილმიც დამთავრდა,
როგორც პირველი ღამის ამბავი,
მაგრამ ბიძაშვილ – მამიდაშვილს ისე გაუტკბათ
ღამის ფილმები,
რომ ერთხანობას სისტემატურად
ეფიცხებოდა უცხო სხვის კოცონს.
გოგოს მამა კი დილით მეუღლეს ეუბნებოდა:
„ ბოლო ხანებში ამ ჩვენს ასულზე
ერთობ სანატრელ სიზმრებსა ვხედავ,
გუმანითა ვგრძნობ,
ძალიან კარგად აუხდებაო…

… აგერ მოდიან, შინ ბრუნდებიან
ფილმნაყურები სოფლის ბიჭები.
ძლიერ გავლენას განიცდიან იქ ნანახისას.
როგორ ჩხუბობდა ბრუს ლი და შაკა!
როგორ ურტყამდა, უბრაგუნებდა!.. –
კაცს რომ სიზმარი გამოჰყვება ცხადში ცხადივით,
იმ გვარად მოსდევთ ფილმი სახლამდე.
მაგრამ სახლამდე , ზედ გულისყურზე
სულ უმიზეზოდ
წააქეზეს ორი ძმაკაცი ვიგინდარებმა:
შენ რომ გიყვარს, ის
ამასაც უყვარს;
ამას რომ უყვარს,იგი შენც გიყვარს…
მყის შეეჯახა ორი ლტოლვა და სიყვარული
ერთი მეორეს,
აითქვიფა ერთმანეთში და
სიძულვილად და ქიშპობად იქცა.
დასცხეს ბიჭებმა, დასცხეს ერთმანეთს…
აი მიზანი:
იმას ამაში,ამას იმაში
უნდა ჩაეკლა სიყვარული იმ ქალისადმი.
დამარცხებულს კი უნდა ეთქვა,უნდა აღეთქვა
აღარც მიყვარს და არც არასოდეს მეყვარებაო.
ბოდიშიც უნდა მოეხადა
ამასწინდელი სიყვარულისთვის,
ვმთარცა ერთობ ცუდი ფიქრისთვის,
ან საძრახისი საქციელისთვის.
და თუ იმასაც დაამატებდა, მეჯავრებაო,
მთლად უკეთესი.
ურტყეს ბიჭებმა თავგამეტებით ერთიმეორეს,
როგორც პატრონი ურტყამს უდროოდ
აღგზნებულ მოზვერს,
ურტყამს იმიტომ,
რომ დეკეულა დაინახა და
დაფუზარავდა.
პატრონის აზრით,
როგორც არ უნდა სწრაფად გარბოდეს
გიჟი მოზვერი,
დროს არ უნდა გაუსწროს მაინც.
ურტყეს ბიჭებმა ერთი – მეორეს, უბრახუნეს ერთ–ურთს თავები,
როგორც თოხლებმა
ყოჩობამდე რომ ეცილებიან
ასახურებელ შიშაკებს ერთურთს.
ურტყეს ბიჭებმა ერთმანეთს თავში,
ჯიბეებიდან ამოუვარდათ
ათასი რამე, ბევრი წვრილმანი –
ბიჭთა სამყაროს კუთვნილება და ატრიბუტი.
თავებიდან კი ამოუგდეს
ქალის ტრფიალი ერთი– მეორეს.
ურტყეს ბიჭებმა,
ივაჟკაცეს ქანცგაწყვეტამდე,
ბოლოს და ბოლოს სასწორი ოდნავ გადაიხარა,
ჩაიშალა უცებ ყაიმი,
რომელიც უკვე გამოდგებოდა
მომავალი ჩხუბის მიზეზად.
ერთმა დაჯაბნა და დაჯაბნილა
მოგვიანებით ამბობდა ხოლმე,
ეგ არ ეწევა,
მე კი სიგარეტს სიგარეტზე რომ
ვქაჩავ და ვქაჩავ,
აღარ მეყო დიხანია და ვერ გავქაჩეო.
და დაჯაბნილმა ამოსძახა თითქმის ხრიალით,
გოგოსა ვკთხოთ,
გოგომ თვითონ გადაწყვიტოსო,
და თქვას, ვინ უყვარს, ვინ ურჩევნია?
გამოსავალი ნახეს ბიჭებმა,
რომელიც ჩხუბის ჩამოგდებამდეც
ივარგებდა გამოსავალად;
რა უყონ, თავში არ მოუვიდათ.
ნაცემ თავში კი რა არ მოგივა?!..
მაგრამ ჩხუბში გამარჯვებულმა
შეიძლება ცხოვრებაში დამარცხება იწვნიოს ბევრი,
საერთოდაც დამარცხდეს ბოლოს,
როგორც მოითხოვს წესი და რიგი…

… ზის გაკვეთილზე ბიჭი, რომელსაც
ფეხსაცმლის ქიმზე დამაგრებული
სარკე წაართვა მასწავლებელმა.
დღეს მისაღები ტერმინით რომ ვთქვათ,
რაც გაკვეთილის განწყობასაც ესადაგება,
სანამ სარკეს კონფისკაციას გაუკეთებდნენ,
ბიჭი უჩუმრად წინ იშვერდა სარკიან ფეხს და
იმახსოვრებდა,გულში იბეჭდდა
თანაკლასელი გოგონების ნიფხავთა ფერებს.
ზის გაკვეთილზე ნირ წამხდარი,
უსარკო ბიჭი
და ფანტაზიის უსაზღვრო ველზე
ტანჯვა წამებით
კლავს ისტორიის მასწავლებელსა.
ხან კულიკოვის ბრძოლაში ხვდება,
ჯერ დიდხანს ებრძვის,
მერე ხმალდა –ხმალ მისდევს პედაგოგს,
წამოეწევა და მყის აკუწავს
სარკისწამრთსეველ მოსისხლე მტერსა.
ხან ბრესტთან შეყრის ბედი პირისპირ,
ყუმბარას ესვრის,
ძაღლებს მიუგდებს საჭმელ – საჯიჯგნად
მასწავლებელი ქალის ნაფლეთებს.
მერე ყველაზე მიმზიდველი თანაკლასელი
გოგონას ნიფხავს შაშხანას წვერზე
ააფრიალებს როგორც ბაირაღს,
„ ურას“ ძახილით წინ გაიჭრება.
ხან რაიხსტაგთან
ზედ კიბეებზე ჩაცხრილავს, როგორც
გერმანელ რადისტს – ბოლო ფაშისტ ქალს.
და ხუთოსანი თანაკლასელის
ვარდისფერ საცვალს
რაიხსტაგზე ააფრიალებს…
ზის გაკვეთილზე
ნირ წამხდარი უსარკო ბიჭი,
უცებ ზარის ხმა ისმის, რომელიც
ნიშნავს ბრძოლის და
გაკვეთილის მორიგ დასასრულს.
სანამ შემდეგი გაკვეთილი დაიწყებოდეს,
იმასაც დავძენ, რომ მასწავლებელს
გულის სიღრმეში
ფეხსარკიანი ბიჭი უფრო ურჩევნია
ფრიადოსან და მუყაით ბავშვებს.
ამას დროდა– დრო გალანძღავს მაინც,
გარეთ გააგდებს
და იგრძნობს თავის ძალაუფლებას;
ბეჯით ბავშვებს კი აბა რას ეტყვი,
ისე სწავლობენ და სანიმუშოდ იქცევიან, რომ
სიტყვის თქმის საბაბს არ მოგცემენ მამაძაღლები,
შენ თავს ერთხელ არ გაგრძნობინებენ.
ეჰ,ეგეთები გინდა გყოლია,
და გინდა არა.
აჰა, დამთავრდა შესვენება,
ზარის ხმა ისმის,
როგორც მორიგი ბრძოლის მაუწყებელი.

…რა საოცარი ამბავი მოხდა,
ოჰ, საოცარი და ტრაგიკული:
ღამით ბოსელში შემძვრალ– შეპარულ და შეღწეულმა
ორმა გლეხკაცმა,ვით ორმა მგელმა
თხა,თხა მოჰპარა მესამე გლეხსა.
მთელი სოფელი შეძრა ამბავმა პირველქურდობის,
თხისმომპარავნი
შეიცვალნენ ხალხის თვალში, წარმოდგენაში,
განიცადეს უეცარი მეტამორფოზა
და იქცნენ სხვებად, სხვა სხეულებად
ისე მოჩანდნენ სოფელში როგორც
ძველ ტანსაცმელზე დაკერებული უცხო ნაჭრები,
რომელთა მსგავსზეც
თხისმპარავთაც კი
ყურმოკვრით თუ გაეგონათ
თხის მოპარვამდე.
თხის ქურდებს თხები თავადაც ჰყავდათ,
მაგრამ ეს ისე უნებლიედ მოცდა იმ ღამეს
პოეტი პოეტს სტრიქონს რომ პარავს.
მეორე დღესვე დაეკლათ თურმე, როგორც თავისი
ხელით მოვლილი, ნაპატიევი, და ექეიფათ,
თანაცაო ლუდს აყოლებდნენ,
რომელიც თურმე თხისავ ფულიდან
გადანახული ეყიდა ერთ–ერთს,–
გასულ კვირა დღეს სოფლის ბაზარში
გაყიდული თავისი თხისა.
სოფლის საბჭოში
შედგა პირველი სასამართლო ამა სოფლისა.
თითქოს სოფელი თვისსავ თავს ასამართლებდა,
ნიაღვარივით დაიძრა ხალხი
საბჭოს ძველი შენობისაკენ.
მთელი სოფელი სულის სიღრმემდე იყო შეძრული,
როგორც თხის ფარა,
ჰაერით რომ გრძნობს მგლის ნაბიჯ–ნაბიჯ მოახლოებას.
ასეთი რამე მხოლოდ ფილმებში თუ ენახათ და
ისიც მეზობელ სოფლის ძველ კლუბში,
სადაც ინდური გრძელი ფილმები
გადიოდა კვირაში ერთხელ საღამოობით.
ჩვენში დარჩეს და
ქურდბაცაცობა ,თუ სხვა წვრილმანი მამაფაღლობა
ამ სოფლისათვის უცხო არ იყო.
როგორც ნორმალურ,განვითარებულ ყველა სოფელში,
ქათამს, ინდაურს, ბატს ჰპარავდნენ ერთი მეორეს,
იყო შემთხვევა, თხაც მოუპარავთ,
მაგრამ მტაცებელს აბრალებდნენ მეორე დილით.
გულში უწყოდნენ, ვინ რა ჩიტია,
მაგრამ ამ ჩიტებს არას ერჩოდნენ…
და არ ენახათ დღემდე ტუსაღი
თანასოფლელი.
აგერ მოადგა საბჭოს შენობას რუხი მანქანა –
სულისმხუთავი უბედურების მაუწყებელი,
რომლის წინაშეც ქვეშეუცნობლად სულ ყველა თრთოდა,
და დამნაშავედ მიაჩნდა თავი ავანს თუ ჩავანს,
და ამავე დროს უხაროდათ,რომ
იმდენად იყვნენ ალა–მართალნი,
რომ ეს კმაროდა სხვისი განსჯისთვის…
ძირს ჩამოყარეს ხელებგაკრული, გაფითრებული,
სხვადქცეული მათი ორი თანასოფლელი.
და გულში ჩუმად
შეაჩვენეს მომჩივანი – პატრონი თხისა,
ხომ შეეძლო–ო იმ შეჩვენებულს
მგლისთვის გადაებრალებინა ის,
რაც მგელს ახლა არ ჩაუდენია,
მაგრამ ჩაიდენს ნებისმიერ უკუნ ღამეში.
თუმცა ორივე დასასჯელია,–
იმ ფიქრს ამასაც მიაყოლებდნენ,
ვით პურის ლუკმას თხის ყველის ნამცეცს.
სასამართლოზე
საბჭოს ყველაზე მლზრდილ ოთახში
ნემსი აგეგდო, იატაკხე არ დავარდებოდა.
მოსამართლემ თქვა,
თხის ქურდი, ხალხნო, უარესია
ნემსის ქურდსა და აქლემის ქურდზე.
ორ–ორი წელი მიუსაჯა ამიტომ იქვე,
და სოფლის თვალწინ,
ორი წლით კიდევ განამტკიცა მან
ორი სოფლელის მეტამორფოზა,–
უცხოდ გარდაქმნის მძიმე პროცესი.
ეჰ, ორი წელი, – ისე სათქმელად იოლი კია,
აბა ორი დღით მოშორდი ოჯახს,
მოსწყდი საქმეს და სამუშაოს;
დღემდე ზედი–ზედ
ორი კვირით არ წასულან სადმე…
ხალხში ვიღაცამ უნებლიედ ჩაიბურტყუნა:
აბა, თხის ხორცის მონელებასა
ორი წელი რად უნდა,კაცო!
მოსამართლეს კი თავი ისე ეჭირა თითქოს
ორი საათით აგზავნიდა
ტყეში შეშის ჩამოსატანად.
ორ–ორი წელი! – როცა ესა სთქვა,
სოფელი შეკრთა და შეჩოჩქოლდა.
და ამ ჩოჩქოლზე იყო რომ საბჭოს
თავჯდომარეს თვალი გაექცა
ერთ–ერთ ტუსაღის თვალცრემლიანი,
ორი წლით იქვე დაქვრივებული,
ახალგაზრდა მეუღლისაკენ.
ეს ქალმაც იგრძნო,
ლამაზი თავი ისე ჩაქინდრა,
ვითარც სჩვევეიათ მკერდქორფა ქვრივებს,
და იატაკი ფეხქვეშ, როგორც ქურდს
სხვის ბნელ ოთახში, ისე საზარლად აუჭრიალდა.
აუჭრიალდა მერე საწოლი
ორი წლით ოხერს, ქმარმოკლებულსა,
ეჰ,ათასყურა და ათასთვალა
სოფელს რაიმეს გამოაპარებ?!
სოფელმა იგრძნო ,გუმანით მიხვდა,
და მიიტიანა ეჭვი სოფელში
ყველახე დიდ და მისაბაძ კაცზე…
ვიღაცამ მწარედ გაიქილიკა,
საბჭოს სხდომებს იქა მართავსო,
ტუსაღის სახლში; მეორემა სთქვა,რაღა მარტო იქ,
კაკლების ქვეშაც არ თაკილობენ
გასვლით სხდომებსა.
მესამემ,აბა რას ერჩით კაცსო,
იქ მოპარული თხის რქას ეძებსო…
სანამ იქ საბჭოს თავჯდომარე
თხის რქას ეძებდა
იმ ორმა წელმაც ჩაიარა ჭრია–ჭრიალით,
და ნატუსაღარ– ნათხისქურდალნიც
სულ სხვა იერით და სხვა გაგებით
დაუბრუნდნენ მშობლიურ სოფელს.
ერთმა სუფრაზე შესძახა კიდეც,–
„ დაკარგული შვილი შენი მოვედი!“– მყისვე
ხმამ გაარღვია ფანჯრები და გარეთ გავარდა
სატუსაღოდან გაქცეული პატიმარივით.
გარეთ ვიღაცამ ჩაიბურტყუნა,–
„ ნეტავ, სულაც არ მოსულიყავი!“–
და ეს აღმოჩნდა სოფლი პასუხი.
სოფელმა ვეღარ შეისისხლხორცა
ნატუსაღარი თვისი შვილები,
მიიკერა ძველ ტანსაცმელზე
უცხო ნაჭერი.
და შიშნარევი რიდი გაუჩნდა
სოფელს მათ მიმართ.
მხოლოდ წყაროსთან
ბირჟაზე რომ გამოჩნდებოდნენ,
იქ ბიჭ–ბუჭები შემოერტყმოდნენ ხოლმე გარშემო,
ფხვიერა მიწა
ტალახნარევ წყალს რომ იჟღინთავს,
ისე ისმენდნენ და ისრუტავდნენ
მეხსიერების სულ ყველა შრეში
ნატუსაღართა საგმირო ამბებს,
რომელთაგანაც უმრავლესობა
ადგილზევე ითხზვებოდა და
იქცეოდა მაგარ სიმართლედ.
თუმცა სიმართლეს
ტყუილი თუ არ გაერია,
როგორც ფქვილს წყალი,
ვერ გამოაცხობ
ყველასათვის სარწმუნო კვერებს.
საყოველთაო სიმართლე კი ის იყო კიდევ
გასვლით სხდომებს და სოფსაბჭოს კრებებს
კვლავაც ჩუმ–ჩუმად
აგრძელებდნენ თავჯდომარე და
ნატუსაღარის ლამაზი ცოლი.
ნატუსაღარის ცოლობისა, თუ
ორმაგი მოვლა –ალერსის გამო
უფრო დამშვენდა და კიდევ უფრო
ცეცხლმკიდი გახდა ქურდის მეუღლე.
სოფელში ისე ვერ გაივლიდა,
უკან ძაღლივით არ გაჰყოლოდა
მამაკაცთა მსუნაგი მზერა.
მაგრამ ძაღლებმაც ვერ შეაკავეს
ციხის კედლებში გამოლესილი
შეუპარავი სულისკვეთება.–
თითქმის ყოველღამ
თითო ბოსელ იძარცვებოდა.
ხან ნაქურდალით ქეიფობდნენ დაუფარავად,
ხანაც ყიდიდნენ და მდიდრდებოდნენ,
რაც ნათლად ჩანდა
მათი ცოლ–შვილის ჩაცმულობაში,
სიტყვა–პასუხში
და ნაპატიებ მიხვრა–მოხვრაში.
როგორც მტაცებლებს სჩვევიათ ხოლმე
თანმიმდევრული გათამამება,
ზოგჯერ სახლების ძარცვაძაც არ ერიდებოდნენ.
თავზე ცოლების ნაქონარი ჩულქები ეცვათ,
ერთი შეხედვით სპეცრაზმელი გეგონებოდა;
მთელი ეშხიც ხომ იმაში არის,
როცა ქურდსა და ყარაულს შორის ,
როცა ცოდვილს და უცოდველს შორის,
და როცა, მტყუან– მართალს შორის
არ არსებობს რამე კონტრასტი,
და ყველა ზღვარი ისე იშლება,
ვით წვიმის შემდეგ თხის ქურდის კვალი.
გაქურდულებსაც ხელს აძლევდა ეს ვითარება,–
ვითომ ვერ სცნობდნენ თავჩულქიანებს,
რახან სიტყვასაც ვერ უბედავდნენ,
მგელს აგინებდნენ
და საიდანღაც გადმოსულ ქურდებს.
მხოლოდ ტუსაღის ლამაზი ცოლი
მორიგი შეხლა–შემოხლისა და
ოჯახური დიდი ჩხუბის დროს
გამწარებული მიაძახებდა ხოლმე თავის ქმარს,–
„ ყველაფერს ვიტყვი,
ვიცი ის ვისი ძროხა იყო და ვისი კამეჩი,
ვისი ვიდეო–მაგნიტოფონი, ვისი ბეჭედი!…
საქვეყნოდ ვიტყვი თავს ისე მოგჭრი
რომ ვერ მოირგო ვეღარასოდეს.“
მეზობლები თვალს იბრმავებდნენ,
ყურს იყრუებდნენ,
ალბათ ამიტომ,
ქურდის ცოლიც ამაზე იქით არ მიდიოდა.
ანუ როგორც ის თავად იტყოდა,
დაუკრეფავში არ შედიოდა.
მხოლოდღა ერთხელ სოფლის თავკაცმა,
დიახ,სოფსაბჭოს თავჯდომარემა,
შინ რომ დაეცნენ ჩულქჩამოცმულნი,
ძსაკაცს გაანდო:
“ ვიცანი კაცო, თავზე ჩემივე
ფულით ნაყდი ჩულქი ეცვაო,
ორიოდ თვის წინ ჩემი ხელით რომ
ვაჩუქე მაგის ბოზანდარასო!..“
ეს ხმა სოფელში ისე დაირხა,
როგორც ნიავი,თავის მერე რომ
კვალს არა ტოვებს…
ნეტავ,ის თხა რომ შემოეპარათ,
და მოპარული ლუდის მიზეზით
მეორე დღეს რომ შემოეჭამათ,
არ გაემხილა თხის პატრონს ნეტავ,
არ ამოეფქვა სიმართლე,ანუ
საღერღელ აშლილს
არ მიეტანა ეჭვი მანამდე
უცოდველ ხალხზე.
მგოლისთვის , ტურისთვის დაებრალა და…
ესენიც აღარ გაფუჭდებოდნენ,
როგორც დიაცი,
რომელსაც რახან ერთხელ წაასწრეს,
მერე აეშვა…
ბჭობდა სოფელი, ნაობდა კიდეც,
მაგრამ დროს ვეღარ შემოაბრუნებ,
სინდის–ნამუსიც თხა არ არის, რომ
დაუბრუნო თავისავ პატრონს…
და ღამის მშფოთვარ ძილში სოფელი
თხის პატრონს უფრო ემდურებოდა,
ვინემ თხის ქურდებს…

…დაბეჯითებით ვერ გეტყვით, მაგრამ
გამორიცხული არ არის სულაც,
ღამის წყვდიადში არხს ქვემოთ მჯდარი
შეყვარებული გოგონა იყოს
ნატუსაღარის ლამაზი ცოლი;
ან მორკინალი ორი ბიჭუნა
მერე თხის ქურდად ექცია იღბალს;
არც ის არ არის გამორიცხული
რომე სოფსაბჭოს თავში მჯდომარედ
გარდაქმნილიყო
ფეხსარკიანი მებრძოლი ბიჭი;
ან მოსამართლე გამხდარიყო ყმაწვილი იგი,
ვირს რომ მიადგა მაღალ ბექობთან;
ან რომ მიუწვა მამიდას ასულს,
ის ყოფილიყო იმ თხის პატრონი,
ენდა ერთ–ერთი ნატუსაღარი;
ან კარგად ჩამთბარ–ჩათბუნებული
მამიდაშვილი ყოფილიყო ის დედაკაცი,
ვინაც შენიშნა
თავჯდომარის ღამეული სხდომა – კრებები
და როგორც ქარმა ფშატის სურნელი,
მოჰფინა სოფელს…
ეჰ,რა გამოლევს ასეთ ვერსიებს,
მითუმეტეს,რომ
ვერაფერს გეტყვით დაბეჯითებით.



study


Last edited by Admin on Mon Dec 23, 2019 2:41 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

იმირ მამედლი - Imir Memmedli Empty
PostSubject: Re: იმირ მამედლი - Imir Memmedli   იმირ მამედლი - Imir Memmedli EmptySun Mar 24, 2019 12:18 pm

იმირ მამედლი

წავიდა ომარ თურმანაული...

წავიდა ომარ თურმანაული, გაიყოლა არაჩვეულებრივი სამყარო, რომელსაც გულით დაატარებდა. მისი მეგობრები ვართ ამ სამყაროში ნამყოფი და ამის მერე ყოველთვის მოგვენატრება. მე მიძღვნითი ლექსების ოსტატი არა ვარ, თუმცა ომარი ისეთი პოეტური საღერღელის ამშლელი პიროვნება იყო, რომ სხვადასხვა დროს ორი ლექსი ვუძღვენი. (ვფიქრობ ამ ლექსების გახსენებაზე უკეთ ვერაფრით დავემშვიდობები ჩემს ძვირფას მეგობარს) აი ის ლექსებიც:

***
აქა გნახე მაშინ შენი
ორი ცოლის თანხლებით,
ორივ შენებრ გამხდრები და
ორიივ შენებრ მაღლები.
ვითომდაც ვერ შეგამჩნიე,
ჩაგიქროლე ქარივით,
ორი ფიქრი ჩამრჩა გულში
შენი ორი ქალივით:
ეს რა ვქენი მუსლიმანმა
ჩემ ქრისტიან მეგობარს
ავერიდე,-- საძრახისი
სატანჯველად მეყოფა;
თუმცა ის სჯობს, გულს ჩავუქრო
სახიფათო დენთები.
აქ ჩავლისას მუდამ ორი
ცოლით გამახსენდები.

ომარ თურმანაული აფხაზეთის ომის მონაწილე იყო და მეორე ლექსი ომიდან დაბრუმებულს დავუწერე:

***
გამარჯობა, ჩემო ძმაო,
გამარჯობა, ომარ.
მითხარ, ბიჭო, ხომ არ მოგკლა
წეღანდელმა ომმა?
მითხარ, სხვად ხომ არ დაბრუნდი
სხვად წასული კაცი?
ეგრე თუა, სად გეძებო,
სად მოგაგნო აწი?
გათამამდა სიკვდილი და
ნახე, როგორ ანცობს...
ჯინს ბოთლში ვინ დააბრუნებს,
ვინ დააცობს საცობს!?

გამარჯობა, ჩემო ძმაო,
გამარჯობა, ომარ.
ცოცხალს ეჭვით გეკითხები,
ხომ არ მოგკლა ომმა?

უფალმა თავისი ნათელი არ მოაკლოს ომარ თურმანაულის სულს.

2019 წლის 24 მარტი.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

იმირ მამედლი - Imir Memmedli Empty
PostSubject: Re: იმირ მამედლი - Imir Memmedli   იმირ მამედლი - Imir Memmedli EmptySat Dec 21, 2019 10:41 am

იმირ მამედლი - Imir Memmedli Imir_m10

იმირ მამედლი

100 ლექსი

ISBN: 978-9941-446-28-3
კატეგორია: 100 ლექსი
გვერდები: 120
ფორმატი: 14.8x21
ყდა: რბილი
ფასი: 5.40

„იმირ მამედლი, აზერბაიჯანელ-ქართველი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე უნიკალური მოვლენაა დღევანდელ კავკასიაში. აღზდილი ორი ენის, ორი ლიტერატურის ტრადიციებზე, იგი, იმავდროულად, ორმაგი ერთგულებითაა აღვსილი – მთელი არსებით ემსახურება ორ სამშობლოს, ორ ენას, ორ პოეტურ სტიქიასა და ორ კულტურას.
სწორედ ამიტომაც ძალზედ მნიშნელოვანია იმირ მამედლის საზოგადოებრივი მოღვაწეობაც. დღეს ასეთი შეუბღალავი რეპუტაციის პიროვნებას ბევრი რამ შეუძლია და ბევრსაც იღწვის, იღწვის ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებისათვის.
გამოჩენილმა აზერბაიჯანულმა და ქართველმა პოეტმა იმირ მამედლიმ მეოცე ასწლეულის მიწურულს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ აზერბაიჯანულად თარგმნა, რომელიც უშუალოდ ორიგინალიდან შეასრულა“ – ვკითხულობთ კრებულის შესავალში, რომელიც ბესიკ ხარანაულს ეკუთვნის.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

იმირ მამედლი - Imir Memmedli Empty
PostSubject: Re: იმირ მამედლი - Imir Memmedli   იმირ მამედლი - Imir Memmedli EmptySat Dec 21, 2019 11:31 am

იმირ მამედლი

***
ეჰ,ისევ ფუჭად ჩაიარა ამ უქმეებმაც,
სად არ ვიყავი,
სახლშიც დიდხანს ვიბორიალე,
დავლიე კიდეც,
ჩემ თავს მაინც ვერ მივაგენი.

ბოლო ჭიქაზე მოვიხელთე მეგონა,
მაგრამ ისევ დამისხლტა.

2019

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

იმირ მამედლი - Imir Memmedli Empty
PostSubject: Re: იმირ მამედლი - Imir Memmedli   იმირ მამედლი - Imir Memmedli EmptySat Dec 21, 2019 11:33 am

იმირ მამედლი - Imir Memmedli Imir_m10

იმირ მამედლი

***
ავად რომ ვიყავ, ყველა მოვიდა,
უი, რა მოკლე ყოფილა თურმე
ჩემი სახლის გზა.
მხოლოდ შენ ერთმა არ მინახულე,
აუ, რა გრძელი ყოფილა თურმე
ჩემი სახლის გზა.

ზოგჯერ მგონია, მომნახველები
მხოლოდ იმიტომ მოდიოდნენ, რომ
მე უფრო მძაფრად მეგრძნო შენი
მოუსვლელობა.

2019

study


Last edited by Admin on Mon Dec 23, 2019 2:41 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

იმირ მამედლი - Imir Memmedli Empty
PostSubject: Re: იმირ მამედლი - Imir Memmedli   იმირ მამედლი - Imir Memmedli EmptySat Dec 21, 2019 11:34 am

იმირ მამედლი - Imir Memmedli Imir_m12

იმირ მამედლი

***
უკვე სხეულიც ბარგია,
გამომელია "პოროხი".
აბა, რაღაში მარგია
ან "ცისკარი", ან "ჭოროხი"?!...
...კარგი ცხოვრება კარგია,
კარგია ჩრდილი ბოლო ხის.

2019


ბლიც-ინტერვიუ იმირ მემედლისთან

დავიბადე — საქართველოში, კასპის რაიონის სოფელ ფაშიანში, მაშინ როცა ცხოვრებისგან მოწყენილები ტოვებდნენ ამ ქვეყანს.
გახლავართ — ის, ვინც თავი მგონია. ვფიქრობ, რომ მწერალი ვარ.
ვცხოვრობ — აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.
ვწერ — ლექსებს (ორ ენაზე), ნოველებს, პიესებსა და კინოსცენარებს. ჩემი კინსსცენარების მიხედვით რამდენიმე მხატვრული ფილმია გადაღებული, მათშორის ერთ-ერთი მათგანი თურქეთში იქნა ეკრანიზებული. ჩემი პიესები იდგმება აზერბაიჯანის სხვადასხვა თეატრებში. ერთ-ერთ დადგმას უახლოეს ხანებშიც მოველი.
მიყვარს — ჩემთვის მიუწვდომელი სულიერი სიმშვიდე... და კარგი ღვინო.
ვეჭვიანობ — ეჭვის ჭია უპირველეს ყოვლისა სულში ჩნდება. მადლობა უფალს, ეს სენი კარგა ხანია დავძლიე.
ვპატიობ — ვფიქრობ, როგორც მესია იტყოდა, უნდა მიუტევო, რომ მოგეტევოს.
ვგრძნობ — სულში შემოდგომის ყვითლად შეფერილი გრილი ისადგურებს.
მეშინია — ღმერთის, ვაითუ...
არ შემიძლია — ბევრი რამ არ შემიძლია.
გული მიჩუყდება — თვალცრემლიანი ბავშვის დანახვაზე.
ვკითხულობ — ძირითადად თანამედროვე საზღვარგარეთულ ლიტერატურას.
ვეძებ — როგორც მეტნაკლებად დალაგებული ადამიანი, ვეძებ ჩემს თავს.
ვბრაზდები — როცა უგერგილოდ ხუმრობენ.
ვიმახსოვრებ — ბევრ რამეს ვიმახსოვრებ.
ვიცინი — ნამდვილ, დახვეწილ იუმორზე.
ვინახავ — მხოლოდ ჩემს საიდუმლოს...
მწამს — ღმერთი.
მსიამოვნებს — როცა სამართალი პურს ჭამს.
ვივიწყებ — ყველაფერს, რაც სულს მიმძიმებს.
მესიზმრება — ბევრი რამ, რაც მერე გადამხდება ხოლმე თავს, სულ ცოტა, ერთი დღით ადრე მესიზმრება.
ვეხმარები — ჩემი ცხოვრების წესით, მგონია, ვეხმარები ღმერთს, რათა თავისი ჩანაფიქრი ჩემშიც განახორციელოს.
ვუსმენ — როგორც კი შემთხვევა ჩამივარდება, სულგანაბული ვუსმენ ბუნების განუმეორებელ ჰანგებს.
ჰობი — წიგნის კითხვა.
ვფიქრობ — საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება.
ვნანობ —
მანაღვლებს — უნიჭო პლაგიატების მიერ დაჩაგრული ლიტერატურა.
მენატრება — ჩემი სოფელი, ჩემი სიყრმისეული სიტუაციები.
სამშობლო — სადაც ვშობილვარ გავზრდილვარ... და სადაც მკბენარიც არ გაგეკარება, არ შეგყეფს ძაღლი, აი, ეგ არის ჩემი სამშობლო და ჩემი სახლი.
რჩევა ავტორებს — ავტორებსაც და ჩემს თავსაც იმას ვურჩევ, რასაც რუსთაველი გვირჩევდა: გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის...
პოეზიარი — ძალზედ კარგი პროექტია, ხან ძველ შედევრებს გვახსენებს, ხანაც ახალი ნიმუშებით გვხიბლავს.
ხელოვნება — ვფიქრობ, ღვთის სულის ნაწილია და ის გაიმეტა ადამიანებისათვის, რათა ადამიანმა ცოტათი მანიც შეინარჩუნოს ღვთიური სახე.
ერთი ლექსი —


სიზიფეს ლოდი

მე ავიტანე სიზიფეს ლოდი,
არ შემწევია ქედზე სატანა.
მაგრამ მწვერვალზე ის ვერ ვიხილე,
რისთვისაც ღირდა ლოდის ატანა.
მე ავიტანე და მტკაველ-მტკაველ
ზეცისკენ ავყე მაღალ მთა-გორებს.
ამაო ჯაფით გამწყრალმა ლოდი
იქით ფერდისკენ გადავაგორე.
ახლა ნახევრად ამაქვს და ვუშვებ,
ძირს ენარცხება ამომშრალ რუებს.
ასე სჯობია, დროს ხომ ვკლავ ლოდით,
თავსაც ვირთობ და ზევსსაც ვატყუებ.

იმირ მემედლი

პატივისცემით, პოეზიარი.

7 აგვისტო, 2019

study


Last edited by Admin on Fri Dec 27, 2019 12:19 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

იმირ მამედლი - Imir Memmedli Empty
PostSubject: Re: იმირ მამედლი - Imir Memmedli   იმირ მამედლი - Imir Memmedli EmptySat Dec 21, 2019 11:52 am

ცნობილმა ქართველმა მწერალმა და პუბლიცისტმა დავით შემოქმედელმა შესანიშნავი წერილი უძღვნა აზერბაიჯანის სახალხო მწერლის აფაგ მესუდის წიგნს „თავისუფლება“, რომელიც საქართველოში ქართულ ენაზე დაისტამბა.
“AzərTAc”-ი გთავაზობთ აღნიშნულ სტატიას. აქვე დავძენთ, რომ იგი „ლიტერატურულ საქართველოში“ დაიბეჭდა.


დავით შემოქმედელი -
სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი,
გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი,
მწერალი, პუბლიცისტი


აფაქ მესუდი ქართულად

ქართულ სალიტერატურო სივრცეში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა_ მკითხველს მიეწოდა ცნობილი აზერბაიჯანელი მწერალი ქალის აფაგ მასუდის წიგნი_ სახელწოდებით, ,,თავისუფლება’’.ამავე სახელწოდების რომანთან ერთად მასში 11 მოთხრობა არის წარმოდგენილი.აღნიშნული წიგნის ქართულ ენაზე გამცემით ორი დიდი ლიტერატურული მემკვიდრეობის მქონე ერის ქართულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობების ტრადიცია ახალ სიმაღლეზე ავიდა. მიგვაჩნია, რომ ნაყოფიერი ლიტერატურული ურთიერთობები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. წიგნი აზერბაიჯანულიდან ქართულ ენაზე თარგმნა, ცნობილმა ქართულ_აზერაიჯანულენოვანმა მწერალმა, იმირ მამედლიმ.აქვე დავძენთ, რომ იმირ მამედლი გახლავთ ჩვენი ხელისხელ საგოგმანები საგანძურის, ,,ვეფხისტყაოსნის“, აზერბაიჯანულ ენაზე შესანიშნავი მთარგმნელი, რისთვისაც მას ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო, სახელმწიფო პრემია მიენიჭა. მიუხედავად იმისა, რომ იმირ მამედლი უკვე საკმაო ხანია ცხოვრობს და მოღვაწეობს აზერბაიჯანში, წიგნი ოსტატის ხელით არის თარგმნილი, თარგმანის ენისთვის დამახასიათებელია მდიდარი ქართული.

სანამ წიგნის ლიტერატურულ ღირსებებზე დავიწყებდეთ საუბარს, ფართო მკითხველი საზოგადოებისათვის ინტერესმოკლებული არ იქნება აფაგ მასუდის ბიოგრაფიის ზოგიერთი შტრიხისგაცნობა, რომელსაც წიგნის გარეკანზე ვეცნობით: ,, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რუსეთის მეცნიერებისა დ ხელოვნების პეტრეს აკადემიის (პანი) ნამდვილი წევრი.აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული თარგმანის ცენტრის დირექტორი. დაამთავრა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მრავალი მოთხრობის, რომანის, ესეისტური წერილისა და პიესის ავტორია. ასევე გამოცემულია მწერლის თხზულებების ორტომეული. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. გარდა ფრიად წარმატებული ორიგინალური შემოქმედებისა, ეწევა ინტენსიურ მთარგმნელობით მოღვაწეობას.თარგმნის როგორც დასავლურ, ასევე აღმოსავლურ ლიტერატურას.მათ შორის აღსანიშნავიასუფიური ლიტერატურის მისეული თარგმანები, ინსცენირებულია მწერლის არაერთი პიესა.მისი სცენარების მიხედვითგადაღებულიარამდენიმე სატელევიზიო ფილმი. 2000 წელს ვენისუნივერსიტეტში დაცული იქნა სადოქტორო დისერტაცია, რომელიც აფაგ მასუდის ნაწარმოებების განხილვას ეფუძნება.თეატრალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის რამდენჯერმე დაჯილდოვდა თურქსოის მედლებით. 2005 წელს გაიმარჯვა ,,საერთაშორისო სასცენო ნაწარმოებების კონკურსში“,რომელიც დაწესებულია თურქეთის კულტურის სამინისტროს, თურქსოისა და მწერალთა ევრაზიური კავშირის მიერ.

ქართული ლიტერატურის თარგმნისა და პოპულარიზაციისათვის აფაგ მასუდი საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ დაჯილდოებულია ქართული კულტურის დესპანის წოდებით“.

რომანი ,,თავისუფლება“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რომელიც ბოლო წლებში მიიღო მკითხველმა. ესაა ერთი მთლიანი რთულად ამოსახსნელი მეტაფორა იმის შესაცნობად, თუ რა არის თავისუფლება. მეორე მხრივ, ეს ნაწარმოები თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ფსიქოლოგიურ რომანად, მწერლის წერის მანერა შეგვიძლია მივაკუთვნოთ, ე.წ. ,,ცივი რომანტიზმის“ სტილს. მწერლის ახალი წიგნი ხშირ შემთხვევაში შეიცავს მაგიური რეალიზმის ელემენტებს.

რომან ,,თავისუფლებაში“ ნიშანდობლივად წარმოდგენილია პოტსაბჭოთა სახელმწიფოს ტიპი, მაგრამ ის შეიძლება შევადაროთ მსოფლიოს ნებისმიერი სახელმწიფოს მოდელს,სადაც ერთმანეთში არეულიანამდვილი თუ კარიკატურული დიქტატურა, მართული თუ ჩვეულებრივი ანარქიზმი.წიგნის კითხვისას ჩნდება შთაბეჭდილება, რომ რომანში მიმდინარე მოვლენები, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილისათვის განსაკუთრებულად ჩვენთვის , ქართველებისთვის ნაცნობია. ასეთივე ნაცნობი შეიძლება აღმოჩნდე ეს განცდა პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა მკითხველისათვის.რომანის პერსონაჟები დაბნეულნი არიან,არ უწყიან, სად მთავრდება ცხადი და სად იწყება სიზმარი. ფილოსოფიისათვის ურთულესი თემაა, ნამდვილის კატეგორიის ახსნა, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს სინამდვილედ.

რომანში რამდენჯერმე ხაზგასმით დასმულია კითხვა, თუ რა არის თავისუფლება.ზოგიერთი რელიგიისათვის თავისუფლების არსი ჭეშმარიტების შეცნობაში მდგომარეობს. ბიბლია ამბობს: ,,შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ“.თავისუფლების არსის შეცნობა თავსატეხი თემაა ფილოსოფიისთვის. ამ თემამ ეზოთერიზმშიც გადაინაცვლა _ რუდოლფ შტაინერის ,,თავისუფლების ფილოსოფია“ და სხვა. რომან ,,თავისუფლების“ პერსონაჟები ნაკლებს ფიქრობენ ჭეშმარიტების არსზე...ახლად დამოუკიდებლობა მინიჭებული ქვეყნებისათვის, თავისუფლების არსში ბოლომდე რომ ვერ გარკვეულან, თავისუფლება ზოგთათვის აღქმულია,როგორც ძალადობის უფლება, ნაწილისთვის კი ის არის სრულიად ზედმტი _ მოუხმარებელი თავისუფლება. მოუხმარელი თავისუფლების მკაფიო მაგალითი შესანიშნავად აქვს მოხმობილი ლევ ტოლტოის რომან ,,აღდგომაში’’. ნეხლიუდოვი ყმებს ათავისუფლებს. ისინი უკმაყოფილებას ვერ ფარავენ და თავიანთ ბატონს საყვედურობენ: ,,რა მოხდა, რა დაგიშავეთო!’’.. რომანის მთავარი გმირის მაგალითზე, აფაგის რომანში გამოთმულია მოსაზრება, ხალხის ჭეშმარიტ თავისუფლებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის ჭეშმარიტისურვილის ნაცვლად მასში ,,ამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მარადიული საბრძოლო განწყობა სჭარბობდა“.

მწერალი შეშფოთებულია იმით რომ სახელმწიფოს დამახინჯებულ მოდელში თავისუფლება გააზრებულია არასწორად და იგი თავაშვებულობით იცვლება, რაც ამავე საზოგადოების ზნეობრივი ღირებულებების სრულ დევალვაციას იწვევს.

მოძალადე სახელმწიფოში გამეფებულ ნევროტონულ ფონზე ადამიანები აცდენილნი არიან რეალობას, მათთვის მეტწილად დამახასიათებელია ე. წ. ჰალუცანიციურ-ილუზიური აზროვნება.ერთი შეხედვით,ეს თითქოსდა უწყინარი რამ ნამდვილად საშიშროების შემცველია. კარლ იუნგი ამტკიცებს, რომ ,,ილუზიები არსებობენ და ისინი შეიძლება ისევე რეალური, მავნე ან სახიფათო იყოს, როგორც ფიზიკური გაარემოებები“. რომანი თანაბრად გვამყოფებს როგორც ცხადის, ასევე სიზმრისეული ხილვების თანამოზიარედ. აქ სიზმარი თითქოს გარდაუვალი ფატუმია, რომელიც პერსონაჟებს უცილობელ ხიფათებს უწინასწარმეტყველებს.ეს გვაგონებს გილგამეშის ისტორიას,რომელსაც სიზმრები მუდმივად აფრთხილებდნენ,თუ როგორ უნდა გადარჩენილიყო ღმერთების შურისძიებას. ის ამ რჩევებს ითვალისწინებდა და მტერსაც სძლევდა. ნაწარმოების პერსონაჟებსაც სჯერათ სიზმრების, მაგრამ გილგამეშისაგან განსხვავებით რეალურ უმოქმედობას იჩენენ და ისჯებიან. ესაა ნაწარმოები,სადაც პასიურ,მიძინებულ ქვეცნობიერს ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს, როცა ის გაღვიძებულ, აქტიურ ფაზაში გადადის.

მრავალ საფიქრალს აღუძრავს მკითხველს ამ წიგნში დაბეჭდილი 11 მოთხრობა. ამ ტექსტებისთვის დამახასიათებელია ღრმა ფსიქოლოგიზმი, სათქმელი არ დევს ზედაპირზე, არამედ ჰერმეტულია. ხშირად მთავარი სათქმელის გააზრება ხდება მხატვრული სიმბოლოების საშუალებით. ამის ნათელი მაგალითია მოთხრობა, ,,კურდღლის სიკვდილი“, რომელიც ქალსა და მამაკაცს, ქალურ და მამაკაცურ საწყისის, ,,ინისა’’ და ,,იანს’’შორის დაკარგულ სიყვარულის შემდეგ გაცივებულ ურთიერთობათა ჩვენებაა. ,,თეთრი კურდღელი“ სიყვარულის სიმბოლოა, ზღარბი _ სიმარტოვის ჰარმონიით შეცვლის, ქალური და მამაკაცური იმპულების შერწყმის, იმ ამაღლებულ,რომანტიკულ ურთიერთობათა სიმბოლო,რომელიც პერსონაჟებს შორის გაცივდა და გაცვდა. ,,რომეო და ჯულიეტა’’ მიუხედავად იმისა, რომ მთვარი პროტაგონისტები გარდაიცვლებიან ოპტიმისტური ნაწარმოებია, რადგან სიყვარულის იდეამ გაიმარჯვა . აქ კი პირიქით, მწერალი გვიჩვენებს იმ მკაცრ სურათს, როცა მოთხრობის გმირები სიცოცხლეს განაგრძნობენ, მაგრამ უმთავრესი უკვე აღარ არსებობს, სიყვარული ანუ ,,თეთრი კურდღელი“ მოკვდა.მსგავსი სიმბოლიზმითა და ამავდროულად ღრმა ფსიქოლოგიური ნიუანსებით გაჯერებულია წიგნში დაბეჭდილი სხვა მოთხრობებიც.

მწერლის ფრაზა ტევადი და მდიდარია, გაჯერებული მხატვრულ-ესთეტიკური საშუალებებით, მაგალითისათვის მხოლოდ რამდენიმე მათგანს მოვიყვანთ: ,,თითებს ისე ფრთხილად დაატარებდა კლავიშებზე, გეგონებოდა ჭაობის პირას დადის და ეშინია, ფეხი არ ჩაუცურდესო“. ,,სახეზე დარდით გაზავებული ჩრდილი დასთამაშებდა“. ,,ცივი ქარი დაძრწოდა და თმებს იწეწავდა ფოთოლგაცვენილ ტოტებში“.მსგავსი მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება.რომანში ზოგჯერ აბსურდის ჟანრისთვის დამახასიათებელი ელემენტებიც შემოდის. ,,კულტურის მინისტრმა ბრძანებით ვიოლენჩელო გააუქმა, რას გავს კაცმა არ იცის, ეგეც ,,სკრიპკაა’’, მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ იატაკზე დებენ და ეგრე უკრავენ“.

და ბოლოს დასკვნის სახით აღვნიშნავთ, ამ მეტად მნიშვნელოვანი აზერბაიჯანელი მწერალი ქალის აფაგ მასუდის შემოქმედებასთან მომავალი შეხვედრით ქართველ მკითხველს წინ დიდი სიამოვნება ელოდება.

19 ივლისი, 2019

ბმული:
* https://aztc.gov.az/ge/posts/id:965

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

იმირ მამედლი - Imir Memmedli Empty
PostSubject: Re: იმირ მამედლი - Imir Memmedli   იმირ მამედლი - Imir Memmedli EmptySat Dec 21, 2019 2:58 pm

სა­ლიმ ბა­ბუ­ლა­ოღ­ლი

ლიტერატურის გაკვეთილი მეთევზის ბავშვებისათვის

თუ არ მივიღებთ მხედველობაში ჩვევებსა და
ყოველდღიურ დამქანცველ საქმეს,
თუ არ მივიღებთ მხედველობაში დაბადებას და
დასალიერის მიმართულებას,
მაშინ უნდა ვაღიაროთ,რომ არვინ ცხოვრობს ისე როგორც
ელოდება დღის გათენებას.
მივდიოდი და პირველ წინადადებაზე ვფიქრობდი გზა-გზა,
იგი ფურცელზე დაახლოებით ამნაირად მოეწყობოდა:
ადამიანს ლაპარაკი უნდა ყოველთვის,
მაგრამ ხშირად კი იქ არ არის ,სადც უნდა იყოს,
და არ არის მთლად სასურველ გარემოცვაში.

ყველა მარცხდება თავისთავთან,
და როგორც ჩრდილი იბლანდება თავის ფეხებში.
ამას როცა გრძნობს,ფეხებს მიწას ურტყამს სიმწარით,
მაგრამ ჩრდილებს ვერვინ გათელავს.

რუსული ფილმი მახსოვს: ჩრდილები შუადღით ქრებიან.
სხვაგვარად რომ ვთქვათ: მზის ხუმრობა ნივთებთან და ადამიანებთან.
უჩრდილოდ ხატავდნენ ადამიანებს აღმოსავლეთში,
ეს ალბათ მაშინ მზისგან ისწავლეს.
ალბათ ეს არის მინიშნება იმაზე,რომ
ყველგან, ყოველთვის მოსალოდნელი არის სიკვდილი.

8.15-ია .ძვალ-რბილში გვატანს დრო, ვით სიცივე.
ცოტა ხანში ზარი იქნება.
ზარს ელოდება ყველა ყოველთვის...

წიგნის თარო საამაყო არ არის სულაც,საშიში კია.
წარმოიდგინეთ,რომ შანსი აქვს ყველას, სულ ყველას
100 წელი იცხოვროს ქვეყნად,
და პირველ დღიდან შეეძლოს კითხვა.
დღეში ერთ წიგნს თუ ვიანგარიშებთ
დაახლოებით 36 500 წიგნი გამოვა ბოლოს.
მსოფლიოში კი უამრავი წიგნია ახლა.
ამიტომაც წიგნებით არა,საქმეებით დაიკვეხნეთ, უმჯობესია.
დაიმახსოვრეთ,ჩვენ მუდამ ცოტა გვეცოდინება.
თუმც არის წიგნი,რომელიც უნდა წაიკითხოთ აუცილებლად...

ბედი არ არჩევს,ახალია თუ ძველის ძველია.
იგი ჩვენ გვერწყმის.
აი ამბავი ლელისა და მეჯნუნისა, ოღუნდ ცალმხრივი.
ასეთს კი ,ასეთს “ადნალუბი “ ჰქვია რუსულად...
თუმც რა აზრი აქვს,
თაგვი ცოტათი თაგვი თუა, ცოტათი კიდევ ვარია გახლავთ.

სიტყვები ჩვენი, ჩვენი სიტყვები.
ბავშვებო,იცით,ისეთებიც არსებობენ ,რომ
ისინი,რომ არ ყოფილიყვნენ,არაფერი შეიცვლებოდა.
მაგალითად,სიტყვა ასფალტი.
ეს მაშინ ვიგრძენ,როცა ჩამოველ სანაპიროზე .
პატარა ყვავილს ამოერღვია სქელი ასფალტი,
ამით ყვავილმა მიანიშნა მიწისა და გზის სიძლიერე.
მასწავლებელი გვყავდა ჩვენ ერთი,
იგიც ვით ყველა, აორთქლდა ყოფის ცხელი ქვაბიდან.
აღელვებული შემხვდა ერთხელ,გული გამიხსნა.
ერთი ქალი შეუჩნდა თურმე.
“ კალთა ჩამოიბერტყე,მოიშორე ეშმაკიო “,უთქვამს ქალისთვის .
ქალს გასცინებია, ჭკუის დარიგება არავის უყვარს.
ადამიანი ,ვიდრე აღიქვამს თავის სქესს კარგად
პირველ დღეებში ტირის და მოსთქვამს.
თუ გადაწყვეტთ,რომ მწერალი გახდეთ,
არ აგცდებათ სატირისა და სარკაზმის წვიმა.
მაშინ ტირილი თუ მოგინდებათ
რწმენა მაინც შენარჩუნეთ.
და იცოდეთ,რომ ნამდვილი რწმენა
ურწმუნოების სიძლიერით არ იზომება,
თუმცა მისით სტაბილირდება.
მუდამ გახსოვდეთ,ყველა შედეგი და ანგარიში
გარკვეულწილად მცდარი არის თითქმის ყოველთვის.
“ ერთიო “-ო ვამბობ, და იმ წუთში ეს მე გახლავართ,
ხვალ სხვა იქნება.
თქვენ,ჩვენ და სხვანი.

თუ არ დავწერთ ნაცვალსახელებს ,არაფერი არ შეიცვლება.
მაგალითად: მე სკოლაში მივდივარ ახლა.
ანდა: სკოლაში მივდივარ ახლა.
მე, ქედმაღლობა და სიამაყე .
რეფორმის არა, არსებობს შეცვლის საჭიროება.
ისევ დუმილი...

დუმილი რითმავს სულყველა სიტყვას.
ისევე ნათლად და გასაგებად,ვით თავად არის.
იგი ყველა სიტყვის დედაა.

მომხრე არა ვარ თუნდაც პირადი გამოცდილების
სულ ბოლომდე გაზიარების.
და გულწრფელობა თქმაში კი არა ,უთქმელობაში არის მეტადრე.
თუ დუმილი დროული არის,წრფელია იგი.
მაგალითისთვის ჰკითხეთ,მეთევზე მამიკოს ჰკითხეთ,
და იგი გეტყვით, რატომ იჭერენ და ჰკლავენ თევზებს?
მაშინ თევზები დუმილჩამდგარ თვალებს მოგაპყრობთ.
ეს არის ღრმა და ზუსტი პასუხი.
რეპროდუქციაში არ აგერიოთ ესე ცხოვრება,
იგი გახლავთ ორიგინალი.
მისი გაყოფა, ან გამრავლება,რათქმა უნდა,შემცირებაა.
და ნუ დახარჯავთ თქვენ ამ ცხოვრებას
სიცოცხლესა და ლამაზ ტექსტებში.

მუზეუმები ხალხის მზითია სახელმწიფოსთვის...
სულ სხვა რამის თქმა მინდოდა ახლა.
გალერეაში,ან მუზეუმში თუ მოხვდეთ ოდეს
და სულელური ნამუშევრის წინაშე მდგარი,
უფრო სწორად, თავშეყრილი ხალხი თუ ნახოთ,
იქვე სულ ახლოს დოინჯშემოყრილ მხატვარსაც ნახავთ.
მას ფურცელი მიეცით უმალ
და სთხოვეთ რომ დაგიწეროთ ორიოდ სიტყვით,
რა აზრსა და შინაარსს დებს ის ამ ნახატში.
თუ შეყოყმანდა და ვერაფერი ვერ დაგიწერათ,
გწამდეთ,ნახატი გაცილებით ღრმა ყოფილა ,ვიდრე გვეგონა,
ზუსტად ისე,როგორც თქვენი ნაფეხურები.
მწამს,რომელიღაც წმინდა ტექსტში შეხვდებით ასეთ წინადადებას:
“მან ცა და მიწა შექმნა და მიხვდა ,რომ ლამაზია ეს ყველაფერი “.
თუ წაიკითხავთ, იცოდეთ,რომ ეს კაცის ხელით ჩაწერილია.
მიხვედრა,თუნდაც მოგვიანებით რამის მიხვედრა
ადამიანური თვისება გახლავთ.

ბავშვებო,თქვენთან როს მოვდიოდი
წიგნის მოტანას ვაპირებდი,რომელსაც ყდაზე
კალმახისა და მოხუცი მეთევზის სურათი ექნებოდა გამოსახული.

თუმც შემეშინდა,ვაი თუ თევზი
დაგისხლტეთ და გადაეშვას ოცნების ზღვაში...
მოხუცი კი ... თქვენს წინაშეა.

21 ივლისი 2010 წელი


თარგმნა იმირ მამედლიმ.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

იმირ მამედლი - Imir Memmedli Empty
PostSubject: Re: იმირ მამედლი - Imir Memmedli   იმირ მამედლი - Imir Memmedli EmptyTue Apr 21, 2020 4:09 pm

იმირ მამედლი

ტიპიური სურათი

ხელგამოწვდილი იჯდა მოხუცი,
იჯდა მშიერი და უიმედო.
როგორც მოკლული ოცნების კვიცი
მზე მათხოვრის წინ გუბეში ეგდო.

და დედამიწა იყო ვით ნული,
ნული ნულია, თუნდაც ბრუნავდეს.
და მიწის ფერი ის ხელისგული
ვეღარ აღწევდა ქვეყნის გულამდე.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




იმირ მამედლი - Imir Memmedli Empty
PostSubject: Re: იმირ მამედლი - Imir Memmedli   იმირ მამედლი - Imir Memmedli Empty

Back to top Go down
 
იმირ მამედლი - Imir Memmedli
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: