არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 მიხეილ ღანიშაშვილი

Go down 
+3
nini
mixeil ganishashvili
ვაჟა ხორნაული
7 posters
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

მიხეილ ღანიშაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მიხეილ ღანიშაშვილი   მიხეილ ღანიშაშვილი - Page 2 EmptyFri Nov 02, 2012 10:56 am

მიხეილ ღანიშაშვილი - Page 2 Ghanis11

მიხეილ ღანიშაშვილი

ვახტანგ მთვარელაშვილი და ხევსურთა თემა


ფშავში, სოფელ უძილაურთას, დაკრძალკვაზე ვარ. იოსებ ციგროშვილი მიყვება ერთ ამბავს, რომელიც მანამდე არ გამეგონა. ამბავი ცნობილ სახალხო მთქმელს, კაფია–გალექსების ვირტუოზსა და მოსწრებული სიტყვა–პასუხის პატრონ ვახტანგ მთვარელაშვილს შეეხება.

აი, იოსების ნამბობი:

- ბოლო დროს ძალიან ავადმყოფობდა ვახტანგი, ჩავარდნილი იყო, ვეღარც სახლიდან გამოდიოდა და ვეღარც ძველებურად ქეიფობდა. ერთხელაც, მოსაკითხად, სახლში მივადექი. იმისმა ცოლმა სუფრა გაშალა. თავად ვერა, მაგრამ მე კი დავლიე რამოდენიმე ჭიქა არაყი, ხასიათზე მოვდექი. მიუხედავად ავადმყოფობისა და სიფხიზლისა, ვახტანგი მაინც სიტყვამჭევრობდა. ბევრი რამ გავიხსენეთ ძველი ამბებისა, ადამიანებისა, შიგა და შიგ მის ლექსებსაც შევეხეთ.
– აბა, ვახტანგო, ის როგორ არი, ერთ ლექსში რო ამბობ სიკვდილზე: სიკვდილი უკან გავაბრუნე და ჩემთვი წამოღებული სუდარაც თან გავატანეო, ეხლა რაღას უპირებ მიქელასა? – ვკითხე ხუმრობინარევი კილოთი.
– რას უნდა უპირებდე? ისევაც უკან გავაბრუნებ. მაგას ჩემთან რა ხელი აქვს, ვახტანგს სიკვდილ რას მეერევა?!. – მსუბუქად ჩაეცინა ვახტანგს და განაგრძო. – კაცო, იმდღეს სადამ ამოსულა ი მიქელაი ემა ორწყლის მიდამოებში, კარგა ხან უტრიალებავ მანდა. ერთალია თურმე ჩემკე, შუაფხოში ამოსვლაზეც დაპირებულა, მაგრამ მერე მაინც გადაუფიქრებავ: იმ სიშორეზე იმ ვიღაც ლოთისა და მელექსის გულისათვი სად ვიარო, ავალ ექავ, ე ბარისახოში, და ხევსურებს გავჟუჟავ, მაინც ფშავლებზე მეტნი არიან... – მაინც თავის ძველ მეგობრებსა და მეტოქე ხევსურებს გადასწვდა, რომლებსაც სინამდვილეში ძალიან დიდ პატივსა სცემდა და უყვარდა.
კარგა გულიანად გაგვეცინა ყველას ამ ნათქვამზე, მაგრამ საქმე აქ არ დამთავრებულა...

მოგვიანებით, ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ, ეს ამბავი ბარისახოს ავტობუსში მჯდომმა, ხევსურებს მოვუყევი. ხალისიანად იცინეს, მისი სხვა, მსგავსი ნათქვამები და კაფია–ლექსებიც გაიხსენეს ხევსურთა თემაზე. ბოლოს კი ერთი მოხუცი ხევსური მამიტრიალდა და მითხრა: რა სიტყვამაჩხიბულ იყვა ის სულგანათლებული, სამარის კარზე ჯოხბიჯენილიც ისევ ჩვენ რო გვკბენდის. სწორედ იმ შამადგომას, მაგან რო ეგა თქვა, ვახტანგის ხნის შვიდი მკვდარი გვყავდა ხევსურებს დამარხული და აბა, ამას რას შაგვარჩენდაო!..

study


Last edited by Admin on Sun Dec 06, 2020 12:32 am; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

მიხეილ ღანიშაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მიხეილ ღანიშაშვილი   მიხეილ ღანიშაშვილი - Page 2 EmptyWed Dec 05, 2012 9:57 am

მიხეილ ღანიშაშვილი - Page 2 V_sida10
ვალერიან სიდამონ-ერისთავი (1889-1943) – "ავადმყოფი მგოსანი ვაჟა–ფშაველა, 15–20 წუთში დახატული მხატვრის ვ. სიდამონ–ერისთავისა", გაზეთი "საქართველო", # 31, 1915 წელი, 28 ივნისი, დახატულია გაზეთ "საქართველოს" მაშინდელი რედაქტორის, სანდრო შანშიაშვილის შეკვეთით. ფოტო - მიხო მოსულიშვილი


მიხეილ ღანიშაშვილი

ავადმყოფი ვაჟა წამომჯდარი ჰოსპიტლის საწოლზე

მიდის... ეტყობა, იქ არის
უკვე, იმ ქვეყნის სამანთა...
გამქრალი , ხორცგაცრეცილი,
შამდგარი სულის სავალთა...

აბა, რა უნდა ეშველათ
ექიმებსა და წამალთა,
მოწყვეტილისთვის მთისაგან,
ყვავილებისგან მრავალთა.

თავის სამშობლოს ჩამაჰგავ,
რო გაუძარცვავთ მავანთა,
გაუხრავთ, ჩამაუთლიათ,
ტურა–მელასებრ მჩხავანთა.

დაუკრეფია ხელები,
ორ კვირის ნაწოლს ავადა,
სახე და მზერა ჩასტირის,
სვე–იღბლის სანახავადა.

ფიროსმანსა ჰგავ, ღმერთმანი,
თუ ის ამასა – თავადა:
– ჩარგლის ბალახებ მაჩვენეთ! –
წამამჯდარია ამადა!..

2012

study

Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

მიხეილ ღანიშაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მიხეილ ღანიშაშვილი   მიხეილ ღანიშაშვილი - Page 2 EmptyMon Jan 07, 2013 9:33 pm

მიხეილ ღანიშაშვილი

ფშაური ხინკალი
(ეთნოგრაფიული საშობაო )

ფშავლებს მტკიცედ სჯერათ, რომ მთელ მსოფლიოში თუ არა, საქართველოში მაინც სწორედ მათგან გავრცელდა ხინკალი.
ფშაურ ხინკალს „სუ სხვა გემო აქვ“ და რამდენადმე მართლაც განსხვავებულად მზადდება, ვიდრე სხვა კუთხეებში, რომ აღარაფერი ვთქვათ დედაქალაქზე, სადაც ის, ფშავლისავე სიტყვებით „გააფუჭეს, გადააგვარეს, გადაქაჯეს და გააუგემურეს“.
საპატივცემულო სტუმარს ფშაველი უთუოდ დამბალ ხაჭოს ხაჭო–ერბოს გაუკეთებს, ან ხინკალს მოუხარშავს. არჩევანის უპირატერსობა კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი დრო აქვს ამ უკანასკნელს, ძალიან ეჩქარება წასვლა, თუ – არა.
სულ სხვაა საოჯახოდ, საჯალაფოდ, შინაურობაში ხინკლის კეთების ტრადიცია და პროცედურები!
საზამთროდ ხორცი ფშაველს ყოველთვის დამარაგებული აქვს. გვიანი შემოდგომისთვის საკლავს რომ დაკლავს, რბილობს ხის კასრში ჩადებს–ჩაამარილებს, ხოლო ძვლიანებს ჰაერზე გაფენს, ჩამოკიდებს, გააშრობს, შებოლავს, გაახმობს და ამას კაღს ეძახის. კაღს არც ბუზი აჯდება და არც ჩანამწრავს, ანუ მატლი აღარ გაუჩნდება. თავის დროზე, ნელ–ნელაობით, კაღის ნაჭრებს ჩამოხსნის, ქვაბში ჩაჰყრის, მოხარშავს და უგემრიელეს წვნიანს დაამზადებს.
სახინკლე ხორცი ლამის მთელი ზამთრის მანძილზე კასრშია და ხინკლის გულად ქცევას ელოდება.
ხინკლის გულის გაკეთება ფშავლებში საკაცო საქმეა. მას მამაჩემი ასე ამზადებდა ჩემს ბავშვობაში: სახლში ახლაც გვაქვს ერთი უცნაური სამზარეულო საციქველი, რომელსაც გაუთვითცნობიერებელმა ბარელმა რომ შეხედოს, შეიძლება ჩვეულებრივი პლახი, სქელი და უდბადი ხის ფიცარი ეგონოს. მაგრამ, ჩვენი საკუჭნაო ტერმინოლოგიით, ეს ხორცის საკეფელაა, ანუ ხინკლის გულის გადასამუშავებელი ინსტრუმენტი. საკეფელა უპირატესად წიფლის ხის, 50–60 სანტიმეტრი სიგრძის, 30–40 სანტიმეტრი სიგანისა და 7–8 სანტიმეტრი სისქის ფიცარია. ის საგულდაგულოდ გათლილი, გასუფთავებული და კიდეებმომრგვალებულია. შუაში, ზედაპირის ის მხარე, რომელზეც ხორცი იკეფება, ოდნავ ჩაზნექილ–ჩაღრმავებული აქვს, რომ ნაკეფი მასა ერთგვარად შედედდეს და აქეთ–იქით უშნოდ არ გაიფანტოს.
ხორცს ადრე ხანჯლით, ახლა კი პირბასრი ხელცულით კეფავენ.
სახინკლისგულე ხორცი ცოტა ქონიანი უნდა იყოს, რომ ხინკალი ცხიმიანი, წვნიანი და ნოყიერი გამოვიდეს.
გამოიტანდა მამა საკეფელას, გარეცხავდა და ძირს, იატაკზე, სადაც წინასწარ უკვე საგანგებო ტილოს ფლასი ეფინა, დადებდა. მოიმარჯვებდა ასევე გარეცხილ, პატარ–პატარა ნაჭრებად დანაწევრებულ ხორცს ხის დიდი ბადიით. შემოუჯდებოდა კარგად გალესილ–გაფხავებული ხელცულით ამ პრიმიტიულ კულინარიულ დაზგას და იწყებდა ხორცის კეფვას. ხორცი რომ დანაწევრდებოდა, თან ახალ–ახალ ნაჭრებს უმატებდა, თან სანელებლებს: ბლომად ხახვს, ერთ–ორ კბილ ნიორს, წიწაკას, მთის ქონდარს, ძირას, მწვანე ოხრახუშს, ქინძსა და კამას და ყველაფერ ამას ერთობლიობაში კეფავდა და კეფავდა.
უკვე საკეფელადანვე ოთახი საოცრად სურნელოვანი არომატით ივსებოდა და სასიამოვნოდ გვიღიტინებდა ცხვირში.
– კარგი , ეყოფა, სუ ნუ გაატვინებ, სუ ნუ გაანიორწყლებ ემა გულსა, _ ეტყოდა ბოლოს ბებოჩემი ან დედაჩემი მამას და ისიც შეწყვეტდა ხელცულის კაკუნ–ბრაგუნს. მიღებულ მასას ისევ იმ ბადიაში დააბრუნებდა, ქუბდიიდან მარილს პეშვით ამოიღებდა, მოაყრიდა, მერე თბილ წყალს დაასხამდა და ხის დიდი კოვზით საგულდაგულოდ დაურევდა, გააზავებდა ყველაფერს ერთმანეთში.
ხინკლის გული მზად იყო.
ამასობაში ქალებს ცომი უკვე მოზელილი, გაბრტყელებული, გუნდები მოჭრილი, დაკოპიტებული და ხინკლის ფართორადიუსიანი ქერქი გამზადებული ჰქონდათ. იწყებოდა ხინკლის მოხვევა. მამა ცეცხლსა და სახინკლე ქვაბს აქცევდა ყურადღებას, ხინკალს კი, პატარ–პატარა სინებზე, მთელი ოჯახი ვახვევდით: ბებო, დედა და ბალღები (გოგოები და ბიჭები). იხვეოდა რამდენიმენაირი ხინკალი: სანაკვერჩხლე, საუფროსო, კურდღლები, ციყვები და ჩვეულებრივი. თუ გული არ ეყოფოდა, მორჩენილი ქერქისაგან, ანტრიებს გააკეთებდნენ.
სანაკვერჩხლე ხინკალი – სულ პირველად მოხვეული ხინკალი იყო. მას ეგრევე ნაკვერჩხლებზე შეაგდებდნენ და სახელდახელოდ გახუხავდნენ. გამოიღებდნენ და მამა შეჭამდა–გასინჯავდა მარილად, სიმწრით და ცომად. თუ რაიმე უკმარისობას ან ზედმეტობას აღმოაჩენდა ხინკლის გულში ან ქერქში, ქალები ნაკლს აუცილებლად გამოასწორებდნენ.
საუფროსო ხინკალი – ოჯახის დიასახლისი რამდენიმე საკმაოდ დიდ ხინკალს მოახვევდა, რომლებსაც უთუოდ თავად მიირთმევდნენ ოჯახის ასაკოვანი წევრები.
კურდღლები – ასეთი, კურღლის ბაჭიის ფორმის ხინკლები სიგრძივ ეხვეოდა, ორი მხრიდან იყრებოდა ნაოჭი და ბოლოში ტყუპი ყური აეპრიხებოდა.
ციყვები – ამ ფორმის ხინკალიც სიგრძივ იხვეოდა, ნახვევი აფრისებურ ზოლად გადასდევდა, ხოლო ნაოჭი თავ–ბოლოში ეკვროდა და ასევე აფრისებურად აბოლოვდებოდა.
ჩვეულებრივი – ეს იყო ოცდაცხრა ან ოცდათორმეტნაოჭიანი, მრგვლად მოხვეული, სქელგულიანი ხინკლები.
ანტრია ორნაირი ფორმისა იყო: აქეთ–იქიდან ერთიმეორეზე გადაკეცილი და შუაწელში შეყრილი.
სახინკლე ქვაბი, როგორც წესი, სპილენძისა იყო, ცალყურა, მოკალული და დიდი იმდენად, რომ ერთ ჩაყრაზე 60–70 ხინკალი თავისუფლად მოხარშულიყო შიგ.
ცეცხლი სახინკლე წყლით სანახევროდ სავსე ქვაბის ქვეშ თავიდან ძლიერი უნდა ყოფილიყო. ხინკლის ჩაყრამდე კიდევ უფრო გააძლიერებდნენ, წყალს ჩახასრავდნენ, მერე კი, როდესაც შიგ ჩაყრილი ხინკალი პირველად წამოიდუღებდა, გამოუნელებდნენ და ხარშვას ასე, დაბალ ცეცხლზე დაასრულებდნენ.
სახინკლე წყალში, როცა წამოდუღდებოდა, აუცილებლად ჩაყრიდნენ ცოტაოდენ მარილს, რომ ქერქი არ გაიშალოსო.
მოსახარშად ქვაბში ხინკალს აუცილებლად დედა ყრიდა და ორ წესს ყოველთვის მტკიცედ იცავდა: ხინკლებს ითვლიდა, რათა მათი რაოდენობა უთუოდ კენტი ყოფილიყო, ხოლო ხინკლის ჩაყრისას პირი უსიკვდილოდ მოკუმული ჰქონდა, რომ არ ჩაიშალილიყო.
გადმოღებამდე, ერთ ცალ ხინკალს ცივ, წყლიან ჯამში ამოიღებდა მამა, ოდნავ შეაციებდა და გაშინჯავდა. თუ უკვე მოხარშული იყო, ქვაბს ცეცხლიდან გადმოდგამდა და ხინკალს დიდი ხის ქაფქირით ვრცელ ხონჩასა და ტაბაკებზე გადმოიღებდა.
ხონჩითა და ტაბაკებით ორთქლადენილი ხინკალი სუფრაზე მოდიოდა. დედა აუცილებლად დაანთებდა სანთელს და წიმპში მარილმომარჯვებული ოჯახის მიცვალებულების ხსენებაზე სახელს შესდებდა. მერე წყალს პირველი თავად მოსვამდა და ყველანი ერთად შევექცეოდით ჩვენს საყვარელ კერძს.
როგორც წესი, ხინკლის გაკეთება საღომჟამისთვის იცოდნენ. ამიტომ ხინკლაობა, ფატქიურად, ყოველთვის ვახშამი გამოდიოდა. გარეთ თოვდა. შორს, გორებზე, ტყეში მგლები და ტურა–მელანი ყმუოდნენ, ეზოში ძაღლები ყეფდნენ. ბუხარში ენთო ცეცხლი. ოჯახში იყო სითბო, მასლაათი, მხიარულება.
ჩვენ კი, ბალღები, დამაწივრებულნი ნოყიერი ულუფით და უკვე წამოკოტრიალებულნი ტახტებსა და საწოლებზე, ხარბად ვუგდებდით ყურს უფროსების მიერ მონათხრობ ათასგვარ ამბებს. ამ დროს ძილის პეპლები წამწამებზე გვებანტებოდნენ, გვიმძიმებდნენ ქუთუთოებს და ლოგინისაკენ გველალებოდნენ ნებიერთ.

ბმული - https://www.facebook.com/mixeil.ganishashvili/posts/521356414595199

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

მიხეილ ღანიშაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მიხეილ ღანიშაშვილი   მიხეილ ღანიშაშვილი - Page 2 EmptyWed Jan 16, 2013 9:11 pm

მიხეილ ღანიშაშვილი

სიმწრის სამღერი

ისევ ზედ შამდგა ცხოვრება
წისქვილის ქვებით მაბრუნებს,
მე ლუკმასა მგლეჯს ხელიდან,
მტაცებელს კიდევ აპურებს.

ლამის გამაგდოს საზღვრიდან,
ჩემ მთებს მამწყვიტოს ალპურებს,
მწყევლის წყეული, თან მაყრის
გინებებს მამა–პაპურებს.

ადრევაც ესენი იყვნენ,
რო მიმარჯვებდნენ საბმურებს,
მდევნიდნენ, მკლავდნენ, მიძღვნიდნენ
გულზე ტკივილებს გაბმულებს.

ეხლაც ისენივ მოსულან,
სუ ვკვლევდი გადანაბულებს,
სახსარი გადამიბასრეს,
მართმევენ თუ რამ მაგულეს.

დღის ნათელ ჩამამიღამეს,
ღამის სიბნელე დამხურეს,
შურს იძიებენ ავ–შარნი,
რაკიღა ვერ მიმსახურეს.

ალბათ გაგწირავ, სამშობლოვ,
სუ მუდამ რა მამარხულებს!
ცოლ–შვილსაც თან წავიყოლებ,
მზერას შორს წავაფახულებ.

აქ მათხოვრად ვერ ვეგდები,
ვერც ვემონები გლახუნებს,
ალბათ სხვის მიწას მოუთხრობ
სიზმრებს ილტოზე ნახულებს.

დაღუნვილთ ვერა, მაგრამა
ჩემ ძვლებს დატეხილ–დახრულებს
კიოთა ნახვენ ყორნები
სადმე უცხოეთს სხვამხრულებს.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

მიხეილ ღანიშაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მიხეილ ღანიშაშვილი   მიხეილ ღანიშაშვილი - Page 2 EmptyMon Oct 28, 2013 7:12 pm

მიხეილ ღანიშაშვილი

ვაჟას

ბარიდან მოვექანები,
ჩარგალო, ცამდე აწვდილო,
მალე აგივლი არაგვის
კალთას გაბმულო გზაწვრილო.
მოგესალმები, მგოსანო,
შენ ჩემი სულის ნაწილო,
ქართული სიტყვის მინდიავ,
მამულის მკერდზე ნაწვიმო.
შენს აჩრდილს მინდა ვეფერო,
ავეშიბ-ავეყაწიმო,
ნეტავ მეც აქ სადმე მომკლა,
ღმერთმა ისე არ გამწიროს...
ნისლად გამფინა მწვერვალებს,
ქარებმა ნაზად მარწიონ,
შენგან მჭირს ეს სიყვარულიც,
ვეღარც ვიშორებ აწი რომ...
მოგართმევს ილტოსპირელი
მადლობას, მთების არწივო!

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

მიხეილ ღანიშაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მიხეილ ღანიშაშვილი   მიხეილ ღანიშაშვილი - Page 2 EmptyWed May 21, 2014 1:56 pm

მიხეილ ღანიშაშვილი - Page 2 Ganish10

მიხეილ ღანიშაშვილი

მთებიდან შენამდე

იქ, ზემოთ, ჩემი მთებია,
ჩემი ამაყი მთები,
მოვინახულებ მალი-მალ,
გულის შიგნიდან ვთბები.

დაუვარცხნიათ ცისთვალებს
ლურჯად ნაფერი თმები,
შევყურებ იმათ საქციელს
და ბალღივითა ვტკბები.

მი-მოივლიან სახილველს
ჩემი უძირო ტბები,
ვერ გიპოვიან... გდარდობენ...
ვპატარავდები... ვქრები...

ამ მთებშიც შენა მჭირდები,
ჩემო სალბუნო შვების,
თორემ სულ მფიტავს ცხოვრება,
უდაბნოსავით ვშრები...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

მიხეილ ღანიშაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მიხეილ ღანიშაშვილი   მიხეილ ღანიშაშვილი - Page 2 EmptySat Dec 28, 2019 1:23 pm

მიხეილ ღანიშაშვილი - Page 2 Kvelaz10

ავტორი: ილტოსპირელი – მიხეილ ღანიშაშვილი
წიგნის დასახელება: ყველაზე დიდი გული (ეთნოგრაფიული ჩანაწერები და სხვა ესეები)
რედაქტორი და წინასიტყვის ავტორი: დეა ცუცქირიძე
კომპიუტერული უზრუნველყოფა: ნიკა ხვედელიძე
დიზაინი: რევაზ კაპანაძე
ყდა: მუყაო, ფერადი, ლამინირებული
გვერდების რაოდენობა: 472
ISBN 978-9941-469-30-5
გამომცემლობა: საუნჯე
წელი: 2017

წიგნი წარმოადგენს პროზაული ჩანაწერების კრებულს, რომელში შესული მხატვრული ნაწარმოებებიც, თემატური და შინაარსობლივი ერთიანობიდან გამომდინარე, დალაგებულია სხვადასხვა ციკლად. ეს ციკლებია:
პროლოგი – რედაქტორისა და ავტორის წინასიტყვაობანი;
ნოველები – “დედაჩემის ვახშმისშემდგომი საუბრები”;
ჩანახატები – “ბებოჩემი და იმისი საციქველ-ჯამ-ჭურჭელი” (ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ესკიზები);
მოგონებანი – “ჩემი მოსწავლეობის ხანა” (ახმეტის II საშუალო სკოლა, სასწავლო პროცესი, პედაგოგები, არდადეგები);
ნარკვევები – “აღმოსავლური დღიურები” (თურქეთსა და სპარსეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებანი);
მოთხრობები – “სხვადასხვანი” (მხატვრული და დოკუმენტური ამბები);
ეპილოგი – ილტოსპირელის ბიოგრაფიული შტრიხები.
წიგნის რედაქტორია დეა ცუცქირიძე, გარეკანის დიზაინი: რევაზ კაპანაძე; დაკაბადონება: ნიკა ხვედელიძე; გამომცემლობა: “საუნჯე” (ვაჟა წოწკოლაური).
კრებული მკითხველთა ფინანსური შემოწირულობით დაიბეჭდა.
მიხეილ ღანიშაშვილი ათამდე პოეტური წიგნის ავტორია. “ყველაზე დიდი გული” მისი პირველი პროზაული კრებულია, რომელიც მკითხველს უაღრესად საინტერესო, ლამაზ, სიკეთითა და სიყვარულით გაჯერებულ სამყაროში მოგზაურობას ჰპირდება.


"ხაზის რადიო" 14.02.18 "ყველაზე დიდი გული"
•Feb 14, 2018

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

მიხეილ ღანიშაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მიხეილ ღანიშაშვილი   მიხეილ ღანიშაშვილი - Page 2 EmptySat Dec 05, 2020 10:32 pm

მიხეილ ღანიშაშვილი

ხუტკურაი და ესკალაი
(ციკლიდან: დედაჩემის ვახშმისშემდგომი საუბრები)

არაასტრონომიულად თუ ვიტყვით, დეკემბერში, სოფლად უფრო მალე ღამდება, ვიდრე - ქალაქად.
შებინდდება თუ არა, სოფლელები სახლებში შეყუჟებიან, ვახშამს შეჭამენ და, თბილ ღუმელთან და ტელევიზორთან მიფიცხებულებს, მაშინვე ძილი დარევს ხელს.
ეგრე ვართ ჩვენც: მე და ჩემი მოხუცებული დედა.
საღამოთი სიფხიზლე და ღვიძილის გახანგრძლივება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუკი ოჯახში სტუმარია, რაც ძალზედ იშვიათობაა ისეთ მიყრუებულ სოფელში, როგორიც ჭართალაა ან თუკი ოჯახის წევრები ერთიმეორეში მასლაათს შეჰყვებიან.
წეღან, ნავახშმევს, დედამ იკითხა:
-ემა ჯაგიანებში ხუტკურეებს, ალბათ, კიდენაოთ ესხმის. დაბუნდოვდეს სიბერე, იმთვენ ვეღარ შავიძლე, რო წლეულ ცოტა ხუტკურან მაინც მამეკრიფნეს საჭამანდისადა.
- ხუტკურასაც ასხია და ასკილსაც, - ვთქვი მე. - რატომ ან აქამდე არ მითხარი, თუკი გინდოდა? მოგიტანდი. ხვალვე დაგიკრეფავ.
- თუ მამიკრეფავ და მამიტან, კარგს იზამ, შვილო, - გაუხარდა დედას ჩემი დაპირება, - ოღონდ ესკალაიც აუცილებლად მამიკრიფოდე. ე ხუტკურამ გემრიელ საჭამანდ იცის და იმაად მიყვარს, თორო ისე კი ვერაფერ ხილია. არცარა დიდად სასარგებლოა. ეგ კი არა და, შეიძლება კაცს ავნოს კიდენაცა. აი, ასკილა კი, იცოცხლე, კარგია და სასარგებლოცა.
- რატომ არის ხუტკურა ადამიანისთვის მავნებელი? - დამაინტერესა დედის ნათქვამმა.
- იმაადა, შვილო, რო მძიმედ მოსანალებელია, შაკრვა, შაფრუშკვა და დატლიზვა იცის კუჭშია, თან კურკებიცა აქვის და ეგ კურკები რო გადაჰყვეს კაცსა, შეიძლება მოკლას კიდენაცა. განა ერთი და ორი შემთხვევა ყოფილა მაგისი?!
- რას ამბობ, ნუთუ მართლა შეიძლება რომ ხუტკურამ ადამიანი მოკლას?! - გავიოცე მე.
- რაღა თქმა უნდა, რო შაიძლება! - დაადასტურა დედამ თავისი ნათქვამი. - თურმე, ერთის ქალისად ხუთი შვილი მეეკლა ხუტკურაის ჭამასა. ერთადა ყოფილიყვნენ ბალღები ხუტკურაობაო, ხუთსავე ეჭამაო, კუჭზედ დაჰკრობიყოო, ვერ მეენელათ და დახოცილიყვნენო, იტყოდიან.
- რა სამწუხარო ამბავი მითხარი, დედავ, ძალიან დამასევდიანე... - ვთქვი უნიგეშოდ, - არადა, მეც როგორ მიყვარს ეგ გარეული ხილი!
- სიბთხილე და ცოდნა უნდა მაგის ჭამასაცა! - შენიშნა დედამ, - ბევრ არ უნდა შასჭამო, კურკოებ აუცილებლად უნდა გადაჰყარო. სამაგიეროდ, ესკალა და იმისი ჩაია კარგი, ათასნაირად სასარგებლო ორგანიზმისადა, - ისევ გაუსვა ხაზი დედამ ასკილის სიკეთეს. ესკალასა ერთის ქალისადაო ცხრანაირად დაავადებულ დედისერთა შვილ გადაერჩინაო, იმასაც იტყოდიან ძველები.
- ასკილსაც მოგიკრეფავ ხვალ. - კვლავ გავიმეორე დამაჯერებლად, ფიქრით კი იმ ისევ უბედური დედისაკენ ვიყავი წასული, ვისაც ერთმა ჩვეულებრივმა, გარეულმა, მაგრამ საკმაოდ გემრიელმა ხილმა, თურმე, ამდენი ტკივილი მოუტანა.
- გარელ ხილსა ზამთრისპირის სუსხები უხდება, ნამზრალევს უფრო აგემრიელებს, - თქვა დედამ, - თუმცა კიყველაფერს თავის წესზედ და რიგზედ უნდა მოხმარებაცა. - და თითქოს მიხვდა, რომ მე ისევ იმ ტრაგედიაზე ვფიქრობდი, ისიც ისევ იმავე თემას მუბრუნდა, - ერთ ძველებურ ლექს იყვის მაგ ქალების ამბავზედა, ცოტა რაიმ კი კიდენ მახსონ იქიდანა:
რა ცრემლ შაჰშრეს დედის გულსაო,
შავის ღრუბლით შენისლულსაო.
ხუტკურმაო,
ხუთგულუმაო,
ხუთ-ხუთ შვილნი დამიხოცნაო...
დაილოცოს ესკალაი,
მკვდარი შვილი გამიცოცხლაო.
თქვა ეს ფრაგმენტები დედამ იმ ძველი და ნაწილობრივ მივიწყებული ლექსიდან და კიდევ უფრო ღრმად ჩამაფიქრა იმაზე, თუ რა აუტანლად სევდიანი და უბოლოოდ მოსაწყენი იქნებოდა ეს წუთისოფელი, ზოგჯერ ასე ერთობლივად მოსვნებულ ხუთ ცხედარს თუნდ ერთი სიცოცხლის გამარჯვება მაინც რომ აუცილებლად არ ანაცვლებდეს...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




მიხეილ ღანიშაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: მიხეილ ღანიშაშვილი   მიხეილ ღანიშაშვილი - Page 2 Empty

Back to top Go down
 
მიხეილ ღანიშაშვილი
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: