| | "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია | |
| | |
Author | Message |
---|
Guest Guest
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Fri Jan 16, 2009 10:06 pm | |
| - nini wrote:
- ძალიან გასაგებად და მარტივად დავწერ-იმ ფორუმზე,რომელიც ქართული ლიტერატურის ,ქართული სულიერებისთვის იქმნება ,წმინდა წერილის, კაცობრიობის უწმინდესი წიგნის- ბიბლიის -ეროტიულ ასპექტში მოაზრება და განხილვა ჩემთვის შეურაცმყოფელია,ძალიან გამაღიზიანებელი და კატეგორიულად მიუღებელი.
ასევე ძალიან არ მომწონს'' ეროტის ქურუმებად'' ჩემთვის ძვირფასი ავტორების შერაცხვა.დარწმუნებული ვარ,რომ მათი ხსოვნის შეურაცყოფაა ეს..
ამ თემის უფრო ნეიტრალურ სახელს ვამჯობინებდი. ნებისმიერი ჩემი პოსტის წაშლა შეიძლება და აუცილებელიც კია. არც გავიბუტები და არც ავცრემლდები. არც აქედან წავალ და ყოველთვის იმას დავწერ,რასაც ვფიქრობ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე.
აი ასე ეს კორექტულად გამოთქმული კრიტიკული შენიშვნაა, და არაფერიც არ წაიშლება! მართლა უჩხული კი არა ვარ, არჩანდა როგორც გაშინებთ...
მე ნინოს პასუხს დაველოდები! |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Sat Jan 17, 2009 1:00 am | |
| - nini wrote:
- ძალიან გასაგებად და მარტივად დავწერ-იმ ფორუმზე,რომელიც ქართული ლიტერატურის ,ქართული სულიერებისთვის იქმნება ,წმინდა წერილის, კაცობრიობის უწმინდესი წიგნის- ბიბლიის -ეროტიულ ასპექტში მოაზრება და განხილვა ჩემთვის შეურაცმყოფელია,ძალიან გამაღიზიანებელი და კატეგორიულად მიუღებელი.
ასევე ძალიან არ მომწონს'' ეროტის ქურუმებად'' ჩემთვის ძვირფასი ავტორების შერაცხვა.დარწმუნებული ვარ,რომ მათი ხსოვნის შეურაცყოფაა ეს..
ამ თემის უფრო ნეიტრალურ სახელს ვამჯობინებდი. ნებისმიერი ჩემი პოსტის წაშლა შეიძლება და აუცილებელიც კია. არც გავიბუტები და არც ავცრემლდები. არც აქედან წავალ და ყოველთვის იმას დავწერ,რასაც ვფიქრობ,ყოველგვარი შელამაზების გარეშე.
აი ასე ნინი ძვირფასო! დარწმუნებული ვარ, სხვაზე ნაკლებ როდი უწყით, რომ ფორუმის პოსტი,თავისი სპეციფიკის გამო,არ წარმოადგენს სივრცეს,სადაც ავტორს ეკისრება ვალდებულება,დააკმაყოფილოს სადისერტაციო ნაშრომისათვის წაყენებული მოთხოვნები ,მაგალითად, მცირე მოცულობის ნააზრევს დაურთოს გამოყენებული ლიტერატურის სია. რაკი თქვენ,როგორც მკითხველს,ასე გულწრფელად გაღელვებთ ეს საკითხი,მოგიწევთ,ცოტა გაისარჯოთ კიდეც და თუნდაც ''გუგლში'' გადაათვალიეროთ ის მრავალრიცხოვანი ლიტერატურა,რომელიც ეროტიკულ,სექსპოეზიასა და პორნოპოეზიას ეხება.შემდგომ ნახოთ,როგორ არის გაშუქებული ბიბლიოლოგთა მიერ ეროტიზმის პრობლემა ჩვენს სათაყვანებელ ბიბლიაში .ეს სულ რამდენიმე საათს წაგართმევთ,მაგრამ ,მერწმუნეთ,შრომად ღირს. მე რომ ახლა ჩამოვაწიკწიკო სია კონკრეტული ლიტერატურისა, რომელიც ხელთ მაქვს და რომლითაც ვსარგებლობ,არ არის გამორიცხული,რომ ჩვეულებისამებრ ,ახალი პიარტექნოლოგიის გამოყენება დამწამოთ და თქვათ,ვცდილობ,ამით თავბრუ დავახვიო მკითხველს... რომ ავკრიფო ლათინური შრიფტით ფრაგმენტები,რომელსაც მსჯელობისას ან ტერმინთა დეფინიციისას ვეყრდნობი,ვერც ეს უშველის საქმეს,,ჩვეულებისამებრ,იტყვით,რომ ესეც პიარ-ნაბიჯია,რადგან მკითხველთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ ფლობს ინგლისურ ენას იმდენად,რომ შეამოწმოს,გაარკვიოს რეალური ვითარება. რომ ვთარგმნო ქართულად ეს ადგილები,მხოლოდ იმიტომ,რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს - თქვენ დაგიმტკიცოთ ჩემი პოზიციის მართებულობა,სხვისი აზრების მითვისებაში დამდებთ ბრალს, ან უფრო ''ლმობიერად'' მომეპყრობით და იტყვით,რომ მეთოდურად გაუმართლებელია უცხოურ თეორიულ მასალაზე ,როგორც პროკრუსტეს სარეცელზე, ჩვენი სანუკვარი,მრავალსაუკუნოვანი პოეზიის ''მორგება''. საკუთრივ ქართული გამოკვლევები კი ამ სფეროში თითზე ჩამოსათვლელია და მათ შეძლებისდაგავარად,მუდამ ვაწვდი ინტერნეტ- მკითხველს,ავტორთა მითითებით/ეს თქვენთვის ცნობილია/. როგორ მოვიქცე? დრო და ენერგია სხვა,უფრო სასარგებლო საქმეს ხომ არ მოვახმარო? -მაგალითად, ვთარგმნო და დავდო დღემდე ცნობილი პოეზიის უძველესი ნიმუში,რომლის ავტორიც ქალია და რომელიც ეროტიკულია,ამავე დროს,მკვლევართა აზრით, გენეტიკურად თუ არა,ტიპოლოგიურად მაინც უახლოეს კავშირს ავლენს ბიბლიურ წიგნთან ''ქება ქებათაი''. ასე!  უმჯობესია,მე ჩემს საქმეს მივხედო,თქვენ კი, თუ დრო ბევრი არა გაქვთ,მელეტინსკის ''მითოლოგიურ ლექსიკონს'' მაინც ჩახედოთ და წაიკითხოთ ორიოდე სტატია: ' 'ეროტი'' და ''პრიაპი'',იქნებ მერე თავადაც მიხვდეთ,რა განასხვავებს ამ ორ ღმერთს და შესაბამისად,ეროტიკულ და პრიაპულ პოეზიას .მაშინ იქნებ არც მომავალი წიგნის სათაურმა ''ეროტის ქურუმნი'' შეურაცხყოს თქვენი ფაქიზი გრძნობები.ის კი არა და,მოგეწონოთ კიდეც. გისურვებთ წარმატებებს! | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Sat Jan 17, 2009 12:57 pm | |
|
Last edited by nini on Sat May 09, 2009 5:15 pm; edited 2 times in total | |
|  | | bao

 Number of posts : 379 Age : 63 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Sat Jan 17, 2009 3:23 pm | |
| არა იმიტომ, რომ ან დარბაისელს, ან პროექტს ჩემი დაცვა სჭირდება, არამედ სიმართლისათვის, რომელიც ალბათ არ არსებობს იმდენი, რამდენი ადამიანიცაა ამ საიტზე ან ზოგადად ლიტერატურისმოყვარული... სიმართლე ალბათ ისაა, რომ ეს პროექტი მართლა საინტერესოა და მართლა შეემატება ქართულ კულტურას ერთი საინტერესო წიგნის ან მონოგრაფიის სახით.. არა მგონია, მართლა შესაბრალისები ვიყოთ ის ადამიანები, ვინც ინტერესით ადევნებს თვალს დარბაისელის მიერ მოძიებულ და გამოქვეყნებულ მასალებს. ქართულ პოეტიკას და პოეზიას იმხელა ისტორია აქვს, გასაკვირიც კია, რატომ აქამდე არ გაკეთდა ასეთი რამ. ბევრი სხვა რამეცაა ჯერ გასაკეთებელი. და არა მგონია, ეს პროექტი საჭიროებდეს თავისი ნამდვილი ღირებულების ან გაპროტესტებას, ან დაცინვას ან ეჭვქვეშ დაყენებას. ნეტავ უფრო მეტი და მრავალფეროვანი რამ კეთდებოდეს და იწერებოდეს პოეზიაზე. | |
|  | | არგანი

 Number of posts : 291 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Sat Jan 17, 2009 3:50 pm | |
| ბავშვობაში მოსმენილი მაქვს (მოხუცებულისგან, რომელიც ახლა ცოცხალი აღარაა) "ამირანის" ეროტიული ვარაინტი. პოეტური ვერსია, რომელიც თითქმის არ იმეორებდა ჩვენთვის ცნობილ სიუჟეტს. სამწუხაროა, თუ სამუდამოდ დაიკარგა ის ვარიანტი. აი, ერთი სტრიქონი იმ ვერსიისა: "იმდენი კიდევ დამაკლდა, სამი გაფრენა ცხენისა..." ამას ამირანი ამბობს, უცხო ქალწულთან (შეიძლება ყამართან) ყოფნის შემდეგ. | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Sat Jan 17, 2009 4:09 pm | |
|
Last edited by nini on Sat May 09, 2009 5:15 pm; edited 1 time in total | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Sat Jan 17, 2009 4:12 pm | |
| sainteresoa,gia Zvirfaso! is teqsti arar gaxsovT? SeiZleboda mere folkloristebtanac dagvezustebina,Tu aris dafiqsirebuli da ra saxiT .magalitad,amiran arabulTan. | |
|  | | არგანი

 Number of posts : 291 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Sat Jan 17, 2009 4:24 pm | |
| ხო, ერთადერთი შანსია ფოლკლორის კათედრა, წესით 70-იან წლებში უნდა ჩაწერილიყო. | |
|  | | bao

 Number of posts : 379 Age : 63 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Sat Jan 17, 2009 4:50 pm | |
| კამათს არ ვაპირებ,მაგრამ ვიტყვი რომ რუსების მიერ "შუშანიკის" გაეროტიკულებასა და ამ პროექტს შორის უდიდესი "მზღვარია"! მიზანი შავით თეთრზე ნაბლანდია! და ბიბლია, როგორც "წიგნი "თავისთავად რჩეული ერის ცხოვრებას აღწერს თავის ტრფიალებიან-ცოდვებიან-კათარზისიანად... ის რომ "ბიბლია" წმინდა წიგნია, ეს არ ნიშნავს მასში შემავალი ტექსტების ტაბუირებას. ბიბლია არის საფუძველთასაფუძველი მთელი ცივილური მსოფლიოსათვის სახელოვნებო დარგების სხვადასხვა ჟანრებისათვის საინტერპრეტაციო მასალებისა. როგორც ზოგადად მითოსური სამყაროც. რამდენი რამ დაწერილა და შექმნილა... ყველაფერი რომ აეკრძალათ ყველასთვის? ალბათ, ძალიან კარგია ეს პროექტიც და სხვა ნებისმიერი სამუშაო, რომელიც კიდევ ახალი კუთხით უფრო დაგვაახლოებს ამ ბიბლიურ ტექსტებთან და ახლობელს გახდის ზოგადად ამ წმინდა წიგნსაც. რა თქმა უნდა, ადამიანის რწმენა და მორწმუნეობრიობა ზოგადად არის ხელშეუხებელი თემა, მაგრამ ხელოვნება თავად შემოქმედისაგანვე ნებადართულია იყოს განფენილი ორ უკიდურეს პოლუსს შორის: ადამინი და ადამიანური და ღმერთი და ღვთაებრივი! და როგორც კი ამ დიპოლურ სისტემაში შევეცდებით ცალი მხარის სასარგებლოდ ვიაზროვნოთ, აღმოვჩნდებით არასწორ კალაპოტში,რომელშიაც ა არ მიედინება კაცობრიული ჟამი, არც მარადისობა და არც წარმავალობა. ამ ღვთაებრივ ბალანსს დედამიწაზე,რელიგიებზე არანაკლებად ინარჩუნებს ხელოვნება!!! რომელიც,გარკვეულწილად თავადვე წარმოადგენს რელიგიას! მარადისობის და კაცთამოდგმის მარადიულობის მოდარაჯეს და დამცველს!!! | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Sat Jan 17, 2009 5:56 pm | |
|
Last edited by nini on Sat May 09, 2009 5:16 pm; edited 1 time in total | |
|  | | bao

 Number of posts : 379 Age : 63 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Sat Jan 17, 2009 6:32 pm | |
| ამ თემაზე ვამთავრებ საუბარს, ნინი. სიტყვა "რელიგიები" ვიხმარე მრავლობით რიცხვში შეგნებულად. კულტურ-ებ-საც ასევე ვიხმარ! და ლექსებსაც წავიკითხავთ ჩვენ ყველანი, რადგან ლექსებს პატრიარქ-ებ-იც (მრ. რც.) წერენ, მეუფეებიც და ბეჭდავენ და კითხულობენ კიდეც, და წმინდანებიც წერდნენ და კითხულობდნენ და ლოცვებშიც ლექსები გამოიყენება. საკამათოდ არაფერი მითქვამს და რადიო, საპატრირქო იქნება თუ სხვა რადიო, იმიტომ არსებობს, რომ ადამიანებმა ლექსებიც იკითხონ და ისაუბრონ ყველაფერზე რაც საინტერესოა. ჩვენ არა, სხვები ისაუბრებენ. ჩვენ არა, სხვები წაიკითხავენ და არასოდეს მიფიქრია, რომ ამით თავი უნდა მოვიწონო. მე აქ ვდებ ინფორმაციას, რადგან ეს მევალება და მინდა მეტი მსმენელი ჰყავდეს გადაცემას! მართლმადიდებლობის, როგორც ერტადერთი ჭეშმარიტი რელიგიის არსს,ჩვენი დიალოგი ვერაფერს ავნებს და ვერც შემატებს! ვერც ეს პროექტი იქნება მისი ღირებულებების ეჭვქვეშდამაყენებელი რამ. ვერც "ბიბლიას" ევნება რამე. ვერც ჩვენ ვერ ვიქნებით ვერასდროს იმაზე მეტი ქრისტიანები, ვიდრე შეგვიძლია და ვართ. | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Thu Jan 22, 2009 8:16 pm | |
| სათაური,რომელიც ქართული ეროტიკული პოეზიის ანთოლოგიისათვის შევარჩიე - ''ეროტის ქურუმნი'' შესაძლოა, მკითხველთა იმ ნაწილისათვის მიუღებელიც აღმოჩნდეს,ვინც არ უწყის,რომ ეროტი ანუ ეროსი სიყვარულის,ტრფიალების ღმერთია ,ხოლო ეროტიკა სინამდვილეში მკვეთრად ემიჯნება შიშველი სექსუალური ვნებების,ურთიერთობის ასახვას ხელოვნებაში ,ანუ პრიაპიზმს, რომელსაც ასევე მრავალათასწლოვანი ისტორია აქვს და თანამედროვე ტერმინოლოგიით პორნოგრაფიად იწოდება. ეროტიკულ პოეზიას მეორენაირად ამურულსაც უწოდებენ,რადგან რომაულმა მითოსმა ისევე ,როგორც არაერთ სხვა ღმერთს,ეროტსაც შეუცვალა სახელი და ამური უწოდა. ახლა გავიხსენოთ ერთი ლექსი,გასული საუკუნის პოეზიიდან,ლექსი,რომელიც ამურს ეძღვნება,თუმცა მკვეთრი ეროტიკული სახეებისა თუ გამოთქმების მოყვარულთათვის, შესაძლოა, მეტისმეტად მწირ საზრდოს შეიცავდეს,ხოლო ინტიმის ნაცვლად ავტორის ხმაში ბუკოლიკური პოეზიის შორეული ექო, სევდანარევი მხიარულების , თავშექცევის მოტივები ისმოდეს.
შოთა ნიშნიანიძე
ამურთან გამოთხოვება
ჩემს პატარა ბიჭობაში წლები მახსოვს დიდებული, ერთი მეგობარი მყავდა სამტროდ გადაკიდებული, მხრებზე სცემდა კულულები, როგორც ოქროს ბულულები, პაწაწინა სალამურში ჩაემწყვდია ბულბულები.
წისქვილებში დაძვრებოდა, ქორწილებში ათენებდა, თვალებში და ნაწნავებში თრთოდა ციცინათელებად.
პაწაწინა ფრთები ჰქონდა,მშვილდ-ისარიც პაწია, ტანი ისრით დამიცხრილა,სალამურად მაქცია.
ზოგს ჭრილობა დაუწყლულა,ზოგს მანანით მობანა, ზოგს შორიდან ეთამაშა კუკუ-დამალობანა.
დაფრინავდა ისრის კონით -ღვთაებრივი ფიჩხით, კაფანდარა,ონავარი,პირტიტველა ბიჭი.
მოდი,კიდევ გამაგრილე შენი ფრთების შხუილით, თუნდაც მხოლოდ დაპირებით,თუნდაც მხოლოდ ტყუილით.
ერთხელ კიდევ შემასწარი მაგ ღვთაებრივ ზუზუნს, ერთხელ კიდევ დამასიზმრე ამორძალის ძუძუ.
...
რა იქნება ეგ ისარი ერთხელ კიდევ სინჯო, შე ცუღლუტო,შე ვერაგო,საძაგელო ბიჭო!
პ.ს. პორტალebზე ძალზე იშვიათად შემხვედრია ლექსი,რომლის ავტორსაც შესწევს უნარი,მხატვრული გამომსახველობისათვის მოიმარჯვოს პუნქტუაცია,აქციოს იგი ტროპის,ფიგურის სახეობად,სამაგიეროდ, ხშირად მიხდება შენიშვნის მიცემა მათთვის,ვინც დაუდევრად ეპყრობიან პუნქტუაციას. დაუკვირდით ამ ლექსს: მრავალწერტილი,რომელიც ბოლო ორ სტროფს შუაა მოქცეული,უეცრად როგორ მოზიდავს სიტყვათა სადავეებს სწორედ იქ,საიდანაც შესაძლოა დაიწყოს შოთა ნიშნიანიძის ესთეტიკისათვის მიუღებელი სათქმელი.
- - - - - - - - - - - - - -- - -
X X X
ველური მზერით გიყვარს თამაში, ჩემს წინ ამაყად,ნებივრად დგომა. ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაში შენ,გაზაფხული და შემოდგომა. ჯანსაღი ფერით,მდიდარი ტანით მოხეთქილი ხარ,როგორც ჩანჩქერი, ჩემს წასალეკად და გასატანად და არსაიდან არ ჩანს საშველი. შენა ხარ ჩემი თავდავიწყება, და მზიან გულზე დარდად მოწოლა, ჩემი საცერა თვალებით გაგცრი, აგაფრიალებ ველურ კოცონად, შემოგადნება სხეულზე კაბა, როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანი და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად შენი ღვთიური ,რძისფერი ტანი. მოდი,იხუვლე, ნაპირს გადმოდი, თავდავიწყებას რახან მპირდები. მე ცარიელი ვარ კალაპოტი და ამომავსე შენი ზვირთებით!
პ.ს. ვფიქრობ, მკითხველი ადვილად ამოიცნობს ალუზიებს,რომლითაც ეს მშვენიერი ლექსი უკავშირდება გიორგი ლეონიძის ''ყივჩაღის პაემანსა'' და სატრფიალო ლირიკის თემაზე შექმნილ სხვა ლექსებს. ალბათ შეიძლებოდა საუბარი ტიციან ტაბიძის ლირიკასთან მიმართებაზეც,მაგრამ არა - ჩვენი თემისთვის საინტერესო ასპექტით.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
შეიძლება თუ არა ეროტიკულად იქცეს ლექსი,სადაც ქალი სულ ერთხელ გამოჩნდება,ისიც დასაწყისში და თან - ყოფითი საქმიანობით, თოკზე თეთრეულის გაფენით დაკავებული? აბა დავუკვირდეთ,ამ ლექსში პერსონიფიკაციის გზით როგორ თანდათან გარდაიქმნება ქალის პერანგი ეროტიკულ ერზაცად :
X X X
ქალმა თეთრეული გამოფინა და თოკზე სიზმარიც გადაჰკიდა, სიზმარი შეირხა და აფოფინდა, გასვლა მოინდომა ქალაქიდან.
თითქოს დასაჭერად დაედევნენ, უცებ პეპელასებრ აფახულდა, როგორც უხილავმა მანეკენმა, ტანზე გადაიცვა გაზაფხულმა.
ერთი აბლაბუდა პერანგია, ცისარტყელასავით ტანხატულა, ისეთი ცბიერი და ვერაგია, შეგ ბევრის მზერა გახლართულა.
ქარმა აისრულა განზრახული - პერანგში შეძვრა და გაილურსა, სუსტი,კაფანდარა გაზაფხული უცებ შემოდგომად დაიყურსა.
თოკზე სიზმარია გაკიდული, რძის და გაზაფხულის სურნელია, ყველა ფანჯარა და ცხრაკლიტული კვირტივით გახსნის მსურველია.
მიფრინავს პერანგი რია-რია, ფრთასავით მოქნეულ სახელოთი... ბევრისთვის მწარე სიზმარია და ერთ ერთს კეთილად ახდენოდეს!
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
ეს კი ალბათ ყველაზე ღიად ეროტიკული ლექსია შოთა ნიშნიანიძის ლირიკაში . გიტარისა და ქალის სხეულის მსგავსება უთუოდ იმ დროიდანვე დააფიქსირა ადამიანის თვალმა, როცა ეს ინსტრუმენტი გაჩნდა და მ მხრივ შოთა ნიშნიანიძე პოეტი -აღმომჩენი სულაც არ არის, მაგრამ მისი პოეტური ინტერპრეტაცია - გიტარა, პერსონიფიცირებული კახპა-ქალად ,რომელიც მუხლიდან მუხლზზე კივილით გადადის - ლექსის გამოქვეყნების დროისათვის საკმაოდ თამამი სიახლე იყო. /მრავალწერტილის მხატვრული ფუნქცია აქაც გამოკვეთილია ,როგორც ლექსში '' ამურთან გამოთხოვება''/:
გიტარა
კივის და ტკარცალებს...კივის და ისევე ტკარცალებს...გედივით იღერებს ყელს... მუხლებზე ისვამენ... კალთაში იწვენენ... უბეში უყოფენ ხელს!...
...
კივის და ტკარცალებს...
Last edited by nino darbaiseli on Fri Jan 30, 2009 1:06 am; edited 1 time in total | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Thu Jan 29, 2009 11:41 pm | |
| თუკი გალაკტიონის ადრეულ შემოქმედებაში მაინც მივაგენით ორიოდე გამოვლენას ეროტიზმისა , ტერენტი გრანელის პოეზიაში,სადაც მუდამ მიღმიერი ქალწულის - ლენორას ლანდი , აჩრდილი კრთის , სიყვარულს გამოცლილი აქვს ყოველგვარი ვიტალური საფუძველი და ,ეროტიზმი მინიშნების დონეზეც კი ძნელი მოსახელთებელია, ისე, როგორც ამ ლექსში:
ტერენტი გრანელი
სონეტი
ფართო ქუჩებში დავივიწყეთ ნელი თამაში, წყრომით იკივლებს ჩემს ცხელ ტანში შენი სხეული... მაშინებს ყოფნა,ყრუ ფიქრებში გამოხვეული და მაგონდება აბრეშუმის თეთრი გამაში.
ცრემლი იფეთქებს დაბნელებულ ყრუ ყაზარმაში, მაღლა აიწევს ყვითელ ფრთებით ნაზი ეული, დაბურულ ტყეში ჩუმად ივლის ლანდი გრძნეული, შავი წირვები ატირდება წითელ ნარმაში.
ჩემი ოცნება შეირხევა,როგორც ლერწამი და ცის კალთაში დაისვენებს სევდიან ძილით. უცხო ღამეში სევდიანად ჩვენ თითქოს სამი
ისევ ერთმანეთს დავშორდებით წმინდა მანძილით, როცა დადგება მოთენთილი თეთრი მაისი, ჩვენ შეგვაერთებს ელვარებით ნაზი დაისი. | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Tue Feb 10, 2009 1:58 am | |
| გურამ რჩეულიშვილის მრავალფეროვან ლიტერატურულ მემკვიდრეობაში პოეზიასაც უჭირავს თავისი ადგილი. მისი მცირერიცხოვანი ლექსები ,რომელიც შორს იყო მაშინდელი იდეოლოგიის მიერ სანქცირებული თემატიკისაგან ,მის სიცოცხლეშივე ვერ გამოქვეყნდებოდა,შემდგომაც , მწერლის პირად არქივში მთვლემარე, წლობით, ათწლეულობით ელოდა დღის სინათლეს.
მეჩვენება,რომ ამ ლექსის დასაწყისი ეხმიანება ფსიქოანალიზის ცნობილ თეორიას ბავშვის ადრეული სექსუალობის განვითარების შესახებ.ეს მაფიქრებინებს,რომ ან გურამი იცნობდა ფროიდის შრომებს,მიძღვნილს ამ პრობლემისადმი,რაც სავსებით შესაძლებელია, თუნდაც იმიტომ , რომ ფროიდის შრომები თითქმის შექმნისთანავე ითარგმნებოდა რუსულად და მეტნაკლებად ხელმისაწვდომი იყო მაშინდელი დაინტერესებული მკითხველისათვის, ან შემოქმედებითი ინტუიციის წყალობით ჩასწვდა იმავე სფეროს .
გურამ რჩეულიშვილი
..ცოდვისთვის შობილს
იმ მიუწვდომელ მშვენიერებას ბავშვი რომ ხედავს ქალის სხეულში, თავის პატარა გაურყვნელი წმინდა ხელებით როცა დაბერილ თეთრ ძუძუებს ვნებით უჭყლიტავს, ვცდილობ მივაგნო, როგორც ერთი წლის დაბადებიდან მოურიდებლად თავის დედას გაუხსნის საკინძს ვარდისფერი ძუძუსთავების დასაწაფებლად. ისევე წმინდა, ისევე დიდი, არის სურვილი ჩემი. მხოლოდ მორალი დაწესებული გარეშემო მე შეურაცხმყოფს, ტყუილ ბრალსა მდებს და მეც ბრალდებულს ცოდვისთვის შობილს, გულის სიღრმეში მიხარია ეს განაჩენი. და სხვებთან ერთად ნეტარ წამებს შევურაცხყოფ ენის გაკილვით, ან იმ ბიბლიურ დაბალი კაცის მიერ მოგონილ მაღალ სიტყვებით: `მე დავამდაბლე აი, ეს დიაცი და ამ დიაცს დღეის შემდეგ უწოდეთ ბოზი. მე აქ ვმაღლდები პირუტყვული უკუპროპორციით და თავს ტაშს ვუკრავ, რადგან არ ვგავარ ვნებააშლილ ქალთაგან ნაცემ იმ უძლურ სხეულს, ვინც იცემა კაფეში ბოზთაგან, რომ ნამთვრალევმა, ღამენატეხმა, დამდაბლება მათი ვერ შეძლო და საოცარი ყველაფრის მხეთქი ხმა ამომძახის გეენის ცეცხლივით: შენ კაცი ხარ, დიდი კაცი, სანამ გიდგება, და ნახევარი ადამიანი.
სიგიჟე
ჟანგი, ჯანღი ღამე ბნელი დიდთვალება ტყეში მგელი.
ერთხელ ღამე, ერთხელ ღამე, კოცნა ყოველ ღამე, ცხელი ბარძაყები, ხელი ბარძაყებში, კოცნა ბარძაყებში და მართლა ღამე, მართლა ღამე, ცივი ბარძაყები, ხელი ბარძაყებში ძილი უგრძნობელი.
და ჩემში გაჩნდა ორივე ერთად: ეჭვი და სიყვარული.
გულგადაღეღილი ქალები, კაცები; საუბარი ციკლონზე, სიმღერა ჯაზების. ქალები, კაცები, ღია მანქანები, კისრამდე შეკრული მილიციელები. შუა დღის მოდუნება სიცხეზე. კისკისი საღამოს ბაღებში და პოდიეზდები ღია ბარდაგები, ხოში და ხურუში გადახლართულები.
ჩემს გოგოს მაღალი წელი, ლამაზი ტუჩები, სავსე მკერდი აქვს, აქვს სილამაზე და ის ჩემია, აქვს სიყვარული და ის ჩემია, აქვს ერთგულება და ის ჩემია, ვარ კმაყოფილი, ვარ უდარდელი. აქვს ყველაფერი და ის ჩემია. და არ ვიცოდი მე _ სიყვარული.
და ერთხელ ვნახე ის სხვასთან ერთად, საუბრობდნენ, ბევრჯერ მინახავს ის სხვასთან ერთად მოსაუბრე და მაშინ ვნახე, არ ვიცი რატო, და მაშინ ვნახე მე სიყვარული და ჩემში გაჩნდა ორივე ერთად: ეჭვი და სიყვარული.
წერილი ჩემს მეგობრებს ანუ ერან!
იცით, რას ამბობს ერანა! _ მე შენი მეგობრები რად მინდა ან იმათი პატივისცემა, მე შენ მინდიხარ, მე ბიჭი მარტო ღამე მინდა და ისინი, თუ ღამე იქნებიან ჩემთან, მაშინ შენი მეგობრები ხომ აღარ იქნებიან?! _ გიჟია! _ მეუბნება. `გიჟი ვარ, მართლა~ ვფიქრობ მეც. იცით, ვინ არის ეს?! ეს ირენ კი არ არის, ბერძენთა ქალღმერთი, არამედ ერან, აღმოსავლელი წარმოშობით, უფრო მეტიც, სპარსელი იეზიდი თბილისში გაზრდილი. დედა ატლასი, მამა არყუთა, ძმა თემურა. დროისა და ცივილიზაციის შეგრძნების გარეშე. ერან პატიოსანი არ არის და არც ბოზია, არც გამოცანა, იმისი ახსნა არ შეიძლება. იმასთან მარტო უნდა იცხოვრო, რადგან მხოლოდ ამ დროს მიხვდები მის სიყვარულს. ის ღამეა დაბადებული სიბნელის სამეფოში და ღამე ბატონობს, ღამე ტირის, ღამე მღერის, ღამე წევს უხმოდ, ღამე წივის, ღამე არ იძინებს და გაუთავებლივ შეუძლია ალერსი. თუ ჩაგეძინა, გაიქცევა და აღარ მოვა აღარასოდეს შენთან, ის დღის სინათლეს ვერ უძლებს, მხოლოდ ღამე ბრწყინავენ მისი თვალები. დღისით ის ქრება, დღისით იმალება, დღის ეშინია და თუ ნახე, მზის სხივები როცა ანათებენ, არ დაიჯერებ, რომ ღამის ღმერთი მხოლოდ მონას ჰგავს დღის სინათლეზე. ერანა მღერის _ ღამის ღმერთი _ ვნებით გავსების და დაცლის უთვალავ საფეხურებს შუა: ო, შავო ღამევ, რატომ ხარ ჩემთვის ასეთი ნათელი და რატომ ვერ გხედავენ შენ სხვები! ო, ყარაგიოზ, ო, შავთვალება ღამე, მე ყველაფერი მიყვარს შენი, შენ ჩემი მონა ხარ. _ მე ვარ ქალბატონი, მე ვარ ღამის ღმერთი.
ო, ყარაგიოზ, ო, შავთვალებავ! | |
|  | | არგანი

 Number of posts : 291 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Tue Feb 10, 2009 3:09 pm | |
| ქალბატონო ნინო, გამიხარდა რომ გურამის პოეზიასაც მიხედეთ. | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Fri Feb 13, 2009 11:58 pm | |
| ვახტანგ ჯავახაძის პოეზიაში ეროტიკას ნატიფი , თამაშური ხასიათი აქვს: მახვილგონიერება , გამოხატული რითმითა და ბგერწერული კომბინაციებით , გამოკვეთილი ,განსხვავებული რიტმული მდინარება, ოდნავი ირონია და თვითირონია ,რომლის მიღმიდანაც გამოსჭვივის მსუბუქი ლირიზმი...აი ძირითადი ნიშნები,რომელიც ამ ლექსებს გამოარჩევს.
პირველ მათგანში მკითხველი უთუოდ შეიცნობს მელოდიკასა და ინტონაციას პოპულარული სიმღერისა საგიტარო რეპერტუარიდან :''კამელია,კამელია, გული ტანჯვით გამელია''/სამწუხაროდ ,ტექსტი ზუსტად არ მახსოვს/.
ვახტანგ ჯავახაძე
X X X
გამიგონე, მეტი აღარ შემიძლია ,ლამარია, რაც შენ თვალი მოგატანე, სათვალავი ამერია. გულისპირი შეიკარი, თორემ გული წამივიდა, უბეში რომ მწყრები გყვანან, გაუფრთხილდი თავივითა! საღამოს კი, არყიანში, სადაც სამი სამარეა, თუ ღმერთი გწამს, დიდხანს ნუღარ მალოდინებ, ლამარია!
1957
X X X
ისეთი დიდი სიჩუმე არის, მე მეშინია - არ დავიკარგო... ისეთი წყნარი სიჩუმე არის, მესმის - ბალახი როგორ იზრდება... არის სიჩუმე და სიჩუმეში შენი ტანივით მეძახის ვიღაც.
1958
X X X
დედა უეცრად სხვაგან წავიდა, ოჯახში საქმე დაგროვდა ბევრი, არავინ არი - სკამს და მაგიდას რომ გადასწმინდოს სამი დღის მტვერი. ზოგჯერ მეზობლის ლამაზი ლედი შემოვა, სიტყვას არ იტყვის ზედმეტს, მე ვესალმები მეზობელს კეთილს, როგორც შეჰფერის ჭეშმარიტ ჯენტლმენს. ხანდახან ხარბი თვალი გამირბის - ქალის მდიდარი სხეულიღ სავსე, დაფეთებული მზერა ღარიბი აწყდება კედლებს, აწყდება ვაზებს... მაგრამ საეჭვო შუქით აღსავსე სარკეებიდან მაფრთხილებს დედა, რომელიც მკაცრი თვალით აფასებს ჩემი ცხოვრების ყოველგვარ დეტალს, და მე სიტყვას და ადგილს დავეძებ, და მხოლოდ ადგილს ვპოულობ შემდეგ, შემდეგ გავდივარ სუფთა ჰაერზე, როგორც შეჰფერის ჭეშმარიტ ჯენტლმენს.
1960
X X X
ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდნენ მშვენიერი დები, სხვა ქუჩაზე კი არა,ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდნენ. ახლა აღარ ვხვდები... მაგრამ ახლა ვხვდები, რასაც მაშინ ვერ ვხვდებოდი ბოლომდე: ბევრის ნება, ბევრის ვნება დარჩა დაუფარავი, ბევრი დათვრა შემოდგომის ნებითა და ვნებით, ჩვენს ქუჩაზე ალვები არ დაურგავს არავის; ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდნენ მშვენიერი დები.
1969
X X X
აი დები: და და და! ვიღაც ოხრავს: -ტა-ტა-ტა!- და მიჰყვება თანდათან ფეხდაფეხ და თანდათან.
1979
X X X
ტრიალებდა, ტრიალებდა, ტრიალებდა კარუსელი, ქარს მიჰქონდა ხეების და ხეივნების ნამუსრევი. ბეღურები ეშვებოდნენ კოპიტების კენწეროდან. იდგა ძაღლი და გოგონას გაკვირვებით შესცქეროდა. გოგონა კი ჩამჯდარიყო თავის სათამაშოებთან, მაგრამ კი არ თამაშობდა, მამას თვალს ვერ აშორებდა. მამაც იქვე, სადაც დიდი ჩრდილი ეგდო კოპიტების, ვიღაც უცნობ მანდილოსანს შეჰყურებდა მორიდებით. ის უცნობი ძაღლს უმზერდა, /ძაღლი იდგა კოპიტებთან/, ძაღლი - გოგოს, გოგო - მამას, მამა - უცნობს შეჰყურებდა. ამ მზერაში იყო რაღაც უცნობი და აუხსნელი, ტრიალებდა, ტრიალებდა, ტრიალებდა კარუსელი.
1970
X X X
კარგად არ მახსოვს,არ ვიცი, როგორ ბრწყინავდა სამყარო, - ნმარტი იდგა თუ მაისი, დილა იყო თუ საღამო; ვისხედით ჩამქრალ კოცონთან თუ გიზგიზებდა მიხაკი, ისევ და ისევ მომწონდი თუ უკვე აღარ მიყვარდი; რომელი ათასწლეული გვიკაკუნებდა კარებზე, სული მთხოვე თუ სხეული, შინაური თუ გარეშე; ზღვარი ჩანდა თუ საზღვარი - ზღვისფერი სანაპიროთი, ცხადი იყო თუ სიზმარი, ვიცინოდი თუ ვტიროდი...
1975 | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Sun Feb 22, 2009 12:53 pm | |
|
Last edited by nini on Sat May 09, 2009 5:17 pm; edited 1 time in total | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Sun Feb 22, 2009 1:14 pm | |
|
Last edited by nini on Mon Jun 08, 2009 11:29 pm; edited 1 time in total | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Sun Feb 22, 2009 1:27 pm | |
|
Last edited by nini on Sat May 09, 2009 5:17 pm; edited 1 time in total | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Mon Feb 23, 2009 12:16 am | |
| - nini wrote:
- სიტყვის წარმოშობა და საწყისი მნიშვნელობა, მის დღევანდელ კონტექსთან შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს.
ლამაზ ქალბატონს რომ დღეს ბოზი უწოდო..ძალიან შეურაცხყოფ,არადა ეს სიტყვა ადრე ლამაზს ნიშნავდა. სიტყვა მეგობარი არცერთ განმარტებით ლექსიკონში ჯერჯერობით არ არის შეტანილი იმ მნიშვნელობით,რაც მან ამ ბოლო ხანებში შეიძინა. ერთი ძალიან ცნობილი ქალბატონი ძალიან უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა,ანუ არის სიტყვები ორაზროვანი და განსხვავებული კონტექსტით.იგივე ეს ჩემი მეგობარია და მამაკაცს აცნობ საზოგადოებას,ეს 1ნიშნავს რომ შენი ამხანაგია დამეორე 2ეს ნიშნავს ამ სიტყვის ''ბოიფრენდულ ''კონტექსტს,ანუ სექსუალურ პარტნიორ მამაკაცს სიტყვა ეროტის ქურუმი შეიძლება ძალიან ნეიტრალურ და ჩვეულებრივ კინტექტსში მოვიაზროთ,იგივე სიყვარულის ქურუმი, მსახური ,მაგრამ ის რომ ამ სიტყვებზე ჩნდება განსხვავებული და სულ ცოტა რბილად რომ ვთქვათ უხერხული და ორაზროვანი ასოციაცია ეს ასეა.და რამდენიც არ უნდა თქვათ არაო,ვერ გადამაჯერებთ. და უბრალოდ საზოგადოებისათვის ძვირფასი ადამიანები არ მინდა ამ მყვირლა და იაფფასიან სათაურის წიგნში მოხვდნენ. თან აგერ მოვიყვანე ლექსი,რომელსაც მჯერა ამ სიატზე მყოფი ბევრი ლიტერატორი სულაც არ ჩათვლის ეროტიულად პატივისცემით და როგორც ვხვდები უპასუხოდ. პასუხი არც მინდა პრინციპში,მე ჩემს აზრს ვაფიქსირებ უბრალოდ. კეთილი სურვილებით ასეთ საკითხებზე მსჯელობისას ცოტა მეტი ცოდნა და დაფიქრებაა საჭირო. პირველივე ქართულ ლექსიკონში,რომელიც ლამის სამასი წლისაა, /სულხან-საბას ''სიტყვის კონა ქართული'' /,გარკვევით წერია: '' ბოზი-მეძავი.ესე ბოზობა განიყოფებიან ორად:სიძვად და მრუშებად. სიძვა უკუე არს უმეუღლეოს ქმნული,ხოლო მრუშება-მეუღლიანი სხვასთან ბოზობდეს. ბოზობა-სიბოზის ქნა''. მეტიც:უკვე რვა საუკუნეა,რაც წერილობითად დაფიქსირებულია, რომ ბოზი ბოზს ნიშნავს ქართულად.რუსთაველს მგონი დაეჯერება. დავარი ნესტანს: როსკიპო,ბოზო დიაცო,საქმრო რად მოაკვლევინე, ანუ სისხლისად მისისა ჩემზე რად მოაზღვევინე!ჭაშნაგირი ფატმანის შესახებ: გამკიცხე ბოზო დიაცო და დამდევ დასათრეველად. ფატმანი საკუთარი თავის შესახებ : მე გლახ,ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი, კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი. საინტერესოა,რა უფრო ძველ წყაროებს ეყრდნობა ის,ვისი აზრებიც ასე ყურმოკვრით ვრცელდება. | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Mon Feb 23, 2009 1:16 am | |
| ესმა ონიანი - მხატვარი და პოეტი,გურამ რჩეულიშვილის უახლოესი მეგობარი,ათი წლის წინ გარდაიცვალა. მისი კრებული,რომელიც გარდაცვალებიდან სულ ცოტა ხანში გამოიცა,ეროტიკული პოეზიის არაერთ ნიმუშს შეიცავს. ეროტიკული თემა ძირითადად მითოსური და ფოლკლორული სადენებით შემოდის მის პოეზიაში და უჩვეულოდ მხურვალე გრძნობად-ფერადოვან სახეებად ცოცხლდება.აი მხოლოდ მცირე ნაწილი ამ ლექსებისა:
ესმა ონიანი
ტყვე
ჩემი ფიქრების მარწუხებში მყავხარ მომწყვდეული - თავის მოდრეკას არ გაცლი. ბორგავ და ცდილობ, გაურკვევლისგან განთავისუფლდე, იგი ტკბილი დაბეგვით გიბრუებს სხეულს, მოგეცვარა კისერი, თვალები ერთმანეთისკენ მიგორავს ვნებით შეძრული, შენ წინაშე ვარ მწარე სიცხადით, სხეულთა შეტკბობის უიმედო სიშორით. გინდა გასხლტე უნამდვილო სინამდვილისგან, მაგრამ არ გიშვებ, ჩემი ფიქრებით შორიდანვე გიმწყვდევ მწარედ ტკბილი მარწუხებით. თვით აშვების წუთებშიც, როცა ფიქრით არ გიბორკავ ყოფას, ჩემმიერობა ყვითელ ჩალმასავით გეხვევა თავზე.
შუმერთა ლოცვა აბზუსადმი
აბზუ,ნუ მოხვალ! ფისისფერი თვალი გვაშორე! სადაც ხარ,იყავი! ბებერ მეფესავით ბარდებში იბოდიალე გასიპულ ფლასტებით. ფშუტეთვალებიან კვერთხ-გვირგვინს ჩამქრალ ოქროსას ატარებ. აბზუ,შენთან წამოსულნი დაითვალე ნელ-ნელა,არ იჩქარო; მზერა მოანაცვლე, სუყველა გაიხსენე სათითაოდ: მოხუცების თეთრი ხუხულები, წვერებით, წაქისფერებით, აბზუ,კაცები,შეწყვეტილნი ,ძალადაულევი, ბებერი ქალები ფქვილიან თვალებით, აბზუ,ბავშვები მობარბაცე, აბზუ,რძესავსე დედები, ძუძუ სამუდამო შედედებით, აბზუ, თოთო-ფრცქვნილი ქალწულები სარეცელს მიჯაჭვიან ეკლიანს, აბზუ,ჭაბუკები თმების მზიანი ხვრელებით, ვნებადაუმცხრალი გახელებით, ყველას შეხედე - კაჟისფერ მზეში კრიჭა შეკვრიათ! აბზუ,ნუ მოხვალ, ჯერ შენთან წამოსულნი დაითვალე სათითაოდ, ნელა დაითვალე, არ იჩქარო!
- - - - - - - - - - - -- აბზუ - სიკვდილის ღმერთი შუმერულ მითოლოგიაში
მოქანდაკის ლექსი ნეფერტიტისადმი მზის ამოსვლისას
ნეფერტიტი ნიშნავს - ''მშვენიერი მოვიდა'' ნეფერტიტი შემდგომ გახდა - ნეფერნეფრუატონ, რაც ნიშნავს:''მშვენიერია მშვენიერებით ატონისა''.
მშვენიერო,მოსულხარ! ქვიშის ცეცხლი ყვითლად შრიალებს; მუხლჩაკეცილს მომნუსხავ, შემოდგები მეფურ იერით.
რძისფერ სამოსით, თვალში თრობით გადაღმიერით - მზისთვის ნაზოგ გაუპობ კოცნით მოსულხარ,მშვენიერო!
ფშატისფერი ძუძუს ნაყოფი სურნელითა და ალმურით - გდია ქვიშაში მომცრო ნაპობით სანელსაცხებლე ქვა-ქაშანურის.
მშვენიერო ,მოსულხარ, თვალდაუღწევ ბურანით შემმოსავი; ზეთით ნაზელ მუცელზე ჭიპი გიბზინავს ხბოს ნესტოსავით.
მომლოდინე, ჩურჩულით ტკბილად ხმიერით, სელისფერ ტერფებით, მოსულხარ,მშვენიერი შეჭდობის დროა - აჰა,ამოდის! მძიმედ ჩახურდა ჯიღა,ცად მგორავი ცხელი ატონით, ქუთუთოს მიღმა თვალმა იკლო ვნებით დამდნობით; ნილოსი სულ ავსილა,ლერწმებს ხრავენ ოქროს ხრტილები, ცხობას იწყებს ქვიშა და სილა, ატეხვით ხტიან შავი მოზვრები,რქებწაკვნეტილები; შროშანა შრება,ნიჩბების ტევრში - ჩრდილ -ზოლა წყალი, ხურმების ცვენა ფიცრებს აჩნია ნაზელად მტკბარი. აგდებს ნუშის მსგავს ენას - ნაყოფი გასკდა კურკიანად, წებო-წითელი დენა, ხე სიმძიმით დაკუზიანდა; გახშირდა ვნებით ოხვრა, ცად მგორავი ცხელი ატონით, ბატონ-უფლის დამყოლი მოხვალ ლოცვა-მადლობით. მშვენიერო,მოსულხარ აღერილი ყელის მშვენებით - მზის ალერსით მოგლუვდა, შემომსხდარი ოქროს ენებით. მშვენიერო,მოსულხარ, გაგვაოგნე შენი მშვენებით! | |
|  | | bao

 Number of posts : 379 Age : 63 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Tue Mar 03, 2009 12:43 am | |
| | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Sat Mar 07, 2009 11:18 am | |
| ესმა ონიანი
გარდაუვალი სიყვარული ქალების წყევლით
მეოთხე ქალი
-' 'შავი ფრთებივით გავშალე თმები ქარსა და მზეში! თვალებს გამიფატრავს სხივი რისხვისა,მბრწყინავი ეშვი! ჩემი სიყვარული,დღემდე მდუღარი, შეაწყდა კედელს, ძველი გაშმაგებით,წალეკვის მუქარით მიყვარხარ დღემდე! ტანთ შემოვიგლეჯ სამოსს, ყრუსა და ჩამშრალს, ჩემი სხეული ნახონ, მზესავით მახლავს! ჩემი თეთრი მკერდი - თასი, ცისფერი ბზარით, მისი სიმთვრალე გასვი - ტკბილიც და მწარიც. ღელვა ჩემი ტანს არხევს, მრგვლად მცურავ მუცელს, მას თეთრად ავსილი მთვარე ტყუპსავით უცქერს. მეღვრება ქაფშეკრულ ჩანჩქერად მაღალი ყელი, მზესავით სხეული გაჩვენეთ, სიშმაგის მგვრელი, მოვვარდი მძიმე ქვებთან სურვილგანათელი! სხეული ავმართე ურვით,გააფთრებით. მე გონი დავკარგე, ისე აქ რა მინდა?! ეს ყრუ ქვები გავხადეთ სიმშვიდის საწინდრად?! ვეღარსად მივაგდე სული.საზღვარს გადასული, ზეგნებზე,მთებზე ქარ-მიმათრევს, დასტირის იმასვე, რასაც ეს ქალები, მე რომ ვკიცხავდი მათ უძლურ მოთქმას. იგივე სიმწარე გამიხდა ცხადი, იგივე მოთქმა. ჩემს მოქანცულ სიამაყეს მიერეკება ქარი ხორკლიანი, კლდეები დაგლეჯენ,შვეულ-კედლება, ბრმად მოწრიალეს; ჩემი სიამაყე - თეთრი ნამქერი, ოქროს მაღალი შუბებით,ისრებით, მის ფართხალს უკვე შორიდან გავცქერი, თანდათან ჩემივე ნაღველში ვისვრები: ნესტოდაბერილი ხარი მზისფერია და მზის გზით ივლის! მე მზე დიდებული აღარ შემწევია მარჯვნიდან ირგვლივ. გახმა სიყვარული,როგორც მთის ბალახი,შრიალით ჰკიდია, და ჩემი დღეები,მზისგან გამოცლილი,უკუღმა მიდიან, იქ ჩაიხვევიან შავ ხვეულებად, ჩემს უცვლელ ბედად! შავი ნაღველი ხდება ჩვეულებად, ახლაღა ვხედავ, - და ისევ მომვარდა რისხვა არწივივით,ფრთა მომასხიპა, სიმწრით ამეწვება,ხორცი დაიწივლებს ავმოსასმენად: ქვაო ხავსიანო,ქვაო ნავსიანო, აჰა,აჰა,კვერი, ვისით ანამღვრევიც ჩემს ქმარს სისხლი ახრჩობს, - ასე გამოფიტე,მშრალ ქერქად აქციე, ყველამ შეიზაროს,არვინ მიიახლოს! ქვიშად ამომშრალ მდინარის ნაბუდრად იქცეს მისი ყური, - სუნთქვის და ჩურჩულის ნიავი დაძრული, ვნებით მოზიდული ასცდეს და სიტყვათა ღვარმა არასდროს დაავსოს დამწდარი, არასდროს დანამოს ღრუ დაშრეტილი და სხივდამწყდარი. მკერდი გაუხდეს სიცხით უჩინრად მფეთქავ უდაბნოდ, ზედ ორი სავანე - მისი ძუძუები - ამოჭკნეს უკვალოდ. ალერსს მოკვეთილმა,უსიყვარულო ნესტრით დანისლულმა აღარ გაიღვიძოს ფრთხილი შეხებით მისი ტანის სულმა! დარჩეს წითელ დაღად წყურვილუწყვეტი,ნაპობ ჭრილობად, ხრტილი გადაეკრას,ქერქმოდებული,მის მოქნილობას. მისი თმა გველებმა დაფინონ საწიწილედ,საბუდედ, მისი თვალები ერთად შეიზარდოს და ისე გამრუდდეს! მისმა ნეკნებმა თეთრ ზღუდესავით იწყოს მორღვევა, თეთრად გაბასრული ისინი ისრებად წაიღონ ორბებმა, - დედების გოდება მათგან დახოცილ უცოდველ ყმაწვილთა გულზე შემოადგეს მძიმე შავ მორევად,ქვის ფსკერ-დამზიდად! გაქრეს,გაქრეს,გაქრეს მისი უხილავი ჯადო მიწიდან! ოჰ,ჩემი სიცოცხლე ამ ბოროტ დღემდე რატომ იცდიდა?! შავი ფრთებივით გავშალე თმები ქარსა და მზეში! თვალებს მიფატრავს სხივი რისხვისა,მბრწყინავი ეშვი''!
წამოვიშლებით ყრუ შრიალით, აღარას ვუხმობთ. წამოხრილ კლდეს ზურგს მივახლით, გამოვდივართ შარაზე უხმოდ. შორს და შორს შარა იშლება ავად, არსად არ წამყვანი სიგრძით. მზე თავზე ბრუნავს ჩქარა და ჩქარა,რკალს წითლად ღუნავს მფეთქავი თვლის ირგვლივ.უხმოდ.უხმოდ.
სურათი
სიწყნარეა.სავსე მთვარე ამოცურდა და გაჩერდა. დაწვა დიდი ჩრდილი მუხის,მუხა შრიალს ვეღარ ბედავს. წევს სიგრილე,მდინარეც წევს, - სიბრტყით ელავს მთების ძირში. იხდის ქალი,შიშველ თეთრ მკერდს მდორედ არწევს მუხის ჩრდილში.
ნაპრალებმა შეკრეს სუნთქვა,გრძელ თეთრ ველს ჰგავს ქალის მკლავი. ნაპრალები ხეთქენ მიწას,შავ ხალებად ჩანან ღამით. არ იძვრიან,მთვარის შუქზე ადგათ ჩუმი შავი ბინდი. სიმძიმეს გრძნობს თავის მკერდის, ქალი რხევით ველზე მიდის.
რა ღამეა,ლურჯი,დიდი! რა წყნარად დგას მთვარე ზემოთ! რა სავსეა ქალის ტანი! შემოეჭდო მუხის ღეროს, მკერდით გაწვა. წევს სიგრილე,მდინარეც წევს მთების ძირში... ყველაფერი ერთ ლურჯ ღამით ესიზმრება მუხას ძილში.
1963 | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Sat Mar 07, 2009 11:26 am | |
| ესმა ონიანი
დალი კლდეში მშობიარობს
ნაცრისფერ კლდეებს ერთი თეთრი კლდე, ერთი თეთრი კლდე, როგორც ღამეებს დილა შერევია. "დალი დავმძიმდი, ნაწნავებიც კი წელში გამხრიან და მერევიან, მე ვმშობიარობ! მზეო, მომადექ! ბინდო, მერიდე! ელვა-თეთრი კლდე ძირს არ დამიშვებს, დაიბადება ჩემი მემკვიდრე. რძეო, ჩამიდექ, ქვიშავ, მერიდე! დალი დაიშლის თავის ნაწნავებს, ქვეშ დაიფენს, შემობრუნდება მზე, ხორბლისფერ თმებში ბუდეს დაიდებს. დალი თანდათან ცხრება, მზიან ტკივილს არ გაიმიზეზებს; დალის კვნესა ჰგავს გალობას მოსავლის მწიფე სიმძიმეზე, დალი კვნესის თუ გალობს თავის ძეზე, პირით-მზეზე. ოი! ოი! დალს გადაუვარდა შვილი კლდიდან! კლდეები შხუილით მოჯარდნენ ზეცა-უფსკრულის მხრიდან, გადაუვარდა შვილი კლდიდან თეთრი კლდის იქით, კლდეები შხუიან კალთების მიხლით. კლდის ძირში დაუღია ხახა რუხ მგელს, დასტაცა პირი ჩვილს, დედისგან ხელ-უხლებს, მინდორზე მიქრის. ოჰო, ქედ-ქედ, მინდვრის გასწვრივ მობრძანდება მონადირე მეფისა, დიდი იმედი აქვს ნადირობისა და დღეისა, მობრძანდება მონადირე მეფისა, ფეხებს აღარ აცლის, ფიქრით უკვე დიდება და პატივი ეღირსა. ქედ-ქედ მობრძანდება, მინდვრის გასწვრივ, მონადირე მეფისა. დაინახა მგელი, დაუდარაჯდა, მისი ტყვია მგელს მწიფე შინდივით შუბლზე დააჯდა, ძე დალისა დააგდებინა, ხელში აიყვანა, აი, ბედი უნდა სწორედ ამისთანა. ტყუილად არ ჰქონდა იმედი დღეისა, ღიღინით მოდის, თეთრი კლდის ძირას მოდის მონადირე მეფისა. კლდეში დალი მოსთქვამს, მასზე მეტად მოსთქვამენ კლდეები. "დედაო", დალს ვიღაც ეძახის, თითქოს, ყური მოჰკრა, ვიღაც ეძახის ნაზად და ვედრებით. "დედის მადლი შეგეწიოს, დედის მთქმელი აღარავინ მყავს"?! "დედა, მე ვარ, შენი ძე, ოქროს ნაწნავი გადმომიგდე, ისე ამიყვან". დალის სული დარბილდა სიხარულით, როგორც ცვილი მზეზე, დალი მონადირეს თვალ-მოუკრავ სხეულს უჩვენებს, მისთვის საჩუქარს ეძებს: "ო, მონადირევ, მოხდენილო, გინდა? ყოველდღე შუნს სდევდე, ყოველდღე შეგაფეთო შუნი დამფრთხალი, ერთ წუთს არ დაგჭირდეს თვალთვალი. თუ გინდა, მზე-ბუდა შემოდგომით, როცა იმარცვლება გიცრული, ტყე ივსება ფოთლების შრიალ-წყდომით, მე შენ ამას აგისრულებ: ცხრა ჯიხვს გიბოძებ, კუნთმთრთოლვარეს, რქებით გააპობენ ჰაერს ნაპერწკლებად, მკლავს ვერ მოავლებ, ვეება მხრები მათი სიმძიმით დაგეძლევა. თუ არა და, მონადირევ, მოხდენილო! ერთი ღამის ტრფობას გაჩუქებ, ჩემს საწოლს გაგიყოფ, გინდა?! მათრობელ სურნელით ღამე იელისფრად მოგევლინო, შეუბოჭავი ალერსით, ჩურჩულით და სუნთქვით დაგიპყრო?! მოწყდები ყველაფერს თავდავიწყებით, არას ინანებ, - წაგიღებს სიცხე და ბურანი - ჩემი სხეულის მდინარე, ხარბად მოიხვეჭ ჩემს მკლავებს, თმების ბურუსში მინარევს, გინდა, მონადირევ, მოხდენილო, ერთი ღამის თრობად მოგევლინო\". ჰო! რა სურვილი აქვს მონადირეს დალისა, არ არის მნახველი ამისთანა სანდომი ქალისა, მაგრამ ბედმა ხელუკრავი შემთხვევა აღირსა - მოხვეჭისა და დიდებისა და პატივისა და ამისა, დალს კი ასე ეტყვის: "ფეთქვა-საოცრებავ და მოუხელთებელო სურნელებავ, აუხდენელი სიზმარი ხარ ყველა კაცისა და ჭაბუკის! შენ ჩემთვის ჯილდოდ შენი ტრფობა გენება, მე კი ვერ გკადრებ ამისთანა საზღაურს, ზე-დიდსა და გაუძლისს _ სჯობს, როგორც შემფერის მონადირეს, შენი გულუხვობა ცხრა ჯიხვს მომმადლიდეს". დალის მკლავი თმებიდან გამოცურდა თეთრი სხივივით, თითები ააშრიალა ფოთლებად, - მოვარდა ცხრა ჯიხვი, რქებმიხლილი ფერდების ხეთქების ხმა მოჰყვებათ. ერთს თავზე ადგას მბრწყინავ გაფატვრად ოქროს გრეხილი, როგორც სანთელი ალში მცურავი, წელგადრეკილი. სხივი მოხვდება - ოქროს რქა რეკავს, ზარი ედება, დაგორებული, ბარდსა და ეკალს. ოქროს რქა რეკავს ბრწყინავ-წკრიალით, ოქროსფრად რეკავს: სუნთქვა ყელში მოუკალათდა მონადირე მეფისას, თვალებით ესმის ხმა რეკვისა, ოქროს რეკვისა, (გაუვალ ტევრში რქათა ნაცრისფერ გაღარულ მერქანს წყვილი ოქროს რქა შერევია და ყვითლად ფეთქავს.) თვალებით ესმის ხმა რეკვისა, ოქროს რეკვისა, თოფს უმიზნებს ოქროსრქიანს მონადირე მეფისა; ოქროსრქიანი აისხლეტს, შემოუბრუნებს ტყვიას, გდია მონადირე, შუბლმოშლილი, ყველაფერი შიგ ნაშობ-ნამალავი უკუნეთში მიაქვს. მზერა დახარა დალმა - თვალთა ბორცვებზე მზიანმა ქუთუთომ ინათა. არც გაიფოთლა სიცილად, არც მოჭკნა მწყრალად, წყნარი რწევით თავის თეთრ კლდეს მიმართა. "მზე არ დამტოვებს! ბინდს დააშინებს, ძირს არ დამიშვებს ელვა-თეთრი კლდე, დიდო სიწყნარევ, სულში ჩამიდექ, შფოთვავ, მერიდე! ვსება-დუღილო, სხეულს ჩამიდექ, ჭკნობავ, მერიდე! დაბადებულა ჩემი მემკვიდრე! რძეო,ჩამიდექ,ქვიშავ,მერიდე'' ერთი თეთრი კლდე, ერთი თეთრი კლდე.ნაცრისფერ კლდეებს,,როგორც ღამეებს დილა შერევია.
1968 | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Sat Mar 07, 2009 11:28 am | |
| ესმა ონიანი
მოღალატე ცოლის ამბავი
ჩამოყრილ სხეულთა, უსულო სულთა დრო. ძალით ბრძენთა და წიგნით-ბრძენთა, დიდხნის დაგროვილ სიბრძნის შესწავლით, მოამაყე ბრძენთა დრო. უსულო სულთა,- განურჩეველ სულთა- მართლა განურჩეველ და მოჩვენებით განურჩეველ სულთა, განურჩევლობით მოამაყე სულთა დრო. ჩამოყრილ სხეულთა, უსულო სულთა დრო. ყველაფერ ამის ჩვეულებრივად მიმღებ და “აქამდე აღწევით” მოამაყე სულთა დრო. უმიზნო ვნებათა, და უვნებო მიზანთა ჩამქრალ, ძალით გაღვიძებულ ვნებათა, დაღლილ სულთა და უსულო სულთა დრო. სულიერ სულთა დამორცხვების, სულიერობით დამორცხვებულ სულთა დრო. შავი სისხლივით ღალატი... ყოველგვარი ღალატი შავია. შავია უკმარისი, ჩაულეველი გაუძღები. შავი სისხლივით ღალატი....
გელა:
“ო, ჩემი ცოლი ნანატრი! ჩემი ამოულეველი სურვილი, ჩემი ყვირილი შეუმწყდარი. შავი სისხლივით ღალატი.” თამბილი მთვრალი ტკბილი ნეტარებით, ერთბაში ვნების ღვარით- თეთრია მარიხი, თეთრ მკერდ-ნატარები... მარიხი მიცურავს სურვილის ბურანში, მარიხი ნელ თვალებს ბნელად მიწურავს, სურვილის უღრანში ეხლება ცხელ კედლებს, ვნებაში გაუძღებს სულს აჩენს, ახელებს წარსულზე გულაყრით. ისეთი ძახილით თამბილის თვალები მზისგან დაბერილი გვალვებით დასიცხავს, რას იზამს გონება ვნებით წანალეკი, ვნება დაზვინდება უზიდველ გროვებად, თეთრია მარიხი, თამბილი მთვრალია. თეთრია მარიხი, თეთრ მკერდ-ნატარები. სისხლში ატარებენ ლტოლვას დაფარულად, მუდმივ მოლოდინში ჩუმად განაბულან; გვანან ჩასაფრებულ ვეფხვებს, ჭრელ-ზურგიანს, თავის წუთს უცდიან.
გელა:
“დაუღამებელი დღეა ჩემი ცოლი. კოშკის სითეთრეა ბნელ ღამეში. თეთრი შუნია. მის ტკბილ მორევში მთლიანად ჩავეშვი და იგი მაინც ყოველთვის მწყურია. ის დილაა მზის ამოსვლამდის, თეთრი შუნია; მფრთხალია მასავით ჩემს ალერსს ნებდება, როგორც ჩახვეული ბალახი სითბოსგან იშლება მორცხვად, იშლება მთლიანად თეთრ სულის წასვლამდის, მუდმივ გაოცებით ვეხები ამ სულს და ვლოცავ.” სისხლში ატარებენ ლტოლვას დაფარულად, მუდმივ მოლოდინში ჩუმად განაბულან; გვიან ჩასაფრებულ ვეფხვებს, ჭრელ-ზურგიანს, თავის წუთს უცდიან.
თამბილ:
“ო, თეთრო მარიხ, ბანგზე უფრო ტკბილია შენი მკერდი და მასზე მათრობელა, სანადიროდ წასულა შენი ქმარი, ქურდანი გელა”! მიჰქრის ცხენი ქვიშისფერი, თამბილს მიარწევს. გელა სანადიროდ წასულა! თამბილის ტკივილს მარიხი მოარჩენს, თეთრი მარიხი. ქმარს გაისტუმრებს, ჩაიხვევს თამბილს, და მის ტკივილს მოარჩენს. ცხენი ქვიშიფერი, თამბილს მოარწევს! გელა სანადიროდ წასულა!
თამბილ:
”სიჩქარის ქარი მკერდს გიპობს ნამდვილად! ცხენ-გადარეული ღამით მოვვარდნილვარ! ო, თეთრო მარიხ, გამიხსენ კარი! ვნებით დავღლილვარ”. როგორც ბნელი ღამე საფრთხიანი, მარიხი კართან ისე განაბულა. მეწამული და შავი გრძნობებით სავსე არი, გაუძლები ვნება გადაბუგავს.
თამბილ:
”ო, ჩემო მარიხ ტკბილო მარიხ, გამიხსენ კარი, შენ კართან დავეცი და შენ წინ ვარ, სისხლი და ცეცხლი ხარ!- შენი სითბო გარეთ გამოსულა, დამდგარა ორთქლივით ყელი ამომიწვა, ქედი მომინგრია! დაჭრილი მოგტირი”!
მარიხი მიცურავს სურვილის ბურანში, მარიხი მუქ თვალებს ვნებით მიწურავს. როგორც ბნელი ღამე საფრთხიანი, მეწამული, შავი ფიქრებით სავსე არი: “ო, როგორ ვეღარ ვითმენ, რომ კარი გაგიხსნა! მაგრამ ნეტარება ჟამის დამდგარისა ანელებს მოლოდინის სიშმაგეს- ცოტაც დაიცადე, უფრო დაფეთდები,- აგევსება სისხლით საფეთქლები, მერე კი ისწრაფე, ისწრაფე! კარი რა არის, მიწა რომ ჩაიპოს თავის ცეცხლიან სიღრმით,- ისე გავიშლები და არ დაგეხსნები, სანამ არ ჩაგფერფლავ, ვიწვი, ვიწვი! ო, ოი, ჩემს ქმარზე ფიქრით გული მეცლება, მევსება მოხარსულ ჭინჭრით....”
გელა :
“ სიმწრით მომირყევია თეძოს ძვლები, ბეჭები ერთმანეთში ჩამჭედია, რა მაწუხებს, რა მაწუხებს-ვერ ვხვდები, შემოვიგრეხ მკლავებს ძარღვებიანს სიმწრით, უმიზეზოდ ვიტანჯები და ვიწვი. ჩემს გამოქვაბულში დიდი ცეცხლია, შიშინებს ჯიხვის ღვიძლ-ფილტვი, ჯიხვმა დღეს კლდიდან კლდეზე მარბენია; ახლა კი უაზრო სიმწრით სახლისკენ ვილტვი, ვილტვი.- მოვწყდი როგორც რისხვა, გონ-გაუკაფავი! როგორც მოვარდნილი ავ-ბედი ამბავი! გორავენ გორები, ქედები მიჰქრიან, ხევები ხმაურით რაღაცას მითვლიან, სკდებიან ლოდები ბნელ ხავსის მოდებით, ანწლები გვირგვინებს არხევენ გოდებით; მოვვარდი-მე რისხვა! ოჰო,-ჩემი სახლ-კარი! წინასწარ გამაპეთ, დამკარით!- ეზო ინაბება, შევწყდი და გავქვავდი, უცხო თუთუნის სუნია ჰაერში თაფლგარეული ნიავივით გამდგარი,- სარკმელს ისარივით თვალი დავკარი! შავი სისხლივით ღალატი! ო, ჩემი ცოლი ნანატრი.”
თამბილი მარიხს ხარბად იხუტებს, კვარი ბჟუტავს, თავი დავიწყნიათ მიჯნურებს.
/gagrZeleba Semdgom postSi/
Last edited by nino darbaiseli on Sat Mar 07, 2009 11:31 am; edited 1 time in total | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია  | |
| |
|  | | | "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|