
Timothy Kerchner
ბელა ჩეკურიშვილი
ქართული პოეზიის ინგლისური ხიბლიგივი ალხაზიშვილის, ზვიად რატიანის და ბესიკ ხარანაულის ლექსები ცნობილი ამერიკული ჟურნალის The Dirty Goat-ის 23-მე ნომერში მოხვდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკული გამომცემლობა ქართველი ლიტერატორებით დაინტერესდა. ლექსები ჟურნალს ამერიკელმა მთარგმნელმა და მწერალმა ტიმოთი კერჩნერმა შესთავაზა, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში თბილისში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობდა და ქართველი პოეტების შემოქმედებას ადგილზე გაეცნო.
150-გვერდიანი ჟურნალი The Dirty Goat წელიწადში ორჯერ გამოდის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოეზიას, პროზას, დრამას, ლიტერატურას და სახვითი ხელოვნების ნიმუშებს აერთიანებს. დაარსების დღიდან (1988 წელი) დღემდე ჟურნალი ხელს უწყობს თანამედროვე ხელოვანების წარმოჩენას და მათ პოპულარიზაციას სხვადასხვა ქვეყანაში. ჟურნალი ორენოვანია, ნამუშევრები წარმოდგენილია ორიგინალურ ენაზე და ნათარგმნია ინგლისურად.
ტიმოთი კერჩნერს ქართულ ლიტერატურასთან დაკავშირებით უამრავი საინტერესო გეგმა აქვს, როლებსაც ჩვენც გვიზიარებს.
ტიმოთი კერჩნერი: "არსებობს პოეზიის სხვადასხვა ანთოლოგიები და საქართველო არსად არაა ნახესენები, მაშინ როცა მათში თურქეთის პატარა ქალაქში მცხოვრები პოეტის ლექსებიც კი ხვდება. კავკასიიდან სომხეთი და აზერბაიჯანი მეტად არის წარმოდგენილი, საქართველო კი სრულიად უცნობია. ქართული პოეზია მშვენიერია და საქართველოს ხმა მსოფლიომ უნდა გაიგოს. მსოფლიო კულტურაში დიალოგის პროცესი მიმდინარეობს და ამაში საქართველოც უნდა ჩაერთოს.
მე ქართველი პოეტების ლექსების შეგროვებას ვაპირებ, რომელთა გამოცემაც იქნება არა პრეტენზიული განაცხადი, არამედ საქართველოსთვის მსოფლიოში გამავალი კარი. პირველ ეტაპზე ლექსები ჟურნალებში გადაიგზავნება, შემდეგი ეტაპი იქნება გამომცემლობების ყურადღების მოპოვება, რათა ანთოლოგია გამოიცეს. ძალიან მნიშვნელოვანია ის წინასიტყვაობა, რომელიც ანთოლოგიას დაერთვება, სადაც იქნება განმარტებული თანამედროვე ქართული პოეზიის მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, გამომცემლის ყურადღებას მივიპყრობ. ანთოლოგიისათვის უკვე შეკრებილი მაქვს მაია სარიშვილის, ზვიად რატიანის, შოთა იათაშვილის, გივი ალხაზიშვილის, გაგა ნახუცრიშვილის, დათო რობაქიძის, ბესიკ ხარანაულის, ეკა ქევანიშვილის, თეა თოფურიას ლექსები და მათ კიდევ მიემატება სხვა ავტორები.
- როგორ მოახერხეთ ჟურნალ The Dirty Goat-ის დაინტერესება ქართველი პოეტებით?
- გასული წლის აპრილში დენვერში ვიყავი ყოველწლიურ ლიტერატურულ კონფერენციაზე, სადაც მწერლები, ჟურნალისტები და გამომცემლები მონაწილეობდნენ. ყველა ჟურნალს ვკითხე, თუ აინტერესებდათ თარგმანები. დაინტერესდა ჟურნალ The Dirty Goat-ის რედაქტორი ჯონ ჰიუსტი, მომცა ყველა კოორდინატი და მითხრა, მასალა გამომიგზავნეო. გავუგზავნე სამი ავტორის ექვსი ლექსი. ამ კონფერენციაზე ვისაუბრე ჩემს გამოცდილებაზე საზღვარგარეთ, ქართულ თარგმანებზე მაშინაც ვმუშაობდი და ახლაც ვმუშაობ, და შესაბამისად, ჩემი მიზანია, ამით ლიტერატურული საზოგადოება დავაინტერესო.
- თქვენ როგორ მოხვდით საქართველოში?
- მე და ჩემი მეუღლე ბევრს ვმოგზაურობდით, სხვადასხვა ქვეყანაში მასწავლებლებად ვმუშაობდით. საქართველოს შესახებ ბოსნიაში გავიგეთ. რამდენიმე წლის წინ აღმოსავლეთში უცხოელი მასწავლებლების პროგრამაში გავგზავნეთ ჩვენი მონაცემები და შემოგვთავაზეს საქართველო, აზერბაიჯანი და იემენი. ჩვენ საქართველო ამოვირჩიეთ. თბილისში 2006 წელს ჩამოვედით და 4 წელი ვიმუშავეთ.
როდესაც სადოქტორი თემა უნდა გამეკეთებინა ხელოვნების სფეროში და თემების ჩამონათვალი მომცეს, ერთ-ერთი იყო თარგმანები. მე, როგორც მწერალს, ყოველთვის მაინტერესებდა ლიტერატურა. ჩემმა ხელმძღვანელმა მითხრა, ყველაფერი დაივიწყე და თარგმანები აიღე, რადგან დღეს ყველაზე საჭიროაო. თან თარგმანები ქართული კულტურის გაცნობის დიდ შესაძლებლობას მაძლევდა.
- ქართული პოეზიის გაცნობასა და თარგმნაში ვინ დაგეხმარათ?
- როგორც ხდება საქართველოში, ჩემი თანამშრომლის ბიძაშვილის მამიდაშვილს ჰყავდა მეგობარი პოეტი გაგა ნახუცრიშვილი, რომელმაც შემდეგ სხვა პოეტები გამაცნო. ხოლო ჩემმა კოლეგამ სუზან კიმმა, რომელიც გერმანულ ენაზე თარგმნიდა, ასევე რამდენიმე პოეტი მირჩია. თითქმის 20 პოეტის შემოქმედებას ვიცნობ. სულ მცირე, მათი ერთი ლექსი მაინც მაქვს თარგმნილი.
თარგმანის ერთ-ერთი აუცილებლობა ისაა, რომ თარგმნილ ენაზე კარგად იკითხებოდეს. მაგრამ ამის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან ყველა ლექსი ვერ ითარგმნება ინგლისურ ენაზე და, შესაბამისად, არ გამოდის წარმატებული. აი, მაია სარიშვილის ლექსები ძალიან კარგად ითარგმნება. ასევე ძალიან კარგად გადადის ინგლისურ ენაზე ბესიკ ხარანაულის პოეზია, ახლა მის "ხეიბარ თოჯინას" ვამუშავებთ.
- თქვენ თარგმნეთ მაია სარიშვილის კრებული "მიკროსკოპი", როდის გამოვა ის წიგნად?
- მაია სარიშვილის კრებული "მიკროსკოპი" პოეტ ნონა გიორგაძის დახმარებით გაკეთდა, რომელიც გასულ წელს გავიცანი ზვიად რატიანის პოეზიის საღამოზე. მაია სარიშვილის და შოთა იათაშვილის თარგმანები ინგლისურენოვან ლიტერატურულ საიტზე "პოეთრი ინტერნეშენელზე" დევს, მაგრამ ის თარგმანები არ მომეწონა და მე იმავე ლექსების საკუთარი ვერსია გავაკეთე, სიტყვა-სიტყვითი თარგმანი ავიღე.
როცა პირველად წავიკითხე, მაშინვე ჩავწვდი მაიას პოეზიას. ასეთი უცნაური და ღრმა პოეზია არასოდეს მინახავს, პირდაპირ ჩავიძირე. ნონა გიორგაძემ, რომელიც ასევე კარგი პოეტია (მე მისი ლექსებიც ვთარგმნე), ეს ლექსები ინტერნეტსაიტზე გამოაქვეყნა. ჟურნალებმა ამ თარგმანების გაგზავნის მერე დიდი დაინტერესება გამოხატეს, განსაკუთრებით დაინტერესდა ჟურნალი Crazy Horse. მერე დადგა გამომცემლობის მოძებნის საკითხი, რაც ძალიან რთულია. საერთოდ, ამერიკაში რაიმეს გამოცემა ძალიან რთულია. ბესიკ ხარანაულის "ხეიბარ თოჯინას" ქართული გამომცემლობა გამოსცემს, მაია სარიშვილის ლექსები კი გამომცემელს ამერიკაში ელოდება. როგორც ცალკეულ ლექსებს აგზავნი რედაქციებში და ელოდები, ასევეა წიგნის გამოცემაც, ვუგზავნით გამომცემლებს და ველოდებით. ეს პროცესი, ზოგადად, ძალიან ძნელია. მაგრამ ვგრძნობ, რომ დიდ საქმეს ვაკეთებ. ეს საქმე აუცილებლად გამოვა და ქართულ პოეზიას მსოფლიო გაიცნობს.
სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/2011-02-19/14204.htmlჟურნალი -
http://www.thedirtygoat.com/backissues/dg23.html