| | "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია | |
| | |
Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Wed Dec 17, 2008 12:44 pm | |
| ''ვეფხისტყაოსანი'' და ეროტიკა
ნესტანის ამბის შესატყობად გამგზავრებული ავთანდილი გულანშაროშია . იქ გაიცნობს ვაჭართა უხუცესის ცოლს , ფატმანს. ფატმანი, ''პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი'', შინ მიიწვევს სტუმარს, ავთანდილს ნადიმზე მყოფი გულანშაროელი ქალები '' ზოგნი ნდომით შეჰფინვიდნენ, ზოგნი იყვნენ სულ-წასრულად, მათთა ცოლთა მოიძულვნეს, ქმარნი დარჩნენ გაბასრულად''. ''ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე,არ-ყმაწვილი, მაგრა მზმელი, ნაკვთად კარგი, შავ-გვრემანი, პირ-მსუქანი, არ პირხმელი. მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის მსმელი'', საკუთარ გრძნობებს ვეღარ ერევა, ''გულსა ნდომა შეუვიდა''... და ვიდრე მკითხველი შეიტყობდეს, რა მოჰყვება ნდომისაგან ფატმანის ''ცეცხლებრ წვას'', ავტორი წინასწარ ამზადებს, რჩევასაც აძლევს მას :
სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის: გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის, მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკვეთს,რაცა დაესობის, მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის.
ფატმანმა მისწერა ავთანდილს ''უსტარი შესანახავი, არ ავად დასახეველი'', სადაც სიყვარულში გამოუტყდა და თავისთან ''საწოლს'' მიიწვია . თინათინზე გამიჯნურებული ავთანდილი ერთი მხრით ფიქრობს, ''რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერიაო'', მაგრამ მეორე მხრით, თითქოს ''ვეფხისტყაოსნის'' ავტორის იმ აზრს იმეორებდეს, ჩვენ რომ ზემოთ მოვიხმეთ, ოღონდ ისე, რომ ნეგატივიდან პოზიტივში გადააქვს დიაცური ნდობა- პირუმტკიცობის ამბავი:
თქვა :''დიაცსა ვინცა უყვარს,გაექსვის და მისცემს გულსა, აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა, რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა, მიჯობს, მივყვე, განღა სამე ვსცნობ საქმესა დამალულსა.''
ცხადია, ავთანდილს თინათინის სახება მუდამ თან სდევს, ადრის კიდეც ბულბულს, სარომლისო ვარდიც ამჯერად ყვავს - ფატმანს უშოვია. თინათინისადმი ორგულობის, ღალატის დილემა კი მის წინაშე მაინც არ დგება და ამას თავისი ახსნა აქვს. სატრფოსადმი ერთგულება სარაინდო კოდექსის მოთხოვნაა, მაგრამ რაინდს არც ის შეჰფერის, უარი თქვას აშიკობაზე, გააწბილოს სხვა ქალი, თუკი იგი ''საწოლს აწვევს''. ეს უზრახობა, ანუ უჟმურობაა და ამის გამო გმობა-სირცხვილი არ ასცდება.
გავიხსენოთ: უფრო ადრე ტარიელი უამბობს ავთანდილს, ნესტანზე გამიჯნურებულს საიდუმლოდ როგორ ეახლა ასმათი /აღმოსავლურსა და დასავლურ სასიყვარულო ნარატივებში ტიპიურია ძიძა - შუამავალი შეყვარებულთა შორის/ . მანამდე ასმათმა სააშიკო წერილი გამოუგზავნა მონის ხელით და გააკვირვა ტარიელი:
მე გამიკვირდა,''სით ვუყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა? მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა, ჩემგან იმედსა გარდასწყვედს, მერმე დამიწყებს გმობასა, დავწერე, რაცა პასუხად მართებდა აშიკობასა.
ტარიელის წერილზე პასუხად ასმათმა პაემანი დაუთქვა. ''მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსვლისა დაზარებასა'' - დაეთანხმა რაინდი.... ტარიელის ''საწოლს''მისული ასმათი თაყვანს სცემს მას. ტარიელი იხსენებს: ''გამიკვირდა,მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა, ვთქვი, არ იცის აშიკობა, თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა''... ასმათი ნესტანის წერილს კრძალვით გადასცემს ტარიელს და სააშიკო პაემანიც ასე დასრულდება.
კვლავ ავთანდილთან დავბრუნდეთ: იგი პასუხად სააშიკო უსტარს გზავნის ფატმანთან და შეხვედრის დროსაც დაუთქვამს. თითქოს ყველაფერი შეთანხმებულია, მაგრამ გზად რაინდს ფატმანის მონა ეახლება და გადასცემს დანაბარებს, რომ აღარ მივიდეს. ამის მიუხედავად , ავთანდილი არ შეიცვლის გეზს. ფატმანთან მისულს ქალი ''წყენითა მჯდომი '' დაუხვდა,მაგრამ მაინც ''ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობა წყლიანი''. მოულოდნელად თავს დაადგათ ქალის აშიკი ჭაშნაგირი:
ფატმან რა ნახა შეშინდა,ძრწის და მიეცა ძრწოლასა, მან გაკვირვებით უცქირა მათსა ლაღობა- წოლასა, უთხრა"' არ გიშლი დიაცო,ფერთა მი და მო კრთოლასა, გამითენდების,განანებ მაგა მოყმისა ყოლასა!
გამკიცხე ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად, მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად.
ავთანდილი იძულებულია,მოკლას თავისი წინამორბედი მეტრფე , და არა იმიტომ, რომ ჩამოიშოროს მეტოქე, დაისაკუთროს ქალი , არამედ იმის გამო, რომ დიაცთა ჩვევაა, მეტრფეებთან საიდუმლო გათქვან. მიტოვებული მეტრფენი კი ამ საიდუმლოს გამჟღავნებით შურისძიების ჟინს იკლავენ. / დამშვიდდით, ჩემო ინტერნეტ -მკითხველებო,არიან გამონაკლისებიც!/ საიდუმლო, რომელიც იცის ჭაშნაგირმა და რომლის შეტყობაც სჭირდება ავთანდილს ფატმანისაგან, ნესტან-დარეჯნის ამბავია! საპირისპირო სქესისადმი ამბივალენტურ დამოკიდებულებას არა მხოლოდ ვეფხისტყაოსნის რაინდები, არამედ ფატმანიც ავლენს. რაწამს ავთანდილის ვინაობასა და მისი მიჯნურობის ამბავს შეიტყობს, მეტრფიდან ისევ ''დედისა მჯობ დედად'' იქცევა და ეხმარება მიჯნურებს. მე შევეცადე მეჩვენებინა ,რომ ვეფხისტყაოსნის ამ გმირებისათვის მიჯნურობა უზენაესი ღირებულებაა,მაგრამ აშიკობა არ ეწინააღმდეგება მას. თუმცა თავად ნაწარმოების ავტორი პროლოგშივე მკაფიოდ გამოხატავს საკუთარ პოზიციას :
ხამს მიჯნური ხანიერი,არ მეძავი,ბილწი,მრუში, რა მოშორდეს მოყვარესა,მოამრავლოს სულთქმა, უში, გული ერთსა შეაჯეროს, კუშტი მიჰხვდეს , გინდა ქუში, მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში.
იდევნებოდა თუ არა ქართული ეკლესიის მიერ ''ვეფხისტყაოსანი?- ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა მაინც ძნელია,მიუხედავად რამდენიმე დამადასტურებელი ფაქტის არსებობისა,მაგრამ ,ვფიქრობ, ამ ეპიზოდების შემცველი წიგნის ავტორს სამების ხსენება კი არა, პროლოგში სახარების გალექსვაც ვერ დაიცავდა ეკლესიისაგან, რომელიც მხოლოდ ჯვარდაწერილი ცოლ-ქმრის ურთიერთობას მიიჩნევდა მიწიერი სასიყვარულო ურთიერთობის ერთადერთ დასაშვებ ფორმად. | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Wed Dec 17, 2008 7:34 pm | |
| ვეფხისტყაოსნის გმირების შესახებ საუბრისას ჩვენ აღვნიშნეთ,რომ მათთვის უზენაესი ღირებულება მიჯნურობაა,ხოლო აშიკობა - დასაშვებია,სავალდებულოც კი, ცალკეულ შემთხვევაში. ახლა ვნახოთ,როგორია აშიკობისადმი მიდგომა მეოცე საუკუნის დასაწყისის პოეზიაში , კერძოდ,იოსებ გრიშაშვილის ლირიკაში.
დააჩქარე! დააჩქარე!
და ის ვინც გაქებდა...და ის,ვინც გალხენდა, ნუთუ ერთხელ მაინც აღარ გაგახსენდა?! ნუთუ გახდი ისე ცრუ,ბოროტი,მავნე,- თორემ იმ შენს დობილს ვერსად დავემალე - თავს მევლება ისე,ვით პეპელას ვარდი, თითქმის შემიყვარდა,თითქმის შევუყვარდი, და წამიყვანს სადმე მკერდზე მისაყრდნობალად... და დამრჩები მარტოდ,უნუგეშოდ,ობლად...
ეხლაც,როცა თვალი ცრემლითა მაქვს სველი, შენგან დანავიწყი შენს წერილებს ველი, ეხლაც! ეხლაც-მეთქი,ის შენი დობილი ჩემს მაგიდას უზის იდაყვდაყრდნობილი და ცეცხლისფერ ხმითა ყურში ჩამჩურჩულებს: ''ჩემსავითო,გწამდეს,ვერვინ გიერთგულებს!'' აი,გადაიძრო თავიდან თავშალი, აი,გადიყარა კოხტად თმა ნაშალი და ცრემლები თეთრი,და ცრემლები წმინდა ნელ ამბორის ყოფით ღაწვზე მომიწმინდა...
ჩქარა!ჩქარა!ჩქარა! თორემ შენს მზეს ვფიცავ, იმ შენს დობილისგან თავს ვეღარ დავიცავ - საალერსოდ მიწვევს შენსა ლექთამწყობელს და წაგართმევს ჩემს თავს ,და წაგართმევს მკობელს! დააჩქარე,გესმის? - დააჩქარე მალე, თორემ იმ შენს დობილს ვერსად დავემალე - თავს მევლება ისე,ვით პეპელას ვარდი! თითქმის შემიყვარდა,თითქმის შევუყვარდი, და წამიყვანს სადმე მკერდზე მოსაყრდნობლად... და დამრჩები მარტოდ,უნუგეშოდ,ობლად...
1913
როცა ავთანდილი ამბობს ''ყვავი რა ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონიაო'' ეს სახეც კი ჩემი,როგორც მკითხველის წარმოსახვაში რაღაც შებრკოლებას იწვევს.რაც არ უნდა იყოს,კაცი საკუთარ თავს ვარდს ადარებს. . ქალებს კი ბულბულსა და ყვავს ./ამჯერად ვარდისა და კოკრის, ასევე ყვავის , ზოგადად ფრინველის ცნობილ ეროტიკულ სიმბოლიკას არ ვგულისხმობ.ამაზე -მოგვიანებით!/ როცა იოსებ გრიშაშვილი ამბობს , ქალზე,''თავს მევლება ისე,ვით პეპელას ვარდიო''.ვერაფრით წარმომისახავს,როგორ შეიძლება ვარდი ევლებოდეს პეპელას. პირიქით რომ იყოს,ანუ პეპელა რომ ევლებოდეს ვარდს,ვიფიქრებდი,მეოცე საუკუნის პოეტი ვეფხისტყაოსნის ტრადიციას ერთგულობს -მეთქი. მოკლედ,პასუხი არ ვიცი.
Last edited by nino darbaiseli on Wed Dec 17, 2008 7:52 pm; edited 1 time in total | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Wed Dec 17, 2008 7:42 pm | |
| მოვიდა პირველი თოვლი ,თითქოს იმიტომ ,რომ გაგვახსენოს ვალერიან გაფრინდაშვილის ეროტიული ლექსი,სადაც პირველი თოვლი პირველ ღამესთან არის შედარებული.
პირველი თოვლი
პირველი თოვლი მე მაგონებს პირველ სიყვარულს და პირველ ღამეს, როცა მე ხარბად დავეწაფე მშვენებას ქალურს - ახალ სიამეს. ციდან დაჰკიდა რეჟისორმა ფარდა უსწორო, ფარდა მთოველი, და მთელ ქვეყანას დაგვაშორა მხოლოდ ჩვენ ორი. სდუმდა ყოველი. განმარტოებით ხმაურობდა სადღაც სარაჯი, შრიალი ქსელთა. და იდგა თვალი - საპატიო თეთრი დარაჯი ჩვენს სარეცელთან. მაგრამ შეირხა თოვლიანი ფარდა მრავალი- ცა იმედების. მოვიდა ქარი და გამართა სხვა კარნავალი თეთრი გედების. სარეცლიდან დავინახეთ მთელი თეატრი, ჩვენთან მოსული. ყველა გმირები გვილოცავდნენ და ბეატრიჩე, ბროლით მოცული, იყო ნირვანა და გრიგალის ხმა დაკორძილი წვით და წვალებით. პირველმა თოვლმა გადიხადა ჩვენი ქორწილი მეტ ბრწყინვალებით. ო,რარიგ არის სანეტარო თოვლი პირველი: პირველი თოვლი! ნათელ ბავშვობის სიყვარულის გასაკვირველი პირველი თოვლი. პირველი თოვლი მე მაგონებს პირველ სიყვარულს და პირველ ღამეს, როცა მე ხარბად დავეწაფე მშვენებას ქალურს - ახალ სიამეს.
ადრე აღვნიშნე, რომ ეროტიკული პოეზიისათვის დამახასიათებელია სასიყვარულო ინტიმურ სიტუაციათა, ურთიერთობათა, განცდათა გამოსახვა . ამ ლექსზე ფიქრი ერთ კითხვას ბადებს ჩემში:მიუხედავად იმისა,რომ აქ ლექსის დასაწყისიდან სარეცელზე,პირველ ღამეზეა საუბარი, შემდგომ დახატული სიტუაცია:ლიტერატურულ გმირთა თეატრალურ-კარნავალური გამოცხადება,მათი ჩართვა ორის სასიყვარულო ურთიერთობის სცენაში როგორ შეიძლება ქმნიდეს ინტიმის გარემოს? ჩემი ფიქრით, აქ ასეთი პასუხი უნდა მოინახოს: ლექსი ლირიკული პერსონის რეალური ეროტიული გამოცდილების კი არა, პირველ ღამეზე მისი ბავშვურ-ყმაწვილური , სიზმრეული ოცნება -ზმანებების გახსენებაა.ამიტომ ჩნდება ფინალში ასეთი ფრაზა:''ნათელ ბავშვობის სიყვარული გასაკვირველი,პირველი თოვლი!''. ეს არის ბავშვის ''შერბენა'' საოცნებო ეროტიულ მომავალში, რომელსაც უკვე ზრდასრული ლირიკული პერსონა იხსენებს.
X X X
ძნელი სათქმელია,რამდენად შეესაბამება ვალერიან გაფრინდაშვილის ეს სიმბოლისტური ლექსი ეროტიკას ,იმ გაგებით,რომელსაც დღეს მკითხველთა მნიშვნელოვანი ნაწილი იზიარებს,მაგრამ მასში მინიშნებათა ესთეტიკის წყალობით /'' პირდაპირ დაასახელო საგანი,ნიშნავს წაჰგვარო სიამოვნების ორი მესამედი ''/,ეროტიული ფანტაზია,განცდები და სიტუაციაა გამოსახული: მამაკაცი - ლირიკული პერსონაჟი - მარტოა თავის გარდერობიან ოთახში./მინიშნება: სადაც გარდერობი და კამოდია,ავეჯის კომპლექტური წყობა იქვე გულისხმობს საწოლს/. აქ ,ოთახის ბინდში,სიბნელეში მას მრავალგზის ეცხადება უცნაური,ირეალურად რეალური ''ნაფტალინის ქალი''. ''მაგრამ მადონას ნუ შეადარებს მას ათრთოლებულ რწმენით ნურავინ'' - მინიშნებაა იმაზე,რომ ამ ქალისგან შორსაა მადონასებრი,ქალწულებრივი სიწმინდე. ...ცბიერი,,ქურდი განუკურნელი - აი ღია ნიშნები,რომლითაც ხასიათდება თავისუფალი ქცევის ,გამომწვევი ''ნაფტალინის დედოფალი'' და ამით ავტორი იმ კონოტაციურ სივრცეს ქმნის,სადაც ეროტიკული სიტუაცია მ/ო/ინიშნება:ქალი ევედრება, მას ,როგორც მთხოველი,''ო,ნაფტალინის მეუფე გახდი...გაიზიარე შენ ჩემი ტახტი!'' აქ კიდევ ერთი ,ფინალური სიმბოლისტური ფიგურა - ორმნიშვნელოვნება სიტყვისა ტახტი- ორთა გასაზიარებელი საბრძანისი და სარეცელი.
/ ჩემი ფიქრით,ამ ლექსში ეროტიზმზე კიდევ ორი სიმბოლური მინიშნებაა.მათ შესახებ აზრის გამოთქმას არ ვაპირებ,რადგან ,საქმეში ჩახედული მკითხველი თავადაც ადვილად აღმოაჩენს,ხოლო ჩაუხედავი - არ გაიზიარებს/.
ნაფტალინის დედოფალი
გარდერობიდან იგი გამოდის. როგორც მარაოს,აისვრის ხელებს. მას უყვარს უჯრა ჩემი კამოდის და შიგ დაეძებს ზამთრის ჩურჩხელებს. ის ჩემს ბინაში დადის უაზროდ. თავის ყოფნაში მან დამაჯერა, მაგრამ დამალვა ბევრჯერ მოასწრო, როს დავაპირე მისი გაჭერა. ჩემი ოთახის მას ბინდი უყვარს. სხვაგან ჩემსავით არ მოელიან... უკანასკნელად მე აღარ ვწუხვარ, რომ ჩემი ბინა ასე ბნელია! მკვდარ დედოფლების კაბებს ატარებს. უხდება მთვარის პირსაბურავი, მაგრამ მადონას ნუ შეადარებს მას ათრთოლებულ რწმენით ნურავინ. ის ცბიერია.თუ ჩავიკეტე, მაინც მეწვევა მაღალ სურნელით ის ჩემს ყელსახვევს ხშირად იკეთებს და არის ქურდი განუკურნელი. ის მევედრება,როგორც მთხოველი: ''ო,ნაფტალინის მეუფე გახდი, და ყალბი თოვლით მოოქროვილი გაიზიარე შენ ჩემი ტახტი!''
x X X
სურდო,გამალებული ცხვირის ხოცვა და ეროტიზმი? ...მაგრამ თუ ეს სურდო საოცნებო ქალწულს სჭირს,ქალწულს,რომელსაც წარმოსახვებით ეალერსება პოეტი? აი,ეროტიულ განცდათა გამოსახვის როგორ,ქართული პოეზიისთვის მანამდე უცხო გზას მიაგნო ვალერიან გაფრინდაშვილმა გასული საუკუნის დასაწყისში:
ფანტასტიკური სურდო
ისევ ქალწულის გამახარებს კეკლუცი სურდო და ჭიანურობს მკრთალ სახეზე ძვირფასი ცხვირი. მისი ცხიკვება სიმღერაა და - გასაკვირი. დიდი ხანია, ამ სიმღერის მოსმენა მსურდა.
და მოელვარე ნესტოები ხარბად ელიან უცნობ ქვეყნების სურნელებას, მხურვალე შუქებს. მისი თვალები სამაისო - ახლა ბნელია. სოველ ცხვირსახოცს მე ქალწული ალბათ მაჩუქებს.
თითქოს ის სურდომ დაამძიმა,ორსულ ქალივით მოთენთილია, ერიდება სიარულს მრავალს. ვნების სარკეში ის მკრთალდება ბროლ-ფიქალივით, თითქოს წინასწარ სჭვრეტდეს სასტიკ თავგადასავალს.
თეთრ ყვავილებში მოქანცული ის ათამაშებს სპეტაკ ნესტოებს და გაჰყვება ოცნებით სურნელს... ის აჯირითებს სხვა მინდვრებში სულს განუკურნელს - ვერ დავეწევი აზვირთებულ სურნელთა რაშებს.
მე მისი სურდო დავიმართო,მინდა,მწყურია. მაგრამ არ არის მიღებული ცხვირზე ამბორი. ჩემი ოცნება, თვითონ ვიცი,- უცნაურია - სურდოიანი მესიზმრება ქალწული შორი. | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Wed Dec 17, 2008 8:04 pm | |
| ცისფერყანწელთა მეგობარმა, პოეტმა შალვა ამირეჯიბმა,რომლის ლექსებიც 1919 წელს , ქუთაისში გამოცემულ''ახალი ქართული პოეზიის ანთოლოგიაშია'' შეტანილი , 1920 წელს გამოაქვეყნა ლექსების წიგნი ''მინანქრები''. იმავე წელს ემიგრაციაში წავიდა. 1943-ში გარდაიცვალა. დღემდე შემორჩენილ მის არცთუ მრავალრიცხოვან შემოქმედებაში ეროტიულობით შეფერილი ორიოდე ლექსიცაა. პირველი მათგანს მურმან ლებანიძემ ადგილი მიუჩინა თავის შედგენილ კრებულში ''შედევრები'' /1994/:
X X X
მიყვარდა თქვენი შლეიფი, თქვენი კაბები გრძელქობა, თქვენს დღეობაში ქეიფი, თქვენი უმანკო ცელქობა,
მხრებზე დაყრილი ხშირი თმა, უბე შეკრული ღილითა, საღამოს სიყვარულის თქმა და გაბუტება დილითა!
ეხლა თქვენ მოკლედ იკრიჭავთ, მოკლეს ატარებთ კაბებსა, მკლავი სულ ღია მოგიჩანთ და იცხებთ ფერად აბებსა!
დრო იყო, თვითონ გცოდავდით, თვალი თანთ გხდიდათ ამოსა, ახლა ჟინდაგიცოტავდით და თვალით გაცმევთ სამოსსა!
თუ ზემოთა ლექსს ადრესატისადმი ეროტიკული გრძნობის გამოვლენისას, გამოხატვის არისტოკრატიზმი,მსუბუქი ჰუმორი ახასიათებს,მეორე - ფრანგული სიმბოლიზმიდან მომდინარე ერთი თემის - ქანდაკების პოეტური დამუშავებაა.ამ თემის დამუშავების სხვა ,საუკეთესო მაგალითია გალაკტიონის ''გეტერა'', რომელსაც ,იმედია, მოგვიანებით გავიხსენებთ ,ახლა კი მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ გალაკტიონს სათქმელი ფოკუსირებული აქვს ფინალურ კითხვაზე:
არვინ იკითხავს,თუ რას ჩავდივართ, არვინ იკითხავს ,თუ ვის ვცემთ თაყვანს, ან რომელს ვხედავთ ამ ერთ სახეში, ან რაა ჩვენი ლოცვის საგანი, წმიდა ტაძარში თვით აფროდიტა, თუ სათაყვანო გეტერას ტანი?''
ამისაგან განსხვავებულია კონცეპტი ,რომელსაც თავისი ლექსის ფინალში შალვა ამირეჯიბი აფირმაციული ფორმით გადმოგვცემს: ''არ არის სწორი - მარტო სული ელტოდეს სხეულს,არიან ხორცნიც სულებიდან გამოქცეულნი!''.
ქანდაკი
შეჩერებულა შენი ხედვა,ვით ქვა შურდულის, შენი ბაგენი ხმოვანებას ვეღარა სცემენ, როგორც პანდორას - ბერწი არის შენი მუცელი და მაგ ძუძუთგან ცრემლნი აღარ დაიღვრებიან. და მაინც ბრძნულის მოთმინებით გჭედდა ოსტატი და დღეს და ღამეს ასწორებდა შენსა ძერწვაში... ''არ არის სწორი - მარტო სული ელტოდეს სხეულს, არიან ხორცნიც სულებიდან გამოქცეულნი!
პ.ს. ეჭვი,რომელიც მე გამიჩნდა ამ ლექსის წაკითხვისას,ეროტიკის თემას არ ეხება,მაგრამ მაინც ვაფიქსირებ: პანდორას ,როგორც ბერწმუცლიანის ხსენება ეწინააღმდეგება დღემდე ჩემთვის ცნობილ ინფორმაციას,რომლის თანახმადაც, ვიდრე იგი ყუთს გახსნიდა, ეპიმეთესგან უკვე ჰყავდა შვილები.
ასეთი ''შეცდომა'' არ გაეპარებოდა შალვა ამირეჯიბს,რომელიც ვენისა და სორბონის უნივერსიტეტებში ეუფლებოდა განათლებას./თუმცა ლექსის დაწერის თარიღი ჩემთვის უცნობია./ ეს მაფიქრებინებს,რომ ლექსის შექმნისას მას შესაძლოა ,ხელთ ჰქონდა რაღაც განსხვავებული წყარო, სავარაუდოდ, პოეტური ინტერპრეტაცია პანდორას მითისა. საინტერესოა,რომელი. | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Wed Dec 17, 2008 8:09 pm | |
| თუ პოეზიასთან მიმართებაში სუბლიმაციის ცნობილი თეორია ჭეშმარიტად ამართლებს,ჩემი ფიქრით,შოთა ნიშნიანიძის პოეზია ამ თვალსაზრისით ერთ აშკარა თავისებურებას ავლენს:ყველა სხვა სახეობის ლირიკა მის შემოქმედებაში ''მაღალ ძაბვაზე მუშაობს'', სატრფიალო კი რაღაც განსაკუთრებულ ,ფრთხილ/არ ვიცი,რამდენად ზუსტი სიტყვა შევარჩიე/ რეჟიმშია ჩართული. არა მძაფრი ეროტიზმი,არამედ ეროტიული ნიუანსი,შეფერილობა, ,მონიშნული ფაქიზად -ასე შეიძლება დახასიათდეს შოთა ნიშნიანიძის ციკლი ''მე და შენ'', რომლიდანაც გთავაზობთ ორიოდე ლექსს :
მე და შენ
მე ასე მგონია, ლერწამი ვიყავი, ვამბობდი სიმღერებს, ცის მადლით ცხებულს, მე ვიყავ ლერწამი, შენ კიდევ ნიავი და თბილი ღუღუნით მივსებდი სხეულს.
და როცა ჟამთასვლამ ცვლილება გვარგუნა და მიწად ვიქეცით როცა, მე ვიყავ ბალახი - შენ ჩემი შხაპუნა, ცრემლებით, სიცილით გიყვარდა მოსვლა.
მე ასე მგონია, ჩიტებიც ვიყავით და გზებზე ვფანტავდით ბარტყებს და სიზმრებს. ბევრჯერ გადავლახეთ სიკვდილის სიავე და ჰა, ერთმანეთი მოვძებნეთ ისევ.
გიყურებ, გისმენ და მტეხს გულისფიცარი, რაღაც მაგონდება, ვით შორი სიზმარი -
თითქოსდა ხილვებით ნათდება უკუნი, ირღვევა ჟამი და ერთმანეთს ერწყმის: წვიმების შხაპუნი, ჩიტების ჟღურტული, ჩურჩული ქარის და ღუღუნი ლერწმის...
* * * ძლივს შემეჩვიე... და მტუქსავ თითით: "არ შეიძლება... აკრძალულია"... თურმე შეჩვევა ყველაზე დიდი, ყველაზე სანდო სიყვარულია.
შენი ჩურჩული მე შევიყვარე, როგორც ოჯახის დიდი ნუგეში, შენი ჩურჩული არხევს ფიჭვნარებს, ბალახად წვება ჩიტის ბუდეში.
მე შენს ჩურჩულში ვარ შეყუჟული, მთვრალი ვარ შენით და საღამოთი და მეჩვენება, შენი ჩურჩული, სადღაც, ბუხარში, კვამლად ამოდის.
მეხვევა ეგ ხმა, როგორც ვენახი და რას აღმითქვამს, მინდა გავიგო. მაგ ჩურჩულიდან ვიღაც მეძახის გაუბედავად: "მამა... მამიკო..."
ძლივს შემეჩვიე... და მტუქსავ თითით. "არ შეიძლება... აკრძალულია..." თურმე შეჩვევა ყველაზე დიდი, ყველაზე სანდო სიყვარულია.
* * *
შენ რომ უბეზე ხელი იტაცე მუხლებზე კაბა ჩამოიწიე, რომ წამოწითლდი და დაირცხვინე, სწორედ იმ დღიდან დაგიმახსოვრე. სწორედ იმ დღიდან მონა ვარ შენი, შენ კი ისეთი მონათმფლობელი, რომ მონობიდან ვერ გამომიხსნი და ვერ მაჩუქებ თავისუფლებას.
ეს ლექსი,რომელიც ზემოთ ნახსენებ ციკლს არ მიეკუთვნება,,იმავე ნიშნებით შეიძლება დახასიათდეს:
წვიმა და მეზობლის გოგონა
გაზაფხულის თქეში უშხაპუნებს ფანჯრებს, ყველა აივანი გადმოკიდებს ჩანჩქერს და მეზობლის გოგოც გაიხარებს მაშინ, წვიმის ასაღებად გავარდება კარში, რომ ხვალ უფრო კარგად თმები ზიმზიმებდეს, რომ ხვალ უფრო კარგად მე ვერ ვიძინებდე. გარეთ ჩიტუნები გაფანტულან წვიმით, მე კი ფანჯარასთან ვერ ვიკავებ ღიმილს, რომ მეზობლის გოგომ პატარა და ტყუპი ორად ორი ჩიტი შეიფარა უბით. გარეთ ნიაღვარი ქვებზე აქანავებს ჩამოცვენილ ფოთლებს და ქაღალდის ნავებს. მავთულებზე მიჯრით წვეთი წვეთზე ცოცავს და მე შენსკენ ვატან გაუბედავ კოცნას... | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Wed Dec 17, 2008 8:31 pm | |
| პაოლო იაშვილი
ელენე დარიანის დღიურები
პირამიდებში
იქ,სადაც სდუმან პირამიდები, მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე, იქ,სადაც სდუმან პირამიდები,შენ მომინდები, შენი თვალები,შენი მკლავები,შენი სინაზე. შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,თვალებდანაბული. საყვარელ ხელებს მივეცემი,როგორც ნაზ საწოლს, და შენ დამკოცნი,ვით დედოფალს,ვით მხევალს და ცოლს. ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში.მზიურებს მაშინ არაფერი მოგვაგონდება... პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში. ლურჯ სფინქსთან მივა,უცქერს დიდხანს და დაღონდება. სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით, მწვანე თალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ღელვას ალურს. გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით, დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.
1916
ძახილი
მარგალიტები მოვიხვიე ყელზე სამწყება, მარგალიტები,იაგუნდები... არ შემიძლია შენი სახის გადავიწყება! არ დაბრუნდები?
თეთრშემოსილი ვწევარ მე შენს ნაცნობ საწოლზე, სევდიანია ღამე მძინარი, ნუთუ არ ფიქრობ,სანატრელო,შენს სათუთ ცოლზე... არავინ არი...
ჩუმად ვკითხულობ შენს ძველ წერილს,ყვითელს,დახეულს... სხვა რა მაქვს შენი მე ამის გარდა? მე თვითონ ვკოცნი ჩემს თეთრ მკლავებს,ჩემს დამწვარ სხეულს, შენ რომ გიყვარდა...
მაგიჟებს სითბო,ვერ ვიგუე ფარჩის საბანი, ჩემს ოთახს ავსებს შენი ლანდები. დაღლილი არის,სანატრელო,დღეს ჩემი ტანი, ნუ გვიანდები.
არ შემიძლია დავიწყება შენი სახისა... დავფარე ღამე ბნელ ნაწნავებით; ვიხუტებ ვნებით მსუბუქ ჰაერს ჩემ ოთახისას თეთრი მკლავებით.
1915
ვფიქრობ, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს ინტერნეტ-მკითხველისათვის ის მწვავე რეაქცია,რომელიც გასული საუკუნის დასაწყისის ქუთაისში გამოიწვია ამ ლექსების გამოჩენამ. აღშფოთებული კულტურული საზოგადოება ცდილობდა ,დაედგინა ,ვინ იყო ის უტიფარი ქართველი ქალი,ასე დაუფარავად რომ გამოხატავდა ლექსებში იმას,რასაც სხვები მძიმე ტაბუს საფარქვეშ მალავდნენ...
მამაკაც პოეტებს ქალის ფსევდონიმით არა მხოლოდ საქართველოში,სხვაგანაც არაერთგზის შეუქმნიათ ეროტიკული ლექსები.თანამედროვე ქართულმა პოეზიამაც იცის ორიოდე ასეთი მაგალითი.
რა არის ეს, მასკულინი ავტორის ტემპორალური ფემინიზაცია თუ ამ ავტორში,ისევე,როგორც ნებისმიერ ჯანსაღ მამაკაცში პროეცირებული ფემინური საწყისის აქტივიზაცია? ეს კითხვა სცილდება პოეტიკის,ლიტმცოდნეობის სფეროს და ფსიქოანალიტიკურ თეორიათა წიაღში პოულობს პასუხს.
თანამედროვე ლიტერატურული თვალთახედვით ,ეს თავისებური თამაშია,მისტიფიკაცია,რომლის აუცილებელი პირობაც ლექსში ავტორის მიერ გათავისებული სხვისი ინტიმური განცდების,სიტუაციის გამოსახვისას მხატვრული გულწრფელობაა./გარეგნულად მსგავსი,მაგრამ არსობრივად განსხვავებული რამ ყოფითი გულწრფელობისაგან/.
გულწრფელობა აქ შემთხვევით როდი ვახსენე. მინდა დაუკვირდეთ ერთ ლექსს იმავე ავტორისა,სადაც ინტიმურ,ეროტიკულ განცდათა გამოხატვისას უეცრად არაგულწრფელი ნაკადი იჭრება და თამაში უმალ ფარსის სახეს იღებს.ეს ნაკადი კი პატრიოტული მოტივის უეცარი,უადგილო გამოჩენაა:
უვერტიურა
ისე მოვედი,რომ არავინ არ მომელოდა, მივეცი კოცნა მებაღეს და ...გაიღო კარი. მარტო ვიყავი! ჩემ გარშემო ლურჯად ბნელოდა, მაგრამ შემომხსნა ქმრის ხელებმა ტანზე ქამარი!...
გავყვეთ სიმღერებს! ჩემი ვნება ალდართულია, და ის მახარებს,მამაისებს ბაღში შემოსულს, რომ ჩემი კოცნა,სიყვარული,ხმაც ქართულია, ყოველთვის ციურს ჯერ უცნობი სიშმაგე რომ მსურს.
ჩემი ცხოვრება ისეთია,როგორც ოცნება, ჩემი წუხილი,სიხარულიც ტრფობის ბრალია, ჩემს სხეულს მეფობს ხან სინაზე,ხან საოცრება, დედოფლობს გული! ის ყოველთვის მომღერალია.
1916
პირველ სტრიქონებში გაელვებული იდუმალი სცენა: ქალი,რომელიც მებაღეს კოცნის ნებაში უცვლის ბაღში შესვლის ნებას,ქმრის მკლავებში აღმოჩნდება. მომლოდინე მკითხველის ფრუსტრაცია ამით როდი მთავრდება,მეორე სტროფში ქალი ყალბმეტყველებას იწყებს პოლიტიზირებული მეძავივით,ხოლო მესამე სტროფში ეს ''პატრიოტული ეროტიკა'' სრულ პოეტურ უმწეობაში გადაიზრდება. აქ მინდა გაითვალიწინოთ ისიც, რომ ამ ლექსს დღეს იმდროინდელი ქართული პოეზიისაგან განსხვავებული ესთეტიკური კრიტერიუმებით ვუდგები და, რომ ეს მაინც ჩემი სუბიექტური,ცოტა არ იყოს,კადნიერი აზრია ჩემი ერთერთი უსაყვარლესი პოეტის ქმნილების შესახებ . იმედი მაქვს,მას უკრიტიკოდ არ გაიზიარებს მკითხველი.
X x X
ეროტიკული მოტივები ქართველ პოეტ-ქალთა ლირიკაში გასული საუკუნის ოციანი წლებიდან ჩნდება,მას შემდეგ,რაც პაოლო იაშვილმა ელენე დარიანის სახელით პოეტურ ენაზე აამეტყველა ქალური სასიყვარულო ვნება.ჩვენ უკვე გავეცანით მარიჯანის ლექსებს,ახლა გთავაზობთ ნინო თარიშვილის ერთ ლექსს.
* * *
ალერსი მინდა ფეხშიშველა, კოცნები, ოცნება ცხელი, მე შენმა სახემ ვერ მიშველა, იწვის სამხრეთული ვნება მტევნებად, მკრთალია ხელები და ჩემი ტანის სითბო, დახურულ თვალების სიტკბო, ჩემი სიყვარულის რთველი. ხარ უცნაური ვაჟი! თითქოს იძირება ზღვაში მწვანე გამოხედვის ფარდა, თითქოს არ გყოფნის სივრცე, ეს არის შენი დარდი... აკლდამა, მოკვდები, მოკლდება ხელი გაწვდილი შენსკენ. მელოდი, მაგრამ ვერ მოვედიო. იყო ღამე და მთვარე, როგორც რევოლვერი, როგორც შეყვარება ტიციანის ხელებზე. სიზმარში მაკოცებს ვამპირი, დამიცდის უფრო უარესი, შენ ხომ მე სიყვარულს დამპირდი და მინდა ცისფერი ალერსი.
1924
როგორ გავიგოთ ცისფერი ალერსი? ეს ლექსი სიმბოლიზმის კონტექსტშია მოსააზრებელი.ცისფერი მისტიურის ,მიღმიერის არამიწიერის ფერ-სიმბოლოა. / გავიხსენოთ გერმანული რომანტიზმიდან მომდინარე ტრადიციაც,მაგ. ნოვალისის ყვავილის ფერი/ როგორც მახსოვს,ამ თემაში ერთხელ დაისვა კითხვა,შევეხებოდით თუ არა მისტიკურ ეროტიკას. გასული საუკუნის ოციან წლებში შექმნილი ეს ლექსი მისტიკურ ეროტიკამდე ვერ მაღლდება,მაგრამ მის ელემენტებს უთუოდ შეიცავს.
Last edited by nino darbaiseli on Thu Dec 18, 2008 4:09 am; edited 1 time in total | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Wed Dec 17, 2008 8:32 pm | |
| ქორწილისა და საქორწინო სარეცლის ტრადიციული თემა ,რომლის დამუშავების არაერთ მაგალითს უკვე გავეცანით,დაწყებული ძველი ქართული პოეზიიდან.გიორგი ლეონიძის შემოქმედებაშიც არის წარმოდგენილი , ოღონდ მას აქ აკრძალული ვნების ტკბილ-მწარე გემო მოსძალებია. ლექსის მეტყველი პერსონაჟი - დედოფლის მხლებელი ვერ უმკლავდება საკუთარ გრძნობას და ''აპრიალებულ ხანჯალივით ტანანთებული'' მეფეს ''დაასწრებს'' - დაეუფლება უკვე ჯვარდაწერილ თაისს :
თაისი
ჯვარისწერაში ჯვარსა სჯობდა თეთრი თაისი, ეჯიბმა ჯერანს შეადარა გულთა მკრეფელი, გადაგვაყვარეს შაბაში და მისაგებელი, ასი მაყარი გვიცინოდა, როგორც მაისი.
თამადის ხელში აზარფეშა ათჯერ აივსო, თარის წკრიალში ვჩურჩულებდი შენი მხლებელი: _ «დარჩეს ეგ ტუჩი კოცნის ელვით ხელუხლებელი, ვით მეველე ან ვენახებში ქარვის ყაისი».
ამაყ წამწამებს შევამჩნიე შმაგი თარეში, საშიშ თვალებში სჩანს სიკვდილის საპირფარეშო, უბის ცისკრებში მზე გიჟდება, ლალში მცურავი.
აპრიალებულ ხანჯალივით ამენთო ტანი და შეგიპყარი, როგორც მონა არაბისტანის, ცეცხლის საწოლზე შემოგძარცვე შესაბურავი. | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Wed Dec 17, 2008 9:04 pm | |
| იოსებ გრიშაშვილი
ნამცვრევი
ჩამოვიბერტყე წლები ქეჩოდან, ისევ მონა ვარ ძველი კოცნისა, გიხილე და ვთქვი: "ო, რას მერჩოდა?" და ხელმეორედ გავხდი ოცისა.
მთვარე ხარ - გიყვარს ცად მოვანება, თავთუხის ძნა ხარ გაულეწელი, გნახე და მყისვე ჩემს წლოვანებას ჩამოეწერა ორმოცი წელი.
რად მომივლინა ზეცამ სასჯელი? ახალი ეშხი რად მაგრძნობინა? რად დამიშაქრდა ფიქრი მტანჯველი და ყვავილებით ამევსო ბინა?
ასეთიაო, მგოსნების ბედი, მათი ეკალიც ჰყვავის ვარდებად. მაშ, ნუღარ ამბობთ: "სოსო დაბერდი"! და აღარავინ შემიყვარდება!..
მე ჩემს იღბალთან კიდევ მსურს შეხლა, აკაკის ლექსი წინ მიდგას მცველად: "თითქოს ჭაბუკი ვიყო მე ეხლა და ვყოფილიყავ მოხუცი ძველად!"
1948
ეს ლექსი,რომელიც აკაკის სიტყვებით მთავრდება , ი.გრიშაშვილის ერთ -ერთი გვიანდელი ნაწარმოებია.მეოცე საუკუნის ქართულ პოეზიაში ეროტიკით ყველაზე მდიდარი სწორედ მისი შემოქმედებაა. შეიძლება ითქვას, რომ მან მოახდინა არალეგიტიმური სიყვარულის პოეტური ლეგიტიმაცია. თუ აკაკისათვის არალეგიტიმური სიყვარული პაროდირების საგანი იყო,იოსებ გრიშაშვილისთვის გულწრფელი პოეტური აღსარების საგნად იქცა. დღეს ეს ტრადიცია დაკარგულია,მაგრამ სადღაც,სამოციან წლებამდე პოეზიის მოყვარულებს საკუთარი,გულისჯიბით სატარებელი რვეულები ჰქონდათ და ამ რვეულებში ი.გრიშაშვილის უამრავი ლექსი ეწერა.მათ შორის ''მანოლა'',რომელიც ლამის ყველამ ზეპირად იცოდა:
მანოლა
"ძველად... აბანოში წამსვლელი ქალები დილაადრიან სისხამზე მიდიოდნენ და საღამოთი ბინდისას ბრუნდებოდნენ, რომ მათი გამგზავრება მამაკაცის თვალს არ დაენახა"
"ძვ. თბ. ლიტ. ბოჰემა"
შენ აბანოდან გამოდიოდი, მარტო კი არა, ქმართან - ხელკავით, და ბოტანიკურ ბაღის სიოთი გეგრილებოდა ხუჭუჭი თავი.
მე შეგამჩნიე! და მკერდის ტალღით გავაპე ხალხი და შენ წინ შევდეგ, აწითლდი, როგორც წითლდება ბალღი საკუთარ დედის დატუქსვის შემდეგ.
არც კი გრცხვენიან! ვით ალამდარი, აფენ შენს სხეულს ვაჟის მახლობლად. აბანოს ბოხჩით მოგდევდა ქმარი და ზედ ეწერა: "ჩემი სახლობა!"
როგორ მიყვარდი! ასჯერ, ათასჯერ, მითქვამს ეს სიტყვა ჩემს გულში წინდად: ახ, ვიკისრებდი ყოველგვარ სასჯელს, ოღონდ მის თითებს შევეხო წმინდად.
ეხლა? რა მეთქმის? ვნების ონავარს გეტყვი, რომ უკვე დაეშვი ტაფობს. გიცქერ საჯაროდ ნააბანოვარს და ეგ სიწითლე ყველაფერს ამბობს.
მითხარ, რად იყავ შენ ალეწილი? მითხარ, რად შეკრთი აგრე ძალიან? შენს სიწითლეში მე მიდევს წილი? თუ ეს აბანოს ორთქლის ბრალია?
1935
ქურდული ალერსი
გარეთ ყინვა სუფევდა, გულში - დავიდარაბა. შემიყვანე ოთახში, ჩამიკეტე დარაბა, მოიმარჯვე ალერსის მოჭედილი სიათა და ამბორი ტუჩებზე დამაყარე ტყვიადა, - თან ამბობდი: "კარგი ხარ, კარგი გასახარელი, როგორც ქმარი კი არა, როგორც სხვა... საყვარელი!"
ერთხელ გითხარ: მომბეზრდა ეს ალერსი ქურდული. მსურს პირდაპირ მოვიქცე, ვით დავითის შურდული, გამომყევი, გავიქცეთ, მიატოვე ქმარი და შევქმნათ სულ სხვა მყოფადი საოცნებო მხარიდან. შენ ამბობდი: "კარგი ხარ" - თუმც ამ პასუხს არ ელი, - როგორც ქმარი კი არა, როგორც სხვა საყვარელი!"
წუხელ მაგრად დავითვერ. ღვინობ ვნება დათენთა. დავდიოდი ქუჩებში და როდესაც გათენდა - ცელქი, შეუშინარი შენს ბინაზე მოველი: "ჩემი ქმარი შინ არი, მან გაიგო ყოველი!" მითხარი და საჩქაროდ მომაჯახე დარაბა... გარეთ ყინვა სუფევდა, გულში დავიდარაბა.
1920
ლამაზმანებს
მე არ ჩამოგთვლით თქვენ სათითაოდ, იკმარეთ მხოლოდ ეს სათაური. დე, ისტორიამ მერე იდაოს - ასტყდეს კალმების აურზაური.
მშვენიერებო! თქვენ არა ერთხელ აღმინთეთ სულის ალმაცერობა. მაგრამ ვერ ვპოვე ლეილა, გრეთხენ, უცხოა თქვენთვის მგოსნის სერობა.
ლეილა - ვნების ამომშანთავი, გრეთხენ - სინაზის უცოდველობა, რითმამ სტრიქონში დაიხრჩო თავი, ვეღარ შეეძლო თქვენი მცველობა.
მინდა დაგტოვოთ ყველანი ერთად და მოგახალოთ ერთ დღეს უარი! მოსაწყენია სჯა მშვენიერთა, ალერსი, ვნება, აქსესუარი.
ლამაზ ღალატით გული ივსება: თქვენც გათხოვდებით, თქვენს სხვებს გაჰყვებით. ერთში ვერ ვპოვე ყველა ღირსება და მინდა ნაკლი შევავსო სხვებით.
ო, ჩემი ქცევა ვის გაარისხებს? ვინ გადმომიგდებს ხელთათმანს მძაფრად? არ დავეძებდი თქვენში ხარისხებს, ვანაწილებდი გრძნობას თანაბრად.
ვფიქრობდი... ხსნა კი ვერ მომეგონა, "ათას ერთ ღამეს" ვფურცლავდი, ვშლიდი. ახ, რად არ გახდით ერთეულ კონად, ახ, რად არა ვარ ჰარუნ-რაშიდი!
თქვენ არ ატარებთ ჩემს ფსევდონიმებს, გეთაკილებათ ცოლობა მგოსნის, თუმც სათითაოდ ირიგებთ სიმებს და ტუჩს ნატუჩარს სუყველა ჰკოცნის.
ო, თქვენი ხელის ნაძერწავიდან ჩემს წიგნს ამშვენებს ჩუქურთმა ბევრი: მაგრამ რაც იყო - მორჩა, წავიდა, ღვინის ჭაშნიკმა გაბზარა ქვევრი.
თუმც თქვენთანა ვარ ნაწილობრივად, როგორც ნიჟარა ზღვაში გდებული, მაგრამ მე მაინც ვითვლები ქვრივად, მე, ჩემს ლექსებზე შეყვარებული.
1923
ამჯერად თბილისქალაქური ქორწილი - გაგრძელება ქართული ეროტიკული პოეზიის ტრადიციისა,რომელსაც სათავე მრავალი საუკუნის წინ დაედო:
ქორწილი ჩვენს უბანში
აანთეთ ჩქარა შუშხუნები და მაშხალები.
გაშალეთ სუფრა, გადმოჰფინეთ ბანზე ხალები უთხარით ლოთებს, რომ აკურთხა მღვდელმა ალავი, რომ სიძეს მისცეს ფალუსტაკი დაუხალავი, რომ მზითვის ბიჭებს ჩამოართვეს ტაშტი და სარკე.
ხოლო თუ დღეს აქ რომელიმე გადგება ცალკე, თუ დღეს არავინ არ გადიქცა ჩემებრ ქორწილად - მას აზამბარი მივუსაჯოთ კიდევ ორწილად, რომ წითელ ვაშლში არ მალავდეს თეთრ უზალთუნებს.
აი, გამოჰყავთ პატარძალი ლამაზ ხათუნებს, ის ნეგოსავით უმძრახია,მზესავით ღია და თუმც მის ბეჭებს არ ამშვენებს ქალაღაია და რაც სახე აქვს თეთრი ხრილით გადაფქვილული-
მაგრამ ის მგოსანს თვით სიზმარშიც არ ჰყავს ხილული. ისე კრძალულობს ცის ნინველა, აქ დანაბადი, თითქოს მის ტუჩებს არ ეგემოს აღჯანაბადი, თითქოს ღიმილით მზის ჭრილობა არც კი განკურნა!
და ეჯიბი კი სულ ღრიალებს: “სად არი ზურნა! ღვინო და ზურნა! სხვა დღეს მეფეს არ უნდა რა! ბანზედ: ხან თარფი, ხან შაბაში, ხან უზუნდარა, ქვეშ კი მწვადისთვის აშიშინდა ცეცხლის მაყალი.
გათენდა! მისწყდა ჟრიამული, აყალმაყალი, ქვიშისფერ მელნით აიწინწკლა აისი ნაზი. დუდუკმა ბანზე ერთხელ კიდევ დაჰკრა შაჰნაზი. და ,,მშვიდი ღამე” კვლავ უსურვეს ნეფეს და ცოლსა .
და როცა მეფემ მიაშურა თავის საწოლსა - პატარძალს მხოლოდ ეს აღმოხდა: ,,ახ, აქ რა გვინდა!,, M მაგრამ მყის ტუჩი პატარძლისა კოცნით აღვინდა და გაიფანტა მარგალიტი ბადახშეული.
საბნის ნაოჭში დაიმალა მათი სხეული.
1920
Last edited by nino darbaiseli on Thu Dec 18, 2008 4:44 am; edited 2 times in total | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Wed Dec 17, 2008 9:06 pm | |
| ვიდრე ამ ლექსს გავეცნობოდეთ,გადავშალოთ ერთი წიგნი ''ქალაქური ლექსიკონი'' და ვნახოთ,მისი ავტორი იოსებ გრიშაშვილი როგორ განმარტავს სიტყვას ''შეიდიში''.
შეიდიში- ფართლეულია ერთგვარი ქალის საშარვლედ და პერანგის ამხანაგისთვის იხმარება...''ჩითის კაბები გახადა,სულ ფარჩისა შეუკერა,იმის ქვეით შეიდიში კოჭებამდინ დაუმშვენა''-''არსენას ლექსი'', ''გახსნა ბოღჩა და გადმოაწყო...შეიდიში, საკაბე, ლეჩაქი...'' / ''სოლ. მეჯღ.'' /გ.250/
შეიდიში
კოჭლი სონეტი
საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმი, კარადა N 19-579
როცა შევაღე მუზეუმის მძიმე კარადა,- სადაც ეყარა მოწიწებით თვალ-სატყუარი: სათი, ამარტი, ამეთვისტო, ძოწი, გუარი წარამარადა,-
შევხვდი შეიდიშს ნაოჭასხმულს მრავალპწკარადა; ვსთქვი: მის პატრონი დღეს ცოცხალი ნეტა თუ არი! ვინ ატარებდა? ვინ მიიღო? ვინ სთქვა უარი? წუთით? მარადა?
გემრიელ რიტმით ვიდექ მე იმ კარადის წინა. ვამბობდი; ნეტა, ეს ფუნჯები ამაწეწინა, რომ ამოვიცნო სიცხადეში ძველი ზმანება,
რომ ვუთხრა ყველას: შეიდიში ჩქარა გაცვითონ, ოხ,ჩქარა! ჩქარა! თორემ ბოლოს ინანებთ თვითონ,- როგორც ამ ლექსის გადაწერა მე მენანება.
1918
რა კარგი ხარ, რა კარგი!
რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა ზღვისფერთვალება თმებზე ღამე გიცინის,პირზე - დღის ბრწყინვალება. რა კარგი ხარ, რა კარგი! შუშპარა და მჩქეფარე! როცა მოვკვდე, გენაცვალე, ძეგლად გადამეფარე. სიომ ძლივს ინახულა, სადაც გძინავს, ის ბინა და შენს ტუჩზე გულნარას ვარდი ააბიბიბინა; სპილომ ძვლები დაიფშვნა რამდენიმე წვრილ კბილად და მარჯნებში ჩაგება მარმარილოს ბორკილად რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა, ცელქი, მჩქეფარე.... როცა მოვკვდე, გეთაყვა ძეგლად გადამეფარე! სუნთქავ - და მაგ სუნთქვისგან, რომ მიბრძანო შენს მწერალს, ფსალმუნს დავწერ, ღვთის ფსალმუნს, საგალობელ-სამღერალს. მზე შიშობს, რომ მასზე წინ იას არ შეეყარო! შენს სიარულს აჯავრებს დარხეული მთის წყარო;
რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა, ცელქი, მჩქეფარე, როცა მოვკვდე, ლამაზო ძეგლად გადამეფარე!! ...თუმც ქალის სიყვარული, მყის წყალივით ჩანჩქარა, ისე სწრაფად გაირბენს, ისე სწრაფად და ჩქარა: ვით სარკეზე ნაორქლი, ვით სრიალი ტყის გველის, ან ვით თითი კლავიშზე რომელიმე დამკვრელის. ვის არ ვხედავ შენს გვერდით, შენსა გარეშემოსა, ეგ სიტურფე, მითხარი, ქებით ვინ არ შემოსა, ვის არ უნდა შენს გულში ადგილი დაიჩემოს ვის არ უნდა, მითხარი, შენი ტრფობა იგემოს? მე კი რით გაგაკვირვო რომელ ქათინაურით? მე ჩუმი ვარ, გენაცვა, ვერ მოგხიბლავ ხმაურით, ვერ მოგხიბლავ სიტყვებით, ვერ მოგხიბლავ და მგონი, სიტყვა ჯერ არ არსებობს შენთვის გამონაგონი! და მიტომაც მე მინდა, რომ ეგ სახე ლამაზო, ჩემის ფრჩხილით დავკაწრო, ჩემის კალმით დავხაზო, ლოყებზე დაგიჯღაბნო რაღაც უცნაურობა, რომ სარკეშიც შეგზარდეს შენი სახის ყურება,- მაშინ ბრბო მყის დაგვიტოვებს, ბრბო წუთით ანათრთოლი, გაგეცილება, როგორც ხეს შემოდგომის ფოთოლი, და დამრჩები მხოლოდ მე, ვით სიცოცხლეს საწუთრო, და შევიძლებ, რომ ერთმა ერთი დაგისაკუთრო. მხოლოს ჩემთვის იცოცხლებ,მხოლოდ,მხოლოდ და მხოლოდ და გახდები მგოსნისთვის გამოუცნობ სიმბოლოდ! კარგი ხარ,რა კარგი! კოხტა, ზღვისფერთვალება, თმებზე ღამე გიცინის, პირზე - დღის ბრწყინვალება. რა კარგი ხარ რა კარგი! შუშპარა და მჩქეფარე - როცა მოვკვდე, გენაცვა, ძეგლად გადამეფარე.
1914
გაგაცილე და...
გაგაცილე და... ის იყო, ვბრუნდებოდი სახლში ჩქარა, რომ მომესმა ეს მუქარა: "გააცილე? ვნახოთ ! კარგი! მე მღალატობ? კარგი! ვნახოთ! რომ ორივემ ივაგლახოთ? მე დამტოვე და ჩემს ნაცვლად შეიყვარე ვიღაც ფლიდი? მაშ გამცვალე? მაშ შენც მცვლიდი? ვაჰ, შენს ლექსებს! თორემ მე რა? ვაჰ, მგოსანო, შენი ბრალი - მას გრძნობა აქვს რომ ჩამქრალი! მას არა აქვს გულახდილი არც ბაასი, არც იერი, ის გველია მშვენიერი. ის შენს ვნებას დაუწმენდელს, უმანკოს და დაუღალავს გარყვნილ ჟინით შეგიბღალავს. შენ გგონია, შენ უყვარხარ, როცა შენთან ეგრე ნაზობს? თითლიბაზობს... თითლიბაზობს... ან იქნება - დღეის შემდეგ, რომ არ გრძნობდე თავსა ობლად - აირჩიე გასართობლად?.. ან იქნება შენი შუბლი უნდა დაფნით მას მოერთო! რა ტანჯვაა! ღმერთო! ღმერთო! გაცუღლუტებს, შე საწყალო, ის ფლიდია, მატყუარა, გაგშორდება შენ თუ არა, სხვას მიჰყიდის შენს სიყვარულს, სხვას ჩაჰკოცნის, ჩაიხუტებს, გაცუღლუტებს... გაცუღლუტებს... და ის ქალი, ვინც თვალთ სხივებს ყველას ესვრის განდაგანა, ის ღირსია მგოსნის განა? და რა უნდა მექნა, მითხარ! და რა უნდა მექნა, ნეტავ, ჩემო სატრფოვ, ტანწერწეტავ, ცილს გწამებდა, გესმის ცილს, ცილს! ცილს გწამებდა, ცილს უგვანოს შენ, ჩემს სატრფოს-სათაყვანოს! მე ავზვავდი! მე ამიტყდა ძარღვის ცემა, ხმის კანკალი, ვეცი უხმოდ და... მოვკალი. იცი როგორ? შენ გგონია, მე იმ ქალსა ბევრი ვდიე: ვარდის კოშკში დავამწყვდიე, ვარდის ხუნდი გავუყარე და... დავახრჩე - ჰმ! ხელითა?! - არა ვარდის სურნელითა.
1915
Last edited by nino darbaiseli on Thu Dec 18, 2008 4:47 am; edited 1 time in total | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Wed Dec 17, 2008 9:38 pm | |
| - ქ-ნო ნინო, ამდენი ეროტიკა თუ იყო ქართულ პოეზიაში, ნამდვილად არ ვიცოდი.
"ხარს ვგავარ ნაიალაღარშიც"რაღაცა ეროტიული მოიძებნება არა? სარეცელიდან ამდგარი კაცის ქვესიმბოლოს ამბავში.
იქნებ ვცდები?
nino darbaiseli:ახლა ტექსტი ვერ მოვიძიე.ზეპირად ბოლომდე არ მახსოვს.იქნებ თქვენთვის არის ხელმისაწვდომი. დღემდე მეგონა,რომ ვაჟას ეროტიზმი ამაზე შორს არ წასულა: ''ლამაზი საცქერელია დიაცის უბესავითა''. ერთგან ისიც ამოვიკითხე,რომ აქ უბე ნიშნავს ფშავ-ხევსურული სადიაცო კაბების გულისპირს,რომელიც მძივებითა და ჯვრებით იყო ამოქარგული. ''თქვენი მიწოვავ მეც ძუძუ ,ლალიან ბარაქიანი'' - ესეც ცხადია ,არ მიეკუთვნება ეროტიკას,და ამ სიტყვას ლამის საკრალურამდე ასული მნიშვნელობა ჰქონდა ,ძუძუმტეობის ინსტიტუტიც მთაში შემონახული , ტრადიციულად ძლიერი იყო. თუ ტექსტს მოათავსებთ აქ,ერთად დავაკვირდეთ.იქნებ მართლა რაიმე აღმოვაჩინოთ. ჯერ არ ვაპირებდი გოგლა ლეონიძის მასალების დადებას,მზად არ ვიყავი მასზე სასაუბროდ,მაგრამ რაკი თქვენს პოსტში ნახსსენებმა სიტყვა ''ნაიალაღარმა'' იალაღი,ხარი და ეროტიული განცდები -ეს სამი რამ გამახსენა,როგორ შემეძლო , გავმკლავებოდი ცდუნებას და ახლავე არ მომეთავსებინა ეს ლექსი! გიორგი ლეონიძის ეროტიკული პოეზია,განსხვავებით გრიშაშვილისაგან ,სიმბოლურ-ალეგორიულია. ვნებიანი სიყვარულის გამოსახვისას ამ სიყვარულთან დაკავშირებული პირადი ყოფითი რეალიები შიგ ოდენ მინიშნებათა სახით ჩნდება.ამ მინიშნებათა ნაწილის გაგება კი ,არცთუ იშვიათად მხოლოდ მათთვის იყო შესაძლებელი,,ვინც ლექსის ადრესატად იყო ნაგულისხმევი . მას იზიდავდა პოეტურ სახეში ,მეტაფორაში პირადი ეროტიული განცდა-გამოცდილების იმგვარი ჩაქარაგმება,რომ თავისთავად სახის ესთეტიკურობის ხარისხიც მაღალი ყოფილიყო და მასში საიდუმლო პლასტებიც შემონახულიყო. ყოვლისწამლეკავი ვნება,რომელიც მსჭვალავს მის საუკეთესო ლექსებს ,თითქმის არასოდეს გადმოიცემა პირდაპირ ,ავტორის სახელით,/როგორც ეს გრიშაშვილთან ხდება/,რადგან აქ ავტორი იმპლიციტურად არის ჩართული ლექსის მთავარ პერსონაში . მთელს ლექსში ხანდახან ერთადერთი სახე,შტრიხი საკმარისია მისთვის,რომ მკითხველში ფაქიზი ეროტიკული თანაგანცდა აღძრას.მაგრამ მის არაერთ ქმნილებაში ეროტიული მუხტი იმგვარადვე ძლიერია,როგორც ამ ლექსში:
გიორგი ლეონიძე
მყვირალობა
ჩამაჭრდა კახეთს ჰაერი, ტყეები გადიყირმიზა, ენკენისთვეში მთებიდან ისმის ყვირილი ირმისა. - რასა ჰყვირიან ირმები ყორან-მთას, ყარაიასა? სახუნდარიდან მარეკი გულში გაარტყავს ტყვიასა... ხარი ირემი ფურს ეძებს, მთაში ნასუქი ღიჭითა; ქაფსა ჰყრის გადაკაწრული ეკლებითა და ხიჭვითა. თავი ანება ცალისთვის იალაღების მწვანესა, მოამტვრევს რქების ლაწანით ჩალას, ტყეს, ლერწმოვანებსა. დაშტერებული ჯოგები მორბიან თავდაყირანი... ხარი ფურს ეძებს ღრიალით, მე - სიყვარულსა მყვირალი! გახელებული ხარი ვარ, გეშს ვიღებ ნიავქარზედა, მაჩვენეთ ჩემი ოცნება, რქა ზედ მივაფშვნა რქაზედა! სულ მივამტვრიო, მივლეწო, გულში რაც გადაირაზა, შევყვირებ, როგორც ირმები ჰყვირიან ყარაიასა!
X x X ძნელია, მეოცე საუკუნის ქართულ პოეზიაში დასახელდეს სხვა ლექსი,რომელშიც ასეთი მძლავრი ეროტიული განცდებია მხატვრულად ხორცშესხმული: ეს ველური ვიტალიზმი,როგორც დაპირისპირება კულტურასთან , სათავეს რუსული სიმბოლიზმიდან იღებს. ყივჩათად მოაზრებული ტამერლანის / იგივე თემურ ლენგის /სახე სიმბოლომ , ,რომელიც გაიელვებს გიორგი ლეონიძის სხვა ლექსში ''ნინოწმინდის ღამე'' ,აქ შეიერთა ქართული ხალხური ლექსის ''შემომეყარა ყივჩაღის'' პერსონაჟის მომხვდურ - აგრესორული ნიშნები.
ყივჩაღის პაემანი
...ერთი მეც გადავუქნიე, წვერიმც ვუწვდინე მიწასა... . . მ უ ხ რ ა ნ უ ლ ი
ყურღანებიდან გნოლი აფრინდა, ყაბარდოს ველი გადაიარა, ისევ აღვსდექი! მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.
ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან ხოდაბუნები თავთუხებისა, შენი ტუჩებიც ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას.
ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო როცა ზაფხული რუსთაველისა, ნეტამც ბადაგი არ დამელია და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!
ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე, შემოვამტვერე გზები ტრიალი, მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები, ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!
მაგრამ თვითონაც დაილეწება, დაბადებულა ვინც კი ყივჩაყად, მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი, თავი შუაზე გადამიჩეხა!
მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას, ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები... როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი, ქართლის ხეობებს ასდით ნისლები...
მოდი! გეძახი ათას წლის მერე, დამნაცროს ელვამ შენი ტანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი არი და დრო ახალი პაემანისა!..
ნინოწმინდის ღამე
ნინოწმინდა… პალატები მეფეთა… გალავანში - ჯამი აქაფებული; შენი სახე რისთვის შემომეფეთა, ხატი იყავ - ვეფხვი დაქალებული…
საზანდარმა ღამე ააცახცახა, ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა, ცა - ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა, და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა.
ნინოწმინდა… ჩვენ, როგორც ხაზარები… ო, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა საქართველოს ლექსის მეხანძარენი ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!
როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა, სიყვარული ისე დამჯახებია! მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს და სიყვარულს ათაბაგის ქალისას; ძუძუები ოქროს კალმახებია, წამწამები აქვს თავთუხის ყანისა…
წინანდალის ვაზი აყვავებული, ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა, აფრენილი ბაზიერის დაფითა, დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული!
ნინოწმინდა… ჩვენ როგორ ხაზარები… ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა საქართველოს ლექსის მეხანძარენი ძმობამ, ცრემლმა, იმ პატარა იარამ!
1926
წინა პოსტში მივუთითე,რომ გიორგი ლეონიძის ეროტიულ ლექსებში ავტორის პირადი ყოფითი რეალიები მინიშნებათა სახით ან ანაგრამულად ფიქსირდება.აქვე დავამატებდი,რომ ზოგჯერ კონკრეტული ადრესატის სახელი ბგერწერულ დონეზეც დაფიქსირებულია, ''გაზავებულია'' ტექსტში,როგორც ამ ლექსში:
ციცარი
«გადამაგდე და დამკარგე, როგორც ჩერქეზმა ისარი», ასე გავარდა სამგორში, ცას დაეხალა ციცარი.
ვაი, ნაგზაურო ციცარო, გაზრდილო ჩემის ხელითა, შენ სადღეგრძელოს აღარ ვსვამ ქაფქაფა საწნახელიდან.
არც დაგიღებავ ფრჩხილებსა ზაფრანა-დარიჩინითა, წადი და იმას აკოცე, ვინც მინდვრად გაგაჯირითა!
ის ბაზიერი გიყვარდეს, გაჭმევდეს აღჯანაბადსა; მე ჩემს გზას გამოვუდგები, ცხენზე დავაკრავ ნაბადსა.
სათათრეთს გადავვარდები, დამკვრელად ვივლი თარისა; ჩოხა წვიმისა მეცმევა და ყაბალახი მთვარისა...
ვინ არის ციცარი,რატომ უძღვნის მას ლექსს ავტორი? დაუკვირდით ამ ტექსტს,სადაც ამჯერად გავამუქებ იმ ადგილებს,რომელიც დაგეხმარებათ,თავად ამოხსენით ეს საიდუმლო. | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Thu Dec 18, 2008 4:48 am | |
| კიდევ ერთი ლექსი გასული საუკუნის დასაწყისის ეროტიკული პოეზიიდან:
იოსებ გრიშაშვილი
სძინავს დედოფალს...
ღამეა, ღამე! ღამე უმთვარო! ჰკანკალებს ღამე, ღამე ჰკანკალებს, ტყის შარიშურზე მთა მასლაათობს, სიო კი ფოთლებს ამუსიკალებს. ბროლის ნახერხით ანაგებ კოშკში, მორთვილ-მოოჭვილ ზღვის ხელოვნებით სძინავს დედოფალს....სძინავს დედოფალს...სძინავს ცელქურად, ველურად, ვნებით. ახ, რა კარგია! და დედოფალი ისე სუფთაა, გასაკვირველი, ვით ყვავილებზე მაისის დილა, ვით გაზაფხულზე თოვლი პირველი. და უყვარს მეფეს თავის მეუღლე, და ქალსაც უყვარს ისეთის შვებით, რომ.../მაცა, ძილში რაღაც წარმოსთქვა, ნეტა ვის უხმობს დროგამოშვებით?/
''ო, კოხტა ბიჭო! ო, თმახუჭუჭავ! კარგო ვეზირო, მომეცი ხელი დღეს, გამიგონე, თვალს ნუ მოხუჭავ! იყავ მღვიძარე! იყავ ფიცხელი! დღეს აბანოში წასვლას ვაპირებ, ბიჭო, აენთე ცეცხლოვან ჟინით! ქმარს გავისტუმრებ, გავანაპირებ და შენ შეგმოსავ ციურ გვირგვინით. ორი აუზი იქ მოჩინარობს, იქ ისმის ჰანგი, ჰანგი მზიური, ერთში ლულიდან რძე მომდინარობს, და მეორეში - შამპანიური. შენ თვითონ უნდა შემიხსნა ღილი, შენ თვითონ დამხდი სამოსს ფარჩეულს, თმებ-გადაშლილი, მკერდ-გაღეღილი, გადავეშვებით აუზს არჩეულს და დიდხანს...დიდხანს ვიქნებით იქ ჩვენ, და დიდხანს... დიდხანს გადაგწვავ ტრფობით, მხოლოდ იცოდე: დაგსჯი, შეგაჩვენ! თუ შენ ვერ დამწვავ ყმაწვილურ გრძნობით!... ო, კოხტა ბიჭო, ო, თმახუჭუჭავ! კარგო ვეზირო, მომეცი ხელი! ამაღამ, გესმის, თვალს ნუ მოხუჭავ! იყავ მღვიძარე, იყავ ფიცხელი!
ღამეა, ღამე! ღამე უმთვარო! ხმა სიჩუმისა მოსაამურებს, ტყის შარიშურზე მთა მასლაათობს, სიო კი წყაროს ასალამურებს. ბროლის ნახერხით ნაშენებ კოშკში, მორთულ-მოოჭვილ ზღვის ხელოვნებით: სძინავს დედოფალს! სძინავს დედოფალს! სძინავს ცელქურად, ველურად, ვნებით. ახ,რა კარგია! მარმარა სვეტი ვარდის ღერივით გადაზნექილა! კოკორთა სუნთქვა პერანგს უტოკებს, გადაჰფურცვლია ტანზე ჩიქილა! და უყვარს მეფეს თავის მეუღლე, და ისე უყვარს დედოფალს ქმარი, რომ... მაგრამ რა ვქნათ, ცხადლივ ხომ არა ? დამნაშავეა მხოლოდ სიზმარი.
1915 | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Thu Dec 18, 2008 11:23 pm | |
| ''ერთი კარი აქვს ორივეს,სიყვარულსა და სიკვდილს!'' - დავით წერედიანის ეს სტრიქონი ამომიტივტივდა მეხსიერებაში,როცა მასალათა შერჩევისას ცისფერყანწელი ნიკოლო მიწიშვილის ''ფანტასტიკური ქორწინება'' შემომხვდა. ეს ეროტიკული ლექსი,რომელშიც აშკარად საცნაურია ედგარ პოს ''ანაბელ ლის'' ,''ყორანისა'' და ''ლენორას'' ''მოტივები, შეესაბამება ედგარ პოსავე გავლენით ფრანგულ სიმბოლიზმში დამკვიდრებული ე.წ. ''საშინელების ესთეტიკის'' კონტექსტს.
ნიკოლო მიწიშვილი
ფანტასტიკური ქორწინება
დაიწვა ვნება და ჩემი სული გააქალაქეს,ვით რესტორანი, უიმედობამ ფიქრი დასწურა და სულიწმიდად დამდევს ყორანი,
მაგრამ ფერწასულ დღეთა ლოცვაში მალე გაქრება სიცოცხლის ტრფობა, მეც შენთან მოვალ და გაციებულს გადაგეხვევი,როგორც ობობა.
თითქოს განმზადილს ჯვარდასაწერად, სამარადისო კოცნით დალორწილს, გვერდს დაგიდგები და ფანტასტიკურს მე გადაგიხდი საფლავში ქორწილს.
და შენი გიჟი ატორტმანება გადააგორებს საფლავის ლოდებს. ჩვენ ერთად შევქმნით მეორე კანას, ქრისტეს ქიშპობაც რომ მოგველოდეს.
და ყოველ წლობით ,თეთრ დეკემბერში თვე მე და შენი გარდაცვალების იქნება მესსა ანთებულ ვნების, ჩვენი უხორცო ძვალთა წვალების.
ამ დროს მოუსწრებს სოფლად დღეობა, ვნება ასტეხავს იქ გოგო-ბიჭებს და საფლავებზე მოხუცი მღვდელიც ჯვარგადასხნილი გადააბიჯებს.
/სავარაუდოდ, XX ს. ათიანი წლ.დასასრ.,ოციანის- დასაწყ./ | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Fri Dec 19, 2008 2:57 am | |
| ''არ გეწყინოს, ჩემო კარგო, სიტყვაშიაც იგავი მაქვს '' - მიმართავდა ერეკლე მეფეს ერთ ლექსში საიათნოვა.და მართლაც,მისი აშუღური ენა,მისი ნამღერი საზზე,გაჯერებული სპარსული და ზოგადად ,აღმოსავლური პოეტური ენის კლიშე- სახეებით,კლიშე - შედარებებითა და მეტაფორებით, მრავალ მსმენელს ხიბლავდა,ესმოდა კი მხოლოდ იმ ნაწილს,ვისაც გამოთქმულის მიღმა ნამდვილი შინაარსის გაგება შეეძლო. არ მინდა ნათქვამი ისე გამომივიდეს,თითქოს საიათნოვას პოეზია მხოლოდ კლიშეებით იყოს სავსე და მისეული.ორიგინალური შიგ არაფერი მოიძევებოდეს.ეს რომ ასე ყოფილიყო,განა გაუძლებდა საუკუნეთა გამოცდას მისი სატრფიალო ლირიკა? ერეკლე მეფის კარის პოეტი,თბილისელი სომეხი,სახელად არუთინა,რომლის პოეტური სახელი- კომპოზიტიც სპარსულ ენაზე ,სავარაუდოდ,ასე ,ორგვარად იშიფრებოდა:1. ''მარდი ბედკრული'' , / საიათ - სხარტი, მოხერხებული, მარდი; ნოვა - ბედუკუღმართი, უბედური,ბედშავი /; 2. ''ახალი მწერალი '', / საიათ - მწერალი,ნოვა - ახალი /, იყო პირველი,ვინც ''სპარსულს ხმებზედ'' ქართული სიტყვით იმღერა და ამით აშუღური პოეზიის ქართულენოვან შტოს დაუდო სათავე.იგი ითვლება აგრეთვე ქართულ პოეზიაში მუხამბაზური ლექსის დამამკვიდრებლად. ეროტიზმი მისი ლექსების მასაზრდოებელი წყაროა.თუმცა ,რაკი მაშინდელი წესის თანახმად, აშუღური პოეზია ძირითადად საზოგადოებაში,ხალხმრავალ ადგილებში სრულდებოდა აღმოსავლური ინსტრუმენტების თანხლებით,ამ ლექსებში დაუშვებელი იყო იმგვარი გამოთქმების,კონკრეტული ეროტიკული დეტალების,ადრესატის ვინაობის გახმიანება,რასაც შესაძლოა მსმენელთა შეურაცხყოფა,გაგულისება გამოეწვია.ამიტომ არის მისი ტრფიალების ადრესატის სახე არიდებული ყოველგვარ კონკრეტიკას და სქემატურობის ნიშანიც აზის. ეს კი ჩვენს თემას არ ეხება,მაგრამ მაინც მინდა გავიხსენო,რომ რაღაც მიზეზის გამო საიათნოვას მისი სათაყვანებელი მეფე ერეკლე შემოსწყრა,სასახლის კარიდან დაითხოვა, ჯერ კახში,საინგილოში გაამწესეს მღვდლად,მერე ძალდატანებით აღკვეცეს ბერად ახპატში,სადაც ყოფილი უპირველესი მეტრფე-აშუღი უკვე გულისტკივილითა და მჭმუნვარებით აღსავსე ლექსებს წერდა... მისი გარდაცვალების თარიღი უცნობია.
საიათნოვა /1722-1801?/
მოდი საყვარელო
მოდი, საყვარელო, ბაღში შავიდეთ, - ბაღი კარგი, ვარდი კარგი, ხე კარგი! სიკვდილამდინ გარეთ აღარ გავიდეთ, - სახე კარგი... მთვარე კარგი... მზე კარგი!
დავლიოთ ღვინო, - არაყი ჩვენია, მეჯლის-საზანდარი, საზი ჩვენია! გავაგდოთ მებაღე, ბაღი ჩვენია! - ლხინი კარგი... დრო კარგი... დღე კარგი!
მაილია ვარდი, - არსად აბია, - ბულბული სწუხს, რომ ყვავილს უზის ჭია! ხეივანში გადაშლილა სულ ია, წყალი კარგი... კვალი კარგი... მწე კარგი!
ტანთ გიხდება საწვიმარი აისი, ალვის ხესა გამოუსხამს ყაისი! ყველა ჩივის, რომ დავკარგეთ მაისი, სული კარგი... გული კარგი... თვე კარგი!
მე საიათნოვას ხმაში მაქვს ძალი! დაბძანდი, დაგიგო ხორასნის ხალი! მიჯნურმა ღობიდამ არა გკრას თვალი, საზი კარგი... შენ კარგი... მე კარგი!..
- - - - - - - - - I.ყაისი - 1.ჭერმის კურკა ტკბილის გულით./ყაისი სახელია ლეილის მიჯნურისა/. 2. ტკბილი ტყემლის ჩირი. I I .საზი - გრძელტარიანი სპარსული ჩონგური / ი.გრიშაშვილი,''ქალაქური ლექსიკონი'',თბ.,1997/
საყვარლის ბაღშია
საყვარლის ბაღშია ჭკვა დამეკარგა, გავბრუნდი, არ იყო კარ-გაღებული. გადავხედე, დავბნდი, ვერა გავიგე... ვნახე ალვის ხენი ხელახლებული.
უთხარ: "შენვე მომკალ შენა, კარგია! ავს ნუ ათქმევინებ, ენა კარგია, ღმერთმა გაგახაროს, ლხენა კარგია, მე შენს ჭირს სანაცვლოდ გადაგებული!
მოდი, დამიჭირე მარჯვენა ხელი, იაგუნდ-ალმასო, ლალი ხარ ქველი! დამაცა, გითხრა ჩემი სათქმელი - შველი ხარ მინდორში გამოშვებული!
მე ხონთქარი ვიყავ - ჯარი დავკარგე... სოვდაგარი ვიყავ, ზარი დავკარგე! მზეთუნახავი - იარი დავკარგე... საიდამ ვიპოვო ზღვაში დებული?
შენის ნაქცეურობით, მე გამაკვირე!.. როსტომის ხანჯალი ყელთ დამაჭირე, ავათა ვარ, მოდი, ზედ დამიტირე, თვალები გზაზედ მაქვს დაყენებული!
მთვარე ხარ, თუ მზე ხარ, პირი გაქვს წმინდა, მე შენ გენაცვალე, სხვანი ნუ გინდა!.. სიყვარულით ლაპარაკი თუ გინდა, საიათნოვამ იცის სიტყვა ქებული!
- - - - - - - - - - - იარი - საყვარელი,სატრფო, მიჯნური
რა ზარბაბი
რა ზარბაბი, რა ატლასი, რა ზარი ვარ, იცი განა? იას და ვარდს ვენატრები, რა ქარი ვარ, იცი განა? ნიადაგ საზი ხელში მაქვს, ნოქარი ვარ, იცი განა? შენს დედ-მამას შეუტყვია, თითონ კი არ იცი განა? მაშ არ შეგიტყვია განა? მაშ არ შეგიტყვია განა?
ახლა მოდი, მოგახსენო, ქვეყანაზედ რა ვიარე: ლეილუმ ტოლი დავკარგე, მეჯნუნივით დავიარე, ბულბულივით ვარდს ვეძებდი, ავდეგ, ჭალას ჩავიარე ვარდის კვალი ვერ ვიპოვე, სულ უბრალოდ გავიარე, მზესავით პირი გაჩვენე, დამწვარი ვარ, იცი განა?
ეს ჩემი გულის ნაღველი ვატყობინე ერანელთა, მაშრიყელთა, მაღრიბელთა, ხელმწიფეთა, ერთა, ბერთა, ამის მეტი რა ღონე მაქვს, თავს მოვიკლავ ტურფას გვერდთა! ხვეწნაც ასეთი იქნება? ვამბობ: მე ვარ დედისერთა! დამადნე და დამანავლე, შაქარი ვარ, იცი განა?
შემოდგომა შემოვიდა, მე რაღა უკან ვიქნები?.. მანდ შენი ვარდი ამოვა, ან მოვკვდები, ან ვიქნები, შენი ნაღველი არ იყოს - ცოცხალი დიდხანს ვიქნები!.. გამიგონე, მოგახსენებ, ამაღამ შენთან ვიქნები!.. მალმალ ამბობ: ადე, წადი! სტუმარი ვარ, იცი განა ?!
საიათნოვა ამას ვჩივი, სამალი ვერ მიშოვია! მინდა გული ზედ ავაგო და ხმალი ვერ მიშოვია, შენი უბის ბროწეულის ნამალი ვერ მიშოვია, თავი მტკივა, გული მტკივა, წამალი ვერ მიშოვია, მომაქვს ზარის ხელმანდილი, ხუმარი ვარ, იცი განა?
- - - - - - - -- - I.ზარბაბი- ძვირფასად ნაქსოვი აბრეშუმი,ოქრომკედით ნაკერი II.ზარი -ოქრომკედი III.ნამალი - სახსოვარი IV.ხუმარი - /სპარს./ ნაღვინევი,შემთვრალი
პ.ს. აქვე ვათავსებ განმარტებას რამდენიმე სიტყვისა,რომელსაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს ქართული ეროტიკული პოეზიაზიის ისტორიაზე საუბრისას. /ვსარგებლობ ი.გრიშაშვილის ზემოთ დასახელებული ლექსიკონის მონაცემებით/
I. აშუღი - სახალხო მომღერალი, საზანდარ მოშაირე, მიჯნური, არშიყი, მოალერსე, ტრფიალი,შეყვარებული. ძველად მდაბიო ხალხში და ეხლაც/ მეფეების დროს,ნათლობა,ქორწილ-ნიშნობა,მეჯლისი,მეჯლისი და ლხინი უაშუღოდ-უსაზანდაროდ არ იქნებოდა.... II. აშუღ-ყარიბი - მოგზაური აშიკი,აშუღი. I I I. აშოღლანი - 1.არშიყი ბიჭი,2.საკუთრივ:არშიყი ვაჟი.ისე კი ცნობილია, როგორც მოსარგებლე-ტრფიალი. ერთი და იმავე დროს არშიყობს კიდეც, სარგებლობს კიდეც. '' შეითანბაზარს რომ გასცდება თათრის ფოლორცი, ტრიოლეტივით დავყიალობ გაღმა-გამოღმა. და ვით აშოღლანს ეტმასნება ქალი ავხორცი (შეითანბაზარს რომ გასცდება თათრის ფოლორცი), არც მე მასვენებს საქართველოს დარდი და ბოღმა''- /ი.გრიშაშვილი ,''ტრიოლეტები შეითანბაზარში''/
IV.ხურავანდი - მხიარული, ვნებიანი, სექსუალურად გაღიზიანებული.
Last edited by nino darbaiseli on Sun Dec 28, 2008 10:55 am; edited 2 times in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Fri Dec 19, 2008 7:00 pm | |
| ნინო, ერთი ეს მაინტერესებდა:
"შენ დადიხარ კარის ეკლესიაში, სადაც სწირავს დეკანოზი დიანოზ. ან ჩამრიცხე შენს მხლებელთა სიაში, ან მივიღებ რჯულს სამაჰმადიანოს".
თუ სწორად მახსოვს, ეს დავით სულიაშვილის ლექსია და ესეც შეიძლება ეროტიულ პოეზიას მივაკუთვნოთ? | |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 63 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Fri Dec 19, 2008 7:20 pm | |
| შენი ჭირიმე, ქალად დარბაისელო და გვარად დარბაისელო! რა საქმეს გვიკეთებ, ჩემო ნინო და როგორ უჩუმრად და უხმაუროდ, როგორაც წესია. ძალიან მინდა, ეს ჩვენი მომავლები ამ მზამზარეულს მაინც კითხულობდნენ, სადაც სადმე ერთი გზიანი და ფრთიანი სიტყვა წამოგცდება ისმენდნენ და ითვისებდნენ... ბავშვებო, ახალგაზრდებო, მინდია, ნინო, თეა, კატო, მზევ და ირინკავ, ვისაც გიცნობთ და არ გიცნობთ, ყური მიუგდეთ ამ დარბაისელ ქალსა! | |
|  | | არგანი

 Number of posts : 291 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Fri Dec 19, 2008 7:24 pm | |
| ეროტიკული ალბათ იგივე სატრფიალოა, არა? | |
|  | | bao

 Number of posts : 379 Age : 63 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Fri Dec 19, 2008 8:18 pm | |
| | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Sat Dec 20, 2008 10:32 pm | |
| - არჩანდა wrote:
- ნინო, ერთი ეს მაინტერესებდა:
"შენ დადიხარ კარის ეკლესიაში, სადაც სწირავს დეკანოზი დიანოზ. ან ჩამრიცხე შენს მხლებელთა სიაში, ან მივიღებ რჯულს სამაჰმადიანოს".
თუ სწორად მახსოვს, ეს დავით სულიაშვილის ლექსია და ესეც შეიძლება ეროტიულ პოეზიას მივაკუთვნოთ? ნინო, ეხლა შენ უკვე შეგიძლია გადამაგდო და დამკარგო, როგორც ჩერქეზმა ისარი, ან ცას დამახალო ციცარივით! შეეშალა შენს მეციცრესა, ძაან მაგრად შეეშალა! შემეშალა და, ეს დავით სულიაშვილის კი არა, ეს ნიკოლო მიწიშვილის ლექსია! ნიკოლო მიწიშვილი
სიყვარულს ეგვიპტიდან მოტანილი ყალამუს, ატირება დავრდომილი რითმების. ვიცი - ბედი ჩემზე არ დაითმების, არც ნაღველი ეღირსება მალამოს.
დამავიწყდა ქვეყანაზე რაც არი - მეგობრები, სიხარული, სიამე. ჭრილობანი გულზე დამესია მე, რაც ავაგე შენი ტრფობის ტაძარი.
შენ გნახულობ კარის ეკლესიაში, სადაც სწირავს დეკანოზი დიანოს, განმიკითხე შენს მონათა სიაში, ან მივიღებ რჯულს სამაჰმადიანოს.
უშენობით ვინ მიხილოს მცინარი, შენს გადაღმა ქვეყნად რა დამრჩენია - შენ გეძახი ფხიზელი თუ მძინარი, საფლავშიაც ჩემი გული შენია.
გეძახი და კი ვერ გაგემხილები, მემატება საწყენი საწყენზედა. მესიზმრება შენი ოქროს ღილები - ღვთისმშობელო მიმინოთი ცხენზედა.
1922წ. | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Thu Dec 25, 2008 1:57 am | |
| წინა პოსტებში შევეცადეთ,განგვემარტა,რა არის ეროტიკული პოეზია. ახლა წარმოვიდგინოთ სამი პარალელური დინება:
ერთი -ეროტიკა, მეორე, შუაში - სექსო პოეზია,ან სექს -პოეზია/გამოიყენება ორივე ტერმინი/ ; მესამე - პორნო.
სექსო -პოეზია მოსაზღვრეობს ერთი მხრით ეროტიკასთან,მეორე მხრით - პორნოსთან. მისი საზღვრები ყოველთვის მკაცრად მოხაზული როდია, მაგრამ თავად ,ეროტიკასა და პორნოს შორის თავისებურ ბუფერსაც ქმნის.
ეს არ ნიშნავს იმას,რომ პორნო პოეზია არ იყენებს,არ ირევს ეროტიკის ნიშნებსაც. აი,ეროტიკა კი , გამოიყენებს თუ არა მცირე ინგრედიენტს ორი დანარჩენი დინებისა,საკუთარ არსს თმობს და მათში გადაინაცვლებს,ან სექსო პოეზიასთან შერწყმით გარდამავალ სახეობად იქცევა.
სექსო პოეზიაში შესაძლებელია გამოიყოს შემდეგი გარდამავალი სახეობები:
1.სექსო-ეროტიკა 2. სექსო-პორნო ამ ორიდან ჩვენი ინტერესის არეში მოქცეულია მხოლოდ პირველი მათგანი - სექსო- ეროტიკული. უახლეს ქართულ ლიტერატურაში,მეტადრე ,ინტერნეტ -სივრცეში ამ ტიპის პოეზიით გატაცება ტენდენციიდან ნიშნად ფორმდება.
გრიგოლ რობაქიძის საუკუნის წინანდელი ეს ლექსი,რომელიც ვფიქრობ,ქართული ეროტიკული პოეზიის ანთოლოგიაში უთუოდ შესატანია,სექსო -ეროტიკის ნიმუშია.
გრიგოლ რობაქიძე
X X X
ტანს გეტმასნება სველი ალერდი. ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს. და აზიდული მაღალი მკერდით მიეფინები მწვანე ეზოებს. დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი. გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის - და ატევრილი ,სხეულმზიანი, როგორც ავაზა შენ ტანმხურვალი დაეძებ კუროს - რომ დაგიურვოს... გხედავ და ვიცი: შენი კუნთები დათესლილია ჩემი სურვილით. წამოვიწევი... შენ გაბრუნდები გადალეწილი მხეცის წყურვილით - და გავარდები... დაგედევნები... თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან: შენი ვარ შენი, მოდი ,გევნები, მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს აგიყვან ხელში და გადაგისვრი დიდ საწნახელში - რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად მწიფე მტევნები... მაგრამ თვალები - თვალები - თვალები: - უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში. ათასი ქალი და ყველა მრუში. აშარა თუ ხარ, კახპა და ურცხვი. გწყურია ვაჟი უცხო და უცხო. არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა. თუმც არაოდეს არა ხარ უარზე. იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე. ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა. და შენი თმების წითური მორგვით მიგაკრავ მაგრად ცხენის ძუაზე... მაგრამ თვალები - თვალები - თვალები: ეხლა მადონნა - წმინდა - ხასხასა. რა გიყო მე შენ, უძღებო ხასავ?! ნელი და ტკბილი ქვემეფინები - რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი. ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ. მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით. აგამზეურებ როგორც შუბის ტარს ირუბაქიძის და ერთხელ კიდევ გასუდრულ მტევანს გაგშოლტავ ლოშნით ...
- - - - - - - - - - - - - - - - - - -- - 1.ალერდი - 1. ნედლი ბალახი,გათიბული 2.სიმინდის ნედლი ჩალა 2.ლუში - მოლურჯო ფერი; ასეთი ფერის მქონე,მაგ.:ლუში ცხენი | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Thu Jan 08, 2009 5:32 am | |
| ეს ორი სონეტიც და ჩემს ხელთ არსებული ნიმუშები გრიგოლ რობაქიძის ეროტიკული ლექსებისა ამოიწურება. დამრჩება აკრეფა რამდენიმე ფრაგმენტისა მისი დრამატული ნაწარმოებებიდან. იმედია,ამ თემის წამკითხავნი შემომაშველებენ პოეტის იმ ეროტიკულ ლექსებსაც, რომელიც მათთვის არის ცნობილი და მე არ მომეძევება./კარგი იქნება,თუ ამავე დროს მიმითითებენ მათ ბეჭდურ ან ინტერნეტ წყაროსაც,რათა შევძლო ვერიფიცირება/.
გრიგოლ რობაქიძე
დიდი შუადღე
მგზავრის წურბელნი სრიალობენ ლალის პეშვებით. ყარამფილს აბნევს მზის ტევრების ნელი კალმასი. ყვითელ ალმურში ილეწება თეთრი ალმასი. მიწის მკერდები ალებს სვამენ აზარფეშებით.
ცხელ ნირვანაში მოთენთილი მძიმედ ვეშვებით: ვით მდინარეში შეძირული ნელი კალასო, ხელდება ჟინი ალესილი ქარვის კალოსი! დიდი შუადღის ავხორცობით დავიკარგებით.
მწიფე მარცვლები ცვივა ხვატის გამსკდარ ბროწეულს, თვლემის ბადეში აზმორებენ ყველა რიტმები. ნათელი ჩქერი ერთვის ვნებით სივრცის ძოწეულს.
ღვთის სიახლოვით მეწამულნი: ვიწვით, ვითვრებით. რახსებ-შებმულნი ტყდება პანის სპილენძის კევრი. და სიყვარულით ბნედას გვაყრის მზის ავი ტევრი.
1918 ენკენისთვე
ამორძალი ლონდა
სონეტი ნაპირებგადალახული
ყიჟინი. როკვა. ახელება. სიტყვა. თამადა. ხელიდან ხელში აზარფეში ამართული და გადმოსული. ფილიპპის ძესთან ომს ელიან ამორძალები ასე თამამად ხოლო რად კუშტობს ქერა ლონდა მტევანივით ტანდაყურსული.
როგორც ნადირი იმართება ის გალურსული. ამბობს ამაყი: მაპატიოს ქალთა თავადმა: მე მსურს შემირთოს ალექსანდრემ: თუ გინდ ერთი დღით: მიხმოს თავად მან; გესმით ქალებო: მინდა გავხდე მისგან ორსული.
სამი დღე არის: ამორძალთან მაკედონელი – ვაზის ფოთლებში ლხინობს მეტის ვეღარ მდომელი: და ეტყვის ლამაზს: მრავალი ხალხი დავიმონე: მტრები ავხოცე:
მოვშვილდე ბედი: გამოვკვეთე ძლევის კამარა, - მაგრამ ღმერთობას მასმევს მხოლოდ შენი გიჟი ტანი ავხორცი: რაც პირველმან მას მოვხსენი ოქროს ქამარი.
1920 | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Thu Jan 08, 2009 5:34 am | |
| განსხვავებით ცისფერყანწელებისაგან, გალაკტიონის პოეზიაში ეროტიკას უკიდურესად მცირე ადგილი უჭირავს. სულ რამდენიმე ლექსია: ''გეტერა'', ''ოდეს აქტეონი ..'', ''სინანული'' ... - /ისიც, დასაფიქრებელია, რამდენად შეიძლება მათი აღქმა -ინტერპრეტირება, როგორც ეროტიული ნაწარმოებისა/. მისი პოეტური ტრფიალების პირველი ადრესატები : რაისა, ზულეიმა, იუნონა და ბოლოს მერი გაკრთებიან თუ არა ლექსში მცირე ეროტიული მინიშნებით, ფინალამდე იდუმალი საბურველით იმოსებიან . გალაკტიონის პოეზიის ეროტიკული მოტივების შესახებ სპეციალურ მსჯელობას ამჯერად არ ვაპირებ, მინდა , ამ თემის ერთგულ მკითხველებს ახალი წელი პოეტის ერთი ეროტიკულად შეფერილი , ადრეული ლექსით მივულოცო:
გალაკტიონ ტაბიძე
ახალ წლის ღამეს
ჩირაღდნებით გავაშუქე სევდიანი ჩემი ბინა... იუნონავ,შენ გელოდი და მიტომ არ დამეძინა. დავდიოდი წინ და უკან და ჩირაღდნის შუქზე ვთრთოდი, და სიჩუმეს ყურს ვუგდებდი, და სიჩუმით გავძახოდი.
გეძახოდა ჩემი სული,გეძახოდა ჩემი ვნება... მე მომწყურდა ახალი წლის შენთან ერთად მიგებება, ჩირაღდნებით მიტომ მოვრთე ,და ავანთე ჩემი ბინა, და მომწყინდა მარტოობა ,და უშენოდ მომეწყინა.
კვირა ძალის თაფლის სანთელთ ალი გაკრთა,როგორც გველი. სურნელოვან ნელსაცხებლით მოვასხურე სარეცელი, ახალ წელთან შენ გელოდი და ველოდი ყოფნას ახალს, და ვეძებდი განახლებას,და ვეძებდი აღდგომის კვალს.
ხომლი მოკვდა,დაიბინდა; აიღველფა ცის ეთერი, ცის ნათელი გადაევლო სევდიანი, მტრედისფერი, შენ არ სჩანდი...დავიკვნესე და სიჩუმემ მომცა ბანი, და დაყრუვდა ჩემი ბინა, და ჩავაქრე ჩირაღდანი.
დიდი ხნიდან ვურიგდები ჩემს წამებას, მოძმეთა შურს, ცხოვრებასაც აღარ ვებრძვი და ცხოვრებაც აღარა მსურს... დიდი ხნიდან ბედს მივენდე ,და იმისი მსხვერპლი ვხდები, და მომწყურდა ყველაფერი, და ყველაფერს ვურიგდები.
მაგრამ ამ ჩემს მარტოობას, სიჩუმეო, ყური მიგდე, ჩემს უსაზღვრო მარტოობას მე არ ძალმიძს შევურიგდე. სახსნელი გზა კი არსად სჩანს,და ამაოდ ველი მშველელს... და ამაოდ დღე დღეს მისდევს, და ამაოდ ცვლის წელი წელს.
/1912 დეკემბერი/
- - - - - - იუნონა -რომაულ მითოლოგიაში მთვარის, ცისა და მიწის ქალღმერთი, ქორწინებისა და დაბადების მფარველი; ითვლება იუპიტერის მეუღლედ. | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Thu Jan 08, 2009 4:16 pm | |
| როგორც უკვე აღვნიშნეთ ზემოთა პოსტში , გალაკტიონის სასიყვარულო ლირიკის ერთი ,მცირე ნაწილისათვის ძირითადად დამახასიათებელია ეროტიკული შეფერილობა,რომლის შემდეგაც ლექსის მდინარებაში ქალი იდუმალების საბურველით იმოსება.
და მაინც, შეუქმნია თუ არა გალაკტიონს ოდესმე წმინდად ეროტიკული ლექსი?
გალაკტიონის ლირიკაში სიყვარულის გამოსახვის შესახებ სპეციალურ ლიტერატურაში არსებობს ასეთი აზრი :
''გალაკტიონ ტაბიძის ადრეული ლირიკისათვის უცხოა სიყვარულის გრძნობად-ხორციელი განცდა.ათიანი წლების მიჯნაზე დაწერილი რამდენიმე ლექსი /''არ მშორდება სევდა მწარე'', შუაღამეა'', ''მარტონი ვართ''/ ერთგვარი ხარკია იმ დროს პოპულარული ფსევდოსენტიმენტალური ლირიკისადმი,ხოლო ''მაისის ღამე'' - ერთადერთი გამონაკრთომი აღმოსავლური მგრძნობელობით შეფერილი ეროტიზმისა''. /თეიმურაზ დოიაშვილი, ''გზა არტისტული ყვავილებისკენ''; გ.ტაბიძე,საარქივო გამოცემა 25 წიგნად, ტ.I, თბ,2007, გვ.353/.
გადავშალოთ გალაკტიონის თხზულებათა თორმეტტომეულის პირველი ტომი,სადაც შესულია მისი ადრეული ლირიკა და გავიხსენოთ ლექსი,რომელსაც მკვლევარი აქ ასახელებს:
გალაკტიონ ტაბიძე
მაისი ღამე
მაისის ღამეს,გაბრწყინვებულ მაისის ღამეს ლამაზ ლეილას ფანჯარასთან მე მივიპარე. მე ფეხაკრეფით გავიარე ბაღის ბილიკი და მეშინოდა,რომ ღამის ლანდს მპარავდა მთვარე... მე შევიხედე ფანჯარაში.ლეილა ამ დროს ფიქრს მისცემოდა უდარდელად წამოწოლილი, სჩანდა,რომ რაღაც ოცნებებით შორს გატაცებულს გულმკერდს ურხევდა და ჟინს გვრიდა სიამე ფრთხილი. აი,წამოდგა...ტყის გედივით ყელმოღერილმა ვარსკვლავთ გახედა დაფიქრებით და გაიღიმა, იგი შვენოდა - ნაზი,როგორც პირველი ვარდი და მკვირცხლი,როგორც უდარდელი მაისის წვიმა. წიგნი მიაგდო,ბროლის თითით თმა გაიშალა, შემდეგ გაიძრო ტანსაცმელი - ასძრა საბანი, და მე სპეტაკი,ვით მაისის თეთრი ყვავილი, წინ წარმომიდგა ახალგაზრდა ქალწულის ტანი! მაისის ღამეს,გაბრწყინვებულ მაისის ღამეს, როცა ვარდები იშლებოდა,ყვაოდა ველი, ბევრჯერ ლეილას ფანჯარასთან მიდარაჯნია, ბევრჯერ მდენია ტრფობის ცრემლი შეუწყვეტელი.
/1914 წლის ივნისამდე/ | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Fri Jan 16, 2009 12:05 pm | |
|
Last edited by nini on Sat May 09, 2009 5:14 pm; edited 1 time in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Fri Jan 16, 2009 9:05 pm | |
| - nini wrote:
ტაშიიიიიი! მე ერთი ბნელი და უვიცი იუზერი შემოვედი ამ ფორუმზე და ვნახე ეს პოსტი. მაჩვენეთ ნინო დარბაისელის გამოკვლევები,სამეცნიერო სტატიები ,მონოგრაფიები ... მოკლედ ,ხელოვნება სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ არის ზუსტი მეცნიერება,სადაც ორჯერ ორი აუცილებლად ოთხია.ყველა შეფასება მაინც სუბიექტურია.ეს ჩემი აზრი არაა. არის საყოველთაო მისაღები,რაღაც ზოგადი კრიტერიუმები ...კი,ბატონო. ზუსტი საზღვრის გავლება ეროტიულია თუ პორნო ხელოვნების''პროდუქტი'',სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლები ,ექსპერტები და შემფასებლები ვერ შეთანხმებულან. მახსოვს ,ფილმების შემოტანაზე(კონკრეტული ფილმის ეროტიულ თუ პორნო ''ჟანრის'' მიკუთვნების ზოგად შეფასებებზე)ჩვენს პარლამენტარებს და ექსპერტებს რა დაკა დაკა ქონდათ ... ქალბატონი ნინო ერთი ხელის მოსმით ანიჭებს ეროტის ქურუმის საპატიო წოდებებს სხვადასხვა პოეტებს
''1.სექსო-ეროტიკა 2. სექსო-პორნო
- სექსო- ეროტიკული.'' ნებისმიერი ლექსის ამ შკალაზე შეფასება რა კრიტერიუმით ხდება?ვინ შემოიღო ეს კრიტერიუმები??????????რა გმოკვლევები და ძიებებია ამ მხრივ? უცხოელ და ქართველ ავტორთა და ექსპერტთა რომელი შრომებია გათვალისწინებული? იგივე ქართველ,ცნობილ ლიტერატორებში ნებისმიერი ლექსის ამ კუთხით შეფასებისას სულ აზრთა სხვაობა იქნება . თქვენ მოიყვანთ 5 შემფასებელს და მე იგივე წონის და რეგალიის ,ოღონდ საწინააღმდეგო აზრზე მყოფ ლიტერატორს. საკმაოდ საინტერესო თემაა,ქალბატონი ნინოს ინტელექტს და ერუდიციას დიდ პატივს ვცემ. უბრალოდ არ მომწონს ერთი რომ ლაპარაკობს და სხვები პირდაღებულები უსმენენ,დავიჯერო შეკითხვები და კრიტიკული შენიშვნები არავის უჩნდება??? და კიდევ ნებისმიერი ავტორიტეტის მოსაზრება ყურადსაღებია და ანგარიშგასაწევი,ისევე როგორც სრულიად უბრალო ადამიანის მოსაზრება. უდავო ჭეშმარიტება კი ლიტერატურაში...ოოოო  ნინი, კარგ შეკითხვებს სვამ, მაგრამ გამუქებულ ადგილებს დააკვირდი - შეურაცყოფის გარეშე თქვი სათქმელი. ნინო დარბაისელის გამოკვლევას ”გალაკტიონოლოგიაში” იპოვნის მონდომებული კაცი, ანდა ლიტერატურის ინსტიტუტში გაივლის და იქ უფრო მეტს ნახავს. მე აქ ნინოს მაგალითი მოვუტანე და ვკითხე, - ჩაითვლებოდა თუ არა ის ლექსი ეროტიულად (იხილე ამავე გვერდზე ჩემი პოსტი, სადაც მომყავს ნიკოლო მიწიშვილის ლექსი). ანუ, მე მინდოდა შერჩევის კრიტერიუმზე ელაპარაკა ნინოს... ანდა, იქით ნახე, გია არგანაშვილთან - თემაში ”ვაჟა-ფშაველა”, სადაც მე, ვაჟა ხორნაული და სანათა სულაც არ ვეთანხმებით ”ალუდა ქეთელაურის” შეფასებაში. ანდა რუსთაველის თემაში, როცა გია აკრიტიკებს - ჩემს მიერ დაშტამპულად გამეორებულ აფორიზმს - ”ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია”. და კიდევ ჩვენ ვართ ”პირდაღებულები”?
კაფიების თემაში სწორედ ეგ ვუსაყვედურე ვაჟა ხორნაულს, რომ საქებარ შაირებს კი ნუ სწერ, გამაკრიტიკე მეთქი, რომ პასუხის დაბრუნება შევძლო... და რა ვიცი, კიდევ რამდენი ამისთანა მაგალითია.
უბრალოდ, აქ შეურაცყოფის გარეშე არის ხოლმე კამათი.
აქ ბობო არის უფროსი, ნინი და - ჩემსავით კი არ მოგექცევა, - მოვა და იმ გამუქებულ სიტყვებს წაგიშლის და არ გეწყინოს მერე...  | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია Fri Jan 16, 2009 9:45 pm | |
|
Last edited by nini on Sat May 09, 2009 5:14 pm; edited 1 time in total | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია  | |
| |
|  | | | "ეროტის ქურუმნი" - ქართული ეროტიკული პოეზია | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|