Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
Subject: დავით ქართველიშვილი Sun Feb 13, 2011 9:00 pm
David Kartvelishvili
დავით ქართველიშვილი პროზაიკოსი და ესეისტი
დაიბადა 1976 წლის 6 ივლისს. სპეციალობით - იურისტი, მაგრამ ამ კუთხით არ უმუშავია. მუშაობს ლიტერატურაში. არ უყვარს დეტექტივები, არც სათავგადასავლო ლიტერატურას სწყალობს. მოთხრობებს სიუჟეტებისთვის არ წერს, არც კონკრეტულ ამბებს აღწერს. ლიტერატურას რელიგიის ნაწილად მიიჩნევს. ყურადღება მიიქცია პირველივე მოთხრობების კრებულით „პოპური“ (2001, პრემია წინანდალი 2001, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მწერალი). მისი რომანი „იყო საღამო იყო დილა“ 2006 წელს გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ, ეს ნაწარმოები დღემდე რჩება მის ყველაზე პოპულრაულ ტექსტად. ქართველიშვილის წიგნების უმრავლესობა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაშია დაბეჭდილი. 2010-2011 წლებში იყო საქართველოს პენ-ცენტრის დროებითი პრეზიდენტი.
წიგნები: * „ათი ქალწული“ (2012) * „მოცემულობა“ (2011) * ექვსი სიზმარი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011. - 116გვ.. - ISBN: 978-9941-15-334-1 * მოცემულობა : რომანი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011. - 116გვ.. - ISBN: 978-9941-15-488-1 * იყო საღამო, იყო დილა : რომანი, მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2011. - 296გვ.. - ISBN: 978-9941-19-246-3 * პროზისა და საკუთარი თავის შესახებ : ესსე (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2009. - 110გვ.. - ISBN: 978-9941-15-093-7 * ახალი წიგნი : რომანი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2008. - 184გვ.. - ISBN: 978-9941-403-86-6 * 4 მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2007. - 128გვ.. - ISBN: 978-99940-998-2-5 * იყო საღამო, იყო დილა : რომანი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2006. - 183გვ.. - ISBN: 99940-30-83-3 * დღიურები მირანდასთვის (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2003. - 92გვ.. - ISBN: 99928-949-8-9 პოპური : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, აზრი, 2001. - 58გვ.. - ISBN: 99928-70-44-3
პრემიები * 2008 - ლიტერატურული პრემია "საბა", საუკეთესო პროზაული კრებულისათვის 4 მოთხრობა/დავით ქართველიშვილი. - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2007. - 128გვ. * 2001 - ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთა "წინანდლის პრემია", საუკეთესო ახალგაზრდა მწერალი პოპური : მოთხრობები/ დავით ქართველიშვილი. - თბილისი, აზრი, 2001. - 58გვ.
Last edited by Admin on Wed Mar 20, 2019 11:06 am; edited 6 times in total
Admin
Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
Subject: Re: დავით ქართველიშვილი Sun Feb 13, 2011 9:03 pm
დავით ქართველიშვილი
წავედი
დათო რობაქიძეს და ერეკლე შველიძეს
I
ზარია. ვიღაც მოვიდა. ვწევარ. საბანი მაქვს თავზე წაფარებული. ნახევრად ჯერ კიდევ მძინავს. თვალებს ვახელ და ვხედავ, რომ ბნელში ვარ. ასე თავზე წაფარებული საბნის გამოა. თვალებს ვხუჭავ და კვლავ სიბნელეში ვარ. ოღონდ ახლა დახუჭული თვალებით. კვლავ ზარია. ეტყობა არც დედაა სახლში და არც ჩემი და. უცნობი ზარია. კარს იქით არც დედაჩემია და არც ჩემი და. ,ე ორივეს ზარს ვცნობ. დედას ზარი მოკლეა მაგრამ ხშირად მეორდება, ხოლო ჩემი და ღილაკს თითს რომ მიაჭერს კარის გაღებამდე არ იღებს. ესეიგი ვიღაც უცხოა. ადგომა მეზერება. გუშინ მამას ორმოცი იყო და დავთვერი. მაგრად დავთვერი გამონაყოლში ვარ და ყველაფერი მეზარება. სისულელეს ვფიქრობ: მამა ხომ არ გაცოცხლდა? მე მამას ზარსაც ვცნობ, მაგრამ შეიძლება ის ორმოც დღეში ძალიან შეიცვალა და ახლა ყველაფერს ახლებურად აკეთებს, მათშორის ზარსაც ახლებურად რეკს. რადგან ეს ზარი, რომელიც კვლავ მეორდება მამას ზარი არ არის... გუშინ ამბობდნენ, რომ სიკვდილი არ არსებობს, რომ მამა ცოცხალია. უბრალოდ სხვა სამყაროშია. მე ეს მჯერა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიკვდილის არ მეშინია, ადამიანი ვარ და ყველაზე მეტად არ არსებული რამეების მეშინია... ზარი კვლავ მეორდება. ვდგები. ფეხებს იატაკზე ვატყაპუნებ. ვამთქნარებ. ვიზმორები. ჩუსტებში ფეხებს ვყოფ და კარისკენ მივდივარ. შუა გზაზე მახსენდება, რომ ნახევრად შიშველი ვარ. ვფიქრობ: რა იცი ვინ არის? ვბრუნდები ოთახში. ვიცმევ. ამასობაში ზარი ორჯერ მეორდება და მე ხმამაღლა ვამბობ. -ეხლავე. ეხლავე. მოვდივარ. და აღარ ვჩქარობ. პირს ვიბან. კბილებს ვიხეხავ. კართან მისული კვლავ სისულელეს ვფიქრობ: მართლა მამა რომ იყოს რა მაგარი იქნება! ძალიან მაგარი იქნება. როგორც კი კარს გავაღებ მომაყრის და მომაყრის: ან გასაღები ჩაგეყოლბინათ, ან ან სწრაფად იმოქმედეთ. დედაშენი და შენი და სად არიან? მე მხრებს ავიჩეჩავ. შემდეგ მამას ჩავეხუტები. ვგრძნობ რომ, ცოტაც და ავტირდები, მაგრამ როგორც ყოველთვის ცრემლებს ვყლაპავ და ვფიქრობ, რომ ნერწყვს ვყლაპავ. შემდეგ კარს ვაღებ.
II
ისინი ორნი არიან. დგანან; ერთი მარცხნივ, მეორე მარჯვნივ. მე მირჩევნია რომ ერთი მაღალი იყოს მეორე - დაბალი. ან ერთი ქერა იყოს და მეორე – შავგვრემანი. მოკლედ ადვილად გასარჩევები რომ იყვნენ ის მინდა. მაგრამ ასე არ არის. ისინი ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან. უფროსწორად მე ვერ ვანსხვავებ მათ ერთმანეთისგან. მაპატიეთ ბატონებო. კიდევ კარგი რომ ერთი მარცხნივ დგას და მეორე მარჯვნივ. მარცხნივ მდგომი საბუთს მაჩვენებს და მეუბნება: -კაპიტანი ... არ მაინტერესებს კაპიტანის სახელი და გვარი. შემდეგ ის მარჯვნივ მდგომზე მანიშნებს და მეუბნება: -მაიორი ... არც მაიორის სახელი და გვარი მაინტერესებს. ვფიქრობ: მარცხნივ რომ დგას ის კაპიტანია. მარჯვნივ რომ დგას ის მაიორია. მე მათ ვუყურებ და უკვე ვამჩნევ რითი განსხვავდება მაიორი კაპიტანისგან. ის სულ ოდნავ უფრო ამაყია კაპიტანზე და კიდევ: კაპიტანი ლაპარაკობს, მაიორი ჩუმადაა. ჩუმად ვარ მეც. კაპიტანი ჩემ გვარ და სახელს ამბობს და მეკითხება: -თქვენ ხართ? -დიახ. მე ვარ – მეც ავლაპარაკდი. -ჩვენთან უნდა წამოხვიდეთ. პირი მიშრება, მაგრამ ვცდილობ და ჩემი აზრით ვხუმრობ: -ასე შინაურულად ჩაცმული თუ საგარეოდ გამოვეწყო? -ჯობია საგარეოდ გამოეწყოთ – მეუბნება კაპიტანი მიხარია, რომ ის თქვენობით მომმართავს. ეს თქვენობით მომართვა ხავსია და მე მა ხავსს ვეჭიდები. ნეტავ რამდენ ხანს გაძლებს ეს ხავსი? ნეტავ დიდხანს გაძლოს! -მობრძანდით –ვეპატიჟები მოლაპარაკე კაპიტანს და ჩუმ მაიორს სახლში – ჩაცმას დრო ჭირდება და აქ ხომ არ იდგებით. ისინი შემოდიან და აქამდე ჩუმი მაიორი ამბობს: -აქა მშვიდობა. მე მაიორს ვუღიმი. მაიორი არ მიღიმის. ვგრძნობ რომ ხავსი სიმყარეს კარგავს გულშეკუმშული კარს ვკეტავ. ჯერჯერობით გარკვეული მხოლოდ ისაა, რომ სამივეს ლაპარაკი შეგვიძლია.
III
მაიორი და კაპიტანი ლოჯში, დივანზე სხდებიან. -ჩავიცმევ და დაგიბრუნდებით – ვპირდები მაიორს და კაპიტანს. უფრო მაიორს რადგან ჩინით ის მაღლა დგას კაპიტანზე. ჩემზე ეს უნებურად მოქმედებს. -თუ გინდათ ტანსაცმლის შერჩევაში დაგეხმარებით. ფერთა შეხამება, სოლიდარობა – კაპიტანი წამოდგომას აპირებს. მე არ ვაცლი. ვეუბნები: არა, არ არის საჭირო, გმადლობთ, ბრძანდებოდეთ. -კაპიტანი სამსახურში ჩადგომამდე დიზაინერი იყო – ამბობს მაიორი და იღიმის. კაპიტანიც იღიმის. მე ვცდილობ გაღიმებას. ზუსტად არ ვიცი კარგად გამომდის თუ არა. მგონი არ გამომდის – ვხუმრობ. რა თქმა უნდა ვხუმრობ. მაიორი კაპიტანს მხარზე უტყაპუნებს ხელს. მე მათ ვტოვებ. საძინებელში შევდივარ. გარდერობის კარს ვაღებ. კარი ჭრიალით იღება, გარდერობი ძველია. ბებიას და ბუბუას (მე ვერცერთს ვერ მოვესწარი. არც ვწუხვარ და არც მიხარია, ეს ამბავი. რატომ უნდა ვწუხდე? რატომ უნდა მიხაროდეს?) ნაქონი. მე არ მაქვს ლტოლვა ძველი ნივთებისადმი. ამიტომაც დიდი სიამოვნებით გავცვლიდი ამ ძველ გარდერობს ახალში. აი, ჩაივლის ეს ამბავი და გაზეთში განცხადებას გამოვაქვეყნებ: ვცვლი ძველ გარდერობს ახალ გარდერობში. ალბათ ვიღაც დამთხვეული კოლექციონერი გამომეხმაურება. შეიძლება არც გამომეხმაუროს. არ ვიცი. საერთოდაც არაფერი არ ვიცი. არ ვიცი დამთავრდება თუ არ დამთავრდება ეს ამბავი, რა უნდათ ჩემგან მაიორს და კაპიტანს, ორივეს ერთიდაიგივე რამ უნდათ ჩემგან, თუ ცალ-ცალკე სურვილები აქვთ. ვფიქრობ: რატომ ვცხოვრობ მერვე სართულზე. მეორეზე რომ ვცხოვრობდე გადავხტებოდი და გავიქცეოდი. იქნებ გაქცევა არ არის საჭირო. თუ გაქცევა არ არის საჭირო, მაშინ გამოდის რომ ძალიან კარგია, რომ მერვე სართულზე ვცხოვრობ, მერვე სართული ხელს მიშლის არა საჭირო რამის გაკეთებაში. არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. -ხომ კარგად ხართ? ხომ მშვიდობაა? – კაპიტანის ხმაა. წუხს ჩემზე. ვპასუხობ: -კარგად ვარ. მშვიდობაა. -ძალიან კარგი – ეს უკვე მაიორის შეფასებაა.
IV
საგარეო ტანსაცმლის დიდი არჩევანი არ მაქვს. ორი კოსტუმი ერთი შავი (საზამთრო) და ერთიც ხორბლისფერი (საგაზაფხულო). ორი პერანგი. ორი წყვილი ფეხსაცმელი. არცერთი ჰალსტუხი. ჰალსტუხებს ვერ ვიტან. ჰომოსექსუალივით ვმეტყველებ. რა ჯანდაბაა ჰალსტუხებს ვერ ვიტან. ეტყობა რაღაც-რაღაცებიმართლა ურთიერთკავშირშია. ახლა გაზაფხულია. თბილი დღე დგას გარეთ. ამიტომაც თეთრ კოსტუმს ვიცმევ. ვფიქრობ, რომ მშვენივრად გამოვიყურები. მაიორთან და კაპიტანთან გავდივარ. -მშვენივრად გამოიყურებით – მაიორი მეუბნება მეც ასე ვფიქრობ-თქო ხომ არ ვეტყვი. უხერხულია. -გმადლობ –ვამბობ მე -წავედით –კაპიტანი ამბობს ნებართვას ვითხოვ: -თუ შეიძლება წერილს დავუტოვებ დედას და ჩემს დას -უნ შეწუხდებით –კაპიტანი ჯიბიდან ოთხადგაკეცილ ფურცელს იღებს და მაწვდის –აი, წერილი. კაპიტანს ოთხადგაკეცილ ფურცელს ვართმევ -შეიძლება გავშალო? -რა თქმა უნდა. ვშლი. ფურცელზე მსხვილად ერთადერთი სიტყვა წერია: წავედი -სად წავედი. რატომ წავედი. დედას შეეშინდება –მრცხვენია რომ პატარა ბიჭივით ვლაპარაკობ. მაიორი იღიმის. უფროსწორედ მაიორი დამცინის. ფურცელს ვკეცავ. ვამბობ: -იყოს, როგორც არის. წავედით. სახლიდან გავდივართ. კარს ვკეტავ. დაკეტილი კარის ღრიჭოში წერილს ვჩურთავ წავედი
V
ავტომობილში უკანა სავარძელში ვჯდები. კაპიტანმა მიბრძანა ასე მოქცევა. ორივე კარი ავტომატურად იკეტება – ტკაც. ხაფანგში ვარ. საჭესთან კაპიტანი ზის. მაიორი მის გვერდზეა. რადიოს რთავს და ტალღიდან ტალღაზე გადადის და გადმოდის. ეტყობა რაღაც კონკრეტულს ეძებს. კაპიტანი გასაღებს კლიტეში ატრიალებს და ავტომობილი იქოქება. -წავედით –ამბობს კაპიტანი და უკუსვლით გზაზე გავდივართ. გზაზე გასულები წინსვლას ვიწყებთ. მაიორმა სასურველი ტალღა იპოვა. ქალის ხმა მესმის: თვითმფრინავის გამტაცებლებს ჯერჯერობით საკუთარი მოთხოვნები არ წამოუყენებიათ. ვფიქრობ: ეს ამბავი არ მეხება. ეს ამბავი არ მაინტერესებს. გაივსო მსოფლიო გამტაცებლებით. ყველგან ადამიანები ადამიანებს კლავენ. ტელევიზორი და რადიო სულ ამაზე ქაქანებს. მაგრამ არსებობბს სარეკლამო პაუზები. ამ პაუზების დროს ცხოვრება მშვენიერია. რეკლამის შემდეგ კვლავ გატაცებები, მკვლელობები. მეც ხომ არ გამიტაცეს? ვეკითხები საკუთარ თავს. იქნებ არც მაიორია მაიორი და არც კაპიტანია კაპიტანი. იქნებ ორივე გადაცმულები არიან. პირველად ცხოვრებაში ძალიან მიხარია, რომ მდიდარი ოჯახის შვილი არ ვარ. ვწყნარდები. მე ვინ გამიტაცებს. მე ვის რაში ვჭირდები. მაიორი მაიორია. კაპიტანი კაპიტანია. მუსიკა მესმის.ეტყობა საინფორმაციო გამოშვება დამთავრდა. -როგორი მუსიკა მოგწონთ? –მეკითხება მაიორი -კარგი –ვამბობ და ვხვდები რომ მკვახე პასუხი გამომივიდა და ვაზუსტებ –წყნარი, ჩქარი, ძველი, ახალი, ინსტრუმენტული, ელექტრონული, . სულერთია. მთავარია ვიგრძნო და განვიცადო. ავცეკვდე ან ჩავფიქრდე. -მე ძველებური სიმღერები მომწონს –ამბობს მაიორი და თავის საყვარელ მუსიკოსებს თვლის. არ მაინტერესებს ეს საუბარი. აქეთ-იქეთ ვიხედები. აქეთაც და იქეთაც შენობებია. დაბალი სიჩქარით ვმოძრაობთ. შენობებს მკაფიოდ ვხედავ. დაახლოებით თხუთმეტ წუთში დანიშნულების ადგილზე ვართ. ორივე კარი ავტომატურად იღება. მხოლოდდამხოლოდ კაპიტანის ბრძანების შედეგად გადმოვდივარ ავტომობილიდან. ღრმად ვსუნთქავ ჰაერს...
VI
ნაცნობ ადგილზე ვარ. აქ, ადრე ფაბრიკა იყო და ამ ფაბრიკაში მამა მუშაობდა. მე ხშირად მოვდიოდი მამასთან ფაბრიკაში. კარგი დრო იყო. პატარა ვიყავი. მამა ახლგაზრდა იყო. ფაბრიკის ადმინისტრაციული კორპუსის სახურავზე მერცხლებს ბუდე ჰქონდათ. მამა მიყვებოდა როგორ ცხოვრობდნენ მერცხლები, როგორ მიფრინავდნენ თბილ ქვეყნებში, როგორ მოფრინავდნენ უკან. მომწონდა მერცხლების ცხოვრება. უფროსწორედ მამას მოყოლილი მერცხლების ცხოვრება მომწონდა. მერცხალი მინდოდა ვყოფილიყავი. შემდეგ, ზაფხულის ერთ ცხელ დღეს მერცხლები გაქრნენ. -მა სად გაქრნენ მერცხლები? -მერცხლებიხ კვდებიან –თქვა მამამ პატარა ვიყავი. მჯეროდა სიკვდილის არსებობა, მაგრამ სულ არ მეშინოდა სიკვდილის... შემდეგ ფაბრიკა დაანგრიეს და ეს მაღალი შენობა ააშენეს, რომლის შესასვლელთანაც ახლა ვდგავარ და მაიორს და კაპიტანს ვუცქერ. მაიორი და კაპიტანი სიგარეტს ეწევიან. ვფიქრობ: ალბათ შენობაში მოწევა აკრძალულია. სიგარეტს არ მთავაზობენ. ეტყობა იციან რომ არ ვეწევი. თუმცა ამეებმა ყველაზე ყველაფერი იციან. მეღიმება. ეს სიმწრის ღიმილია. მაიორი სიგარეტის ნამწვს ურნაში აგდებს. კაპიტანი იგივეს აკეთებს. -შევედით –ამბობს მაიორი. ჩვენ შენობაში შევდივართ. ავდივართ კიბეზე. სართულებს ვითვლი. პირველი. მეორე. მესამე. მეოთხე. მეხუთე. მეექვსე. მეშვიდე. მეშვიდე სართულზე ვჩერდებით. შიგნით შევდივართ და უზარმაზარ დერეფანს ვხედავ. დღემდე მეგონა რომ ასეთი დერეფნები მხოლოდ ფსიქოანალიტიკოსების მიერ გამოგონილ სიზმრებში არსებობდა. არასწორედ მეგონა.
VII
საკუთარი, მაიორის და კაპიტანის ფეხისხმა მესმის. მეშვიდე სართულის უზარმაზარ დერეფანში მივდივართ. ვფიქრობ: ნეტავ რაზე ფიქრობს მაიორი? ნეტავ რაზე ფიქრობს კაპიტანი? ნეტავ რას მიპირებენ? დერეფანი მაშინებს და მაპატარავებს. მინდა გამოველაპარაკო მაიორს და კაპიტანს. ორივეს ერთად ან ცალ-ცალკე. სულერთია, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ. დერეფანი მაშინებს და მაპატარავებს. მაიორი და კაპიტანი ნელა მოძრაობენ. მეც ნელა ვმოძრაობ. იძულებული ვარ. მაიორს და კაპიტანს ვერ გავასწრებ. სად გავასწრო. ნეტავ რას მიპირებენ? თავბრუ მეხვევა. ვბარბაცებ. მარცხნიდან კაპიტანი, მარჯვნიდან მაიორი მიდგებიან მხარში. რაღა წამაქცევს? ვერაფერი. კაპიტანს მაიორზე დიდი მხრები აქვს... მაიორი და კაპიტანი ჩუმად არიან. მათი შიჩუმე მაშინებს. დერეფანსაც ბოლო არ უჩანს. რაც იმას არ ნიშნავს, რომ დერეფანს ბოლო არ აქვს. ნეტავ მალე გაირკვეს ყველაფერი. ერთი, ორი, სამი, ოთხი ნაბიჯი და მაიორის და კაპიტანის მხარში დგომა აღარ მჭირდება. უკვე აზრზე ვარ! თავბრუ აღარ მეხვევა და აღარ ვბარბაცებ. მაიორი და კაპიტანი ჩერდებიან. მეც ვჩერდები. იძულებული ვარ. ჩვენ უზარმაზარ კართან ვდგავართ. მაიორი მორიდებულად აკაკუნებს კარზე: -მობრძანდით –კაცის ხმაა მაიორი კარს აღებს. რიგრიგობით შევდივართ კარსიქით.
VIII
ოთახი დიდია და ნათელი. ოთხი დიდი ფანჯარა აქვს. ერთერთ ფანჯარასთან მელოტი კაცი დგას. ის ფანჯარაში იცქირება. მაიორი ამბობს: -ბატონო გენერალო, თქვენი ბრძანება შესრულებულია. გენერალი ტრიალდება. დაღარული სახე აქვს. -გამარჯობა –მესალმება. ხელს მიწვდის და თვალებში მიყურებს. -გამარჯობათ –ვესალმები. ხელს ვართმევ. მის მზერას ვერ ვუძლებ და მზერა კედლებზე გადამაქვს. ერთერთ კედელზე პრეზიდენტის ფოტო კიდია. პრეზიდენტი იღიმის. -დაგვტოვეთ –გენერალი მაიორს და კაპიტანს მიმართავს. მაიორი და კაპიტანი ოთახიდან გადიან. ნახვამდის მაიორო. ნახვამდის კაპიტანო. ოთახში ვრჩებით: გენერალი, მე, პრეზიდენტის ფოტო და სხვა უსულო საგნები. -დაბრძანდით –გენერალი სავარძელზე მითითებს. -გმადლობთ –ვჯდები. სავარძელი რბილია. ვთამამდები. ფეხს ფეხზე ვიდებ. ჩემს წინ ჟურნალების მაგიდა დგას. ფეხსაცმლის წვერით ოდნავ ვეხები მაგიდის კიდეს და ვიცი რას მეტყვის გენერალი. ის ჯერჯერობით ჩუმადაა. გენერალი თავისი სამუშაო მაგიდის ერთ-ერთ უჯრას აღებს, რაღაცას იღებს. უჯრას ხურავს და ჩემთან მოდის. გენერალი მაგიდაზე ფოტოს დებს და მეკითხება: -იცნობთ ამ პიროვნებას? მაგიდისკენ ვიწევი. ფოტოს ვიღებ და ვუყურებ. ეს მამას ფოტოა, ოღონდ ფოტოზე მამა თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლისაა. -იცნობთ ამ პიროვნებას> -გენერალი შეკითხვას მიმეორებს. -ვიცნობ –ვამბობ მე –მამაჩემია.
IX
გენერალი გვერდზე მიჯდება, ფოტოს მართმევს და მეუბნება: -და იცი ეხლა სად არის მამა? ოღონდ არ მითხრა, რომ მოკვდა. მე და შენ ხომ ვიცით და გვჯერა რომ სიკვდილი არ არსებობს. -თქვენ საიდან იცით? -რა, სიკვდილი რომ არ არსებობს? თუ შენ რომ იცი და გჯერა ეს? პირი მაქვს გამშრალი. ენას ტუჩებზე ვისმევ და ვამბობ: -ორივე. -სიკვდილი რომ არ ასებობს გავიგე ძალიან, ძალიან ადრე. ხოლო დავიჯერე ასორმოცდაათი წლის წინ –“ბოდავ” ვფიქრობ. გენერალი აგრძელებს –რაც შეგეხება შენ გაქვს აქა-იქ მთვრალს დაყრანტალებული და ფხიზელს ნათქვამი, რომ სიკვდილი არ ასებობს. ბოდავს! ვიმეორებ გულში. ისე პირველად ვხედავ ასეთ ადამიანს, რომელიც თავს უფლებას აძლევს და ამბობს, რომ ასორმოცდაათი წლის წინ რაღაც დაიჯერა. -ბატონო გენერალო, ერთი რამ შეიძლება გითხრათ? -ბრძანე. გისმენ. ვდგები. ვფიქრობ, რომ ასე ჯობია. ის, რის თქმასაც ვაპირებ, არ არის ინტიმური რამ, უფრო ოფიციალური განცხადებაა. -ბატონო გენერალო როდესაც ვამბობ ან ვაყრანტალებ, რომ სიკვდილი არ არსებობს, ვგულისხმობ სულის უკვდავებას. რაც შეეხება სხეულს ის მოკვდავია –მძაფრ სიტყვას ვეძებ –და ხრწნადი. -ასე შეგაშინა ჩემმა ნათქვამმა, რომ ასორმოცდაათი წლის წინ... -მე არაფრის არ მეშინია –წინადადებას ვაწყვეტინებ გენერალს და ვტყუი. -შენ გჯერა, რომ ქალაქი რომელშიც ცხოვრობ ათასხუთასი წლის წინ დაარსებული ქალაქია. შენ ასევე გჯერა, რომ სახელმწიფო, რომლის მოქალაქეც ხარ ათასწლეულების წინ შექმნილი სახელმწიფოა. შენ არ გჯერა რომ მე ასორმოცდაათი წლის წინ დავიჯერე, რომ სიკვდილი არ არსებობს. რატომ გჯერა პირველი ორი რამ და რატომ არ გჯერა ჩემი ნათქვამი? მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ შვილო –უკანასკნელ სიტყვას არ ველოდი. გენერალი მთხოვს –ჩემს გვერდზე დაჯექი. არ მინდა გენერალმა იფიქროს, რომ მისი მეშინია ან ვერიდები. ამიტომაც მის გვერდზე ვჯდები. თავდახრილი ვარ და ფეხსაცმელებს ვუცქერ. გენერალის ხმა მესმის: -იფიქრე, შვილო რატომ გჯერა რაღაცეები გადაუმოწმებლად და რატომ არ გჯერა ჩემი ნათქვამი. ვფიქრობ: რატომ მჯერა, რომ ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობ ათასხუთასი წლის წინაა დაარსებული? რატომ მჯერა, რომ სახელმწიფო რომლის მოქალაქეც ვარ ათასწლეულების წინაა შექმნილი? ორივე შეკითხვას საერთო, მარტივი პასუხი აქვს. ბავშვობაში მასწავლეს ასე. რატომ არ მჯერა გენერალის ნათქვამი, რომ ასორმოცდაათი წლის წინ მან დაიჯერა სიკვდილის არ არსებობა? ამ შეკითხვასაც მარტივი პასუხი აქვს: ჩემთვის ბავშვობაში არ უსწავლებიათ, რო ადამიანები ასწლეულებს ცხოვრობენ. ყვავებზე მასწავლეს, ადამიანებზე არა. დავუშვათ ესწავლებინათ ჩემთვის ბავშვობაში, რომ ადამიანები ყვავებზე ნაკლებები არ არიან და ასწლეულებს ცხოვრობენ. დავიჯერებდი თუ არ დავიჯერებდი? ალბათ დავიჯერებდი და ახლა გენერალის ნათქვამში არაფერი არაბუნებრივი არ იქნებოდა... თავს ვწევ. გენერალს ვუცქერ. გენერალიც მიცქერს. ჩუმად ვართ. ვფიქრობ: შეიძლება გენერალი არ ბოდავს, შეიძლება მართლაც ასორმოცდაათი წლის წინ დაიჯერა, რომ სიკვდილი არ არსებობს. ყველაფერი იმის ბრალია, რომ ბავშვობაში არ მასწავლეს, არ მომაწოდეს ინფორმაცია. გაკვრითაც კი არ მითხრეს, რომ ადამიანები... მგონი ახლა მე ვბოდავ. დუმილს ვარღვევ. გენერალს ვეკითხები: -ბატონო გენერალო, რამდენი წლის ბრძანდებით? -აღარ მახსოვს –გენერალი მიღიმის. შემდეგ დგება და ფანჯარასთან მიდის. ვფიქრობ: ძალიან კარგადაც ახსოვს. განზრახ არ მეუბნება. ინტრიგას ინარჩუნებს.
X
გენერალი ფანჯარასთან დგას. გარეთ იცქირება. ჩუმადაა. მე ვზივარ. მეც ჩუმად ვარ და ვფიქრობ, რომ დრო გადის. მოულოდნელად გენერალი მეუბნება: -მოდი აქ. ვდგები და მივდივარ. ფანჯარასთან ვდგავარ. ქალაქის ერთ-ერთ უშნო ნაწილს ვხედავ: მშნებარე კორპუსები, ქვიშის გორები. მახსოვს: ბავშვობაში ქვიშაში ბიჭებს გვირაბები გაგვყავდა. გოგოები პასკებს აკეთებდნენ. ბიჭები და გოგოები სხვადასხვა რამეში ვიყენებდით ქვიშას. მიზანი ერთი გვქონდა – გართობა. ბიჭები ვთვლიდით, რომ გოგოები შტერები იყვნენ. გოგოები თვლიდნენ, რომ ბიჭები ვიყავით შტერები. გოგოები, ბიჭები, ვხვდები, რომ ადამიანურ რამეებზე ვფიქრობ. ვგრძნობ აღარ მეშინია. ეს გენერალის დამსახურებაა. გენერალი კარგად მექცევა. თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი რატომ ვარ აქ. მშენებარე კორპუსებში მუშები მოძრაობენ. ლურჯი სპეცტანსაცმელი აცვიათ და ყვითელი ქუდები ახურავთ. ვფიქრო: ალბათ გენერალიც მშენებარე კორპუსებში მოძრავ მუშებს უცქერს. ცალი თვალით გენერალს ვუცქერ. გენერალი მშენებარე კორპუსებისკენ იცქირება. შეიძლება მე მეჩვენება ასე. ორივე თვალით მშენებარე კორპუსებს ვუცქერ. მშენებარე კორპუსები ტყუპებივით გვანან ერთმანეთს და მიტყუპულები არიან. გენერალის ხმა მესმის. ის ამბობს: -ვერ გადავეჩვიე აზროვნებას და მეტყველებას ისეთი ცნებებით, როგორებიცაა: ხალხი, კაცობრიობა, ინტელიგენცია, პროლეტარიატი. თქვენც ამ ცნებებით აზროვნებთ და მეტყველებთ? -სამწუხაროდ, კი. -ცუდია. ძალიან ცუდია. აი, მშენებარე კორპუსებში მოძრავ მუშებს ვუცქერდი და ვფიქრობდი: საწყალი პროლეტარიატი. არადა ცალ-ცალკე ადამიანები არიან. ერთი მხიარულია, მეორე უჟმურია, მესამის ხასიათი ამინდზეა დამოკიდებული და ა.შ. ერთი ბედნიერია, მეორე უბედური, მესამეს ბედნიერება უბედურება ამინდზეა დამოკიდებული. სხვადასხვა ფეხბურთის გუნდებს გულშემატკივრები არიან –გენერალი ჩუმდება ერთხანს. შემდეგ ამბობს –საქმეზე გადავიდეთ შვილო. ვფიქრობ: როგორც იქნა. ვნატრობ: ნეტავ ცუდი არაფერი იყოს. ვიცი: ყველაფერს მალე გავიგებ. ვღელავ.
XI
გენერალი მშენებარე კორპუსებისკენ იშვერს ხელს და მე ვფიქრობ, რომ ჩემი აქ ყოფნა კორპუსებს უკავშირდება. გენერალი ამბობს: -მშენებარე კორპუსების იქით გორას ხედავ? არასწორედ ვფიქრობდი. ჩემი აქ ყოფნის მიზეზი მშენებარე კორპუსებს იქითაა. -ვხედავ –ვამბომ და მშენებარე კორპუსების იქით გორას ვხედავ. -გორამდე ერთადერთი გზა მიდის –გენერალი მიხსნის. ჯერჯერობით არ ვიცი რატომ მიხსნის. გენერალი აგრძელებს –გორაზე მამაა, ხედავ? -ვერ ვხედავ –ვამბობ და გორაზე მამას ვერ ვხედავ. -გორაზე მამაა –იმეორებს გენერალი. შემდეგ არჩევნის უფლებას მაძლევს. შენ შეგიძლია შეხვდე, შეგიძლია არ შეხვდე მამას. მე მინდა ვთქვა, რომ სისულელეა ეს ყველაფერი და, რომ სახლში მივდივარ. მაგრამ არ ვამბობ. რაღაც მაკავებს. საინტერესოა რა? შიშით არ მეშინია. საინტერესოა რა? გენერალის ნათქვამის ხომ არ მჯერა? -ბატონო გენერალო თქვენ ხედავთ მამას? -ვხედავ –გენერალი გორას უცქერს და მამას ხედავს (თუ დავუჯერებ) -და როგორია მამა? ფოტო ხომ განახე. -ფოტოზე მამა შვილად მეკუთვნის. რა, მამა მამა აღარაა? რა, მამა შვილად იქცა? -მამა შვილად იქცა, თან მამად რჩება. მომყევი. გენერალი კარისკენ მიდის. გენერალი კარს აღებს. დერეფანში გავდივართ. -თუ გსურს, რომ მამას შეხვდე წინ იარე. თუ არა უკან წადი. წინა გზა შენთვის ახალი გზაა, ამიტომაც საშიშია და იდუმალი. უკანა გზა შენთვის ნაცნობია, არასაშიშია და არა იდუმალი. საიდანაც მოხვედი იქ მიგიყვანს. -სახლში –ვამბობ მე და ვიძაბები -და რა არის სახლი მამას გარეშე? არაფერი. ვფიქრობ: გენერალი მართალი. სახლი მამას გარეშე ცარიელია. -რატომ უნდა მჯეროდეს თქვენი, რომ ახალი გზის არჩევის შემთხვევაში მამას ვნახავ? -იმიტომ –მოკლედ მპასუხობს გენერალი. ოთახში შედის. კარს ხურავს. კარი ქრება. მე არ ვიცი ეს უახლესი ტექნიკური ფოკუსია თუ სასწაული. ხომ არ მელანდება ეს ყველაფერი? ხორცს ვიგრიხავ მარცხენა ხელის გულზე. მტკივა. მახსენდება, რომ სიზმარშიც მტკივა ხოლმე ხორცი უხეში შეხების შემდეგ. ხორცის ნდობა არ შეიძლება. ხორცი ცხადს და სიზმარს ვერ არჩევს. ხორცისთვის სულერთია ცხადი და სიზმარი. ხორცს ცხადშიც ტკივა და სიზმარშიც. ხორცს ხცადშიც სიამოვნებს და სიზმარშიც. რატომ? იმიტომ. ვიმეორებ გენერალის ბოლო პასუხს ასე მამას ვპასუხობდი ბავშვობაში, როდესაც დასმულ შეკითხვაზე ვგრძნობდი რომ პასუხი მქონდა, მაგრამ ამ პასუხს ვერ ვაყალიბებდი. შეიძლება გენერალიც ასეა... რატომ? იმიტომ.
XII
დერეფანში ვარ. მარტო ვარ. ვარ. თავიდან უკანა გზას ვადგები. ეს გზა ჩემთვის ნაცნობია, არა საშიში და არა იდუმალი, მივყავარ იქ საიდანაც მოვედი – სახლში. ამ გზაზე მარტო პირველად ვარ. რამდენიმე ნაბიჯს ვდგავ სახლისკენ. გენერალის ხმა ჩამესმის. რა არის სახლი მამის გარეშე? არაფერი. აქეთ-იქით ვიხედები. მარტო ვარ. დერეფანში ვარ. ვარ. ხმა მესმის, მაგრამ ხმის პატრონს ვერ ვხედავ. მარტო ვარ. ვარ და მიხარია, რომ ვარ. ეს ფილოსოფიური სიხარულია. მარტო რომ ვარ ეს არ მიხარია. გულის ამბავია. ვფიქრობ: გენერალი მართალია. სახლი მამის გარეშე არაფერი არ არის. მახსენდება ორმოცი ცარიელი დღე, დაძინებები და გაღვიძებები, უაზრო წრიალი. მე ვიცი: გაივლის დრო და ამ სიცარიელეს შევეჩვევი. დაძინებას და გაღვიძებას ხომ კარგახანია შეჩვეული ვარ. ისიც ვიცი, რომ დიდი დაძინება მომელის დიდი გაღვიძების წინ ადრე თუ გვიან. ყოველწამს, ყოველწუთს, ყოველდღე, ყოველდროს. მანამდე დაძინებასა და გაღვიძებას შორის უაზროდ ვწრიალებ სიზმრებში. მანამდე გაღვიძებასა და დაძინებას შორის უაზროდ ვწრიალებ ცხადში. მაგრამ გაივლის დრო და შევეჩვევი ამ სიცარიელეს და მშვიდად ვიცხოვრებ სიცარიელეში. მაგრამ არსებობს სხვა გზაც. გენერალის ხმა ჩამესმის: მამა შვილად იქცა, თან მამად რჩება. კვლავ აქეთ-იქით ვიხედები. კვლავ მარტო ვარ. კვლავ მიხარია, რომ ვარ და ეს კვლავ ფილოსოფიური სიხარულია. მარტო რომ ვარ კვლავ არ მიხარია და ეს კვლავ გულის ამბავია. ვფიქრობ: მამა შვილად იქცა თან მამად რჩება. რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ უკან. საწყის წერტილზე ვბრუნდები. შემდეგ რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ წინ – მამასკენ. ეს ჩემთვის ახალი, იდუმალი გზაა და მეშინია. მეშინია და ეჭვები მესევიან. ვფიქრობ: რამდენ ხანს მომიწევს ამ გზაზე სიარული? რამდენ ხანში ვნახავ მამას? გენერალს ამის შესახებ არაფერი არ უთქვამს. მე მჭირდება გარანტიები. მე მინდა ყველაფერი წინასწარ ვიცოდე. მეშინია. მეშინია და ეჭვები მესევიან. რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ უკან. საწყის წერტილზე ვბრუნდები. ვფიქრობ: დედა და ჩემი და ალბათ უკვე დაბრუნდნენ სახლში და იციან, რომ წავედი. როგორც ყოველთვის ცრემლებს ვყლაპავ და ვფიქრობ, რომ ნერწყვს ვყლაპავ.
Last edited by Admin on Wed Mar 20, 2019 10:35 am; edited 1 time in total
ნინო ჭინჭარაული
Number of posts : 82 Age : 34 Location : tianeti Job/hobbies : journalistic.literature Humor : . Registration date : 06.02.11
Subject: Re: დავით ქართველიშვილი Tue Feb 15, 2011 12:22 pm
მომეწონა.სხვაც დადეთ რა ამ ავტორის
წიგნის სახელი: "ოთხი მოთხრობა" ავტორი: დავით ქართველიშვილი გამომცემელი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გვერდების რაოდენობა: 127 ISBN 9789994099825 ჟანრი: პროზა. წელი: 2007 პრემია: "საბა–2008", ნომინაცია "წლის საუკეთესო პროზაული კრებული".
Admin
Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
Subject: Re: დავით ქართველიშვილი Wed Nov 16, 2011 4:53 pm
წიგნის სახელწოდება – "6 სიზმარი" ავტორი – დავით ქართველიშვილი ISBN: 978-9941-15-334-1 კატეგორიები: ქართული პროზა ტეგები: გვერდების რაოდენობა: 116 ყდა: რბილი ფორმატი: 13X19,5 გამოცემის თარიღი: 2011 წონა: 0.104კგ
ანონსი – ქალი და მამაკაცი, რომლებიც ცხოვრებას თამაშობენ; ხილვებით გარემოცული ჯარისკაცი; სახლიდან უბრალოდ წასული ახალგაზრდა; ადამიანი, რომელმაც 80 წელი დედამიწაზე გაატარა და მაინც ვერაფერი იპოვა; ლიდერი მიკი–მაუსის ფორმით და მისი ერთგული ძაღლი; ერთმანეთისგან თითქოს დამოუკიდებელი სამი ამბავი ერთი ფინალით – ამ, ერთი შეხედვით განსხვავებულ ისტორიებს, რამდენიმე ძირითადი თემა აერთიანებს და ბოლომდე გაურკვეველია, სინამდვილეა თუ უბრალოდ პერსონაჟებს ესიზმრებოდათ ყველაფერი.
სადაა რეალობა, სინამდვილეში რა არის და სად ცხოვრობს ადამიანი, იქნებ ცხოვრებაც ერთი დიდი სიზმარია? – დავით ქართველიშვილის "ექვსი სიზმარი" ამ საკითხებზე კიდევ ერთხელ ჩააფიქრებს მკითხველს.
Sulakauripublishing Published on Dec 24, 2012 რადიო "თავისუფლების" რუბრიკაში "ბიბლიოთეკა", მალხაზ ხარბედია საუბრობს დავით ქართველიშვილის ორ წიგნზე - "მოცემულობა" და "6 სიზმარი".
Last edited by Admin on Wed Mar 20, 2019 10:54 am; edited 1 time in total
Nicoletta La Chatte Admin
Number of posts : 527 Age : 31 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: დავით ქართველიშვილი Wed Mar 20, 2019 10:05 am
Number of posts : 527 Age : 31 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: დავით ქართველიშვილი Wed Mar 20, 2019 10:49 am
დავით ქართველიშვილი
ვინ ცხოვრობს გუგულის ბუდეში?
1
ჯერ ფილმი ვნახე, შემდეგ წიგნი წავიკითხე. ნახვა (ფილმის) და წაკითხვა (წიგნის) დაახლოებით ერთწლიანი ინტერვალით მოხდა. პოლიტიკურად ეს წელი ეპოქალური გამოდგა: ამ ერთი წლის განმავლობაში თავიდან იყო და შემდეგ არ იყო საბჭოთა კავშირი, ყოველ შემთხვევაში, ყველამ ჩათვალა, რომ აღარ იყო.
პირადად ჩემთვისაც ეს წელი გარდამტეხი იყო, მე თავად ვერაფერ განსაკუთრებულს და გარდამტეხს ვერ ვგრძნობდი, მაგრამ ირგვლივ ყველა ამბობდა, რომ ჩემი ცხოვრება ახალ ფაზაში შედიოდა, ალბათ იმიტომ, რომ პასპორტი ავიღე და მალე მომავალი პროფესიაც უნდა შემერჩია, უფო სწორად, მშობლებს შეერჩიათ.
აი ასეთ ვითარებაში ვნახე მილოშ ფორმანის ფილმი და შემდეგ წავიკითხე კენ კიზის რომანი – “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”.
2
ქართულად ამ რომანის 2 თარგმანი არსებობს, რამდენადაც ვიცი. ერთი რუსულიდან, ხოლო მეორე ორიგინალიდან.
შეიძლება ითქვას, რომ ამ რომანს საქართველოში გაუმართლა…
მე ძველი, რუსულიდან თარგმნილი ტექსტი მაქვს წაკითხული, მეორეს მხოლოდ ჩავხედე, უფრო სწორად, გადავხედე.
ამ წერილის მიზანი არ არის ერთმანეთს შეაჯიბროს ეს 2 თარგმანი, გაარკვიოს რომელი ჯობია, თვითოეულს რა ნაკლი და დადებითი მხარე აქვს, ეს ჩემს კომპეტენციას აღემატება.
და სიმართლე რომ ითქვას, ასეთი საქმიანობა ამაო გარჯადაც კი მიმაჩნია.
3
ასეთი რომანები არასდროს კარგავენ აქტუალობას და ამის მიზეზი არამხოლოდ მათი მაღალმხატვრულობაა, რა თქმა უნდა მაღალმხტვრულობა (საშინელი, ძალიან ხელოვნური სიტყვაა!!) მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მაინც თემატიკაა, ძალადობა, ძალადობა კი იყო, არის და (თუ სასწაული არ მოხდა და სამოთხედ არ იქცა პლანეტა დედამიწა) იქნება ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ადამიანების ცხოვრებაში.
ადამიანების უმრავლესობა ერთდროულად მოძალადეცაა და ძალადობის მსხვერპლიც, ჩვენ ვძალადობთ და ჩვენზე ძალადობენ, ესაა ცხოვრება, ესაა ყოველდღიურობა, მაგრამ საქართველოში და საქართველოს მსგავს (ფიგურალურად, თორემ ვიცი, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნები არ არსებობენ და სამოთხეშიც მხოლოდ ჩვენ მოვხვდებით) ქვეყნებში ასევე არსებობს სახელმწიფოებრივი ძალადობა, როდესაც მანქანა, აპარატი, სახელმწიფო არა ირიბად, არამედ პირდაპირ ძალადობს ადამიანზე, მოქალაქეზე, თუმცა სანამ კენ კიზის კლასიკური რომანი და თანამედროვე საქართველო გადაკვეთენ ამ წერტილში ერთმანეთს, საჭიროდ მიმაჩნია რომანის მთავარი პერსონაჟი მამაკაცი გავიხსენოთ.
4
ამ წერილის მკითხველების უმრავლესობას, რა თქმა უნდა, ამერიკელი მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი დაგიდგათ თვალწინ, შავ ქუდში, გიჟის იერით და მზერით, ალბათ ისიც გაგახსენდათ, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში მოსახლეობის უმრავლესობას ასეთი ქუდები რომ ეფხატა თავზე. ადამიანს არა მხოლოდ სიცილი სჩვევია, არამედ ასოციაციური აზროვნებაც და წავიდა… ქუდს მოყვება უშუქობა, უგაზობა, ომი და ვინც ეს ყველაფერი ნახა, ვერასდროს დაივიწყებს.
რეალურად ჯეკ ნიკოლსონის მიერ შექმნილი მაკმერფის სახე ამ პერსონაჟის ინტერპრეტირების ერთ-ერთი ვარიანტია, ყველაზე პოპულარული ვარიანტი, მაგრამ მაინც ერთ-ერთი და მაინც ვარიანტი.
5
კენ კიზიმ კლასიკური ხერხი გამოიყენა. მთხრობელი რომანის ერთ-ერთი პერსონაჟია, ერთის შეხედვით მეორეხარისხოვანი, მდუმარე, გოლიათი ინდიელი, თუმცა წიგნის ფინალში ირკვევა, რომ ზუსტად ის არის მთავარი გმირი, რადგან მხოლოდ მასში მოხდა გარდატეხა, მხოლოდ ის გადარჩა და დაუბრუნდა, პირველსაწყისს.
აქედან გამომდინარე, კენ კიზის მთხობელი არ არის მხოლოდ მთხრობელი, როგორც, მაგალითად, დოსტოვსკის რომანებში… წამით დავუშვათ, რომ ეს წიგნის ავტორისეული თხრობის ტექნიკით იყოს დაწერილი, ან მაკმერფი იყოს მთხრობელი, ორივე შემთხვევაში სულელურ, არაფრისმთქმელ რომანს მივიღებდით.
6
მაკმერფის ფილოსოფია მარტივია, ის უპირისპირდება ძალადობას, ხოლო როდესაც უპირისპირდები ძალადობას, შეუძლებელია იყო რთული, რადგან თავად ძალადობაა ძალიან მარტივი, ძალიან პირდაპირი და უხეში და მასთან დაპირისპირება ყოველთვის მარტივი გზით ხდება, რევოლუციით ან მშვიდობიანი დაუმორჩილებლობით, ნებისმიერ გართულებას ხელოვნურ მდგომარეობაში გადავყავართ, სპეკულატური აზროვნება კარგია, როგორც ნიმუში, რა შეუძლია გონებას, რამხელა რესურსი აქვს მას, მაგრამ ეს არ ცვლის რეალობას, მაკმერფის კი რეალობის შეცვლა უნდა.
მაკმერფი არ განასახიერებს ტიპიურ ბიტნიკურ-ჰიპურ იდეალებს და ზოგადად, ვფიქრობ, არასწორია მივაკუთვნოთ კენ კიზი ამ მიმართულების ლიტერატურას, შეიძლება პარალელების გავლება კენ კიზისა და უილიამ ბეროუზს შორის, ამ უკანასკნელის შემოქმედების მთავარი თემაც ძალადობაა… კიზი და ბეროუზი მასშტაბური მწერლები არიან და ამიტომ მათი რომელიმე კონკრეტულ მიმდინარეობასთან დაკავშირება, მგონი, არასწორია.
7
მაკმერფი ცდილობს შეცვალოს რეალობა, მაგრამ რაც ბუნებრივია მისთვის, უცხოა სხვებისთვის, მიუღებელია და სახიფათოა… ყველაფრის მიზეზი შიშია, ჩვენ გვეშინია ცვლილებების და იზოლაციაში, საექსპერიმენტო ცხოველებივით ცხოვრება გვირჩევნია, კი არ გვირჩევნია, უბრალოდ ვფიქრობთ, რომ გამოსავალი არ არის.
მაკმერფის პროტესტი სტიქიურია, ემოციურია, ეს არ არის ინტელექტუალური პროტესტი, ეს არ არის მდუმარე პროტესტი, როდესაც დუმილი მრავლისმთქმელია.
ამაღლებული არსებებისთვის მაკმერფი პრიმიტივია.
8
ლიტერატურული გაგებით კენ კიზი არ არის მოდერნისტი, მისი თხრობა კლასიკურია, ის არ იყენებს იმავე ბეროუზის მსგავსად მოდერნისტულ ხერხებს და არც იგონებს მათ, კენ კიზი არ არის ნოვატორი, ამ მხრივ ძველი ყაიდის მწერალია, ყველაზე მეტად მე მაინც მას ოლდოს ჰაქსლის შევადარებდი, ჰაქსლიც ასე იყო 20-იან წლებში, უფრო სათქმელის მოდერნიზებას ცდილობდა, ვიდრე ფორმის, სათქმელი ქმნის ფორმას, ფორმა ქმნის სათქმელს, ორივე შეხედულება სწორია.
კლასიკური ფორმა კენ კიზის რომანის პოპულარობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რადგან მოდერნული ფორმები მაინცდამაინც არ იზიდავს მასობრივად მკითხველს.
9
უფროსი მედდა…
გაგაჟრიალათ?
მე კი.
კენ კიზი აქაც არ შეცდა, როდესაც ძალადობის სიმბოლოდ ქალი გამოიყვანა, კაცის ამ როლში გამოყვანა ზედმეტად პრიმიტიული სვლა იქნებოდა და მთელ ხიბლს დაუკარგავდა ტექსტს.
ჩვენ პოლიტკორექტულობის ეპოქაში ვცხოვრობთ, არ ვიცი, ალბათ, ფემინისტები კენ კიზის სექსისტ მწერლად თვლიან, თუმცა ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობენ ფემინისტები, ფიქრობენ თუ არა საერთოდ, შეუძლიათ თუ არა ფიქრი საერთოდ და უფიქრიათ თუ არა, რომ საკუთარი არსებობით, პირველ რიგში ქალებს აყენებენ შეურაცხყოფას. არა, ამას ახლა ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა.
უფროსი მედდა…
ის არ არის უნიჭო ადამიანი, საკუთარი ფილოსოფიაც აქვს, ეს წესრიგის ფილოსოფიაა, წესრიგი გამორიცხავს ქაოსის ელემენტს, გამორიცხავს პიროვნულობას და თავისუფალი სივრცის არსებობას. უფროსი მედდა უტოპისტია, რადგან ასეთი სამყაროს შექმნა ისევე შეუძლებელია, როგორც, მაგალითად, კამპანელას „მზის ქალაქის“ არსებობა.
10
ამ რომანს არ ჰყავს მეორეხარისხოვანი პერსონაჟები, ყველა პერსონაჟი ჩართულია მიმდინარე მოვლენებში და ეს მათი საერთო თავგადასავალია საერთო სივრცესა და დროში, ამ მხრივ ეს რომანი შეიძლება დოსტოევსკის “ეშმაკუნებს” შევადაროთ. შეგვიძლია არც შევადაროთ.
ამ რომანს არ ჰყავს მეორეხარისხოვანი პერსონაჟები, ამ რომანს სუსტი და ძლიერი პერსონაჟები ჰყავს, თუმცა თითოეული მათგანი, ძლიერიც და სუსტიც, უკმაყოფილოა შექმნილი ვითარებით, იზოლაციით, არაადამიანური მოპყრობით და აი, აქ კვეთენ ერთმანეთს თანამედროვე საქართველო და კენ კიზის რომანი.
11
ჩვენ ვცხოვრობთ გუგულის ბუდეში, მაგრამ გუგულებივით ვერ ვართ შეხმატკბილებულები. ჩვენ ვცხოვრობთ ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში, 20 წელია ასეა. ცდებს ვატარებთ ერთმანეთზე. დღეს საქართველო ქართველებს აქვთ ოკუპირებული და ეს ოკუპაცია ყველაზე საშინელი ოკუპაციაა…
12
კენ კიზი ცივილიზაციისა და პირველსაწყისის დაპირისპირებაზე წერდა, წერდა იმაზე, თუ რას უშვრება ცივილიზაცია ადამიანს, რომ ცივილიზაცია არა მხოლოდ კომფორტული, არამედ სახიფათოცაა, კენ კიზის რომანი სიკეთის და ბოროტების თემაზე დაწერილი წიგნია.
დღეს ბევრმა დაივიწყა ელემენტარული მოცემულობა: ჩვენ სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებაში ვმონაწილეობთ, ეს ბრძოლა ჩვენს შიგნით მიმდინარეობს და არ არსებობს ცხოვრება სიკეთისა და ბოროტების მიღმა.
13
და ბოლოს: მთხრობელი, ინდიელი ბელადის შესახებ. ის დიდხანს ჩუმადაა, დუმილი მისი პროტესტია თანამედროვე სამყაროსადმი და, ამავე დროს, ეს თავის გადარჩენის საშუალებაცაა.
ჩვენც ხომ ასე ვართ ზუსტად, ვდუმვართ ერთდროულად პროტესტის ნიშნად და თავის გადარჩენის მიზნით.
ხმის ამოღების დროც დადგება და სახლშიც დავბრუნდებით, იმედია.
Number of posts : 527 Age : 31 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: დავით ქართველიშვილი Wed Mar 20, 2019 11:01 am
დავით ქართველიშვილი
სოფლად
1. დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ ეს სტრიქონები სოფლის უცოდინარი ადამიანის მიერაა დაწერილი. სიტყვა “სოფელში“ არ ვგულისხმობ სამყაროს, ხოლო სიტყვა “უცოდინრობაში“ სწავლულ და მითუმეტეს, წმინდა (ღვთაებრივ) არცოდნას…. ისე მაინცდამაინც არც ამ საკითხებში ვარ დიდად კომპეტენტური პირი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი გლობალური არაკომპეტენტურობა ლოკალურ არაკომპეტენტურობაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია… მკითხველთა გარკვეულმა ნაწილმა ალბათ გაიფიქრა, რომ ამ ფსევდოინტელექტუალური შესავლით მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ქალაქში დაბადებულ-გაზრდილი ბიჭი ვარ და ბენზინის სუნი მირჩევნია ნეხვის სუნს (მიუხედავად იმისა, რომ ვიცი: ყელამდე ნეხვში არიან ჩაფლულნი ნავთობბიზნესმენები)… ფიქრი თავისუფალია. ყველა ფიქრობს იმას, რასაც ფიქრობს.
2 . სოფელში პირველად შვიდი წლის ასაკში მოვხვდი, უკანასკნელად – რამდენიმე წლის წინ… პირველი სოფელი და ბოლო სოფელი ერთი და იგივე სოფელი არ არის; არც გეოგრაფიულად და არც ეკონომიურად, და რადგან მე ახლა ჩემი ბავშვობის მოგონებებს კი არ ვწერ, არამედ წერილს საჭირბოროტო საკითხზე, სოფელში ჩემი უკანასკნელი ჩასვლის შესახებ მოგითხრობთ, თანაც ვეცდები ცოტა ვილაპარაკო საკუთარ თავზე, ანუ ისე არ მოვიქცე, როგორც ძირითადად ამ ტიპის სტატიებში ხდება… აქვე უნდა აღვნიშნო ერთი დეტალიც: სანამ წერას შევუდგებოდი, ილია ჭავჭავაძის და კიდევ რამდენიმე, შედარებით მცირე მასშტაბის საზოგადო მოღვაწის წერილები წავიკითხე სოფლის პრობლემებზე და კიდევ ერთხელ (მგონი საიუბილეოდ, ანუ მეასედ) დავრწმუნდი, რომ საზოგადო მოღვაწე ჩემგან არ გამოვა და სტატიისთვის შესაბამისი (არასაზოგადო მოღვაწის) პათოსი უნდა შევარჩიო…
3. სოფელში მისვლამდე რამდენიმე სხვა სოფელი გავიარე. არც სოფლის და არც მანამდე გავლილი სოფლების დასახელებებს აქ არ ვახსენებ, აზრს ვერ ვხედავ, რადგან საქართველო საშინლად ერთფეროვანი ქვეყანა გახდა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად ცხოვრობ: დასავლეთში თუ აღმოსავლეთში. ცხოვრება ერთნაირად რთულია, ზოგჯერ აუტანელიც.
4. გავრცელებული აზრის თანახმად, საქართველო აგრარული ქვეყანაა, ამაზე საქართველოს ძველბერძნული სახელწოდებაც მიგვანიშნებს. აგრარული ქვეყნის სტატუსი გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის 30-40 პროცენტი მიწასთან აქტიურ ურთიერთობაში უნდა იმყოფებოდეს. მიწა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ძველ საქართველოში კარგად იცოდნენ ამ ელემენტთან ურთიერთობა. დღეს სულ სხვა ვითარებაა. ამ ბოლო ხანებში ძალიან ხშირად მგონია რომ ძველი საქართველო და თანამედროვე საქართველო ერთმანეთთან აბსოლუტურად დაუკავშირებელი (საუკეთესო შემთხვევაში – კავშირდარღვეული) ორი ქვეყანაა… ამავე დროს მე შორს ვარ მეოცე საუკუნეში დამკვიდრებული მავნე პრაქტიკისგან და წარსულს არ ვაიდეალებ, უბრალოდ ვიცი რომ მხოლოდ და მხოლოდ აწმყო არსებობს…
5. ილია ჭავჭავაძე საქართველოში ერთადერთი მუდამ თანამედროვე მწერალი ან პოეტი კი არა (ასეთები სხვებიც გვყავს, ალბათ მასზე მნიშვნელოვნებიც და დიდებიც), არამედ ადამიანია. წაიკითხეთ მისი წერილები აგრარულ საკითხებზე და მიხვდებით, რომ საუკუნის მანძილზე არაფერი შეცვლილა უკეთესობისაკენ. არსებობს მარადიული კითხვები, მათზე თითოეულ ადამიანს საკუთარი პასუხები აქვს, ყველა თავად ირჩევს, ვის ან რას დაეყრდნოს პასუხების გაცემისას: წმინდა ტექსტებს, მეცნიერების ამა თუ იმ დარგს თუ ინტუიციას. სამწუხაროდ, საქართველოში ყოფით პრობლემებსაც მარადიულის სტატუსი აქვს და არ ვიცით, ჩვენ საწყლებმა რაზე ვიფიქროთ და რა უფრო მნიშვნელოვანია: რა ვჭამოთ ხვალ? თუ რატომ გავჩნდით სამყაროში? სამყაროში, რომელიც აშკარაა, რომ ჩვენთვის გაუგებარი მარადიულობის და უსასრულობის მცირე ნატეხია.
6. მიწასთან ურთიერთობა ადამიანისგან დიდ ფიზიკურ ძალასა და დიდ დროს მოითხოვს, შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანებს კი არც ერთი აქვთ და არც მეორე, ამიტომაც ისინი ქალაქებისკენ მიემართებიან. ქალაქებში ყველაფერი შედარებით სწრაფად ხდება, სიცოცხლე სწრაფად გადის და სიკვდილი მალე მოდის, ქალაქებში ყველაფერი ამაოა და სისხლის სუნი ტრიალებს, რადგან პირველი ქალაქის დამაარსებელი კაენი იყო… თანამედროვე ევროპის სოფლები სულ უფრო და უფრო ემსგავსებიან ქალაქებს და ეს რაღაც ძალიან არასასიამოვნოს მომასწავებელია, მაგრამ დავუბრუნდეთ საქართველოს…
7. აყრილი გზები, გათხრილი კანალიზაციის ჭები, დაუმუშავებელი მიწა და ბირჟაზე გამოფენილი ადგილობრივი მოსახლეობა დიდიან-პატარიანად საუბრობს პოლიტიკაზე, უფრო სწორად, ტელევიზორში ნანახი სიუჟეტებით მსჯელობს პოლიტიკაზე. იმედი არაფრის აქვთ, სამაგიეროდ, ხანშიშესულებს აქვთ მოგონებები საბჭოთა კავშირზე, როდესაც ასანთი ღირდა 1 კაპიკი, პური 22 კაპიკი და ცხოვრება იყო ტკბილი და საამური… მე ქალაქიდან ვარ და ამიტომ, მათი აზრით, აქაურებზე უკეთ უნდა ვიცოდე ქვეყნის ავანჩავანი. შეკითხვებს მისვამენ, შეძლებისდაგვარად ვპასუხობ, ვგრძნობ, რომ ყოვლისმცოდნე კერპის როლი მსიამოვნებს და სულ უფრო და უფრო გრძლად ვესაუბრები ადგილობრივებს. მე არ მჯერა სოფლის რომანტიკის და არც სოფლელებს ვთვლი ქალაქელებზე გულუბრყვილო და პატიოსან ადამიანებად, თანდათან ვგრძნობ, რომ მბეზრდება აქ ყოფნა, თუმცა ვიცი: რეალურად თბილისიც სოფელია, ოღონდ ურბანიზებული სოფელი… სახლში მინდა, სახლში კი ყოველთვის ვწუწუნებ, რომ სახლი არ მაქვს, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა…
8. რა გზითაც მოვედი, იმ გზით ვბრუნდები. რა ტრანსპორტითაც ჩამოვედი, იმ ტრანსპორტით ვბრუნდები… საქართველოში არაფერი არ იცვლება, ამიტომაც ილია ჭავჭავაძე ერთადერთი მუდამ თანამედროვე ქართველი ადამიანია.
* წყარო: კავკასიური სახლი – ჟურნალი “ჩვენი სოფელი”