ნინო თარხნიშვილი
ქაბულში, ყვავილების ქუჩაზე (დოკუმენტური პროზა)
ისააკ, ჩემო მეგობარო… ისააკ… შენ ხარ უკანასკნელი ებრაელი, რომელიც ალიმ ქაბულის მიწას მიაბარა. მე მივდივარ… ებრაელები აქ აღარ არიან…
* * *
თქვენ გაიხარეთ, ბატონო ისააკ, ჩემი დახმარებისათვის. რომელ ღმერთს შევწირო მადლობა - თქვენსას თუ ჩემსას? აქამდე რატომ არ გიცნობდით, ხომ არ გავიმწარებდი ყმაწვილ-ქალობას? - ქალი ისეთი გამეტებით ცდილობდა ისააკისათვის მადლობის გადახდას, რომ შავ-აბრეშუმა ჩადრი მის ტუჩებს ვეღარ ფარავდა, ზედ ეგლისებოდა და ისააკი ცოტათი ახალგაზრდა რომ ყოფილიყო, იქნებ ქაბულელი ქალის ტუჩების სიმკვრივე ჩადრს მიღმა მაინც ეგემა.
- რას ხარშავ?
- შენ არავინ გეკითხება.
- არც მაინტერესებს, მაგ ალქიმიკოსობას მანამდე არ მოიშლი, სანამ შენ ცოლს არ დავურეკავ ისრაელში და არ მოვახსენებ, რა საქმითაც ხარ დაკავებული. - რა საქმით ვარ დაკავებული, რა საქმით… გირჩევნია ეგ ფარდა კარგად გადააფარო და საკნის შენს ტერიტორიას მიხედო. მე გეკითხები შენ რას აკეთებ? ჰოდა, შენც შემეშვი რა, - დაძარღვული ხელებით მოიწმინდა მთლად ოფლიც არა, შუბლშეჭმუხნულმა ისააკმა; საფეთქლებთან ჩამოკონწიალებული ორი კულული თავის მარჯვე მოქნევით უკან გადაიყარა და საქმე განაგრძო…
„გამო, გამო, გამოდევნე, თვალნი, თვალნი დაუბნელე, გულში ხიჭვი გაუყარე, პირში გემო დაუკარგე… ძუძუები ჩამოუჭკნე, თეძო-მკლავი გაუტყავე, თმები ჩალას დაუმსგავსე, უნაყოფოდ დააბერე…“ მერე გამურულ მოყვითალო ქვაბში ორი ხელით და ათი თითით მიმხმარ-მომხმარი ბალახბულახი ჩაყარა, ხის კოვზი ამოიძრო ჩამოთხავებული შარვლის უკანა ჯიბიდან და მოყავისფრო მასას გამალებულმა დაუწყო რევა…
რას ჩიფჩიფებს ეგ უწმინდური, სანამ რამე უბედურებას არ დაგვატეხს თავს, არ მოისვენებს - ხელები დაიკაპიწა თმაყვითელმა ზებულორმა, დაჟანგებული ონკანი გააჭრიალა და წვეთ-წვეთად წამონწკანწკარებული წყალი სახეზე შეიწუწა. მერე რაღაც სასწაული ძალით გადაფითქინებული მიტკლიდან თორა დაიხსნა, გადაშალა და ჩუმ დუდუნს მოჰყვა.
ისააკმა ყური მოჰკრა ზებულორის ლოცვას, წელში გაიმართა, ფარდა გადასწია და ჭაღარაწარბებშეკრულმა მიაძახა:
- ეგ თორა ხვალ შებინდებამდე ჩემია.
- სანამ მაგ მჩხიბავობას თავს არ დაანებებ თორა ჩემთან იქნება. - რა ვერ გაიგე, შე ხისთავიანო, მჩხიბავი არ ვარ, ქალებს ვეხმარები ქმრების დაბრუნებაში, ქალებს.
- მაგიტომ მოდიან თავპირწაკრული დედაკაცები საკნის შენ მხარეს მოთქმა-გოდებით? მაგიტომ მიაქვთ ეგ აყროლებული საწამლავი და მერე სხვა ქალებს გულ-მუცელს უთუთქავენ? ნახევარი ქაბულელი ქალები შენს წამალზე ლოცულობენ, დანარჩენი ნახევარი კი შენი წამლის ნაყოფს - დაფუფქულ გულ-მუცელს, დატყავებულ თეძო-მკლავს და ჩალად ქცეულ თმას ტირის.
- რა გელაპარაკო, მაგ ცარიელ თავში მაინც არაფერი შეგივა, თორას კი ხელი გაუშვი, ჩემ მხარეს მიმაქვს - ისააკმა ხის კოვზი ისევ შარვლის უკანა ჯიბეში გაიქანა, მოხუცი ადამიანის კვალობაზე ზედმეტადაც კი გაიშალა მხრებში და ზებულორს თორა ხელიდან გამოსტაცა.
ზებულორი რისი ახალგაზრდა ზებულორი იქნებოდა, გადამხრჩვალი ისააკისათვის თორა რომ დაეთმო და ატყდა აყალ-მაყალი, დავიდარაბა, ტყაპა-ტყუპი, გაწევ-გამოწევა, ჩემია-შენია… და იმდენი ქნეს, სანამ ზებუნებრივი ძალით გადათეთრებული მიტკალი შავად არ იქცა და სიძველისაგან გადაყვითლებული თორა - ნაფლეთებად. მეციხემ (ასე მინდა ამ კაცს რომ ერქვას, პატარბავშვურად), ძლივს გამოწიწკნა ერთმანეთს მთელს ქაბულში გადარჩენილი ორად ორი ებრაელი - მოხუცი ისააკი და ახალგაზრდა ზებულორი და დაემუქრა, ამ აურზაურისათვის დაგსჯით - ფარდას ჩამოგიხსნით და მერე ჭამეთ ერთმანეთი თვალებითო.
წებო იქ არ იყო თორა რომ შეეკოწიწებინათ, და არც ფურთხი, რომ შეეწებებინათ - იმ უწყლობაში ისააკიც და ზებულორიც ისე გამომშრალიყვნენ, რომ იმდენი ცრემლიც კი აღარ ჰქონდათ სატირლად ღირებულიყო… უცრემლოდ ტირილს კი რა აზრი ჰქონდა…დაიხა თორა, დაიხა.
* * *
ქაბულში, ყვავილების ქუჩაზე, ოღონდ არ ვიცი, რომელი ყვავილების ქუჩაზე, იქნებ იორდასალამების, ან აზალიების, ან ლიანების, ან მაგნოლიების, ან ქრიზანტემების, ან უბრალოდ ყვითელგულა გვირილების ქუჩაზე, ხისკარა, არაფრით გამორჩეული, ცისფერი და ოთხკუთხედი, მთელს ქაბულში ერთადერთი სინაგოგა იდგა… და აბა რა გასაკვირია, რომ ყვავილების ქუჩაზე აუცილებლად უთვალავი ყვავილების მაღაზია უნდა ყოფილიყო. ჰოდა, ამ ქუჩის (მთელს ქაბულში მარტო ამ ქუჩის) მაცხოვრებლებს, ისეთი ყვავილების სუნი ასდიოდათ, მოსიარულე ადამიანების მოწყვეტა თუ არა, დაყნოსვა მაინც აუცილებლად მოგინდებოდა. ამიტომ იყო, რომ იქვე, „ქათმის ქუჩაზე“ მცხოვრებ კაცებს ძირითადად „ყვავილების ქუჩაზე“ მცხოვრები ქალები მოჰყავდათ ცოლებად… და მერე მთელი ცხოვრება ამ ყვავილა ქალებს ჭრელ-ჭრელი ქათმების დევნა და ოჯახისათვის მსუქან-მსუქანი დედლების ჩახოხბილის მზადება ჰქონდათ მისჯილი. მოსაწყენია არა?… თუმცა, ეგ არაფერი…
სამაგიეროდ, ქათმისჭამია ქმრები ყოველ საღამოს მეზობელ ქუჩაზე ყვავილების საყიდლად მიდიოდნენ, მერე თბილ აბაზანას ამზადებდნენ, ჩაყრიდნენ შიგნით ფერად-ფერად ყვავილებს, თავადაც გაიხდიდნენ, ცოლებსაც გახდიდნენ და სურნელოვან აბაზანაში გულის არანორმალურ აჩქარებამდე ეფერებოდნენ ერთმანეთს … მერე აუცილებლად იბადებოდა ერთი ყვავილების სურნელიანი და ერთიც ქათმისჭამია ბავშვი… აი ასე… ამ „ყვავილების ქუჩაზე“ დამსკდარ და მოყვითალო მიწაზე, ფეხშიშველა, უფრო სწორედ ტიტლიკანა ქაბულელი პატარა ბიჭები ისე დაიქნევდნენ პაწია „ჩიტებს“, ვითომც არაფერი, ისე, არც არაფერი…
ჰოდა, ეს ტიტლიკანა, პატარა ბიჭები მიაკაკუნებდნენ სინაგოგის ხის კარზე და თავქუდმოგლეჯილები (ეს ისე, სიტყვის მასალისათვის, თორემ ქუდები სად ჰქონდათ), რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, გარბოდნენ და გარბოდნენ. გამოაჭრიალებდა ზებულორი ან ისააკი სინაგოგას კარს, გამოჰყოფდნენ თავებს, გაიხედ-გამოიხედავდნენ, თუ ძალიან არ დაეზარებოდათ ხელებსაც გაიქნ-გამოიქნევდნენ და ისევ უკან შეიკეტებოდნენ.
არადა, ამ დროს ღმერთი წყრებოდა ქაბულის თავზე, რომელი ღმერთი, ეგ კი აღარ ვიცი. უღვთოდ შავთვალა თალიბები ისე დარიხინებდნენ ჭუჭყიანი „ჰამერებით“ ქაბულის ქუჩებში, რომ ქვის სახლებსაც კი ზანზარი გაუდიოდათ. თუ კარგად შეიყნოსავდი ჰაერს, რკინის სუნი გეცემოდა, მაგრამ სულ ტყუილად, რკინა არაფერ შუაში იყო… სისხლის სუნით ყარდა ქაბული…
- ზებულორ, აქ ხარ? ჩვენს მეზობლად აიდა რომ ცხოვრობდა გახსოვს? ცამეტი წლის ბიჭი ჰყავდა, სულ ერთად დადიოდნენ. ხალხი ამბობდა, ეგენი ისევ ჭიპლარით არიან გადაბმულები, ექიმმა ვერაფრით გადაჭრა და ბოლოს თქვა - რა ვქნა, განა არ შეიძლება დედამიწაზე ერთმა დედა-შვილმა მაინც იაროს სიცოცხლის ბოლომდე ჭიპლარით გადაბმულმაო? - სინაგოგის კარი შეაჭრიალა მესაფლავე ალიმ, რომელიც გამუდმებით რაღაცას აცმაცუნებდა და ფრჩხილები კი დღე და ღამე მიწით ჰქონდა გამოვსებული - და ეს ფრაზები ისეთი სხაპასხუპით წარმოთქვა, გაგიკვირდებოდა.
- ჰო, მახსოვს, როგორ არა, აიდა სულ რაღაც მელოდიას ღიღინებდა, როცა ფანჯრები ღია გვქონდა, ლოცვაში ხელსაც კი მიშლიდა.
- ჰოდა, ახლა აღარ შეგიშლის.
- რატომ?
- თალიბებმა მოედანზე ჩაცხრილეს, მაგის ცამეტი წლის ბიჭი კი იქვე სახელდახელოდ გამართულ სახრჩობელაზე ჩამოჰკიდეს. არ ყოფილან ის საცოდავები ჭიპლარით გადაბმულები. მოედანზე შეკრებილმა ხალხმა თქვა, ალბათ ამ დედამიწაზე ყველაზე მეტად ამ დედა-შვილს უყვარდა ერთმანეთი და იმიტომ დადიოდნენ სულ ასე ერთადო. რა ვიცი, აბა, მე ლეგენდა ჭიპლარზე უფრო მეტად მომწონდა.
- რას ამბობ კაცო? ის გაჩხინკული ბიჭი ჩამოახრჩვეს? ან როგორ სძლია ტანმა ჩამოსახრჩობად, უწონოს ჰგავდა… რატომ დახოცეს, ჰა, რა დააშავეს? - ჯაშუშები ხართო, მე ვერ ვერკვევი მაგ ამბებში, მოედანზე გაიყვანეს და ყველას თვალწინ ჩახოცეს.
- ისააკს არ უთხრა ეგ ამბავი, რა გაუძლებს მერე მაგის ჯუჯღუნს. ისედაც მთელი დღეები ცხვირჩამოშვებული დადის, მომაბეზრა თავი მაგ ბებერმა.
- ისევ ჭამთ ერთმანეთს?
- ამოიჩემა, ქაბულში უკანასკნელი ებრაელი მე უნდა ვიყოო და ისე მშხამავს, გველს შეშურდება. მალე ოთხმოცის ხდება. იცის, რომ შანსი არა აქვს.
- შენც მაგარი ხარ. შეეშვი რა…
- არა ალი, პატარაობისას სიზმარში მოსე ვნახე.
- რომელი მოსე, კაცო?
- მოსე, მოსე, ჩვენი მოსე… შენ არ გეცოდინება. იმან მითხრა, იცოდე, ქაბულში უკანასკნელი ებრაელი შენ უნდა იყოო. ჰოდა, ახლა მოსეს სიტყვას ხომ არ გადავუხვევ? წავიდეს და მდიოს, მოსემ მე ამირჩია…
- თქვენი საქმის თქვენ იცით, მე მარტო ის ვიცი, რომ ერთერთი ჩემი ხელით უნდა დაიმარხოთ - კარი გამოიჭრიალა ალიმ და მოედნისკენ წაფლახუნდა… მსოფლიოში ყველაზე მოსიყვარულე დედა-შვილი მზის ჩასვლამდე თეთრ სუდარაში უნდა გაეხვია და მერე ისედაც მიწიანი ფრჩხილები კიდევ ერთხელ უფრო მეტად უნდა ამოეტენა მიწით.
* * *
- ეგ დაუცვეთავი მახინჯი ეგა. ერთი უყურე რა ამბავშია. მოსე ვნახეო. მეტი დარდი არ ჰქონდა მოსეს, მაგის დაბლანდულ თვალებში გამოჩენილიყო. ამ სინაგოგადან სულ ბოლოს მე უნდა გამასვენონ. ეს თორაც გულზე უნდა დამაკრან და თან ჩამატანონ - ბუტბუტებდა ისააკი და თან თაფლის სანთელს ახვევდა. ხელის გულებს ისე გამეტებით უხახუნებდა ერთმანეთს, ცოტა ხანიც და ცეცხლი წაეკიდებოდა… ცეცხლი ახლად ჩამოქნილ, თაფლის სანთელს წაეკიდა… სინაგოგის კედელზე ისააკის ჩრდილი ჭერამდე წააგრძელა და ფარდის იქით, მეორე კუთხეში მდგარ ზებულორის ჭერზე აგლესილ ჩრდილს შეუერთა… დღეს ზებულორმა სანთლის ჩამოსაქნელი ცვილი ვერ იშოვა და ისააკის სანთლიდან დახლოებით სამი მეტრის და ისიც გახუნებული ცისფერი ფარდის იქით დაშორებით მდგარს მოუწია ჩუმი ლოცვა. ისააკი ისეთ გამარჯვებულ ებრაელად გრძნობდა თავს, წამით ისიც კი გადაავიწყდა, რომ მისი დედ-მამის გადამდნარი სხეულების ნაფლეთები გერმანელი ნაცისტების ჩექმების ლანჩებს ეკვროდა.
გახუნებული ცისფერი ფარდით სინაგოგა დაახლოებით ათი დღის წინ გადატიხრეს. ზებულორი და ისააკი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დღე-ღამის განმავლობაში ერთმანეთის ყურება მხოლოდ 5 წამის განმავლობაში შეეძლოთ და ისიც მაშინ, როდესაც ერთმანეთისათვის თორა უნდა გადაეცათ. თორის გადაცემის ტრადიციაც დაალოებით 11 დღის წინ დაამკვიდრეს. მიხვდნენ, რომ სხვა შემთხვევაში, თორას გულისათვის ატეხილი ჭიდაობისა და გაწევ-გამოწევის შედეგად შესაძლებელი იყო ეს წმინდა წიგნი საერთოდ შემოჰფლეთოდათ ხელებში და აი, მერე კი მართლა უნდა დაეხოცათ ერთმანეთი.
ისააკი ოთხმოცის, ზებულორი იმის ნახევარი წლისა იყო. ქაბულის პატარა სინაგოგას ჭერქვეშ კი ერთად სრულიად შემთხვევით, ექვსი წლის წინ აღმოჩნდნენ. ისააკის ცოლმა ვეღარაფრით გაუძლო თალიბების გრიხინა მანქანების საბურავების ღრჭიალს და ორ შვილთან ერთად ისრაელში გადაბარგდა. ზებულორმა კი ისრაელში დედ-მამა მოიმდურა და ქაბულში გადმოსახლდა. ეს სინაგოგაც სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა. ქაბულის ბაზარში ვაშლის საყიდლად გამოსულ ორკულულა ისააკს შორიდან მოჰკრა თვალი, უკან აედევნა და სინაგოგასაც მოადგა. მერე ისააკი ნამუსზე შეაგდო, შემომიკედლეო. ისააკმაც დაახლოებით ხუთწუთიანი ფიქრისა და თვალების ღამის ცაზე მიშტერების შემდეგ, ზებულორი თანამესინაგოგედ გაიხადა… და ერთკვირიანი მშვიდობიანი თანაცხოვრების შემდეგ ჭერი გაიხსნა სინაგოგას თავზე. ისააკმა ზებულორისაგან მოსეს სიზმარში ნახვის ამბავი მოისმინა და გაგიჟდა კაცი. კედლებს ურახუნა ჭაღარა თავი. მოვკვდები და ჩემამდე შენ გაგიტან მკვდარს ამ სინაგოგადან, ბოლო ებრაელი ქაბულში მე ვიყავი და ვიქნები კიდეცო.
მას შემდეგ რამდენჯერ გაუშველებიათ მეზობელ მუსულმანებს თავპირდალეწილი ებრაელები აღაც კი ახსოვთ. ყველამ იცოდა, თუკი მათთვის გაუგებარ ენაზე ბოხი ყვირილი და ბათქა-ბუთქის ხმა ისმოდა ე.ი. ისააკი და ზებულორი თორას ვერ იყოფდნენ. მუსულმანები უკვე იმასაც ვეღარ ითვლიდნენ რამდენჯერ გადაარჩინეს სინაგოგა ჩაწვა-ჩაფერფვლას, იმის გამო, რომ ზებულორი და ისააკი სანთლის დასანთებ ადგილზე ვერ თანხმდებოდნენ. სძულდათ ერთმანეთი ისააკს და ზებულორს, ისე სძულდათ, რომ ერთმანეთის დანახვაზე ტანზე უცნაური ხორკლები გამოსდიოდათ და სანამ ექვსქიმა ვარსკვლავთან თავჩაღუნულები ლოცვას არ წაიკითხავდნენ, ეს ხორკლები არადა არ უქრებოდათ.
* * *
თოთო ბავშვივით უცრემლოდ შესტირა ქაბულის ცამ. მოიღრუბლა, შეიშმუშნა, დაიმანჭა, ჩამობნელდა კიდეც, მაგრამ ბღავილი კი ვერაფრით გადაწყვიტა. ერთ ზეწარში გადაახვია ალიმ გულგამოგლეჯილი დედა და თვალებდაჭყეტილი უწონო ბიჭი. ერთი კაცისათვის გათხრილ საფლავში ჩაეტივნენ ორივენი… მერე უსაშველოდ ფხვიერი მიწა მიაყარა მკვდრებს და წავიდა…
…გუფტამ კი ლაბეტ, გუფტ ლაბამ ობ ჰეყოტ
გუფტამ დეჰანეტ, გუფტ ზეჰი ჰაბ ნაბოტ
გუფტამ სოკჰტეტუ, გუფტ ჰაფეზ გუფტო
შჰოდი ჰამე ლატიფე გუყონ სალუოტ…
ქაბულშიც დაიწყო მზემ ჩასვლა. ფანჯარა გამოაღო ზებულორმა, არსად ისმოდა აიდას ღიღინი, მართლა მოუკლავთ იმ თალიბებს აიდა და მისი საშინლად გამხდარი ბიჭი… გარეთ გამოვიდა ზებულორი, „ყვავილების ქუჩას“ ქვევითკენ ჩაუყვა - ყაყაჩოების პლანტაციისაკენ, ბალა-ჰისარის ციხესიმაგრის გარშემო გაშენებული ყაყაჩოების ზღვისკენ… მიუხედავად იმისა, რომ თალიბები ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანას შარიათის კანონების დარღვევად თვლიდნენ, ქაბულში ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან და სარფიან საქმედ მაინც ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანა ითვლებოდა. თან ისეთი ლამაზი იყო იქაურობა, ერთხელ თუ ნახავდი, მერე მთელი ცხოვრება ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს მაინც დაგესიზმრებოდა ეს შავხალა ყაყაჩოები. თავპირწაკრული ქაბულელები წაკუზულები მუშაობდნენ პლანტაციებში. დღისით პლანტაცია მიკროსოპში დანახული სარკომიანი ადამიანის სისხლს მოგაგონებდა - წითელ მინდორზე ამოყრილი მუსულმანების თეთრი უკანალებით, ღამით კი, აი ღამით…
დაღამდა ქაბულში…ყაყაჩოების წითელ მინდორზეც დაღამდა. ნეტავ სულ არ მოსულიყო ზებულორი აქ, ნეტავ თალიბებს იმ დედა-შვილის მაგივრად ეს დაეხვრიტათ და ჩამოეხრჩოთ, ნეტავ ისააკს მართლა ჯერ ეს გაესვენებინა სინაგოგადან და მერე თვითონ მომკვდარიყო, ნეტავ, ალის ცოცხლად დაემარხა თავისი შავფრჩხილებიანი ხელებით ზებულორი, ოღონდ აქ არ მოსულიყო ეს ებრაელი…
ჯერ თვალები კარგად მოისრისა, მერე იფიქრა, ალბათ ყაყაჩოების სუნმა გამაშტერაო და გაიყურსა, რა ვიცი, იქნებ მართლა ყაყაჩოების ბრალი იყო… აბა, ამ სიბნელეში, ამ სიშავეში რას აკეთებდა ეს გოგო? ან თავზე რატომ არაფერი ეფარა? ან ასე უღმერთოდ გრძელი და შავი თმები როგორ გაიზარდა? ან ცალი თვალი კატისას რატომ მიუგავდა და მეორე შავი მაყვლისას? ან გრძელ თითებზე წამოცმულ ბეჭდებს ძირს რატომ ყრიდა და მერე ისევ თავიდან იკეთებდა? ან ამ ღამეში ასე თეთრად რატომ მოჩანდა? ან ტანზე ყაყაჩოსფერი სიფრიფანა ფარჩის გარდა რატომ არაფერი ეცვა? იქნება სულაც ყაყაჩო იყო - ქალი ყაყაჩო… მუსულმანი ქალი ყაყაჩო… ყაყაჩოდან ამტვერებული ქალი-ყვავილი… ან სულაც ბალა-ჰისარის კედლებიდან გადმოსული მოჩვენება… არ იცოდა ზებულორმა ვინ იყო ეს ქალი, არც ის იცოდა, მოჰკლავდა თუ გააცოცხლებდა მასთან მიახლოება, მაგრამ ის კი ნამდვილად იცოდა, რომ თუ არ შეეხებოდა, მერე მთელი სიცოცხლე ამაზე იდარდებდა… შეეხო კიდეც…
* * *
ყოველ საღამოს, როცა სისხლში თეთრი ბურთულაკები მინიმუმამდე მცირდებოდა და წითელი სითხე ჯანმრთელი ადამიანის სისხლად იქცეოდა, ზებულორი ყაყაჩო-ქალას მტვრიან ფეხისგულებს ებრაული ენით ბალა-ჰისარას ციხის კედელთან ლოკავდა და სულ არ ადარდებდა, ეს მუსულმანი კატ-მაყვალ-თვალა ქალი ტვინის დაქვეითებამდე რომ უყვარდა. მერე რა, ერთმანეთის ენა რომ არ ესმოდათ… სამაგიეროდ ხაოიანი ენის სისველეს ერთმანეთის სხეულებზე გრძნობდნენ… მეტი რაღა უნდოდათ…
სინაგოგაში აყალმაყალმაც იკლო. ზებულორს აღარ სცხელოდა ისააკთან საჭიდაოდ. თან ფარდის ჩამოფარებამაც ხელი შეუწყო დროებით დაზავებას… თან ყაყაჩო-ქალამაც…
არ ღირდა ბალა-ჰისარას ციხესიმაგრესთან ხუმრობა. ჯერ მარტო იმიტომ, რომ ქაბულელები იქაურ ავსულებზე ათას ლეგენდას იგონებდნენ და კიდევ იმიტომაც, რომ თალიბებმა ის ტერიტორია რამდენიმე წლის წინ ისე გულიანად დანაღმეს, ეშმაკსაც გაუკვირდებოდა…
* * *
სიზმარი ნახა ისააკმა, ცუდი სიზმარი. დილით წამოდგა, ფარდა გადასწია, ზებულორის მხარეს გაჰყო თავი და გასძახა:
- ვერა ვნახე კარგი სიზმარი, წითელი ქუდი გეფარა თავზე, მოსეს შენსკენ ხელი გამოეშვირა, შენ კიდევ გაჰკიოდი, სინაზე მე უნდა ავიდე, შენ თავი დამანებეო. ცუდის ნიშანი უნდა იყოს ესა, ცუდის ნიშანი…
ზებულორმა ყური მოიყრუა, გულში კი მოხვდა ისააკის სიტყვები. ნეტავ სულ არ ამოსულიყო იმ დღეს მზე ქაბულის ცაზე, საღამოთი ხომ მაინც ატირდებოდა ზებულორის ცოდვით…
* * *
ვის გინახავთ თეთრი ყაყაჩოები? შავხალება თეთრი ყაყაჩოები? …
ბალა-ჰისარას კედლებს და ზებულორს ისე შეესხა ყაყაჩო-ქალას სისხლის წვეთები, თითქოს ცივ ქვებსა და ზებულორს ყაყაჩოებმა გამოაყარაო. ისე გაქრა ყაყაჩო-ქალა, რომ ზებულორს შვიდი წვეთი სისხლის მეტი აღარაფერი დაუტოვა… ნაღმზე აფეთქდა ყაყაჩო-ქალა… მაშინ გაწვიმდა ქაბულში…
* * *
საღამოთი თალიბები დაადგნენ ზებულორსა და ისააკს, ავტომატის კონდახებით დაუტეხეს თავები, ხაკისფერ მანქანაში ჩაყარეს ორივე და სინაგოგას ცეცხლი მიუკიდეს… ზებულორი სიცივემ გამოაფხიზლა, ბნელი საკნის შმორიან იატაკზე პირქვე იწვა და ცხვირიდან სისხლი სდიოდა. გვერდით ისააკი გაშოტილიყო გულაღმა, ხელში კი თორა ჩაებღუჯა.
* * *
ჰოდა, ეს თორა დახიეს ზებულორმა და ისააკმა წუხელ. ძალით არა, ისე, შემთხვევით შემოეხიათ და ახლა რაღა აზრი ჰქონდა ტირილს, როცა ზებულორს უკანასკნელი ცრემლები ბალა-ჰისარას კედლებთან დასცვივდა ყაყაჩო-ქალას სისხლის წვეთებთან ერთად… აღარც ისააკს ჰქონდა ცრემლები… ცეცხლწაკიდებულ სინაგოგას მიაყარა მუჭებით, იქნებ ჩავაქროო…
* * *
დღეს ქაბულის ციხისთვისაც გაიმეტა მზემ ერთი სხივი… ზებულორის და ისააკის საკანში ზოლად შევიდა და დაძონძილი ფარდა შუაზე გახსნა. სიჩუმე იდგა. შუადღემდე ზებულორი საკნის საკუთარ მხარეს იჯდა გაშტერებული და თორას დახევის ამბავს დარდობდა…ეს სიჩუმე რომ ვეღარ აიტანა, ისააკს გასძახა:
- ახლა ხომ ხარ კმაყოფილი? ხომ მიიღე რაც გინდოდა, იჯექი ახლა და შესცქირე მაგ დაფხრეწილ თორას, ჩამოვა მოსე და გაგიმრთელებს. ხმა ამოიღე, არ გესმის?
მდინარე ქაბულს ჩაუყვა, მზე ჩავიდა, გადავიდა, მოსაღამოვდა. რკინის გისოსებიან სარკმელს წითელ-გულა პაწია ჩიტი შემოაფრინდა. ზუსტად იმფერ-გულა, რა ფერის ფარჩაც ყაყაჩო-ქალას ეცვა ხოლმე. სიჩუმისაგან ენადაბუჟებულ ზებულორს ხელისგულებზე დააფრინდა. ცხვირთან მიიტანა ზებულორმა მუჭადშეკრული ხელისგულები და გათეთრდა - კატ-მაყვალ-თვალა ჩიტი მოფრენილიყო ამ ებრაელთან. ფარდა გადასწია ზებულორმა და სიბნელეში, საკნის ცივ და მაგარ საწოლზე გაწოლილ ისააკს გასძახა, მოვიდა ისააკ, ისევ მოვიდა… გესმის ისააკ?
- ისააკ, მოკვდი?
- ჰო, მოვკვდი…
ისააკი ერთადერთი მიცვალებული იყო დედამიწის ზურგზე, რომელიც მიხვდა, რომ მოკვდა და ხმამაღლა აღიარა…
ბმული:
*
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0unikumu1--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&c=unikumu1&cl=CL4&d=HASH012f0ff1eac3967cf53be3e4.2.1