
"გადმოცემა გვაუწყებს, რომ გაბურთა წინაპარი თავდაპირველად ჭიშეხს (ახლანდელი ნასოფლარი ხორნაულთა) დასახლებულა. მასთან ერთად იქ უცხოვრია გიგაურების გვარის რამდენიმე წარმომადგენელს, მაგრამ აქედან მალევე აყრილა და სოფელ ჯუთაში გადასულა:
"ერთი არხოტიონი, გვარად გაბური, 1773 წელს მეფე ერეკლეს სწერდა: "იმ დღეს რომ ვეფხვი მოგართვი, მე ისა ვარ..." ასე ახსენებდა თავს და ჯუთაში დასახლების ნებართვას სთხოვდა", – გადმოგვცემს ო. ლომთაძე.
ხორნაულთ მთიდან სოფელ ჯუთაში გადასახლების მიზეზებს ბესარიონის ქალიშვილი, ნინა გაბური ასე იხსენებს:
"ჭიშეხ ჩვენ წინაპარ დიდხანს არ დამრჩალ... იმით, რო კერიაზე იფნ ამასულ და თან გველ ამაჰყოლავ, მირგვლივ შამახვეულ. ეგ კარგის ნიშანი არ ას... ჩვენ სამყოფო აქ არ ასავ, აქ დარჩენა არ შაიძლებისავ, უთქომ ჩვენ წინაპარსა და ჯუთას წამასულ".
ზურაბ კიკნაძე საგანგებოდ მიმოიხილავს "ჯვარჩენას" (იფანი კერიაში) და მას უძველეს ანდრეზად მიიჩნევს".
ზურაბ კიკნაძე
იფნი კერიაში
ერთ დილას კერიაში, იქ, სადაც ცეცხლი უნდა დაინთოს, ხე ამოდის იმის ნიშნად, რომ ჯვარს სურს ეს ადგილი დაიჭიროს. უადგილო ადგილას იფნის ამოსვლით ჯვარი მოსახლეს ეუბნება, რომ მისი კერია ამიერიდან სოფლის საყოველთაო კერად უნდა იქცეს. თუ მოსახლე განჭვრეტს ჯვარის მინიშნებას» იგი თმობს საკუთარს საზოგადოს სასარგებლოდ. მის სამოსახლოში ჯვარი დაარსდება სოფლის მფარველად, მოსახლე კი საცხოვრებლად სხვა ადგილს აირჩევს.
და რადგან მან დათმო კერძო, ამიერიდან იგი ჯვარის რჩეულია და ჯვარი იმსახურებს მას.
მაგრამ თუ მოსახლემ კერიაში იფნის ამოსვლით ჯვარის ნება ვერ ამოიცნო, აკაფა კერიაში ამოსული იფნი და მეორე დილასაც, როცა ხელახლა ამოსულ იფნს გველი ამოყვა, ხე გველთან ერთად აკაფა, მესამე დღეს გველი საკიდელს ჩამოყვება და ყველასგან უხილავად ქვაბში ჩაძვრება, სადაც კერძი იხარშება. ყველა, ვინც კერძს იგემებს, დაიღუპება, გადარჩება ძუძუთა ბავშვი, რომელიც ხედავდა ქვაბში ჩამძვრალ გველს, მაგრამ ენით ვერ გამოეთქვა დანახული, და გადარჩება დედაც, რომელიც ბავშვის დაწყნარებას მოუნდა და ვერ იგემა მოწამლული კერძი. ამ ბავშვზე აღორძინდება გვარი.
ამ პერიპეტიებს შეეძლოთ ეს ანდრეზი ეპოსად ექციათ, მაგრამ თუ ჩამოვფერთხავთ ამ ყველაფერს, ჩვენ წინ აღმოჩნდება სამი სიტყვა: "პატრონი დაუბრუნდა კერას".
ასეთი ახსნა აქვს სოფოკლეს "ელეკტრაში" მოთხრობილ სიზმარს, რომელიც კერიაში ამოსული ხის მოტივზეა აგებული. კლიტემნესტრას შურისგების მოლოდინში ესიზმრება სიზმარი, რომელსაც მისი ასული აცხადებს:
"ამბობენ, კვლავ სამზეოზე მოვლენილი მამაჩვენი უნახავს. ჩაურჭვია კერაში თავისი კვერთხი, რომელიც ერთ დროს მას ეპყრა, ახლა კი ეგისთეს ხელშია. მაღლა აზრდილა, შეფოთლილა და მთელი მიკენის მიწა დაუჩრდილავს".
ამ მოტივით ("ხე კერიაში"), რომელიც სხვაგან ვერსად დავადასტურეთ, ეხმაურებიან ერთმანეთს გადაკარგული ხევსურეთის და მზით განათებული ელადის, ერთმანეთთან ისტორიული მნიშვნელობით შეუწონადი ცივილიზაციები.
"ნინა გაბურის მონაცემებით, ჯუთას წასული გაბურები აქაც არ დაჩენილან დიდხანს. რამდენიმე წელიწადში აქედანაც აიყარნენ და არხოტისაკენ გაეშურნენ. არხორიონთა მეხსირებას დღემდის შემორჩა წინაპართაგან გადმოცემული ამბავი, რომ გაბურები სოფელ ჭიმღაში "ხატის მიყვანილებად" ითვლებიან.
"ჭიმღას წელწად დილას ჯვარში ყოფილან... დასტურ–ხელოსნად... თეთრაულ ვინ იქნებოდ...
კაცმ გაიარავ, ფანჯარაშიით ვნახეთავ...
გამავედითაო და ბექთან რაიმ გავიდოდავ პერანგიანივ.
... იის გაბურ ყოფილ.
ჯვართ მაიყვანესავ გაბურნივ ჭიმღასავ, – თქვიან.
ის პერანგიან ჩვენ წინაპარ ყოფილ. ჯუთით ჭიმღას ჯვართ მაუყვანავ...
წინავ ქადაგ იტყოდ ხატის სურვილს...
ქადაგის ნათქვამ თქვიან, გაბურნივ ჯვართ მაყვანილნიავ ჭიმღასავ...
აიმის მემრ დასახლებულან ჭიმღას.
ჭიშველის სალოცავ გაბურთ სალოცავ ყოფილ".
ნინა გაბურის ეს მოგონებები სანდო და უტყუარია".
მანანა გაბური – "ბესარინ გაბურის ცხოვრება, შემკრებლობითი მუშაობა და შემოქმედება", გამომცემლობა "ბასიანი", თბ. 2009 წ. გვერდები 9–11.