არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ჯუმბერ თითმერია

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ჯუმბერ თითმერია Empty
PostSubject: ჯუმბერ თითმერია   ჯუმბერ თითმერია EmptyWed Jan 26, 2011 10:40 am

ჯუმბერ თითმერია Nekr-1
Jumber Titmeria

ჯუმბერ თითმერია (1939-2007)
მწერალი, ჟურნალისტი

დაიბადა 1939 წლის 20 თებერვალს, ზუგდიდში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1962 წელს.
გაზეთ "კრიმინალური ქრონიკის" მთავარი რედაქტორი.
სხვადასხვა დროს იყო საქართველოს კინოგაქირავების კანტორის რედაქტორი, ალმანახ "კრიტიკის" და "საბჭოთა ხელოვნების" პასუხისმგებელი მდივანი, მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთირთობათა კოლეგიის განყოფილების გამგე, გაზეთ "ლიტერატურული საქართველო"-ს განყოფილების გამგე და მთავარი რედაქტორი.
თარგმნა და გამოსცა 17 წიგნი.
გარდაიცვალა 2007 წლის იანვარში, 67 წლისა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
* საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
* საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები
* ფრიტოფ ნანსენის საპატიო მედალი
* ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია
* საუბრები : დიალოგებისა და საუბრების კრებული (ავტორი). - თბილისი, საარი, 2004. - 192გვ.. - ISBN: 99940-29-20-7
* ისევ... დრო. ფიქრი. სიტყვა (ავტორი). - თბილისი, საარი, 1999. - 392გვ.. - ISBN: 99928-39-00-7
* იაკობის სამრეკლო : წერილები, მოგონებები იაკობ გოგებაშვილზე (შემდგენელი). - თბილისი, განათლება, 1990. - 604გვ.
* აკაკის სამრეკლო : წერილები, მოგონებები (შემდგენელი). - თბილისი, განათლება, 1990. - 494გვ.
* ილიას სამრეკლო : ლიტ.-პუბლ. სტატიების კრებული (შემდგენელი). - თბილისი, განათლება, 1987. - 575გვ.
* პანორამა : წერილები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1986. - 199გვ.
* დრო. ფიქრი. სიტყვა : ლიტერატურული წერილები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1979. - 286გვ.
* ვაჟა-ფშაველა ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ (შემდგენელი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1967. - 361გვ.

ბმულები:
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000441/
* http://www.bu.org.ge/x1338?lang=geo

study


Last edited by Admin on Fri Mar 15, 2019 9:50 am; edited 5 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ჯუმბერ თითმერია Empty
PostSubject: Re: ჯუმბერ თითმერია   ჯუმბერ თითმერია EmptyWed Jan 26, 2011 10:47 am

ჯუმბერ თითმერია Guram_18

„ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“-სა არაფერი მწამს...

(ჯუმბერ თითმერიას ინტერვიუ გურამ დოჩანაშვილთან)

„ ... მკითხველზე, შეესაძლოა რამდენადმე მოგვიანებით, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობ. ვინც მკითხველზე არ ფიქრობს, ვერ გამიგია ტყუილ - უბრალოდ რატომ იგდებს თავს ისეთ შრომაში, კატორღაზეც რომ უარესია...“ - გურამ დოჩანაშვილი

- ბატონო გურამ, ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თქვენს მოთხრობებს, რომანებს, კინოსცენარებს, ესეებს, პუბლიცისტურ წერილებს. თქვენი, როგორც მწერლისა და მოქალაქის, პოზიცია, ყოვლის უწინარეს, მათში ჩანს. ამდენად, ცხოვრებასა თუ ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, ადამიანის, საზოგადოების, ერის სულიერ საწყისებზე, მათს ბუნებაზე თქვენი შეხედულებები მათში უნდა ვეძიოთ. თუმცა არის ერთი მაგრამ... აი, მე აქ უკვე წამომცდა სიტყვათშეხამება თუ სიტყვათწყვილი: «მწერალი და მოქალაქე»... მწერალი თავისთავად ხომ არ გულისხმობს მოქალაქეს. შეიძლება დიდებული მოქალაქე იყო, მაგრამ მწერალი არ იყო, ოღონდ იმაში, რასაც მწერალი ჰქმნის, ვფიქრობ, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ყოველთვის ირეკლება ის, რაც პიროვნების, მოქალაქის არსებაში სუფევს, ასე ვთქვათ, «კოკასა შიგან რაცა დგას»... რას იტყოდით ამის თაობაზე?

- თქვენს შეკითხვაში, ბატონო ჯუმბერ, ისეთი სისწორეა, რომ ძნელად თუ ბევრს დავუმატებ. რაღა თქმა უნდა, ნაწარმოები ყოველთვის მწერლის «კოკასა შიგან რაცა სდგას»-აა, ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს, მაგრამ ჩვენში, განსაკუთრებით იმ სამოცდაათ წელიწადში, მწერალი თუ სვინდისზე ხელს აიღებდა, და შეუდგებოდა სიყალბეს, ძალიანაც ადვილი იყო ამღვრეულ წყალში მოოქროვილი თევზების ჭერა. - თუმცა, ესეც ხომ «კოკასა შიგან რაცა სდგას...»-აა. არაა საჭირო მათი ჩამოთვლა, თავისი ეყოფათ, დიდად თავშისაცემი კი ისაა, ზოგიერთი მათგანი ერის მამებადაც კი თითქმის საყოველთაოდ იყვნენ შერაცხილები. მათ დაუსახელებლობას ისიც მავალდებულებს, რომ სახარებისეული - ნუ განიკითხავთ, განმკითხველი სხვაა - არ მაძლევს ამის უფლებას.

სამაგიეროდ, სიხარულით ჩამოგითვლით ზოგ მათგანს, ვინც უპატიოსნესი მწერლური ცხოვრებით იცხოვრა - ნიკო სამადაშვილი, ლევან გოთუა, რეზო ინანიშვილი, გურამ რჩეულიშვილი, ჯემალ ქარჩხაძე... საბედნიეროდ, ეს ჩამოთვლა არასრულია. ღმერთმა აცოცხლოთ და, რაღა თქმა უნდა, ცოცხლებზე თავს ვიკავებ, მათზე «ბოლომდე»-ს თქმა, რაღა თქმა უნდა, ვერ შეიძლება, რამდენიმე მათგანის იმედი კი დიდი რწმენით მაქვს.

თუმცა, ეგრეთ წოდებული მოწამლული და მოსაწამლი და საშინელი დრო, მეორეს მხრივ, არცთუ დიდი იმდენად დაუძლეველი უბედურებაა, რადგან მწერალს გამოსახვის უფრო რთულსა და მოქნილ ხერხებს აძებნინებდა, თანაც ცენზურაში, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, გონებით არცთუ გამჭრიახი ადამიანები ისხდნენ; და თუნდაც ის, რომ ბევრი რამ თავიანთთვის მიუღებელი და საშიში გინდაც ზედმეტადაც კი ელანდებოდათ, დიადი კანონით მაინც იბეჭდებოდნენ გალაკტიონი, ტიციანი, ტერენტი... აგერ, ჩვენი ძვირფასი ჯემალ ქარჩხაძე.

მწერალი, რაღა თქმა უნდა, მოქალაქე უნდა იყოს ამ სიტყვის ისეთი მაღალი მნიშვნელობით, გინდაც მაგიდას არ სცილდებოდეს და ქალაქ-ქალაქად არ გადიოდეს. იყვნენ, არიან ნაღდი მწერლები-ტრიბუნები და ნაღდი მწერლები-განდეგილები; რითი არ იყო საქართველოს უერთგულესი შვილი დავით გურამიშვილი, უკრაინაში რომ დასახლდა? დღეს, ამდენი ხნის შემდეგაც კი, «დავითიანი» - დ. გურამიშვილისთანა საქართველოს მოქალაქე, სხვისი არ ვიცი და, მე არ მეგულება.

ისე კი, ზედაპირული გაგებით, გალაკტიონი და რჩეულიშვილი ფიზიკურ თუ უხილავ მაგიდასთან - ანუ ყოველგან, ნაზად მოველურო ოცნებასა თუ «დაუდევარ» ყოფა-ცხოვრებაში ხომ ნამდვილად მეტნი იყვნენ, ვიდრე «მოქალაქე», ამ სიტყვის სახლმმართველისა თუ სახალხო რაზმელის ან ქუჩაში მოძრაობის წესების დამცველისდა მიხედვით და გაგებით? და ვთქვი მეც, რაღა, არა?

- თქვენ იოლად წასაკითხი, როგორც იტყვიან, თვალის გადავლებით წასაკითხი მწერალი არა ხართ, მაგრამ მაინც არ გაკლიათ პოპულარობა. ეს ასეა და ეს თქვენ იცით. გთხოვთ გააცხადოთ ჩვენთვის, მკითხველებისთვის, თვით წერის პროცესში რამდენად ფიქრობთ ჩვენზე. წერის პროცესში ხომ არ არის ისეთი, ზოგჯერ ხანგრძლივი დროც კი, როცა საერთოდ «ეთიშებით» მკითხველს, ან, პირიქით, უნებლიედ, თუ სავსებით გაცნობიერებულად, მიზანსწრაფულად ფიქრობთ მასზე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას გთხოვთ ძირითადად პირადად თქვენი შემოქმედებითი პრაქტიკიდან გამოხვიდეთ.

- როგორც თქვენ აღნიშნეთ, წერის დროს, პირველი ცდებისას არამცთუ მკითხველს, საკუთარ თავსაც კი ვეთიშები, ოღონდ უნებურად, რადგან მწერალი, ჩემი ღრმა რწმენით, ჯერ გადამწერია იმ ამოუხსნელი წყალობა-მოვლენისა, მარტივად «მუზა»-საც რომ ეძახდნენ ჯერ კიდევ როდის. მაგრამ მერე და მერე, წინადადებისა თუ აბზაცის, თუ მთლიანად ამბის, ასე მეხუთე-მეშვიდე გადაწერისას, როგორღაც თანდათან ვუერთდები ჯერ საკუთარი თავით, მერე კი არ არსებობს ჩემთვის ორი სიტყვისაც კი ისეთი შეხამება, რომელიმე ჩემთვის სასურველ მკითხველს რომ არ დავუქვემდებარო არა, მაგრამ როგორღაც მაინც არ შევუფარდო; ვიცი სწორად გამიგებთ, მაგრამ ამ საქმეში ერთ-ერთი თანავტორი, ანუ თანამკითხველი, ჩემთვის, ყოველთვის სხვაცაა. ისე კი, მწერალი, საერთოდ, თავისი თავის მიუტევებელი, გამომძიებელ-პროკურორივით მკითხველი უნდა იყოს; მეტიც - შარიანი.

ასე რომ, მკითხველზე, შესაძლოა რამდენამდე მოგვიანებით, მაგრამ საბოლოოდ ყოველთვის ვფიქრობ; ვინც მკითხველზე არ ფიქრობს, ვერ გამიგია ტყუილ-უბრალოდ რატომ იგდებს თავს ისეთ შრომაში, კატორღაზეც რომ მეტია. თუმც, შრომაც არის და შრომაც... მუზის ნაირსახეობა ხომ გრაფომანსა და მეანონიმურესაც კი სჭირდებათ.

არადა, «ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი»-სა არაფერი მწამს. ეს, ალბათ, გინდაც თვალშისაცემი, მაგრამ მაინც დაბალი ნიჭია შემოქმედისათვის ვერსაკმარი. ნამდვილი ნიჭი ყოველი განხრის შემოქმედს ვერ მოასვენებს. როსინი დიდი გამონაკლისი არ იყო, უკვირდა, რატომ ჰგონიათ სხვებს სეირნობისას თუ დროსტარებისას მუსიკას არ ვწერო...

ასე რომ, მკითხველზე ყოველთვის ვფიქრობ; უღრმეს პატივისცემასთან ერთად, მგონი, სიფაქიზითაც, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის «არასასიამოვნო» ადგილები არცთუ იშვიათად მაქვს.

- მსოფლიო ლიტერატურის დაყოფა მატერიკულ, კონტინენტურ ლიტერატურებად მისი, ალბათ, სწორხაზოვანი, მექანიკური დაყოფაა, მაგრამ, ხალხნი ვართ და, მთელი ცხოვრების მანძილზე ან, ასე ვთქვათ, ციკლურად, გამორჩეულად გვიზიდავს რომელიღაც ერთი კონტინენტის ლიტერატურა, ხელოვნება და ა. შ. ვთქვათ, თავის დროზე პირადად ჩემთვის თანამედროვე ლათინური ამერიკის ლიტერატურის აღმოჩენა ისეთივე მოულოდნელობა იყო, როგორი მოულოდნელობაც იყო დანარჩენი სამყაროსთვის ოდესღაც ამერიკის კონტინენტის აღმოჩენა. რა «სისუსტეებს» განიცდით ამ მხრივ?

- მწერლობით ვერცერთი დიდი ქვეყანა - შუამდინარეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, რუსეთი, გერმანია, ინგლისი, იტალია, ამერიკა, იაპონია, ლათინური ამერიკა, სკანდინავია, - ერთად აღებული ვერ მომცემდა იმას, რასაც ჩემი მარადი და თვალუწვდენელი მატერიკი - საქართველო... თან, მადლით, ეს რა შემოქმედები გვყვანან, თუნდაც ეკლესიების აღმშენებლები! ჩემთვის კვეტერასთანა ეკლესია დედამიწის ზურგზე არ დგას; ჯერ მხოლოდ ხალხური შემოქმედება, იმითაც კი ვარ ბედნიერი, რომ ჩვენი ცეკვები და სიმღერები თუ საერთაშორისოა, ჩვენი ხალხური პოეზია მხოლოდ ჩვენია, ჩვენი... მეპატიოს.

ხოლო დღევანდელ, ამ გაჭირვებულ საქართველოში იმდენი იმედისმომცემი კი არა, უკვე მყარად საიმედო ახალგაზრდა ხელოვანი მეგულება, გაგიხარია... თუნდაც მხოლოდ პოეზიაში ისეთი ორი ვინმე მეგულება, ასეთ ვთქვათ, სხეულებრივადაც ცოცხალი ორი პოეტი გვყავს, დიდწარსულიდან, ისე კუთვნილად გვივის, ასე მოკაკვულები არ უნდა ვიყოთ, და, მერწმუნეთ, «ორი» ამ შემთხვევაში დიდი და ბევრი და საამაყო რიცხვია...

რაც შეეხება პროზას, ოთხი ისეთი მოთხრობა მეგულება, აგერ, ახლახანს დაწერილი, რომ, ეს «რაც კარგები ვართ» ...-ით არ მომდის, მოცულობით საშუალო ზომის მოთხრობებში მათი ბადალი სხვაენოვანი ოთხი არ მეგულება, ესენია რევაზ ინანიშვილის «თოვლი», გიორგი ლეონიძის ერთ-ერთი მოთხრობა «ნატვრის ხე»-დან, გურამ რჩეულიშვილის «შაშას რევოლუცია» და ჯემალ ქარჩხაძის «იგი». არ ვიცი რამდენად სწორი ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამაში, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად მახსოვს უცხო ენებზე სხვადასხვა საუკუნეებში დაწერილი აღსაფრთოვანებელი და მოსაწიწებელი მოთხრობები, მაგრამ ამ მოსაზრებაზე მაინც მყარად ვდგავარ; ჩემი ოცნებაა ოთხივე მათგანზე ვრცელი წერილი - დასაბუთება დავწერო, რადგან, ალბათ, ბევრი შეცბუნდება ამ ჯერ მხოლოდ ზედაპირული განაცხადით.

ასე რომ, თქვენგან თავაზიანად ნახსენები «სისუსტე» ჩემი სისუსტე კი არა, თავი და თავია.

და თანაც, მაინც არა მგონია, რომ ჩემსავით ბევრი ამერიკელი აფასებდეს და ეთაყვანებოდეს ფოლკნერს, აუარება ესპანელი - სერვანტესს, ზოგიერთი რუსი - სალტიკოვ-შჩედრინს, ფრანგები - ფლობერს, დანიელები - ანდერსენს, მაგრამ ჩვენზე, საბედნიეროდ, არცთუ უიშვიათეს ნაღდ ქართველ მკითხველზე მეტად - ვერა. ეს წინააღმდეგობა არაა. ეს ლიტერატურის ყოვლისმომცველობაა, ჩვენ, მკითხველები, სიტყვისმიერი ერთი დედმამიშვილები ვართ, გინდაც თარგმანით მოწოდებულის, და მაინც, როგორღაც მაინც მეჩვენება, რომ ჩვენი, ქართველების, ზოგ შემთხვევაში უაღრესად გამართლებული უკიდურესობით, ისეც ხდება, რომ არა მგონია ვინმე უცხოს უყვარდეს კი არა, ისე შეშლილი იყოს, თუკიღა მოეძევება, თავისი ვაჟა-ფშაველათი, როგორც ჩვენი ალაზა ხაიაური, ნათელი მის ხსოვნას, იყო, და ქართულის დიდებული მასწავლებელი, ბატონი შალვა გიგაშვილი, აქეთ ილია ჭავჭავაძე რომ დაგედოთ და იქით - მთელი ადამიანეთი, ნამდვილად ვიცი საითკენაც გასწევდა.

- მწერალზე მთავარ გავლენას რა უფრო ახდენს - ცხოვრება თუ წიგნი, თუ ორივე ერთად? ან ხან ერთი, ხან მეორე? თუ, არსებითად ცხოვრება და წიგნი ერთი და იგივე რამაა? რასაკვირველია (არა ყველასთვის), იმ აზრით, რომ ლიტერატურა მხოლოდ, ან, ძირითადად, რეალურად ყოფის ასახვაა... მოკლედ, გთხოვთ ისაუბროთ...

- ცხოვრებასა და წიგნს გააჩნია. იტალიითა და ესპანეთით საქართველოს შემდეგ ვაბოდებ, ჩემი ზოგიერთი მოთხრობისა და რომანის მოქმედებაც ვითომ ჩემთვის შედარებით საყრდენ ქვეყნებში ხდება (თუმც მანამდე არცერთი არ მენახა), მერე ესპანეთში ჩასვლის ბედნიერებაც კი მომეცა, მაგრამ ვერაფერი აღმომიჩენდა ისეთ მაღლურად ნამდვილ, ბედნიერ თავზარდაცემამდე ამაღლებულ და ნამდვილ ესპანეთს, ხიმენესის «პლატერო და მე»-მ რომ დამატარა. მაგრამ, სვანეთში რომ რამდენჯერმე ვიყავი?... და, როგორ ვიცი, ყოველგვარი წიგნების გარეშე, თუმც, სიმღერაცა და ზეპირი პოეზიაც უდიდესი წიგნებია, რაღა თქმა უნდა, მათ შორის ჩემი დიადი სვანეთისაც. ახლახან მიხო მოსულიშვილის პიესა წავიკითხე აფხაზეთის ომზე. ხომ ვიცით, როგორც განვიცდიდით აფხაზეთის ომს, მაგრამ ამ უაღრესად დიდმა პიესამ თავიდან კი არა, უფრო მეტადაც კი განმაცდევინა თითქოს უკვე განცდილი უბედურება; არადა, იქ რომ ვყოფილიყავი... მაშინ?.. ბატონო ჯუმბერ, მოკლედ, - არ ვიცი.

- ხშირად გაგვიგონია და წაგვიკითხავს, რომ მწერალი ცხოვრებას სწავლობს... კი, ბატონო, ის ცხოვრებას სწავლობს, ან, იქნებ, ცხოვრება ასწავლის მას თავის თავს. მარტივად რომ ვთქვათ, მიზანსწრაფულად, გეგმაზომიერად, პროგრამულადაც რაღაც პრობლემის, რაღაც რეგიონული თუ მსოფლიო სატკივარის და ა. შ. შესწავლა შეიძლება და საჭიროა, მაგრამ ხომ არ არის რაღაც ისეთი, რასაც, რომ არ გიფიქრია, მიზნად რომ არ დაგისახავს, რომ არ დაგიპროგრამებია, ისე სწავლობ?

- რა თქმა უნდა. ცხოვრება, სიცოცხლე იმიტომაცაა ისეთი იდუმალებით მიმზიდველი, რომ ის, რაც არ დაგისახავს და ვერც იოცნებებდი, ისე დაგატყდება თავს, ან მტრისას, ან მოკეთისას, თან ეს მოულოდნელობა უფრო დამაფიქრებელი და შესასწავლია. საერთოდ კი არაფერია არშესასწავლი - საკუთარი უქნარობა, სიზარმაცე, და ამეების შესწავლაც კი.

ალბათ, ბევრისთვისაა ცნობილი, რომ ერისათვის განსაკუთრებულად ამაღლებული, საჭირო ნაწარმოებები სწორედ ერის უკიდურესი გაჭირვების დროს იქმნება. მოწესრიგებულ და დალაგებულ ქვეყნებში, როგორც წესი, დიდი შემოქმედი არ ვლინდება.

შესაძლოა ვინმემ ამის საწინააღმდეგოდ რუსთაველი მოიყვანოს, საქართველოს ზეობისხანის ღმერთკაცი, მაგრამ რუსთაველს უდიადესი რამ გაჭირვება - თავად სიყვარული სჭირდა. ასე რომ, ცხოვრება ისეთ რამეს მიაწვდის ადამიანებს, ვერცერთი მიმოფანტასტე კოჭებამდე ვერ შესწვდება, რადგან ცხოვრება - რაღა თქმა უნდა, თავად ღვთისაა, თავად ღმერთია, მის შესწავლას კი, შეძლებისდაგვარად, ჩვენ, ქართველები, მართლმადიდებლური ქრისტიანობით, მთელი ჩვენი არსებით უნდა ვეცადოთ, უფრო სწორად კი, თავი გადავდოთ, რაგინდა ხელობისა ვიყოთ. მეპატიოს და, შემოქმედი, თავისი ერთგვარი სითამამით, ყველაზე მეტად პასუხისმგებელი უნდა იყოს ამის გამო.

- ვიცი, რომ მოუსვენარი, მოძრავი კაცი ხართ. ბევრი გივლიათ საქართველოს, და არა მარტო საქართველოს, მთასა და ბარში, ტყე-ღრეებში, საკმაოდ გიმგზავრიათ სხვა ქვეყნებშიც. ეს, რასაკვირველია, აფართოებდა თქვენს თვალსაწიერს, ამდიდრებდა თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას. რა მოგცათ თქვენ, როგორც შემოქმედს, მოგზაურობამ? აბა, ოცნებები ბოლომდე ვის ახდენია და, ამდენად, სად იმგზავრებდით, ყოვლის უწინარეს, ამის არჩევანი რომ შეეთავაზებინათ? გთხოვთ გაგვაცნოთ ამ წარმოსახული არჩევანის მოტივები.

- უბედნიერესი ვარ, ჩემი სამი ძირითადი პროფესიიდან ერთ-ერთი არქეოლოგობა რომ იყო. 28 არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე ვარ. წელიწადში ხანდახან 8-10 თვე არქეოლოგიურ გათხრებსა თუ დაზვერვებზე ვიყავი, ძირითადად იმერეთსა და აფხაზეთში. ხევსურეთისა და თუშეთის გარდა არაა საქართველოს კუთხე, «არქეოლოგიურად» არ მომევლოს, ხოლო არქეოლოგია - ესაა ხანდახან მზის ამოსვლიდან შებინდებამდე, დამამზრალ სიცივესა თუ აუტანელ ხვატში, მტვერში, თოვლსა თუ ჭყაპში შენი უტყვი და უცნობი წარსულის ძიებისა და ამომზეურების ძნელი და ამაღელვებელი რომანტიკა - ამ ხმამაღალი სიტყვისა ამ შემთხვევაში არ მეშინია. თანაც, თვეობით რომ ცხოვრობ ხან ერთ, ხან მეორე და მეოცე სოფელში, მუშაობისას როგორ ეცნობი იქაურებს, შენს თანამედროვე ხალხსაც, და უნებურად აკვირდები და სწავლობ მათ, და იქ ყველანი, კარგები თუ პირიქით, - როგორ უფრო შენები ხდებიან, რადგან შენები არიან...

ადრე, «მოპირისპირო» საზღვარგარეთ თუმც ვითომ არ მიშვებდნენ, მაგრამ რაც გინდა «საბჭოთა კავშირად» და სოც. ბანაკად შეეკოწიწებინათ გარკვეული ტერიტორია, იქ შემავალი ქვეყნები ჩემთვის მაშინაც მაინც სხვა ქვეყნები და საზღვარგარეთი იყო, და 1988 წლამდე სამსახურისდა მიხედვით და ისედაც, ბევრჯერ ვყოფილვარ მოსკოვში, ლენინგრადსა (ხანდახანობით ასეც ერქვა) და კიევში, - სამჯერ, მინახავს დიდად განსხვავებული ქალაქები - ლვოვი, სამარყანდი, ბუხარა, ხივა, ვლადიმირი, კრაკოვი, ვროცლავი, ლაიფციგი, ერევანი, დრეზდენი, პოტსდამი, ბერლინი, დნეპროპეტროვსკი, რიგა, იურმალა, სტარა, ზაგორა, ბაჩკოვო, ნესებრი, ნიდა, ვილნიუსი, კაუნასი, მხოლოდ იქაურად ტრაკაი, პლოვდივი, და უცებ, 1988-ში, მერიდა(!), მადრიდი (!!), ტოლედო(!!!), კასერესი(!!!!), უმეტესობა მათგანის დიდად შთამბეჭდავი მუზეუმები, ხოლო ჩემთვის ყველაზე მეტად საოცნებო ორ ქალაქში, იერუსალიმსა და ფლორენციაში, ალბათ, ვერასოდეს მოვხვდები. იერუსალიმში გასამგზავრებლად გინდაც კეთილისმყოფელი გამომიჩნდეს, ალბათ, ჩემითაც აღარ წავალ, იმდენჯერ შევმცდარვარ, გინდაც უნებურად, ამ პირველ-ქალაქში შებიჯების არა ვარ ღირსი, ფლორენციას კი რაც შეეხება, თვით ფლორენცია კი არა, ერთი იტალიური პატარა დასახლების ნახვა ყველა ზემოჩამოთვლილ ქალაქს ერთად მირჩევნია, მაგრამ სადაა. ჩემი ნაწარმოებების მოზრდილ ნაწილში იტალიელები და იტალიაა, ასე მაინც ვცდილობდი ჩემთვის ყველაზე მეტად ძვირფასი საზღვარგარეთის პირობითად მოვლას, ხოლო ჩემი ზოგიერთი, ასე ვთქვათ, გმირი, იტალიაზე აბოდებს. ჩემსავით.

მთელ საზღვარგარეთში, გინდაც ერთად აღებულში, არა მგონია მოიძევებოდეს იმდენი ჭეშმარიტი გენიოსი, რამდენიც იტალიას ჰყავს - ჯერ მარტო მხატვრები, და არქიტექტორები... ახლა მოქანდაკეები, მუსიკოსები, პოეტები, რეჟისორები, მსახიობები... ჯერ თუნდაც ის რად ღირს, უდიადესი ინგლისის ტრაგედიათა თუ კომედიათა უმრავლესობა იტალიაში რომ ხდება... თავად პუჩინი, რამდენ სახელმწიფოს ერთად სახელად რომ ეყოფოდა, ლა სკალაში მეხუთე ქანდაკებად ვერ შევიდა... ფლორენციაში კი, ერთ დროს ერთდროულად გამოდიოდნენ ქუჩებში და მიმოდიოდნენ ბრუნელესკისა და ბრამანტეს ნაგებობებშუა მიქელანჯელო, ლეონარდო და რაფაელი, ხოლო სამივემ ზეპირად იცოდა რამდენადმე ადრინდელი ერთიც იქაური პოეტი - დანტე... და კიდევ იმდენი ვითომც მეორეხარისხოვანი შემოქმედი ჰყავდათ, ევროპის რამდენიმე ქვეყანას ერთად საამაყოდ და სასახელოდ რომ ეყოფოდა; ჰო, სახელებზე - ორად-ორი ქვეყანა ვართ, ვინც თავიანთ ღვიძლ წყალობებს მხოლოდ სახელით რომ იხსენიებს, - შოთა და დანტე, გალაკტიონი და რაფაელი...

ამასწინათ საფრანგეთში რომ ვიყავი, ამ საოცარ ქვეყანაში, და დღისით_მზისით 750 კილომეტრი გავიარე მატარებლით, აღფრთოვანებული ვიყავი ბუნებით, მთიანი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთით, მაგრამ ჩემდა წყალობად თუ ჯინაზე, მეორევე დღეს ფრანგების მიერ უშგულზე გადაღებული ფილმი მაჩვენეს. ჩემდა თან ჭირად და, რაღა თქმა უნდა, ბედნიერებად უფრო... ნეტა აქ რაღა მინდოდა-მეთქი... ხოლო მართლა ჭირად კი ის იყო, იტალიასთან იქვე ვიყავი, მაგრამ რად გინდა... პარიზი მართლა პარიზი ყოფილა, ზღაპარივით რამ, მაგრამ ტოლედოსა და კასერესის თითო ქუჩა მთელ ნანახ საფრანგეთს მირჩევნია, იტალია კი? - ეჰ...

ჩემი დღევანდელი ეგრეთწოდებული ფიზიკური მდგომარეობის გამო, ბევრსიარულით იმას მივაღწიე, რომ, გრენობლიდან მოყოლებული, საფრანგეთიდან ხელით ჩამომიყვან-ჩამომიტანეს. უღრმესი მადლობა ქალაქ დი-ში ქართული კულტურის ფესტივალის მონაწილეებს, ისეთი სითბო, ყურადღება და ზრუნვა ვიგრძენი მათგან, რომ გავიფიქრე კიდეც, რა კარგია, რომ ისედაც დაზიანებული კუნთის ანთება შემემთხვა-მეთქი, არადა, ერთი ახლობელიც მეყოფოდა, წვრილმანებში რომ დამხმარებოდა, მოტეხილობის გართულებამდე.

სიტყვამ მოიტანა და, ბატონო ჯუმბერ, წინა შეკითხვას მინდა დავუბრუნდე - ცხოვრება ისეთი მოულოდნელი რამაა, ყველას რომ ეგონა ჩემი ავარიით დიდი გაჭირვება შემემთხვა, არა, პირიქით, - უამავარიოდ, როგორღა მეწყალობებოდა ამდენი სითბო და თანადგომა, როგორც ამ სამ წელიწადში -უღრმესი მადლობა ექიმებს, ახლობლებს, მკითხველებს... მუშაობითაც ამდენი არასოდეს მიმუშავია, აღარ დავდივარ მართლაც ტყვილა აღმა და დაღმა... ისეთ მშვენიერ გუნებაზე ვარ, მოღრუბლულზეც კი მოტეხილობები არ მაწუხებს და უკვირთ, როგორო... არადა, არა ვარ მთლად უგრძნობი ვინმე-რამ და, გაკვირვებულებს ასე ვამშვიდებ, ალბათ, იმიტომ არ მტეხს ფეხი, რომ ეგებ პროტეზი მაქვს და არ მიმხელენ-მეთქი...

- როგორია თქვენი დამოკიდებულება კრიტიკასთან? რა მიგაჩნიათ მისი დანიშნულების არსად? ყოფილა თუ არა შემთხვევა, რომ კრიტიკოსს უქიხართ, მაგრამ არ მოგწონებიათ მისი ეს პუბლიკაცია და პირიქით - ყოფილა თუ არა შემთხვევა, რომ გაუკრიტიკებიხართ, თქვენს ნაწარმოებზე საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო შენიშვნები გამოუთქვამთ, მაგრამ საერთო ჯამში მაინც მოგწონებიათ ის მასალა? კიდევ: თქვენი კრიტიკოსები მხოლოდ პროფესიონალები არიან, თუ არაპროფესიონალი ახლობლებიც - ვთქვათ, ოჯახის წევრები, ამხანაგ-მეგობრებიც?

- ლიტერატურული კრიტიკა, უპირველეს ყოვლისა, მწერალსა და მკითხველს შორის კეთილად საჭირო შუამავალი უნდა იყოს. მამლისა და გუგულის არ გამოგვივიდეს, მაგრამ პირადად თქვენ თამამად გეუბნებით, რომ თქვენი კრიტიკოსობა იმით კი არაა გამოწვეული, ადრე ზოგიერთებივით ხელმოცარული პოეტი თუ კიდევ სხვა რამ იყავით, არა - თქვენი შესანიშნავი ლიტერატურათმცოდნეობა და მთარგმნელობა განიჭებთ იმას, ნამდვილ მოწოდებად რომ აგირჩევიათ ეს დარგიც; პირადად ჩემდამი კრიტიკა, მგონი, ზედმეტად კეთილგანწყობილია, მაგრამ ორიოდ «გაკრიტიკებულობა» შემხვედრია? არაფერია გასაკვირი და მიუღებელი, რამდენსაც გნებავთ, იმდენს ჩემი მთლიანად ნაწარმოები ან რომელიმე სიტყვა არ მოეწონოს, მაგრამ, როგორც ადრე მოგახსენეთ, სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედების გადატანაც მიხდებოდა-მეთქი, და ამან ისიც კი ათქმევინა ორიოდ ჩვენებურ «პატრიოტს» ჩემზე, რომ სამშობლოდან გავრბივარ და კოსმოპოლიტად მომნათლეს. სულ გადაივიწყეს, რომ, ასე ვთქვათ, «სუფთად» ქართული რაღაცეებიც არცთუ ცოტა მაქვს, მაგრამ როგორ გუნებაზე დავდგებოდი, როდესაც ჩემს «სამოსელი პირველი»-სთან და «ვატერპოლოო...»-სთან დაკავშირებით გამოქვეყნდა აღშფოთებული აზრი, რომ მე (მისი გაგებით მე ხომ «საბჭოთაც» ვარ!) რატომ უნდა მაღელვებდეს დიქტატურისა და ტოტალიტარული სახელმწიფოს პრობლემა? და ესეც არ მაკმარა და ჩემი ერთ-ერთი მოქმედი პირის, წყალბურთელთა მწვრთნელის - რექსაჩის, ჩემთვის ამ ყოვლად მიუღებელი პერსონაჟის, გამონათქვამები აიღო და ჩემს მსოფლმხედველობად განაწესა. დიდად სამწუხარო კი ისაა, რომ ჩვენში ლამის პირველებად აღიარებულმა «კრიტიკოსებმა» კაცობრიობის მონაპოვრის თავისა და თავის, ბიბლიის, ანაბანაც კი არ იციან.

ჩემი პირველი მკითხველი ჩემი მეუღლეა. რამდენიმე მოთხრობაზე «არაუშავს»-ოც უთქვამს, საერთოდ კი, რატომღაც ჰგონია, რომ არ უნდა გამათამამოს, არადა, რომელი გამმთამამებელი მე ვარ, ხელოვნება რომ, თავიდანვე და მუდამ ვიცოდი, «დიადი ვერასოდეს»-აა.

სანამ ბედნიერება მქონდა, ჩემი «მაშინვე მკითხველები» ჩემი უფროსი მეგობრები, ბატონები რეზო თაბუკაშვილი და ნიკო ჭავჭავაძე იყვნენ.

ახლა კი, ჩემი ასაკით უმცროსი მეგობრები - ბატონები კახა ჯამბურია, ნუგზარ ბაგრატიონი, ჩემი ერთ-ერთი ნათლული ლადი ტოგონიძე, რეჟისორი დათო ხუხიაშვილი... ქალბატონი გუჩა კვარაცხელია... კიდევ.

მკითხველზე კი, ზოგადად, მუდამ ალალად ვამბობ და არა მაამებლურად, რომ ვეფხვი (ანუ მწერალი) კი არაა კატაზე (ანუ მკითხველზე) დიდი, არამედ, კეთილი ინებოს და იცოდეს, რომ, რაგინდა ვეფხვი იყოს, მაინც კატის ოჯახიდანაა.

მწერალი რაგინდ მონდომებული იყოს, მაინც თითქმის ყოველთვის დამნაშავეა მკითხველთან, რადგან იმ წყალობას, რაც მაღლიდან ეწვდება, სხვადასხვა მიზეზებისა გამო სათანადოდ ვერ აწვდის, ანუ ნაკლულად მიაქვს მკითხველამდე, ადამიანების შემოქმედება დიადი კანონით თუ - «დიადი ვერასოდეს»-აა, ხოლო მკითხველი, «ვერასოდეს»-ის სიდიადეს მოწყურებული, გაცილებით უდანაშაულოა და, ამიტომ უფრო ღირსია ამ საოცნებო «ვერასოდეს»-ისა.

- გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის.

- მე ვარ მადლობელი. ასეთი კარგი კითხვები იშვიათად დაუსვამთ ჩემთვის.


ქრისტეშობისთვე, 1998 წ.

study


Last edited by Admin on Fri Mar 15, 2019 10:48 am; edited 4 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ჯუმბერ თითმერია Empty
PostSubject: Re: ჯუმბერ თითმერია   ჯუმბერ თითმერია EmptyWed Jan 26, 2011 10:49 am

ჯუმბერ თითმერია P1020377

დავით კლდიაშვილის შემოქმედება ყველაფერში სანიმუშოა ჩემთვის...

(ჯუმბერ თითმერიას ინტერვიუ სერგო კლდიაშვილთან)

„არსად, არცერთი დიდი ოსტატი არ ეჭიდება სიტყვას, ენას. პირიქით, ყველა იმას ესწრაფვის, რაც შეიძლება ბუნებრივი და ნათელი იყოს მისი ენა...“ - სერგო კლდიაშვილი

- როდის დარწმუნდით, რომ თქვენი ცხოვრების მოწოდება სახელდობრ მწერლობა იყო?

- თექვსმეტი წლის რომ გავხდი, მაშინ პირველად დაიბეჭდა ჩემი ნაწარმოები. იმ ასაკში, რა თქმა უნდა, არ შემეძლო რაიმე მტკიცე გადაწყვეტილება მიმეღო ჩემი მომავალი ცხოვრებისა დ პროფესიის შესახებ. თუ მაშინ ზოგჯერ მაინც გავიფიქრებდი მომავალზე, უფრო ხშირად ისევ ის ოცნება მქონდა, რომ მეზღვაური ვყოფილიყავი.

იქნებ კიდევაც შევისრულებდი ამ ნატვრას, მაგრამ რევოლუციის წლებში სხვაგვარად წარიმართა ჩემი, და არა მარტო ჩემი, ცხოვრება. 1918 წლიდან ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში დავიწყე მუშაობა.

პროფესიული მწერალი გავხდი 1927 წლიდან, როცა ჩემი მოთხრობების პირველი კრებული გამოვიდა. ახალი ცხოვრების პირობებმა თვითონ მიკარნახა რა გზას დავდგომოდი.

- რა განსხვავებაა მწერლობაზე თქვენს მაშინდელ და ახლანდელ შეხედულებებს შორის?

- ძალიან დიდი. მწერლობა მწერლობისათვის - ჭაბუკობაში ასეთი განყენებული შეხედულება მქონდა. მერმე კი... დიდი ხანია მწერლობა იმ საშუალებად მიმაჩნია, რომლითაც ხალხს უნდა ემსახურო.

- თქვენი რომელი ნაწარმოები გიყვართ გამორჩეულად?

- არა ერთი და ორი. ეს ბუნებრივი ამბავია და პატივმოყვარეობად ნუ ჩამითვლით. მაგრამ თუ მაინც უფრო რომელიო, მკითხავთ, გეტყვით: «ფერფლი», «ჭინკა ბიჭები» და რამდენიმე მინიატურა. ეს, ალბათ, წმინდა სუბიექტური მიზეზებით არის გამოწვეული. ისინი ჩემს ბიოგრაფიასთან არიან დაკავშირებული.

- რამდენად არის თქვენს ნაწარმოებებში ბიოგრაფიული ელემენტები?

- გარდა ზემოთ დასახელებული მოთხრობებისა, ბიოგრაფიული ელემენტებია ნაწილობრივ მოთხრობაში «კეთილი დედაკაცი» და «შემოდგომის წვიმა», ბევრია «შორეულ ციალში» და თითქმის მთლად ბიოგრაფიულზეა აგებული «პატარა ცხოვრება».

- რამ განაპირობა თქვენს შემოქმედებაში ე. წ. მთის თემისადმი ინტერესი?

- ჩემი სოფლიდან, სიმონეთიდან, სვანეთის მთების რამდენიმე თეთრი მწვერვალი მოსჩანს. ბავშვობაში გატაცებით ვუყურებდი ხოლმე მათ და ვოცნებობდი ახლოს მენახა. იმ მწვერვალების ძირში მისვლის შემთხვევა მხოლოდ 1932 წელს მომეცა. მანამდე კი, ერთი-ორი წლით ადრე, უკვე დაწერილი და გამოქვეყნებული მქონდა რამდენიმე ნაწარმოები ციკლიდან «სვანური მოთხრობები», სახელდობრ «ლაშხეთის ბატონი», «უშგული», «ხალდე», «ძველ კოშკში», «წარმართი» და «მურზაყანი». ხოლო იმის შემდეგ, რაც ფეხი დავდგი საქართველოს იმ მაღალმთიან მიწაზე, უშუალოდ სვანეთზე აღარაფერი დამიწერია. პერსონაჟებად სვანები სხვაგანაც მყვანან, მაგრამ უკვე სხვა გარემოში, უმთავრესად ქალაქში. საკვირველია თითქოს, მაგრამ ისე მოხდა, რომ მანამდე მხოლოდ ოცნებით წარმოდგენილი სვანეთი ჩემთვის უფრო რეალური იყო. ჩემთვის საკვირველი იყო ისიც, რომ, თურმე, არაფერში შევმცდარვარ, როცა მხოლოდ ოცნებით ვხედავდი მას... ეს ამბავი იმით მინდა ავხსნა, რომ თვალით დანახულმა მეტისმეტად გრანდიოზული შთაბეჭდილება მოახდინა. სანამ ვნახავდი, ჩემი ოცნებით შექმნილი დეტალები და ცალკეული ეპიზოდები მე მემორჩილებოდა. მე ვიჭერდი თადარიგს და ასე უეცრად თვითონ მე დამიმონა და სავსებით თავის ტყვეობაში მომაქცია. ამის შემდეგ შემეძლო მელაპარაკნა მხოლოდ იმაზე, თუ რა კეთილ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე ბუნებასთან უშუალო კავშირი.

- როგორი გავლენა იქონია თქვენზე «სამანიშვილის დედინაცვლისა» და «სოლომონ მორბელაძის» ავტორმა?

- ადრიან ახალგაზრდობაში გატაცებული ვიყავი სიმბოლისტური და კიდევ დეკადენტური ხასიათის მწერლობით, როგორც პროზაში, ისე დრამატურგიაში და, განსაკუთრებით, პოეზიაში (სიმბოლიზმის ეპოქიდან ახლაც ბევრი ნაწერი მსოფლიო შედევრებად მიმაჩნია, დეკადენტურიდან კი არცერთის გადაკითხვა აღარ მინდა). იმ პერიოდში ჩამორჩენილობად და მეორეხარისხოვნად მეჩვენებოდა რეალისტური მიმდინარეობა. მართალია, ბევრს ვკითხულობდი მაშინ როგორც ქართველ, ისე რუს და უცხოელ კლასიკოსებს, გულში ძალიან მხიბლავდნენ ისინი, მაგრამ ამას ისევ ჩემს ჩამორჩენილობად ვთვლიდი და საკუთარ თავზე ძალდატანებით ვცდილობდი უარმეყო მათი მომხიბლაობა. უნდა გამოვტყდე ჩემს ცოდვაში, - ასეთ სიტუაციაში ერთგვარი გულგრილობით ვუყურებდი «სამანიშვილის დედინაცვლის» ავტორს. ის ხომ წმინდა წყლის რეალისტი იყო!

წლები დასჭირდა იმას, რომ გაფანტულიყო ეს ბურუსი. დავით კლდიაშვილი მთელი თავისი ბრწყინვალე ტალანტით მხოლოდ მაშინ ვიგრძენი და გავიგე, როცა 21-22 წლის გავხდი. ეს მართლაც ისე მოხდა, თითქოს ვიღაცამ გადასწია ფარდა და ფეერიული სანახაობა გადამიშალა თვალწინ. მას შემდეგ დავით კლდიაშვილის შემოქმედება ყველაფერში სანიმუშოა ჩემთვის. მისი მოთხრობების საოცარი მხატვრული უბრალოება, რომელიც მხატვრულობის მწვერვალს წარმოადგენს, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მხიბლავს. სანიმუშოა მისი დიალოგი, თხრობის ეკონომია, მახვილი თვალი, გულწრფელობა და, რაც მთავარია, ადამიანის სიყვარული. აი, ამას ვსწავლობდი და დღესაც ვსწავლობ დავითისაგან. ხოლო თუ ცუდი შეგირდი გამოვდექი, მისი ბრალი არაა. იქნებ ვინმე გაამაყებულმა მეტიჩარამ იფიქროს, თითქოს მიკერძოებას ვიჩენდე, რაკი დავითი ყველაზე მახლობელი იყო ჩემთვის. თუ ვინმე ასე იფიქრებს, თუ ვინმე ასეთი არსებობს, ერთ კეთილ რჩევას მივცემ მას: იზრუნოს იმაზე, რომ გაერკვეს სიტყვაკაზმულ ლიტერატურაში. იქნებ ამის შემდეგ გაიგოს, რა არის და როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მხატვრული პროზა.

თქვენ, უთუოდ, ესეც გაინტერესებთ: მესაუბრებოდა თუ არა დავითი ლიტერატურის საკითხებზე და რაიმე რჩევა-დარიგებას ხომ არ მაძლევდა იმ წლებში, როცა მწერლობაში გამოვჩნდი. თუ როგორი აზრები ჰქონდა ლიტერატურაზე, ამის შესახებ საკმაოდ ბევრი მაქვს ნათქვამი ჩემს მოგონებებში დავითზე. რაც შეეხება იმას, ერეოდა თუ არა ის ჩემს ლიტერატურულ მუშაობაში, ამაზე შემდეგი შემიძლია გითხრათ: როგორც ვფიქრობ, დავითი არცთუ კმაყოფილი იყო იმ ნაწერებით, რომლებსაც ჩემს ჭაბუკობის წლებში ვაქვეყნებდი, ერთი-ორჯერ კიდევაც ჩამომიგდო ამაზე სიტყვა, მაგრამ როცა დაინახა, რომ მე ჯიუტად ვიცავდი ჩემსას და არ ვაპირებდი ყურად მეღო მისი რჩევა, ძალიან მოხერხებულად დაიწყებდა ხოლმე ლაპარაკს თავის საყვარელ დიდ რეალისტებზე. ცხადია, ამით ცდილობდა მათდამი ჩემი ინტერესი გაეღვიძებინა. ამ ერთგვარად შენიღბულ საუბრებს, უნდა ვიფიქრო, გავლენა ჰქონდა ჩემზე. დედამ ერთხელ მისაყვედურა: შვილო, წავიკითხე შენი ნაწერი და ვერაფერი გავიგეო... დიდი ხნის შემდეგ დედისგანვე შევიტყვე, რა ეთქვა მისთვის დავითს:

- ნუღარ უსაყვედურებ, გულს ნუ გაუტეხავ. ჭაბუკობაში ბევრი წერს და მალე ანებებს კიდევაც თავს. თუ ეს მისი ნაწერები ასეთივე ახალგაზრდული გატაცება არ არის, ვაცალოთ, დამაჭრდეს. მერე კი გაერკვევა და თვითონვე გაიკვლევს გზას.

უფრო მოგვიანებით, როცა ჩემი ერთი მოთხრობა წაიკითხა, უკმაყოფილოდ მითხრა:

- რატომ ასე ნერვიულს ხდი წინადადებას და ეპიზოდებსაც? ამით მკითხველს ვერ ააღელვებ, მხოლოდ დაღლი, მეტი არაფერი.

ასეთ შენიშვნებს შეუმჩნევლად არ ჩაუვლიათ. შეუმჩნევლად კი არა, დიდი ზეგავლენა ჰქონდათ ჩემზე.

- ვის დაასახელებდით თქვენს წინამორბედად? ვისგან სწავლობდით?

- არა, თქვენი ჭირიმე, ისე არასდროს გავკადნიერდები, რომ წინამორბედებზე დავიწყო ლაპარაკი. თავისთავად კარგი სიტყვაა «წინამორბედი», მაგრამ სადღაც და როგორღაც იმას ნიშნავს, თითქოს ისინი იმიტომ არსებობდნენ, რომ შემდეგ მე გავჩენილიყავი. არა, ამის თქმა თავხედობა იქნებოდა. ვინც თავს წინაპარზე მაღლა აყენებს, ის დასნეულებულია პატივმოყვარეობის გრძნობით. ამ მხრივ მე სრულიად ჯანმრთელი ვარ. ხოლო რაც შეეხება სწავლას, უნდა ვთქვა, რომ ყველა კარგი მწერალი და ყველა კარგი ნაწარმოები ნიმუში იყო და არის ჩემთვის და მათგან ახლაც ბევრს სასარგებლოს ვიძენ.

- დაგვისახელეთ ნაწარმოები, რომელსაც ყველა ასაკში სიამოვნებით კითხულობთ?

- სერვანტესის «დონ კიხოტი». ეს ყველაზე მაღალი მწვერვალია პროზაში. პარადოქსად ნუ მიიღებთ: დღემდე აქედან იღებს სათავეს ყველა მიმდინარეობა სერვანტესის შემდგომი დროის პროზაში. მჯერა, ასე იქნება მომავალშიც.

- თუ მოუხდენიათ თქვენს შემოქმედებაზე გავლენა ადამიანებს, რომლებიც მწერლები არ არიან?

- არა ერთი და ორი ადამიანია ისეთი, ვისაც ზოგიერთ პროფესიულ მწერალზე კარგად აქვს გაგებული, რა არის ჭეშმარიტი ღირსება მწერლისა და საერთოდ მწერლობისა. ასე რომ არ ყოფილიყო, გაღარიბებული და მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება.

- საკუთარი სტილის გამომუშავება გაგიძნელდათ?

- აბა, როგორ გითხრათ! ჯერ ერთი, ეს ისეთი სასიამოვნო სამუშაოა, რომ ვერც კი გრძნობთ რაიმე სიმძიმეს. მერე და, იქნებ, მთავარიც ის არის, რომ ხელოვნურად სტილს ვერ გამოიმუშავებ, თუ ის, ასე ვთქვათ, ბუნებით დაყოლილი თვისება არ არის. მესამე, და ესეც დიდად საყურადღებო: ვითომდა იმისათვის, რომ «საკუთარი სტილი» გამოიმუშავო, არ უნდა დაგრიხო და დამანჭო სიტყვები. ამით მხოლოდ ძნელად გასაგები შეიქმნება შენი აზრი. არსად, არცერთი დიდი ოსტატი მხატვრული პროზისა არ ეჭიდება სიტყვას, ენას. პირიქით, ყველა იმას ესწრაფვის, რაც შეიძლება ბუნებრივი და ნათელი იყოს მისი ენა. ჩვენც მათ მაგალითს უნდა მივსდიოთ და ყოველგვარად დავიცვათ ქართული ენის ტკბილხმოვანება.

- რა გავლენას ახდენს თქვენზე ლიტერატურული კრიტიკა?

- კრიტიკა თუ გულწრფელია და წერილი კრიტიკოსის ცოდნას ამჟღავნებს, რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას ვაქცევ.

- როგორ გესახებათ მწერლისა და ჟურნალის რედაქტორის იდეალური ურთიერთობა?

- რედაქტორს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. ის კამერტონია ჟურნალ-გაზეთებისთვის (რკინის ნერვებიც უნდა ექნეს. თუ რატომ - ალბათ, გასაგებია!) რედაქტორის დაკვეთით არაერთხელ მიმუშავნია ნარკვევზე და სადღეისოდ საჭირო წერილზე. ყოფილა შემთხვევა, როცა მისი მოთხოვნით მოთხრობა ნავარაუდევზე ადრე დამიმთავრებია.

- ტრადიციულად ამბობენ: ფრანგული ნოველა, ამერიკული ნოველა, რუსული ნოველა, ინგლისური ნოველა, და ა. შ. რომელს მიიჩნევთ ყველაზე საინტერესოდ?

- ასე იმიტომ იტყვიან, რომ მათ შორის მართლაც არსებობს სხვაობა. სიუჟეტი, რომელსაც წარმოშობს ამა თუ იმ ქვეყნის ცხოვრების, ენის, ზნე-ჩვეულების თავისებურება, უეჭველად თავის დაღს ასვამს და განაპირობებს ნოველის თავისებურებებსაც.

ყველა ნოველა საინტერესოა - ინგლისური, ფრანგული, რუსული, გერმანული, ამერიკული - თუკი უნაკლოდ არის დაწერილი. ასეთი კი არა ერთი და ორია სხვადასხვა ქვეყნების ლიტერატურაში.

- რას იტყვით ჩვენს ლიტერატურულ ახალგაზრდობაზე?

- გვყავს შესანიშნავი ახალი თაობა, რომელმაც გაამდიდრა ქართული პროზა. სასიხარულო ის არის, რომ ყველას საკუთარი, ერთმანეთისგან გამოსარჩევი მხატვრული ხელწერა აქვს.

- თქვენი შემოქმედებითი გეგმები?

- ჩემს ასაკში ფართო გეგმას ვეღარ დავისახავ. ეს საკუთარი თავის მოტყუება იქნება. მინდა მხოლოდ მოვასწრო, საბოლოოდ დავამუშავო ის ოთხი ხელნაწერი, რომლებიც ჯერ შავად დაწერილებად მეჩვენება.

- მემუარების დაწერას აპირებთ?

- მემუარებისაო? არა, არ ვაპირებ.


study


Last edited by Admin on Fri Mar 15, 2019 10:36 am; edited 4 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ჯუმბერ თითმერია Empty
PostSubject: Re: ჯუმბერ თითმერია   ჯუმბერ თითმერია EmptySat Oct 01, 2011 6:46 pm

ჯუმბერ თითმერია Bendela

"ბენდელა - ანუ რაინდი მინდორზე, რაინდი ბრძოლის ველზე"

საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა ბრწყინვალე სპორტსმენი, რომელიც უეჭველად ქართული ფეხბურთის ლიდერი და მშვენება გახდებოდა -

ზაზა ბენდელიანი, რომელიც ფეხბურთის სამყაროში ბენდელას სახელითაა ცნობილი. ის, აფხაზეთში დაღუპული გმირი ჭაბუკი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

ბენდელას, დიდებული ფეხბურთელისა და გმირი მამულიშვილის შთამბეჭდავ პორტრეტს ჰქმნის უკვე რედაქტირებული და გამოსაცემად ჩაბარებული წიგნი "ბენდელა - ანუ რაინდი მინდორზე, რაინდი ბრძოლის ველზე", რომელშიც შესული წერილების, ნარკვევების, მოგონებების, ეტიუდების ავტორები არიან სპორტის დამსახურებული ოსტატი გაიოზ ჯეჯელავა, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ჯანო ბაგრატიონი, აწ განსვენებული დიდი ფეხბურთელი დავით ყიფიანი, გამოჩენილი ფეხბურთელები ალექსანდრე ჩივაძე, გივი ნოდია, ოთარ გაბელია, გიორგი სიჭინავა, ბორის სიჭინავა, დიდი მომღერალი, თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი ზურაბ სოტკილავა, ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში გელა კეტაშვილი, მწერლები ჭაბუა ამირეჯიბი, ჯუმბერ თითმერია, გურამ ოდიშარია, სახელგანთქმული მთამსვლელი გია თორთლაძე, რომელიც ბენდელასთან ერთად იბრძოდა აფხაზეთში, გამოჩენილი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, რომელმაც შეჰქმნა დიდებული ორატორია, "ბენდელა", თავდაცვის მინისტრი გენერალი დავით თევზაძე, გენერლები გია ყარყარაშვილი, კობა კობალაძე, თამაზ მენაბდე და სხვა.

კრებულ "ვარსკვლავეთს მოწყდა ვარსკვლავის" ავტორ-შემდგენელია პროზაიკოსი და დრამატურგი მიხო მოსულიშვილი. იგი ორატორია "ბენდელას" ტექსტის ავტორიცაა.

გთავაზობთ "ბენდელას" ბოლოთქმას.


გმადლობთ ამ წიგნისათვის

რასაკვირველია, უწინარეს ყოვლისა, მადლობას მოვახსენებ ბენდელაზე - ზაზა ბენდელიანზე შექმნილი ამ წიგნის ავტორს, ჩინებულ მწერალსა და მამულიშვილს მიხო მოსულიშვილს, რომელმაც პატივი დამდო და ეს წიგნი ხელნაწერში წამაკითხა.

ძალიან ძლიერი წიგნია. მის ჟანრს ერთი სიტყვით ვერ განსაზღვრავ. ეს რეკვიემიცაა და ჰიმნიც, ელეგიაც და საგალობელიც, რთული, ტრაგიკული, გმირული ცხოვრების შთამბეჭდავი დოკუმენტური მატიანეც, მხატვრული პუბლიცისტიკაც.

ამ წიგნს ბევრი ავტორი ჰყავს - ესენი არიან სპორტის, ხელოვნების, მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეები, ბენდელას მასწავლებლები, მისი ხვედრით გულდათუთქული, მაგრამ იმით მოამაყე მეგობრები, რომ მას მხარში ედგნენ მწვანე მინდორზე თუ ბრძოლის ველზე, და რომლებიც მას დღესაც ლამის რელიგიური სულიერებით ერთგულებენ. გრძნობ და ხედავ, - ბენდელას დაღუპვიდან გასული ათი წლის მანძილზეც და ამ წიგნშიც ხედავ, - რომ ეს ასეც გაგრძელდება.

მთელ წიგნს - თავიდან ბოლომდე - გასდევს ბენდელას მამის - ჯუმბერ ბენდელიანის ჟრუანტელისმომგვრელი მოგონებები, ფიქრები, საკუთარ თავთან, თავის მეუღლესთან, შვილებთან, ჩვენთან - ყველასთან და, რაც მთავარია, უფალთან, დიახ, უფალთან დიალოგები.

აუღელვებლად ვერ წაიკითხავთ ბენდელას სისხლით ნათესავების მოგონებებს. დიდი ინტერესით ეცნობით ისტორიულ მასალებსა და ღრმად ემოციურ, სიამაყის გრძნობით აღბეჭდილ, ხშირად შესაშური იუმორით გაშუქებულ ეპიზოდებს.

ერთი სიტყვით, ხედავთ - საიდან, ვისგან მოდის "ბენდელა, ანუ რაინდი მინდორზე, რაინდი ბრძოლის ველზე" (წიგნს ასეც ჰქვია და ის უკვე მთელი სისავსით გამოხატავს წიგნის არსს).

ამ წიგნს ბევრი ავტორი ჰყავს-მეთქი და ასეცაა. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაციების, მოგონებების, დოკუმენტების, ესკიზების, ჩანახატების, დიალოგების, ინტერვიუების კრებული; მთლიანობაში, არსებითად, ეს არის ერთი ავტორის, ნამდვილი მწერლის დიდად მნიშვნელოვანი ნაწარმოები. მთელი ეს წიგნი მონოლითური, მონუმენტური ქმნილებაა. მწერალმა შესძლო "რეჟისორულ-ოპერატორული" ხელოვნებით წარმოეჩინა ჩვენი საოცრად ღირსეული ახალგაზრდა თანამემამულის მგზნებარე, მამაცი, უკომპრომისო, რაინდული სულის პროცესი.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ წიგნს თანდაბარი ინტერესით წაიკითხავს ყველა თაობის მკითხველი, მარტო ქართველ მკითხველს კი არა, აფხაზ მკითხველსაც ვგულისხმობ, - დღევანდელს თუ არა, ხვალინდელ აფხაზებს. ისინიც დარწმუნდებიან, რომ არც ბენდელა იბრძოდა აფხაზი ხალხის წინააღმდეგ და არც ამ წიგნის ავტორია აფხაზი ხალხის პირისაგან მიწისა აღგვის სულისკვეთებით გამსჭვალული. ისიც გვჯერა, რომ თავად აფხაზებიც მალე გაიზიარებენ იმას, რომ ბარბაროსი, სიცოცხლისა და ადამის მოდგმის მტერი ვაი-აფხაზები უნდა დაისაჯონ სათანადოდ.

მიხო მოსულიშვილმა შეჰქმნა ძალიან კომპაქტური, ემოციური წიგნი, რომელიც ჩვენ, უფროსებმა, აუცილებლად უნდა წავიკითხოთ და, რაც მთავარია, დღევანდელმა და მომავლის გოგო-ბიჭებმა უსათუოდ უნდა წაიკითხონ.

მოგეხსენებათ, სამშობლოს სიყვარულის გრძნობა თანდაყოლილი, ადამიანის ძვალსა და რბილში ჩაბუდებული გრძნობაა, მაგრამ სამშობლოს სიყვარულის შესწავლაც საჭირო და აუცილებელია. და მიხო მოსულიშვილის ეს წიგნი უეჭველად იმ წიგნთაგანია, რომელიც სამშობლოს სიყვარულს გვასწავლის.

მიხო მოსულიშვილი საგულისხმო, საინტერესო მწერალია. ამას მისი უკვე გამოქვეყნებული ნაწარმოებები ნათელყოფენ და, იმედი მაქვს, მომავალში უფრო წონად სიტყვას იტყვის. დღეს კი შემიძლია ვთქვა, რომ "ბენდელა" ნამდვილად ის წიგნია, რომლისთვისაც მას მარტო ეროვნული გმირის - ზაზა ბენდელიანის ნათელი სული კი არა (ცოტაა?), ჩვენც, ყველანი მოვახსენებთ მადლობას.

რას განვიცდიდი ამ წიგნის კითხვისას, ძნელი წარმოსადგენი არაა, თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბენდელას მამა - ჯუმბერ ბენდელიანი ჩემი უახლოესი მეგობარია ბალღობიდან აქამომდე, ხოლო დედამისს, უდროოდ გარდაცვლილ ნათელა ჭურღულია-ბენდელიანისას ძალზე ხშირად ვიხსენებ გულთბილად, სიყვარულით.

გმადლობთ წიგნისათვის!

ჯუმბერ თითმერია
31 იანვარი, 2002 წელი.

გაზეთი "ლიტერატურული საქართველო", 2002-11-01

ბმულები:
* http://www.opentext.org.ge/index.php?m=57&y=2002&art=10015
* http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cdrom/search.html?cmd=search&pft=biblio&qs=700%3Aაზარაშვილი+ვაჟა -- ვაჟა აზარაშვილი [აუდიოჩანაწერი] : CD 3, - თბ. : სანო სტუდია, 2004

Smile


Last edited by Admin on Fri Mar 15, 2019 10:37 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ჯუმბერ თითმერია Empty
PostSubject: Re: ჯუმბერ თითმერია   ჯუმბერ თითმერია EmptyFri Mar 15, 2019 9:15 am

წინათქმად კამო ნო ჩიომეის ნაწარმოებისათვის "ჩანაწერები სენაკიდან"

კამო ნო ჩიომეის (Kamo no Chōmei 鴨 長明, 1153 or 1155–1216) ნაწარმოების "ჩანაწერები სენაკიდან" რუსულიდან თარგმნა ბატონ ჯუმბერ თითმერიას მე ვთხოვე 2004 წელს, როცა ჟურნალ "ლიტერატურულ პალიტრაში" სამუშაოდ მივედი. ეს იაპონური "ძუიჰიცუს" ("ფუნჯის კვალდაკვალ") სტილის მეტად საინტერესო ჩანაწერებია და სეი–სიონაგონის (Sei Shōnagon (清少納言 966-1017) "ჩანაწერები სასთუმალთან" და კენკო–ხოსის, იგივე იოშიდა კენკიოს Yoshida Kenkō (吉田兼好 1283–1350) "ჩანაწერები მოწყენილობისგან" ერთად იაპონური ლიტერატურის კლასიკაა.

ვფიქრობდი, ამ თარგმანისთვის მოკლე წინათქმაც დამერთო, სადაც ავხსნიდი, თუ რა სტილია ეს "ფუნჯის კვალდაკვალ", იგივე "ძუიჰიცუ", რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა შუასაუკუნეების და შემდგომი დროის იაპონურ ლიტერატურაში და ამ ბოლო დრომდე მოაღწია, რადგან მეოცე საუკუნის დასაწყისში სწორედ ამ სტილით, ოღონდ ცოტა უფრო სხვანაირად წერდა აკუტაგავა რიუნოსკე (芥川 龍之介 Akutagawa Ryūnosuke (March 1, 1892 – July 24, 1927) – მაგალითად, იხილეთ მისი "ცხოვრება იდიოტისა".

ჯუმბერ თითმერიამ, – ამ მართლაცდა ფუტკარივით მუყაითმა მთარგმნელმა, – მალევე მომიტანა თავისი ნამუშევარი და რომ გადავხედე, მაშინვე ის ვიწყინე, რატომ კომენტარებიც არ თარგმნეთ, ეგრე ხომ გაუგებარი დარჩება მკითხველისთვის მეთქი?

და, თურმე, სულ ტყუილად ვდარდობდი – რედაქციამ უარი თქვა ამ თარგმანის დაბეჭდვაზე, ამას ვინ წაიკითხავსო...

მაშინ ეგრე დამთავრდა და ეს თარგმანი დღეს, ექვსი წლის მერე ვნახე ლიბ.ჯი–ზე და რაკი ისევ უკომენტარებოდ იყო, ხოლო მთარგმნელი ცოცხალი აღარ არის, ნაწარმოები აქ გადმოვიტანე და კომენტარებიც დავურთე – რა ვიცი, იქნებ დააინტერესოს ვინმე.

ძუიჰიცუ (Zuihitsu 随筆 "ფუნჯის კვალდაკვალ") – ეს იაპონური მოკლე მოთხრობის ჟანრია, სადაც ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი იწერება, რაც ავტორს თავში მოუვა – მოულოდნელი გახსენება იქნება, ყოფითი სცენა, აზრი თუ ბუნების სურათი, მაგრამ ამ დროს მთავარი ის არის, რომ ავტორი შინაგანად არის განათებული ("სატორი") და მთელი ეს მისი მინიატურები ერთ განუყოფელ მთლიანობას ქმნიან.

"სატორი" (Satori (悟り"გასხივოსნება") – იაპონური ძენის მედიტაციურ პრაქტიკაში შინაგანი განცდით ადამიანის, მოვლენის თუ საგნის ჭეშმარიტი ბუნების წვდომა.

სატორის მედიტაციისას იაპონიაში გამოიყენება ცნებაც "კენშიო" Kenshō (見性) – "საკუთარი ბუნების დანახვა".

ძენის მედიტაციის ოსტატები თვლიან, რომ სატორის მდგომარეობას, გარდა მედიტაციისა, შეიძლება მიაღწიო ტრივიალური, ორდინარული მოვლენების და საგნების მეშვეობითაც...

მიხო მოსულიშვილი


ჯუმბერ თითმერია Aaaaaa11


კამო-ნო ტიომეი – http://en.wikipedia.org/wiki/Kamo_no_Chōmei


ჩანაწერები სენაკიდან


თარგმანი რუსულიდან - ჯუმბერ თითმერია

Камо-но Темэй. Записки из кельи – http://lib.ru/JAPAN/kamono.txt


კარი პირველი

მდინარის ნაკადები... უწყვეტი ნაკადები, მაგრამ ისინი, წინა წლებში რომ იყვნენ, ისეთნი აღარ არიან. ყურებში მოცურავე ქაფის ბუშტები... ისინი ხან ქრებიან, ხან ისევ ჯაჭვისრგოლდებიან, მაგრამ დიდი დღე არ უწერიათ. ამ სამყაროში მცხოვრებნი და მათი საცხოვრისები... ესენიც იმათი მსგავსნი არიან. "მარგალიტებით მოფენილ"1 დედაქალაქში კოშკებს კრამიტით ხურავენ, კეთილშობილთა თუ მდაბიოთა საცხოვრებლები კრამიტის სახურავებით პაექრობენ. საუკუნეები საუკუნეებს მიჰყვება _ და მათ თითქოს ბოლო არა აქვთ... მაგრამ იკითხავ: "ეს მართლაც ასეა?" _ და დიდი ხნის წინ აგებული სახლები ასე ცოტაა: შარშან ისინი დაინგრნენ და ახლები გაჩნდნენ. ან დიდი სახლი იყო და დაინგრა, და პატარა სახლად იქცა. და მათში ისევ ბევრი ადამიანი ბინადრობს, მაგრამ იმათგან, ვისაც უკვე დიდი ხანია იცნობდი, ორი-სამი ათეულიდან ერთი ან ორიღაა დარჩენილი, დილაობით კვდებიან; საღამოობით იბადებიან... _ ასეთი წესით ის ისევ წყლის ქაფს ჰგავს.
არ ვუწყით ჩვენ: ადამიანები კი იბადებიან, და კი კვდებიან... მაგრამ საიდან მოდიან ისინი და სად მიდიან? და არც ის ვუწყით ჩვენ: ეს დროებითი თავშესაფარი2, რაზეც ასე წუხს და ზრუნავს, რითი ახარებს თვალს? თვითონ პატრონი და მისი საცხოვრებელიც _ ორივენი ისე წარმავალნი არიან, ერთმანეთთან თავისი ყოფის არამყარობაში მეტოქეობა-მეტოქეობით მიდიან... და ეს სანახაობა ხვართქლებზე დაწინწკლულ ცვრებს ჰგავს: ხან ცვარი ცვივა, ყვავილი კი რჩება; და თუმც ის რჩება, დილის მზეზე გახმება; ხან ყვავილი ჭკნება, ცვარი კი ჯერ არ გამქრალა. მაგრამ, თუმც ის არ გამქრალა, საღამომდე ვერ მიატანს.
მას აქეთ, რაც მე საგანთა აზრის გაგების ძალი მებოძა, უკვე ორმოცზე მეტი გაზაფხული და შემოდგომა გავიდა, და ამ დროის მანძილზე თანდათან დამიგროვდა ბევრი რამ უჩვეულო, რისი მოწმეც გახლდით.


I. ხანძარი

ეს იყო დიდი ხნის წინათ:
თითქოს ანგენის3 მესამე წელს, მეოთხე მთვარის (1177 წ.) ოცდამერვე დღეს. მოუსვენარ ღამეს, როცა ქარი მძვინვარედ ქროდა, საღამოს დაახლოებით რვა საათზე ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ხანძარმა იფეთქა და ჩრდილოეთ-დასავლეთ მხარემდე გავრცელდა. ბოლოს ცეცხლი მოეკიდა სუძაკუმონის ალაყაფის კარს, სასახლე დაიკოკუ-დენს, უმაღლეს მეცნიერებათა სკოლისა და სამოქალაქო საქმეების სამმართველოს შენობას, და ისინი ერთ ღამეში ფერფლად იქცა. ხანძარი, ეტყობა, ჰიგუტის ქუჩაზე ტობი-ნო-კოძის შესახვევში გაჩნდა და იქ გადმოაღწია ბარაკებიდან, რომლებშიც ავადმყოფებს ათავსებდნენ.
რადგან ქარი ყველა მხრიდან უბერავდა ცეცხლს, ხან აქეთ გადმოდიოდა, ხან იქით და ისე გაიშალა, თითქოს დასაკეცი მარაო გაშალესო. შორს სახლები კვამლში იყო ჩაბურული. ფერფლის ფენებს ქარი ცისკენ ტალღა-ტალღა მიაქანებდა და მთელ ამ გამუქწითლებულ მიდამოზე ცეცხლის ენები კვარტალიდან კვარტალზე გადადიოდა.
ადამიანები კი მთელ ამ... შეეძლოთ კი მათ თავიანთი საღი გონის შენარჩუნება? ერთნი, კვამლით გაგუდულნი, ძირს ეცემოდნენ; მეორენი _ ცეცხლწაკიდებულნი, ეგრევე ღაფავდნენ სულს; მესამენი... თვითონ როგორღაც ახერხებდნენ ცოცხლად დარჩენას, მაგრამ სახლებიდან ქონების გამოტანას ვერ ასწრებდნენ, რადგან მთელი ძვირფასეულობა, მთელი განძი იფერფლებოდა. და რა ღირდა ეს ყველაფერი?
იმჯერად დიდგვაროვანთა, წარჩინებულ მოხელეთა სამოცი სახლი გადაიბუგა, სხვა ნაცრად ქცეული სახლების რაოდენობაც კი უცნობია! ამბობენ, მთელ დედაქალქში არსებული ნაგებობების ერთი მესამედი გადაიწვაო. რამდენიმე ათასი ქალი და კაცი დაიღუპა, დაღუპული ცხენებისა და ხარების რაოდენობას კი ნუ იკითხავთ!
ადამიანთა საზრუნავთაგან, რომლებიც საერთოდ ასე უაზრო რამეებია, ჭეშმარიტად ყველაზე ფუჭია გულის დამძიმება და ფულის ხარჯვა ამ არასაიმედო დედაქალაქში თავიანთი საცხოვრებლების ასაშენებლად...


II. გრიგალი

შემდეგ ისე მოხდა, რომ ძისიოს მეოთხე წელს, მეოთხე მთვარის (1180წ.) მეცხრე დღეს "შუა ჭიშკრების" მხრიდან ძლიერი გრიგალი ამოვარდა, მძვინვარედ დაუბერა, მეექვსე კვარტალამდე თითქმის ყველაფერს ბოლო მოეღო. როცა მან ერთბაშად სამი-ოთხი კვარტალი მოიცვა, ამ სივრცეში მოქცეული სახლებიდან ერთიც არ დარჩა დაუნგრეველი: ერთნი მთლიანად განერთხნენ მიწაზე; სხვებისა მხოლოდ ნივნივები დარჩა; ქარი ჭიშკრებიდან გადმონაშვერებს გლეჯდა და სამ-ოთხ კვარტალს იქით ანარცხებდა; ის მესრებს, ღობეებს ელვის სისწრაფით ხვეტავდა და იმ ვრცელ მიდამოს ერთ მთლიან სივრცედ ხდიდა. მით უფრო სახლებში არსებული ქონება პირწმინდად, უნარჩენოდ მიქროდა ცისკენ. სახურავების თამასები (თამასა _ სპეც. სხვადასხვა დანიშნულების ვიწრო და თხელი ფიცარი ან ლითონის ფირფიტა _ მთარგ.) ან ლარტყები, ზამთარში ფოთლები რომ ფრინავენ, ისე დაფრინავდნენ ქარში. მიწაზე და ჰაერშიც მტვრის ბუღები მოძრაობდნენ და თვალი ვერაფერს არჩევდა, საშინელი გაბმული გრუხუნი კი შეუძლებელს ხდიდა, ადამიანს ადამიანის სიტყვები გაეგონა, თუკი ვინმე ახერხებდა რაიმეს თქმას.
თვითონ "ჯოჯოხეთური გრიგალიც" კი4, ალბათ, ამაზე ძლიერი ვერ იქნებოდა!
მხოლოდ სახლები კი არ ზიანდებოდნენ და ისპობოდნენ; მათი გადარჩენის ცდისას აურაცხელი ადამიანი დაშავდა და დახეიბრდა.
ქარი ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გადაადგილდა და უამრავი ადამიანი ახლა უკვე იქ გააუბედურა.
გრიგალები მუდამ ქრიან, მაგრამ ასეთები... გრიგალები ასე საერთოდ როდესმე მძვინვარებენ? ის გრიგალი ისე გაუგონარ-წარმოუდგენელი რამ იყო, რომ ადამიანებს გაუჩნდათ ეჭვი: ეს რაღაც იმის მაუწყებელი ნიშანი ხომ არაა, რაც უნდა მოხდეს?


III. დედაქალაქის გადატანა

შემდეგ, იმავე წელს, მეექვსე მთვარეში (1180 წ.) უცებ დედაქალაქი გადაიტანეს. ეს ყველასათვის სავსებით მოულოდნელად მოხდა.
რამდენადაც ცნობილია, ამ ახალი დედაქალაქის საკითხი აქ გადაწყვიტეს იმპერატორ საგას მმართველობისას5. და მას აქეთ უკვე რამდენიმე ასეულმა წელმა განვლო.
დედაქალაქის შეცვლა ისეთი რამ არ არის, რომ მისი ხელაღებით, უბრალოდ, განსაკუთრებული მიზეზების უქონლად აღსრულება ყოფილიყო შესაძლებელი, რის გამოც საერთო უკმაყოფილებისა და ვაების ვითარება შეიქმნა.
მაგრამ რაიმეს თქმა ფუჭი საქმე იყო, და ყველა, თვით ხელმწიფით დაწყებული, _ დიდებულები, მინისტრები, _ ყველა გადასახლდა პროვინცია სეტცუში, ქალაქ ნანივაში6. მათგან, ვინც მსახურობდა, მარტოკა ვინ დარჩებოდა ძველ დედაქალაქში? მათგან, ვინც, თანამდებობასა და წოდებაზე ფიქრისას იმედს მხოლოდ ხელმწიფის წყალობებზე ამყარებდა, ყველა ცდილობდა, რაც შეიძლება ჩქარა გადასახლებას. ცხოვრებაში უიღბლონი, ხელმოცარულნი, ისინი, რომლებსაც მომავლის იმედი სავსებით გადაეწურათ, გულშეურვებით რჩებოდნენ ადგილზე.
საცხოვრებლები, რომლებიც აქამდე ერთმანეთს ლავგარდანებით ეჯიბრებოდნენ, ყოველ დღე-ღამეში ოხრდებოდა. სახლები ილეწებოდა და მათ მდინარე იოდოგავა მიაცურებდა. აქაურობა ხელდახელშუა მინდორდებოდა.
ადამიანთა გულები გადასხვაფერდა7: მნიშვნელობას ანიჭებდნენ მხოლოდ ცხენებსა და უნაგირებს; ისინი კი, ვინც ხარებსა და ეკიპაჟებს ფლობდნენ და იმსახურებდნენ, უკვე აღარ დარჩნენ. მხოლოდ სამხრეთისა და დასავლეთისკენ მიისწრაფოდნენ ადგილ-მამულების მოსახელთებლად. ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში დამკვიდრებაზე კი ფიქრიც არ უნდოდათ.
იმ დროს როგორღაც, შემთხვევით, პროვინცია სეტცუში მდებარე ამ ახალ დედაქალაქში მომიხდა ყოფნა. ვნახე იქ რა როგორი იყო. ვიწრო სივრცე _ ქუჩასაც კი ვერსად გამართავ; ჩრდილოეთი, რომელიც მთებს ეკვრის, მაღალი მხარეა; სამხრეთი კი, რომელიც ზღვასთან ახლოსაა, დაბლობია; აქ განუწყვეტლივ ტალღები ხმაურობენ, ზღვის ქარი კი როგორღაც განსაკუთრებით ძლიერია. სასახლე მთებს შუა იყო ამართული, ასე რომ, ასეც გეჩვენებოდა: "ასეთივე ხომ არ იყო ის ძელური სასახლეც?"8 სიტყვას მოჰყვა და, ამას მაინც სხვაგვარი სახე ჰქონდა, და მასში ლამაზი რაღაცებიც კი იყო.
ყოველდღე იმდენი სახლი ილეწებოდა, და მდინარე იმდენს მიაცურებდა, რომ ის უკვე ვერსაით მიედინებოდა. სადღა არიან ეს სახლები? სად აშენდნენ ისინი? უკაცრიელი ადგილი აურაცხელია, აშენებული სახლები კი ასე ცოტაა!
უწინდელი დასახლება9 გატიალებულ-გაუკაცრიელებულია, ახალი ქალაქი კი ჯერ მზად არაა. დედაქალაქყოფილის ყველა მკვიდრი ცაზე მცურავი ღრუბლის ფთილასავით იყო. აქაურნი, ძველთაგან აქ მცხოვრებთა შთამომავალნი, რომლებმაც სამკვიდრო დაკარგეს, მწუხარებდნენ; მათ კი, ვინც აქ ისევ სახლდებოდა, შენებისთვის საჭირო მასალები არ ებადათ და იტანჯებოდნენ.
გზებს გახედავ: ისინი, რომლებიც ეტლებით უნდა მიმოდიოდნენ, ცხენებზე სხედან; მათ, ვისაც ფორმის სამოსელი უნდა ემოსოთ, უბრალო ტანისამოსი აცვიათ. დედაქალაქის სახე ერთბაშად გადასხვაფერდა, ის ლამის წალეკეს ტეტიებმა, გაგრიებმა, გაუთლელებმა. მხოლოდ მოსამსახურე ადამიანები10 რჩებოდნენ უცვლელნი!
წარამარა ამბობდნენ: "ეს ქვეყნის წარღვნის მაუწყებელი ნიშანი ხომ არ არის?" _ და ეს ასეც იყო: სამყარო ყოველდღე უფრო და უფრო მეტად მშფოთვარებდა, და ადამიანთა გულებში სიმშვიდის ნატამალიც არ დარჩა. საბოლოოდ ხალხის წუწუნი ფუჭი, ამაო არ აღმოჩნდა: იმავე წლის ზამთარში ხელმწიფემ ინება კვლავ ძველ დედაქალაქში დაბრუნება. მაგრამ ირგვლივ ხომ სულ დანგრეული სახლებია... რა გინდა მათ უქნა? მათ უწინდებურ სახეს ვერ დაუბრუნებ!
გამიგონია11, რომ გარდასულ ხანებში სამეფოს გულმოწყალედ, ლმობიერად მართავდნენ, სასახლეებს ლელით ხურავდნენ და ლავგარდანებს არც კი ავლებდნენ; მცირე საკომლო გადასახადებსაც კი აუქმებდნენ...
ეს იმიტომ, რომ ხალხი უყვარდათ, ადამიანებს ეხმარებოდნენ! თუ როგორია ამჟამინდელი საწუთრო, იოლი გასაგებია, თუ მას გარდასულ საწუთროს შევადარებთ!


IV. შიმშილი

შემდეგ, თითქოს იოვას წლებში (1181 წ.) _ ეს დიდი ხნის წინათ იყო და ზუსტად არ მახსოვს, როდის... ორი წელი შიმშილი ბობოქრობდა და საშინელი მოვლენები ხდებოდა: გაზაფხულზე და ზაფხულში _ გვალვა, შემოდგომაზე და ზამთარში _ გრიგალები და წყალდიდობები. ასეთი უბედურებები ერთმანეთს მოსდევდა და მარცვლეული სულ არ მწიფდებოდა. გაზაფხულზე მხოლოდ ამაოდ ხნავდნენ და ზაფხულშიც ამაოდ თესავდნენ... მხოლოდ შრომა, გარჯა იყო; შემოდგომაზე არ მკიდნენ, ზამთარში კი პურის აღებით აღძრული გამოცოცხლება სადღა იყო.
ამიტომ მოსახლეობაც სხვადასხვა პროვინციაში... ზოგნი თავიანთ მიწებს ტოვებდნენ და სხვაგან იზომავდნენ ალაგებს. სხვები თავიანთ სახლებს ივიწყებდნენ და მთაში სახლდებოდნენ. დაიწყო სხვადასხვაგვარი ლოცვა-მუდარები, იმართებოდა განსაკუთრებული ღვთისმსახურებებიც, და მაინც, ყოველივე ამის შედეგი არ ჩანდა.
დედაქალაქის ცხოვრება ყველაფრით სოფელზეა დამოკიდებული: სოფლიდან თუ არ მომარაგდება, ვერც იარსებებს.
საბოლოოდ, სასოწარკვეთილი ადამიანები საგნებს განურჩევლად ყრიდნენ ბედის ანაბარა, მაგრამ არ ჩანდნენ ის პირები, რომლებიც მათ თუნდაც დახედავდნენ. და თუ ზოგჯერ მაინც გამოჩნდებოდნენ პროდუქტებზე მათი გადაცვლის მსურველები, ისინი ოქროს არაფრად აგდებდნენ, პურს კი აღმერთებდნენ. გზებზე უამრავი მათხოვარი იჯდა და მათი ხმები _ მწუხარებითა და ტანჯვით აღბეჭდილი ხმები _ ადამიანებს ყურს უხვრეტდნენ.
პირველი ასეთი წელი, როგორც იქნა, გაილია. ადამიანები ფიქრობდნენ: "ვნახოთ, რა იქნება მომდევნო წელს! ის ჩვენს საქმეებს ხომ არ გამოასწორებს?" _ მაგრამ მომდევნო წელს ყველაფერ ამას ავადმყოფობებიც ემატებოდა და ვითარება კიდევ უფრო უარესდებოდა. მისი გამოკეთების ნიშანწყალი არ ჩანდა.
ადამიანები შიმშილით იხოცებოდნენ, და მათი ცხოვრება მძიმდებოდა და მძიმდებოდა, და ისინი წყალმცირის თევზებს12 ჰგავდნენ.
და ბოლოს შლაპიანი, შთამბეჭდავი სახის ადამიანებიც ისე დაიარებდონენ ეზო-ეზო მოწყალების სათხოვნელად, თითქოს მთელი მათი დღე და მოსწრება ამას აკეთებდნენო!
გაიხედავ: "რაო, ისევ ხომ არ დაწანწალებენ ეს სასოწარკვეთილი ადამიანები?!" _ ისინი კი უკვე წაიქცნენ და დაიხოცნენ. ღობეების ქვეშ დახვავებულ შიმშილით დახოცილთ ხომ ვინ დათვლიდა. რამდენადაც მათ არავინ კრებდა და არ ყრიდა სადმე, ცუდი, მყრალი სუნი ავსებდა გარემოს სივრცეს, გახრწნილი სხეულების გროვები კი ისეთი სანახაობა იყო, რომ ადამიანი მის ყურებას ვერ გაუძლებდა. თვით მდინარის ნაპირებს რაც შეეხება, იქ უკვე ცხენებისა და ეკიპაჟების გასასვლელი გზაც კი არ იყო დარჩენილი.
ქანცი ეცლებოდათ ხის მჭრელებსაც მთებში, და საქმე იქამდე მივიდა, რომ საწვავის საშინელი უკმარისობა იყო. ამასთან დაკავშირებით ისინი, ვისაც არსად არავითარი მხარდაჭერა არ ჰქონდათ, თვითონ იწყებდნენ თავიანთი სახლების მტვრევას და ნამტვრევების ბაზარში შეშებად გაყიდვას, მაგრამ იმაში აღებული ფული, რაც ბაზარში გაჰქონდათ, ერთ დღეს არსებობისთვისაც კი არ ჰყოფნიდათ. საშინელება ის იყო, რომ ამ ხის ნაჭრებში აქა-იქ ხვდებოდათ სინგური, ან ოქროსა და ვერცხლის ფურცლებიც. იწყებ გაკითხვას _ და რა ირკვევა? ადამიანები, რომლებსაც უკვე სხვა არავითარი საშველი არ ჰქონდათ, მიდიოდნენ ძველ ტაძრებში. იქ ბუდების გამოსახულებებს იტაცებდნენ, წმინდა ნივთებს ამტვრევდნენ და ყველაფერს შეშებად აპობდნენ. აი, ასეთ საშინელებებს ხედავდნენ მანკისა და ბოროტების ამ ჯოჯოხეთში13 მყოფი ადამიანები!
და კიდევ... გაუგონარი რაღაცებიც ხდებოდა: როცა ქალსა და კაცს ერთმანეთი უყვარდათ, ის, ვისი სიყვარულიც უფრო ძლიერი იყო, მეორეზე ადრე კვდებოდა. ეს იმიტომ, რომ თავის თავს თითოეული მათგანი მეორე ადგილზე აყენებდა და, ყველაფერს, რის შოვნასაც მოწყალების სახით ახერხებდნენ, უთმობდა მეორეს _ კაცს ან ქალს, ერთი სიტყვით, იმას, ვინც უყვარდა. ამავე მიზეზით მშობლები, როგორც ეს მოსალოდნელიც იყო, სიცოცხლეს პირველნი ეთხოვებოდნენ (უდროოდ). ასეც ხდებოდა: ქორფა ჩვილები, რომლებმაც არ იცოდნენ, რომ დედამისი უკვე მკვდარი იყო, მათ გვერდით ეწვნენ და ტუჩებით ძუძუებს ეძებდნენ.
ტაძარ ნინაძის14 მსახური ღირსი რიუგე, რომელიც მგლოვიარობდა იმის გამო, რომ უამრავი ადამიანი იხოცებოდა, ბევრ ღვთისმსახურთან ერთად მიდიოდა ყველგან, სადაც მკვდრები ჩანდნენ, მათ შუბლზე აწერდა ასო "ა"-ს და მათ ამით მარადიულ ცხოვრებაში15 ამკვიდრებდა.
უნდოდათ გაეგოთ, რამდენი ადამიანი მოკვდა ასე მეოთხე და მეხუთე მთვარეში. დათვალეს და გაირკვა, რომ მთელ დედაქალაქში, სამხრეთისკენ პირველი პროსპექტიდან ჩრდილოეთისკენ მეცხრემდე, დასავლეთისკენ კიოგოკუდან და აღმოსავლეთისკენ სუძაკიმდე, ორმოცდაათი ათას სამას კაცზე მეტი იყო დახოცილი.
და რამდენი ადამიანი დაიხოცა აქამდე და ამის შემდეგ!
ამას მდინარეების კამოგავას, სირაკავას დაბლობზე და დედაქალაქის დასავლეთი ნაწილის ირგვლივ სხვა მიდამოებში დახოცილებსაც თუ მივუმატებთ...
გამიგონია, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, იმ წლებშიც, როცა ტახტზე სუტოკუ-იანი იჯდა და, მგონი, ტიოძიოს წლებშიც (1132-1134 წ.წ.), მოხდა რაღაც ამდაგვარი16. მე არ ვიცი, მაშინ როგორ იყო, მაგრამ ის, რაც ახლა ჩემ თვალწინ ხდებოდა, ასე უჩვეულო და სავალალო იყო.


V. მიწისძვრა

შემდეგ, გენრიაკას მეორე წელს (1185 წ.) ძალიან იძრა მიწა. ეს წარმოუდგენელი სანახავი იყო: მთები ირღვეოდნენ და მდინარეებს ქვეშ იყოლიებდნენ; ზღვა ცალ მხარეს გადაიხარა და ხმელეთი დაფარა. კლდეები იპობოდნენ და იქიდან წყალი მიბობოქრობდა დაბლობისაკენ. გზებზე მიმავალმა ხარებმა არ იცოდნენ, სად დაედგათ ფეხი.
უარესი ვითარება იყო დედაქალაქში: არც ერთი ტაძარი, არც ერთი პაგოდა ან მავზოლეუმი მრთელი არ დარჩენილა, როცა ისინი ინგრეოდნენ ან მიწასთან სწორდებოდნენ, მტვერი ცისკენ კვამლივით მიბოლქვავდა. ნიადაგის შერყევის დროს სახლების ნგრევას მოყოლილი გუგუნი მეხის გაუთავებელი ჯერი გეგონებოდათ. იმ დროს სახლში დარჩენა მაშინვე გასრესას ნიშნავდა. გარეთ გამოვარდებოდი და მიწა იპობოდა. ფრთები არა გაქვს და ცაში ვერ აფრინდები.
ვფიქრობ, ამქვეყნად არსებულ საშინელებათაგან ყველაზე დიდი საშინელება სწორედ მიწისძვრაა!..
მაგრამ ყოველივე ამაში ყველაზე სავალალო, ყველაზე გულისმომკვლელი ის იყო, რომ ექვსი-შვიდი წლის ბიჭი, ერთი მეომრის ერთადერთი შვილი, ქვის გალავნის სახურავქვეშ უწყინარი ბავშვური თამაშით ერთობოდა _ პატარა სახლს ახოხოლავებდა. და ის, თვალის დახამხამებაში კედლის ნანგრევებქვეშ აღმოჩნდა და ისე გაიჭყლიტა, რომ მისი ცნობაც კი შეუძლებელი გახდა. და დედ-მამა კივილითა და ქვითინით იხუტებდა ბავშვს, რომელსაც თვალები ბუდიდან დუიმზე ჰქონდა ჩამოღვლეფილი...
როცა გავიფიქრებ, რომ ბავშვის თავს დატეხილი ასეთი ვაებების დროს ისინიც კი, ვისაც ბუნებისაგან მამაცობა აქვთ ბოძებული, მაინც ივიწყებენ სირცხვილს და ყველაფერს, მე ისინი მეცოდებიან, და ამავე დროს მეჩვენება, რომ ეს ასეც უნდა იყოს.
ნიადაგის ძლიერი რყევა გარკვეული ხნის შემდეგ შეწყდა, მაგრამ ცალკეული ბიძგები დიდხანს არ წყდებოდა. დღე ისე არ გადიოდა, ოცი-ოცდაათი ისეთი ბიძგი არ ყოფილიყო, რომლებიც ყველას თავზარს სცემდა.
გავიდა ათი-ოცდაათი დღე და ძვრები თანდათან ჩვენგან დაშორეულდნენ. შემდეგ მათ დღეში ოთხ-ხუთს ან ორ-სამს თუ ითვლიდნენ: ძვრები ამნაირად თითქმის სამ თვეს გრძელდებოდა.
ოთხი სტიქიიდან წყალი, ცეცხლი და ქარი ადამიანებს გამუდმებით აგდებენ მძიმე დღეში, მიწა კი თითქოს განსაკუთრებულ უბედურებებს არ ატრიალებს. თუმცა, დიდი ხნის წინათ, საიკოს წლებში (854-856 წ.წ.) დიდი მიწისძვრა მოხდა: ტაძარ ტოდაიძიაში17 ბუდას ქანდაკებიდან თავიც კი ჩამოვარდა. ბევრი ამდაგვარი უბედურება დატრიალდა, მაგრამ ეს ყველაფერი არც შეიძლება შეედაროს იმას, რაც ამჯერად მოხდა. ყველანი ამბობდნენ, თუ როგორი უნუგეშო, უსიამო იყო სიცოცხლე. ადამიანებს ხშირად ისეც ეჩვენებოდათ, რომ მალე ცოტათი მაინც იგრძნობდნენ შვებას... დღეები და თვეები ერთმანეთს მისდევდნენ, წელი გაილია, და უკვე ყოველივე ამაზე კრინტის დამძვრელიც კი არ დარჩა.

(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Fri Mar 15, 2019 10:29 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ჯუმბერ თითმერია Empty
PostSubject: Re: ჯუმბერ თითმერია   ჯუმბერ თითმერია EmptyFri Mar 15, 2019 9:17 am

კამო-ნო ტიომეი


ჩანაწერები სენაკიდან


თარგმანი რუსულიდან - ჯუმბერ თითმერია

Камо-но Темэй. Записки из кельи – http://lib.ru/JAPAN/kamono.txt



(გაგრძელება)


III
აი, როგორი მწარეა სიცოცხლე ამ სამყაროში, აი, როგორი არამყარი და არასაიმედოა ის თვით ჩვენში და ჩვენს საცხოვრებლებშიც. და რამდენი ტანჯვა ბუგავს ჩვენს გულს ცალკეული გარემოებების, თითოეულის მდგომარეობის შედეგად _ ამას რა ჩამოთვლის!
აი, ადამიანები, რომლებიც თვითონ არ არიან გავლენიანნი და ძლიერთა ამ ქვეყნისათა მფარველობით არსებობენ: განგება დიდ სიხარულს არგუნებს _ ხმამაღლა გაცინებას ვერ ბედავენ; გული ვაებისაგან დამძიმებული აქვთ _ ხმამაღლა ქვითინი არ შეუძლიათ; რასაც უნდა აკეთებდნენ, მშვიდად არ არიან. ისინი ძერის ბუდესთან ახლოს მყოფი ბეღურებივით არიან!
აი, ადამიანები, რომლებიც ღატაკნი არიან და მდიდართა სახლების მეზობლად ცხოვრობენ: ისინი ყოველ დილას სახლიდან მალულად მიდიან და ყოველ საღამოს მალულადვე ბრუნდებიან სახლში, რადგან თავიანთი უსანდომო, უბადრუკი გარეგნობა ერცხვინებათ. უნდა ნახოთ, მათი ცოლები და შვილები, მათი ოჯახების წევრები როგორი შურის თვალით შესცქერიან იმ მდიდრებს; ხედავენ, რომ მდიდარი სახლის წევრები მათ არაფრად აგდებენ, _ და მთელი მათი არსება ძრწუნდება, და წამითაც ვერ მშვიდდებიან!
აი, ადამიანები, რომლებიც ქალაქის სივიწროვეში ცხოვრობენ; მათ გვერდით ხანძარი გაჩნდება და ისინი გაუბედურებას ვერ იცდენენ თავიდან; და აგერ ადამიანები, რომლებიც ქალაქის გარეუბანში ცხოვრობენ: მათ ქალაქთან კავშირი ძალიან უჭირთ. თანაც, მათ გამუდმებით ესხმიან თავს ქურდები და ყაჩაღები.
ის, ვინც ძლევამოსილია, ხარბიცაა. მდიდარს ყველაფრისა ეშინია. ღატაკს რამდენი თავსატეხი აქვს. ის სხვებს უწევს სამსახურს, თვითონ კი იმ სხვების მონაა. ყველა სხვა რომ იქცევა, ისე თუ მოიქცევი, ვერ გაიხარებ. ყველა სხვა რომ იქცევა, ისე თუ მოიქცევი, გიჟს დაემსგავსები. სად უნდა დასახლდე, რა საქმეს უნდა მოეკიდო, რათა წამით მაინც მოუნახო ადგილი შენს სხეულს, რათა შენს სულს წამით მაინც მოჰგვარო შვება?


კარი მეორე

I
და, აი, თვითონ მეც... მამის მხრიდან ბებიამ მემკვიდრეობით სახლი გადმომცა და დიდხანს ვცხოვრობდი იქ, მაგრამ მერე ჩემი ხვედრი შეიცვალა, ბედმა მიმუხთლა, ბევრი რამ დავკარგე და უკვე არ ძალმიძდა იქ დარჩენა. აი, უკვე ოცდაათ წელს გადაცილებულმა წმინდა გულით გავმართე ჩემი წნული ქოხი.
ეს ქოხი ჩემი უწინდელი საცხოვრებლის მხოლოდ მეათედი ნაწილის ტოლი იყო: მე ის საცხოვრისი მხოლოდ ჩემთვის გავმართე და სახლის, როგორც ჯერ არს, ისე აგება არც განმიზრახავს. გალავანი როგორღაც ამოვაშენე თიხით, ალაყაფის დაყენებისთვის კი სახსარი არ მეყო.
ბოძების ნაცვლად ბამბუკის ლატნები ავიღე და ეტლისთვის ფარდული გავაჯახირე.
ყოველთვის, როცა კი თოვდა ან ძლიერი ქარი უბერავდა, აქ ყოფნა მაშინებდა. თვითონ ეს ადგილი მდინარესთან ახლოს იყო, ამიტომ წყალდიდობა ჩემს ქოხს სულ მუდამ ემუქრებოდა და ყაჩაღების შიშიც მზარავდა.
და აი, ამ ჩემთვის უცხო გარემოში ჩემს სულს ოცდაათ წელზე მეტხანს ვაიძულებდი ეტანჯა. ამ დროის განმავლობაში ბედის უკუღმართობა ბევრჯერ დამატყდა თავს და საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი, როგორი უმნიშვნელო რამაა ჩვენი სიცოცხლე, ამიტომ წამოვედი სახლიდან სამუდამოდ და ზურგი შევაქციე ფუჭ სიცოცხლეს.
მანამდე არც ცოლი მყოლია და არც შვილები, ასე რომ, არ მყავდა ისეთი ახლობელი, რომელთანაც განშორება გამიჭირდებოდა. არც წოდებები მქონდა და არც ჯილდოები; ასეთ ვითარებაში, აბა, რას უნდა შევებორკე? ისედაც სულ ამაოდ დავკარგე ამდენი გაზაფხული და შემოდგომა ოჰარაიამას მთების ღრუბლებში!
და აი, ახლა სამოცი წლის ცვარმა, რომელიც უკვე წუთი-წუთზე გასაქრობად იყო გამზადებული, ისევ მოიწყო თავშესაფარი ფოთლის წვერზე. ზუსტად ასე იგებს მონადირე ერთი ღამის გასათევ თავშესაფარს. ასე იწნავს ბებერი აბრეშუმის ჭია პარკს.
ჩემი ცხოვრების შუა პერიოდის ჩემს საცხოვრებელთან შედარებით ჩემი ახალი საცხოვრებელი მის მეასედ ნაწილსაც კი არ უტოლდებოდა.
ამასობაში წლები დასალიერისკენ მიიწევენ. ჩემი საცხოვრებელი სულ ვიწროვდება და ვიწროვდება. ამჯერად ჩემი პატარა სახლი უკვე მთლად უჩვეულო რამეა: სიგანით საჟენია, სიმაღლით _ შვიდი ფუტი, მეტი არა.
ადგილი საგანგებოდ არ ამირჩევია, არც საცხოვრებლის გასამართად არ ამირჩევია რაიმე ნიშნით კარგი წერტილი. მიწით ამოვიყვანე კედლები, უბრალო სახურავით გადავხურე, კილოების (ვიწრო ღარების) ადგილებზე მეტალის სამაგრები მივამაგრე. მინდოდა, უსიამო რამე რომ მომხდარიყო, სხვა ადგილას იოლად გადამეტანა ყველაფერი. და ყველაფრის ხელახლა გამართვაც რომ დამჭირვებოდა, დიდი გარჯა არ დამადგებოდა: მთელ ჩემს ბარგს ერთი ურემი დაიტევდა. მეეტლეს მისი ჯაფის საფასურს გადავუხდიდი და სხვა არავითარი ხარჯის გაღება არ მომიწევდა.


II
ახლაც, როცა ჩემი ტერფები ხინოიამას მთების მიყრუებულ საუფლოში დავფარე, ჩემი საცხოვრებლის მარცხენა მხარეს კართანა მსუბუქად გადმოვხურე და იქ მიწაზე დავფინე ბამბუკი, ხოლო ამ გადმონაშვერის დასავლეთ მხარეზე მოვაწყვე თარო წმინდა წყლისთვის. თვით ქოხში მარჯვენა კედელთან დავდგი ამიდას გამოსახულება18, და როცა მასზე დაღვრილ გადახრილ მზის სხივებს ვუთვალთვალებდი, მიმაჩნდა, რომ ეს სხივები მისი, ამიდას, სხეულიდან მოეფინებოდა. იმ ფარდის ნაჭერზე, რომელიც მის წინ ეკიდა, ფუგენის19 და მის გვერდით ფუდოს20 გამოსახულებები მივამაგრე. ჩრდილოეთის ტიხარის თავზე გავმართე პატარა თარო და ზედ შავი ტყავისგან მოწნული სამი თუ ოთხი ზარდახშა შემოვდგი. მათში ჩავაწყვე ლექსები, მუსიკალური პიესების კრებულები, კრებული "ოძიიოიოსიუ", მახლობლად კი დავაყენე ინსტრუმენტები კოტო და ბივა21. აღმოსავლეთ მხარეზე დავაგე გვიმრის ღეროები, ჩალის ჭილოფი დავფინე, _ და აი, ისიც, ჩემი ღამის საწოლი. მარჯვენა კედელში ფანჯარა გავჭერი, და იქვე დავდგი პატარა საწერი მაგიდა. სასთუმალთან მედგა მაყალი ნაკვერჩხლისათვის. მე ის ფიჩხით გახურებას მივუსადაგე. ქოხის ჩრდილოეთ მხარეზე პატარა ადგილი დავიკავე და მას დაბალი თხელი წნული ღობე შემოვავლე, და, აი, ისიც _ ჩემი პატარა ბაღი. მე აქ სხვადასხვა სამკურნალო ბალახს ვრგავდი.
აი, როგორი იყო ჩემი არამყარი ქოხის გარეგნული სახე.
მთელი იმ ადგილის სურათის აღსაწერად ისიც უნდა ვთქვა, რომ სამხრეთის მხარეს გამართული იყო წყალსადინარი, რომელშიც ქვებით შემოვრაგვე წყალსატევი, სადაც ჩემთვის წყალს ვიმარაგებდი. ხეები ზედ სახურავის გადმონაჭერთან იზრდებოდნენ და ამიტომ ცეცხლის დასანთებად ფიჩხის დაგროვება არ მიჭირდა.
იმ ადგილს მთა ტოიამა ერქვა.
მარადმწვანე სურო ყველა კვალს მალავდა. დაბლობს ხშირი ტყეები ფარავდა, მაგრამ დასავლეთი უტყეო იყო. და ამას არ შეიძლებოდა ჩემში განსაკუთრებული ფიქრი არ აღეძრა...
გაზაფხულზე უმზერ ცისვაზთა ტალღებს22... ისინი ლილისფერი ღრუბლებივით ავსებენ მთელ დასავლეთს.
ზაფხულში უსმენ გუგულს23... ყოველთვის, როცა კი მას ეხმაურები, თითქოს მასთან იქ, იმიერი, საიქაო ქვეყნის მთის ბილიკებზე შეხვედრაზე უთანხმდები.
შემოდგომაზე მთელ ყურთასმენას ჭრიჭინობელათა ხმები იპყრობს24 და გეჩვენება: ისინი ამ ჭრიჭინობელას ნაჭუჭივით არამყარ და ცარიელ სამყაროს ხომ არ დასტირიან?
ზამთარში თოვლის მზერით ტკბები... მისი შექუჩება და დნობა როგორა ჰგავს ჩვენს შეცოდებებს!
როცა ლოცვის განწყობა არ მეუფლება ან წმინდა წიგნების კითხვისგან არაფერი გამომდის, სულ არაფერს ვაკეთებ, ვისვენებ. არ არსებობდა ისეთი ვინმე ან რამე, რასაც შეეძლო ჩემთვის ამაში ხელი შეეშალა. არც არავინ მყავდა ახლოს, ვის წინაშეც შეიძლებოდა შემრცხვენოდა.
მდუმარების აღთქმას მაინცდამაინც მკაცრად არ ვიცავ, მაგრამ, რაკი განმარტოებით ვცხოვრობდი, უნებლიეთ ვიცავ "ბაგეთა სიწმინდეს". მე სრულებითაც არ ვცდილობ, რადაც უნდა დამიჯდეს, ყველა მცნების დაცვას, მაგრამ რაკი დარღვევისთვის ხელისშემწყობ ვითარებაში არ ვიმყოფები, აბა, რითი დავარღვევ მათ?
დილაობით, როცა იმ "ნათელ ტალღებს ვარ მინდობილი, რომლებიც ნავს მოჰყვებოდნენ"25, მე თვალს ვაყოლებ შორეთში, უკანოიასთან, წინ და უკან მიმომცურავ ნავებს, და განწყობილებას მან-სიამისგან ვსესხულობ.
საღამოს, როცა ქარი სუროს ფოთლებს აშარიშურებს, ფიქრით ვისწრაფვი მდინარე ძინიოსკენ26, _ და გენ პოტოკუს მელოდიებს ვბაძავ.
და როცა ჩემი სულის მღელვარება უფრო ძლიერი ხდება, არცთუ იშვიათად ფიჭვებს მოძახილს "შემოდგომის ქარის" მუსიკით ვეუბნები, წყლის რაკრაკის პასუხად კი "მოლივლივე ნაკადულს" ვუკრავ. ჩემი ხელოვნება გაუწაფავი ადამიანის ხელოვნებაა, მაგრამ მე არ ვაპირებ სხვა ადამიანთა სმენის დატკბობას. მე ჩემთვის ვუკრავ. ჩემთვის ვმღერი. მხოლოდ ჩემს გულს ვესათუთები.
და კიდევ: მთის ძირში დგას ფიჩხებით შეკრული ქოხი. ის ამ მთების მცველის საცხოვრებელია. იქ ყმაწვილი ცხოვრობს, ხანდახან მოდის ჩემს მოსანახულებლად. და როცა მე თვითონა ვარ მოწყენილი, მივდივარ მასთან და ორნი ვსეირნობთ.
ის თექვსმეტი წლისაა, მე _ სამოცისა. სხვადასხვა ასაკისანი, მაგრამ იმასთან მიმართებით, რაც ჩვენს სულს შვებას ჰგვრის, თანატოლნი ვართ.
ზოგჯერ ვკრეფ ისლის ყვავილებს, წითელი მოცვის კენკრას ან მთის კარტოფილის მოგროვებას ვიწყებ, ოხრახუშს ვწყვეტ; ხან ქვევით, მინდვრისკენ ჩასული, მთის ძირას, იქ დახრილ თავთავებს ვაქუჩებ და მათგან ძნებს ვკრავ.
თუ ნათელი დღეა, მწვერვალზე ასული, ავცქერი შორეთს _ ჩემი სამშობლოს ზეცას, შორიდან ვავლებ თვალს: კობატაიამას მთებს, სოფელ ფუსიმის, ტობას, ხაცუკასის. ბუნების სილამაზეებს მესაკუთრენი არა ჰყავთ27, რის გამოც ჩემი გულის დაამებას არაფერი აბრკოლებს.
როცა ფეხით სიარული არ მიჭირს და ჩემი ლტოლვები შორს მეზიდებიან, მივყვები ქედს, სუმიამის მთის იქით გადავდივარ, კასადორის ვუვლი გვერდს; ზოგჯერ ივამას ტაძარში მივდივარ სალოცავად, ტაძარ ისიამაში მის სათაყვანებლად მივეშურები; ანდა, ავაძუს დაბლობს გადავივლი, და მივდივარ იმის შესატყობად, თუ რა დარჩა სემიმარუსგან28; მდინარე ტაგამიგავას გადაცურვის შემდეგ კი სახელოვანი სარუმარას29 საფლავს ვაკითხავ.
უკან მობრუნებისას, იმის მიხედვით, წელიწადის რა დროცა დგას, _ ან ალუბლის ხით ვტკბები, მზერით წითელ ნეკერჩხალს ვეძებ, გვიმრას ვგლეჯ, ან ხეებიდან ნაყოფს ვწყვეტ... და ყველაფერ ამას ხან ბუდას საკურთხეველზე ვალაგებ, ხან სახსოვრად ვიტოვებ სახლში.
როცა ჩუმი ღამე, ფანჯარაში კი მთვარის ნათელი იღვრება, სიყვარულით ვიხსენებ ჩემს უწინდელ მეგობრებს; მაიმუნების ყვირილისას სახელოებს ჩემი ცრემლებით ვასველებ. ბუჩქებში მოკიაფე ციცინათელები შორიდან კუნძულ მაკინოსიმთან მყოფი მეთევზეების ცეცხლის ნაპერწკლებში მერევა. განთიადისწინა წვიმა ხეებიდან ფოთლების შებერვით ჩამომფანტველ ქარიშხალს ჰგავს.
როცა მთის ხოხბების კივილს ვისმენ, ასეთი ფიქრი მეუფლება: "ის მამა ხომ არ არის ჩემი? ის დედა ხომ არ არის ჩემი?"30 და როცა ჩემს ქოხს უკვე შემოჩვეული მთის ორბები ჩემთან ძალიან ახლოს მოდიან, ვგრძნობ, უკვე რამდენად დაშორებული ვარ საერო ცხოვრებისგან31.
ხანდახან, როცა ძლიერ მღვივარ ცეცხლს ვაჩაღებ, ამას ჩემი ბებრული ურვა მაკეთებინებს. ირგვლივ არც ისე საშიში მთებია, მაგრამ ზოგჯერ მიწევს მღელვარებით ვუგდო ყური ბუების კივილსაც, ასე რომ, ამ მთებში წელიწადის ყველა დროს სხვადასხვაგვარ სურათებს ბოლო არ უჩანს. მით უფრო _ იმისთვის, ვინც ღრმად აზროვნებს, ვისაც დიდი ცოდნა აქვს... მისთვის ყველაფერი მხოლოდ ამით არ იფარგლება!


III
დიახ! თავიდან, როცა აქ ვსახლდებოდი, ვფიქრობდი: "აქ დროებით, დროებით ვბინავდები..." და ასე უკვე ხუთი წელი გავიდა. ჩემი ერთი ციცქნა ქოხი ცოტათი უკვე დაძველდა, მის სახურავზე დამპალი ფოთლეულის სქელი ფენა გაჩნდა, ღობეს ხავსი მოედო. როცა _ როგორღაც შემთხვევით _ ქალაქზე რაღაცების მოსმენა მიხდება, ვიგებ, რა ბევრი კეთილშობილი ადამიანი მოკვდა მას შემდეგ, რაც მე ამ მთებში გავუჩინარდი. იმათზე კი, ვინც ანგარიშში ჩასაგდები არცაა, ძნელად თუ ვიგებ რამეს. და რამდენი სახლი გადაბუგა ხშირმა ხანძრებმა!
გამოდის, რომ მხოლოდ ჩემი დროებითი თავშესაფარი... მხოლოდ აქ ვგრძნობ თავს თავისუფლად, გაუჭირვებლად და შეუშფოთებლად!
მერე რა, რომ მისი ზომები ვიწროა; აქ არის საწოლიც, რომ მთელი ღამე იძინო. არის ჭილოფი დღისით ჩამოსაჯდომად; ერთი კაცის შესაფარებლად სავსებით საკმარისია. მარტოხელა კიბოს პატარა ნიჟარა უყვარს; ეს იმიტომ, რომ მან კარგად იცის, ვინაა. ზღვის შევარდენი შიშველ კლდეებში ბინადრობს. ეს იმიტომ, რომ ადამიანებისგან თავს შორს იჭერს; ჰოდა, მეც ასე ვარ: ჩემი წადილი მხოლოდ სიმშვიდეა; ჩემი ტკბობა უდარდოდ ყოფნაა.
საერთოდ, ადამიანები, როცა საცხოვრებლებს აშენებენ, ჩვეულებრივ, ამას თავიანთთვის არ აკეთებენ; ერთი ცოლისთვის, ბავშვებისა და ოჯახის სხვა წევრებისთვის აშენებს; მეორე _ თავისი ნათესავებისთვის, მეგობრებისთვის; მესამე საცხოვრებლებს უშენებს თავის ბატონს, მასწავლებელს და, საგანძურისთვისაც, ცხენებისა და კამეჩებისთვისაც კი აშენებს...
მე კი ახლა ყველაფერი ჩემთვისღა მოვაწყვე. სხვისთვის არ ამიშენებია. და ეს იმიტომ, რომ _ ასეა მოწყობილი ეს წუთისოფელი _ ჩემს ამ ვითარებაში არ არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს კვალს გამოჰყვებოდნენ; არც მსახურები მყავს, რომლებთანაც ურთიერთობა მექნებოდა. ვთქვათ და, ყველაფერი უფრო ფართოდ გამემართა, ვის მივცემდი ჩემს თავშესაფარს, ვის დავაბინავებდი აქ?
აი, ადამიანები, რომლებსაც ჩვენი მეგობრები ჰქვიათ. ისინი სიმდიდრეს სცემენ პატივს, პირველ ადგილზე მათთან ურთიერთობის საამურობას აყენებენ; მათ არ უყვართ ჭეშმარიტი გრძნობებით გამსჭვალული, პირდაპირი ადამიანები. იმაზე კარგი რაა, რომ შენს მეგობრებად მუსიკა, მთვარე და ყვავილები გაიხადო!
აი, ადამიანები, რომლებსაც ჩვენი მსახურები ჰქვიათ: ისინი იმასღა უყურებენ, დიდ ჯილდოს იღებენ თუ მკაცრად ისჯებიან. ისინი ყველაფერზე მაღლა ბატონების მოწყალებათა ბარაქიანობას აყენებენ. ისინი გიყვარან, მათ ეფერები, და მაინც, ამით საზრუნავი არ გაკლდებათ. იმას არაფერი სჯობია, რომ შენს მსახურად შენივე თავი გაიხადო! როცა რაღაც საქმის გაკეთება ხდება საჭირო, ამას შენს თავს აკისრებ. დავუშვათ, ამის გაკეთება არც ისე იოლია, მაგრამ ეს მაინც უფრო იოლი რამაა, ვიდრე ის, რომ სხვებს ემსახურო, იმას უთვალთვალო, რას და როგორ აკეთებენ სხვები! როცა იცი, საით წასვლაა საჭირო, იქით პირადად შენ მიდიხარ. ეს იოლად არ გამოდის, მაგრამ მაინც ეს უკეთესია, ვიდრე ის, რომ გული დაიმძიმო ცხენზე, უნაგირზე ან ხარებსა და მეეტლეებზე ფიქრით!
ახლა ჩემი თავი მე დავყავი ნაწილებად, და ისინი მე ორ სამსახურს მიწევენ: ხელები მსახურებია, ფეხები ეტლია და ისინი ჩემს სულს სიამეს ჰგვრიან.
სული კი იცნობს სხეულის ტანჯვას და, როცა სხეული იტანჯება, მას ხელს უწვდის; როცა სხეული საღადაა, მას მსახურებას უბრძანებს. დიახ, უბრძანებს, ემსახუროს, მაგრამ არა საზღვარს გადასულად! თუნდაც საქმე კარგად არ მიგდიოდეთ, სულს არ აშფოთებ!
ეს კი სვლაა _ ყოველთვის ფეხით სვლაა, ყოევლთვის მოძრაობაა... ეს როგორ ასაზრდოებს სიცოცხლეს! ფუჭად, ტყუილუბრალოდ რაღად უნდა იუსაქმურო? სხვებსაც რატომ აწუხებ, რატომ აიძულებ, იტანჯონ, _ ეს ხომ ცოდვაა. რატომ უნდა გახარჯო სხვისი ძალები?
ტანსაცმლისა და საკვების საქმეც ზუსტად ასეა: კაბა _ ხვიარა მცენარისა (ცისვაზისა), ლაბადა _ ქერელისა. როცა მათ გავიჩენ, სხეულს ვიმოსავ, დაბლობიდან ვფლობ ისლის ყვავილებს, მთიდან კი _ ხეთა ნაყოფებს _ ისინი მყოფნის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. და ეს საკმარისია.
ადამიანებს არ ვხვდები, რის გამოც მე არც დარცხვენა მიწევს და არც ჩემს გარეგნულ შესახედაობაზე ზრუნვა მჭირდება. საკვები _ მწირი, ღარიბული, და ის თუმც უხეშია, _ ჩემთვის გემრიელია. ყველაფერ ამას კი არამც და არამც ბედნიერებსა და მდიდრებს არ ვეუბნები, მხოლოდ ჩემს თავზე ვამბობ: ერთმანეთს ვადარებ იმას, როგორ ვცხოვრობდი წინათ და როგორ ვცხოვრობ ახლა.
მას აქეთ, რაც საზოგადოებას გამოვექეცი, როცა უკუვაგდე ყველაფერი, რაც სხეულს უკავშირდება, მე და შური, მე და შფოთვა ერთად არ ვარსებობთ.
რაკი ჩემი სიცოცხლე განგებას მივანდე, მე მას, ცხოვრებას, არც ვეძალები, და არც ვირიდებ.
ჩემი არსება ჰგავს ცაზე მიმომცურავ ღრუბელს: მას არც საყრდენი აქვს, და არც უკმაყოფილოა. არსებობის მთელი სიხარული ზღვარს მაშინ აღწევს, როცა სასთუმალზე თავდავანებული ვთვლემ და ყველა ცხოვრებისეული სურვილი მხოლოდ წლის ცვალებად დროთა სილამაზეებში მკვიდრობს.
სამივე სამყარო მხოლოდ ერთი სულია!32 სული თუ შფოთავს, განგაშებს, არც ცხენები, არც ხარები, არც ძვირფასეულობები არაფრის მაქნისია; პალატები და დარბაზები უკვე სასურველი, ძვირფასი რამეები აღარაა! ახლა კი მე განმარტოებულად არსებობის, პატარა ქოხის პატრონი ვარ; და მე ისინი მიყვარს.
როცა დედაქალაქში ჩასვლა მიხდება, მრცხვენია, რომ ღატაკი ბერი ვარ; მაგრამ როცა უკან ვბრუნდები და აქ ვზივარ, ამქვეყნიურ ცოდვებთან წილნაყარნი მებრალებიან. თუ ვინმე შეეჭვდება იმაში, რაც აქ ვთქვი, მან თევზებისა და ფრინველების ხვედრი გააცნობიეროს. თევზს წყალში ყოფნა არ მობეზრდება. თევზი თუ არ იქნები33, მის გულს ვერ გაუგებ! განდეგილის განწყობილებებზეც ეს შეიძლება ითქვას. განდეგილს რას გაუგებს ის, ვისაც მასავით არ უცხოვრია?

(დასასრული ქვემოთ)
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ჯუმბერ თითმერია Empty
PostSubject: Re: ჯუმბერ თითმერია   ჯუმბერ თითმერია EmptyFri Mar 15, 2019 9:18 am

კამო-ნო ტიომეი


ჩანაწერები სენაკიდან


თარგმანი რუსულიდან - ჯუმბერ თითმერია

Камо-но Темэй. Записки из кельи – http://lib.ru/JAPAN/kamono.txt



(დასასრული)


კარი მესამე

I
და აი, მიწიერი სიცოცხლის მთვარის დისკო სადაცაა ჩაესვენება და უკვე "ბოლოსწინა მთების" თხემს უახლოვდება. და როცა მე უცებ "სამი გზის"34 მწუხარების წინ აღმოვჩნდები, რა მექნება სანანებელი?

II
ბუდა ასწავლიდა ადამიანებს: "საგანს თუ შეეხები, ზედ მაგრად ნუ მიებორკები!" მაშასადამე, ისიც, რომ მე ახლა ეს ბალახების ქოხი მიყვარს, უკვე შეცოდებაა. ესე იგი, მე რომ ასე ვერთგულობ განმარტოება-განცალკევებას, უკვე დაბრკოლებაა გზაზე... და რაა ის, რომ მე უსარგებლო, ფუჭ სიხარულებზე ვლაპარაკობ და მთელ დროს ამაოდ ლაქლაქზე ვხარჯავ?

III
განთიადისწინა სიჩუმეში ამ კანონზე ფიქრებში დანთქმული ვზივარ და მივმართავ ჩემს სულს, ვეკითხები მას: "გამოექეცი საზოგადოებაში ცხოვრებას და მთებს, ტყეებს შეერიე... ყველაფერი იმისთვის გააკეთე, რომ სული გეხსნა, რომ "გზა" აღგესრულებინა, მაგრამ გარეგნობა ბერისა გაქვს, შენი სული კი სიბილწეში ჩაიფლო. შენი საცხოვრებელი ძიომკოძის35 საცხოვრებელსა ჰგავს, მაგრამ ის, რასაც შენ იქმ, სიურიხანდოკუს36 საქმეთა ფარდიც კი არაა. თუ ეს თვით შენი ბრალია? ყველაფერი ეს უწინდელი სიცოცხლის გამოსასყიდად შენი აბუჩად ასაგდები ყოფისა და სიღატაკის სახით გაღებული საზღაურია? თუ შენ ცდომილებების ლაფში ამოსვრილი ეს გული გაცბუნებს?
სულს არც ამ კითხვის პასუხი აქვს. ერთი კია: ორჯერ თუ სამჯერ ბუდასთვის არასასურველი ლოცვა წარმოვუთქვი მას.
კენრიაკუს მეორე წლის მესამე მთვარის მიწურული (1212წ.)
ამას წერდა ძმა რენ-ინი37 ტოიამას მთაზე მდგარ ქოხში.


კომენტარები:

1. "მარგალიტებით მოფენილ" – ანუ მშვენიერი. ეტყობა, უცვლელი ეპითეტია.
2. "ეს დროებითი თავშესაფარი" – სამყაროს, როგორც დროებითი თავშესაფრის ხატი ადამიანის უსასრულო არსებობათა გზაზე მეტად გავრცელებული იყო იმ დროის იაპონურ ლიტერატურაში.
3. "ანგენი" – ჩინეთის მაგალითის მიხედვით იაპონელი ხელმწიფეების მმართველობის პერიოდებს ეძლეოდა განსაკუთრებული დევიზები, რომელთაც კეთილისმყოფელი გავლენა ჰქონდათ. "ანგენი" ნიშნავს "სიმშვიდის წყაროს".
4. "ჯოჯოხეთური გრიგალი" – ბუდისტური მითოლოგიით, ცოდვილთა სულებს ჯოჯოხეთის სამი სფეროდან პირველში ჩააგდებდა ხოლმე – ცეცხლის ჯოჯოხეთში.
5. "ამ ახალი დედაქალაქის საკითხი აქ გადაწყვიტეს იმპერატორ საგას მმართველობისას" – ხეიანი დაარსდა იმპერატორ კამუს დროს, 793 წელს და მისი მშენებლობა დასრულდა 806 წელს. ხელმწიფე ხეიძეის დროს იყო წარუმატებელი მცდელობა ისევ ქალაქი ნარა ექციათ დედაქალაქად, მაგრამ იმპერატორ საგას ხანაში დედაქალაქი ისევ ხეიანი გახდა, 810 წელს.
6. "ნანივა" – ქალაქ ოსაკას ძველი სახელწოდება.
7. "ადამიანთა გულები გადასხვაფერდა" – ეს ფრაზა ახასიათებს მაშინდელი იაპონიის მდგომარეობას, როცა პირველად პოლიტიკურ არენაზე ტაირას მეომარი სახლი გამოჩნდა, კიემორის მეთაურობით. სწორედ კიემორის ბრძანებით მოხდა დედაქალაქის გადატანა, რომელიც აქ არის ნახსენები, თუმცა არა ნანივაში, როგორც ჩიომეი ამბობს, არამედ ფუკუხარაში. სამხედრო ფენის მოსვლამ ხელისუფლებაში ბევრი რამე შეცვალა ქალაქის ყოფაში: სახედრებით აღჭურვილი არისტოკრატიული ეკიპაჟების ნაცვლად შეკაზმული ცხენებით დაქროდნენ.
8. "ძელური სასახლე" – სახელი სასახლისა, რომელიც იმპერატორმა ტენტიმ ააშენა ტიკუძენის პროვინციაში, მოგზაურობის დროს შესასვენებლად. სასახლე უხეშად იყო მორებისგან აგებული.
9. "უწინდელი დასახლება" – ძველი დედაქალაქი ხეიანი.
10. "მოსამსახურე ადამიანები" – სამურაები.
11. "გამიგონია" – ჩვეულებრივი მინიშნება "ოქროს საუკუნეზე". ამ შემთხვევაში მხედველობაშია ჩინეთის იმპერატორი იაო, ვისაც არც არაფრად მიაჩნდა თავისი საცხოვრებელი და, ასევე, იაპონელი ხელმწიფე ნინტოკუ, რომელმაც თავისი ქვეშევრდომების უკვამლო სახურავების მიხედვით დაასკვნა, რომ იმათ არაფერი ჰქონდათ სადილად შესაწვავი.
12. "წყალმცირის თევზები" – ბუდას სიტყვებია. "დღეები გადის, ცხოვრება უგნურად იფანტება და შენ თითქოს თევზი ხარ წყალმარჩხში".
13. "მანკისა და ბოროტების ამ ჯოჯოხეთში" – ბუდისტური სწავლებით, ბუდას ქადაგების დაწყებიდან უნდა გავიდეს სამი ეპოქა: კანონის ეპოქა, კანონის მძლავრობის ეპოქა და ეპოქა კანონის აღსასრულისა, როცა მანკითა და ბოროტებით დასვრილი ადამიანები ზურგს შეაქცევენ ბუდას. ჩიომეის ხანა სწორედ ასეთად ითვლებოდა.
14. "ნინაძი" – სინგონის ("ჭერშმარიტი სიტყვის") სექტის ტაძარი. მდებარეობს აწინდელ კიოტოში.
15. "მარადიულ ცხოვრებაში" – სანსკრიტული ანბანის პირველი ასო, სინგონის სწავლებით, არის საწყისის სახე, დასაბამთა დასაბამია. მისი წარმოთქმა გვანთავისუფლებს ტანჯვისაგან, გზაზე გამოვყავართ, რომლის ბოლოს ბუდად შეიძლება ვიქცეთ, მივაღწიოთ ნირვანას.
16. "მოხდა რაღაც ამდაგვარი" – იმ წლებში მძვინვარებდა შავი ჭირი.
17. "ტაძარი ტოდაიძი" – ტოდაიძის ტაძარი ნარაში აშენდა 749–751 წლებში, როგორც სიმბოლო იაპონური ბუდიზმისა. მასში არის ბუდა ვაიროჩანის – შუქის ბუდას მჯდომარე, თექვსმეტ მეტრიანი ქანდაკება.
18. "ამიდას გამოსახულება" – ბუდდა ამიდა (სანსკრიტულად, ამიტაბჰა) ბუდისტური მითოლოგიით, დასავლეთში ცხოვრობს, სადაც მზე ჩადის.
19. "ფუგენი" – სანსკრიტულად, ბოდჰისატვა სამანტაბჰარდა. უსაზღვრო სიკეთის და თანაგრძნობის მქონე არსება. სიწმინდის მაღალ ხარისხს მიღწეული, მაინც ცხოვრებაში რჩება, რომ ადამიანებს დაეხმაროს, დაიცვას ყველაფერი ცოცხალი. ფუგენი გამოისახება თეთრ სპილოზე მჯდომარე, ბუდასგან ხელმარჯვნივ. ფუგენი განასახიერებს ბუდას სწავლების მოქმედ სიკეთეს.
20. "ფუდო" – (ფუდო–მიო), მრისხანე ღმერთი, განაგდებს ბოროტ დემონებს. გამოიხატება მახვილით ცეცხლის ენებში.
21. "კოტო და ბივა" – მუსიკალური საკრავები.
22. "უმზერ ცისვაზთა ტალღებს" – ცისვაზის შედარება ღრუბლებთან – ეს არის მზის ჩასვლის სახე–ხატი.
23. "უსმენ გუგულს" – მითოლოგიაში გუგული აღნიშნავს "მიღმიერი მთების ფრინველს" და სწორედ ის მიაცილებს გარდაცვლილ ადამიანს სიკვდილის ქვეყანაში.
24. "შემოდგომაზე მთელ ყურთასმენას ჭრიჭინობელათა ხმები იპყრობს" – კამო ნო ჩიომეის მხედველობაში აქვს ბო ძიუ ი–ს ლექსი, რომელიც ეძღვნება მის მეგობარ ლი მეთერთმეტეს: "საღამოს შენზე ფიქრით გორაზე ავედი და ფიჭვებში ვდგავარ. ციცინათელების ფიქრები, ჭრიჭინობელათა ხმაური ყურთასმენას ავსებს, ეს შემოდგომაა". ჭრიჭინობელა იაპონურად ნიშნავს "უცუ–სემი", ამავე სიტყვით აღინიშნება "მიწიერი ცხოვრება".
25. "ნათელ ტალღებს ვარ მინდობილი, რომლებიც ნავს მოჰყვებოდნენ" – ოდანავ სახეცვლილი მან–სიამის (სამი მანძეი, მერვე საუკუნე) ტანკის სტრიქონები, რომლებიც მოხვედრილია ანთოლოგიებში: "მანიოსიუ" და "სიუივაკასიუ" (998 წელი): "რას შევადაროთ ცხოვრება? ნავის თეთრი ტალღების კვალს, დილის ბინდბუნდში რომ მიცურავს". ოკანოია – მდინარე უძიგავას აღმოსავლეთ ნაპირი, რომელზეც იშლებოდა ხედი მთა ტოიამიდან, სადაც ცხოვრობდა მწერალი.
26. "ძინიო" – ჩინური მდინარე ცზუიის (იანძის) იაპონური წაკითხვა, სადაც იშლება ბო ძიუ ი–ს პოემის "პიპას" მოქმედება. ამ პოემაში მოთხრობილია ნიჭიერი მომღერლის მწარე ბედზე. გენ ტოტოკუ – მინამოტო ცუნენობუ (1016–1097), სახლეგანთქმული პოეტი და მუსიკოსი. მთელი ეს ფრაზა ასოციაციურად აგებულია სიტყვაზე "სურო" (კაცურა); სუროს ფოთლების შარიშური ისმის ბო ძიუ ი–ს პოემის დასაწყისში და იმ ადგილის სახელწოდებაში, სადაც ცხოვრობდა მომღერალი მინამოტო ცუნენობუ.
27. "ბუნების სილამაზეებს მესაკუთრენი არა ჰყავთ" – ბო ძიუ ი–ს სიტყვები. მერე უწერია: "მთა ეკუთვნის მას, ვისაც უყვარს მთები".
28. "სემიმარუ" – პოეტი და მუსიკოსი მეათე საუკუნის დასაწყისში. ორი მისი ლექსი შედის ანთოლოგიაში "სინკოკინსიუ".
29. "სარუმარა" – ხეიანის ეპოქის პოეტი. ბიოგრაფია უცნობია. მისი სახელი ლეგენდებით არის გარემოსილი.
30. "ის მამა ხომ არ არის ჩემი? ის დედა ხომ არ არის ჩემი?" – ოდნავ შეცვლილი სტრიქონები, რომელნიც მიეწერება იაპონელ ბერს გიოკი–ბოსაცუს (668–749), რომელიც თავის მხრივ, იმოწმებს ერთ ბუდისტურ წიგნს: "ყველაფერი ცოცხალი – ჩემი დედა და მამაა".
31. "ვგრძნობ, უკვე რამდენად დაშორებული ვარ საერო ცხოვრებისგან" – ოდნავ შეცვლილი სტრიქონები დიდი იაპონელი პოეტის საიგიოს (1118–1190) ლექსიდან.
32. "სამივე სამყარო მხოლოდ ერთი სულია!" – სხეულებრივი დაბადებების უსასრულო ჯაჭვში არის სამი სამყარო: ვნებების, სუფთა სურვილების, უვნებებო. ჩიომეი აქ იმოწმებს "მადლიანი კანონის ლოტოსის სუტრას". შემდეგ სუტრაში ნათქვამია: "...სულის გარეშე არანაირი კანონი არ არსებობს".
33. "თევზი თუ არ იქნები" – ეფუძნება წიგნ "ჯუან–ძის" მეჩვიდმეტე თავს, "შემოდგომის ყურე".
34. "სამი გზის" – იმის მიხედვით, თუ როგორი ცოდვები ჩაუდენია, ცოდვილი შეიძლება მოხვდეს ჯოჯოხეთის სამი სფეროდან ერთ–ერთში: ცეცხლის ჯოჯოხეთში, მშიერი დემონების ჯოჯოხეთში, ქვემძრომი მაჯლაჯუნების ჯოჯოხეთში.
35. "ძიომ–კოძი" – (ვიმალაკირტი – "სუფთა სახელის" მფლობელი), ბუდას ერთ–ერთი მოწაფე, უარი თქვა სიმდიდრეზე და ღარიბული ქოხით კმაყოფილდებოდა.
36. "სიურიხანდოკუ" – (სანსკრიტულად, სუდაპანტხაკა), ბუდას ყველაზე უნიჭო და ჯიუტი მოწაფის სახელი.
37. "ძმა რენ-ინი" – ჩიომეის ბერული სახელი.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ჯუმბერ თითმერია Empty
PostSubject: Re: ჯუმბერ თითმერია   ჯუმბერ თითმერია EmptyFri Mar 15, 2019 10:07 am

ვილენ მარდალეიშვილი

რა სიურპრიზი მოუმზადა ჯუმბერ თითმერიამ ჯანსუღ ჩარკვიანს...


"ჯუმბერ თითმერია - სამწუხაროდ, უკვე ორი წელია, რაც ჩვენს შორის აღარ არის და დღეს, 20 თებერვალს სამოცდაათისა გახდებოდა...

ჰოდა, დავატარებთ მოგონებებს ძვირფას მეგობარზე, შესანიშნავ მწერალზე, მთარგმნელზე, ლიტერატურის კრიტიკოსზე, ესეისტზე...

...აი, გვხვდება იგი ქუჩაში - დიდ პავლე ინგოროყვასავით სულ წიგნებით და ჟურნალებით სავსე ჩანთით და სალამ-ქალამის შემდეგ მკვირცხლ თვალებში ღიმჩამდგარი გვიზიარებს რომელიმე წიგნის, ან ჟურნალში დაბეჭდილი მხატვრული ნაწარმოების წაკითხვით მოგვრილ სიხარულს...

რა დამავიწყებს (ნეტა იმ დროს), უნივერსიტეტის ბაღში, როგორ შემოიტანა ერთხელ "მნათობის" ახალი ნომერი, რომელშიც ჯერომ სელინჯერის რომანი "თამაში ჭვავის ყანაში" იყო დაბეჭდილი (ბატონი ვახტანგ ჭელიძის ბრწყინვალე თარგმანი), როგორი აღტაცებით საუბრობდა იგი სელინჯერის მწერლურ სტილზე (გასული საუკუნის 60-იან წლებში ქართულად თარგმნილი უახლესი უცხოური ლიტერატურა ჯერ კიდევ სანატრელი იყო), როგორ გვიკითხავდა რომანის ნაწყვეტებს...

ასე რამდენჯერ...

წერდა შესანიშნავად, მე დღემდე მახსოვს, კარგა ხნის წინათ, "ცისკარში" დაბეჭდილი მისი ნარკვევი გრიგოლ სხულუხიაზე, მის ოჯახზე, გმირი მამის ღირსეულ ქალიშვილ ვინარი სხულუხიაზე, ხოლო ჯუმბერის პუბლიკაციებში ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, კრიტიკულ წერილებში ჩანდა მისი კასკასა ნიჭი, ანალიზის უნარი, პრინციპულობა, განსწავლულობა... ერთი ხანობა, დიდად პოპულარული გახდა ჟურნალი "საბჭოთა ხელოვნება". არცთუ უსაფუძვლოდ. აქ ხომ, იმ დროს, მთავარი რედაქტორი ბრძანდებოდა ბატონი ნოდარ გურაბანიძე, რომელმაც გვერდით დაიყენა, მოადგილედ მოიწვია ჯუმბერ თითმერია, რამეთუ დიდად აფასებდა სწორედაც მის განსწავლულობასა და გემოვნებას.

ცალკე თემაა ჯუმბერ თითმერია - მთარგმნელი, მან უზადოდ, კეთილსინდისიერად აამეტყველა ქართულ ენაზე ვასილ შუშკინის მოთხრობები და კიდევ რამდენიმე სხვა შესანიშნავი რუსი მწერალი...

სხვა გული ჰქონდა, სხვა ჩამოსხმისა, მოსიყვარულე იყო, რომელსაც ხშირად ცვლიდა კოლხური სიფიცხე და, ზოგჯერ, გაწიწმატებაც კი ირგვლივ გამეფებული უზნეობის, უსამართლობის, ქვებუდნობის გამო... მისი საფიცარი ოჯახი, სამაგალითო ცოლ-შვილი იყო... და, რაღა თქმა უნდა, საძმო-სამეგობრო...

ჯანსუღ ჩარკვიანი იგონებს:

- ერთ საოცრებას გავიხსენებ: პირველ სექტემბერს მესტუმრა ჯუმბერი და მითხრა - "ჩემო ჯანსუღ 30 სექტემბერს 65 წელი გისრულდება და რა გაგიხარდება, რომ საჩუქრად მოგართვაო, მე ვუპასუხე, როგორც წესი, მოხვალ სტუმრად და ეგ იქნება ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი-მეთქი. დადგა 30 სექტემბერი, ამ დღეს ვართ დაბადებული მეც, ჩემი დაც და ჩემი ძმაც. ოჯახში სუფრაა გაწყობილი ოცდაათ კაცზე, მხოლოდ საძმოსათვის. შედარებით ადრე სამნი გვესტუმრნენ, ჯიმი - ჩემი ძმა, ზურაბ ჩილაჩავა - ჩემი ძმაკაცი და ჩემი უმცროსი მეგობარი ჯუმბერ თითმერია. ჯიმიმ ხმამაღლა მითხრა: "ჩემო ჯანსუღ, შევკრიბე შენი რჩეული ლექსები, შესავალი წერილიც დავურთე, რედაქტორებად ჯუმბერ თითმერია და ზურაბ ჩილაჩავა დაინიშნენ, ჯუმბერმა კრებული თავისი ვაჟიშვილის გამომცემლობა "საარში" წაიღო და გამოსცა, ნატვრა აგისრულა, მეტი რა ექნა?!" "აი, რას გპირდებოდიო" - დაუმატა ჯუმბერმა, გავიხარე. ყველაფერს ველოდი, მაგრამ ასეთ საჩუქარს, არა".

ხედავთ რა შტრიხი შემატა ჯუმბერის პორტრეტს ბატონმა ჯანსუღმა?!

ასეთი იყო ნაღდი, უღალატო...

ძალიან გვაკლია დღეს მისი ცხელი გული, ნიჭიერება, შემართება...

ნათელში იყავ ჩვენო ძვირფასო მეგობარო!


გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 2009-02-20

ბმული:
* http://www.opentext.org.ge/index.php?m=12&y=2009&art=4990

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ჯუმბერ თითმერია Empty
PostSubject: Re: ჯუმბერ თითმერია   ჯუმბერ თითმერია EmptyFri Mar 15, 2019 10:12 am

ლელა კალაძე

„საუბრები” ნოსტალგიური შეფერილობით


"ჯუმბერ თითმერია - სამწუხაროდ, უკვე ორი წელია, რაც ჩვენს შორის აღარ არის და დღეს, 20 თებერვალს სამოცდაათისა გახდებოდა...

ჰოდა, დავატარებთ მოგონებებს ძვირფას მეგობარზე, შესანიშნავ მწერალზე, მთარგმნელზე, ლიტერატურის კრიტიკოსზე, ესეისტზე...

...აი, გვხვდება იგი ქუჩაში - დიდ პავლე ინგოროყვასავით სულ წიგნებით და ჟურნალებით სავსე ჩანთით და სალამ-ქალამის შემდეგ მკვირცხლ თვალებში ღიმჩამდგარი გვიზიარებს რომელიმე წიგნის, ან ჟურნალში დაბეჭდილი მხატვრული ნაწარმოების წაკითხვით მოგვრილ სიხარულს...

რა დამავიწყებს (ნეტა იმ დროს), უნივერსიტეტის ბაღში, როგორ შემოიტანა ერთხელ "მნათობის" ახალი ნომერი, რომელშიც ჯერომ სელინჯერის რომანი "თამაში ჭვავის ყანაში" იყო დაბეჭდილი (ბატონი ვახტანგ ჭელიძის ბრწყინვალე თარგმანი), როგორი აღტაცებით საუბრობდა იგი სელინჯერის მწერლურ სტილზე (გასული საუკუნის 60-იან წლებში ქართულად თარგმნილი უახლესი უცხოური ლიტერატურა ჯერ კიდევ სანატრელი იყო), როგორ გვიკითხავდა რომანის ნაწყვეტებს...

ასე რამდენჯერ...

წერდა შესანიშნავად, მე დღემდე მახსოვს, კარგა ხნის წინათ, "ცისკარში" დაბეჭდილი მისი ნარკვევი გრიგოლ სხულუხიაზე, მის ოჯახზე, გმირი მამის ღირსეულ ქალიშვილ ვინარი სხულუხიაზე, ხოლო ჯუმბერის პუბლიკაციებში ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, კრიტიკულ წერილებში ჩანდა მისი კასკასა ნიჭი, ანალიზის უნარი, პრინციპულობა, განსწავლულობა... ერთი ხანობა, დიდად პოპულარული გახდა ჟურნალი "საბჭოთა ხელოვნება". არცთუ უსაფუძვლოდ. აქ ხომ, იმ დროს, მთავარი რედაქტორი ბრძანდებოდა ბატონი ნოდარ გურაბანიძე, რომელმაც გვერდით დაიყენა, მოადგილედ მოიწვია ჯუმბერ თითმერია, რამეთუ დიდად აფასებდა სწორედაც მის განსწავლულობასა და გემოვნებას.

ცალკე თემაა ჯუმბერ თითმერია - მთარგმნელი, მან უზადოდ, კეთილსინდისიერად აამეტყველა ქართულ ენაზე ვასილ შუშკინის მოთხრობები და კიდევ რამდენიმე სხვა შესანიშნავი რუსი მწერალი...

სხვა გული ჰქონდა, სხვა ჩამოსხმისა, მოსიყვარულე იყო, რომელსაც ხშირად ცვლიდა კოლხური სიფიცხე და, ზოგჯერ, გაწიწმატებაც კი ირგვლივ გამეფებული უზნეობის, უსამართლობის, ქვებუდნობის გამო... მისი საფიცარი ოჯახი, სამაგალითო ცოლ-შვილი იყო... და, რაღა თქმა უნდა, საძმო-სამეგობრო...

ჯანსუღ ჩარკვიანი იგონებს:

- ერთ საოცრებას გავიხსენებ: პირველ სექტემბერს მესტუმრა ჯუმბერი და მითხრა - "ჩემო ჯანსუღ 30 სექტემბერს 65 წელი გისრულდება და რა გაგიხარდება, რომ საჩუქრად მოგართვაო, მე ვუპასუხე, როგორც წესი, მოხვალ სტუმრად და ეგ იქნება ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი-მეთქი. დადგა 30 სექტემბერი, ამ დღეს ვართ დაბადებული მეც, ჩემი დაც და ჩემი ძმაც. ოჯახში სუფრაა გაწყობილი ოცდაათ კაცზე, მხოლოდ საძმოსათვის. შედარებით ადრე სამნი გვესტუმრნენ, ჯიმი - ჩემი ძმა, ზურაბ ჩილაჩავა - ჩემი ძმაკაცი და ჩემი უმცროსი მეგჯუმბერ თითმერია, საუბრები. თბ. “საარი”, 2004.

ჯუმბერ თითმერიას “საუბრები” ავტორის გემოვნების უტყუარ საბუთად გამოდგება. ეს არის ნოსტალგიური წიგნი, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვახსენებს ჩვენი კულტურის მნიშვნელოვან ეტაპებს, მოგვაგონებს იმ პრობლემებს, რომლებიც სერიოზულად გვაწუხებდა და შესაძლოა დღესაც აქტუალურნი არიან.
“საუბრები” ავტორის რჩეულ ადამიანებთან პროფესიონალის მიერ არის წარმართული და გეზმიცემული, ამიტომ დღესაც საინტერესოდ გვეჩვენება, თუ რა გვაღელვებდა და არ მოგვწონდა, ანდა რამოგვწონდა და ახლაც გვენატრება.
ჯუმბერ თითმერია მრავალმხრივი ლიტერატორია. იგი ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, მთარგმნელი და კრიტიკოსია. ბევრისთვის ძვირფასი და ახლობელია მისგან გადმოქართულებული შუკშინი, რომელიც დედნისეული სილაღით და იშვიათი დახვეწილობის იუმორით მოგვეწოდა და “ჩვენი” გახდა. სადღეისოდ ჯუმბერ თითმერია საგანგებოდ გვირჩევს თავისი ახალი წიგნის პერსონაჟებს, კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას მათზე და ისევ და ისევ დღევანდელ მკითხველთა გახარებაზე ფიქრობს. “საუბრების” მიზანი მკაფიოდ არის გამოკვეთილი, ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე რჩეულების გუშინდელი ნააზრევი დღევანდელს შევადაროთ, მათი პოზიცია სამომავლო ორიენტირების თვალსაზრისით შევაფასოთ და ასე მოვახდინოთ ერთგვარი “სელექცია”.
მკითხველის წინაშე ერთადერთი ამოცანა დგას, მას ეძლევა დარწმუნების კარგი საშუალება, კიდევ სჯერა თუ არა გუშინდელი რჩეულების, არიან თუ არა ისინი ადეკვატურნი დღევანდელობის თვალსაზრისით, ანდა როგორია ის შემოქმედებითი მუხტი, რომელიც ასე კაშკაშა ჩანდა XX საუკუნეში და რაც ასე ძალიან სჭირდება დღევანდელობას.
“საუბრების” მონაწილენი არიან ანა კალანდაძე, რევაზ ინანიშვილი, თამაზ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი, ვახტანგ ჯავახაძე, მიხეილ ქვლივიძე, ნოდარ გურაბანიძე, ვახტანგ დავითაია, სერგო კლდიაშვილი, ირაკლი აბაშიძე, აკაკი შანიძე, შალვა ნუცუბიძე… საგანგებო საუბარი გამართულია ვაჟა-ფშაველასთან.
თითოეულ მათგანზე ღირს შეჩერება, მაგრამ სპეციფიკური გარემოებისდა გამო ერთ მათგანს გამოვარჩევთ და მიზეზსაც ნათელვყოფთ. ჩვენი აზრით, განსაკუთრებით ფასეულია ჯუმბერ თითმერიას დიალოგი სერგო კლდიაშვილთან. ამ საუბრისას ბატონი ჯუმბერი შესანიშნავად ახერხებს აალაპარაკოს დიდი დავით კლდიაშვილის მემკვიდრე, გვიჩვენოს მისეული თვალთახედვა, თვალწინ გადაგვიშალოს მამათა და შვილთა მარადიული ჭიდილი, მამათა და შვილთა მარადიული ზავი, ტრადიციების უკვდავი მუხტი და შემოქმედის მრავალმხრივი მიმართება ცხოვრებასთან.
სერგო კლდიაშვილი მოგვითხრობს თავის ახალგაზრდულ “ცდომილებებზე”, გვიყვება სიმბოლიზმით გატაცებასა და მამასთან შემოქმედებით უთანხმოებაზე; სრულიად გასაგებია, რომ ახალგაზრდა კლდიაშვილს სრულიად სხვა შემოქმედებითი კრედო გააჩნდა, მამისგან განსხვავებული. ეს ჯდება ეპოქის განვითარების კანონზომიერებაში, მამის “წინააღმდეგ” წასვლა ახალგაზრდობის ასაკისთვის აუცილებელია; ეს ნიშნავს, რომ შვილი აზროვნებს, ძლიერდება და იზრდება. სწორედ ეს ფაქტი გვიდასტურებს, რომ სერგო კლდიაშვილი ნამდვილად შემოქმედებითი პოტენციის ნატურა იყო, გააჩნდა “საკუთარი” მოსაზრებები და თავისი თაობის იდეებით სულდგმულობდა. ანუ ჯერ როგორც პიროვნება ჩამოყალიბდა, რაც შემოქმედებითი სრულყოფის უდავო ფაქტია.
მართალია, იგი არ გამხდარა ისეთი მნიშვნელოვანი ჩვენი ლიტერატურისათვის, ვერ გადააჭარბა თავის დიდ მამას, მაგრამ ანგარიშგასაწევ ძალად ნამდვილად იქცა. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ძნელი იქნებოდა ეს პროცესი, როგორი რთული სწორედ დავით კლდიაშვილის მემკვიდრისათვის, სწორედ დიდი მამის ფაქტორიდან გამომდინარე.
სერგო კლდიაშვილი ჯუმბერ თითმერიასთან დიალოგში შესანიშნავად გვიჩვენებს “შერიგების” თუ “მორიგების” მომენტსაც. ეს მოგვიანებით მომხდარა, ყველა “ცდომილებათა” შემდგომ და სწორედ ეს მისეული პიროვნული “ცდომანი” არის სასურველი ხელოვანისთვის. ჯერ ასე იყო: “…ჩამორჩენილობად და მეორეხარისხოვნად მეჩვენებოდა რეალისტური მიმდინარეობა”… ამბობს სერგო კლდიაშვილი და ამას მოსდევს ბრძნული დამოკიდებულება მამის მხრიდან – “…ვაცალოთ, დამაჭრდეს. მერე კი გაერკვევა და თვითონვე გაიკვლევს გზას”… ბოლოს ვიგებთ, რომ სერგო კლდიაშვილმა კვლავ მიაშურა რეალიზმის, ტრადიციულის წიაღს, მაგრამ არა მექანიკურად. თავად ასე ამბობს: “…წლები დასჭირდა იმას, რომ გაფანტულიყო ეს ბურუსი. დავით კლდიაშვილი მთელი თავისი ბრწყინვალე ტალანტით მხოლოდ მაშინ ვიგრძენი და გავიგე, როცა 21-22 წლის გავხდი. ეს მართლაც ისე მოხდა, თითქოს ვიღეაცამ გადასწია ფარდა და ფერიული სანახაობა გადამეშალა თვალწინ. მას შემდეგ დავით კლდიაშვილის შემოქმედება ყველაფერში სანიმუშოა ჩემთვის”.
შესაძლოა მამის “სანიმუშოდ” მიჩნევა ორიგინალური სრულიადაც არ იყოს და ქართულ კანონზომიერებად მივიჩნიოთ, მაგრამ ამას წინ უსწრებდა ჯანყის, ამბოხის, წინააღმდეგობის წლები. “მამის წიაღში” დაბრუნება სრულიად მართებულია ამ შემთხვევაში, სწორედ ის წინარე პერიოდი არის ფასეული, რადგან უკრიტიკოდ მიღება და გაზიარება მხოლოდ უფერულ ჩრდილებს და უღიმღამო ეპიგონებს თუ გაგვიმრავლებს.
საინტერესოა, რომ სერგო კლდიაშვილი კატეგორიულად უარყოფს მემუარების დაწერას, ეს კიდევ უფრო ზრდის ჯუმბერ თითმერიას ამ საუბრის აზრსა და მნიშვნელობას. თუკი სერგო კლდიაშვილი დაწერდა მემუარებს, იგი არ იქნებოდა ბოლომდე “მართალი”, ხოლო “ყალბი” მოგონებების დაწერის უფლებას თავის თავს ვერ მისცემდა, დრო სხვა არჩევანს არ იძლეოდა. სამაგიეროდ დიალოგში ნათლად შემპოგვრჩა კლდიაშვილთა უძლიერესი მწერლური ოჯახის სულიერი ევოლუციის მნიშვნელოვანი პასაჟები, რაც ძალიან ღირებულია ჩვენი ლიტერატურის ისტორიისათვის.
ჯუმბერ თითმერიასთვის დამახასიათებელია იშვიათი თავმდაბლობა მთელი “საუბრების” მანძილზე, როცა იგი ცდილობს ჩრდილში მოექცეს და მეტი გასაქანი მასთან მოსაუბრეს მისცეს, იგი ახერხებს მაქსიმალურად “დატვირთოს” თავისი საუბრები და ამით საზოგადოებას თანდათანობით გადაუშალოს ფაქტის მნიშვნელობა.
მართლაც ტევადი და მნიშვნელოვანია მოცულობით ყველაზე მოკლე დიალოგებიც კი, თუნდაც რევაზ ინანიშვილთან გამართული. ნიშანდობლივია მწერლის განცხადება: “ვრცელ მოთხრობაში თავს არეული ნაბიჯებით მოარულად ვგრძნობ”-ო.
ჯუმბერ თითმერიას კრიტიკული დაკვირვებები კიდევ უფრო საინტერესოს ხდის დიალოგს ამა თუ იმ შემოქმედთან. თანაც მას საგულდაგულოდ ჰყავს შერჩეული ის ხალხი, რომელთა მოღვაწეობასაც კარგად იცნობს, რომლებიც მის სულიერ სამყაროსთან უფრო ახლოს არიან.
სრულიად უპრეცედენტოა ვაჟა-ფშაველასთან დიალოგი, რითაც იშლება დროთა შორის მიჯნა და ძველი და უახლესი უკავშირდება ერთმანეთს. დასმულია დღევანდელი ქართველისათვის საინტერესო კითხვები, გაცემულია “პასუხები”, რომლებიც არა მარტო სადღეისო, არამედ სახვალიო ტენდენციებსაც შეიცავენ.
ჯუმბერ თითმერიამ საგანგებოდ “მოიხმო” ვაჟა-ფშაველა სასაუბროდ, იგი შეეცადა განსხვავებულად წარმოეჩინა თანამედროვეობა, დაენახვებინა იგი სულ სხვა კუთხით და გამოეწვია ის “ნოსტალგია”, რომელიც ოდესღაც არსებულისა და აწგარდავლილის შარავანდედით შემოსილა.
ჯუმბერ თითმერიას “საუბრები” თავს ნამდვილად წაგაკითხებთ. ჩავუსხდეთ!

©️ “წიგნები _ 24 საათი”, October 9, 2008

ბმული:
* http://arilimag.ge/ლელა-კალაძე/

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ჯუმბერ თითმერია Empty
PostSubject: Re: ჯუმბერ თითმერია   ჯუმბერ თითმერია EmptyFri Mar 15, 2019 10:18 am

ჯუმბერ თითმერია

გვესაუბრება ვაჟა-ფშაველა



რაო, რაო? ვაჟა-ფშაველა გვესაუბრებაო?! თანაც, ამ ჯუმბერ თითმერიას როგორ ესაუბრებაო?! არადა, ის მეც ისევე მესაუბრება, როგორც თქვენ - ყველას! ვაჟა, რასაკვირველია, მხოლოდ მის თანამედროვეებს კი არა, შთამომავლობასაც ემუსაიფებოდა. მისთვის წარსული, აწმყო და მომავალი ერთმანეთისგან განუყრელი იყო. თანაც, თვითონვე ბრძანებს: «მაგრამ გავიგებთ ერთხელაც ვინ ახლოს ვდგევართ ღმერთთანა». ეს გვახსოვდეს!
მე, ცოდვილი, ჩემს რესპონდენტს მისი სიდიადის შესატყვისი ეპითეტებით არ მივმართავ. ვაჟა უეპითეტებოდაც ვაჟაა.
გვახსოვდეს: ვაჟას საუბარი, არსებითად, არასოდეს არაა მონოლოგი, ის ჩვენთან დიალოგია, ვაჟა ყოველთვის გულისხმობს მსმენელს, ყურისმგდებელს, გამგონეს. ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ ის გვესაუბრება.
მოდით, ყველგან და ყოველთვის მოვუსმინოთ მას.


დავიწყოთ:

- თქვენ, რაღა თქმა უნდა, ბევრი გიფიქრიათ მწერლის მისიაზე, მოწოდებაზე, მოვალეობაზე. დიახ, ბევრი გიფიქრიათ და ბევრიც დაგიწერიათ. თქვენი თანამედროვენი დიდი გულისყურით ისმენდნენ მწერლობის, მწერლის შესახებ თქვენს შეხედულებებს, მოსაზრებებს, შეგონებებს. თქვენის ნებართვით ჩვენს დღევანდელ მკითხველებსაც - თქვენს შთამომავლობას - შევახსენებ თქვენს ზოგიერთ ნაბრძანებს:

- «მწერლის სულის და გულის ქონა იქიდამა სჩანს, აქვს რამე იდეალი, უყვარს რამ ამ ქვეყანაში, თუ არა, თავი და თავი აზრი მიწის შვილთა, ჩემის ფიქრით, ცხოვრება უნდა იყოს, მისი სიავ-სიკეთე. მწერალი უნდა ტრიალებდეს, მისი გრძნობა იმას უნდა დაჰფოფინებდეს, თვით ცხოვრებითამვე გამომდინარი, თვით ცხოვრებისაგან შობილი, უამისოდ მწერალი უაზრო ხმაა, გაურჩეველი, ყველასთვის გაუგებარი.

ბევრი რამ გამიგონია ჩვენს მწერლობაში ჩვენის მწერლებისაგან უსულგულოდ ნათქვამი სიტყვა, უმარილო, უგემური, რომელიც, ნაცვლად იმისა, რომ გულიდამ ჟანგი გადასწმინდოს კაცსა, უფრო უმატებს ჟანგსა და ობსა. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მარტო უგემური სიტყვა გვესმოდეს; უგემურთან მადლიანი სიტყვაც ბევრი გაგვიგონია».

«პოეტს მანამ ნიჭი შესწევს, უფლება აქვს იპოეტოს, განამტკიცოს კაცთა შორის მაღალი აზრი, მაღალი გრძნობა, წყლულიანი გული გაგვიმთელოს და, როცა საჭიროა, მთელი გული გაგვიწყლულიანოს და უკეთუ თავის თავს ატყობს, რომ ძალ-ღონე ელევა, სჯობს, დასტოვოს საზოგადოება და გაიხიზნოს სადმე უდაბნოში, რადგან იგი მკვდარია... ისეთი მკვდარი, რომელსაც თუმცა სული კიდევ უდგა, მაგრამ ეს სული ჰკლავს კიდეც იმას და სიცოცხლეს უმწარებს».

«მწერალს, უპირველესად ყოვლისა, საკუთარი «ენა» უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ენა სახეა მწერლისა, მისი ფიზიონომიაა და, უკეთესად რომ ვსთქვათ, - მწერლის სულია; ენაში იმალება მწერლის ინდივიდუალობა, მისი «მე». ამიტომ ნიჭიერი მწერლის ნაწარმოები თუ ერთი-ორი რამ წაგიკითხავთ წინად, შემდეგ ხელმოუწერელიც რომ შეგხვდეთ, ადვილად იცნობთ, ვის კალამსაც ეკუთვნის».

«რამდენადაც დიდი ნიჭის პატრონია მწერალი, მით უფრო ფართოდ არის დაკავშირებული ცხოვრებასთან, მის მწვავ საკითხებთან.»

«გენიოსი სდუღს, იხარშება ამ წუთისოფლის გაჩაღებულ ქურაში და იმავე დროს ეს წუთისოფელიც სდუღს და ნახევრად მოხარშულიცაა იმის გულში.

გენიოსს არ შეუძლიან იგრძნოს ეს ცხოვრება ნახევრად, მესამედად ან მეოთხედად, არამედ ჰგრძნობს მთლად, ერთობლივ; არ შეუძლიან აგრედვე იგრძნოს დაბალი, მცირე ღირსების საკითხები, რომლებიც დაახლოვებულნი არ არიან კაცობრიობის ცხოვრების ღერძთან.

გენიოსთა ნაწარმოები ეროვნულ ნიადაგზე და ხშირად ეთნოგრაფიულზეა აღმოცენებული, მაშასადამე - კერძო თვისებისა, ზოგადი, საკაცობრიო ხდება და ერთნაირად საყვარელია ყველა ადამიანისათვის, რომელ ეროვნებასაც ეკუთვნოდეს იგი...

ნიჭიერი მწერალი ექიმია ცხოვრებისა და თუ მწერალთა შორის სხვადასხვაობა იბადება, სხვადასხვა წამლის მიწვდაა სნეულისათვის, ეგ ნიჭისა და ინდივიდუალობის ბრალია.»

«...ერთსა და იმავე საგანზე, თემაზე, ყველა პოეტი ერთსა და იმავე ღირსების თხზულებას ვერ დასწერს და ეს შეიძლება მოხდეს იმის გამო, რომ საგანი მისი ნიჭის, შემოქმედების საზღვრების გარეშეა, არ შეესაბამება მის ნიჭს, და თუ შეესაბამება, სუსტი ნაწარმოების დამწერი სუსტი ნიჭის პატრონად უნდა ვაღიაროთ.

ახალგაზრდა ნიჭს, რომელსაც ჯერ გზა ვერ გაუკვლევია, ბნელში ხელებს აფათურებს, ტირილზე ტირის, სიცილზე იცინის, ხოლო არ იცის, ვერ ჰხედავს ტირილი მგლისაა, თუ ცხვრისა, სიცილი კეთილი ადამიანებისაა, თუ ავაზაკთა, ხშირად მისდევს მოდას, ბრბოს, დროების გემოვნებას, ჰღალატობს თავის ნიჭს, იმ ფესვებს, რომლებზედაც აღმოცენდა მისი ნიჭი და შემოქმედება»...

«დიდი საქმეა მწერლისთვის, სცნობდეს იგი თავის ფესვებს; დიდი საქმეა მცენარისათვის, ერთს ალაგას იდგეს და მის ფესვებს არავინ სჩიჩქნიდეს და ერთი ადგილიდან მეორეზე და მესამეზე არ გადაჰქონდეს. ხოლო ფესვები მწერლისა მის სიყრმის დროის სიცოცხლეშია გართხმული. იქ, სწორედ იმ მომენტიდან იწყება იმ ფესვების ზრდა, როცა პირველად მწერლის ნიჭი გაიღვიძებს, ცხოვრების, ბუნების შთაბეჭდილებათა წყალობით, როცა ის ან «ვაის» წარმოთქვამს, ან «უის»...

...დიდად საჭიროა მწერლისთვის პატრიოტიზმი, თავის ენის და ერის სიყვარული. როგორ შეიძლებოდა, თქვენვე იფიქრეთ, რუსთაველს მონგოლურად ან არაბულად ეფიქრა, ეგრძნო და ისე დაეწერა «ვეფხისტყაოსანი»!

ან დიდი მცოდნეც რომ ყოფილიყო მონგოლურის და არაბულის ენებისა და იმათ ენაზე დაეწერა თავისი უკვდავი ნაწარმოები, ის იქნებოდა, რასაც დღეს ვხედავთ? არც მესამედი...

...პოეტები თუ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მიმართულებით, წერის საგანთა შერჩევით, ბევრშიცა ჰგვანან ერთი-მეორეს: უყვართ სილამაზე, რომელსაც უსათუოდ ქალის სახით წარმოადგენენ, - ბუნება, გმირობა, თავდადება, ხასიათის სიმტკიცე, საზოგადოდ ალტრუისტული მისწრაფებანი და სძულთ ძალმომრეობა, ადამიანისა ადამიანის მიერ ჩაგვრა, მონობა და ზნეობრივად დაცემა საერთოდ.

ვინ არის ნიჭიერი მწერალი?

ვისაც დიდად უყვარს ადამიანი, დიდად მოწადინებულია გააბედნიეროს იგი, ვისაც დიდად უყვარს ცხოვრება და ენიაზება მისი გაუკეთესება, ამისთვის საჭიროა დიდი გრძნობა, დიდი ცოდნა ადამიანის სულისა და მისი ცხოვრებისა.

იგია ნიჭიერი მწერალი, ვინც რასაც ჰგრძნობს და ფიქრობს, აქვს უნარი სხვასაც ისე აგრძნობინოს და აფიქრებინოს, ვისშიაც ძლიერად სჩქეფს ეროვნული სისხლი, ვინაიდან ეს უმთავრესი ფესვია იმის შემოქმედებისა; ეს, როგორც ქართველი ერი ამბობს, «ალალი დედის რძეა» და, ნუ ჰგონია ვისმე, - უამისოდ ნაყოფი გამოიღოს მისმა ნიჭმა.

ვინ არის ნიჭიერი მწერალი?

ვისი ნაწარმოებიც, რამდენჯერაც უნდა წაიკითხო, მით კიდევ მადას გიღვიძებს ახლად წაკითხვისა. მაშასადამე, ნაწარმოებში უნდა იყოს ჩაქსოვილი უკვდავი ჭეშმარიტება, სამარადისო მშვენიერება...

ვინ არის ნიჭიერი მწერალი?

ვისი სიცილიც ნამდვილი, ბუნებრივი, მართალი სიცილია და ვისი ტირილიც, ცრემლი ნამდვილი ცრემლია და არა რაღაც წყალ-წყალა სითხე, - ვისაც, როცა უკანასკნელი წამი დაჰკრავს და სამარეში ჩაეშვება მწერლის გვამი, ჩანგი თან ლოცვა-კურთხევას ჩააყოლებს და არა სამდურავსაც:

ყალბი იყავ და ყალბად მაჟღერდებიო!»

- რასაკვირველია, საქართველოს ერთი კუთხე მეორე სხვა კუთხის შვილს მაშინ «ითვისებს», როცა ის ეამაყება. აბა, უღირს ადამიანს, არაკაცს შეიძლება სხვაზე ადრე მისმა კუთხემვე შეაქციოს ზურგი. რასაკვირველია, თქვენი «მითვისების» «იურიდიული უფლება», სხვებზე უწინარეს, ხევსურეთსა აქვს. ამის ახსნა საჭიროდ არ მიმაჩნია. მართლაც, ხევსურები აცხადებენ ხოლმე, ვაჟა ხევსურია და არა ფშაველიო. მახსოვს ერთხელ ხევსურეთში ხატობაზე ვარ და ხევსურებმა მათთან სტუმრად მყოფ ფშავლებს ჩემზე მიანიშნეს და განუცხადეს: ეგე, ეს კაცი არც ხევსურია და არც ფშაველი, ერთი მან თქვას, ვაჟა რომელი კუთხის შვილიაო. სიმწრის ოფლმა დამასხა: თითქმის ყოველ ზაფხულს ფშავ-ხევსურეთში ჩავდიოდი ხალხური პოეზიის, თქმულებების, ზღაპრების ჩასაწერად. ფშავლებთანაც კარგად უნდა ვყოფილიყავი და ხევსურებთანაც. სხვაგვარად ფშავლებიც დაკარგავდნენ ჩემთვის ხალხური შემოქმედების ნიმუშთა ჩაწერინების ხალისს და ხევსურებიც. ბოლოს ასე ვუშველე თავს, ვიკითხე: ვაჟას ხომ ლუკა ერქვა-მეთქი? კი, ლუკა ერქვაო. ის ხომ გვარად რაზიკაშვილი იყო-მეთქი. ასეაო. ჰოდა, ამ ლუკა რაზიკაშვილმა «რატომღაც» ფშაველი ვაჟა ვარო, ბრძანა, და რატომღაც არა თქვა ხევსური ვაჟა გახლავართო. მე კი ვიცი, რომელი კუთხის ღვიძლი შვილი ხართ, მაგრამ მინდა გთხოვოთ ყველას გასაგონად ხმამაღლა თქვათ თქვენი სიტყვა... თან თქვენს მშობლებზეც გვესაუბროთ.

« - ბატონებო, თუ ვისმე გეპრიანებათ ჩემი ვინაობის გაგება და გაცნობა, არ დავიზარებ, მოგახსენებთ: მე ვარ წმინდა ფშაველი ჩამომავლობით, როგორც დედით, ისე მამით. დედა-ჩემი იყო ივრელი ქალი, სოფელ სხლოვანიდან, ფხიკლიაანთ გვარისა, სადაც მოსახლობენ დღესაც მისი ნათესავნი, სათემო გვარი ფხიკელაშვილებისა არის გაბიდოური. ღვიძლი ბიძა დედა-ჩემისა პარასკევა პირველი მოლექსე იყო ფშავში...

...ჩვენი სახლი ზედ გზის პირას იდგა და განუწყვეტლივ მიდმოდიოდა მგზავრი, თუ ფშაველი, თუ ხევსური. დედა-ჩემი არ უყურებდა იმას, ვინ შეძლებული იყო, ვინ მაძღარი, ყველა მშიერი ეგონა და ყველას უმასპინძლდებოდა: «დაისვენეთ, პური გემშევათ, შვილო!» - ეს იყო პირველი მისი სიტყვები შეხვედრის დროს. ამის გამო ჩვენ სახლში გამოულეველი იყო სტუმარი და უნდა ვსთქვა, რომ ჩვენი ოჯახიც შეძლებული იყო, რადგან მამა-ჩემი, გარდა პირადი სამსახურისა, ვაჭრობასაც მისდევდა. რამდენიმე ადგილას დუქნები ჰქონდა და თელაველები ეყენა. თუმც მამაჩემი არ იყო ხელგაშლილი და კიდევაც უშლიდა დედა-ჩემს: «ნუ წააღებინე სახლი, შე უბედურო, ქარსა და წყალსაო», - სტუმარი მაინც უყვარდა. ეს პატარა ტანის კაცი განხორციელებული მხნეობა, ენერგია იყო, ამასთანავე იშვიათი ნიჭის პატრონი, ორატორი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი. გარდა სასულიეროსი, ქართულ ენაზე წიგნი არ მოიპოვებოდა, იმას არ შეეძინა, არ წაეკითხა, დღე და ღამეს, რომ იტყვიან, ასწორებდა, არ იცოდა ძილი რა იყო, და საშინლად ეჯავრებოდა, ჩვენ, სკოლიდან კანიკულებში შინ დაბრუნებულნი, დილის ძილს რომ გავიპტყელებდით...

უყვარდა დიდებულ, გამოჩენილ ადამიანებზე ლაპარაკი. დავით აღმაშენებელი უყვარდა ყველაზე მეტად ჩვენს მეფეებში, აღტაცებით იტყოდა ხოლმე: «იცით, დავით აღმაშენებელს წიგნების კითხვა როგორ უყვარდა: ნადირობის დროსაც კი, არ ვიტყვი ლაშქრობაში, როცა სადმე მოსარეკში ფეხზე იდგა და ნადირს უცდიდა, ცალ-ხელში წიგნი ეჭირა და მეორეში მშვილდ-ისარიო». უცხოელებთაგანი -ნაპოლეონი და გამბეტა, მწერალთაგანი - ვიქტორ ჰიუგო...

...მამა-ჩემს სკოლა თვალით არ ენახა, «ან-ბანი» მწყემსობაში შაესწავლა ჩუმად, ქურდულად, რადგან დედ-მამა უშლიდა თურმე სწავლას. მამა თოფით დასდევდა მოსაკლავად, სწავლა ეშმაკეული საქმეაო. მაგრამ მამაჩემი თურმე თავისას არ იშლიდა, განაგრძობდა სწავლას, სწერდა სიპ ქვებზე, რაიც ფშავის ხევში მრავალია. ქაღალდს ვინ აღირსებდა ან კი? ფშავის ხევს იმ დროს ხევისბერები და მკითხავ-ქადაგები განაგებდნენ, თემთა ბატონ-პატრონნი ისინი იყვნენ. მთელი ხალხი მუჭაში ეჭირათ და საითაც უნდოდათ, იქითკენ უზამდენ თავს, რამდენიც ჰსურდათ, ხარჯს შეაწერდენ ხატის სასარგებლოდ, რომელიც ბოლოს იმათ ჯიბეს და კალთას არ ასცდებოდა. მამა-ჩემის სწავლა იმათ არ ეპიტნავებოდა, რადგან მათთვის სასარგებლოს ეს სწავლა არას მოასწავებდა და საზიანოს კი ბევრს.

- მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ წიგნების კითხვის, სწავლის «სენი» მამისგან შეგეყარათ. სხვაგვარად, დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ დიდებული ხალხური მელექსე კი იქნებოდით, მაგრამ გენიალური პროფესიონალი მწერალი ვაჟა-ფშაველა არ გვეყოლებოდა. რას კითხულობდით, რისი სწავლა გიზიდავდათ?

- «რვა წლამდე ვიზრდებოდი ძველ წიგნებზე: ვეფხის-ტყაოსანი, მზე-ჭაბუკისა და ჯიმშედის ამბავი (ჩუბინაშვილის ქრისტომატია), გრიბული ჟორჟ-ზანდისა შეიქმნა ჩემ საყვარელ საკითხავ წიგნებად. ერთხელ წაკითხვას როდი ვჯერდებოდი. რამდენჯერმე უნდა ერთი და იგივე გადამეკითხა. საგმირო ამბებს დიდ აღტაცებაში მოვყვანდი და სწორედ ეს ხანა დაედვა საძირკვლად, ლიბოდ ჩემს შემოქმედებას. ერთხანად ბერად შედგომაზედაც კი ვოცნებობდი, მაგრამ შინაურებმა მასხარად ამიგდეს და ამ ოცნებაზე ხელი ამაღებინეს ჩემდა უნებურადა. დედა-ჩემის მიერ ნაამბობიდან ღრმად ჩამებეჭდა გულში მის მიერ ნანახი იაკობისებური ცხად-მოჩვენება, რომელსაც შემდეგ, როცა მოვიზარდენით და მეცნიერებას ცოტაოდნად ვუსუნეთ, აღარც კი ვუჯერებდით, თუმცა დედა მაინც ჩვენს თავს ფიცულობდა დასარწმუნებლად: «ჯერ ისევ ქალი ვიყავ გასათხოვარი», - ამბობდა დედა-ჩემი (ვეცდები იმის სიტყვებით გადმოგცეთ ნახული მოჩვენება) - «მე და ჩემს ბიძაშვილს ქალს სხლოვანს (სოფელია) გარეთ დერიფანში გვეძინა. შუაღამე იქნებოდა, დგანდგარი, ბირდგნიალი დადგა ისეთი, მეგონა მთა-ბარი თუ იქცევაო. შეშინებული წამოვჯდე ლოგინში, გავხედე და მთელი ცა განათებული იყო. ორი ოქროსფერი ჯაჭვი იყო წამოსული, ერთი ჭიაურის გორიდან, მეორე სხლოვნის გორითა, გადამბულები, ზედ ცეცხლის ბალღები ადიოდენ და ჩამოდიოდენ და ისეთ მწკეპრ (წმინდა) ხმაზე გალობდნენ, ისე ტკბილად, ღმერთო, იმაზე კარგს რას გაიგონებს კაცის ყურიო».

ამ მოჩვენებასაც, რა თქმა უნდა, თავისი ძალა ჰქონდა და გაფიქრებინებდა, რომ ჩვენი დედ-მამის და მის შვილების სვე-ბედში განგება მონაწილეობას იღებდა...

რვა წლისა თელავის სასულიერო სასწავლებელში მიმაბარეს. სასწავლებელში ყოფნამ ჩემს გულსა და გონებას ვერაფერი შეჰმატა, ჩემს ფანტაზიას, გონების მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებდა ლათინური და ბერძნული ფრაზების ზეპირობა, უვარგისი სისტემა ვერ აკმაყოფილებდა ჩემს ცნობისმოყვარეობას, ვერ აწვდიდა ნოყიერს საზრდოს. იძულებული ვიყავი მიმემართნა სხვადასხვა წიგნებისათვის, რაც ძნელი საშოვარი აღმოჩნდა. ვკითხულობდი, რაც შემხვდებოდა, განურჩევლად, რადგან ხელმძღვანელი არა მყვანდა და ამის გამო ასტრონომიულს, რისაც არაფერი გამეგებოდა, უფრო მეტსა ვკითხულობდი, ვიდრე სხვა საბუნებისმეტყველო ან საისტორიო წიგნებს. ცაში დავფრინავდი, როცა დედამიწისა არაფერი გამეგებოდა. ექვსი წლის ჩემი თელავში ყოფნის დროს სწავლის ნაყოფად ჩაითვლება რამდენიმე რუსულ-ბერძნულ-ლათინური ფრაზა, ქართულს ვინ გვაღირსებდა, - რუსული «ბილინების» ცოდნა, რასაც გულმოდგინედ ვსწავლობდი...

...ჩვენთვის სკოლა საპყრობილე იყო და ღმერთს იმას ვეხვეწებოდით მთელი ჩვენის არსებით, გათავებულიყო ჩქარა სწავლა და დავღრწევიყავით ტანჯვა-წამებას ბრჯღალებიდან. დიდად უბედურია ის მასწავლებელი, რომელიც სკოლას საპყრობილედ გადააქცევს, და მით უმეტეს უბედურები არიან ისინი, ვინც ამ საპყრობილეში დაუმწყვდევიათ აღზრდა-განათლების სახელით. ალბათ ჰგრძნობდნენ თვით აღმზრდელნიც ძველებურ აღზრდის სიმკაცრეს, რომ ქართველებს ასე უთქვამთ: «სწავლისა ძირი მწარეა, ხოლო წვერში გატკბილდებაო...» ვინ იცის, ქართველებისაგან არის ის ნათქვამი, თუ რუსებისაგან შეისწავლეს: «უჩენიე-მუჩენიე, ა პლოდი ეგო სლადკიე».... (სწავლა ტანჯვაა, ხოლო ნაყოფი მისი ტკბილი არისო). ნუთუ მუდამ სწავლა ტანჯვად უნდა წარმოვიდგინოთ და არ შემუშავდება ისეთი წესები, რომ სიამოვნებად გადაიქცეს იგი?

- თქვენ ფშაველი ბრძანდებით და ამას ამაყად უსვამთ ხაზს. თქვენი საგაზრდილო ფშავია, თქვენი საქართველო და მთელი სამყარო ფშავით იწყება...

« - ფშაველი არის გაშლილის, მუდამ სიამაყის და მხიარულების გამომხატველის სახისა, ახოვანი, გულკეთილი, მომთმენი და, როგორც ყველა მთის კაცი, სტუმრის მოყვარე. ვისაც უცხოვრია ფშავლებში, ის მაშინვე იცნობს ფშაველს სიარულზე, თუნდ ერთის ვერსტის სიშორიდამ. როდესაც ფშაველი დადის, გეგონება კვერსა სცემსო. როდესაც ფშაველი გელაპარაკება, სიტყვას თავზე ატანს»გენაცვალე», «შენი ჭირიმე», «დამიტირე», «მოგიკვდე»; თუ სასმელს დაალევინებ, დაგიბრუნებს თასს და დააყოლებს: «შენსამც ჭირს დავლევ!»

«...ფშაველს უყვარს ფართოდ ცხოვრება, არის დაუღალავი მუშა, მაგრამ უზომოდ ჰსცხოვრობს: თავის შემოსავალ-გასავალი არ იცის, მანამ აქვს, უხვად ხარჯავს და, როდესაც გაუთავდება, ვალით გაიმართავს ხელს. სახელისთვის შრომა, მუშაობა მარტო კაცს არ ეკუთვნის, მამაკაცს გვერდს უდგა დედაკაცი თითქმის ყველა საქმეში და ვაჟკაცურად, კაცთან ერთად, ეწევა ცხოვრების უღელს, მკაში, ლეწვაში, ხვნაში, შეშის მოტანაში. ის არის ნამდვილი მეუღლე კაცისა. დედაკაცი იკიდებს შეშის ტვირთს და წინდის ქსოვით ორი ვერსის სიშორიდამ მოაქვს სახლში. დედაკაცს, გარდა კაცური შრომისა, აქვს თავისი სადედაკაცო საქმეცა, - ის ქმარს და შვილებს «თავის ხელით აცმევს», როგორც თვითონვე ამბობს, მხოლოდ საპერანგის და საახალუხის ყიდვა სჭირდება. დედაკაცი ჰქსოვს ფარდაკებს, წინდებს, ხურჯინებს, ფლასებს, შალებს, სთელავს ნაბდებს. ყველა ეს ხელობა ძველს დროში ჩვენს ქალებს სცოდნიათ, რადგან რუსთაველს მოჰყავს ამის დამამტკიცებელი ცხოვრებიდამ ამოგლეჯილი სურათი, როდესაც ის ადარებს მხდალს, ლაჩარს კაცს ქსლის მბეჭველს დედაკაცსა:

«კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა!»

«...ფშავლის დედაკაცი არის მაგარი და გაუტეხელი; კლდეებთან და ბუნებასთან ბრძოლის გამო მისი ხასიათი არის ნაწრთობი. ამიტომ სახლში მამაკაცის უყოლობა არ დააწიოკებს ოჯახს, როგორც ბარად მოხდება: დედაკაცი თუ დაქვრივდა, თვითონ დადგება გუთნისდედად და თავის მარჯვენით დაარჩენს ობლებს.

«...ფშავლები პოეტური ხალხია და მათი პოეზია წარმოადგენს უძირო ზღვას. რასაც ფშაველის თვალი და გონება მისწვდომია, იმას ყველაფერზედ უთქვამს ლექსი, - მოყოლებული სიცოცხლიდამ სიკვდილამდე და საიქიომდე..»

«...ფშავლები, როგორც ნამდვილი ქართველნი, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელნი არიან, ხოლო ფშავლების მართლმადიდებლობა არ წარმოადგენს გაწმენდილს, შემუშავებულ რჯულს; იგი შემდგარია სხვადასხვა წარმართულის და ქრისტიანულის წეს-რწმუნებისაგან, და ზოგიერთში ებრაულს მოგვაგონებს, ეს შერევნა სხვადასხვა რჯულისა ერთმანეთში ადვილად წარმოსადგენია, რადგან ხალხი, რომელიც ახალს რჯულს ეკიდება, ისე მალე ვერ ანებებს თავს ძველს რჯულსა...»

(გაგრძელება ქვემოთ)

study


Last edited by Admin on Fri Mar 15, 2019 10:28 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ჯუმბერ თითმერია Empty
PostSubject: Re: ჯუმბერ თითმერია   ჯუმბერ თითმერია EmptyFri Mar 15, 2019 10:21 am

ჯუმბერ თითმერია

გვესაუბრება ვაჟა-ფშაველა


(გაგრძელება)


- თქვენს უახლოეს მეზობლებზე, ხევსურებზე, რას იტყვით, თუმცა ისინი თქვენი მხოლოდ მეზობლები, თქვენს გვერდით მოსახლეები კი არა, თქვენი ლხინისა და ჭირის თანამონაწილენი არიან. თუნდაც იმას დავაკვირდეთ, რომ უფრო ხშირად ცალკე ფშავს და ცალკე ხევსურეთს კი არა, ფშავ-ხევსურეთს ვამბობთ.

« - ისეთი ხევსური არა მგონია მოიპოვებოდეს, რომ ან თვითონ სხვისგან არ იყოს დაჭრილი, ან თვითონ სხვა არ დაეჭრას. ხევსურების ყველა საქმეები რომ ახალ კანონს ჩაეგდო ხელში, აქამდის ხევსურეთი კამჩატკაში დაარსდებოდა. ყველა ხევსურმა ეს კარგად იცის და კიდეც იმიტომ ფრთხილობს, რომ დაჭრილობის ამბავი «კანონის ყურამდე არ მივიდეს»...

«უცხოს ადგილას ხევსური ფრთხილი და მშიშარაა. ხევსურეთში კი მეტად ამაყი და თავმოყვარეა: ცოტა რამეზე შარს მოგდებს, მცირე რამ ეწყინება. მგზავრს სიმღერით ხევსურის სოფელზე გავლა არ შეუძლიან: ზოგ სოფლებში ახირებული ჩვეულება აქვთ: მგზავრი ცხენიდან უნდა ჩამოხტეს და სოფელზე ქვეითად გაიაროს. ეს სოფლის პატივისცემას ჰნიშნავს. ხევსური მაშინ არის სანახავი, როდესაც ბარიდან მთაში მიდის: იგი გაცოცხლდება, დაიწყებს ყვირილს, სიმღერას; მთელს არაგვის ჭალას ააქოთებს და ააზრიალებს; ხევსურის სიმღერა ხმამაღლა ტირილის ზარს მოგაგონებს: იგი როდესაც იმღერის - გმინავს და მთებსაც აგმინებს...»

«ხევსურს უყვარს პოლიტიკაზე საუბარი, ცნობისმოყვარეობით გაგაკვირვებს. ხევსურს, იმის გარდა, რომ უყვარს სტუმარი, თავისდა შესაფერად დახვედრაც იცის: იმას უდგია სახლში რამდენიმე ლაჭანი (წნული ჯინა) ჩალით ან თივით დაგებული და ზედსახურად თითოში არის დურა - ტყავი; როდესაც სასმელს ასმევს ხევსური სტუმარს, ცალ მუხლზე დაჩოქილი, თავშიშველი სდგას სტუმრის წინ, შეაქცევს საუბრით და ცერემონიასაც ეწევა. ყველაზედ საყვარელი, მუდმივი სახმარი ხევსურის სასმელი ლუდი და არაყია. სტუმარი ხევსურის სახლში ხელშეუხებელია. სტუმრის მოსისხლე მტერს, მასპინძლის მეზობელიც, თუნდა ძმაც რომ იყოს, არ შეუძლიან სტუმარს ხმა გასცეს; თუ ვინმე გაკადნიერდა, მაშინ თვითონ მასპინძელი გასცემს პასუხს სტუმრის მოდავეს, სისხლის დაქცევასაც არ დაერიდება, ოღონდ სტუმარი შეურაცხყოფისაგან დაიცვას...»

«სარწმუნოებით ხევსური ნახევარ-ქრისტიანია და ფშაველზე ნაკლებად ესმის ქრისტიანული სწავლა-მოძღვრება; ხევისბერი და თავისი ხატები კი ძრიელა სწამს და არა დროს ხატებში დღეობას არ დააკლდება... ბარად რომ იყოს ხევსური საქმით გართული, დღეობის მოახლოებისთანავე ანებებს საქმეს თავს და გაემგზავრება ხოლმე ხევსურეთისაკენ. ხატში თუ ორს არა, ერთ საკლავს მაინც მიიყვანს «სამხვეწროდ». ბევრი მლოცავი უფრო ხახმატობას (ათენგენა) სოფ. ხახმატში მიდის. ამ ხატს ფშავლები და თუშებიც ლოცულობენ. თუმც ფშავლები პატივს სცემენ ხევსურების ხატს, მაგრამ ხევსურები ლუდით თავდამძიმებულები ვერ გაუმასპინძლდებიან ხოლმე ღირსეულად: სულ მცირე რამეზე შარს ჩამოუგდებენ, ჩხუბს აუტეხენ და თავდაკეჭნილებს გამოისტუმრებენ შინა. ხშირად ამ დღეობაში ათი და ოცი ფშაველი დაიჭრება ხოლმე. მძიმედ დაჭრა კაცისა ამგვარს ჩხუბში სირცხვილია ხევსურისათვის, ქვეყანა გაჰკიცხავს: «ტრელ (მშიშარა) ყოფილა, იმით უქნევავის ძალზედ ხმალიო!» გულადი, ხევსურის წარმოდგენით, «იმდენს გააჭრეინებს ხმალს», რამდენიც თვითონ ჰსურს. თუ ჩხუბი გაძლიერდა და ცუდის შედეგის მომასწავებელი შეიქმნა, მოჩხუბრებს ქალები გადაუდგებიან შუაზე, მანდილებს მოიხდიან და იმათ წინ გადისვრიან: «ემას დასდევით პატივი, გეყოთ, დაშველდით...» ხშირად, ხალხის გასაშველებლად ხევისბერები დროშებს გამოიტანენ ხოლმე.

თუშებს უფრო ზრდილობიანად ეკიდებიან ხევსურები, რადგან იმათგან სიკეთე მოაგონდებათ: ერთის თვის წინათ, მანამ ხახმატობა მოვა, თავი ხევისბერი დასტურებით წაიღებს ხახმატის ჯვრის დროშას და მთელს თუშეთს შემოატარებს, ჰკრებს შესაწირავს ფულით თუ საქონლით...»

«ხევსური «გამარჯვების» მაგივრად ხმარობს «ხელ მაგიმართას», დედაკაცებიც ასე მიესალმებიან ხოლმე კაცებს. ხევსურის დედაკაცი გარჯით, სიმაგრით, მეოჯახეობით არ ჩამოუვარდება ფშავლის დედაკაცს, კილო ხევსურულის ლექსებისა ფშავლისასა ჰგავს. საზოგადოდ ფშავლების პოეზიას გავლენა აქვს როგორც ხევსურების, ისე სხვა მთელ ქართველების პოეზიაზე. ამის დამტკიცება ძნელი არ არის: ერთი და იგივე ლექსი ფშავში და სხვაგან გაგონილი ბევრით განსხვავდება გარეგნობით, შინაარსით, სიტყვების მიხვრა-მოხვრით: ფშავში ის ლექსი მშვენიერია და სხვაგან კი გაუგემურებული, მართალს მოკლებული. ხევსურებს საკუთარი ლექსებიც აქვსთ. ამ ლექსებში ესენი ან საკუთარს, ხალხურს გმირებს ადიდებენ, ან მტერთან ბრძოლას, ომებს მოგვითხრობენ...»

- საქართველოს ყველა კუთხეში შექმნილი ხალხური ლექსების ერთი უმთავრესი ნაკადი გმირობასა და გმირებს განადიდებს. როგორია გმირის იდეალი ფშაური პოეზიის გამოხატულებით?

«ძველისძველი ცხოვრება, როგორც ვიცით, მუშტზე, ძალაზე იყო დაფუძნებული. ერთი თემი მეორეს არბევდა, სტყვევნიდა, იმონებდა მხოლოდ იმიტომ, რომ ერეოდა. ვაჟკაცობას, გულადობასა და მკლავს დიდი სახელი, აბრუ და პატივისცემა ჰქონდა მაშინ. თემსაც ძვირად უღირდა ვაჟკაცი, გმირი ხდებოდა საგნად ლექსისა, ზეპირგარდმოცემისა. გმირის ამბით სულდგმულებდა ხალხი, იგი იყო იმის ნუგეში. ხალხი მუდამ თვალყურს ადევნებდა გმირს, აკვირდებოდა, სწავლობდა იმის განსხვავებულს ზნეხასიათს, ფანტაზიითაც უმატებდა გმირს თავის გემოვნებისამებრ ზნეობრივსა და ფიზიკურს თვისებას, რათა უფრო მოსაწონი გაეხადა იგი ყოველმხრივ.

ფშავლების პოეზია უფრო გმირულის ხასიათისაა, განსაკუთრებით ძველის დროის ლექსები. ეს ადვილად გასაგებია იმისთვის, ვისაც კი უსწავლია ძველი, წარსული დრო საქართველოსი საზოგადოდ და მთიელის ქართველებისა კერძოდ. ძველი დრო, როგორც ზევითაც ვსთქვით, იყო დრო გმირობისა და ვაჟკაცობისა. საგმირო საქმეებით სავსე იყო ძველი ცხოვრება. მაშ რაზე ემღერა ხალხს, თუ არ გმირობაზე? ვაჟკაცობა იყო მაშინ პირველი, თავი და თავი ღირსება კაცისა. სხვა გზით, თუ არ ვაჟკაცობითა და ვაჟკაცის გმირობის წყალობით, თემს ერთი დღე სიცოცხლეც არ შეეძლო... ფშავლის საიდეალო გმირი განსაკუთრებული ფშაური გმირია...

...გმირი ფშაურს ლექსებში «ვაჟკაცად» და «კაი ყმად» იხსენიება. იგი თემიდამ გამოდის, თემს ემსახურება, იმის გულისათვის იბრძვის. გმირის მაღალი ზნეობა და საგმირო საქმენი თემს დასტრიალებს თავზედ. გმირი გარეგნობით არა ჰგავს მზესა და მთვარეს. იგი თავისებურად არის ლამაზი. «სვილისფერი», «შავგვრემანი», «ქალისპირა» ვაჟკაცი გმირად არ გამოდგება... დიახ, ქალისპირა, ქალივით ლამაზი, კოხტა-პრანჭია ვაჟკაცი გმირად არ ვარგა, ვაჟკაცობას ვერ გასწევს. გმირისთვის გარეგანი სამკაული, ფშავლის აზრით, ფუჭია, საქმე შინაგანი ღირსებაა. გმირი ამიტომ იარაღის საზიკებს-ოქრო-ვერცხლს არ მიჰხედავს ტანზე სატარებლად. ხშირად გმირს ლექსში ვხედავთ, რომ თხის ტყავი აცვია. «თხისტყაოსანი» გმირის ეპითეტია, როგორც «ლურჯა» იმის ცხენისა. გმირი ცბიერობას არ მისდევს, აუჩქარებელია, პირდაპირი, ნამუსიანი. გმირი, ფშავლის აზრით, ქალის სიყვარულს არ უნდა გაეტაცებინოს; მექალთანეობა დამამცირებელია ვაჟკაცისა. იგი მდედრს პლატონის თვალით უცქერის, ყველასი ძმაა და ყველანი იმის დები არიან, ვინც კი გმირის თემისაა და ვისაც კი ფშავლობა ეთქმის...»

«ვაჟკაცს, ფშავლის წარმოდგენით, სიდარბაისლე უხდება. გმირი თავს არ უნდა იმსუბუქებდეს და თავისს ვაჟკაცობას ჭკვიანურად უნდა ხმარობდეს. გმირმა თავისი ძალ-ღონე წარამარა საქმეს არ უნდა შეალიოს (წარამარა აქ ქერქეტულს, ფუქსავატურს ნიშნავს - ჯ.თ.), უბრალოდ არ დახარჯოს, არ დაახურდავოს. დიდი, საგმირო საქმე როცა გაჩნდება, მაშინ უნდა იკრას ხმალზედ ხელი... გმირმა ისეთი საქმისათვის უნდა მოიკლას თავი, რომ ღირდეს სიკვდილად და სახელად... გმირი, ფშავლის აზრით, თავის საკუთარს ნამუსსაც უფრთხილდება, თავისის თემისა და მამულისასაც, თემის, მამულის გულისათვის იმას სჭირდება ხშირად ლაშქარში ყოფნა, აქ მოელის იმას სახელოვანი სიკვდილი, «ცუდამ», ლაჩარმა კი ქალების ლოგინში უნდა დალიოს სული, იქ უნდა დაბერდეს და მოკვდეს... გმირს, რამდენადაც ომში გულადობა, ამაყობა და სიმტკიცე მოეთხოვება, იმდენად თავის თემში თავმდაბლობა და მოთმინება უხდება... თუმცა, კარგად ვიცით, რომ ქალის სიყვარული გმირს გმირობას არ უშლის, არამედ უმატებს კიდეც მხნეობასა და სიმამაცეს, მაგრამ ხალხი დიაცის მიყოლას უშლის გმირს, როგორც მისი ღირსების დამამცირებელ საქმეს. ამგვარს შეხედულობას ხალხისას საკუთარი მიზეზი აქვს, რომელიც სულ სხვა სათავიდამ მომდინარეობს. ვგონებ, რომ ფშავლის რომანტიული ბუნება ქრისტიანულს ელემენტს დაუძლევია. გმირი ერთსა და იმავე დროს მტრის სისხლის მქცეველიც არის და წმინდანიც, როგორც მფარველი თავისი თემისა. რაკი იგი მადლის მომქმედია, ბევრს სიკეთესა და მადლსა სთესავს ქვეყანაზე; როგორც ვაჟკაცი, წმინდანი, თავის სიწმინდისა და ვაჟკაცობის დასაგვირგვინებლად ქალებსაც უნდა ერიდოს. ამ ხალხისაგან მიღებულს აზრის მიზეზად, რომ გმირი არ უნდა იყოს მექალთანეო, ჩასათვლელია მოსეს ღაღადება, არა იმრუშო და შემდეგ შევსებული იესო ქრისტესაგან: მრუშის თვალითაც კი არ უნდა შეჰხედო დედაკაცსაო. ამასთან ერთად არ შეიძლება არ ვიფიქროთ, რომ ამ ბერულს შეხედულებას სიყვარულზე სოციალური ფაქტი არ ედვას სარჩულად, დარღვეულის მრავალცოლობის ნაშთებზე გამარჯვებული ერთცოლობის ბაირაღი არ ფრიალებდეს... მრავალცოლობა გამოიწვევდა მეორე უკიდურესობას - უარყოფას სიყვარულისას, ცოლ-შვილობისას... ფაქტი მაინც ფაქტად რჩება. დედაკაცის ჭკუას არ უნდა აჰყვეს გმირი, კეთილი არაფერი გამოვა დედაკაცის ჭკუიდამაო. ამ შეხედულების მიზეზი დედაკაცზე მისი საზოგადოებრივი მდგომარეობაც კია: დედაკაცი ფშავში დამონავებულია მამაკაცისაგან და წინად უფრო უარეს მდგომარეობაში იქნებოდა ჩავარდნილი. გმირს საკუთარი მსჯელობა უნდა ჰქონდეს და დედაკაცის ჭკუას არ უნდა აჰყვეს... გმირი იმდენად თავის თავისათვის არა ცოცხლობს და იმდენს არ აკეთებს, რამდენსაც თემისათვის, მაგრამ ამ სამსახურისათვის სახელის მეტი არაფერი ჰრჩება. მხოლოდ ხატობის დროს ხევისბერი განსაკუთრებულ დიდი თასით გმირს საკარგყმოს (კაი ყმა) ასმევს. გმირი ხდება საგნად ქება-დიდებისა ლექსებში. სიკვდილს შემდეგ მთელი თემი ჰგლოვობს, ხატობის დროს ოფიციალურად ისმის გმირის შესანდობარი. ჯერ ხევისბერი იტყვის და მერე დიდი და პატარა მოაყოლებს შესანდობარს. დიაღ, მსხვერპლია სოფლისა: სხვას აძღობს, თვითონ მშიერია, სხვის სიცოცხლისათვის მებრძოლი გმირი თითონ სიკვდილს ეძლევა პირში... დიაღ, გმირი სხვას აძღობს, სხვისთვის იბრძვის თავგანწირული და თითონ კი «მშიერი მგელია».

- ჩვენ უკვე ვისაუბრეთ გმირის იდეალზე ფშაური პოეზიის გამოხატულებით. ჩვენი ისტორია კარგად იცნობს გმირ ქართველ ქალებსაც, მაგრამ თქვენ მხოლოდ გმირი მამაკაცების არსებითი ნიშნები გამოკვეთეთ. რას იტყოდით ფშაველი დედაკაცის მდგომარეობასა დ იდეალზე ფშაური პოეზიის გამოხატულებით?

« - ფშავში დღესაც კიდევ გაიგონებთ, რომ ამადაამ დედაკაცს «დევი დაუვაო», ე.ი. დევი ჰყვარობსო. ამისთვის საჭიროა მხოლოდ, რომ დედაკაცი იბნიდებოდეს, ან შეშმიდად იყოს. ფშავლის ფიქრით დედაკაცი მამაკაცზე ჭკუაგონებით ნაკლებია, ცეტი, სულელი, ორპირი, ცბიერი, გაუტანელი.

როსტომ სთქვა: ჭკვა დიაცისა
არც მამწონს, არც მეკეთება.

(არ მეკეთება, ე.ი. კეთილად არ მიმაჩნია. დედაკაცის ჭკუიდან კეთილი არა გამოვა რა). თუმცა დამჯდარის ჭკუით ფშაველი ამას ამბობს, მაგრამ როცა აპილპილებულია მისი გრძნობა-გონება, მაშინ სრულიად იცვლება ფშავლის აზრი დედაკაცზედ: ლექსებში ფშაველს დედაკაცი გაღმერთებული ჰყავს, ხატივით ლოცულობს ამ თმიანს, კბილმძივიანს, ვითომ ეშმაკის შექმნილს არსებას - დიაცს. არც ოჯახობაშია დაჩაგრული დიაცი. მართალია, მამაკაცივით შრომობს მთაში და ბარში, ყველა საქმეში თითქმის მხარში უდგას დიაცი მამაკაცს, მაგრამ არა ძალდატანებით. მთის მრისხანე ბუნება, გაჭირვებული ცხოვრება ძალას ატანს ყველას, დიდსა და პატარას, რომ იშრომონ, რათა დაიცვან, დაირჩინონ თავი. დიაცი თავისუფლად, მარტოდ მიდმოდის უდაბურს ადგილებში ათისა და ოცის ვერსის სიშორეზე სოფლიდამ. იმას მამაკაცი ყარაულს არ უყენებს და არც ცოდვად უთვლის ესე წასვლა-წამოსვლას საქმის, ცხოვრების გულისათვის. ოჯახში დედაკაცს მიჩემებული აქვს საკუთარი «სადედაკაცო კერა», იქ ხელსაქმობს. იგი იჩენს «სათავნოს» - საკუთრებას, რომელსაც მამაკაცი ვერა გზით ხელს ვერ ახლებს, ვერ მოიხმარებს დიაცის ნებადაურთავად. სათავნო დედაკაცისა თავის ხელით, საოჯახო საქმის გარეთ მონაგარი სარჩოა, სრული, უცილობელი მისი საკუთრება. წაწლობა კი ყველა მხარეს დედაკაცის მდგომარეობისას გვავიწყებს, რადგან ეს ჩვეულება თავის სიუცხოვით ძალაუნებურად ეჩეჩება კაცს თვალში, როგორც ხრიოკს, გადამწვარს მინდორზე ცაში აწვდილი ტანმრხეველი ალვის ხე.

გასათხოვარი ქალი წვება უცოლო კაცთან, უცხო უცხოსთან, ხშირად ნათესავთან. ცოლიანი მამაკაცი და ქმრიანი დედაკაციც ბევრი წაწლობს. ყველამ იცის თემში ეს ამბავი, ამის დაფარვა საჭირო არაა, ორი მხრის მშობლებმა და ნათესავებმაც იციან ქალ-ვაჟის ერთსულობა და ერთგულობა, მაგრამ ყურწაგდებით არიან. ამ ბოლო დროს კი ცოტა არის ხალხი გაუეჭვიანდა წაწლობას; იგი უცოდველ, უმზაკვრო წმინდანად აღარ მიაჩნია, როგორც აქამდის, 15-20 წლის წინათ მიაჩნდა.

წაწლობას წოლის დროს თავისი წესი და რიგი აქვს. ქალი და ვაჟი უნდა სცდილობდეს ფეხები და გულმკერდი ერთმანეთზე შორს ეჭიროთ, მხოლოდ პირი პირთან უძევთ და ქალი ვაჟის გაშლილს მკლავზე წევს. წაწლობა უფრო ახალის დროის ასულია და მრავალის საუკუნით არის დაშორებული, თუ კარგად დავუკვირდებით, უმადურს ჰეტერიზმზე: წაწლობას არც აქვს მიზნად გარყვნილობა, წაწალი თავის დღეში ვერ შეუუღლდება წაწალს, არც მომხდარა მაგალითი არა დროს, რომ წაწლებს ცოლ-ქმრობა ჩამოეგდოთ ოდესმე. ფშაველს ხორციელი თუ სულიერი ნათესაობა ფრიად სწამს, აგრეთვე, მეზობელი და მეზობლობა, რომელიც ერთგვარ ნათესაობად მისაჩნევია ფშავში. არამც თუ ნათესავს ნათესავი ვერ შეირთავს, თუნდა ძლიერ დაშორებულიც, და მეზობელი მეზობელს, ერთის სოფლისანიც კი ვერ შეუუღლდებიან ერთმანეთს. წაწლობა მაღალისა და იდეალურის გრძნობით არის მონათლული, თითქოს პლატონიურს სიყვარულზედ იყოს აღმოცენებულიო, ამ ბოლო დროს კი ლამის სიყვარულად, არშიყობად გადაიქცეს...

ვაჟკაცობა და ქალობა ის იყოვო, მიამბობდა ერთი მოხუცებული ფშაველი, რომ მამაკაცს წაწალს, როცა ქალთან წაწალი იწვა, იქამდის სიმაგრე გამოეჩინა გულისა, რომ არაფერი ცუდი არ გაევლო გუნებაში; აგრეთვე თუ ქალსაო.



წაწლობას დიდი ზედგავლენა ჰქონდა მამაკაცთა ვაჟკაცურს, გმირულს მოქმედებაზე, იგი მდიდარს მასალას აძლევს ფშაურს, რომანტიულს პოეზიას და თვით ფშაველსაც - პოეტურს ხასიათს.»

«...თემის არსებობა დამოკიდებული იყო ძველად ვაჟკაცებზე, მამაკაცებზე. მათი გამამხნევებელი ბრძოლაში დედაკაცი იყო. დიაცთა ქება მამაკაცთათვის დიდი, ფასდაუდებელი საჩუქარია. ვაჟკაცი მუდამ სცდილობდა ქალების საქებური ყოფილიყო, იმათის დიფირამბების ღირსი. ქალები ხშირად ვაჟკაცებს ვაჟკაცობისთვის ალექსებდნენ კიდეც, ქება-დიდებას უძღვნიდნენ ლექსებში და წაწლადაც გამოჩენილს, გულადს, მუხლადს, მტრისთვის რისხვის მიმცემს ვაჟკაცს იკიდებდნენ, მხდალს აძაგებდნენ ფერხულში ჩაბმულნი სათემო დღეობის დროს».

«...დიაღ, ქალი თავის პიროვნებით წარმოადგენდა და წარმოადგენს დღესაც ზნეობრივს სანქციას, ლაშქრიდამ გამოქცეული ღირსიაო, რომ ქუდი მოიხადოს და მანდილი, ანუ ჩიქილა დაიხუროს, საბუჩეში იჯდეს, როგორც მელოგინე დედაკაცი, ქალებს ზრდიდეს მარტო, როგორც ცოდვილი, ლაჩარი «უწილბედოდ» დაილიოსო. აი, სადამდის ამცირებს ქალი მხდალს, რომელიც მტერს სასტიკად არ უხვდება, რომელიც გამორბის უსირცხვილოდ, უნამუსოდ ბრძოლის ველიდამ...»

«...როცა დედაკაცს მამაკაცი რაიმე სიკეთეს ჩაადენს, დედაკაცი ჰლოცავს მას, ამ დალოცვაში გამოიხატება ის, თუ ქალს როგორ ესმის ვაჟკაცობის, მამაკაცობის შინაარსი, დანიშნულება, რა არის ვაჟკაცობისათვის სანატრელი. ეს ძველებური დალოცვაა ქალისა, ვაჟკაცისათვის დიდად მისაჩნევი...»
.

«...უნამუსობაში დაძრახულს და ლამაზს ქალს ისევ გონჯსა და ნამუსიანს დედაკაცს ამჯობინებს ფშაველი. ამ საძრახს თუ უნდა მოერიდოს ქალი და არავის გაეჭორვინოს, მძიმედ უნდა ეჭიროს თავი, წარამარად არ გარბ-გამორბოდეს აქეთ-იქით, არამედ თავის კერიაზე იჯდეს.

ყმა გასულ-გამოსული ჯობ,
ქალი კერაჩი ნაჯდომი.

ქალი, როცა იგი ქმართან არის, გათხოვილია, უნდა მორჩილი იყოს ქმრისა, მისი ერთგული და მოყვარული, დედ-მამასაც კი უნდა ერჩივნოს ქმარი.»


«...როცა ქმარი მოუკვდება, სიკვდილის შემდეგაც კი უნდა ერთგული იყოს პირველის ქმრისა და მეორეს აღარ ეძებდეს, რადგან დედაკაცს, რომელიც თავის ობლებს სწირავს და თხოვდება, საიქიოს, ჯოჯოხეთში დიდი სასჯელი მიელის... ამგვარი დედაკაცი კაცის მკვლელზედაც ცოდვილია და იქამდის შერცხვენილი საიქიოს, რომ კაცის მკვლელს «ეფარება»:

დედა, ობლების დამყრელი,
კაცის მკვლელს ეფარებოდა,
უბეში ესხდა გველები,
ძუძუებს ეტანებოდა.

«...უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ ამ ახალმა დრომ რაღა იდეალი შეჰქმნა ქალისა, ანუ, უკეთ ვსთქვათ, რა დააჭდია ქედზე და დაავალა ფშავლის ქალის იდეალს. ეს ამბავი, მკითხველო, ნუ გაგვაკვირვებს. ყველა დროს თავთავისი იდეალი აქვს. კაცობრიობაც დროების მოთხოვნილების მიხედვით სცვლის ხოლმე იდეალებს, ფშაველს დრო გმირობისა, ვაჟკაცობისა წაერთო, ხმალი ძირს დასდო, ქალიც გაჩუმდა, მაგარი მკლავი და მაგარი გული თითქმის აღარ არის საჭირო ახალის ცხოვრებისათვის. ცხოვრება გაჭირდა. კუჭმა წამოაყენა ახალი საგნები და იმის იდეალს პრაქტიკული დაღი დაასო... ახლა ლამის ქერის მკაში გამოიხატოს ქალის იდეალი! მეორე სტირის, რომ ცოლმა ფარდაგი ვერ მოუქსოვა, ვერაფერი შეჰმატა იმის ოჯახს...»

- პიროვნების, საზოგადოების, ერის, კაცობრიობის თავისუფლება უმაღლესი ღირებულებაა, ღვთაებრივი რამაა. მაგრამ, როგორც არაერთხელ უთქვამთ სხვადასხვა ეროვნებების უგონიერეს წარმომადგენლებს, თავისუფლების ღირსი მხოლოდ ისაა, ვინც თავგანწირვით ებრძვის მონობას. არსებობენ დიდი იმპერიები, რომლებიც ცდილობენ შთანთქან ის სახელმწიფოები, რომლებსაც ცისქვეშეთში მცირე ტერიტორია უჭირავთ, და ის ერები, რომლებიც მცირერიცხოვანნი არიან. დიდი იმპერიები, უწინარეს ყოვლისა, თავიანთი კარის მეზობელი პატარა სახელმწიფოების არსებობას უქმნიან დიდ საფრთხეს. თქვენ რას იტყოდით: რას ჯობია პატარა სახელმწიფოსთვის - მისი მეზობელი დიდი სახელმწიფო ძლიერი იყოს თუ სუსტი?

- «მრწამს, რომ ყოველ ერს ჯერ თავისი თავი ენიაზება, თავისთვინ უნდა კეთილი, თავისი საქმეების მოწესრიგება, ე.ი. როგორც ხალხი ამბობს: ყველა თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისთვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავადაც გამოადგება იგი, მხოლოდ ერთს ნაწილს ქართველებისას არა სწამს, რომ ეს ასეა და ესენი გახლავან «დასელები», რომელნიც ქადაგებენ სხვა გავაბედნიეროთ და ამით ჩვენც ძლიერნი შევიქნებითო. მოიგონე დასელების მოძღვრება დემოკრატიულ ცენტრალიზაციისა. გაძლიერებულის რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას. აბა, საიდან სადა?! ნუთუ ჰგონიათ, რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება გაძლიერებულ რუსეთს? არა და ცხრაჯერ არა... ძლიერს ბატონს უძლური ბატონი სჯობია დამონებულთათვის...

...ვის არა სწამს, რომ მხოლოდ სრული თვითმართველობა ააყვავილებს მასში დამალულ ახალს ძალებს? - რომ აპეკუნობა, რაც უნდა კარგი აპეკუნი იყოს იგი, აჩლუნგებს ერის ძალღონეს, თვითცნობიერებას?! - რომ დედაენაზე სწავლება სრულჰყოფს, ზრდის, ავითარებს ყოველმხრივ მოზარდ თაობას?! ეს ისეთი ჭეშმარიტებაა, როგორც ორჯერ ორი ოთხია და არა ოცი».

«მონობა საშინელებაა, მომაკვდინებელია, როგორც სიბერე, და იგი იწვევს ერის სიბერეს, სხვაფრივ ერის სიბერე და სიკვდილი შეუძლებელია მანამდე, სანამ მზე ანათებს დღით და ღამით მთვარე, ხომ იცით მონობაში არწივი ას წელს ვერ ცოცხლობს, ხოლო თუ თავისუფალია, ორასსაც გადააჭარბებს. არ გინახავთ ქათამზე ნადირობის დროს დატუსაღებული ქორი? დიაღ, როცა უკვე თავისუფლებაში აღზრდილ ქორს, თავისუფლებას ჩვეულს, ატუსაღებს ვინმე, იგი ერთ კვირასაც ვერა სძლებს მონობაში და კვდება. რამ მოკლაო, რომ იკითხოთ, «გულმაო» - გიპასუხებენ.»

(გაგრძელება ქვემოთ)

study


Last edited by Admin on Fri Mar 15, 2019 10:26 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ჯუმბერ თითმერია Empty
PostSubject: Re: ჯუმბერ თითმერია   ჯუმბერ თითმერია EmptyFri Mar 15, 2019 10:23 am

ჯუმბერ თითმერია

გვესაუბრება ვაჟა-ფშაველა


(დასასრული)

- თავისუფლების რაობაზე, მის ბუნებაზე გაქვთ დაწერილი სტატიები «რა არის თავისუფლება?» და «რას ჰქვიან თავისუფლება?» ისინი პირველად მხოლოდ 1964 წელს თქვენი თხზულებების IX ტომში დაიბეჭდა. ამ ტომის კომენტატორები არ გვაუწყებენ, თუ რატომ არ გამოქვეყნდა ეს სტატიები. ეტყობა, მათ ვერ დაადგინეს, თუ ადრე რატომ არ მოხდა ეს. შესაძლოა, ვერც დადგინდეს. თქვენ ცნებებზე ძმობა, ერთობა, თავისუფლება საფუძვლიანად, გამოწვლილვით საუბრობთ. პირდაპირ განსაცვიფრებელია როგორ შესძელით ამდენი მოსაზრების, დებულების, დასკვნის ასე ლაკონურად, ლამის მათემატიკური სიზუსტით ან აფორიზმების ფორმით მოქცევა სულ ოთხიოდ ნაბეჭდ გვერდზე.

საჭიროდ მიგვაჩნია, რომ ამ ცნებებზე თქვენი არა მხოლოდ ძალიან ემოციური, არამედ ძალზე ბრძნული მოსაზრებები კიდევ ერთხელ წავუკითხოთ ხმამაღლა თქვენს დღევანდელ მკითხველებს. თქვენს სტატიაში «რა არის თავისუფლება?», როგორც იტყვიან, ტყვია ტყვიაში ზის და ისღა დაგვრჩენია მოგისმინოთ...

«ძმობა, ერთობა, თავისუფლება. ამ სიტყვებით გაიჟღენთა არა მარტო ადამიანთა ყურები, არამედ ქვებიც კი; არა დროს ჩვენის ქვეყნის დაარსების შემდეგ, არა გვგონია ასე მძლავრად და საყოველთაოდ როდისმე ჰსმენოდეს საქართველოს ეს სამი სიტყვა, როგორც ესმა მას ამ წარსულ 1094-05 წლებში და დღესაც ესმის და მომავალ წლებშიც გაიგონებს.

მაშასადამე, უნდა ვიცოდეთ, გვესმოდეს თუ რაა ერთი, მეორე ან მესამე, ორს ტერმინს რომ სულაც თავი დავანებოთ და მხოლოდ მესამის ძალა, ე.ი. რას ჰქვიან თავისუფლება, ის შევიგნოთ, ესეც კმარა, რადგან ძმობა, ერთობა მარტოოდენ შტოებია იმ ხისა, რომელსაც თავისუფლება ჰქვიან. საცა არ არის თავისუფლება, იქ ვერ იპოვნით ძმობა-ერთობას, იქ შეჰხვდებით მხოლოდ მტრობას, ქიშპობას, ჭამა-გლეჯასა და მგლობას; მგლების ბანაკი ერთის მხრით, ხოლო მეორეს მხრით ცხვრის ფარა, საცა ნავარდობენ მგლები... საცა მგლები ბუდობენ, იქ ცხვრები რას იხეირებენ? ან რა ძმობა შეიძლება მათ შორის?.. თუ შეუძლებელია, მოუთავსებელი და მოუხერხებელი მგლებისა და ცხვრების შაერთება, რადღა ვყვირით, რად ვიძახით ამ ძმობა-ერთობას? ვიძახით და უნდა ვიძახოთ, მაგრამ მგლებს ხომ არ ვეძახით, არამედ დაქსაქსულ-დაფანტულს, დაწიოკებულს ცხვრებს, რომ მოუყარონ თავითავს, შაერთდენ, მოიფიქრონ როგორ მოუარონ თავისთავს, რათა მგლების საჭმელ ლუკმად აღარა ხდებოდნენ, უნდა გამოძებნონ საფარი და გზა სავალი... მგლებს ამ დროს იქ რა ესაქმებათ? ამ დაძახილზე ისინი თითქოს ყურსაც იყრუებენ, არც მოვლენ, ხოლო თავისიანებს, გაგიმარჯოსთ, რომ მგლებიც კი ძმობა-ერთობას უქადაგებენ. თუ ასე არ მოიქცნენ, ხომ დაეკარგათ ძალა და ცხვრებმა სათითაოდ, თუმც ამ უკანასკნელთ არა აქვთ გაალმასებული კბილები, გაათავეს რქებით და ჩლიქებით?! ძმობა ხომ იმას მოასწავებს, როცა ერთს მგელს გაუჭირდება, მეორე უნდა მიეშველოს. ეგრეთვე თუ ცხვარი - ცხვარს.

მაგრამ, მაგარი ის არის, რომ მგლებს ისე არ ესაჭიროებათ ერთობა, როგორც ცხვრებს, რადგან თვითეულს მგელს საკმაო ძალა აქვს ცხვრებთან საბრძოლველად, - ძალა, რასაკვირველია, ფიზიკური, რომელსაც ისინი ხმარობენ ცხვრებზე. ცხვრების ძლიერება კი ერთადერთი ზნეობრივი ძალაა...

დღესნამდის ჩვენ ცხვრები ვიყავით და ვართ კიდევაც, ხოლო ვინც მგლები არიან, ეს თქვენც კარგად იცით. ჩვენ ვიტანჯებოდით, ვირბეოდით და ამ რბევა-ცარცვამ გვაფიქრებინა მიგვემართნა ერთობისათვის, ერთი პირი, ერთი ფიქრი მოგვეპოვა და ამით შაგვეძინა ძალა... ჩვენ მოვისურვეთ თავისუფლება: განუკითხავად არ ეჭამა და ეპარსა ჩვენი თანამოძმენი მოსისხლე მხეცებს... ჯერჯერობით ამაში გამოიხატება ჩვენი წადილი თავისუფალი სიცოცხლისა. რომ ძალმომრეობას გზა მოვტაცოთ და თანდათან სრულიადაც მოვსპოთ იგი.

თავისუფლება ცოცხლებისთვისაა ხელსაყრელი და არა მკვდრებისთვის. იგი გამოიხატება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში; თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთიერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში რა თქმა უნდა პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი.

იქ რა უნდა თავისუფლებას, საცა ჩემი ნაშრომ-ნაღვაწი სხვას მიაქვს? ჩემი ნაშრომის ნაყოფს ჩემდა უნებურად, ჩემ მიერ ნებადაურთველად სხვა ისაკუთრებს? მე ვტირი, ის იცინის და ჩემში მტაცებლის მიმართ მხოლოდ ზიზღი და გრძნობა შურისძიებისა სდუღს და გადმოდის. მინდა ვისწავლო და ნება არ მეძლევა; მინდა ჩემი საკუთარის ხარჯით დავაარსო უნივერსიტეტი და უარს მეუბნებიან; და სხვ. და სხვ...

არ მინდა ვილოცო ის შვენივრად მორთულ-მოკაზმული კერპი, რომელსაც შენ ჰლოცულობ.

იქ ვინ ნახა თავისუფლება, საცა მე ჩემს დედაენაზე ლაპარაკს მიშლიან: არც მასწავლიან, არუ მაუბნებენ, არც მამღერებენ, არც მაგალობებენ?! რა გული უნდა მქონდეს მაშინ? რას უნდა ვგრძნობდეთ?! - სხვას არაფერს, გარდა ზიზღისა, მძულვარებისა. მოწამლულ-მოშხამულია ჩემი სიცოცხლე, ვგრძნობ მხოლოდ უსიამოვნებას, სიძულვილს და ვწყევლი იმ ძალებს, იმ მგლებს, რომელნიც ყველა ზემორე აღნიშნულ საქმეში ხელს მიშლიან, წინ მეღობებიან და ვუცდი მარჯვე შემთხვევას შევმუსრო ისინი... როცა ეს დრო დგება და მეც მოქმედებას ვიწყებ ამ ძალთა შესამუსრავად, დასათრგუნავად, მაშინვე იწყება ჩემი თავისუფალი ცხოვრება; აქ არის დასაწყისი თავისუფლებისა. და უკეთუ ვითმენ, ხმას არ ვიღებ, არაფერს ვამბობ, მაშინ ვარ მონა, არა მძულს ჩემი მჩაგვრელი ძალა; იქნება მძულს კიდეც, მაგრამ ამ მძულვარებას გულში ვმალავ; მაშინ ვარ ლაჩარი, უფრო საზიზღარი, ვიდრე მონაა. არა, მძულვარება როცა უკიდურესობამდეს მიდის, მაშინ ლაჩრული გრძნობა ისპობა, მაშინ ამბობს ადამიანი: ან მოვკვდები, ან ვძლევ ჩემს მტანჯველთ!..

არ იძლევა, არ დამარცხდება მჩაგვრელი ძალა, არ დაფრთხება მგლის ჯოგი, ვიდრე ამას არ იტყვის უმრავლესობა. იტყვის კი როდესმე ერი გადაჭრით, თავ-გამოდებით «სიკვდილი ან სიცოცხლე» (ე. ი. თავისუფლება)?! - იტყვის და ამბობს კიდევაც, ამას ჩვენის თვალით ვხედავთ. აშკარად ვგრძნობთ ყველანი... მაშასადამე, სჩანს მისმა მძულვარებამ მგლებისადმი უკიდურესობამდე მიაღწია. თუ ეს ფაქტია, ნამდვილი მოვლენა, მაშინ იცოდეთ, სიკვდილი აღარ შეგვაშინებს, მაშინ ყველა მზად იქნება თავი დასდოს თავისუფლებისათვის და გამარჯვებაც უსათუოა. ამიტომ, ვიმეორებ, ვისაც თავისუფლება უყვარს და უნდა მისი დამყარება ქვეყნად, ჯერ უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიძულოს მთელის თავის არსებით, გულით და გონებით მტარვალნი და მტარვალობა. ეს არის მხოლოდ საშუალება, რომლის წყალობით ადამიანს შეუძლიან მედგრად იბრძოლოს და არ დაზოგოს სიცოცხლე თავისუფლების მოსაპოებლად... და რა არის ეს თავისუფლება, რატომ არ იკითხავთ? უკაცრავად ნუ ვიქნები, რომ მე ჩემებურად განვმარტო ეს სიტყვა: თავისუფლება ხალხისთვის მტარვალთაგან წართმეული ბედნიერებაა. ბედნიერებაწართმეულს რა ჰრჩება უბედურობის მეტი? - არაფერი. კიდეც იმიტომ არის, რომ უბედურად ჰგრძნობს თავის თავს ყველა დამონებული, თავისუფლებას მოკლებული ერი და პიროვნება. წამრთმეველნი სარგებლობენ ამ ნაყაჩაღარის ბედნიერებით მხოლოდ ცოტახანს, რადგან ცხოვრების ლოღიკის წყალობით ეს ნადავლი, მოპარული ბედნიერება მტაცებელთათვის უბედურებად ხდება. გადაავლეთ თვალი მთელს რუსეთს და ჩვენს ქვეყანას. აშკარად დაინახავთ, რომ ეს ასეა. დღეს ხალხი იბრუნებს იმას, რაც წაართვეს და წართმეული გახლავთ, მოკლედ რომ ვთქვათ, ბედნიერება - წამრთმეველი დღეს ტირის, ხოლო გაცარცული მღერის, მხიარულობს, რადგან დანაკარგს პოულობს, წართმეულს იბრუნებს. თავისუფლების ქურდები ბოლო ჟამს მუდამ დასჯილან. როდისა დგება ეს ბოლო ჟამი? - სწორედ მაშინ, როცა ხალხი თვალებს ახელს, როცა თავის ყოფა-მდგომარეობის აუტანლობასა ჰგრძნობს და ჰხედავს, გაიცნობს იმ შავ ძალებს, რომელთაც წაართვეს ბედნიერება, - სძულს ისინი უსაზღვროდ; სწორედ მაშინ ცდილობს შემუსროს თავის დამმონებელნი...

რას თხოულობს თავისუფლება ადამიანისაგან? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? - თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავის ყოფაქცევით სხვას არ ჰვნებდეს, მით უმეტეს საზოგადოებას, არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ იქნება ადამიანისაგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება იქნება ავაზაკური, ვინაიდგან ყოველი ავაზაკი თავისუფლად იქცევა მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის. მაშასადამე, მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, - არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის ყველა ჩვენგანი. ხალხისათვის მოტაცებული თავისუფლება მტაცებელთა ხელში როდია თავისუფლება, იგი იქცევა მტარვალობად. ამ თავისუფლებისას მტარვალნი ათასნაირს ჯაჭვ-ბორკილებს სჭედენ, ხაფანგებს, გაზებს, თავში სცემენ კვერებს და საღრჩობელის ბოძებს სდგამენ... ხალხს ამ თავისუფლებისაგან შეზავებულს შხამ-ნაღველს, საწამლავს უმზადებენ და იმას აწვდიან. ბოლოს კი თითონ რჩებიან მოწამლულნი. ისტორია ამის მაგალითებს უხვად იძლევა. ხალხი იტანს ამ საწამლავს, იგი ისევ ხალხად რჩება, იმარჯვებს, ხოლო მტარვალთა გული მიწაზე ერთხობა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, თავისუფლების წართმევა უფრო იმათ ჰვნებს, ვინც თავისუფლებას ჰპარავს, ართმევს ხალხს და ჰსურს იმით მარტო თავად ისარგებლოს. თავისუფლების მტაცებლებზეა სწორედ ზედ გამოჭრილი ქართული ანდაზა: «ვირმა პალო მოაძრო და იმდენი სხვას არა ჰკრა, რამდენიც თითონ იკრაო».

ხალხის მმართველნი, რომელნიც ამ უაღრესს უგუნურებას ჰშვებიან და ხალხის მონებად გადაქცევას ცდილობენ, გარდა იმისა, რომ თავიანთ წოდებას ჰხრწნიან ზნეობრივ და ფიზიკურად, ხალხსაც აფუჭებენ. დამონებული ერი მუდამ ბეჩავია შინაურობაში და რა თქმა უნდა ბეჩავი და სუსტი გარეშე მტერთან საბრძოლველად. ამის დამამტკიცებელი მაგალითი დღევანდელი რუსეთია, რომელიც პატარა იაპონიას დაეტაკა და რქები შემოიმტვრია.

მაშასადამე, თავისუფალი უნდა იყოს არა რომელიმე ერთი წოდება, არამედ მთელი ერი. ქვეყანაც მხოლოდ მაშინ იქნება ბედნიერი, როცა მოისპობა წოდებრივი უპირატესობანი, ყველა წოდება იქნება თავისუფალი, ე. ი. ბედნიერი... თავისუფლება და ბედნიერება სინონიმებია.

ნუ ეძებთ იქ თავისუფლებას, სადაც ცხოვრებას ისევ საფუძვლად წოდებრივი განსხვავება აქვს დადებული, საცა ყველას განურჩევლად წოდებისა და გვარიშვილობისა, არ ეძლევა საშუალება პატიოსანი შრომით მოიპოვოს პური არსებისა, საცა შრომა ღირსეულად არ ფასდება, საცა არ არის თანასწორად განაწილებული ცოდნა, ქონება.

მარტო ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება, უკეთუ მას თან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა.

- რაკი მიმაჩნია, რომ ისევ მრავალმხრივ საგულისხმო და გვერდაუვლელია თქვენს სტატიაში «რას ჰქვიან თავისუფლება?» დასმული პრობლემები და თქვენეული დასკვნები, ზოგ რამეს აქედანაც შევთავაზებ მკითხველს:

«... თავისუფლების მტერია ის ადამიანი, ვისაც არ უყვარს თავისი თავი. თავმოყვარეობა ორნაირია: ბრიყვული და გონივრული. ბრიყვული, როცა ადამიანი მარტოდმარტო თავის თავზე ზრუნავს. მხოლოდ ფიქრობს მას: «მე ვირგო და სხვა წყალმა ზიდოსო. მე მქონდეს უფლება სხვა შეურაცხვყო, და სხვას კი არა ჰქონდეს ნება პასუხი მომთხოვოს. მარტო მქონდეს ნება ვცარცვო და მეორეს კი მოესპოს საშუალება თავის დაცვისა». სხვის უფლება, ადამიანობა შელახოს დაუსჯელად, ხელშეუბრუნებლად. ამისთანა ადამიანი მსგავსია მხეცისა, იგივე მხეცია და მისი თავმოყვარეობა არის მხეცური. მგელიც ასე ფიქრობს, ოღონდ თვითონ გაძღეს და იმის ჭირის ნაცვალი იყოს ათასი სული ცხვარი და ათიათასი. არაფერია მგლის ფიქრით ეს ცოდვა, ეს დანაშაული. თავისუფლება უნდა იყოს საერთო, საყოველთაო და არა საკუთრება რამდენიმე ადამიანისა, როგორც დღეს არი.

მაგრამ მაგარი ის არის, რომ დღეს არც მჩაგვრელები არიან თავისუფალნი; იმათაც ძვირად უჯდებათ თავისუფლების შენარჩუნება. მგელი კი თავისუფალია ვითომ? არა. ისიც მუდამ შიშს ქვეშ იმყოფება, დღეს თუ ხვალ უნდა ამომშხამდეს მგლობაო, ფიქრობს იგი. უნდა მომკლანო, ბოლო მგლისა მაინც ეს არი: უნდა მოკვდეს თოფით, საწამლავით ან ხაფანგში გაებას, სიკვდილი თან სდევს ყოველ ნაბიჯზე. მგელს ადამიანი მაინც სდევნის, თუნდ არაფერს აშავებდეს, რადგან მგელია, ნადირია, ტყავი აქვს გამოსადეგი. ხოლო მგლად ქცეულს ადამიანს ასე არ უნდა მოვეპყრათ! იმის გაწვრთნა, ჩვენ, - ადამიანთა ხელთ არი, ჩვენ უნდა მოვუსპოთ მას საშუალება, დავუკეტოთ ბილიკები მგლური ინსტიქტების, სურვილების სანავარდო და მორჩა მისი მგლობა.

თავისუფლების კანონთა თანახმად, შეიძლება მაშ, სხვას ცოლი, ცხენი წაართვა კაცმა, ვსთქვათ ივანემ პეტრეს, რადგან პირველს მოსწონს პეტრეს ცოლი და ცხენი? არა, თავისუფლება ამას არ გვიქადაგებს, რომ ყოველი ჩვენი სურვილი, გრძნობა, ყოველი ჩვენი ვნება დავაკმაყოფილოთ წინდაუხედავად. ჩვენის გრძნობების დაკმაყოფილება და ჩვენთა სურვილთა მხოლოდ მაშინ არის შესაწყნარებელი, თუ ამით ჩვენ სხვას, ცალკე ადამიანს ან საზოგადოებას თავისუფლებას არ წავართმევთ: რად უნდა წაართვას ივანემ პეტრეს ცოლი, როცა თვით პეტრე არა სწუნობს თავის ცოლს, არამედ მოსწონს და უყვარს იგი? ხომ ცოდოა, უნდა ტანჯვა-დარდში და ვარამში ჩავარდეს კაცი და მისი თავისუფლება შეილახოს. ვსთქვათ, პეტრე წუნობს ცოლს და არც ეწყინება, თუ იგი ივანეს წაჰყვება, მაგრამ შეიძლება თვით პეტრეს ცოლს არ მოსწონდეს ივანე. განა აქვს უფლება, ნება ივანეს შეახოს მას ხელი? არა, ასჯერ არა. ამისთანა კანონებს არ ქადაგობს თავისუფლება. თუ ეს ასეა, მაშ რად ვართმევთ დიდის მამულისა, ტყის პატრონს თავიანთ საკუთრებას მამულ-დედულს? ხომ იმასაც უყვარს თავის მამული? მამულის ჩამორთმევით ხომ ვართმევთ იმას თავისუფლებას? ვხელმძღვანელობთ ამ შემთხვევაში სიმართლის გრძნობით, თუ არა? იქნება უსამართლოდ ვიქცევით, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ? არა. არ ვიქცევით უსამართლოდ და აი რატომ. დიდი მამულის პატრონი ჯერ ერთი, რომ სხვებს, ასს, ათასს ართმევს თავისუფლებას, რადგან სხვის ნაშრომს იტაცებს, სხვას ლუკმას სტაცებს. ეს უწესობაა, უსამართლობაა და როგორც უწესოების ჩამდენს, მას უნდა მოესპოს საშუალება ამ გვარის ყოფაქცევის. მეორე, მამულ-დედული ხომ იმის შრომით შექმნილი არ არი, იგი ღვთისგან ბოძებულია. იგი ძალმომრეობს, როცა ბუნებას სტაცებს მომეტებულს, რაშიც სხვებსაც წილი უდევთ. ყველა ეს საჭირო ერისთვის, როგორც ცალკე ადამიანისთვის, კანონები უნდა იყოს თვით ხალხის დადგენილი.

მაშასადამე, თავისუფლებამ უნდა მოგვცეს სიამოვნება. შეიძლება უსიამოვნებაც მიერგოს თავისუფალს ადამიანს, როგორც სასჯელი უხეირო საქციელისათვის, მაინც მისი თავისუფლება არ იქნება დარღვეული, რადგან ხალხისაგან შექმნილი კანონი, რომლის დადგენაში თვით იმასაც მონაწილეობა აქვს მიღებული, სჯის მას. ხომ იცით ჩვენებური გლეხკაცი რას ამბობს: «სამართლისაგან მოჭრილი ხელი არ მეტკინებაო». ოღონდ რომ ასეა. თავისუფლებამ უნდა მისცეს მუშას მთელი ნაყოფი შრომისა. უნდა მისცეს სწავლა, განათლება, თავის თავისა, თავის ერისა და კაცობრიობის გონივრული სიყვარული.

უნდა მიანიჭოს ნება, უფლება იმ ხელობას დაადგეს, რომელიც მას მოსწონს და ეხერხება; იცხოვროს იქ, საცა მოისურვებს, ისე რომ სხვის თავისუფლება ოღონდ არ შეზღუდოს, სხვას უსიამოვნება არ მიაყენოს. უნდა უპასპორტოთ წავიდეს და მოვიდეს საცა უნდა. ვერავინ უნდა შეახოს მას ხელი, ვიდრე კანონი არ გადასწყვეტს. უნდა ილაპარაკო, სწერო საზოგადო საქმეებზე ისე, როგორც შენ გინდა. დაშლა არავის შეუძლიან, უნდა გამოსთქვა შენი აზრი, დაჰგმო დასაგმობი, აქო საქებარი».

- მიხეილ ჭაბაშვილის «უცხო სიტყვათა ლექსიკონში» კოსმოპოლიტიზმი ასეა განმარტებული: «იდეოლოგია, რომელიც უარყოფს ეროვნულ თვითმყოფადობას და ეროვნულ სუვერენიტეტს, ქადაგებს სამშობლოსადმი, ეროვნული კულტურისადმი გულგრილობას და აყენებს «მსოფლიო სახელმწიფოს» შექმნის, «მსოფლიო მოქალაქეობის» დაწესების იდეას». კოსმოპოლიტი კი არის «კოსმოპოლიტიზმის თვალსაზრისზე მდგომი, ადამიანი, რომელიც თავის თავს არ აკუთვნებს არცერთ ეროვნებას».

რასაკვირველია, ნებისმიერი ეროვნების ადამიანები ჯერ პატრიოტები, თავიანთ მამულის შვილები არიან. ისინი მსოფლიო სივრცეს ერთვიან, უერთდებიან როგორც ქართველი, ინგლისელი, იტალიელი, ფრანგი, ესპანელი, რუსი და ა. შ. მამულიშვილები, მხოლოდ კოსმოპოლიტობა კი ავტომატურად, მექანიკურდ წარხოცავს პატრიოტიზმს ანუ მამულიშვილობას.

ისიც საგულისხმოა, რომ თქვენი სტატია «კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი» დაიწერა 1905 წელს, როცა ლამის პარტიების უმრავლესობა (მათ ავანგარდში ბოლშევიკები იდგნენ) თითქმის ჯვაროსნულ ლაშქრობას მართავდა პატრიოტიზმის, სამშობლოს, მშობლიური ენის წინააღმდეგ. ისიც ხაზგასასმელია და ნიშანდობლივი, რომ თქვენი ეს სტატია სწორედ გაზეთ «ივერიაში» გამოქვეყნდა (1905 წ., # 172). თქვენი «კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი» სწორედ ის ფუძემდებლური დონის ნაწარმოებია, რომელიც არა მარტო აუცილებლად უნდა წავაკითხოთ, არამედ უნდა ვასწავლოთ ყველა ჩვენს თანამემამულეს. იმასაც ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ეს სტატია, მასში გამოთქმული დებულებები და დასკვნები სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც დიდად წაადგებოდათ. გისმენთ.

«ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრეთვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში...

ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოდგება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მის შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.

ყველა გენიოსი ნაციონალურმა ნიადაგმა აღზარდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო - მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. «ჰამლეტით», «მეფე ლირით» ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს რად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება «ვეფხისტყაოსნით» და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნდა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? - არასდროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება...

მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფნის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე.

პატრიოტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭვათამყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგ. არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე - საზრდოდ, ნანა - მოსასვენებლად.

ყველა ეს ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა. ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან ჰგრძნობს, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია, - ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა, და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო სხვებისაგან განსხვავებული საუბრის კილოც კი მშვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდ უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია.

ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? - იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, - სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ...

პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპოლიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.

ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ და კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა.


ძვირფასო მკითხველო!

თქვენ, რასაკვირველია, წაკითხული გაქვთ, მეტიც, გიყვართ და გააზრებული გაქვთ ვაჟა-ფშაველას ქმნილებები. ვაჟა ნამდვილად რომ ჩვენი თანამედროვე, უკვდავი სულია. ჩვენ ნამდვილად ბედნიერი ვართ იმით, რომ გვესმის მისი ნაუბარი.
ის გვმოძღვრავდა, გვმოძღვრავს და მომავალშიც დაგვმოძღვრავს.
მჯერა, მწამს, რომ თქვენც ასე ფიქრობთ...


ბმული:
* http://www.bu.org.ge/x1338?page=1&tab=2

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ჯუმბერ თითმერია Empty
PostSubject: Re: ჯუმბერ თითმერია   ჯუმბერ თითმერია Empty

Back to top Go down
 
ჯუმბერ თითმერია
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: