არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 გრიგოლ რობაქიძე

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

გრიგოლ რობაქიძე Empty
PostSubject: გრიგოლ რობაქიძე   გრიგოლ რობაქიძე EmptySun Nov 28, 2010 1:43 pm

გრიგოლ რობაქიძე Grigol12
Grigol Robakidze

ვეფხვობის თვე

ყივჩაღეთ იყო....
ქალი მოვიტაცე.
ცხენზე შემოვიგდე,
დედალი ავაზა.
ტანი დაყურსული
გავშხვართე უნაგირზე,
თეთრი თეძოების
ვიხილე გახელება.
ხტოდნენ ატეხილი,
ავხორცი მუხლები.
და თვითონ ნადირი გავხდი,
მე ნადირი.
კოცნა-კბენა იყო,
ალერსი-დანა,
მუცელი გაზნექილი
პირით გადავღადრე,
და მარჯვენა ნაპირიდან,
ქალი გაფატრული
ვესროლე მდინარეს.
სიგიჟის წვეთი
ცხენს მოხვდა საფეთქელში,
ცეცხლი წაეკიდა
უნალო ფლოქვებში
და თითქო დაკოდილი
გავარდა ჭენებით.
მე სისხლის ყივილი,
მოღუშულ სივრცეებს,
მათრახათ გადავკარი!...
ეს იყო ყივჩაღეთ,
ვეფხობის თვეში.


გრიგოლ რობაქიძე

გრიგოლ რობაქიძე (დ. 28 ოქტომბერი, 1882, სვირი, ქუთაისის გუბერნია ― გ. 19 ნოემბერი, 1962, ჟენევა) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ბიოგრაფია
ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ ჯერ ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი) სწავლობდა, შემდეგ კი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაასრულა ლაიფციგის უნივერსიტეტი (გერმანია). გერმანიიდან 1908 წელს დაბრუნდა და მალე ქართველ სიმბოლისტთა ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი გახდა. 1915 წელს იგი გახდა „ცისფერყანწელების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამ ლიტერატურულმა დაჯგუფებამ, რომელშიც გაერთიანდნენ იმ დროისთვის პროგრესული სიმბოლისტი მწერლები და პოეტები, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული სიტყვა-კაზმული მწერლობის შემდგომ განვითარებაში. 1917 წელს რობაქიძის აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918—1921) რობაქიძე აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ ცხოვრებაში. მაგალითად, 1919 წელს იგი იყო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად წარგზავნილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი. იმავე წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა ქართული ლეგაცია სტამბოლში.

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ (1921 წლის თებერვალ-მარტი) გრიგოლ რობაქიძე აქტიურად ჩაება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რისთვისაც მუდმივად განიცდიდა დევნას ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეოლოგიის წარმომადგენელთა მხრიდან. 1926 წელს მის რომანს „გველის პერანგი“ ქართული საზოგადოება გულგრილად შეხვდა, გერმანიაში კი ძალიან მოიწონეს და ავტორი შეაქეს. რობაქიძემ, რომელიც ფიქრობდა, რომ სამშობლოში მის ნიჭს არ აფასებდნენ, გადაწყვიტა გერმანიაში წასულიყო. პასპორტი სერგო ორჯონიკიძის დახმარებით მიიღო.[2]

1931 წლიდან გარდაცვალებამდე იყო პოლიტიკური ემიგრანტი: 1946 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გერმანიაში, ხოლო 1946 წლიდან — შვეიცარიაში. იგი იყო ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი მოღვაწე. 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, თბილისში საფუძველი ჩაეყარა ანტისაბჭოთა შეთქმულებას, რომლის ორგანიზატორთა შორის ახალგაზრდა მწერლები, გიორგი ძიგვაშვილი და კოტე ხიმშიაშვილი იყვნენ, შეთქმულება გაიცა, გამოძიებამ კი მისი მონაწილეები გრიგოლ რობაქიძესთან კავშირში და მისგან ფაშისტური დირექტივების მიღებაში დაადანაშაულა. 1942 წელს მისი უშუალო მოღვაწეობით ემიგრაციაში დაარსდა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი და იყო ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. კავშირის თავმჯდომარე იყო ევროპაში ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაური ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი. რობაქიძე იყო, აგრეთვე, ანტიბოლშევიკ ერთა ლიგის თვალსაჩინო მოღვაწე.

რობაქიძის პროზაზე უდიდესი გავლენა იქონია ფრიდრიხ ნიცშეს ნაშრომებმა. მის შემოქმედებას სხვა და სხვა დროს უმაღლესი შეფასება მისცეს შტეფან ცვაიგმა, რომენ როლანმა, ნიკოს კაზანძაკისმა და მსოფლიო ლიტერატურის სხვა გამოჩენილმა წარმომადგენლებმა. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მისმა ნაწარმოებებმა „გველის პერანგი“, „დემონი და მითოსი“, „ჩაკლული სული“, „მცველნი გრალისა “, „მეგი – ქართველი გოგონა“ და სხვა. ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვა გერმანულ და სხვა ენებზე რამდენიმეგზის გამოცემულმა მისმა კრებულმა „კავკასიური ნოველები“. რობაქიძე არჩეული იყო ევროპის რამდენიმე ლიტერატურული საზოგადოების წევრად. აღსანიშნავია, რომ 1960-იანი წლების დამდეგს გადაწყვეტილი იყო მისი წარდგენა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე, რასაც ხელი შეუშალა მწერლის გარდაცვალებამ.

ბიბლიოგრაფია
რომანები:
* გველის პერანგი (1926)
* ჩაკლული სული (1931)
* მეგი – ქართველი გოგონა (1932)
* ქალღმერთის ძახილი (1934)
* მცველნი გრალისა (1937)
* ფალესტრა (დაუმთავრებელი რომანი)

რჩეული მოთხრობები და ნოველები:
* კავკასიური ნოველები (მოთხრობების კრებული) (1932)
* ენგადი
* იმამ შამილი
* წმინდა ხარის მოკვლა

პიესა:
* ლამარა

რჩეული ესეები და წერილები:
* ომი და კულტურა (კრებული)
* Pro domo sua (კრებული)
* პორტრეტები (კრებული)
* პირადი მიმოწერ ა(კრებული)
* დემონი და მითოსი (კრებული) (1935)
* ადოლფ ჰიტლერი უცხოელი მწერლის თვალით (ბიოგრაფიული რომანი) (1937-1938)
* მუსოლინი (ბიოგრაფიული რომანი) {1938-9)
* დავით კლდიაშვილი
* ნიკო ფიროსმანი
* ვაჟა-ფშაველა
* ლეილა
* საქანელა და სახრჩობელა
* საქართველოს ხერხემალი
* ქართველ მწერლებს
* მიმართვა ქართველ ხალხს

გარდაცვალება
მწერალი 1962 წლის 19 ნოემბერს გარდაიცვალა ქალაქ ჟენევაში და იქვე დაიკრძალა. 1976 წელს ქართველი ემიგრანტების ნინო და კალისტრატე სალიების თაოსნობით საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე გადაასვენეს. მისი ბინა პოლიციამ დალუქა, არქივი კი ლიკვიდაციას შვეიცარიელი მეგობრების ძალისხმევით გადაურჩა

„ჩემი ნატვრაა: როცა მე ამსოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს და პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს, მეტს არასა ვთხოვ საქართველოს“.

ბმულები:
* https://ka.wikipedia.org/wiki/გრიგოლ_რობაქიძე
* http://allgeo.org/index.php/ka/2018-12-12-16-13-02/2019-03-28-00-07-27
* https://burusi.wordpress.com/literature/grigol-robakidze/
* https://poetry.ge/poets/grigol-robakidze/poems

study


Last edited by Admin on Thu Mar 11, 2021 11:12 am; edited 5 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

გრიგოლ რობაქიძე Empty
PostSubject: Re: გრიგოლ რობაქიძე   გრიგოლ რობაქიძე EmptyWed Mar 10, 2021 11:15 am

გრიგოლ რობაქიძე

ვაჟა-ფშაველა


I
თანამედროვე ქართველ პოეტებს შორის ვაჟა-ფშაველა – მოვლენაა ყველაზე მეტად
იდუმალი და თვითმყოფადი. ნებისმიერი ლიტერატურული სკოლისა თუ
მიმართულების მიღმა დგას იგი. მიუსადაგია მისთვის მსოფლხედვა
“თანამედროვეობისა”. ძნელად სარწმუნოა, რომ ჩვენი თანამედროვეა ეს მკვდრეთით
აღმდგარი ძე მითოლოგიური წარსულისა. უბრალო, თითქმის გაუნათლებელი,
თანამედროვე კულტურის მიღმა მდგარი, ის ახდენს შთაბეჭდილებას რაღაც ველურის,
ტყიურის, მითიურის. ცხოვრობს იგი თავისი საყვარელი ფშავის მთებში. იზიდავს მას,
უპირველეს ყოვლისა, ბუნება და მისი ცხოვრების წესიც. მწყემსური ყოფისაგან დიდად
შორს არ წასულა. მაგრამ მისთვის, განმჭვრეტი მწყემსისათვის, ჩუმ და იდუმალ ღამეში
გადახსნილია ვარსკვლავთა ზეცა, და იგიც სამყაროს საერთო მდუმარების ჟამს
გარდასახავს ცის ამ საიდუმლოთ თავისი ლერწმის სალამურის მომხიბლავ ხმებად.
ამ გამოუცნობი პოეტის შემოქმედებითი ცნობიერება ცნობიერება შესაძლოა
განისაზღვროს – როგორც მითოლოგიური; ის – გრძნობა და აზრი პოეტისა – ყურს
უგდებს ბუნების ყოველ მოვლენას და ინტენსიურად შეიცნობს რაღაც მახლობელსა და
მშობლიურს, თუმცაღა გარკვეული სახით მოწყვეტილსა და დაკარგულს; ესმის მას –
გულსა და გონებას პოეტისა – რაკრაკი მთის ნაკადულისა და ამაში თავის სულიერ
მღელვარებათა რიტმის გამოძახილს გრძნობს. ცნობიერება (პოეტისა) თავის სახეს
ჰქმნის ბუნებაში და ამით მას ასულიერებს, – და ბუნების ასარკვაში ქმნილი სახე
ცნობიერებისა ხდება სიმბოლო მათი – ცნობიერებისა და ბუნების – ერთიანობისა. ასე
იქმნება მითი მათ წინასამყაროულ მდგომარებაზე: რადგან ვ. ივანოვის შესანიშნავი
თქმით: “მითი გახსენებაა მისტიური ამბისა, კოსმიური საიდუმლოსი”. სწორედ ამ
ამოუხსნელ სამყაროს, სიმბოლოსა და მითის სამყაროს ბიოკლინის საღებავებით
გადაგვიხსნის პოეტი ვაჟა-ფშაველა.
ყოველ პოეტს თავისი მუზა ჰყავს. ჩვენს პოეტსაც ჰყავს თავისი მუზა: ესაა
დიდებულთმიანი “ალი” (მღვიმეთა ქალწული), რომლის იდუმალ მოვლინებასაც
თრთოლვით ელის პოეტი. ჩუმ მთვარიან ღამეში, “მსოფლიო მდუმარების” ჟამს, გაისმის
ვიღაცის ნარნარი ხმა თუ სიცილი: ეს მშვენიერი ალი გამოდის გამოქვაბულიდან,
უახლოვდება მთის წყაროსა და მის გრილ ჩქერებში ჩაშლის თავის ხშირ თმას. შემდეგ,
ზღაპრული არსება გაჰყურებს მომნუსხველ მთვარეს და დილამდე უმღერის სამყაროს
სილამაზეს. მაგრამ, ოდნავ ინათებს თუ არა, დღის მოულოდნელი შემოხედვით
შეშინებული, გამოქვაბულში მიიმალება იგი. ასე ხატავს ალს პოეტი თავის ლექსში.
ფარული, იდუმალი წიაღებიდან რაღაც “მღვიმისეული”, “ღამეული” გამოაქვს
ქალწულს და ამას ყოველს სიმღერით უმხელს თავის მომღერალს; აღტაცებულ პოეტს კი
ეს სიმღერები საოცარ პოემებსა და ლეგენდებში გადააქვს. ერთი ამათგანია
სიმბოლიური პოემა “გველისმჭამელი”, ვაჟა-ფშაველას ქმნილებათაგან ყველაზე მეტად
ღრმა და მშვენიერი.


II
რთული და ღრმაა შემოქმედებითი ჩანაფიქრი ამ პოემისა. მთის შვილი მინდია ტყვედ
ჰყავთ მითოლოგიურ არსებებს “დევებს”. მას უკუნი მარტოობა აღრჩობს. ამაყი
კლდეები, თავშესაფარი ძლიერი და თავისუფალი არწივებისა, მთვლემარე ტყეები,
რომელთა სიღრმეშიც იბადებიან ფიქრები და ზღაპრები, ყრუ ველები, თავიანთ წიაღში
ადამიანთა კაეშანს რომ ინახავენ, ენით გამოუთქმელ სევდას იწვევს ტყვეში.
თავისუფლებაში გაჩენილი მინდია ვერ ურიგდება მონის ცხოვრებას და სასომიხდილი
თავის მოკვლას გადასწყვეტს. ის შეჭამს ნაჭერს გველის ხორცისა, რითაც “დევები”
იკვებებოდნენ, იმ ფიქრით, რომ უსათუოდ მოიწამლება. მაგრამ მოხდება სრულიად
მოულოდნელი: ის გარდაიქმნება სავსებით: სულით და ხორცით გახდება სხვაგვარი,
გახდება განმჭვრეტი, გრძნეული. მხოლოდ ახლა ამოხსნის იგი საიდუმლოს საკუთარი
ტყვეობისა, გასწყვეტს ბორკილებს მონობისა და სამშობლოში ბრუნდება თავისუფალი.
ასე იწყება ეს მშვენიერი ლეგენდა.
ყოველ არსებას თავისი ენა აქვს. ადამიანს – ადამიანისა; მინდიას ყველასი ესმის, ის
სამყაროს ენით მეტყვლებს. ის მისანია – და მსოფლიო ყოფის დაფარულ
საიდუმლოებებს წვდება. ის გულთამხილავია – და გრძნობს უნატიფეს მოძრაობას
ადამიანის სულისა. მისთვის ყოველივე გასაგებია: ფოთოლთა შრიალიც, ტყეთა
გარინდებაც, მინდორთა ჩაფიქრებაც, ნაკადულთა რაკრაკიც; მისთვის არ არსებობს
უსულო-უმეტყველონი: პირიქით, ყველაფერი მეტყველია, და მის შემოქმედებით
წარმოსახვაში სამყარო აისახება როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, რომელშიც
თვითეულ ნაწილაკს, თვითეულ ნომადას თავისი მნიშვნელობა აქვს, თავისი აზრი
გააჩნია. და გენიალური უბრალოებით მიმოხაზავს პოეტი სამყაროს საიდუმლოში
შეღწევის სურათს…


III
სამყაროში შესაგრძნობია მტკივნეული წყვეტა. ყოველი ნაწილაკი ბუნებისა მიილტვის
სააკუთარი თავის დამკვიდრება-განმტკიცებისაკენ სხვათა გარეთ და სხვათა
წინააღმდეგ. მაგრამ სამყაროს ნაწილაკებიდან არც ერთს არ ძალუძს სრული უარყოფა
დანარჩენთა და საკუთარ განსაკუთრებულობაში ჩარაზვა. აქედან: უთანხმოება,
შეუსმენლობა, შებორკილობა, დაცალკევება. რელიგიის მიზანი შინაგანი სასიყვარულო
კავშირისა და გარეგანი თავისუფალი ერთიანობის აღდგენაა. ამისათვის აუცილებელია
ყოველგვარი შეზღუდულობის ბორკილებიდან დახსნა. აუცილებელია წვდომა
“სხვაგვარისა”, მიხვდომა “სხვანაირისა”, გადასვლა “განსხვავებულში”, “სხვად” ქცევა
(იდეალურად). და მინდიაც ასეთია სწორედ – ნამდვილი სხეულება რელიგიურ-
გარდამქმნელი საწყისისა. მან თითქოს საკუთარ თავს გაუსწრო: სძლია თავის თავში
ვიწრო-პირადულს, ადამიანურ-შემოზღუდულს; განასხეულა საკუთარ არსებაში
შემოქმედებითი გენია ბუნებისა და მსოფლიო აზრით გენიალური გახდა. ის უკვე
არამხოლოდ უბრალო კაცია, არამედ ზეკაცი, მაგრამ არა ნიცშესეული
ინდივიდუალიზმის, არამედ რელიგიური უნივერსალიზმის მნიშვნელობით. და, რა
თქმა უნდა, ის პიროვნებაა, ინდივიდუალობა: მან არ მოკლა თავისი თავი “სხვაში”, არ
გაითქვიფა “უნივერსალურში”
და იგი – “ეს” – ხდება “სხვა” და ამით “ყველას” ცხოვრებას, სამყაროს ცხოვრებას
შეერთვის. ამასთან, მის სულში მიმდინარეობს ძლივს შესამჩნევი, მაგრამ ღრმა პროცესი.
წვდება რა ყოველივეს, ის ყველას უგებს: ხედავს “სახეს” თვითეული ნივთისა, ესმის
“ენა” თვითეული მოვლენისა. მწვდომი ყოვლისა და მტყობი ყველაფრისა, მინდია მათ
მიღებას იწყებს თანდათან: უახლოვდება მათ, მეგობრობს მათთან, შეეტრფის მათ.
ბუნების გამოღვიძება-განახლების ჟამს ფრთაასხმულია ის: მიდის მინდორში, და მწვანე
მდელოებთან ერთად ყვავილ-ბალახთა გაფურჩქვნა-აბიბინების განმცდელ-მოზიარეა, –
სამყაროს სულს შერწყმული, იგი შეიგრძობს, როგორ იშლება ყვავილი და მის ყოველ
ფურცელში სიცოცხლის სუნთქვას ისმენს. მან შეიყვარა ბუნება და ბუნებას უყვარს ის:
“მინდიას გამარჯოსო”, – ყვავილები ხალისით ესალმებიან; მცენარეები სიხაარულით
თავს ურავენ, და ისიც მათი წვენიდან უებარ წამლებს ამზადებს. ამგვარად, რა ამცნევს,
მინდიას უყვარდება უთვალავი ფერით აღვსილი ქვეყანა: აქ უნებურად ტივტივდება
ბრძენი და-ვინჩის სიტყვები: შეცნობა შობსო სიყვარულს.


IV
ასეთია პოემის ძირითადი მოტივი. შემდგომ იგი ტრაგიკულ სიმფონიაში გადადის.
მინდია არამხოლოდ ცოდნითაა სრული, არამედ განცდითაც; ეს გახლავთ მისი
სიყვარული და, აგრეთვე, მისი ტრაგიზმიც. ის ცხოვრობს ცხოვრებით ქვეყნისა, მისი
სიხარულითა და მწუხარებით, მაგრამ სამყარო თავისი ყოფით ტრაგიკულია
არსებითად, და გველის-მჭამელის ფაქიზი სული განიცდის მსოფლიო ტრაგედიას. იგი
ხდება ნაღვლიანი, ჩაფიქრებული, მარტოსული. ულმობელი არჩევანი დგება მის წინაშე:
ან განერიდოს ქვეყანას, გახდეს მწირ-განდეგილი და გადარჩეს ინდივიდურად; ან კიდევ
დარჩეს ქვეყნად, მიიღოს იგი იმგვარი, როგორიც არის, და “ისტორიული” გაგებით
კომპრომისზე წავიდეს მასთან. მინდია მეორე გზას ირჩევს, და სწორედ აქ იწყება მისი
ნამდვილი დრამა, დრამა ღრმა განმჭვრეტელისა.
ამ აზრის უკეთ გაშლა-გაგებისათვის პოეტს გველის-მჭამელის დაცოლშვილება
სჭირდება. მინდია დაქორწინდა: გაჩნდნენ ბავშვები, შეიქმნა ოჯახი. პოეტის აღქმით,
ოჯახური საწყისი სომბოლოა ვიწრო-პირადულისა, ჩაკეტილისა, შემოზღუდულისა. და
აჰა, მიმდინარეობს ბრძოლა კერძო-პირადულსა და სასიყვარულო-მსოფლიო საწყისებს
შორის. ოჯახს სჭირდება შეშა, – და მინდიამ უნდა მოჭრას ხეები; ოჯახს სჭირდება
საკვები, – და მინდიამ უნდა მოკლას ნადირი. მაგრამ როგორ შემოჰკრას მან ცული
ჭადარს, მოსიყვარულე ხე ასე ტკბილად რომ ესალმება? ანდა როგორ აღმართოს ხელი
ფურ-ირემზე, მოალერსე არსება აგრე ნაზად რომ ეგებება? იტანჯება კაცი, მაგრამ
ცხოვრებას თავისი გააქვს: მინდია თანდათან უთმობს უჯახის მოთხოვნებს. რომ არ
შეიგრძნოს სხვათა ტანჯვა: მოთქმა ცხოველთა და ცრემლიანი გოდება მცენარეთა,
პოეტის მშვენიერი თქმით: მან მკერდს “გული ჩაიდო ქვისა”. და რაღა? მინდიას უკვე
აღარ ესმის სხვათა კვნესა-ჩივილი, მაგრამ სამაგიეროდ წაერთმის ენა ბუნებისა; ის
კარგავს უნარს სამყაროს წვდომისა და მის იდუმალებათა შეცნობისა, “ცარიელდება
ცოდნითა” საიდუმლოთამხილავისა, მაგრამ სულ მუდამ ახსოვს ამ ცოდნის ძალი, და,
რა აღარ ძალუძს მეტყველება უწინდელის ენით, წვალობს და იტანჯება. გაჰხედა მან
ერთხელ თავისი საყვარელი ფშავის მთებს, სქელი ნისლით შებურულთ და, როცა მსი
მზერას მთებმა ცივი დუმილი შეაგებეს, მწარედ აქვითინდა. და იმ წამს იგრძნო მან, რომ
სამუდამოდ ჩაწყდა და დადუმდა ყოველი ხმის შემხმიანე უნატიფესი სიმი მისი
სულისა. ერთი სიტყვით, მინდიამ ჩაჰკლა საკუთარ თავში სიყვარული და მასთან
ერთად დაჰკარგა შეცნობის უნარი. აქ ტივტივდება პავლე მოციქულის სიტყვები:
სიყვარული შობსო შეცნობას. მინდიამ, რა შეიცნო, შეიყვარა და, რა ჩაჰკლა, დაჰკარგა
ცოდნის ძალი, – ასეთია ინტუიცია პოეტისა. და მან, ამგვარად, შემოქმედებითი
სინთეზით გააერთიანა ორი ერთი შეხედვით ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისი:
შეცნობა ჰბადებს სიყვარულს (და-ვინჩი) და სიყვარული ბადებს შეცნობას (პავლე
მოოციქული), ან უფრო სწორად, ინტიუციურად აღმოაჩინა, რომ შეცნობა და
სიყვარული არსებითად ერთი და იგივეა, რომ შეცნობა ერთგვარი სიყვარულია, ხოლო
სიყვარული – ერთგავრი შეცნობა.



V
გველის-მჭამელის ცხოვრებისეული დრამის უკეთ გამოხატვისათვის ლეგენდის
ფაბულას ართულებს პოეტი. მინდია, როგორც საიდუმლოთამხილავი, განთქმული იყო
ბრძნულის რჩევა-დარიგებებით, განსაკუთრებით ომიანობის ჟამს. და სწორედ მაშინ,
როცა მან დაჰკარგა სიბრძნე-გრძნეულება გველისა, მტერთან ბრძოლაა გასამართავი.
ხალხი ხევისბერ ბერდიას წარგზავნის მინდიასთან. უკუნ ღამეში ხახმატის ხატთან
ხვდებიან ერთმანეთს ისინი და ხევისბერი სთხოვს მინდიას, მიუთითოს დუშმანთან
შებმის ადგილი. გველის-მჭამელი უარზეა, გასცეს რაიმე რჩევა. ხევისბერი
განცვიფრებულია, მაგრამ მაინც თავისაზე დგას, – და მინდია, წინააღმდეგ საკუთარი
სურვილისა, მომხვდურთან შერკინების ადგილად “მოწამლულს ხევას” ასახელებს. ასეც
მოიქცევიან. მთვარიან ღამეში ბრძოლა ჩაღდება. ერთ-ერთი მთის წვერზე ზღაპრული
კოშკი აღმართულა, საიდანაც ფშაველი გმირების ცოლები ბრძოლის ველს
გადმოსცქერიან. მათ შორისაა მზიაც, გველის-მჭამელის მეუღლე, რომელიც
თვალცრემლიანი მოუთხრობს მეგობარ ქალებს თავისი ქმრის ყრუ ტანჯვათა ამბავს.
უეცრივ მებრძოლთა შორის მინდია გამოჩნდება. რაღაც შემაძრწუნებელ-საშინელით
გულშემოყრილი, ტანჯვა-წამებაშია იგი: როგორც ჩანს, ავს უგრძნობს გული. შემდეგ ის
ხედავს ცეცხლის ალში გახვეულ სოფელს, ამით ყოველივე გადაწყვეტილია: მინდიას
რჩევა ავი გამოდგა, მტერმა გაიმარჯვა. მინდია გადაჭრით იშიშვლებს ხანჯალს და
გულში დაიცემს. ხოლო მშვენიერი მნათობი, ნაზი და ნაღვლიანი მეგობარი გველის-
მჭამელისა, ლურჯი ზეციდან “მოზარე ქალის ფერით” იმზირება და მინდიას
მკერდიდან “ჩქერით გადმოსულ” სისხლს ანათებს.


VI
ასე თავდება ცხოვრებისეული დრამა გრძნეული გველის-მჭამელისა. ჩნდება სურვილი
ფშავის მთებში შობილი მინდიას შედარებისა ნორვეგიის ფიორდებში დაბადებულ პერ
გუნტთან. გუნტის მხატვრულ სახეში, პირველ ყოვლისა, მოცემულია ადამიანი, ვის
არსებაშიც ორი ძალა იბრძვის დასაბამიდან: ბუნებრივი და ზებუნებრივი. ბუნებრივი
ყოფით შემოფარგლული, ყოველივესი არსებული სახით მიმღები, თვითკმაყოფილი,
ხვდება იგი ტროლების სამეფოში, კარგავს თავის მეობას, რჩება საკუთარი თავის გარეშე;
და რა მიილტვის იმისაკენ, რადაც შექმნა უზენაესმა, პოულობს კიდეც საკუთარ თავს,
თავის საწყის არსს თვითნაბადი და თავისთავადი. ამ ძალთა ორთაბრძოლაა მთელი
დრამა, საცა მტანჯველი პროცესია ასახული პიროვნულობის ჩამოყალიბება-
ხორცშესხმისა. საკუთარი თავის ამ ძიება-მიგნების პროცესში ადამიანს (პერ გუნტს)
უნათებს სოლვეიგის ტყის ქოხიდან გამომკრთალი ჩაუქრობელი ნაპერწკალი და მის
სმენას აღწევს საუცხოო სიმღერა მშვენიერი ასულისა: “სამებობას გავიდარე; გელი
ძვირფას და შორეულს”… და ქალწულისადმი სიყვარულში აცნაურებს იგი თავის
ნამდვილ “მეს”, თავის სულიერ არსს, პოულობს თავის მეობას, “ერთიანი, მთლიანი,
შუბლზე ღვთის ნიშნით”. მაგრამ ვაი, რომ ეს ყოველივე გუნტს სიცოცლის ფასად
უჯდება: რა იგემებს სულ ერთის წამით თვითდამკვიდრების ბედნიერებას,
კვდება კიდევაც. ასეთია ადამიანის ბედისწერა იბსენისეული გუნტის სახეში.
გველის-მჭამელის დრამა გარკვეულად სხვაგვარია. გუნტმა სოლვეიგისადმი ტრფიალში
იპოვა თავისი თავი, მინდიამ სამყაროს მიმართ სიყვარულში ჰპოვა თავისი “მე”. გუნტი
მოკვდა თვითგასრულების მომენტში; მინდია ისწრაფვის, იპოვოს თვითგასრულება
სამყაროულ მთლიანობაში. იქ, სადაც გუნტის დრამა მთავრდება, იწყება მინდიასი და, ამ
აზრით პოემა “გველის-მჭამელი” თითქოსდა გაგრძელებას წარმოადგენს პოემა “პერ
გუნტისა”.


study


Last edited by Admin on Wed Mar 10, 2021 12:11 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

გრიგოლ რობაქიძე Empty
PostSubject: Re: გრიგოლ რობაქიძე   გრიგოლ რობაქიძე EmptyWed Mar 10, 2021 12:09 pm

გრიგოლ რობაქიძე Grigol10

გრიგოლ რობაქიძე

თამარ

საქართველოს ისტორიაში დიდი თამარ ლეგენდარული ფენომენია უცილოდ - არა იმ აზრით, თითქოს იგი ოცნებით იყო შექმნილი, არამედ იმ ფიქრით, რომ მისი სინამდვილე უმძაფრესი იყო ფრიად. ჩვენს ისტორიაში არ მოიპოვება მეორე ისტორიული პირი, რომელიც თავის დამტკიცებაში პიროვნულ სინამდვილეს გასცილებოდეს და ერის ისტორიულ ათვისებაში ქცეულიყოს ცოცხალ ლეგენდად. დიდი იყო დავით აღმაშენებელი და იყო მნიშვნელოვანი გიორგი მესამე: საქართველოს თამარის დროს განდიდება, ისტორიკოსის ივ. ჯავახიშვილის აზრით, მათი სამხედრო მოქმედების ნაყოფი უფრო იყო, ვიდრე თვითონ თამარის პირადი ღვაწლი, - მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართველი ერის ისტორიულ შეცნობაში თამარის გვერდით ისინი დაჩრდილულნი გამოდიან შესამჩნევად. საქართველოს მკერდს ახლაც ახსოვს სიყვარულით ჩარჭობილი და მრისხანებით გადამტვრეული ხმალი გიორგი სააკაძისა, - და მაინც პიროვნება მისი ლეგენდად არ გადაშლილა. დიდია რუსთველის გენია: მზით მოკვეთილ სიტყვაში განასხეულა მან საქართველოს ქმედითი სული, - ხოლო "მითი" მისი პიროვნების არ ჩამოსხმულა სავსებით. საქართველოს ცოცხალი ლეგენდა თამარია მხოლოდ. გადაავლეთ თვალი საქართველოს ისტორიას: ყველგან, საცა კი ინაკვთება სახსარი საქართველოს ისტორიის, რომელიმე ხაზტეხილი ეპოქათა მდინარების, ყვავილობს ყველგან სურნელოვანი სახელი თამარის. მიზეზი? - დიდი თამარ სათუთი ნერვია, საქართველოს სულის: აი პასუხი: - მრავალგზის დასტეხია სასტიკი ბედი საქართველოს ჯეჯილად აყრილ ტანს, მაგრამ მისი დაფერფლილი სხეულიდან ახეთქილა კიდევ ახალი ყანა, საქართველოს სულის მხურვალე სუნთქვით აბიბინებული. და თუ ძველი ეგვიპტელი (პლატოს თხრობით) ქვაზე ასახული ჰიეროგლიფით სცნობდა ატლანტიდის თავგადასავალს და ფესვგამდგარი ხსოვნით გასულ საუკუნეებს და დაღუპულ ხალხებს უახლოვდება, - აქ, საქართველოში თამარის საოცარი სახელით მთელდებოდა გაწყვეტილი ზოლი ერის სხეულის. დიახ: თამარი სახელი ჰიეროგლიფია ნამდვილი, - ხოლო არა ქვაზე აკვეთილი, არამედ სულის ნერვით ახაზული; ჰიეროგლიფი - ნერვი, რომლის სათუთი ცახცახი აცოცხლებს გადასულს ჟამთა და განცდათა. რომელიმე რჩეული ქართველი ამ ჰიეროგლიფის გამოცნობით (და მაშასადამე, თანაზიარებით) რომელიმე საუკუნის ქართველის გულის ფართქალს ჰგრძნობდა (და გრძნობს დღესაც). და ერთი-მეორე უხილავად გადართული, ქართველები ამ უცნაური სახელით ჰქმნიდნენ საქართველოს ისტორიის მთლიან ცხოვრებას.

"როცა ბავშვი მოკვეთილია დედას, როგორც ნაყოფი ხეს (გვამცნობს ერთი მგოსანი) განვითარებული ადამიანი ემსგავსება ახალს ლანდს, მსუბუქ სტუმარს ჰაიდისას, რომელმაც ეს არის დალია ჩქერნი ლეტის, წყალნი დავიწყებისა", მაგრამ - განვაგრძოთ თქმა: განვითარებული ადამიანი, ჩასძირავს რა თავის თავს ყოფის ოკეანეში, იგრძნობს უთუოდ წინაყოფას თავისას "სხვაში" და "სხვებში". ეს არის წინა - მარადი ხსოვნა (მნემოსინა პლატოსი), რომელიც როგორც წყარო - დედა წარმოშობს ცხრა მუზას, ცხრა ნაკადულს; ამ ხსოვნაში იმალება ყოველი შეუცნობელი... ან კიდევ: რომელიმე დიდი ხე აიყრის მრავალს ფშანს; ყოველი ფშანი იმა ხის შვილია; და აი: მოსთხარეს რომელიმე ფშანი და გადარგეს იგი სხვაგან, რა დაემართვის? იგი გაიზრდება თავის-თავად; და ამასთანავე: სადღაც შორს - შორს მისი ფესვები იგრძნობენ მოწყვეტილობას და დაინაღვლებენ მშობლისათვის. ეს ნაღველი უცილო სახეა წინა - მარადი ხსოვნის. და ასე ყველგან მსოფლიო სხეულთა ნამდვილი განცდა რომელიმე მისი ნაწილის განცდაა მთელი სხეულის. ტყუილად კი არ გალობს ინდოეთის მგოსანი რაბინდრანათ თაბორი: შეყვარებულს მოუკვდა სატრფო; დაეძებს მას ყველგან. ძებნაში მიადგება იგი უზენაესის ბჭეს და მიჰმართავს: შენ ხარ სათავე და ბოლო ყოვლისა; და შენთან მოესვენებოდა იგი უთუოდ ვისაც მე დავეძებ: ჰოი, ჩამძრე უფალო მსოფლიოს ყოველ-შემცველობის ოკეანეში, რომ იქ ვიგრძნო ერთხელაც არის ნაზი - ხელშეხება მისი... დიაღ, მართალია თაბორი. სატრფოც ხომ ტალღაა ნამდვილი, - და შეერთვის ოდეს ოკეანეს შეყვარებული, იგი უთუოდ იგრძნობს მრავალს ტალღებში დაკარგული ტალღის სათუთს კოცნას, ასეთია საიდუმლო მსოფლიო ცნაურების. არ არის საკვირველი, თუ სახელი თამარის ამ საიდუმლოთია მოცული: ქართველი მისი სახელით ეზიარების საქართველოს სხეულს მის ისტორიულს დენაში.

თავისთავად ცხადია: საგულისხმოა ჩემთვის თამარ არა როგორც წმინდა - ისტორიული პიროვნება, არამედ როგორც ესთეტიური ფენომენი. ხოლო "ისტორია" აქ "მასალად" უნდა გამოვიდეს. აი რამოდენიმე ხაზიც. რუმის სულთანი რუქნადინი კარის აღების შემდეგ თამარს ასეთს ბარათს უგზავნის: "აწ მე წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი (და) აღვხოცო ყოველი მამაკაცი მაგა ქვეყნისა და ცოცხალი იგი ოდენ დარჩეს, რომელი წინა მომეგებოს, თაყუანი სცეს ჩადრსა ჩემსა... ჯუარი წინაშე ჩემსა დალეწოს და მაჰმადი აღიაროს"... ამ უკმეხი წერილის პასუხად თამარ წერს რუქნადინს: "ძალს ღმერთისა ყოვლისა მპყრობელისა მინდობილმან, მარადის ქალწულისა მარიამისა სასოებით მოსავმან და პატიოსნისა ჯვარისა მვედრებელმან წავიკითხე ღმერთისა განმრისხებელი წიგნი შენი რუქნადინო და ვცან სიცთუენნი შენნი, რამე თუ ბჭე ღმერთი იყო! შენ ოქროსა მევირეთა სიმრავლისად მინდობილხარ, ხოლო მე არცა სიმდიდრესა და არცა ძალთა სპათა ჩემთასა, არამედ ძალსა ღმრთისა ყოველისა მპყრობელისა და ჯუარის წმიდისა, რომელი შენ ჰგმე!... აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი წინად მოგებებად შენდა..."

საოცარია რუქნადინის უკმეხობას თამარი ასე მშვიდი სიბრძნით მიუგებს: იგი არ მიენდობა არც ფულს და არცა ხმალსა: მისი სანდო ღვთაებაა მხოლოდ მისი ლოცვის საგანი მარადი ქალწული მარიამ. ამ პასუხში ერთი ხაზმოჭრით ასახულია სრულებით თამარის ნათელი პროფილი. თამარ გრძნობს თავის ბუნებითს ძალასაც, მაგრამ მისი ლმობიერი და სათნო ბუნება არ აჰყვება აღტაცებულს თავმოყვარეობას. ამას თამარის ისტორიკოსიც ამოწმებს: "ვერ შეიტყუა საშუალებამან ამის საწუთროისმან, არცა მეფობამან გვირგვინისამან და სკიპტრამან, არცა ქვათა პატიოსანთა უხვად ქონებამან, არცა სპათა სიმრავლემან და ესოდენ სიმხნემან"... თამარ მდიდარი იყო ყოვლად, მაგრამ ისტორიკოსის სიტყვით "არ მიდრკა, ვერცა წარიპარა სიმდიდრემან"... გიორგი მესამის დროს განწესდა სიკვდილით დასჯა მეკობრეთა და ავაზაკთა, - თამარ კი, მისი ქალიშვილი, "მშვიდი მშვიდობისა მყოფელი იყო"; მეფობის ხანაში "არცა თუ ტანჯვანაგი უბრძანა ვისადმს დაკვრად". თუ ვინმეს მიესაჯებოდა კანონით სიკვდილი ან ასოთამოღება თამარ არ დაამტკიცებდა სასამართლოს განაჩენს და ამ გზით ნელინელ სპობდა სასტიკ სასჯელსა.

მრავალი მხარეა საგულისხმო თამარის პიროვნებაში, მაგრამ მათ შორის არის ერთი მხარე, რომელიც ნამდვილს ჯადოს აცხადებს თამარის ქცევაში. ისტორიკოსის სიტყვით, თამარმა იცოდა "კაცთა უნებლობასა შინა უნებლად და მშვიდობით დააჭირვა (და) მოწურთა კაცთა ქედფიცხელობისა და გონებაურჩობისა". საქართველოს ისტორიის პირველყოფილ ცოდოს სწორედ ეს "ქედფიცხელობა" და "გონება ურჩობა" შეადგენს, - სწორედ აქედან წარმომდგარი უნდობლობა და შუღლი ღუპავდა ისტორიულად საქართველოს, - და თუ თამარის პიროვნება "კაცთა უნდობლობას" "უვნებლად და მშვიდად იჭერდა", თუ კი იგი ჯადო - გავლენით სპობდა "ქედფიცხელობასა" და "გონებაურჩობას", საკვირველი აღრაა მაშინ თუ რათ იქცა საქართველო თამარის დროს მთლიან სხეულად, საცა მისი შემადგენელი წევრები ერთი მეორეს კი არ ეცილებიან პირადი სიცოცხლისათვის, არამედ ერთი-მეორეს შერთულნი, ჰქმნიან ერთი მთელის ცხოვრებას. მართალს იტყვის ისტორიკოსი ივ. ჯავახიშვილი: "თამარის მეფობის პირველ ხანაში რამდენიმე მეტად სახიფათო მოძრაობა და განდგომა იყო და ყოველთვის თამარმა თავის თავის წინდახედულობით და ფრთხილის მოქმედებით განსაცდელს კეთილად სძლია და საქართველოში მშვიდობიანობა დაამყარა". და მოწმობს ხომ ამ მოვლენას სავსებით ლაშა-გიორგის დროის მემატიანე: თამარმა "სამეფო განუხეთქლად დაიცვა, ყოველივე შეიტკბნა და იყო მშვიდობა ყოველთათვის".

ძლიერია ფრიად თამარ თავისი გადმოუცემელი და "გადაუთარგმნელი" ძალით. არსებობს პირადი ძალა, რომელიც უშუალოდ მოქმედობს: მას არ სჭირდება არც მაგარი სიტყვა, არც ლაამზი სახე, არც მათრობელი მუსიკა: იგი თავის თავადია და მოქმედობს თავისთავად. თამარის პიროვნება სწორედ უშრეტი ნაკადულია ამ უშუალო ჯადოსნური ძალის. თამარზე შეიძლება ითქვას იმგვარი სიტყვა, რომელიც ქრისტეს შესახებ წარმოთქვა ოსკარ უაილდმა რედინგის ციხეში: "სასწაულნი მისნი ისეთივე მშვენიერია ჩემთვის, ვით გაზაფხულის მოახლოება, და ისეთივე ბუნებითი... და მე სრულიად არ მიძნელდება ვიწამო, რომ მისი პიროვნების მხიბლაობა ისე ძლიერი იყო, რომ მარტოდ-მარტო მის თანაყოფას შეეძლო მშვიდობა დაესადგურებინა ტანჯულს სულში, და რომ ადამიანნი, რომელნიც შეეხებოდნენ მის ტანსაცმელს ან მის ხელებს, ივიწყებდნენ თავიანთ მწუხარებას; ანდა: როცა იგი გაივლიდა ცხოვრების დიდი გზის გვერდით, ადამიანი, რომელთათვის დახშული იყო საიდუმლო სიცოცხლისა, უეცრად დაინახავდნენ მას, და სხვები, რომელთა სმენა ყრუ იყო ყოველი ხმის მიმართ, ახლა პირველად ისმენდნენ სიყვარულის ხმას და ცნობდნენ მას "ისეთივე ტკბილხმოვნად, როგორიცაა ლირა აპოლლოისა"; ანდა: წამხდარნი ვნებანნი ჰქრებოდნენ მის მოახლოების ჟამს, და ადამიანნი, რომელთა გახუნებულ აზრს მოკლებული სიცოცხლე მხოლოდ სიკვდილის ჩვენებას წარმოადგენდა, - თითქო დგებოდნენ საფლავიდან, როცა იგი მოუწოდებდა მათ; ანდა: როცა ქადაგობდა სერის დაქანებაზე, ბრბო ივიწყებდა თავისს შიმშილსა და წყურვილს, - და მის მეგობრებს, რომელნიც უსმენდნენ მას სუფრაზე დამსხდარნი, ტლანქი საჭმელი რჩეულად ეჩვენებოდათ, და წყალი - ლამაზ ღვინოდ, - და მთელი სახლი ივსებოდა მათთვის ნარდის სიტკბო-სურნელებითა"... ასე ლაპარაკობს ოსკარ უაილდი ქრისტეს შესახებ... ესევე შეგვიძლია მოვაფრქვიოთ თამარის სხივოსან სახეს, - რადგან ღვთიურობა, რომელსაც ასხეულებდა დიდი ნაზარეველი, რამოდენიმედ მაინც სჩქეფდა თამარის ქალწულ ბუნებაში. დიახ: თამარ ქალწული იყო ბუნებით და მთელი მისი არსი ნათელ ჭურჭელს წარმოადგენდა ღვთიურობის ნაკადისათვის, - და ავსილი იმა ნაკადით, თამარი თავისს სიცოცხლით ასხეულებდა მარადი ქალწულობის იდეას. იდეა მარადის ქალწულობისა - აი დიადი მოვლენა, რომელიც ჯერ კიდევ ჰელლინელთა მზეგრძელმა გენიამ გადმოგვიშალა წინ... ვაჟი ვერ წვდება ქალის ბუნებას სავსებით: მას უყვარს ქალში მხოლოდ ლამაზი მოჩვენება, მაიის ზეწარში გახვეული: და ამისათვის, რაც უნდა ავხორცი იყოს ქალი, იგი არსებითად უვნებელი რჩება მაინც; აი ძველ ბერძენთა ინტიუცია; ამას შესანიშნავად ამოწმებს არტემიდას კულტი და საიდუმლო წარწერა, აკვეთილი საისის ქალღმერთის, სამოსელში გახვეულის საფეხურზე: "მე ვარ რაცა ვარ, რაც იყო და რაც იქნება, და არც მომაკვდავს, და არცა ღმერთს არ აუხდია ჩემი სახურავი". საისის ქალღმერთი იგივე ეგვიპტის ნეიფია, რომელიც მზეჭაბუკისაგან ელის დატყვევებას, ასეთია იდუმალი სწავლა ძველთა... და თუ ამ სახისაა საერთოდ ქალის ბუნება, - მით უმეტეს უნდა ყოფილიყო ასეთი დიდი თამარის დიდი ბუნება. და მართლაც: გიორგი რუსი, როგორც ქმარი, მისთვის სრულიად არ არსებობდა; დავით სოსლანი, როგორც არათანასწორი ვაჟი, ასეთივე შემთხვევითი იყო მისთვის; და თავიდათავი: ერის რწმენა, რომლის ცნაურებით თამარის ქალობას ქალწულობა აცისკროვნებდა ყოველთვის... და თვითონ რუსთაველის ქნარი განა ამ ქალური ქალწულობით არ არის აჟღერებული?! პლატონური სიყვარული რა საკვირველია ეროტიულია უმძაფრესად, - ასეთს სიყვარულს ახმაურებდა რუსთაველი მზით ნაკვეთ სიტყვებში, - მაგრამ ნუ დაივიწყებთ ამ სიყვარულის ეროტიზმი მხოლოდ მზეჭაბუკის მზიურობისთვისაა ატეხილი და მკერდგადაშლილი. ეს უარის-ყოფა კი არ არის მარადის ქალწულობისა, არამედ ნაღვლიანი ვნებაა უკანასკნელის... დიახ: დიდი თამარ ქალწული იყო ბუნებით და მთელი თავისი სიცოცხლით ამ ქალწულობას ყვავილოვან ჩქერად ანაკადულებდა: ...ეს არის ძალა მისი პიროვნების, ეს არის მისი ჯადოსნობა, ეს არის მისი სულიერი ენერგია, ეს არის მისი მზეოსნობა... აქ მარხია საიდუმლო "თამარის ფენომენის" გამოცნობის: თუ რა სხივით იქცა იგი თვალის მომჭრელ ლეგენდად.

მარადი ქალწულობა ვნებაა მზის ვაჟ-შვილობის მოლოდინში. თვითონ სული ქვეყანასა მოელის სახსენებლად ღმერთს, როგორც ძლევამოსილ საქმროს. და ფრიად საგულისხმოა ის მოვლენა, რომ ქართველმა ერმა (ერთი ქართველის სიტყვით) "ქალის ცხელი თმებით შეკრული ჯვარით მიიღო ქრისტე". დიდი თამარ თავის ქალწულობით შეუცნობელ ელოდა ასეთს მზიურს სატრფოს (ამ სიტყვის საიდუმლო აზრით), - მაგრამ მის მოკლე სიცოცხლეში ეს ლოდინი შესაძლოებას არ გასცილებია. იგი მოსცილდა ხილულ ყოფას, - ხოლო მის ბუნებაში ჩამარხული შესაძლოება განაგრძობდა სიცოცხლეს: საუკუნეთა სვლაში იგი ისახავდა სხვადასხვა სახეს, ერთიმეორეზე ლამაზსა და მატყვევებელსა. აი სად არის სათავე თამარის ლეგენდარობის: ქართველთა ისტორიულ შეცნობაში თამარი ცოცხლობდა ყოველთვის, - და რადგან სიცოცხლე წარმოუდგენელია ზრდის გარეშე. ამისათვის იგიც იზრდებოდა თანდათან, იზრდებოდა, ვით თვალის მომჭრელი ნაყოფი შემოქმედი გენიისა. თამარი სხეულდებოდა ისეთს პლასტიურ ფიგურად, რომლის ზმანება მხოლოდ ჰელლენთა გენიას თუ შეეძლო. და თუ ჰელლენთა გენია იამაყებს მენადით, რომელიც ხან ჭურჭელია ღვთიურობის ნაკადულისა და მით ავსილი თავდავიწყებასაა მიცემული, ხან კი აშლილია ვნება ატეხილი და ილტვის გიჟი; დიონისოსაკენ, - ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ თამარის პლასტიური სახით; როცა მზემ პირველი იხილა ნილოსი, ცეცხლის რგოლებით ეამბორა მისს ათრთოლებულ ტანსაც; ნილოსის ტალღამ მზის კოცნა დაიჭირა და გაიშალა იგი კოცნა თეთრგულა ლოტოსად, თეთრგულა ლოტოსი - აი ვინ არის თამარ: თამარ ცოცხლობდა, როგორც ხორცშესხმული ლეგენდა, - და ცოცხლობს კიდეც. ყოველი ნატეხი საქართველოისა თამარის ლეგენდის ნატეხია უთუოდ. როცა ჩამავალი მზე საქართველოს რომელიმე ნანგრევს უკანასკნელ ამბორს უგზავნის, - ქართველი იმა ამბორში თამარის ღიმილს ჰკითხულობს: როცა შავს უღრან ტყეში უცხო ფრინველი გადაიფრენს. - ქართველი მისი ფრთების ფრთქიალში თამარის ზღაპარს დაინახავს. ქართველი თამარის სახით ჰქმნის უთვალავ ლეგენდას: ესა თუ ის ადგილი წმინდაა: - იქ ფრინველს თუ ცხოველს ვერავინ ხელს ვერ ახლებს; რისთვის? მისთვის, რომ იქ ერთხელ თამარ მეფეს გაუვლია. როცა დედას რძე გაუშრება იგი იდუმალ წყაროს მიმართავს მოსარჩენად, - და მოარჩენს კიდეც: ვისი ძალით? რასაკვირველია თამარის ძალით: იმ წყაროთი თამარს ოდესმე წყურვილი მოუკლავს. რომელი ერთი ჩამოვთვალო?! საქართველოში ყოველი ფეხის გადადგმა განა თამარის ლეგენდით არ არის აყვავებული?! ყველგან - თამარ, და მარტო თამარ! განა ოდესმე ქართველის გულის ფართქალში გაქრება თამარ, როგორც ნუგეში და იმედი?! არაოდეს! ვინ იცის, ჩვენს უმსგავსო ცხოვრებაში, საცა შურისა და შუღლის მეტი არა ისმის რა, მრავალი ქართველისათვის მხოლოდ თამარია ერთადერთი ნავთსაყუდარი. ვინ იცის, ჩვენს უგვანო ცხოვრებაში, საცა აღფრთოვანებას ფრთები ეჭრება "მეშჩანური" მორალისაგან, მრავალი ქართველისათვის მხოლოდ თამარია ერთადერთი ამაფრთოვანებელი მესაიდუმლე. და რამდენია ისეთი, რომლისთვის ამ საშინელ ქვეყანაში საკუთარი სულიც ციხედ გარდაქმნილა! ვინ მისცემს მათ ახსნას? თვალის მომჭრელი ლანდი თამარის! დიახ, ქართველის გული თამარის სიყვარულით ფართქალებს. და საგულისხმოა ფრიად, რომ თამარის საფლავი დღემდე არავინ იცის. იგი ყველას ეკუთვნის და არავის: - მისი საფლავი ქართველის გულია, - ხოლო ქართველის გრძნობაში ეს "საფლავი" კი არ არის, არამედ ლამაზი საყვავილე სურა, საცა ყვავილობს უჭკნობი ყვავილი - დიდი თამარ.

ასეთია დიდი თამარ, და ამ სიყვარულის ღალატი იქნებოდა, თუ შვიდასი წლისთავზე არ ითქვა უკანასკნელი სიმართლე... თამარ პლასტიური ლეგენდაა საქართველოს ისტორიისა, თვალის მომჭრელი და სმენამათრობელი, - მაგრამ იგი მაინც ქალურს მხარეს ასხეულებდა საქართველოს ისტორიაში. ჩვენს ისტორიას კი ვაჟიც ეჭირვება, - ტყუილად კი არ ნაღვლობდა ქალწული თამარი მზიური ვაჟის მიმართ! და ამ წამს, როცა მსოფლიოს ბედი ცეცხლით და მახვილით იჭრება, ნდობა იბადება რკინეული: - რომ საქართველოს მოვლინებოდეს ძლევამოსილი მზე-ვაჟი, რომელიც ისეთს ვაჟურს ლეგენდას შეჰქმნის ჩვენს ისტორიაში, როგორც ქალური შეჰქმნა დიდმა თამარმა. ასეთი ლეგენდა ყველაზე უფრო უკეთესი პასუხი იქნება თამარის ლეგენდისა.

გაზეთი "საქართველო", 1918, N90-91, 13-15 მაისი.

ბმული:
* http://allgeo.org/index.php/ka/727-2019-03-28-00-34-18


study


Last edited by Admin on Thu Mar 11, 2021 11:12 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

გრიგოლ რობაქიძე Empty
PostSubject: Re: გრიგოლ რობაქიძე   გრიგოლ რობაქიძე EmptyWed Mar 10, 2021 12:11 pm

გრიგოლ რობაქიძე

დავით აღმაშენებელი

ეს მეფური მართვა-კიდევ უნდა დავლოცოთ გენია ქართული სიტყვისა: “მართვა”, ანუ დგინება “მართლისა”-ეს მეფური მართვა, საკრალურად მიჩნეული, გვხვდება არა მარტო ქართულ მითოსში, არამედ ქართულ “ისტორიაშიც”.

“რამეთუ თქვენ ხელმწიფენი უფალგყვა ღმერთმა ქვეყანასა განგებასა”-ვკითხულობთ გიორგი მერჩულის უკვდავ ნაწარმოებში: “ცხოვრებაი წმინდა გრიგოლ ხანძთელისა”, “სამეფო ტახტი მერწმუნა პირველ ღვთისაგან და მერე მშობელთა ჩემთაგან”-ამბობს დიდი დედოფალი თამარ. კიდევ უფრო საოცარი: საქართველოში ჩვენ გვხვდება თვით “მეფე-ღვდელიც”. სახელი მისი აღმაშენებელი დავით, დიდი მხედარი და ნათელმოსილი პიროვნება. ომში მას “საღმთო წერილიც” მიჰქონდა ხოლმე თან. ერთხელ “სამოციქულოს კითხვამ ისე გაიტაცა იგი, რომ კინაღამ წააგო ბრძოლა მან. თავის სახელს იგი სჭრიდა ფულზე ხან როგორც “ხრმალი ქრისტესი” ხან კი როგორც “ყრმა ქრისტესი”: ხრმალი აქ მეფეა, ყმა კი “მღვდელი”. გავიხსენოთ Saint Bernard და მისი “Règle de l’Ordre du Temple”, მის მიერ როგორც “Milice de Dieu”, წოდებული. ჯვაროსანთა მიერ დავითი უდიდეს პიროვნებად იყო მიჩნეული. მოვიყვანოთ ის ცნობანი, რომელნიც შესანიშნავად “მონივთა” ზ. ავალიშვილმა თავის ცნობილ ნარკვევში. 1109 წელს პარიზში მიიღეს ჯვარი, რომელზედაც ქრისტე აცვეს გადმოცემით. გამომგზავნი იყო ანსელიუს, წმინდა საფლავის კანტორი იერუსალიმში. ჯვარი დაასვენეს დიდი მოწიწებით ერთ პატარა ბაზილიკაში, რომლის ალაგს შემდგომ აღიმართა ცნობილი ტაძარი “Notre Dame”. 1793 წელს, რევოლუციის დროს, ეს ტაძარიც დაარბიეს და ააოხრეს: ჯვარი დაიკარგა უკვალოდ. კანტორი სწერს თავის ეპისტოლეში: მე ეს ჯვარი საქართველოს მეფის დავითის ქვრივისაგან მივიღეო. ნუ გამოვუდგებით აქ ისტორიულ შეცდომას: დავითი იმ დროს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ჩვენთვის საგულისხმოა ეპისტოლეში ერთი თქმა: დავითმა “გოგსა და მაგოგს” კასპიის ბჭენი გადაურაზა და გზები მოუჭრაო.

ვინ არიან ეს გოგი და მაგოგი? ჰინდოარიულ ტრადიციაში ხშირად იხსენიება “საკრავატრი”: მეფე ქვეყნისა, რომლის სამყოფელ ადგილად იგულვებენ ჩრდილო პოლიუსის არეს, საიდანაც იგი ებრძვის ბნელსა და ქაოტურს. “მზე-მეფენი”-გადმოცემათა მიხედვით-ამ “საკრავატრის”-ის მსახიერებელნი არიან, რომელნიც ავსა და უკუღმართთან ბრძოლაში წარღვნას გადაურჩებიან ხოლმე და მაღალ მთებს აფარებენ თავს-გავიხსენოთ ნოე და მისი კიდობანი. ისინი მეფეებად ითვლებიან თორმეტისა: როგორც ზიგფრიდი, კარლოს დიდი და მეფე არტუს. ხალხთა თქმულებაში ამნაირადვე ისახება ალექსანდრე დიდი, აგრეთვე ცეზარიც. ახლოვდება თუ არა ბნელი ხანა, ანუ “ღმერთთა დაბნელება”, ეს მზე მეფენი ევლინებიან კვლავ ქვეყანას სხვადასხვა განპიროვნებით, აღვივებენ თავიანთ ქმედებით ძალას ღვთიურისა მოწოლილი ბნელისა და ქაოტიურის წინააღმდეგ. გოგი და მაგოგი, ტრადიციათა ცნობით, ხალხია: ბოროტისა და უკუღმართების მატარებელნი. საკვირველი არაა, თუ ეს რწმენა გაცხოველდა ჯვაროსანთა რიგებში, რომელნიც იბრძოდნენ წმინდა საფლავის განთავისუფლებისათვის. და აი ერთი ჯვაროსანი აღნიშნავს სიხარულით-დავითმა, საქართველოს მეფემ, გოგსა და მაგოგს კასპიის საზღვარზე ბჭენი გადაურაზაო. და ვის შეეძლო ეს, თუ არა “მზე მეფეს”, ანუ “მღვდელ მეფეს”?

ხედავ კარდუ, სად ასულა სახელი აღმაშენებლისა?

გავყვეთ ქვევით. სირიაში და პალესტინაში საქრისტიანო სამთავროების დაარსებით საგრძნობლად შელახეს მუსლიმის სამფლობელო. ხოლო უკანასკნელი არ თვლის თავის თავს დამარცხებულად: იგი იკრებს ძალას და უცდის ხელსაყრელ ჟამს, რომ შეუტიოს ჯვაროსნებს და უკუაგდოს იგინი. 1119 წელს ნადიმ ედდინ ელღაზმა, ალეპოს სულტანმა, დაამარცხა ანტიოქიის მმართველი როჟერ, ანტიოქიელად წოდებული. მუსლიმთა სამფლობელოს იმედი მიეცა. ხოლო ამ იმედს ჩრდილიც მოადგა: სწორედ იმ დროს მძლავრდება ჩრდილოეთში ერთი საქრისტიანო მხარე: საქართველო. მუსლიმთა წინაშე გეგმა წამოიჭრა: ჯერ საქართველოს მოსპობა და შემდეგ ჯვაროსანთა გარეკვა, გეგმა სწორი და კარგად ნაანგარიშევი. 1121 წლის აგვისტოში, საქართველოს მოადგა ნადინ ედდინ ელღაზის მეთაურობით დიდი ლაშქარი: 600.000 მხედარი-არაბები, სელჯუკები, თურქმენები. აგვისტოს 14-ს დიდგორის ველზე დავით აღნმაშენებელმა დიდი საომარი ოსტატობით დაამარცხა ეს ურდოები. ნადინ ედდინ ელღაზ თავში დაიჭრა და განადგურებული ჯარი უკუიქცა. დავითმა გაანთავისუფლა ტფილისი საემიროსაგან და ძველი ქალაქი სომხეთისა ანი საქართველოს შემოუერთა.

ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რა დიდ შთაბეჭდილებას გამოიწვევდა ჯვაროსანთა რიგებში დიდგორის გამარჯვება. დავითმა ამ გამარჯვებით არა თუ იხსნა მხოლოდ საქართველო განსაცდელისაგან, არამედ ამით მან ფასდაუდებელი დახმარებაც გაუწია ჯვაროსნებსაც.

და აი იზრდება მისი სახელი ლეგენდათ კიდითი კიდემდე. ერთი ინგლისური ქრონიკა-როგორც ეს აქვს მოყვანილი ტიტე მარგველაშვილს ერთს ისტორიულ ნარკვევში, აგრეთვე ა. სანდერსს წიგნში “კაუკაზიან”-მოგვითხრობს: დავითმა, საქართველოს მეფემ, დაირქვა სახელი “Presbyter Johannes”, გადავიდა აღმოსავლეთში და იქიდან მოდის ეხლა საქრისტიანოს მოსაშველებლადო.

შევჩერდეთ ამ ცნობაზედ. საშუალო საუკუნოებში წამოიჭრა მძაფრად ევროპაში იდეა “მეფე-მღვდლისა.”Das Heilige Römische Reich” გერმანელ მეფეთა მიერ ქმნილი, მსოფლმნიშვნელოვანი ცდა იყო ამ იდეის განხორციელებისა. ცდა ცდად დარჩა, რადგან “მღვდელისა” და “მეფეს” შეერთება ერთ პიროვნებაში არ მოხდა.კიდევ მეტი: იგი მღვდელისა და მეფის ერთიმეორესთან შეხლად იქცა. ამ შეხლაში მღვდელი დარჩა თავისთვის და მეფე თავისთვის. მარცხი ამ ცდისა საბედისწეროდ იქცა მთელი დასავლეთისათვის, ნატვრა მღვდელისა და მეფის ერთ-სახედ ქცევისა ისე ღრმად იყო საშუალო საუკუნეთა ევროპაში ფესვგამდგარი, რომ მნატვრელთ მონატრებული სინამდვილედ წარმოესახად: შორს აღმოსავლეთში არსებობს მფლობელი, რომელიც ერთსა და იმავე დროს “მღვდელიც” არის და “მეფეც”, სახელით: “პრესბიტერ იოჰანეს”, ფიქრობდნენ დასავლეთში. პრესბიტერ: მღვდელთმთავარი. და აი ინგლისურ მატიანეს ეს მღვდელთმთავარი დავით აღმაშენებელი ჰგონია.

არც ერთ ისტორიულ მფლობელს, თუ გინდ “მზემეფედ” სახულს, არ რგუნებია სახელის ასეთი ამაღლება: მითიური რეალობის ისტორიულ პიროვნებად ქცევა. ეს ქცევა არ არის შემთხვევითი ამბავი. წიაღში იმ ხალხისა, რომლის მდგენის პირველ-ხილვით მფლობელი “მწიფე ხელიანია”, ესე იგი ხელკურთხეული და ხელმადლიანი, ერთხელც არის, “ხელ-მწიფე უნდა მოვლენილიყო. დავით აღმაშენებელი არის ხელმწიფე შენი გაგებით კარდუ, და როგორც ასეთი; მღვდელი და მეფე ერთსა და იმავე დროს.

მისი ხელის “სიმწიფეს”, მის სიმარჯვეს, საქართველოს ისტორიაში შემდგომ განმტკიცებულს, განუწყვეტლივ გრძნობდნენ ჯვაროსანნი შემდეგშიაც. ერთი რაინდი ჯვაროსანი სწერს ბეზანსონის მთავარ-ეპისკოპოზს: საქართველოს ჯარმა, თამარ დედოფლის ახალგაზრდა ვაჟის მეთაურობით, გადმოლახა მძლეობით მცირე აზია, აიღო ცხრა დიდი ქალაქი და სამასი ციხე შეანგრია; გამარჯვებულ სარდალს თან მოაქვს ნეშტი განსვენებული დედისა, რომლის სურვილი იყო იერუსალიმის განთავისუფლება; აღფრთოვანებით მოველით აქ ჩვენ მასო-აბოლოვებს რაინდი. ეს ლეგენდაა მხოლოდ, ჯვაროსანთა ნატვრით შექმნილი, მაგრამ ხშირად ლეგენდა უფრო ნამდვილია ვიდრე ისტორიული ამბავი.

“აი დავით, დიდი მეფე ჩვენი, შენ მიერ კურთხეული კარდუ!”

“იგი მარჯვენაა ჩემი!”

“მარჯი შენს მარჯვენას, კარდუ!”

მინაწერი.

1. წინადადებას ვიძლევი: გადაუშალოს აქ მოყვანილი “მადანი” რომელიმე მკითხველმა რომელიმე მკვლევარს დიდ კულტურათა. დაინახავს: მკვლევარი განცვიფრებული დარჩება.

2. როცა ჩვენ ვაცნობთ ხოლმე საქართველოს უცხოელებს, ზემოთქმულიდან უნდა გამოვდიოდეთ-თორემ “ისე” ჩვენს სიტყვას ზრდილობით მოისმენენ. ეს როგორც “რჩევა.”
3. განმარტება. როცა ქართულ შაირს ვეხებოდი, მაგალითები მოვიყვანე „აბრუნდისა“: ერთი აკაკის და მეორე ილიას შაირიდან. ვახსენებდი: თუ არ ვცდები, ასეთი „აბრუნდი“ ვაჟასაც უნდა ჰქონდეს მეთქი ერთ შაირში. გერმანიიდან გადარჩენილ წიგნებიდან მივიღე ვაჟას წიგნიც შაირთა. აი ის „აბრუნდი“ (შაირში „ღამე მთაში“) ნათქვამია:
„მთვარე კი ჯერ არსად სჩანს,
არ დაგვნათოის თავზედა.“
პირველი სტრიქონი გამართულია „მაღალი“ ზომით, მეორე კი „დაბალი“ ზომით. ყოვლად შეუძლებელია, პირველი წარმოვთქვათ ისე როგორც მეორე და მეორე ისე როგორც პირველი. ასეთი აბრუნდი დეტალია, ხოლო უნდა გვახსოვდეს, რომ ხშირად დეტალზე უფრო აშკარად მოინახვის „მთავარი“. ვიმეორებ: ვისაც სურს გაიგოს ქართული შაირის საიდუმლოება ზომის მხრივ, ამ დეტალს უნდა სწვდეს პირველ ყოვლისა.

(ბედი ქართლისა“ # 4)

study


Last edited by Admin on Wed Mar 10, 2021 12:18 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

გრიგოლ რობაქიძე Empty
PostSubject: Re: გრიგოლ რობაქიძე   გრიგოლ რობაქიძე EmptyWed Mar 10, 2021 12:13 pm

გრიგოლ რობაქიძე Grigol11

გრიგოლ რობაქიძე

ჩემი ცხოვრება

ჩუმი, ჩაკეტილი, მარტოსული, თითქმის მელანქოლიური – ასეთი ვიყავი ბავშვობაში. შეუცნობელ არსში ჩაძირულს მეჩვენებოდა თითქოს რაღაცას ვიხსენებდი. ვინმე რომ შემოჭრილიყო მაშინ ჩემს ბავშვურ ცნობიერებაში, ნამდვილად ერთ შეკვრა ამნეზიას იპოვიდა. სავსე ვიყავი ნისლით მოცული ხილვებით. გვიან მოწიფულ ასაკში ისინი როგორც ხელშესახები სურათები გამომეცხადნენ.

ხუთი წლისას, მუხის ძირას, ჩახუთულ შუადღეს, ბიძაჩემის გვერდით მეძინა. გაღვიძებულმა უცხო ლაციცი ვიგრძენი, რაღაც დაცოცავდა მკერდზე. პერანგი გავიხსენი და ორი პატარა ხვლიკი დავინახე. ძალიან ლამაზები იყვნენ. დედასთან გავიქეცი ხვლიკებით ხელში. გადაირია კინაღამ დედაჩემი. მას შემდეგ ჩემს ცნობიერებაში ხვლიკი, მუხა და მზე მითიურად მესახება. ბუნებასა და ცხოველებთან შინაგანი მეგობრობა მაკავშირებდა. გული მინდორ-ველზე მიწევდა ცხენებისა და ხარებისაკენ. ზაფხულობით მთელ დღეებს მდინარესა და მის ნაპირზე ვატარებდი, ბავშვებთან და ცხოველებთან ერთად.

ნათესავებიდან ყველაზე მეტად ბებია, მამის დედა, მიზიდავდა. არც კითხვა შეეძლო და არც წერა, მაგრამ სიბრძნის პატრონი იყო, დედამიწის სიბრძნის. მისი დაკვირვებანი ახლა საოცრად ღრმა მეჩვენება. 85 წელს მიაღწია. გაბრაზებული არასდროს უნახავს ვისმეს. არავის ახსოვდა მისი თანდასწრებით ვინმეს ეჩხუბოს. სიკეთესა და სიმშვიდეს ასხივებდა.

ექვსი წლის ქუთაისის სკოლაში მიმიყვანეს. იქ ტიფით მძიმედ დავსნეულდი. მამაჩემს ეშინოდა, ავადმყოფობას ვერ გადაიტანს, მოხელეები გვამის წაღების უფლებას არ დამრთავენო და მამამ და ბიძამ საავადმყოფოდან მომიტაცეს. მე ცხენის უნაგირზე გადამაწვინეს – ბიძაჩემს ვეჭირე მაგრად, ასე გავიქეცით. გონებამიხდილი ვიყავი, მაგრამ საოცრება – შვიდი კილომეტრიც არ გვქონდა გავლილი და გონს მოვეგე. მშობლიურ სახლს მივუახლოვდით – უკვე მიხაროდა. მშობლიური მიწის სუნთქვამ გამაცოცხლა. მას შემდეგ მიწის გოროხი ჩემთვის სიჯანსაღის ნიშანია.

განსაკუთრებული მონდომების გარეშე ვსწავლობდი. სიზმრებისა და წინათგრძნობების სამყაროში ჩაძირული დავრჩი სკოლაშიც. ამის ბრალი თუ იყო ყველასთვის თვალშისაცემი მუდმივი ყურადღებადაფანტულობა, სწავლაში მხოლოდ ჩემი არაჩვეულებრივი მახსოვრობა მშველოდა. ვისმესთვის მოსმენაც კი არ შემეძლო.

სტუდენტური წლები ლაიფციგში გავატარე. ვსწავლობდი ფილოსოფიას და ლიტერატურას. გოეთე ჩემთვის გამოცხადება იყო. გერმანიამდეც ვიცნობდი, მის “ერლიკიონიგ”-ს, რომელზეც საქართველოში მუდამ ვოცნებობდი. მესახებოდა უმშვენიერეს ბელადად – ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან. ბავშვობაში მამასთან ერთად, ხშირად დავაჭენებდი ცხენს. ჭენების დროს მამის ქამარს ჩაჭიდებული იმ ჟრჟოლას ვგრძნობდი, რომელიც გოეთემ ასე ოსტატურად გადმოსცა ლექსით. გოეთეს მოძღვრება თაურფენომენის შესახებ ჩემთვის საგანთა შემეცნების საფუძვლად იქცა. სინამდვილის ხედვა ჩამოყალიბების პროცესსა და მთელს დინებაში, არა ცალკეულ მომენტებში – განა მწერლისა და მოაზროვნის უმაღლესი ამოცანა არაა?.. მორცხვად შევბედე ნიცშეს. ზეკაცის იდეა, რამდენად ეს “ზარატუსტრაშია” გაშლილი, განსაკუთრებით დამაჯერებლობით არ მეჩვენება. მაგრამ დიონისურმა ფენომენმა (“ტრაგედიის დაბადება”) დამატყვევა – და – კიდევ უფრო მეტად – მარადიული დაბრუნების იდეამ… ეს იდეა ისეა ახსნილი, როგორც პითაგორის კომენტატორები აკეთებდნენ, რაც ჩემთვის ყოვლად მიუღებელი იყო, რადგან, თუ კი მე ჩემ თავს მარადიულად ვუბრუნდები, როგორ შეიძლება ზეკაცი გავხდე? ამას ვეკითხებოდი ჩემს თავს ისევ და ისევ, მაგრამ პასუხს ვერ ვპოულობდი. მერე ვუღრმავდებოდი დოსტოევსკის, რომელთანაც ეს იდეა ნაკლებ როლს არ თამაშობს, მაგრამ არც მასთან იყო ნათელი. ისევ და ისევ ვუბრუნდებოდი გოეთეს, მის სიტყვებში მეგულებოდა ამ იდეის ახსნა. ბოლოს და ბოლოს, აღმოსავლეთი მოვიდა შველად.
ლაიფციგში წლების განმავლობაში, დავდიოდი გევანდჰაუზში და გერმანული მუსიკის ზეადამიანურ გამოცხადებას ვეზიარე.

ლაიფციგიდან გავემგზავრე პარიზს, რომელიც ლათინური რასის არტისტულ ნერვად აღვიქვი. საფრანგეთში გოთურმა კათედრალებმა გამაოცეს, რომელთა შთაბეჭდილება ისეთივე მონუმენტური იყო ჩემზე, როგორც გერმანული მუსიკის. მალე ორი მწერლის გავლენის ქვეშ მოვექეცი – ბოდლერისა და რემბოსი. პროზაში ყველაზე მეტად ფლობერი და სტენდალი მატყვევებდნენ. ფრანგულ გენიაში რაღაც უცხოს ვგრძნობდი. ამას მხატვრულ მზერაში ზურგის ტვინის ჯადოსნურ მონაწილეობას დავარქმევდი.

საქართველოში დავბრუნდი. ჩემი მწერლური მანერა ფრანგულ სიმბოლიზმს უახლოვდებოდა, ნაწილობრივ რუსულსაც. მაგრამ ვგრძნობდი, რომ
აქ რაღაც არ იყო სწორი, კერძოდ სიმბოლისტურ მეთოდში ერთი შეცდომა იყო ჩამარხული – ზედმეტად გადაჭარბებული, საგნის, როგორც სიმბოლოს წარმოდგენა, მთავრდება “საგნის” განადგურებით და შედეგად “სიმბოლოს” სქემატიზირება მისდევს. მასაშადამე მე გზაგასაყარზე ვიდექი.

1916 წელს, როგორც სამხედრო მოხელე, სპარსეთში მოვხვდი. ეს ჩემი ცხოვრების შემობრუნების წერტილი იყო. მესოპოტამიის ზღურბლამდე მივაღწიე და მქონდა შეგრძნება, რომ საუკუნეთა სვლაში დაკარგული სამშობლო ვიპოვე. ისტორიკოსები ვარაუდობენ ქართველთა უძველესი, პირველსამშობლო ქალდეა იყოო. მიწის შეგრძნება ჩემში ყოველთვის განსაკუთრებით იყო გამოხატული – ის ირანის ზეგანზე რაღაც კოსმიურად იქცა. მზე აღარ იყო ჩემთვის უბრალო ასტრონომიული მოვლენა. ზოროასტრის ქვეყანაში ნიცშეს “ზარატუსტრა” მქონდა თან. ფირდოუსის, ჰაფიზისა, ომარ ხაიაიმის ქვეყანაში – გოეთეს “დივანი”. სრულიად შემთხვევით თან მქონდა მესამე წიგნიც: ნაწყვეტები ბაბილონური ეპოსის – ”გილგამეშისა”. ამან გადაწყვიტა ჩემი მწერლური ბედი. ირან-მესოპოტამიურ მიწაზე წამოიმართნენ პირველსამყაროს გოლიათური ფიგურები და სურათები. მთელი ჩემი არსებით ვიგრძენი, რომ ჩემი პოეტური ფესვები აქ იყო. ამ დროს თავს დამეცა ირანული კოსმიური სურათი: საშინელი გვალვა, მზის რისხვა, ლიანგის გმინვა. მზეს სწყუროდა მსხვერპლი – ქალთა შორის უმშვენიერესი. დანარჩენი ყველაფერი თავისით განვითარდა. მასებზე ზეგავლენა იყო საჭირო, ამიტომ ავარჩიე ფორმად – დრამა. თანამედროვე ბურჟუაზიული დრამა არ მაძლევდა პოეტური გამოსახვის საშუალებას. ძველ ტრაგედიას მივუბრუნდი და შევეცადე მათი სტრუქტურის პრინციპებს დავყრდნობოდი, არქაულის თავის არიდებით, უბრალო პროზად რომ დამეწერა, ჩვეულებრივი იქნებოდა, ლექსად, ზედმეტად ხელოვნური, ამიტომ თავისუფალი რითმა ავირჩიე, ისეთი როგორსაც აღმოსავლეთის მაგიურ ტექსტებში წააწყდება კაცი. ასე შეიქმნა ჩემი “ლონდა”. ასეთივე მეთოდით ავაგე მისტერია “კარდუ” და დრამა “ლამარა”. ეს ქართველთათვის ეროვნული მწერლობის ნაწილად იქცა, მაგრამ ირანისა და გილგამეშის გავლენა კიდევ უფრო შორს წავიდა. ჰამადანში, მიდიელთა ეკბატანაში, მთვარიან ღამეს ერთ ქვის ლომზე მეძინა, უეცრად აზრი დამეუფლა, ყველაფერი რაც ხდება, გვეჩვენება, თითქოს ერთხელ უკვე მოხდა. ისევ მარადიული დაბრუნების იდეა, რომელიც სულ ყოველთვის მაწამებდა, ახლა სხვანაირად იყო ნააზრევი: არა ერთეულის მარადიული დაბრუნება თავისკენ, არამედ ერთეულში მარადიულის დაბრუნება თავის თავისკენ. შემდგომში ამ შეცნობამ ხორცშესხმა ხორცშესხმა ჰპოვა ჩემ რომან “გველის პერანგში”. ამ რომანში ვცდილობდი აღმოსავლეთის მსოფლშეგრძნება და სამყაროს ჭვრეტა პლასტიურად განმეხორციელებინა. მერე დავწერე რომანი “მეგი”. აქ შევეცადე დრამატული ფორმა მიმეცა სიცოცხლის პირველძალებისათვის.
ახლახან გამოიცა “ინზელ-ბიუხერაიში” ჩემი “კავკასიური ნოველები”, რომელშიც კავკასიას , როგორც მთლიანს, თავისთავადს ვხატავ.
გასულ წელს თვაზარი დამცა უღრმესმა, შინაგანმა შეცნობამ: ადამიანის გული ხორცადქცეული ნაწილია მითიურად გაგლეჯილი ღმერთის. ეს დასკვნა ახლა ჩემთვის ცხოვრებად გადაიქცა.

study


Last edited by Admin on Wed Mar 10, 2021 12:15 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

გრიგოლ რობაქიძე Empty
PostSubject: Re: გრიგოლ რობაქიძე   გრიგოლ რობაქიძე EmptyWed Mar 10, 2021 12:14 pm

გრიგოლ რობაქიძე

ნიკო ფიროსმანი


მაგიური ხაზები:

დიდი თამარ, წაზრდა სინამდვილის.

ლეგენდა ყვავილებით. კულტი მაღალი ქალწულობის თუ ქალურობის. ღვთიურობის ვაზა. იისფერი თვალები.

წმინდა ნინო. ასული უცხო. ჯვარი ვაზის. ჯვარი თმებით ქალისა (ნინოსი თუ მარიამის). უნივერსალური სიმბოლო. ჯვარი: ტანჯვა. ვაზი: ყვავილობა. თმები: სიტკბოს სირბილე. თემა ახალი ჰიუსმანსის, მარადი ნუგეში.

გიორგი მერჩულე. აღწერა წმინდა მამის გრიგოლ ხანძთელისა. ქრისტე და პანთეისტური დარბილება: ახალი მიწა. გენია ქართული სიტყვის. რასსიული სიწმინდე ფორმების. პრობლემა ქართული რენესანსის.

შოთა რუსთაველი. ლექსის თაური. უცნაური: ყოველთვის პრობლემა. წვალება. ბოლოს და ბოლოს? ფარდის უკან გახედვა.

თეთრი გიორგი. ღმერთი და ქალური ხაზი. ქართული დიონის. სათნო პროფილი. ქაშვეთი. ლოცვა და სინაზე. თეთრი ქვები.

გიორგი სააკაძე. გმირი შემმართებელი. ვერდატეული საქართველოში. გადავარდნა და მოვარდნა. ხმალი გადატეხილი. არმიღება ემპირიულ საქართველოსი. სიყვარული შორეულის. ბერი იოვან.

ვაჟა ფშაველა. ბარბაროსი რომელშიაც გენიამ გაიღვიძა. მუდამ უსინათლო ჰომეროს: თვალღია ზმანება. ქართული მითოს. გველის მჭამელი.

ნიკო ფიროსმან. ველური და ბავშვი. მიწა დედა. დაუმშრალი ძუძუები. ქართული ხედვა.

რვა ხაზი გენიალური. აქ იხსნება ქართული კულტურა. ასეთია ჩემი მიხვედრა (იხ. ჩემი დამზადებული წიგნი ”საქართველო”).

ამხანად მხოლოდ ფიროსმანზე.

***

ჯერ მოკლე ექსკურსი.

ევროპის კულტურას ახასიათებენ: ჰამლეტის მოწყვეტილობა და ფაუსტის ლტოლვა. ევროპაში თითქო გაქრა მიწის საშო. შვილი მოწყვეტილია მშობელს და თვითონ უშვილოა. მიწის სიკვდილს თანსდევს მარტოობა უკანასკნელი და ევროპის გუნება უმთავრესად მელანქოლია არის. არ არის საკვრველი, თუ იქ დაიბადა სასტიკი წყურვილი პირველყოფილისა ანუ პირველმიწისა.

რუსსო მოუწოდებს ”ბუნებასთან დაბრუნებას”. – თუმცა ეს მოწოდება სანტიმენტალურია. ტოლსტოი მოუხმობს ”გაუბრალოებისაკენ”, – თუმცა ეს მოხმობა რაციონალისტურია. ხოლო უფრო მნიშვნელოვანია ორი ფაქტი: პოეტი პოლ კლოდელ მიდის ჩინეთში და აღმოსავლური სიცოცხლის რიტმით ანოყიერებს თავის პოეტურ ხედვას. მხატვარი პოლ გოგენ მიდის ტაიტში და ველურებში ეზიარება მიწის სიქალწულეს. ორივეს შემოქმედება იღებს ახალ დენას.

ეს დენა მიდის გზით: პრიმიტივიზმი სირთულეს გაივლის შემდეგ. აქ არის რაღაც ისეთი, რაც ჯერ მიუღწეველია და რაც კიდევ გამოსაცნობი.

ყოველ შემთხვევაში ევროპამ შეიცნო, რომ ”ველურობა” არ არის უბრალო რამ. ”ველური” პირველ ყოვლისა ბავშვია და ბავშვთან ყოველთვის არის ღმერთი. ყოველ მის ნაკვეთს აზის ბეჭედი ”პირვანდელის”, უეჭვოსი, პირდაპირის, სწორის. აქ არის პირველ-თქმა, აქ არის გულახსნილობა, აქ არის ღმერთის სიახლოვე. ამისათვისაა, რომ ველურის ქმნილი ასეთი მძაფრი ეკსპრესიით მოქმედობს: როგორც დიდი ლოდი, როგორც წყარო მაჯის სიმსხო, როგორც ირემის ნაყარი რტოები. უკვდავი ჰომეროს: მარადი ბავშვი და მარადი ღმერთი. ველურის მიერ გამოჭრილი თევზის ძვალზე შველი თუ მამონტი – ეს არის პირველი სიუხვე შემოქმედების ჟინის. ცხადია: ამ სიქალწულეს დაეწაფებოდა ევროპის ხელოვნება.

ხოლო აღსანიშნავია: ეს არ არის სირთულის ”მოყირჭება”, როგორც ბევრსა ჰგონია, – თანაბარ თქმისა:

”თეთრი პური მომწყინდა და შავზე უნდა გადავიდე”. აქ უფრო სხვა ფენომენია: ნდომა უკანასკნელი გულახდის და მსოფლიოში შვილურად გადნობის: ბოლოს და ბოლოს ნდომა ზეკაცად ქცევის.

პრიმიტივიზმის გაძლიერებას არქეოლოგიურმა აღმოჩენებმაც შეუწყვეს ხელი. კრიტის კულტურა. ევანსის მიერ აღმოჩენილი, შთაგონებად გადაიქცა ევროპის ხელოვნებისათვის. მართლაც გადასარევია, რომ იხილო სამაჯური, რომელიც, ვინ იცის, შესაძლოა მშვენიერ ჰელენეს ხელს ამშვენებდა. კრიტის კულტურის რომელიმე ნაშთი არ არის ისეთი სისრულის როგორც პრაქსიტელის ჰერმეს, მაგრამ მასში ბავშვის ხელი ღმერთით არის მოქნეული: უდარდელი და სწორი. აქ არის მომაჯადოებელი დენა ქმედითი ენერგიის, რომელშიაც მოსჩანს ძველი ეგვიპტეცა და გადასული ქალდეაც. თვითონ კრეტი გადარჩენილ კუნძულათ იგულვება კატასტროფულად დაღუპულ ატლანტიდისა.

***

ნიკო ფიროსმან პრიმიტივისტია. არა იმ აზრით, როგორც მაგალითად გოგენ, მას არ უგემნია კულტურა. მას არ გაუვლია რომელიმე შკოლა. საეჭვოა, რომ მას რაიმე ტეხნიკა გაევლოს ხაზვისა თუ ხატვის. მით უფრო საცნაურია მისი ფენომენი. ეგვიპტის უსახელო ფრესკა, აფრიკის რომელიმე კერპი, ეტრუსკის ვაზა: ამ რიგში უნდა დავინახოთ ფიროსმანის ხატული. მაშინ მისი ხილვა ნამდვილს შთაბეჭდილებას გადმოსცემს.

მთავარი მოტივი ფიროსმანის არის ქართული ”მიწა”. მე არ შემიძლი მეორე სახელი დავასახელო, გარდა ვაჟა-ფშაველასი, რომელსაც ასე ეგრძნოს ამ მიწის ”დედობა”, დღეობა, ღრეობა, ყურძნის კრეფა, ქათმები, ბავშვები, ცხოველები, კალო -აქ არის ნამდვილი ფიროსმან. აქ არის მოცემული ქართული ტემპერამენტი: ხალასი, მზით დაფერილი. აქ თქვენ ვერ ნახავთ მელანქოლიას. აქ მხოლოდ სიცოცხლეა: ხალისით, გულახდით, ნადიმით.

ნიკო ფიროსმანის პრიმიტივი არის უკანასკნელი ”უშუალობა”. ეს არის ფრაზა. ეს არის ოტოლოგიური ფაქტი. ზეკაცობა თუ ღვთიურობა მხოლოდ ასეთს ”უშუალობაში” თუ მოიცემის. მისთვის არსი ასე მძაფრი ეკსპრესსი ფიროსმანის ხატულის ხილვის. ბავშვი ბატებთან, კრუხი წიწილებით, კალო, – რომელი სხვა ვთქვა, – ყველა ეს შთაგონების სხეულყოფაა თვითონ: აქ თითქო შუაგზა მოსპობილია შთაგონებისა და მის განსხეულების შუა.

ფიროსმან აქ ველურია და თან ნამდვილი ბავშვი. საკვირველი არაა, თუ ღმერთიც მასთან არის. ჭეშმარიტად დიდი ხელოვანი.

შესაძლოა ბევრი სთქვა ფიროსმანის ხატულზე როგორც ”ხატულზე”. ფაქტურა, პოზიცია, მური, ტონი და სხვა მისი ხატულის, არც ერთი ეს არ არის ”კულტურა” – გავლილი. მაგრამ აბსოლუტური უშუალობის გამო ”კულტურის” გარეშე გაუმართავი ხაზები თითქო იკარგებიან. რჩება მხოლოდ ”ბუნება” უკანასკნელი დაწურვით. ამისათვისაა, რომ ფიროსმანის ხატული მოქმედობს როგორც პირდაპირ ნატეხი ”ბუნების”: წყაროს თვალი თუ ირმის ჩლიქი. ერთი რამ აღსანიშნავია. ფიროსმან ხატავდა უმრავლესად კალენკორზე. ამისათვის მის ხატულს (მხატვარ დ. შევარდნაძის სიტყვით) განსაკუთრებული ფერი მიეცა. ეს ფერია ლადო გუდიაშვილის ნახატებში რომ შედის როგორც მთავარი ტონი.

უცნაურია თვითონ ბედი ფიროსმანის. თითქო იგი კი არ მოკვდა, არამედ დაიკარგა. თითქო მისთვის, რომ მისი ხატული ”უსახელოდ” დარჩენილიყო, როგორც ყოველი ნაყოფი დიდის პრიმიტივისა.

ხედავ ფიროსმანს -და გჯერა საქართველო.

”ბახტრიონი” №8, 1922 წ.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

გრიგოლ რობაქიძე Empty
PostSubject: Re: გრიგოლ რობაქიძე   გრიგოლ რობაქიძე EmptyWed Mar 10, 2021 12:21 pm

გრიგოლ რობაქიძე

აქლემი

აყუდებული. აყროყვილი. ორკუზიანი.
ცხუნე სივრცეთა კოშმარების უგვანო ბიში.
ბაიასავით გამომწვარი ზანგელა ბურში.
უცხო. უთვისო. მატანტალა. შორიგზიანი.

ამპარტავანი. ნელი. დინჯი. თავაზიანი.
მოდუნებული მეოცნებე შორეთის მურში.
მორცხვი. კეკელა. მოალერსე. მუსუსი. მრუში.
გახუნებული მაგრამ მაინც მარად მზიანი.

საოცარია შენი ზანტი მთქნარებით თვალმა:
მზეთა გალხობით რომ მოთენთა უდაბნოს რთველმა.
ქიმერის თავის ღამით გასცქერ ალმურს კომლიანს

თითქოს გესუნთქვის არაბეთის ამწვარი ნარდი.
და უშნო ცოხვნით ოდეს ერთვი მელანქოლიას
დორბლიან ტუჩზე გიობდება სამყაროს დარდი.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

გრიგოლ რობაქიძე Empty
PostSubject: Re: გრიგოლ რობაქიძე   გრიგოლ რობაქიძე EmptyWed Mar 10, 2021 12:22 pm

გრიგოლ რობაქიძე

ვაჟაური

მენაც გამკვეთა ვაჟკაცი
ჩარგალელ გოგოს თქერამა.
ბიჭთან უნებურ წამკიდის
ყირმიზამ მაღალ ყელამა.
ხმალდახმალ მავკალ თორღვაი,
აღარ მიმიღოს კერამა.
გავიჭერ მინდორს ნადირი,
თხემნი გარდავვლე მთისანი.
ჩანჩქერს თავზედან გამოსჩან
ნაყარნი მაღალ რქისანი.
ირემი დავკოდ,საბრალო,
წვეთნი ისხმიან მზისანი.
რა ვიცოდ, თუ რო ჯონქაის
მფარველ ყოფილა გივარგი.
დახეთქილ რქების ტოტებზე
სანთელ ყოილად მივარგო.
რად მინდა სოფლის ყიალი,
თუ კაცი აღარ ვივარგე.
შენ ჩემო მთაო ნისლოან,
ვამე, რო ვიქეც საშარო.
ქართველ მიქვიან სახელი,
ხახმატო, ცუდსა მაშორე!
დედავ, იგულვე ყოველჟამ
მფარველად ჩემთვის ლაშქარი.
მეცა მიწოვან ძუძუი,
ფშავის იტყვიან მწიფისა,
ხარ ვიყო ნაიალაღარ,
ბუღრაობს, რქენა იცისა.
ვზელვიდე რქებით ნახნავებს,
სამშობლოვ, შენი მიწისა!

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

გრიგოლ რობაქიძე Empty
PostSubject: Re: გრიგოლ რობაქიძე   გრიგოლ რობაქიძე EmptyWed Mar 10, 2021 12:24 pm

გრიგოლ რობაქიძე

ტიციან ტაბიძეს

შენში იწვიან ძველ ქურუმთა ლოცვის თესლები.
ტკბილი სონეტი ესიტყვება გვართა მოირას.
ხსოვნას გილბობენ იზიდასი შენ სარეცლები:
ქალდეას სიზმარს რომ აგრძელებ ასე ზმორიანს.

ცხელ ზმანებაში ქვეყნის საშოს თითქო ეცლები:
ჟღალი თვალებით “შიში ძველი” შენთან მოიარს.
წარღვნის სიავით ამღვრეული დაიგესლები
სიკვდილის ღრენა ფიქრს დაგიფრთხობს როგორც მორიალს.

ღამის გუბეში გალეშილი ბნელი ქაოსი
შენში აპირებს მუნჯი რიტმის უხვად ამოცრას,
როს მოგესხმება ლუში ლირწი მისი ხავოსი, -

ყივილით ისვრი საიდუმლო სიტყვას საოცარს
არ შეგეშინდეს ძნელი ცნობის: ბავშო ტიციან:
რომ დიონისო შენი ჩუმი ძმადნაფიცია.

study


Last edited by Admin on Thu Mar 11, 2021 11:10 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

გრიგოლ რობაქიძე Empty
PostSubject: Re: გრიგოლ რობაქიძე   გრიგოლ რობაქიძე EmptyThu Mar 11, 2021 10:43 am

გრიგოლ რობაქიძე

ამორძალი ლონდა

სონეტი ნაპირებგადალახული

ყიჟინი. როკვა. ახელება. სიტყვა. თამადა.
ხელიდან ხელში აზარფეში ამართული და გადმოსული.
ფილიპპის ძესთან ომს ელიან ამორძალები ასე თამამად
ხოლო რად კუშტობს ქერა ლონდა მტევანივით ტანდაყურსული.

როგორც ნადირი იმართება ის გალურსული.
ამბობს ამაყი: მაპატიოს ქალთა თავადმა:
მე მსურს შემირთოს ალექსანდრემ:
თუ გინდ ერთი დღით: მიხმოს თავად მან;
გესმით ქალებო: მინდა გავხდე მისგან ორსული.

სამი დღე არის: ამორძალთან მაკედონელი -
ვაზის ფოთლებში ლხინობს მეტის ვეღარ მდომელი:
და ეტყვის ლამაზს: მრავალი ხალხი დავიმონე: მტრები ავხოცე:

მოვშვილდე ბედი: გამოვკვეთე ძლევის კამარა, -
მაგრამ ღმერთობას მასმევს მხოლოდ შენი გიჟი ტანი ავხორცი:
რაც პირველმან მას მოვხსენი ოქროს ქამარი.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

გრიგოლ რობაქიძე Empty
PostSubject: Re: გრიგოლ რობაქიძე   გრიგოლ რობაქიძე EmptyThu Mar 11, 2021 10:44 am

გრიგოლ რობაქიძე

ავტომადალიონი

პასუხად პაოლოს

ჩემი ღერბია დიონისოს მედალიონი.
ცეცხლით სწერია: მოხარული საშურო ხმალზე.
ჩემთვის ხალისობს სიხალისით თვით ალიონი
და მელის მუდამ მზიურ საქმროდ მე სილამაზე.
დღეს დაღვენთილი, დათენთილი მე ვფიქრობ სხვაზე,
დღეს თუ არ ლაღობს ჩემთვის თეთრი ნელი სიონი:
იცოდე მისთვის: რომ ავლესო სანატრიონი
და ქვეყნის ბედი გადავტეხო ჩემს ხერხემალზე.
ჰელადის შვილი ვარ ერთგული მე ”ამორ ფატის”,
სავნებო სხვერპლად გამზადილი, ვით სავსე თასი.
და თუნდ რაინდი ცხოველი მზე სულ დაიფუტოს:
თასზე თასს ვამსხვრევ, რომ ავმართო კიდევ ათასი.
თავაღებული: მე სარკე ვარ ყველა თვალების
და მასკა ჩემი ქერქი არის მხოლოდ ცვალების.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

გრიგოლ რობაქიძე Empty
PostSubject: Re: გრიგოლ რობაქიძე   გრიგოლ რობაქიძე EmptyThu Mar 11, 2021 10:47 am

გრიგოლ რობაქიძე

ვასაკა

უკარებელი. მიზანტროპი. ტანდაყუდრული.
ხავსისფერ კანზე მზის ხაოთი სქლად მოწვეთილი.
სოფელში ცოცვით მკერდზე თეთრად გადაცვეთილი,
ჩუმი. გვერდულა. ალმაცერა. ცქერაქურდული.

თავისიანებს თავის ძულვით ჩამოწყვეტილი.
მუხის წყალიან ფუღუროში გადამუდრული.
ქოსა. თვალკუსა. ლორწიანი. ცხვირდასუდრული.
სოფლის ავიზნით ცხარე ტვინში ხშირად წყვეტილი.

გიყვარს: სიდამპლე: შმორი: მატლი: მშვიდო ვასაკა –
მაგრამ პანის ჟამს ცნობ ყველაფერს ასე ფარსაკათ:
როს ნაწვიმარზე მზე იშლება ნელი თაყვანით. –

ბნელ სინესტეში ყველას თვალწინ შენ გაოცდები:
ხის სენაკიდან მალვით ზემო ამოცოცდები –
და შეუდგები ღვთის დიდებას მკვახე ყაყანით.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

გრიგოლ რობაქიძე Empty
PostSubject: Re: გრიგოლ რობაქიძე   გრიგოლ რობაქიძე EmptyThu Mar 11, 2021 10:52 am

გრიგოლ რობაქიძე

ვერის ხიდზე

ვერის ხიდზე მძიმე ღამით თმაგაშლილი ქალი მღერის...
ლანდი დაჰსტვენს ვერის ხიდზე, ლანდი თოვლის და ნამქერის...
ვერის ხიდზე ქარი ზუის, მწვანე ზღაპარს ანიავებს,
ჰე! არული გაუმართავს ვერის ხიდზე კუდიანებს...
ვერის ხიდზე ქარი გიჟი დავლურს უვლის, სტვენს და ჰკივის...
ჭინკა ჭინკას მისდევს ცეკვით, კუდიანი ხტის და ჰკივის...
ვერის ხიდზე ველურ ხმაზე ქარი აყრის მტკვარს სიამეს...
სისხლის ლანდი ვერის ხიდზე გულს ეჭრება მძიმე ღამეს...
მძიმე ღამით ვერის ხიდზე მთვრალი ქარი სატრფოს ელის...
ვერის ხიდზე ქეიფია გამართული გიჟი ველის...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

გრიგოლ რობაქიძე Empty
PostSubject: Re: გრიგოლ რობაქიძე   გრიგოლ რობაქიძე EmptyThu Mar 11, 2021 10:54 am

გრიგოლ რობაქიძე

თბილისი

ნუ დაუჯერებ ზღაპრად მოთხრობილს,
მაგრამ ეს ლექსი არის ნამდვილი:
მე დაჭრილი ვარ, როგორც ხოხობი
და თბილისში ვარ ჩამოვარდნილი.

მე ისე ლექსს რა გამაბედვინებს,
გულში თუ ტრფობის ქარი არა ქრის.
მიწა სჭამს ყველა ჯალალედინებს,
მიწა კვლავ ბრწყინავს თბილის-ქალაქის.

და დილით, მზე რომ გააღებს ცისკარს,
ერთ სხივს ჩემსკენაც გამოაგზავნის,
მე მზის სხივის და თბილისის ხნის ვარ,
მეც გაჩენილი ვარ გორგასალის.

მეც არ ვუჯერებ ზღაპრად მოთხრობილს,
მაგრამ ეს ლექსი არის ნამდვილი:
მე დაჭრილი ვარ, როგორც ხოხობი
და თბილისში ვარ ჩამოვარდნილი.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

გრიგოლ რობაქიძე Empty
PostSubject: Re: გრიგოლ რობაქიძე   გრიგოლ რობაქიძე EmptyThu Mar 11, 2021 10:58 am

გრიგოლ რობაქიძე

ირრუბაქიძე

პასუხი ევროპის პოეტებს შეკითხვაზე:
რეალისტებს, ნატურალისტებს, სიმბოლისტებს,
ფუტურისტებს, დადაისტებს და ყველა მათს ნაშიერს.
მე მაშინ ბაღში ვიყავ.
ველზე მიმეძინა.
იყო დიდი მუხა და ტიტველი შუადღე.
იყო მწვანე ხავსი და ყვითელი კალო.
როცა გამეღვიძა –
სახელოებში ხვლიკები დავინახე.
მე არ მიკივლია:
ეს იყო მზის ნიშანი.
( ხალიბის სხეულს ნალად აჩნევია –
ყოველი კუნთი რომ არის მზენაკრავი)...
1917. აგვისტოს 17.

ირანის თეთრი ღამე ქვის ლომზე გავათენე.
( ფილიპპის ძე თვითონ ამ ლომის სახელია).
ეს იყო ხამადანში:
საცა ერთ ღამეს დიდმა ალექსანდრემ
ათიათასს მხედარს ათიათასი ქალი
მოთენთილ ბალახებზე ცოლებათ გაუფინა.
მე მხოლოდ მომაგონდა –
მაგრამ დავიკივლე: რომ ვნახე გადალახვა.
(ყოველი ხერხემალი ელის ამ ნიშანს –
დამვურვებელი ირრუბაქიძე)...
ჩემს მაღალ თავლაში
ჯერ კიდევ დაბმულია
დამცხრალი ცხენის პატმოსის კუნძულიდან.
მისი ნესტოები სეისმოგრაფია
ყველა მიწისძვრების.
უცდის დოსტოევსკის
და უსმენს მხოლოდ ქვესკნელის გუგუნს.
ერთხელ აიწყვიტა
და გაიჭიხვინა –
დიონისის სიტყვა „ტფილისის ხერხემალი“.
(სტამბები ვერ სტამბავენ:
ალბათ, ეშინიათ დაზგების ავარდნის)...
იქვე ბაგას ანგრევს კიდევ სხვა ნადირი:
„კარდუს“ მონოლიტი რისხვარი მარტორქა.
მე არა მგონია, რომ ვინმემ დაიურვოს.
მასთან ახლო მისვლა
მე თვითონ მეშინია –
თუ ხელში არ მიჭირავს ნინოს ნაწნავები.
(მხოლოდ ეს ანელებს).
უცდის მზის მოვარდნას –
გავარდეს საბუღრაოდ.
(მითხარით კიდევ სხვა სანახაობა!)...
ჯერ კი მისი სუნთქვა
მოდის როგორც „მალშტრემ“.
(თქვენ იცით: რომელზედაც
რემბომ მიუშვა ულაყი ჰიპპოპოტამ).
მისი ავი სუნთქვა მოდუღს როგორც „მალშტრემ“.
ზვავების ურაგანი
შეანგრევს ევროპას.
სიტყვაც ხომ მაგარია:
ირრუბაქიძე....

"ბარრიკადი“, 1924, 6 იანვარი

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

გრიგოლ რობაქიძე Empty
PostSubject: Re: გრიგოლ რობაქიძე   გრიგოლ რობაქიძე EmptyThu Mar 11, 2021 10:59 am

გრიგოლ რობაქიძე

პაოლო იაშვილს

ჯადოქარობით ეზიარე ირანელ დავრიშს,
სავნებო ცეცხლით შეიზარდე მზის თაყვანება
კაფეს ხმაურში გამოსჭერი ლაღი ზმანება
ნათალი ლექსი უთავაზე პარიზს და თავრიზს.
გიყვარს ტოღობა თავადობა ამაყი მთვარის
თან გეხამება ჯამბაზური შენ გაქანება.
ხან უცნაური, ქედმაღალი, ურჩი, თავნება,
გშვენის ყივილი და ნავარდი დაჭრილ კენტავრის.
პოეზიაში შემოიჭერ როგორც ბანდიტი,
ერთი შეძახით შეარყიე მრავალი ტახტი
უდარდო ხელით მოაბნიე თვალ-მარგალიტი.
შორს გადისროლე მოელვარე მაგარი ლახტი.
მხოლოდ სიმთვრალე შაირისა გულით დაინდე
მოწითურ რაშსა მიაქანებ თეთრი რაინდი.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

გრიგოლ რობაქიძე Empty
PostSubject: Re: გრიგოლ რობაქიძე   გრიგოლ რობაქიძე EmptyThu Mar 11, 2021 11:01 am

გრიგოლ რობაქიძე

პაოლო იაშვილი - „გრიგოლ რობაქიძეს“

საქართველოში გადავაშენოთ სონეტის მოდგმა…
ჩვენ გავაკეთეთ ის მშობლიურ სიტყვის მუცელში…
იშვა… და ახლა გავასვენოთ თეთრი კუბოთი
და ღვდლებათ იყვნენ მალარმე და ხოზე-მარია.
მომართვა ჩემი, კარდინალო ჩვენი ორდენის
იქნება მძიმე:
შენი შუბლი უფრო მძიმეა
ყველა ლექსებზე, რაც მე და შენ დაგვიწერია.
გამტყდარი ლექსით.
ქება შენ.
ნიცშე, დანტე. ბოდლერის ღმუილი
ყველა მხეცების ხმით თქმული
ლოცვა დიდების:
შენი გვამის მიღებისათვის.
თბილისი იღუპება, როცა შენ გინდა,
მიწის ძვრა არის მისი ბრალი
რომ შენი ლექსი უკანასკნელი
შეძრაა ტვინის – მატერიის მიწაზე დიდის.
ხარ მარმარილო და კენტავრი.
ცილინდრი ძვირად უფრო ხშირად
საწყალო ცქერით.
როდესაც ეძებ ახალ ლექსს
და შენს ბავშს ალკას:
ჩვენის ტირილით გასვენებულს:
უწმინდესს გრიგოლს.
უნეტარესს გრიგოლს.
უსაყვარლესს გრიგოლს.
უსმენთ სინდისით, სიმკაცრით მდიდარს.
მე გეკითხები: ვართ მართლები?
გვიპასუხებ: ჩვენი სიტყვა პირველია
მას შემდეგ, რაც ქრისტიანობამ მოვალეობათ
ადამიანს გაუხადა, რომ პოეტს დაემორჩილოს,
რომელსაც გული აქვს ღმერთის და ცქერა
ყველა ვარსკვლავების.
მე ვხედავ მენადებს: ისინი თბილისს
შემოესივნენ ყველა ქუჩები სავსეა მათი.
სიცხეა დიდი: ელიან შენს გამოსვლას.
სიხარულით: სტირიან ქუჩებში მენადები.
დაგინახეს და გიჟდებიან მენადები:
იჩოქებენ: ცახცახებენ: იზმორებიან.
შენ მოესწარი:
დღესასწაული შენ მოგიწყო
ჩვენმა ორდენმა.
შენ გვიპასუხე დირიჟორმა: ქალდეაში.
იყო დღე დიდი:
ქალაქი სრულიად, უხალისო, უმოძრაო
და გადამწვარი, მზით გადამწვარი.
ცას ასტუმრე ფარშევანგები
მთავარ მოედანზე ბალაგანი გამართე.
დიასახლისათ მოიყვანე ბალაგანის – ოფელია
ბალდახინით მოასვენე ყველა ლექსები:
ჩვენი შვილები უბიწონი და უქორწილო.
პირველ დარაჯათ დღესასწაულის
დანიშნე ვაჟი – სარაცინი.
ოქროს ტრირემით ქალაქს მოადგა
კაპიტანი და მოიყვანა სანტა მარია.
და ერთად ერთი მათხოვარი მეოცნებე
იყო ნაპირზე. ოქროთი და ვერცხლით
დატვირთული. ჩვენგან: ერთად ერთი
გახარებული მათხოვარი.
და ფრაკში ფავნი იყო ჩვენი მოსამსახურე:
ფარშევანგებმა გზა გაუხსნეს ციდან
მოსულ მტრედს: ეს არის ალკა.
დაისში მან იცეკვა ბალაგანის წინ
ჩვენ ტაშს ვუკრავდით და ვიყავით
გახარებული რომ უდიდეს დღესასწაულზე
არ დაგვივიწყა ჩვენ ალკას სულმა.
შემდეგ იტირე:
და ვიმღერეთ დასამშვიდები ყველამ
ერთად ლოცვა:
გრიგოლს უწმინდესს.
გრიგოლს უნეტარესს,
უსაყვარლესს გრიგოლს.

გაზეთი „ბარრიკადი“, # 4

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

გრიგოლ რობაქიძე Empty
PostSubject: Re: გრიგოლ რობაქიძე   გრიგოლ რობაქიძე EmptyThu Mar 11, 2021 11:03 am

გრიგოლ რობაქიძე

საქართველოს

ამაყი ნება: თავადობის და შურის კერძი.
ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული.
ხელმწიფებისთვის ოქროვანი კოლხეთის ვერძი.
და სისხლის გმირის: შმაგი რიტმით ზარხოშებული.

ტაძარი ოშკის: თეთრი ლოცვით ათოვლებული
საშო ზმანების: ხან მყოფელი და ხან კი ბერწი
სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი
და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული.

მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი, მესხური,
მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა.
მაგრამ ხედავდე: სააკაძე ლანდივით მოდის:

უცხო შორეთის სიყვარულით პირგამეხილი, -
და უცდის გმირი: გამთელდება ნეტავ თუ ოდეს
შენს უნდო მკერდში მისი ხმალი გადატეხილი.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

გრიგოლ რობაქიძე Empty
PostSubject: Re: გრიგოლ რობაქიძე   გრიგოლ რობაქიძე EmptyThu Mar 11, 2021 11:05 am

გრიგოლ რობაქიძე

წმინდა ნინო

ქალწულო ნინო, ეშვები ჩრდილებით:
დალურსულ ფოთლებში მზის თვალი დაღვარული,
ჩვენ, დანებულნი და გულახდილები,
შენ წინ ვეფინებით უშრეტი სიყვარულით.

მცხეთას რომ მოგესმა ნელი ხმა ზეცითგან,
გული ღვთისმშობელის ჩვენთვის ხომ უხვია –
ჯვარი გამოსჭერი ვაზის ნასხლევიდან
და ცხელი ჭრილობა თმებით შეუხვიე.

ღვთიური ტკივილი და არა – წამება
იყო აქ, გვითხრობენ ამას ჩვენ მამები.
არ გვინდა, დედაო, სხვა ჯვარი ბერწების,
არ გვინდა სხვა მიწა და სხვა ნასხლევი!
ვიცით, შენი ჯვარი ლხინია ლერწამის –
ტოტებს აიყრიან მეტი გახელებით,
როცა გადასხლავენ სასტიკი სასხლავით.
ქალწულო ნინო, ათასჯერ გვენახე!
შენ გეალერდება დედული ვენახი.
ღვთიურ ანთებული ჩვენს მიწას ევნები
სხვა როგორ ვიგულვოთ აქ შენი ნაცვალი?
ზვარში რომ გაივლი, ჩაყრილი მტევნების
მზის თვალით ივსება ყოველი მარცვალი.
შორითგან გიყურებს, ავს რომ აგაშოროს,
ხმალამოღებული მზევაჟი ლაშარი.
ის არის ივერის მცველი და მზვერავი
და ჯვარს ვაზისას წაართმევს ვერავინ!

ნათელო ნინო! ვით მიწის ხნულები,
შენ წინ გადასხნილან აწ ჩვენი გულები.
მო, გადაგვიარე, ბედს გადავურჩებით
და ტერფებს დაგიკოცნით მაგარი ტუჩებით.

დაო და დედაო,
ღვთისმშობლის დობილო,
ვართ შენზე დანდობილი
და შენი შენდობით
არ გადავშენდებით!

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




გრიგოლ რობაქიძე Empty
PostSubject: Re: გრიგოლ რობაქიძე   გრიგოლ რობაქიძე Empty

Back to top Go down
 
გრიგოლ რობაქიძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: