Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
Subject: ბექა ქურხული Fri Nov 26, 2010 3:45 pm
Beka Kurkhuli - 2019
ბექა ქურხული
ბექა ქურხული დაიბადა 1974 წლის 6 ოქტომბერს. 1991 წელს დაამთავრა თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა. იმავე წელს ჩააბარა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, დრამის ფაკულტეტზე (თამაზ ჭილაძის სახელოსნო), რომელიც დაამთავრა 1996 წელს. ბექა ქურხულის ნოველები პირველად დაიბეჭდა 1991 წელს გაზეთ „მამულში“. ამის შემდეგ ბექა ქურხულის მოთხრობები და ნოველები სისტემატურად იბეჭდება ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „მამული“, „ალტერნატივა“, „არილი“ „პარნასი“, „დილის გაზეთი“, „ჩვენი მწერლობა“, „24 საათი“, „ლიტერატურული პალიტრა“, „ლიბერალი“, „ცხელი შოკოლადი“, „ახალი საუნჯე“, „ლიტარატურული გაზეთი“. 1999-2004 წლებში მუშაობდა „დილის გაზეთში“ სამხედრო რეპორტიორად. მივლინებული იყო და რეპორტაჟებს ქვეყნებდა საქართველოს და კავკასიის ცხელი წერტილებიდან და კონფლიქტური რეგიონებიდან: აფხაზეთი (გალის რაიონი, კოდორის ხეობა), ჩრდილოეთ ოსეთი (ვლადიკავკაზი) ინგუშეთი (ჩერმენი, მაგასი), ცხინვალის რეგიონი, (ცხინვალი, ნიქოზი, თამარაშენი), აზერბაიჯანი (ბაქო), პანკისისი ხეობა (ახმეტის რაიონი, საქართველო). 2006 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ლიტერატურულ ინსტიტუტში (ხელმძღვანელი ამირან არაბული). დისერტაციის თემა „მოლაშქრეობა-მეკობრეობა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში“. 2011-2013 წლებში თანამშრომლობდა მედიასახლთან „media house dekom“ („ლიბერალი“, „ცხელი შოკოლადი“). 2013 წლის მარტში მივლინებული იყო სამხედრო რეპორტიორად ავღანეთში (ქაბული, ჰელმანდი) ISAF და ნატოს მისიებში, ქართულ- ამერიკულ ბაზებზე („ლეზერნიკი“, „შუკვანი“, „ერედვი“). მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალებში (ლიტვა, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, იტალია). 2012-2013 წლებში იყო „ცხელი შოკოლადის“ პროზის განყოფილების რედაქტორი. ბექა ქურხულის მოთხრობები თარგმნილია — ინგლისურ, იტალიურ, პოლონურ, უკარინულ, ჩეხურ, ლიტვურ, სლოვაკურ, თურქულ, ოსურ, ავარიულ (დაღესტანი) და რუსულ ენებზე. გამომცემლობა „stillo editrice“ (ბარი, იტალია) 2018 წელს იტალიურად თარგმნა და გამოსცა ბექა ქურხულის მოთხრობების კრებული -„ქალაქი თოვლში.“ (მთარგმნელი ნუნუ გელაძე). იმავე 2018 წელს ბექა ქურხული მონაწილეობდა ტორინოს (მაისში) და ბარის (ოქტომბერში) საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალებში.
წიგნები: * „წერტილი... დაკარგული ტერიტორიის დაკარგული ადამიანები“ — გამომცემლობა „კავკასიური სახლი“ 2004 წელი. * მოთხრობების კრებული „შეხვედრა მას შემდეგ“-გამომცემლობა „პეგასი.“ 2010 წელი. * მოთხრობების კრებული „სახლი სხვაგან“ — გამომცემლობა „საარი.“ 2005 წელი. * მოთხრობების კრებული „შეხვედრა მას შემდეგ“ — გამომცემლობა „სიესტა“ 2011 წელი. * მოთხრობების კრებული „ზაფხულის მოკლე ღამე“ -გამომცემლობა „პალიტრა“ 2012 წელი. * პიესა „აჰა საცაა ხე წაიქცევა“ — ჟურნალი აფრა“ — „კავკასიური სახლი“ 2012 წელი. * „ჩანაწერები 1993-2011“ — გამომცემლობა „საუნჯე” 2013 წელი. * მოთხრობების კრებული „ქალაქი თოვლში“ — გამომცემლობა „სიესტა“ 2013 წელი. * ესეების და ბლოგების კრებული „ღია კარის ქვეყანა“ — ამომცემლობა „ინტელექტი“ 2014 წელი. * რომანი „სამოთხიდან გაქცეულები“ — გამომცემლობა „ინტელექტი“ 2015 წელი. * მოთხრობების კრებული „სკანდარა და სხვა მოთხრობები“ 2017 წელი
ლიტერატურული პრიზები: * 2014 — რეზო ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია (I ადგილი). * 2016 — ლიტერატურული პრემია „საბა“ ნომინაცია წლის საუკეთესო რომანი წიგნისთვის „სამოთხიდან გაქცეულები“. * 2018 — ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ — ნომინაცია წლის საუკეთესო პროზაული კრებული — წიგნისთვის „სკანდარა და სხვა მოთხრობები“.
ლიტერატურულ კონკურსს “საბა” -ს გამარჯვებული ავტორი ბექა ქურხული. •Sep 21, 2016 TV TV
Last edited by Admin on Sun Jan 26, 2020 12:29 pm; edited 8 times in total
Admin
Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ბექა ქურხული Fri Nov 26, 2010 3:49 pm
ბექა ქურხული
გაქცევა
ქარი ქროდა. აწუილდებოდა და ქუჩის ბოლოდან, წამოშლიდა მტვერს, ირხეოდნენ ხის კენწეროები. გაჩერებაზე გოგონა იდგა. ჩვეულებრივი, მრგვალსახიანი გოგო იყო, მაგრამ ძალიან მაგარი ჩანდა. ყოჩაღად უშვერდა ქარს სახეს, მხოლოდ თვალებს ჭუტავდა. მანქანის კარი გამოაღო და ჩაჯდა. მანქანა გაყინული იყო. სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. ხელები ქურთუკის ჯიბეში ჩაიწყო. იჯდა და პირდაპირ იყურებოდა, საკუთარი სიგიჟეების გამო უფრო გაბეზრებული, ვიდრე გაბრაზებული. მაგრად ციოდა. გასაღები საკეტში გაუყარა, ორჯერ დაუგაზა, "პადსოსი" თითქმის ბოლომდე გამოსწია და მხოლოდ მაშინ გადაატრიალა. მანქანა კარგა ხანს ხიხინებდა. დროდადრო იმედისმომცემად იცვლიდა ხმას. ბოლოს სული მოითქვა და მოტორმაც ხმა ამოიღო. "პადსოსს" ჩაუწია და სავარძლის საზურგეს მიაწვა. ცოტა დათბა. ბულდოგივით ჰქონდა ყბები ერთმანეთზე დაჭერილი და წინ იყურებოდა. მანქანა ცხენივით გრძნობდა რომ პატრონს რაღაცა უჭირდა და კარგად იქცეოდა. ნელა გასცდა გაჩერებაზე მდგარ გოგონას და მოწყვეტით გაენთო ტრასაზე. სისწრაფისაგან ამსუბუქებული მანქანა ქარმა ააქანავა, პეკინზე ჩაუხვია და უფრო მაგრად დაგაზა. შუქნიშანი გამორთული იყო და ბუკიას ბაღთან მანქანები ერთმანეთში ირეოდნენ. სისწრაფე არ დაუგდია, ეგრევე შევარდა `მარშუტკასა~ და შვინდისფერ `დაშპაკლულ~ `ბეემვეს~ შორის, გაძვრა. მიფრინავდა და თვითონვე გრძნობდა, მურტალ `აბგონებზე~ გასვლისას შიშისაგან როგორ თეთრდებოდა. უცბად გამოვარდა რუსთაველზე, მანქანა გააჩერა და თეთრად განათებულ კაფეში შევიდა. თავისუფალ მაგიდას მიუჯდა. გვერდით მაგიდასთან ძალიან ლამაზი წყვილი იჯდა. ბიჭს გოგოსთვის ხელი ხელზე დაედო და გემრიელად კოცნიდა ტუჩებში. ძალიან კარგები იყვნენ, ბედნიერები და ერთი ამბავი. . . თვითონ ისე იჯდა, თითქოს საიდანღაც ჩამოვარდა და ამ სკამზე დაეცა. უკან აღარაფერი დარჩა. წინ საკუთარი ხელით დაგებული უამრავი ხაფანგი ელოდა, რომელთა მონიშვნა დაეზარა და ახლა ყველგან მომლოდინე ჩახუნის ხმა ელანდებოდა. კარი გაიღო და შემოვიდა. `ვახ.~ ისე დაფეთდა, თითქოს არ ელოდა. გოგოს გაფითრებულ სახეზე ქერა თმა ჩამოშლოდა. თვალის უპეები ჩაშავებოდა. ტყავის ქურთუკი და ჯინსის შარვალი ეცვა, ავარიაში მოყოლილ როკერსა ჰგავდა. სხვანაირად ლამაზი იყო და უცნაურად თავისუფალი. წასაღებად მოდიან ეგრე, რაც ეკუთვნით იმის წასაღებად. მაგიდას მიუახლოვდა. სკამი გამოსწია, მაგრამ არ დაჯდა. ჩანთაში დაიწყო ფათური, ალბათ სიგარეტს ეძებდა. შეყვარებულებმა მეზობელი მაგიდიდან გოგონა აათვალიერ-ჩაათვალიერეს და ერთმანეთს გაუღიმეს. თვითონაც შეხედა გოგოს, მაგრამ მაშინვე თვალი აარიდა და გარეთ გაიხედა. გოგო ისევ ფეხზე იდგა. ახლა სანთებელას ეძებდა. - დაჯექი რა! - უთხრა ჩუმად.. - გულის კოვზთან სხეულის ნაწილივით გრძნობდა სევდას და დაღლილობას. მობეზრდა შიში. შიშზე მოსიარულე საკუთარი თავი. გოგო იჯდა. სიგარეტის კოლოფს აწვალებდა. ლამაზი იყო. - როგორა ხარ? – ჰკითხა ბიჭმა. მაგრად აცოფებდა გოგოს შეშინებული თვალები და აკანკალებული თითები. - ჩაის დალევ? – ჰკითხა ისევ. გოგომ ჩუმად დაუქნია თავი და ბიჭს შეხედა, მწვანე დაფეთებული თვალებით. `რას მიყურებს საცოდავად,~ - თვითონაც შეხედა, მაგრამ მაშინვე აარიდა თვალი. გოგო ჩუმად იჯდა. ბიჭს თანდათან მთელი სხეული სიბრაზით დაეტენა და რაც შეიძლება ჩუმად ჰკითხა: - რა ქენი? – გოგომ სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. ბიჭმაც აიღო სიგარეტი. გოგოს ისევ თითები უკანკალებდა.. - რა ქენი? – კიდევ უფრო ხმადაბლა და მოუთმენლად ჰკითხა. გოგომ თავი ჩაღუნა. `შენიი!~ - გაიფიქრა ბიჭმა. - არ გამოჩნდა, არ ჩანსო! – ჩურჩულით თქვა გოგომ. ხმა ძლივს ისმოდა. ბიჭს ხელები გაუცივდა და გოგოს გაბოროტებულმა შეხედა. რაღაცნაირად დაცარიელდა. კაფეში ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. კიდევ უფრო ცხადად იგრძნო სიცარიელე, ცუდი, მხოლოდ მისთვის განკუთვნილი სიჩუმე. ხურდების ჩხრიალი ისმოდა. თეთრად განათებულ ქათქათა კაფეში შემოგზავნილივით იჯდა. - არ ჩანსო, არ გამოჩნდა. . . მაგრად დაფრთხა. - როგორ ტო, რა არ ჩანსო? - არ ჩანსო და მორჩა. ძლივს იჯდა სკამზე. ძლივს იკავებდა თავს. დიდი სიამოვნებით წამოხტებოდა და დაგაზავდა. - არ ჩანსო – მოულოდნელად ხმამაღლა გაიმეორა გოგომ. – არადა თვეზე მეტია, თვეზე მეტი გავიდა. გოგო ქაღალდივით თეთრი იყო. იჯდა, ეწეოდა და უყურებდა. `მაგრა შევტოპე~ - გაიფიქრა. `როგორ ჩავდივარ ეს ჭკვიანი კაცი ამდენ სისულელეს?~. . რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ცვლიდა და ამის არც უფლება ჰქონდა, არც თავი. ეს არ იყო `დამწვარი~ საქმიდან კისრისტეხით გაქცევა. ჰაერში `ხლაპუშკასავით~ ნასროლი ფეხს რომ გიბრუნებს კატასავით მსუბუქად, რბილად მიმქროლავს, წონასწორობის დასაცავად ოდნავ ხელებგაშლილს და უკანასკნელ წამამდე საკუთარი თავის მოიმედეს. ოღრო-ჩოღრო, დანგრეული, სამალავებით და `ჩორნი ხოდებით~ სავსე ქალაქი. გამოცდილი `პადელნიკივით~ თვითონ რომ მიგიძღვის წინ. . . ხოშიანად რომ გაფხიზლებს იარაღის ტარზე შემოჭერილი თითების ტკივილი უკვე თავშესაფარში შემალულს და თვალებგაფართოებულს. გული რომ გიცემს. ახლა გული თითქმის არ უცემდა. ცარიელი იყო. ძალიან ცუდად ჰქონდა საქმე. ვეღარც ქუჩა უშველიდა, ვეღარც სიბნელე. ქარმა მაგრად შეაზანზარა კაფე. გრიალით შემოვარდა შიგნით და ყველაფერი აშალა. გაუნძრევლად ისხდნენ. - იქნებ ურევს ეს ექოსკოპია და იმიტომ არ გამოჩნდა? გოგოს საცოდავად გაეღიმა. - ღირსი ხარ! – თქვა ბიჭმა. მე ვარ ღირსი? - ღირსი ხარ. ამხელა ხარ, ოთხმოცდაშვიდის. . . - ოთხმოცდაშვიდისაც ხარ და ასისაც, დებილო-დეგენერატო. . . ბიჭს მოულოდნელად გადაუარა სიბრაზემ და კიდევ უფრო ცუდად იგრძნო თავი. ბავშვობაში შეყვარებულს რომ აატირებდა და მერე შეცბუნებული და ნირწამხდარი შეჰყურებდა თვალებში: - `კაი, ჰო, რა მოგივიდა, ო. . .~ - ეგეთი ბავშვური უმწეობა იგრძნო. - რა ვქნათ ახლა? - არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. – გოგოს ცრემლებით აევსო თვალები – იცი როგორ მეშინია? ბიჭი დაიჯღანა. გოგომ ტირილი დაიწყო. ლამაზი წყვილი ფრთხილად კოცნიდა ერთმანეთს. - მოვკვდები – ჩუმად ტიროდა გოგო. ბიჭს სადღაც წასული სიბრაზე ერთიანად მოუბრუნდა. - მოკვდი მერე – უთხრა ხმამაღლა. - როგორ? –სერიოზულად იკითხა გოგომ. თან არხეინად ტიროდა. - ათასი საშუალება არსებობს. ჩაირბენ ელბაქიძის დაღმართზე, ისკუპებ ვერის ხიდიდან და ხუთ წუთში იქა ხარ. არც კი. - კარგი! . . - კარგი და წადი მერე! . . გოგო ისევ სიგარეტს ეწეოდა, შეშინებული და ამავე დროს სასაცილოდ შთაგონებული სახე ჰქონდა. - გიყვარვარ? - არა! – უბრალოდ უპასუხა ბიჭმა. - სხვა გიყვარს? - ჰო – ისევ უბრალოდ უთხრა ბიჭმა და პირდაპირ თვალებში შეხედა. – რა არ იცი? . . - ვიცი თქვა გოგომაც მშვიდად მარტო ტუჩები უკანკალებდა. – ვიცი, მაგრამ არ მაინტერესებს, იმიტო რომ ვინც არ უნდა გიყვარდეს, მაინც ჩემი იქნები, იმიტო რომ მე უშენოდ არ შემიძლია – საშინელ სიცარიელეს ვგრძნობ და იმიტო რომ ყველაზე ძალიან მე მიყვარხარ და კიდევ ბევრი რამის გამო იქნები ჩემი. . . ბიჭს გაეცინა. თან სიბრაზისაგან ხელები უკანკალებდა. - მაგარი გაგიჭირდება იცოდე, ჩემთან ეგრე არ შეიძლება, შენ არა ხარ ეგეთი `ატჩაინი.~. . ძალიან გაგიჭირდება. . . - ვიცი – თქვა გოგომ ისევ მშვიდად, ტუჩებიც აღარ უკანკალებდა – გამიჭირდეს! `მე ნაცარქექია ვარ, ნაცარქექია ვარ, იცი? და დევები დავაბრინჯე~ - გაახსენდა ლოტოს სამი წლის ბიჭი – ამას რომ ამბობდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა მაღლა სწევდა ორივე ხელს და ამოჩაჩული პერანგიდან ტიტველი მუცელი მოუჩანდა. - წავედით – თქვა ბიჭმა. - მოვწევ და მერე წავიდეთ – თქვა გოგომ. - რას მოწევ ფეხმძიმეთა ხარ, შე ბოზანდარავ! . . - ბოზანდარა შენა ხარ თუ კაია – თქვა გოგომ. ადგა და გასასვლელისკენ ისე წავიდა უკან არც მოუხედავს. ბიჭი ტყვედჩავარდნილივით მიჰყვებოდა. "წამიყვანა და ეგ არი". . . გაიფიქრა ბიჭმა - "მე ამის ე, რო შემოვტრიალდე, ვწყვიტო აქედან და მოვხიო, გადავჭრა გულრიფში საიკა ხარაზიასთან. . . ჰა? . . ძაანაც ხოშიანად, რატომაც არა, მდიონ მერე და ითვალონ თლილ თითებზე ვისი ვარ. . . იმას კიდევ, ამ ომებში ერთი ეშელონი ქართველი ჰყავს მგონი მოკლული და როგორ გავუჩერდე, ბახა ვარ, ეს ჩემისა". ქუჩაზე გადადიოდნენ. ბიჭს გადასასვლელზე გადასვლის ყოველთვის ეშინოდა. ყოველთვის ფრთხილობდა, მაგრამ ახლა ცუდ ხასიათზე იყო და ფეხებზე ეკიდა. გაუხარდა მანქანის დანახვა. ძველი `შესტი~ როგორც ყოველთვის გასარეცხი იყო. მანქანაში ჩაჯდა, დაქოქა, მაგრამ არ დაუძრავს. ორივე წინ იყურებოდა. გოგომ ღუმელი ჩართო. ნელ-ნელა დათბა. უკვე ბნელდებოდა. ქარი ისევ გუგუნებდა. - არ მივდივართ? – იკითხა გოგომ. - სად? – ჰკითხა ბიჭმა. გოგო გაჩუმდა. "რა ვუყო, მოვკლა?" - შეხედა. გოგო არხეინად იჯდა. არხეინად ჰქონდა ქერა თმა მწვანე თვალებზე ჩამოშლილი. პროფილიც კი არხეინი ჰქონდა. `რო ავიღო და მოვკლა, მართლა რო მივაბრიდო,~ ბიჭს გაეცინა. გოგო არხეინად იჯდა და თითებს ითბობდა. `რა ვქნა ტო?!~ ძალიან მოუნდა სახლში, სავარძელში ჯდომა და სულელური ამერიკული ფილმის ყურება – ვიღაცას რომ მაგრად ეჭოჭება, შენ კიდევ ზიხარ შენთვის, არაფერი გემუქრება, არაფერს ეძებ – არც გამოსავალს. გამოსავალი, რა გამოსავალი? მისავალი – მოსავალი, ხსოვნა იყოს, მშვიდად დაიძინებ, მშვიდად გაიღვიძებ. . . "А мама готовит долма". ფუი შენი" . . - აღარ მივდივართ? – გოგო აშკარად კარგად გრძნობდა თავს. "სულელი ვარ, ახლად გაღვიძებული განჯელი თათარივით სულელი". ბიჭმა მანქანა დაძრა და რუსთაველზე დაუხვია. განათებულ პროსპექტზე კარგად ჩანდა, ქარი როგორ დაშხუოდა.
Last edited by Admin on Sat Feb 09, 2019 2:16 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ბექა ქურხული Fri Nov 26, 2010 4:02 pm
ბექა ქურხული
მაღლა მიწაში
მდინარის პირას წითელი ფორდი იდგა. კოლხეთის დაბლობს ცა ზევიდან გადმოსწოლოდა. ჰაერი დახუთული იყო. მანქანასთან ხუთი კაცი ჩაცუცქულიყო. ორი ორმოც-ორმოცდახუთ წლამდე, ერთი ოცდაცხრა და ორიც – ოცი-ოცდაორი წლისები. პლანს აკეთებდნენ... მზე მთელ ცაზე გაშლილ ღრუბლებში იხლართებოდა. - არ იცი ეგა ტო? – ყვებოდა გობია, თან ხელის გულზე პლანს იფშვნიდა ცერა თითით. – თავისი მოწყობილობით რამე, ეგრე ახდი ყუთს, ამოიღებ, იწევა რა, მამენტ შეგიძლია გადაყლაპო – "კალიოსას" პონტში. - ეგრე ყველაფერი იწევა, ჰაშიშიც, ოპიუმიც და რა ვი ტო – ბაგომ სიგარასავით მსხვილად გადაახვია ქაღალდი და შიგ პლანის ჩაყრა დაიწყო. - რას შვრები, დაგვბრიდავს – შეიცხადა ერთ-ერთმა. გობიამ და ბაგომ ერთმანეთს ღიმილით გადახედეს. - მერე? – ჰკითხა ბაგომ. - რა მერე? – გობიამ. - როგორი იყო ისა, ყუთს რო გახსნიდი... - ჰო... გახსნიდი, ამოიღებდი, შუშის პონტი იყო. ჩილიმივით, ოღონდ სხვანაირი და პატარა. მოსაწევი იყო, მაგრამ თუ გინდოდა, გაიკეთებდი. კაროჩე, გაკეთებაც შეიძლებოდა, მოწევაც. პირველი მასტერკა ჩამოტარდა. როგორც იქნა, ნიავი დაიძრა. ბაგომ ღრმა ნაფაზი დაარტყა, ბოლი ფილტვებში გაიჩერა, მკლავები გამოშალა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოიძახა: - როგორი იყო? - უბედური. – თქვა გობიამ – უბედურება იყო. ლენინგრადში ვიყავით მე და ქოშინა. თითოს ოც-ოცი ათასი შეგვხვდა. რა უნდა გვექნა ამდენი ფულისთვის?.. კომუნისტების დროს ოცი ათასი მაყუთად ითვლებოდა... - როგორი კაიფი ჰქონდა? – ისევ იკითხა ბაგომ. - სუფთა ჰალუცინაცია... კაროჩე, რაც მოგინდებოდა, იმას დაინახავდი და რაც გაგისწორდებოდა, იმას იგრძნობდი... - კაი, ბოიშვილი ვიყო. – ბაგომ უცბად გააჭყიტა მილულული თვალები: - რაც მოგინდებოდა? სამოთხე განა სხვა რამეა ტო... - არა. – გობიამ თავი გადაიქნია. – მერე ცუდი იწყებოდა, პატარავდებოდი. - მაიცაა... - ბოიშვილი ვიყო, ქოშინა ტიროდა, ეგეთი ვახტანგა ძიას – მამაჩემს რა – ვახტანგა ძიას ეგეთი როგორ ჩავუყვანოო ტო, ეგეთი დაპატარავებულიო. - მაგრა? – ჰკითხა ბაგიამ. კასიაკიც წამოვიდა. - რა მაგრა? – ჰკითხა ბაგიამ, ხველას რომ მორჩა. - მაგრა დაპატარავდი? - მაგრა ტოო, დავპატარავდი, დავპატარავდი, აი ეგრე, თაგვისხელა გავხდი, ქოშინა გაგიჟდა, რაღა ვქნაო. მერე სული ამომივიდა, დავინახე, როგორ ამომივიდა სული, ფანჯრიდან გაფრინდა და ნევას აჰყვა, აეგრე აიფრიალა შხუილით. - დაბრედილხარ რა – თქვა ოცდაცხრა წლისამ. - არა – თავი გადააქნია გობიამ. აზრზე ვიყავი, პროსტო დავპატარავდი და სული აღარ მქონდა. მაგრა გამიტყდა, რო დავბრედილიყავი, შეიძლება ეგრე არ გამტყდომოდა. იჯდა ქოშინა, ტიროდა. მერე სული უკან მოფრინდა და ისევ გავიზარდე. - ისევ ფანჯრიდან შემოფრინდა? გობიამ მხრები აიჩეჩა. ნაფაზი დაარტყა. ამოისუნთქა და თქვა: - საიდანღაც მოფრინდა. გავიზარდე. ახლა უბრალოდ მაგარ კაიფში ვიყავი... "Бог создал вора, а черт прокурора" – უბერავდა მაგნიტოფონში ვიღაც ახალგაზრდა ურკა. - მაგარ კაიფში ვიყავი, მოვკიდე ქოშინას ხელი და გარეთ გამოვედი. ზამთარი იყო, თოვლი, ქარი უბერავდა, ყინვა, "Метель" რამე... შიშველ ტანზე ერთი საროჩკა ბოლომდე ჩახსნილი, ამ საროჩკაზე პირდაპირ დუბლიონკა, ისიც ბოლომდე ჩახსნილი და ეგრე გიჟივით... წავედით ფეხით, მანქანაში ვერ ვჯდებოდი, მეთქი არ დავდნე. ვიარეთ ფეხით, ნევის პროსპექტზე ერთ ადგილას ტაქსების სტაიანკა იყო, პუტანკები იკრიბებოდნენ. ისხდნენ მანქანებში, მიხვიდოდი, ორმოცდაათ მანეთს გადაიხდიდი და მთელი ღამით წაიყვანდი. თან მაგარი ქალები... - აბა, ახლა გადაიხდი მაყუთს და თან წამზომს გირთავენ, ამათი სუტენიორი დედაც... – ბაგო თვალდახუჭული ბაზრობდა. - არა ტო, კომუნისტების დროს, რას ლაპარაკობ... თან ვევასებოდით. - ე, კი ტო... - მაგრა, ძაან, ახლა ამათ "პაკალენიას" ჭკუაში არ მოსდით ეგ ბაზარი, რას ვევასებით, გვბრიდავენო, მაგრამ მართლა ეგრე იყო, თქვენ ქართველებს სხვანაირი შიკი გაქვთო, ტო, თან ხო "გალავერეზები" ხართ, მაგრამ თან სხვანაირი კეთილებიო. - თუ კეთილ... - ჰო რა, ორივე, ორივენაირები ხართო და ეგ ევასებოდათ. - მივედი, ქალი დავითრიე, ვუთხარი: აჰა, შენ სიმონ ასი მანეთი და შენი არაფერი მინდა, მარტო მეთქი მთელი ღამე მელაპარაკე. თან მეთქი კაის გაჭმევ და გასმევ. ევასებათ ჭამა-სმა. წამოვიდა კუნტრუშით. ეს ქალიც ფეხით ვატარე. იარა ხოშიანად, სუფთა ჰაერიაო. ქოშინა უფრო ვეღარ მოდიოდა, გაიყინა. მერე ერთი შენიცო და სადღაც შეძვრა. ვისხედით მე და ის ქალი მთელი ღამე კაი ბრატებივით. ის არაყს სვამდა, მე ჩაის. მაგარი ჩაი მომითუხთუხა, მაგარი, "პაჩტი" ჩეფირი რა, მე ეგრე გემრიელად ჩაი არ მისვია. და ვიბაზრეთ და ვიბაზრეთ მთელი ღამე. - მართლა არაფერი ტო?... - არა, დილით ჰო, მეთქი არ გაუტყდეს, კაი გოგო იყო, რაზე მეწყენინებინა. ძაან ჯიგრულად ვიბაზრეთ რა და სხვანაირად გამეპრანჭა, ვიფიქრე, გული არ დაწყდეს, რა ვი, ცოდოა... - ან არ ეფიქრა, ტიპი ვერ არიო... – თქვა ყველაზე პატარამ. თვალებდაჭყეტილი იჯდა და ისეთ კაიფში იყო, ტუჩები ეფანტებოდა. გობიამ და ბაგომ ისევ ღიმილით გადახედეს ერთმანეთს. ბაგომ ცას ახედა. - ე, ნახე რას შვრება!.. ცა და მიწა ცუდად მიუახლოვდა ერთმანეთს. მანქანაში ჩასხდნენ, რო არ გაჭყლეტილიყვნენ. "С собаками жить по собачьи лаять", გმინავდა ნოგოვიცინი. მერე უცებ ამოიხრიალა: "Но я волк..." - წამო, სასაფლაოზე გავიდეთ, ბიჭები ვნახოთ. – თქვა ბაგომ. გობიამ მანქანა დაქოქა. დაღამდა: ...И буду по волчьи выть! ანთებულმა ფარებმა სიბნელე გაჭრა. შუქის ორი სვეტი უხმოდ მისრიალებდა სასაფლაოსკენ.
2004 წ. 25 აგვისტო
Last edited by Admin on Sat Feb 09, 2019 2:12 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ბექა ქურხული Fri Nov 26, 2010 4:04 pm
ბექა ქურხული
გადაღმა
სოფლის ბოლოში ისროლეს. ახალი ჩამოსული იყო. სახლი ცივი და ცარიელი დახვდა. დედა თბილისში წამოსულიყო. დააგვიანდა. შუა ოთახში იდგა. რაღაცა მაგრად გაუხარდა. სამზარეულოში შევიდა. ტაფაში როდინდელი შემწვარი კარტოფილი იყო ჩარჩენილი. გიო მობრუნდა. ჩანთა გახსნა. შოთი პური ჩამტვრეულიყო. ერთი ნატეხი ამოიღო. მერე უკანვე ჩადო. ფანჯარაში შიშველი ალვის ხეები ჩანდნენ. ისე იდგნენ, თითქოს მის ტოტებზე ჩამომხრჩვალი ხალხი ახლახან ჩამოეხსნათ. რომც არ ჩამოეხსნათ, რაა რო? რა ვი ერთი... წლების წინ ნანახი სიზმრები ახსენდებოდა. თან სრულიად მოულოდნელად და უცნაური სიცხადით. თითქოს ვიღაც ახვარი სარკით მზის სხივებს იჭერდა და პირდაპირ თვალებში აჭყეტავდა. უხსენებდნენ ძველი გადაბარებული თავანივით. ისევ ისროლეს. ცალად ისროდნენ, თითქოს წარსულიდან, ახლა ასე აღარ ისვრიან. აივანზე გამოვიდა. მეზობელი შეშას ჭრიდა. ჩუმად წაუსტვინა. მეზობელმა მოიხედა, ცოტა ხანს უაზროდ უყურა, მერე თვალები გაუბრწყინდა, ნაჯახი კუნძზე დაარჭო, ხელი აუწია და გაუღიმა. - სადა ხარ ბიჭო დაკარგული? - რა ვი, საქმე, უბედურება. - დღეს ჩამოხველ? - ჰო. - გადმო საღამოს. თავი დაუქნია. გადავიდოდა, მა რას იზამდა, უყვარდა ლოთებთან სმა. ჯიგრები არიან. ეს მით უმეტეს ჯიგარი ბიჭი იყო. მონადირე, დღე და მოსწრება ტყეში აქვს გატარებული, საცხენის ხრამს მაგის მეტი ვერავინ ახტებოდა, ყოჩაღი, ხოშიანი ბიჭი იყო. მერე გალოთდა, ახლაც ხოშიანი ბიჭია, უბრალოდ, სანადიროდ აღარ დადის. - გაიგე?.. – და ცას ახედა. – არ დაიკარგო. - ჰო, ღვინო გააქ? - იშოება. კარგი პური და ყველი მაქ და შეჭანგებული ღვინო. მოენატრა აქაურობა. შეჭანგებული ზაფხულის ღვინოც, ფრთასავით რო გაკრავს სიმჟავე, მაგრამ დალევა არ უნდოდა... არც არასოდეს უნდებოდა. ცივი სახლი ნელა, ძნელად თბებოდა. შეშაც ცოტა იყო. ასანთის ღერებიც უთავდებოდა. ისევ შუა ოთახში იდგა. ცარიელ კედლებს შეჰხედა. შავი ტუშით იყო წაწერილი მაგარი სენტენციები, რომლებსაც ბებიამისი უწერდა ბავშვობიდან, კაი ტიპი რომ გამოსულიყო: "სილბო გქონდეს ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა"... და ეგეთი რამეები, კირკეგორი და ამბავი. "რა ბედნიერები იყვნენ ტო, ბებიაჩემიც კი... რა თავისუფლად უყურებდნენ და რამდენად იოლი ეგონათ ყველაფერი". – გაიფიქრა და გაეცინა. "ე, ბებო, მანდ რომ მიხვედი, მაშინ მაინც გითხრეს, სად რა და როგორ?.. რო ცხოვრება სავსეა ჭეშმარიტებებით და სკანდინავიურ ბურუსში მობორიალე კირკეგორის გარეშეც ცხადზე ცხადია ყველაფერი". მერე წარწერებს თვალი ჩაუკრა და მიტოვებული ოთახები დაიარა. სამარადიოროდ შემოსული მარბიელი ჯარისკაცის არხეინი და მსუბუქი, რაღაცნაირი მოწყვეტილი ნაბიჯებით დაალაჯებდა, რომელმაც გრძელი და სახიფათო გზა გამოიარა, მდიდარი დავლისა და ალაფის მოლოდინში, მაგრამ შეცდომით საკუთარ სახლში ამოყო თავი. გულიც არ დასწყვეტია. ყოველ წამს შეეძლო, კარი გაეხურა და გზა გაეგრძელებინა. არც არსად ეჩქარებოდა. პატარა ოთახში შევიდა და წიგნი გადმოიღო. სავარძელში ჩაჯდა. ფეხები ფანჯრის რაფაზე შემოაწყო და კითხვა დაიწყო. დროდადრო თავის ტალახიან ბათინკებს შეავლებდა თვალს, და ისევ აგრძელებდა კითხვას. ციოდა. ხელები ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი და მარტო ფურცლის გადაშლისას იღებდა. მიშკინი ეპანჩინების გოგოებს აბამდა. სისულელეებს ლაპარაკობდა, მაგრამ ის ბებერი ეპილეპტიკი ესარჩლებოდა. "ვსე ანი ბილი როსლიე, გრუდასტიე ი კრასივიე". სამივე ერთად მოუნდა. მაგრამ მიშკინს მაგარი კაცი აძლევდა მასტს და ყველაფერი მას რჩებოდა: ეპანჩინების ქალები ამას მოუტეხა და რაგოჟინს – მგელს – ნასტასია ფილიპოვნა. ეგრეა, მგლობა იდიოტობასთან რას მოვა, მგელი სუ შუაზე გახეული რჩება. მანამდე კი დაშლიგინებს უღრანი ტყის ნაგლეჯ-ნაგლეჯ მიმობნეულ თოვლში უჩინარი და თავისთვის მოფიქრალი. ყოველდღე ელის დღის დასასრულს და იმ დღის დაწყებას, რომელსაც ნადავლი მოჰყვება, მაგრამ ნადავლიც ნადირია, ასწრებს და ისევ აქეთ-იქით აწყდება მუცელგალასტული. გააფთრებისაგან მიწის ჭამას იწყებს. მიწას ჩასაფრება და ლოდინი არ სჭირდება, აქვეა, შენს ფეხქვეშ. მერე ამდენ წოწიალში ხაფანგს გადაეყრება და ღრუბელს შეფარებული მთვარის ქვეშ მოიღრღნის საკუთარ თათს, თან ცალ თვალს ისევ არ მოაშორებს ნადავლის ნაკვალევს, რომ შემორჩენილი სამი თათით უკანასკნელი ნახტომი მოჭიმოს. არ შეიძლება ეგრე, მა რა, ეგ ყველამ იცის, იდიოტებმაც, მგლებმაც და ისე ხალხმაც. ღუმელი გახურდა და ცოტა დათბა. იჯდა, კითხულობდა და აპარსულ კეფაზე ისვამდა ხელს. აქ წამოსვლამდე, თბილისში თმა შეიჭრა. გვერდითა სკამთან ერთი სომეხი პარიკმახერი გადაბრუნდა და მოკვდა. ხალხი მიეხვია. ვიღაცამ წნევის გაზომვა დაუწყო, მაგრამ უკვე გათანგული იყო. უცებ დამძიმდა და გაქრა, თითქოს თავისი ბარგი სხვას დაუტოვა გადასატანად. გაქრა. მისმა პარიკმახერმა თმის შეჭრა გააგრძელა, თან უყვებოდა, რა კარგი კაცი იყო და რა მურტალი ბედი ჰქონდა. – "ამის გოგო ვიღაც აფერისტმა რუსეთში წაიყვანა, მთელი ფული შეუჭამა, იქ გალოთდა და გოგო უკან გამოაბრუნა. ეგრე დაუნგრია ოჯახი. კაცმაც, ამ უბედურმა, ინერვიულა და აჰა, აღარ არი, რა ცუდი დრო მოვიდა"... აღარ უსმენდა, არც თავიდან უსმენდა, უბრალოდ, ესმოდა. გამოსვლისას მაინც დახვდა კორიდორში დასვენებული. ნაცრისფერი იყო, ზუსტად თავისი ხალათის ფერი. ზედა ტუჩი ასწეოდა და ყვითელი კბილები გამხელილი ცოდვასავით უჩანდა. გზაშივე დაავიწყდა ეს ამბავი. ახლა კეფა რომ მოიფხანა, იმან გაახსენა. "სხვაგან რომ ვიყო და სხვა რამეს რომ ვაკეთებდე, გამახსენდებოდა? საერთოდ რაზე ვიფიქრებდი ახლა, სხვაგან რომ ვიყო?.. კაროჩე, მე მიშკინზე იდიოტი ვარ". – გაიფიქრა და ისევ საკუთარ ბათინკებს გახედა. ბათინკებს ტალახი ნაცრისფრად ახმებოდა. კითხვა განაგრძო. წიგნის ფურცლები სავსე იყო სიტყვებით, რომელსაც ჯიუტად წერდა ვიღაცა. კითხულობდა. მერე დაბნელდა. საღამოს ბინდმა ძმაკაცივით მოაკითხა. ეზოში მდგარი ხეებიც სიბნელეს აფრქვევდნენ, მყუდროდ ღამდებოდა. მობეზრდა მიშკინის ჭიჭყინი. ამათი გულისთვის ლამფის ანთება ნამდვილად არ ღირდა. ადგა, დიდ, ნახევრად გახსნილ შავ ჩანთას გადმოაბიჯა და გარეთ გამოვიდა. ცოტა ხანს აივანზე იდგა. მეზობლის სახლში ლამფა აენთოთ და ჭურჭლის ჩხრიალი ისმოდა. ჭიშკრიდან მოვლა დაეზარა. ღობეს გადაახტა და მეზობლის ტალახიან ეზოში ჩაჭყაპუნდა. მეზობელმა სათონიდან გამოყო თავი. - მოხველ?.. ეგე მაქედან ხახვი გამოაყოლე. ბნელოდა. ერთმანეთს ვერ არჩევდნენ. და სუ ფეხებზე ეკიდათ, თუ არც გათენდებოდა.
1998 წელი
Last edited by Admin on Sun Jan 26, 2020 12:22 pm; edited 2 times in total
Admin
Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ბექა ქურხული Tue May 03, 2011 8:07 pm
თამარ კიკნაველიძე
მეტისმეტად საღი მწერალი
24 საათი 30.04.11
"საბჭოთა კავშირის დროს, როცა დაპყრობილები ვიყავით, ზემელზე ათი კაცი რომ გაგეჩერებინა და გეკითხა, ქართველები მაგრები ვართ თუ არაო, ათიდან ცხრა დაგცინებდა, მაგას რა კითხვა უნდა, მაგრები ვართ, თან ძალიან მაგრებიო და მხოლოდ ერთი ჭკვიანი, ისიც თუ გაგიმართლებდა და შეგხვდებოდა, გიპასუხებდა, არა მგონია, არ ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც მაგრები და რკინის მკვნეტელები ვიყოთო...
ახლა, როცა 21 წელია დამოუკიდებლები და თავისუფლები ვართ, იმავე ზემელზე ათი კაცი რომ გააჩერო და ჰკითხო, ქართველები მაგრები ვართ თუ არაო, ათიდან ცხრა ისევ დაგცინებს, რა მაგრები, რეებს მეკითხები, მაშაყირებ თუ რა, მაგარი არა, ფეხებიო… და მხოლოდ ერთმა გიჟმა, ისიც თუ გაგიმართლა და შეგხვდა, შეიძლება გიპასუხოს, მაინც მაგრები ვართ, მაგის დედაც ვატირეო," - ამ ჩანაწერით დაამთავრა ბექა ქურხულმა საღამო, რომელიც 27 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. საუბრებს ლიტერატურაზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი კილაძე უძღვებოდა.
პირველი შეკითხვა, რომელიც მასპინძელმა მწერალს დაუსვა, იყო: "როგორია შენი ლიტერატურული და არალიტერატურული სივი?" რასაც სტუმარმა ამომწურავად უპასუხა. დარბაზში შეკრებილთაგან უმრავლესობამ ბექა ქურხულის შემოქმედებითი ბიოგრაფიიდან ბევრი რამ იცოდა, მაგრამ ავტორის მოყოლილი ყველასთვის საინტერესო აღმოჩნდა: "მე გახლავართ ბექა ქურხული. აი, ასე, მოკლედ და კონკრეტულად. რაც შეეხება ლიტერატურულ სივის, ჩემი ნოველები პირველად 1991 წელს, გაზეთ "მამულში" დაიბეჭდა, რომლის რედაქტორიც ბ-ნი ვაჟა გიგაშვილი, ცნობილი მწერალი და სცენარისტი იყო. სხვათა შორის, ბ-ნი ვაჟა არა მხოლოდ ჩემი, არამედ რამდენიმე დღეს უკვე ცნობილი ლიტერატორის, მაგალითად - გაგა ნახუცრიშვილის, ნათლიაც გახლავთ. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა გითხრათ, რომ ძალიან არაპოეტური ადამიანი ვარ, რადგან ლექსი არასოდეს დამიწერია. მიმაჩნია, რომ პოეზია ბევრი რამით არის პროზაზე აღმატებული. 1996 წელს დავამთავრე ბ-ნ თამაზ ჭილაძის სახელოსნო, თეატრალური ინსტიტუტის დრამატურგიის ფაკულტეტი, მაგრამ არც ერთი პიესა არ დამიწერია და ესეც იმიტომ, რომ დრამატურგია, ჩემი აზრით, პოეზიასთან უფრო ახლოა, ვიდრე პროზასთან. სხვათა შორის, ეს ჯგუფი ძალიან მაგარი იყო და შემიძლია ჩამოვთვალო ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად სწავლობდნენ, მაგალითად: ბაჩო კვირტია, რატი ქართველიშვილი, ირაკლი სოლომონაშვილი, ბასა ჯანიკაშვილი, მანანა დოიაშვილი, ზაზა ასლანიძე. ამასთან, ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ისეთი ლიტერატორი, პროზაიკოსი და პოეტი, როგორიც თამაზ ჭილაძეა. რაც შეეხება გამოცემებს, ჩემი მოთხრობები სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა "არილში", "ალტერნატივაში", "პარნასში", "ლიტერატურულ პალიტრაში", "ლიტერატურულ გაზეთში" და ა.შ. გამოცემული მაქვს სულ სამი წიგნი, რომელთაგან პირველი "დილის გაზეთმა" და "კავკასიურმა სახლმა" მანანა კარტოზიასა და ნაირა გელაშვილის ინიციატივით გამოსცა და ყველაზე მეტად მიყვარს, არა იმიტომ, რომ პირველი მაინც რაღაც სხვაა ნებისმიერი ადამიანისთვის... ორნაწილიანი წიგნი შედგება ჩანაწერებისა და "დილის გაზეთში" მუშაობის პერიოდში ცხელ წერტილებში ყოფნისას დაწერილი სტატიების კრებულისგან, სახელწოდებით "დაკარგული ტერიტორიის დაკარგული ადამიანები", რომელიც ამ გადმოსახედიდან ცოტა გულუბრყვილოდ მეჩვენება, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება, ვფიქრობ, სწორი იყო. ყოველ შემთხვევაში, სკანდალი და სენსაცია, რაც ახლა ასე მოდაშია, ჩემთვის მნიშვნელოვანი არც მაშინ იყო და არც ახლაა. ჩემი მეორე წიგნის სახელწოდებაა "სახლი სხვაგან", რომელიც 2005 წელს ლევან თითმერიამ გამოსცა და "საბას" საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. მისი გამოცემა მთლიანად ბესო ხვედელიძის სახელთან არის დაკავშირებული, რადგან ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა, წაიღო მასალა და ჩამაბარა - წიგნი. რაც შეეხება მესამე კრებულს, სულ ახლახან, 2010 წლის ოქტომბერში გამოიცა, რედაქტორია რატი ქართველიშვილი."
მწერალმა საღამოზე ჯერ გამოუქვეყნებელი, ახლახან დასრულებული და გადათეთრებული ჩანაწერები, მათ შორის: "იმათ, ვინც მიყვარს", "კირგიზი აბაევის გადარჩენა", წაიკითხა. კარგადაც კითხულობდა. ავტორის სათქმელმა მსმენელამდე მიაღწია და დამსწრეთა მოწონებაც ადვილად დაიმსახურა. ერთ-ერთ შეკითხვაზე, რა გავლენა მოახდინა შენზე ომმა, რომელსაც ყველაზე ხშირად უტრიალებ როგორც ჩანაწერებსა და მოთხრობებში, ასევე პირად საუბრებში, ავტორმა უპასუხა: "მე დამარცხებული ვარ! სხვათა შორის, 2008 წლის ომი რამდენიმე ნიშნით მართლაც უნიკალური იყო. უპირველესად იმით, რომ წააგო მხარემ, რომელსაც ბრძოლა არ წაუგია, მეორეც - ეს მოხალისეთა ომი იყო და ისე, როგორც სტალინმა გაირეკა წინ 700 ათასი ქართველი ძალით, არავინ გაუწვევიათ, და მესამეც - პასუხისმგებლობა, უმეტეს შემთხვევაში, ჰქონდა არა მთავარსარდალს ან შტაბის უფროსს, არამედ რიგითს და ამის მაგალითები ბევრია... ეს ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის... ახლა რომ მახსენდება თამარაშენი, კოდორისა და ლიახვის ხეობები, მერჩივნა თბილისი წაეღოთ, იმიტომ, რომ საქართველო არის იქ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ეს ყველაფერი რომ ბოლომდე გააცნობიერო, შეიძლება ტყვია დაიხალო თავში და არა მგონია, ასეთი განწყობა და დამოკიდებულება არაბუნებრივი იყოს. ეს ჩვენთან გახდა ეროვნული ფასეულობების გადავლა-გადმოვლა კარგი ტონი, თორემ აბა, მიდი და რომელიმე, თუნდაც ძალიან დემოკრატიული ქვეყნის ფასეულობებსა და სიწმინდეს შეეხე, არ გაპატიებს!"
მისთვის ყველაზე მტკივნეულ თემებზე საუბრის შემდეგ მწერალმა მეგობრებისადმი მიძღვნილი ჩანაწერებიც წაიკითხა. ერთ-ერთი ასე იწყებოდა: "რატი ქართველიშვილი ჩემს ნაწერებს არჩევს. ძალიან მკაცრად, პრინციპულად და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, საოცრად დამაბნეველი არგუმენტებით მაკრიტიკებს. უმთავრესად იმას მიპროტესტებს, რომ ჩემს ნაწერებში არ იხატება არანაირი პათოლოგია, არ ჩანს ის სიმახინჯე, გადახრა, ანომალია, მარაზმი და უბედურება, რითიც სავსეა თანამედროვე ლიტერატურა, და არა მხოლოდ ლიტერატურა, არამედ მთელი სამყარო და, მათ შორის, საქართველო". როგორც საღამოზე შევიტყვეთ, მალე მისი მეოთხე წიგნიც გამოვა.
Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ბექა ქურხული Sat Jun 18, 2011 6:50 pm
წიგნის დასახელება – "შეხვედრა მას შემდეგ" (მოთხრობები) ავტორი – ბექა ქურხული გამომცემლობა – “პეგასი” სერია – "ახალი ლიტერატურა" გამომცემელი – მარინე ცხადაია ყდის დიზაინი – ნანუკა ჭიღლაძე რედაქტორი – რატი ქართველიშვილი მხატვარი – სოსო ღვედაშვილი დიზაინი და ტექნიკური უზრუნველყოფა – ეკა წიქარიშვილი ყდა – მაგარი გამოცემის წელი – 2010 ISBN 978–9941-9146–4-5 გვერდების რაოდენობა – 220
ბექა ქურხული - ცარიელი საფერფლე
რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი ხმის რეჟისორი - ბაკო ხვიჩია
მონაწილეობენ: ნიკა წერედიანი, გოგა ბერიძე, ზურაბ ცინცქილაძე.
ჩაწერილია 2015 წელს.
Last edited by Admin on Sat Feb 09, 2019 2:11 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ბექა ქურხული Wed Jan 25, 2012 10:01 pm
„ორი მთვარის ამბავი“ - აი, ამ წიგნის წარდგინება იყო „დიოგენეს“ წიგნის მაღაზიაში, მართლა კარგად გამოსცა „სიესტამ“. იქიდან მოვედი ეხლა და იქ რაც ვთქვი, ის არის, რომ: ბექა ქურხული ის მწერალია, მარტო წიგნიდან წიგნამდე რომ არ მოძრაობს, ჯერ ცხოვრობს და რაც გადახდება, იმას წერს და ეს ეტყობა კიდეც ნაწერს, – ისევე, როგორც ჰემინგუეის ნაწერებს... ისე ეტყობა, რომ მკითხველიც გრძნობს, რომ სიყალბის გარეშე დაწერილებია და ამიტომაც უყვარს ბექას წიგნები. წინ დიდი გზა აქვს ბექას, – კეთილად ევლოს და მკითხველის სიყვარულს გაფრთხილებოდეს მეთქი“.
მიხო მოსულიშვილი, 2012 წლის 17თებერვალი
წიგნის დასახელება – "ორი მთვარის ამბავი" (რომანი) ავტორი – ბექა ქურხული გამომცემლობა – “სიესტა” გამომცემელი – ქეთი კიღურაძე გამოცემის წელი – ISBN 978–9941-....–.-.
ანოტაცია – რომანი “ორი მთვარის ამბავი” წარმოადგენს ერთი გვარის ამბავს, რომელიც ლეგენდის თანახმად ტბაში ბინადარი ალისაგან წარმოიშვა. რომანის ნარატივი ისეთივე არეული და წყვეტადია, როგორც საქართველოს ისტორია საერთოდ: რომანი ეპიზოდებად ვითარდება, სადაც მამა-პაპათა და შვილთაშვილთა ამბავი, დიალექტი და თბილისური სლენგი ერთმანეთში გადადის. ეს არის საგა, რომელშიც გასაბჭოებამდელ, საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა პერიოდების აბსურდულ კარუსელში ძველი და ახალი თაობები კარგავენ და ხელახლა პოულობენ ერთმანეთს.
Admin
Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ბექა ქურხული Sun Jan 26, 2020 12:03 pm
იზმი და ისტი ნებისმიერი ჩემში იწვევს აგრესიას - მწერალი ბექა ქურხული გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ •Jan 25, 2020 TV IMEDI
Admin
Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა ვიდეო - პორტრეტები. “ ცოცხალი წიგნები ”
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი “ ცოცხალი წიგნები ” წარმოგიდგენთ თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა ვიდეო- პორტრეტებს.