არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ალექსანდრე ქოქრაშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ალექსანდრე ქოქრაშვილი Empty
PostSubject: ალექსანდრე ქოქრაშვილი   ალექსანდრე ქოქრაშვილი EmptyTue Mar 16, 2010 4:05 pm

ალექსანდრე ქოქრაშვილი Dato_k10
Alexander Kokrashvili - (1960-) The dramatist and playwright from Georgia (country)

ალექსანდრე ქოქრაშვილი
დრამატურგი, კინოდოკუმენტალისტი

ალექსანდრე (დათო) ქოქრაშვილი დაიბადა 1960 წელს, დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი.

წიგნები:
* „სტაფილო, ანუ მესამე კატეგორიის მკვლელი (ერთმოქმედებიანი პიესა)“, გამომცემლობა „გლოსა“, 2015
* „ორი პიესა“ (მარწყვის ცივი ტორტი, მეზუნია ჩიტები), გამომცემლობა „სამკალი, 2004

ბმულები:
* http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/215271/1/Teatri_Da_Tskxovreba_2017_N2.pdf
* http://liberali.ge/articles/view/23871/salome.ge
* http://www.opentext.org.ge/index.php?m=57&y=2002&art=9923

study


Last edited by Admin on Mon Apr 15, 2019 11:08 am; edited 9 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ალექსანდრე ქოქრაშვილი Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე ქოქრაშვილი   ალექსანდრე ქოქრაშვილი EmptyMon Apr 15, 2019 9:34 am

ალექსანდრე ქოქრაშვილი Dato_q10

წიგნის დასახელება: "ორი პიესა (მარწყვის ცივი ტორტი, მეზუნია ჩიტები)"
წიგნის ავტორი: ალექსანდრე ქოქრაშვილი
გამომცემლობა: “სამკალი"
გამოცემის წელი: 2004
ISBN: 99940-0-121-3
ყდა: რბილი
გამომცემლები: მამუკა ჩხაიძე, თედო თევდორაშვილი
რედაქტორი: მიხო მოსულიშვილი
მხატვარი: დავით აფციაური
კომპიუტერული დიზაინი: ვახტანგ ელერდაშვილი
გვერდების რაოდენობა: 136

ანოტაცია: ერთმოქმედებიანი პიესა "მარწყვის ცივი ტორტი" (1992 წ.) და ორმოქმედებიანი პიესა "მეზუნია ჩიტები" წარმატებით იდგმებოდა საქართველოს სხვადასხვა თეატრების სცენებზე.


study


Last edited by Admin on Mon Apr 15, 2019 11:22 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ალექსანდრე ქოქრაშვილი Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე ქოქრაშვილი   ალექსანდრე ქოქრაშვილი EmptyMon Apr 15, 2019 10:40 am

ალექსანდრე ქოქრაშვილი Qoqra-10

გვანცა ჯავახაძე

„ხომ უნდა დაეშალეთ, ოდესღაც,,,, ოდესღაც....ოდესღაც....“

სპექტაკლიდან სპექტაკლამდე მიმტკიცდება მოსაზრება, რომელიც ამ თხუთმეტი წლის წინ ჩამოყალიბდა ჩემს ცნობიერებაში (როცა თეატრში მუშაობა დავიწყე ), რომ აფიშაზე უნდა იწერებოდეს ამა და ამ რეჟისორის ესა და ეს სპექტაკლი , ამა და ამ ავტორის ნაწარმოების მიხედვით. იმედია, არ მიწყენენ დრამატურგები, მაგრამ ფაქტია, რეჟისორი, ხშირ შემთხვევაში, ფაბულას იყენებს მხოლოდ და თვიდან თხზავს მთელს დრამატურგიას. მით უფრო, ისეთი რეჟისორი, როგორიც გიორგი თავაძეა. 90– იან წლებში შექმნილ და აქტუალურ პიესას, მან, ახალი სოცოცხლე შესძინა და საუკეთესო რედაქციით მესხიშვილის თეატრის სცენაზე შემოგვთავაზა.
„მარწყვის ცივი ტორტი“ გიორგი თავაძის მეორე ნამუშევარია ქუთაისის თეატრში, მხოლოდ ამ ორ სპეექტაკლზე დაკვირვება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მის რეჟისორულ ფანტაზიას ძალიან შორს, მრავალი ათეული წლის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს საზღვარი; რომ პროფესიის საფუძვლიანი ცოდნა და შეგრძნება სრულიად თავისუფალსა და თავდაჯერებულს ხდის .
კარგა ხანს ვფიქრობდით, რა ჟანრი შეგვერჩია ამ ნახევრად იგავური, ნახევად ზრაპრული და, ამავდროულად, საოცრად რეალისტური სპექტაკლისთვის... დამეთანხმებით, გაბედული ნაბიჯია, შენ თავად მოირგო ჟანრი და უფრო მეტიც, გამოიგონო. მართალც, აქ გასაოცარი ეკლექტიკაა – არის დრამა, კომედიის ელემენტები, ფენტეზი, კლოუნადა, მელოდრამა.მაგრამ ერთი წუთით არ გეუფლება ქაოსის შეგრნება. რეისორი ყველა ნიუანსს თავის ადგილს უჩენს და ნორმის უზუსტესი დაცვით მათ გასაოცარ სინთეზს გვთავზობს.
თამამია გიორგი თავაძე გამომსახველი ხერხების სიუხვეშიც, იგი გამუდმებით ბეწვის ხიდზე დადის. გამუდმებით გაოცებს გემოვნებით და ინტუიციით.
ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო და მომხიბვლელია კონცეფცია, რომელიც ეგზისტენციალური სიღრმეების მეორე და მესამე კი არ, პირველ შრეზე გამოტანას გულისხმოს. აქ პერსონაჟები ხმამაღლა ფიქრობენ, იქვე, მაყურებლის თვალწინ იღებენ გადაწყვეტილებებს, ბჭობენ, ხელის გულზე გიდებენ მთელს თავიანთ გულისტკივილს, მიამიტობამდე გულუბრყვილონი არიან და გასაოცარ თანაგრძნობას იმსახურებენ. ზოგჯერ რეჟისორი მკვეთრად ილუსტრირებულ ფორმას მიმართავს,რაც ერთგვარ კეთილშობილურ ძალადობას ჰგავს – კარგად გაგაგებინოს და დაგაფიქროს , გაგიმეოროს და მიგახვედროს– გინდა ეს, თუ არა !
მიუხედავად გასაოცრად ნოვატორული ტენდენციებისა, გიორგი თავაძე ვერ გაექცა თეატრის ერთ – ერთ ყველაზე გემრიელ და სიმყუდროვისმომგვრელ კომპონენეტს, სპექტაკლს აქვს ფერი. დასაწყისიდან ბოლო აკორდამდე. მისი შეგრძება არ გტოვებს , იგი იცველბა, აქვს გრადაცია, მარამ მაინც ერთია. და ის ცივი სილურჯე მაცივრის ღია კარიდან გამოსული კი არა, ჩვენივე სულებიდან ამოსულია, თავადაც რომ გვყინავს და გარშემოც რომ სიცივეს და გაუცხოებას გვათესინებს.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პიესა 90 –იანი წლების შვილია. საზოგადოებასა და ხელოვნებაში გავრცელებული იმჟამინდელი მოდური აგრესიის საპირისპიროდ, ალექსანდრე ქოქრაშვილის ეს ნაწარმოები ადამიანურ პრიორიტეტებზე , ზნეობასა და ურთიერთობების დეფიციტზე მიგვითითებს. სევდიანი ამბავი, რომელიც მწერალმა იგავური ენით მოიტანა მკითხველამდე, თითოეული ჩვენგანის თავგადსავალია. ყველა ადამიანი ხომ ადგილს ეძებს და იმკვიდრებს სოციუმში, საკუთარ ღირებულებებს , უპირატესობას ამტკიცებს : და ბოლოს, ხომ ყველას ერთი გვინდა – „სიყვარული, ჩახუტება შოკოლადი“. აქ მნიშვნელობა არ აქვს წარმომავლობას, განათლებას, გარეგნობას, ასაკს. პროფესიას. და , საერთოდ, არაფერს, რაც ადამიანის – პიროვნების პორტფოლიოს ქმნის. ბედნიერება და კეთილდღეობა ყველასათვის ერთნაირი შეგრძნებაა, სიკვდილის და დავიწყების შიშიც ერთანირია.
ავტორი გვთავაზობს ოთხ, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ პერსონაჟს, რომელთაც ერთი ბედისწერა აერთიანებთ. ისინი ადამიანებად – მაცივრებად გაუჩენია განგებას... ისინი ეპოქის შვიელბი არიან, სადაც ღირებულებები გამქრალა და ვიღაცის ყოვლისშემძლე ხელი ადამიანების ბედით თამაშობს. არა, ბატონო, ეს არ გახლავთ უფალი. პიესაში უჩინარი, უშო, რეჟისორმა მეტად საცნობი და ახლობელი გახადა.
- სულ საქართველოზე ვდგამ, ასე გამომდისო. - ერთხელ პირად საუბარში მითხრა ბატონმა გოგამ. უშო, რომელიც წესრიგს ამყარებს მოცემულ რეალობაში , ჩვენი ქვეყნის მოყვრად მოსულ მტრად გაცოცხლდა სპექტაკლში. მისი კარიკატურული, ბრჭყვიალა სახე, თავიდან ბოლომდე რეჟისორის შემოქმედებაა.
გიორგი თავაძეს თავისი ჩანაფიქრისა და სურვილების განხორციელებაში ერთგულად ედგა გვერდით ქეთევან ციციშვილი. მხატვარი, რომელიც დაუღალავად მუშაობდა შემოქმედებითი პროცესის მთელს მანძილზე. ესწრებოდა ყველა რეპეტიციას, თავისუფალ დროს თეატრის სამკერვალოში ატარებდა და თავისი ხელით ქმნიდა კოსტიუმების დეტალებს, ქალბატონ მარინე გაჩეჩილაძესთან ერთად. ქეთიმ შექმნა კოსტიუმების არაჩვეულებრვი ესკიზები „მაცივრებისთვის“, რომელთა მატერიალიზება სრულად მიენდო ბატონ რამაზ ფორჩხიძეს.
უცნაურ, ესთეტიურად დახვეწილ და რთული კონსტრუქციით შექმნილ კოსტიუმებს ირგებენ მსახიობები: მარიკა სამანიშვილი(საქართველოს დამსახურებული არტისტი, ვერიკო ანჯაფარიძის პრემიის ლაურეატი), ირინე გუბელაძე, თენგიზ ჯავახაძე და გოჩა ნემსიწვერიძე.
ქალბატონი თეოდორა .
მარიკა სამანიშვილის გმირთა მრავალფეროვან გალერეას შეემატა ოდნავ ექსცენტრული, საყვარელი, მიამიტი, თავდაჯერებული, ღირსების გრძნობთ აღსავსე და საკუთარ თავში დარწმუნებული პერსონაჟი – თეოდორა. მსახიობს წილად სხვდა სპექტაკლის პირველი ნოტის , ტონის მიცემის რთული და საპასუხისმგებლო მისია. მაღალი პროფესიონალიზმი, ნიჭიერება და ოსტატობა იმთავითვე იმის გარანტი გახდა, რომ ქალბატონი მარიკა, ფაქტობრივად, ვერც კი გეცნო სცენზე. მეტყველების განსაკუთრებული მანერა, ძუნწი ჟესტი, გარეგნული გარდასახვა, სამსახიობო იერის სულ სხვა ჭრილით ჩვენება ამ როლის გამარჯვების გასაღებია. ნამდვილი და წრფელია მისი გაოცება, მისი აღშფოთება, აღტაცება და ბოლოს, მწუხარება. ტრაგიკული გმირის ამ საინტერესო სახელს მსახიობი წარმატებით ანსახიერებს. იგი ყველაზე ძუნწად იყენებს გამომსახველ საშალებებს და უფრო მკაფიოდ იხრება დრამისკენ.ყველაზე გრაციოზული და თავდაჯერებულია, ამაყი და უკარება თავის სიმარტოვეში. მარიკა სამანიშვილის პერსონაჟი სრულიად მოკლებულია პლებეურ მსოფლაღქმას. მისთვის, მაღალი მარკის საუცხოო მაცივრისთვის, ღირსება ყველაზე მაღლა დგას.
მე მიყვარს ქალბატონო თეოდორა, თავისი ოქროს შუალედით, არ დასცინოს, მაგრამ თავი არ გაუყადროს მდაბიოებს.
სრულიად განსხვავებულია ირინა გუბელაძის საშიკო – არაფრის მნახველი, უბადრუკი, ძვემოლდური მაცივარი, რომელსაც უხიაგი პატრონი არც კი ასუფთავებდა. მარიკა სამანიშვილის იმპოზანტური ოპუსის შემდეგ, ირინას ბავშვური სიგიჟმაჟე შემოაქვს სცენაზე. მისი წრეგადასული აღტაცება, მხიარულება, მცირედით დაკმაყოფიელბა, თავგანწირულება, ზუსტად შეესაბამება პერსონაჟის ხასიათს. მსახიობს კარგი პლასტიკა უწყობს ხელს გმირის სრულყოფაში, საშიკო გასაოცრად მოქნილი და ელასტიურია. ირინა გუბელაძის თამაშის ხერხს მკაფიოდ ეტყობა, რა კარგად ფლობს მსახიობი პროფესიას და როგორ ერთგულად მიჰყვება რეჟისორის ჩანაფიქრს. საშიკო ყველაზე სენტიმენტალურია, ყველაზე გულუბრყვილო, ზოგჯერ უტაქტო და ხისტიც. ჟრჟოლისმომგვრელია მისი იმედნარევი განწირულობა – „შენ კი იმიტომ გშლიან, რომ ხომ უნდა დაეშალეთ როდისმე“ . . . მას წილად ხვდა უკანასკნელის ხვედრი, ყველაზე მძიმე – სიკვდილის მოლოდინი.
როხროხა, როყიო,ნამდვილი ოტროველაა გოჩა ნემსიწვერიძის ზილო – ზილბერტი. სახელივით მოუხეშავ – მოუხელთებელი. მსახიობი ქმნის პროლეტარიატის ყველზე დაბალი ფენის წარმომადგენლის პორტრეტს.მონდომებით ძერწავს მას, არ იშურებს გამომსახველ საშუალებებს. ზილბერტის შინაგანი ენერგეტიკა, რომელიც გოჩა ნემსიწვერიძის ინტელექტიდან ასოთხმოცი გრადუსით მდებარეობს, მსახიობმა არტისტული რესურსის მარაგიდან ზუსტად გამოძებნა და მოარგო პერსონაჟს. ზილბერტი ის კაცია, შესაშურად რომ აქვთ ხოლმე ხშირად საქმე, ,,არრის მცოდნე, არრის მქონე, მცირედითაც კამყოფილი“. მას არასოდეს შეაწუხებს მსოფლიო სევდა, გლობალური კატაკლიზმები, ცხოვრებას ვიწრო, თავისი ვიტრინის პრიზმიდან გამოჰყურებს და ცხოვრობს არხეინად. მე არ იცი , რატომ გაიმეტა დრამატურგმა ასე მწარედ ზილო და წარმოგვიდგინა სტერილურ, არაფრისმაქნის მამაკაცად. ასეა თუ ისე, გოჩა ნემსიწვერიძე ამ ტვირთს შესაბრალისად აზიდინებს ზილბერტს და მაყურებელში ჭეშმარიტ თანაგრძნობას აჩენს,
ვეტერანი – ქარიშხალი, ზეიმი, ნამდვილი არტიტული სიგიჟე. ჩემს მახსოვრობაში არსადაა თენგიზ ჯავახაძის ასეთი სახე. იგი იყენებს მაყურებლისათვვის ჯერაც უცნობ ფერებს და სრულიად ელვარე პერსონაჟს ქმნის. ვეტერანი ისე გატყდება თავს, ვერ ხვდები, რომელი კედელი გაანგრია, საიდან, რომელი სუბსტანციიდან შემოიჭრა. მას ეგზოტიკის არომატი დაჰკრავს, შლეგია, ექსცენტრული, მსუნაგი. თენგიზ ჯავახაძეს უდაოდ მისცა პერსონაჟმა გასაქანი, შეექმნა სრულიად გასაოცარი სახე, მაგრამ მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ჭეშმარიტად ბეწვის ხიდზე გავლით, კიდევ უფრო გაამდიდრა და გააფერადა პიესის მოცემულობა. მსახიობი ყველაზე რადიკალურ ხარხებს მიმართავს. სრულიად თავისუფალია მისი ქცევა, მეტყველება, მანერა, ჟესტი. ამის მიუხედავად, მას არსად ღალატობს ზომიერების გრძნობა, რაც მხოლოდ პროფესიონალისთვის და უზადო გემოვნებისთვისაა დამახასიათებელი.
ისინი – ქუდოსანთა ამალა, როგორც მათ რეჟისორმა უწოდა.
თეატრის მსახიობების გვერით, ოთხეულში, ვხვდებით ნიკუშა ძნელაძეს. ის ირინა გუბელაძისა და ზურაბ ძნელაძის ვაჟია და არცაა გაასაკვირი, მსახიობობა რომ მოინდომა. ნიკუშა ჯერ კიდევ მოსწავლეა, თორნიკე მარჯანიშვილის თეატრალური სტუდიის აღსაზრდელი და მომავალი არტისტი. იგი თამამად დგას სცენაზე და ტოლს არ უდებს უფროსებს. არც თუ იოლ დავალებას, მშვენივრად გაართვა თავი და სხვებთან ერთად მისი დამსახურებაცაა, რომ პიესაში არარსებული, ან სქემატური სახეები სპექტაკლში ნამდვილ როლებად იქცა.
სცენური სივრცის ფლობა, სინქრონულობა, რიტმის ზუსტი შეგრძნება, ზომიერება –ქუდოსანთა ამალის როლების გასაღებია. ისინი – რეზი ქაროსანიძე, გიორგი ქართველიშვილი, გაგი შენგელია, ჯერ კიდევ მზარდი, პერსპექტიული მსახიობები არიან. ჯერ კიდევ ეძებენ თავიანთ ნიშას, ამპლუას, ფუნქციას თეატრში. ნიჭიერება, პროფესიული თვისებები და კარგი სცენური გარეგნობა მათ უდაო წარმატებას უქადის. დავსძენ ერთსაც, რომ მესხიშვილის თეატრში, ეს ახალგაზრდები, საიმედო ხელში არიან და მათ გემოვნებას საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება. ბიჭების კრეატიული აზროვენება , ახალგაზრდული ხედვა რეჯისორმა მორგებულად გამოიყენა და, როგორც მოგახსენეთ, არასებული როლებიდან სახეები , და მე ვიტყოდი, მშვენიერი , სახეები შეიქმნა,
მთავარი –უშო. უშანგი– აბელ სოსელია.
აბელმა უკვე მრავალჯერ გაგვაოცა ნიჭიერებით.მე არ მოვყვები მის მიერ წარმატებით განხორციელებული როლების ჩამოთვლას. უღალატოა, ერთგული და დაუზარებელი სცენაზე. აბელს მოუსინჯას სხვადასხვა ამპლუა. ახლა კი შესანიშნავად მოირგო მსოფლიო კამერტონის როლი. იგი სულ რამდენჯერმე ( უფრო ზუსტად – ორჯერ ) ჩნდება სცენაზე და ამის მიუხედავად, გასაოცარ ეფექტს ახდენს. მსახიობის მკაფიო, ზუსტი ჟესტები, გაუგებრი ლექსიკა,შემპარავი, მფრთხალი ნაბიჯები მრავალ ასოციაციას ბადებს. დამდგმელ რეჟისორს კიდევ ერთხელ მიდნა გავუმეორო –ბრავო, ბატონო გოგა! - ჩემის აზრით, ეს ჭეშმარიტი გამარჯვებაა! მე მართლაც იშვიათად მიანახავს ამგვარად ლაკონური და მეტყველი სცენური სახე,
ხშირად მსაყვედურობენ, რომ თეატრზე მხოლოდ კარგს ვწერ და ეს წერილები მოკლებულია კრიტიკას, რომ უფრო დითირამბებს ვუმღერი შემოქმედებით ჯგუფს, ვიდრე მათ ვამათრახებ.
ჯერ ერთი – მე მიყვარს თეატრი. მიყვარს თავისი წარმატება – წარუმატებლობით. მიყვარს სავსე და ცარიელი პარტერი. შემდგარი და მოხსნილი სექტაკლები.
მეორეც – წილად მხვდა ბედნიერება, თანამონაწილე გავხდე შემოქმედებითი პროცესისა. მსახიობებთან და რეჟისორებთან ერთად გავიარო ყველა დაბრკოლება, ყველა სიხარული, გამარჯვება და დამარცხება.
მესამეც – რასაც მოგახსენებთ, სრული სიმართლეა და ვერც ერთი მაყურებელი, თუ ამ წერილის მკითხველი, ვერ შემომედავება, რომ სუბიექტური ვარ და სადმე გადავაჭარბე. რატომ არ უნდა მომწონდეს სპექტაკლი აკინძული და ერთ სხეულად ქცეული ელემენტებით, სადაც შინაარსიც მშვეიერია და ფორმაც, სადაც ღიმილნარევი სიმკაცრით გახსენებენ აუცილებელს, დაუვიწყარს, უმნიშვნელოვანესს. სადაც სცენა და პარტერი ერთ მთლიანობად იქცევა, ერთი აქვთ ფიქრი, აზრი, გემოვნება. სადაც დაფიქრდები ყოფიერებაზე, ცხოვრების არარაობაზე, არჩევანის ქონასა თუ უქონლობაზე. ეს ჩვენი მაცივარ – კაცები, ჩვენი თანამემამულეები არიან, ჩვენ ვართ, თითოეული. ხელებმოჭრილი, დაბეჩავებული, გადასაგდებად და დასაშლელად განწირულ ინდივიდები, რომელთა ყოფნა–არყოფნით სამყაროს წესრიგში აბსოუტურად არაფერი შეიცვლება.
„ ხომ უნდა დაეშალეთ, როდესმეო! “ - გულაჩუყებული ამბობს საშიკო, თუმცა, გადასარევად იცის, რომ ეს როდესმე, ჯერ არ დამდგარა. ის ვიღაც მისნაირის, მოკვდავის ნებაა და არა განგების. თეოდორამ, საშიკომ, ზილბერტმა და ვეტერანმა ეს გზა აირჩეს. ვიღაცამ, უშნოობა, სხვებმა–უშნოს ლაქიაობა.
ღირსეულად იცხოვრებ თუ უღირსად, მსოაფიო შედევრებს გაეცნობი, თუ ერთი ვიწრო სარკმელიდან დაინახავ მთელს სამყაროს, მთავარი სწორი არჩევანია. ცხოვრება ჯაჭვია, ერთის შეცდომას და არასწორ არჩევანს, მეორის, იგივე არასწორი ნაბიჯი მოჰყვება, მერე მესამის და ასე შემდეგ. ჩვენ განახებთ, რა შეიძება მოხდეს.
ვისხდეთ გულხელდაკრეფილები და ბედისწერას მივენდოთ, თუ ვიმოქმედოთ, არჩევანი თქვენთვის მოგვინდია!


January 23, 2015


ალექსანდრე ქოქრაშვილი Dato_k11
ალექსანდრე ქოქრაშვილი, 2019


study


Last edited by Admin on Sun Feb 09, 2020 11:33 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ალექსანდრე ქოქრაშვილი Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე ქოქრაშვილი   ალექსანდრე ქოქრაშვილი EmptyMon Apr 15, 2019 10:53 am


„მარწყვის ცივი ტორტი“ – ფოთის თეატრი ქუთაისის თეატრს მასპინძლობს
Published on Jul 24, 2015

„მარწყვის ცივი ტორტი“ – ფოთის თეატრი ქუთაისის თეატრს მასპინძლობს (ვიდეო)

ფესტივალის მეცხრე დღე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით „მარწყვის ცივი ტორტი“ დაიწყო. სპექტაკლის რეჟისორი, კომპოზიტორი და მუსიკალური გაფორმება გიორგი თავაძეს (იმარინდო) ეკუთვნის, მხატვარი – ქეთი ციციშვილი.

„ხომ უნდა დაეშალეთ, ოდესღაც… ოდესღაც… ოდესღაც…“ – ალექსანდრე ქოქრაშვილის ეს ნაწარმოები ადამიანურ პრიორიტეტებზე, ზნეობასა და ურთიერთობების დეფიციტზე მიგვითითებს. სევდიანი ამბავი, რომელმიც მწერალმა იგავური ენით მოიტანა მკითხველამდე, თითეული ჩვენგანის თავგადასავალია. ყველა ადამიანი ხომ ადგილს ეძებს და იმკვიდრებს სოციუმში, საკუთარ ღირებულებებს, უპირატესობას ამტკიცებს: და ბოლოს, ხომ ყველას ერთი გვინდა – „სიყვარული, ჩახუტება შოკოლადი“. ავტორი გვთავაზობს ოთხ, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ პერსონაჟს, რომელთაც ერთი ბედისწერა აერთიანებთ. ისინი ადამიანებად – მაცივრებად გაუჩენია განგებას… ისინი ეპოქის შვილები არიან, სადაც ღირებულებები გამქრალა და ვიღაცის ყოვლისშემძლე ხელი ადამიანების ბედით თამაშობს.

ღირსეულად იცხოვრებ თუ უღირსად, მსოფლიო შედევრებს გაეცნობი, თუ ერთი ვიწრო სარკმელიდან დაინახავ მთელს სამყაროს, მთავარი სწორი არჩევანია. ცხოვრება ჯაჭვია, ერთის შეცდომას და არასწორ არჩევანს, მეორის, იგივე არასწორი ნაბიჯი მოჰყვება, მერე მესამის და ასე შემდეგ. რა შეიძლება მოხდეს – ვისხდეთ გულხელდაკრეფილები და ბედისწერას მივენდოთ, თუ ვიმოქმედოთ?

შეგახსენებთ, რომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძეა, ფესტივალის დირექტორი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხიაა. ფესტივალი კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის „ დღეს“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ფესტივალში მონაწილეობენ, როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის ქვეყნების თეატრები. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას. უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები საზოგადოებას არა მარტო გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას, არამედ მათ ექნებათ საშუალება მოინახულონ და უკეთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსა დ ქართულ კულტურას. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი, საქართველოს რკინიგზა, კომპანია „ასკანელი“, ლუდსახარში „ზედაზენი“, „ბარამბო“, „სანდომი“, „ქართული ბრენდის დღე“, „სნო“, „გურჯაანის ნაყინი“, UTENOS, SVYTURYS 1784. მედიამხარდამჭერები არიან: საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი „კვირა“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „იმედი“, აჭარის ტელევიზია, თამარიონი“, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“, რადიოსადგური harmony, GARB, MediaPrint.

საინფორმაციო პორტალი კვირა on 24/07/2015 17:17
* http://kvira.ge/195311#prettyPhoto


"მარწყვის ცივი ტორტი" - ბათუმელი რეჟისორის სპექტაკლის პრემიერა ქუთაისში
Ajara TV
Published on Oct 11, 2014
ბათუმელი რეჟისორის სპექტაკლის პრემიერა ქუთაისში. "მარწყვის ცივი ტორტი" - ასე ჰქვია ერთმოქმედებიან სპექტაკლს, რომელიც ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ სცენაზე რეჟისორმა გიორგი თავაძემ ალექსანდრე ქორქაშვილის პიესის მიხედვით დადგა.
სპექტაკლში იგავური ენით არის გადმოცემული თანამედროვე ადამინის ყოფა. მთავარი მოქმედი გმირები "მაცივარი ადამიანები", არიან, რომლებიც თავიანთი მოქმედებით ქვეყანაში პოლიტიკურ, სოციალურ და სხვა სფეროში არსებულ პრობლემებს ეხმიანებიან. პრემიერას ბათუმის დრამატური თეატრის დასის წევრებიც ესწრებოდნენ.


Ajara TV
Published on Oct 9, 2014

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ალექსანდრე ქოქრაშვილი Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე ქოქრაშვილი   ალექსანდრე ქოქრაშვილი EmptySun Feb 09, 2020 7:49 pm

ალექსანდრე ქოქრაშვილი Stafil11

წიგნის დასახელება: სტაფილო, ანუ მესამე კატეგორიის მკვლელი (ერთმოქმედებიანი პიესა)
წიგნის ავტორი: ალექსანდრე ქოქრაშვილი
სერია: XXI საუკუნე, დრამატურგია
გამომცემლობა: გლოსა
გამოცემის წელი: 2015
ISBN: 978-9941-9446-0-4
ყდა: რბილი
გამომცემელი: დათო აბულაძე
გვერდების რაოდენობა: 72


study


ალექსანდრე ქოქრაშვილი

სტაფილო, ანუ მესამე კატეგორიის მკვლელი
(ერთმოქმედებიანი პიესა)

მოქმედი პირები:
კაცი
ქალი
მეზობელი კაცი
მეზობელი ქალი

სააგარაკო პატარა სახლის სასტუმრო ოთახი. მარცხენა კარი “საპარადოა”, მარჯვენა კარი
საძინებლისაა. კედელთან ბუხარია, ბუხრის ზემოთ საშუალო ზომის ნახატია. საძინებლის კართან კარადა დგას. ავანსცენაზე მაგიდა და ოთხი სკამია გამოტანილი.
იღება “საპარადო” კარი. კართან კაცი დგას. მხარზე ნოუთბუქის ჩანთა ჰკიდია. გასაღების აცმას ჯიბეში ჩაიდებს, შემოდის, კარს მიხურავს. ტანსაცმლის ჩანთას და გაზის პატარა ბალონს შემოიტანს, რომლებსაც შემოსასვლელთან მიუჩენს ადგილს. მხრიდან ნოუთბუქის ჩანთას მოიხსნის, მაგიდაზე დადებას აპირებს, მაგრამ, მაგიდაზე მტვერს თითით შეამოწმებს და უხერხულად ჩერდება.
კაცი ოთახს დაათვალიერებს, ნოუთბუქს ტანსაცმლის ჩანთაზე დადებს, ავანსცენაზე გამოდის, ჩერდება. წარმოსახვით ფანჯარაში გაიხედავს....

საპარადო კარი ისევ იღება.
კართან ქალი დგას. პროდუქტებით სავსე პაკეტი და ცარიელი პარკები უჭირავს.
პაუზა.
კაცი და ქალი ერთმანეთს თითქოს პირველად ხედავენ.
ქალი შემოდის, ოთახს შეათვალიერებს, პარკიდან ტილოს ამოიღებს, მაგიდას გადაწმენდს, ტილოს შეინახავს და კაცს მიაჩერდება.
კაცი ნოუთბუქის ჩანთას გასუფთავებულ მაგიდაზე დადებს, გახსნის, ჩართავს, მაგიდას მიუჯდება, რამდენიმე სიტყვას აკრეფს.
ქალი პროდუქტების პარკს მაგიდაზე დადებს, პარკიდან ფურცელს ამოიღებს და კაცს მიაწვდის.


კაცი _ /სათვალეს გაიკეთებს, კითხულობს/ დიდი შანდლები....
ქალი _ /კარადას გამოაღებს, შანდლებს გადმოდგამს. მტვრისგან ასუფთავებს, პარკში ჩადებს და კაცს მიაჩერდება./
კაცი _ აქ პატარა შანდლებიც არის?
ქალი _ /უარის ნიშნად თავს გააქნევს./
კაცი _ /კითხულობს/ დიდი საშაქრე, ყვავილებიანი....
ქალი _ /კარადიდან საშაქრეს გამოიღებს, მტვერს მოაცილებს და პარკში ჩადებს/
კაცი _ /ქალს/ აქ სხვა საშაქრეც არის?
ქალი _ /უარის ნიშნად თავს გააქნევს./
კაცი _ შაქარი სად ჩავყარო?
ქალი _ /მხრებს აიჩეჩავს, კარადიდან ბროლის მძიმე საფერფლეს გადმოიღებს, დემონსტრატურად აწევს, კაცს დაანახებს, პარკში ჩადებს/
კაცი_/ფურცელს მაგიდაზე დადებს, წამოდგება, ავანსცენაზე, წარმოსახვით ფანჯარასთან მოდის, გარეთ იყურება/ მიტოვებული სააგარაკო დასახლება, შორს - ქალაქის ნამტირალევი სამრეწველო პეიზაჟი.... ეს მაინც ქალაქის გარეუბანია. იცი, რატომ? აქაური უპატრონო ძაღლები ქალაქურად, მოკრძალებულად ყეფენ - ვაუ, ვაუ, ვაუ... სოფლის ნატურპროდუქტი ცუგრიები კი...
ქალი _ ღმერთო! ვისთან გავატარე თხუთმეტი წელი... ვისთან გავატარე თხუთმეტი წელი! ვისთან?!
კაცი _ /ზემოთ აიხედავს/ ჩემთან გაატარა, ღმერთო, თხუთმეტი წელი და... /მაგიდას მიუჯდება, ბეჭდავს/ და ბოლო ორი ამაზრზენი კვირა!.../ზემოთ აიხედავს/ ვაფ! ვაფ! ვაფ! აუუუ! ეს ქალი პირწავარდნილი პერფექციონისტია! ღმერთო, არ გეცოდები?
ქალი _ საცოდავი ტაკიმასხარა...
კაცი _ /შეშფოთებით აიხედავს ზემოთ. ქალსხმადაბლა./ ვისზე ამბობ?
ქალი _ შენზე ვამბობ, შენზე!
კაცი _ /ზემოთ აიხედავს/ ჩემზე ამბობს, ღმერთო, ჩემზე! მე ვარ საცოდავი ტაკიმასხარა! აქამდე ვინ ვიყავი?! /ბეჭდავს/ ცი-ნი-კო-სი, ლოთი, უ-ზნე-ო..../პაუზა/ უსინდისო, ეგოისტი. ეს ბოლო ორი კვირის გამოძახილია...... ორსიტყვიანი ეპითეტი კი პირველად მეღირსა - /ბეჭდავს/ - საცოდავი ტაკიმასხარა....
ქალი _ მალე სამსიტყვიანიც გეღირსება! გითხრა?
კაცი _ გამოვიცნობ. ჩემი ყოფილი ქმარი!
ქალი _ გილოცავ. /მობილურზე რეკავს/ ხვალისთვის სამი ოპერატორი დაიბარე, ჰო, ცალკე უწყისს გამოვუწერ. რეჟისორმა დარეკა? ნახევარ საათში მეც მოვალ. /მობილურს გათიშავს. სიას კითხულობს/ მაგიდის გადასაფარებელი /კაცს/ ბებოს მოქარგულია, ვერ დაგიტოვებ. ნოუთბუქი აიღე, ფლიიზ....

/კაცი ნოუთბუქს და პარკს აიღებს, ქალი მაგიდის გადასაფარებელს დაკეცავს, პარკში
ჩადებს. ნატურმორტთან მიდის./

ქალი _ /კაცს ნატურმორტზე ანიშნებს./ ბებომ ქორწილში გვაჩუქა... არც მე მომწონს, მაგრამ უნდა წავიღო.
კაცი _ წაიღე.
ქალი _ არა, ხვალ მძღოლს გამოვგზავნი.
კაცი _ გამოგზავნე.
ქალი _ არა. წავიღებ....
კაცი _ მოოქროვილი, მძიმე ჩარჩო, უცნაური ხილი და ყვავილები, რომლებსაც თითქოს ცხიმი გასდით... არა, ეს ნატურმორტი კი არა, თქვენი საოჯახო კლანის პორტრეტია! ეს ნესვი - კლანის ბელადია, - შენი დიადი ბებო! - ამაყი და ტუტუცი. ეს ქლიავები შენი დეიდა-მამიდა-ბიძა-ბიცოლები არიან... სულ ფუსფუსებენ, რაღაცეები მიაქვთ, მოაქვთ, ოხრავენ, იოფლებიან... მღრღნელებივით ბევრნი ხართ და თქვენი ძალა სიმრავლეშია. ფოლადის ბასრი ეშვები გაქვთ, ძვალსაც გაკვნეტთ და რკინასაც. შენც აქ ყოფილხარ, - ეს მარწყვი ბრძანდები - ჯიუტი და ცნობისმოყვარე. ეს ნახატი თქვენი ოჯახის კვინტესენციაა. წაიღე. მომაშორე. /პაუზა/ არა, დამიტოვე!
ქალი _ /სიას მაგიდაზე დადებს/ რამდენჯერაც შეხედავ, შემოგვიკურთხებ, არა?!
კაცი _ /ბეჭდავს/ ქალი თითქოს კმაყოფილიც კი დარჩა ამ აღმოჩენით, იმის თქმასაც აპირებდა, თხუთმეტ წელიწადში კარგად შეგისწავლე ვინც ბრძანდებიო, მაგრამ, ამ დროს მობილურმა დარეკა...

/რეკავს მობილური ტელეფონი/

ქალი _ /მობილურს პასუხობს/ ჰო, ბებო... ამოვიყვანე და ქალაქში ვბრუნდები. ქარვის მუნდშტუკი დაკარგე? /პაუზა/ ბებო, ამ სახლში რამდენი წელია, არ ყოფილხარ, აქ შენი მუნდშტუკი არ იქნება! მაინც მოვძებნო? არ იქნება-მეთქი! /პაუზა/ არ მცალია! /პაუზა/ მე ვანგრევ?! ჩემი სიჯიუტით ვანგრევ?! /პაუზა/ არა, არ მოგისმენ! /მობილურს თიშავს. კაცს/ ბებიაჩემი გასაგებია, ვინც არის, მაგრამ შენ - ბებოზე უარესი ეგოისტი ხარ! /პაუზა/ რა დახუთული ჰაერია.... / ავანსცენაზე გამოდის, წარმოსახვით ფანჯარას
გააღებს, საძინებელში შედის./
კაცი _ /ბეჭდავს/ ქალმა საძინებლიდან რაღაც ვარდისფერი გამოიტანა.
ქალი _ ეს რაღაა?! /ვარდისფერ ქსოვილს გაშლის, ქალის საცვალი აღმოჩნდება/
კაცი _ ევოლუციის შედეგია! ოდესღაც თქვენ, ქალებს, კოჭებამდე ნიფხვები გეცვათ, შემდეგ, ესთეტური და ჰიგიენური მოსაზრებებით, ნიფხვის დამოკლება დაიწყეთ. ამ პროცესში სექსუალურ მოტივსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ქალი _ ეს ჩემი არ არის.
კაცი _ საძინებელში აღმოაჩინე?
ქალი _ დიახ! ჩვენს საწოლზე იყო გაშლილი...
კაცი _ ჩვენს საწოლზე იყო გაშლილი, განფენილი - კოპწიად, თვალსაჩინოდ, მაცდურად, არა?.. რატომ იდო ჩვენს საწოლზე სხვა ქალის ნიფხავი?
ქალი _ მე მეკითხები? /საცვალს მაგიდაზე დააგდებს/
კაცი _ ზოგადად, ქალებს ვეკითხები, უფრო სწორად, ზოგიერთს. ზოგიერთო ქალბატონო! რატომ ტოვებთ ნიფხვებს სხვის სახლში, სხვის საწოლზე?! მორყეული ოჯახის საბოლოოდ დაქცევა გინდათ?!
ქალი _ ღმერთო, რამხელა სასჯელია შინდამჯდარი კაცის ცოლობა.
კაცი _ ეს ნიფხავიც წაიღე, გამოგადგებათ, კლანში... ბიცოლა-მამიდებისთვის.
ქალი _ გმადლობ, საყვარელო, გმადლობ...
კაცი _ არ მიგაქვს?! ...ერთი, ორი, სამი.... /სანაგვეში ჩააგდებს/ ქალის ნიფხვების სროლაში ჩემპიონი ვარ.... ათიდან ათს ჩავაგდებ.... დავნაძლევდეთ?
ქალი _ არ მომეკარო.... /ჩანთიდან სველ ხელსახოცს ამოიღებს, ხელებს იწმენდს/
კაცი _ პირველი ვერსია - აქ ვიღაც მეძავი მოვათრიე, თუმცა, გაუგებარია, ნიფხავი რატომ დატოვა... მეორე ვერსიაც არსებობს, მაგრამ, ჯობია, არ იცოდე.
ქალი _ რა არ უნდა ვიცოდე?
კაცი _ /გასაღების აცმიდან ერთს გამოაძრობს, ჯიბეში ჩაიდებს. საფულედან საბუთებს
ამოიღებს, გასაღების აცმას და საბუთებს ქალს აძლევს/ მშვიდობით.
ქალი _ რა არ უნდა ვიცოდე?
კაცი _ ეს ჩემი ნიფხავია. კი, კი.... აქ ჩამოვდიოდი, მაგ ნიფხავს ვიცვამდი, აქეთ-იქით თეძოების რხევით დავდიოდი და ვამბობდი - ვაი, რა ცუნცულა ვარ! ვაი, რა ცუგრუმელა ვარ! გჯერა? არა?! რა არ გჯერა? მაგ ნიფხავს რომ ვიცვამდი, თუ ის, რომ ცუნცულა და ცუგრუმელა ვარ?
ქალი _ შენ ხარ პატივმოყვარეობით გასიებული საჰაერო ბუშტი. თხუთმეტი წელი თოკით გიჭერდი. ეგ თოკი უკვე გადაჭრილია.
კაცი _ ამ დღეებში მანქანას ვიყიდი... აქ დიდხანს არ დავრჩები, ჩემს ძველ ბუნაგს მოვაწყობ და იქ გადავალ... თავისუფლების ტკბილი სუნი მცემს, მეგობრებო! ცოტა ხანს ცაში ვილივლივებ და რადგან თოკი გადაჭრილია, მოულოდნელად დავენარცხები! ბუჰ! როგორც ძველად ამბობდნენ, ნაკერავზე გავსკდები... ბაყაყივით ნაჭყაპურები გადმომცვივა! კმაყოფილი ხარ?
ქალი _ მეთორმეტე და მეცამეტე სერიების სცენარს თვის ბოლომდე დაამთავრებ! წიგნებს, ტანსაცმელს, თოფს და ყველაფერს, რაც შენია, აქ გამოგიგზავნი. ტელეფონზე რეკვა არ დაიწყო და მამიკო-მამიკოთი სანდრო არ გადარიო. ნატურმორტს ჯერჯერობით ვტოვებ, შეხედავ, დაიტანჯები. მთარგმნელი რომ დარეკავს, შენი მობილურის ნომერს მივცემ.
კაცი _ /ბეჭდავს/ ქალმა პარკები აიღო, კარისკენ ნაბიჯიც გადადგა, მაგრამ კაცმა იცოდა,
რომ ქალი საბოლოო, დამაგვირგვინებელ-გამანადგურებელი სიტყვის გარეშე არ წავიდოდა. დაჰკარით დაფდაფებს....
ქალი _ ახლა შეგიძლია, აქ მეძავებიც მოათრიო და მათი ტანჯული ნიფხვები სანაგვეში ჩაყარო, ან, თავზე ჩამოიცვა! ლოთობას და კარტის თამაშს აღარავინ დაგიშლის!! მე კი სამსახურში წავალ, მერე სანდროს შეჯიბრზე გავყვები, შინ მივიყვან, ვასადილებ, ვამეცადინებ და ბედ-ნი-ე-რი ვიქნები! უ-ბე-დნი-ე-რე-სი! მხოლოდ აქედან გასვლა და ამ კარის გამოხურვა მჭირდება!
კაცი _ და ამ დროს, მიტოვებულ სააგარაკო დასახლებაში, სადაც უპატრონო ძაღლები დარბოდნენ და ქალაქურად ყეფდნენ, მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა! ანტიტერორისტული ოპერაციაა!... ვერტმფრენები, ჯავშანტექნიკა.... მოაგარაკენო! გარეთ ცხვირი არ გამოყოთ! ტერორისტებო! ხელები ზევით, ერთი-ორი! /პაუზა/ არა, ჭექა-ქუხილი აიწყო! გაზაფხულებია! სიყვარულები აღარ არის, მაგრამ, ჯერ ისევ გაზაფხულებია! ჩამობნელდა, ცა გასკდა! თქეში.... ელვა! გრუხუნი.... რა საშიშია! გზა ატალახდა!... დღეს ვეღარ წახვალ.... არა, არა.... /ბეჭდავს/ და ამ დროს.... უბრალოდ, კარზე დააკაკუნეს და მოულოდნელმა დაკაკუნებამ ქალი აფეთქებაზე არანაკლებად შეაშინა... /წამოდგება/

/ისმის კაკუნის ხმა/.

ქალი _ ვინ უნდა იყოს?!
კაცი _ არ ვიცი. გააღე....

/ქალი კარს აღებს/.

მეზობელი ქალი _ /შემოდის. ღამის პერანგზე ხალათი მოუსხამს/ მიშველეთ.... მიშველეთ....
კაცი _ გიშველით. დაბრძანდით.... /ქალს/ ვალიდოლი მიეცი /მეზობელ ქალს/ რა ხდება?!
მეზობელი ქალი _ ჩემი ქმარი მიპირებს! წუხელ ისეთი რამ გააკეთა, რომ დღეს აუცილებლად დამიპირებს! იმ მხეცს ვერ გავუმკლავდები.... მიშველეთ! თქვენი მეზობელი ვარ, იქით, მწვანე სახლში ვცხოვრობთ!
ქალი _ /მეზობელ ქალს წამალს მიაწვდის./ დალიეთ!
მეზობელი ქალი _ /ქალს/ გმადლობ.... /დალევს/ ადრეც მიპირებდა. ხუთი.... არა, ექვსი წლის წინ მიპირებდა.... მაშინაც გაზაფხული იყო....
კაცი _ ექვს წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე გიპირებთ ხოლმე? გარკვეული პერიოდულობა იგრძნობა....
მეზობელი ქალი _ ეგ ცუდია?
კაცი _ რაც კარგი არ არის, ჩავთვალოთ, რომ ცუდია.
მეზობელი ქალი _შეიძლება, სიგარეტი ავიღო? გმადლობ. /სიგარეტს ქარვის გრძელ მუნდშტუკში ჩადებს და მოუკიდებს/ ექვსი წლის წინ ვუმკურნალეთ.... წამლებს ვასმევდი, მშვიდად იყო, მაგრამ წუხელ. /ქალს/ დაბრძანდით, რატომ დგახართ.... /ქალი ჯდება/ დიახ, წუხელ ამღვრეული, გიჟური თვალებით შემომხედა და იცით, რა მითხრა? აჰა, ფისო, სტაფილო ჭამეო! მატილდა მქვია, ფისოს მეძახის. სტაფილო რად მინდა, ჩემო ცუგრი-მეთქი, იროდიონი ჰქვია, ცუგრის ვეძახი... /ქალს/ ჩემმა მუნდშტუკმა დაგაინტერესათ?
ქალი _ თითქოს მეცნობა.
კაცი _ /ბეჭდავს/ ეს მუნდშტუკი ცოტა ხნით მაჩუქეს.
მეზობელი ქალი _ ეს მუნდშტუკი ცოტა ხნით მაჩუქეს. /კაცს/ ჰოდა, სტაფილო რად მინდა, ჩემო ცუგა-მეთქი, ხან ცუგას ვეძახი, ხან ცუგრის, ხან ცუგრი-მუგრის.... /პაუზა/ ცუგრი-მუგრი და ჯანდაბა მაგას! სტაფილო ჭამე, სისხლს გაგისუფთავებსო....
ქალი _ მერე, ეგ ცუდია?
მეზობელი ქალი _ ფისო, დილით შენი სისხლი უნდა დავლიო, შენი სისხლი მომარჩენსო! /კაცს/ მიშველეთ! /უმისამართოდ/ ექვსი წლის წინაც სტაფილო მომაწოდე, მას მერე სტაფილო მეზიზღება, იროდიონ! სუპში არ ვუშვებოდი, იროდიონ! ვინეგრეტში არ ვუშვებოდი, იროდიონ! / ქალს/ შეიძლება, ხაჭაპური ავიღო?
ქალი _ დიახ.
მეზობელი ქალი _ გმადლობ... /სიგარეტს ჩააქრობს/ იმ სტაფილოს მერე არაფერი მიჭამია....
ქალი _ პოლიციას გამოუძახეთ, ან ფსიქიატრს.... საგიჟეში წაიყვანონ....
მეზობელი ქალი _ არა, ჩემი ცუგრი ვერც საგიჟეს გაუძლებს, ვერც პოლიციას.... დათვივით ღონიერია, მაგრამ, უჩემოდ უმწეო და საცოდავია.... აქ გავართოთ, რამე ვეთამაშოთ.... გულს გადააყოლებს და ჩემი მოკვლა აღარ მოუნდება.... /ხაჭაპურს გადადებს, ჯიბიდან კარტის დასტას ამოიღებს, ყვავის ქალს მოძებნის, ამოიღებს/ თუ ცუგრი-მუგრის ჩემი მოკვლა აღარ მოუნდება, პირობა და სიხარული.... /ყვავის ქალს მაგიდაზე დადებს, დასტიდან ერთ კარტს ამოაძრობს და დააფარებს./ ახლა გადაწყდება ჩემი ბედი! /კარტს ამოატრიალებს/ ყვავის რვიანია.... ელდა და სიკვდილი!! ვაიმე, მომკლავს, გამაპარტყალებს!!!...
კაცი _ ქალბატონო, კარტს ნუ დაუჯერებთ....
მეზობელი ქალი _ /კარტზე/ რომ არ ტყუის ეს სასიკვდილე?! /ხაჭაპურს ისევ მიირთმევს/ ლამაზი მაგიდაა.... აქ ასოცი კარტი დაეტევა, ან, ოცდაათი კვადრატული ხაჭაპური. ამ ხაჭაპურს პიტნის ჩაი მოუხდებოდა.
ქალი _ პიტნის ჩაი არ გვაქვს.
მეზობელი ქალი _ მე მაქვს! შინ პიტნის ჩაიც მაქვს და ანისულისაც, მაგრამ იქ ცუგრი-მუგრია ჩასაფრებული! /უმისამართოდ/ არ მომკლა იროდიონ!! უჩემოდ ვერ იცოცხლებ, იროდიონ! არ მინდა სტაფილო, იროდიონ!
ქალი _ ჯობია, თქვენს ქმარს რამდენიმე დღით მოერიდოთ. ქალაქში წაგიყვანთ.
მეზობელი ქალი _ ასე გაწეწილ-გაუბედურებული სად წამოვიდე?! წუხელ შიშისგან თვალი ვერ მოვხუჭე, გათენდა და იქით, ტყეში გავიქეცი, დავიმალე.... /ქალს/ თქვენც ნუ იჩქარებთ, ჯვრის შვიდიანი დაჯდა, საღამოს გზა გაქვთ. პროდიუსერი ბრძანდებით, არა?
ქალი _ მიცნობთ?
მეზობელი ქალი _ არა, უბრალოდ, ოფიცერს ჰგავხართ: მკაცრი, მოწესრიგებული.... საბრძოლოდ მომართული.... თუმცა, სამი ჯვარი ერთად ამოვიდა, რაღაცის გეშინიათ და ყოყმანობთ.... თამრიკო, ქმარს ეყრებით?
ქალი _ /პაუზის მერე/ თამრიკო არ მქვია.
მეზობელი ქალი _ თამრიკო არ გქვიათ.... ახლა ეს კარტი ამოვატრიალოთ.... ცუგრის რამდენიმე დღით გავერიდები /კარტს ჯიბეში ჩაიდებს. წამოდგება/ სახლში შევიპარები, გამოვიცვლი და მოვალ /კაცს/ თქვენ აქ რჩებით?
კაცი _ დიახ.
მეზობელი ქალი _ ამ დასახლებაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ თქვენ და ცუგრი იქნებით. აქ ნუ შემოუშვებთ. ბოლო დროს “ცივა-ცხელა”-ს თამაში შეუყვარდა.... შინიდან ჩემი ნივთები გააქვს და ხან სად მალავს, ხან სად.... მერე ამ ცარიელ სახლებში მასთან ერთად დავდივარ და “ცივა-ცხელა”-ზე ვეძებ.... ზოგი ვიპოვე, ზოგს, ალბათ, ვეღარც ვიპოვი.... /კართან მიდის/
ქალი _ /მეზობელ ქალს/ გარეთ დამელოდეთ, თუ შეიძლება.... / მეზობელი ქალი გადის, კარს გაიხურავს. ქალი სანაგვიდან საცვალს ამოიღებს, გაიტანს/
კაცი _ /ბეჭდავს/ ქალი მალე დაბრუნდა. ნიფხავი აღარ ეჭირა. დაბნეული და შეშინებული ჩანდა.
ქალი _ იმ ქალის ყოფილა.... ესე იგი, მისი გიჟი ქმარი აქ შემოიპარა და ჩვენს საწოლზე თავისი ცოლის ტრუსიკი დადო? ყველა დარტყმულს და დეგენერატს მე რატომ უნდა გადავეყარო?! /კაცს/ ჩაალაგე ყველაფერი და წავიდეთ!
კაცი _ სად?
ქალი _ არ ვიცი!
კაცი _ /ბეჭდავს/ ქალი ისევ ჩამოჯდა. წასვლას აღარ ჩქარობდა. მისი შემდეგი ფრაზა თითქოს მობოდიშებას ჰგავდა....
ქალი _ მინდა გითხრა, ეს ყველაფერი შენი უნიჭო დეტექტივის პასაჟს მაგონებს-მეთქი, ჰო, მინდა ასე გითხრა, რომ გული გატკინო, მაგრამ შენი დეტექტივები მართლა ძალიან კარგია და შენც გამორჩეულად....
კაცი _ /აწყვეტინებს/ გმადლობ, დიდი მადლობა.
ქალი _ /პაუზის მერე/ იმ ორ სერიას თვის ბოლომდე ხომ დაამთავრებ?! /პაუზა/ თუ გინდა, დამლაგებელს გამოგიგზავნი, ამ მტვერსა და ნაგავში ხომ არ იქნები.

/კარზე აკაკუნებენ/

ქალი _ ის ქალი მოვიდა.... /წამოდგება. კაცს/ მართლა ოფიცერს ვგავარ?
კაცი _ არა, ბატონო მაიორო.

/ქალი კარს აღებს. კართან მეზობელი კაცი დგას. სტაფილო ყვავილივით უჭირავს/.

მეზობელი კაცი _ მაპატიეთ, ბოდიში. /კაცს მისალმების ნიშნად თავს დაუკრავს, ქალს გაუღიმებს და სტაფილოს გაუწვდის/ მიირთვით, ქალბატონო....
კაცი _ /ქალს/ გამოართვი. /ბეჭდავს/ მე და ჩემი ცოლი მოსახვევთან ვცხოვრობთ....
მეზობელი კაცი _ მე და ჩემი ცოლი მოსახვევთან ვცხოვრობთ, მწვანე სახლში. სტაფილო მიირთვით, ქალბატონო. სისხლს ასუფთავებს.
ქალი _ /გამოართმევს, მაგიდაზე დადებს/....
მეზობელი კაცი _ /შემოდის, მაგიდასთან ჯდება. კაცს/ მაპატიეთ, ბოდიში. ახალი ანეკდოტი იცით? პენსიონერი მასწავლებელი დილით შვილიშვილს ასეირნებს, პატარა გოგოს, ნაგვის მანქანა ჩამოივლის.... იცით? მენაგვე დაუძახებს პენსიონერ მასწავლებელს - ბიძაჩემო, რამდენი წლის ბრძანდებიო? სამოცდათორმეტისო.... ეგ გოგონა შენი შვილიშვილიაო? დიახ, ჩემიაო.... ვერა ქალის სახელი გათქმევინოო? - ეს ეშმაკი მენაგვე ეკითხება.... ვერაო, - პენსიონერი პასუხობს! გესმით? ვერაო და ვერა ხომ ქალის სახელია! ვერ მათქმევინებო და მაინც წამოსცდა! აი, კაცი რომ არ დაფიქრდება, ასე საშვილიშვილოდ შერცხვება....
ქალი _ ახალი ანეკდოტია, არა?!
მეზობელი კაცი _ დიახ, ახალია, წუხელ მომიყვა ჩემმა ცოლმა, ფისომ.... მატილდა ჰქვია,
მოფერებით ფისოს ვეძახი. მომიყვა და აურია.... ამღვრეული მზერით შემომხედა და მითხრა - ჩვენი სააბაზანო ოცდაოთხი კვადრატული პირსახოცია, ან ორასოცდახუთი კვადრატული ჩუსტიო.... ექვსი წლის წინ იგივე დაემართა - ამ დანის პირზე ასშვიდი კვადრატული ბუზი დაეტევაო.... მერე იმ ასშვიდბუზიანი დანით მოსაკლავად დამდევდა.... ვუმკურნალეთ, წყნარად იყო, მაგრამ, წუხელ ისევ აურია.... ჰოდა, სახლიდან გავიპარე, აქეთ, წყაროსთან ვიმალებოდი. /ქალს/ მაპატიეთ, ბოდიში, შეიძლება, ხაჭაპური ავიღო?!
ქალი _ დიახ.
მეზობელი კაცი _ გმადლობ. ამას ლიმონათი მოუხდებოდა. დიახ.... პენსიონერი მასწავლებელი დილით შვილიშვილს ასეირნებს და ფოსტალიონი დაუძახებს, - ბიძაჩემო, რამდენი წლის ბრძანდებიო? სამოცდათორმეტისო. ვერა, ლიმონათი გათქმევინოო?! /კაცს/ იცით? აბა, ლიმონ-ერთი, ლიმონ-ორი - ათამდე დათვალეო, ეს ეშმაკი ფოსტალიონი ეუბნება....
ქალი _ ვიცით! ლიმონ-ცხრა, ლიმონ-ათი!
მეზობელი კაცი _ /კაცს/ მაპატიეთ, ბოდიში. ახალი ანეკდოტები სწრაფად ვრცელდება.... ძველს გეტყვით.
კაცი _ პენსიონერ მახწავლებელზე?
მეზობელი კაცი _ დიახ.
ქალი _ პენსიონერი მასწავლებელი ბრძანდებით?
კაცი _ /ბეჭდავს/ არა.... ადრე /უმისამართოდ/ ვინ იქნებოდა? მობერებულ პროვინციელ ლოველასს ჰგავს.... ცეკვის მასწავლებელი? კულტ-სახლის აქტივისტი? /ბეჭდავს/ არა, ადრე....
მეზობელი კაცი _ არა, ადრე შულერი ვიყავი, ქალბატონო, კარტის აფერისტი.
ქალი _ /მეზობელ კაცს/ ესე იგი, გულუბრყვილო ხალხს ფულს უგებთ, არა?
მეზობელი კაცი _ დიახ, ვუგებდი.... დიდი ხნის წინ...
ქალი _ /კაცს/ გილოცავ, საყვარელო, აქაც მოგაგნეს... /მეზობელ კაცს/ მერე?
მეზობელი კაცი _ ძირითადად მოსკოვ-ადლერის მატარებელზე ვმუშაობდი... / კარტს ამოიღებს, აურევს, გაჭრის, ზემო კარტს ამოატრიალებს/ გულის ტუზია. /აურევს, გაჭრის, მაგიდაზე დადებს. ქალს/ გაჭერით, თუ შეიძლება. /ქალი გაჭრის, მეზობელი კაცი კარტს ამოატრიალებს/ ისევ გულის ტუზია... /აურევს/ მერე გავიგე, რომ მოსკოვ-ოდესის მატარებელს ერთი მომხიბლავი ქალი დაყვებოდა და პრეფერანსში ხალხს ფულს უგებდა... თუმცა, არც წვრილმან ქურდობაზე არ ამბობდა უარს.
ქალი _ სასიამოვნოა... /ჩანთიდან საფულეს ამოიღებს, შეამოწმებს/ ქალბატონი მატილდა ქურდბაცაცა ყოფილა...
მეზობელი კაცი _ არა, აფერისტია, მაგრამ, წვრილმან ქურდობაზეც იჯდა.../პაუზა/ მატილდა აქ იყო?
ქალი _ დიახ...
მეზობელი კაცი _ ყველაფერს ასწრებს... ჰო... გავიცანი მატილდა.... /კარტს ატრიალებს/ ისევ გულის ტუზია. მერე მე და მატილდა ვმუშაობდით შავი ზღვისკენ მიმავალ მატარებლებში, აეროპორტებში, ვაგზლებში, სასტუმროებში.... პრეფერანსსაც ვუბერავდით, - პრეფერანსს, ქალბატონო, შულერობა არ ჭირდება, - ხანდახან პოკერსაც ვთამაშობდით, უფრო ხშირად კი - ვულგარულ, მდაბიო სეკას.... /კარტს აჭრის, ატრიალებს/ ისევ გულის ტუზია!
ქალი _ ქურდები და აფერისტები....
მეზობელი კაცი _ ნიჭი და შრომისმოყვარეობა! პიანისტი ყოველდღე რვა საათს მეცადინეობს, შულერს ათი საათი ჭირდება! რასაც ახლა უყურებთ, ოცწლიანი შრომის შედეგია... ისევ გულის ტუზია. მარტო ეგ არ კმარა - ჭკვიანი პარტნიორი, ფსიქოლოგიის ცოდნა, დახვეწილი მანერები, კარგი გარეგნობა... ინგლისელ ლორდს ხომ ვგავარ? თუმცა, ხალხს ვეუბნებოდი, იუგოსლაველი ინჟინერი, ან, ბულგარელი საბავშვო მწერალი ვარმეთქი. აბა, ინგლისელ ლორდს საბჭოთა ბინძურ მატარებელში რა უნდოდა?!... /კარტის დასტას მაგიდაზე დადებს/

(გაგრძელება ქვემოთ) Arrow


Last edited by Admin on Sun Feb 09, 2020 11:02 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ალექსანდრე ქოქრაშვილი Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე ქოქრაშვილი   ალექსანდრე ქოქრაშვილი EmptySun Feb 09, 2020 10:51 pm

ალექსანდრე ქოქრაშვილი Qoqra-11

ალექსანდრე ქოქრაშვილი

სტაფილო, ანუ მესამე კატეგორიის მკვლელი
(ერთმოქმედებიანი პიესა)

მოქმედი პირები:
კაცი
ქალი
მეზობელი კაცი
მეზობელი ქალი

(გაგრძელება)

კაცი _ ბოდიში! /მოულოდნელად კარტის დასტას გადაწვდება, აიღებს, ზემო კარტს აღებს, ქალს დაანახებს./ გულის ტუზია, არა? მეორე კარტიც გულის ტუზი იქნება! შეხედე! /კარტებს აქეთიქით ყრის./...
მეზობელი კაცი _ კარტს ნუ მიფუჭებთ! /იატაკიდან კარტს კრეფს/
კაცი _ მესამეც გულის ტუზია, მეექვსეც და ოცდამეთექვსმეტეც! აი, მატარებლების ოფლიანი რომანტიკა, ოცწლიანი შრომის შედეგი!
ქალი _ ინგლისელი ლორდები ასე არ იქცევიან!
კაცი _ არც ბულგარელი საბავშვო მწერლები.
მეზობელი კაცი _ /იატაკიდან კარტს კრეფს/ რევმატიზმი მაქვს, ხელებს ვერ ვღუნავ, ვერ
ვშლი!... ნახეთ, როგორი კვანძებია... ეს შულერის ხელებია?!
ქალი _ აქ რისთვის მოხვედით?! რა უნდა მოიპაროთ, მილორდ?
მეზობელი კაცი _ არაფერი! არაფერი... ჩემი ნივთი დამიბრუნეთ, თუ შეიძლება.../წამოდგება/
ქალი _ ის ხომ მატილდასია?!
მეზობელი კაცი _ არა, ჩემია! თავდაცვისთვის ვიყიდე!
ქალი _ რისთვის?!
მეზობელი კაცი _ თავდაცვისთვის! მატილდა ოცდაათი წელია, კარატეში ვარჯიშობს, ჰუ! აგურებს ამტვრევს! ახლა კრიზისი აქვს, აგრესიული გახდება...
ქალი _ /კაცს/ გესმის?! ადექი, წაგიყვან! /მეზობელ კაცს/ ის ხომ თქვენი ქურდი და აფერისტი ცოლის იყო?! ჰოდა, დავუბრუნე...
მეზობელი კაცი _ მატილდა მოკვლას მიპირებს და თქვენ იარაღი მიეცით?
ქალი _ /კაცს/ ესენი სექსუალური მანიაკებიც ყოფილან! /მეზობელ კაცს/ იმით თავდაცვას როგორ აპირებთ?
მეზობელი კაცი _ რატომ? ძველი, კარგი „სმიტვესონია“.
კაცი _ რევოლვერი?!
მეზობელი კაცი _ დიახ!
ქალი _ ჩვენს საწოლზე იარაღი კი არა, ქალის საცვალი იდო!
მეზობელი კაცი _ ტრუსიკი?! რატომ იდო თქვენს საწოლზე ჩემი ცოლის ტრუსიკი?!
ქალი _ დიახ! რატომ იდო ჩვენს საწოლზე თქვენი ცოლის ტრუსიკი, მილორდ?! აქ საიდან გაჩნდა? დაკეტილი კარი რატომ გააღეთ?! ჩვენგან რა გინდათ?
მეზობელი კაცი _ ახლავე .../წამოდგება, ბუხართან მიდის, შემოტრიალდება/ არა, არ მესროლო! მე არაფერი დამინახავს... აჰ! აჰ! /თითქოს ორი ტყვია მოხვდა, მკერდზე ხელებს დაიდებს, ფრთხილად წაიქცევა./
ქალი _ /კაცს/ ეს რაღაა?
კაცი _ მგონი ჩემი... ჩვენი ძველი სერიალიდან არის.
მეზობელი კაცი _ /წამოდგება/ დიახ! დაუვიწყარი “დაკარგული მდინარე!!” ბრწყინვალე მერვე სერია! შემთხვევითი გამვლელის მკვლელობის ეპიზოდი! მაპატიეთ, ბოდიში. /მიტრიალდება, ორიოდე წამის მერე შემობრუნდება, დიდი ულვაში მიუწებებია/ არა, არ მესროლო!.... მეორედ ვეღარ დავეცემი, წამოდგომა მიჭირს... ქალბატონო თამრიკო, ვერც ახლა მიცანით?!
ქალი _ თამრიკო არ მქვია! ჩვენთან “მასოვკაში” თამაშობდით?! ფული ხომ გამოგიწერეთ?! ჩემგან სხვა რა გინდათ? რევოლვერი აქ არ არის! /კაცს/ უთხარი, რომ ეს ჩვენი სახლია!/მეზობელ კაცს/ თქვენი ნივთები მწვანე სახლში შეინახეთ, მილორდ! /კაცს/ უთხარი!
კაცი _ თქვენი ნივთები მწვანე სახლში შეინახეთ, მილორდ! /ქალს/ ვუთხარი!
ქალი _ დიახ! რევოლვერიც, საცვალიც და ბიუსტჰალტერიც!
მეზობელი კაცი _ ლიფჩიკი?! ჩემი ცოლის ლიფჩიკიც აქ არის?
ქალი _ არ არის, მილორდ, არა!
მეზობელი კაცი _ იქნებ აქ სადმე ჩემი რევოლვერიც იყოს... ასეთი თამაში არსებობს - „ცივა-ცხელა”... თუ რამის მოძებნა გვინდა...
ქალი _ არ გვინდა!
მეზობელი კაცი _ /ულვაშს მოიხსნის, ჩამოჯდება/ მაპატიეთ, ბოდიში.
ქალი _ სხვის სახლებში დაძვრებიან, ნიფხვებს დაათრევენ, მუნდშტუკებს იპარავენ... უკვირთ, მერე თავაზიანად რატომ არ გველაპარაკებიანო...
კაცი _ ეგეც ვუთხრა?
ქალი _ /კაცს/ სასაცილოს რას ხედავ?
კაცი _ თუ ტრაგედია არ მომხდარა, ესე იგი, ჯერ ისევ კომედიაა...
ქალი _ /კაცს/ უფრო სწორად, ტაკიმასხრობა! მგონი... ეს ყველაფერი.... არ ვიცი, როგორ და რისთვის, მაგრამ შენი მოწყობილია! ახლა იარე აქეთ-იქით და იბუტბუტე - რა ნიჭიერი ვარ, რა კრეატიული ვარ...
კაცი _ /ბეჭდავს/ იროდიონ ცუგრი-მუგრი კი მართლაც შეშფოთებული ჩანდა. ისევ ჩამოჯდა და იატაკს დააშტერდა.
მეზობელი კაცი _ /ჯდება/ ეგ იარაღი ჩემი გადარჩენის ბოლო შანსი იყო! /უმისამართოდ/ ნუ მომკლავ, ფისო! უჩემოდ ცხოვრება გაგიჭირდება! /ქალს/ ხვალ მეშვიდე სერიის ქასთინგი გაქვთ, არა? იქნებ “მასოვკაში” ჩემი ადგილიც ყოფილიყო... მაგრამ, ეჰ... ხვალ უკვე გაციებული გვამი ვიქნები... /წამოდგება, კარისკენ მიდის/
ქალი /მეზობელ კაცს/ მიდიხართ? მეც ქალაქში ვბრუნდები! თქვენს ქურბაცაცა ცოლს თქვენ თვითონ მოუარეთ! /მეზობელი კაცი ხელს ჩაიქნევს, მიდის/.
ქალი _ /კაცს/ არ გაბედო! ამ გიჟებთანაც კარტის თამაში არ დაიწყო! არც ამათთან და არც
სხვებთან! რაც მე და სანდროს გვეკუთნის, იმ ფულს ყოველთვე გამოგვიგზავნი, გესმის?! /წასვლას აპირებს/
კაცი _ მოიცადე... სმიტ-ვესონს ასეთი ხმა აქვს ბბუუჰ... არ შეგეშინდეს...
ქალი _ უნდა ისროლონ?!
კაცი _ ათამდე დათვალე.
ქალი _ ეს ყველაფერი შენი მოწყობილია, არა?
კაცი _ არა. /პაუზა/ დათვალე.
ქალი _ /დაჯდება/ სამი... ოთხი... არ შემიძლია! /ყურებზე ხელებს აიფარებს/
კაცი _ /ბეჭდავს/ ქალმა ხელები ყურებზე აიფარა და შიშისგან თითქოს დაპატარავდა. შვიდი, რვა, ცხრა... ქალი იჯდა და გასროლას ელოდა. მერე ხელები ჩამოუშვა.
ქალი _ /ხელებს ჩამოუშვებს/ რა სულელი ვარ... /წამოდგება/
კაცი _ ლიმონ-ცხრა და ლიმონ-ათი... რა გეწყინა? სროლის ხმა რომ ვერ გაიგე?!
ქალი _ დიახ! იმედი გამიცრუვდა! გავვარდებოდი, ცოლს ან ქმარს ვნახავდი, - მიწაზე დაგდებულს... გაპარტყალებულს, სისხლიანს, როგორც ბრძანე, ნაკერავზე გახეთქილს, ბაყაყივით ნაჭყაპურები რომ სცვივა!
კაცი _ მანიაკი ხარ?!
ქალი _ დიახ, მანიაკი ვარ! ახლა გადაგყლაპავ! ეგეც ჩაწერე!

/ისმის ორი გასროლის ხმა/

ქალი _ /პაუზის მერე მობილურს ამოიღებს. ხმადაბლა/ პოლიციაში არ დავრეკო?!
კაცი _ ჯერ არა.
ქალი _ ყველა დარტყმულსა და დეგენერატს მე რატომ უნდა გადავეყარო...

/კარზე ოთხჯერ აკაკუნებენ... კარი იღება. შემოდის მეზობელი ქალი. შავი კაბა აცვია, პირბადიანი შლაპა ახურავს. მინდვრის ყვავილების თაიგული შემოაქვს, მაგიდაზე
დადებს./

მეზობელი ქალი _/ავანსცენაზე გამოდის, მობილურზე რეკავს / ალო! პოლიციაა?! სააგარაკო დასახლებიდან გირეკავთ... ჩემი ქმარი, იროდიონი მოვკალი... ორჯერ ვესროლე... ზუსტად ისე მოკვდა, როგორც იმ სერიალშია - “დაკარგული მდინარე” გახსოვთ? შემთხვევითი გამვლელის მკვლელობა... “არა, არ მესროლო, მე არაფერი დამინახავს”... ოღონდ ტექსტი შეცვალა, შემაგინა, მაგ ცუდმა კაცმა... მე ვინ ვბრძანდები?! თუ ქმარი მოვკალი, ესე იგი, ვინ ვარ?! ქვრივი ვარ, შვილიკო, ქვრივი! უნუგეშო, თვალცრემლიანი... შესაბამისად, შავი კაბა მაცვია და პირბადიანი შავი შლაპა მახურავს! /პაუზა. მობილურს გათიშავს. კაცს/ - გამითიშა, მამაძაღლმა... /ქალს/ დაბრძანდით, თამრიკო, რატომ დგახართ?
ქალი _ თამრიკო არ ვარ..!
მეზობელი ქალი _ სამწუხაროდ, თამრიკო ბრძანდებით, თანაც, ორგზის თამრიკო... ესე იგი, თამრიკო-თამრიკო...
კაცი _ თამრიკო? თანაც, ორგზის თამრიკო, არა?
მეზობელი ქალი _ დიახ, ბატონო სოსო. სხვა სახელიც გქვიათ, მაგრამ, თუ შეიძლება სოსოს დაგიძახებთ... თქვენი მეუღლე თამრიკო-თამრიკოა!
კაცი _ შეუძლებელია.
ქალი _ რა ხდება, გამაგებინეთ!
მეზობელი ქალი _ თამრი-თამრი, თქვენი მეუღლის დეტექტივებს არ კითხულობთ?!... ბატონო სოსო, მკვლელების სამი კატეგორია არსებობს, არა?
კაცი _ /ბეჭდავს/ დაყოფა პირობითია... პირველი კატეგორია - ვთქვათ, პროფესიონალი მკვლელია, ქილერი...
მეზობელი ქალი _ “მესამე განთიადში”... საზარელი ქილერი გყავთ, მებადური... მადლობა ღმერთს, ჩვენმა ყოჩაღმა მაიორმა მაისურაძემ გააპარტყალა... მეორე კატეგორია?
კაცი _ ის ხალხია, ვინც მკვლელობა ჩაიდინა... ან, იძულებული გახდა, ჩაედინა... მოტივი შეიძლება უამრავი იყოს, მაგრამ მკვლელმა პასუხი უნდა აგოს...
მეზობელი ქალი _ როგორც იმ საწყალმა პროფესორმა, არა?... “შავი დაფა” ჩემი უსაყვარლესი რომანია, ბატონო სოსო... მესამე კატეგორია - უნებლიე მკვლელები...
კაცი _ ასეთი მკვლელობაც შესაძლებელია... ადამიანმა სხვა ადამიანი მოკლა, სიცოცხლე მიუსპო, მაგრამ, შეიძლება არც კი იცის, რომ მკვლელია...
მეზობელი ქალი _ იქნებ, იცის კიდეც, რომ მკვლელია, მაგრამ, არც თავს იდანაშაულებს და ვერც დაუმტკიცებ... /ქალს/ მოთხრობა “სამი კილო ალუბალი” გახსოვთ? მთავარი გმირი - ცქრიალა თამრიკო, - თქვენსავით უნებლიე მკვლელია...
ქალი _ ახლა კი მართლა დროა, პოლიციას გამოვუძახო!
მეზობელი ქალი _ მიდით, თამრი-თამრი, გამოუძახეთ...
ქალი _ /კაცს/ გესმის?! ეს გიჟი დედაკაცი, დარტყმული, ეს ქურდი, აფერისტი, ალბათ, მკვლელიც... მე მაბრალებს მკვლელობას, თანაც, ორი ადამიანის მკვლელობას! /მეზობელ ქალს/ მითხარით, საყვარელო, ვინ მოვკალი და ვინ გავაპარტყალე, გამოტყდით, ნუ გრცხვენიათ...
მეზობელი ქალი _ ნუ ჩქარობთ, თამრი-თამრი... /მაგიდიდან სიას აიღებს, კითხულობს/ დიდი შანდლები... დიდი საშაქრე, ყვავილებიანი...
ქალი _ დადეთ ეგ ფურცელი! ეგ თქვენთვის არ არის!
მეზობელი ქალი _ /კითხულობს/ ბროლის საფერფლე, მაგიდის მოქარგული გადასაფარებელი... /ქალს/ თამრი-თამრი, იმის წაღება ხომ არ გავიწყდებათ?!
ქალი _ რაზე ამბობთ?
მეზობელი ქალი _ საძინებელში ტუალეტის ქაღალდია, გაუხსნელი რულონი! წაიღეთ,
გამოგადგებათ...
ქალი _ დიახ! წავიღებ.
მეზობელი ქალი _ ბებოს საამაყო შვილიშვილი ბრძანდებით!
ქალი _ /კაცს/ ბებოს საიდან იცნობს?! მუნდშტუკი როგორ მოიპარა?
მეზობელი ქალი _ ცოტა ხნით მაჩუქეს-მეთქი! მაშ ასე... პირველი უნებლიე მკვლელობა... თამრი-თამრი, სამსახურში არ გაგვიანდებათ?!
ქალი _ არა, გისმენ, გისმენ...
კაცი _ /ბეჭდავს/ დარჩებით და არასასიამოვნო ამბებს მოისმენთ, არა?
მეზობელი ქალი _ დარჩებით და არასასიამოვნო ამბებს მოისმენთ, არა? თუ ასეა, ორივეს ბოდიშს გიხდით ამ სროლისთვის და ყველაფრისთვის, რაც დღეს მე და ცუგრი-მუგრიმ ვიცელქეთ, მაგრამ, უამისოდ ამ სახლში ეს საუბარი არ შედგებოდა, უბრალოდ, თამრი-თამრი არც კი მოგვისმენდა.
კაცი _ /ბეჭდავს/ არც კი მოგვისმენდა... /პაუზა, უმისამართოდ/ “საუბარი არ შედგებოდა” რა უბედურებაა... ჯერ-ჯერობით იყოს... /ბეჭდავს/ იროდიონ!
მეზობელი ქალი _ იროდიონ! თუ ცოცხალი ხარ, შემოდი, ცუგრი...

/კარი იღება, შემოდის მეზობელი კაცი, დიდი ყუთი შემოაქვს, მაგიდაზე დადებს, გახსნის და ამოლაგებას იწყებს/.

მეზობელი კაცი _ /კაცს/ აი, ბატონო სოსო, აქ თეფშებიც არის, დანა-ჩანგალიც, შანდლებიც... ეს თაფლია, ფუტკარიც გვყავს, ფისომ მწნილიც მოგიმზადათ, მურაბაც, ყველაფერი შინაურია, გემრიელი... მერე შეშას გადმოგიტანთ, ბუხარი ავაგუზგუზოთ...
კაცი _ გმადლობ...
მეზობელი კაცი _ არაფრის... ფისო, რა მავიწყდება?! პიტნის ჩაი! /ყუთიდან ამოიღებს/ აი,
პიტნის ჩაიც არის და ანისულისაც, სასარგებლო... კიდევ რაღაც მავიწყდება...
მეზობელი ქალი _ მაგიდას შეხედე.
მეზობელი კაცი _ მაგარი ხარ, ფისო! /კაცს/ გუშინ მითხრა, გადასაფარებელიც ჩავდოთ, თამრი-თამრი არ დაუტოვებსო, არ დავუჯერე, – მაგას არ იკადრებს- მეთქი.
ქალი _ ვიკადრებ! /საძინებელიდან ტუალეტის ქაღალდი გამოაქვს, თავის პარკში ჩადებს./ ნუ ღელავთ, აქ ბევრი ფურცელია, /კაცზე ანიშნებს/ თქვენი სათაყვანო მწერლის ხელნაწერი, ჰოდა, გამოისვას თავისი დიადი შემოქმედება! /პარკებს იღებს, კარისკენ მიდის/ კარგად ბრძანდებოდეთ... ჰო, რაღაც მკვლელობის ამბავს მპირდებოდით... როგორც ჩანს, ამ სერიაში არ იქნება...
მეზობელი ქალი _ ეგ ამბავი თითქმის გიამბეთ...
ქალი _ /კაცს/ მართლა?! ლიმონ-ცხრა და ლიმონ–ათი შემზარავი მკვლელობის ამბავია? /მეზობელ ქალს/ მუნდშტუკს არ დამიბრუნებ?
მეზობელი ქალი _ კი, ახლავე! ერთსაც მოვწევ და... /სიგარეტს მუნდშტუკში ჩადებს, ეწევა/
ქალი _ თავხედი...
მეზობელი კაცი _ ეს სააგარაკო სახლი, - ცამეტი წლის წინ - პენსიონერი მასწავლებლისაგან იყიდეთ, არა? იმ პენსიონერი მასწავლებლისგან, აქ რომ შვილიშვილი, პატარა გოგონა ჩამოჰყავდა ხოლმე, ხომ ასეა? მაშინ ასეთი სახლები იაფი ღირდა... მასწავლებელი ათას შვიდასს ითხოვდა, ათასხუთასზე შეთანხმდით... /ქალს/ ფული, როგორც მერე გავარკვიეთ, თქვენ გადაეცით, აქ კი არა, დედაქალაქში, პენსიონერის ბინაში...
ქალი _ /პარკებს ისევ დაალაგებს/ მერე?
მეზობელი ქალი _ /კაცს/ ფული რომ მიუტანა, თქვენმა მეუღლემ, არ ვიცი, სხვანაირად
როგორ ვთქვა, აიღო და წიხლი დააჭირა... შვიდასი დოლარი მისცა - დანარჩენს მერე მოგიტანო...
ქალი _ ტყუილი! ტყუილი!
მეზობელი კაცი _ დარჩენილი რვაასი....
მეზობელი ქალი _ დარჩენილი რვაასი დოლარი თავის ნარკომან ყოფილ ქმარს მიუცუნცულა... დიახ, პენსიონერს დააკლო და პირველ ქმარს დაპირებული რვაასი დოლარი ჩააბარა... მაპატიეთ, ბატონო სოსო, მაგრამ, სიმართლე ასეთია...
ქალი _ /კაცს/ თავს აღარ ვივალდებულებ, რაღაცეები აგიხსნა, მაგრამ, ამ ქურდების და აფერისტების გჯერა?!
მეზობელი ქალი _ თამრი-თამრიმ რომ დაპირებული ფულის მხოლოდ ნაწილი მისცა, მაგის მოწმეც გვყავს.... შვილიშვილი, პატარა გოგონა, /ქალს/ ზარი რომ დარეკეთ, ოთახშიც არ შეხვედით, მასწავლებელს შემოსასვლელში მიეცით ფული და უთხარით - აი, ბატონო ვალერიან, აქ შვიდასია და დარჩენილს მალე მოგართმევთ, კარგად ბრძანდებოდეთო...
მეზობელი კაცი _ არა, ქალბატონო, ხომ შევთანხდით, რომ ფულს მთლიანად მოიტანდით ამოილუღლუღა ვალერიანმა ...
მეზობელი ქალი _ დიახ, დიახ, მოგართმევთო, - ყოჩაღად მიუგო თქვენმა მეუღლემ, დღე-დღეზე ჩემი ქმრის ჰონორარს ველოდებითო... თქვენი მეუღლე წავიდა და გაქრა... /ქალს/ ის ფული მთლიანად რომ მიგეცათ, ვალერიანი ვალებსაც გადაიხდიდა და რაც მთავარია, თირკმელზე სასწრაფო ოპერაციას გაიკეთებდა... თქვენ ხომ იცოდით, რომ ვალერიანმა ოპერაციისთვის გაყიდა ეს აგარაკი?!... იცოდით თუ არ იცოდით?!
კაცი _ /ბეჭდავს/ იცოდით თუ არ იცოდით?! /პაუზა. უმისამართოდ/ ვიცოდით, რა თქმა უნდა, ვიცოდით. სამ დღეში ფულს მოგართმევთ-მეთქი... გაგახარებთ ღმერთი, ორშაბათს საავადმყოფოში წავალ და დავწვებიო, - შვებით ამოისუნთქა ვალერიანმა... /ბეჭდავს/ კაცი აპირებდა ეთქვავიცოდითო, მაგრამ, წამიერად ქალის მზერა დაიჭირა... ასეთი მზერით დიდი ხნის წინ უყურებდა კაცს, როცა ეს აგარაკი იყიდეს, მერე, როცა ბავშვი გაჩნდა. ეს არ იყო სიყვარულით აღსავსე მზერა... არა, უბრალოდ, შენს გვერდით ვარ, გენდობი, პატივს გცემ, ოღონდ მეტს ნუ მთხოვო. კაციც მეტს არ ითხოვდა... /პაუზა. წამოდგება/ რა მკითხეთ? ვიცოდით თუ არა? მე ისიც კი აღარ მახსოვდა, რომ ამ აგარაკის პატრონს ვალერიანი ერქვა...
მეზობელი კაცი _ /ყუთიდან მოხუცის პორტრეტს ამოიღებს/ აი, ეს კაცი, ვალერიანი, დამსახურებული მასწავლებელი, ჩემი ძმა იყო, ბატონო სოსო... უფროსი ძმა... იმის მერე თვენახევარი იწვალა საწყალმა და მოკვდა. /მეორე ნახატს ამოიღებს/ აი, მისი საფლავის ზედხედი, გვერდხედი. მაპატიეთ, ბოდიში...
მეზობელი ქალი _ /კაცს ვალერიანის პორტრეტს გამოართმევს/ მეტირება. საწყალო ვალერიან, ძვირფასო მაზლო! სიკვდილისთვის გაგიმეტეს! გაგწირეს!. /ქალს/ იმ დროს მე და ცუგრი თაღლითობისთვის სასჯელს ვიხდიდით, თორემ, აქ რომ ვყოფილიყავით, ჩვენს ვალერიანს ასე არ დაგაჩაგვრინებდით! არა, ამქვეყნად სამართალი არ ყოფილა, ბატონო სოსო!
მეზობელი კაცი _ არ ყოფილა, არა... მაპატიეთ, ბოდიში. ის გოგონა, შვილიშვილი გაიზარდა, მისი სახელიც უკვე გითხარით, ბატონო სოსო, თქვენ რომ იცით ხოლმე, ისე ლამაზად შემოვაპარე... ვერ იხსენებთ?
კაცი _ მაპატიეთ, ვერა... ვერა?
მეზობელი კაცი _ დიახ! ვერა ხომ ქალის სახელია! /ყუთიდან სურათს ამოიღებს./ აი, ჩვენი ვერიკო...
მეზობელი ქალი _ ვერა, ვერიჩკა, ვერიკო... /ქალს/ თქვენც იცნობთ...
ქალი _ ცხვირა ვერიკო? ბებოს შინამოსამსახურე? ჩემი და სოსოს ამბები ცხვირა ვერიკოსგან იცით?
მეზობელი ქალი _ ვერიკოს ბაბუამისის, ვალერიანის გრძელი ცხვირი გამოყვა... ჰო, ვერიკო ცხვირაა, თქვენ კი ენაჭარტალა ბრძანდებით, ბლაბლა-ბლა! თქვენს ამბებს ბებოს ბლა-ბლა-ბლა, ბებო კი, თავის მხრივ, ყველაფერს დაწვრილებით... ბლა-ბლა-ბლა თქვენს დეიდებს, მამიდებს, ბიცოლებს... ხან ტელეფონით, ხან პირადად ბლაბლა-ბლა ... ჩვენი ვერიკოც იქ მუშაობს და ისმენს.
მეზობელი კაცი _ ეს მუნდშტუკიც, გასაგებია, რომ ვერიკომ... მოგვიტანა...
ქალი _ ვერიკოც თქვენნაირი ქურდია, არა?!
მეზობელი ქალი _ /ქალი/ არა. ვერიკო კარგი გოგოა, თქვენ კი თამრი-თამრი ხართ! ახლა
მეორე მკვლელობის ამბავი, ბატონო სოსო. პირველ ქმარს გაეყარა, თქვენ გამოგყვათ, სანაქებო პიროვნებას, ეროვნული დეტექტივის მოამაგეს, მაგრამ ყოფილი ქმარი კარგა ხნის განმავლობაში წამლის ფულს სძალავდა... ოღონდ, არ ვიცით, რით აშანტაჟებდა. ბოლოს უთხრა, სამკურნალოდ მივდივარ, რვაასი დოლარი მომიტანე და საბოლოოდ შეგეშვებიო... მიუტანა თამრი-თამრიმ ვალერიანს კუთვნილი ფული. პირველმა ქმარმა ბილეთი აიღო, ხალხს დაემშვიდობა და გაქრა... ორი კვირის მერე, სამკურნალოდ წასული რომ ეგონათ, მეზობლები მისი ბინიდან გამოსულმა გვამის სუნმა შეაწუხა...
კაცი _ გასაგებია...
მეზობელი კაცი _ არსადაც არ წასულა! კაიფში გაიპარა... შინ აუტანია ბლომად წამალი და ორი ყუთი თავის საყვარელი ლიმონ-ათი... /ყუთიდან სურათს ამოიღებს/ აი, თამრი-თამრის პირველი ქმრის საფლავი... ზედხედი, გვერდხედი.
მეზობელი ქალი _/ქალს/ ეგ არის თქვენი პერფექციონიზმი - ყველგან და ყველაფერში ფრიადოსნობა, არა? ნარკომანს ფული რატომ მიეცით?! ხომ იცოდით, რაც მოხდებოდა?!
მეზობელი კაცი _ რომ იცოდა, იმიტომ მისცა ბევრი ფული... წავა და მომშორდება, ან, წამალში ჩაიხრჩობაო... მაგრამ, ამას ვინ დაამტკიცებს?!
კაცი _ არა. არ გამოდის.
მეზობელი კაცი _ რატომ, ბატონო სოსო? ყველაფერი ლოგიკურია, ცხოვრებისეული... პენსიონერებს, როგორც წესი, კუთვნილ ფულს არ აძლევენ! ნარკომანი კაიფში გაიპარა - მაგას ვინ არ დაიჯერებს?!
მეზობელი ქალი _ თქვენი საკადრისი სიუჟეტია, ბატონო სოსო... ყოჩაღ.
კაცი _ არა... ვალერიანი სამოცდათორმეტის იყო, არა?! ცამეტი წელი მივუმატოთ, ოთხმოცდახუთის გამოდის, იროდიონი კი მასთან შედარებით ახალგაზრდაა, მისი ძმა ოთხმოცდახუთის არ იქნება... ვალერიანი მამად უფრო შეეფერება...
ქალი _ ფისო-უსინდისო, დამიბრუნე მუნდშტუკი. მაგვიანდება.
მეზობელი კაცი _ ბატონო სოსო, სამი უფროსი დაც მყავს, ვალერიანის შემდეგ დაიბადნენ... აი, შეხედეთ - /ყუთიდან სურათებს ამოიღებს/- ვენერა, ნათელა და ციცო! ახლა ყველაფერი გასწორდა, არა?
მეზობელი ქალი _ /სურათებს გამოართმევს/ - ჩემი ძვირფასი მულები... ჩემი ცუგრის გამზრდელი დაიკოები... აი, ეს, ნათელა, მაგალითად, ცუდი ქალი არ არის. ჩემთვის არასდროს უკადრებია, - ნაციხარი აფერისტი ხარო. /მეზობელი კაცი სურათებს გამოართმევს, ყუთში ჩადებს/
კაცი _ არა. ასაკობრივი უზუსტობა ყველაფერს ანგრევს... არ დაგვიჯერებენ...
მეზობელი ქალი _ თუ ასეა, ბატონო სოსო, არც იმას დაგვიჯერებენ - ქალაქის და სოფლის
ძაღლები სხვადასხვანაირად ყეფენო... ძაღლი, ქალაქშიც და სოფელშიც ყეფს ისე, როგორც შეეფერება მის ჯიშს, ასაკს, წონას და ემოციურ განწყობას!
მეზობელი კაცი _ ეგ ემოციური განწყობაა ქალაქი და სოფელი! ჩვენი ფეხებმონგრეული
მურა ასე ყეფს - ვაფ-ვაფ! თავისუფალი, მაძღარი და მხიარული ვარ! ვაფ-ვაფ! მახინჯი ვარ და უჯიშო, ღობის ძირას გაგდებული! ვაფ-ვაფ! ამათი ბრუტუსი კი ასე ყეფს - მამძიმებს ჩემი ჯიში და არისტოკრატულობა... უაუ! გამოფენაზე ოქროს მედალი მივიღე, უაუ!. ლონდონში დავიბადე, პრესტიჟულ კლინიკაში! უაუ! მეშვიდე სართულზე ვცხოვრობ, არც ვიცი, რა არის თავისუფლება, უაუ!
ქალი _ /კაცს/ გესმის?! ჩვენი ძაღლი ლონდონში რომ გაჩნდა, ისიც კი იციან, ამ უჯიშოებმა... ხმა ამოიღე, რას გაჩუმებულხარ?!
კაცი _ ბრუტუსი მართლა ლონდონიდან ჩამოვიყვანეთ და...
ქალი _ ძაღლი რა შუაშია?! ვერ ხედავ, ყველგან შემოძვრნენ და ხელებს აფათურებენ! ბრმა ხარ თუ თავს ისულელებ?!
მეზობელი ქალი _ /მეზობელ კაცს/ ბატონ სოსოს როგორ დაუყვირა! /ქალს/ წადით, თამრითამრი, წაიღეთ თქვენი ბარგი-ბარხანა და წაბრძანდით... თქვენ არ ხართ ჩვენი სოსოს ღირსი.
ქალი _ ეგ თქვენი საქმე არ არის! რას ელოდებით? ორი მკვლელობა დავიბრალო? ვერ დავიბრალებ, იმიტომ, რომ არაფერ შუაში ვარ! დამიბრუნეთ მუნდშტუკი, სამსახურში მაგვიანდება!
მეზობელი ქალი _ /ხმადაბლა/ უაუ, უაუ, უაუ...
მეზობელი კაცი _ /ხმადაბლა/ ვაფ-ვაფ... ვაფ-ვაფ...
ქალი _ ჩემგან ვერაფერს მიიღებთ, მაგრამ, მაინც რას ითხოვთ?!
მეზობელი ქალი _ პირადად მე არაფერს ვითხოვ, ძლივს ჩემი სახლი მეღირსა, მწვანე სახლი, რაზეც ვოცნებობდი, ორმოცი სკა ფუტკარი გყავს... თაფლს ვყიდით, ძროხაც მყავს, ქათმებიც და კურდღლებიც, ხილი, ბოსტნეული... კომპოტი და მწნილი...
მეზობელი კაცი _ წელს ღვინოსაც დავწურავ... მერე არაყიც გამოვხადოთ, ბატონო სოსო...
მეზობელი ქალი _ ვერიკოს ჩვენთვის ქალაქიდან პური და სიგარეტი ამოაქვს, დანარჩენი თითქმის ყველაფერი გვაქვს... ეს შლაპა მე შევკერე, შლაპების კერვა ციხეში ვისწავლე,
ფუტკართან სამუშაოდ რომ გვჭირდება, ის პირბადიანი ქუდებიც შევკერე, თქვენთვისაც შევკერავ, ბატონო სოსო...
მეზობელი კაცი _ /კაცს/ წელს ერთ სკას გაჩუქებთ და ნელ-ნელა მაგ საქმესაც გასწავლით...
მეზობელი ქალი _ წიგნებიც ბევრი გვაქვს, - თქვენი შემოქმედებიდან ალბათ ყველაფერია, ბატონო სოსო, მაგრამ საღამოობით პრეფერანსის თამაში გვენატრება და ვწვალობთ მე და ცუგრი... პარტნიორი გვჭირდება...
მეზობელი კაცი _ საღამოობით ტკბილი ოცდაათიანები შევუშვათ, ბატონო სოსო...
მეზობელი ქალი _ ასე რომ, თქვენგან არაფერს ვითხოვთ, თამრი-თამრი, სიმართლე გითხრათ, აქ სრულიად ზედმეტი ხართ, მაგრამ, ჟანრის კანონებს თუ გავითვალისწინებთ...
მეზობელი კაცი _ მიდი ფისო, მაგარი ხარ!
მეზობელი ქალი _ ჟანრის კანონებს თუ გავითვალისწინებთ, მე და იროდიონი კომპენსაციას ვითხოვთ, თამრი-თამრი... იროდიონის ძმისთვის, საწყალი ვალერიანისთვის ვითხოვთ კომპენსაციას და ჩვენი სიჩუმისთვის ვითხოვთ... თორემ ქვეყანას მოვდებთ ამ ამბავს...
მეზობელი კაცი _ ყოჩაღ ფისო!
ქალი _ წვრილფეხა აფერისტები... რვაას დოლარზე ჩალიჩობთ, არა?
მეზობელი კაცი _ არა, არა... ფისოს ძალიან მოსწონს ეს ნატურმორტი. მაპატიეთ, ბოდიში.
მეზობელი ქალი _ ჩვენთან, სასტუმრო ოთახში დავკიდებთ, ბუხარს მოუხდება... კედლები მოყვითალოდ უკვე შევღებეთ, ამ ნატურმორტისთვის გავამზადეთ...
ქალი _ უკვე შეღებეთ და გაამზადეთ? გილოცავთ...
მეზობელი ქალი _ გმადლობ! ქურდებს კი გვეძახით, მაგრამ თქვენი აგარაკიდან რამე
დაიკარგა?! სხვა სახლებს კარ-ფანჯარა და სახურავი აღარ შეარჩინეს, თქვენთან შანდლებიც ადგილზეა, ნატურმორტიც და ტუალეტის ქაღალდიც. ეგ ვისი დამსახურებაა?!

(გაგრძელება ქვემოთ) Arrow


Last edited by Admin on Mon Feb 10, 2020 9:59 am; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ალექსანდრე ქოქრაშვილი Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე ქოქრაშვილი   ალექსანდრე ქოქრაშვილი EmptySun Feb 09, 2020 10:52 pm

ალექსანდრე ქოქრაშვილი

სტაფილო, ანუ მესამე კატეგორიის მკვლელი
(ერთმოქმედებიანი პიესა)

მოქმედი პირები:
კაცი
ქალი
მეზობელი კაცი
მეზობელი ქალი

(გაგრძელება)

კაცი _ /ბეჭდავს/ ქალმა მატილდას გახედა, რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ...
ქალი _ /კაცს/ რა მაგრამ, რა? არაფერს ვამბობ? ასე, სიკვდილმისჯილი პარტიზანივით ვქშინავ და თვალებს ვაბრიალებ, არა?! სათქმელი არაფერი მაქვს?! მე ის კაცი მიყვარდა!!! ჩემი პირველი ქმარი, ლიმონათა ზურა მიყვარდა, გესმის?! ის უბედური, ის საზიზღარი, ის... ის... ის... მიყვარდა! და ახლაც მიყვარს! ახლაც მესიზმრება და მენატრება! აშანტაჟებდაო?! შეყვარებულ ქალს შანტაჟი არ ჭირდება!. სულელი მაშინ კი არ ვიყავი, იმას რომ გავყევი, ბებოს ყოველდღიურ ჩიჩინს და ჩაგონებას რომ მოვუსმინე - გაშორდი მაგ ნარკომანს, გოგო, გაგაუბედურებს, სიცოცხლეს გაგიმწარებს... გაშორდი, გაშორდი, თავს უშველე... ჰო, მაშინ გავსულელდი და ბებოს დავუჯერე. ზურამაც მითხრა, შენი ცხოვრება აიწყვე, ჩემთან არაფერი გეშველებაო... მერე ვიღაცამ მიასწავლა - ნარკომანებს შუა აზიაში მკურნალობენო... ოღონდ წასასვლელი ფული მიშოვე, ვიმკურნალებ, ჩამოვალ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთო... ისევ ერთად ვიყოთო... დავუჯერე და ფული მივეცი, იმიტომ, რომ მი-ყვა-რდა... და ამას არანაირი ახსნა-განმარტება არ ჭირდება! არა! /პაუზა/ მისი სიკვდილიდან ორი თვის მერე, როგორც იქნა, შევაგროვე ის დაწყევლილი რვაასი დოლარი, შენი ნაჩუქარი საყურეც გავყიდე, რომ გეუბნებოდი, ლიფტში გამძარცვეს-მეთქი... მაშინ ხომ არ ვმუშაობდი... შევაგროვე და იმ საწყალ პენსიონერს მივურბენინე, მაგრამ, ისიც გარდაცვლილი დამხვდა, ღმერთო, რა კოშმარი იყო... იმ დღეებში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, მაგრამ, სიხარულის მაგივრად საშინელი სევდა დამეუფლა... იმის გამო, რომ ზურასგან ვერ გავაჩინე შვილი... მისგან შვილი მაინც დამრჩებოდა... /კაცს/ ეროვნული დეტექტივის მოამაგევ, ეგ ბოლო ფრაზები წაშალე, გესმის? არა, ეგ მონოლოგი მთლიანად წაშალე!
მეზობელი კაცი _ ბატონო სოსო, სად შევჩერდით? პაუზა თითქოს გაიწელა.
კაცი _ ახლავე... /კითხულობს/ ქალმა მატილდას გახედა, რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და ნატურმორტთან მივიდა. ამის გამო? - იკითხა ქალმა - ეს ყველაფერი ამ ნათხაპნის გამო მოხდა? გეთქვათ და გაჩუქებდით...
ქალი _ ვაჩუქებდი? მართლა გგონია, რომ ამ ბაცაცებს რამეს ვაჩუქებდი?! /პარკებს აიღებს/ თუმცა, ჯანდაბამდე გზა გქონიათ... მივდივარ!
კაცი _ /ბეჭდავს/ სტა-ფი-ლო...
მეზობელი კაცი _ სტაფილო? დიახ, სტაფილო! სად არის სტაფილო?! აი, აქ ყოფილა, სისხლის უებარი გამსუფთავებელი. /კართან დგება, ქალს/ ახლა ეს სტაფილო უნდა მიირთვათ, ქალბატონო... მაპატიეთ, ბოდიში, მაგრამ, სისხლის გასუფთავება აუცილებელია! სისხლი და სტაფილო! სტაფილო და სისხლი! სისხლი უნდა დავლიო... ყველას სისხლი უნდა დავლიო... სისხლი მომარჩენს...
მეზობელი ქალი _ ცუგრი, ცუგრი... დაწყნარდი, გენაცვალე... /კაცს/ ისევ აურია...
მეზობელი კაცი _ /უმისამართოდ/ უსუფთაო სისხლი როგორ დავლიო?! როგორ დავლიო-მეთქი?! ჩემი სიკვდილი გინდათ, არა?! არ გეცოდებით?!
მეზობელი ქალი _ გვეცოდები, ცუგრი, ძალიან გვეცოდები... მომეცი ეგ სტაფილო... მომეცი... ასე... /გამოართმევს/ მე შევჭამ... აი, ასე შევჭამ - ხრამ-ხრუმ... ყურცქვიტასავით... ხრაშ-ხრუშ, ოღონდ, მერე მივირთმევ, ნასადილევზე... საღამოს... აუცილებლად... მოდი, დაჯექი... /მაგიდასთან დასვამს/...
მეზობელი კაცი _ ცუდად ვარ, ფისო, თავი მისკდება... რა ჯანდაბად მინდა ეგ სტაფილო, მაგრამ, ეტყობა, სიუჟეტს ჭირდება... ვალიდოლი მომეცით!
მეზობელი ქალი _ /წამალს მიაწვდის/. გამომართვი. ასე არ შეიძლება, ბატონო სოსო... /მეზობელ კაცს პულსს უსინჯავს/ ეს თუ ხუმრობაა, თქვენი საკადრისი არ არის, ბატონო სოსო, არა, არა... არც ასეთი სიუჟეტი გვინდა და არც ასეთი შვიდასი ათასი დოლარი, საწყალ კაცს ლამის გული ამოუვარდეს...
მეზობელი კაცი _ ცუდად ვარ, ფისო... მიშველე... ვერ ვსუნთქავ...
ქალი _ შვიდ... შვიდ... მომესმა? შვიდასი ათასი?
მეზობელი ქალი _ სად არის შვიდასი ათასი? რა შვიდასი? მე ვთქვი? არა, გენაცვალე, ისეთ გაქნილ აფერისტებთან გვაქვს საქმე, სამასი ათასი თუ გადმოგვიგდეს, მადლობას ვეტყვით, ვერიკოსაც დაპირებულს მთლიანად არ მისცემენ, ნახევარ მილიონს რაში ითხოვს? ნახატი ჩვენ მოვძებნეთ, ვუყარაულეთ, მუნდშტუკი, მართალია, ვერიკომ მოგვიტანა, მაგრამ...
მეზობელი კაცი _ მაპატიეთ! ბოდიში, მაგრამ, ვკვდები! მიშველეთ! ფისო...
ქალი _ ეს ნახატი ღირს შვიდასი ათასი?! უფრო მეტიც ღირს! ჰა-ჰა! ბებოს მუნდშტუკიც ნახევარ მილიონს გაქაჩავს! იმიტომ, რომ ჩემი ძვირფასი ბებოსია! ადრე ამით “პრიმას” აფუილებდა, დიახ, გააფუილებდა და ბლა-ბლა-ბლა... /მეზობელ ქალს/ მუნდშტუკს ხელი მაგრად მოუჭირეთ, მილიონები არ დაკარგოთ... /კაცს/ გიქებ ხელობას, ოსტატო... ჰა-ჰა! ასეთი ჭკვიანური ჯერ არაფერი დაგიწერია... /პარკებს დაალაგებს, კედლიდან ნახატს ჩამოხსნის/
მეზობელი ქალი _ფრთხილად, არ გააფუჭოთ!
მეზობელი კაცი _ ხელ-ფეხი მიცივდება... მშვიდობით, ფისო... უჩემოდ ცხოვრება გაგიჭირდება, მაგრამ, უნდა შეეჩვიო...
ქალი _ /ნახატზე/ აქედან შეხედავ - გულის ტუზია, - მარტივი, გასაგები და მოსაწყენი, შეატრიალებ - ისევ გულის ტუზია... უკაცრავად, ახლავე...
მეზობელი კაცი _ ფისო... თვალთ მიბნელდება... თამრი-თამრი რას აკეთებს?
მეზობელი ქალი _ მგონი, ნახატს ჩარჩოდან იღებს /ქალს/ რას აპირებთ?
კაცი _ /ბეჭდავს/ ჯერ ეს ლურსმანი უნდა ამოვაძრო...
ქალი _ ჯერ ეს ლურსმანი უნდა ამოვაძრო! /მეზობელ ქალს/ რას ვაპირებ და ეს ნახატი უნდა გაჩუქოთ! დანა მომეცით! ან მაკრატელი...
მეზობელი კაცი _ უნდა გვაჩუქოთ? /წამოხტება/ მაპატიეთ, ბოდიში... თქვენ ნუ შეწუხდებით, ქალბატონო, მე მოვუვლი ამ უხეშ ლურსმნებს და ლურსმანიკოებს... თითები არ დაიზიანოთ... ფისო! შეხედე! ასეთი მშვენიერი ხელები გინახავს? შენც ლამაზი ხელები გაქვს, ფისო, მაგრამ ასეთი თლილი, ნაზი და მოქნილი თითუნები პირველად ვნახე!.. მაპატიეთ, ბოდიში, თუ შეიძლება, ნატიფ ხელზე გეამბორებით... /ხელზე აკოცებს/ თქვენგან ფანტასტიკური შულერი გამოვიდოდა...
ქალი _ გმადლობ... ნახატი მათხოვეთ, თუ შეიძლება... /გამოართმევს/.
კაცი _ და ამ დროს მართლა დაიქუხა... საგაზაფხულო ქუხილის მძიმე ტალღა ქვემოთ, ქალაქს დაეცა, ექო სააგარაკო დასახლებას ამოაწყდა, მერე ისევ ქალაქზე გაიშალა... ამ გრუხუნით ზეცამ ქალაქი გააფრთხილა - მალე წვიმასაც წამოვუშენო, ქალაქმა კი მატარებლის ხმაურით გულგრილად უპასუხა - ტრა-ტამ ტა-ტამ, გაწვიმდება თუ არ გაწვიმდება, მკიდიაო... თუმცა, ქალაქის და ზეცის გაბაასება სიუჟეტთან არაფერ შუაშია... /ბეჭდავს/ ოთახში კი მატილდა და იროდიონი შეპირებულ, ნანატრ საჩუქარს ელოდნენ...
ქალი _ დანა ან მაკრატელი მჭირდება-მეთქი!
კაცი _ ნახატი ჩარჩოდან ამოღებულია, დანა აღარ გჭირდება!
ქალი _ მე ვიცი, რაც მჭირდება! /მაგიდიდან დანას აიღებს, მერე მაგიდაზე ადის, ნახატს დანას დაადებს, მეზობელ კაცს და ქალს/ როგორც დაგპირდით, ამ ნახატს გაჩუქებთ, ოღონდ, ჩემს წილს... ანუ, ნახატის ნახევარს!
მეზობელი ქალი _ ცუგრი, მიშველე. რაღაც ცუდს გვიპირებს ეს ქალი...
ქალი _ სიგრძეზე გაგიჭრათ თუ სიგანეზე? ვერ გაიგეთ? მე და ჩემი ქმარი ვიყრებით, ქონებას ვიყოფთ! ამ ნახატის ნახევარი ჩემია! ჰოდა, ჩემს წილს გჩუქნით! სიგრძეზე გაგიჭრათ თუ სიგანეზე? ციც! არ მომეკაროთ! შორს დადექით! /კაცს/ შენ რაღას ელოდები! შენც იქ დადექი! დროზე!

/კაცი მეზობელ ცოლ-ქმართან დგება/.

მეზობელი კაცი _ მე რევმატიზმი მკლავს, სიცოცხლეს მიმწარებს, ქალბატონო თამრი-თამრი... ფისოს საშინელი შაკიკი აქვს... ნახატი არ დააზიანოთ, თუ შეიძლება...
ქალი _ ეს ნათხაპნი ჩემთვის არაფერს ნიშნავს... ბავშვობის ტკბილი მოგონებაა? არა! ყოველთვის ცუდ გუნებაზე მაყენებდა... არც მეზიზღებოდა, მაგრამ... ჩემთვის არ იყო ძვირფასი...
მეზობელი კაცი _ ჩვენთვის არის ძვირფასი, მეტისმეტად ძვირფასია! თქვენმა პოლკოვნიკმა ბაბუამ, ესე იგი, ბებოს მამამ, ომის მერე ხელს გამოაყოლა, გერმანიიდან...
ქალი _ ეგ მეც ვიცი! კარგი რომ ყოფილიყო, ჩემი ძუნწი ბებო ქორწილში გვაჩუქებდა? ამ ნათხაპნის სანაცვლოდ ვერცხლის მშვენიერი დანა-ჩანგალი დამცინცლა. ეს ვინ დახატა? ვინ არის ის ჩემი ცოდვით სავსე მხატვარი.... /მეზობელ კაცს/ სდექ! არ გაინძრეთ-მეთქი!./ნახატს დანას მიადებს/ .
მეზობელი კაცი _ არ აღელდეთ! მხატვარი უნდა გაჩვენოთ! მხატვარი ყუთშია! /მაგიდას უახლოვდება/ აი, აქ არის თქვენი ცოდვით სავსე მხატვარი... /ყუთიდან პორტრეტს ამოიღებს, წარწერას კითხულობს./ “ფრანც კულერი”... 1903-1938... ავსტრიელი მხატვარი... თავი მოიკლა ვენის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ბოლო წლებში მისი ნამუშევრები ძალიან გაძვირდა... ცნობილია მისი ორმოცამდე ნატურმორტი, ნახატს გვარს არ აწერდა, სამაგიეროდ, ყოველ ნატურმორტს თავისივე გაკეთებულ მუნდშტუკს ატანდა, ყოველი ნატურმორტის ფართობი სიგანეში ხუთი და სიგრძეში ოთხი შესაბამისი მუნდშტუკი უნდა იყოს...
მეზობელი ქალი _ ესე იგი, ნახატის ფართობი ზუსტად ოცი კვადრატული მუნდშტუკი უნდა იყოს... აი, ეს მუნდშტუკი! გადაზომეთ, ზუსტად ოცი კვადრატული მუნდშტუკია!
ქალი _ და ოცდაათი კვადრატული ხაჭაპური, არა? /კაცს/ ამას ვინ დაიჯერებს?
კაცი _ ისეთი მტკნარი სისულელეა, დაგვიჯერებენ...
ქალი _ ამხელა ქალაქში, ათიათასობით ბინაში და სახლში, ამ თაღლითებმა ნახატი როგორ იპოვეს? კარ-და-კარ დადიოდნენ?! ეგ ხომ შეუძლებელია?!
კაცი _ ჰო, შეუძლებელია... როგორ იპოვეს? როგორ იპოვეს... როგორ ... ეგ ჯერ არ ვიცი...
დამაცადე და მოვიფიქრებ...
მეზობელი კაცი _ ბატონო სოსო! კაცი სად იგებს ყველაზე საინტერესო ამბებს? ციხეში, ბატონო სოსო! იცით, ვისთან ერთად ვიჯექი? ქალბატონ თამრი-თამრის პირველი ქმრის ძმაკაცთან ერთად!
კაცი _ პირველი ქმრის ძმაკაცთან ერთად... მერე?
მეზობელი კაცი _ ციხიდან ცოცხალი ვეღარ გავალო - წამლის ბარიგობაზე ზის, იქნებ შენ
იშოვო ფული და ჩემიანებს მიხედოო... ავსტრიელ მხატვარზე და ამ ნახატზე მომიყვა... განათლებული კაცია, მაგრამ წამალმა გააუბედურა... ნახატი ძმაკაცის ცოლის ოჯახშიაო... მოკლედ, ციხიდან ბებოს მისამართით გამომიშვა.
მეზობელი ქალი _ ამიტომ, სახლებში ძებნა აღარ დაგვჭირდა, არა?... ყოჩაღ, ბატონო სოსო, მართლა თქვენი საკადრისი სიუჟეტია!
მეზობელი კაცი _ ციხიდან რომ გამოვედი, ნახატი უკვე ამ აგარაკზე დაგვხვდა...
ქალი _ თქვენი ძმის ყოფილ აგარაკზე, არა? /კაცს/ მოამაგევ, ამ საოცარ დამთხვევასაც დაგვიჯერებენ?
კაცი _ არა... არ დაგვიჯერებენ! ასე არ გამოვა...
მეზობელი კაცი _ ვის აგარაკზე? ჩემი ძმის? ჰა-ჰა! /ქალს/ საწყალი ვალერიანი მართლა ჩემი ძმა გგონიათ? /მეზობელ ქალს/ ფისო, გესმის? თქვენი ძმაო...
მეზობელი ქალი _ ვალერიანი არც გვინახავს! მისი არსებობაც არ ვიცოდით, ვიდრე არ გავიგეთ, რომ ეს ნახატი აგარაკზე იყო... /უმისამართოდ/ საწყალო ვალერიან! ისიც კი არ გეღირსა, რომ ჩემი მაზლი ყოფილიყავი! არც დები გყავდა, - ვენერა, ნათელა და ციცო! მეც ძვირფასი მულების გარეშე დავრჩი! რომ ყოფილიყვნენ, კარგად გამთათხავდნენ! ქურდო! ნაციხარო! აფერისტო! – ასე მეტყოდნენ და მართლებიც იქნებოდნენ, არა, ცუგრი?!
მეზობელი კაცი _ მე და ფისო წყალწაღებული, ჯიბიდან გავარდნილი, მაგრამ, ისა... ისა...
მეზობელი ქალი _ კრეატიული!
მეზობელი კაცი _ ჰო, კრეატიული მამაძაღლები ვართ... და ამაშია ჩვენი მომხიბლაობა!
ეროვნულ ლიტერატურაშიც ჩვენნაირი პერსონაჟები ცოტაა...
მეზობელი ქალი _ ცოტაა, ცუგრი! მერე ვერიკო მოვძებნეთ, წილზე შევუთანხმდით,- ვერიკოს ეზიზღებით, თამრი-თამრი, ვალერიანის სიკვდილს თქვენ გაბრალებთ... - ჰო, ვერიკო ბებოსთან ოჯახში ჩავსვით და დავრწმუნდით, რომ მუნდშტუკი არსებობდა... ვერიკო და მთელი ეს გაწამაწია მუნდშტუკისთვის დაგვჭირდა...…
მეზობელი კაცი _ ამ ნახატს მუნდშტუკის გარეშე აუქციონზე არ მიიღებენ!
მეზობელი ქალი _ ეგ მაგიდა მოყანყალებულია, თამრი-თამრი, შეიძლება ბრაგვან-ბრაგვანი გაადინოთ...
ქალი _ დამაცადეთ! მოამაგევ, ამ კრეატიულებს მუნდშტუკიც აქვთ, ნახატიც აქ იყო... აქამდე რატომ არ მოიპარეს?
მეზობელი ქალი _ მართლა ოფიცერი ხომ არა ხართ, თამრი-თამრი, თქვენს თვალწინ რატომ გათამაშდა ეს ყველაფერი, ვერ ხვდებით? რატომ არ გიშვებთ ბატონი სოსო, რატომ არ ეთმობით – თქვენთვის მართლა გაუგებარია?
მეზობელი კაცი _ ჰო, ჩვენც ვიცით, რომ ორი კვირის წინ ჩვენმა სოსომ კარტში ფული წააგო... ბევრი წააგო... ადრეც წააგო, რამდენჯერმე... ვის არ წაუგია?! რაც ჩვენ ხალხი გვყავს კარტში გაუბედურებული, ყველას ოჯახი კი არ დანგრეულა...
ქალი _ ეგ თქვენი საქმე არ არის! ჩემ ოჯახში ცხვირს არ ჩაგაყოფინებთ! აქედან ჩამომიყვანეთ! /კაცი მიექმარება, ქალი მაგიდიდან ჩამოდის/ მისმინე, მოამაგევ! მაშ ასე, მეთერთმეტე სერიაში დამთავრდება “მერცხლის ბუდის საქმე”, მაიორი მაისურაძე მოკლული ქალის ბრილიანტებს მერცხლის ბუდეში იპოვის, მეთორმეტე სერიაში კი მაიორი მაისურაძე ახალ გამოძიებას იწყებს! სერიას “მატილდა და იროდიონი” ერქმევა, ან, “ნახატი მიტოვებულ აგარაკზე”.
მეზობელი ქალი _ მატილდა და იროდიონი ჯობია!
მეზობელი ქალი _ სოსო მოამაგე, მისმენ? მეთორმეტე სერიას ციხის ეპიზოდიდან დაიწყებ! – იროდიონი წამლის ბარიგისგან ციხეში შეიტყობს ნახატის ამბავს! იროდიონი და მატილდა ნახატს და მუნდშტუკს ხელში ჩაიგდებენ და საზღვარგარეთ გარბიან! ასე დამთავრდება მეთორმეტე სერია... მეცამეტე სერიას ვენის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან დაიწყებ, 1938 წელია, გიჟი მხატვარი ვენებს გადაიხსნის... არა! ჯობია, ბერლინი იყოს, 1945 წელი, რუსები ბერლინს ბომბავენ, მხატვარი დანგრეულ საგიჟეში თავს იკლავს - უფრო ეფექტურია... გადაღება ბერლინშიც იქნება...
კაცი _ ნიცაშიც უნდა იყოს, ლაჟვარდოვან სანაპიროზე! ეს კრეატიულები ნახატს გაყიდიან, დიდ ფულს იშოვიან, ვერიკოს ცხვირის ოპერაციას უკეთებენ...
ქალი _ კარგია...
მეზობელი ქალი _ ლამაზი ცხვირით და ბევრი ფულით ვერიკოსაც გავათხოვებთ! მეცამეტე სერიაში ქორწილიც უნდა იყოს! საერთოდ, ქორწილით დამთავრება ყველაზე კარგია, ბატონო სოსო... ქორწილი... ჩამავალი მზე ლაჟვარდოვან სანაპიროზე... მე და ცუგრი ერთმანეთს ვნებიანად ვაკოცებთ და მეცამეტე სერიაც დამთავრდება...
კაცი _ არა. ამ დროს ნაპირს მოადგება ინტერპოლის კატარღა, პიუ-პიუ! და ინტერპოლის
ოფიცრების თანდასწრებით, მაიორი მაისურაძე ქურდობისა და თაღლითობისთვის დაგაპატიმრებთ...
მეზობელი კაცი _ ბატონო სოსო... მე და ფისო წვრილფეხა აფერისტები კი აღარ ვართ, საერთაშორისო მასშტაბის ავანტურისტები ვხდებით! ასეთ ავანტურისტებს კი ვერ იჭერენ, ან, არ იჭერენ...
მეზობელი ქალი _ არა! აღარ დაგვიჭერთ... ამ ხნის ქალს ციხეში ჩაჯდომა აღარც მეკადრება. შეგვარგეთ ბევრი ფული და ლაჟვარდოვანი სანაპირო! ყოჩაღ, ბატონ სოსო, თქვენი საკადრისი სიუჟეტია...
კაცი _ გმადლობ. /ნოუთბუქთან მიდის, ჩასძახებს/ გესმით?! ჩემი საკადრისი ყოფილა! თქვენ არაფერ შუაში ხართ! /უმისამართოდ/ ასეთი სცენარის გამოცხობა ძნელი ხომ არ გგონიათ? შევდივართ ინტერნეტში, დეტექტიურ რომანებში... ათასობით რომანია, არა? მეორე-მესამეხარისხოვან ავტორებს ავირჩევთ, ვიღაც ჯონი იქნება, ვილი ან სებასტიანი, რაღაცეებს შევცვლით ... იქ თუ ჩიკაგოა, ან ლივერპული, ჩემთან ოზურგეთი იქნება, ან გურჯაანი... სხვა ქვეყნის პოლიციელი - ჩვენი ყოჩაღი მაიორი მაისურაძე გახდება, - შერლოკ ჰოლმსის და ჯეიმს ბონდის ნაზავი... ავიღებთ ერთი რომანის იდეას, მივარგებთ სხვა რომანის სიუჟეტს, ლოგიკაც საჭიროა, ოთხი წლის ბავშვმა რომგაიგოს, მეტს არავინ ითხოვს... მოვაყრით რაიმე ეროვნულს _ დედ-მამიშვილების სადღეგრძელოს მსგავს, შევდგამთ ღუმელში და თავისით გამოცხვება... ავტორმაც რომ წაიკითხოს, საკუთარ რომანს ვეღარ იცნობს... ნახატისთვის გაკეთდა ყველაფერი? ეგ უკვე იყო... “სამი კილო ალუბალი”, ცქრიალა თამრიკო, - ეგეც იყო... ოღონდ, ორიგინალში სხვა სათაური ჰქვია და უნებლიე მკვლელი შუახნის კაცია, ბანკის კლერკი... პერსონაჟების და ავტორის ურთიერთობაც უკვე იყო... მაგრამ, მაგასაც არა უშავს... გამოიღებ ღუმელიდან,
გემოს გაუსინჯავ-კი, შეიჭმევა... რაღაც საშუალოა ბატიბუტსა და კევს შორის, არც გემო გამახსოვრდება, არც სუნი... არაფერი! ერთადერთი, რაც სხვასთან არ შემხვედრია, მუნდშტუკით ნახატის გაზომვა იყო, დეგენერატიზმია, მაგრამ, სხვასთან არ შემხვედრია, გესმით? თუ ეს სცენარი დავწერე, გავა დრო და ვინმე მეორე-მესამეხარისხოვან ავტორის ახალ დეტექტივებში კუბელი მხატვრის ნახატებს სიგარებით გადაზომავენ, ან იაპონელი მხატვრისას – ბრინჯის საჭმელი ჩხირებით! ამ დეტალს ჩუმად, უხმაუროდ გააცუნცულებენ და გადააკეთებენ... მეც ხომ ასე მივაცუნცულებ სხვის მოფიქრებულს... ჟანრი მოკვდა! დეტექტიური ჟანრი მკვდარია! შერლოკ ჰოლმსი ხომ გაგიგიათ?
შერლოკ ჰოლმსიდან დღემდე იმდენი მკვლელობა არ მომხდარა, რამდენი დეტექტივიც დაიწერა! იცით, რატომ? იმიტომ, რომ მეტისმეტად მოვმრავლდით, ჩვენ, ავტორები...
ქალი _ არა. ნამდვილი ავტორი მხოლოდ ერთია.
კაცი _ ვისზე ამბობ? /ზემოთ აიხედავს/ მგონი, შენზე ამბობს, ღმერთო... ჰო... შენ ნამდვილი ავტორი ხარ, ჩვენ კი ვინ ვართ? სოსო, ჯონი, ვილი და სებასტიანი... ავტორიკოები, ავტორ-შმავტორები, კევის და ბატი-ბუტის გამსაღებლები... კიდევ ორი სერიის სცენარი უნდა შევთითხნო? დაჰკარით დაფდაფებს!... რა საჭიროა შემოქმედებითი წვა, გმირების შექმნა, ხასიათების გამოძერწვა... ავტორ-სოსო არ იტანჯება, მადაც კარგი აქვს და ბედნიერია, არა?!... /მაგიდას მიუჯდება/ ბოლო შეკითხვა - რაზე ვწერ? წვრილფეხა აფერისტების კრეატიულობაზე? ჩემი ცოლის და მისი პირველი ქმრის ტრაგიკულ სიყვარულზე? ვალერიანის უნებლიე მკვლელობაზე? ვერიკოს შურისძიებაზე? თუ იმაზე, რომ აქ ყველაფერმა ფასი დაკარგა... რაც გინდა, გააკეთე, სინდისის და უსინდისობის ზღვარზე, ამ ქვეყანაში მაინც ტაშს დაგიკრავენ... მაშ ასე... /ბეჭდავს/ - “სტაფილო, ანუ მესამე კატეგორიის მკვლელი...”
ქალი _ არ ვარგა!
მეზობელი ქალი _ არა... სათაური ეფექტური უნდა იყოს - “მატილდა და იროდიონი”.
მეზობელი კაცი _ ჰო, სოსო, გენაცვალე, “მატილდა და იროდიონი” უფრო კრეატიულია.
მეზობელი ქალი _ ყოჩაღ, ბატონო სოსო, თქვენი საკადრისი სათაურია... ის ცუდი სათაური წაშალეთ, წაშალე, ჩემო სოსო, წაშალე...
ქალი _ /მეზობელ ქალს/ ეგ არ უნდა გეთქვა...
კაცი _ წავშალო? გმადლობ, ქალბატონო მატილდა. თავისუფლების ტკბილი სუნი მცემს, მეგობრებო! ახლავე წავშლი...
მეზობელი ქალი _ რა არ უნდა მეთქვა? რა ხდება?
ქალი _ /კაცისკენ გაიშვერს ხელს/- ახლა ნახავთ...
კაცი _ /ღილაკს თითს დააჭერს / წავშალე... სათაური კი არა, ყველაფერი წავშალე... შემთხვევით... უნებლიე მკვლელობასავით... კალათში ვნახოთ... აი, “მესამე კატეგორიის მკვლელი დოკ” ესეც წავშალე... ... უნებლიედ, რა თქმა უნდა... /ნოუთბუქს დახურავს/
ქალი _ მორჩა. დამთავრდა... ჩვენ აღარ ვარსებობთ...
მეზობელი ქალი _ ვერ გავიგე... რა გააკეთა?!
ქალი _ წაგვშალა. სამივე გაგვაპარტყალა...
მეზობელი კაცი _ გაგვაპარტყალა? აღარ ვარსებობთ?! მწვანე სახლი, ორმოცი სკა ფუტკარი, პრეფერანსი, მატარებლების რომანტიკა... ავსტრიელი მხატვარი, ფეხმონგრეული მურა და შვიდასი ათასი – აღარ არსებობს?! ყველაფერი დაიკარგა?! ბატონო სოსო! სოსო, ეე! სოსო!
ქალი _ არ ესმის... ჩვენ მისთვის აღარ ვარსებობთ...
მეზობელი ქალი _თქვენ ხართ მკვლელი, ბატონო სოსო! ასე როგორ გაგვიმეტეთ?! მკვლელო! უსულგულო მკვლელო!
ქალი _ შეხედეთ, რა ბედნიერია... პერსონაჟს რომ მოკლავს, ან წაშლის, ასეთი ბედნიერი სიფათი აქვს ხოლმე, ახლა საზიზღარ ხითხითს და ხელების ფშვნეტას დაიწყებს... შეხედეთ...
მეზობელი კაცი _ ჩვენი დახოცვა უხარია?! ქურდი, მკვლელი და მანიაკი ყოფილა ეს შობელძაღლი, რომ შემეძლოს, მართლა სტაფილოს ვაჭმევდი! წამოდი, ფისო, წავიდეთ.
მეზობელი ქალი _ სად წავიდეთ?! ჩვენი მწვანე სახლიც აღარ არსებობს, სად წავიდეთ?
მეზობელი კაცი _ წამოდი, წამოდი, აქ აღარაფერი გვესაქმება...
მეზობელი ქალი _/გასვლისას –კაცს/ საცოდავო ტაკიმასხარა...

/მეზობელი კაცი და მეზობელი ქალი გადიან.
კაცი ნახატის სიგრძე-სიგანეს მუნდშტუკით ზომავს/.

ქალი _ მე და სანდრო შენთვის მხოლოდ პერსონაჟები ვართ, და მადლობა ღმერთს, რომ ეს მართლაც ასეა... მე და ჩემი შვილი მაინც ვიარსებებთ, რაღაც სივრცეში, რაღაც განზომილებაში ვიარსებებთ და ბედნიერები ვიქნებით... შენ რა გეშველება, შე საწყალო... როდემდე უნდა იყო ასე მარტო, ოთხ კედელში გამომწყვდეული... ოდესღაც ძმაკაცები ხომ გყავდა?! წადი, იმათთან პრეფერანსი ითამაშე, დალიე, იმღერე, იღრიალე, თუ გინდა, იხულიგნე! გაცოცხლდი! იქნებ ვინმე ქალსაც გადაეყარო, ისეთ ქალს, რომელიც ოფიცერს არ ჰგავს... იქნებ შვილიც გეყოლოს და შენს ცხოვრებას აზრი მიეცეს... ნუ გეშინია ადამიანების, გესმის?!... წაშალე ეგ ბოლო ფრაზები... ეგ მონოლოგი მთლიანად წაშალე!

პაუზის მერე ქალი ხელს ჩაიქნევს და ოთახიდან გადის.
კაცი ნახატს მუნდშტუკით ზომავს.
ჩაბნელება.


დასასრული
2015

ალექსანდრე ქოქრაშვილი Stafil10

ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, # 2, მარტი-აპრილი, 2017
გამომცემლობა „გლოსა“, თბილისი, 2015


ბმული:
* http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/215271/1/Teatri_Da_Tskxovreba_2017_N2.pdf

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ალექსანდრე ქოქრაშვილი Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე ქოქრაშვილი   ალექსანდრე ქოქრაშვილი EmptySun Feb 09, 2020 11:04 pm


"სიახლეები" რკინის თეატრი, სპექტაკლი "ჩიტები", რეპეტიცია

Artareatv
Published on Oct 10, 2016

"სიახლეები" -“რკინის თეატრი“ ახალ თეატრალურ სეზონს დავით ანდღულაძის სპექტაკლით – „ჩიტები“ ხსნის. (ალექსანდრე ქოქრაშვილის „მეზუნია ჩიტების“ მიხედვით).


რკინის თეატრის სპექტაკლი "ჩიტები" - ნინელი ჭანკვეტაძე სტუმრად "კარამელში"

Iberia TV
Published on Jul 5, 2016


Published on Jul 13, 2016

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ალექსანდრე ქოქრაშვილი Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე ქოქრაშვილი   ალექსანდრე ქოქრაშვილი EmptySun Feb 09, 2020 11:06 pm


"ჩიტები" "რკინის თეატრის" სცენაზე

Iberia TV
Published on Jul 6, 2016
"ჩიტები" "რკინის თეატრის" სცენაზე - სალომე რაზიკაშვილის სიუჟეტი

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ალექსანდრე ქოქრაშვილი Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე ქოქრაშვილი   ალექსანდრე ქოქრაშვილი EmptySun Feb 09, 2020 11:14 pm

ალექსანდრე ქოქრაშვილი Samani10

თამარ ცაგარელი
(თეატრმცოდნე)

„სამანიშვილის დედინაცვალი“ თუ „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი“?!

თავისუფალ თეატრში „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვლის“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლის ავტორია რეჟისორი გოგი მარგველაშვილი, რომლის ხელწერაც ორიგინალობით გამოირჩევა, და რომელიც კლასიკას, ჩვეულებისამებრ, თანამედროვე ინტერპრეტაციით დგამს.
სპექტაკლს საფუძვლად დაედო დავით კლდიაშვილის მოთხრობა „სამანიშვილის დედინაცვალი“. გოგი მარგველაშვილისეულ სპექტაკლში „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი“ ერთი ასო-ბგერაა ჩამატებული, რომელიც თავისებურად ცვლის განწყობას.
მხატვარი: თეო კუხიანიძე; მთავარ როლებში: აპოლონ კუბლაშვილი, ქეთა ლორთქიფანიძე, ლაშა გურგენიძე. როლებში: ანი ალადაშვილი, შალვა მირიანაშვილი, მარიამ ჯოლოგუა, ჯაბა კილაძე.

თეატრალურ სამყაროში, არსებობენ რეჟისორები, რომელთა შემოქმედებით მაყურებელი არაა განებივრებული. სწორედ, მათ რიცხვს მიეკუთვნება რეჟისორი გიორგი მარგველაშვილი, რომლის თითოეული წარმოდგენა თეატრის მოყვარულთა თუ სპეციალისტთა იმ მაყურებელს ეკუთვნის, ვინც ეძებს არა მხოლოდ თემის პრობლემასა და სათქმელს, არამედ ფორმათა სიახლეს, გემოვნებას და ინტელექტს, მოვლენათა განვითარების მოულოდნელ გადაწყვეტილებასა და თავგადასავალს, დიახ, საკუთარ თავს იმ დროსა და სივრცეში, სადაც და როცა თავად ის პერსონაჟები (მსახიობები) „მოგზაურობენ“ და ცხოვრობენ, რომელსაც თავად გიორგი მარგველაშვილი გვთავაზობს ამა თუ იმ ავტორის მიერ შეთხზულ ნაწარმოებზე დაყრდნობით, ინტერპრირებული ხაზითა და მოვლენით. ორგინალური ფორმისა და შინაარსის წარმოდგენა არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სათქმელის მნიშვნელობის მოვლენად უნდა შეუფასოს მაყურებელმა ექსპერიმენტებისა და სიახლეების მოყვარულ რეჟისორს, რომელიც ყოველთვის ცდილობს, შექმნას განსხვავებული სათქმელითა და მოქალაქეობრივი პოზიციით გამოხატული სპექტაკლი. დღესაც, არჩევანის წინაშე დაგვაყენა. სპექტაკლის სახელწოდებაშივე ამოსახსნელი კოდი და პასუხ გასაცემი კითხვა შემოგვთავაზა. „სამანიშვილის დედინაცვალი“ თუ „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი“?! მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სამეტყველო ენაში სიტყვას მახვილი არ გააჩნია, რეჟისორმა გიორგი მარგველაშვილმა სპექტაკლის სახელწოდებით – „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი“ – აქცენტი და მახვილი „დასვა“ და თეატრალებს XXI საუკუნის, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, დავით კლდიაშვილისეული, მაგრამ, მარგველაშვილის რეჟისორული ინტერპრირებული ხაზით „დაბადებული“ (ინსცენირების ავტორი: ალექსანდრე ქოქრაშვილი) „შემოდგომის აზნაურები“ გაგვიცოცხლა, რომლის პრემიერა ამა წლის 22 თებერვალს თავისუფალ თეატრში გაიმართა.
მკითხველისთვის ძალიან კარგად ნაცნობი და ახლობელი „სამანიშვილის დედინაცვალი“ ჟანრობრივად ტრაგიკომიკური ნაწარმოებია, ხოლო, თავად სპექტაკლი კი, დრამატული ამბის ქრონიკაა ერთ მოქმედებად, ერთი ამოსუნთქვით. ქრონიკის თითოეული სიუჟეტი ერთი პატარა, მაგრამ დასრულებული მოვლენაა, რომელსაც შემდგომი ეპიზოდი მასზე დაშენებულ და ჯაჭვური რეაქციით განვითარებულ მოვლენას წარმოადგენს, მცირე, მუსიკალური ინტერმედიით, რომელიც თითქოსდა ამოსუნთქვისა და გააზრების წამიერ საშუალებას გვაძლევს მაყურებელს და ამბის განვითარებისკენ მსუბუქი მელოდიის ბმულით შევყავართ. პირველი: თემა თავისთავად პატარაა, მაგრამ განვითარებადი, იგი თანდათან იზრდება. მეორე: ყოველი შემდეგდართული მოვლენა მოულოდნელია. ეს იწვევს დინამიურ უცხოობას. მესამე: ყოველი ახალი ელემენტი ნაწილია მთელის და ამავე დროს საკუთარი თემაა.
მხატვარ თეო კუხიანიძის სცენოგრაფიის არქიტექტონიკაც სრულ ჰარმონიაშია რეჟისორისეულ ჩანაფიქრთან. სცენის ცარიელი სივრცე, სადაც მხოლოდ რამოდენიმე ვენური სტილის ხის სკამი და მაგიდაა გათამაშებული, მაგიდა, ხან ფითქინა თეთრი სუფრითა და ხანაც ტახტის ფუნქციის მატარებელი, რომელზედაც ძილიცაა შესაძლებელი და მიცვალებულის დასვენებაც. სპექტაკლის პირველივე წამიდან რეჟისორი მაყურებელს „ეთამაშება“, რადგანაც მის მიერ შემოთავაზებულ გადაწყვეტას წამიერად სხვა ასოციაციისკენ მივყავართ. გულხელდაკრეფილი მამაკაცი – ბეკინა სამანიშვილი (მსახიობი აპოლონ კუბლაშვილი) – თეთრ ზეწარგადაფარებული წევს, ხოლო მისგან მოშორებით, საეკლესიო სანთლით ხელში, ხატების წინ მდგარი ახალგაზრდა – პლატონი (მსახიობი ლაშა გურგენიძე) ლოცულობს, შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მიცვალებულის სულისთვის „იღწვის“. განცდა სამგლოვიარო პროცესიის ერთგვარი სცენის გათამაშებისა, როგორც აღმოჩნდება, სულ არ ყოფილა, უფრო სწორად, ჯერ ნაადრევია ქრონიკაში, რადგან, ზუსტად ამგვარი სცენით მთავრდება სპექტაკლი, რომლის ფინალშიც, ბეკინა უკვე, უფროსი ვაჟის „წყალობით“ (მას ხომ მეორე ცოლისგან შვილი შეეძინება) ასრულებს სიცოცხლეს, ხოლო „ბორკილდადებული“ პლატონი კი, ხატების წინ მდგომი ლოცულობს, ოღონდ საკითხავია, მამის სულის მოსახსენიებელ თუ საკუთარი ცოდვის „მოსანანიებელ ლოცვას“ კითხულობს. თუმცა, უკვე სულ ერთია. რეჟისორის მხრიდან სპექტაკლის დასაწყითა და დასასრულით წრე შეკრულია, მაყურებელი კი, სიკვდილ-სიცოცხლის წრის მეტაფორულ რკალშია მოქცეული, რომელიც, პერსონათა კოსტიუმებშიც ნათლად ჩანს: მამაკაცები ჰალსტუხით, თეთრი პერანგითა და შავი შარვალ-კოსტიუმით არიან შემოსილნი, რაც ერთგვარად საქორწილო რიტუალის სამოსს წარმოადგენს, ხოლო ქალებს კი, უმეტესად შავი კაბები აცვიათ, თითქოსდა, უკვე მზად არიან სამგლოვიარო ცერემონიისთვის, და, არა მხოლოდ პროცესიისთვის, ამგვარი არჩევანი, ერთგვარი სიმბოლო-მეტაფორაა მათი ყოფისაც. ქორწილიდან პანაშვიდ/დაკრძალვაზე და პირიქით. XXI საუკუნის ქართველისთვის ძირითადი და აუცილებლად განსახორციელებელი რიტუალი.
სპექტაკლს ვიწყებთ თითქოსდა ტრაგედიით, რაც პერსონაჟთა ქცევით, უმალ კომედიად გადაიქცევა. მამამთილზე „მზრუნველი“ რძალი (მელანო – მსახიობი ანი ალადაშვილი) ახალგაღვიძებულ ბეკინას ცდილობს, მოვლა-პატრონობა არ მოაკლოს, არა, ეს არაა მისი სურვილი, ეს მხოლოდ მიზანია და, ამიტომაც, (ანი ალადაშვილის პერსონაჟი, ე.წ. „street style“-ით შემოსილი, როგორც ტიპიური, მოდას აყოლილი, ქართველი ახალგაზრდა გოგონა) ქონების შენარჩუნების დიდი სურვილით ოჯახისა და მზრუნველი რძლის „იმიჯს“ იქმნის, რაშიც მას ქმარიც ეხმარება. მსახიობების მიერ „გამოძერწილ“ პერსონაჟებში ნათლად გამოიკვეთა მოყვასის სიყვარულის წაღმართი გრძნობაც რომ უკუღმართი ვნებებითაა შეცვლილი. ამ დასაწყისში უკვე შემოდის ერთი ხაზიც, რომელიც ზემოხსენებულ სამ მომენტს ერთნაირად ახასიათებს: პარალელიზმი სატირისა და გაჭირვების (ვის არ მოგვრის ღიმილს ქვრივი კაცის აკვიატება – ცოლი მინდაო და ვის არ დააფიქრებს პლატონის შეწუხება – ვაი თუ მამას ვაჟიშვილი ეყოლოსო? აქ საინტერესოა რეჟისორის გადაწყვეტილება: ბეკინას ასაკი. მსახიობის ვიზუალური მხარე, დიახაც რომ მაყურებელს მისი სურვილის მხარდამჭერს გახდის. იგი შუახნის მამაკაცია და არა ბერიკაცი, როგორც ავტორთან. ესეც, გიორგი მარგველაშვილის მხრიდან ერთგვარი „ნაღმია“. რომლითაც, საბოლოოდ გამართლებულია ელენესთან, მეორე ცოლთან, მისი ვაჟიანობა).
ეს პარალელიზმი ახალისებს „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალს“ თავიდან ბოლომდე. თანაც თანგავს იმერულ/ქართულ ეპოპეას. ასეთ ყოფაში ვართ ზუსტად ადამიანები დღევანდელი რეალობით. რომელსაც თან ერთვის მომავლის შიში. მომავლისა, რომლისადმი წინააღმდეგობის ერთადერთი ბერკეტი – რწმენაა, რწმენა გროტესკში გადაზრდილი. ისინი, სპექტაკლის პერსონაჟები, წონასწორობადაკარგულნი, ათასნაირ საყრდენს ეპოტინებიან – მჩხიბავობენ, მკითხაობენ – რათა თავი შეიკავონ „დაცემისაგან“ და იმედი არ დაკარგონ, ქრონიკაში სცენები იცვლება, პერსონაჟები იცვლებიან, უცვლელია მხოლოდ პლატონის გმირი და მუდამ ანთებული სანთელი ხატების წინ, რაც, ერთგვარი ხაზგასმაა თითოეული ადამიანების დამოკიდებულებისა რწმენასთან, ღმერთთან, რომელიც მხოლოდ მაშინ ახსენდებათ (ახსენდებათ, კი?! თუ მხოლოდ „ხავსს მოკიდებული“ გაჭირვებული კაცის მეტაფორა და სატირაა და მეტი არაფერი) როცა უჭირთ და ცრურწმენით, მხოლოდ მისი, ანუ უხილავის იმედი აქვთ, რადგანაც თითოეული მათგანი დიდ შიშს შეუპყრია, მომავლის შიშს, რომლის წინაშეც ისეთივე უძლურნი არიან და მტანჯველ მოლოდინშიც ისევე განილევიან, როგორც მათი შორეული წინაპარნი, კლდიაშვილისეულნი, XIX საუკუნის აზნაურნი.
ტრაგიზმის საფუძველი, ერთი შეხედვით, საერთო გაჭირვება და სიღარიბეა. ცხოვრების ამ გაუსაძლის პირობებს, ფორმაციათა ცვლილებისა და ქონების ხელახალი გადანაწილების პირობებში, ადამიანთა „სოციალური დაბნეულობა“ და „დროში გაურკვევლობაც“ ემატება.
იმ დღიდან, როდესაც პლატონმა მამის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო და ცხადად იგრძნო მოსალოდნელი საშიშროება, სწორედ თავის „კაცობრივ სიბრძნეს“ მოუხმო საშველად. მისი ტვინი წისქვილის ბორბალივით დაბრუნდა და ცოლსაც აიძულებს რაიმე ხერხის მოგონებას. გაჭირვებული ქართველი კაცის გონებამ კი, ისეთი რამ მოიფიქრა, რომ ბეკინაც, რომელსაც ეჭვიც არ ეპარებოდა შვილის სიმარჯვესა და მოხერხებულობაში, გაოცებული დარჩა: შვილმა მამას ცოლად ორნაქმარევი, უშვილო ქალი უნდა შერთოს, ვაჟი მშობლის მაშვლად იქცევა, რაც ცალკეული პერსონაჟებისთვის სასაცილო და ირონიულია. იწყება „დედი(ს)ნაცვლის“ შერჩევის პროცესი; ორჯერ ნაქვრივები ქალის მოძიება უდრის „მკვდარი სულის“ ძებნას.
მაშ, ასე, რეჟისორი პლატონთან (მსახიობი – ლაშა გურგენიძე) ერთად იწყებს მოგზაურობას. ეს არაა მოგზაურობა საკუთარი თავის შეცნობისთვის, ესაა მოგზაურობა თავის გადარჩენისთვის. ამ დამღლელ და ემოციურ გზაზე, მაყურებელი დედი(ს)ნაცვლის ძიებაში მყოფ პერსონაჟთან ერთად ხვდება მუდამ საქმიანი იერით, მობილურ ტელეფონზე მოსაუბრე და სხვის ულუფიდან მჭამელ სოფლის ადვოკატს, ივანე გვერდევანიძეს (მსახიობი – გიორგი ჯიქია). ვექილის სახე სიმწრის ღიმილს გვრის მაყურებელს, რადგანაც, დღეს, ჩვენ გვერდით, ასეთები მრავლად არიან. იმერეთის კუთხისთვის დამახასიათებელ ტრიპაჩა და ამპარტავან სერაპიონს (მსახიობი მამუკა მუმლაძე), მსახიობ სალომე ჭულუხაძის პერსონაჟს – კირილეს მამიდას სალომეს, რომელიც საკუთარი, მცირე, მაგრამ ბიზნესით დაკავებული გმირია, პატარა კაფეს მფლობელია და მუდმივად დაკავებული, პლატონის სიძეს – კირილეს (მსახიობი ჯაბა კილაძე), მუდამ ქეიფსა და დროსტარებაში მყოფ „არსებას“, მსახიობის მიერ „გამოძერწილი ნიღაბი“ ტიპური ქართველი კაცის იმ წარმომადგენელს მიეკუთვნება, რომლისთვისაც სულ ერთია ყველაფერი, კირილეს ხითხითს საზღვარი არა აქვს, როცა პლატონის „მისიას“ შეიტყობს, ცოლისძმის პრობლემა კიდევ ერთი მიზეზია შარა-შარა ქეიფისა და დროსტარებისა, მისთვის ბახუსის ტყვეობაში ყოფნა სასიამოვნო განცდაა, რომლის ფონზეც არც შარსა და აყალმაყალს არ ერიდება. მსახიობის ვიზუალურ და ვერბალურ სინთეზში სწორად და ზუსტადაა დასმული ამგვარი პერსონაჟის „სახე-ხატება“: უდარდელი, ხალისიანი, ზარმაცი, მოქეიფე, მოხუბარი „ატროვებული“, ატეხილი, ავი (უფრო სიხალისისაგან). რომელიც, ნამთვრალევი, ნაბახუსევი წითელი ხალათ მოცმული ეცნობა მაყურებელს, გაშარჟებული მაჩოს პროტოტიპი, რომლის მიზანი: „ნამდვილად კაცური“ საქმეა – „ბრძოლაში“ დაუმტკიცოს თანასწორს მისი უპირატესობა, რაც, თითქოსდა არ აღელვებს, მაგრამ, აფიქრებს მაინც მის მეუღლეს, პლატონის დას, დარიკოს (მსახიობი მარიამ ჯოლოგუა) და ისიც „საჭირო“ მზრუნველობას გამოხატავს, მხოლოდ და მხოლოდ, თუმც საფიქრებელი მისი ახალი, მკერავთან შეკვეთილი ყვავილებიანი კაბაა. არტისტი XXI საუკუნის იმ ქართველ ქალთა ტიპს წარმოგვიდგენს, რომლებიც „შესწავლილი“ და ათვისებული მანერით, ჟესტიკულაციით ქმედებენ და არათუ სხვას, საკუთარ თავსაც კი ეთამაშებიან.
გაქნილი და გაქლესილი, ფლიდი და გამომძალველი, ერთი სიტყვით: „Blood sucker“-ის სახით გვემცნობა არისტო ქვაშავაძე (მსახიობი შაკო მირიანაშვილი), რომლის პროტოტიპი მაყურებლისთვის, სამწუხაროდ ნაცნობია და მიღებული; საშოვარი იყნოსა შორიდან, მამიდა (მსახიობი ქეთა ლორთქიფანიძე, რომლის ვიზუალი, ქცევა და კოსტიუმი: შავი თავსაფრითა და ასევე, შავი კაბითა საკუთარი ბედის მოტირალის ასოციაციას გვიჩვენებს მაყურებელს და წინსაფრით, ქართველი ქვრივი ქალის ერთგვარი პროტოტიპია, რომლის საქმე მხოლოდ და მხოლოდ სახლის დალაგებაა) მისთვის შემოსავლის წყარო ხდება. იწყო ხელების შმუშვნა; მსახიობი შაკო მირიანაშვილი მისი მანერებითა და ჟესტიკულაციით, საერთო ვიზუალში, ნათლად და ხატოვნად წარმოსახავს „გაქსუებული“ პერსონაჟის ხასიათის შტრიხს. მამიდისა და ძმისშვილის „ბიზნესი“ ბეკინას გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება და განსხვავებით დავით კლდიაშვილისეული მოთხრობის დასასრულისა: მომრიგებელ მოსამართლესთან ხშირად დაიარება ერთი დედაკაცი პატარა ბავშვით.
„ეს დედაკაცი გულდამწვარი უამბობს ხოლმე ნაცნობთ და გარს შემოსეულ მაყურებელთ თავის გაჭირვებას, უსაშუალობას და მწუხარებას, რაც მათ, ორთავე დედაშვილს, ადგიათ მისი გერის, პლატონ სამანიშვილისაგან, რომელმაც აღარც ღობე შეარჩინა აღარც საზღვარი, აღარც ადგილი და იძულებულს ხდის საწყალ მოხუცებულ ქვრივ დედაკაცს იწანწალოს ყოველ კვირა სასამართლოში“.
რეჟისორი გიორგი მარგველაშვილი გროტესკული მოვლენით ცვლის ამბის დასასრულს და არისტო ქვაშავაძეს ახალი შემოსავლის წყარო უჩნდება, მამიდა, უშვილო, ქვრივ და შეძლებულ მამაკაცს, რომელიც თავის მხრივ შვილიან ქალს ეძებს, უნდა მიათხოვოს. არისტოს „ბიზნესი“ გრძელდება…სხვა პერსონაჟები, რომლებიც აქამდე ერთგვარად „არბილებდნენ“ სიტუაციას და უჩვეულო თეატრალიზებულ, სანახაობით მხარეს ქმნიდნენ, სადღაც გაუჩინარდნენ. კირილე, არისტო, დარიკო, რომელთაც შეეძლოთ ხალისი თუ არა, მეტ-ნაკლები ნუგეში მაინც შემოეტანათ სამანიშვილების ოჯახში, უკვალოდ გაქრნენ. ისინი ლანდებივით გადაცვივდნენ სცენიდან და დარჩა ურწმუნო პლატონი სანთლით ხელში ხატების წინ.


By kvira on 27/02/2019

ბმული:
* http://kvira.ge/451956


სცენა-"სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი"
•Jun 13, 2019
Ajara TV



გადაცემა "სცენა" "სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი"
•Jun 12, 2019

scena .ajara TV

დავით კლდიაშვილი: "სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი", რეჟისორი გოგი მარგველაშვილი, ინსცენირების ავტორი ალექსანდრე ქოქრაშვილი.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ალექსანდრე ქოქრაშვილი Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე ქოქრაშვილი   ალექსანდრე ქოქრაშვილი Empty

Back to top Go down
 
ალექსანდრე ქოქრაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: