არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 რეზო ჭეიშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

რეზო ჭეიშვილი Empty
PostSubject: რეზო ჭეიშვილი   რეზო ჭეიშვილი EmptyMon Mar 15, 2010 4:28 pm

რეზო ჭეიშვილი Rezo_c10
Rezo Cheishvili

ყანაძველი

ეს მაშინ იყო, რომ გიძღვნიდი ლექსებს ნაკლიანს,
როცა მომწონდი, წყალზე ნისლის იყო ბრიალი,
და დაბურულში წყლის ნათლია დღე იმ ნაღვლიან
ჭაობს ბწკალავდა ჭვანგიანი ელვის ბწკიალით.
იდგა საღამო, დაშორების ჩამოღამება,
ძველი ყანების ჩაყვითლება, გადაჩალება…
და ჩაუვლელი ჩავლილობის ჩალისფერებში,
ვერდაფარულის დაფარულით ფერისშველება…
წლები ჩამოდნა, ლექსი ისევ ისე მაწუხებს,
ჩამომათოვა, ჩამომთეთრა, წლები წავიდა,
სიტყვები გაქრა, საწუხარი დარჩა წუხილი
და ყოველივე უწუხარი გაწყდა თავიდან.
ახლა იმ ნაქარს რომ ავბურდავ გაიმედებით,
ყვითელ ლელიანს როს გახაზავს ლურჯი ფრინველი,
გამონათდები, წამიერი წავა წამები,
აღარასოდეს გაცხადდები იმ ნაწნავებით…
ხსოვნა მქრქალდება, ფიქრი ისევ აავდარდება,
გარსი ბერდება, შემოდეგი ნაცრისფერდება,
არგასამხელელს ვერ ვიხსენებ, არ მახსენდება,
ის, რაც მახსოვდა – არ კი ვიცი – იყო თუ არა…


რეზო ჭეიშვილი

რეზო ჭეიშვილი (დ. 24 აპრილი, 1933, ქუთაისი — გ. 11 სექტემბერი, 2015, ქუთაისი) — ქართველი მწერალი და დრამატურგი. რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

რევაზ ბენედიქტეს ძე ჭეიშვილი დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1933 წლის 24 აპრილს. დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა მერვე (VIII) საშუალო სკოლა 1952 წელს. 1954 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის (ქართული ენა ლიტერატურა) ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1959 წელს. სტუდენტობის პერიოდში უნივერსიტეტის ალმანახ „პირველ სხივში“ და ახალგაზრდულ ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები.

1961 წლის ჩათვლით, 1992 წლამდე, მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რედაქტორად, სასცენარო კოლეგიის წევრად, შემოქმედებითი გაერთიანების წევრად და ერთ-ერთ ხელმძღვანელად, პარალელურად მოღვაწეობდა ჟურნალებში „ცისკარი“ და „საუნჯე“.

1987 წლის იანვარში გაამწესეს ალმანახ „განთიადის“ მთავარ რედაქტორად მშობლიურ ქალაქ ქუთაისში. მისი მეცადინეობით ალმანახი (ამას კრემლის ნებართვა სჭირდებოდა) გადაკეთდა ჟურნალად და განთიადი რევოლუციური კატაკლიზმების (1989 წლის 9 აპრილი, 1991-93 და მომდევნო წლები) დაწყებამდე გამოდიოდა რეგულარულად, სოლიდური მოცულობითა და დიდი ტირაჟით.

თავმჯდომარეობდა რუსთაველის საზოგადოებას, იმ წლებშივე (1987-1992) დააარსა საზოგადოებრივ-პუბლიცისტური გაზეთი „მოწამეთა“, შემდგომში ილუსტრირებული ჟურნალი „მწვანეყვავილა“. უსახსრობის გამო ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ზემოთ ნახსენები ორივე ორგანო დაიხურა.

1992 წელს საქართველოს მწერალთა ყრილობაზე არჩეულ იქნა მწერალთა კავშირის მდივნად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 2000 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს მწერალთა ლიტერატურული ფონდის თავმჯდომარე.

1997-98 წლის ორ სეზონს, როგორც დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი უძღვებოდა ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის აკადემიურ თეატრს. არჩეულ იყო მესამე მოწვევის (1992-1995) პარლამენტის დეპუტატად.

გამოქვეყნებული აქვს მხატვრული წიგნები (ტომეულები, კრებულები და სხვა) მრავალათასიანი (60000) ტირაჟებით ქართულ და უცხო ენებზე. რეზო ჭეიშვილის სცენარების მიხედვით შეიქმნა კინოფილმები: „გათენების წინ“, „ჩემი მეგობარი ნოდარი“, „ბზიანეთი“, „გამოაღეთ ფანჯრები“, „ზღვის მგელი“ და სხვა; განსაკუთრებით აღსანიშნავია „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1984, რეჟისორი ელდარ შენგელაია), რისთვისაც ჭეიშვილს მიენიჭა სსრკ-ის სახელმწიფო პრემია.

რეზო ჭეიშვილი დაჯილდოებილია „საპატიო ნიშნის“ ორდენით. მიღებული აქვს რამდენიმე გამორჩეული ნაწარმოებისა და მთელი შემოქმედებისათვის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო პრემია. 2012 წელს მიიღო პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

გამოცემული წიგნები
* ვაიმე, ჩემო ვენახო : მოთხრობები - თბ. : მერანი, 1987
* პირველი : [მოთხრობები] - თბ. : საბჭ. საქართველო, 1988
* თხზულებანი : 2 ტომად - თბ. : საბჭ. საქართველო, 1989
* ჩემი მეგობარი ნოდარი! : [მოთხრობა] - თბ. : ნაკადული, 1990
* რკინის სახკომი : [სერგო ორჯონიკიძე / რედ.: მანანა ასათიანი] - თბ. : მერანი, 1992
* დალი : რომანი - თბ. : მერანი, 1992
* ყაჩაღები : რომანი / [რედ.: ელგუჯა თავბერიძე, თემურ ამყოლაძე] - [I-ლი გამოც.] - ქუთაისი : მოწამეთა, 1995
* კუდიანი ვარსკვლავი : [რომანი]; ნოველები; ყაჩაღები : [რომანი / რედ.: ლია შარვაშიძე ; მხატვ.: სპარტაკ ცინცაძე] - თბ. : მერანი, 1999
* სამი რომანი / [რედ.: თემურ ამყოლაძე ; მხატვ.: გიორგი წერეთელი] - ქუთაისი : საგამომც. ცენტრი, 2003
* წიფობისთვე / [რედ.: თემურ ამყოლაძე ; მხატვ.: გიორგი წერეთელი] - ქუთაისი : საგამომც. ცენტრი, 2003
* რჩეული ნოველები / [რედ.: ელგუჯა თავბერიძე ; მხატვ.: გიორგი წერეთელი] - ქუთაისი : საგამომც. ცენტრი, 2003
* მესამე გზა : ქუთაისის შესახებ და სხვაც : (გიორგობიდან გიორგობამდე) / [რედ.: ელგუჯა თავბერიძე] - ქუთაისი : საგამომც. ცენტრი, 2005
* „ცისფერი მთები“ : [მოთხრობები / მხატვ.: ვახტანგ რურუა] - თბ. : ლაშარელა, 2006

ბმული:
* https://ka.wikipedia.org/wiki/რეზო_ჭეიშვილი
* https://en.wikipedia.org/wiki/Rezo_Cheishvili
* http://monhardt.de/produkt/reso-tscheischwili-die-himmelblauen-berge/


100 წელი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან - რეზო ჭეიშვილი

study


Last edited by Admin on Mon May 11, 2020 10:20 am; edited 9 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

რეზო ჭეიშვილი Empty
PostSubject: Re: რეზო ჭეიშვილი   რეზო ჭეიშვილი EmptyMon Mar 15, 2010 4:30 pm

რეზო ჭეიშვილი Cheia-4

რეზო ჭეიშვილი

"ურიცკი"

ვცხოვრობდი ურიცკის ქუჩაზე, ახლა ქუჩას სოლომონ I სახელი ჰქვია, ადრე თბილისისა ყოფილა. იმ ორ შუა ჩაწვა ურიცკი, რომელმაც რამდენიმე ათეული წელი იმისა მართა.

დავიბადე აქ, ქუთაისში, შიგ შუაგულში, სამშობიარო სახლში 24 აპრილს; 1 მაისს, "მშრომელთა სოლიდარობის დღეს", გაუწერიათ სამშობიაროდან დედა, ცხადია,-მეც; მივუყვანივართ საფიჩხიის სასაფლაოსთან მოგილევსკის (ურიცკს მივუბრუნდები) ქუჩაზე, სადაც იდგნენ ჩემი მშობლები. იქაც იბადებოდნენ, უფრო მეტნი, სავსებით ბუნებრივია, იმარხებოდნენ. გასვენებამდე და გასვენების შემდეგ, სასაფლაოში შესვლამდე და გამოსვლისას, მამაჩემი, ზოგჯერ ერთად მივყვებოდით სამგლოვიარო პროცესიას, დამანახვებდა იმ სახლს, სადაც არ დავბადებულვარ, თუმც თავისუფლად შეიძლებოდა დავბადებულიყავ.

-სადაა?

-სახლი? აი, ეს... აქ დაიბადე.

სახლი იყო დაბალი, ღობეც დაბალი, ეზო მწვანე, ქვის მაგიდა.

-მე აქ დავიბადე?

-სამშობიაროში... მერე აქ მოგიყვანეთ სულერთი არაა!

სულაც არ უნდა ყოფილიყო სულერთი, მაგრამ რაღაი აქ მომიყვანეს და არა სხვაგან, სხვისგან არაფრით გამორჩეულ სახლს მოგილევსკზე სხვა ელფერი ედებოდა, თუმცაღა იგი არაფერს მახსენებდა, არანაირ წარმოდგენებს არ მიცხოველებდა, -ქვის მაგიდით უნდა დაიმახსოვრო, თვარა ერთი სახლი მეორეში აგერევა... აივანი ქე მოუშლიათ, შუშაბანდი მაშინ არ იყო... ფეხი ამიდგამს სხვა ეზოში, არც მაიცდამაინც შორს მოგილევსკის ქუჩიდან,-ურიცკზე. ახლაც აქ ვარ. ვწერ:

ვინ იყო ეს ურიცკი? უკვე ვიცი, მაშინ არ ვიცოდი.

ურიცკი მოისეი სოლომონის ძე, მენშევიკი 1917 წლისათვის გაბოლშევიკებული, სანკტპეტერბურგის გფკ-ს (პატარა თანამდებობა არ გეგონოთ) თავმჯდომარე. მოკლეს ესერებმა 1918 წელს 45 წლისა და დასაბამი მიეცა "წითელ ტერორს".

დაგვიბარა ურიცკიმ,

არ გექნებათ პურიც კი...

მიხეილ (მიშა, მიხო) ქვლივიძემ ისროლა კალამბურად 1993-94 წელს. პურიც გაწყდა მაშინ ერთხანს და უპურობის შიში გამეფდა. ახლა პური არი შავთეთრი, თეთრიც არი და შავიც. ურიცკი აღარა გვყავს მხოლოდ ლექსი კი კორექტივს საჭიროებს:

დაგვიბარა ურიცკიმ

არ გექნებათ ფულიც კი...

ეს უკვე ნაღდია, ჩვენზე, პირადად ჩემზე, ზედგამოჭრილი, მაგრამ ჭეშმარიტებისათვის რითმის დაკნინება არ ღირს.

დაგვიბარა ურიცკიმ,

არ გექნებათ პურიც კი...

მოვა ეგ დროც, მტერ და ავ!

ქუჩა ურიცკი, იწყებოდა კიროვის ქუჩიდან. პირველივე შესახვევი კიროვიდან,- იყო ძერჟინსკი. სულ ახლო-კალინინის ქუჩა, რომელმაც ეჟოკი შეცვალა. შემდეგ ცხაკაია და ასე შემდეგ. ესე იგი: კიროვი, ძერჟინსკი, ურიცკი, ეჟოვ კალინინი, ცხაკაია. ერთი ლამაზი ქუჩაცაა. ადრე, მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე ეწოდებოდა ანგლიისკაია, ქართულად-ინგლისისა.

ჩემი სახლიდან იცოდე ნაბიჯში დგას ძველი და გრძელი, ერთსართულიანი იმ საუკუნეში აგებული, თუთუნისფერი ქვის სახლი, რომელშიც ჩემს ბავშვობაშივე ღრმად მოხუცებული, ცნობილი ოფთოლმოლოგი ქონრქაშვილი ცხოვრობდა. ავად ვიყავი, აკაკი იხსენებს და ორი კვირა ექიმ ქორქაშვილს ბინაში ვიწექიო ლადო ასათიანი ურიცკის ქუჩაზე. ხარაზოვის ბაღის ქვემოთ ცხოვრობდა სტუდენტობისას, 1938 წელს გადავიდა ძერჟინსკის ქუჩაზე (ხუთი წლის გახლდათ) იქედან თბილისს გადასახლდა, ბინა (ოთახი) მისცეს ძერჟინსკის ქუჩაზე, სადაც გარდაიცვალა 26 წლისა ლერმონტოვის ხნის. კიროვის ქუჩაზე ურიცკის დასაწყისში ანა კალანდაძის სახლია, იყო... ცხაკაიაზე დაიბადა პავლე (პაულო) იაშვილი, პარალელური ქუჩის ბოლოში კლდიაშვილები (დავითი, სერგო) ბალახვანში ტიციანი და ვალერიან გაფრინდაშვილი ცხოვრობდნენ, თუმცა ეს უკანასკნელნი (კლდიაშვილები, ტიციანი, ვალერიანი) ჩემი მინიქალაქის ფარგლებს გარეთ რჩებიან. ქორქაშვილის სახლი ავიღე ცენტრად, ძალიან მცირე, დაახლოებით 150 მეტრი რადიუსით, ქუჩა ანგლისკაიას ღერძის სიგრძით შემოვფარგლე და ჩავდგი (წარმოსახვით), როგორც ზემოთ ავღნიშნე, ჩემი მინიქალაქი. რა მოუვა ამ წრეში:

რკინიგზის სადგური, მართლმსაჯულების სახლი, რკინიგზის საავადმყოფო, სადგურისწინა მოედანი ასსაფეხურიანი კიბეემდე, ბერიას ბეტონის მონუმენტითურთ. შემდეგ (უკან ვბრუნდებით) ყოფილი რეალური სასწავლებელი, ამჟამად უნივერსიტეტი, ფოსტა-ტელეგრაფი, გუბერნატორის დაღმართი და გუბერნატორის სასახლე, ამჟამად ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი. ყაზარმა რუსული, თავლა, პლატი და მანეჟი. ქუჩა ინგლისზე პრინც ოლდენბურგის, შემდგომში გუბერნატორის სასახლე და სუკი, ამჟამად სახელმწიფო უშიშროება;

შემდეგ: ცენტრალური და იმ დროს ერთადერთი სტადიონი; მის წინ არმიის შტაბი გუბერნატორის კანცელარია, ჩემი სკოლა და სხვა. ურიცკიდან ურიცკები (შესახვევები), გზები ამაღლების ეკლესიისაკენ, სასაფლაოსაკენ, გელათ-მოწამეთისაკენ, წყალწითელასა და თბილისისაკენ...

ეს უბანი, რომელიც საფიჩხიასა და ბალახვანს შუა ძევს, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, გუბერნატორის, პრინც ოლდენბურგის სასახლეების, რეალური სასწავლებლის აგების შემდეგ და აგების დროს დასახლებულა თბილისის ქუჩის, შემდგომში საქართველოს სამხედრო გზისა და სადგურის მიდამოების ირგვლივ და არდიგარდმო.

მახსოვრობიდან:

სადგური, მატარებლები. ფრონტზე მიმავალი ეშელონები, კავკასიონისაკენ გაბაწრული ჯარი მძიმე აღალით, ცხენები, ყაზარმა. თავლა I, თავლა II, პლაცი, საავადმყოფო. დაჭრილები, მოკლულები, დახვრეტილები, სასაფლაოსაკენ აძრული მისტერიული პროცესები შავად დარახტული მერნებით ქვემეხის ლაფეტებით, დროშის, სასულე ორკესტრით ეტლები სადგურწინ. პოეზიის საღამოები უნივერსიტეტში, სკოლის აივნიდან დანახული სუკი, სუკის ეზო ფარშევანგებით, სტადიონი. სტადიონში:

გივი კილაძე, ოთარ ქორქია, ბორის პაიჭაძე, ანანო, კარლო ხურციძე, მოსკოვის ცნობილი გუნდების ყველა იმდროინდელი ფეხბურთელი; ისინი წყალტუბოში ასვენებდნენ 1944 წელს, ამხანაგურ თამაშებს ატარებდნენ ჩემს სტადიონზე და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის გახსნისათვის ამზადებდნენ. თბილისის "დინამო" ქუთაისის "დინამო". პაიჭაძემ მოიგო ორით ნოლი (2:0); ერთი ბურთი პირველ ტაიმში გაიტანა, ერთი ბურთი მეორე ტაიმში, ერთიდაიგივე (?) კარში, ერთი ("დაბალ") კუთხეში. მართალი ბრძანდებით. ვიხსენებდი და მეც მიკვირდა, როგორ გაიტანა ერთ კარში და სხვადასხვა ტაიმში თითო ბურთი. ალბათ და მგონი ეგრეა, თამაშის პირველ ნახევარში საკუთარ გუნდში ითამაშა მეორეს ნახევარში ქუთაისის "დინამოში" გადავიდა, მაყურებელსა და ქალაქს სცა პატივი.

1943 წლის შემოდგომაზე იმავ სტადიონზე, ცის ქვეშ (რატომ წერენ ღია ქვეშ, არ მესმის) ქუთაისელმა კალათბურთელემა მოუგეს ცისფერ-მწვანე ფორმიან ესტონეთის მრისხანე ნაკრებს. ოთარ ქორქია და ჩემი ფისკულტურის მასწავლებელი, რომელიც მოედანზე ყველას ტაქტიანად ჭკუას ასწავლიდა ჩოგოვაძე (ბეკა ეძახდნენ) დამამახსოვრდა. კონკრეტულად ბეკა ზოგადად და საერთოდ ბევრი--რომ და ვინმე წარმომიდგება თვალწინ ხოლმე.

ქუჩას კი, რომელსაც ექიმ ქორქაშვილის სახლთან თავდებოდა თუ იწყებოდა, XIX საუკუნეში 1869 წლიდან, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ინგლისისას ერქვა.

შემდეგ:-პრინც ოლდენბურგისა, სოციალ-დემოკრატებმა რესპუბლიკის სახელი დაარქვეს, ბოლშევიკებმა, რესპუბლიკის ხსენებაზე გული რომ ერეოდათ, ჯერ რუსთაველი შემდეგ (გალაკტიონ) ტაბიძის ქუჩა უწოდეს, გ. ტაბიძეც "დააწინაურეს"(?) და დაარქვეს ქუჩა პეტრიწისა (?!) ეს ეროვნული ენერგიის ამოფრქვევის დროს მოხდა. იყო პეტრიწი და ფიქრობდა კაგებე-ვინ ოხერია ეს პეტრიწი და შერჩათ ტაბიძე, ამჯერად ტიტე (ტიციანი), რომელიც დახვრიტეს. "პეტრიწის" ფილოსოფიურ შეუსაბამობაზე თუ არაფერს ვიტყვით, ყველა სახელი უპრამი იყო, ყოველი მათგანი შესაბამ-მიესადაგებოდა იმ ლამაზ ქუჩას და სასაყვედურო არაფერი გვექნებოდა, ყველა უბანში ამ დონეზე რომ მდგარიყო ქუჩების გაპერსონიფიცირების ამბავი.

იყო:

ძერჟინსკი, ურიცკი, კიროვი, კალინინი, ეჟოვი, შაუმიანი, სპანდარიანი, კამო სხეები...

იყვნენ და აღარ არიან.

გადაბრუნდა ისევ დრო. ჩვეითაო და არა თქვენითაო, უთხრეს თავიანთ აშვებულ მეამბოხეთ და თავადვე დასხდნენ; გადაყარეს კომუნისტური ტყავები, მოიხურეს ნაბდები, ეროვნული ყაბალახებით აიხვიეს თავყბა და ქუჩებიც ახალ ყაიდაზე გადასხვაფერდნენ. კარგია უკთესი იქნებოდა ისიც რომ ცოდნოდათ, ვის რა ეკუთვნის, რას რა ესადაგება, ვინ ვინ არი, ვინ ვინ იყო...

ქუჩები ცხოვრობენ. იბადებიან. ინათლებიან. მძლავრობენ. ბერდებიან. კვდებიან კიდეც ურიცკი მოკვდა. გადასახლდა და გაიყო ორად,-სოლომონ პირველად, სოლომონ მეორედ. მე პირველში ვარ. ამიტომ არც პირველს უწერია დიდი დღე. მარადიულია მხოლოდ დრო, რომელიც მიდის და რჩება.

ალიხანოვ-ავარსკიმ დაარბია გურია, დაავიწროვა ქუთაისი. სოციალ-დემოკრატებმა გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი (მარტო ილია ჭავჭავძესა და ერთმანეთს კი არ ხოცავდნენ) და აღასრულეს. ქუთაისელმა ტერორისტებმა შიგ საკუთარ ბუნაგში ალექსანდრეპოლში (ლენინაკანში) მიაკითხეს, შეუგდეს ბომბი ფაეტონში, მოკლეს, მიაყოლეს ცხენები, მეეტლე, მოახლე, ბავშვები (ქალ-ვაჟი) გადარჩნენ ღვთის მადლით. ალიხანოვ ჯალათის მარჯვენა ხელი პოლკოვნიკი კრაეჩენკო არმავირში გაასაღეს ქართველების დახმარებით. ურიცკი რაღა შუაშია? პრინციპში არავითარში. და მაინც ალიხანოვს ქუთაისშივე დაუპირეს ლიკვიდაცია. ცნობილი ქუთაისელის სერგია ერისთავის მეშვეობით (უკვე საინტერესოა) დაადგინეს, რომ ობიექტი ტოვებდა ქუთაისს და მატარებელში შედიოდა არა სადგურიდან, არამედ ჩვენგან, დღევანდელი ურიცკის ქუჩიდან,-უკანა კარით. გაუგეს და ჩაუსაფრდნენ არა იქ, სადაც ელოდა, არამედ აქ ნემსაძის ბაღში. ორჯერ ესროლეს და ვერ მოკლეს.

ნემსაძის ადგილში ვწერ ამ ისტორიას. ეზო, სადაც ჩვენი სახლი აშენდა, ნემსაძისაგან შეუძენია ბენედიქტეს-მამა ჩემსას...


study


Last edited by Admin on Fri Apr 06, 2018 10:11 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

რეზო ჭეიშვილი Empty
PostSubject: Re: რეზო ჭეიშვილი   რეზო ჭეიშვილი EmptyFri Apr 06, 2018 10:03 pm

რეზო ჭეიშვილი

შეშის მოედანი

ეს ადგილი ჩემთვის შეშის მოედანია. სხვისთვის-სხვაა. დაანგრიეს ვინმე გამრეკლიძის აშენებული სახლი-საავადმყოფო, ააშენეს ახალი, რასაკვირველია, უფრო უშნო და მოუხერხებელი და გადააჯირგალეს ეგზოტიკური პატარა ბაღი, საიდანაც ალიხანოვს ბომბი ესროლეს. გაჩნდა მოედანი. აქაურები ჯერ კიდევ ვერ შეეგუენ ამ გრანდიოზულ რეკონსტრუქციას, მოედანიც ვერ გაითავისეს. შეშის მოედანი. არაო, კაცო, რის შეშა, რა შეშა! რის ფლავი, რის ბოზბაში.

დაარქვეს წითელი ჯვრის მოედანი, რკინიგზელთა საავადმყოფოს ხათრით. წითელი ჯვრის მოედანი, მოფიქრება არ გინდა. მე რად არ გამინათდა ეს გონება, რა შეშაო, მეგობარო, რა უნდა ქალაქში შეშას, მითუმეტეს ურემს, ჩვენი სათბობ-ენერგეტიკული კრიზისი არ გვყოფნიდა თითქოს. დაინახეს წითელი ჯვარი საავადმყოფოს აბრაზე და გაჩნდა წითელას ასოციაცია, წითლის ნოსტალგია ამოყვავილდა.

ამ ქალაქში ყველა ბრძენია, ჩემი არ იყოს. ყოფილიყო ეს "წითელი ჯვარი", რას გამოვიდევი მეც თავი!

მერე რა, რომ ადრე უკეთესი სახელები ედო ქუჩებს: გეგუთისა, მეს-ხეთისა, ორპირისა, გელათისა და სხვათა.

კომუნისტებს ტერორისტებზე ამოდიოდათ მზე და მთვარე. სახე-ლების ქუჩური უკვდავება მათი სისხლხორცეული და ცოტა გაუგებარი მოთხოვნილება იყო: ულიანოვი (ჩამოხრჩობილი ძმა ლენინისა), ხალტურინი, ზასულიჩი, კიბალჩიჩი, ვიღაც ჩიჩი, ათარბეგოვი, მოგილევსკი, ჯორ-ჯიაშვილი, ელბაქიძე (ბერბიჭაშვილი ვერ გაბედეს), ძერჟინსკი, ურიცკი თავისთავად და ბევრი სხვა.

ეროვნული ენერგიის აღზევებისას გადავყარეთ და გადავაყოლეთ გლახას კარგიც, მიუღებელს მიღებულიც. შემდეგ: კოღუაშვილის ქუჩა. პირი დააღეს ეტყობა ქუჩების გამომრქვევ-შემრქვევი კომისიის ბრძენკაცთა სხდომაზე. დახვრიტეს 24-ში კომუნისტებმა.

ნუ ლაპარაკობ!

გაიფიქრეს გუნებაში. ყველამ კი არ იცოდა ბანოჯელი კაცის ბიოგრაფია, ებრძოდაო კომუნისტებს. მერე, კომუნისტები არა ვართ ყველანი, აბა გუშინ ვინ ვიყავით! მერე რა, ვის არ ჰქონია შეცდომები. კომუნისტების მამაც ხომ შეცდომით ხვრეტდა ხალხს, ხალხებს. კოღუაშვილი ვინღაა?! მე ვიცი, ვინცაა: სხვაზე ღირსეულად, ვაჟკაცურად დადო თავი საქონდაქრე კუნძზე, მაგრამ იგი ტერორისტი იყო,-ტერორისტური ცენტრის ატამანი. საერთაშორისო კანონმდებლობით, დაწერილი და დაუწერელი კოდექსებით მეტერორის პროპაგანდა, უკვდავყოფაც პატიოსან მოქალაქეთა ხარჯზე აკრძალულია.

-მაინც არ შეიძლებოდა ხომ, მამაო?

-მკვლელი არა, არ იქნება, ღმერთო, შენ გვიშველე!

-მეტერორე, მამაო ლავროსი?

-მითუმეტეს... მე მგონი, კანონითაც...

-უნდა ჩაიხედოს კაცმა კანონში...

-თქვენც ხომ წვავდით ცოცხლად ადამიანებს კოცონზე...

-მე?!

-თქვენზე არაა ლაპარაკი, შუასაუკუნეები გავიხსენოთ...

"საქმე არაფერი აქვს, ამ შობელძაღლს!"

-ქალაქ სანკტ-პეტერბურგში სულ ძველი სახელები დაუბრუნეს ქუჩებს... იქ კი, აქ არა.

მოედანიც კვამლისფერია, სადგურიცა. ანტენები და წყლის ავზები დევს სახურავებზე, მატარებლები არ იძვრიან... დალიანდაგებული სადგური კრთის კიდევ სიბრტყეში.

გიორგობის ნაღვლიანო თვეო!

ახლოა ზამთარი.

ქრისტეშობისაც გათენდება ხვალ!


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

რეზო ჭეიშვილი Empty
PostSubject: Re: რეზო ჭეიშვილი   რეზო ჭეიშვილი EmptyFri Apr 06, 2018 10:17 pm

რეზო ჭეიშვილი

გუია ა.


ფიქრს ცეცხლი მოსდევს
და დროა შავი,
ვზივარ და შტოზე
ჩამოჯდა ყვავი.

***
მოსდევენ ქუჩებს
და დროა შავი.
ვზივარ და უცებ
გაფრინდა ყვავი.

ტერენტი გრანელი



ფანჯრიდან ბურში პეტრე-პავლეს სასაფლაოს ეკლესიის შპილი ჩანდა. მაზუთით დაძეძგილ შავ ცისტერნებს პეტრე-პავლეს სასაფლაოს გასწვრივ, ლაზარეთის გალავნის წინ მიაგრიალებდა ორი ელმავალი. შავად დალაქულ ცისტერნებსა და ცისტერნებშუა კრთოდნენ კვიპაროსები, გალავნები და ობელისკები.
_ აიწიეთ შარვალი! _ უთხრა სექსოლოგმა ალექსანდრე შერმადინმა გუია ა-ს და ხელები ჩაიბანა ყვითლად აპრიალებულ ხელსაბანში.
_ ჰო, კი, ბატონო!.. _ შეკრთა ფანჯარასთან გაჩერებული გუია, შარვალი აიწია, ღილი შეიკრა და ქამარი შემოიჭირა გამწლეულ მუცელზე.
მატარებელი აღარ ჩანდა, მიწაყრილი და რელსები კრთოდნენ მხოლოდ სიბრტყეში. განძელებზე თავწაღუნული კაცი მიდიოდა. სამრეკლოდ ქცეულ გუმბათს, გუმბათზე დაჭედებულ შპილს აციაგებდა ცივი მზე, რომელიც სადღაც ლაზარეთის უკან, შავნაბადაზე ბრჭყვიალებდა ბურში.
_ ეგრეა! _ თქვა ალექსანდრე შერმადინმა, თეთრი ხალათი გაიხადა და თავმოკაუჭებულ საკიდზე შეაგდო.
_ …ჩვენს ურთიერთობაში მეტი გულახდილობაა საჭირო, მაგრამ დღეისათვის კმარა. უნაყოფობაში არაა აქ მარტო საქმე… შეიძლება ბერწი თავად თქვენი მეუღლეა, შეიძლება… _ ახლა იგი იჯდა და ფანჯრიდან შემოსულ ტყვიისფერ სინათლეზე უპრიალებდა თავი, ხარის ძარღვივით მკვრივი და მოქნილი კისერი.
მიწაყრილთან, პეტრე-პავლეს სასაფლაოს კუთხეში, გამაზუთიანებული განძელების იქით, გაჩერდა კატაფალკა და მსუბუქი ავტომანქანებიც შეჯგროვდნენ. მანქანებიდან გადმოსული ხალხი გამონგრეულ ყორესთან და აგურის კედლის ნარჩენებთან გაჩერდა. კუბო გადმოიღეს კატაფალკიდან.
„როგორც ის არ წამოდგება!“
_ …მეტი გულახდილობაა, გითხარით და კიდევ გიმეორებთ, საჭირო… აქ სხვა რამეშია საქმე, ცხადია, ეს ერთი სეანსი დამთავრებულად ჩავთვალოთ.
_ „აქ მე მეტად აღარ მოვალ!“
შავი წარბები დაუშვა გუიამ.
პროცესიას გაჰყვა.
შორს (ხმადაბლა მოსაუბრე ხალხის იქით) წაფერდებული კუბო ირხეოდა და კვიპაროსების გასწვრივ მიცურავდა ბურში. ის პროცესია იყო, რომელიც ლაზარეთის ფანჯრიდან დაინახა თუ სხვას წამოეწია, არ იცოდა. სამი რედაქცია, ორი გამომცემლობა, ერთი ექსტრასენსი, ერთი გასვენება ერთი ნისლიანი დღისათვის საკმარისი იყო… თუმცა დრო კიდევ რჩებოდა.
შეაღმართებულ, უგანურ შარაზე მიდიოდა. შეთხელებულ, გაწვრილებულ პროცესიას მიჰყვებოდა. მოყინული თოვლი იდო კიდევ გზის ნაპირებზე, რკინის გალავნის ლაბირინთებში. ლურჯ პალტოში გამოკვეთილ გავას, მაღალ ფეხებს მოჰკრა თვალი გაბაწრულ ხალხში. საქაღალდე, ხელით რომ მოაპორწიალებდა, იღლიაში ამოიჩარა და აუჩქარა ფეხს.
„ის არის?“
გვერდი აუარა აბუზულ მოქალაქეებს, გაუსწორდა, გაასწრო ნახევარი ბეჭით ქალს, ბალნიან შავ სახეს დააკვირდა. ჩამორჩა, ამოიოხრა. არ იყო ის. გასვენებაში იყო წამოსული, მაგრამ რომელში? რამდენი სასაფლაოა თბილისში, რამდენს გაასვენებდნენ ამა წლის თებერვლის ბოლო ხუთშაბათს.
«არადა, როგორა ჰგავს უკნიდან?»
ისევ ის გავა ამოიღო მიზანში და გაჰყვა.
სასიამოვნო სითბო ჩაეღვარა ქვემოთ!
„ახლა შემიძლია… დავიჯერო, მომიხდა!“
ერთ-ერთ რედაქტორს მოჰკრა თვალი. საყელოგადატკეცილი, გულმოხსნილი პალტო ეცვა. ელაპარაკებოდა თანამგზავრს და მარცხენა ხელს აქნევდა. გუიასაკენ იხედებოდა, ვერ ამჩნევდა გუიას, რომელიც უშედეგოდ აკანტურებდა შავად აბურძგნულ, შეციებულ თავს. მაღალფეხებიანი ქალი კი აღარ ჩანდა და ხალხიც უგანური შარიდან ბილიკებში გატოტვილიყო, ვიწრო გასასვლელებში, გალავნების ვიწროებში, გაფიჩხული, გადმობურდული ბუჩქების დარანებში გაღვრილიყო.
საფლავებში გაჩხერილ რედაქტორს უქნევდა ისევ თავს გუია ა. რედაქტორი ისევ ელაპარაკებოდა ცხენივით კაცს, იხედებოდა გუიასაკენ და ვერ ხედავდა გუიას. ეკლესიის სქელი კედლიდან გამოჩრილი საკვამური მილიდან გამოსული შეშის ბოლი ნისლის ბოლოში ჩამოდიოდა და ითქვიფებოდა. შორს ვიღაც წუხდა, ვიღაც ქვას კოდავდა ბურში. ეკალბარდებში გამომწყვდეულ, ყვითელ წიწვგადაფენილ, უქარო და უმზეო სამარეებთან ნეტარება იდგა წამოწოლისა. ქვემოთ მიწის ნედლ ბორცვებზე ესვენა კუბო და თეთრთმიანი მიცვალებულის სანთლისფერი პროფილი ანათებდა.
„მოხუცი ქალი ყოფილა!“
მკერდზე და ბეჭებზე გადატკეცილ პალტოში ჩამჯდარი რედაქტორი საქმიანად მოძღვრავდა ცხენთავას, მარცხენა მკვდრისაგან ხელმარჯვნივ, ნაცრისფერი გალავნის მესერზე ჰქონდა ახლა ჩამოდებული.
_ შეიძლება?! _ გალავნის რიკულებში გაყო ხელი გუიამ. რედაქტორმა გველნაკბენივით გაწია მკლავი, ფერდაკარგული, გულაძგერებული მობრუნდა, გუიამ კი ისევ ის ქალი დაინახა. იქვე გაჩერებულიყო რამდენიმე ნაბიჯში, მისწოლოდა ვიღაცის სამარის მესერს, მკერდით მიჭყლეტოდა მესრის გამირს.
„ჩემსას ჰგავს, ამასთან მართლა შევძლებდი?!“
_ რა გინდათ?! _ ჰკითხა რედაქტორმა.
_ როგორაა ჩემი ლექსების საქმე?!
„პოეტი ყოფილა ეს დამპალი!“ _ ღრმად შეხვრეპილი ჰაერი გამოუშვა, შეეცადა, თანაბრად ესუნთქა, აღელვება დაეფარა. შპრიც-წამლით შეიარაღებული ქეში ეგონა, ფულს მთხოვსო, იფიქრა, ეს შავი ლანდი, შავ წარბ-ცხვირ-ტუჩ ჩამოშვებული, მხრებში წახრილი ჩხინკორა.
_ ლექსების ადგილია აქ?!
_ საერთოდ ვლაპარაკობ.
_ შენ ხომ იყავი, ჩემთან, იყავი!
_ ვიყავი, კი.
_ მერე, ხომ გითხარი?
_ მითხარით, კი. იმანაც იგივე მითხრა, მაინც მაინტერესებდა, როგორ იქნებოდა…
_ რაღა გაინტერესებდა ამის შემდეგ… _ გაიღიმა ცალყბად, მიუხედა ცხენთავას, მოკლე ქურქი რომ ეცვა და გაოცებული რომ ჩამოსჩერებოდა ორთავეს უხმოდ.
_ მაშინ იქ მოვალ.
_ რაღაზე მოხვალ?
_ შემოვალ უბრალოდ.
_ მოდი, ოღონდ ნუ შემოხვალ…
_ არ მოვიდე?
_ მოდი, მაგრამ ნუ შემოხვალ-მეთქი!
_ აბა, ისე მეტყვით?
_ რაღას გეტყვი, გითხარი და იმანაც იგივე გითხრა, ახლა ის ხომ არ არის… _ გახედა ცხენთავას, გინახავს ამნაირიო, გაიკვირვა. ხალხი უკან ბრუნდებოდა და თავად აიძრა, გადავიდა შარაზე, ფეხები დაიწმინდა ბეტონზე, ამჯერზე თავისთვის გაიღიმა გვერდულად, გაალაჯა გაღმა სასაფლაოში, გალავნებში მხარი ეცვალა და ობელისკებში გაიჭედა, შემოუარა გრანიტის ცივ სტელებს, ტლაპოში ჩაყინულ ნაკვალევს გაჰყვა ბოლოს. მოიხედა ფრთხილად, არავინ უყურებდა, მაგრამ გარკვევით ჩანდა თავად სიშორეზე, უფოთლო ბუჩქები ვერ უფარავდა უქუდო თავს. უკუსვლით იარა ცოტაზე და შავი ქვით მოშანდაკებელ სამარეზე დაყუნცული ყვავი დაინახა. თვალი გაუსწორა თუ არა, ყვავი ფრთების გაუტოკებლად შეხტა თავლოდზე, ცოკოლზე გადმოყუნცდა შემდეგ. ფერადი სათვალე გაიკეთა რედაქტორმა. თოვლის ნარჩენი გაიისფერდა ბუჩქის ძირას, ყვავი კიდევ უფრო გაშავდა ბეჭებთან. იასამნის ტოტზე შეჯდა და აქანავდა სულ ახლო. მანამ უყურა რედაქტორმა ყვავს მტკივანი თვალებით, სანამ იასამნის ნედლი ტოტი არ გახევდა და ყვავმაც არ შეწყვიტა რწევა. ყველაფერი გაქვავდა ერთი წამით, ყოველნაირი ხმები აიკრიფა. ნისლის სუნთქვა ისმოდა. იასამნის ტოტი ინძრეოდა ოდნავღა, თვალგაშეშებული ყვავი ადამიანს უყურებდა ჯიუტად.
„რა უნდა ნეტავი?!“
შარვალი რომ გაიხსნა, ყვავი სხვა ბუჩქზე გადახტა. ცალი ხელით (ცალი ძირს ჰქონდა დაშვებული და დაკავებული) დაემუქრა. ყვავი აფრინდა, ჩაუქროლა ცხვირწინ, ბუმბულის სითბო და ჩიჩახვის სიმხურვალე დაუტოვა ლოყასთან.
„კბენას მიპირებდა, ეს ჩემისა!“
მესამე გამომცემლობიდან გამოსულ გუია ა-ს ალექსანდრე შერმადინი ახსენდებოდა. მელოტ კაცს ხარის მთავარი ძარღვივით ელასტიური კისერი ჰქონდა.
“…სულ სიაბანდია, მეორედ აღარ მივალ, ის ერთი სეანსიც მეყოფა… მეტი გულახდილობაო, გულახდილობა რას ამიწევს, ქვეყანა ძირს მიგდებს, ცხოვრება ქვევით მქაჩავს… წიგნი არ გამოდის, რომანს არ კითხულობენ… ლექსები ამოუხაპიათ გეგმიდან, იქაც აღარ ვარ მყარად, აღარსად აღარ ვარ… აქაც არა ვარ… იქაც არა ვარ, ვისთანა ვარ?!“
ოთხს აღარაფერი აკლდა, დაკრძალვიდან რომ დაბრუნდა ბავშვობაში დაწინაურებული რედაქტორი. ძვირფასი პალტო გაიხადა, დაკიდა, მდივანსა და მემანქანეს გადახედა, გაისწორა სველი თმა, ფერადი სათვალე მოიხსნა, გააღო კაბინეტის კარი და მტკივანი თვალებით დაინახა ყვავი. იგი იჯდა თავმაგიდასთან პირველ სკამზე, სადაც ყველაზე შინაური და თავხედი ავტორები სხდებოდნენ ხოლმე. სასაფლაოს ყვავს არ ჰგავდა, დიდი და ჭკუიერი ჩანდა გაცილებით. მოთეთრო მკერდგულა, შავ-ფრთაზურგიანს შავად აკუკუნახებული ნისკარტი და თვალები ქვევით ჰქონდა დახრილი მორიდებულად.
_ ელიზა! _ დაიძახა და კარი შეხურა ცივად. _ ვინ დატოვა, ელიზა, ფანჯარა ღიად?!
_ ამწუთას გავაღე, კაბინეტი გავანიავე, შიგ არავინ შესულა!
_ ნახე, თუ არ შესულა, ერთი მოდი და ნახე!
_ არავინ იყო ამწუთას, არავინ არ იყო… დარეკა, მართალია, მაგრამ არ არის-მეთქი, მე ვუთხარი, როდის მოვაო, არ მოვა-მეთქი… არც გელოდით, სხვათა შორის, ყველანი წავიდნენ ამიტომ…
_ რატომ დატოვე, ელიზა, ფანჯარა ღიად?
_ ერთი წუთით, გავანიავე…
ამ ხმაურზე ყვავი გაფრინდა, გადაუარა მელიქ-აზარიანცის სახლს და სოჭის ხეზე დაჯდა ლილისფრად შეღებილ დიდების ტაძრის წინ. ბებერ სოჭს წვეროკანი ჰქონდა ალბათ ერთდროს გადატეხილი. გადანამტვრევი გადახოხნილი და დრო და ჟამისაგან გადაგლუვებული ჩანდა. სამად სამი ტოტი და ერთი ამოტრიალებული გირჩა ჰქონდა შერჩენილი. ტოტები მარაო პალმის ღეროებივით იყო ერთ სიბრტყეში გაფენილი.
პირველად იჯდა სამჰამაკიან ხეზე. ჩახუთულ ნისლში აყვარყვალებდა გაოცებულ თვალებს. აღმართ ქუჩას, ქუჩის ტელეფონებს, საგაზეთო ჯიხურს, სკოლის დაბალი კიბის ნაწილს ხედავდა. ძირს ხალხი და მანქანები დადიოდნენ. მახვილი მზერით უყურებდა მანქანებს და ხალხს, მამადავითის კალთებს, სკოლას, ტროლეიბუსის ელექტროხაზებს; უკან ალექსანდრეს ბაღს, ქაშუეთის ეკლესიის აღერილ გუმბათს გრძნობდა.
ილიასა და აკაკის ძეგლის კვარცხლბეკზე წითელი მიხაკები იდო და სასკოლო ჩანთები ეყარა. დაბალი კლასების ბიჭები დარბოდნენ ძეგლის გარშემო, დასდევდნენ ერთმანეთს, თოვლის ნარჩენებს ეძებდნენ სკამმერხებქვეშ. ერთი კაცი სკვერის გალავანთან მიხვეტილ და მირჩენილ თოვლს იღებდა და უზარმაზარი ნიჩბით მანქანებს უყრიდა ბორბლებქვეშ. მანქანები გადაშხუოდნენ შემოყრილ თოვლზე, სქელ შხეფებად უშვებდნენ თოვლს გვერდებზე. მოდიოდნენ და მოდიოდნენ გაღმა-გამოღმა ტროტუარებზე სინაცრისფერეში ნაცრისფერი ადამიანები, გულგრილად უსწორდებოდნენ და შორდებოდნენ ერთმანეთს. ბევრს ვერა, მაგრამ ზოგიერთს ცნობდა მაღლიდან. კოჭლობით შეჩერდა ხელჯოხიანი, თბილბერეტიანი კაცი, გენადი წურწუმიას პრემიის ლაურეატი ა. გ., გადაავლო თვალი იქაურობას, სქელი ულვაში ჩამოიფოცხა, მიაჩერდა ხეს და დიდების ტაძარს. მარტოხელა ყვავი არ შეუმჩნევია, როგორც შემდეგ გამოირკვა. ულვაშების ფოცხვას რომ მორჩა, შეწუხდა, თუმცა შეიძლება შეწუხებულიც მოდიოდა, დაღლილი წერდა და გუიასაც (ვინ ეკითხებოდა) ათვალწუნებული ჰყავდა. თავის გასაკეთებელს აკეთებდა მხოლოდ თურმე. რას ერჩოდნენ, აბა, ამ ა.გ.-ს? ტარიანი ცოცხი ჰქონდა კაცს მხარზე გადებული და ამას ამადლიდნენ? ის რომ არა, დაახვეტინებდნენ იმას, ვინც ახლა ა.გ.-ს კილავდა და დასცინოდა?!
„…მეც ხომ ყვავად გადაქცევის შემდეგ მივხვდი, რომ სხვისას ვშვებოდი! კიდევ რამდენ რამეს გავიგებ!“
ილეოდა თებერვალი. გაზაფხული დგებოდა. ისევ ციოდა. ისევ ბური იყო. ვერეს ხევში ჩახლეწილიყო ყვავების მოდგმა.
უფოთლო, გაფიჩხულ ალვის წვეროკანებში დაქშუოდნენ.
„ყვა, ყვა, ყვა!“ _ დასძახოდნენ გაციებულ დედამიწას. დაქშუოდნენ ფერფლა ფიფქებივით, აჩონჩხილი ხეების შიშველ ტოტებში გაჩხერილ უზარმაზარ ბუდეებს დატრიყრანტალებდნენ.
„ყვა, ყვა, ყვა!“
„დედის დახრჩობა!“
ბუმბულ-ბუმბულ მიცურავდნენ ნისლისკენ, გამოდიოდნენ ნისლიდან და ღერ ფრთასავით აფარფატებულნი ნაცრისფრად რკალავდნენ სივრცეს.
„ამათში მე ვერ გადავერევი, ვერ გავუტოლდები, თანაც ავები ჩანან და არ მიმიკარებენ, ჩამკორტნიან!“
სკოლის დაბალ კიბეზე გამოვიდა, ქვედა (ზედა არ ჩანდა) საფეხურზე გაჩერდა ტანზე შემოტმასნილი ლურჯი პალტოთი, გულზე ახუტებული რვეულებით. მაღალქუსლიან ჩექმებზე შემდგარი დიდების ტაძარს, ქაშუეთის ეკლესიას მიაჩერდა, ყვავს ვერ შეხედა აშკარად. ყვავი კი მაინც ყვავურად იხედებოდა ხიდან და სქელ თეძოებს, მკვრივ, ოდნავ ამობერილ მუცელს ლანდავდა გაულანდავში; მისჩერებოდა იმას, ვისაც კანონიერად, თუმცა უშედეგოდ ანაყოფიერებდა თერთმეტი წელი; უმზერდა და ზურგი უთბებოდა, შავ-ნაცრისფერი ბუმბული ეშლებოდა ხერხემლის გასწვრივ.
„…ვატყობ, აწი აღარ შემირიგდება… შემიძლია მისვლა, მაგრამ რაღა დროს… არ მიშვებს. ჯერ ერთი, არც ვიცი, დედალი ვარ თუ მამალი!“
ტურისტები მოჯგრიალებდნენ ქვაფენილზე. ხელოვნების მუზეუმიდან გამოვიდნენ, ან მხატვრის სასახლიდან, სადაც კინწურაშვილის სურათები იყო გამოფენილი; გაუსწორდნენ ქაშუეთს, დააპირდაპირეს სასტუმროს, სადაც ისინი იყვნენ ჩამომხტარნი უეჭველია. დიდების ტაძართნ ერთმა უცხოელმა აიხედა და ბებერი სოჭის ტოტზე ატრიალებულ გირჩთან უზარმაზარი, გაფუყული ყვავი დაინახა, გადაირია და სლოკინი აუტყდა. სხვებიც გაოცდნენ, ზევით დაიწყეს ცქერა.
„ყვავი არ უნახავთ, ამ შობელძაღლებს!“ _ გაიფიქრა გუია ა-მ, თუმცა სახეზე არაფერი დასტყობია.
_ ამხელა ყვავი საიდან? _ დაინტერესდა უცხოელი.
_ გაიზარდა, ალბათ… _ უპასუხა შეფიქრიანებულმა ადგილობრივმა გიდმა.
_ ამხელა?
_ რამხელაა, თუ მაინცდამაინც?..
_ ესეც თქვენი კინწურაშვილი ხომ არ არის, რომ ვერ შევნიშნოთ, ნამეტანი დიდია…
_ დიდია კი და გვაქვს ჩვენ ანალოგიური შემთხვევებიც…
_ შეუძლებელია! _ მაინც არ დაიჯერა უცხოელმა.
_ რატომ არის შეუძლებელი, ძალიან შესაძლებელია… ჩვენ პრაქტიკულად არცა გვყავს უმუშევარი ყვავები… ამნაირ ეგზემპლარებს კი განსაკუთრებით ვუვლით, კარგად ვკვებავთ, ვეფერებით ხოლმე…
„…ისე აშენდით, სანამ უნდა იაროთ ამ ტყუილებით!“
ერთმა ახალზელანდიელმა სტუმარმა, რომელიც ორნიტოლოგს ჰგავდა და ყვავებშიც შესანიშნავად ერკვეოდა აქედან გამომდინარე, საჯაროდ, ყველას გასაგონად განაცხადა: ეს არისო კუდმოღუნული ყვავის ერთი ნაირსახეობა _ C. Levaillantii. Отличется крупным клювом и большой _ განაგრძო რუსულად, _ величиной. Распостранена на Сахалине, Курильских островах.
სახალინის ყვავი კი მარტო ამ სიტყვების გაგონებაზე დაფრთხა, გადაუფრინა ანტენებით გადაჭედილ სახურავებს, ბაღებს, სკვერებს, ხიდებს, აფთიაქებს. ალექსანდრე შერმადინი დაინახა ლაზარეთის ეზოში. მორგსუკან ვარჯიშობდა ფარულად. „ადიდასებში“ გამოწყობილი ხარის ძარღვივით ელასტიური კისრის ყანყალით თავმოტვლეპილი დარბოდა მორგის ყრუ კედელთან.
საღამოვდებოდა. ცივი, გაყინული მზე ესვენებოდა შავნაბადას შებურულ კალთებში. სველ კვამლში გახვეული პეტრე-პავლეს სასაფლაოს კონტურები ჩანდა. კუდწვეტიანი შავი ძაღლი გარბოდა შეღმართში, ეკლესიისკენ. სამრეკლოში ჩამოკიდებული სამი ზარი _ დიდი, შუალა, პატარა _ ციაგობდა ჩამავალი, გალიგვებული მზის ბოლო სხივებში. საყდრის სარკმლიდან გამოჩხერილ საკვამურში შეშის ბოლი გამოდიოდა და სამყაროს სინაცრისფერეში, სველ ნისლში იღვენთებოდა. ცარიელ სასაფლაოს ემხობოდა ნელ-ნელა დაბურული ცა. შეგვიანებული მეპანაშვიდენი გალავანგადაღმა უკრავდნენ დუდუკებს. სიშორიდან წამოსული დოლისა და გამკივანი კლარნეტის ხმა მატარებლის ვაგონების ბუფერების დაგუდულ ძაგაძუგს, განძელების ყრუ ჭრიალს უერთდებოდა და, სასაფლაო მაინც დუმდა, სიყრუე ბატონობდა ირგვლივ.
ღვიის, კუნელის, იასამნის ბუჩქებს შეფარებულ აკვანივით სამარეზე მშრალი, ოქროსფერი წიწვი იყო წაფენილი. სიმშრალეში, სიმყუდროვეში ჭიატობდნენ საფლავის ქვაზე დადებული ქორფა ყოჩივარდები და მეფობდა მაინც სიჩუმე.
„ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი“.
„ჩემი უნაზესი და სიჩუმე“.
„…მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე ღამით. დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან…“
ახლა თავად ვწერ მე.
არსენალის უდაბური გორები მოჩანს ნისლში. აღარაა გერმანელთა სასაფლაო. აღარც წითელნაჭერშებმული კრავია საყდართან. ცივა და გაზაფხულის სურნელი ტრიალებს. დრო სპობს საფლავებს, დრო მოგონებებსაც ანადგურებს, დრო დროსაც მუსრავს.
„…ერთი ბარათი ძევს მაგიდაზე და ბარათში სძინავს ასო „ა“-ს“.
დაჭირხლული შუშის მიღმა ელავენ გაფიჩხული, თეთრი ტოტები; ტყვიის სიჩუმეში ფრთებ-ფიფქებად დაფარფატებენ შავ-ნაცრისფერი ფრინველები.
„ყვა, ყვა, ყვა!“
ვხედავ სიცივეს, ნაცრისფერ ფიფქებს ვუყურებ, ვიგონებ, ვეძებ გაუხარელი ქალწულის ალლიდი ოტტოს დაკარგულ საფლავს.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

რეზო ჭეიშვილი Empty
PostSubject: Re: რეზო ჭეიშვილი   რეზო ჭეიშვილი EmptyTue Mar 05, 2019 7:31 pm


რეზო ჭეიშვილი - ბიჭიკოს ავადმყოფობის ისტორია

რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre
Published on Oct 15, 2015

რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟისორი - ჯემალ პატეიშვილი

მონაწილეობენ: აკაკი ხიდაშელი, რევაზ თავართქილაძე, ლეო ფილფანი, ზურაბ ცინცქილაძე, სოსო ლაღიძე, სოსო ხაინდრავა, დავით უფლისაშვილი.

ჩაწერილია 1988 წელს (აღდგენილია 2008 წელს).

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

რეზო ჭეიშვილი Empty
PostSubject: Re: რეზო ჭეიშვილი   რეზო ჭეიშვილი EmptyTue Mar 05, 2019 7:34 pm

რეზო ჭეიშვილი

* * *

ღამე ჩემია, ძილი მაინც
არ დამრჩენია,
თუკი ვიწამე ისევ იგი,
მამავ ჩვენია.
წითელი მკერდით, ზღვისფერ ფრთებით
ოდეს გნახავდი–
არც მიფიქრია, არც მიწერია
თუ მინახავდი.
მოციმციმდი და მოიტანე
ცივი გზავნილი–
ნეტავი მე?! თუ ჩემთვის იყავ გამოგზავნილი…
თუკი ინებებ, გამოგყვები შენი მსტოვარი,
გამიძეხი და დამიტოვე დანატოვარი…
მე ხომ ისედაც დამეწევა შავი მწევარი,
აღარ დარჩება ჩემი ძვალი და ნაწევარი…
წითლით და მწვანით, სიცისფერით აღარ მოგელი–
გიხილე ერთხელ და გიწამე,
როგორც ყოველი…
შენ ცა, მიწა –მე, შენ ცაც, მიწაც,
სიზმრის მთოველი…
მწამს ღმერთი ერთი
მამა ჩვენი, -ყოვლის მპყრობელი…


Arrow


დრო

დრო ისე წავა და გადასწევს
წამი წინაწელს,
აქედან შენკენ ვერ გააღწევს
თვალის სინათლე,
დაფარულია ზეცის თაღი
შავი ხედებით,
გადაგვავიწყდა ის ოთახი,
არ გახსენდები?
მე მაინც მინდა ისევ მაგ ცით,
სხივ-განთიადით,
მოგონებები გაიცრიცოს რაღაც დიადით.
სული აქაც წუხს, აქაც მასე,
–სულ ფოციალში,
რომელ სფეროზე დაიქანცე
სპექტრის ციალში…
მანძილები კი იზომება პარაკლისებით
არც ჩემი ზომვით
და არც შენი კარგი ლექსებით…
თუ სიზმრისა ვართ და ვიშვენით
სიზმრის ხახაში,
სიზმარში მაინც სავიშვიშოდ
დაგინახავდი…
სიზმრის ვიყავით? სიზმრისაგან
ცხადს თუ მოველი,
მაშინ სადღაა – ვინც ვისგანაც
იშვა ყოველი?!
იფერფლება და ინაცრება
ხსოვნის ძიება,
გამოგონილი დარდიც ხმება ღონისძიებად…
უპატიებელს ის პატიობს–
ვინც ზე ავიდა,
დრო კი ყველაფერს ამარტივებს
თავისთავიდან…
არ გააჩერებს აქ არ დამრჩენს
მძიმე ლანდები,
შემძიმებულსაც არ გაარჩევს
დღე ხვალინდელი…


Idea


ყანაძველი

ეს მაშინ იყო, რომ გიძღვნიდი ლექსებს ნაკლიანს,
როცა მომწონდი, წყალზე ნისლის იყო ბრიალი,
და დაბურულში წყლის ნათლია დღე იმ ნაღვლიან
ჭაობს ბწკალავდა ჭვანგიანი ელვის ბწკიალით.
იდგა საღამო, დაშორების ჩამოღამება,
ძველი ყანების ჩაყვითლება, გადაჩალება…
და ჩაუვლელი ჩავლილობის ჩალისფერებში,
ვერდაფარულის დაფარულით ფერისშველება…
წლები ჩამოდნა, ლექსი ისევ ისე მაწუხებს,
ჩამომათოვა, ჩამომთეთრა, წლები წავიდა,
სიტყვები გაქრა, საწუხარი დარჩა წუხილი
და ყოველივე უწუხარი გაწყდა თავიდან.
ახლა იმ ნაქარს რომ ავბურდავ გაიმედებით,
ყვითელ ლელიანს როს გახაზავს ლურჯი ფრინველი,
გამონათდები, წამიერი წავა წამები,
აღარასოდეს გაცხადდები იმ ნაწნავებით…
ხსოვნა მქრქალდება, ფიქრი ისევ აავდარდება,
გარსი ბერდება, შემოდეგი ნაცრისფერდება,
არგასამხელელს ვერ ვიხსენებ, არ მახსენდება,
ის, რაც მახსოვდა– არ კი ვიცი – იყო თუ არა…


* გადმოტანილია ცირა ყურაშვილის ბლოგიდან - https://tsira.wordpress.com/2010/01/20/რეზო-ჭეიშვილის-ლექსები/

cheers


რეზო ჭეიშვილი. 1997 წ. გადაცემა "ეპოქა". პირველი არხი

Published on Sep 16, 2015

study


Last edited by Admin on Tue May 05, 2020 9:26 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

რეზო ჭეიშვილი Empty
PostSubject: Re: რეზო ჭეიშვილი   რეზო ჭეიშვილი EmptyTue Mar 05, 2019 7:36 pm


ქართული დოკუმენტალისტიკა - "ქვებს ახსოვთ" - რეზო ჭეიშვილი

Georgian Broadcaster
Published on Sep 10, 2016

11 სექტემბერი, 2016
შემოქმედი, რომელიც თანაბრად არის ასოცირებული ლიტერატურასთან და კინემატოგრაფიასთან. კამერის მიერ უკანასკნელად დაფიქსირებული რეზო ჭეიშვილის უნიკალური კადრები. დიდი მწერლის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე გიორგი მოლოდინაშვილისა და ბიძინა მაყაშვილის ფილმი - „ქვებს ახსოვთ".

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

რეზო ჭეიშვილი Empty
PostSubject: Re: რეზო ჭეიშვილი   რეზო ჭეიშვილი EmptySun Apr 07, 2019 12:07 pm

რეზო ჭეიშვილი Rezo_c10
რეზო ჭეიშვილი - სერგო წურწუმიას ნახატი, 2018

ტრაქტატი


ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლის შესახებ


რუსული ტექსტი ქართულიდან გადმოთარგმნილიაო, ნათქვამია, თუმცაღა გაუწაფავი თვალი (სხვათაგანაც დადგენილია) პირიქითობას მიხვდება. ტექსტი რუსულიდანაა გადმოღებული ცუდი, ალაგ-ალაგ გაუგებარი ქართულით. თავად დოკუმენტი მარჯვედაა შედგენილი და ალბათ სრულად შეესაბამება რუსეთის იმდროინდელ პოლიტიკურ-იურიდიულ ამბიციებს.

ქართლ-კახეთის სამეფო შედიოდა ერთმორწმუნე, ქრისტიანული ქვეყნის მფარველობაში და გეორგეევსკის ციხესიმაგრეში გაფორმდა და სარატიფიკაციოდ გამზადდა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც თავიანთი ხელმოწერებით დაამშვენეს შემდეგმა პირებმა: პავლე „პოტემკინმა“ (ასე წერია), იოანე ბაგრატიონმა და გარსევან ჭავჭავაძემ (მეფე ერეკლე მოგვიანებით დაჰკრავს ბეჭედს და დააფიქსირებს საკუთარ ხელხლართვას).

ბევრ წყალობას, სოციალურს, პოლიტიკურს, მეფურს, გამოელოდნენ მწყალობელთაგან წყალობილები; აღიარებდნენ უმაღლესობას რუსეთისას, იმპერატრიცისას, სამაგიეროდ, სანუფქოდ ინარჩუნებდნენ მეფობას საკუთარი ტერიტორია-სამფლობელოებისას და მემკვიდრეობითობას — სამეფო დინასტიის შენარჩუნებას. მრავალჯერ დასჭირდა შეხსენება ამ პირობებისა ერთ მხარეს მეორისათვის უშედეგოდ. დაყრუვდნენ თუ თავი დაიყრუეს, ცნობილი არ უნდა იყოს.

სამეფო ინსიგნიების შენარჩუნებას ივედრებოდა მეფე გიორგიც მამის მიცვალების შემდეგ. უკვანტო საკვანტოდ ჰქონდა გამხდარი, თავად სხვისი დასამტკიცებელი მემკვიდრის აღიარებას ითხოვდა.

პავლე I კი აღარავის დამტკიცებას აღარ აპირებდა, „ყოვლად უგანათლებულესი, უთვითმპყრობელესი დიდი ხელმწიფე იმპერატრიცა ეკატირინა ალექსივნა“-ს მსგავსად, არადა, იწურებოდა წელიწადი ერეკლე მეფის გარდაცვალებიდან.

გიორგი ითხოვდა სამართალს სხვისაგან, თუმცაღა თავს მეფედ იწოდებდა და გიორგი XII-ის ნაცვლად, „გიორგი მეათსამეტეს“ წერდა. მისი სამეფო-საბრძანებლის არეალი კი მტკვრის ორთავ სანაპიროს — მეტეხისა თაბორის-ჩრდილებს — არ სცილდებოდა.

ხოჯა-ხან საჭურისის ლაშქრის შემოსევამდე რუსეთიდან არც ავი ისმოდა, არც კარგი, „იმპერატრიცა ეკატირინა ალექსივნას“ საშინაო, საგარეო და ქალური პრობლემები აწუხებდა და არ ეცალა. სანამ ხან-ხოჯა საჭურისმა თბილისი არ მიასარგალ-მიახრესილა, საქართველოსკენ არ გამოუხედავს. მხოლოდ 1799-სა შემოვიდა ქალაქში პოლკი რუსის ჯარისა დროებით და სამუდამოდ. ამას საბჭოთა საქართველოს მეისტორიებმა „ტრაქტატის განახლება“ უწოდეს. ტრაქტატი ავადსახსენებელი კი ღრმად განისვენებდა საიმპერატორო საარქივეთში. სულთმობრძავ მეფეს აღარც ბრძოლის, აღარც მტერ-მოყვრის (მოყვარე მტერზე მტრად გაუხდა) და აღარც რუსის სალდათის მოყვანილი დედალ-მამალი ინდაურის ჭამის თავი ჰქონდა; აღარც ის ახსოვდა, გიორგი მეცამეტე იყო თუ გიორგი მეთორმეტე.

დაწერა თუ დააწერინეს, გაგზავნა თუ გააგზავნინეს „აზრი-მოხსენებანი იმპერატორ პავლე პირველისადმი“, საიდანაც აზრის გამოტანა კი შეიძლებოდა, შინაარსს თუ გაიგებდი. რაცა მაქვსო, წერდა, წაიღე, რაცა მყავს, წაიყვანე, წამიღე მეც და თუ რაიმე გემეტება, მიბოძეო. პავლე იმჯერხანობით არც არაფრის წაღებას აპირებდა, არც არაფრის გაცემას; მანიფესტი — ქართლ-კახეთის (პერსპექტივაში დანარჩენი საქართველოს სამეფო-სამთავროების) გაუქმებისა და რუსეთის ტერიტორიებთან მიერთებისა — დაწერილიც იყო და გამოქვეყნებულიც; პავლე I ელოდა საქართველოს ბოლო, ალბათ არა უკანასკნელი, მეფის გარდაცვალებას. ამ ლოდინში მიახრჩვეს თვითონვე და გიორგი მეფის ტანჯულმა სულმაც მოისვენა. დაიდგი გვირგვინიო, აქეზებდნენ მემკვიდრეს, რუსეთის გენერალ-მაიორს — დავითს. არც შეეძლო და არც შეიძლებოდა; ყველაფერთან ერთად, გართულებული ჰქონდა ურთიერთობა ბებიანაცვალთან, ბიძებთან, ცოლთან — სომეხი ვაჭრის ასულთან. უნდა გაგვაცილოთო, მიმართავდა „დიკასტერიას“: მაგ დედაკაცთან თანაცხოვრება აღარ შემიძლია, ყოველ საღამოს ამოლესილ ლობიოში საწამლავს მიყრისო...

და იდგა 1983 წელი, რუსეთის იმპერიის აღმასვლისა და ამოტრიალების ხანა.

საქართველომ, უფრო ზუსტად, საქართველოს ცეკას პირველმა ედუარდ შევარდნაძემ გადაწყვიტა (გულში როდის ამოიჭრა, იმის გაგებაც შეიძლება), დიდი სახალხო დღესასწაულით აღენიშნა გაუქმებული ტერაქტის 200 წელი, რომლის არც ერთი პუნქტი, არც ერთი პარაგრაფი და არტიკული რეალიზებული არ ყოფილა, სანამ გაუქმდებოდა, მანამდეც კი. მაინც უნდა გვეზეიმა. სწორიც იყო, თუმცაღა ორიგინალობით, პირველაღმომჩენის პრიორიტეტით ვერ დაიკვეხნიდა. მართალია, უფრო მარტივად, უფრო მოკრძალებულად, მაგრამ პრაქტიკულად მიუდგნენ (უმადურნი არასოდეს ვყოვილვართ) ჩვენი ძველები ამ საკითხს გასული საუკუნის დასაწყისში. მოვუსმინოთ იმდროინდელ მოღვაწეს, ლიტერატორსა და მამულიშვილს, სოფრომ მგალობლიშვილს:

„1901 წ. თავად-აზნაურობამ სულისა და გულის აღტყინებით გამოაცხადა, რომ ენკენისთვის 15-ს გადახდილი იქნება ასის წლისთავის იუბილე რუსეთთან საქართველოს შეერთებისა. ამ ჩვენი გათახსირებისა, დამონებისა, მიწასთან გასწორების დღესასწაულს ბევრნი, როგორც მოგახსენეთ, აღტყინებით შეხვდნენ.

ხომ მოგეხსენებათ, მონა შეცაცქანებით გამოელის ზვიადი ბატონისაგან სუფრაზე დარჩენილს ნახორხლებს, რომელსაც ბატონის ლაქია ხანდახან ძაღლებსაც არ აკადრებდა. საქართველო ძაძითა და თავზე ნაცრის დაყრით უნდა შეხვედრიყო თავისი უბედურების ასის წლისთავსა“.

იქ ასი იყო, აქ — ორასი. ერთი ფუმფლო ტრაქტატს ეხებოდა, მეორე ფაიზაღ ფაქტს, თუმცაღა ჩანაფიქრი, მნიშვნელობის, ავის თუ კარგის, მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ერთი და იგივე გამოვა. ისე კი ყოველნაირ მოვლენას ორი სახე, ორი რისხვა და ორი გამართლება აქვს!

ჩვენი ამბავი 1983 წლის შემოდგომაზე, ოქტომბრის უკანასკნელ რიცხვებში მოხდა. მოხდენილს მოსახდენი, შესაბამისად, დიდი სამზადისი უძღოდა წინ. საქმეს, რომელიც ამინდის რყევაზე და ანდროპოვის ჯანმრთელობის ამპლიტუდაზე იყო დამოკიდებული, ხან კაი, ხან ნამეტნავად ცუდი პირი უჩანდა.

ღონისძიების თარიღი, დრო (ადგილი გარკვეული იყო) ამინდივით და იმ ადამიანის ჯანტანმრთელობასავით ცვალებადობდა. თუ იმას თავისი უჭირდა, ამას, ჩვენსას, სხვა დარდი კლავდა: ნერვიულობდა სულისჩამდგმელი იმ ყველაისა, საშვიდნოემბრო მზადება იყო დაწყებული და ტრაქტატი კრემლში ვიღას გაახსენდებოდა.

ამდენი თავის მტვრევაც არ იყო, ალბათ, საჭირო. ტრაქტატს ხელი მოეწერა 24 ივლისს ასი წლის წინათ. წელს წელზე, თვეს თვეზე ხომ არ დასვამდით, შუა ზაფხულიც, ივლისი, აგვისტო, დაკარგულად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.

სექტემბერში ისევ გაუარესდა იმ კაცის ჯანმრთელობა, 24-მა ოქტომბერმაც ჩაიარა...

შეიძლებოდა გადადებაც, 1984-ში გადახაბაკება. სწორედ 1784 წლის 24 იანვარს მოიწერა და დაამტკიცა მეფე ერეკლემ, რასაკვირველია, ცალმხრივად, წინა საუკუნის დოკუმენტი. იანვარი არ გამოდგებოდა — ლენინის დამარხვის დღეს დაემთხვეოდა ტაშ-ფანდური. თებერვალი ცივია, მარტი — ჭინჭყლი, არაპროგნოზირებადი.

24 აპრილი? დავით კლდიაშვილის გარდაცვალებისა და ჩემი დაბადების დღე? არა? მაინც მაისი? მაშინ 24 და არა 26... იქამდე სული გაძვრებოდა იმ კაცს. მაინც რა მოურჩენელი გრიპი ჭირდა დღენაკლულს. გრიპის ნარჩენი მოვლენებიო, უცხადებდნენ მოსახლეობას. არ რცხვენიათო, წამოიძახა ერთმა ჩემიანმა, ამხელა იმპერიის მეთაურს სურდო ვეღარ მოაშორეს! თქვან — რა ჭირს. მოურჩენელი მტერ და ავ! ჩამოდგება მაშინ ოცდამეერთე საუკუნე, წელი პირველი — 2001. „ჩვენი გათახსირებისა, დამონებისა, მიწასთან გასწორების“ 200 წელი და ვიზეიმოთ! მთლად მასეც არაა საქმე, ბატონო სოფრომ.

ასეცაა და ისეცაა, კი, მედალს ორი მხარე აქვს-მეთქი, მეგონა, შევთანხმდით, თანაც იქამდე სულ 18 წელი იყო დარჩენილი. კი არ მეჭორება, მაგრამ მეშორებაო, ნათქვამია. 2001 წლამდე ბარე ორი ტურა იკივლებდა. კიდევაც რომ შეენარჩუნებინა პოსტი იმჟამინდელი სტატუსით (ეს გამორიცხული იყო) ტრაქტატს ტერაქტი შეცვლიდა და „საქართველოს გათახსირების, დამონების, თავზე ლაფის დასხმის“ ახალი, ულტრათანამედროვე საშუალებები გამოიძებნებოდა. ადვილი გასათვლელი იყო. მეორე: ბედშავი იური ანდროპოვი მაისამდე თუ გააღწევდა, რაც ფრიად საეჭვო გახლდა, უტრაქტატოდ, რუსი ხალხის სადიდებელი აქციის მოუშველებლად, საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას და პირადად მას ადგილზე არ დატოვებდა, უკეთეს შემთხვევაში, ან დატოვებდა, ან — არა. აქ მან ზუსტად გაარტყა.

იური ანდროპოვი გარდაიცვალა მომდევნო წლის თებერვალში. იმ დროს კი, სექტემბერ-ოქტომბერში, ოქტომბრის ბოლო დღეებში მომჯობინებულიც ჩანდა და ალბათ კიდევ იყო მიზერული იმედი მისი თბილისში გამომგზავრებისა.

29 ოქტომბერს საქართველოს მოსკოვის საქალაქო პარტიული კომიტეტის პირველი მდივანი, პოლიტბიუროს წევრი ამხანაგი გრიშინი გამოეცხადა დელეგაციასთან ერთად. ჩამოვიდა ტრაპიდან დამხვდურთა სიმრავლით არშეჩქვიფებული, თავაზიანად ყურადღებადაფანტული, ტანმორჩილი, პატარა თავით, ზომიერი ბაკებით, საგულდაგულოდ აკრეჭილი თმით, — სამთავრობო სანატორიუმის რიგითი თერაპევტი. ჩამოჰყვნენ: კოსმონავტი პოპოვი, საკავშირო კომკავშირის რომელიღაც, არა პირველი შვიდეულის, მდივანი ორჯონიკიძე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ერთ-ერთი პირველი მოადგილე, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თენგიზ მენთეშაშვილი, წასული თუ იყო, რომ არ ახსოვდათ. შემდეგ: ფეხსაცმელების ფაბრიკის „პარიზის კომუნის“ ბრიგადირი ლ. ლ. ოდინოკოვა, სტავროპოლის სატრიკოტაჟო გაერთიანების „მაშუკის“ მოწინავე მკერავი ნ.

მ., თუ მეხსიერება არ მღალატობს, ჯერეშტოვა. გამართული სიტყვა თქვა ნოდარ დუმბაძემ საღამოს. თავის გაუნძრევლად გაატრიალა ამოთეთრებული თვალები შევარდნაძემ გრიშინისაკენ — აინტერესებდა, როგორ შთაბეჭდილებას ახდენდა საპატიო სტუმარზე გამართული სიტყვა. სამწუხაროდ, ვიქტორ ვასილიჩი არ ისმენდა. ზოგიერთს რომ ტანში ზრინავდა, იმას სხვა საფიქრალი აწუხებდა, როგორც ჩანდა.

...ამ კაცმა შარშან, 6 ნოემბერს, კრემლში, ყრილობათა სასახლეში საშვიდნოემბრო მოხსენება გააკეთა. პატარა ამბავი არ ეგონოს ვინმეს... იქნებ ეს ისაა...

ესა და არა სხვა... ერთ-ერთი ესაა, რა მარჩიელობა უნდა... რა აქვს ამდენი სალაპარაკო მენთეშაშვილს, არ მესმის, აღარც მეზობელი იცის, აღარც უფროსი, ტაშს კი მაგრად უკრავს, ერთი სიტყვა ყურში არ შეუშვია, სხვებიც მოწყვიტა...

დუმბაძე პრეზიდიუმს უახლოვდებოდა, მის ნაცვლად სასიტყველთან სხვა ორატორი იკავებდა ადგილს... იმ ქალს, რა გვარია, ფეხსაცმლების ფაბრიკის მუშას ცრემლები მოადგა თვალებზე. თამბაქოს ფაბრიკის ბრიგადირიო, მე მგონი, ასე გამოაცხადეს, საიდანააო?.. სტავროპოლი...

ვასილიჩი გლახად იხედება უკან, შესვენება ხომ არ გამოვაცხადებინო, ამ მენთეშაშვილს ფეხებზე, სხვა ორგანოზე რომ არაფერი ვთქვათ, ჰკიდია ეს ყველაფერი...

საზეიმო საღამოზევე წაიკითხეს, ცენტრალური კომიტეტის, მინისტრთა საბჭოსა და პრეზიდიუმის სახელით მოსკოვიდან მოსული შევარდნაძის მოხარებით, თითქო ცალ-ცალკე გამოგზავნილი, მოსალმება ხალხთა მეგობრობაზე, სოციალისტური წყობის უპირატესობაზე, საბჭოთა სახელმწიფოს სიძლიერეზე, სხვაზე და ტრაქტატზედაც იყო გაკვრით ნათქვამი. შევარდნაძემ განაცხადა (დაიბეჭდა კიდეც რუსულ-ქართულად): მისალმების ტექსტი გამოქვეყნებულია, დილითვე გაეცნო მას ჩვენი ქალაქის მოსახლეობა და ამიტომო:

„..ახლა არ მომყავს მისალმების სრული ტექსტი, არა იმიტომ, რომ იგი გუშინ საღამოს გადაიცა რადიოთი და ტელევიზიით და დღეს კი გამოქვეყნდა პრესაში, არამედ უმთავრესად იმის გამო, რომ თითოეული სიტყვა უკვე ზეპირად იცის მთელმა საქართ¬ვე¬ლომ!..“

ტაშის გრიალში ჩაათავა მოხსენებაც, ერთი შეხედვით, სტანდარტული, თუმც გონივრული, ტყუილ-მართლით შეზავებული, მტრისა და მოყვრის დამაკმაყოფილებელი. უზარმაზარი რომ არ გამოსვლოდა, შეფასებაც ადეკვატური იქნებოდა, არ ჩაეძინებოდა მაინც ზოგიერთს, მთქნარებაზე აღარ ვილაპარაკებ.

31 ოქტომბერი. წიფობისთვე. რესპუბლიკის მო¬ედანი. სამთავრობო ტრიბუნის საპირდაპიროდ ლითონკონსტრუქციებით აჩონჩხილი დასაჯდომები სავსე იყო შავ-თეთრ-წითლად აფერადებული მაყურებლით, მოდიოდნენ დემონსტრაციის, პარადის მონაწილენი მუსიკით, ყვავილებით, ტრანსპარანტებით, პეპლის საჭერ მოწყობილობაზე დამაგრებული პოლიტბიუროს წევრთა სიფრიფანა სურათებით, სპორტსმენები — სამოსელშენაკლულებული გოგონები, ვაჟები, მამები ბავშვებით, დედები ხელჩანთებით, ჩოხოსნები, ცხენოსნები...

სამთავრობო ტრიბუნაზე ბეტონის კარდიოგრამის ძირში იდგნენ: გრიშინი, შევარდნაძე, ინაური, გილაშვილი, მენთეშაშვილი, ორჯონიკიძე, სხვები, სხვა სტუმრები.

მათ თვალთახედვას მორკალული ლითონკონსტრუქციები, ხალხი, ხალხს ზემოთ აღმართული ვეებერთელა პორტრეტები — ფერწერული ტილოები ავიწროებდნენ. ნიავი ტილოებს ბერავდა, პარტიისა და მთავრობის წევრების სიფათებს ბრიცავდა, გაურანდავი, თხელი ფიცრის ჩარჩოებს ღუნავდა. იდგნენ და ირხეოდნენ უზარმაზარი სურათები: ანდროპოვი, ალიევი, კუნაევი, უსტინოვი, უსტინოვიჩი (უსტინოვი სხვაა, უსტინოვიჩი — სხვა. ერთმანეთში არ აგვერიოს, შევრცხვებით), გორბაჩოვი, რომანოვი, გრომიკო, შერბიცკი, გრიშინი — მოსკოვის გარეუბნის სამთავ¬რობო-სარეაბილიტაციო სახლის რიგითი ექიმი, ბაკებით, ალოკილი ლოყებით, პატარა თავით, — ვოროტნიკოვი, კაპიტონოვი...

რიგითი გრიშინი ორგან იყო: უკან ნამდვილი, წინ და ცისკენ — ხელთუქმნელი. თავისივე პორტრეტი უფარავდა ხედს, ქალაქს ვერ ხედავდა და გრძნობდა...

სასტუმრო „ივერიის“ სალათისფერი, ოცდაორსართულიანი შენობა მთლიანად ძირიდან, ერდო-

ბანამდე ტრაქტატის გადიდებულ (მასშტაბი 1:1001) სიგელშია გახვეული, ბეტონის კარდიოგრამიდან ხელმარცხნივ საცხოვრებელი სახლის ფასადი, მთელი სამი სართული ლენინის მკვრივი ელექტრონული თავითაა დაფარული. მობინადრენი, სასტუმროს მდგმურები მოზეიმე-მოზიმზიმე მოედანს ფარულად, უნებართვოდ გახვრეტილი სიგელ-ელექტროწრედიდან დასცქერიან...

ეგრე იყო.

ტრაქტატს ზეიმობდნენ, ტრაქტატის მონაწილე მხარეები (წევრები) არ ჩანდნენ, ისინი არ ახსოვდათ, არც გახსენებიათ.

„იმპერატრიცა ეკატირინამ“, სხვათა რჩევითა და მეცადინეობით, ტრაქტატი დაასამარა, სიგელი არ დააფიქსიმილა ლამაზი ხელწერით, მაგრამ „იდედოფლა“, „იიმპერატორა“ და საქართველოს საკითხები არ დავიწყებია. „დიდი ხელმწიფე იმპერატრიცა ეკატირინა ალექსივნა, მპყრობელი ყოვლისა რუსეთისა, მოსკოვისა, კიევისა, ვლადიმირისა, ნოვღოროდისა, მეფა (არა მეფე. — რ.ჭ.) ყაზანისა, მეფა...“ ამისა, იმისა, დიდისა, მცირისა, „ყოვლისა ჩრდილოეთისა“ და „...ხელმწიფა ივერიის ქუეყნისა, ქართლისა და საქართუელოსა“...

ჩაბარებული ჰქონდა და არ ჩაიბარა იმავ ხელმოუწერელი ტრაქტატით. „საქართველო“, არა მარტო ქართლ-კახეთი — ერეკლე მეფის ნობათი. სხვა რომ არაფერი, იგი, ეკატირინა ნათლია იყო პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძისა, ნათლიდედა გარსევან ჭავჭავაძისა, იმ ტრაქტატისა და სხვა ხელშეკრულებათა შემდგენელ-გამგებლისა. თუ მოყვრობას ვეშურებოდით, ამაზე, ნათელმირონობაზე, დიდ მოყვრობას სად ვეძიებდით! მერე? მერე ისა, რომ „იმპერატრიცა ეკატირინას“ ერთი სურათიც გამოგვედო სადმე. მეფე ერეკლემ, ცალმხრივად იყო თუ სხვა მხრივად, ხომ დაამტკიცა ის ავადსახსენებელი ტრაქტატი.

გამოგვეტანა იმ ბედუკუღმართი მეფის პორტრეტი და თუ ცალკე არა, ამოგვედო ალიევის, კუნაევის, კაპიტონოვის და სხვათა შვიდმეტრიანი პორტრეტების ჩრდილში. რას ვერჩოდით ივანე მუხრანბატონს, დავით ორბელიანს, ქაიხოსრო ჩოლოყოვს (დაწყებული ყოფილა გვარების გარუსულება და დაგვეწყო ბარემ იქიდან!). იმ ნახევრად სულელ პოტიომკინს დავხატავდი საბას არაკისადაგად თოფით, დავუხუჭავდი დაფსილ თვალს, საღს სამიზნედ გავუღებდი, ვითომ სანადიროდ იყო გამოსული. შევარდნაძის მოხსენებისდარად არც მწვადს დავწვავდი, არც შამფურს.

ტრაქტატის მიხედვით, ქართლ-კახეთი შედიოდა რუსეთის მფარველობაში და არა მთლიანი საქართველო, როგორც მოხსენებაშია. ტრაქტატი რატიფიცირებული არ იყო და იგი არ შედგა, არ შესრულდა. არაფერი იცოდნენ იმის შესახებ: ლენინმა, ლიგაჩოვმა, რაშიდოვმა, კუნაევმა, ალიევმა, კაპიტონოვმა, უსტინოვმა, უსტინოვიჩმა და სხვებმა.

დროის ბრალია ყოველიფერი და არა ადამიანების, თუმცაღა ადამიანები ცხოვრობენ დროში და ჰქმნიან დროს.

ქალაქ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, 1983 წლის 31 ოქტომბერს, წიფობისთვეს გათამაშდა დიდი წარმოდგენა-ფარსი, დაიწყო და დამთავრდა იქვე სიზმარივით. ისროლეს, ხმა არკი გამოვიდა. მეორე დღესვე ჩამოგორგლეს სიგელი სასტუმრო „ივერიიდან“, გამოახედეს მდგმურებს, გამოაჩინეს სალათისფერი შენობა, დაშალეს ლითონკონსტრუქციები, გახვეტეს ნაფხრეწები, ჩააქრეს ლენინის უზარმაზარი თავი. ჩვენ რა დაგვრჩა, შემოდგომის პირველი, ყვითელი ფოთლების მეტი? — ანდროპოვის ყ-ბი...

ყურები, რასაკვირველია,

ანდროპოვის ყურები!.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

რეზო ჭეიშვილი Empty
PostSubject: Re: რეზო ჭეიშვილი   რეზო ჭეიშვილი EmptyTue May 05, 2020 9:24 am


Giya Kancheli - The Blue Mountains/ცისფერი მთები
•Apr 25, 2019

გია ყანჩელი - მუსიკა ფილმისათვის „ცისფერი მთები“, რეჟისორი ელდარ შენგელაია, სცენარის ავტორი - რეზო ჭეიშვილი, 1984.

The Blue Mountains (1984) Film by Eldar Shengelaya, scriptwriter Rezo Cheishvili, music Giya Kancheli.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




რეზო ჭეიშვილი Empty
PostSubject: Re: რეზო ჭეიშვილი   რეზო ჭეიშვილი Empty

Back to top Go down
 
რეზო ჭეიშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: