არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 გიგი სულაკაური

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 99
Age : 32
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

გიგი სულაკაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: გიგი სულაკაური   გიგი სულაკაური - Page 2 EmptyWed Mar 06, 2019 11:10 pm

გიგი სულაკაური - Page 2 Gigi_s10

გიგი სულაკაური

მე და ჩემი ლიზა

ჩანთა მძიმეა. კარგად დანაყრებულ ეგზოტიკურ მოლუსკს ჰგავს. სავსე ფერდებზე ლურჯი და წითელი მსხვილი ასოებით აწერია: სოЎუზ-აპოლო. ეს ჩემი და ლიზას კოსმიური სახელია.

ჩანთა ლიზასია. მე უნდა ავიტანო ვაგონში.

ჩანთაში ლიზას შმოტკების გარდა ჟანას და მანგოს ნივთებიც აწყვია. დრეი კამერადენ სამოგზაუროდ ოკას, ვოლგის თუ მდ. ნილოსის სათავისკენ მიდის, ზუსტი მარშრუტი ჯერ არ დაუდგენიათ.

ჩანთის თრევის არავითარი სურვილი არა მაქვს. ისიც მეყოფა, მთელი საათით ადრე რომ მომიყვანეს და გამგზავრების ამაღელვებელ სპექტაკლს დამასწრეს... მეც რა მომარბენინებდა, მაგრამ გოგოებო, ვერაფრით შეგაჩერეთ. ისე ხართ აგზნებულები, აღფრთოვანებულები და საკუთარი “მარშით” გატაცებულები, ისე ჭყლოპინებთ და ჟივჟივებთ, რომ გასაკვირი არ იქნება, გული ამიჩუყდეს და თვალთაგან ცრემლიც კი წამსკდეს (ჩემთვის ნაცნობია თქვენი ეს საოცნებო, რომანტიული განწყობა, ეს “სადღაც” გამგზავრებით გამოწვეული აღტაცება, სტარტის ეიფორია. ჩემს ტვინშიც ხშირად გამართულა ამგვარი ოცნების კენტავრების დოღი, თუმცა, როგორც ხშირად ხდება, რასაც ჩამოვსულვარ, ვისზეც მაყუთი დამიდია, სწორედ იმას გავუწბილებივარ).

მე არა ვარ ამგვარი სცენებისთვის მოწოდებული, სუსტი გული მაქვს და დაგლეჯილი ნერვები. ამიტომ ლიზას თვალს ვუკრავ, მალე მოვალ, ვეუბნები გოგოებს და სადგურის ბუფეტისკენ მივდივარ. ლიზამ იცის, რომ აღარ მივბრუნდები, მაგრამ არაფერს ამბობს. ვგრძნობ მის მზერას კეფაზე, ზურგზე, კიდევ სხვაგან და არ ვტრიალდები. რა გინდა, ლიზა? ხომ ისედაც ნათელია ყველაფერი? მე შენ გუშინ საფუძვლიანად დაგემშვიდობე, ჟანა და მანგო არ მაღელვებენ და, როგორც ვთქვი, არა მსურს მათი ლიფები, ტრუსიკები და სხვა სასარგებლო ნივთები ვათრიო...

თუ გინდა, დავრჩებით!..

ოჰ! გუთენ თაგ, ლიზა! კიდევ ერთხელ მოგესალმები. შენმა ნასროლმა ისარმა მარცხენა ფილტვის გავლით ღვიძლი დამიზიანა. მეტკინა? არა, პირიქით, ყურადღება მესიამოვნა. ოღონდ ცოტა გული დამწყდა, არ ვიცოდი, მეგობრებთან ერთად კარვებისა და ტურბაზების პოდიუმზე თუ აპირებდი გამოსვლას. გეკითხათ მაინც, აგიხსნიდით, კვალზე დაგაყენებდით, მაგის მეტი რა მინახავს ჩემს ხეტიალში?! გინდა გითხრა, რას იზამთ და როგორ იმოძრავებთ? დილით უსახელო გორაკს დაიპყრობთ ან უცნობ ნანგრევებს დაათვალიერებთ. ამ ნანგრევების ერთადერთი ღირსება და ისტორიული ღირებულება, ზუსტად თქვენნაირი ტურისტების წარწერები და შედარებით მყუდრო ადგილას დატოვებული ბლოკნოტის დაჭმუჭნული ფურცლები და სხვა სიკეთეებია. საღამოს დაღლილები, მაგრამ კმაყოფილები დაბრუნდებით ბანაკში. მდინარის პირას ცეცხლს დაანთებთ და “ტუშონკით” ივახშმებთ. მართალია, “ზავტრაკ ტურისტა” უხეში და ველად გაჭრილი ადამიანების ხვედრია, მაგრამ ლიზა, კოცონთან დარწმუნდებით, რომ ამის მსგავსი კერძი თქვენს დღეში არ გიჭამიათ. აბა, წარმოიდგინე: ნავახშმევი, მოთენთილები და კმაყოფილები უსხედხართ კოცონს. ყველანი ერთსულოვნად იგერიებთ ნასუქი, ნავარჯიშევი კოღოების ურდოს და ამ დროს ინსტრუქტორი ტურბაზებისა და კარვების ლომი გულშიჩამწვდომი, იდუმალი ხმით მოგმართავს, კი არ გეუბნება, თითქოს გეფერება, გეალერსება და თანაც იმდენი სითბო, ზრუნვა და სიკეთეა მის ხმაში, რომ შენ ასეთი განსაკუთრებული ყურადღებით გაკვირვებული და ნასიამოვნები, უსაზღვრო მადლიერების გრძნობით აღივსები მის მიმართ. დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები, ლიზა, ეს კაცი პირველივე წუთებიდან მოგხიბლავს და მოგაჯადოებს. ის რკინისაა, არ იღლება, მზე არა სწვავს, ნისლი, გრიგალი, საერთოდ, ბუნებრივი მოვლენები მასზე არ მოქმედებს. კოკისპირული წვიმის ქვეშ მოყოლილი, ისეთივე მშრალია, როგორც წვიმის დაწყებამდე იყო თითქოს წყლის მოლეკულებს შორის იარა და იმოძრავა. რაც მთავარია, მთელი ორი კვირის მანძილზე ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვია, რომ მოკლა, არ გამოიცვლის, –დაგინებული აქვს. და მაინც, ყველაზე საინტერესო მისი ვიწრო და მრავლისმნახველი, მუხლებზე, ინტიმურ ადგილას და საჯდომზე გამობერილი რეიტუზის შარვალია. შარვლის ერთადერთი უკანა ჯიბე, მარადიულად რაღაცითაა გატენილი და ოდნავ ქვევით დაქაჩული. დიდი, შავი ფოლაქით “დაბეჭდილი” ჯიბე ისეთ საიდუმლოს მალავს, რომლის გახსნა-ამოცნობა უბრალო მოკვდავს არასოდეს უწერია. არ დაგავიწყდეს, ეს უვერტЎურაა, ლიზა, ყველაფერი ახლა იწყება. ახლა გიტარამომარჯვებული ვინმე ფელიქსი გამოდის არენაზე. ფელიქსი –ტურისტული კოცონების ტრუბადური, მენესტრელი და გუსლЎარი. გიტარა კვნესის, ფელიქსი გულსაკლავ ბალადას მღერის დაღუპული კაცის სიყვარულზე, განშორებაზე, შორეულ გზებსა და დაკარგულ წლებზე. ამასობაში, ინსტრუქტორი ცეცხლოვანი წყლით სავსე მათარას ჩამოატარებს წრეზე. თამამად, ლიზა, 2-3 მოზრდილი ყლუპი ამ ჯადოსნური ნექტარისა საკმარისია, რომ გაქრეს დრო, მეხსიერება და მოთენთილობა. რჩება მხოლოდ “შორეულ გზებზე” გაქროლებული აწმყო, რომელიც სისხლს გიდუღებს და მთელ არსებას ტკბილად გიფეთქებს. გრძნობები –პროტუბერანცებია, კოცონი ინავლება, სველ “ბატინკებს” ორთქლი ასდის, სისხლი კი ბრუნავს და საფეთქლებს აწყდება და ალისფერ ორთქლად იფრქვევა ნესტოებიდან. აი, აქ გელის ხიფათი, ლიზა, რადგან ჯერ მზერას იგრძნობ, ხოლო მერე ინსტრუქტორის თვალებსაც გადაეყრები და მიხვდები კიდეც, რომ “ის” იპოვნე კაცი, ინსტრუქტორი, მეომარი და პოეტი და, რომელმაც უკანა ჯიბის საიდუმლო მხოლოდ შენ უნდა გაგიმხილოს. Lეტ იტ ბლეედ, ლიზა, ახლა უკვე იცი, როგორც ჩნდებიან ამ პლანეტაზე კანონიერი თუ უკანონო ბავშვები.

მაგრამ მე ხმამაღლა, მთელი სადგურის გასაგონად არ გავყვირი ამას. ხედავ ლიზა, როგორ გიფრთხილდები? არ მინდა, ეს ოხერი, ჩემმა ნასროლმა ისარმა ფილტვების გავლით გული დაგიზიანოს. მე ხომ ვიცი, რომ მამაშენი –მოხეტიალე რაინდი არ გახსოვს და არასოდეს გინახავს. ისიც ვიცი თქვენს საოჯახო არქივს ფოტოსურათიც რომ არ შემოუნახავს. ეგ კი არა, ჩემთან სიტყვა მამაც არ გიხსენებია. “ის კაცი”, “იმ კაცმა”, “იმ კაცს”, ასე აბრუნებ ხოლმე ამ არსებით სახელს...

ლიზა დედასთან ერთად ცხოვრობს. ერთხელ მითხრა, დედაჩემს ორლესული ენა აქვსო. მე შევუსწორე, ალბათ გინდოდა გეთქვა ორკაპა-მეთქი, მაგრამ დაბეჯითებით გამიმეორა, დამარცვლით: ორ-ლე-სუ-ლი! მეც დავეთანხმე, სხვა რა გზა მქონდა, კამათს ხომ არ დავიწყებდი ჭეშმარიტების დასადგენად. დედამისი მხოლოდ ერთხელ ვნახე და აღარ მინდა, ოდესმე კიდევ ვიხილო. მე თუ რამე გამეგება ღვინის, არყის ან პორტვეინისა, დედაკაცი მძვინვარე “პახმელიაზე” უნდა ყოფილიყო. პატარა და დალეული, მიწაზე დაშვებული ციყვივით სწრაფად და უცნაურად მოძრაობდა, სანამ მომიახლოვდებოდა, უმწიფარი მანდარინი შეაწყვიტა ხეს, ნაყოფი თითებით დასრისა და პირში ჩაიწურა. მერე უცნაურად წაიმღერა –“სტუმრები, სტუმრები, ბიჭები, კაცები” და ჩემ წინ გაჩნდა.

მე დახურული სივრცის შიში მაქვს, კლაუსტროფობია. როცა ტუალეტში შევდივარ, კარს ყოველთვის ღიას ვტოვებ ხოლმე. –ისე მოულოდნელად, ყოველგვარი პროლოგის გარეშე დამაჯახა ეს, რომ დავიბენი და წავილუღლუღე, –ჰოო, გასაგებია-მეთქი...

რა არის გასაგები? შენ ეგ კი არ უნდა გეთქვა...

აბა, რა უნდა მეთქვა, ქალბატონო?

ჩემო ბიჭო, შენ უნდა გეთქვა, ყველამ თავის ბოზ მამიდას მოუაროსო! ლიზა, ჩემო მზეთუნახავო, საუბრის რა მეთოდები აქვს შენს მეგობარს, ასე როგორ შეიძლება...

დამავიწყდა მეთქვა, – ლიზას ნამდვილი სახელია მზეო, შენ ჩადი, მე ამოვალ! (აი, სადამდე მივყავართ ეგოიზმს) ოღონდ ამ სახელს ხალხში არ ამხელს. როგორც თვითონ მითხრა, საკუთარ სრულფასოვნებას უფრთხილდება. მძიმე წაბლისფერი თმა, მელიას ეშმაკური თვალები და დაჭორფლილი სხეული აქვს. ყველგან ჭორფლი აქვს, მხრებზეც, ძუძუებზეც და ბაყვებზეც.

ეს ჭორფლიანი ალქაჯი გიამ გამაცნო. იმ დღეს დილიდან წვიმდა. ჩვენ “პირამიდაში” ვისხედით, ზღვას ვუყურებდით და კონიაკს ვსვამდით. ბოლოს გელამ, ბოდიში, გიამ (ხედავთ, ისე დავთვერით, რომ ერთმანეთის სახელებიც აგვერია) საიდანღაც ვიეტნამური ხვლიკიანი არაყი მოიტანა. სპირტში ჩაშვებულ ხვლიკს ნეტარი, ოდნავ სევდიანი ღიმილი დასთამაშებდა ბაგეზე. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე სასტიკად დავთვერი და მგონი სუფრასთან წავუძინე კიდეც. გვიან ღამით უცხო საწოლში გამეღვიძა. ლიზასთან ერთად ვიწექი, ენა სასაზე მქონდა მიწებებული და გაღიმებული ხვლიკის გარდა არაფერი მახსოვდა.

მე მაშინებს შენი შარვლის ღილები. მითხრა მაშინ ლიზამ.

არაფერია, ზოგჯერ მეც მაშინებს ხოლმე, დავამშვიდე ჩემი ჭკუით, თან ვცდილობდი გამეხსენებინა, როგორ აღმოვჩნდი ამ ოთახში.

შენ რა, ღამის გათევასაც აქ აპირებ?

არა, ლიზა, ღმერთმანი, არაფერს ვაპირებდი, ჩემთვის ვეგდე ლოგინის ჩემს კუთვნილ მხარეზე, მაგრამ შენი სიტყვებით შთაგონებულმა, ფრთებშესხმულმა და გულგამაგრებულმა, თუ გახსოვს, ღამეც გავათიე და კიდევ სხვა “რამეებიც” პირნათლად და დაუზარებლად შევასრულე.

ლიზა მხურვალე სნეგუროჩკაა, ლიზა ფიფქიაა, მე შვიდი ჯუჯა ვარ და ჩემი 28 კიდურით და სხვა უამრავი მოწყობილობით აღჭურვილი, ყოველდღე მივდივარ ლიზასთან (ღმერთო, რამდენს უძლებს ადამიანი) გამოსამშვიდობებლად. უფრო სწორად, დღემდე მივდიოდი... მომავალ შეხვედრამდე ლიზა, ყვავილებს დაბრუნებისას დაგახვედრებ...

რესტორანში გრილა, ახლადმოხალული ყავის და თამბაქოს სუნი დგას. შორეულ კუთხეში ფერმიხდილი ედიკა ზის და ჭიქით წყალი უდგას. წყალს პატარ-პატარა ყლუპებით სვამს გვალვიან ხახას მაცოცხლებელ ნამს უგზავნის.

უმი წყლის დედა ვატირე! მესალმება ედიკა.

ედიკა შეფ-პოვარ ომარას მეგობრად მუშაობს ამ რესტორანში. ორივე ჩემი ძველისძველი ძმაკაცია. სანამ აქ გადმოვიდოდა, ომარა კოხტა, ძალიან მყუდრო კაფეში მუშაობდა. გლიცინიებში ჩაქსოვილ კაფეს ფასადის კედელი სქელი, ორგანული მინისა ჰქონდა და, “სათოფურებით” ზღვაზე გადიოდა. მინის კედელზე ბრჭყალები იყო გახსნილი და გამოსახული “.....”

– უნდოდა ნაპირი დაერქმია, საიდუმლოდ გამანდო ედიკამ, მაგრამ ნება არ მისცეს, სიტყვას სხვა დატვირთვა ეძლევა და შეიძლება დაგიჭირონო, ასე აუხსნეს იმ ბოზებმა. “ბერეგის” გამო ვინ დაიჭერდა ბარმენ ომარას, თუ ძმა ხარ, გამოჩიჩქნეს, მოაშორეს იქაურობას ეს დედალი, ძალიან კი დაგვწყდა გული...

ომარას შემწვარი მწყერი და გრაფინით ადესა შემოაქვს. მე არ მიყვარს ეს ღვინო და ომარას პირდაპირ ვეუბნები, შენს ადესას ნაღვინევ დოქში გამოვლებული წყლის ფერი, გემო და სურნელი აქვს, ამას მე ვერ დავლევ!

ვერც მე, მხარს მიბამს ედიკა, ომარ, შამპანური მოგვართვი, თუ შეიძლება!

ბაღდათის ღვინოა, ბიჭო! იცავს ადესას ომარა, მწყერი და შამპანური არ გამიგია მე!

ბიჭო, ედიკა თვალებს ჭუტავს და რატომღაც წყლის კუს ემსგავსება, შენ არ იყავი, გუშინ ხაშზე 5 ბოთლი შამპანური რომ ჩაითქიშინე? ხაშზე თუ გაგიგია, ახლა ერთხელ მწყერზეც გაიგე, რა...

რესტორანში კბილის ექიმი რაფაილ იზრაილოვიჩი და მისი ქალიშვილი რაისა შემოვიდნენ. რაფაილოვნამ 20 წლით ახალგაზრდა იზრაილოვიჩის სახე, ნულოვანი ძუძუები და უზარმაზრი უკანალიც შემოაგუგუნა დარბაზში. მსოფლიო ჩემპიონატი რომ იმართებოდეს კოზლების სიდიდეში, რაისა უეჭველად ჩემპიონი იქნებოდა. გაამაყებული იზრაილოვიჩი იტყოდა: ეს რაისას ოქროს მედალია, ლონდონის ტრაკების შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა, ან ეს თასი “ოქროს დუნდული” კასაბლანკაში გადასცეს ჩემს რაისას, როგორც საუკეთესო ტრაკის მქონე სპორტსმენს. ეჰ, სამწუხაროდ, ასეთი შეჯიბრი არ იმართება და უთასოდ და უმედლებოდ დარჩენილი მამა-შვილი, ვატყობ, ვერ არიან გუნებაზე.

ახლა მაგათ ყავა უნდათ, ოხრავს ომარა, რა ვქნა, ქსენია გასულია, სხვა ვინ მოუდუღებს? წადი, ბიჭო, მწყერი წაუღე, ეუბნება ედიკას, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაანძრიე ხელი...

რა გინდა, ომარ, მე მოვადუღებ, არ მეზარება, ვატყუებ ომარას, ძალიანაც მეზარება, მაგრამ ვდგები და სამზარეულოსკენ მივდივარ.

მაშინ შამპანურიც გამოაყოლე, არაყიც, რაც გინდა წამოიღე ნებას მრთავს ომარა. ომარა არც ძუნწია და არც ზარმაცი. ომარა წარმოუდგენლად მსუქანია. სანამ აქედან სამზარეულოში გავა და უკან მობრუნდება, ცხრაპირი ოფლი უნდა ჩამოიწუროს სახიდან და 10 წყვილი ხალათი გამოიცვალოს. შევდივარ შენს მდგომარეობაში, ომარ...

სამზარეულოში ბუღი დგას კერაზე ალუმინის ორი დიდი, ბებერი ქვაბი თუხთუხებს. უკანა კარი ღიაა და ეზოს მონაკვეთი, ერთმანეთზე შეყრილი მუყაოს ყუთები და ფარდულის ყრუ კედელი მოჩანს. კედელზე წერია: –ძალიან მიყვარხარ, კუსკი! წარწერის თავზე ვეებერთელა, ისარგაყრილი გულიც მიუხატავს არტისტს. წარწერაც და ნახატიც ინგლისური წითელით არის შესრულებული, ოღონდ საღებავი ზედმეტი მოსვლია სიყვარულის ალით დათუთქულ ოსტატს გული სისხლისგან იცლება...

რაისა ძალიან ახლოდან ან ძალიან შორიდანაა კარგი, მესმის ედიკას ხმა, ამას წინათ უწეოტე-ში გავისეირნეთ და მივხვდი “სრედნი” პლანს ვერ ქაჩავს რაისა.

მწყერი შეჭამეს თუ წიხლი გვიკრეს ძღვენზე? ომარას არ აინტერესებს რაისას დისტანციები.

მწყერიც შეჭამეს და მწყერის კვერცხიც მიაყოლეს...

მაშინ ჩვენი კვერცხებიც წაუღე, მადლია, ბიჭო...

ჩვენი კვერცხები შენ თვითონ წაუღე!..

ამეტანა ის ოხერი ჩანთა ვაგონში, რა მოხდებოდა, ღირსებას ხომ არ შემირყევდა? ამეტანა და მერე წამოვსულიყავი. მანამდე გამომესწრო, ვიდრე კედლებზე მიხატული ყველა გული სისხლისგან დაიცლება, ტვინი გამაგრდება, გაიყინება და გალურჯებული ტუჩებიდან მკვდრული ღიმილი გამოჟონავს. გაშტერებული ვუყურებ ფარდულის კედელზე ისარგაყრილ გულსა და წარწერას და ვხვდები, ორგანულ მინაზე გამოსახული, გაფერმკრთალებული ბრჭყალები ჩვენი ძველი, აუხდენელი ოცნებებისთვის იყო გახსნილი...

მერე გარეთ გავდივარ და ვხედავ ლიზას, რომელიც შუა ეზოში დგას და უცნაურად იღიმება.

დავრჩი, ამბობს მშვიდად, დედამ მეზობელი გამომიგზავნა, ის კაცი დაბრუნდა მოულოდნელად... წამომყევი, რა, მელოდებიან...

study


Last edited by Christopher on Thu Mar 07, 2019 12:13 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 99
Age : 32
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

გიგი სულაკაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: გიგი სულაკაური   გიგი სულაკაური - Page 2 EmptyWed Mar 06, 2019 11:15 pm

გიგი სულაკაური

მოგონებების მოლეკულები

სიზმარი

გარდაცვლილი ბებიაჩემი დამესიზმრა. თავისი განუყრელი შავი პალტო ეცვა, სათვალეც ეკეთა და თავსა და მხრებზე შავი, ნაქარგი შალი ჰქონდა მოხვეული. წელში ოთხად მოხრილი და ყავარჯენს დაყრდნობილი, ძალიან მძიმედ მიდიოდა. მეორე ხელში ჩანთა თუ ცელოფანის პარკი ეჭირა და მე მომეჩვენა, რომ ის ჩანთა თუ პარკი მსუბუქი იყო. ყოველ შემთხვევაში, ასე საშინლად არ უნდა გაეტეხა წელში ბებიაჩემი.

“რა იყო, ბებო, ასეთს რას მიათრევ-მეთქი”, – შევეკითხე.

“სიცარიელეს, შვილო”, – მიპასუხა, – “სიცარიელეს მივათრევ მე უბედური...”


სწავლა – სიბერემდე

ვიცი, რას ეუბნება კედელი კედელს...

ვიცი, ხინკალმა რა უთხრა ხინკალს..

ახლა ისიც გავიგე, რასაც ამბობს შენ წინ მიმავალი ქალის ტრაკი: – “შენც, – იმასაც, შენც, – იმასაც...” ასე ამიხსნა უფროსმა მეგობარმა...


ანატომური ლექსი

შემხვდა უფროსი ამხანაგის მეუღლე. მოვიკითხეთ ერთმანეთი. ასე მითხრა: – რაღაც თვალები გაგყვითლებია, ასკილის წვენი უნდა სვაო... შინისაკენ მომავალმა, ქალბატონი ნათელას სიტყვებით შთაგონებულმა დავწერე ეს ანატომური ლექსი:

თვალები მაქვს ნათელი,
ფილტვები – შავი,
ტვინი – არეული,
უხეში ტყავი.
ელენთა – ისე რა,
არა მაქვს თმა...
დავდივარ დარხეული,
ჩემო ნათელა...


ბიბლიოთეკა

როცა უცხო საპირფარეშოში, თაროზე, სხვა წიგნებს შორის საკუთარი ლექსების კრებულს წააწყდები, ამაზე დიდი საჩუქარი რა უნდა იყოს ჭეშმარიტი შემოქმედისათვის?! შენ ხომ შენი ლექსებით ერთი-ორად უზრდი და უხალისებ იმ სიამოვნებას, რასაც ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ანიჭებს ნორმალურ, ჯანმრთელ ადამიანს...


ინტელექტუალური აღსარება

“პოეზია, ისევე, როგორც მუსიკა ან ფიზიკა, დაუსრულებელი და უსაზღვროა სამყაროსავით”, მიხსნის გ-ძე. (ის ცოტ-ცოტა ყველაფერია – პოეტი, მუსიკოსი, ფიზიკოსი და მხატვარი. მისივე თქმით, ინტელექტუალია). “პოეზია მოიცავს ყოველივეს – დაწყებული უმარტივესიდან და დამთავრებული ანუ გაგრძელებული უსასრულობაში არსებული ყველაზე განვითარებული, მაღალი ცივილიზაციით და კულტურით (ჩემი თეორია, რომ არსებობს ჩვენზე განვითარებული უცხო ცივილიზაციები, უკვე პოეზიაა!) და უფრო შორსაც მიდის. ამიტომ პოეზიის შესაცნობად საჭიროა ყველაზე დიდი ტვინი, ინტელექტი, შენ წარმოიდგინე, ტექნიკურიც კი, მაგრამ თანაც, ეს ყველაფერი სასტიკად უშლის ხელს პოეზიას და პოეტს, რადგან ინტელექტუალურად სრულყოფილი ადამიანისთვის ლექსის “გაკეთება” ძალიან ადვილია. შენ ალბათ არ შეგეშლება, მაგრამ გამოუცდელ კაცს ასეთი ლექსი შეიძლება წრფელიც კი მოეჩვენოს. ლექსის დაწერის შემდეგ უნდა დაცარიელდე, ან ისეთი გრძნობა დაგეუფლოს, თითქოს რაღაც დააშავე... ეს გრძნობა სინდისის ქენჯნასაც ჰგავს და, შენ წარმოიდგინე, ამავე დროს, უცნაურია, მაგრამ შვების მომტანიცაა. არც ერთმა კარგმა, გამოჩენილმა კრიტიკოსმაც კი ისე არ იცის ლექსი, როგორც თავად ავტორმა. მე საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება შეაქო ან აძაგო, შეაფასო ან გაარჩიო ლექსი და მუსიკალური ნაწარმოები. ჩემო კარგო, კრიტიკა აღარ არსებობს, გინდაც არსებობდეს, რა შეიცვლებოდა? კრიტიკა ყველგან, ყველა დროსა და სივრცეში სულს ხდიდა ხელოვნების ჭეშმარიტ ქმნილებებს. ამიტომ კრიტიკის არა მწამს, თუმცა, არც ის მესმის, გაკრიტიკებული ავტორები საკუთარი თავის გადასარჩენად თუ დასაცავად მთელ ტონა ქაღალდს რომ ხარჯავენ... ახლა იმას გეტყვი, რაც ჯერ არავისთვის მითქვამს, – პოეტი თავისივე შექმნილი უდაბური პლანეტის ტრაგიკული პერსონაჟია, რომელსაც სული სიმარტოვეში უნდა ამოხდეს...”

მე აღარ მიკითხავს, ინტელექტუალურად სრულყოფილი მუსიკოსები და ფიზიკოსები თავიანთ მუსიკას და ფიზიკას როგორ “აკეთებენ”-მეთქი. და არც ის, – სად, როგორ და რა ვითარებაში ამოხდებათ ხოლმე სული თავისივე გამოგონილი პლანეტის მკვიდრ, ტრაგიზმით აღსავსე ინტელექტუალებს...


ბავშვები

გვიანი ღამეა, უჯრებში ვიქექები – ვეძებ მეგობრის ფოტოს და ამ ძებნაში ბავშვების სურათს ვპოულობ. ბიძინას და ჩემი ბავშვების ერთობლივი, “კაბინეტის” ფოტოა. წარმოუდგენლად ნათელი, სუფთა, მართალი და გაბრწყინებული მზერით ოთხი წყვილი თვალი რაღაც არაჩვეულებრივს, ზღაპრულს (მაშინ ასე მომეჩვენა) მოელოდა ჩემგან. მე – გამოფიტული, შუაღამისას უაზროდ მჯდარი მაგიდასთან (ხანდახან მარტოც არა ხარ მარტო). ბავშვების სურათს სამარცხვინოდ ავარიდე თვალი, მერე თარიღი მივაწერე და შევინახე.

წლების შემდეგ კოჯორში გამახსენდა ეს ღამე და ბავშვებს შევეკითხე, – აბა, ვინ მეტყვის, რა მანძილია ხვლიკის კუდიდან ინგლისის დედოფლის გვირგვინამდე-მეთქი.

– ზუსტად იგივე, რაც გვირგვინიდან – ხვლიკის კუდამდე, – დაუყოვნებლივ მიპასუხა სოფომ...


თემა

იმ საღამოს ასათიანებთან ვვახშმობდით წყნეთში. აივანზე გაშლილ სუფრას მამები და შვილები ვუსხედით. ქალები ოთახში იყვნენ შეყუჟულები – იდგა აგვისტოსათვის უცნაურად ცივი საღამო და წვიმდა. ყველას თბილად გვეცვა. მე დამატებით გურამის ჭრელი, მძიმე ხალათიც მქონდა მოხურული. ის წელია, როცა “??”-ში მარკესის “100 წელი...” და ჩივერის “ბულეტ-პარკი” ქვეყნდებოდა. კაცები კონიაკს სვამდნენ და რომანებზე ლაპარაკობდნენ. ოთახიდან ქალბატონი მანანა გამოვიდა, ერთხანს სიბნელეში იხედებოდა და უცებ, თითქოს წვიმა ახლაღა შენიშნაო, თავისთვის თქვა: “ვაი, გარეთ წვიმს და მაიკო სახლში არ არის!...”

“გარეთ წვიმს და მაიკო სახლში არ არის?” – იკითხა გურამმა, – “ეს გამოადგებოდა ერნესტს, გვარი დამავიწყდა...”


***
ეძღვნება ლათინური სერიალების ყველა ჭეშმარიტ ტრფიალს, თუ არა ვცდები, ამ სერიალებს არც დასაწყისი აქვთ, ბოლო – მითუმეტეს...

...იქვე პატარა ხორხე თამაშობდა ფორთოხლის ჩრდილქვეშ, ზეთისხილებს შორის.

– ხორხიტო, სადა ხარ, შვილო? – გადმოსძახებდა დედა ტერასიდან.

– აქა ვარ, დედი! – უპასუხებდა მაშინ პატარა ხორხე.

ხოლო საღამოს ბიძია ხოსე-ლუისი და დეიდა მარია-პროსტო ამოვიდოდნენ ხოლმე.

– ხორხიტო! – დაიჭექებდა ბიძია ხოსე-ლუისი.

– ხორხიტო-ო-ოო! – გაიმეორებდნენ ძახილს კლდეები...

და ყველაფერი იყო სამხრეთის მზით განათებული...


ფრაგმენტი

...სანამ ჩვენ ვთევზაობდით, შენ, ამხელა ვირი, კალიებსა და ხვლიკებს დასდევდი. ბოლოს, როგორც იქნა, დაიჭირე დიდი, სულელი, ქვიშისფერი ხვლიკი. საბრალო სხმარტალებდა და თავისუფლებისკენ ილტვოდა... მერე, კარგად მახსოვს, მთელი უკანა გზა როგორ დასცქეროდი, ათვალიერებდი თუ ამოწმებდი. მაშინ ისიც გავიფიქრე: – აი, როგორ იბადებიან გამოჩენილი ზოოლოგები-მეთქი. ხიდამდე უკვე ზეპირად იცოდი ხვლიკის ზედხედი, გვერდხედი, ქვემოხედი და ხვლიკის სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი სხვა ადგილები. ხიდზე რომ გადავდიოდით, პირდაპირ მდინარის შუაგულში მოისროლე, ხელი არ აგთრთოლებია, გული არ დაგწყვეტია და როგორც მახსოვს, არც ცრემლი მოგდგომია თვალზე. როცა გეცით და გკითხეთ, – რა ქენი, ბიჭო, რად დაღუპე, ამოაგდე და დააობლე ხვლიკების მთელი ოჯახი-თქო, ცივად, გაღიზიანებულმა და ოდნავ განაწყენებულმაც კი გვიპასუხე: – რად მინდოდა, აბა, ხვლიკი?!..


ჩიტები

ქვიშა და ფრინველები ერთი ფერისანი იყვნენ. რას ვიფიქრებდი, – თოლიები, შორიდან რომ ყოველთვის თეთრად ქათქათებენ, წვიმის გამო ფერს შეიცვლიდნენ, ქვიშისფერს მიიღებდნენ. ვერც იმას წარმოვიდგენდი, ასეთი დიდები და ღონივრები თუ იყვნენ. ასე ახლოდან (მათ შორის დავდიოდი ნაპირზე და არ მიფრთხოდნენ) პირველად ვნახე ამოდენა ფრინველები. და მაინც, მათ ტლანქ, ბაჯბაჯა მიმოხვრაში იგრძნობოდა რაღაც სხვა ძალა, სიმსუბუქეც კი, – მათ ხომ გაფრენა შეეძლოთ, როცა მოუნდებოდათ. გაფრინდნენ კიდეც, პირდაპირ წვიმით დაფარული მზისკენ, მერე მხარი იცვალეს და მარჯვნივ გადაიკარგნენ. სხვა გზა არ მქონდა, უკან უნდა გავყოლოდი და მეც გავყევი...

ეს წერილი იქიდანაა, მარჯვნიდან, ძველი გაგრის წვიმით დამბალი პირსიდან, სადაც ბოლომდე გალუმპული ვდგავარ და ზღვაზე დამდგარ თოლიებს ვაპურებ...


წიგნი

გუშინ ქუჩაში, ხმელფოთლებშორის გ. ლ-ს წიგნი ვიპოვნე. 1972 წელს გამოცემული, საკმაოდ კარგად იყო შენახული, თუმცა მკითხველის “ხელი” აშკარად ეტყობოდა. წიგნი იქვე მდგარი მანქანის სახურავზე შემოვდე და გავიფიქრე: – ეს ალბათ ის წიგნია, ჩემი მეგობრის მამამ ფანჯრიდან რომ მოისროლა-მეთქი...


ეჭვი

...სახლში ჩაჭედილი ფანჯრები.

ფანჯრის მინებში ჩაჭედილი მზის ათინათი, შუქი, სხივები...

და გრძნეული სახე წარწერით:

“დღეს მზეა განა?!”


ჯადოსნური ფლეიტა

თბილისში ცხელოდა, – ქალაქს პირიდან, იღლიებიდან და სხვა ბაზრებიდან მხურვალე ოხშივარი ამოსდიოდა. სადგურიდან წამოსული, რატომღაც დეზერტირების ბაზრის ცნობილ მოედანზე მოვხვდი, ძლივს გავარღვიე ბლანტ ჰაერში მოლივლივე ადამიანები, მანქანები და სხვა მნიშვნელოვანი დანიშნულების საგნები და მოვლენები და სტადიონთან ქვევით ჩავუხვიე. აქ ცოტა შვება ვიგრძენი. მეც მივლივლივებდი და გაუცნობიერებლად ჩემ წინ მიმავალ ადამიანს მივშტერებოდი. გერმანიის საელჩოსთან უცნობი მოულოდნელად მომიტრიალდა და უცხოელისთვის დამახასიათებელი რუსულით მითხრა: – ვამ ნუჟნა ვალშებნა?ა ?ლეიტა!

მე არ ვიცი, რა იგულისხმა ამ კაცმა, რომელ ჯადოსნურ ფლეიტაზე ჰქონდა გართულება, არც ის ვიცი, რომ მქონოდა და ჩამებერა იმ ჯადოსნურ სალამურში, იქიდან ჩემდა მოულოდნელად რას გამოვადნობდი... ანდა რა მაგიურ ძალას შეიცავდა ის ოხერი ჯადოსნური ფლეიტა, ყოველ შემთხვევაში, ახლაც მახსოვს უცხოელის მომართვა და იქვე დასმული შეკითხვაც: – ვი პონ?ალი, კაკ ვამ ნუჟნა ვალშებნა?ა ?ლეიტა?..

P. S. ვოლფგანგ ამადეუს მოცარტმა თავისი შედევრი “ჯადოსნური ფლეიტა” 1791 წელს შექმნა. რა “ეთიკურ-ჰუმანისტური” სულისკვეთება ასაზრდოებდა ორას რაღაცა წლის შემდეგ ჩემს კეთილ უცხოელს, ვერ გავიგე, ანდა, რომელი ფლეიტა და ნატვრისთვალი უშველიდა ჩვენს საქმეს?!


“სანტეხნიკი”

მივდივარ ელიავას ბაზრობაზე, “სმესიტელი” უნდა ვიყიდო. ქუჩაში მანქანას მიჩერებს ბ. ვეუბნები, სადაც და რატომაც მივდივარ.

“ხო, რაღაცით ჰგავხარ კიდეც სანტეხნიკს”, – ამბობს ბ.

“ჩვენ”, – დავიწყე, მაგრამ გამოვასწორე, – “მე ხომ ძველი სანტეხნიკი ვარ-მეთქი”...

ბ. არ ჰგავდა სანტეხნიკს, გაპარსული იყო, ქათქათა პერანგი ეცვა და კაშნეც პოეტურად მოეგდო მხარზე. ბ. ნიკელის, ებონიტისტარიან, ახალთახალ უთოს ჰგავდა. მე შავი, დაწეწილი სვიტრი მეცვა, ნამთვრალევი, გაუპარსავი და გამოუძინებელი ვიყავი, – ბებოჩვენების დროინდელ ნახშირის უთოს ვგავდი, თანაც გაუწმენდავს.


ბედნიერება

“რას ამბობ, ჭამა დიდი ბედნიერებაა!” – მეუბნება ამხანაგი და მეც გულწრფელად მეცოდება საკუთარი თავი, ასე მარტივად რომ ვერ ვხსნი ასეთ მარტივ ამოცანებს...


მიზიდულობა

მე ვიდექი ღია სამარესთან. არც სიკვდილზე ვფიქრობდი, არც – სიცოცხლეზე, მე ვფიქრობდი იმ მსუბუქ აბსურდულ მიზიდულობაზე, რასაც ახლადგაჭრილი სამარე ანიჭებს ადამიანებს.


100 დოლარი

ჩემი შორეული ნათესავი ყალბი ფულის “მჭრელად” მომევლინა მაისის ბოლო დღეს (ვიღაცას 100 დოლარიანი უჩუქებია. კუპიურა ყალბი აღმოჩნდა და ფულის გადასახურდავებლად მისეული დააკავეს). თავად დებილმა, მრავალი უდებილესი და ლაწირაკი პოლიციელი მომაყენა კარს. სწორედ მათთან, ახალგაზრდა, უვიც, ჯან-ღონით სავსე პროვინციელ პოლიციელებთან საუბარში და კამათში გავატარე გაზაფხულის ბოლო საღამო. გვიან, როცა ბიჭი “დავიხსენით”, გაწვიმდა. ახლაც წვიმს, ღამის 2 საათია. ეტყობა, მაინც “ვინერვიულე”, რაღაცას ვკითხულობ და აზრი ვერ გამომაქვს. უცნაურია, ბევრად უფრო “დიდი და ვერაგული” განსაცდელი მქონია და ასე არ გავღიზიანებულვარ...


ტიტა

ჩემი საწერი მაგიდის ერთ კუთხეში წყლიანი ჭიქა დგას. ჭიქაში დიდი, წითელი ტიტა ცხოვრობს. ერთ დილას მოულოდნელად დავინახე, ბოლომდე როგორ გაიშალა ყვავილი, შავი გული და ბუტკო გამოაჩინა. კიდევ გამოაჩინა რაღაც ყვითელი, რომლის “ბოტანიკური” სახელი თუ ტერმინი არ ვიცი. ამ ყვითელ რაღაცას მოყვითალო, ფისივით სქელი, მჭვირვალე და ძალიან უსიამოვნო შესახედაობის წვეთი ჩამოეკიდა. მერე ტიტას ორი ფურცელი ჩამოუვარდა. კარგად დავაკვირდი და შემთხვევით ძალიან ახლოს მივიტანე სახე ყვავილთან – თავზარდამცემი იყო, სერიოზულად შემეშინდა, – სულს ღაფავდა და ირგვლივ სიკვდილის სუნს ავრცელებდა...


ჩრდილი

“თქვენი თაობა ცუდად და უმეტეს შემთხვევაში ერთნაირად წერს!” – მეუბნება "ენი." “თქვენს ნაწერებში არავითარი გრძნობა არ არის და თუ არის, დამყნობილია ქუჩური მოძრაობის და ყოვლად უინტერესო, თითქმის ანეკდოტური ამბების სხეულზე. რაც არ უნდა დაირქვათ “ჯინსების” ან “თვითმფრინავის” თაობა, მაინც არაფერი გეშველებათ, ძალიან გაუგებრად წერთ. ეს არ არის ქართული, ყოველ შემთხვევაში, მე არ მესმის და მაღიზიანებს...”

“შენ არც უნდა გესმოდეს”, ვპასუხობ, – “იმიტომ, რომ პოლისა და ვირჟინის დრო წაგივიდათ. პოლი გადაყვა ვირჟინის დაღუპვას თუ პირიქით და მე ისღა დამრჩენია ვთქვა: აი, ასეთები იყვნენ, ასეთი ამაღელვებელი გრძნობები ჰქონდათ ჩემს წინამორბედ ადამიანებს. გეთანხმები, არც ერთი ჩემი მეგობარი არ დაწერს ასეთ წინადადებას, – მის ლოყებს უმანკოების ვარდებში არეული სიკვდილის მკრთალი იები მოჰფენოდა (რამ გამახსენა ეს ფრაზა ახლაც არ ვიცი!). სამწუხაროა ეს თუ არასამწუხარო, შენ უნდა მითხრა, შენ ხომ დღესაც ის დამტვერილი, დაძველებული, მაგრამ “ღვთაებრივი” გრძნობებით სავსე აბგა გაქვს მხარზე გადაკიდებული. თუ ჩვენი ნაწერები გაღიზიანებს, – უკვე კარგია, ე.ი. რაღაც ემოცია მაინც გამოუწვევია შენში, – ასე ამიხსნა ერთხელ ოტიამ. მე და ჩემს მეგობრებს გალაკტიონის ცნობილი ლექსის მხოლოდ ერთი სტრიქონი გვჭირდება – “წყევლისაგან განთავისუფლება!” კიდევ, – ჩემი თაობა არც “ჯინსების”, არც “თმის” და მითუმეტეს, არც “თვითმფრინავის” თაობა არ არის. ჩემი თაობა წყევლისაგან ვერ თუ არ განთავისუფლებული თაობაა. თქვენი, – “ნარცისი ბუმბერაზებისა” და მომავალი “უნიჭიერეს ნარცისებს” შორის არსებული ჩრდილისა. ჩვენ ჩრდილით კამუფლ?აჟირებულები ვართ, თუ ძალიან გაინტერესებს, ამ თაობას ყველაზე ზუსტად “ჩრდილის თაობა” შეესიტყვება... ჩვენ ჩრდილის თაობა გვქვია...

ახლა შენის ნებართვით, ამერიკელ ვირჯინიას შევეკითხები, რომელიც უკვე დიდი გოგოა და ალბათ ბევრი რამე ნახა, გამოცადა და ისწავლა ცხოვრების გზაზე:

– მითხარი, ვარიჯინია, მიპასუხე, მართლა თუ არსებობს სანატა-კლაუსი?!”


ვოვას გამო

ამქვეყნად არსებობს ლონდონი, პარიზი, რომიცა და ბარსელონაც. მაგრამ არსებობს თბილისი – დოლიძის ქუჩის თბილისი – თიფლის. მე ჩემ სხეულზე ქალაქები კი არ მექავება, – მერე რა, რომ ნახეტიალები ვარ, – მე თბილისი მიყვარს და აღარ მაღელვებენ სხვა სამყაროს ქალაქები და ქარები. აქ მომისვა ცხოვრებამ პირზე ხელი, მე მგონი, ამით ყველაფერი ვთქვი, გამგებმა გაიგოს. ღმერთო, შენ შემქმენი, მაგრამ გავკადნიერდები და გეტყვი, მე ჩემი თავი თავად გამოვიგონე, გავწვრთენი და საკუთარ თავს სანავარდოდ კარიც მევე გავუღე. რასაც დავემშვიდობე, ის ახლა უკვე თქვენი ხვედრია და მინდა, მთელი ძალით გიყვარდეთ და განიცდიდეთ, ისევე, როგორც, სანამ დავიღლებოდი, მეც მიყვარდა ეს სამყარო...

უბრალოდ მხოლოდ ერთი ნაბიჯით გაგისწარით...

მაშ, მშვიდობით და გამარჯობა ჩემო სამყარო, მარადიულო და ერთადერთო, ამქვეყნად ხომ იმისთვის მოვედი, რომ ლექსები მეწერა, მყვარებოდა, მეჩხუბა და ყირაზეც დავმდგარიყავი...

და ასეც იყო, მადლობა უფალს!

study


Last edited by Christopher on Wed Mar 06, 2019 11:33 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 99
Age : 32
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

გიგი სულაკაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: გიგი სულაკაური   გიგი სულაკაური - Page 2 EmptyWed Mar 06, 2019 11:16 pm

გიგი სულაკაური

მოგონებების მოლეკულები

ჟენია

ევენიამ, იგივე ჟენიამ სულ ცოტა ხანი დაჰყო ჩვენს ეზოში, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, სამუდამოდ რომ გამჩროდა ტვინის ხვეულებში.

დაბალი იყო, უკისრო, დაკუნთული და არაბუნებრივად ღონიერი. კუზიანი არსებებისთვის დამახასიათებელი გრძელი, დაბერილი ვენებით შემკული ხელები ჰქონდა. წითელი, სახელო-აკეცილი “კაცური” პერანგი ეცვა ყოველთვის, პაწაწინა თვალებში კი რაღაც გამოუცნობი, ველური გამომეტყველება ედგა. დაქანებული შუბლი, ზევით აზნექილი ცხვირი და ცემენტის დასველებული პარკივით “ჩაკირული” ძუძუებიც ამშვენებდა. კიდევ ჰქონდა უჩვეულოდ ლამაზი, მძიმე, მბზინავი წაბლისფერი თმა, – ასეთი ფერი მხოლოდ ძალიან ჯიშიან, მოვლილ ცხენებს აქვთ ხოლმე...

ჟენიას ერთადერთი ნუგეში და სიხარული ჭიდაობა გახლდათ. სპორტის ამ უძველესი და ყოვლად საპატიო სახეობისადმი გიჟურ ლტოლვას განიცდიდა. ეზოში ყველას გვერეოდა, – ბეჭებზე დაგვცემდა და გულწრფელად უხაროდა. ერთხელ მოზრდილ ბიჭს დაეჭიდა, წააქცია და როცა გაიმართა, თმიდან სისხლის წვეთი ჩამოუგორდა საფეთქელზე. რამდენი წელი და საუკუნე გავიდა მას შემდეგ, მაგრამ წარმოუდგენელი სიცხადით ვხედავ იმ სურათს, ზოგჯერ შენელებულადაც წარმომიდგება ის ოხერი კადრი – სისხლის პატარა წვეთი ნელა მოგორავს თმიდან და ალისფერ კვალს ტოვებს...

მაშინაც ვიღაცას მაგონებდა, ოღონდ ვის, არ ვიცოდი. ახლა ვიცი, როცა ჟენიას ხნისა ვარ და ტოლკიენის ჯადოსნური წიგნი წავიკითხე, – ჟენია “დედალი” გნომი იყო, გიმლის დაი და გლოინის ქალიშვილი...

საწყალი ევგენია, ნეტავ სად არის ახლა?

ალბათ იქ, სადაც გიმლია და სხვა დანარჩენი გნომები...


ნადირობა

უცნობი როგორ მომიახლოვდა, ვერ გავიგე, ძალიან დაკავებული ვიყავი, – დიდ, ჟღალ კატას გულმოდგინედ, ბავშვური დაუნდობლობით ვუშენდი წვრილად დახვეული ქაღალდის ტყვიებს – “პულკებს”. კატამ ჩემ თვალწინ ამოირბინა ხეზე, ჩვენს აივანს გაუსწორდა და გაშეშდა, ვერც ზევით ადიოდა და ქვევითაც ვეღარ ჩადიოდა. მართალია, მეცოდებოდა, მაგრამ ზამთრისპირის იმ მოწყენილ დღეს ისე ახლოს იყო, ისე წითლად ღუოდა, რომ ცდუნებას ვეღარ გავუძელი, თან გული მეუბნებოდა, ადრე თუ გვიან კატა გონს მოეგებოდა, გულამოსკვნილ ჩხავილს თავს დაანებებდა და მიწაზე დაშვებასაც მოახერხებდა. ამიტომ ვჩქარობდი, საწყალ კატას სეტყვასავით ვაყრიდი ქაღალდის ტყვიებს, მაგრამ ვერ ვახვედრებდი, “პულკა” მჩატე იყო, ბოლო წამს ვერაგულად უხვევდა გეზიდან, მიზანს ცდებოდა. ვჩქარობდი იმიტომაც, ვიცოდი, – ამისათვის დავისჯებოდი, – ჩვენს ოჯახში ყველა სახის და მარკის, კალიბრისა და მოდელის ცხოველის წვალებას ტაბუ ჰქონდა დადებული...

უცნობი მუნჯი აღმოჩნდა. თმა და ულვაში კატის ბეწვისფერი – ცეცხლოვანი ჰქონდა. ცისფერი, მეტყველი თვალებით გამამხნევა და მანიშნა, – სწორ გზას ადგახარ, მეც ზუსტად შენსავით მოვიქცეოდიო. გაურკვეველი შორისდებულიც აღმოხდა (შორი, დებილი შორისდებული), როცა ტყვიამ გეზი იცვალა. შურდულია ანუ “ლაგატკა” გამომართვა და მცოდნე კაცის იერით დაათვალიერა. ჩემი “დერინჯერი” – რუსთაველი მეიარაღის ნახელავი – საბრძოლო ტექნიკის ნამდვილი შედევრი იყო, ნაკლს ვერ უპოვნიდი. მრგვალი, გამძლე საავიაციო რეზინიც ახალი ნაშოვნი მქონდა. მუნჯი კმაყოფილი დარჩა და თვითონაც სცადა ბედი – მოაჯირს იდაყვით დაეყრდნო, კატა შურდულის რქებს შორის მოაქცია და ისეთი ძალით მოზიდა რეზინი, “ყარამანიანის” ენით რომ ვთქვა, – “გოზა გოზაზე მიიყვანა”. როგორც ჩანს, კატას ცხოველურმა ინსტინქტმა უკარნახა – ამჯერად პროფესიონალ მონადირესთან ჰქონდა საქმე – სასოწარკვეთილმა ერთი ამოიხავლა და ბედს დანებდა. თუმცა ბედის უკმაყოფილო მაინცდამაინც არ უნდა ყოფილიყო, – მუნჯის “ნასრევიც” აცდა.

მუნჯს სახე გაუქვავდა, შურდული დამიბრუნა და ცბიერად გადმომხედა. მერე გაიღიმა, ჟღალ ულვაშებში მიმალული ჟღალი კბილები გამოაჩინა და ჯიბიდან თავწაჭრილი, საკმაოდ მოზრდილი ლურსმანი დააძრო. დედა, ბიჭო! ეს ნამდვილი კარტეჩი, ჟაკანი იყო, ამით საბრალო ფისუნიას კი არა, იაგუარს ჩამოიღებდი!

– ვიუიუიიიიიჰვ! – დაიყივლა მუნჯმა, – ავოეეე! ბანზაი! – თან მაჩვენა, როგორ ამოტრიალდებოდა ტყვია ჰაერში და როგორ ჩაესობოდა ბეჭებში კატას. ვაღიარებ: ძალიან ცუდად ვიქცეოდი, დაუნდობლად ვესროდი კატას ქაღალდის “პულკებს”, მაგრამ არც ისეთი გულმხეცი და პირსისხლიანი ვყოფილვარ, საბრალო არსება ხეზე მიმეჭედებინა...

ფოლადის ტყვია წუილით გაფრინდა და მოპირდაპირე ფანჯრის მინაზე აფეთქდა. შემდგომი მოვლენები როგორ განვითარდა, ვერაფერს გეტყვით, დაფეთებულმა ჩემი ოთახის ყველაზე ღრმა უღრანებს მივეცი თავი. მოგვიანებით, როცა უკან მოვბრუნდი, არც კატა დამხვდა ადგილზე და აღარც – მუნჯი...

არც ის ვიცი, ვისი სტუმრები იყვნენ, ჩვენს აივანზე აღარასდროს გამოჩენილან...


ძმები

...მარტო ცხოვრობდნენ, პირველივე ბუნაგი ეკავათ საერთო აივანზე. უცოლოდ, უშვილოდ შეაბერდნენ ერთმანეთს. მათთან მისული არც სტუმარი მინახავს და, როგორც მახსოვს, ნათესავებიც არ აწუხებდნენ. ვერ იტანდნენ საბჭოთა წყობას, ვერ ურიგდებოდნენ. სამაგიეროდ, გერმანია და ჩემი ძმა უყვარდათ განსაკუთრებული სიყვარულით: – ლაშა ჩქიმ ჯიმაია, ლაშა გერმანია! – ასე ეფერებოდნენ ხოლმე. ერთხელ ლექსიკონი აჩუქეს წარწერით: – ლაშა – გერმანიას! ძმები – ჩიჩუები! და ა.შ. მართალია, ლექსიკონი ინგლისური იყო, მაგრამ ამას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, სსრკ-ს ფარგლებს გარეთ დანარჩენი ერები ხომ მხოლოდ და მხოლოდ გერმანულად მეტყველებდნენ!..

ერთს არსენა ერქვა, მეორეს – ირაკლი. არსენას ველური გრიჟა ჰქონდა, მაგრამ ოპერაციის გაკეთება-გაგონებაც არ სურდა. ბოლოს იმხელა ტრიკი გაეზარდა, რომ თეძოს და ბარძაყის ძვლები გაეღუნა და ტრიკი თავისუფლად ეკიდა მათ შორის – ჩვენში გავრცელებული გრძელფეხება ობობას მოქანქარე ტანივით...

ირაკლის ფიზიკურ მონაცემებზე და ჯანმრთელობაზე ვერაფერს ვიტყვი, მალე სხვა უბანში გადავედით საცხოვრებლად და ჩვენი ურთიერთობა შეწყდა. თუმცა არა, უკანასკნელად არსენა უნივერსიტეტის ბაღში ვნახე. ბაღის სიღრმეში მდგარ კაფეს დარაჯობდა. ძალიან დაბერებული, გამხდარი და მოტეხილი იყო.

– მიცანი, ძია არსენა-მეთქი, – შევეკითხე.

– გიცანიო, – თავი დაიქნია...

მაგრამ ვერ მიცნო...

რა ჰქონდა, ნეტავ, იმ კაფეს თუ სასადილოს სადარაჯო?!


***
ბიჭს ორი საბავშვო გერმანული წიგნი ვუყიდე. ნასადილევს ერთად დავათვალიერეთ კიდეც ის წიგნები – ბიჭი მაგიდასთან იჯდა, მე თავზე ვადექი და ისე ვათვალიერებდით. წიგნები საუკეთესო ქაღალდზე იყო დაბეჭდილი და ძალიან კარგი მხატვრის მიერ დასურათებული. ერთ გვერდზე გაშმაგებული ხარი დაეხატა მხატვარს, მეტი სიმძაფრისათვის ხარს პირიდან დუჟი სდიოდა და უკანალიდან ფუნას აფრქვევდა ვეზუვივით. უცნაურია, წამის რაღაც მეასედით სოფლის და ფუნის სუნი მეცა.


შოფრული

– ხომ გახსოვს, როგორ ვსწავლობდი, მერვე კლასამდე ოთხიც არ მიმიღია, – მახსენებს სკოლის ამხანაგი, – ვუნდერკინდი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ იმდენი ჭკუა ნაღდად მქონდა, დროზე ადრე მივმხვდარიყავი – გრეჩიხის ჭამით და სუპის ხვრეპით ვერც ამირანი გავხდებოდი, ვერც იური გაგარინი გამოვიდოდი და “კუკურუზნიკადაც” ვერ გადავიქცეოდი. ბიჭო, აბა, დაფიქრდი, შეიძლება ბავშვს უთხრა, “ჭამე და კოშკზე მაღალი გაიზრდები!” ვინ ჭამს მაგას?! ეგეთ რამეებზე თავის დროზე მეცინებოდა და “სიამოვნებით” მივირთმევდი მათლაფაში ჩასხმულ მ...ს. შეიძლება მაგიტომაც მომიწია დროზე ადრე ქუჩაში გასვლამ... პურის მანქანაზე ვზივარ, შოფერი ვარ, რა, დუშა წიომნაია, შაფიორსკაია...


აბასას 1001 ღამე

აბასა თბილისელი ქურთია.

და ისეთი შავია, როგორც ნამდვილი ზანგი.

აბასა გიჟია.

აი, აბასას დაბადების ზუსტი ისტორია:

– მამაჩემი ცნობილი თაღლითი იყო, – ასე დაიწყო ამბის თხრობა აბასამ, – ისე გააბრუა ბრძანებელი, ისეთი ტყუილები უთხრა, ისე შეაყვარა თავი...

– ვინ მბრძანებელი, აბას?

– იყო, რა, ერთი... ჰო, ეს გრანიტივით მაგარი კაცი ბრძანებელმა ჰარემის მცველად დანიშნა. იცი, რას ნიშნავს, ჰარემის მთავარი მცველი? არ იცი! მოკლედ, რა, ხო ხვდები, რაც ხდებოდა, – იქით ბრძანებელი, აქეთ – მამაჩემი... ტაინა დვუხ აკეანავ, რა... ეე, ჭკვიან კაცს უთქვამს, მუდმივი არაფერია ქვეყანაზეო და ეს საიდუმლოც გასკდა, შპიონმა თქვა: – ჰარემის მცველი საჭურისი არა ყოფილაო! აბა, გამსკდარი საიდუმლო, რაღა საიდუმლოა, ძმა! სასახლეში ყველამ გაიგო ეს ამბავი... მამაჩემს, ღმერთმა აცხონოს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ საწყალმა კიდევ ერთხელ მოატყუა ბრძანებელი, უთხრა, შენი ცოლებიდან ერთ-ერთს ჩემგან შვილი ეყოლებაო... ესა თქვა და, როგორც ჭკვიანი კაცი იტყვის, პირში თევზივით წყალი ჩაიგუბა, გაზითაც ვერ ამოგლიჯეს პირიდან იმ ქალის სახელი. ბრძანებელი ეჭვიანი კაცი იყო, გაგიჟდა და თავისი მეფური ცაციათი და ბრიტვასავით ბებუთით წააჭრა “პირადობის მოწმობა” მამაჩემს. წააჭრა და თავის ცოლებსაც დაერია, ერთ ღამეში დაბრიდა 364 ანგელოზივით ქალი. მარტო ჩინეთის იმპერატორის გოგოსთვის არ უხლია ხელი, აბა, რას იფიქრებდა, რო დედაჩემი (მაშინ 14 წლის იყო) ასეთი ბოზი იქნებოდა! შენ ხო მამაჩემი არ გინახავს?! მოკლედ, რა, კაკრაზ ჩინეთის იმპერატორის გოგოსთან ჩამსახა მამაჩემმა, მის საშოში, მისი ძუძუების ქვეშ... აბა, რაღას გიყვები, ისე ადრე მოვედი ამ ცოდვილ მიწაზე, ისე ვგავდი მამაჩემს, რო ძიძამ ჩემივე უსაფრთხოებისთვის აქეთ გამომგზავნა... მოვა დრო, მე მოვკლავ დედაჩემ როზას და ავალ ბრძანებლის ტახტზე...

– რამდენი წლისა ხარ, აბას?

– დაბადებიდან გაინტერესებს თუ მერე?.. ზუსტად 364 წლის და 12 თვისა ვარ...


...ნეტავ დედაშენსო!..

კატერები რატომღაც მაშინ მოადგებოდნენ ნაპირს, როცა ძლიერი ზღვაური უბერავდა, წყალი მუქდებოდა და ერთმანეთზე დაყრილი ტალღები თეთრ ქაფს იკრავდნენ შუბლზე.

დიდი ალუმინის რუპორი ხრინწიანი ხმით იწვევდა დამსვენებლებს – "ნა უვლეკატელნუიუ მარსკუიუ პრაგულკუ." რაღა თქმა უნდა, 50-60-იანი წლების ყოვლად მახინჯი სოც-საესტრადო სიმღერებიც სჭექდა, ამ სიმღერებსაც მაგიურად უნდა მიეზიდა და დაეტყვევებინა ზღვის უნახავი ადამიანი. რაში სჭირდებოდა რუპორი, ესტრადა და მოსაწვევები, ისედაც ერთი ზედახორა იდგა, – ყველას უნდოდა კატერის ბუფეტამდე პირველს მიეღწია – ჩეხური ლუდი და არაყი ეგულებოდათ, – № 1 სატყუარა დედამიწაზე. სამაგიეროდ ზუსტად ათ წუთში “ბარაშკებზე” მოხტუნავე კატერზე, ქიმს გადაკიდებული, სიმღერებით გამხნევებული უკლებლივ ყველა დამსვენებელი ერთსულოვნად არწყევდა ზღვაში სიმწრით, ოფლით და ომით მოპოვებულ ლუდს, არაყსა თუ სიცოცხლეს. ნაპირზე ლურჯები, მწვანე და ყოვლად ყვითლები ბრუნდებოდნენ, აღარც კუჭი ჰქონდათ, აღარც ღვიძლი და ელენთა. მაგრამ რად გინდა, მეორე დღეს იგივე შემართებით, წარმოუდგენელი სიჯიუტით და შეუპოვრობით მიიწევდნენ ზღვაში სასეირნოდ...

ამას არაფერი ეტყობოდა – ოდნავ ურევდა კრიალა “ბასანოჟკებში” წაყოფილ ფეხს, სახე მშვიდი ჰქონდა, საკუთარი ღირსების გრძნობა – ბოლომდე განვითარებული. ტრაპზე პირველი დაეშვა, დანარჩენ მგზავრებს ისე მოუძღოდა, როგორც ჰერმესი გარდაცვლილთა სულებს. თანაც ისეთი ბრგე და მუტრუკი იყო, თვით მკაცრი, ზნეობრივად მდგრადი ქართველი მანდილოსნების მზერაც დაიმსახურა. ასეთებზე ამბობენ ჩვენში: – ნეტავი დედაშენსო! “ნეტავ დედაშენსო”-მ კი შარვალი და პერანგი გაიხადა და სატინის შავი, ფართხუნა, საბჭოური ნიფხვისამარა წარმოგვიდგა. ერთ რამედ ღირდა მისი ყურება: – მობი დიკივით ქათქათებდა, ხოლო ნიფხვის ტოტებს ბრიზი უფრიალებდა. ჯერ სივრცეს გაუშტერა თვალი – ეტყობა, ძალიან მოსწონდა შავი ზღვის ჰორიზონტები. მერე ქვეყნის მპყრობელივით მიმოიხედა ირგვლივ, დაამთქნარა, რაღაც ჰანგებიც გამოახდინა და უცებ პ?ედესტალიდან გადმოგდებულ ქანდაკებასავით დაენარცხა ქვიშას. დაენარცხა და იმწამსვე საღათას სტაბილური ძილით დაიძინა მზის გულზე.

ორიოდე საათში მძინარე მუტრუკი გასივდა და მისტიურად იცვალა ფერი – ალუბლის ნაყენში ჩაღვრილი მზის შუქივით აკიაფდა. სწორედ მაშინ დაადგა თავს ადგილობრივი ბიჭების სამკაციანი რაზმი.

“ჯერ არ არის მზად!” – თქვა ერთმა.

“ჰო”, – დაეთანხმა მეორე, – “თვალები პლასტმასის თეთრი კაკლებივით უნდა გადმოუცვივდეს...”

“ამას რაღა გააღვიძებს...” – მესამეს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მეც ძალიან მაინტერესებდა, რატომ ვერ გაიღვიძებდა მძინარე ადამიანი, მაგრამ ამ დროს პლაჟზე სირენების კივილით შემოიჭრა სასწრაფო დახმარების ორი “რაფი”, ხეების თავზე კი უზარმაზარი ხაკისფერი ვერტმფრენი აგუგუნდა. თუ არ ვცდები, (კარგად არ მახსოვს) ზღვაში სამხედრო კატარღებს და წყალქვეშა ნავის კუზსაც მოვკარი თვალი. ისეთი გუგუნ-გრიალი, ყიჟინა და ჟრიამული ატყდა, იერიქონის საყვირები მოგენატრებოდათ. ექიმები ბუზებივით ეხვეოდნენ გავარვარებულ მუტრუკს, ერთსულოვნად ყაყანებდნენ და ერთმანეთს ისე ახტებოდნენ, თითქოს “გრძელ ვირს” თამაშობენო. თეთრ ხალათებს შორის ნაკვერჩხალივით იელვებდა ხოლმე ალისფერი სხეული – ლამაზი სანახავი იყო... დიდება მარჯვე სანიტრებს! მაგრად იყოჩაღეს, – ექიმებიც და დამწვარიც წიხლებით შეჭედეს და დაანაწილეს “რაფ”-ებში. დიდება შოფერსაც! შემობრუნებისთვის დრო რომ არ დაუკარგავს, – მანქანა პირდაპირ უკუსვლით გააქანა რაიონული ცენტრისაკენ, საიდანაც დაზარალებული ნახევრადშემწვარ მოზვერივით გადაუგზავნეს თბილისში თურმანიძეებს...

რამდენიმე დღეში გულუბრყვილო დამსვენებლებმა ყველა ცნობისწადილი დაიკმაყოფილეს: “ნეტავ დედაშენსო” ხელმწიფის ტოლა კაცი აღმოჩნდა, რუსეთის ერთ-ერთი დაუსაბამო ოლქის გენერალი, მარშალი თუ ადმირალი. იმ ლამაზ ფერს კი, რომელიც მან ჩვენს პლაჟზე ღირსეულად დაიმსახურა, მსოფლიო სამხატვრო საბჭომ (გაითვალისწინა რა დაზარალებულის წარმომავლობა) ტიოინდიგო ?იარკო-როზოვაია უწოდა...


ალგეთის ლეკვები

მარნეულში ვართ, იხსნება მერაბ ბერძენიშვილის ძეგლი – “კიდევაც დაიზრდებიან”. საზეიმო განწყობა სუფევს, უამრავი ხალხია თავმოყრილი. ვინღა არ არის მოსული – ცკ, ალკკ, “შემოქმედებითი და ტექნიკური ინტელიგენცია”, სოც. შრომის გმირები, “დამკვრელი” მუშები – ფეიქრები, ზეინკლები, ხარატები თუ ჩარხმშენებლები. აქ არიან სიტყვები, წინადადებები და უზარმაზარი ტექსტები. მოსულია ადგილობრივი მოსახლეობა...

ძეგლი გაიხსნა – უღრმესი მადლობა მერაბ ბერძენიშვილს! “კიდევაც დაიზრდებიან” მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას დაამშვენებდა!

ჩვენს უკან იქაური ჭრელი დედაკაცები დგანან. როცა ქანდაკებას საბურველი მოაცილეს, საკმაოდ გაღიზიანებულებმა, მკაცრად წამოიძახეს: – ეტი დეტი კაკოი ნაციონალნოსტი?!

როგორც ჩანს, ჭრელ თავსაფრებს გულით სურდათ, – მერაბ ბერძენიშვილს წინდაცვეთილი ალგეთის ლეკვები დაედგა მარნეულში... რას იზამ, ზოგჯერ არ გიმართლებს ხოლმე, რომ გაგიმართლოს, ალგეთის ნაპირებზე უნდა იყო მოყვანილი...


***
“პლეხანოვზე” ვნახე ორი რუსის “მეძავი” – ნამთვრალევი, ბინძური და გაუბედურებული ქალები. ერთი ხნიერი იყო, ერთიც – ახალგაზრდა.

ახალგაზრდა: – "მამა, პაშლი რაბოტაც"...

ხნიერი: – (კვნესის, დასიებულ ფეხებზე ვენები ასკდება) "ნე მაგუ, ია სტარაია"...


ბაძა

ჩაიარა ილიას იუბილემ, უღიმღამოდ, კომკავშირის დონეზე... ვერავითარი ზეიმი ვერ ვიგრძენი. ამ დღეს ანდრო ბუაჩიძე, ირაკლი სამსონაძე, თამაზ ბაძაღუა და მე ვერ მოვხვდით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში (ეტყობა, ასე იყო საჭირო!).

წავედით მარტყოფში, ჩემთან. სოფელში ციოდა, ბუხარში ცეცხლი დავანთეთ და შემოვუსხედით. გვქონდა: მწვადი, მწნილი, ყველი, ღვინო და არაყი. მეზობელმა ხილიც შემოგვიტანა. ბაძამ არ დალია, საჭეს უჯდა. იმ დროს საერთოდ აღარ სვამდა, გამალებული მუშაობდა, – “თითქოს რაღაცის მოსწრება სურდა”. სწორედ იმ ღამეს იყო: შინ მომიყვანა თავისი მანქანით, სადარბაზომდე ფეხით მომაცილა და უცნაურად მომეფერა, როგორც უმცროსს, – ისე. უცნაურია, არასოდეს მიუცია თავისთვის ამის ნება, ჩემზე ბევრად პატარა იყო...


***
“ბაბო გენაცვალოს” – მითხრა მათხოვარმა, – “დიდხანს იცოცხლე!” – დღეს 10 თეთრი ღირს ტკბილი სიტყვით ჩემი ტკბილი სიცოცხლის გახანგრძლივება...



უცნაური ხალხი

– ამას რას აკეთებ? – შეეკითხა პატარა უფლისწული.

– ვსვამ, – პირქუშად უპასუხა ლოთმა.

– რატომ?

– რომ დავივიწყო.

– რა უნდა დაივიწყო? – პატარა უფლისწულს შეეცოდა ლოთი.

– მინდა დავივიწყო, რომ მრცხვენია, – გამოტყდა ლოთი.

– რისა გრცხვენია? – პატარა უფლისწულს ძალიან უნდოდა ლოთს დახმარებოდა.

– მრცხვენია, რომ ვსვამ, – აუხსნა ლოთმა და ხმა აღარ ამოუღია.

“ჰო, უფროსები ძალიან, ძალიან უცნაური ხალხია”, – ფიქრობდა გზაში პატარა უფლისწული.

ეგზიუპერი, “პატარა უფლისწული”

სვამდა ვაჟა-ფშაველა, ფიროსმანი, გალაკტიონი, სვამდა ოტია...

სვამდა ჯონ სილვერი, სვამდა ულენშპიგელი, სვამდა მინდია...

სვამდნენ მეფეები, პოეტები და მღვდელმთავრები...

სვამდნენ რეალური ადამიანები და გამოგონილი პერსონაჟები და მე მეკითხებიან:

“რატომ სვამ?!”

ღმერთმა შეუნდოთ! რადგან ამის პასუხი მე არ გამაჩნია და (ალბათ) არც არსებობს...


ქანთრი მიუზიკ

ძალიან მიყვარს რუსული და ამერიკული ლიტერატურა, კლასიკურიც და თანამედროვეც. მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ფოლკლორსაც დიდ პატივს ვცემ. მაგრამ ამ ბოლო დროს ამერიკული “ქანთრი” ისევე მაღიზიანებს, როგორც რუსული “ჩიკა-ჩიკა”...


ძეგლები

უნივერსიტეტში მისვლის პირველსავე დღეს საგანგებოდ დავათვალიერე ჩვენი გამოჩენილი მეცნიერების ქანდაკებები. ჩემდა გასაკვირად, ამ ძეგლების პორტრეტები არავითარ “სიბრძნეს” არ ასხივებდნენ. პირიქით, ზუსტად ისეთები იყვნენ, როგორც ყველაზე პროზაული, მიწიერი ფიქრის დროს არის ხოლმე ადამიანი. მახსოვს, მაშინ გავიფიქრე, პორტრეტული მსგავსება პოეზია იქნებოდა, კოშმარი რომ არ იყოს მეთქი...

study


Last edited by Christopher on Wed Mar 06, 2019 11:27 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 99
Age : 32
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

გიგი სულაკაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: გიგი სულაკაური   გიგი სულაკაური - Page 2 EmptyWed Mar 06, 2019 11:18 pm

გიგი სულაკაური

ტრისტანას დუქნის მცირე ისტორია

ტრისტანას თავიდანვე არ მოეწონა შემოსულები.

ორნი იყვნენ, ქერა და მეორე, წარმოუდგენლად გამხდრები, აწოწილები. დაუდევრად ეცვათ, მკაცრ, თითქმის პირქუშ სახეებზე რაღაც უცნობი, შორეული სევდით დანიშნული თვალები უბრწყინავდათ. თანაც ზუსტად ისე დაიზლაზნებოდნენ, ყველაზე ძალიან რომ აღიზიანებდა ტრისტანას.

ტრისტანა ლტოლვილთა პირველივე ნაკადს შემოჰყვა თბილისში. ამ თემაზე ლაპარაკი არ უყვარდა და დაბეჯითებითაც ვერავინ იტყოდა, საიდან იყო, რომელი კუთხიდან. კილო და იერი თითქოს ქალაქური ჰქონდა, ლტოლვილისაც ბევრი არაფერი ეცხო. შემოჰყვა და ეგრევე დუქანი ჩადგა ქალაქის “პრესტიჟულ” უბანში. ოღონდ ჯერ დუქანი გაჩნდა და მერე ტრისტანა თუ პირიქით, ესეც არავინ იცოდა, არავის ახსოვდა.

დუქანი ლითონის შიფერისა იყო, გრილი, პატარა. სულ ოთხი მაგიდა და დახლი იდგა. დახლს უკან, ფარდაჩამოფარებულ კუთხეში სამზარეულო მოეწყო ტრისტანას. აქ მისი ცოლი, დევის ქალივით ვეებერთელა მაყვალა ტრიალებდა. როცა ბიჭები შემოვიდნენ, იმ წუთებში მაყვალა რაღაცას გაჰკიოდა დაკარგულ მამულებზე, რომელიღაც პარტიაზე და გამუდმებით ახსენებდა სტატუსსა და დახმარებას.

– ასე მხოლოდ სიბერის პირველი ტალღები ამკაცრებს და აბოროტებს ქართველ დედაკაცს! – თქვა შემოსვლისთანავე ქერამ და კუთხის მაგიდისკენ წავიდა.

– ორი ას-ასი ჩამოგვისხი, ჯიგარო, – შენელებული ხმით ამოღერღა მეორემ, – ბიჭო, მიაყოლებ რამეს?

შეკითხვა უპასუხოდ დარჩა. მეორემ ხურდა დახლზე დაყარა, ჭიქები ცალი ხელით წამოიღო და ამხანაგს მიუჯდა.

– თუ მეტი არაფერი გინდათ, იქნებ აქვე დაგელიათ, რა?!.

– ვაჰ? – გაიკვირვა მეორემ. – ხედავ, რა კატეგორიული და მომთხოვნი მედუქნეა, ბიჭო?! უცებ გადაგვეკრა და გავსულიყავით, არა?! იცი, რას გეტყვი, იუზგარ? მე აქ მარტო სასმელი კი არ ვიყიდე, მე ეს მაგიდაც ვიყიდე, ჰაერიც და დროც, გაიგე?!

“მორფინისტები არიან, მე ამათი დედა ვატირე!” – თავისთვის დაასკვნა ტრისტანამ და, გაიგო, ყოველშემთხვევაში, ხმა აღარ ამოუღია.

ქერამ არაყი მოსვა და ხმადაბლა შეიგინა.

– რა იყო, შხამია? – მეორემაც მოსვა, – ეგრეც ვიცოდი, რას ასხამენ, ამათი დედაც...

– ჰო, იმას გიყვებოდი, ბიჭო, მაგრად დავლიეთ, ერთიერთზე, ისე გავითიშეთ, როგორც მარიაკები უცნობ პორტში. აი, მაშინ ვუთხარი, პირდაპირი კი მიდის ლუზაში, მაგრამ მე მაინც სვოი მირჩევნია-მეთქი. ირაკლაც დამეთანხმა. ხო იცი, მაგის ბაზარი, სწორი ხარ, ძმაო-ჯან, მითხრა, როგორ ხოდზეც არ უნდა იყო, შენი მაინც შენია და ეგეთები...

– მე ყოველთვის მიყვარდა თქვენში ავრელიუსი მარკუს...

დუქნის ღია კარიდან ვოლვო-ს სამი კრიალა ავტობუსი მოჩანდა. ავტობუსებთან ხალხი ირეოდა, ბავშვებიც ყიჟინით და ჟრიამულით დასდევდნენ ერთმანეთს.

– ნახე, ბიჭო, აქედან ხალხი ფერად ქაღალდებში გახვეულ კანფეტებსა ჰგავს...

– ჰო, ოღონდ მოძრავ კანფეტებს, ერთი სული აქვთ, როდის ჩაუვარდებიან ლიფე-ს საახალწლო ხახაში...

– აბა, თუ მეტყვი, იუზგარ, რატომა აქვთ ჯანმრთელ, ნორმალურ კაცებს ოთხი კვერცხი და ორი ასო? – შეეკითხა მედუქნეს ქერა.

მედუქნემ მხრები აიჩეჩა.

– თემიდან გადაუხვიე, ძმაო... შენ კი, ჯიგარო, – მიუბრუნდა ტრისტანას მეორე, – მე გიკარნახებ, ოღონდ თუ გიყვარდე, არ გამცე, თორემ ეს კლიენტი ადვილადფეთქებადი ნივთიერებითაა სავსე და ცოტა არ იყოს, მეშინია, ჩვენი უსაყვარლესი დუქნის ანტურაჟი არ გამოცვალოს, – მეორემ არაყი გადაჰკრა, მერე ხელები რუპორივით მიიტანა ტუჩებთან და ხმამაღლა იყვირა, – იმიტომ, რომ ერთი საშინაოა, მეორე – საგარეო! ახლა ხომ გაიგე, იუზგარ?!

– რა მაგარი ხარ, ბიჭო! მაგრამ მეც ხომ დიადი რენე ვარ! გაიხსენე, ვინ გიწოდა თავზარდამცემი გენია...

ტრისტანა ვერ იტანდა ასეთ უაზრო საუბარს, არც ესმოდა და არც სურდა გაეგო. სად ეცალა ხუმრობისა და შარჟებისათვის, – უამრავი საქმე ჰქონდა და თავისი კლიენტებიც ჰყავდა. “ჰე, თბილისელი ბიჭები! მე თუ აქაური არა ვარ, რა, ცუდი ვარ?! მე უბრალო ხალხი მიყვარს, გაგება რო იციან, ტყლარჭი ხალხი არ მიყვარს!” – იტყოდა ხოლმე. თავის მუშტრებთან, – “ზავსეგდატი კლიენტებთან” სვამდა კიდეც, ნისიადაც აძლევდა სასმელს და “ჯიგარი ბიჭის” სახელიც ჰქონდა დავარდნილი. თუ ხანდახან ამ რანგის სტუმრები ეწვეოდნენ, ტრისტანი იძაბებოდა, ღიზიანდებოდა და სანამ “ეგეთები” მის ტერიტორიას დატოვებდნენ, თავისი ემართებოდა.

დუქანში ჩაფსმული და გაქონილი არსება შემოვიდა. შემოსასვლელშივე დაეყრდნო იდაყვით დახლს და მედუქნეს ძმაბიჭურად ჩაუკრა თვალი. ტრისტანამ ყურმომტვრეულ, დაბზარულ ყავის ჭიქაში ჩამოუსხა არაყი. მისაყოლებლად ლიმონათის ნაკლული ბოთლიც დაუდგა.

– აბა, ზდაროვათ! – ლოთმა ნელა, სვენებ-სვენებით, პროფესიონალურად დალია, – შაქარია, ტრისტან-ჯან, შაქარი, გაიხარე, ჯიგარო!..

ლოთი ერთხანს ადგილზე ყანყალებდა, მერე დარბაზს ჩაფსმული, მაგრამ ნასიამოვნები კაცის ნეტარი ღიმილით გაუღიმა და თვალები გაეყინა.

– ასე აშუშებს ადამიანს შენი სასმელი, იუზგარ?..

– ამის პიანი საზერცანიებიღა გვაკლდა, ბიჭო...

– ეე, იცით, ეგ რა ბიჭი იყო?!. – ვეღარ მოითმინა ტრისტანამ, – თავის დროზე მაგარ მაყუთსაც შოულობდა და მაგრათაც გრიმიტობდა... ამ ცხოვრების დედა ვატირე!..

– თქვენ რა, ერთად გაიზარდეთ, იუზგარ? გადაეცი, აქ არ მოვიდეს, რამე არ ამკიდოს...

– მიდი, ერთი ბოთლი ჩემი ჯიბიდან გაუკეთე და უთხარი, წავიდეს, ამ ბოლო დროს სტრანნათ ნიპრიატნი არომატები დაცურავენ ჰაერში.

ბოთლის ხსენებაზე ლოთი ერთ წამში გამოფხიზლდა. ტრისტანას არაყი ჩამოართვა, ბიჭებს წირპლიანი თვალები შეანათა და გაუჩინარდა.

ცოტა ხანში დუქანში ძაღლმა შემოიხედა. დიდი ინტერესით დაყნოსა ჰაერი და კორპუსის მეოთხედი მოკრძალებით შემოდგა დარბაზში.

– მოდი, ცუგა, – დაუყვავა ქერამ, – ერთი ჭიქა დაგვილიე...

– გადი, ძაღლო, გარეთ! – კივილით გამოვარდა მაყვალა, – კარგით, რა, ყველაფრის გამასხრება არ გამიგია მე, თქვენ დალევთ და წახვალთ, ერთი მეც მკითხეთ, რესტორანში რა უნდა ძაღლს?!

– რესტორანი, ეს ხმამაღლა ჟღერს! – არტისტულად წარმოთქვა მეორემ.

– ჰო, ძაღლი ტახტის ქვეშ ან კარადის თავზე უნდა იყოს შემოდებული, ხედავ, ძმაო, როგორ განვავრცე ძველი სიბრძნე...

– წადი, ქალო, საქმეს მიხედე! – გაკიცხა ცოლი ტრისტანამ, – აქაურობას უშენოდაც კარგად მოვუვლი.

ბიჭებმა ას-ასიც აიღეს. ქერამ ჯიბიდან საოკეანო ლაინერივით დიდი, მძიმე და ძალიან ლამაზი დანა დააძრო.

– ზედ ბროდვეიზე მაქვს ნაყიდი, ძმაო... შენი რა უყავი?

– ჰო, მახსოვს, ამ ტისაკებით არ შემოგვეჭრა გივიას და ვაჟას დიდადპატივსაცემი გვამები?!. ეჰ, ჩემი რახანია, ლევანასთან ერთადაა ზღვაზე...

ბიჭები უცებ გაჩუმდნენ, ცალკ-ცალკე ფიქრებში წავიდნენ. ქერა დანას გახსნიდა და იმწამსვე ისევ დაკეცავდა, მერე ისევ გახსნიდა და მაშინვე დაკეცავდა. ასე მდუმარედ ისხდნენ და ეწეოდნენ. ქერა დანას ატკაცუნებდა, მეორე კი მარცხენა ხელს უცნაურად ამოძრავებდა ჰაერში, თითქოს ვიღაცას ემუქრებოდა თუ ეკამათებოდა.

“ვაჰ, გიჟები არიან, შობელძაღლები! აი, მაგიტო არ მევასება ეგეთი ხალხი”, – ტრისტანამ დახლის დიდი, ბრტყელი, შავტარა დანისკენ გააპარა თვალი, – “ეშმაკს არა ძინავს, კაცო!..”

ტრისტანა ბიჭებს აკვირდებოდა და თავისდაუნებურად აღმოაჩინა, რომ ორივეს დაღლილი, კაცური სახე ჰქონდა, ხელებიც კაცური ჰქონდათ, – დიდი და მძიმე. რაღაცით თითქოს ჰგავდნენ კიდეც ერთმანეთს და არც ჰგავდნენ. მეორეს მოზრდილი, შინდისფერი ნაიარევი აჩნდა შუბლზე. ამ აღმოჩენამ რატომღაც ორმაგად გააბრაზა და გაანერვიულა მედუქნე. “სიმაღლეში და სიგამხდრეში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ამათი მორფინისტი დედა ვატირე!..” თვალი ისევ დახლის დანისკენ გაექცა, მეტიც, დანა ფრთხილად მისწია თავისკენ. ერთი თალია ისიც გადაწყვიტა, რაღაც მწარე, გესლიანი ეთქვა ბიჭებისთვის, მაგრამ საღმა, ქვეცნობიერმა ტრისტანამ უკარნახა, – ამ წუთას ბიჭების პროვოცირება, მათი გაღიზიანება ნაღდად არ შეიძლებოდა...

– იცი, რა უნდა გითხრა, იუზგარ, – ქერას არ გამოპარვია ტრისტანას მოძრაობა და სულიერი რხევები, – ერთი კაცი იყო, მისტერ როკუელ კენტი, რომელმაც ბრძანა, რომ ძაღლებსა და ადამიანებს შორის მხოლოდ ქვეშაჯვიები იკბინებიანო... მე დავეთანხმე, შენ რას იტყვი, იუზგარ?

– მე რა ვიცი, რა გინდათ ჩემგან?! – წამოიყვირა ტრისტანამ.

– ხედავ, რა ნერვიულია, ბიჭო?! შენ, იუზგარ, აუცილებლად ნევროპათოლოგს უნდა ეჩვენო...

ფარდიდან გაავებულმა მაყვალამ გამოიხედა. თვალების ბრიალით და წარმოუდგენელი სიბოროტით და ზიზღით შეხედა შემოსულებს.

– ქალბატონო! – გაიხარა ქერამ, – რა კარგ დროს გამოიხედეთ, სწორედ ახლა ვეუბნებოდი თქვენს მეგობარს, ფსიქიატრს უნდა ეჩვენო-მეთქი, თორემ ამას რომ ნერვებმა უმტყუნოს, რაღა მეშველება, ხომ უნდა გამისკდეს გული, დავიბრიდები და ეგ არი...

– რას მიყურებ, დევის ქალო, – ისევ ნელა ამოღერღა მეორემ, – ხუმრობა არ გესმით...

– დამპლები, გათახსირებულები! – დაისისინა მაყვალამ, – ვაი, მაყვალა? ვის ემსახურები, შე უბედურო?!.

მაყვალას არ დასცალდა მადრიგალის დამთავრება. დუქანში კიდევ ორნი, ახალგაზრდა ქალი და კაცი შემოვიდნენ. ხაჭაპური და ლიმონათი შეუკვეთეს. სანამ მაგიდას მოუჯდებოდა, კაცი უცნაურად დააკვირდა ბიჭებს, საერთო სალამი თქვა და მერეღა დაჯდა.

– სადაური კაცი ხარ, ძმაო? – ქერა ისევ დანას ატკაცუნებდა.

– აქაური ვარ...

– არა, ვერ გამიგე, საიდანა ხარ...

– რა იყო, ეგეთი შავი ვარ? – გაეცინა კაცს, – თბილისელი ბერძენი ვარ, სამშობლოში მივდიიივართ, – წაიმღერა.

– ბიჭებო, ნუ შეაწუხებთ, რა, – ჩაერია ტრისტანა, – ამხელა გზაზე დგანან, ამდენი სანერვიულოა...

– შენ ვინა გკითხავს, ბიჭო! – შეუღრინა მეორემ, – რაღაც არა მგონია, ეს კაცი შეწუხდეს ასეთ უბრალო შეკითხვებზე, ხომ გაქვს შენი საქმე?! ჰოდა, მიხედე, შენ საქმეში ჩაყავი ცხვირი, ჩვენ ჩვენი დაგვანებე!..

– ჰო, მე არა ვწუხდები, ჯიგარო, – ბერძენი იღიმებოდა, კარგ გუნებაზე იყო.

– ბერძნული იცი, ძმაო? – ქერამ, როგორც იქნა, დაკეცა დანა.

– ჩემნაირი ბერძნული ყველა თბილისელმა იცის...

– ესე იგი, არ იცი... ათენში მიდიხართ?

– არა, სალონიკში. ეს გოგო ჩემი ცოლია, ამის ნათესავებთან მივდივართ. ამან კიდე, ქართული არ იცის... ეე, სად წავა, ადრე თუ გვიან ისწავლის, მა რას იზამს...

ქალი შავგვრემანი იყო, გამხდარი, მაყვალისთვალება. ისიც იღიმებოდა და ბიჭებს ყოველგვარი რიდის გარეშე უყურებდა თვალებში.

– თქვენი ისტორია თუ იცი? – შეეკითხა მეორე, – აი, არგონავტები, მენელაოსი, ზევსის ტაძარი... არისტოტელე...

– მე ონასისი ვიცი...

– ეგეც საქმეა, ძმაო...

ტრისტანამ თეფშები, ჭიქები და ქაღალდის ხელსაწმენდში გახვეული დანა-ჩანგალი გამოიტანა. ლიმონათი და ხაჭაპურებიც მიაწოდა ცოლ-ქმარს. ქალმა წვრილად დაჭრა თავისი ულუფა და ისე შეექცა.

– ხაჭაპური ხელით უნდა, დაიკო...

– მაინც ვერ გაიგებს, რა უთხარი, – შემოტრიალდა ბერძენი, – გაუშვი, როგორც უნდა, ისე ჭამოს... თქვენ სადაურები ხართ, ბიჭებო?

– ამის არ ვიცი, მე კარენოი ამპლანეტელი ვარ, ყველას გაგვიმარჯოს! – ქერამ არაყი გადაკრა, – ხომ არ დალევ, ძმაო..

– არა, ძამიკო, გზაზე ვართ, რამე, დიდი მადლობა! – დაკუნთული ხელები ასწია ბერძენმა.

– იარაღი თუ გიყვარს, ძმაო? – შემპარავად შეეკითხა მეორე.

– იარაღი? ხელოსანი კაცი ვარ, იარაღი როგორ არ მიყვარს...

– მაშინ, რახან იარაღიც გიყვარს და თანაც მიდიხარ, ამ დანას გაჩუქებ, აქაურობას მაინც გაგახსენებს. აჰა, შენია, გამომართვი!..

– სულ კი არ მივდივარ, კაცო, ერთ თვეში უკან დავბრუნდები, – აღელდა ბერძენი.

– ეგ უკვე ჩემი საქმე აღარ არის. მე მოგეცი, შენ როგორც გინდა, ისე მოიქეცი. ახლა არ დამიწყო, შენი სახელი მაჩუქე, ძმაო, და ეგეთები.

– არ დაგიწყებ, – გაეცინა ბერძენს და დანა შეინახა, – დიდი მადლობა!

სიჩუმე ჩამოვარდა. ბერძნებმა ისაუზმეს, ბიჭებს დაემშვიდობნენ და გარეთ გავიდნენ.

– საიდანღაც მეცნობა ეს კაცი, – თქვა მეორემ და ჩაფიქრდა, – არა, ვერ ვიხსენებ...

– დათო, ვერ მიცანი, დათო?! – გაისმა გარედან ბერძენის ძახილი, – ზღვაზე ერთად “ვისვენებდით” ბიჭო, კანტუზია გქონდა, თბილისში მე წამოგიყვანე...

– მოიცადე! ერთი წუთით მომიცადე! – მთელი ხმით დაუყვირა მეორემ და გარეთ გავარდა.

ტრისტანა დაიბნა, დახლს გადმოეყუდა და გაოცებული თვალი გააყოლა გაქცეულს. და, რა თქმა უნდა, ვერ გაიგო ქერას ნათქვამი:

– ორი ას-ასიც ჩამოყარე, იუზგარ!..

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 99
Age : 32
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

გიგი სულაკაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: გიგი სულაკაური   გიგი სულაკაური - Page 2 EmptyWed Mar 06, 2019 11:19 pm

გიგი სულაკაური

უსათაურო

“...და ვჭამეთ ხაშლამა იგი ჩექმიანი ხელებით...”
ჯარიდან მოწერილი მეგობრის წერილიდან

ჩემი მეგობრის ამას წინათ გამოქვეყნებულმა მოთხრობამ ძველი ჩანაწერი გამახსენა. ეს “ბრძნული, გულახდილი და ძმური” საუბარი ვალეში, veCe 61587 “ce”-ის ყაზარმაში ჩავიწერე. იმ ყაზარმაში, სადაც მრავალი “ბედნიერი წამი” გავატარე 1800 წყვილი ჩექმისა და “პორტიანკის” გარემოცვაში. რახან “პორტიანკა” ვახსენე, ბარემ იმასაც გავიხსენებ, რას ფიქრობენ ილფი და პეტროვი ამ მეტად საჭირო და შეუცვლელ “შმოტკაზე”: “პანიუხალ, სტარიკ რამუალდიჩ სვაიუ პარტიანკუ ი ზაკალდობილსია"..

ჯარში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ოთხწლიანი სავალდებულო სამხედრო კურსის გავლით მოვხვდით. ვეჩე-ში ჩვენი საბრძოლო და ტაქტიკური მომზადება საბოლოოდ თადარიგის ლეიტენანტის გვირგვინით უნდა შეემკოთ. მაგრამ, იყო ლეიტენანტი, სულაც არ ნიშნავს – იყო ადამიანი (იქაური ოფიცრების ზნე-ჩვეულებიდან და ცხოვრებისეული შეხედულებიდან გამომდინარე). ჯარი რომ ჩემი “მშობლიური სტიქია” არ არის, ამაში ზუსტად ერთ კვირაში დავრწმუნდი, – როცა ჩვენმა გონებრივმა და ფიზიკურმა შესაძლებლობებმა (რიხტერის შკალით) უმაღლეს ზღვარს მიაღწიეს. (ყველა სიკეთესთან ერთად დეიდა სათენიკას “კლუკვის” არაყიც გვიმართავდა ხელს). უნდა გენახათ, ერთხელ მაინც უნდა შეგევლოთ თვალი ოფიცრებისა და მათი “აღსაზრდელებისათვის!” ყველაზე მეტად შუადღის მზით დადუღებული “პლაცი” იზიდავდა ნაარყალ აფიცრებს. პლაცზე ჩანდა მათი მაღალი ზნეობა და სულისკვეთება; პლაცის ჭეშმარიტი ჯადოქრები, მარადონები, კრუიფები და გავრილოვები იყვნენ ჩემანალები, მომავალი ლეიტენანტები მათთან როგორ მივიდოდით? ასევე ნაარყალნი, მხედრული, მწყობრი ნაბიჯით სიარულს ვსწავლობდით და “ხუსეინ ბიძიას” ვაგუგუნებდით, – “საამური ჰანგებით” ერთსულოვნად ვარყევდით გარემოს...

“ნაობახტი”, “ნარიად ვნე ოჩერედი” და კიდევ 10000 სხვა საჩუქარი კვადრატში აყვანილი ჰქონდათ ნაწილში. რაღა თქმა უნდა, ყველაფერზე (პაგონებიდან დაწყებული, ტუალეტით დამთავრებული) წითელი ვარსკვლავი იყო მიხატული ან ამოტვიფრული. ბოლოს ისეთი ალერგია დამემართა ვარსკვლავებზე, რომ კარგა ხანს ღამეულ ცასაც ვეღარ ვუყურებდი.

veCe 61587 “ce” მრავალი მინოტავრი-ოფიცრით დასახლებული ლაბირინთი გახლდათ. მთავარი მონსტრი “პრაპორშიკი” მანველოვი, რაღაცნაირი “უკუღმართი” მინოტავრი იყო, ადამიანის პირისახითა და პირუტყვის სხეულით დამშვენებული. ნაწილიდან თავის დასაღწევად მანველოვი უნდა “მოგეკლა”, რადგან გზა თავისუფლებისაკენ სწორედ "ჩერეზ ტრუპ მანველოვა"გადიოდა...

მინოტავრების უმეტესობას “ზერკალნაია ბალეზნ” სჭირდა. ეს საიდუმლო ერთმა იქაურმა “დემბელმა” გამანდო. ერთხელ თავი მისკდებოდა ტკივილისაგან და წამლის გამოსართმევად “სანჩასტში” შევეხეტე. ოთახის კარი შევაღე და კინაღამ ძარღვებში სისხლი გამეყინა, – ტახტზე ფანტასტიკურ ბიოლაბორატორიაში გამოყვანილი მოფართხალე ურჩხული დავინახე. როცა დავაკვირდი, ცოტა დავმშვიდდი, “ურჩხულში” ერთმანეთში გადახლართულ-გადაკვანძული დემბელი და მედდა ამოვიცანი. კარი მაინც დაგეკეტათ-მეთქი, მოვუბოდიშე და წამოვედი. აბა, იმას ხომ არ დაველოდებოდი, როდის შეწყვეტდა ურჩხული არსებობას?! საღამოს დემბელმა თვითონ მომნახა. არყით განგრეულმა 1000 უკრაინული ამბავი მიამბო და ბოლოს ჩურჩულით გამიმხილა: – "უ იო მუჟა ზერკალნაია ბალეზნ!..

– "ა ჩტო ეტა ზა ბალეზნ" – მე ვიცოდი სასმელი რომისებური, დაავადება – სარკისებური, ნაღდად არ გამეგო.

– "და ზდეს პაჩწი ვსე ტალსტიე აფიცერი ბალეიუტ, სვაი ჩლენი ტოლკო ვ ზერკალახ ვიდიატ!” მაშინვე წარმოვიდგინე სარკისებუი დაავადებული, ნასუქი და ნაპატივები მაიორი. საბრალო კაცი საწყობის უკან პატარა ტბორში, უფრო სწორად, წუმპეში სარკისებრ კობრზე თევზაობდა გამუდმებით. რას დაიჭერდა, რაც არ იყო ?/?-ელი სალაგები გაფრენილ ჩიტს იღებდნენ ციდან და თევზს როგორ დაუნარჩუნებდნენ საყვარელ მაიორს?!

ჩემი ერთადერთი ნუგეში და ნავთსაყუდელი ბიძინა იყო. თითქმის ყოველ საღამოს გარაჟების გადაღმა, პატარა გორაკზე ავდიოდით და მზის ჩასვლას ვუყურებდით. არ მახსოვს, ასეთ დროს რომელიმე ჩვენთაგანს ხმა ამოეღოს, ერთმანეთის მყუდროება დაერღვიოს. ან რა საჭირო იყო სიტყვები, უხმოდაც მშვენივრად გვესმოდა ერთმანეთის. გვიანობამდე ვისხედით ხოლმე და მე მაშინ მეჩვენებოდა, რომ ეს ყველაფერი უსასრულოდ, მთელი ცხოვრება გაგრძელდებოდა, სულ ასე იქნებოდა...

ამ ძველ ჩანაწერს თავი და ბოლო არა აქვს, არც რაიმე პრეტენზია გააჩნია. უბრალოდ მინდა დარწმუნდეთ, რა ემართება ადამიანს, როცა მშიერს “გამუშავებენ, როგორც ვირი” და თან “კლუკვის” ორნახადით ზომაზე მეტად ხარ დანაყრებული. დიალოგში ეკონომისტი ვაკო და ფილოლოგები კაკი, ნიკა და “ჩიპოლინო” მონაწილეობენ.

კვირა ანუ სამხედრო დავალებებისაგან თავისუფალი დღეა. გამოფიტული და დაღლილი ვწევარ ნარზე და ველოდები საკუთარ სანდლებს, რომლებშიც ვიღაც ნაბიჭვარმა ჩემს უკითხავად წაჰყო ფეფუნები (მომავალი ლეიტენანტების უმეტესობას პირსახოცი, საპონი, საცვლები – არაფერი არა აქვთ წამოღებული. ერიდებათ, თორემ შენი კბილის ჯაგრისითაც იოლად გავლენ ფონს... თუმცა, ვინ იცის?!). გაღიზიანებული ვუგდებ ყურს ბიჭების ლაპარაკს. ვაკოს ნარზე არიან მიყრილები და მშიერ კუჭზე “პრიმას” და არაყს ითქიშინებენ. (ეს მეორე, ჩემი ღრმა რწმენით, აღარ ჭირდებათ) თანდათან კარგ გუნებაზე დავდექი და (ალბათ უსაქმურობის გამო) მათი საუბრის ჩაწერა დავიწყე.

რახან საუბარს სარჩულად მადლიანი ეროვნული გინება ედო, ერთადერთი რაც შემეძლო (სარჩულის მოცილება) ის გავაკეთე.

ვაკო. გაიგეთ, ბიჭო, ტოჟბე მოწამლულა, სანჩასტში დაუწვენიათ...

კაკი. ეგ რა მითხარი, ვაკო? დაღუპულხარ, ბიჭო, და ეგ არის, რაღა გეშველება უტოჟბეოდ?

ვაკო. მაგის ნამდვილი სახელი ელ-ტოჟბეა, ხუთი წელი ერთად ვსწავლობდით...

ჩიპო. მაშ შენი განუყრელი ძმაკაცი ტოჟბე მოიწამლა? ელტს – ახლა ტ...ში დიდი “კლიზმა” გაეზრდება და ფეთქვას დაიწყებს. ელტ დაპანიკდება, მის სათუთ, პატიოსან და მგრძნობიარე ორგანოს ხომ ასეთი რამე ბავშვობის მერე აღარ განუცდია. რა ვქნა, რა ვიღონო? – შეეკითხება სანჩასტის ბალიშს ელ-ტოჟბე.

ვაკო. შენ რა უნდა ქნა, ბიჭო?! ტოჟბეს ოყნას აღარაფერი ეშველება!

ნიკა. კარგი, დამშვიდდი! – უპასუხებს ბალიში, შენ ხომ ელ-ტოჟბე ხარ!

ჩიპო. მე კი კლიზმა ვარ. ელ -ტს ელენორ რიგბიში! – დაუყვირებს ოყნა სანჩასტის კედლებს...

ნიკა. გიჩივლებ! დაგაჭერიებ ციხეში! – დაიყივლებს ელ-ტოჟბე.

ჩიპო. შენ თუ ციხეში დამაჭერინებ, მაშინ მე ოონ-ში დაგაჭერიებ! – გაეპასუხება ოყნა და თან ფეთქავს და ღიღინებს: ელენორ რიგბი, ტი-რირი-რი-რირირი-რი.

ნიკა. ნოთ ეთ ოლ, მაი დიარ, დამშვიდდი! – გაიფიქრებს სანჩასტის ბალიში...

კაკი. ო, აბსოლუტო! აქ რა მინდა, ამ გათიშულ იდიოტებთან?! წავედი, ტოჟბე უნდა მოვინახულო, მე ხომ თქვენნაირი არა ვარ..

ჩიპო. არა კი არა, არაკი! აი, როგორ უნდა ჭეშმარიტი ფეთქვა უკანალისა... გალისემ, გალისემ, ისწავლე ფეთქვა უკანალისემ... ელი!..

კაკი. ბიჭო, ჩიპოლინო, შენ სომეხი ხომ არა ხარ?

ჩიპო. არა, პოლიგლოტი ვარ...

კაკი. ცავატანეეემ...

ვაკო. ეგრეც ვიცოდი, შენ შ...ცი!

კაკი. ჰმ! სი პატენი, ჟერებეცი!

ჩიპო. სი ნემეცი და სი რებეცი...

ნიკა. სი ნეცერი...

ვაკო. ბიჭო რა გჭირთ ამ ფილოლოგებს, ვერა ხედავ, ნეცერი არ ერითმება...

ნიკა. მაშინ უეცარი ან ეცერი...

ჩიპო. აი, სად დაგენცრა, ნიკა...

ნიკა. კარგი, მაშინ ცვარი...

კაკი. ცვარი არა, ბიჭო, ცვაარი! უკეთესია ჰცვაარბრუკენი, თუ არა გჯერა, ჩვენი აბანოს გოგო მოინახულე, იმან იცის ეგეთი რამე-რუმეები...

ჩიპო. ბიჭო, ნიკა, რატომ გეშლება ეგეთი რამე-რუმეები? ვერა ხედავ, კაკის არ ეშლება, დაჟემც ვაკოს არ ეშლება... შენ კი იცი რას გეტყვი, ბიჭო კაკუსკი? თუ მიდიხარ, მოიპოვე რამე ზაკუსკი...

ვაკო. გაუმარჯოს ვაკოს, კაკის და ნიკას! შენ, ჩიპოლინო, არ გაგიმარჯოს!..

ჩიპო. იერარქია!..

კაკი. იერარგია! იერი-ქონი...

ჩიპო. ერევანიდან ჩამოსულა გიქორი...

ნიკა. ახლა არ მითხრა, გიქორის დედა სომეხიაო...

ჩიპო. მეტსაც გეტყვი, გიქორის მამაც სომეხია და თითონ გიქორიც სომეხია.

ნიკა. მერე რა, სამაგიეროდ, ერბო – ერბოა, ქონი – ქონია!

კაკი. სწორი ხარ, ნიკა, მაკარტნიც ამას ადასტურებს – ჟირ,ჟირ!

ჩიპო. სწორი კი არა, მრუდეა, იმიტომ, რომ მაკარტნის ნამდვილი გვარი მიკირტუმოვია. ჯონ და პოლ მიკირტუმოვები, ეს ამაყად ჟღერს!

ნიკა. სამაგიეროდ, კურტანი მაკარტნის ატრიბუტია!

კაკი. მერე რა?! ტაბურეტი ატრიბუტის მაკარტნია...

ჩიპო. ორივეს გეშლებათ, მაკარტნის მაკრატელი ატრიბუტის ტაბურეტია! მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც დობოს ბატიბუტის ბარომეტრული ბუტბუტია... ეჰ, ბიჭებო, სამწუხაროდ, დობო ნამდვილად არ არის მაკარტნი, არც ლენონია, დობო – რინგოა!...

ვაკო. ჩიპო, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, დობო კი არის რინგო, მაგრამ რინგო არ არის დობო, ბიჭო, შენ ისიც არ იცი, რომ ჭეშმარიტი კაკი დობორჯგინიძე ჩვენი “პრაპორის” ქოფაკია, თბილისში გადმოსახლებული, ის ახლა რატომღაც ვალეში გდია და კაკას საკუთარ ნარზე კაკავს..

ჩიპო. ამით შენ რისი თქმა გინდა, რომ ვაკოს ნიკას და კაკის ერთმანეთი უყვართ?..

ვაკო. ჰო, ვაკოს კაკის ფეხები უყარს და ჩვენი ერთობლივი სახელია ნიკაკაკი ანუ ვაკონიკაკი... ვაჰ! აქ არის რაღაც იაპონური – ანუ ვაკონიკაკაკი!

კაკი. ათოვდა ზამთრის ნიკას, მოჰქონდათ შავი ვაკო და შლიდა ბაირაღებს, თმა... გახოტრილი ჩიპო!

ჩიპო. ბიჭო, ჩიპო არა, კაკი! არაკაკი კაკი ნარზე კაკას კაკავს...

კაკი. არაკაკი??

ჩიპო. დიახაც! დიახვმუშკი! იგი ხომ დიახვეტელია!

ნიკა. დიახვეტელი? არ გამაგიჟო?! ეს ისე რომანტიულია...

ჩიპო. ჰმ! დიახ! კიდევ ერთხელ დიახვმუშკი, თქვე მომავალო პრაპორშიკებო, თქვე პრაპორო მანველოვებო...

ვაკო. ბიჭო, შენ “ჰმ” თქვი ჰმუშკი?..

კაკი. არა, მაგან თქვა, ?ა უშკი მუშკი ნე ზნა?უ, პაიმა?უ...

ჩიპო. მეც მაქვს ერთი ახალი, თათრულ ჰანგზედ აწყობილი რუსული ლექსი, თუ გინდათ დაგაჯახებთ, ბუტლეგერშა სათენიკას ვოდკაზე მაგრა მიდის, სულიერად მაინც დავნაყრდებით...

ნიკა. ბიჭო, ვაკო, იცი რა ქენი? ამის ოდკა ჩამაასხი, მისვი მშიერ სალდათებსა! შენ კი ჩიპო, ზედა ქანდარაზე ნუ ახვალ, პირდაპირ ქვედაზე წაიკითხე, დამიჯერე, ვიცი, რასაც გეუბნები...

ჩიპო. აჰათ, მშიერო სალდათებო! ონ ფადსთრელილ ზაიჩონოქა, თრაფეი ფადნ?ოს დევჩონქა, დევჩონქ იზ შქურ ზაიჩონქა, სშილა მედვეჟონქა...

ნიკა. ჩიპო, ?? ჟორჟ ბაირონ, ???

კაკი. ნეტ, ონ ქამალ გრიბო?უდოვ!

ჩიპო. გრიბოუდოვ ილი ებაიუდოვ?

კაკი. ტი სამ გად!

ვაკო. კაკი, არ გინდა ეგეთი ფინტები, ჯიგარუ, მერე რა, რომ კაკი ხარ და მეძმაკაცები, ამიტომ კი არ უნდა განახირდე, ჯიგარუ, ჯიგარბნედოვო და ჯიგარხვრეტოვო...

კაკი. ძმაო ვაკო, მეც ძალიან მიყვარხარ, ჯიგარბნელოვო...

ნიკა. ჩიპო, კიდევ გვითხარი ლექსები, იქნებ ამაღამ ლულა-ქებები დამესიზმროს...

ჩიპო. ლექსებს ვერ შეგპირდები, ჯიგარქებებო, მაგრამ ძალიან მაგარი ამბავი ვიცი შპიონებზე, ფაშისტებზე და მამაც პარტიზანებზე. თუ გინდა ამასაც დაგაჯახებ, შპიონი ვიყო, თუ ამაღამ ხაშლამა არ დაგესიზმროს.

კაკი. მე ბრინჯის და გულღვიძლის “ნაჩინკიანი” კვატია მინდა!

ვაკო. მე – აბანოს გოგო... კვატიას და ქაბაბს “სვაბოდაზე” შევჭამ...

ჩიპო. ჯიგარძმებოვო, ეგეთი რამ-რუმეები ჩვენს მენიუში არ არის, თითონ მაიყვანეთ, რა?! ჰა, დავიწყე და შიგადაშიგ შემახსენეთ ხოლმე, თორემ რაც ბუტლეგერშა სათენეკას არაყს ვსვამ, გულმავიწყობის კლუკვებმა შემაჩვიეს ფესვები...

ნიკა. სათენეკას წესით პენემა უნდა ერქვას. ძია ჰოვანეს ბარტლეტი ასე ეტყოდა საყვარელ მეუღლეს: – პენემა-ჯაან, ერთი ჩვენი კლუკვის ვისკი ჩამაუსხი უჩონი აფიცრებსა!..

ვაკო. ჩიპო, მიდი, ჰა, დაიწყე, ოღონდ ბუნების აღწერები გამოტოვე, ბავშვობიდან “აბაროტს” მაძლევს...

ჩიპო. ობერშტურმენფიურერი ვალტერ ბრაუნი კმაყოფილი იყო: ხელთ ჰყავდა მთელი გერმანიისათვის საშიში პარტიზანი, კაპიტანი კოლია პრონინი, მეტსახელად “მოგილა”. ღამის ოპერაციის შემდეგ სიამოვნებით დალია სომხური კონიაკი ბრაუნმა და ბრიგადენფიურერ ტუტკეს უბრძანა, ტყვე შემოეყვანა...

ვაკო. რატომ სომხური? ჰიტლერის დედა დათეშიძის ქალი არ იყო?

ჩიპო. ზატო, ბრაუნის დედა იყო კაპუტიკიანი... ვაგრძელებ! – ჰაილ ჰიტლერ! დაიძახა ბრიგადენფიურერმა ტუტკემ და ოთახში წიხლის კვრით შემოაგდო კაპიტანი პრონინი, მეტსახელად მოგილა. პარტიზანი შუა ოთახში გაჩერდა და თვალი თამამად გაუსწორა სასტიკ სინამდვილეს. ნაცემი და ჩამოფლეთილი, იგი მაინც ამაყად იდგა. მარცხენა ძუძუსთავს დიდბელად სტალინის ტატუ უმშვენებდა, სახის მარჯვენა მხარე ცემისაგან დალურჯებოდა, ხოლო შუბლი ბინძური პორტიანკით შეეხვია, საიდანაც სისხლს გამოეჟონა.

– ოო, ვილკომენ, ჰერ კაპიტან! სადითეს, სადითეს, პაშალუსთა, – შეეგება ბრაუნი, – ვას ზი მეჰთენ? კონიაკენ? შნაპსენ? სიგარეტენ?

– ია ვამ ნე ხერ! – უპასუხა მოგილენკომ და პირში წყალი ჩაიგუბა...

კაკი. და ბრიგადენფიურერი ტუტკე მიხვდა, რომ ეს დუმილი თანხმობის ნიშანი არ იყო...

ჩიპო. ნიიხტ? ვარუმ, შვაინ?! – დაიძახა გამხეცებულმა ობერშტურმენფიურერმა და კაპიტან მოგილას ყვერებში წიხლი ამოჰკრა..

– ტი სამ, გად! – ამოიხრიალა პარტიზანმა კაკი დობორჯგინიძესავით და პირიდან ჩამსხვრეულ კბილებთან ერთად კვერცხის დაჩეჩქვილი ნაჭუჭები და სხვა უსარგებლო ორგანოები გადმოაფურთხა. მერე გონი დაკარგა, იატაკს დაენარცხა და ოთახში წარმოუდგენელი ყროლი დააყენა.

– ტუტკე! – დაიზახა და იყივლა მგელმან მან ობერშტურმენფიურერმან, – გამოიძახეთ აბანოს გოგო ფროილაინ ჰილდა, აქაურობა მოასუფთაოს და ტყვესაც მიხედოს! ააუჰ! არ ავყროლდი კაცი?! ბრაუნმა ფანჯარა გამოაღო, ხარბად ჩაისუნთქა 1945 წლის 8 მაისის ჰაერი და ფიურერის ნაჩუქარ მესერშმიტს გახედა. “ჰიტლერ კაპუტ! ომი წაგებულია, ხვალ 9 მაისია, ბრაზილიაში თუ არ მივაწექი, დამხვრეტენ, ყველაფერი ოხრად დამრჩება” – ნაღვლიანად ფიქრობდა ობერვალტერბრაუნფიურერი.

ფროილაინ ჰილდამ ხელსახოცები და წყალი შემოიტანა. მერე გულწასულ მოგილენკოსთან ჩაცუცქდა და სახიდან სისხლი და ქვიშა, კვერცხის ნაჭუჭები და სხვა უსარგებლო ორგანოები ჩამოწმინდა.

– კოლია, კოლია! – ჩურჩულებდა ფროილაინ ჰილდა და მალულად ბრაუნს უთვალთვალებდა, – კოლია, გამოფხიზლდი! ეს მე ვარ, კატიუშა, კოლია, გამოფხიზლდი!..

კაპიტანმა კ. პრონინმა ოდნავ გაახილა შეწებებული ქუთუთოები და სიტუაცია შეაფასა. ოთახში მხოლოდ ორი მთავარი ორიენტირი – ბრაუნი და ტუტკე იყვნენ, სხვა ფაშისტები არ ჩანდნენ. ფროილაინ ჰილდა-კატიუშამ “დამსკი” პისტოლეტი ჩაუცურა ხელში საყვარელ პარტიზანს. “დროა!” – გაამხნევა პარტიზანი ცნობილმა აგენტმა და მზვერავმა კატიუშამ.

– ხენდე ხოხ! – წამოიჭრა ფეხზე მთელი სამყაროსათვის საშიში პარტიზანი. მას წამების და დაღლილობის კვალიც არ ეტყობოდა, პირიქით, თვალებში შურისძიების საშინელი ალი უელავდა.

– ახტუნგ, ობერშტურმენფიურერ! – ამის თქმაღა მოასწრო ტუტკემ, პრონინის ნასროლი ტყვია “მეჟდუგლაზ” მოხვდა და ადგილზე გააქვავა.

– ნუ კაკ, ხერ ბრაუნ?! სიტუაციენ ორთობაინენ? ვას? ?ა, ?ა, პარტიზანენ ზიზიიბენ! გლაიჰ ვორთლოს კაპიტულაციენ! ჰიტლერ კაპუტ! შლუზ, შლუზ, ობერშტურმენფიურერ! ნიჰთ ?ერ გის კაპიტულაციენ! იჰ ბინ პარტიზანენ პრონინ-მოგილა!..

მოულოდნელად ფაშისტმა ბრაუნმა ჩექმის ყელიდან ელვის სისწარფით დააძრო ბებუთი და პრონინს გულში გაუქანა. გამოცდილი პარტიზანი გველივით დაიკლაკნა, ბებუთი აიცდინა და დარჩენილი 5 ტყვია შიგ ღვიძლში დაახალა ვალტერ ბრაუნს.

– ოჰ, მაინ კამფ! იჰ ქომმე, ადოლ?! – ამოიგმინა ბრაუნმა და ფანჯრიდან გადავარდა...

კაკი. “ურა, ურაა!” – გაისმა ამ დროს და ოთახში ვეტერან პარტიზან ბატკოს თამადობით დასპირტული პარტიზანების მთელი რაზმი შემოიჭრა. მრავალნაცადმა პარტიზანმა ბატკომ ტუტკეს გვამს დახედა და იკითხა: – კტო უბილ?

– ია უბილ! – უპასუხა სპირიდონ მოგილენკომ.

– ცოცხლად უნდა აგეყვანა! – დამსახურებულმა პარტიზანმა ბატკომ ეჭვის თვალით შეხედა პრონინს, – კატიუშა სად არი?

– აქა ვარ, აქ... – გაისმა კატიუშას კვნესა, – ვკვდები, კოლია... – ვ. ბრაუნის ნასროლ ბებუთს ფროილაინ ჰილდა-კატიუშა სასიკვდილოდ დაეკოდა.

– შენნაირები არასოდეს კვდებიან, კატიუშა! – დაამშვიდა სახელგანთქმულმა პარტიზანმა ბატკომ.

– არა, ვკვდები... ნუ ტირი, კოლია... მიყვარხარ... მაკოცე, კოლია...

– მეც მიყვარხარ, კატიუშა, მინდოდა ჩემთან წამეყვანე, იქ, მიჩიგან... – პრონმა ენაზე იკბინა, გაიყიდა მოღალატე.

– გამყიდველო! იუდავ! – დაისისინა კატიუშამ, – მერე ბელადს რა პასუხს აძლევ, – ფროილაინ კატიუშა-ჰილდამ ბელადის ტატუზე ანიშნა, – რა პასუხს... და ცნობილი აგენტი და მზვერავი სამუდამოდ დადუმდა.

– ია ტაკ ი ზნალ, პადლეც! დვაინუ?უ იგრუ ვედ?ოშ, მერზავეც! – განრისხებულმა პარტიზანმა ბატკომ იარაღის ლულა საფეთქელზე დაადო ყოფილ თანაგუნდელს, – კ სტენკე, გად! ივანოვ! თვალის ჩინივით გაუფრთხილდი ამ შპიონს!..

დატყვევებული მოგილენკო მაინც ამაყად იდგა. არასრულწლოვან პარტიზან ივანოვს ნიკაპი უცახცახებდა და ამაოდ ცდილობდა სახელოთი ცრემლი მოეწმინდა. უცებ, ბააც! მოგილამ რკინის მუშტი “დიხანიაში” ხია ივანოვს, გათიშა, მე-2 სართულიდან ეზოში გადახტა და მესერშმიტისაკენ გაიქცა.

– ხრენ ტებე! ნე უბეჟიშ, გად! – აუღელვებელმა პარტიზანმა ბატკომ შაშხანა მოიმარჯვა და რატომღაც თვითმფრინავს ესროლა, – ტი ნე პტიჩკა, ნე ულეტიშ, გალუბჩიკ!..

ყოფილი პარტიზანი პრონინი, სინამდვილეში ჯონ ხუანა (დედით პარაგვაელი) ბლექი თვითმფრინავში ჩახტა და მიწასაც მოწყვიტა მანქანა. მაგრამ ამაოდ ზეიმობდა ყოფილი პარტიზანი მოგილა. სნაიპერ პარტიზან ბატკოს ნასროლმა ტყვიამ პროპელერი დააზიანა. მესერშმიტი ჰაერში ამოტრიალდა, ამბრაზურას შეასკდა და აფეთქდა. ეს სწორედ ის ამბრაზურა იყო, რომელსაც მოროზოვი გადაეფარა. კაპიტანი კ. პრონინი, იგივე მოგილა, იგივე ჯონ ხუანა ბლექი გ. ათარბეგოვივით დაიღუპა ავიაკატასტროფაში.

– კანფისკოვაც იმუშესტვო! ივანოვა რასტრელ?აც! – გასცა ბრძანება გამარჯვებულმა პარტიზანმა ბატკომ. მერე მაგიდიდან ტრაფეინი ბინოკლი აიღო და თქვა: – ამის დედა ვატირე, სულ მინდოდა ბინოკლი მქონოდა... წავედით!...

P. S. აქ მთავრდება ჩემი ჩანაწერი. შემდეგ რა მოხდა, ნაღდად აღარ მახსოვს. ალბათ სანდლები დამიბრუნეს და ყაზარმიდან გავედი, ანდა დამეზარა ოთხი მეგობრის საუბრის ჩაწერა. მაგრამ იმას, რაც ჩავწერე, სიამოვნებით ვუძღვნი ყველას, ვისაც “მრავალი ბედნიერი წამი გაუტარებია 1800 წყვილი ჩექმისა და პორტიანკის გარემოცვაში”.


study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 99
Age : 32
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

გიგი სულაკაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: გიგი სულაკაური   გიგი სულაკაური - Page 2 EmptyWed Mar 06, 2019 11:20 pm

გიგი სულაკაური

ფოთოლი სახეზე

რაფიკა სარდაფში მოკვდა, ელდარასთან.

უცებ მოკვდა, სკამზევე გაიპარა, იქვე გაიყინა, სადაც იჯდა.

ბიჭებმა თქვეს: კარგია ეგეთი ადვილი სიკვდილი...

მე არ ვიცი, რას ნიშნავს ადვილი და ძნელი სიკვდილები, – გამოუცდელი ვარ. მაგრამ გულში მაინც დავეთანხმე. ტანჯვა-წამებით სიცოცხლის გახანგრძლივებას ალბათ ნაღდად ჯობია.

მახომ გამოაცხადა: – ყველაფერი იმ ნაბიჭვარი ელდარას ბრალია, უფულო, არაყზე დამჯდარ რაფიკას ერთი ჭიქა არ დაალევინაო...

ელდარამ თავი დაიცვა: შემოვიდა და დაჯდა, ბიჭო, როგორც იცოდა, ჩვეულებრივად, თან ხმაც არ ამოუღია, ყოველთვის შავი იყო და იმდღევანდელი ზედმეტი სიშავისათვის ყურადღება აღარ მიმიქცევია... იჯდა თავისთვის, ქარი იყო, ჭადრის ფოთოლი შემოფრინდა, სახეზე აეფარა და ზედვე შერჩა... სახეზე ფოთოლაფარებული მოკვდა ეგ ჩემისა, მე რა უნდა მექნა, ძმაო...

ელდარას რა ბრალია, რაფოს სიკვდილიცა და სიცოცხლეც მხოლოდ და მხოლოდ რაფოს ეკუთვნოდა, სხვას არავის. მე მგონი, ეს ბედისწერაა, ასე ჰქვია.

იწვა პატარა რაფიკა პატარა კუბოში, შავი, გაუპარსავი, სახემორღვეული. თავთით არც სანთელი ენთო, არც ჭიქა ღვინო ედგა, არც წყალი და ხორბალი.

მე არ ვიცი სომხური ადათ-წესები, არა ვარ ამ საქმეში ჩახედული კაცი. მაგრამ რაფო თბილისელი იყო, ქართულად, მშობლიურად და რუსულად თავისუფლად მეტყველებდა და გადაუჭრელ პრობლემებსაც სამ ენაზე აგვარებდა ხოლმე.

წავედით მე და მაზალო, სანთელიც ვიყიდეთ, ღვინოც და თან მღვდელიც მოვუყვანეთ. რაღაცნაირად ცელქი მამაო შეგვხვდა: ჯერ იყო და თვალი ვერ გაუსწორა მიცვალებულს, რუსულად გეტყვით, რაფოს გაეხარდებოდა, – ... მერე ელვის სისწრაფით აუგო წესი და სინათლის სიჩქარით გაუჩინარდა. ეგ არაფერი, თავის დროზე მიცვალებულიც ცელქი ბიჭი გახლდათ.

ბიჭები სამზარეულოში გავედით და ჭიქა ღვინო ავწიეთ.

– ახლა ეგ უკვე რაფიკების სამოთხეშია, – ამბობს მაზალო, – პატარა ბუტკაცა აქვს ჩადგმული, სიგარეტები, ჟივაჩკები, არაყი, რამეები... თანაც ხო იცი, ნისია და ეგეთი აბსტრაქციები იქ არ მოსულა, ძმაო...

– ხო, – ეთანხმება მახო, – აბსტრაგირება ცოცხალთა ხვედრია...

– მაგრამ მკვდარი რაფიკა მაინც ცოცხალია, ჩვენ გულებში მაინც, – გივია ცნობილი დეგენერატია.

– “უჟე ვსიო გატოვა"! – შემოვიდა ალა, რაფიკას ცოლი, ყოვლად გაურკვეველი წარმომავლობის არსება, –"ა ვოდკუ ნე პრინესლი?"...

რა ვსიო გატოვო, გავიფიქრე, მიცვალებულის დამკრძალავი კომისია უბანში შეიკრიბა და დაკრძალვის ყოველი ხარჯიც კომისიამ გაიღო...

ალა ნაბოზარია!

მაგრამ ალა ფეხებზე მკიდია, უნანიკაც, ალასა და რაფიკას მხოლოდშობილი ვაჟიშვილი.

– უნანიკ, მიდი, იმ გოიმს ის თეთრი კაშნე შეაწერე, ნაგლათ! თუ რამე, მერე პლეტი იყიდე, – რაფიკა ასე ასწავლიდა ვაჟიშვილს ქუჩაზე მოძრაობის წესებს.

უნანიკაც მიდიოდა და აწერავდა. ან ვერ აწერავდა, გოიმებს შორის ხშირად “ყვერებიანი ბიჭები” ეძრობოდნენ და მაშინ უნანიკა სასწრაფოდ ითესებოდა, არენაზე კი რაფიკა გამოჩნდებოდა ხოლმე. მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, გოიმს კაშნე შერჩენოდეს კისერზე. რაფიუსი კაშნეების დიდოსტატი იყო, ოღონდ რად უნდოდა ამდენი კაშნე, ყიდდა თუ ფეხსაცმელებს იპრიალებდა, ნაღდად არ ვიცი. რაც არ ვიცი, არ ვიცი...

– ალა, – ამბობს მაზალო, – მი ვინო ბრალი...

– მაშინ, სიდი ი პეი ეგ გარშოკის სოკი, – ალა ჭირისუფალია და თავს ნებას აძლევს გაინავარდოს, – უნანიკ, ჩვენი ვოდკუ პრინესი, აი, ჩტო ვ მალენკომ გრაფინკე"...

ნაშა ვოდკა პირველივე ჭიქის მერე წარმოუდგენელ მეტამორფოზას იწვევს მადამ ალაში.

–"ბოლშე ვსეხ მნე მალენკიე პებიატა ნრავიტსია"! – ამ ფრაზისთანავე ყველაფერი ნათელია, – უკვე სრული გიჟია.

– რაფიკა? – ეკითხება მახო.

– "რაფიკ ვ იაშიკე"! – პასუხობს ალა და იმწამსვე კივილს იწყებს, – "მოი რაფიკ, ვაიმე, ჩტო მნე დელატ"..

– წავედით! –ვამბობ.

– მოიცადე, – მეუბნება მაზალო, – ვნახოთ...

– რა უნდა ვნახოთ ბიჭო, მთვრალი ალაღა მაკლდა სრული ბედნიერებისათვის, გენიალურ გოგოებს ვეღარ ვუძლებ, გიჟი ალას ცქერის დედა ვატირე...

– "ია ნე გიჟი, ია პროსტა ტაკაია", – ალა კნავის და იცრემლება.

– უნანიკ, წაიყვანე დედაშენი და მამაშენს მიუწვინე გვერდში, თორე მაგრა გავბრაზდები, – გივიაც მთვრალია, “ბანკებით” სვამდა ღვინოს ეგ ჩემისა.

– "პაშლი ალა-ჯან"...

– ნეტ! – გაჰკივის ალა, – ხვალ პახარონი, დაიტე დაპლაკაც...

– დავრთოთ ნება, ბოლომდე რო გაითიშოს? – კითხულობს მახო.

– ერთი ამის...

– დაგვირთავს და ეგაა...

წამოვედით.

მერე მარტო მოვდიოდი. მეცოდებოდა ეგ ოხერი და თან მეცინებოდა. თვალწინ მედგა დიდი ხნის წინ ნანახი სურათი: ტროტუარზე ჩაცუცქული ერთი ციცქნა, შავი რაფიკა როგორ ტუქსავდა მის წინ მდგარ ორ თავჩაქინდრულ ვირგლას. ძალიან მწარედ ტუქსავდა და თან დანის წვერით ფრჩხილებს ისუფთავებდა...

დაკრძალვაზე ჩემი და მაზალოს გარდა არც ერთი უბნელი არ მოსულა.

ერთიც იყო, – ქარი არ ჩანდა, რომ ფოთოლი მოეტანა და სახეზე აეფარებინა რაფიკასათვის.

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 99
Age : 32
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

გიგი სულაკაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: გიგი სულაკაური   გიგი სულაკაური - Page 2 EmptyWed Mar 06, 2019 11:21 pm

გიგი სულაკაური

ყოველივე ამის გამო

დავიბადე შემოდგომის თბილისში. ჩემს დაბადებას რაიმე ღირსშესანიშნავი მოვლენა არ დაბედებია – არც პლანეტების პარადი იდგა, არც მზე დაბნელებულა და კომეტაც არ მოსწყვეტია ცის კაბადონს. ჩემი ზოდიაქო სასწორია და, სიმართლე უნდა ითქვას, ყოვლად გაუწონასწორებელი კაცი ვარ.
პირველი, რაც გონებაში ჩამეღვარა: – მთაწმინდა, მტკვარი, მეტეხი, მუხრანის რკინის ხიდი... საკუთარ ბინაში – წიგნებით გამოჭედილი სტელაჟი, ფანჯარასთან მიდგმული ძველებური საწერი მაგიდა, მაგიდაზე – აქვარიუმი, შიგ მოსრიალე ერთადერთი ოქროს თევზით. სტელაჟის მოპირდაპირე კედელზე მოზრდილი, ფერადი ლითოგრაფია ეკიდა. სურათზე ბრისტოლის, მარსელის თუ შანხაის პორტი იყო გამოსახული. პორტში იალქნიან გემებს ჩაეშვათ ღუზა. ეს ლითოგრაფია გაუცნობიერებლად ხეტიალის სურვილსა და რატომღაც სევდასაც იწვევდა ჩემში.
ჩემი ნამდვილი ხეტიალი კი სკოლიდან დაიწყო, რამდენიმე სკოლის გამოცვლის შემდეგ, ღუზა თბილისის ერთ-ერთ საღამოს სკოლაში ჩავუშვი და შევრჩი კიდეც ბოლომდე. ამ ხეტიალებს შორის ბიძაჩემმა, ცნობილმა მულტიპლიკატორმა, ირმა სოხაძე და მე ფილმზე მიგვიწვია. მე და ირმამ თოჯინურ ფილმში ამოვყავით თავი. ირმა მღეროდა, მე ეროვნულ ინსტრუმეტზე – სალამურზე ვუკრავდი და მგონი ბედნიერებიც კი ვიყავით. ერთი ეგ იყო, რატომღაც თმას მუქად მიღებავდნენ და გულს მიკლავდნენ. ერთხელ ვერ მოვასწარი თმის დაბანა და თმაშეღებილი, დაგვიანებით გამოვცხადდი ქართულის გაკვეთილზე. ქართულს გვასწავლიდა ვინმე თ.ს., რომელიც წარმოუდგენლად მაგონებდა ოტო სკორცენის. ჰერ ოტოს პირადად არასოდეს შევხვედრივარ, მაგრამ ფოტომსგავსება საოცრად იდენტური იყო. თ-მ დაგვიანებისთვის თმა დამაწიწკნა და, რა თქმა უნდა, თითები შავი საღებავით დაესვარა. ეჰ, თქვენ გეტყობათ, პატარა კორექტივს შევიტან მის ცნობილ გამონათქვამში – ყველანი ჩვენი გაწვალებული ბავშვობიდან მოვდივართ...
სკოლიდან კინოსტუდიას მივაშურე. ვიმუშავე დამხმარე მუშად და გამნათებლად. მერე მომბეზრდა და რომელიღაც სამშენებლო ტრესტში მოვეწყე. ოღონდ იქ რას ვაკეთებდი, აღარ მახსოვს, ძველი ამბავია.
ტრესტი კი არა, კარგად უნივერსიტეტის ხუთივე წელიც არ მახსოვს. მახსოვს ერთი – იმდენად წარჩინებული ვიყავი, რომ გადავწყვიტე, მეცნიერების ძნელად სავალ ბილიკებს არ დავდგომოდი. კარგად საქართველოს თითქმის ყოველი კუთხე მახსოვს, რომლებიც იმ ხუთი წლის მანძილზე ზურგჩანთამოკიდებულმა მოვიარე და წიგნები, რომელთა კითხვაც ყოველთვის მიყვარდა. და, როგორც ჩანს, ამ “მანკიერებას” ვერასდროს გადავეჩვევი.
უნივერსიტეტის შემდეგ, ორთვიანი რუსის ჯარის გავლით ბორჯომში ვცხოვრობდი. #2 ქარხნის დაკვეთით მეგობარ მხატვრებთან ერთად მოზაიკურ პანოებს ვასრულებდით. დღესაც დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის პანოები ცოცხალია, ყოველშემთხვევაში, მაშინ მეჩვენებოდა, რომ ცუდი არ იყო.
ასე ვცხოვრობდი – დღისით მოზაიკაზე ვმუშაობდი, ღამით – ვწერდი. როგორც კი დავბრუნდი, ლექსები (მამაჩემისთვის არც მიჩვენებია) ოტია პაჭკორიას მივუტანე “ცისკარში”. იმ წლებში ჟურნალის მთავარი რედაქტორი მორის ფოცხიშვილი იყო, ოტია – რედაქტორის მოადგილე. დიდ იმედებს არც ვამყარებდი, ვფიქრობდი – მოეწონებათ, – დაბეჭდავენ, არ მოეწონებათ და, რა ვქნა...
იმავე საღამოს მამამ დამირეკა და მითხრა: – მორისს ლექსები ძალიან მოეწონა... (პაუზა) მე რატომ არ წამაკითხე?!. (ისევ პაუზა. სადღაც იქ, შიგნით მხრები ავიჩეჩე).
ზუსტად ერთ კვირაში არჩილმა და ოტიამ კაფე “თბილისში” დამიბარეს. ფოიეში მელოდებოდნენ. ოტიამ სასიგნალო “ცისკარი” გამომიწოდა და რატომღაც გალაკტიონის სტრიქონით მომმართა: – პოეტო, არვინ არ ყოფილა ესრეთ ძლეული... არჩილი იღიმებოდა. მერე კაფეში დავსხედით და უამრავი “ენისელი” დავლიეთ. ერთიც იყო, როცა შევთვერით, “ბებრებმა” მაიძულეს საკუთარი ლექსები მეკითხა...
ასე გამოვიჩეკე. ვთქვი, წიგნების კითხვა ყოველთვის მიყვარდა-მეთქი. ახლა უკვე წერასაც ვყავდი ატანილი...
ეს ჩემი მოთხრობების პირველი კრებულია.
ამ მოთხრობების გამო არც შიშს განვიცდი და ძალიან გაამაყებულიც არა ვარ. მე ერთი რამე ვიცი ზუსტად – ნახევარი საუკუნე ამაოდ არ მიცხოვრია...
თქვენის ნებართვით, ფრანსუა ვიიონს დავესესხები:
“...კურთხეულ იყოს იესო ქრისტე,
ის რაც დავწერე, დავწერე, ამინ!”

შემოდგომა 2003



ქიმერიელთა დროშა

მარტის საღამოა. ფანჯრიდან ვიხედები ეზოში. ხეზე შერჩენილ ძველ ძონძს, მაგნიტოფონის ფირის აბურდულ გორგალს და ცელოფანის პარკებს ქარი აფრიალებს. ცა დაფლეთილია, დახეული, როგორც დროშა ქიმერიელთა, ასე იტყოდა ტ. ტ-ძე. მეღიმება – მოულოდნელად მახსენდება ლერის მონაყოლი:

მარტის საღამოა. ფანჯრიდან ვიხედები ეზოში. ხეზე შერჩენილი ძველი ძონძი, მაგნიტოფონის ფირი და ცელოფანის პარკები სველი ღამურებივით კიდია ტოტებზე – კოკისპირულად წვიმს. რას ვეცე, არ ვიცი, – გარეთ ვერ გავდივარ, შინაც ვერ ვჩერდები, არავინ მირეკავს, არავის ვუყვარვარ, – ყველამ მიმატოვა... ვხვდები, “პაზორნი” ვარ, აბა, როცა მთელი დღე არავის მოენატრები, პაზორნი ხარ, მა რა ხარ. წიგნი, მუსიკა, ტელევიზორი – დავივიწყე, რაღაც მინდა, მაგრამ იმ რაღაცის სახელიც არ ვიცი. ყოფილხარ ეგრე? მაშინ გეცოდინება, რა ადვილად შეიძლება გადაუხვიო დაწესებული ნორმებიდან... იქით კიდევ დედაჩემი: “ლერი, შვილო, საცაა მამაშენი დაბრუნდება, წადი, პური ამოიტანე, მე ხომ არ ჩავალ, ჩემი რევმატიზმის პატრონი...”

ჩავედი, ამოვიტანე. ამასობაში დაღამდა. შუქი არც ამინთია, ისევ ფანჯარასთან ვდგავარ, წვიმას ვუსმენ. მიხურულ კარს მიღმა მშობლების მოგუდული, შეხმატკბილებული დუდუნი ისმის. რული მერევა, ზეზეურად ვთვლემ და მესიზმრება მძიმე მხედრები, შუბლშეკრულნი და უაბჯარო. შორიდან მოდიან და ველოდები...

“ლერი, შვილო, გია მოვიდა შენთან, მაგრამ არ შემოდის”, – მაფხიზლებს დედაჩემის ხმა.

გავდივარ წინკარში. სადარბაზოში ფეხსაწმენდ ტილოზე გია ტ-ძე დგას, მთვრალია, ეგ ჩემისა. შემოდი, ვეუბნები, არ შემოდის. ერთიანად სველია, თმიდან, ულვაშიდან, პლაშის კალთებიდან წყალი წურწურით ჩამოსდის – საკუთარი წვიმის გუბეში დგას. შავი სათვალე უკეთია იმ ღამეში, თეთრი “ტაპოჩკები” აცვია და ძალიან სერიოზულია.

“გია, მეჩვენება, რომ ცოტა სტრანნათ გამოიყურები...”

“ფეხსაცმელი დამიმალეს... მაინც მოვუტყდი, მაგათი...” – ხმადაბლა შეიგინა.

ვდგავართ ასე, ერთმანეთს ვუყურებთ. სათვალე შუქს ირეკლავს და მეჩვენება, რომ გიას ვერ ვხედავ.

“ბიჭო, ლერი, მითხარი, ხო ვასწორებ, ხო მაგარი ბიჭი ვარ?!”

კი-მეთქი, თავი დავუქნიე.

“მაშინ მაკოცე!” – ლოყა მომიშვირა.

რა უნდა მექნა, ვაკოცე. გია კი შეტრიალდა და წავიდა, ხმაც არ ამოუღია. ახლა მიპასუხე, მანია ველიჩია არა სჭირს მაგ ჩემისას? აბა, რა დავარქვა მის საქციელს, თუ არა და, მაშინ მე გადამიხვევია დაწესებული ნორმებიდან, უსინდისო ვიყო...



study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 99
Age : 32
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

გიგი სულაკაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: გიგი სულაკაური   გიგი სულაკაური - Page 2 EmptyWed Mar 06, 2019 11:22 pm

გიგი სულაკაური - Page 2 Gigi_s11

მიხო მოსულიშვილი

ნაღდის მძებნელი
(უცაბედი პორტრეტი)

გავა დრო და ჩუმად, გულისგულში მიხვდები: შენთვის ნაცნობი და ახლობელი კიდევ ერთი სიმი გაწყდა, ამ ქალაქის გადაპრიალებულ-გადაბრჭყვიალებული, ელიტური ცხოვრება-ღონისძიებიდან კი არა, იაფფასიან არყის მსმელთა და სხვა ლოთმებრუვეთა სამოთხე-ჯურღმულებიდან რომ ხედავდა და გამოხატავდა სამყაროს - აი, ეგეთი იყო მოჩვენებითობის თუ სიაფანდობების გვერდის ამვლელი და ყოველთვის ნაღდის მძებნელი გიგი სულაკაურის სიკვდილი 2012 წელს...

„ლიტერატურული გაზეთი", #3 (115) 14 - 27 თებერვალი, 2014

study
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Sponsored content




გიგი სულაკაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: გიგი სულაკაური   გიგი სულაკაური - Page 2 Empty

Back to top Go down
 
გიგი სულაკაური
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: