მადლობა გამრიგეს ასეთი სიურპრიზისათვის! ჩემთვის ნამდვილი მოულოდნელობა იყო საკუთარი თავის აღმოჩენა საიტზე! ფიქრია ყუშიტაშვილი
"კანტრაბანდა", ანუ ლექსო პაპას ზღაპარიუკვე ცხრა წლისაა ლექსო, თანაც პაპას "სეხნა". ქერა და თმახუჭუჭა მზით დაფერილ ხორბლისფერ მხრებს და გულმკერდს უცნაური ხალისით ათამაშებს . ხო პატარაა, მაგრამ რო მოდის, რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი მოაქვს. Bბარე ორი შეეჯიბროს ლექსების თქმასა და ჭიდაობაში. შარშან საქათმესთან ბალი რო მოჭრეს ანეტა ძალოს დაჟინებით: _ `ამ საოხრის ტოტები სუერთიან ჩვენ ეზოში გადმოდის და პამიდვრის ჩითილებს გვიჩრდილავს და ბაღ-ბოსტანს გვინაგვიანებსო,~ იმ ბლის გადანაჭერ კუნძზე შეხტება და მოჰყვება ლექსებსა და ზღაპრებს, ჯერ მეფე ერეკლესა და კოხტა ბელადზე, მერე ანანურ ციხესა და ბახტრიონზე, ბაში-აჩუკიც არ ავიწყდება და კინოში ნანახს ბავშვური მონდომებითა და ასაკისათვის შეუფერებელი ვაჟკაცური რიხით გამოაჯავრებს :
`დაჰკა, დაჰკა, დაჰკა, დაჰკა!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამას ვნატრობ, მააამულო,
ცრემლით გადანააამულო,
შენთვის სიკვდილიიი მაღირსააა!~
_ ჯვარი გწერია, დედის იმედო! _ იღიმება კმაყოფილი და ამაყი დედა, მთელ დღეს ტოლებთან თამაშით დაღლილსა და თავფეხიანად გამურულ ბიჭს ჯერ ხელ-პირს დაბანს და დაუკრიალებს, მერე ღრმა თასში თბილ წყალს ჩაასხამს და ქვებზე დანათქლეშ ძლიერ და ჩაკუტნულ კანჭებს ჩაბანს, თან იარების დანახვაზე ვიშვიშებს, ოხრავს და უკმაყოფილოდ იქნევს თავს.
_ ხო იცი, ქალო, რო მტკივა, ვაა! _ მოჯარულ ცრემლებს სადღაც საყლაპავთან იჭერს ბიჭი, აკი წეღან მამულს თავგანწირვას ჰპირდებოდა პატარა კაცი და ახლა უბრალო განაკაწრზე ხო არ იტირებს, არა?!...
ეგ კი არა და, ლევანა ძია ლექსოს სადღეგრძელოს რო სვამს განსხვავებულითა, მარტო იმას ეუბნება : ` _ ე, პაპას სეხნავ , დაიხსომე, ვაჟკაც, სტამბულის კაჟივით უნა იყვე, პატარა კახივით _ მამაცი, დავითივით _ ბრძენი და ლექსო პაპასავით _ ჩემპიონიო! აბა, იხარე და იმრავლე, გისურვებ მამულისათვის გმირულ სიკვდილსაო!~ ...პირველად რო ადღეგრძელეს, დედა ლევანა ძიაზე ისე გაჯავრდა, ისე გაჯავრდა, ისე გაწითლდა, ქალს ხელები და სახე სუერთიან დაფოთლა, მაგრამ სტუმარი იყო ლევანა ძია და რას ეტყოდა?! Mმარტო გულშიღა შესთხოვა უფალს : `დაიფარე ჩემი პატარა ბიჭიო~ და პირჯვარი გამოისახა, ლექსოს კიდე ნათქვამიდან მარტო პატარა კახი და ლექსო პაპა ეცნო _ პატარა კახზე ერთი ციცქნა ლექსი იცის, ძილის წინ რო იავნანას ტექსტად უმღერის ჯაფისგან დაღლილი დედა :
` ე ჩვენი მეფე ირაკლიი
ერთი პატარა კახიააა,
ჯაჭვის პერანგი ჩააცვეეეს,
გაჰკრა ხელი და გახიააა!...~
დედისეული იავნანას მოტივი რაღაც შუალედურია თუშურ სატრფიალოსა და მწყემსის სიმღერას შორის, მაგრამ ლექსოს ძალიან მოსწონს, გულში ჩაიკრავს შრომისაგან დაძარღვულ დედის ხელს და და ტკბილად იძინებს, ძილში კიდე სუ მაგარი ვინმეები ესიზმრება : ზოგი _ გმირი, ზოგი _ მეფე, ზოგი _ მართალი, ზოგიც _ გამონაგონი, მაგრამ რაც არ უნდა დაისიზმროს, ყველა ზღაპარი ლექსო პაპათი მთავრდება, იმიტომ რომ ლექსო პაპა ყველაზე მაგარია, თანაც თავისი `სეხნა~. Mმერე რა, რო ლექსო პაპა არც არასდროს უნახავს ბიჭს, იმაზე მარტო ზღაპრებითა და ლეგენდებით იცის, იმიტომ რომ ის რო ჩალოგინდა, დედა ის-ის იყო პატარა ლექსოზე დაფეხმძიმდა. თავიდან ბიჭი თუ გაჩნდებოდა, მამის სურვილით ერეკლე უნდა დაერქმიათ, რისი გიორგი ან დავითი, თორნიკე ანდა ბაადური, ერეკლე მეფეს ბადალი არა ჰყავდა, რო იტყვიან, კონკურს გარეშე იყო. ჰოდა, ისევ მარტო ლექსო პაპა თუ შესძლებდა ოჯახში მტკიცე გადაწყვეტილების შეცვლას. M ...მომაკვდავთან ახლად მოყვანილი რძალი რო შეუშვეს გამოსამშვიდობებლად, მოხუცი უეცრად მოცოცხლდა, თბილი და ტკბილი მზერით ფერებით ჩამოჰყვა ახალგაზრდა ქალის გამხდარსა და დაჭორფლილ მკლავს და თავისი სანთელივით ჩამომდნარი და გაყვითლებული ხელით ხელზე ფრთხილად მოუჭირა. Eის იყო იმისი ანდეძიცა და დამშვიდობებაც, იმისი დალოცვაცა და აღსარებაც...სუ რაღაც თვენახევარი იწვალა და იავადა ავადმყოფმა, სანამ მიიცვლებოდა, ჰოდა, ახლადშეუღლებულ ცოლ-ქმარს საფიქრალიც არაფერი დაუტოვა, რვა თვის თავზე მოვლენილ ახალ სიცოცხლეს პაპას სახელი ალექსანდრე დაარქვეს და ამგვარად გაგრძელდა ლექსო პაპას ჯიშ-ჯილაგის ისტორია ახალ დროებაში.
* * *
_ დედი, ლექსო პაპა ცაშია? _ ეკითხება ლექსო დედას და საბნის ქვეშ ძვრება.
_ ცაშია, ცაში! _ პასუხობს დედა ალერსით და მზრუნველად უკეცავს ქათქათა საბნის კიდეს.
_ მერე, გვხედავს იქიდან? _ არ ცხრება ბიჭი.
_ ხომ გითხარ, ყველაფრს ხედავს და ყველაფერი ესმის. როცა არ მიგონებ და მაჯავრებ, ისიც ბრაზობს და ჭექა-ქუხილს აგზავნის, როცა ყოჩაღად იქცევი და ბეჯითობ, მაშინ...
_ ვიცი, ვიცი, მზეს ანთებს და ჩიტებს ამღერებს!... _ ლექსო კმაყოფილია, რო გამოიცნო დედის სავარაუდო პასუხი და ახალ თემას იწყებს:
_ დედი, როგორა ფიქრობ, პაპა შეხვდებოდა მეფე ერეკლეს ცაში?
_ შეხვდებოდა, შვილო!
_ ბაში-აჩუკსაც?
_ იმასაც!...
_ მერე დააჭიდებდა მეფე ერეკლე პაპას და ბაში-აჩუკს?
_ დააჭიდებდა! _ დედა ყველაფერზე თანახმაა, ოღონდაც ბიჭმა დაიძინოს.
_ მერე ლექსო პაპა მოერეოდა თუ ბაში-აჩუკი? _ ბიჭი `ჩამჭრელ~ კითხვას მიაგებებს ქალს და ეშმაკურ მზერას არ აშორებს.
_ შენ როგორა ფიქრობ? _ ეშმაკობას ეშმაკობითვე პასუხობს დედა.
_ ეეე, აბა, ეგ რა პასუხია? _ იწყენს ბიჭი.
_ ერთი მითხარი, რა არ მოგწონს? _ ეღიმება დედას.
_ აბა, ბაში-აჩუკი როგორ მოერევა ლექსო პაპას? Lლექსო პაპა ხო ჩემპიონია?!
_ ჩემპიონია, მაშ რა!
_ დედი, ჩემპიონი რა არის?
_ რა არის და, ყველაზე პირველი ფალავანი.
_ ყველაზე ყველაზე?
_ ყველაზე ყველაზე.
_ სუ ყველაზე ყველაზე?
_ სუ ყველაზე, გენაცვალე.
_ მაშ, ლექსო პაპა მოერევა, _ გადაწყვეტით ამბობს ბიჭი.
* * *
შარახვეტია ქარი შუშაბანდის მომცრო კარს აჯახუნებს, ეტყობა წვიმას ამზადებს, ჰაერიც წვიმის სუნითა და რაღაცნაირი უცნაური საავდრო სიმხურვალით იჟღინთება, არადა თითქო ორიოდ საათის წინ ვარსკვლავები იღიმოდნენ გრემის თავზე.
_დედი, ზღაპარს მომიყვები?
_ რომელს?
_ აი, `იამ რა უთხრა ვარდსა და ვარდმან რა უთხრა იასა~...
_ ეგ ხო გრძელი ზღაპარია, მერე იყოს!
_ მაშინ ირმისა და მონადირისა!…
_ ეგ ხო უკვე ოთხჯერ მაინც გიამბე!
_ მაშინ... მაშინ…... მაშინ გოლიათზე და გველეშაპზე იყოს!
_ ეგ შეიძლება.
_ დედიი, მოდი რა , ლექსო პაპას ზღაპარი მიამბე!
_ აი, უცნაური! _ დედა სკამზე წყობისად ალაგებს ლექსოს უდიერად დახდილ შარვალ-პერანგს და ლოგინის კიდეზე ჩამოჯდება.
_ უცნაური რადა? _ უკვირს ბიჭს.
_ იმადა რო, ყოველ საღამოს ლექსო პაპას ახალი ზღაპარი როგორ მოგიყვე, კაცო?!
_ როგორა და ლამაზად, _ ბიჭი მარჯვედ წამოიწევა საწოლში, ბალიშს კედელს მოხერხებულად მიაყუდებს და სმენად იკრიფება.
_ კარგი, მაშ ლექსო პაპას ზღაპრისა იყოს...ჰოოოდა, იყო და არა იყო რა...
მაღლა ღმერთი გვიფარვიდა,
დაბლა მიწა გვიპარვიდა,
ცის და მიწის სადიდებელს
ლექსო პაპა გვიბარვიდა! M
_ მოკლედ, რაც იყო, იყო _ კარგისა იყოოო!...ერთ მშვენიერ წელიწადის მშვენიერ დღეს, მამაშენი ჯერ კიდე საშუალოს რო ამთავრებდა, ლექსო პაპას კარგი შრომისათვის ჯილდო მისცეს, არც მეტი, არც ნაკლები _ ტურისტული საგზური ბულგარეთშიი!...
_ ეგ რაღაა, დედი? _ ბიჭი დაბნეულია, _ ვერცერთი სიტყვის მნიშვნელობა ვერ ესმის და რა ქნას?!
_ ტურისტი ნიშნავს მოგზაურს, საგზური _ მოგზაურის საბუთია, ბულგარეთი კიდე _ ქვეყანა უცხოეთში.
_ ეგ ბულგარეთი შორსაა?
_ შორსაა.
_ როგორც მაშრიყ-მაღრიბი? _ ზღაპრების გეოგრაფიის ცოდნას ამჟღავნებს ლექსო.
_ უფრო შორს, _ ქალი კმაყოფილია შვილის გონებამახვილობითა და მეხსიერებით.
_ მამა ხო საბერძნეთშია, იმაზე შორს?
_ საბერძნეთის მეზობლადაა.
_ როგორც აქედანა და არხილოსკალო?
_ არა, გენაცვალოს დედა, უფრო შორს.
_ მერე?
_ მერე ისა, რომ მისცეს ლექსო პაპას ჯილდოდ ბულგარეთის საგზური, ჩაალაგა ჩემოდანი და გაემზადა სამოგზაუროდ!...
_ ჩემოდანში რა ჩაილაგა, დედი?
_ რა უნდა ჩაედო : ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პირსაწმენდი, სავარცხელი, სამართებელი...
_ წიქარასავით?
_ წიქარასავით. ჰო, რაც მთავარია, ერთი მოზრდილი ცელოფანის პარკი ჩვენებური მიწა ჩადო, კოხტად გაცრილი და გაწკრიალებული.
Aახლა არ იკითხავ რადა? _ ეშმაკურად ეკითხება ქალი.
_ რადა? _ გულს არც ბიჭი დასწყვეტს დედის რიტორიკულ კითხვას.
_ იმადა, რომ ლექსო პაპამა სთქვა : ეს ქართული მიწა ბულგარეთში ქართველი მეომარი ბიჭების საძმო საფლავს უნდა მოვაყარო, მადლია, იმქვეყნად მიუვათ და გაიხარებენო.
_ ის მეომარი ბიჭები ომში დაიღუპნენ, დედი?
_ ჰო, ომში, აი, გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ ომში.
_ ეგ გერმანელი ფაშისტები ისინია, გიორგი მახარაშვილი რო ებრძოდა? _ `ჯარისკაცის მამა~ ზეპირად იცის ლექსომ: `ჯარისკაცის მამა~, `ბაში-აჩუკი~, `ცისკარა~ და `მამლუქი~...
_ ჰო, შვილო.
_ მერე?!
_ მერე ისა, რომ ჩაალაგა ლექსო პაპამ ჩემოდანი და წავიდა მეზობლებთან ერთად...
_ ფეხით წავიდა?
_ ფეხით რადა, მატარებლით.
_ დიდით? ისეთით, როგორც კინოებშია?
_ ჰო, ძალიან დიდი და ლამაზი მატარებლით, მაგრამ სანამ მატარებელში ჩაჯდებოდა, ჯერ ფირუზა ტრაქტორისტს სთხოვა, სოფსაბჭომდე, კაკლის წყაროსთან მიმიყვანეო, მერე დათა ძიამ თავის კოხტა წითელ ავტობუსში ჩასვა და თბილისამდე ჩაიყვანა, იქიდან კიდე სხვა დიდი წითელი ავტობუსით სადგურამდე იარა, იარა, იარა, იარა და ლამაზ წკრიალა მატარებელს არ მიადგა?!
_ კიდე ვინ იყვნენ ლექსო პაპას გარდა?
_ ვინა და, შიოშვილების გივია, ნანულა ძალო, ჭიჭიაშვილ სერგოს მოცეკვავეები და რაიკომის ხალხი.
_ ეგ რაიკომის ხალხი ვინღაა?
_ ჰოო, ეგ ძალიან ძნელი ასახსნელია, გაიზრდები და გაიგებ,_ ეღიმება დედას.
_ კეთილებია თუ ბოროტები? _ არ ისვენებს ლექსო.
_ ზოგი კეთილია, ზოგი_ბოროტი, მაგრამ ყველა ერთ ბედქვეშაა...
_ როგორც `ცისკარას~ კინოში, გაქვავებულები?
_ ჰოო, შვილო, _ ეღიმება დედას, _ ჰოდა, ერთი სიტყვით, ჩვენებური ტურისტი ასე სამოცამდე მოქუჩდა. ჩასხეს ამ კრიალა მეგობრობის მატარებელში და ჰაიდა, ბულგარეთშიიი!... დგნ-დგნ!... დგნ-დგნ!... დგნ-დგნ!... დგნ-დგნ!..._ დედა რიტმულად ირწევა და თან პირით მატარებლის მონოტონურ სვლას აჯავრებს, აშკარად ეშმაკობს, რომ იქნება და როგორმე დააძინოს ბიჭი, მაგრამ ლექსო გაათმაგებული ძალებით ცქვეტს ყურებს და თვალებგაფართოებული ცდილობს, წარმოიდგინოს კინოებში ნანახი მატარებელი და იმის განათებული სარკმლიდან მომღიმარი ლექსო პაპა.
_ იარა, იარა, იარა, ცოტა იარა თუ ბევრი იარა ამ კოხტა მატარებელმა და მიადგა ერთ დიდ და განათებულ სადგურს ჩვენი მაშინდელი ქვეყნის დიდ საზღვართანა. Eერთი კი დააკივლა მატარებლის მეწინავემ და დადგა ვანა პაპას თეთრი ჯორივით სამგზავრო ეშელონის გრძელი რიგი. სად იყო და სად არა, გაჩნდნენ კოხტად პირგაპარსული და შინელ-პაგონებიანი მესაზღვრე ჯარისკაცები, სუ რუსები, თან სუ `ავჩარკა~ ძაღლები ჰყავთ, ჯიშიანები, გეშიანები. Dჩამოუარეს ამ მატარებელსა და შეამოწმეს სათითაო ვაგონი და იმისი მგზავრები.
_ ეგ რადა, დედი? _ ბიჭი ინტერესით მისჩერებია ქალს პასუხის მოლოდინში.
_ იმადა, რომ ათასი ოხერი და მამაძაღლი დააბიჯებს ქვეყნიერებაზე, აი, ტერორისტებს რო ეძახიან, ჰოდა ეს მესაზღვრე ჯარისკაცები ამოწმებენ, ეხლა ვინა სხედან ამ მატარებელში – კარგები თუ ცუდები, კეთილები თუ ბოროტები... სად მიდიან, რა მიზეზ-გამოისობითა და სურვილით, იარაღი ხო არ უდევთ სამალავში...
_ ბომბები?
_ ჰოო, ბომბები და ავტომატები, კიდე სხვა ათასი ოხრობა და ჯანაბა, ფულია, ნარკოტიკია, თუ სხვა რაიმე საწამლავი. Hჰოდა, სინჯავენ ეხლა ამ მოგზაურების საბუთებსა და ჩემოდნებს.
_ ძაღლები, ძაღლები რაღად უნდათ?
_ ეგ წესია ეგეთი მესაზღვრეებისა, ძაღლი გაწრთვნილი ჰყავთ, კარგად დაგეშილი ამ რამე-რუმეებზე და უმალ პოულობს, ფული გინდა, იარაღი თუ სხვა რამ ეშმაკობა... იმას გიყვებოდი, გენაცვალოს დედა, ჩვენი ლექსო პაპა არხეინად ზის, არ აშინებს არც მესაზღვრე ჯარისკაცის წარბქვეშიდან ირიბი გამოხედვა და არც იმის ენაგადმოგდებული `ავჩარკის~ ყეფა.
_ ჩემპიონია და იმიტომ, არა, დედი?!
_ ჰო, გენაცვალოს დედა! Mმართალია, სუფთა და პატიოსანი კაცია, ჰოდა, ჩემპიონი იქნება სიკეთეში, მაშ რა! ... მაგრამ უეცრად არ გაიწია ერთმა `ავჩარკა~ ქოფაკმა ლექსო პაპას ჩემოდნისაკენ?!...
_ `ატკრივაიო!~ _ ესე იგი, გახსენიო, ეუბნება მესაზღვრე ჯარისკაცი ლექსო პაპას რუსულად. Kკი არ ეუბნება, უბრძანებს, კაცოო, თან ეს ოხერი რუსულიც როგორი `პრიკაზების~ ენაა! ჯარისკაცი ჭორფლიანია და ჩოფურა, იქნება ასე 20-22 წლისა, თან არ აცლის ჩემოდნის პატრონს, თავად ხსნის და პირდაპირ მატარებლის კუპეში, პირქვე წამოჰყრის შიგთავსს: ჰოდა, ცვივა წყობისად ჩალაგებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პირსაწმენდი, სავარცხელი და სამართებელი, და ბოლოს, მიწით პირთამდე გადავსებული ცელოფანის პარკი...ეს მესაზღვრე ჯარისკაცი ავტომატის წვერით მისინჯ-მოსინჯავს ლექსო პაპას ნივთებს და ჯერი ცელოფანზე მიდგება.
_ `ჩტო ვიზიომ სტარიკ?~ _ ესე იგი, `რა აკრძალული საქონელი მიგაქვს, მოხუცოვო?~ _ ეკითხება ეხლა ეს ჯარისკაცი ლექსო პაპას რუსულად.
_ მიწაა, ჩვენებური, ქართული მიწა, _ პასუხობს ლექსო პაპა ჯარში ნასწავლი დამტვრეული რუსულით, მაგრამ ამაყად.
_ `ზაჩემ ანა ტებე, ჩტო ბ ბალგარიი ზემლი მალო?~ _ მერე რისთვის გინდაო, _ კიდე უფრო შეუვალი და შემტევი ხდება რუსის სალდათი.
_ ესაო, _ უხსნის ჩვენი ლექსო პაპა, _ შუაგულ ევროპაში, ბულგრეთში მიმაქვს, ომში დაღუპული ქართველი ბიჭების საძმო საფლავს რო ვნახავ, იმას უნდა მოვაყაროო, მაგრამ რას გააგებინებს?! რუსის ჯარისკაცი ისეა გაშტერებული ამ მოულოდნელი და უცნაური პასუხით, საკუთარი `ავჩარკის~ ყეფაც აღარ ესმის. ვერ გაუგია ამ უცხო მგზავრისა ვერაფერი და მოკალი!
_ `პაკაჟიო!~_ მანახეო...
_ ნახე რა, განა გაცვდებაო?! _ პასუხობს ჩვენი ლექსო პაპა უშიშრად. ალალმართალია, ნაღდია და მაშ, რა იქნება!
* * *
წვიმა ნელ-ნელა იწყებს წინწკვლას, ჯერ ისე, სხვათაშორის, მერე ძლიერდება, ქარიც უფრო და უფრო მძლავრობს და დედა იძულებულია, ფანჯრები მჭიდროდ ჩარაზოს, ის-ისაა ფარდის გასაფარებლად გაიწვდის ხელს, რომ ელვა კლაკვნით გადასერავს ცას და იქუხებს...
_ დედი, რა ხდება? ლექსო პაპა ზეცაში ხო არა ჯავრობს ჩვენზე?
_ არა, შვილო, იმ ჯარისკაცს რო ვახსენებთ, თითონაც ზეცაში ახსენდება და ჯავრობს.
_ მერე?
_ მერე ისა, რომ რუსის მესაზღვრე ცელოფანს ხსნის და მეორე თავისნაირს უხმობს: `ეი, მიტროფანოვ, პაიდი სუდა, ჩტო პაკაჟუვო!~ ეს მიტროფანოვიც, ზუსტად ამისი ცალი, სირბილით იჩქარის, თან დაგეშილი ნაგაზი მოუძღვის ლაშებდაფჩენილი. მიადგნენ ლექსო პაპას ცელოფნის გახსნილ პარკს, ხელს ძირისძირობამდე ურევენ, თითებს შუა ატარებენ გაცრილსა და გაწიკწიკებულ შავ მიწას.
_ `ზემლია შტოლიო?~_ კითხულობს ის მიტროფანოვი.
_ `ზემლია, სინოკ, ზემლიაო!~ _ ეთანხმება ჩვენი ლექსო პაპა ღიმილით.
_ `ვოტ, გავარიტ, ვეზიოტ ვ ბალგარიუ, ხოჩეტ, პასიპაც ნა ბტატსკუიუ მაგილუ გრუზინსკიხ სალდატოვ~, _ უხსნის ჭორფლიანი მიტროფანოვს. ჯარისკაცები ერთმანეთს გადახედავენ და გაკვირვების ნიშნად მხრებს იჩეჩავენ.
_`ჩუდაკ, სტარიკ, ტოლი ეშჩო პრიდუმაეშო~... _ მერე ეს მიტროფანოვი ყურში რაღაცას წასჩურჩულებს ჭორფლიანსა და ჩოფურას, ხელს ჩაიქნევს და გაეცლებიან ლექსო პაპას.
_ მერე დედი, არ მიეხმარებიან ჩემოდნის ჩალაგებაში? რო აუწეწეს?
_ ეჰ, შვილო, არ მიეხმარებიან, იმიტომ რომ, იმათი წესი არევაა, ურევენ და ჰყრიან, ურევენ და ჰყრიან!
_ მაშ, ბოროტები ყოფილან! _ ასკვნის ლექსო.
_ უფრო რაღაცნაირები, არც ძალიან ბოროტები, არც ძალიან კეთილები, რაღაცნაირები, როგორც...
_ უჯიშოები, დედი? _ და დედა, ბავშვისათვის შეუფერებელი, მაგრამ მართალი დასკვნით გაოცებული, უპასუხოდ ტოვებს ბიჭის შეკითხვას.
_ მერე, დედი?
_ მერე ჩაალაგებს ლექსო პაპა ჩემოდანს, უხმოდ, უსაყვედუროდ და გააგრძელებს გზას. ივლის, ივლის, ივლის, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას გადაივლის და ჩავა ბულგარეთში, ახლა იქ ივლის, ივლის, ბევრს ეძიებს ჩვენებური ბიჭების, უსახელო ყოჩაღი ჯარისკაცების საძმო საფლავს, მაგრამ ვერა ნახავს და გამობრუნდება უკან...
_ მერე ის მიწა, დედი?
_ მერე ისა, რომ ჩვენებურები ეკითხებიან თურმე, რა უქენ ცელოფნის პარკ მიწას გადაყარეო?
_ მერე ლექსო პაპამ რაო?
_ რა და, `თქვენაო ალაოდ ხო არა ხართო, ეს ჩვენებური მადლი აქ ვის დავუტოვოო, ქართული მიწა ეგრე უპრაკუნოდ ვის ვაჩუქოო~? _ და არ წამოიღო უკან?! Eეხლა ჩვენებმა ხო მაგრად ივაჭრეს იქა, ვინ ყავის მადუღრები გადაცვალა ფალას-ძონძებზე, ვინ _ ოქრო გაყიდა და სანაცვლოდ ათასი ზიზილ-პიპილო შეიძინა. Eეს ჩვენი ლექსო პაპა კიდე როგორც უქონელ-უპოვარი და მართალი წავიდა ერთი ცელოფანი შავი მიწით, იმითვე მოდის უკანა... ისევ გააჩერეს მატარებელი საზღვარზე და ისევ დაიწყო უწინდებური შემოწმება...
* * *
წვიმა თქეშად იქცევა, რო იტყვიან, ვედრებით ასხამს ზეციდან. ელვა დროდადრო ანათებს მომცრო საძინ ოთახს და ღამის ბინდის მიუხედავად ნათლად მოჩანს ლექსოს ცნობისმოყვარეობით გაფართოებული თვალები და მეზღაპრე დედის მხრებში მოხრილი სილუეტი.
_ მოდი, ეხლა დაიძინე და დანარჩენი ხვალე გავაგრძელოთ! _ ქალი წამოდგომას ცდილობს.
_ კარგი რა, დედი, ხო იცი, ვერ დავიძინებ, სანამ ლექსო პაპას ზღაპარს არ დამიმთავრებ, არ წახვიდე რა, ჩემი გულითა გთხოვ! _ ყელს უწევს ლექსო და ამ წუთებში ისეთი გულწრფელი და ალალია, დედა ვეღარ უძლებს ბიჭის მუდარას, თან ბოლო სიტყვაც გულს უჩუყებს და ნებდება:
_ ჰო, კარგი, ნუ ბლიაობ და მოგიყვები!
_ აი, აჰა, ჩავწვები, საბანს ამოვიგებ და ისე მოგისმენ! _ ახლა უკვე ლექსოა ყველაფერზე თამნახმა, ოღონდ ბოლომდე გაიგოს, თუ ამჯერად რით სრულდება ლექსო პაპას ზღაპარი.
_ ჰოდა, იმას გეუბნებოდი, დგნ-დგნ!... დგნ-დგნ!...დგნ-დგნ!...დგნ-დგნ!... მოდის მატარებელი და მოჰყავს ჩვენი ლექსო პაპა და ჩვენებურები საქართველოში. Dდა უკანა გზაზე ისევ ხელმეორე შემოწმება არ გაჩაღდა?! _ ისევ მესაზღვრე ჯარისკაცები, ისევ ის დაგეშილი ნაგაზები, ისევ აწეწილი ნერვები და ჩემოდნები, ყვირილი, შეძახილი, თხოვნა-მუდარა, `ავჩარკების~ ყეფა და ისევ არ გაიწია ერთმა ნაგაზმა ლექსო პაპას ჩემოდნისაკენ?! ისევGგახსნეს ჩემოდანი, წამოყარეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პირსაწმენდი, სავარცხელი და სამართებელი და ისევ მძიმედ დაეცა შავ მიწიანი ცელოფნის მოზრდილი პარკი.
_ `კანტრაბანდა და?!~ _ ესე იგი, რა მიგაქვს აკრძალულიო? _ ეკითხება უხეშად ახლა სხვა რუსი უცნობი მესაზღვრე ჯარისკაცი.
_ არაო, _ უხსნის ლექსო პაპა, _ კანტრაბანდა კი არა, მიწააო, ოღონდ, უბრალო კი არა, ქართული მიწაო.
_ მერე რისთვის გინდაო? _ ისევ კითხულობს გაოცებით მესაზღვრე.
_ ქართველი ბიჭების საძმო საფლავზე მინდოდა მემეყარნა, მაგრამ ვერა ვნახე და უკან მომაქვსო…... _ არხეინად პასუხობს ლექსო პაპა.
_ `სულიკო? საკვარლის საპლავს ვეზებდი?!~ _ ცინიკურად კითხულობს ჯარისკაცი _ `ტი ჩტო, იზდივაეშსია, სტარიკ, ნა კოი ჩორტ ნესიოშ ეტოტ მუსორ აბრატნაო~? _ და უნდა წამოყაროს პარკიდან მიწა.
* * *
ჭექა-ქუხილი აყრუებს ირგვლივ არე-მარეს, შეშინებულ ლექსოს საბნის კიდე ჩაუბღუჯავს და ზღაპრის ბოლოს ელოდება, თან ცდილობს, დედამ შიში არ შეატყოს, თორემ შერცხვება ლექსო პაპას `სეხნა~ და ეგაა!
_ ... აქ კი იქუხა ლექსო პაპამ, _ `სამ ტი მუსორო!~, ეს ქართული მიწა აქ როგორ უნდა გადავყარო, შენ რა იცი ამის ფასიო, გამოსტაცა ხელიდან ცელოფნის პარკი, პირი მოუკუპრა და წინ ჯიქურ აებოტა რუს მესაზღვრეს. Aამ მოულოდნელი საქციელით გაოცებული ჯარისკაცი ჯერ დაიბნა, მერე კეფა მოიფხანა და : ` ტი უ მენია პაპლიაშეშო!~ _ ბურტყუნით გაიქცა სადგურის უფრსის მოსაყვანად.
შემოეჯარა მთელი ვაგონი ლექსო პაპას, ეხვეწებიან, ემუდარებიან: `რად გინდა, კაცო, გადაყარე ე სატიალე, ხო ხედავ, რო შარს გადაგკიდაო?!~ ძალს ისინი არიან და ძალს ჩვენი ლექსო პაპა.
სად იყო და სად არა, გამოჩნდა სადგურის უფროსი, დაბალი, რიჟა, ჩაფსკვნილი შუახნის მამაკაცი, გამჭოლი უსიცოცხლო შუშის თვალებითა და არყისგან დაბიჟვინებული ლოყებით.
_ `პასმოტრიმ, ჩტო ზა გრუზინსკაია ზემლიაო~ _ და ხელიდან წარსტაცა ცელოფნის პარკი ლექსო პაპას, ისე, რომ სიტყვის თქმა არ დააცალა. _`პრაიდიომტე, გრაჟდანინო!~ _ და გაუძღვა ტამბურში.
…... ჩავიდნენ, წინ სადგურის უფროსი მიდის მიწით სავსე ცელოფნის პარკით, უკან მესაზღვრე ჯარისკაცებს შორის პატიმარსავით ჩამდგარი ლექსო პაპა. Uუკან კიდე მთელი ვაგონის მგზავრები მიჰყვებიან და საყვედურებით ავსებენ : ` რას მიაკვდი მაგ ორ პეშვ მიწას, გადაყარე და დაისვენებ ეგენიცა და შენცაო, თან ჩვენთვისაც ხეირიაო, ~_ ნერვიულობენ, შინ უნდათ რა ჰქნან?!
_ მერე, დედი, ლექსო პაპა რას ამბობს?
_ არც არაფერს, მიაბიჯებს მდუმარედ, როგორც რო უჩვეულო სამგლოვიარო კრებულის მთავარი ჭირისუფალი. მიადგნენ სადგურის ცენტრალურ შენობას, ხალხს გარეთ დაცდა უბრძანეს, ლექსო პაპა კი თავის ცელოფნის პარკიანად შენობაში შეიყვანეს. Dდააცალცალკევეს ოთახებში, აქეთ მიწა გასინჯეს, იქით _ იმისი პატრონი. Oორივ სუფთა და ნაღდი რო აღმოჩნდა, ერთმანეთს გადახედეს, მხრები აიჩეჩეს და დაუბრუნეს მიწიანი პარკი ლექსო პაპას.
_ `ვოზმი, ტოჟე მნე მახარაშვილიო!~ _ ჩაიბურტყუნა სადგურის უფროსმა.
_ ჩვენებური კინო ჰქონია ნანახი, არა, დედი? _ უხარია ლექსოს.
_ ჰო, შვილო, მოკლედ, ეს ჩვენი ლექსო პაპა ქართული მიწით სავსე პარკიანად მშვიდობიანად დაუბრუნდა თავის ვაგონს და ბაქანზე დარჩენილ ძეგლად გარინდებულ თანასოფლელებს ღია სარკმლიდან გამარჯვებული ღიმილით გადმოსძახა :
_ ეგრე არ დარჩეთ, ხალხო, თორე წავიდა მატარებელიო!
_ მაშ დაუბრუნა ქართული მიწა თავის პატრონს? _ ამაყია ლექსო და წინდაწინ ტკბება დასტურის მოლოდინში.
_ დაუბრუნა და მერე რა დღით! Mმერედამერე, გვიან, ვისაც უყვებოდა ამ ამბავსა, არ ეჯერათ, `შენაო, დაბერებულხარ და რაღაც ზღაპრებსა ჰყვებიო, _ დასცინოდნენ. ის კიდე იღიმებოდა თავისებურად, გულმართლად და ენაკვიმატად ღიღინით გალექსავდა ხოლმე :
ქართული მიწის ღალატი
სჩვევია მარტო ვირიშვილს,
წინაპართ გმირობის მადლი
ზღაპრად მიუვა შვილიშვილს!
ჭირი –იქა, ლხინი –აქა,
ქატო-იქა, ფქვილი –აქა!
ბედმა ზრაპრად გატარაო,
დაიძინე პატარაო!...
_ დედი, წვიმამ გადაიღო ? _ ლექსო ბოცოცა ხელს ლოყის ქვეშ ამოიდებს და კმაყოფილი ემზადება დასაძინებლად.
_ ჰო, შვილო, არ დაიჯერებ და გრემზე ისევ ვარსკვლავები გამოჩნდნენ.
_ ესე იგი, ხვალ კარგი დარი იქნება, არა, დედი?
_ ჰო, შვილო!
_ მაშ, ლექსო პაპამ ის ქართული მიწა არაფრით არ დაანება უცხო ხალხს არა, დედი?
_ ჰო, შვილო!
ლექსო პაპას ზღაპრის კეთილი დასასრულით ბედნიერი ლექსო იძინებს და ძილში ვიღაცას თუ რაღაცას კმაყოფილი უღიმის, ალბათ ისევ პაპის ლანდს თუ ხედავს, უღიმის და თან ბუტბუტებს :
_ მეფე ერეკლეც ეგრე მოიქცეოდა!..