არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ანზორ აბულაშვილი

Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



ანზორ აბულაშვილი Empty
PostSubject: ანზორ აბულაშვილი   ანზორ აბულაშვილი EmptyTue Jan 12, 2010 2:48 pm

ანზორ აბულაშვილი Anzor_10
Anzor Abulashvili

ჯერჯერობით

ჯერჯერობით თუმცა აქ ვარ,
მაგრამ ყოველ წამისად...
გაისამდე ვინ რა იცის ...
ან რა მელის გაისად.
დაყოფილა დრო და ჟამი დეკემბრად თუ
მაისად,
შუადღედ თუ ჯოჯოხეთის მიმდგარი ვარ
კარისად-
მარდამხდელად ამა სოფლის სესხისად და ვალისად.
მოჩანს კლდეზე სიზმრის შავი
ღიმი ედელვალისად,
წარმოსახვად მკვდრის მზისა და მარადიულ ღამისად.

1999


ანზორ აბულაშვილი (1932-2013)

დაიბადა 1932 წლის 3 მაისს, სოფელ ჯუგაანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტში. ლექსების წერა ადრეულ ასაკში დაიწყო, ლექსები პირველად ოცი წლისამ გამოაქვეყნა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტში". 1961 წელს ჟურნალმა "ნაკადულმა" გამოსცა ანზორ აბულაშვილის ლექსების პირველი წიგნი, ანზორ აბულაშვილის ლექსმა "მახარობელი", რომელსაც წილად ხვდა სახალხო აღიარება და სიყვარული, თავისი ადგილი დაიმკვიდრა პოეზიაში. ანზორ აბულაშვილი ავტორია მრავალი საბავშვო ლექსისა.


წიგნები:
* ცხრაკარა : კრებული (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 2004. - 200გვ.
* მახარობელი : ლექსი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1999. - 3გვ.
* მუნჯი მოკარნახე (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1992. - 152გვ.
* მარადიული შუქურა (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1986. - 75გვ.
* ბუზანკალი - მხედარი : საბავშვო ლექსები და პოემები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1985. - 31გვ.
* სინათლევ თვალისა (ავტორი). - თბილისი, ნაკადური, 1984. - 62გვ.
* მოდიოდა. - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1983. - 235გვ.
* ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1981. - 85გვ.
* კოშკები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1980. - 90გვ.
* მოგზაური (ავტორი). - თბილისი, დილის გაზეთი, 1979. - 12გვ.
* ისევ მოვიდა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1977. - 55გვ.
* ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1977. - 73გვ.
* საუბარი გრძელდება (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1972. - 85გვ.
* ლექსები : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1968. - 63გვ.
* ლექსები (ავტორი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1966. - 76გვ.
* მამაჩემი მალე ჩამოვა : მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1963. - 157გვ.
* ჩემი ნაცნობი ბიჭები : საბავშვო პოემები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1961. - 30გვ.

ბმულები:
* https://ka.wikipedia.org/wiki/ანზორ_აბულაშვილი
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000477/
* http://www.bu.org.ge/x1670?lang=geo
* http://gf.ghn.ge/author.php?name=აბულაშვილი%20ანზორ
* https://www.facebook.com/ანზორ-აბულაშვილი-Anzor-Abulashvili-1478519682369884/
* https://poetry.ge/pages/anzor-abulashvili/poems


ანზორ აბულაშვილი - საქართველოს
Published on Feb 22, 2016
ამ ლექსს კითხულობდნენ , დედაენის დაცვის დღეს რადიოფიცირებულ რუსთაველზე.

Exclamation
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ანზორ აბულაშვილი Empty
PostSubject: Re: ანზორ აბულაშვილი   ანზორ აბულაშვილი EmptyMon Apr 22, 2019 9:22 pm

ანზორ აბულაშვილი

***

იმედს ლოდინი შესცოდებია-
გზისკენ მზირალი, სათნო,
კეთილი,
თვალდაშრეტილი და უსასოო,
დედა-ჩიტივით გულგახეთქილი.
საწყალი სულმთლად დალეულიყო
და იხჩობოდა ცრემლის გუბეში...
და სწორედ მაშინ გამოჩნდა თურმე
იმედიც-ქვეყნის დიდი ნუგეში,
უბრალოდ სიტყვის იმგვარად მთქმელი-
ხე გამხმარიც რომ ხელად ინედლებს,
წამოგაყენებს დაცემულს რწმენით
და გულგატეხილს დაგაიმედებს.
ამგვარ ამხნევა თურმე გზისპირას
ის უსასოოდ მდგარი ლოდინიც,
მაშინვე ცხელი ცრემლი უმშრალა
და გააღიმა გულდაკოდილი...
და მის მერეა, ცამ რომ იცისფრა,
გზაც დაიხატა ლურჯი კორდებით
და სულგამთოში თებერვლის ქარშიც
აპრილის სუნთქვას მოველოდებით.
იმის მერეა- გაღმა-გამოღმა
ჩვენი პატარა ბოგირ-ბონდებით
შორს მყოფ ახლობელს მოუთმენლად,
მაგრამ იმედით რომ ველოდებით.
იმის მერეა,გულს რომ არ იტეხს
სიკვდიმდე კაცი ტანჯულ-ცოდვილი
და აცისკროვნებს იმედით სავსე
სულისგანმწმენდი ნათლის ლოდინი.

1986

sunny


Last edited by Admin on Wed Sep 23, 2020 2:11 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ანზორ აბულაშვილი Empty
PostSubject: Re: ანზორ აბულაშვილი   ანზორ აბულაშვილი EmptyMon Apr 22, 2019 9:25 pm

ანზორ აბულაშვილი

დავითი

რა ზღაპარი და რა მითი,
ოდეს მეფობდა დავითი!
მის ქებად სიტყვა მღალატობს:
ვინც მტერს უჯაბნელს -
სჯაბნიდა,
მოყვასს,
ქვეშევრდომს არასდროს
არ დახედავდა მაღლიდან.
ბრძენი, უებრო სარდალი,
„მაღალი, უხვი, მდაბალი“,
ჩაგრულთ შემწე და ქომაგი,
ქართლში მესიის ბადალი.
სამართლიანი, მოწყალე,
კირითხურო და სწავლული,
მარადის ძილშიც ცოცხალი,
შვილთ ცრემლით საფლავნამული.
რაც აქ ვთქვი,
ქვეყნის კიდემდე
იცნობდნენ სწორედ ამითი,
სამწყსოს ეღვენთა სიკეთედ,
აი, ვინ იყო დავითი!
გარეთ რომ დუშმანს ჰკვეთავდა,
შინ მეზვრის კვართი ემოსა...
ვისზეც მეფობდა,
ნეტამც მათ,
ნეტამც იმ საქართველოსა.

sunny
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ანზორ აბულაშვილი Empty
PostSubject: Re: ანზორ აბულაშვილი   ანზორ აბულაშვილი EmptyMon Apr 22, 2019 9:27 pm

ანზორ აბულაშვილი

***
საქართველოვ, უღრან ტყეში დაკარგულო თიკანო,
ვინ არ გდია კბილთა ღრჭენით, ბნელში თვალთა ბრიალით,
ყველა ისრის, ყველა ტყვიის სამიზნევ და ნიშანო!
გულს ნუ მიკლავ მაგ პაწია ზანზალაკის წკრიალით!
მიხვალ ბნელში, მიგაქვს ჯვარი, შუბლზე გამოხატული
და ციმციმი გზას გინათებს მანათობელ ჯვარისა.
მაგრამ მაგ შუქს ხედავს მტერიც, ავად წამომართული.
გაგცემს ჯვარი მოციმციმე და წკრიალი ზარისა.
მოდის მტერი ყოველი მხრით, ათასი ხმით მკივარი.
შენ კი ერთი უთვისტომო, ეული და მზებნელი...
მოდის ეშვი, კლანჭი, ბრჭყალი, ცეცხლი, ხმალი, ისარი,
ბნელს აწყდები უსასოო, ანთუ მხსნელთა მძებნელი.
ხან საცოდავ რქებსაც იქნევ, წრეში გამოკეტილი,
ხან ბედს ნისლში ემალები და ხანაც წინ მიუხტი,
მერე წამით მზე დაჩნდება – ზეცის თვალი კეთილი
და შენ ისევ მიბაკუნობ, საბრალო და ჯიუტი.
ისევა ხარ... გიმზერს მტერი, ავად წამომართული.
და არა და არ თავდება ბედის შავი ტრიალი
ან ეგ ჯვარი გშველის იქნებ შუბლზე გამოხატული
ან ღმერთს მოსწონს მაგ პაწია ზანზალაკის წკრიალი...

sunny


Last edited by Admin on Mon Apr 22, 2019 9:30 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ანზორ აბულაშვილი Empty
PostSubject: Re: ანზორ აბულაშვილი   ანზორ აბულაშვილი EmptyMon Apr 22, 2019 9:29 pm

ანზორ აბულაშვილი

***
ეს დღეც დაღამდა.
დღე ცარიელი,
როგორც ის სარკე,
რომელშიც უკვე
შენ აღარ ჩანხარ..


***
სულ ვჩქარობთ, ვჩქარობთ
და ვეღარ ვასწრებთ
ქვეყნად
ერთ-ერთ
უმთავრეს საქმეს –
სახით მშვიდით
და ბედნიერით
აყვავებული ატმის წინ დგომას..



***
ქუჩის კუთხეში
მოულოდნელად
შევხვდით ერთმანეთს.
რა ნაღვლიანი საღამო იყო. . .
მე ყვავილები
მიმქონდა
სხვისთვის..



***
შემიხტა გული. . .
ჩემი ფანჯრიდან
შენს აივანზე
როგორ უბრალოდ გადმოფრინდა
ფრთათეთრი მტრედი.



***
მთელი ღამე
ბიძაჩემი შფოთავდა ძილში…….
ომში, მის გვერდით გასკდა ყუმბარა
და აი, უკვე ოცი წელია,
ტვინში ჩარჩენილ
რკინის ნამსხვრევზე
ფეხს იტეხენ და ბორძიკობენ
მისი სიზმრები...



sunny
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ანზორ აბულაშვილი Empty
PostSubject: Re: ანზორ აბულაშვილი   ანზორ აბულაშვილი EmptyThu Sep 10, 2020 11:00 am

ანზორ აბულაშვილი

მაცხოვარი

უნდა ვირწმუნოთ –
ცისკენ სვეტად ასხლტა სინათლე,
ლაჟვარდს შეერთო გამოცანა, –
კრულვა სატანის.
ურცხვად მოძვრება ხელის ბანვით
ლექსში პილატეც,
სინედრიონიც, ლაფდასხმული –
ჰურიასტანის.
მან კი თხემიდან,
დაფლეს ნაშთი სად ადამისი
და სად მალამოდ ეცხო იგი
ხორციელთ ცოდვას, –
მიართვა თვისნი ჭრილობანი –
ყვავილნი სისხლის,
ვით თაიგული, დაუმჭკნარი –
ადამის მოდგმას.


sunny
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ანზორ აბულაშვილი Empty
PostSubject: Re: ანზორ აბულაშვილი   ანზორ აბულაშვილი EmptyThu Sep 10, 2020 11:01 am

ანზორ აბულაშვილი

ერთობა

საბა, ლევან და გიორგი,
ლადო, ზაზა თუ ვეფხია -
ტარიელ-ავთანდილივით
ერთურთს რომ გადახვევია,

მაშინვე გაქრა, მოისრა,
მუხას რომ მუმლი ეხვია;
მათი ძმობა და ერთობა
ქაჯთა ციხისთვის მეხია...

სულ მტვრად აქცევენ,
რაც დუშმანს
დაუქად-დაუკვეხია.


sunny
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ანზორ აბულაშვილი Empty
PostSubject: Re: ანზორ აბულაშვილი   ანზორ აბულაშვილი EmptyThu Sep 10, 2020 11:02 am

ანზორ აბულაშვილი

ზამთარში ზაფხული...

ზამთარში ზაფხული მენატრება,
ზაფხულში - იანვარს ვნატრობ,
მინდორში მყინვარი მელანდება,
მთაში ვარ -

ტრამალი ფართო.
ლაჟვარდო,
სულზე რომ მომენათე, -
მანატრე დამკვიდრება ცაში,

მაგრამ მანდ
მიწა რომ მომენატროს,
მიწა ვინ მაღირსოს მაშინ...


sunny
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ანზორ აბულაშვილი Empty
PostSubject: Re: ანზორ აბულაშვილი   ანზორ აბულაშვილი EmptyThu Sep 10, 2020 11:03 am

ანზორ აბულაშვილი

ორი ჩრდილი

სიზმარ-ცხადია... ჭაჭანებაც, ვითომ, კაცის
არა ჩანს ირგვლივ,
მზეა და თანაც – ვარსკვლავთ კრთომის –
ჭინჭველათა ჩქამი რამ ისმის...
ჰა, კვაზიმოდო!.. მაგრამ ვითარ გაუჩორკნავთ,
ვერ ხვდება იგი...
და აპოლონიც!.. სიაღნაგის არცა იმან
უწყის რა თვისი.
ამ სიზმარ-ცხადის მომხილველმა რაი მეტი
უნდაღა ვცოდო...
უცებ, ვითომდა, ერთარსებად ორივ ჩემში
მსახლებლად ვცანი!
სჭვრეტს კვაზიმოდოს აპოლონი და აპოლონს
სჭვრეტს კვაზიმოდო
და ესმით ზეცით: – განუყოფი, ამიერით,
ღვიძლი ხართ ძმანი!..
და პირველქმნილა სულიერი ღმრთისგან, ვითომ,
ეს ორი – სწორედ!
მისჩერებია ერთურთს ესე თვალხილული
თეთრი და შავი.
კვაზიმოდოსთან მიმსგავსებას აპოლონი,
ცხადია, ჰგონებს,
ხოლო ეჭვგარე მსგავსი ძმისა
კვაზიმოდოს ჰგონია თავი...
თვალი თვალს უმზერს, სულს კი – სული,
ურთიერთის მსგავსი და სწორი...
მაგრამ წამიერ – ხის ცნობადის აკრძალული,
თითქოსდა, ხილი,
თვალისამხელი, კვლავ ეშმაკის მოხერხებით,
ბედკრულის ორის –
ალვადრგული და დაჯღვარკული
მიწას ორი დაეცა ჩრდილი...
და უცებ ზიზღით გადმოინთხა აპოლონის
თუ ჩემი მზერა
და უდაბურად იქმნა წამსვე ჩვენი სულის
საღმრთო წალკოტი...
კვაზიმოდოზე რაღა ითქმის!..
თუმცა ისიც, ვითომდა, მე ვარ,
ჩემზე გადმოდის ხვედრი მისი –
საუკუნოდ გულის დამკოდი...
...ვერ ამოვხსენი ზეციერის საიდუმლო
და გამოცანადა მე, ხორციელს, ფრთებ შავ-თეთრი
მიწიერი მკორტნის ფრინველი.
თან, თითქოს მესმის – ვისთვის ითქმის
აღტაცებით ცაში ოსანა,
მშვენება სულის – ხილულს რითი აღემატვის –
თვალთუხილველი...

როცა არც დღეა და არც ღამე,
არც ძილია და არც სიფხიზლე,
რისად იგალობს მდუმარება –
არარსებულ ყურთა მგოსანი.
ან სამუდამოდ გვემად, ნეტა,
სულში რისთვის შემოვიხიზნე
მშვენიერების სიმახინჯე და მახინჯი,
სულსხივოსანი.

sunny
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ანზორ აბულაშვილი Empty
PostSubject: Re: ანზორ აბულაშვილი   ანზორ აბულაშვილი EmptyThu Sep 10, 2020 11:05 am

ანზორ აბულაშვილი

ოცნებით გამოხმობილი გაზაფხული

რაკი ახლა ასე მსურდა,
თანაც-
რაკი სიტყვაც დამცდა,
აღსავლიდან ამომუქდა,
ამოფრხიალ-ამონათდა.
სახეს მელამუნა ნატვრა-
მზის სხივი თუ თამარის თმა...
ისევ ისე ამომარტდა,
ამოაპრიდამაისდა.
სიზმრად როდი მომელანდა,
თოვლ-ყინვაშიც ცხადად
ჩანდა-
მართლა ამოლერწამისტანდა,
ამონესტანდარეჯანდა.

sunny
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ანზორ აბულაშვილი Empty
PostSubject: Re: ანზორ აბულაშვილი   ანზორ აბულაშვილი EmptyThu Sep 10, 2020 11:06 am

ანზორ აბულაშვილი

გაურკვევლობა

გულიც წამსვლია , ზოგჯერ გული ისე მომსვლია,
გულზეც ვსივდები-
შობას თუ არ მესმის ალილო.
მეშინის- რითმად არ წამომცდეს
ლექსში ბოსნია,
ემანდ, როსიას გული რომ არ მოვაყვანინო.
დღეს ვინ გაბედოს,
თითქოს ვინმე ბარბაროსია,
ვინ უმცროსია, ანდა კიდევ-
ვინ უფროსია ,
ან ფასადების წითლად ღებვა რაღა დროსია,
სხვა ჟამი გვიდგას, სხვა მზეა და
სხვა ტაროსია...

ენგური აპსნზე გამობმული ჩრდილოს
ტროსია !


8 მაისი, 1998

sunny


Last edited by Admin on Wed Sep 23, 2020 2:14 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ანზორ აბულაშვილი Empty
PostSubject: Re: ანზორ აბულაშვილი   ანზორ აბულაშვილი EmptyThu Sep 10, 2020 11:08 am

ანზორ აბულაშვილი

დანგრეულ ციხესთან

აქ ამ მთაზეც ციხე იდგა,
ჩამოინგრა მერე კვნესით,-
ციხე იყო თუ უცაბედ
წარბის შეკვრა ერეკლესი!
ახლა მისი რკინის გულის
ფერფლის არსად
აღარ ფეთქავს,
ციხე იყო თუ უაკვანი
გმირთა - სამას არაგველთა.
ციხე იყო დაფერილი
პაპის სისხლის ლაქებითა, -
ჩამოინგრა თუ ცხენიდან
ბოსტაშვილი დაქვეითდა?!
ანდა, იქნებ, ეს მთა სწორედ
გმირი პატარა კახია,
ციხის პერანგი ჩააცვეს
გაჰკრა ხელი და გახია?!
ციხე იყო , ხმალი ერტყდა
და თავისი რიხი ჰქონდა ,
ცხენ-კაცს ჰკვეთდა ელვის უმას
იმის მოქნეული გორდა.
ახლა ყრუ და მივარდნილი-
ჩვენში ვიღას ახსოვს იგი,
ეპარება შარავანდედს
მისას დავიწყების ბინდი.
მისკენ წასული ბილიკი
მართლა აბალახებულა,
ვინც სახლობდა იმის ახლო,
სხვაგან გადასახლებულა,
ყველას მიუტოვებია,
უპატრონოდ მიუგდია,
იმის უხმო ძახილისთვის
ყური არვის მიუგდია.
და დგას ასე მოწყენილი,
ჩამოშლილი დროის დელგმით, -
ჩემი პაპის გმირობის და
სიბრძნის საბუთი და ძეგლი.
კარგის , ახლის მაძებარო
და სიძველის წარმომჩენო,
ეს ნანგრევიც შეივრდომე,
მთელო საქართველო, ჩემო!

1968

sunny
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ანზორ აბულაშვილი Empty
PostSubject: Re: ანზორ აბულაშვილი   ანზორ აბულაშვილი EmptyThu Sep 10, 2020 11:09 am

ანზორ აბულაშვილი

თბილისის დილა

დილა მღერის თუ ასი მერძევე,
ასი წყნეთელი უკრავს საზანდარს.
მარტი ქუჩაში ჰყიდის ენძელებს,
ისევ ძველი აქვს ყვავილს მაზანდა.
ყვავილი იგი ყოვლის შემძლეა ,
ის ერთი კონა ლურჯი კოცონი,
სოფლელი ბიჭი ჰყიდის ენძელებს ,
გადუვარხნია შავი ქოჩორი.
წუთით სხვა ქარი შემოიჭრება,
მინდვრებო,
წუთით დაგიბრუნდებით,
მე ცხადად ვხედავ მეზობლის ბიჭებს ,
კეფაზე ჰხურავთ ნაბდის ქუდები.
შორს მწვერვალი დგას
რძის თეთრ ბოთლივით ,
იქით და აქეთ ისმის ძახილი
და ერთანად გადაორთქლილი
გზაზე ზმუილით მიდის ნახირი.
აქედან ვხედავ დილას სოფლისას,
იქ მთაც და ველიხ მიმზიდველია,
ენძელებს სერი გადაუჭორფლავთ ,
ქალაქებისკენ იმზირებიან...
და ერთხეს ,
როცა სოფელში ჩავალ .
სერზე უთუოდ მოვკრეფ ენძელებს , -
მე მოვიგონებ მაშინ ჩემს ქალაქს,
როგორ მაღვიძებს დილით მერძევე,
გამიცოცხლდება ეს დილა წამით,
აურზაური მდუღარ ბაზართან,
მივეფერები იმ ლამაზ ყვავილს ,
ვინც არ დაკარგა ძველი მაზანდა.
მომაგონდება შუქი ამა მზის,
ბრდღვიალა დილას იმის შუშპარი,
თბილის-ქალაქის ბევრი ლამაზი.
სოფლელი ბიჭის ყველა მუშტარი.

1970

sunny
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ანზორ აბულაშვილი Empty
PostSubject: Re: ანზორ აბულაშვილი   ანზორ აბულაშვილი EmptyThu Sep 10, 2020 11:10 am

ანზორ აბულაშვილი

მთის ზაფხული

ისევ მეღირსა ფაფარგაშლილი
ამ ჩანჩქერების გრუხუნ დგაფუნი,
ხეობა . შვიდი ფერით გავსილი,
შვიდფრად ნახატი მთების ზაფხული.
ისევ მიცინის ყელმოღერილი
დეკა -
მყინვართა თეთრი ასული,
მწვერვას შველივით
მიხტის ზაფხული ფერგადასული.
ძირს მიწას ხატავს ჭრელი ქათიბი,
ზეცას- ათასი ფერის ფრინველი,
დაუნახია მთიელს სათიბი,
გადარეუსა ამის მხილველი
და ლურჯ ბალახში თეთრი პერანგით
ტრიალებს , როგორც ქათქათა ნისლი.
წკრიალებს ცელი -
მთიბველის ჩანგი
და ის ხმა გაღმით ჭალაში ისმის.
ხოლო სოფელი-
ხუთიოდ კომლი,
იმ ჭალის თავში,
შუადღის მზეში-
მამლის ყივილით და თეთრი კვამლით,
თითქოსდა უფალს უპყრია ხელში.
და პირიმზენიც ანთია შორით.
მუდამ ტურფანი, მუდამ თოთონი ...
კამარას ხაზავს ცაცნობზე ქორი
თუ ნიავს მოაქვს ხმელი ფოთოლი...
ეს რა ხატია,
რა სურათია,
ამ წყლის შხუილშიც რა სიმშვიდეა!
მკაცრი სინაზე შვიდფრად ანთია,
თითქოს მყინვარი მზეზე ჰკიდია,
თითქოს მის ირგვლივ
სხვა სიცოცხლეა ,
მზის მოქარგული ჯუბა აცვია,
მისი ყვავილიც უფრო მორცხვია
და სიყვარულში სხვაზე მკაცრია.
მთაში მკათათვეს ვუთვივარ უფრო ,
აქ სხვაგვარ ვსუნთქავ,
სხვაგვარ ვარსებობ,
აქ პათეტიკით ,
გმირულ სიტურფით
თავბრუ მეხვევა, რადგან გარშემო
ცად ადის შვიდფრად ფაფარგაშლილი
ვერცხლის ჩანჩქერთა გრუხუნ-დგაფუნი,
აქ მათით გრგვინავს მზიურ მარშივით
ამბოხებული მთების ზაფხული.

sunny
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ანზორ აბულაშვილი Empty
PostSubject: Re: ანზორ აბულაშვილი   ანზორ აბულაშვილი EmptyThu Sep 10, 2020 11:12 am

ანზორ აბულაშვილი

თენდებოდა მცხეთაში

ბნელში ირწევა მწიფე სამკალი...
ზედაზნის თავზე ცისკარი წვეთავს,
კიდევ ცოტაც და -
იგი ვარსკვლავი
ჩამოანათებს შუაგულ მცხეთას.
ვარდისფრად მკრთომი რიჟრაჟის შხეფი
ცხოველი სვეტის გაღებულ კართან-
უხმობს აჩრდილთა ივერთ მეფეთა,
ივერიისთვის დაღენთილთ სანთლად...
მოვლენ ისინიც,
ნისლი მდუმარნი,
მამულის ჩვენის რამდენი მწყემსი!
მარად ქართველთა ტომის და გვარის
აწ უკვე მიწად წასული ფესვი.
თუალნო ჩემნო, იხილავ ერთად
მხოლოდ მზისსადარ ზეციურ ნათელს-
იმ უკვდავ სულთა,
პირმშვენიერთა,
რომელთა ვალი სიკვდიმდე მმართებს.
... მაგრამ თუ ხედვენ იგი აჩრდილნი
ყოველ მიწიერს-
ცოცხალთა დარად?...
ჯვარი უეცრად ცადავარდნილი
რიჟრაჟის კრთომით იხაზვის მკრთალად.
ეზო ტაძრისა იბანვის ნამით,
ემზადვის ცისფრად შლილი ღიღილო...
ცოტაც და, წამით-
რამ სასწაული,
კაცთ უხილველი , უნდა ვიხილო,
კიდევ ცოტაც და...
იფეთქებს შუქი,
ზე იტივტივებს ცხოველი სვეტი,
ცით ხმა ჩამოვა დაფთაფის,
ბუკის,
სულის მომტაცზე უფრორე მეტი.
მოვლენ წარმართნი
თუ ღვთის ცხოვარნი,
მოკვდავთ თვალისთვის სახილვეძვირი,
უკვდავი დრამის-
”ქართლის ცხოვრების”
ასი მთავარი მოქმედი გმირი.
აჰა, მთიებიც აენთო კვარად,
ბალახს დააჩნდა მზით სავსე ცვარი,
და აიყოლა ათასი ზარი;
მომასკდა შუქი გახსნილი ცისა,
მაბრმავებს უცხო სინათლის ნისლი
და მაინც ვარჩევ:-
სხვით მთიებისას
სცხია ივერთა ამბოხი სისხლი...
,,,ჭიქები ენთნენ მზისფერი ღვინით
და მცხეთის თავზე-
წმინდაზე წმინდა,
ცვარზე კრიალა
და ცრემლზე გრილი
წვეთ-წვეთ ჟონავდა რიჟრაჟი ციდან.

1975

sunny
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ანზორ აბულაშვილი Empty
PostSubject: Re: ანზორ აბულაშვილი   ანზორ აბულაშვილი EmptyThu Sep 10, 2020 11:15 am

ანზორ აბულაშვილი

გული

ასაკმაც ვერ თქვას ხანმოყრილმაც -
როდის რა გველის,
იქნებ მღვდელიც კვლავ მოგვეჭრას
რაღაც ორი დღე...
გულში ჩასობილ ეკალს ნემსით ვერ ამოიღებ,
მით უფრო ვარდის-სისხლისფერის
და დამდაგველის.
დილის მზის სხივო, ღამის ცრემლ-ნამ ნაღველის ამშრობო,
თავად ამურის იქნებ გული გიკვნესს ნაისრი...
ნუ ეწყინება ოქროს წვიმას შირაზ-მაისის,
მაინც გულია ეკლიანი ვარდის სამშობლო.

1999

sunny
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ანზორ აბულაშვილი Empty
PostSubject: Re: ანზორ აბულაშვილი   ანზორ აბულაშვილი EmptyThu Sep 10, 2020 11:16 am

ანზორ აბულაშვილი

მე-13 საუკუნიდან

ხუნდდადებული, თაფლწასმული,
ბუზდახვეული-
თავისუფლება,
ერთგულება,
რწმენა, ერთობა...
და ირგვლივ ცეცხლი უდაბნოის,
ხვატი, წყეული
და მოთარაშე სიძულვილი
და უღმერთობა...
ამ ქვეყნის ყოფას ვინს განაგებს,
ჩურჩულით გეტყვით,
თუმც, ჰა , ისინიც ...
ყველამ ვიცით , რომელს რა ჰქვია :
უსამართლობა,
ძალადობა,
და კიდევ ერთი -
ღალატი , ანუ
ყურმოჭრილი მათი ლაქია.
ვარიდებ მზერას
წამებულთა უდრტვინველ ტანჯვას
და ამ სასჯელის -საზარელის-
სამი ავტორი
გიჟური ხტუნვით გარს უვლიან
უდაბნოს ხანძარს,
ყიჟინებს სამი
ჭკუაბნელი ტრიუმფატორი.
და მიწაც იწვის,
წამებულნო, მაგ თქვენი ცოდვით,
მშობელი მიწა ,
სად ბალღები ოდესღაც რბოდით,
თვით მაგ თქვენს გულზე
დადებული დამსკდარა ლოდი...
მაგრამ სულ ცოტაც ...
თუმც ნუ მკითხავთ,
როგორ და როდის...
ვინ ეთხოვება გულმწუხარე
იისფერ ოდიშს ?
ზე ვწევ სისხლისფერ
შვიდასი წლის საზარელ ლოდინს...
ჩუ , ვიღაც უკვდავ ამირანის
ნაკვალევს მოსდევს,
გახედეთ სივრცეს,
თეთრი ცხენით ვიღაცა მოდის.

1981, 25 აგვისტო

sunny
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ანზორ აბულაშვილი Empty
PostSubject: Re: ანზორ აბულაშვილი   ანზორ აბულაშვილი EmptyThu Sep 10, 2020 11:17 am

ანზორ აბულაშვილი

სიცოცხლე - მდინარე

მიდის სიცოცხლე,
როგორც მდინარე,
შხამი, სამსალა, -სხვის უწინარე,
თვალთაგან ცრემლად ჩამომდინარე,
გულიდან სისხლად გამომდინარე...
მაგრამ უფრორე მაინც მცინარი,
თვალისმომჭრელი,
როგორც მყინვარი,
ასი გაფრენით სხვაზე წინ არი,
კაცთაგან მარად მოუწყინარი.
სუფთა , კრიალა და გამჭირვალი,
მუდამ იმედის თვალით მზირალი ,
გადარეული ტრფობით მყვირალი
და სიხარულით ზოგჯერ მტირალი.
და მიდის მდორედ,
როგორც მდინარე,
მაგრამ უფრორე მოჰქუხს მძინვარე,
გულნამცეცაა და მეწვრლიმანე,
ფიცხი, უნდო და მოუთმინარე.
ჩემს გზებზე მისი ნებით ვიარე
და ვეღარ ვითვლი გულზე იარებს,
დრეს რომ უმწეოს წაღმა მომისვრის,
ხვალ-ზეგ უკუღმა შემატრიალებს.
და მიდის ასე,
როგორც მდინარე,
ჩვენი სიცოცხლის ჭრელი მდინარე,
ხშირად მცინარი და მოლხინარე,
მაგრამ უფრორე და უწინარეს
ცრემლად და სისხლად ჩამომდინარე.

1981

sunny
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ანზორ აბულაშვილი Empty
PostSubject: Re: ანზორ აბულაშვილი   ანზორ აბულაშვილი EmptyYesterday at 2:10 pm

ანზორ აბულაშვილი

მახარობელი

წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,
ისეთი ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე დავითი!
წუხელის ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ იმისთვის – ცოტნე,
შენ – ორგულობავ, აბა გაბედე
და გული ჩვენი ისევე კორტნე.
წუხელის შოთაც დაბადებულა,
დაბადებულა თურმე დემეტრე,
განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის
რა სიხარული გამოიმეტე!
წუხელ ცის კარი ცხრავე გააღო
ყველა გმირმა და თავდადებულმა,
დაბადებულა თურმე ვახტანგი,
წუხელ თევდორე დაბადებულა.
საქართველოს ცა, ისეც მაღალი,
უფრორე მეტად ამაღლებულა,
დაბადებულა მთვარე-გიორგი,
თურმე ილია დაბადებულა!
წუხელის მტერი –
ერთპირად ჩვენი
მოსპობის მდომი – დადარდებულა;
დაბადებულა თურმე სულხანი,
გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა.
დაბადებულა ბიჭი პაატა.
გათენებულა წუხელის თეთრად:
დაბადებულა სამასი გმირი,
ვით დაიხოცნენ,
ისევე ერთად!
წუხელის გოგოც დაბადებულა,
ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი,
ისეთი გოგო დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე თამარი.
დაბადებულა წუხელის ნინო
და ქეთევანი დაბადებულა.
ის ბნელი ღამე თურმე უეცრად
ღვთიურის ნათლით განათლებულა.
ყველა ზღაპარი – ნაოცნებარი
ახდენილა და გამართლებულა:
დაბადებულა თურმე ნესტანი
და თინათინი დაბადებულა.
და გიხაროდენ!
ქართველთა შორის
ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა
და ერთიანი, ნანატრი დროის,
ქართლი ხელახლა დაბადებულა!

sunny
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ანზორ აბულაშვილი Empty
PostSubject: Re: ანზორ აბულაშვილი   ანზორ აბულაშვილი Empty

Back to top Go down
 
ანზორ აბულაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: