არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ნინო სადღობელაშვილი

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3  Next
AuthorMessage
ჯალალი



Female
Number of posts : 215
Registration date : 11.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 2 EmptySat May 22, 2010 11:12 am

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Nino_s17


ნინო სადღობელაშვილი


თოვლზე

დღეს თოვლზე უნდა დავწერო
წყლადაც რომ ვიქცე,მაინც უნდა
მოვიკრიბო ძალა და
დავწერო თოვლზე.
ჩვეულებრივ სველ თოვლზე
რომელიც ოდესღაც იქნებ მოვიდა
და ყველაზე დაუხსნელი ფანჯრის
ღრიჭოებს შერჩა.
იგი მოვიდა ჩვეულებრივ,
მსუბუქი ნისლით,
ციდან ფაფუკად გადმოიპენტა,
გადმოპირქვავდა მთლიანად და სამუდამოდ
როგორც ერთხელ ამოთქმული ლექსი.
როგორც ლექსი,რომელსაც
ახლა ვწერ და
აღარასოდეს განმეორდება...
იგი მოვიდა ბაღებში,გზებზე,
აასრუტუნა ზედმეტ ზრუნვაში
მოფუთნული ბავშვები,
ხელისგულები გასათბობად
ერთმანეთისკენ წააღებინა
გვერდიგვერდ მავალთ...
წუთიერი საზრუნავი გაუჩინა
სამხრეთული მზით დამძღარ,
გზებდაყვეფილ მძღოლებს...
მოვიდა და ქუჩებში,
მზის გასწვრივ დადგა.
ამ ქალაქში ძნელია ფეხისმოკიდება
ძნელია გაძლება,როცა თოვლი ხარ
და იცი,
ზეცა თუ არა,
პოეტები მაინც ხიდიდან
გადმოგპენტავენ.
აქ უნდა მოხვიდე,
წამით შენი თავი ჩაიფიქრო და
მერე დადნე...
როგორც თოვლი,რომელზეც ვწერ და
რომელსაც ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი:
შენი გულის ნაფეხურები შევატოვე,
ჩემკენ ბარბაცით გამოშვერილი...
რა მთლიანად და სამუდამოდ თოვდა!..
Back to top Go down
ჯალალი



Female
Number of posts : 215
Registration date : 11.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 2 EmptyMon Jun 28, 2010 3:19 pm

. . .
ისეთი დრო მოვიდა,
ძაღლი სულ თან უნდა იყოლიო,
პურის ნაცვლად
სიტყვას მაინც გადაუგდებ და
იმას გაღეჭავს,
სიტყვა – სიტყვად და
შენ შენად დარჩები,
გზას ორნი გაუყვებით,
ხანდახან მოგეჩვენება, რომ
გისმენს და უყვარხარ..
Back to top Go down
ჯალალი



Female
Number of posts : 215
Registration date : 11.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 2 EmptyTue Jul 27, 2010 4:10 pm

დემეტრე დაიაურს, მამუკა არაბულს, არაგვს და არღუნს, ერთად, ერთხმად..


მდინარეები ჩიოდნენ,
ხევხევ ბეჩავად დიოდნენ,
იმათი შემხედვარენი
ცანი ქვე ჩამოდიოდნენ:
ეს რას მოვესწართ, ტალღებო
ადრე იალაღ-ლაღებო,
რომ გაგვაჩუმა სიკვდილმა
პირში გაგვჩარა ბალღები.
განა ისეთს რას ვხმაურობთ,
მიწას რას მოვწევთ ღრიალით,
ან წაღმა რას წავაბრუნებთ
რაიც უკუღმა ტრიალებს..
ჩვენ რას გვერჩოდი სიკვდილო
ასე რომ გაგვატიალე,
ჩვენს ადიდებულ ჩქერებში
ბალღების ძვლები ჩხრიალებს..
ეხლა როგორღა ვიდინოთ,
ბოღმა ანაზდად ვახველოთ,
ვაითუ სისხლის კოლტებად
ჩვილები ამოვახველოთ.
რა დაგიშავეთ მიწაო,
შე ჩვენის ხელით ნაბანო,
რომ შენი ცოდვებისათვის
ღვთის წინ ჩვენ გავიჯაბანებთ.
ჩვენ ჩაგვეკვრიან დედები,
სულებში ჩაგვატირებენ,
ამწვანებულზე მომავალ
სიხარულს გააჭირებენ.
რად გაგვაჩუმე, უფალო,
ბალღებით რაღა გვანიშნე,
მთების საწოვი ცურები
დარდისგან რატომ გაგვიშრე!..
განა, რომ მივედინებით,
ხსოვნა არა გვაქვს სულისა?
სიკვდილ-სიცოცხლის ამბავის,
ათასჯერ გარდასრულისა?
ბალღებს ჩვენ დავიტოვებდით,
ვუპატრონებდით ახლავე,
ოქროს თასებად ვაქცევდით
იმათ პატარა საფლავებს,
დილდილაობით დავლევდით,
უკვდავებისას ვიტყოდით,
წყვდიადისაგან ვარსკვლავად
მათ სულებს გამოვითხოვდით..
ბეჩავო ადამიანო,
ვითომ ყველაფრის პატრონო,
მოდი და ესაც შეძელი –
სიკვდილზე გაიბატონე!

. . . ამაღამ, მთვარის ბილიკზე
ჩავივლით, ჩავიმარტოვებთ,
ტალღის სახვევებს შემოვხსნით,
ბალღებს ნაპირზე დავტოვებთ.
ჩვენ წავალთ, ჩვენი გზა გველის
დაუსაბამო, ულევი,
თქვენამც სიცოცხლეს მიხედეთ
გადაიწმინდეთ გულები.
Back to top Go down
ჯალალი



Female
Number of posts : 215
Registration date : 11.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 2 EmptySun Oct 31, 2010 2:16 pm

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Sadgob10

ნინო სადღობელაშვილი

ზამთარი

ზამთარია,
შეისვენე მდინარის წყალო,
შეაფინე მინდვრებს შენი ნაოფლარი პერანგი,
შეისვენე ყინულის კართან და
ჩამოჯექი.
ზამთარი ღვთისაა და
არ ეღალატება–
ორი ღერი სიტყვა
პურივით უნდა გაუტეხო,
ამ მთის უთხრა და
იმ ბარისა.
ჭიქა ბროწეული წაუქციო–
ბავშვივით თეთრზე მაინც
რამეს გადაისხამს,
მერე დაყნოსავს და
სიხარულით აელვარდება–
სიზმრის სუნი აუვა.
როგორც სტუმარს,
ისე დაუჯექი ზამთარს,
მდინარის წყალო,
შეისვენე, მუხლი გაშალე...
გაზაფხულიც ხომ მოდის ხოლმე,
და შემოდგომაც ხომ მოდის ხოლმე,
და ზაფხული ხომ
მოდის და მოდის, მოზანზარებს,
მაგრამ არც ერთი არაა უცხო,
არამედ სათითაოდ შენში ყოფს ხელებს
და გემსგავსება,
ზამთარი კი ერთადერთი სტუმარია,
რომელიც არ გგავს,
და არავის ჰგავს,
და არაფერს არ უწვდის ხელებს.
ის მოდის დინჯად, სევდიანად,
როგორც ყველა უცხო სტუმარი,
რომელსაც შენი რაიმე მართებს...
მშვიდად შეუღე ყინულის კარი,
თეთრ მინდვრებში შეიპატიჟე,
გრძელი გზის მგზავრს თვინიერად
ჩამოუჯექი და
ღმერთი არ გაგიწყრეს,
ცხოვრება კი არ უანგარიშო,
არამედ დიდი თავაღერებით
გული უმღერე.
ზამთარი სტუმარია,
რაღაც იცის და
თავისთავით თვითონაც
განდობს.


Back to top Go down
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 2 EmptyWed Feb 16, 2011 10:44 pm

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Nino_s10

ნინო სადღობელაშვილი

დუმილის ბწკარედი

(ესმა ონიანი. “ასი ლექსი”. “ინტელექტი”. 2010)

ძეგვში, გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერში, მონასტრის წინამძღვარი და ძეგვის ბავშვთა სახლის პატრონი დედა მარიამი (ჯაფარიძე), ალუბლის მურაბიანი ჩაის თანხლებით, მხატვრულ შემოქმედებაზე საუბრობს.
დედა მარიამი ყოველთვის უამრავ თემაზე საუბრობს და მისი მოსმენა სულის ერთი ცხონებაა, მაგრამ დღეს, საღამოსკენ გადადრეკილი მზის სიჩუმეში, მისი თემა მხატვრული შემოქმედებაა. ასეთ ფრაზას ამბობს: “ფანტაზია სულაც არ არის კარგი. მასში ბევრი საცდურია და სიყალბის ჭარბი მარაგი. ცხოვრება თვითონაა ნამდვილი და მას ფანტაზია არაფერში სჭირდება. სინამდვილე _ სიცხადეა. სიცხადე _ სინათლე”.
გზაშიც და ღამითაც, დედა მარიამისგან უკვე შორს მყოფი, ვფიქრობ, თავს ვიმტვრევ ამ ფრაზაზე, ფანტაზია სიყალბის ნიადაგი რომაა. სხვა აღარაფერი მაგონდება მისი ნათქვამიდან. მარტო ამან გამოტეხა ჩემი სულის და გონების მყიფე გარსი და ყველაფერი არივ-დარია. ფანტაზია აქამდე შემოქმედის მძლავრი იარაღი მეგონა, ნიჭთან და შრომასთან ერთად. ფანტაზია კაცობრიობის ოცნების სიმაღლემდე ამქონდა ფიქრებით. მერე, გათენებამდე, სახიფათო თამაში დავიწყე: ჩემს საყვარელ, ნაკლებად საყვარელ, უბრალოდ ჩემთვის ცნობილ მწერლებს და მათ ნაწერებს ვსვამდი კატეგორიებში: ნამდვილი. ყალბი. მერე ეს იდიოტური თამაშიც ჩაცხრა და გულივით მფეთქავი ორი სიტყვა დაეკონწიალა მთვლემარე ტვინის ხვეულებს: ნამდვილი.ყალბი.
ჯერ შიში განვიცადე. შიში ხომ, ზოგადად, ადამიანის თანამდევი მხეცია, ხან მონადირებული და ხანაც გაუხედნავი. შიშმა შვა ამქვეყნად მრავალი ბიძგი _ მომავალი წარღვნებისკენ, განთიადებისკენ. ეს შიში იყო სამყაროს პირველაღქმის თავზარდამცემი ხატიც, მისი დანახვით, შეცნობით, შეუცნობლის მძაფრი ქშენითაც მიღებული შთაბეჭდილება. ათასჯერ ნანახის და მოსმენილის უეცარი პირველაღმოჩენა. ამ აღმოჩენის ნამდვილობა.
შიში თანდათან შრომით ცხრომაში გადაიზარდა. ამ აღმოჩენილის, დანახულის და განჭვრეტილის წიაღში, სულ-და გონებადაკაპიწებით შრომა იქცა მთავარ საქმედ. ეს შრომა პურის ყანაში გასული კაცის სიხარულიან ოფლისღვრას გავდა.
ცხოვრება საშრომია და, მისი ნამდვილობაც ამის ნაყოფი. სიცოცხლის სიკვდილამდე დამამწიფებელი, ბოლომდე აღმასრულებელი.
სიცოცხლის ეს გენიალური განცდა, შიშზე და სიზმარზე ამაღლებული, ყველაზე უფრო ერთ დიდ პოეტთან _ რილკესთან ვიცოდი. მერე კი, ესმა ონიანი წავიკითხე.
ესმა ონიანი.
“მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერებში”, რაინერ მარია რილკე თავის პერსონაჟს, 28 წლის ყმაწვილს ასეთ რამეს ათქმევინებს: “მე ვსწავლობ ხედვას. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი, რომ ყველაფერი უფრო ღრმად იჭრება ჩემში და იმ ადგილას აღარ ჩერდება, სადაც ადრე წყდებოდა ხოლმე. რაღაც შინაგანი სამყარო აღმოვიჩინე, რომლის შესახებ არაფერი ვიცოდი წინათ.”
Mმალტე ბრიგემ ეს ყოველივე, საკუთარ თავში, პარიზში მოგზაურობისას აღმოაჩინა. რილკეს ეს ერთადერთი რომანიც აღმოჩენის, ხედვის სასწაულს ეძღვნება. “მალტეს ტკივილადქცეული, ავადმყოფურად განატიფებული პიროვნება”, როგორც მას ნაირა გელაშვილი (რომანის და რილკეს შემოქმედების დიდი ნაწილის მთარგმნელი) უწოდებს, _ პოეტის, შემოქმედის, გამჭვირვალე სიმბოლიკით კი _ თვით რილკეს პროტოტიპია, რომელიც ცდილობს მყიფე გარესამყაროს წინაშე გამძლეობის სული შეიძინოს. რილკეს გმირი იწყებს ხედვას, ჭვრეტას, მთელი რომანი ახლიდან დანახული და აღმოჩენილი სამყაროს ხატებითა და მეტაფორებითაა სავსე.
არ ვიცი, ვისთან როგორ და როდის, მაგრამ ახლა, როცა ესმა ონიანის კრებული მიდევს წინ, მტკიცედ მგონია, რომ ნებისმიერ მის წამკითხველში, კითხვის და ხედვის “გახსნის” წამი ერთმანეთს დაემთხვევა.ესმას პოეზია იქცევა იმ ღვთაებრივ მომენტად, როცა ადამიანმა ხედვა უნდა დაიწყოს.
რადგან, თავად ესმას პოეზიაა ამ ღვთაებრივი წამის _ ადამიანში გულის, იგივე უფლის თვალის ახელის შეყოვნება.Gგამუდმივება. თავადაა ეს პოეზია ამ ამაღლებულიდან განცდილი და დანახული სამყარო. ხილული სინამდვილე _ უცხო, მაგრამ მშობლიური, თავისთავადი.
ეს სიტყვაც “ნამდვილი”, ესმა ონიანის საყვარელი სიტყვაა და “დიდი”-ს, “ჭეშმარიტი”-ს, “გენიაური”-ს ნაცვლად მხოლოდ მას იშველიებს. შესაბამისად, ჩვენ “დიდ პოეზიაზე” კი არა, ნამდვილ პოეზიაზე ვსაუბრობთ.
როდის გავიცანი ესმა ონიანი?
მახსოვს ნახატები. უფრო სწორედ, რამდენიმე პორტრეტი _ დედის, დის, საკუთარი, გურამ რჩეულიშვილის. მახსოვს ფერები და ის, რომ ამ ფერებმა ჩემს ცხადშიც გადმოინაცვლეს _ მთელი ცა და ცისქვეშეთი ბროწეულისფრად ღუოდა, სულშიც სამუდამოდ ჩამელექა, როგორც კაბაზე გადაქცეული ღვინის ღრუბელი. . . მახსოვს, სადღაც ეწერა ესმა ონიანის მეგობრობაზე ჩემს ორ უსაყვარლეს მწერალთან _ გურამ რჩეულიშვილთან და ერლომ ახვლედიანთან. სახელებიც კი, უცნაურად მჟღერი შეარქვა თურმე მათ და ასე, ერთმანეთში მონათლულები ცხოვრობდნენ. მერე კი, საკუთარ ისტორიაშიც გახაზა წამი, სამუდამო სამანი, მიჯნა, რომლის აქეთაც “ესმას ესმა”. საკუთარ სახელში ზმნის სიმძიმით ჩაკირული ეს მისტერია მისივე ბედისწერად იქცა.
დიახ, ესმა.
ლაღობდა კიდეც თავისი სახელის მისტიკური ევფონიით:

“ეს იყო ვინმე ქალი ესმაო,
სუყველაფერზე ასე ამბობდა:
ეს მე ვიციო, ეს მე-მესმაო”.

ადამიანს ალბათ, ყველაზე უფრო, თავისი მგრძნობელობა აახლოვებს ჭეშმარიტებასთან. ეს მგრძნობელობა, ცხადია, შემოქმედში კიდევ უფრო გაძლიერებულია. ზოგჯერ კი, ისეთი მძლავრიც, რომ კლდეს გახეთქავს თავისი გულისშემძვრელი სიფაქიზით. რილკეს რომანის პერსონაჟი ვახსენე, მისი ხედვის მთავარი მიზეზიც სწორედEუკიდურესად გაფაქიზებული მგრძნობელობაა, მდგომარეობა, რომელიც მთლიანობაში განაჭვრეტინებს მას სამყაროს. განაჭვრეტინებს როგორც ჭეშმარიტ ხელოვანს. პოეტს. ესმა ონიანის ლექსები მგრძნობელობის უმაღლეს რეგისტრშია შესრულებული. განცდის სინატიფე, სიღრმე და სიკამკამე ერთდროულად, საბედისწერო იერს სძენს და მთლიანად ლექსი კი ისე იკითხება, როგორც ხელისგულზე დაყურსული ნაღმი, ან როგორც ნოტიო ტოტზე აბერილი ქერქი _ კვირტის გადმოსკდომამდე.

“და ჩემი მკლავების თეთრი ერთობა
ახლა ეჩვენებათ თრობად და სიკვდილად,
ასე ვისახებით ახლა ამ განფენით,
ჩემმიერ სახებით შეკრულნი ირგვლივად”.
აქ ყველა დაბადებას განსაკუთრებული ელვარება ახლავს. განუზომელი, ღვთაებრივი დღესასწაული:

“ენის ბაღნარში ფშუოდნენ უკვე ფარშავანგები,
აღარ ჰქონდა შეუკვეცავს საყრდენი მყარი _
და დანის პირზე ბასრად აინთო ნამდვილი სიტყვა,
და ტყვიასავით დაიტენა სისხლის მზეთა გამოსასხმელად”.

ამ ლექსს “თავისუფლების მკაცრი საკანი” ჰქვია. პატარა, სულ რამდენიმე სტრიქონიანი ლექსია, მაგრამ ეპოსის სივრცე და ჰორიზონტი აქვს. სათაურშივე _ ანტითეზის სიმძიმე _ სად თავისუფლება და სად მისივე საკანი. მთელი ლექსი კი პარადოქსითაა გაჟღენთილი, ისევე, როგორც ესმა ონიანის მთლიანად პოეზია და აზროვნება.
შემოქმედის თავისუფლება _ ენის, გნებავთ სიცოცხლის საკნითაა შემოზღუდული; მსხვერპლშეწირვის სისხლიან მზეს ბაღნარში მფშვინავი ფარშავანგების სიმშვიდე აცხრობს; ის ნამდვილი, ის მარადიული სიტყვა _ შემოქმედის სულის ნაყოფი _ დანის პირზე ანთია და საბედისწეროდ ელვარებს. . . ყოველივეს კი ერთი თვალი ჭვრეტს. ის, ვინც “არც როს ინებებს უღირს შვილთა გამოსარჩლებას _ მწიფე შავით ნთქავს, ფარვა-საკმარით”.
უღირსთათვის არცაა ალაგი თავისუფლების მკაცრ საკანში.
ეს ანტინომიური სივრცეც _ თავისუფლების საკანი _ უკეთეს მსაზღვრელად მესახება იმ სივრცის აღსაწერადაც, რასაც ესმა ონიანის ლექსის კომპოზიცია, არქიტექტონიკა ჰქვია. მისი ლექსები იმდენად მონოლითური, მყარი, შეკრულია, რომ მკითხველს მთლიანობაში “ეძლევა” შესაგრძნობად და აღსაქმელად. თავადაც წერს ამის შესახებ: “თქვენ მე ვერ მიპოვით ბზარს (როდესაც მე დარწმუნებული ვაკონკრეტებ სათქმელს), ვერსაიდან შემომეღვრებით, ისეა აგებული ჩემი სათქმელის რაობა, ვერ მიეწებებით, მიემატებით, ვერ შეიჭრებით, ვერ პოულობთ ნაწიბურებს, რომელიც მისი გადახსნის საშუალებას მოგცემდათ”.
ესმა ონიანის პოეზიაში ეპოსის სული იძვრის. არამხოლოდ მითოსური სიუჟეტების, ინტერპრეტირებული ანდრეზების, დრამატული ეპიზოდების გამო. არამედ, სათქმელის არქიტექტონიკაშიც ეპიკოსის ოსტატობა მჟღავნდება, ლექსის მხატვრული იდეის გადაწყვეტაშიც. ეს პოეზია ერთდროულად ძველიცაა და უახლესიც, ანუ, მარადიული. ნებისმიერი ქვეყნის ეპოსს დაამშვენებდა მისი ლექსები “დალი კლდეში მშობიარობს”, “მოღალატე ცოლის ამბავი”, “დედის დედა და უპოვარი ეფემია მეზობელი სოფლიდან”. ეს მძლავრი ეპიკურობა, ესმა ონიანის შემოქმედების მთავარი ბუნების _ მთლიანობის, მონოლითურობის მიზეზი მგონია. ამ პოეზიაში ერთმანეთისგან გაუმიჯნავია სიცოცხლის და სიკვდილის საიდუმლოებანი, თანაბარი მხურვალებითაა განცდილი დღისა და ღამის, ანუ მზისა და სიზმრის მისტერია. აქ ერთმანეთს ისე ენაცვლება თუნდაც შავი და წითელი, რომ მათი შინაგანი კონტრასტი საერთო დასაბამის, პირველ-ფერის არსებობას ადასტურებს.
ძველის და ახლის, მზისა და სიზმრის ასეთი ბუნებრივი შეპირისპირებით, უფრო კი თანხმიერებით, ჩემი საყვარელი პოეტის და მეგობრის, მარიამ წიკლაურის ლექსები გამოირჩევიან. მითი და ფოლკლორი მასთანაც ბევრ ლექსთა პირველსამშობლოა. ხშირად კი, სწორედ ამის გამოა ისინი ასეთი ტკბილად სევდიანი და მშობლიური, თავისთავადი, ორგანული, ნათელი.
მითოსური და ფოლკლორული პასაჟების გამოყენება დღეს ლამის მოდაშიც კია. ან, მათი პერიფრაზირება, ან ეპიგრაფად წამძღვარება მაინც. ცხადია, ფოლკლორიც და მითოსიც ყოველთვის მსუყე წყაროსთვალი იყო, საიდანაც ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ესთეტიკის და მხატვრული აზროვნების მქონეს შეეძლო იქიდან სასარგებლო წყლის ამოღება. თუმცა, აქაც, ყოველთვისაც და ახლაც, ერთადერთი პრინციპი “ჭრის”: წყაროსთვალი კრიალა და ჯანსაღია, ხელოვნურად ვერაფერს შეეთავსება, ამიტომ, მექანიკური, ნაყალბევი სინთეზი თავს მაშინვე იჩენს და სამაგიეროდ, იმ კარგად დავიწყებული ძველის კეთილად გახსენებით მიღებული ნაყოფია ჭეშმარიტად ნაღდი და ახალი.
ჩვენს პოეზიაში, ეპოსის ასეთი მძლავრი სულიც და არქიტექტონიკაც, ბესიკ ხარანაულის შემოქმედებაშია. მისი პოეზია ერთი მწვერვალია მსოფლიო პოეზიის რელიეფზე და, როცა ესმა ონიანის ლექსებზე ვფიქრობდი, მისი ნამდვილობის ანუ, გენიალობის, ჭეშმარიტობის ნათესავად ფიქრში ბესიკ ხარანაული ამოიმართა.
ეპიკური, მტკიცე, შესაძლოა ოდნავ მკაცრიც კი, თუმცა ამომავალი მზის დიდებულებით სავსე შინაარსი ესმა ონიანის პოეზიაში მისმა სვანურმა წარმოშობამაც განაპირობა. ამ პოეზიას მზის სადიდებელი მუსიკა ახლავს. ხან სვანეთის მთებივით მძიმედ, ვეება აკორდებით მოზანზარებს (ეს სიტყვაც “ზანზარი”, ესმას საყვარელ სიტყვათა მწკრივიდანაა. ხშირად მოიხმობს მას რაღაც დიდის, ამაღლებულის, გარდაუვალის აღსაწერად და, ეს სიტყვაც, ერთად დარეკილი ცხრა მძიმე ზარის ხმას რომ გამოსცემს: “ზანზარი”, საუკეთესოდ გამოხატავს მისი პოეზიის ხასიათს. ესმა ონიანის პოეზიაა თავად მოზანზარე მშვენიერება. სხვაგვარად უბრალოდ ვერ იტყვი. სხვა განწყობით ამ სტრიქონებს ვერ დააცხრობ. მოზანზარეა!), დუმილის პაუზებად კი, სქელი და მფშვინავი ნისლები წვება, ხან კლდეთა თავზე მოწმენდილი ცის სიკამკამე აქვს, მკაფიოდ გესმის, ბატკნის ეჟვნებივით როგორ წკრიალებენ ვარსკვლავები. ასეთი მოტივითაც გემღერება:

“მე _ შთამომავალი შთამომავალთა,
როგორც მსხვერპლთა, ისე აფთართა,
ვარ წაგოზილი ერთ-ერთი გვარით _
მზის გვირგვინში ამომავალთა,
სისასტიკით შავად მართალთა,
მართლიდან კეთილ გამომავალთა,
გაშიშვლებული შუბლის გვირგვინით
წითელ გვირგვინში ამომავალთა,
შავი ღაზლით მაქვს შუბლი გაკრული
მე, შთამომავალს შთამომავალთა” (შთამომავალი”)

და, ასედაც:

“ამოვიწევთ ქვებიდან,
ამოვიშლით მხრებს,
ამართულებს ზევიდან
დაგვეცემა მზე.
მზე.
ვდგავართ ფეხებგამდგარი,
ემძიმება კლდეს,
თეძოჩაწურულები
თვითონ ვგავართ ქვებს,
მიშვერილებს ცისაკენ,
მიბჯენილებს მზეს” (სვანების სიმღერა მზეზე)

ღვთაება ძველია და, წინაპრის მეხსიერებით შემონახული. ესმა ონიანის პოეზიაში სიძველის, შორეულობის განცდა, ქართული განცდა, კაცობრიობის დასაბამს ერთვის. მისთვის ისეთივე ახლობელია შუმერული, ეგვიპტური თემები, როგორც საკუთარ-ეროვნული. ისეთივე ბუნებრივი და ორგანულია ამ “უცხოსთან” პოეტური მიახლება. შუმერები სიკვდილის ღმერთ აბზუს უმღერიან:

“აბზუ, ნუ მოხვალ! ფისისფერი თვალი გვაშორე!
სადაც ხარ, იყავი,
ბებერ მეფესავით ბარდებში იბოდიალე
გასიპულ ფლასტებით.” (“შუმერთა ლოცვა აბზუსადმი”)

დავით გარეჯის გამოქვაბულების გახსენებისას, ვინმე ქართველი, ან, რა მნიშვნელობა აქვს, სადაური ბერი კი, ამაზე მღერის:

“გადახსნილია ჩემი ზე-კარი აქ
სახეთა, ზურგთა მოტბორვით,
გუნდთა კრებულით.
ვარ ყოვლის მიმღები, გაცემით ნეტარი,
ვარ დაწყებული!” (“დავით გარეჯის გამოქვაბულთა გახსენებისას”)

არ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია დიდი შემოქმედისთვის დროის, ეპოქის კონტექსტი. ისტორიულ გამოცდილებას ამაზე სხვადასხვა მოსაზრება აქვს. არ ვიცი, რამდენად აუცილებელია საუკუნეთა შემდგომ იმის გააზრება, თუ რა ეპოქაში, რა კონკრეტული სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ფორმაციის ჟამს დაიწერა “ილიადა” ან “ვეფხისტყაოსანი” და, რა თავისებურებები განაპირობა ვიქტორიანულმა ინგლისმა შექსპირის შემოქმედებაში. მარადისობის უშველებელ ტილოზე ხომ ყოველი დრო ხანდახან ძალიან პირობითია და, როცა ყველაფერი ქრება, მტვერდება, მხოლოდ მარადიული მშვენიერებანი რჩება, როგორც მთის წვერზე ამართული ბაზილიკები. . . და მაინც, ადამიანურ სამყაროში, რახან ყველანი თავისუფლების საკანში გავჩნდით, ეპოქაც ჩვენ-ჩვენი გვერგო. შესაბამისად, სრული პორტრეტის წარმოსაჩენად, ეპოქის ფონი ალბათ უპრიანია.
ამ შემთხვევაში კი, ესმა ონიანი, თავისი შემოქმედებით, პიროვნული ისტორიით, თავისუფლების მძლავრი განცდით _ აბსოლუტურად ამოვარდნილია თავისივე ეპოქის ფონიდან. კომუნიზმის და მასთან დაკავშირებული უამრავი უკეთურობის პირობებში, სტერეოტიპული, შიშიან-კომპლექსებიანი აზროვნების ჩარჩოებში, ღვთისგან დაცლილი სულიერების შემზარავ ჭრიალში, ესმა წარმოუდგენლად სუფთა, თვითმყოფად, ღვთიურ ხმას გამოსცემდა. მისი მხატვრობა და პოეზია, მისი ესეისტიკა, იყო რაღაც ახალი, ჯერ აქამდე არგანცდილი და არნანახი მშვენიერება, ეს ქალი აზროვნებდა მოელვარე პარადოქსებით, “გაუთიშავი გონებით”, როგორც თავად იტყოდა; სამყაროს ჭვრეტდა რენესანსულ, მსუყე, თავბრუდამხვევად სურნელოვან ფერებში, თითქოს ვიღაცას მასში, მის ეპოქაში, მთელს სააქაოში, ძალიან მოშივდა და, ამ დიდი, საყოველთაო სულიერი შიმშილის დამპურებლად გაჩნდა მისი შემოქმედებაც; აინტერესებდა თემები, რომლებსაც უფრთხოდნენ და ერიდებოდნენ _ სიკვდილ-სიცოცხლის, ღვთაების, ზეცის, ბოლოს და ბოლოს, ადამიანის! მისთვის ადამიანის ბედი იყო მთავარი სავალალოც და სალხინებელიც, ადამიანს იწვევდა თავის უკიდეგანო მარტოობაში, მას უხმობდა: “ადამიანო, შენს წინა ვარ, თუ რამეს ეძებ, ადამიანო, შენს წინა ვარ, მიყვარხარ, მიცან!”. . . მისი პოეტური იერი, მისი სულის მდგომარეობა ჯვარცმის მისტერია იყო, იდგა ეპოქისა და მარადისობის მიჯნაზე, მკლავებგაშლილი და უშიშრად ამბობდა: “მაჭედებდნენ როცა ლურსმანს ძვალში ჭახუნით, მივიწყებული ამოინთხა ჩემში მაშინვე, გული გამთელდა სიყვარულით, გადანაპრული”. . . ის მეტყველებდა უცნაური ენით. უცნაური ინტონაციით, თითქოს შეძლო და დუმილი თარგმნა. თითქოს დუმილის გლუვ, თეთრ კედელს სულის იარაღით მიადგა და სიტყვებად გამოტეხა, გამოთალა.
მინახავს სხვადასხვა ენიდან გაკეთებული ლექსების ბწკარედები. ბწკარედი ყველაზე მკაფიოდ უნდა გულისხმობდეს სათარგმნელი დედნის აზრს, რომ მერე, მუსიკით, რითმით ან რიტმით აეწყოს ლექსი. ბწკარედი ყველაზე მეტადაა დამუხტული და სათქმელით სავსე.
ესმა ონიანის პოეზია ჩემთვის დუმილის ბწკარედია. იმ ნამდვილის, ერთადერთის განჭვრეტა და თარგმანება, რაც საბოლოოდ დუმილში განიცდება.
დუმილის მთარგმნელს კი მკითხველიც ნამდვილი სჭირდება. ესმა ასე იტყოდა:

“ყვავილი ყვავილად ვარ ნახსენები
და პური _ პურად.
ჩაკირული ვარ და უსახო ცრუ
ბრძენთათვის
ანდა ბრიყვთათვის,
მხოლოდ ჭეშმარიტთ ვეჩვენები
მრავალფერი და მრავალგულა”.

რაც არ უნდა ცრუთა და ბრიყვთა ასპარეზი იყოს ეს დედამიწა, რაც არ უნდა ყალბთა და უსახურთა, _ სამყაროს ღვთის დიდი თვალი დაჰყურებს და ამ უამრავს ისევ ის ერთი წამი გადაწონის, ერთი მშვენიერი, მაღალი წამი, - როცა ნამდვილი მკითხველი ნამდვილ პოეზიას ეზიარება.
როცა ეს წამი იმ თვალს მკითხველშიც აახელს.
ესმა ონაინის პოეზია ამ წამის მარადისობად იქცა.

წყარო – http://lib.ge/body_text.php?9683


Last edited by Admin on Wed Jan 30, 2019 1:38 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 2 EmptyWed Feb 16, 2011 10:47 pm

ნინო სადღობელაშვილი

ნაწილიანი

ბავშვობაში ჯიუტად ინატრა, რომ დევის ქალს მოიყვანდა ცოლად. ანუ, ჯერ დევს დაეძგერებოდა, ხევ-ხუვებზე მუთაქასავით დააგორებდა, მერე მოკიდებდა იმის ლამაზ და შეშინებულ ცოლს ხელს და თვითონ დაისვამდა სახლში.

ძალიან იოცნება ამაზე და ერთხელ დედასაც გაენდო. დედას არ გაკვირვებია, პირიქით, საფეთქელზე მიადო ცერა თითი და მთიელი ქალისთვის იშვიათი რამე ჩაიდინა: თითით მონიშნულზე აკოცა.

ბავშვობაში ხომ ყველას გვაქვს სათამაშოები. სულ ერთია, თოოჯინა იქნება ეს თუ ავტომატი, ბურთი თუ ფერადი პირამიდა, თამაშით ყველანი ვთამაშობთ და ამისთვის საგნები გვჭირდება. ის კი, რატომღაც სულ ასე მგონია, რომ თამაშითაც ჩვეულებრივი სათამაშოებით კი არ თამაშობდა, არამედ არაჩვეულებრივებით. ასე მაგალითად: მთები შეეძლო კუბიკებად დაეწყო, ეთმანეთზე აეკოკოლავებინა, ჩამოეშალა, მერე კიდევ და კიდევ.. ნათურის გარშემო დაყრილი მკვდარი პეპლებითაც შეეძლო ეთამაშა, მდინარით მატარებლობანა, ღრუბლით – სახლობანა და ასე! მერე სადმე ტოტზე ყვავი დაიჩხავლებდა, აჰა ზარიც დაირეკაო, ეს იტყოდა და “სკოლაში” წავიდოდა. რამდენი სათამაშო ჰქონდა! ყველაზე, ყველაზე იღბლიანი ბავშვი სამყაროში!.

სამყაროც, დიდი სიტყვა კია, მაგრამ არ შეუშინდა. შიგ ბავშვური გულწრფელობით დააბიჯებდა და ისეთ რამეებს ხედავდა, რაც სხვებს ხანდახან მხოლოდ გვესიზმრება. თამაშით რომ გული მოიჯერა, ამ ყველაფრის წინ ჩამოჯდა და სულ სხვანაირად შეხედა: თავისი იყო.

თავისი იყო ეს უზარმაზარი მთები და თვითონ, აკვნის ჩვილივით მათ შორის გამოკრული, ეს ზეცაც თავისი იყო, მუჭისხელა ვარსკვლავები დღე-ღამის მანძილზე წამითაც რომ არ უქრებოდა და, ეს ხალხიც – ბებრის პირივით ალაგ-ალაგ მოსახლე. თავისი იყო ეს ბალახი და არამხოლოდ მთელი ქსოვილი მისი მწვანე აბრეშუმისა, არამედ თითოეული ღერიც მასში და ამ ღერზე მღოღავი ჭია-მატლი. ისეთივე თავისი იყო, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანისთვის დედა ან შვილი. და მერე ყველაფერი ცხოვრებაში ამ ნათესაობიდან იწყება..

ეს რომ იგრძნო, რაღაც დიდმა დარდმა გაუღო გული და ჩაუსახლდა. იმის მერე აღარ მოშორებია. რა აღარ უწამლა და უწამლეს, რა სახელი აღარ დაარქვეს და რა დიაგნოზით აღარ იმკითხავეს, მაგრამ არ იყო საშველი. საშველი აღარ არის ხოლმე, როცა ათასში ერთხელ, ამ უთვალავი წლის და ცოდვა-მადლით სავსე სამყაროში, ვინმე ამ დარდით დასნეულდება..

თუმცა, ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს. ჯერ მისი მთებიდან წამოსვლის და ქალაქური ცხოვრების ამბები ვთქვათ.

დედასთან ერთად ცხოვრობდა სოფელში და უჭირდა მისი მიტოვება, მითუმეტეს ზამთარში. იქ ხომ ზამთარი საზღვარივითაა – კარგახნით გაგმიჯნავს დანარჩენი ქვეყნიერებისგან, ცაც კი ერთი ნაბიჯით სადღაც გადაჩოჩდება. ზიხარ თოვლის მარადისობაში და ადამიანური იერიც კი გეცვლება, ვინმე მითოსურს ან ანდრეზულს ემსგავსები. მითუფრო, ბავშვობაში დევის ქალის ცოლად მოყვანაზე თუ ოცნებობდი და სიკვდილამდე მტკიცედ გჯეროდა, რომ ამით ბოროტებას ამარცხებდი. მაგრამ რა ექნა, უცნაური ბიჭი იყო და გამორჩეული. ქვეყანა უნდა ენახა, ცხოვრების მდინარეში ყელამდე შესულიყო. მისი ამ რჩეულობის ამბავიც სოფელში ერთი-ორმა საკუთარი თვალით ნახა. ერთხელ ფერდობზე ძიძგილაობდნენ ბიჭები, ხან ერთი მოიგდებდა რომელიმეს და რბილად დასცემდა ნამიან ბალახზე, ხან მეორე. ესეც, წამოაქცია ერთმა და მაშინ იყო, ბალახში პირქვეჩამხობილს ზურგზე, მარცხენა მხართან ცხრაჯერ დაკემსილი პერანგი რომ ჩაერღვა და ვინც იქ იყო, ყველამ იხილა – მხარზე ხელისგულისტოლა არწივი ეჯდა. მოიხრებოდა თვითონ – ჩაკეცავდა არწივი ფრთებს, გაიშლებოდა და ისიც. ზუსტად არწივი იყო თუ ძერა, ვინ იტყოდა, მაგრამ რაღაცნაირ მედიდურ იერზე ძერას ვერ აკადრებდი. ამიტომ, ყველამ გაოცებისგან დააღო პირი და იმანაც, ბალახებიდან ოდნავ შემკრთალი თვალებით ამოიხედა, გათქმული საიდუმლოს პატრონი იყო. მთაში ეგეთებს ნაწილიანებს ეძახიან და ძალიან იშვიათად, თუკი ვინმე ნაწილით დაიბადება, ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა განგებ გამოარჩია და რაღაც დიდი, განუმეორებელი მოხდება მის თავს.

ქალაქში ასეთების ნაკლებად სჯერათ და ათასჯერაც რომ გაშიშვლდე, შესაძლოა ათასჯერვე ტატუ ეგონოთ შენი მთებში დაბეჭდილი ნაწილი. ქალაქში რჩეულობაც ძნელი საქმეა და თავის გატანას, სულ მცირე, მგლის ჩამომავლობა მაინც სჭირდება. ამან მგლებისა ყველაფერი ზეპირად იცოდა, მგლის თავში, გონებაში ნაცხოვრებს გავდა, მაგრამ მაინც ცხვარი იყო. უბრალოდ, იღბალი ჰქონდა. ნაწილიანს ღმერთი იფარავდა მგლებშიც და დევებშიც.

ქალაქში პატარა ჩანთით ჩამოვიდა, შუბლზე მოკლედ შეკრეჭილი თმა და გაცრეცილი საყელო ჰქონდა, გაივლიდა და ფოთლის სუნს ტოვებდა. ჯერ ამ თავისი უცნაური გარეგნობით მიიქცია ყურადღება, სოფლებიდან ჩამოსული ახალგაზრდების მეტი რა უნახავს ქალაქის უმაღლეს სასწავლებლებს მაგრამ ამას ძალიან, ძალიან ჰქონდა ფოთლის და ბალახის სუნი. ისხდნენ გამოცდაზე თეთრთმიანი პროფესორები, შესცქეროდნენ და რაღაც აგონდებოდათ.. საუკუნის წინანდელი.. განმეორდასავით თითქოს ერთი კადრი: მთიდან პოეტი ჩამოდის.. მერე სასწრაფოდ გაიქნ-გამოიქნიეს თავები და არაფრისმომცემი პარალელები გამოიბერტყეს. ეს კი იჯდა და, გამოცდის ბილეთში მოსულ საკითხს ლექსად წერდა.

მართლა ლექსად წერდა. ასევე გადასცა შესრულებული სამუშაოების ამკრეფს და შენობიდან გავიდა.

ჩააბარა. იმ წელს ყველა მასზე ლაპარაკობდა. უფრო სწორედ, მის მიერ გამოცდაზე დაწერილ ლექსზე და პრეცენდენტზე, რომელიც ალბათ მხოლოდ ნაწილიანი ხალხისთვის ხდება: სხვა დროს ვინ ჩაგაბარებინებს ლექსად დაწერილი საგამოცდო საკითხისთვის უმაღლესში! როგორც უცხო რამ მოვლენას, ისე უყურებდენ. ზოგჯერ, როგორც ექსპონატს – ისეც. ართობდათ მისი შესაშური გულუბრყვილობა, მთაში ნაბადი სიწმინდე. მოსწონდათ მისი უცნაური აზროვნება და იერი – ცხვარი იყო, მაგრამ წამითაც არაფრის შეშინებია. გარეთა მტერი ვერ აფრთხობდა, იმ მტრის ტვინშიც შეეძლო ხოლმე ცოტახნით ცხოვრება და, მერე რაღაა საშიში, როცა ვინმეს ფიქრი ზეპირად იცი!

აი, შიგნით კი, შიგნით ერთი პატარა მტერი ყავდა, მტერიც არ ეთქმოდა მაგრამ არც მოყვარე იყო, - ერთხელ რომ დარდმა გულისკარი გაუღო და ჩაუსახლდა, იმაზე ვამბობ. ხანდახან ისე შეაძრწუნებდა, საკუთარი გულის გაგლეჯვა და საკუთარი ტყავიდან გაღწევა ეოცნებებოდა, ამ თავისი ისედაც მჭლე ხორციდან გათავისუფლება, ამ თავისი ადამიანური ფიქრიდან გასვლა. აღარც მეგობრებს შეეძლოთ ასეთ დროს ნუგეში, აღარც წარმატებები ახარებდა, აზრს კარგავდა ყოველივე და ის კი იჯდა თავისივე თავის ტყვეობაში, თვალებზე თეთრი ნისლი ეფარა და ტკივილის გასვლას ელოდა.. თავიდან ამ ტკივილის წამალიც იცოდა – მთაში მიდიოდა, დედასთან ბრუნდებოდა ხოლმე. იქ ხომ ყველაფერი თავისი იყო და, აბა რაღა მოგკლავს, როცა შინ ხარ, შენიანებში.

იქ აიდგა ენა და მერე სულ ამ ენით ლაპარაკობდა. ეს ენა რაღა იყო, კაცმა არ იცის მაგრამ სიტყვებს ხილული სამოსელი ჰქონდათ. მაგალითად, ჩვენ ხომ ვამბობთ ხოლმე: სიკვდილი მოვიდა. და ვგულისხმობთ, რომ ადამიანი კვდება, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის, ადამიანს ემართება რაღაც, მას ემშვიდობებიან, მას კარგავენ.. ის კი, იტყოდა იგივე ფრაზას და დაინახავდი, რომ ადამიანი კი არაფერ შუაში იყო, არამედ თვითონ სიკვდილი – ხორცშესხმული, ორთვალა და ერთცხვირპირა, კაცადქცეული სიკვდილი, რომელიც აღმა-დაღმა დაიარება და ვითომ ძალიან უსამართლო, სინამდვილეში მშვენიერ საქმეებს სჩადის.. ან, იტყოდა და გაგიცოცხლებდა ყველაზე მივიწყებულ ოცნებასაც – სადღაც შორს, ყველაზე მიუვალი ზეცის იქით რომ დაგვრჩა ადამიანებს და სახელიც კი დავივიწყეთ მისი. მოგიახლოვებდა, ყვავის ფრთებით მოგიხვეტავდა იმ ზეცის ნაწილებს ცხვირწინ და ყვავებისავე გუნდს გაგაყოლებდა ცაში.. არა რომელიმე ლურჯ ფრინველს ან მტრედს ან სულაც არწივს, არამედ ყვავებს, ამ მჩხავანა და ყველასგან ათვალწუნებულ ჩიტებს, რომლებიც რაც უფრო მეტად ადიან ზევით და ზეცას ერწყმიან, მითუფრო ძლიერ უცისფრდებათ ფრთები..

ყვავები რომ ოდესმე მტრედებთან ერთად დასხდებიან და მგლები რომ ცხვრებს პირით ბალახს მიუჩოჩებენ, ეს ძველისძველი წინათგრძნობა არ ასვენებდა!

მერე ისევ ქალაქი. სტუდენტობა. წარმატებები. ლამაზი ცოლი და ორი ბოჩოლასთვალება ბიჭი. გარშემო ყველასგან სიყვარული, განსაკუთრებული სიყვარული, რომელიც ხანდახან თრგუნავდა. საკუთარი დარდის ტყვეობას უმძაფრებდა და გასაქცევ გზებს ეძებდა. ჩვენ კი ძალიან გვიყვარს, როცა რაიმეს ყველასთვის გასაგები სახელი ქვია და, ამ გზებსაც უძებნიდნენ სახელებს: ნიჭიერია და პატრონი არა ყავს, აბა სხვა ქვეყანაში ცხოვრობდეს, თავზე შემოევლებოდნენ!.. ჩვენთან შიმშილით კლავენ და სიკვდილის მერე აფასებენ!.. პურის ფულს რომ ამისთანა ხელოვანი კაცი სახლში ვერ მიიტან, სიკვდილს ინატრებ აბა რა იქნება!.. და ასე დაუსრულებლად. ეს არაა სიყვარული. არც ისაა სიყვარული, როცა ამ ნიჭიერ ცხვარს ყელზე თოკს გამოაბამ, მაჯაზე დაიხვევ და “მეე მეე”-ს იმდენჯერ აძახებინებ, რამდენი ხმაც შენი პარტიის საარჩევნო ბიულეტენში გამარჯვებისთვის გჭირდება.. მერე რა, რომ ცხვრისთვის იქნებ მართლა კარგი გინდა, შენი ჭკუით ვითომ მგლებისგან იცავ. სამყარო ხანდახან ისეთი გაურკვეველია, ეგრე ადვილად სიკეთეს – სიკეთეს და ბოროტებას – ბოროტებას ვერ დაარქმევ..

ფურცელი, კამერა, დრო – აი რა იყო მისი ზეცა და ბალახი. თავისი სოფელი წინ მთავარსარდლის რუკასავით გაიფინა, გადმოაწყო ეს მთები და ხევები, უტრიალა და უკირკიტა, იკითხა და იფიქრა ისინი და, სულ წიგნებად და ფილმებად აქცია. მთელი ცხოვრება დასჭირდა საამისოდ. სხვა სივრცე არც უძებნია – იცოდა, მაინც ხელოვნური გამოუვიდოდა, ყალბი, არათავისი.

თავი რისთვის აეტკია, ისედაც რა მდიდარი მასალა ჰქონდა! ერთს გაიხედავდა ხოლმე თავისი სახლის სარკმლიდან და დაინახავდა: წინადღით მეზობლის ქელეხში გალეშილი სამი მოთხრობა მოდის! ერთს არეული თვალები აქვს და ვიღაცას ჰაერში ექადნება, მეორე მესამეს შეყუდებია და ცოტაცაა და, ღორღიან ბილიკზე კისერს წაიმტვრევს.. ან, გულგრილად როგორ ჩაუვლიდა ნამდვილი შემოქმედი ერთად მოქუჩებულ იქაურ შავკაბიან ქალებს, ოდესღაც დაწერილი ტექსტიდან გადმოსულ პერსონაჟებს რომ გავდნენ – დასრულებული იდეურ-მხატვრული კომპოზიციებით, ერთი ხელის შევლებაღა რომ უნდოდა – ახალ ტექსტში გადაწერა და მერე ამ ტექსტისთვის სულის შებერვა, მეტი აღარაფერი!

ქალაქში კი გაოცებულნი კითულობდნენ მის ნაწერებს, მის ფილმებს ნახულობდნენ და ესაც უკვირდათ. რაღაც ძალიან დიდი და დაუფარავი სიმართლე ელაპარაკებოდათ იქიდან. ხანდახან ამუნათებდათ, ხანდახან ეფერებოდათ. რაღაც დიდი სიმართლე იყო, მშობლიური და მთქმელის ტყავზე გამოცდილი. თქვენ წარმოიდგინეთ, იმათთვისაც კი მშობლიური, ვისაც ქართულის და საქართველოსი არაფერი გაეგებოდა.

მონუსხულები ისხდნენ და შესცქეროდნენ სამი-ოთხი კალთა მთის ამბებს და მათში ატეხილი ვნებათაღელვების და საკაცობრიო ოცნებების ისტორიას. აღფრთოვანება პრიზებით და ჯილდოებით სრულდებოდა.

ეს იქ, უცხოეთში. სამშობლოში კი უპრიზო სიყვარული იყო. რაღაცნაირი – მორიდებული, ფრთხილი შეფასება. და არამხოლოდ იმიტომ, რომ შინაურ მღვდელს არა აქვს შენდობა, არამედ იმიტომაც, რომ სულ რაღაც საუკუნის წინ მთელმა ქვეყანამ ბევრი წყალი დაღვარა, ერთი ასეთი რომ ეშვა. იმ ერთს მერე ცალ თვალში ჩაუდგა ერის ნაჭინთი წყალი და სამუდამოდ აუმღვრია, ცალით კი მეცხრე ზეცას მიებჯინა, როგორც სამშობლოთა შორის უსამშობლოვესს, და იქ რასაც ხედავდა, იმაზე დაიწყო წერა. ის მამა იყო, ეს კი შვილად გაჩნდა, და სამყაროს კანონიც ისე გადანაწილდა, როგორც ადამიდან მოყოლებული: მამა-შვილს შორის.

შვილი ურჩია, სულ გაქცევაზე აქვს თვალები. ესაც – დაადებდა ხოლმე თავს და გარბოდა.

ჯერ, სანამ დედა ყავდა ცოცხალი, დედასთან. მერე კი, დედაც რომ წაუვიდა, პირდაპირ მიაჭრიდა ხოლმე საიქივ-სააქაოს მიჯნას, აუტეხავდა სიკვდილის კარს ბრახუნს, შეღწევას ცდილობდა. ერთხელაც იმდენი ქნა, ხუთჯერ დანაც კი დაარჭო იმ კარებს შუაგულში, მაგრამ ვერც იმით შეაღო. ვიღაცას მის თავზე – მის დამბადებელს, პატრონს, მზრუნველს, ძალიან უყვარდა.

მერე შვილები გაიზარდნენ და ეს კი ვეღარ გრძნობდა დროს. ის თავისი სატკივარი დარდი შიგნიდან ჭამდა, ძალას აცლიდა. აბა მთები უშველისო მაგას, ის ენატრებაო და, გააქანეს მთებში. არ უშველა. აბა მაშინ ზღვა ვცადოთო – არც ზღვამ. აბა ხშირ-ხშირი ზიარებაო და, ცოტა მოითქვა სული. მაინც დიდი დასასრულისკენ ცხადლივ მიექანებოდა და თან გზადაგზა სიზმრებს ხედავდა. წინასწარ ესიზმრა მთელი ქვეყნისთვის მომავალში გადასახდენი ამბები. ამან უფრო დაუჩქარა სიკვდილი.

გამოაღებდა მისი ლამაზი ცოლი ფანჯრებს, შემოუშვებდა ოთახში დილისსუნიან ჰაერს, შემოყვებოდა იმ ჰაერს ათასი გამვლელ-გამომვლელის ჩრდილის ნაკუწი, ერთი ტოტი აკაცია და მთაზე ერთი წაფარება ცა. ის კი იწვა ლოგინში ასი წლის მოხუცივით გაფითრებული და დევებზე, ყვავებზე, ნაძვებზე ფიქრობდა. სხვა ენა აღარ ესმოდა. მერე ისიც გაახსენდა, ბავშვობაში რომ დევის ქალის მოტაცება ინატრა და, ერთი წამოდგომა ამ სურვილით წამოდგა.

მერე სულაც გაჩერდა და ყველაფერი ღმერთს მიანდო. ღმერთს მინდობილები კი აღარ დადიან, - ცურავენ. შეიხვევს ლურჯი ტალღა თავის შიგნით, თბილად, საიმედოდ ამოუგებს აქეთ-იქიდან წყლის საბანს და გაიყვანს შუა ზღვაში, ოკეანეში.. დაატივტივებს დედამიწის მუცელში და ამქვეყნად ყველა ქარიშხალმაც რომ გადაუაროს, მაინც არ შეეშინდება, რადგან ღვთისთვის ნდობაგამოცხადებულს, მისივე თვალი იფარავს. ხანდახან ადამიანები ისე კვდებიან, რომ ამ უკიდეგანო შვებას ვერ განიცდიან.. ამან კი ბოლოს, კი არ იარა, ცურვით წავიდა წინ.

საუკუნეს გადაცილებული მოხუცივით იწვა კუბოში – წარბებგათეთრებული. მოდიოდნენ და სინანულით იქნევდნენ თავებს. ერთმა ისაც კი თქვა: ჩვენი ბრალია ამისი სიკვდილიო. ისედაც ტვირთიანს თავიანთი სინდისიც აკიდეს და სულ დაამძიმეს ეს ურჩი ცხვარი. ვინ ეხვეწებოდათ, თქვენს თავზე დაიბრალეთ ამისი ცუდადყოფნაო? ან შიმშილს და უპოვარებას დააბრალეთ მისი სევდაო? როგორ საშინლად ვიცით ადამიანებმა უაზრო თანაგრძნობით ერთმანეთის დატყვევება! წამში ავართმევთ ხოლმე თავისუფლებას, გაურკვეველ განცდებში გამოვკეტავთ!.. ნეტა, მთაში რომ დარჩენილიყო და არც არასდროს ჩამოსულიყო ქალქში, იქ რა მოხდებოდა? უფრო გაუადვილდებოდა? გაუძლებდა?

დასაფლავების დღეს საშინლად წვიმდა და ნისლი იდგა. საფლავი იმ მონასტრის ეზოში გაჭრეს, სადაც ადრე თვითონ და მისმა ცოლმა დაიწერეს ჯვარი.

მოგვიანებით საფლავს ქვაც დაადგეს – თეთრი ცხვარი აქვს ზედაპირზე ამოტვიფრული და ერთ კუთხეში პაწია ღრმული – შიგ წვიმის მერე წყალი დგება ხოლმე და ჩიტები სულ ზედ ასხედან – ღრმულიდან წყალს სვამენ.

ლამაზმა ქვამ და კარგად მოვლილმა საფლავმა ცოტა დაუმშვიდა სხვებს სინდისი, სიკვდილის მერე მაინც მივხედეთო. ალბათ მის სახელს ეს უცნაური, ნაქენჯნი ტალღა წლების მანძილზე თან გადაჰყვება. სადაც მასზე იტყვიან, ამ განწყობასაც სულ თან მოაყოლებენ და, ვინ იცის, რამდენჯერ წაეჩხვლიტება იმის სულს უკვე აყრილი და მაინც სამუდამოდ მის სახელზე მოჭრილი ამქვეყნიური ბორკილი.

ან კი ჯერ რამდენი დრო უნდა გავიდეს, მის შემოქმედებაზე ფიქრი რომ დაიწმინდოს და დაღვინდეს, მომავლის სანახებში დროდადრო გაცოცხლდეს და სხვაც ყველაფერი გარშემო გააცოცხლოს. ამიტომაც არის, ჯერ დინჯად მასზე ვერც ვწერე. უფრო დალაგებულად მინდოდა, ვიფიქრე – ერთ მოტივს გამოვარჩევ-მეთქი, იმით დავიწყებ, მთის წვერიდან დაშვებული მუჭა გუნდასავით – იმას დავატრიალებ და გზის ბოლომდე სულ თავისით ჩავა – უშველებელ თოვლის ზვინად ქცეული..

არ გამოვიდა. გუნდა აქეთ-იქით ხტოდა და ვინ იცის, კიდევ რამდენი რამე დამრჩა სათქმელი, რამდენი ხელუხლებელი თოვლი – აუკრეფავი და დაუნახავი.

თქმა არც უნდა, ყველა მიხვდებოდა – გოდერძი ჩოხელზე ვწერდი.

ჩემს გოდერძი ჩოხელზე.

წყარო – http://lib.ge/body_text.php?7557
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 2 EmptyTue Mar 29, 2011 12:01 am

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Sadgob10

ნინო სადღობელაშვილი


მდინარეების სამდურავი

დემეტრე დაიაურს, მამუკა არაბულს, არაგვს და არღუნს, ერთად, ერთხმად..


მდინარეები ჩიოდნენ,
ხევხევ ბეჩავად დიოდნენ,
იმათი შემხედვარენი
ცანი ქვე ჩამოდიოდნენ:
ეს რას მოვესწართ, ტალღებო
ადრე იალაღ-ლაღებო,
რომ გაგვაჩუმა სიკვდილმა
პირში გაგვჩარა ბალღები.
განა ისეთს რას ვხმაურობთ,
მიწას რას მოვწევთ ღრიალით,
ან წაღმა რას წავაბრუნებთ
რაიც უკუღმა ტრიალებს..
ჩვენ რას გვერჩოდი სიკვდილო
ასე რომ გაგვატიალე,
ჩვენს ადიდებულ ჩქერებში
ბალღების ძვლები ჩხრიალებს..
ეხლა როგორღა ვიდინოთ,
ბოღმა ანაზდად ვახველოთ,
ვაითუ სისხლის კოლტებად
ჩვილები ამოვახველოთ.
რა დაგიშავეთ მიწაო,
შე ჩვენის ხელით ნაბანო,
რომ შენი ცოდვებისათვის
ღვთის წინ ჩვენ გავიჯაბანებთ.
ჩვენ ჩაგვეკვრიან დედები,
სულებში ჩაგვატირებენ,
ამწვანებულზე მომავალ
სიხარულს გააჭირებენ.
რად გაგვაჩუმე, უფალო,
ბალღებით რაღა გვანიშნე,
მთების საწოვი ცურები
დარდისგან რატომ გაგვიშრე!..
განა, რომ მივედინებით,
ხსოვნა არა გვაქვს სულისა?
სიკვდილ-სიცოცხლის ამბავის,
ათასჯერ გარდასრულისა?
ბალღებს ჩვენ დავიტოვებდით,
ვუპატრონებდით ახლავე,
ოქროს თასებად ვაქცევდით
იმათ პატარა საფლავებს,
დილდილაობით დავლევდით,
უკვდავებისას ვიტყოდით,
წყვდიადისაგან ვარსკვლავად
მათ სულებს გამოვითხოვდით..
ბეჩავო ადამიანო,
ვითომ ყველაფრის პატრონო,
მოდი და ესაც შეძელი –
სიკვდილზე გაიბატონე!

. . . ამაღამ, მთვარის ბილიკზე
ჩავივლით, ჩავიმარტოვებთ,
ტალღის სახვევებს შემოვხსნით,
ბალღებს ნაპირზე დავტოვებთ.
ჩვენ წავალთ, ჩვენი გზა გველის
დაუსაბამო, ულევი,
თქვენამც სიცოცხლეს მიხედეთ
გადაიწმინდეთ გულები.

study

https://www.facebook.com/notes/nino-sadgobelashvili-ninia/მდინარეების-სამდურავი/147007578647926


Last edited by Admin on Tue Jan 30, 2018 1:05 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 2 EmptySat Jun 25, 2011 11:05 pm

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Sadgob11

ნინო სადღობელაშვილი

***
უშენობას ვმარხულობდი,
წარმართ სიზმრებს ვნახულობდი,
შუბლზე მეჯდა ნიშანივით
წვრილ-ვარსკვლავთა ხომლი,
ღმერთს აღმართში დავეწიე,
ღრუბლის მგლები დამესიენ,
გამგლიჯეს და, შორი გზები
ხეიბარმა მოვვლე...
მერე შემხვდა წმინდა შიო,
ნუღარ ივლი ღამეშიო,
მზის შუქიდან გაუსწორდი
ვინც გიყვარსო, მითხრა,
მე კი ისევ მაცილებენ,
ჩუტყვავილა მაცილები,
და ნისლებით შეთვალული
ფეხს ქვიშაში ვითრევ...

გათავდება უშენობა,
ცის სკნელიდან ქრისტე მოვა,
სად გეძებო,
სადღა გნახო,
როცა მოვა ქრისტე!..

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Sadgob10



Last edited by Admin on Thu Jan 30, 2014 1:20 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 2 EmptyFri Nov 18, 2011 11:12 pm

ნინო სადღობელაშვილი

ცისფერი პერანგი

მზის ფოთლები მჭვირვალებენ გუმბათების ჩრდილში,
იასამანს ცისკენ გააქვს ლაჟვარდების ბოლი,
დგახარ მკლავებგაშლილი და შენს მოღობილ სივრცეს
გაზაფხულში უღვივდება ნამიანი ბოლო...
ბზის ბილიკზე ბავშვი მორბის, შენი მოძმე თუა,
მუჭით მკვდარი ჩიტი მოყავს _ კიდევ გაუცოცხლო,
ამ თამაშებს, უცნაური სიყვარულით მღუარს,
ნაღვლიანი ჯამბაზები ხვალ თუ გაუძლებენ...
შენ კი დგახარ მკლავგაშლილი, შენს ეზოში მზეა,
დედაშენი მაგ თბილ ტანზე ცისფერ პერანგს გიქსოვს,
დგახარ ასე გაუნძრევლად, მერამდენე დღეა,
დილის ღრუბელს გაზომებდნენ გასაფრენად თითქოს.
დედამ მკერდიც აათავა, საყელოსკენ მიქსოვს
და მკლავებზეც, როგორც სარზე პამიდორის ჩითილს,
ისე ფრთხილად მოახვია აბრეშუმის სითბო,
ისე კენკა თვალდათვალი, ვით მარცვალი ჩიტმა.
შემოვიდნენ მეზობლები, ჭის ქონგურთან დასხდნენ,
მასლაათით მოიდინეს წუთისოფლის ოფლი,
თან თვალს თქვენკენ აპარებდნენ,
ვერ გაუძლეს _ ადგნენ,
თქვეს: ამხელა მორჩილებას რა სიმშვიდე ყოფნის!
დედა მოქსოვს საყელოსაც, ვიდრე გათენდება,
შემოგაჭდობს აბრეშუმის უნაკერო პერანგს,
დედამ იცის, მალე შენი ცეცხლი აენთება,
დრო სიკვდილთან ჩამოსაჯდომს
სამი დღისთვის ზვერავს...
დედამ იცის, ამ პერანგზე ღვინო დაგექცევა,
იცის, ცუდის ნიშანია, ცა თავისას ითხოვს,
დედა ხედავს: თეთრ ღრუბელზე ხელმწიფურად წევხარ
და ურღვევი პერანგიდან სიყვარული გითოვს...
დედაა და, შენს პერანგებს უნდა მოუაროს,
ჯვარნაცვამი შეინახოს, მკერდის ძირში შეფლას,
მერე, ჭირისუფლის წესით, სხვებს ჩამოუაროს,
დაარიგოს, გულით უთხრას, რაც სიტყვებით ვერ თქვას.
. . .
მზის ფოთლებში მჭვირვალებენ განთიადის ხმები,
ბნელ სიზმრიდან იშმუშნება სახლი: დედამიწა,
დგახარ მკლავებგაშლილი და შენს ნაშუქზე ლღვება,
ვისაც მთელად, გაუხდელად შენი სიტყვა ეცვა.


* * *
მთებზე გადმოდგება ჩემი ნანდაური,
მოჰყვება ირმების ჯოგი,
მკლავზე გადაიფენს მთვარის ნართაულებს,
ღრუბელს არ დაუჩოქებს.
ნეტავ რას ვამსგავსო ჩემი ნანდაური,
ეს ჩემი დარდების აღე,
გავუშლი ლოგინად ბალახის სასთაულებს,
და ჭერად _ ნეკერჩხლის თაღებს,
საიდან მოვალის შორით სადაური,
შეშურდეს სიკვდილსაც გზაი,
მთებზე გადმოდგება ჩემი ნანდაური,
დახვდება თავისი დაი,
იმათი შეყრისგან ელვით გაავდრდება
და მერე მზით გაიდარებს...


* * *
არ გამოფინო ტკივილის ფარდაგები,
რაც უნდა სიყვარულის ყვავილები
ეხატოს გულზე,
რაც უნდა მშვენიერი იყოს
ჩუქურთმა _
სისხლძარღვების ატყორცნილი ცამდე
ლერწამი,
რაც უნდა ლამაზი იყოს _
სინამდვილის ლურჯ ბალღამში
ჩაწობილი სულის ფოთლები,
სველი ფოთლები,
გაცვენილი შემოდგომა,
მზეგარდასული...
რაც უნდა მრისხანე და
დიდებული იყოს სინათლე _
ფარდაგების ხაოდან რომ ამოასხივებს,
არშიების ბორჯღალებს რომ
თავბრუსხვევით დაატრიალებს,
რომ ჩააქრობს სიკაშკაშით
სხვა ვარსკვლავებს,
რომ ჩაფერფლავს,
ჩააწყვდიადებს...
არ გამოფინო ტკივილის ფარდაგები,
არამედ ჩაწექი მასში და
ოთხივე მხრით ამოიგე,
გაეხვიე, როგორც
თესლი _ მიწის საბანში,
თავზეც მისი ჭრელი ფოჩი გადაიფარე,
შენი ცაა, შენი სახლია,
მარცვალი ხარ _ ფარდაგებში უნდა
გაღვივდე,
ეგებ მოხდეს _ თოთო ფესვიც
ამოიყარო,
და ეგ ფესვი, იცოდე რომ _
გაზაფხულია!


ქარისპირული

მზემ გაგიხსნა დარაბები, დილაო და ნანა,
მოგამზადებთ, ჩვენ შეგმოსავთ, ვარდის წყალო ნანა,
თავზე იას, შუბლზე _ ზამბახს, გულის ბჭეო ნანა,
მუხლებს ღრუბლის წვენში გაგბანთ, სალაჟვარდე ნანა...
მიგაცილებთ კარიბჭემდე, შენ არ შეშინდეო,
მინდორზე კრავს გაგაყოლებთ, ჩვენ კი შეგვინდეო _
ამ ნაპირზე იფურჩქნება ჩვენი შებინდება,
შენ კი, ბალახს ფეხს რო დაკრავ, მეტი მოგინდება...
ვარსკვლავებს რომ ჩამოურბენ, ადრიანო ცაო,
არ დახარბდე, ყოველ ჩქერზე ხელი დაუცალე,
მაინც შიშვლად იბადები, სიყვარულის ცალო,
ვერ გამოცვლი იმ შენს ვარსკვლავს,
ცაც რომ გამოცვალო,
უკან აღარ მოიხედო ლურჯთვალება ნანა,
მიგელიან შენს ნაპირზე, ყვავილებით დგანან,
შენზე უფრო ჩვილებია, უმწეონი, ნანა,
მშობლის ენადავიწყებულ უცხო მგზავრებს ჰგვანან...
არ შეშინდე, ციცქნა ძვლებით ამ ცის ხსოვნას გატანთ
და როდესაც ქარი მოვა და ფრთებს შენზე გაშლის,
შენი ძვლები იმღერებენ მაგ სიმღერას ქართან
და იდგები სამყაროში ფრთაგაშლილი ბავშვი.
მზემ გაგიხსნა დარაბები, დილაო და ნანა,
მორჩა დავიდარაბები, მალე გაჩნდი, ნანა...


სიყვარული საყდრისა და კრავის
ლ-ს

მოდგებიან, მოგვიგონებენ:
მთების ქათიბში
საყდარი იდგაო და,
იმ საყდრის წინ
კრავი დარბოდა,
ჩვილი ქუსლით ბალახს თელავდა,
მატყლით ზეცის ბირკა დაჰქონდა,
საყდრის კარი ღია იყო,
ზედ მთვარის ნალი ება,
ელავდნენ ღრიჭოები
თავახდილ გალიებად,
ან კრავს იქ რა უნდოდა,
ვინ რისთვის დატოვა,
სხვა დედას მიუგდო
სანთლიან, გაჭვარტლულ,
თაფლისფერ ძუძუსთან,
თვითონ წავიდა და უფსკრული გატოპა.
ან ვიღა გაიგებს,
რას სწირავს თავს კრავი,
ან ძველი საყდარი
ვის ლოცვას იგუბებს,
დგანან ერთმანეთის ნარჩოლარ
ჩრდილებში
და მზეს იცოხნიან,
როდესაც იღრუბლებს,
და უკიდეგანოდ არიან მარტონი
ტრიალებს მათ თავზე
სიჩუმის ბორჯღალი,
გადაევლებიან ვარსკვლავთა წვიმები
მათ ფიქრებს, მათ დარდებს
სიკეთით მორწყავენ...
მოგვიგონებენ,
მოგვდგებიან,
გადაგვხელავენ,
რომ გვიპოვონ სადმე საზღვარი,
რომელი ვინ ვართ,
მე _ კრავი თუ ან შენ
საყდარი,
ან პირიქით,
ან ძალიან,
ან იქნებ სულაც...
უვლია ცას და, ჩვენთან ერთად
სადღაც წასულა...

"ლიტერატურული გაზეთი", 28 ოქტომბერი - 10 ნოემბერი 2011

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 2 EmptySun Nov 20, 2011 4:57 pm

ნინო სადღობელაშვილი

მიხო მოსულიშვილის სერიიდან: "ჩემ ცაცხვთან გადაღებული", 2011, 20 ნოემბერი

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 110

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 210

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 310

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 410

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 510
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 2 EmptyMon Feb 06, 2012 9:49 pm

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Book_o11

წიგნის დასახელება – "ფრთები და ხელები"
ავტორი – ნინო სადღობელაშვილი
რედაქტორი - მარიამ წიკლაური
ISBN 978-9941-430-98-5
კატეგორია – პოეზია
გამომცემლობა – "ინტელექტი"
ყდა – რბილი
გვერდების რაოდენობა – 144
გამოცემის წელი – 2011

ანოტაციის მაგიერ - "ნინო სადღობელაშვილი თანამედროვე პოეტია. არც ტრიბუნაზე დგას, არც შოუს მონაწილეა, არც ბარიკადებზე მებრძოლი, არც საყდრულ მყუდროებას შეფარებული განდეგილი. თანამედროვეა იმდენად, რამდენადაც ძნელ დროში ცხოვრობს, ძნელ დროს აღწერს და ცდილობს, ადამიანად ყოფნის პოეზია შეინარჩუნოს და აქციოს თანამედროვე ლექსად, რომელიც ახლა იწერება და დღევანდელობის ფერი აქვს მარადიული მემკვიდრეობის ნიშნით..."
(მარიამ წიკლაურის ბოლოთქმიდან)

study

ნინო სადღობელაშვილი

მთებს

ეს მთები ჩემი პაპების ნასახლარია.
ხანდახან, როცა მზე ისე უცნაურად
მიიდრიკება პირიქითისკენ,
ხანდახან, მზესაც რომ მკვდრისფერი დაედება ხოლმე,
უფრო სწორად – მიცვალებისფერი...
წამოდებიან ჩემი პაპის პაპები და
იმ მთებზე ნალებს ჭედავენ.
ჩაიქროლებენ ღრუბლის რაშები,
გადაგრაგნიან წუთისოფლის ყუას,
გადაყვებიან დიდი პაპები...
ხან, შეიძლება კალთაში
ნაპერწკალიც კი ჩაგივარდეს,
გააღვივებ და
შინ ცეცხლს წაიღებ.


sunny


Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 2 EmptyFri Nov 16, 2012 9:19 pm

ნინო სადღობელაშვილი

მარიამული დღესასწაული


სამი მარიამი მყავს: შენ, დედა მარიამი ძეგვში და ღვთისმშობელი. ესაც _ ჩემი სამება. ქალური კედლით, აი, ასე, მარიამულად ვებმი სამყაროს.
შენზე დაუსრულებლად მინდა ხოლმე ვილაპარაკო. შენ ის ადამიანი ხარ, ვისზეც უცნობებს უნდა მოვუთხრო. თუნდაც ნაცნობებს, რომ უფრო მეტად იახლოვო, უფრო მეტად ჩაიღრმავო გულში ისინი, საერთო ენაც გამოინახო.
აი, ამ სიტყვასაც მივადექი _ შენ ძალიან გავხარ ენას. ყველაზე შინაურს და ყველაზე ახლობელს – ადამიანთა ენას, რომელიც კიდეც გესმის და რომელსაც გამოთქვამ.
ჯერ ხომ ენაა და მერეა სამშობლოც, დედაც, შეყვარებულიც. ჯერ არის ენა აი, ასეთი ბებერი სიტყვით, როგორიცაა, მაგალითად `ნიკბი~ ან `ქარქარაკი~, და მერეა მისი სურნელი პოეზიაში. ეს სიტყვები შენი ლექსებიდან მოვისმინე. შენ გამუდმებით რაღაც ძალიან შორეულს, ძალიან ძველს მახსენებ. . . ხანდახან საჭიროა ხოლმე გვერდით გედოს ძვირფასი წიგნი `სიტყვის კონა~ და შენ ლექსებს კაკლის ლებნებივით მასშივე ფცქვნიდე.
ასეთი ენა ხარ - ძველი და შორეული და მაშინ, როცა ადამიანთა ნაკოწიწები გაფხეკილი სიმარტივისკენ მიექანება, შენ მაინც ურჩად და ერთგულად ბრუნავ შენივე მახსოვრობის ტბებში და ყველაზე ძირიდან სიტყვები ამოგაქვს, როგორც მზეზე გასაშრობი ოქროს მარცვლები. ვისაც ოქროს სურვილი აქვს, მიეტანება. ყალბით კი, უხეირონიც კმაყოფილდებიან. და ეს ყოველივე ხანდახან იცი, რას მაფიქრებს? გეგონება შენმა ხატმა დაგავალა, შენმა რომელიმე სალოცავმა, ისე, რომ ამის შესახებ თავადაც არ იცი. თავსაც ხომ შემოუძახებ ხოლმე, ხან საიდან წამოაფხიზლებ, ხან რითი აუხირდები _ სიფხიზლის განცდა წამით არ გტოვებს. და აბა, რა სხვა ძალას დავაბრალო ყოველი ენითუთქმელი მშვენიერება შენში? თითქოს ხატი დაგძახოდეს ზევიდან: წერე, მარიამ! იცხოვრე, მარიამ! იჭირისუფლე, მარიამ!
ჩემო ყველასი ჭირისუფალო... დღე ღამდება და აბა, ვინ დაგრჩა დღეს მოსაკითხი? შენ პოეტებს სათითაოდ ჩამოურეკე? იმათი ამბები გაიგე?
შენ მაშვრალსა და შეწუხებულებს შეეხმიანე, ვის რა უჭირს, ვის რა ენატრება, ვისი სიხარული ვისთან გაქვს ყვავილის მტვერივით ფრენით გადასატანი. ვინ ავადაა და შენი შველა ჭირდება, ვინ კარგადაა და მაინც უშენოდ გაძლება უჭირს. ხომ არავინ გამოგრჩენია?
ვისი ფიქრი უნდა შეიყოლიო ბალიშში თავშერგულმა?
ხანდახან საკუთარ საფიქრალს ხელი აუქნიო და სხვისაზე წამოიგო ლოცვის კრიალოსანი... როგორ თქვი? _ ღამით რომ ხეებია, იმათ გავხარ _ მდუმარეებს და მომლოდინეებს, ვარსკვლავებში გაყურსულებს... რაღაც დიდი და უნებლიე საიდუმლოს შემსწრეებს. . .…გათენდება და სიცოცხლე ფესვებიდან წამოგაყენებს. . .… შენ ხომ შეგიძლია სამზარეულოში საათობით მოფუსფუსემ, ძალიან ჩვეულებრივ ქვაბებში ძალიან ჩვეულებრივი სანოვაგისგან პოეზია ხარშო და აცხო და გულში ამ დროს სტრიქონს რანდავდე და მომავალი ლექსისთვის ახალი მოტივი ადუღებულ ჩაიდნის ხმას აუწყო.
შენ ხომ შეგიძლია ისე გადახსნა შავი პურის ნაჭერი, რომ მისი თბილი ნიგვზის ოხშივრიანი გულიდან სამშობლოს სუნი შეიყნოსო, ყველაზე შეუცვლელი სუნი და მერე გახედო დანარჩენ სამყაროს. შენ ხომ შეგიძლია, გყავდეს ორი ულამაზესი შვილი თავიანთი ფერადი და ათასმეგობრიანი ცხოვრებით, გყავდეს დიდი და მშვენიერი სიხარულით სავსე ოჯახი და მაინც იყო ძალიან მარტო, სრულიად მარტო და ღმერთის პირისპირ შენ მარტოობას ლექსებით მღეროდე. შენ ხომ შეგიძლია, ისე მიმეგობრო, რომ სიყვარულისგან გულგაქვავებულს მეჩვენებოდეს, თითქოს მხოლოდ ჩემი მარტო ჩემი მეგობარი ხარ და ვერავისთან გაგიყო. სწორედ ისე, როგორც ადამიანის წესია. ადამიანებიც ხომ იშვიათად, მაგრამ რაღაცით მაინც ღმერთს ვემსგავსებით
`ვეფხისტყაოსნის~ მეგობრობაც აბა, სხვა რაა! ან სად წავიდოდა ის ნიჭი ჩვენგან, ცხრა საუკუნე რას გაცვეთდა და რას გამოლევდა! ეს მეგობრობა დღესაც ცოცოხლობს და ამ ქვეყნად ყველა წიგნი მხოლოდ მაშინაა ცოცხალი, როცა ის დღევანდელზე გესაუბრება.
შენთან ყოფნა ათასწლოვან სიცოცხლის განცდას ნიშნავს.
შენი მარტოობაც გადამდებია, ისევე როგორც ყველა დიდი დღესასწაული და ამ ზეიმში, ამ ქართულ, მარიამულ ზეიმში, შენთან ერთად მე დღეს მთელ სამყაროს ვეპატიჯები!
ღმერთით, მარიამ!

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 2 EmptyThu Mar 07, 2013 12:18 pm

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Nino_s12

ნინო სადღობელაშვილი

***
ეჰა, მეგობარო,
მე გამცვივდა ყველა ფოთოლი.
ჩამოწყდა რტოებს
სიზმრის ხეხილი,
ჩამოიღვენთა მოტკბო არმურით
და რტოებიდან მიწამდე ჰაერს
დააჩნდა მათი ნეგატივები _
მე მინდოდა რომ რამე ჩიტი ვყოფილიყავი,
მერე მინდოდა თევზობა, მერე
ბალახი ან კენჭი სადმე,
გზისპირის კუნძი ან კუტი პური ვყოფილიყავი.
და მეგობარო,
მთავარია ერთხელ მაინც ისურვო,
და იმ სურვილის კვალი სულში ჩაგისახლდება,
გამოგიდევნის ყველა დანარჩენს _
მასპინძელს, სტუმარს,
ფარდებს გადასწევს და ცხრა მთის იქით
დაგანახებს ქალაქის ქიმზე მბრწყინავ მარგალიტს.
მე გამცვივდა ყველა ფოთოლი.
ხე შედგება სინათლისგან,
რომელიც
ათასწლოვან ფესვების ძალით
მშვიდად ირხევა და დღეები
მგზავრებივით გადაყავს ქარში.
ხეს სჭირდება ბევრი ფოთოლი,
რომ სინათლეს წამოაცვას ციცქნა აფრები,
და მეგობარო,
ჯერ ძალიან ადრე იყოდაზამთრებისთვის. . .
მოიქნიე, მოიქნიე შენი მახვილი
და მოუღერე ამ ყელს, ამ მკლავებს,
ვითომ ძირში გადასაჭრელად,
ვითომ ჩემთვის, ვითომ შვებისთვის. . .
რომ იქნებ შიშმა შეარყიოს,
და შიშის ბასრი ქინძისთავები
ჩაეკრიფოს ფესვის ხაოში
ამ რტოებს _ სხვა მხრის ქარისგან გადაღლილს,
ამ რტოებს _ შენკენ გამოწვდილ სიყვარულს. . .

study


Last edited by Admin on Wed Jan 30, 2019 1:22 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 2 EmptyWed Jan 29, 2014 11:51 pm

ნინო სადღობელაშვილი

მამასგან, 30 იანვარს

დაბადების დღეს გილოცავ, შვილო,
დღეს აქ მოთოვა.
თოვლს კი ჩვენი პიტნის ფერი აქვს,
ვზივარ და ფიქრში შემიტყუა თოვლის ფოთოლმა...

კალთაში მიზის პატარა გოგო,
ბამბის ფაფუკი ჩვრები აცვია.
ეს შენ ხარ,
და მე არ ვიცი როგორ
ისევ შენადვე გადაგაქციო.

დღეს გავხდი მამა
მამაშენი, ანუ მებაღე,
გულის მარანში თრობა მწადია.
ჩემი ნაყოფით მე ისეთი კარი შევაღე
ყველა სიზმარი სადაც ცხადია.

შენი კანია ქორწილის კაბა
ბატონების თეთრი ყვავილით.
დრო მამალივით ეზოდან გავა
და თითზე მთვარეწამოცმული მზეებს ჩაივლის...
ქარი ჯერ ჩემი ძვლის საკრავით
შენთვის დაუკრავს,
მერე იდარებს...
და ენის წვერით მე გველივით
სისხამს გიტარებ.

ახლა კი ჩემკენ მოიწიე, მომადე თავი,
ჩიტები ჩემი შვილით გაოცდნენ...
და რასაც გეტყვი ვარდის ყურში,
არსად წამოგცდეს!

როგორ მოთოვა! თითქოს ფურცლები
სიტყვებისგან დაცარიელდნენ...
იმღერე მაღლა ფოთოლ-ფოთოლ ჩემო გოგონა,
ახლოა მთების დასალიერი...


გოდერძი ჩოხელს

იებს რაღას ერჩოდი,
შუაზამთარში რომ წამოჰყარე
მიწის ქვეშაგებიდან და
ანგელოზებამდე ფეხქვეშ გაიფინე?
იებთან რაღა გინდოდა?
ან დედაშენს რაღას მიეტირებოდი,
ცალ ფეხზე რომ გიჟივით ჩაეჭიდე და
საშენო სული აქეთ დაუტყვევე,
ცალი ფეხით სამარეში ჩამდგარს?..
მზე ვიღასი ცრემლიდან გადმოვა ხვალე?
ან სიკვდილი თავის ფერს როდისღა დაიბრუნებს,
შენი სიცოცხლენაყლაპი?..
ღრუბელი მქვია, მაგრამ რაღა ღრუბელი ვარ,
ამოხვედი და შენ უფრო გიხდება ღრუბლობა.
ბალახი ვარ, მაგრამ
ისეთს რას ვიბალახებ,
შენ როგორც მიწიდან იღიმი...
ძნელი იყო ამ წუთისოფლის სტუმრობა?
სავსე სუფრასთან მიგირქვა, მაგრამ
არც კი ჩამოგაჯინა...
მოვიდა შავი არაგვიც და
გაიშლის ცოტახნით თმას,
მგელი მოჰყვება მოზარედ.
ლექსებს ტოტებქვეშ შეიკეცავს და
მზის სხივით შეიკრავს
შენი მიდამოს მოცხარი...
შემოგხვდნენ უკვე ჩვენები,
ჩაგაცვეს უსიტყვო სინათლე?
ვარსკვლავებს საით შეუბერავ სულს რომ
ცოტა მეც დავიმტვერო,
ღამეში ვაჩინო გულთეთრა შვილები?..
ვისი ბაღებით მოხვალ გაზაფხულზე,
მღვრიე სიმღერებად ვის აუტირდები?
გინდოდა, შვილების ქორწილში დევი დაგესვა თამადად,
ნურავის გაუკვირდება!
დღესაც, განა ვტირი, ქორწილია,
ხანდახან თავდაყირაც ხოა სამყარო!
მიწა შენი ჩოხაა და ქამარ-ხანჯალია,
შენი დარდებია მაყარი!
ქორწილია, მაგრამ არ დამტოვო,
ქორწილია, მაგრამ ჩემკენ მაინც გქონდეს თვალ-ყური,
გასახეთქი გული ჩიტივით დამაქვს,
შენამდე ამდის ალმური...


study


Last edited by Admin on Sat Sep 20, 2014 12:57 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 2 EmptyMon Sep 15, 2014 8:47 pm

ნინო სადღობელაშვილი

ხურმის ხე

ხურმის ხეა ჩემი სიყვარული.
ხურმის ხე ზამთარში.
არც კვირტი მისი, არც ფოთოლი
და არც ნაყოფი _
გლუვი კანით, წითელ ხორცზე გადატკეცილით
არაა მისი სინამდვილე,
არამედ მხოლოდ სიზმრებია
და ღრუბლის ჭრელი ნაბიჯები
სამუდამო გაღვიძებამდე:
როცა გარშემო ყველაფერი დაუშვებს აფრებს
და დედამიწა სიტკბოსაგან გაღარიბდება,
როცა ხეები სიხარულს გაიხდიან
და ერთი ფერის ძილით დაიძინებენ,
_ მაშინ ამოვლენ ტოტებიდან
სისხლისფერი გულები,
სამყაროს ნაზად ამობურცავენ!. . .
თოვლსაც ექნება ალაგი
თავი რომ მიიდრიკოს. . .
სიცოცხლეც თავის მყუდრო ამბებს
დაუბრუნდება. . .

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 2 EmptySat Sep 20, 2014 12:48 am

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 9710

წიგნის სათაური - „თავშესაფარი“ (რომანი)
ავტორი - ნინო სადღობელაშვილი
რედაქტორი - ირმა ჩინჩალაძე
გამომცემლობა - „ინტელექტი“
ISBN - 978-9941-454-09-7
გვერდები - 108
გამოცემის წელი - 2014

ექიმი ლ.ს. ერთ არც ისე ცნობილ თავშესაფარში მივლინებით მიემგზავრება – მას 7 დღე აქვს, რათა იქ თავისი პროფესიული საქმიანობით დაკავდეს. მცირე რომანი მისი ჩანაწერებისგან შედგება, რომელსაც ის ყოველდღე აწარმოებს. შესაბამისად, მკითხველს ხელთ აქვს 7 დღის ქრონიკა – ამ რიცხვის საკრალური სემანტიკით და ცხოვრებისეული თავგადასავლებით დატვირთული.
როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანის ცხოვრება თუნდაც რამდენიმე დღეში და, ამ ყევლაფრის მიზეზი კი საზოგადოებისგან გარიყული არსებები გახდნენ?! რა საიდუმლოებებს მალავს თავშესაფარი – მრავალთაგან მივიწყებული და მრავალთაგან საკუთარი ინტერსებისთვის თვალდადგმული ადგილი? – მკითხველი რომანში ამ და ბევრ სხვა კითხვას წააწყდება და პასუხებსაც მიაგნებს...


ბმული:
* https://intelekti.ge/book_ge.php?id=297

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Nino-110

study


Last edited by Admin on Sat Apr 03, 2021 12:59 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 2 EmptyWed Jan 07, 2015 1:25 pm

ნინო სადღობელაშვილი

ზავი

როცა წავედი
შეუძლებლის კარის სამტვრევად,
ხორცი შენთან დავაგდე,
როგორც ჩვარი,
რომლითაც შეგეძლო,
დამტვერილი ოთახები გამოგეწმინდა.
შენ ამ ჩვარს მოთმინებით უფრთხილდებოდი,
უსიტყვოდ გადაგქონდა ნივთიდან ნივთზე
როცა ის თვალში ან ფეხებში
გეჩხირებოდა.
გაღიზიანებული გუმანით გრძნობდი,
რომ ეს ერთადერთი იყო,
რაც დაგიტოვე,
რაც გავიმეტე,
როცა წავედი
შეუძლებლის კარის სამტვრევად,
და ჩვენ ორივე ვთანხმდებოდით
ამ სარფიან, უტკივილო გარიგებაზე,
შენ მეფურად ეპყრობოდი იმას,
რაც გერგო,
პატივით ამტვრიანებდი,
ჭუჭყის ბიისფერ კრისტალებში
აბანავებდი,
ისევე, როგორც მე ვიყავი კმაყოფილი
და გზადაგზა
ბედნიერების ქვირითს ვყრიდი,
როცა მივდიოდი
შეუძლებლის კარის სამტვრევად.
მე ამას ვერ გავბედავდი,
რომ არ მცოდნოდა, რომ
შინ შენ დაგტოვე,
რომ არ მცოდნოდა, რომ
იჯექი სახლში მშვიდად და
ოდნავ მოშიებული,
დასცქეროდი ფეხქვეშ მოკრიალე
ჩემი ხორცის ჩვარს და
ყველაფერზე გეღიმებოდა,
როცა ამ დროს
მე სულ სხვაგან,
შეუძლებლის კარებს ვამტვრევდი...

study


Last edited by Admin on Wed May 20, 2020 7:29 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 2 EmptyWed Sep 02, 2015 7:51 am

https://www.youtube.com/watch?v=4Sb4XYmWuio

ნინო სადღობელაშვილის „ბამბაზიის სამოთხე“ სრულად, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე


study


Last edited by Admin on Mon Oct 19, 2015 11:33 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 2 EmptyMon Oct 19, 2015 9:34 pm

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Sadgob11

ნინო სადღობელაშვილი

ჩვენ _ წყვილი ლიანდაგი

ჩვენი გზები წყვილი ლიანდაგია და ისინი
ერთმანეთს ვერასოდეს გადაკვეთავენ.
ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ,
შეგვიძლია თითის წვერებით შეხება,
შეგვიძლია ერთმანეთს მხრებზე ჩამოყრდობა და
თავის მიდებაც,
მაგრამ ამ გზებმა ერთმანეთი გადაკვეთონ _
არ შეგვიძლია.
ჩვენ ვუყურებთ ერთმანეთის ცხოვრებას
როგორც პარალელურ კადრს
საკუთარ ფოტოფირზე,
ვსუნთქავთ ერთმანეთის ნატკეპნ ყვავილებს,
ჩვენ მივდივართ გვერდიგვერდ და
ერთმანეთს მიბჯენილი გზები ხანდახან
ძვლებივით გვტკივა...
ასე ვივლით სულ,
გვერდიგვერდ დავწვებით სხვებთან,
სხვებისგან გავაჩენთ შვილებს,
სხვებს ჩავკიდებთ ხელს და
წავალთ ხავერდოვან საღამოებზე,
სხვებთან ერთად დავესწრებით
ვარსკვლავებიანი ზამთრის აღლუმებს,
სხვებთან ერთად ჩავერთვებით
უთვალავ ომში და
ერთმანეთის ჭრილობებს
შორიახლოდან დავათვალიერებთ...
სულ ასე ვივლით,
შეიძლება, ერთმანეთის თვალსაც მოვეფაროთ,
მაგრამ განგების უტყვი ტალღა
რომელიმეს, როგორც ნიშანს,
მალევე ამოატივტივებს,
შეიძლება დაგვავიწყდეს კიდეც
ერთმანეთი,
მაგრამ გზა, რომელიც
გვერდიგვერდ მიდის,
ვინმე უცხო მგზავრს, როგორც წერილს
შენიდან ჩემკენ გადმოაგდებს,
ანაც პირიქით...
რადგან არის ასეთი სიყვარულიც _
წყვილმა ლიანდაგმა მორჩილად, მშვიდად და
ერთგულად უნდა იაროს
და არასოდეს გადაკვეთოს თავისი თავი,
რადგან, ესე იგი ეს გზები
რაღაც სხვას, სულ სხვას და იდუმალს ნიშნავს,
რადგან, ამ გზებმა
თავის თავს რომ გადაუხვიონ,
სხვაგან დაირღვევა დიადი წესრიგი!..
ნეტავი მათ, ასეთ შეყვარებულებს,
ნეტავი მათ, გზებს და ლიანდაგებს,
სამყაროს ჯებირს!..

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 2 EmptySat Oct 31, 2015 6:28 pm

ნინო სადღობელაშვილი

შვინდისფერი შლაპა

გვერდზე ოთახში ჟრიამულია, დერეფნებშიც და სამზარეულოშიც. მიდი-მოდიან სტუმრები და არის ერთი მილოცვა და გადაძახილი. ცოტა ხანში კარიც იღება და შემოდის დღევანდელი დღის მთავარი გმირი, უფრო სწორედ _ შემოყავთ მკლავებში ჩაწვენილი, ვაზის ტოლმასავით შეფუთნული, თეთრი აბრეშუმის ნიკბებიდან სხივები ამოსდის, წვრილი, ბასრი სხივები და მთელ სახლში ბროლის წვეთებად იმსხვრევა, მორბიან პატარასთან, კოცნიან აბრეშუმის რუშებში ჩაყურსულს და ხელიდან ხელში გადადის, ასე _ხელისგულებით მიაცილებენ კარგა ხნის გამზადებული, მძივებით და ფერადი სათამაშოებით მორთული პაწაწინა სადედოფლო საწოლისაკენ. _ გოგო ანა! გოგო ანა! გაიზარდე და გამრავლდი! _ ისმის აქ, ჩვენს ოთახშიც. ჩვენ ორნი ვართ. ის ჩემს გვერდით წევს, უფრო სწორედ, მე ვზივარ მის თავთან. თვითონ მოისურვა ასე. განუყრელები ვიყავით ყოველთვის, ზამთარი იყო თუ ზაფხული, მე ვამშვენებდი მის თავს, ჩემი შინდისფერი ხავერდი და კიდეებზე მსუბუქად დაშვებული აბრეშუმის რიდე, მის სახეს ბროწეულივით აელვარებდა. მე მისთვის თვითგამოხატვა ვარ. ერთხელ სწორედ ასე თქვა. არავითარი ნივთი. არამედ ეს გრძელი და უცნაური სიტყვა. ის კი წევს და მეც რახანია უქმად ვარ. კვდება ჩემი ცხოვრების ქალი. სანთლისფერია და ფოთლის ღერივით გალეული. ვიღაც შემოდის ოთახში, მორიგი სტუმარი. ფრთხილად ეხება ხელზე, მკვდარი მატლებივით ამომსხდარ ძარღვებზე. _ გილოცავთ, ანა ბებო! ბედნიერი ქალი ხართ, შვილთაშვილს მოესწარით! იღიმება ჩემი პატრონი. დაჟინებით ვუყურებ და მინდა დავიმახსოვრო მისი სახე, თვალები, თმა, ყველაფერი. მინდა ასეთიც დავიმახსოვრო _ უსაზღვროდ ბედნიერი და ნაღვლიანი. ბუტბუტებს რაღაცას, მგონი ვიღაცას ეხვეწება, რომ ჯერ არ წაიყვანოს. კარი ისევ ხმაურით იღება და შემორბის შვილიშვილი, გოგო ანას მამიდა, ბებოსთან იხრება, შუბლზე კოცნის და, უცებ:
_ ბები, ამ ქუდს წავიღებ რაა, ანას უნდა დავახუროთ, ფოტოები გადავუღოთ, თან, ბედნიერი ქუდია, შენი წყალობით და, დავაბედებთ! წამომავლებს ხელს და მიმაქანებს სხვა ოთახისკენ. სხვა თავისკენ. სხვა სამყაროსკენ. უსასრულოა ეს გზა _ ბებოს ოთახიდან გოგო ანას ოთახამდე. უსასრულო და საშიში. ცახცახებს ჩემი გამჭვირვალე აბრეშუმის რიდე და ამ ცახცახში კიდევ უფრო ვემსგავსები ჩემს პატრონს, რომელიც წევს თავის ოთახში, ფანჯრიდან არეკლილ სხივზე მითვლემილი და ვიღაცას ეხვეწება, რომ ცოტა ხნით კიდევ დატოვოს...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 2 EmptyFri Jan 27, 2017 11:40 am

ნინო სადღობელაშვილი

დაუწერელი ლექსების ქრონიკა

მთელი დღეა ვაპირებ დავწერო ლექსი
სიყვარულზე,
მაგრამ ვერაფრით ვივიწყებ, რომ ამ სიყვარულს
დღეს ბანკში ვალი აქვს
გადასახდელი,
ამიტომ წერას ისე ვწყვეტ, რომ
ფურცელიც არ გამირხევია
და გავრბივარ ფულის საშოვნელად.
მთელი დღეა ვაპირებ დავწერო ლექსი მეგობარზე,
უფრო სწორედ _ მეგობრებზე,
მაგრამ მახსენდება, რომ
ერთს სახლის ყიდვა უნდა და
შვილებს ოცნებებს უზოგავს,
მეორეს საბანი დაუმოკლდა, რომელშიც
ძაღლივით ახვევდა დიდთვალება შიშს,
ცხოვრების შიშს,
თენებისა და დაღამებისა,
მესამეს კი წამალი სჭირდება,
არა, _ წამლის ფული,
ასე ბანალურად _ წამლის ფული
და არა ლექსით თავის მოტყუება
ან მსგავსი სისულელეები,
ამიტომ ვწყვეტ ლექსებზე ფიქრს და
გავრბივარ ჩემი თავიდან.
მთელი დღეა მინდა დავწერო ლექსი
თოვლზე,
რომელიც იმდენად სუფთაა და
გულუბრყვილო,
რომ ყველაზე რკინის და ყველაზე
უსახურ ქალაქშიც შეუძლია
თავის თეთრი ნაფეხურით გადმოაბიჯოს,
თუკი პოეტი ინატრებს და
გამოიძახებს,
მაგრამ მახსენდება, რომ
დღეს რომელიღაც იანვარია
და კიდევ კარგი არ თოვს
და მით უფრო არ ყინავს,
თორემ ეს შექმნიდა ახალ
პრობლემას
და შემაწყვეტინებდა ფიქრს
მოუსვლელ თოვლზე
და გამაქცევდა ფულის საშოვნელად
გაზის, შუქის და მისთანების
მრავალნიშნა ქვითრებისგან
გასათავისუფლებლად.
მთელი დღეა მინდა დავწერო ლექსი
იმაზე,
ირემმა ირემს რომ ბალახი გაუწოდა,
ვიწყებ ღიღინს და მინდა
ამ ბალახის გაზაფხულიც წარმოვიდგინო,
მაგრამ ვიგებ საშინელ ინფორმაციას:
ჩემმა ირემმა ჩემთვის გამოწვდილი
ბალახი მოიშია,
რადგან არც გაზაფხული მოსულა და
არც სიყვარული აყვავებულა,
რადგან ჩემს ირემს
ფეხი ხრიოკ ცხოვრებაზე ედგა
და აღარც ბალახი იყო
ორისთვის,
ამიტომ ვწყვეტ ფიქრს ლექსზე
და გავრბივარ ბალახის ვალის
დასაბრუნებლად.
მთელი დღეა მინდა დავწერო ლექსი
ბავშვებზე,
რომლებიც დედამიწის არშიებზე
მიგორავენ ნიჟარებივით
და ცხვებიან მათ გულებში
ხელუხლები მარგალიტები,
მაგრამ მახსენდება, რომ
მე ერთი მათგანიც ვერ შევიფარე,
როცა კარზე მომადგნენ და
ჩემი წილი ჰაერი მთხოვეს,
ამიტომ ყურებზე ვიჭერ ხელს
რომ გავწყვიტო ლექსის
ძაფი
და გავრბივარ ჩემი წილი ჰაერის
ამოსანთხევად.
მთელი დღეა მინდა დავწერო ლექსი
ფულზე,
რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ
არაა,
მაინც ძალიან საყვარელია,
მაინც დიდი სიკეთეა,
თუკი შეძლებ და ისე შემოხვევ
მკლავებს,
როგორც მოულოდნელ სტუმარს,
მაგრამ მახსენდება, რომ
ამ ბოლო დროს
მასზე ფიქრი ისე მამძიმებს,
როგორც ტყვიას წყალში,
თავქუდმოგლეჯილი ფსკერისკენ რომ
მიექანება,
ამიტომ ვწყვეტ ფიქრს ლექსზე
და გავრბივარ ფულის საშოვნელად,
რომ ვიყიდო
ლამაზი ვერცხლისფერი თოკი,
ლამაზი ოქროსფერი თავი
მის მარყუჟში გავუყარო და
მისი ბოლო კი
ზემოთ ავაწოდო ღმერთს,
დაიხვიოს ლამაზ მაჯებზე და
ჩემი ოქროსფერი თავი
თავის ნებაზე
აათამაშოს.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 2 EmptyWed Jan 30, 2019 11:28 am

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Nino_s10


ნინო სადღობელაშვილი

***
ვტრიალებ აწმყოში,
ვიგებ და ვამარცხებ,
ვამტვრევ და ვაშენებ,
ქვას ქვაზე ვამატებ,
ფოთოლს თაიგულზე,
ნარღვევზე - ნაჭერს,
აწმყოში ვაგორებ
ვარსკვლავის კამათელს,

და კი არ ვთამაშობ -
- მომავლით ორსული
მე წარსულს ვაჩენ.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 2 EmptyMon Feb 11, 2019 8:51 am

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Nino_s13
მწერალი ნინო სადღობელაშვილი - სერგო წურწუმიას ნახატი, 2018

Exclamation

ნინო სადღობელაშვილი

გაიფოთლა ქარები

გაიფოთლა ქარები.
დაჩნდა ნიაღვარები,
საით უნდა წახვიდე
ან რომელი მხრიდან!
ესეც შენი სამოთხე,
ესეც შენი სამოთხე.
ენი საიმოცნებო
ლურჯო სერაფიტა!..

ვისი მზისთვის მღეროდი,
განთიადებს ელოდი,
ნაკადულებს შველოდი
წასკდომოდნენ მიწას..
ესეც შენი სიმღერა,
გული გადაიღერა,
უხმოდ მღერას ვინ ისმენს
სხივო სერაფიტა!..

მთვარემ შუქი გალია..
გაჭირდება ძალიან
ძვლებზე შემონაცვამი
ნაზამთრალი მიწა.
შენს ბაღში რომ კვალია
თეთრი იასამანის,
ჯვარს იწერდა სისხამზე
შენი სერაფიტა..

ჟამი მიაქვს ქარავნებს..
დრო რომ მოგიპარავდეს!
დრო რომ დაგიფარავდეს
ხმელეთით და ზღვითა!
საით შენი ოცნება,
საით შენი სამოთხე,
საით გაგიწევია
ლურჯო სერაფიტა!..


study


Last edited by Admin on Wed Apr 10, 2019 10:09 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 486
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 2 EmptyFri Mar 15, 2019 4:39 pm

ნინო სადღობელაშვილი

ბამბაზიის სამოთხე

პირმომტვრეული მაკრატლით ჭრიდა პატარა ბამბაზიის შარვლებიდან კურდღლებს, ციყვებს და ბამბუკებს.

ჭრიდა, დიდის ამბით კედლებზე აწებებდა.

მთელი საღამო ამ საქმეს მოანდომა. თითის წვერებით მოქმედებდა, ფრთხილად და საგულდაგულოდ. მაკრატლის თითო შემოტარებაზე უნებურად პირს აყოლებდა და მთელი ტანით ზევითკენ იწეოდა.

ბოლოს გამოჭრა როგორც იქნა. შუქზე გახედა ბავშვობაამოცლილ შარვლებს და იქვე გადაყარა.

მერე გაყინული ჩაი მოსვა. ტელეფონზე რაღაც ნომერი აკრიფა და ლაპარაკი გააბა:

- ...როგორა ხართო... დედაშენი როგორ არისო... კიდევ აწუხებს თირკმელებიო? მე რომ კაბა გამოგიგზავნე, მოგერგოო?.. ჩემი ქალიშვილობისდროინდელიაო, მაგაში გამოწყობილი მაგნოლიის ყვავილს ვგავდიო - ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეუბნებოდნენო... მეც ვარ, რა ძველებურადო... ორი მოსწავლე მყავს, ისინიც - თავს არ მანებებენ, შენზე უკეთესთან ვისთან მოვემზადებითო, თორემ, მე კი აღარ შემიძლიაო... ეჰ, დავბერდიო... ჰო, მართლა - წუხელ დამესიზმრეთო... მე და რატი ვიყავით მდინარის პირას, კენჭებს ვისროდით და ამ დროს თქვენც გამოჩნდით, თეთრი ნავით მოდიოდითო... რა სასაცილოები იყავით, დედაშენი შიგ ძლივს ეტეოდა, იმის თეძოების რხევისგან ნავს ჭრიალი გაჰქონდაო... ჰო, მეჩქარება ეხლა მე, ძალიან მეჩქარება და მგონი კარზეც ზარიაო...

ცოტა ქარი იყო, ფანჯრებამდე აწვდენდა ტოტებს. მარტო ეს ხმა იდგა ოთახში,

მხოლოდ ეს და მეტი არც არსაიდან იძვროდა სიცოცხლე.

ღამით ისევ მოვიდა რატის ლანდი. ჩამოუჯდა ცხვირწინ და გაუბოლა მურაბაში გაცვლილი სიგარეტი.

ჰო, ეგრე, - ვანოს, მეზობელს, დიაბეტი და ბევრი სიგარეტი ჰქონდა. რატის - დედამისის მოხარშული მურაბა და, კიდევ - დედამისი ჰყავდა. ცვლიდა ხოლმე, საღამოობით, ლამპის შუქზე ნარდს რომ თამაშობდნენ ან კროსვორდებს როცა ხსნიდნენ ან გაზეთებზე როცა ლაპარაკობდნენ და, რატი ყოველთვის დედის ცხვირწინ ეწეოდა. იჯდა და თან ეწეოდა და თან კედლებს ათვალიერებდა რატის ლანდი. ყველგან თვითონ იყო. იმის გალერეად გადაეკეთებინა დედამისის მთელი სახლი.

... რატი, გრემში ექსკურსია გახსოვს?.. მე და შენ რომ ვიმღერეთ და მერე ექოს რომ ვუსმენდით, მთებს რომ ჩვენს სახელებს ჩავძახებდით ხოლმე?

და თუშეთი? სამი ჭრილობით რომ ჩამომიხვედი... უხ, იმ ერკემალის რქებს ეხლაც ვწყევლი, ჩანგალივით რომ წამოგიგო ზედ... არა, მაინც კარგი იყო. თუშური რომ მასწავლე, გახსოვს? - „ჯეელებ რაგვერ ხართა, დანადუმარნო...“

გახსოვს, ჩვენი მეზობელი, ვანო, „დედაკაცს“ რომ მეძახდა ხოლმე და მე რომ მწყინდა, ძალიან მწყინდა.

დედაკაცო, წყალი მომაწოდე...

დედაკაცო, შენს გახარებას, ეგრე ნუ იბღვირები...

დედაკაცო, გვაცადე მე და შენს ბიჭს კაცურად საუბარი!..

მაშინ მწყინდა, ეხლა მენატრება... გახსოვს?

და თეკლა, მე რომ ბეჭედი მომპარე, იმას რომ წამოაცვი ცერა თითზე!..

და ხო, ხო, ახსოვს რატის ლანდს და უფრო გამწარებით ექაჩება სიგარეტს.

მერე, ამ დანისლულ ოთახშიც ინათლებს.

ჰე, გადტოვებ აწი... - გამთენიისას იტყვის ლანდი და უხმაუროდ შეაშრება კედლებს.

დილის ათ საათზე ლაურა მოვიდა. ფანჯრები დაუხსნა, მტვერი გადაუწმინდა, თეთრეული გამოუცვალა, მიბან-მობანა და ჩამოუჯდა ცოტა ხნით, წინ ყავა დაიდგა და მინაბულმა დაიწყო სმა.

მეც მინდა... - შეეხვეწა მოხუცი.

მოიცა, ხო, მოგიდუღებ! - გამოსცრასავით ლაურამ და ზლაზვნით მოადუღა.

გიყვარს ხო ყავა, ლენა დეიდა? შენ რა გითხარი მე!.. - შესციცინა თვალებგადმოკარკლულ მოხუცს, რომელმაც ვერაფერი ვერ გაიგონა.

გიყვარს ხო ყავა! გიყვარს! - უყვირა ლაურამ.

თავი დააქნია.

მარა, შენ რა იცი იმისთანა ყავა, ჩემს სამშობლოში რო ადუღებდნენ! - ესეც ხმამაღლა.

სადაა შენი სამშობლო?! - გაიოცა ლენამ.

იქა... რო გამოგვრეკეს ცხვრებივით. აბა ის იყო ყავა, თუ თორე, ეს წყალწყალა ახლა შენისთანებს თუღა მოატყუებს.

თაგვის სუნია... - უცებ ცხვირი შეიჭმუხნა მოხუცმა.

თაგვის კი არა, იმის!.. შენ რო ფსამ ყოველ ფეხის ნაბიჯზე, იმის ბრალია ეგ. რა გითხრა, შედი იმ დასაწვავში, რამე როცა მოგინდება-მეთქი!

უხეშად მისწი-მოსწია სკამები და იატაკი სველი ტილოთი მოამშრალა.

არა, თაგვის სუნია... გაუბედავად თქვა მოხუცმა და თვალები აუწყლიანდა.

ჩემი პური არ შეჭამოს...

რა გიქნია ეს, ლენა დეიდა! - მოისმა უცებ მეორე ოთახიდან კივილი.

ლენამ შეშფოთებით გახედა ქალს და უცებ დამშვიდდა. ღიმილით წაეტანა ხელებზე.

რა გიქნია ეს, რას დაგიმსგავსებია ეს საცოდავი ტანსაცმელი, ვისია?!

მომეცი... - ფრთხილად გამოართვა ბამბაზიის დაფხრეწილი შარვლები და პერანგები, ერთად დააგორგოლა და იღლიაში ამოიჩარა. - აი!.. - ანიშნა კედლებზე.

და, ლაურამ კინაღამ ენა გადაყლაპა მოულოდნელობისგან.

რა არი ესაა, ლენა დეიდა! როგორ გადიწკეპებია ესენი, როგორ ავადღლიზო აქედან!

რა უნდა აადღლიზო, ეს სამოთხეა!..

მშვიდად უპასუხა ლენამ და ლაურა მიხვდა, რომ ახლა მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. ახლა - არა.

- ჯანდაბას შენი თავი!... - ჩუმად ჩაილაპარაკა, - აჰა, ეს პური და კალბასი, ეს ტყემალი, სუპი ქვაბშია, არ მოიმშიო. მე ხვალ მოვალ. კარები არავის გაუღო, გაიგე? - ხმამაღლა უთხრა.

მოხუცმა თავი დაუქნია და უსაზღვრო ნეტარება იგრძნო, რადგან ლაურა წავიდა.

ლენამ ერთი-ორჯერ კიდევ გადარეკა ცოცხალ და გარდაცვლილ ნათესავებთან და წერილის დასაწერად დაჯდა.

„ქეთინო, შვილო“...

- დაიწყო და უცებ ხელებში საშინელი სიმძიმე იგრძნო, ვერაფრით დაიმორჩილა კალამი.

ამ დროს კარებზე ზარი დარეკეს და ისიც გახარებული წამოფრინდა, ამ სიმძიმისაგან ოდნავ გათავისუფლებული.

ლექსო იყო, რატის ძმაკაცი, რასაკვირველია, მთვრალი.

უყურა მოხუცს, უყურა, მერე მის ხელს დასწვდა, მკვდარი ჩიტივით დაიდო ხელის გულზე და ძველებურად, მაღალფარდოვნად აკოცა.

მოხუცი გაიბადრა, - რა ლამაზი ხარ, ლენა დეიდა, შენ გენაცვალოს ჩემი გახუნებული სიცოცხლე!

მხრებზე ხელმოხვეულმა შეიყვანა ოთახში.

ისხდნენ. სულ ლექსო ლაპარაკობდა. ხელებს იშველიებდა და თვალებს ხშირ-ხშირად ხუჭავდა.

- აი, შენ რომ ვინმემ გაგაბრაზოს, ხო იცი არა, ძაღლივით დავგლიჯავ, ლენა დეიდა, ცოცხლად შევჭან, შენ რომ ვინმემ გაწყენინოს, შენ ჭკვიან თვალებზე რო ცრემლი დავინახო, რატის სულს ვფიცავარ!... ის ქალი ხო არ გიტრაკებს, ლენა დეიდა, მე იმის სუყველაფერი... რა ნუ ვიგინები, განა არ ვიცი, ეგეთი ძაან მზრუნველი რატო იჩითება? საიდან მოგაგნო, ვინ აღმოაჩინა! ეხლა გახდა შენი ნათესავი? რატის მაგაზე არასდროს მოუყოლია!... არ დაეჩაგვრინო, ლენა დეიდა, ისედაც ხო ხედავ, ნახევარი სახლი გაგიზიდა, მე მაგის ანგარებიანი დედა ვატირე!.. რა ნუ ვიგინები, შევიგინები კი არა, შენ დაკრულზე ვაცეკვებ, შენ ოღონდ მითხარი, ცუდად ხო არ გექცევა!..ხო არ გიყვირის ან რამე!.. საჭმელს გიმზადებს?.. მე ხო იცი... ხშირად არა მცალია და ვერ მოვდივარ ხოლმე, თორე, ვისი რამე გვინდა, მე და შენ ხო ძმები ვართ, ლენა დეიდა, შენ ჭაღარა თავს შემოვევლე... განა დამავიწყდება, ლენა დეიდა, დედაჩემს რო უვლიდი და... პურის რიგში რო იდექი ჩვენი გულისათვის და... არა, რატო არ უნდა მოვყვე! არავის დაეჩაგვრინო, ყველას დედა უტირე, გაიგე? ეს ცხოვრება ეგეთი ყოფილა! რა ვიცი, მე ვიცი, აბა ვინ იცის ამ ცხოვრების!.. რატის სულს ვფიცავარ, იმ ქეთინოსაც ერთხელ იქნება მაგრა გამოგილანძღავ, რა არი ესა, დაგტოვა მარტო და აღარც ჩამოიხედა აქეთკენ. ბავშვი მეც მენატრება,ჩემი მერცხალივით გოგო, რატიევნა... სურათები მაინც გამოგიგზავნოს იმ ჩემისამ...

ფულს გიგზავნის, ლენა დეიდა? ის ლაურაა თუ ვიღაც ფეხებია, ის იღებს? შენ გაძლევს? შენ სადა ხარჯავ, ლენა დეიდა?...

მაწონს ყიდულობ?.. ჩემო პატარა ბავშვო... რა საყვარელი ხარ, ლენა დეიდა... როგორ გაგთრებია ფრჩხილები!.. რა? მე რად მინდა? რატის სახელზე ვიყიდო? არა კაცო, ისე ვიყიდი... კარგი რა, ლენა დეიდა!... ოოო, არ გამოგართმევ!.. ეს ბევრია, ამ ფულით მთელი ლუდის ბარი მომივა...

კარგი ჰო, მადლობა... მადლობა ლენა დეიდა და, რატი გაგინათლოს ღმერთმა. შენც ამოგიტან ცივ ლუდს, არ გინდა? არა? მარწყვი იყოს, კარგი. მადლობა ლენა დეიდა, ჯიგარი ხარ...

გაუბედავად ჩაიკეცა ჯიბეში მოხუცის მოცემული ფული და ისევ ლაურას გინებით და ლენას ფერებით გავიდა ოთახიდან.

უსიტყვოდ დაღამდა. ვერ დაწერა ლენამ რძლის სახელზე მისაწერი წერილი



* * *
მერე, ბევრი დღის შემდეგ, იმ ბიჭმა ლექსში ახსენა ქალი, რომელიც ღამე მტკვრის პირას დაინახა და დიდხანს ცნობისმოყვარედ უყურა, რადგან ეგონა, მდინარეში გადახტომას აპირებდა.

ლექსი მსუბუქი და რაღაცნაირად თვითკრიტიკულიც გამოუვიდა. ყველაფერში სირთულეს რომ ეძებდა და ტრაგედიას რომ ხედავდა, იმის გამო ისჯიდა თავს.

არადა, ის ქალი მოხუცი ლენა იყო, საღამოს თავისი სახლის კედლებიდან თავდაღწეული. ძალიან მშვიდად იჯდა ხიდის მოაჯირთან, სიგარეტს ეწეოდა და ფიქრადაც არ მოსვლია მსგავსი სისულელე.

ბიჭი არავინაც არ იყო. ისე, მოპოეტო გამვლელი. ამ ეპიზოდში შემთხვევით მოხვდა.

სიგრილე ამოჰქონდა ახორკლილი მდინარიდან ნიავს. ადამიანები კანტი-კუნტად დაიარებოდნენ. როგორც ყოველთვის, წყვილად, ან მეწყვილის ძებნაში გართულები. ამ ქალაქში მარტოდმარტო სიარულისთვის ბევრი ძალაა საჭირო.

სიგარეტის ნამცეცებზე მტრედები ისხდნენ. ლენას ფეხის წვერებს უკორტნიდნენსავით. გაყინული თვალებით შესცქეროდა ღრუბლებს, რომლებიც სქელი ზამბახებივით გაკროდნენ ზეცას, როგორც მიტოვებულ სასაფლაოს.

ბავშვობიდან უყვარდა მათგან ათასნაირი ფიგურის გამოჭრა. ზოგი ადამიანს ჰგავდა, ზოგიც - ცხოველებს, კოშკებს, ურჩხულებს... მაშინაც ასე იჯდა ხოლმე სახლის აივანზე და გასცქეროდა. და ისე ადვილი, ისეთი ადვილი იყო ამ დროს სახლში ატეხილი წივილ-კივილის მოთმენა!.. აი, თეფშები!.. ჩინური პაგოდებით მოხატული თეფშები ზეცის ლანგარზე, რომლებიც სულ ახლახან მამამ ფეხით დაამსხვრია... აი, ქოთანი, შუადღის ათინათებით აბრჭყვიალებული, ღრუბლის ქოთანი, რომელიც ფრენისას სულ შემთხვევით ასცდა დედის საფეთქელს და კედელს მიენარცხა... აი, სიტყვების ნამცეცები, ბათქაშჩამოშლილი კედელივით დაფხრეწილი სიტყვების ნამცეცები, რომლებსაც სასიკვდილო ტყვიებით ესროდნენ ერთმანეთს მშობლები და ყველა მათგანი ღრუბლებსაც ხვდებოდა... აი, თოკი, ზეწრის თოკი, რომელსაც პატარა გოგო ყოველღამე ჩუმჩუმად გრეხდა, რადგან ერთ მშვენიერ დღეს ამ აივნიდან გადამძვრალიყო ბოლოს და ბოლოს... - და - ბოლოს...

აი, თოკი...ცის ნაგლეჯებისგან დაგრეხილი, რომელიც მას ყოველთვის აკავებდა.

კარგად შეიყნოსა ჰაერი და გაიღიმა - აღარსად იყო თაგვის სუნი. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დაუყვა დაღმართს. შიოდა და საკბილოს ეძებდა.

- ე, ბებო ნახე! - გაუკვირდათ სადარბაზოსთან ატუზულ ბიჭებს მისი მაღალი ქუსლები და ცოტა სულელური, მსუბუქი მიხვრა-მოხვრა.

- ეხლა ეს იქნება ადამის ხნისა, მარა, ეტყობა რამე? საღოლ, ქალებო!

ლენამ ამრეზით გახედა, ნაბიჯს ოდნავ აუჩქარა.

ბრჭყვიალებდნენ ბარაქიანი ვიტრინები, მადის აღმძვრელი საშაქარლამოები. დატკბილული საფუნთუშეები.

შესცქეროდა თავმომწონედ გადმოფენილ ბლითებს და ღვეზლებს და უნებურად გამხიარულდა. გაღიმებულმა შეყო თავი ერთ განათებულ ჯიხურში, მიიხედ-მოიხედა და დაიძახა:

- მშია რა!...

საცხობის სიღრმიდან ორმა თავმა გამოიხედა. მერე ერთმა უკმეხად იბრუნა პირი და მეორეს ანიშნა - შენ მიხედეო. მეორე ზლაზვნით წამოვიდა და ქალს შეაშტერდა.

- რა გნებავთ?

- ერთი ღვეზელი. ერთი ვაშლის ნამცხვარი. ერთი - ნაღების წვენი.

- ოო, აი მაგ უკანასკნელზე ვერ მოვრიგდებით - გაიღიმა

თეთრწისაფარაფარებულმა და კიდევ უფრო შეაშტერდა ლენას.

- კარგი. რაც არის ეგ არის, ჩიტები წვენებს არც სვამენ.

კაცი შეიჭმუხნა. ცოტა გაკვირვებით შეუთვალიერა თვალები.

- ჩიტები რა შუაშია?

- აუჰ, გავიცნოთ ერთმანეთი - დამსახურებული პედაგოგი, უპარტიო, თავისუფალი მოქალაქე...

სახელი არ ათქმევინა, არ დაამთავრებინა. პირდაპირ ჩაუტენა გასაცნობად გამოწვდილ ხელში, რაც უნდოდა და ჯიხურის სარკმლის დახურვა დააპირა.

აფხაზეთის გმირის დედა...

მოესმა ქალის შიგნიდან. და ყბა აუკანკალდა. მერე მხრებში მოკიდა ხელი და სინათლეზე ძალით შემოათრია. მოხუცს დამყოლი სხეული ჰქონდა. წინააღმდეგობის ნატამალიც არ გაუწევია.

- ჯანდაბას შენი თავი!... - ჩუმად ჩაილაპარაკა, - აჰა, ეს პური და კალბასი, ეს ტყემალი, სუპი ქვაბშია, არ მოიმშიო. მე ხვალ მოვალ. კარები არავის გაუღო, გაიგე? - ხმამაღლა უთხრა.

მოხუცმა თავი დაუქნია და უსაზღვრო ნეტარება იგრძნო, რადგან ლაურა წავიდა.

ლენამ ერთი-ორჯერ კიდევ გადარეკა ცოცხალ და გარდაცვლილ ნათესავებთან და წერილის დასაწერად დაჯდა.

„ქეთინო, შვილო“...

- დაიწყო და უცებ ხელებში საშინელი სიმძიმე იგრძნო, ვერაფრით დაიმორჩილა კალამი.

ამ დროს კარებზე ზარი დარეკეს და ისიც გახარებული წამოფრინდა, ამ სიმძიმისაგან ოდნავ გათავისუფლებული.

ლექსო იყო, რატის ძმაკაცი, რასაკვირველია, მთვრალი.

უყურა მოხუცს, უყურა, მერე მის ხელს დასწვდა, მკვდარი ჩიტივით დაიდო ხელის გულზე და ძველებურად, მაღალფარდოვნად აკოცა.

მოხუცი გაიბადრა, - რა ლამაზი ხარ, ლენა დეიდა, შენ გენაცვალოს ჩემი გახუნებული სიცოცხლე!

მხრებზე ხელმოხვეულმა შეიყვანა ოთახში.

ისხდნენ. სულ ლექსო ლაპარაკობდა. ხელებს იშველიებდა და თვალებს ხშირ-ხშირად ხუჭავდა.

- აი, შენ რომ ვინმემ გაგაბრაზოს, ხო იცი არა, ძაღლივით დავგლიჯავ, ლენა დეიდა, ცოცხლად შევჭან, შენ რომ ვინმემ გაწყენინოს, შენ ჭკვიან თვალებზე რო ცრემლი დავინახო, რატის სულს ვფიცავარ!... ის ქალი ხო არ გიტრაკებს, ლენა დეიდა, მე იმის სუყველაფერი... რა ნუ ვიგინები, განა არ ვიცი, ეგეთი ძაან მზრუნველი რატო იჩითება? საიდან მოგაგნო, ვინ აღმოაჩინა! ეხლა გახდა შენი ნათესავი? რატის მაგაზე არასდროს მოუყოლია!... არ დაეჩაგვრინო, ლენა დეიდა, ისედაც ხო ხედავ, ნახევარი სახლი გაგიზიდა, მე მაგის ანგარებიანი დედა ვატირე!.. რა ნუ ვიგინები, შევიგინები კი არა, შენ დაკრულზე ვაცეკვებ, შენ ოღონდ მითხარი, ცუდად ხო არ გექცევა!..ხო არ გიყვირის ან რამე!.. საჭმელს გიმზადებს?.. მე ხო იცი... ხშირად არა მცალია და ვერ მოვდივარ ხოლმე, თორე, ვისი რამე გვინდა, მე და შენ ხო ძმები ვართ, ლენა დეიდა, შენ ჭაღარა თავს შემოვევლე... განა დამავიწყდება, ლენა დეიდა, დედაჩემს რო უვლიდი და... პურის რიგში რო იდექი ჩვენი გულისათვის და... არა, რატო არ უნდა მოვყვე! არავის დაეჩაგვრინო, ყველას დედა უტირე, გაიგე? ეს ცხოვრება ეგეთი ყოფილა! რა ვიცი, მე ვიცი, აბა ვინ იცის ამ ცხოვრების!.. რატის სულს ვფიცავარ, იმ ქეთინოსაც ერთხელ იქნება მაგრა გამოგილანძღავ, რა არი ესა, დაგტოვა მარტო და აღარც ჩამოიხედა აქეთკენ. ბავშვი მეც მენატრება,ჩემი მერცხალივით გოგო, რატიევნა... სურათები მაინც გამოგიგზავნოს იმ ჩემისამ...

ფულს გიგზავნის, ლენა დეიდა? ის ლაურაა თუ ვიღაც ფეხებია, ის იღებს? შენ გაძლევს? შენ სადა ხარჯავ, ლენა დეიდა?...

მაწონს ყიდულობ?.. ჩემო პატარა ბავშვო... რა საყვარელი ხარ, ლენა დეიდა... როგორ გაგთრებია ფრჩხილები!.. რა? მე რად მინდა? რატის სახელზე ვიყიდო? არა კაცო, ისე ვიყიდი... კარგი რა, ლენა დეიდა!... ოოო, არ გამოგართმევ!.. ეს ბევრია, ამ ფულით მთელი ლუდის ბარი მომივა...

კარგი ჰო, მადლობა... მადლობა ლენა დეიდა და, რატი გაგინათლოს ღმერთმა. შენც ამოგიტან ცივ ლუდს, არ გინდა? არა? მარწყვი იყოს, კარგი. მადლობა ლენა დეიდა, ჯიგარი ხარ...

გაუბედავად ჩაიკეცა ჯიბეში მოხუცის მოცემული ფული და ისევ ლაურას გინებით და ლენას ფერებით გავიდა ოთახიდან.

უსიტყვოდ დაღამდა. ვერ დაწერა ლენამ რძლის სახელზე მისაწერი წერილი



* * *
მერე, ბევრი დღის შემდეგ, იმ ბიჭმა ლექსში ახსენა ქალი, რომელიც ღამე მტკვრის პირას დაინახა და დიდხანს ცნობისმოყვარედ უყურა, რადგან ეგონა, მდინარეში გადახტომას აპირებდა.

ლექსი მსუბუქი და რაღაცნაირად თვითკრიტიკულიც გამოუვიდა. ყველაფერში სირთულეს რომ ეძებდა და ტრაგედიას რომ ხედავდა, იმის გამო ისჯიდა თავს.

არადა, ის ქალი მოხუცი ლენა იყო, საღამოს თავისი სახლის კედლებიდან თავდაღწეული. ძალიან მშვიდად იჯდა ხიდის მოაჯირთან, სიგარეტს ეწეოდა და ფიქრადაც არ მოსვლია მსგავსი სისულელე.

ბიჭი არავინაც არ იყო. ისე, მოპოეტო გამვლელი. ამ ეპიზოდში შემთხვევით მოხვდა.

სიგრილე ამოჰქონდა ახორკლილი მდინარიდან ნიავს. ადამიანები კანტი-კუნტად დაიარებოდნენ. როგორც ყოველთვის, წყვილად, ან მეწყვილის ძებნაში გართულები. ამ ქალაქში მარტოდმარტო სიარულისთვის ბევრი ძალაა საჭირო.

სიგარეტის ნამცეცებზე მტრედები ისხდნენ. ლენას ფეხის წვერებს უკორტნიდნენსავით. გაყინული თვალებით შესცქეროდა ღრუბლებს, რომლებიც სქელი ზამბახებივით გაკროდნენ ზეცას, როგორც მიტოვებულ სასაფლაოს.

ბავშვობიდან უყვარდა მათგან ათასნაირი ფიგურის გამოჭრა. ზოგი ადამიანს ჰგავდა, ზოგიც - ცხოველებს, კოშკებს, ურჩხულებს... მაშინაც ასე იჯდა ხოლმე სახლის აივანზე და გასცქეროდა. და ისე ადვილი, ისეთი ადვილი იყო ამ დროს სახლში ატეხილი წივილ-კივილის მოთმენა!.. აი, თეფშები!.. ჩინური პაგოდებით მოხატული თეფშები ზეცის ლანგარზე, რომლებიც სულ ახლახან მამამ ფეხით დაამსხვრია... აი, ქოთანი, შუადღის ათინათებით აბრჭყვიალებული, ღრუბლის ქოთანი, რომელიც ფრენისას სულ შემთხვევით ასცდა დედის საფეთქელს და კედელს მიენარცხა... აი, სიტყვების ნამცეცები, ბათქაშჩამოშლილი კედელივით დაფხრეწილი სიტყვების ნამცეცები, რომლებსაც სასიკვდილო ტყვიებით ესროდნენ ერთმანეთს მშობლები და ყველა მათგანი ღრუბლებსაც ხვდებოდა... აი, თოკი, ზეწრის თოკი, რომელსაც პატარა გოგო ყოველღამე ჩუმჩუმად გრეხდა, რადგან ერთ მშვენიერ დღეს ამ აივნიდან გადამძვრალიყო ბოლოს და ბოლოს... - და - ბოლოს...


(გაგრძელება ქვემოთ)

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Fri Mar 15, 2019 4:40 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 486
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 2 EmptyFri Mar 15, 2019 4:40 pm

ნინო სადღობელაშვილი

ბამბაზიის სამოთხე


(გაგრძელება)

აი, თოკი...ცის ნაგლეჯებისგან დაგრეხილი, რომელიც მას ყოველთვის აკავებდა.

კარგად შეიყნოსა ჰაერი და გაიღიმა - აღარსად იყო თაგვის სუნი. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დაუყვა დაღმართს. შიოდა და საკბილოს ეძებდა.

- ე, ბებო ნახე! - გაუკვირდათ სადარბაზოსთან ატუზულ ბიჭებს მისი მაღალი ქუსლები და ცოტა სულელური, მსუბუქი მიხვრა-მოხვრა.

- ეხლა ეს იქნება ადამის ხნისა, მარა, ეტყობა რამე? საღოლ, ქალებო!

ლენამ ამრეზით გახედა, ნაბიჯს ოდნავ აუჩქარა.

ბრჭყვიალებდნენ ბარაქიანი ვიტრინები, მადის აღმძვრელი საშაქარლამოები. დატკბილული საფუნთუშეები.

შესცქეროდა თავმომწონედ გადმოფენილ ბლითებს და ღვეზლებს და უნებურად გამხიარულდა. გაღიმებულმა შეყო თავი ერთ განათებულ ჯიხურში, მიიხედ-მოიხედა და დაიძახა:

- მშია რა!...

საცხობის სიღრმიდან ორმა თავმა გამოიხედა. მერე ერთმა უკმეხად იბრუნა პირი და მეორეს ანიშნა - შენ მიხედეო. მეორე ზლაზვნით წამოვიდა და ქალს შეაშტერდა.

- რა გნებავთ?

ერთი ღვეზელი. ერთი ვაშლის ნამცხვარი. ერთი - ნაღების წვენი.

ოო, აი მაგ უკანასკნელზე ვერ მოვრიგდებით - გაიღიმა

თეთრწისაფარაფარებულმა და კიდევ უფრო შეაშტერდა ლენას.

კარგი. რაც არის ეგ არის, ჩიტები წვენებს არც სვამენ.

კაცი შეიჭმუხნა. ცოტა გაკვირვებით შეუთვალიერა თვალები.

ჩიტები რა შუაშია?

აუჰ, გავიცნოთ ერთმანეთი - დამსახურებული პედაგოგი, უპარტიო, თავისუფალი მოქალაქე...

სახელი არ ათქმევინა, არ დაამთავრებინა. პირდაპირ ჩაუტენა გასაცნობად გამოწვდილ ხელში, რაც უნდოდა და ჯიხურის სარკმლის დახურვა დააპირა.

აფხაზეთის გმირის დედა...

მოესმა ქალის შიგნიდან. და ყბა აუკანკალდა. მერე მხრებში მოკიდა ხელი და სინათლეზე ძალით შემოათრია. მოხუცს დამყოლი სხეული ჰქონდა. წინააღმდეგობის ნატამალიც არ გაუწევია.

შენა ხარ?.. - ბურდღუნებდა კაცი და მოქანდაკესავით უვლიდა გაქვავებულ ქალს.

სიტყვები არ გამოსდიოდა, თითქოს რაღაცას უფრთხოდა, რაღაცის წამოცდენისა ეშინოდა.

ვინ ბრძანდებით... - ერთი ამოსცრა ქალმა და ხელები გაითავისუფლა.

ვერ მიცანი?.. მართლა ვერ მიცანი?..

ღიმილით ეუბნებოდა კაცი.

ლენა... ოდნავ გაოცებული უყურებდა, მერე თავისი ღვეზელი ჩაბღუჯა და ღიღინით დაიწყო ჭამა.

ლენა.. რა მოგსვლია!.. ცხვირწინ ჩამოუჯდა კაცი, სახე ხელისგულს ჩამოაყრდნო.

მიყურეთ, მიყურეთ. მე ძალიან ლამაზად ვჭამ. - შესცინა ქალმა.

მართლა არ გახსოვარ? არ გადამრიო ეხლა!.. კაცი შესცქეროდა ჭამის დროს ამოძრავებულ ნაოჭებზე, ჩამქრალ თვალებზე, გალეულ ხელებზე.

დღეს რა დღეა? - უცებ ქალმა ჰკითხა.

წითელი პარასკევი.

ერთი მკაცრად შეავლო კიდეებგაჭუჭყიანებულ წინსაფარზე თვალი და აღარ გაუღიმია. ტუჩებმოკუმულმა განაგრძო ჭამა.

ვინ გამოგიშვა გარეთ... შენი ცოდვა ედოს... ამ შუაღამისას ქუჩაში რას აკეთებ?

სახლში დავიღალე, - გულწრფელად ამოიოხრა ქალმა.

კედლის გაფქვილული საათი წუთებს ხმაურით მიერეკებოდა.

გავიგე რატის ამბავი, მარა... ვერ მოვედი. ხო იცი, შენი ქმრის გამო და რამე... მაგრათ ისა... მაგრათ მეწყინა, რა... ეხლა სად არი იმის ცოლ-შვილი, შენთან ცხოვრობენ?

რაღაც გაკლიათ... აი, გიყურებთ და რაღაც გაკლიათ, არ მომწონხართ.

რაღაც ყოველთვის მაკლდა თქვენში! მომრუშხული ამბობდა ქალი თავისთვის, გულუბრყვილოდ.

აი, ყოველთვისო! ესე იგი მიცანი! არ შეცვლილხარ, ისევ ის ქალი ხარ! მიცანი არა, გენაცვალე? - და ისევ მიეტანა.

რაღაც... ათინათი გაკლიათ, ჰო! მოვიფიქრე. ა-თი-ნა-თი! უშუქოდ დადიხართ, მეც მაბნელებთ. გაწიეთ, რა...

შე საცოდავო... რას დამსგავსებიხართ... ეგეთი ჭკვიანი, ეგეთი კარგი... მე გამომყოლოდი! მიგეტოვებინა ის შენი ქმარი და... მაინც ხო თვითონ მიგაგდო პირველმა! არ გეუბნებოდი? ხო გეუბნებოდი!.. ცივ ნიავს არ მოგაკარებდით შენ და იმ შენ შვილსაც. ეს მაინც ხო არ დაგემართებოდა!

გაიწიეთ რა... მეფარებით... - ისევ ისე, გულუბრყვილოდ ამბობდა ქალი.

შენი სიამაყე რა ვთქვი! სულ ეგეთი ამაყი და ყელმოღერებული რო დადიოდი. აგე, რა გიქნა ცხოვრებამ. აგე... ეხლაც არა გჯერა ჩემი?

მაცადეთ... - ხელებს ითავისუფლებდა მოხუცი.

უჰ... ამას ვეღარ წარმოვიდგენდი ესეთს თუ გნახავდი... არა, მართლა ვერა მცნობ თუ იგონებ? იქნებ ამ ყველაფერსაც მართლა იგონებ, ჩემ გასაგიჟებლად? აბა შემომხედე!.. კარგად... კარგად...

ატრიალებდა აქეთ-იქით ლოყებათრთოლებულ ქალს.

მომეშვით რა... ჭამა მაცალეთ... თქვენ მობეზრებული გექნებათ ესენი, თავად აცხობთ. ხო თავად აცხობთ?

კი... - პასუხის გაცემა მოუნდა კაცს.

მე ვერ ვაცხობ ასე კარგად! - გაუღიმა.

დამცინი?.. კიდევ დამცინი კაცო, ეხლა მცხობელადაც მიწუნებ?.. რა ვქნა, რჩენა ხომ გვინდა ოჯახში... შენ ის მითხარი, მარტოდმარტო ვინ გამოგიშვა ამ მდგომარეობაში!

ოხ, რა მომაბეზრებელი ყოფილხართ! თქვენ ვინ გიძლებთ სახლში!.. თანაც, ათინათი გაკლიათ. აი, თვალებს რომ დახუჭავ და მაინც რომ ხედავ, ის გაკლიათ... მომშორდით, მე წავედი...

მოიცა!.. - უცებ იყვირა კაცმა. - სად მიდიხარ!

სახლში... - მხრები აიჩეჩა ქალმა.

მარტოს არ გაგიშვებ!

- სახლში თაგვები მყავს. შეგეშინდებათ და მერე ყვირილი უნდა მორთოთ. მე კი არ მიყვარს მშიშარა და მყვირალა კაცები!

- მოიცა!.. - ისევ იყვირა კაცმა, - გაგაცილებ. ერთი წუთით დამელოდე, აი, ეს ტანსაცმელი გავიხადო და ეხლავე მოვალ.

ქალი ჩუმად შესცქეროდა.

- ხო დამელოდები? აქ იჯექი! არ ადგე! - მხრებზე ისე დაჰკრა ხელი, გეგონება იატაკში ჩააჭედა, არსად რომ არ გაქცეოდა... მერე უცებ შეიხსნა წინსაფარი და საცხობის სიღრმეში გაუჩინარდა.

- ოჰ... რა მომაბეზრებალი კაცია!.. თავი ამატკია. - გაიფიქრა ლენამ, ჯიბიდან ხურდა ამოიღო, მაგიდაზე დააწყო და ფეხაკრეფით გაეცალა იქაურობას.

ფერად-ფერადი ფიქრები უციმციმებდა გონებაში: „მგონი მოვეწონე, რა გასაკვირია, მოვეწონებოდი, მაგისთანებისათვის ამირევია თავ-გზა! მარა, რაღაც მაინც აკლდა. ვერ ანათებდა, რა!.. უჰ, როგორ მიყვარდა აქამდე ეგ კაცი, მეც არ ვიცი...“

მერე თვითონვე მიუგდო ყური თავის ნათქვამს და ხმამაღლა გაიმეორა: „როგორ მიყვარდა ეგ კაცი აქამდე...“ რაღაცა შეერჭოსავით გულის კედელში. ეტკინა, მაგრამ არ შეიმჩნია, თავი გააქნია, თითქოს ფიქრები გამოიბერტყაო და შვებით ამოისუნთქა. „ეხლა მოვუყვე ეს მარიკას, გაგიჟდება!..“

გვიანღამემდე იბორიალა ქუჩებში. ერთი-ორმა ძაღლმა გვარიანად შეაშინა. მერე ერთი შედარებით განათებული სადარბაზო ამოარჩია, პირველივე კიბეზე ჩამოჯდა, ტანსაცმელი კიდევ უფრო შემოიფუთნა და დაქანცულს მაშინვე ჩაეძინა.

სიზმარში ნახა: ის თეთრწინსაფრიანი კაცი მორბოდა ქუჩაში და განწირული უყვიროდა. მერე ხეების თავზე მოექცა და მათი კენწეროები გადმოირბინა - იქნებ ზევიდან მაინც დავლანდოო. ეს კი თავისი სახლის აივანზე იჯდა, იქიდან შესცქეროდა წერტილივით კაცს და სიცილით კვდებოდა. მერე ვითომ იმ კაცმა ერთი ხის კენწეროზე ბუდე იპოვა. ბუდეში ვითომ რატი იჯდა, ამოიყვანა პირდაღებული რატი და მაღლა ასწია - აი, ეს მაინც დაინახე, ეხლა მაინც გამოჩნდიო... და მაშინ კი წამოფრინდა ეს და დააპირა წერტილივით კაცისკენ გაქანებულიყო, მაგრამ ვერა. ვერ ადგა. რაღაცაზე დიდი თოკით იყო დაბმული...

ისე, ცხადში, მართლა ირბინა იმ თეთრწინსაფრიანმა, საცხობიდან რომ გამოვიდა და ქალი რომ ვეღარ დაინახა. აქეთ ეცა, იქით ეცა, ბევრიც უძახა, მაგრამ ვინ გააგონებდა!.. სახლში მოწყენილი მივიდა. ცოლის გემრიელ ვახშამზე უარი თქვა, არც შვილებს ჩაუყარა წლობით გაუხსნელ ყულაბაში ფული. დილით ცოლმა ბალიშის ქვეშ ხურდები აღმოუჩინა და ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ დაასკვნა - უკვე კაპიკებს დასდევს, სულ გაუვაჭრდა სულიო...

აბა, რა იცოდა, ის ხურდა ლენამ დაუწყო წინა საღამოს მის ქმარს მაგიდაზე. მეტი არც ღირდა მისი გვერდემმომწვარი ღვეზელი.



* * *
სახლში, რომლისთვისაც არაფერი ადამიანური უცხო არ ყოფილა, პატარა სასამართლოსმაგვარი რამ გაიმართა.

ლაურა სახეაწითლებული, აღელვებული გადი-გამოდიოდა ოთახში და ნახევრადჩამქრალ სიგარეტს ჰაერში ასავსავებდა.

- არა, მე რა პასუხს მცემდი ერთი. ამხელა უტვინო ქალი როგორა ხარ! სად მიდიოდი, რომ მიდიოდი, რა გითხარი მე, არსად წახვიდე-მეთქი, ჩემს აქ არ ყოფნაში ფეხი არსად გაადგა-მეთქი! - ყვიროდა.

ერთი-ორი მეზობელი განგებ ტრაგიკული სახით იჯდა ოთახის სხვადასხვა კუთხეში. ზოგი ფეხზეც იდგა.

ლაურა, თავის სიმართლეში და განგების ძალით თავიდან აცდენილ საშიშროებაში დარწმუნებული, კიდევ უფრო მეტ ექსპრესიას მატებდა სოლო გამოსვლას.

- გეკითხები, ლენა დეიდა, რა მოხდებოდა, შენ რომ შემთხვევით ამ პატიოსან ქალს არ ეცნე და სახლამდე არ მოეყვანე! გადაბრუნებოდა ვთქვათ ამასაც ფეხი - (მეზობელზე ანიშნა) - არ წასულიყო იმ ღამით თავის გოგონასთან... შენ ვინ მოგნახავდა და საერთოდ, რა პასუხს გვაძლევდი ჩვენ, ამაზე არ გიფიქრია?

მოხუცი თავჩაღუნული იჯდა. ათასში ერთხელ ცრემლი უმწიფდებოდა თვალებში და მძიმედ სცვიოდა, ხმას არ იღებდა.

- რა გაკლია, ლენა დეიდა, ძმურად მითხარი, რა!.. ჩემ ხელში რა გაკლია, გაკლია რამე?..

მღელცვარებისაგან ყველა სიტყვა შემოეფანტა ლაურას.

- იქნებ ამ პატიოსანმა ხალხმა იფიქროს, რომ მე შენ ყურადღებას არ გაქცევ, მე შენ გავიწროებ... რამეს გაკლებ... ხომ ვარ მეც ცოდვა, რა პასუხი მივცე ამ ხალხს, ლენა დეიდა?!..

„ხალხი“ თავის კანტურით ეთანხმებოდა ყველაფერზე. მერე ისიც ერთხმად აღნიშნეს, რომ ლაურას მათი მეზობლისთვის მართლა არაფერი დაუკლია.

- ჭირი იმ შენ რძალსაც, რომ ვერ მოგხედა ერთი!.. მე რატო უნდა მიწევდეს ამეებზე ნერვიულობა!

თავი ვეღარ შეიკავა ლაურამ და ატირდა.

მოხუცი თითებს იწვალებდა და ისევ ისე, ათასში ერთხელ წყდებოდა თვალებიდან მწიფე ცრემლები.

- ხალხო, რაღაც უნდა მოვიფიქროთ. ასე აღარ შეიძლება. ახლა ეს გარეთ ბორიალს მიეჩვევა, ვინ იცის როდის გაგვეპაროს, რა მოიწიოს, მე სულ აქ დასაჯდომად არ მცალია. ვერც თქვენ უყარაულებთ დღედაღამე. რამე უნდა მოვიფიქროთ...

და, ჩუმად ფიქრი და საუბარი დაიწყეს ისე, რომ მოხუცს არაფერი ესმოდა.

მოგვიანებით, ცოტა დამშვიდებული სახეებით მეზობლები ოთახიდან გალაგდნენ. ლაურა კი რამდენიმე წუთით აივანზე გავიდა, გული გაიგრილა. მერე შემობრუნდა და ლენას ზურგიდან დაუჯდა. მოხუცი არც განძრეულა.

- ეხლა მარტო მე და შენ ვილაპარაკოთ... - წყნარად უთხრა ლენას. ქალმა გაიღიმა.

- სად იყავი გუშინ, ლენა დეიდა? - მაქსიმალური სიმშვიდით ჰკითხა ლაურამ.

ქალმა მხრები აიჩეჩა.

- არ იცი, არა? კარგი. მე შენთვის ვინ ვარ. ლენა დეიდა?

ქალმა ისევ მხრები აიჩეჩა.

- არც ეს იცი, არა?... მაშინ მითხარი, ჩვენს წამებას ბოლო როდის მოეღება, ლენა დეიდა?

ხვალ... - უცებ უპასუხა მოხუცმა.

ხვალ? - ახლა ლაურამ გაიკვირვა. - ხვალ რა ხდება?

ისე...

მაშინ, თუ ისე, დღეს რატო აღარ!

ისტერიკის მისხალი გაჩნდა ლაურას ხმაში.

დღეს ვერა... წითელი პარასკევი ყოფილა.

ოჰოჰო! ეგ უკვე იყო. დღეს სხვა დღეა და მე და შენ რაღაც უნდა ვქნათ. უნდა გადავწყვიტოთ!

რა უნდა გადავწყვიტოთ, შვილო!..

ლაურას წამით სისხლი გაეყინა. ეს „შვილო“ რაღა უბედურებაა!.. - გაუელვა.

- რა და შენ ყველაფერი უნდა იცოდე, ლენა დეიდა. პატარა აღარ ხარ და, უნებურად შვებით ამოისუნთქა.

მოხუცმა ფართე თვალებით შეხედა. სადღაც გონების კუნჭულში გაცხარებით ზუზუნებდა რაღაც.

გაბოზებულა შენი რძალი იმ დასაწვავში! - ძალიან ხმამაღლა თქვა ლაურამ.

რა?.. - მართლა ვერ გაიგო ლენამ.

გაბოზებულა შენი რძალი საზღვარგარეთ! ბოზობით ნაკეთებია ეს ფული, რასაც გიგზავნის! გაიგე?

გაიგო. უფრო ძალიან აზუზუნდა გონებაში რაღაც.

იმ შენი რძლის დაქალი ჩამოვიდა უკვე. დამირეკა, შევხვდი. მომიყვა. აღარ დაელოდოსო, შენზე მითხრა. იქ ისე წახდა, აღარც ღირს მაგის აქ ჩამოსვლაო... არ გეუბნებოდი, მეცოდებოდი.

ესეც გაიგო.

ბავშვი კი ყოფილა კარგად. მაგრამ დედამისთან ურჩევნია...

ჩუმად იყო.

მითხარი რამე, ლენა დეიდა, რა კრიჭა შეკარი! კარგად ხო ხარ!.. - აღიზიანებდა მოხუცის სიჩუმე. ის კი ისევ ისე იჯდა და ყველაფერი კარგად ესმოდა.

დეგენერატი ისა!.. სულ ეგრე იციან, წავლენ და აუშვებენ აფრებს! აბა, აქ იბოზონ, თუ მაგრები არიან!.. ხო კარგად ხარ, ლენა დეიდა, წყალი ხო არ გინდა?

ჩუ... - ტუჩებზე ხელი მიაფარა უცებ, - იქნებ უყვარს?..

ეს ისე თქვა, ისე, გულწრფელად, რომ ლაურა ვეღარ მიხვდა, მას დასცინოდა თუ თავის რძალს. სამზარეულოდან წყალი გამოიტანა, თვითონაც მოსვა და მოხუცსაც მიაწოდა.

რად გინდა ეხლა ესეთი ფული, რა ჯანდაბად გინდა... შევუთვალოთ აქედან, რომ აღარ გჭირდება... მისგან რო აღარაფერი არ გჭირდება!..

ჰო, შევუთვალოთ - დაეთანხმა.

შენ არ შეგეშინდეს, ლენა დეიდა, აქ არა ვარ? იცი, ერთი კარგი ადგილი ამოვარჩიე შენთვის. აბა, ამ სახლში გამომწყვდეული როდემდე უნდა მყავდე! ხო ხედავ, მეც ვმუშაობ, სულ აქ ხომ ვერ დაგიჯდები! იქ კიდე, ისეთი კარგია... მე ვიყავი, ვნახე, თან ჩემი ძალიან ახლობელი მუშაობს, შენზე მითხრა, დედოფალივით მოვუვლიო. თან, ხალხია იქა, შენი ტოლები, უფრო მხიარულად იქნები!

გაუბედავად ეფერებოდა მხრებზე და ცდილობდა, მისი თვალები მოეხელთებინა.

ხო, ლენა დეიდა? რას იტყვი, წავიდეთ იქა?

სად... - ხმადაბლა იკითხა მოხუცმა.

იქა... კარგ სახლში. მე მოვალ ხოლმე, ცხელ საჭმელს მოგიტან, ყავას მოგიტან. შენ იქ იმდენ დაქალს გაიჩენ! მერე გამაცანი ხოლმე ისინი და ვიყოთ ასე... აქ ცოდო ხარ, ლენა დეიდა, შენ გულს გადაასკდები, მოგონებები შეგჭამენ... თან მარტო! უიმე, საშინელებაა!

ტელეფონი იქნება?

ლაურას სიცილი აუტყდა.

ალბათ კი. რა ვიცი, მაგაზე არ მიფიქრია. ვისთან უნდა დარეკო ხოლმე, ლენა დეიდა?

ქეთინოსთან... - თქვა და კიდევ ერთი მწიფე ცრემლი დაიგორდა ხელებზე. სულ ვეღარ გაარკვია ლაურამ, ესმოდა ეს ყველაფერი მოხუცს თუ მალავდა, რომ ესმოდა.

ჩვენებს უკვე ველაპარაკე. ყველამ მოიწონა ეს აზრი. ეხლა ოცდამეერთე საუკუნეა, ლენა დეიდა, დასაძრახი კი აღარაფერია ამაში. რა ვიცი... ნეტა ერთი, კაცმა არ იცის სადა ჯობია, აქ თუ იქ სადაც გეუბნები...

ყველაფერი უკვე მოეგვარებინა. რამდენიმე დღეში მაღალ ქუსლებზე შემდგარი და ჩანთაატატებული მოხუცი ერთ პირქუშ საავადმყოფოში ტაქსით მიიყვანეს. იქ გულისხმიერად შეხვდნენ. როგორც ჩანს, მოეწონათ. ჩააცვეს თეთრი, უხალისო პერანგი და მიუჩინეს თავისი კუთხე.

დერეფანში ბლომად პასკის ნაფხვენები ეყარა და აჟივჟივებული პაციენტებიც მხიარულად ულაწუნებდნენ წითელ კვერცხებს ერთმანეთს მოტვლეპილ თავებზე.

ყველას საქმიანი იერი ჰქონდა და დიდი ფუსფუსი იყო ატეხილი. მოხუცმა მალევე გაარკვია - ახლად დამთავრებული ომიდან სიკვდილს გადარჩენილები და დაჭრილები შინ ბრუნდებოდნენ თურმე. პაციენტები დიდ დახვედრას უწყობდნენ. ყველას ყვავილები უნდა სჭეროდა ხელში და იქამდე მდგარიყო „ლოდინის ადგილას“, სანამ ჩამოსულებს შორის თავისიანს, ნაცნობს არ აღმოაჩენდა.

ასე დაუბრუნდებოდა ყველა ერთმანეთს და არავინ აღარ იქნებოდა მარტო - ეს ჩანაფიქრის ავტორის მიზანი იყო.

ლენას საავადმყოფოში სიყვარულიც ეწვია. იქ იპოვა კაცი, რომელსაც, მისი თქმით - ათინათი ჰქონდა და ისინი ყოველ საღამოს ერთად სეირნობდნენ აკაციის ხეივანში.

ჰქონდა ტელეფონიც. ის ხშირად რეკავდა თავის ცოცხალ და გარდაცვლილ ახლობლებთან და ათას რამეს უყვებოდა.

ხანდახან ძალიან ცუდად იყო. გონების კუნჭულში გაუსაძლისად ზუზუნებდა ხოლმე რაღაც და არაფერი შველოდა. ამ დროს მთელი სხეული ეკრუნჩხებოდა და ეგონა, ახლა მაინც გაწყდებოდა ის საძაგელი, უხილავი თოკი და ახლა მაინც დააღწევდა თავს გარშემო ყველაფერს... მერე ისევ დამშვიდდებოდა, გაყუჩდებოდა და პატარ-პატარა ფიქრებით ირთობდა თავს.

ერთხელ, ერთადერთხელ ააღელვა მხოლოდ ძველი ნაცნობის გამოჩენამ. თავის პალატაში ლექსო ესტუმრა - რატის ძმაკაცი. მთვრალიც არა, უფრო - ნამთვრალევი. რაღაცნაირი, მორიდებული ჩანდა. თავდახრილი შესცქეროდა. მერე ძველებურად ხელები დაუკოცნა და მოჰყვა ლაპარაკს:

- შენ შემოგევლოს ჩემი ფერმკთალი სიცოცხლე, როგორა ხარ, ლენა დეიდაო, ეს რა აპარტამენტები მოუწყვიათ შენთვის, ამას ვიფიქრებდითო?!.. არა, ისე არა უშავს, მე უფრო საძაგლობა მეგონა... შენი ჭირიმე, ჩემო პატარა ბავშვო, ჩემო თეთრო ბავშვო, ლენა დეიდაო... ვინ იცის, იქნებ აქა სჯობია, მე ამ ცხოვრების დედაც და სუყველაფერიც... რა ნუ ვიგინები, შევიგინები კი არა, მეტსაც ვიზამ, შენ აქ ხო არავინ გიტრაკებს ან რამე... ხო კარგად გექცევიანო... მაგრად გული მტკივა, მტკივა კი არა, ლამის არის გასკდეს და გაწყალდეს, აქ რომ მეგულები, მაგრამ კაცმა არ იცის, იქნებ ესე ჯობიაო, ლენა დეიდა... იმ ლაურამ, აქ რომ მოგიყვანა, მე ამაზე ბევრი ვიფიქრე. ერთიხანი იმის დახრჩობაც კი მინდოდა კატასავით, მარა, შენ არ იცი, გარეთ რა საგიჟეთია, ეს იმასთან მოგონილია და, იქნებ ესე უფრო უკეთესი იყოს, ლენა დეიდაო... რატის სულს ვფიცავარ, ოდესმე ხომ ის ქეთინოც ჩამოვა, სულ ენით უნდა ვალოკინო რატის საფლავი, ეს რა ქნა იმ დამპალმაო... რა ნუ ვილანძღები, შენი გულის ჭირიმე, აბა რაღა დამრჩენიაო... მე ვარ რა, ძველებურად, დაკერებული შარვალივით... დიდი ცხოვრებისათვის აღარ გამოვდგები. პატარებში გავდივარო... შენი სახლი - ჰო! მოგენატრა, ლენა დეიდაო?.. ხშირად ავდივარ, ძალიან ხშირად... მე და ის ლაურა ვალაგებთ ხოლმე და... ისაო... რა, შევრიგდითო? კი რავი, მე მაგის აუტირებელი დედაცაო... არა, ცუდი ქალი არ უნდა იყოს, რას გაიგებ ქალებისასო... ჰო, ეგრე, ავდივარ ხოლმე, მივალაგებთ, მერე იმ კრესლოებში ჩავსხდებით, ავიღებთ ჭიქებს და ლუდს და ვსვამთ, ხო იცი, როგორ გვიყვარდა მე და რატის ლუდიო... როგორ მენატრები, ლენა დეიდა და, ერთი სულ მინდოდა მეკითხა, იმ შენ ოთახში კედლებზე რეები გაქვს მიწებებული. ბამბაზიის კურდღლები და ბამბუკები?.. მომწონს რომელია, კაცო, რო ვწევარ და... კი არადა, რო ვდგავარ და ვუყურებ და ეს ერთი ციცქნა რეებია ან რატოა, ვფიქრობო... ლაურას კი ვეკითხები, მარა აბა იმან რა იცის, იმან შენი ლამაზი ამბები საიდან იცისო... რატის ბავშვობის შარვლებიაო?.. რას მეუბნები, ლენა დეიდა, შენ ამოჭერი სათითაოდო?.. აუ, საღოლ,რა! აუ, რა მაგარი ხარ,ლენა დეიდა, მოდი ხელებში გაკოცოო... და, რა არის ეგა?.. სამოთხეაო?.. ჰო, მეც არა ვთქვი, რათ მიყვარს შენი სახლი, სამოთხე არა ყოფილა შიგაო, სამოთხე... ლენა დეიდა, შენ რა იცი, ეგ რა არისო!.. ეჰ, სადმე მეც რომ ჩემი სამოთხე გამომაჭრევინა და მერე თუ გინდა მეც აქ მოვხვედრილიყავიო...

აბა, წავედი ეხლა ლენა დეიდა და, რატის სულს გაფიცებ, თუ ვინმე გაბრაზებს ან გიყვირის, ან რამე, მითხარი და დედას ვუტირებო... წავედი აბა და დარდი არ გქონდეს... ჰო, ჩემი დარდიო...

ეს ერთადერთხელ იყო. მეორე დღეს ლენამ და მისმა რამდენიმე მეგობარმა საჩვენებელი ფრენის დროს ახალ პლანეტაზე გადაინაცვლეს.


ბმული:

* http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0unikumu1--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&c=unikumu1&cl=CL4&d=HASH012f0ff1eac3967cf53be3e4.23.1

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნინო სადღობელაშვილი   ნინო სადღობელაშვილი - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ნინო სადღობელაშვილი
Back to top 
Page 2 of 3Go to page : Previous  1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: