დაიბადა 1966 წლის 2 სექტემბერს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1988 წელს, 1990 წელს კი საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის კინოსარეჟისორო კურსები. 1989-1990წწ. იყო 46-ე საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი; 1990-1991წწ. კინოსტუდიის რეჟისორის ასისტენტი; 1992 წელს ტელეკომპანია "იბერვიზიის" რეჟისორი; 1992-1994წწ. ლიტერატურული გაზეთის "რუბიკონის" რედაქტორი; 1994-1996წწ. თბილისის პერფორმანსის თეატრის რეჟისორი და მსახიობი; 1995-1997წწ. გაზეთ "სერაფიმის თეატრის" მთავარი რედაქტორი; 1997-2000წწ. ჟურნალ "სტუდიის" ლიტერატურული ნაწილის გამგე; 1996-2006წწ. ლიტერატურული გაზეთის "ალტერნატივას"(შემდგომ ჟურნალი) მთავარი რედაქტორი. 2003 წლიდან არის გამომცემლობა "კავკასიური სახლის" რედაქტორი. ავტორია 8 პოეტური და მოთხრობების 3 კრებულისა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, რუმინულ, აზერბაიჯანულ, ჰოლანდიურ, პორტუგალიურ, უკრაინულ, ესტონურ, ლატვიურ და ალბანურ ენებზე. მონაწილეობდა საერთაშორისო პოეტურ ფესტივალებში: ORIENT-OCCIDENT (კურტ-დე არჯესი, რუმუნეთი, 2006), EST-QUEST (დი, საფრანგეთი 2006), Poetry International (როტერდამი, 2007), V და VI პოეტური ბიენალე (მოსკოვი, 2007, 2009), SOTZIA (ტალინი, 2008), "პოეზიის დღეები"(რიგა, 2008), Киевские лавры (კიევი, 2009) და სხვა.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები * 2009 - საერთაშორისო პრემია "Киевские лавры'" * 2007 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო პოეტური კრებული
ბიბლიოგრაფია * სანამ დროა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, სიესტა, 2006. - 92გვ.. - ISBN: 99940-881-0-6 * ფოტომამები : მოთხრობები] (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2005. - 175გვ.. - ISBN: 99940-30-46-9 * ფანქარი ცაში : ლექსები (ავტორი). - თბილისი, კავკასიური სახლი, 2004. - 239გვ.. - ISBN: 99928-71-53-9 * ყვავილთა ყვავილი და ინჟინერი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, კავკასიური სახლი, 2000. - 76გვ. * კონტრაჟური : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1998. - 176გვ. * საღეჭი რეზინა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, წიგნი, 1994. - 48გვ.
შუადღე GDS / shuadge GDS Published on Mar 19, 2014
Admin Into Armury
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: შოთა იათაშვილი Wed Dec 05, 2012 5:36 pm
Published on Oct 3, 2012 by Artareatv
შოთა იათაშვილი და მაია სარიშვილი გიორგი კეკელიძის ვიდეობლოგში "ლიტარეა". დიალოგი არაკლასიკური სახით - ო.ჰენრის მოთხრობების სათაურისა და ამონარიდების მიხედვით.
Last edited by Admin on Wed Mar 20, 2019 10:24 pm; edited 1 time in total
Admin Into Armury
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: შოთა იათაშვილი Wed Dec 05, 2012 5:46 pm
შოთა იათაშვილი
ვაკური ჭლექი
მასპინძელს ყელზე მარგალიტი უკეთია და განუწყვეტლივ ახველებს, კედლებზე თაბაშირის ანგელოზები კიდია, ზიხარ და ტკბილეულს მიირთმევ. უკვე იმდენი შესანსლე, გგონია, რომ ფესვი გაიდგი ამ გაპრანჭულ სახლში, სადაც ერთხელ რატომღაც და სამუდამოდ დაგპატიჟეს. ჰაეროვანი, ინტელექტუალი მასპინძელი მარგალიტის ყელსაბამით მდიდრულად გაწყობილ სახლში მიმოდის და ახველებს, ჭირხლი ფანჯარაზე გახსენებს, თუ როგორი ტანჯვით მოისწრაფვოდი გაყინული გარუბნებიდან მისი თბილი ბუდუარისკენ – ავტობუსის, სამარშრუტო ტაქსისა თუ მეტროს გამოცვლით, – მარგალიტის ყელსაბამიანი მასპინძელი კი კვლავაც ახველებს და ფიჭას წუწნის, "ფიჭა ძალიან, ძალიან მიყვარს" – გეუბნება, შუქს აქრობს და მაშხალებს ანთებს – ერთს შენ გაწვდის, მეორეს ხელში თავად იჭერს, – ის უცნაურია, მარგალიტის ყელსაბამი უკეთია, ხშირად ახველებს, მოციგურავესავით დასრიალებს თავის გალაკულ იატაკზე, ზოგჯერ ჰაერშიც შეხტება ხოლმე და დაბზრიალდება – მაშხალები ამ დროს მგზნებარე ნაპერწკლებს ყრიან, მონუსხული უყურებ მის ჯადოქრულ ცეკვას, ის შუქს ანთებს, ცოცხს და აქანდაზს იღებს ხელში და ბალანჩინური მოძრაობებით მონდომებით ხვეტავს ბინას, რათა ახალი სტუმარი მიიღოს და დაიტოვოს, სადღაც რადიოს სულ სხვადასხვა FM-ები ვაკურ შელოცვებს ბუტბუტებენ, ის კი ახველებს ყელზე შებმული მარგალიტებით, მომაკვდავია (როგორც ყველა ჭლექიანი) და უკვდავია...
ევრიდიკე
დიანა ანფიმიადის და ქეთი თუთბერიძეს
ვინ ვის სად სდია, კუდში ვინ ვის მიჰყვებოდა, ვინ ჩაეშვა მიწის ქვეშ ან ვინ რას მღეროდა – ან სად გაჩერდა, სად გაშეშდა, ნარნარი ხმა სად ჩაიწყვიტა – აღარაფერი მახსოვს ზუსტად, ამერია დავთრები და ამემღვრა ტვინი – ვიღაც მიყვარდა, ჰო, იყო რომ ვიღაც მიყვარდა და ვიღაცას თითქოს ვუყვარდი, სიბნელეში ერთიმეორეს დინჯი ნაბიჯით დავდევდით და ვთამაშობდით გაშეშობანას... სრული წკვარამი ჩვენთვის ხანდახან ინტიმი იყო, მერე აღარ, მერე ისევ, და ისევ აღარ... „ამო ზემოთ!“ – დავძახოდით, კარგად მახსოვს, ერთიმეორეს... და მე ვიყავი მასზე უფრო ჯიუტი და იგი იყო ჩემზე უფრო აუტანელი... ხან მე სიმებს ჩამოვკრავდი ჩემს თლილ თითებს და ხანაც ის აჟღერებდა ქნარს ახალ ხმაზე... რამ დაგვათრო, ნეტა ასე რამ დაგვათრო, რომ აღარ გვახსოვს, სად წავედით, ვინ ვის სდევდა, ვინ გაჩერდა, ვინ რას მღეროდა... ................................... ევრიდიკე ვარ, გაყინული ვდგავარ და ვფიქრობ: მთელი ცხოვრება ქნარზე ვუკრავდი და ვმღეროდი მატკბობელა ხმით, სანამ სისხლი უსაშველოდ არ ამიჩქროლდა და ერთ ჭაბუკს მოუსავლეთში არ გავეკიდე... პირმშვენიერი ეს ჭაბუკი კი ხან ჰაეროვან კოცნებს გზავნიდა, ხან იქედნურად იღიმოდა, ხან ჩერდებოდა, ხან გარბოდა ან უკან მომდევდა... …………………………………………………....................................... ბნელა, თითთან თვალს ვერ მიიტან და ვერც თვალს თითთან, ვდგავარ და ვფიქრობ, ის სად არის – მაღლა, მზის ქვეშ, კიდევ უფრო დაბლა, სულმთლად ყიამეთში თუ აქვე, ჩემს გვერდით... ........................................ ბნელა და ვმღერი... ........................................ და შორიდან მელოდია მესმის ნაცნობი...
ავტობიოგრაფია
იყო დრო, ის ფიქრობდა ასე:
გაუგებარია – ღმერთი გასაგებია – კუბიკი ზუსტია – პარალელეპიპედი ძნელია – სახლი სახლშია – კუბიკი კუბიკშია – ღმერთი ღმერთშია – გასაგები და ა.აშ.
მე შენ მიყვარხარ, ისე, როგორც სულ არავის დედამიწაზე... მე შენ მიყვარხარ, და ყოველ დილით ველოდები, როდის ამოვა მზე, ჩემი სახლის მძიმე კარი როდის, როდის გაიღება და ღმერთო, როდის დავიძვრები შენი გულისკენ...
ეს დროც გავიდა, და დაჯღაბნა:
ამის კარგიც, ფუ, ამის კარგიც!..
იყო მომენტი, გაიფიქრა:
რა არის ნეტა ეს კარგადყოფნა ან ცუდადყოფნა...
ხოლო მერე:
ქარი ხან ჰქრის და ხან არა ჰქრის, ფოთლები კი სულ მიჰქრიან თურმე ქარდაქარ..
აი, ბოლოს კი მწოლიარემ ლოგინში, თავის მწვანე კედლებს შეხედა და გაახსენდა:
პარალელეპიპედი, კუბიკი, სახლი, ცხოვრება, ღმერთი... – მარტივია, რთულია, ზუსტი...
მტვრის რადიუსი
მტვრის რადიუსს ვანგარიშობდი: 15 308 წიგნი გავამრავლე 718 პურის ნამცეცზე. გამოვაკელი ჩემს ეზოში ჩამოცვენილი წითელ-ყვითელ-მწვანე ფოთლები და გავყავი გაფუჭებული ონკანიდან ერთი საათის განმავლობაში გამოჟონილი წვეთების რიცხვზე. ჩემი შუბლის 2 ნაოჭი ჩემი კანის 100 უჯრედს სჯობდა, და მე, ბრძენი, მტვრის რადიუსს ვანგარიშობდი: 15 308 წიგნს ვამრავლებდი 718 პურის ნამცეცზე.
რა მინდა?-ს მერე აქ რა მინდა? – მოდის შეკითხვა, რასაც მოჰყვება იქ რა მინდა? – გაურკვეველი...
პარტიტურა
გული იგი – ხან შავი ხვრელი, ხანაც კიდევ ორკესტრის ორმო – ორივეგან ბნელა, მაგრამ შავი ხვრელის მძიმე წყვდიადის უკუპირია ორკესტრის ორმოს მსუბუქი მრუმე: სულ რომ არ ელი, სწორედ მაშინ საკუთარი უცნაური ინსტრუმენტების აწყობას იწყებენ შიგ ჩამსხდარი შენი ნაცნობ-მეგობრები, ნათესავები... შენი პირადი, ზეციური ფოსტალიონი კი მათკენ მირბის თავგადაკლული, ნაკვერჩხლებივით შუქნიშნებთანაც კი არ ჩერდება, რათა გულის ნაინფარქტალი პარკუჭიდან – ორკესტრის ორმოს კბოდედან დროზე ისკუპოს დაბლა და ნოტები მოკრძალებით დაურიგოს ლეგენდარულ მუსიკოსებს შენი ცხოვრების – ერთის ნოტებში ჭიქის ჭახუნის საოცარი მელოდიაა, მეორისაში – კალმის წრიპინის, მესამისაში – ბავშვის ღნავილის... გულს აყურადებ და იწყება უვერტიურაც. გულს აყურადებ და გულს გეშვება. შენი პირადი, ზეციური ფოსტალიონი კი გულის ორმოდან ამობობღდა და დირიჟორს ხელში აჩეჩებს პარტიტურას – ასტრონომიის სახელმძღვანელოს – რომელშიაც წერია, რომ შენი გული – შავი ხვრელია.
ფანქარი ცაში კონვენციური
წვერწათლილი ჩემი ფანქრის მოძრაობა ცაში ნელი ხან ნაზია, ხან ლამაზი, ხანაც კიდევ საშინელი.
ყველა ჩიტი იქ თავს იხრჩობს ან-ბან-განით, განა ბაწრით, და პოეტის ნაკვალევს ჰგავს თვითმფრინავის განაკაწრი.
მოედება ფანქრის წვეტი მზეს ან მთვარეს, როგორც მერანს, წეროს, ჯღაბნოს როგორც უნდა, მიწაზე ვარ, მერე მე რა...
ღრუბლის ქულა საშლელივით უკან დასდევს ამცდარ ფრაზებს, თუ დაბნელდა, გაგრძელდება ლექსის წერა მთვარის ბრაზე.
ჩემი ფანქრის მოძრაობა დაბლა სწრაფი, მაღლა ნელი, ყველაფერზე ლაპარაკობს ცისარტყელის საქანელით.
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: შოთა იათაშვილი Sun Jan 07, 2018 7:59 pm
შოთა იათაშვილი
ხმები მაჯისა და საშოს მიდამოებში (სამიჯნურო დრამატული მოთხრობა)
“სწორი შემოქმედებითი აქტი ყოველთვის ასუფთავებს არასწორ ცხოვრებისეულ აქტებს”. უცნობი თანამედროვე ავტორი
“არ შეიძლება არასწორი ვუწოდოთ იმ ცხოვრებისეულ აქტს, რომელიც იწვევს სწორ შემოქმედებით აქტებს”. იგივე უცნობი თანამედროვე ავტორი
არა, პეპლებისსაჭერივით სიტყვებისსაჭერი ეგ ყური კი არა, ზვავივით მგორავი და ზრდადი მუცელი მინდა შემომიშვირო, რადგან მხოლოდ ასე თუ შევძლებ საიდუმლოს გამხელას. ის ჩვენი ექვსი თვის ბავშვი, ორჯერ რომ გოგონად მესიზმრა და ახლა მანდ რომ გიზის, შუამავლად მჭირდება. მოგადებ პირს ჭიპზე და იქიდან ვუბუტბუტებ ყველაფერს. და მერე ის შენი სხეულის ნაწილებსა და ნაწილაკებს მოუყვება განაგონს. სულ პირველად საშო შეიტყობს ამ ამბავს და შეკრთება. ბუშტივით გაბერილი შენი საშო, სუნთქვა-სუნთქვით რომაა ნავსები ჩემი გამჭვირვალე გოგონათი. მერე კი წყვილი თირკმელიც მოისმენს, წყვილი ფილტვიც, დუჟინი ნეკნიც... ცალფა გულიც, საშოზე მეტად რომ მაფრთხობს, თუმცა ვიცი, ისიც გაუძლებს... ყველაფერი გაუძლებს, რადგან ჩემი მოკუნტული გოგოს მონაყოლმა არ შეიძლება რაიმეს ავნოს. ამიტომაცაა, მას რომ ვანდობ სიტყვებს, რომელთა წარმოთქმის ვნება ისე უთავბოლოდ იზრდება ჩემში, ვიცი, დღეს თუ ხვალ მაინც შეუძლებელი გახდება მისი მოყუჩება და მიფუჩეჩება...
გულისჯიბეში ფოტო მიდევს ფერადი: მარცხენა ხელი სახესთან მიუტანია ახალგაზრდა გოგონას, მაჯაზე დახვეულ სისხლიან ბინტს კბილებით ქაჩავს და იღიმება თვალებით, პირის კუთხითა და მთელი სახის კანით. სისხლიანი ბინტის ოდნავ ზემოთ წითელი შრამი მოჩანს – სწორედ ის შრამი, თითქმის დაუჯერებელს რომ ხდის ამ ისტორიას.
ჩემო პატარა, დედაშენის სისხლი გარტყია ახლა გარს და ვერაფრით აღიქვამ მას უცხო სისხლად. ძნელი იქნება ამიტომ შენთვის იმის გაგება, თუ რად ეყინებათ ადამიანებს საკუთარი სისხლი, როცა სხვისას ხედავენ. ხოლო თუ საკუთარს მოჰკრეს თვალი, იმღვრევიან სულმთლად, კარგავენ გონებას და უკვე აღარავის ძალუძს იმის წარმოდგენა, საითკენ შეიძლება წაცურდეს მათი ქმედებების ჯანღი...
ჩემო მეტისმეტად პატარა, სამიოდე თვეში შემოხვალ შენ იმ სამყაროში, სადაც დაიწყო ეს ამბავი და აღარ სრულდება. შემოხვალ და მერე უნდა გავიდეს 17 წელიწადი, იმ გოგონას კბილა რომ გახდე, ფოტოსურათზე რომაა აღბეჭდილი. და გადამწყვეტია ეს მომენტი, რადგან მხოლოდ მაშინ გადასცდება ის ჩემს ახლანდელ ასაკს და როგორც მე ვფიქრობ, ბოლოს და ბოლოს მოჭკვიანდება და შეწყვეტს თავისი მაჯის გაუთავებელ სერვას.
...ფირების დასაჭრელად ჰქონდა ნაყიდი სამართებელი და არა ფეხების გასაპარსად. – სახლში წადიო, – ცოტა არ იყოს უკმეხად მომმართა და მეც წავედი, ის კი იმავე საღამოს შეუდგა ვენების წვალებას. თავდაპირველად ძალიან მსუბუქად გაუსვა “ჟილეტის” პირი ცისფრად დაძარღვულ თხელ კანს. არ ვყოფილვარ იქ, მაგრამ როგორც გულისჯიბეში ასე არასაიმედოდ ჩამალული ფოტოსურათი შემიძლია დავინახო, ისევე ვხედავ იმ პირველი გადასერვის კადრს. და ხმაც კი ჩამესმის: “სსს... სსს... სსს...” – თანდათან გაწითლდა კანი, სამართებელმაც ხმა ოდნავ იცვალა და “სსსშ... სსსშ... სსსშ...” – რომ გაისმა, სისხლიც გამოჩნდა...
ძნელია, იმ ადამიანს, რომელიც ჯერაც არ დაბადებულა, რიგიანად აუხსნა, თუ რა არის სიკვდილი. შენც გაგიჭირდება ამიტომ, ჩემო ლაპლაპა ოცდაექვსკვირიანო მუცლის გოგონა, ჩაწვდომა სიკვდილის არსში. მაგრამ ეგ არაფერი, ან იქნებ უკეთესიც კი. სიკვდილის, ვინ იცის, იქნებ სულაც ფუჭი ადამიანური ტრაგიზმი რაკი უცხო იქნება შენთვის, ძალაუნებურად სულ სხვანაირად შევეცდები მის აღწერას და გეტყვი, რომ მისი დადგომიდან რამდენიმე დღის შემდეგ ადამიანი იმაზე უხილავი ხდება, ვიდრე თუნდაც შენა ხარ ახლა. შეიძლება გიძნელდება ამის წარმოდგენა, მაგრამ მერწმუნე, ეს ასეა და დედაშენის მუცლის მოყვანილობა გარდაცვლილებზე უფრო ხილულს გხდის. ხატვა, ფოტოსურათებისა და კინოფილმების გადაღება იმიტომ მოიგონეს ადამიანებმა, რომ ამ საზარელ უხილავობას შებრძოლებოდნენ. ფოტოზე გამოსახული გოგონაც იმათ ულევ რიგს მიეკუთვნება, ადამიანთა ამ სისუსტის წყალობით რომ ჭამენ პურს. ჰო, ის ფოტოკორესპონდენტია და ჩემს მომავალ უხილავობასთან დონკიხოტურ პაექრობაში საკმაო წვლილი აქვს შეტანილი: ფოტოები ქუჩაში, სახლში, სამსახურში, კაფეებში, ლექსების კითხვისას... აუცილებლად დაგათვალიერებინებ, პატარა, როცა გაჩნდები. მანამდე კი მისმინე ყურადღებით: ისევ უნდა დავუბრუნდე იმ საბედისწერო მაჯას, სამართებელსა და ხმას...
“სსსშ... სსსშ... სსსშ...” თანდათან “შშშ... შშშ... შშშ...”-ში გადავიდა. სისხლდენამ იმატა. გოგონას გაახსენდა, რომ გადაჭრილ ვენას სიკვდილის მოტანაც კი შეეძლო. მაგრამ ის ჯერ მხოლოდ 17 წლის იყო და ოდნავადაც არ აინტერესებდა სიკვდილი. უბრალოდ სურდა, კვლავაც დიდხანს ესრიალა სამართებლის პირს მის მაჯაზე, კვლავაც დიდხანს ეგრძნო მისი სიცივე და წამახულობა კანსა და სისხლზე... და მან ჯიბრიანად გაიფიქრა: “არ მოვკვდები, მაგრამ არც შევწყვეტ ვენების სერვას!” – გაიფიქრა ძალიან ჯიბრიანად და მყისვე ირწმუნა, რომ ეს ასეც იქნებოდა. “შშშ... შშშ... შშშ...” “შშშრ... შშშრ... შშშრ...”-თი შეიცვალა. შეამჩნიეს იგი – ჭიამაიასავით წითლად დაწინწკლული – რედაქციის თანამშრომლებმა და უყვირეს ერთმანეთს: საავადმყოფოშიო! მას მტკიცედ ეჭირა მარჯვენაში სამართებელი და არავის უთმობდა ცოცხალი თავით. საპროცედუროში სისხლდენა გაუჩერეს და მაჯა გადაუხვიეს, მაგრამ სამართებელი მაინც ვერაფრით წაგლიჯეს. ეჯაჯგურებოდნენ, ემუდარებოდნენ, ემუქრებოდნენ... რომ აღარა და აღარ მოეშვნენ, – გამანებეთ თავი, თორემ იქით დაგსერავთ ყველასო! – უკივლა ბოლოს პირგამეხებულმა ირგვლივ მყოფთ. დაფრთხა რამოდენიმე, წრე გაირღვა და დაუძვრა ისიც მედპერსონალს და თავის თანამშრომლებს ხელიდან. დაუძვრა, წავიდა და ისევ მიჰყო ხელი ვენების ჯიჯგნას...
მე იგი ამ შემთხვევიდან ორი დღის შემდეგ ვნახე. სამსახურში ამომაკითხა. ის სიფრიფანა და ხისტი იარაღი ეკავა თავის ელასტიურ თითებში და რიტმულად ამოძრავებდა მარცხენა მაჯის გასწვრივ. ჩემს გადარეულ მზერას რომ შეეფეთა, გამიღიმა და მითხრა, არაფერი მომივაო. ღირს ვითომ იმ ძიძგილაობისა და ვაი-უშველებლის აღწერა, რაც მაშინ ჩემსა და მას შორის მოხდა? ჩემო პაწაწინა, მოკუნტულო გოგონა, ღირს ვითომ შენს ჯერაც ჩამოუყალიბებელ ნერვებზე თამაში? და მერე კიდევ, რას ვერჩი ამ ლამაზად დაღლილ დედაშენს, შენგან რომ უნდა შეიტყოს ეს ამბავი და ჯერ სანაყოფე წყლები უნდა აემღვრას, მერე საშო შეუკრთეს და ბოლოს გულიც ეტკინოს?..
არაფერს. ვაი რომ არაფერს, და პირიქით, ვეტრფი სისხლის ყველა, გადმოდენილი თუ გადმოსადენი წვეთით. მაგრამ რა ვქნა, თუკი ეს საიდუმლო აღარაფრით ეტევა ჩემში, მილეწს ძვლებს და გარეთ იწევს? როგორც არ უნდა დავიცო ყურები, მაინც განუწყვეტლივ ჩამესმის მაჯაზე გადასმული სამართებლის ხმები: “ხხხრ... ხხხრ... ხხხრ...”, “ხხხჭ... ხხხჭ... ხხხჭ...”, “ჭხხხ... ჭხხხ... ჭხხხ...”, “ჭრრრ... ჭრრრ... ჭრრრ...”, “შჭჭჭ... შჭჭჭ... შჭჭჭ...” – ვერავინ წარმოიდგენს, რა შეიძლება იყოს ეს! მაგრამ კმარა! რაკი ვერ ვჩერდები, ჯობს, ეს ჩემი მოუთავებელი ჯავრი უსწრაფესად მაინც ამოვთქვა!
ჩემო პატარა, მოკლედ, დავმარცხდი იმ დღეს მასთან ბრძოლაში. ღონეგამოწურული და ალაგ-ალაგ მის მიერ უნებლიეთ მსუბუქად დასერილი სავარძელს დავებერტყე და აპარპალებული თვალებით მივეპყარი მყივანა ლაქებით აყვავებულ მის სხეულს. საშინლად დაღლილი იყო ისიც, მძიმედ სუნთქავდა და კიდევ უფრო მაგრად უჭერდა ხელს თავის სამართებელს, მაგრამ მაინც შესძლო, გამიღიმა კვლავაც და მითხრა: თუ გინდა ცოტა ხანს გავჩერდე, გამიკეთე ყავაო. ფეხზე წამოვხტი მაშინვე. მერე იჯდა ის ჩემს მაგიდასთან, ალისფერი ხელით ყავას სვამდა, მეორეთი კი მაგიდის ზედაპირზე სხვადასხვა ფიგურებს ფხაჭნიდა თავისი განუყრელი იარაღით. რაღაც მომენტში, როცა ყავა დადგა და თმა გაისწორა, სისხლის ერთი წვეთი მის მაჯას მოსწყდა და დაეცა სურნელოვანი სითხის ბლანტ აპკზე. ვუყურებდი, როგორ გაინთხა წითელი ყავისფერზე და ამ უფრო მუქმა და მძიმე ფერმა როგორ შეისვლიპა ყველაზე ფორიაქა და წიკვინა ფერი... მან კი მგონი ვერც ვერაფერი შეამჩნია, კვლავაც მოკიდა ხელი ყავის ჭიქას, პირთან მიიტანა და მოწრუპა.
– რატომ აკეთებ ამას? – ვკითხე.
მხრები აიჩეჩა ჯერ და მხოლოდ ამის მერე მითხრა:
– მშველის.
ფერადი ფოტო, რომელიც ახლაც გულისჯიბეში მიდევს და რომელიც უკვე აღგიწერე, ჩემო ცქნაფა, სწორედ იმ დღეს გადავიღე. ნელ-ნელა რაღაცნაირად დავრწმუნდი, რომ ეს მას შველოდა და რომ საჭირო იყო, ასე გაგრძელებულიყო. შესაძლოა, მისი კრიალა და გადანათებული სახეც დამეხმარა ამაში. იგი ხომ სულ რამდენიმე წუთში ისეთივე გახდა, როგორიც ყოველთვის იყო. მეტლიკინებოდა ჩვეულებრივ და თან “წრრრ... წრრრ... წრრრ...” – არხეინად ისვამდა მაჯაზე სამართებელს. – მოდი, გადაგიღებ-მეთქი, – ვუთხარი მაშინ და შრამზე მივუთითე. – კარგიო, – მოეწონა იდეა, აპარატი დამიყენა, ამიხსნა, თითი სად უნდა დამეჭირა, ფანჯარასთან დადგა, ხელი პირთან მიიტანა და ჭრილობა რომ უკეთ გამოეჩინა, ბინტი კბილებით მოქაჩა: მეც ჩავაჩხაკუნე და სწორედ ის წამი დავაწვეთე ფოტოფირზე, ხშირ-ხშირად რომ დავყურებ ხოლმე მას შემდეგ, ოღონდ უკვე ფოტოქაღალდზე გადატანილს. დავყურებ და ხმები ჩამესმის: “წშშშ... წშშშ... წშშშ...” “წრჭჭ... წრჭჭ... წრჭჭ...” “ხრწწ... ხრწწ... ხრწწ...”
არ ვიცი, მიეჩვია ყველა მის ამ უცნაურ საქციელს თუ ვერაფერს ხედავენ და არაფერი ესმით, მაგრამ მე, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, ვენების გადაჭრით ის არ მოკვდება, მაინც ვერაფრით ვეგუები ამ მუდმივად გადახსნილ მაჯას და უკვე დაჟანგული სამართებლის მოძრაობას ფსკერჩაშავებული ჭრილობის შიგნით. კი, კაფეში ვსხედვართ ხანდახან და ლუდს ვსვამთ, ან ტელეფონზე ვლაპარაკობთ, ან თეატრში მივდივართ, მაგრამ მისი ახირება არასოდეს მანებებს თავს, თითქოსდა, მეტი რომ არ შეიძლება ისეთ სუსტ თითებში ჩაბღუჯული ეს საბედისწერო ნივთი ყოველ წამს მზადაა შეეხოს იმ შეუხორცებად ადგილს, ერთხელ “კოდაკზე” რომ გადავიტანე და მას შემდეგ უფრო მკვეთრად ჩემს ცნობიერებაში რომ აღიბეჭდა.
– როდემდე აპირებ? – მაინც ვეკითხები ზოგჯერ მფრთხალად და იმედის ერთი ერითროციტით გულში.
– შენ რა გინდა, ან რად ნერვიულობ, – მუდამჟამს ერთნაირად მპასუხობს ის, – ხომ ხედავ, მშველის. გირჩევნია, რომ ცუდად ვიყო?
მე აღარ ვიცი რა ვთქვა და ვჩუმდები. ვჩუმდები და ვუსმენ სამართებლის ხრჭიალს მის ვენებზე.
რა იყო ის, რაც ჩვენს შორის მოხდა და ხდება? ალბათ ძნელი იქნება, ექვსი თვის მოკუნტულო ქალთევზა, შენთვის ამაში გარკვევა. ან შენ რას უნდა მიხვდე, როცა თვითონაც არ ვიცი, რას რა დავარქვა. ტრაფარეტული პასუხები: ღალატი, ან სიყვარული, ან სიგიჟე, არ მაკმაყოფილებს და დარწმუნებული ვარ, პირველი შეცბუნება რომ გაუვლის, არც დედაშენს დააკმაყოფილებს. წარმოუდგენლად ლამაზად დაღლილი ქალია დედაშენი, და იმიტომ, რომ შენამდეც უამრავი ურთულესი რამ უტარებია სხეულის სხვადასხვა ნაწილებითა და ნაწილაკებით. ამის გამოა, მასაც რომ უჭირავს ხელში სამართებელი და იმ ქალაქის ჰაერზე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ამაძაგძაგებელ სტრიქონებს კაწრავს. მოწამლულია ჰაერი და ნაკაწრებიდან საუკუნობით დაგროვილი ჭუჭყი და შხამი ჟონავს. ძნელია ამის დანახვა. ძნელია, ისე კაწრო ჰაერი, მისი ჭუჭყი და შხამი შენვე არ გესხმებოდეს თავზე, მაგრამ ის მაინც აკეთებს ამას. ისევე შეუწყვეტლივ, როგორც ფოტოზე გამოსახული გოგონა ისერავს მაჯას. და წარმოგიდგენია, ჩემო პატარა, რა მოხდება, როცა დედაშენს მოუთხრობ მთელს ჩემს ისტორიას? კიდევ უფრო ბასრი გახდება მისი სამართებელი, კიდევ უფრო შეუპოვრად გადაუხსნის პირშეკრულ წყლულებს იმ სივრცეებს, რომლებამდეც ხელი მიუწვდება და წამოვა წურწურით მთელი ის სიბინძურე, რომ ვერაფრით მოგვიხელთებია, რადგან იმაზე უხილავი გვგონია, ვიდრე ის მიცვალებულები, თავიანთი სხეულების ანაბეჭდები რომ დატოვეს სხვადასხვა ხარისხისა და ზომის უამრავ ფოტოქაღალდზე.
და ფოტოგრაფ გოგონაზე ძრწოლისმომგვრელიც კია დედაშენი, ჩემო მესაიდუმლე ქალბატონო, რადგან ფართოა გაცილებით მისი სამართებლის ხრჭიალთა დიაპაზონი. თუმც ფოტოგრაფი გოგონაც მონდომებულია და ნიჭიერია უსაშველოდ და ამდიდრებს დღიდან დღემდე თავისი დაჟანგული სამართებლის ხმათა ტონალობებს. და როდესაც შენ მისხელა გახდები, ის კი უფრო დიდი იქნება, ვიდრე მე ვარ ახლა, არ ვიცი, რა მოხდება მაშინ. თუმცა არა, ვიცი. ორი ვარიანტია, რომელთაგანაც, მე ჩემი უღმერთო პირით ვლოცულობ, პირველი ახდეს: იგი ან მოისვრის ბოლოს და ბოლოს სამართებელს და სულმუდამ ღიმილიანი სახე მოუფიქრიანდება, ან კიდევ მთელ ძალ-ღონეს მოიკრებს და ისე დაისვამს მაჯაზე იმ თავის აბეზარ იარაღს, რომ... მოკვდება მართლა.
მაგრამ რატომ ვლაპარაკობ ამეებზე? იმიტომ ხომ არა, რომ იმ ბრდღვიალა გოგონას ადგილას შენ გხედავ, მუცლის წყლებში მოცურავე ექვსი თვის ბავშვო? იმიტომ ხომ არა, რომ ვხედავ, როგორ იპობა შენი ლბილი კანი ალესილი ფოლადით და როგორ მოთქრიალებს მერე იქიდან ის სისხლი, ერთ დროს მე და დედაშენმა ერთად რომ გამოვიგონეთ? მჯერა, იმ გოგონასავით სიცოცხლის ტკიპა იქნები და ამიტომ შენც არ მოკვდები დიდი ხანი, თუნდაც სულ გადახსნილი გქონდეს ვენები, მაგრამ მაინც მეცოდები სიკვდილთან ამ დაუსრულებელი თამაშისთვის... და კიდევ ის უცნობი მამაკაცი მეცოდება, ვინც შენი მაჯის სერვას უნდა უსმინოს გაგიჟებამდე... არა, აღარ მინდა ისტორიის დუბლირებანი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ისტორია მუდამ მეორდებოდა და კვლავაც განმეორდება... და რომ მაჯაზე ამოყრილი ვენები ადამიანს იმისთვისა აქვს, რათა ზედმეტი სისხლი გამოუშვას იქიდან და ამ ზედმეტი სისხლის გამოშვება ზედმეტიც მოუვიდეს ზოგჯერ... ვიცი ისიც, რომ ხმები, რომლებიც ძალიან აკვიატებულად ჩაგვესმის, უფრო მოსალოდნელია, ჰალუცინაციები იყოს და სინამდვილეში საერთოდაც არ არსებობდეს... ვიცი... ბევრი რამ ვიცი და ღმერთმა იცის, რატომ ვიცი ეს ყველაფერი – იმისათვის, რომ გავერკვე რაიმეში თუ იმისათვის, კიდევ უფრო რომ დავიბნე და სულმთლად ჩავიფანტო მიცვალებულთა, ჯერაც ცოცხალთა თუ ჯერაც არდაბადებულთა სხეულებსა და ფოტოსურათებს შორის...
ჩემო პატარა, მოკუნტულო, მოცურავე არსებავ! ვითომ მართლა მხოლოდ იმიტომ ჩაგჩურჩულე ეს ამბავი, რომ შენ უფრო ლამაზი სახით გადაგეცა იგი იმ ადამიანისათვის, ვის საფეთქლებზეც აუცილებლად უნდა აკაკუნდეს ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი? ძნელი დასაჯერებელია, მარტო ამისათვის გამემეტებინე ასეთ სისასტიკეში ჩასაგდებად. ალბათ შენი გამოწრთობა მინდოდა უფრო. მინდოდა, ახლავე მოგესმინა ის მარადიული ულმობელი სამკუთხა ზღაპარი, რომელშიაც პანტაპუნტით ცვივიან ადამიანები ყოველწუთს და ყველგან. შესაძლოა, ვფიქრობდი, რაც უფრო ადრე მოისმენდი და შეიცნობდი, მით უფრო იოლად ასცდებოდი ამ თითქმის აუცილებად სამყაროს. მაგრამ მგონი გონს მოვდივარ თანდათანობით და ვხვდები, რომ სისულელეა ამაზე ფიქრი. ერთადერთი, საჭიროა, ყური მიუგდოს ადამიანმა ქვეყნიერებას: კარის ჭრიალს, ხერხვას, ქლიბვას, ფრთების ბათქუნს, რადიოს ზუზუნს, ფურცლის შრიალს, კაცების და ძაღლების ხველას, და გახდება მისთვის ცხადი, რომ ყველაფერი ექოა იმ ხმის, ადამიანის დაჭიმულ კანზე მოსრიალე სამართებელი ან ჰაერზე ამოკაწრული სტრიქონი რომ გამოსცემს ხოლმე. ეს პირველადი ხმა რომ არ არსებობდეს, დარწმუნებული იყავი, არც ეს ამოდენა ხმაური იქნებოდა დღეს სამყაროში.
ჩემო პატარა! რაც მინდოდა მეთქვა, მგონი თითქმის უკვე ყველაფერი ვთქვი. თანაც აღგზნებული ვიყავი იმდენად, მუცელზე ტუჩებმიდებული საკმაოდ ხმამაღლა გიყვებოდი ყოველივე ამას და ახლა, როცა თხრობას მოვრჩი, ზემოთ ავიხედე და დედაშენის თვალებს ავასკდი, მივხვდი, რომ ყველაფერი ესმოდა მას. ან იქნებ არც ესმოდა, მაგრამ შენ თარჯიმანივით სინქრონულად გადასცემდი ინფორმაციას მის საშოს, თირკმელებს, ნეკნებს, გულს და აი, ასეთი გზით იგებდა ის ჩემს ნალაპარაკევს... თუმცა რაღა მნიშვნელობა აქვს აწი ამას! მთავარია, რომ ძველებურად სევდიანად და ახლებურად თბილად მიყურებს. არც შეიძლება სხვანაირად! ის ხომ ჩემი მეგობარია და ჩემი ესმის. ესმის ის ხმებიც, რომელთაც ასე გამტანჯეს და არ მომასვენებენ ალბათ კიდევ ძალიან დიდხანს. ჰაერი კი უკვე კრთის. ეტყობა წინდაწინ გრძნობს, რაც მოელის. ულმობელი დაკაწვრა და მერე ჭუჭყისაგან დაცლა. ჩემო ცქნაფა, წარმოგიდგენია, სუფთა, სუფთა, სუფთა ჰაერი და ამ უსუფთავეს ჰაერში აფარფატებული ის ფოტო, რომელიც მე ჩემს სამსახურში გადავუღე ერთ ვენებდასერილ მომღიმარ გოგოს... აი, ასეთ სუფთა ჰაერში მინდა დაიბადო შენ. ჰაერში, რომელიც ექოებისგან თუ არა, მათი წარმომშობი პირველადი ხმებისაგან მაინც იქნება გაწმენდილი... ხრჭიალა, კანისდამბურძგლავი ხმებისაგან...
– კარგი, გეყოფა, ადექი ახლა და ვივახშმოთ, – ცოლმა ხელი ჯერ თავზე გადამისვა, მერე კეფასთან ჩამიცურა. და სანამ მის გამობზეკილ მუცელს ლოყას მოვაშორებდი და მძიმედ ავითრევდი წელს, დავინახე, როგორ აიბურცა საორსულო კაბაზე მოჩითული ერთ-ერთი ლურჯი ყვავილი... და რაკი მან იგრძნო, რომ ეს შევამჩნიე, ნაზად გადაუსვა ხელისგული უეცრად გაცოცხლებულ იმ ყვავილს და – ძალიან ფორიაქობსო, – ყვავილნარში დანაბერი სიოსავით მომასუნთქა ეს ორი სიტყვა.
გული მომეწურა. “ჩემი ბრალია”, – გავიფიქრე და ამოვთქვი მერე კიდეც ყრუდ.
– შენი ბრალიცაა და ჩემიც, – დამიზუსტა მან, შებრუნდა და სამზარეულოსკენ წავიდა.
თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ მაგიდასთან ვისხედით და ჩაის ვსვამდით.
– გაიგონე, რაც ჩვენს ბავშვს ვუთხარი ამ ცოტა ხნის წინ? – შევბედე თითქმის ვახშმის ბოლოს.
– ცოტა ხნის წინ? – ჩამეკითხა ცოლი.
– ჰო, თავი რომ მქონდა შენს მუცელზე მოდებული, მაშინ, – ამოვთქვი ძლივს, ხოლო მან მოულოდნელად ტუჩები მოპრუწა გაკვირვების ნიშნად:
– არ გამიგონია... რაზე ელაპარაკებოდი?
აღარ ვიცოდი, გამხარებოდა თუ მწყენოდა. აღარც ის ვიცოდი, რა მეთქვა, როგორ მოვქცეულიყავი. სახე დამეძაბა.
– მითხარი, რას ეფილოსოფოსებოდი ჩვენს პატარას! – ღიმილით შემომიტია ცოლმა.
კიდევ უფრო დავიძაბე. და უცებ – “ხრრრ... ხრრრ... ხრრრ...” – ასე ნაცნობი ხმა გავიგონე. დაბნეულმა და სულის ფსკერამდე შემკრთალმა თვალები ავაცეცე.
– რა მოგივიდა, ცუდად ხარ? – ხელზე ხელის შეხება ვიგრძენი.
– მაშინ დროზე, მითხარი, რას ეჭორავებოდი წრიპას! – აღარ მომეშვა ცოლი. პირი გავხსენი და რაც გულმა მიკარნახა, ის ამოვთქვი:
– ახლა აღარ შემიძლია ამის თავიდან მოყოლა. სხვა დროს იყოს. ან მე თუ ვეღარ მოვახერხე, ის მოგიყვება.
– ის?
– ჰო, როცა დაიბადება და გაიზრდება...
ჩემს ბოლო სიტყვებზე რაღაცნაირად ჩაიცინა და უცებ ისევ მომეჩვენა, რომ ყველაფერი ორჯერ ორი ოთხივით იცოდა.
– შენ ყველაფერიც გაიგონე და მიმალავ! – ვეღარ შევიკავე თავი და პირდაპირ მივახალე.
– აბა რა გითხრა, დედა შვილს ყოველთვის გრძნობს. ის თითქოს მართლა მელაპარაკებოდა რაღაცას, მაგრამ რამდენად სწორად გავიგე, ამას უშენოდ როგორ დავადგენ? – მიპასუხა ალერსიანად და მშვიდად.
ამოვიოხრე. ბოლომდე არაქათგამოცლილი ვიყავი და დღეს მეტი უკვე აღარაფერი შემეძლო.
– დავწვები! – მოვუჭერი მოკლედ და მაგიდიდან წამოვდექი.
უცებ სახე შეეცვალა.
– რა იყო?
– არაფერი. რაღაც მომარტყა ძალიან მაგრად, – მითხრა და მუცელზე მიმითითა.
ლოგინში რომ ვწვებოდი, გავიფიქრე, რომ ჩემს გოგოს, შესაძლოა, პაწაწინა თითებით მუცელშივე უჭირავს მისთვის განკუთვნილი პაწაწინა სამართებელი და თავის თოთო მაჯაზე ხანდახან ისვამს. მერე დაიბადება, სამართებელიც მომაგრდება და ისიც უფრო მოუხშირებს მისი საშუალებით სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის რამდენიმესანტიმეტრიანი სისხლიანი კალაპოტის ჭრას. ბოლოს კი სულმთლად იმ გოგონას დაემსგავსება, რომელიც ჩემს ცოლთან და ბავშვთან ერთად მაწვალებს და მიყვარს.
ამ ფიქრით წავედი ძილისაკენ და სანამ საბოლოოდ გადავიდოდი სიზმრების შვებისმომტან სამყაროში, გავიფიქრე, რომ ბავშვი, რომელიც ჩემი ცოლის მუცელშია, შეიძლება გოგო კი არა, ბიჭია და რომ ამის გამო ის ყველაფერი, რაც მას ვუთხარი, ტყუილი იყო.
Number of posts : 474 Age : 29 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: შოთა იათაშვილი Wed Mar 20, 2019 10:08 pm
შოთა იათაშვილი
ცხოვრების მატარებელი
ჩაიქროლა დღემ. მიაბრუნე თავი, მზერა გააყოლე: ხელს გიქნევს ადამიანი უთვალავი.
ჩაიქროლა თვემ. თავი მიაბრუნე, გააყოლე მზერა: ბოლო ვაგონის ფანჯრებიდან რამდენიმეღა ფრიალებს ცხვირსახოცი.
ჩაიქროლა წელიწადმა. მიაბრუნე თავი ერთხელაც, მზერა გააყოლე: ბოლო ფანჯრიდან გულმწარედ მოგყვირის ვიღაც…
ჩაიქროლა ცხოვრებამ. მიაბრუნე თავი ბოლოჯერ, გააყოლე მზერა: აღარავინ გემშვიდობება.
სიყვარული
ავიდოდი მაღლა, დაბლა შენ რომ არ იყო. ჩავიდოდი დაბლა, მაღლა შენ რომ არ იყო. რახანია შემიბორკე ჩემთვის ბუნებრივი ეს შვეული მოძრაობები და რაღა დამრჩენია, დავდივარ თარაზულად – ზედაპირისა ვარ, ზედაპირის.
ფეხბურთი
1. მარდად გადაიცვი მაისური. მარდად გახურდი. მარდად გადი მოედანზე და ბურთს დაეუფლე. მარდად დაარტყი, მარდად გაიტანე გოლი, მარდად იზეიმე, თორემ გამოვლენ მოედნის კიდეზე ელექტროტაბელით ხელში და მარდად გამოგცვლიან – გრძელია სათადარიგოთა სკამი.
2. შეხედე პელეს, უხარისხო ყავის რეკლამას, შეხედე მარადონას, გასუქებულს ბუდას კარიკატურასავით, გაიხსენე ესკობარი, გულშემატკივართა მიერ დაბრედილი – და გაიხადე მაისური, დატოვე სტადიონი, ჩაქინდრე თავი.
3. მშვიდად გადაიცვი შავი მაისური, სასტვენი მოიმარჯვე, წითელ-ყვითელი ბარათები ჯიბეში ჩაილაგე, გადი მოედანზე, უსტვინე, იქნიე ხელები, ლანძღვა-გინება აიტანე – ნუ იჩქარებ, დროზე ადრე არ გამოგცვლიან.
4. იყიდე ბილეთი, შედი სტადიონზე, იპოვე შენი ადგილი, დაჯექი, უყურე, როგორ დარბიან ბედისწერის შესაცვლელად, შენს გასახარად თუ გულის გასახეთქად. მზესუმზირა აკნატუნე, ნუ იდარდებ, მათი სირბილით შენი ცხოვრება არ შეიცვლება.
5. წამოგორდი ტახტზე, პულტი მოიმარჯვე, ჩართე ტელევიზორი. ყველაფერი შორს ხდება. შორს ფეთქდება ბომბები, შორს მღერიან და ცეკვავენ, შორს გააქვთ და ვერ გააქვთ გოლები. შორს იტანჯებიან.
6. მარდად გადაიცვი მაისური. მარდად გადაიცვი.
7. ყველგან გამოგცვლიან.
შემრყევი და დამცემი
მას შემდეგ, რაც ცხოვრებამ სასტიკად შემარყია, მაგიდაზე ყოველდღე სირჩას ვიდგამ არყიანს.
თუ პურიც მაქვს, ხო კარგი, მით უმეტეს – თუ ძეხვიც, და ჩემს მსგავსად შერყეულ ძველ მეგობარს ვეძახი.
ქარი ხოცავს ყველას. ქარი ხოცავს ბევრს. მომენატრე გვიან. მომენატრე დღეს.
მომენატრე. ქუჩა. შემოდგომა. მე….
არის ბოლოს კაიც
ივნისში თუ ცივა, დაიჯერებ, განა? არა გევხარ ქურდს და არა გევხარ განაბს. შეამაგრებ მაინც ბირჟას ფეხზე დგომით, სიგარეტის წევით, მშობლიური “გომით”.
ივნისში თუ ცივა, დაიჯერებ, ვითომ? იმ ყოფაში ხარ და თავს ამ ყოფით ირთობ. სიკვდილების ცხადი მოგენატრა უკვე, დგეხარ და ძველ ბიჭებს ძველ საქმეებს ურკვევ.
ივნისში თუ ცივა, დაიჯერებ, ნუთუ? ერთგულია ცოლი, გააცხელა უთო. გაგიმზადებს მალე კუბოსათვის შარვალს, სიყვარული მოვა, სიყვარული წარვალს.
ივნისში თუ ცივა, დაიჯერებ მაინც? ყველაფერი ცუდი არის ბოლოს კაიც. გაფრინდება ჩიტი, მოფრინდება მუზა, და დაღლილს და სულმკვდარს თავში კარგ ლექსს გდრუზავს.
*** მიწას ვთხრიდი და ცას რას ერჩიო – მისაყვედურეს. ცაში ავიჭერი და როდემდე უნდა ჩიჩქნო მიწაო – შემარცხვინეს. ჩრდილოეთით წავედი და – დავიხუთე. სამხრეთით წავედი და – გავიყინე. დასავლეთით წავედი და – ჩალმიანებს გადავეყარე. აღმოსავლეთით წავედი და – დემოკრატია დამხვდა. ფეხი არ მოვიცვალე და – რით ვერ დაეტიე შენს ადგილასო – დამიტატანეს. შევიყვარე და – შემიძულეს. შევიძულე და – შემიყვარეს.
დალაგდა ყველაფერი.
_________________ Nicoletta La Chatte
Nicoletta La Chatte Admin
Number of posts : 474 Age : 29 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: შოთა იათაშვილი Wed Mar 20, 2019 10:23 pm
შოთა იათაშვილი
წარღვნა (ტრაგიკული მოთხრობა)
უცებ გადაწყვიტა, სახლი დაენგრია.
სკამებით დაიწყო.
აყირავებდა, წიხლს ურტყამდა და საზურგეს აძრობდა.
გამძლე სკამებს ხერხით ახერხავდა საზურგეს.
ფეხებს ჩაქუჩით ატეხავდა.
ცოლი გულგრილად უყურებდა.
ბავშვები გამხიარულდნენ, ირგვლივ შემოეხვივნენ, შეკითხვებს აძლევდნენ, სკამების ნატეხებს ბინაში დააჩოჩიალებდნენ.
სკამებს რომ მორჩა, ტელევიზორის დაშლას შეუდგა.
უკნიდან შურუპები მოხსნა, მავთულები და სქემები ააგლიჯა, ეკრანი გამოიღო.
ბავშვების ინტერესი გაიზარდა.
“აბა კონკია სად არის?”
“და ტომი და ჯერი?” – ეკითხებოდნენ.
რეზო უხსნიდა ბავშვებს, რომ მავთულებში მოძვრებიან ისინი და მერე ეკრანზე გამოდიან.
“და მავთულები რომ დააძრე, როგორღა გამოვლენ?” – შეშფოთდნენ ბავშვები.
რეზოს ცოლმა გაიღიმა.
“მოგეხმარო?” – ჰკითხა რეზოს.
“თუ გინდა.”
ნანა გავიდა საძინებელში და უმცროსი გოგონას საწოლის დაშლას შეუდგა.
“დე, სოფო სადღა დაიძინებს?”
“მოუნდება ძილი და დაიძინებს. ბავშვებო, ფეხებში ნუ მებლანდებით...”
“ნანა, გაანებე საწოლს თავი და ჭურჭელს მიხედე, მაგას მე მოვუვლი.”
ნანა გავიდა სამზარეულოში და ჭურჭლის მსხვრევას მიჰყო ხელი.
“აქეთ არ გამოხვიდეთ, ნამსხვრევებს ხელი არ ახლოთ!”
“დე, მეც გამატეხინე, რა...”
“მეც!”
“მეც!”
“ჰო, კარგით, ოღონდ ფრთხილად!... აი, ასე, ყურში მოავლე ჭიქას ხელი... ახლა ძირს დაანარცხე!.. გაგა, გაიწი იქით... ჰო, ყოჩაღ! ახლა შენ მოდი... ეს თეფში აიღე...”
“ეს სოფოს თეფშია, დე...”
“ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს, მიდი, გატეხე!..”
რეზო მაგიდაზე აძვრა და ჭაღი ჩამოხსნა. ფაიფურის ექვსნათურიანი ჭაღი იყო, ზედ ანგელოზები ეხატა. ის იყო, ანგელოზებს ჩაქუჩი მოუქნია, რომ ტელეფონმა დარეკა.
“ალო!.. ჰო, მე ვარ... ორ საათში?.. კარგი, ნუ იჩქარებ... კი, ყველაფერი რიგზეა...”
რეზომ ყურმილი დადო და ჭაღის ანგელოზების ნაცვლად ტელეფონის ციფერბლატს დაალეწა ჩაქუჩი. თუმცა არც ჭაღის ანგელოზები დაუნდია. მათაც აჩვენა მკლავის ძალა.
“...და დამიცევ მე განსაცდელისაგან და მზაკვრებათა წინააღმდეგობისათა, რათა არა რომლითა ცოდვითა განვარისხო ღმერთი, და მეოხ-იყავ ჩემთვის ღვთისა მიმართ, რათა განმამტკიცოს შიშსა მისსა, და ღირსად გამომაჩინე მისისა მეუფებისა, და მკვიდრად სახიერებისა მისისა, ამინ.”
ნინუცა-მოჩვენება გვერდში ამოუდგა დედას, ბუტბუტებდა და პირჯვარს ისახავდა.
ჭამას რომ მორჩნენ, გაგას ვაშლებით ფეხბურთის თამაში მოუვიდა აზრად და დები ჩაითრია ბურთაობაში.
ნანამ და რეზომ მაცივარი ძირს დასცეს.
გაგამ გოლი გაიტანა ანტონოვკით შუა ოთახის კარში.
ნინუცა-მოჩვენება დაძრწოდა და შესისხლიანებულ ფრთებს აქნევდა.
დამსხვრეულ ჭურჭელზე თითები გაიჭრა, მაგრამ დედას დაუმალა. ზურგზე მოგდებულ ფარდის ნაგლეჯს აქნევდა და ვერც კი ამჩნევდა, რომ ქსოვილი თანდათან წითლად იღებებოდა.
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: შოთა იათაშვილი Sun Mar 24, 2019 1:18 pm
შოთა იათაშვილი
ომარ თურმანაულს
„როგორ მჯობნიან ჩემი ლექსები...“ ო. თ.
დანანებით დავწერე თითქოს, მაგრამ მაინც, გულის სიღრმეში, მიხაროდა, რომ მჯობნიდნენ ჩემი ლექსები. იშვიათად, თუ ლექსი ვერ გამოვიდოდა, და მეც, ისე ამეწყობოდა, რომ არავის გულს არ ვატკენდი, არავისთან შევცდებოდი, რაღაც კარგსაც თუ ჩავიდენდი, ვიგრძნობდი, რომ ჩემს ლექსს ვჯობივარ, და სიხარული ამიტანდა, თუმც სევდიანი, რადგან ის ლექსი მახსენდებოდა, მე რომ დავჯაბნე,
ასე ვიყავი მთელი ცხოვრება ამ ჩემს ლექსებს შეჭიდებული - ძირითადად ბეჭზე გაკრული, თუმცა ხანდახან საკუთარი ნაწერების დამმარცხებელიც. გადამღალა ამ ჭიდაობამ, და უკეთესი რა მომეფიქრა - ავდექი და დავანებე მათ წერას თავი.. აღარ იყვნენ და ვერც მჯობნიდნენ. და ცხოვრებაც დამშვიდდა ცოტა.
მაგრამ ახლა გამომიცხადეს, რომ ორ კვირაში აღარ ვიქნები. ანუ ლექსებს მალე ჩემთან საჭიდაო ვეღარ ექნებათ. ეს ცხოვრება, ცოდვიანი, არაფრით რომ არ მეთმობოდა, იმიტომ იყო, რომ დავაფრთხე და გავაძევე ლექსები ჩემგან. ახლა კი რაღა: აღარც მე ვიყო, აღარც ისინი? არ მომწონს მასე. ღონე რომ მქონდეს, კი დავწერდი ახლა ერთი-ორ ლექსს და სიკვდილის წინ ჩემს თავს ერთხელაც შევაჯახებდი. მაგრამ სადღა მაქვს მაგისი ღონე...
ამიტომაც, სხვა გზა არაა, ჩემო ლექსებო, ადრინდელებო, ჩემზე უფრო უკეთესებო, მე მივდივარ, მოდით, დაბრუნდით!