გიორგი სანადირაძე
რამდენიმე ბოლო ლექსი... ის, რაც მაგიდაზე დარჩა...
***
რაი იცოცხლე,
თუ აკეთე რამე კეთილი...
კითხვის ნიშანში ჩაიჩურთა ყოველი ბურდად...
და სული შენი -
ნაწამები და დაფლეთილი
შორეულ გზაზე გაიყოლა წეროთა გუნდმა...
წარმოიდგინე? რა უნდობი ყოფილა ჟამი,
როგორ გადაშლის ციცქნა ტყვია - ბედის დაწერილს...
იცი, ყოველი ტყუილია და -
მშვიდდები ამით,
და ცრის ცხოვრების ნაბოძები ოქროს საცერით...
ნუ დამშვიდდები . . .
ნურც ენდობი განგების ტრიალს -
რადგან წუხელის კვლავ ასხამდნენ პაწია ტყვიას...
***
გამობრწყინდება ქარიშხლის თვალი -
ის ერთადერთი -
უცვლელი ქალი...
ფიქრით მოხაზავს
ცაზე იარაოს -
რომ სული სულში დააგირაოს....
სიცოცხლე ღირდა - წამებად, დაღლად,
როდესაც იცი, ვინ გელის მაღლა....
***
ვიცი, ამქვეყნად რაღაცა ხდება
ვიღაცა ცოცხლობს... ვიღაცა კვდება ...
არსებობს თეთრი სასახლის ბაღი,
და მზე... რომელიც დაგყურებს დაღლილს...
დაღლილს, უცნაურ ვნებათა ზღვიდან...
ან იცის ვინმემ?
რა გწვავს?
რას იტან?
სული დაწეწა, დააზრო ჟამმა...
და გაბმით კივის...
ქარია...
ღამე...
დაფერფლილია ოცნების გამა...
და ყელსაბამი წეროთა გუნდის - კიდია ტატნობს...
ფიქრების გუნდით
გადაიკეტა სამყაროს კარი...
შენი ცრემლები, ვით წმინდა ცვარი...
ახაპა ქარმა
გაფანტა სევდამ
და ახლა ლექსის შეთხზვასაც ბედავს...
***
ამოიწურა ყველა ვადა, ყველა იმედი...
რომ უსაშველო ბედისწერის კართან მივედი...
ნუთუ ამისთვის გამოცურე
წელი ამდენი...
რომ ბოლოს მაინც დამეწყევლა ჩვენი გამჩენი...
ნუთუ არ დარჩა არაფერი მოსაგონარი...
ტკბილი ღიმილი, სიყვარულის ლურჯი ზონარი...
რატომ დავაშთეთ სული თოვლის ნაფეხურებით...
ამოიწურა ყველა ვადა, ყველა იმედი...
რომ უსაშველო ბედისწერის კართან მივედი...
ნუთუ ამისთვის გამოცურე
წელი ამდენი...
რომ ბოლოს მაინც დამეწყევლა ჩვენი გამჩენი...
ნუთუ არ დარჩა არაფერი მოსაგონარი...
დარჩენილია, ალბათ, სადღაც ძეწკვი იმედის,
დრო შერიგების,
სიყვარულის,
აპლოდისმენტის...
აბიბინდება სიყვარულის დიდი ხანძარი
თუკი შენ გინდა...
თუ ყინული სულში დაძარი...