რაულ ჩილაჩავა
აბსურდის აღლუმი1
როგორც ორი განწირული, დგას აკაკი და ილია,
ამ საზარელ სისხლის ღვრაში მათი გული დაილია.
იწვის ფრესკა, იწვის ხატი, შაი კვამლი ზეცად ილტვის
და პროსპექტის სუნთქვა მოჰგავს სუნთქვას ჭლექიანი ფილტვის.
ანაბანა ვინც ისწავლა, ყველას უნდა თითო ტახტი,
თანაც დღესვე, თანაც ახლა, თანაც ურყევი და ნაღდი.
2
მოდის, როგორც მოჩვენება, გამჭვირვალე მოსასხამით,
მოძღვრის ჟესტი და იერი თუ მოპარა მოსეს ღამით...
ისე მოდის, თითქოს თვითონ არაფერი არ ეხება
და არც იცნობს მათ, ვინც ძმათა სისხლით არემარე ღება.
თითქოს ამბობს: “მე გიშველით, როგორც ადრე მიშველია!..”
ბავშვი არ ჩანს, რომ იყვიროს: “შეხეთ, მეფე შიშველია!”
3
მოდის, ვინაც იჯიბგირა, ითაღლითა, იორგია,
ვინაც გვარად კუჭატნელი და სახელად გიორგია.
მოდის თავხედური მზერით, ვინც არ არის მთლად იმანო,
ვინც გამცემთა ძახილს აჰყვა: “გვისარდლეო, შადიმანო!”
მოდის, მოდის ბატონი თუ გასპადინ თუ ჰერ ოსტატი,
მკრეხელობით ვინც დაჯაბნა თვით უკვდავი ჰეროსტატე.
4
მოდის იგი, ვინაც ჩუმად გააკეთა არჩევანი,
ერთხელ უკვე ყარაყორუმგამოვლილი თარჯიმანი,
ვინაც, თურმე, რახანია, სხვა ბანაკში გადავიდა,
თუმცა ადრე სუზერენი აღმერთა და ადავითა.
სუზერენო, რატომ შენაც არ გადადგი ბიჯი ფრთხილი,
თანამდგომი რომ ამბობდა: “გამოვიცვალოთ ადგილი!”
5
მოდის ლოიოლას სწორი ოპერ-ობერ-პროკურორი,
ისევ ელანდება მსხვერპლი, არა ერთი, არა ორი.
თუ ზემოდან უბრძანებენ, დაიჯერებს, რაც არ სჯერა,
უფრო მეტიც, გასცემს ორდერს ღვიძლი შვილის დასაჭერად.
თეთრზე იტყვის, შავიაო, ჩაიბრუნებს თავის ნახველს,
კადუდალის ქუდი შვენის კადუდალის თანამზრახველს.
6
მოდის დათა თუთაშხია, თან მოჰყვება პაპუასი,
პაპუასი იფიცება, ძმა ვარ თოვლის ბაბუასი.
დათა ამბობს: “მაგალითად, გამომარჩევს სხვაში ერი,
ვის სმენია თოვლის პაპა, პაპუასის ნაშიერი?
მოდის ციცქნა ბიჭუნა და უსტვენს, უსტვენს: “ჰაუ, ბიძა,
იქნებ სჯობდეს ჩააჩუმოთ ნაჩუქარი ჰაუბიცა!”
7
მოდის ბანჯგვლიანი ჯაყო, წინ გზა უდევს საჯაყჯაყო,
უტიფარმა ქალბატონის ძუძუებში ხელი ჩაყო.
შიდა ქართლში ჩვენი საქმე, მგონი, ისევ გლახად არი,
ოსთ ბატონი გაგვწყრომია, როგორც როსმე ბაყათარი.
ვითმენდით და ჩვენი ეტლი ლაფში სწორედ ამან ჩაფლო.
აკადემიკოსო ნაფი, თქვი, ვისია სამაჩაბლო?
8
მოდის ამღვრეული მზერით უძილარი ლუკაია,
“სხვა ცხოვრება რაღა არი, ეს ცხოვრება თუ კაია?
რა სიშმაგეს შევესწარი, ვეღარა სცნობს ძაღლი პატრონს,
კაცს ეყოფა, რამე უთხრა, რომ მუცელი გაგიფატროს.
აღარც თქვენი ქალაქი და აღარც თქვენი ოქრო მშია,
ჩემი საყვარელი სახლი ზუგდიდსა და ოქუმშია!”
9
მოდის გუშინდელი მოძმე, ხელთ უპყრია ალაბაშა,
შენ რას იტყვი, შენც მასავით გვიღალატებ, ალი-ფაშა?”
მოდის კენტი მედოლე და გაახურა განდაგანა
რომ მივუხვდეთ: ჩვენთანაა, სხვისკენ გადაქანდა განა!
მუხტავს ცეცხლოვანი რიტმი, თურმე მომხვდურსაც რომ ექო,
სივრცეს, როგორც ასლანური მრავალჟამიერის ექო.
10
უცაბედი ჩოჩქოლია რაღაც არაბუნებრივი,
ცეცხლში რკინის ქალამნებივთ მოდის ოთარაანთ ქვრივი.
სადავო თუ საკამათო დაელეა განა თემა,
ამ კოცონის გამჩაღებელს შეუთვალა ანათემა.
აფსუს, ძმებმა ვერ გაიყვეს მოუკლავი ხარის ტყავი.
ესეც შენი წუთისოფლის კრულვიანი საკითხავი!
11
მოდის მამაუფლის მონა, ნატრობს: “სხვებსაც დამამონა!”
ხარხარებენ ანტიქრისტე, ბელზებელი და მამონა.
მოდის შავკოლჰოტკიანთა გაალმასებული დასი,
გაოგნებულ ქართვლის დედას ლამის გაუვარდეს თასი.
თეძოების მიმორხევით მოდის ხარჭა რომეოსი,
თუმცა გავლით სხვაც ჰყოლია, რომე ქურთი, რომე ოსი.
12
მოდის კუდმოჭრილი ვირით სესიების ოქროპირი,
ვირი უკან-უკან იხევს, თითქოს შეაბრუნეს ფირი.
დიდყურა რომ დიდყურაა, მასაც უძნელდება გავლა
ფერფლში, სადაც სულ ახლახან ედგა საკუთარი თავლა.
მჭევრვეტყველი დიდასკალი ერის მამას უკვე არ ჰგავს,
ამდენ მოყაყანეს შორის ხმაც და რიხიც დაუკარგავს.
13
მოდის ნიღბოსანთა რაზმი და ურჩხულის კბილებს თესავს,
მათგან ამოზრდილი ჯარი შეცვლის საგანგებო დესანტს.
უნდათ ყველგან მოასწრონ და უნდათ ყველგან ინავარდონ,
მუქარასაც არ გვაკლებენ: “დაგანახებთ, ვინა ვართო!”
ნიღბოსანთა ატამანიც, მითხრეს, თურმე დანტისტია.
ამ როლისთვის მან ფეხდაფეხ ჯოჯოხეთში დანტეს სდია.
14
მოდის ბურძგლიანი ტიპი, მოჰყავს დანჯღრეული ჯიპი,
ნიკაპამდე ამოსვლია საჭეს მიჭყლეტილი ღიპი.
როგორც ბაზრის მკითხავ ბოშას, მხარზე თუთიყუში უზის.
კრთება შეცივნული ჩიტი ყოველ გასროლაზე “უზის”.
ნეტავ, ჩვენი ხოცვის ნება ვინ და როდის მიანიჭა
ბრიყვს და რეგვენს, ცრუს და თაღლითს, საჭურისს და იანიჩარს?
15
მოდის შაოსანი ბრბო და მოაქვს დაგმანული კუბო,
ყვირის კუბოს ბინადარი: “რატომ უნდა დავიღუპო?
ხურუშტიანების ხუნტავ, მძულდი, მძულხარ, მეძულები!..
“გვეძულები!..” _ პასუხობენ ძველი თანამებრძოლები.
ბათქი!. მაგრამ იქით უკვე არც არავინ მიიხედავს.
მოდის ბაღჩო და მთელი წლის ნაგავს ხვნეშით მიიხვეტავს.