
ჯარჯი ფხოველი
ქაღალდის უდაბნოუდაბნო: ქვიშის და მზის ნამცეცების აღრევით შობილი.
ხოლო მზის ნამცეცი უკვდავი ბალახია, მზის ნამცეცი
უკვდავი ტყეა, მზის ნამცეცები ხომ ჩვენ ვართ: მე და
შენ... მზის ნამცეცებზე სამყარო დგას და ჩვენც
ვდგევართ. მზის ნამცეცებით ცარგვალია მოფენილი.
მზის ნამცეცები ვარსკვლავკრიალა ღამეს აღვიძებენ.
მზის ნამცეცები ჩვენს სიზმრებს ეფინება შემოდგომის
ფოთლებივით... მზის ნამცეცები დედამიწის თვალებს
ბასრავენ...
ქაღალდის უდაბნო სულ სხვა რამ არის: მზის
ნამცეცები, ქაღალდის ფერფლი, ნაკუწები, კაბინეტების
და ბიბლიოთეკების მტვერი და თებო... და ფოთლები
სულ სხვა ჯიშის ბაობაბების... ქაღალდის უდაბნო:
მატერიკი თვალუწიერი.... თეთრი, თეთრი ისე, როგორც
იანვრის თოვლი...
შენ ქაღალდის უდაბნო თუ გიგრძვნია; იქ ოაზისიც
შეგხვდება და, ალაგ-ალაგ, პირგამშრალი წყაროების
ჩურჩულიც ისმის და ქაღალდის უდაბნოში პოეტი დგას
ათასწლოვან ბაობაბივით... აქ ოდესღაც უღრანი ტყე
ხარობდაო, ეგრე ამბობენ... ეხლა ხეთა ნატერფალებზე
თეთრი ფოთლები ყრია უკიდეო ველის კიდეგან _ მზის
ნამცეცებში არეული, კაცთა ყოფნის ნარჩენებში
ალუფხული, შერეული ისტორიის ხავსმოდებულ
ხარახურაში.... აქ უცხო მგზავრი გაივლის და – ველზე
რჩება დინოზავრის ნატერფალები... აქ პოეტი დგას
ათსწლოვან ბაობაბივით: თვალებს უბნელებს უდაბნოს
ლიბრი და ტოტებზე შერჩენია ენის ხავსი, ენის ფესვთა
ნაგლეჯები, არეული თიხაში და ცელოფანის
ყვავილებში, დროის კვამლში, დროის ნაცარში...
თუ გაგივლია ამ უდაბნოში, თუ გინახია აქ ქაღალდის
ციხე-კოშკები: და დღეები და ღამეები და გამქრალი
ეპოქები, აკინძული ხავსგადაკრულ ტომეულებად... და
სნეული დრო, აქ ქაღალდის ფურცლებს რომ ყლაპავს
მაცოცხლებელ ტაბლეტებივით... და სიცოცხლის
ხანგრძლივობით უკვდავ ქვიშას რომ ეჯიბრება!
ჩვენ ავაგეთ აქ ქაღალდის ქალაქები, ცადაწვდილი
ცათამბჯენები და ისტორია დავამწყვდიეთ
გამოქვაბულში, რომლის კედლებზეც,
მჭვარტლნასვამებზე, დავკიდეთ ცეცხლზე
გამოსაშრობად სტრიქონები: წავაწერეთ აქ პირველი
სიყვარულის გრძელი ამბავი... პირველი ლოცვა და
პირველი სავედრებელი და ვაღიარეთ უწინარეს ჩვენი
მშობლები: დედა ენა და მამა ენა
შენ კი რატომ გაგიკვირდა, შენს ოთახში უდაბნომ რომ
შემოაბიჯა: ბიბლიოთეკის დარბაზებში რომ წევს ის და
იმის მტვერში ჩაძირული სახელები რომ ქვითინებენ:
გენიოსები, საკუთარი გულის გვირგვინოვანი
არტერიები ამ უდაბნოს რომ აჩუქეს და მიმოაბნიეს
ბაგეებგამშრალ და მოწყენილ ოაზისებში, თეთრი
ქვიშით გადათოვლილ გორაკებზე და ხეობებში...
ირმის ნახტომის რძისფერი თებო ყრია ქაღალდის
უდაბნოში და გადმოისმის კოსმიური ქარის ქვითინი:
სწორედ ისეთი სიმღერაა, რომ გესმოდა შენ იმ რძისფერ
გზისნაპირებზე მაშინ, როცა აქ მოდიოდი გზაშეშლილი
და გულღორღიანი და გალაქტიკის მჭრელი ქარი
შუბლს გიგრილებდა.
და ქაღალდის უდაბნოში პოეტი დგას ათასწლოვან
ბაობაბივით... იმის ფოთლებზე, ცხელ ქვიშაში
დაფენილებზე, ყოველჟამიერ ვიღაც ხატავს ცინცხალ
სტრიქონებს... და გადიან საუკუნენი: ქვიშა ქვიშას
ემატება, ფოთოლს ემატება ისევ ფოთოლი...
უნდა გითხრათ მე სიმართლე გულშემზარავი: თქვენ
ქაღალდის უდაბნოთა მგზავრები ხართ, ჯიგიტებო
მზედაკრულებო; მე ვიცი მწარედ შეათამაშებთ მზის
ისრებით დაჩხვლეტილ ზურგებს... დაჭიმავთ უღლის
კამეჩებივით გადაქლეტილ, დაჭმუჭნილ კისრებს,
რკინის უღელი და ტაბიკები ჯერაც რომ არ
დავიწყებიათ... და ხანდახან წინ გაიშვერთ გაძვალულ
ხელებს: ხელისჩამორთმის და მოხვევის სურვილი რომ
დავიწყებიათ!.. ირმისნახტომის მათხოვრებო,
ვარსკვლავების თეთრ მუხლებთან დაჩოქილებო, აქ,
ქაღალდის უდაბნოში ხომ ეძებეთ ბედნიერება, იმის
მიბაძვით, ვინც დალახა ძველისძველი უდაბნოები და
ვერაფერი ვერ იპოვა და მისი კვნესა პირგამშრალ ცას
აეტოტა და შეერია მზედალეულ დუინებს და ბაობაბის
დამჭკნარ ფოთლოვანს...
აქ ძველპოეტებს გზა აერიათ: და მრავალი წელიწადია
და მრავალი საუკუნეა გზას მიიკვლევენ უდაბნოთა
ბალახბულახში... აქა ყრია კრატერების დაცლილ
ჯამებში ძველპოეტების დარდის ნაცარი... ისინი დიან
უდაბნოს კარად სისხლისგამღებ დონორებივით... და
ოაზისებს მათი დიდი ცრემლი აცოცხლებს.
ო, მზეო, მზეო, შენ ქაღალდის უდაბნოში უფრო მწველი
ხარ! კევრად ტრიალებ ჩვენს დაპობილ და დაჩეხილ
თავისქალებზე... უდაბნოთა დიდო დედავ, შენ
ქაღალდის უდაბნოც ხომ მკლავზე არწიე... ო, მზეო,
მზეო, შენ დახატე ეს უდაბნო: ჩვენს გულებში
დაამწყვდიე ქვიშრობის კვნესა!
გამოიღვიძეთ, ჯიგიტებო უდაბნოსანო! თქვენ ვერ
იცხოვრებთ ამ უდაბნოში: სულ სხვა უდაბნო უნდა
ეძებოთ! შორს წასვლა სულაც არ მოგიწევთ, ის ახლოს
არის: ინტერნეტის პირგამშრალი, შავი უდაბნო... აქვე,
ახლო სამეზობლოში... და ჩვენ, ქაღალდის უდაბნოს
შვილებს მოსახდენი გვაქვს მოსახდენელი: ამ ქვიშას
უნდა დავუტოვოთ ჩვენი გულის ნაფლეთები და წიგნები
და ფურცლები და ფურცლები აურაცხელი... და, ვინც
ქაღალდის ერთგულები ვართ, ვაღიაროთ რომ ეს
უდაბნო შავნაღველის და მწუხარების შავი გზა არის:
სიკვდილის გზაა გულშემზარავი!
მაკულატურას არ დაგარქმევ: ხელი მომტყდება! შენ
ქაღალდის უდაბნო ხარ, კეთილი, წმინდა... წმინდა
უდაბნოს წმინდა ქვებზე ჩვენ წავაწერთ წმინდა
სახელებს: ისინი, მართლაც, ბევრნი არიან. იმათი
ლოცვა გადმოისმის დუინების განდაგან, შორით,
უდაბნოს წმინდა ვარსკვლავებიდან...
ერთი პოეტის სამარეზე ყორანი ზის ამ უდაბნოში...
ხოლო მეორე პოეტის დარდს გააცხადებს დაჭრილი და
გულმოკლული არწივის ლანდი... სხვა პოეტები
ჩაძირულან ენის საღვთო მდუმარებაში... ეს უდაბნო ხომ
ყველას ეკუთვნის...
ინტერნეტის გულდახშული, შავი უდაბნო... და
ქაღალდის უდაბნოდან იმ უდაბნომდე მხოლოდ ერთი
დღის სავალი არის... იმ უდაბნოში კოსმიური ბუქია და
ნოუტბუქია!
მე ვარ ქაღალდის და სიკვდილის უდაბნოელი: მგზავრი,
ვინც გულის ნაფლეთები ამ უდაბნოს დაუტოვა და, ვინც
წიგნები და ფურცლები და სტრიქონები და თვალისჩინი
უდაბნოს მზეს აჩუქა და უგულოდ და უსინათლოდ
თეთრ ქვიშაზე მიიცრემლება...
მე ვარ ქაღალდის უდაბნოელი: ის გადავლახე და იმისი
მზე დავლიე და გული მეწვის... და მტკივა, მტკივა მზის
ისრებით დაჩხვლეტილი ხელისგულები... ეს სიკვდილის
უდაბნო იყო! გამოვაღწიე კიდეც, მაგრამ წინ დამიხვდა
სულ სხვა უდაბნო: ინტერნეტის პირშეკრული
გამოქვაბული, შავი უდაბნო... ის მთხოვს ყველაფერს,
რაც ქაღალდის უდაბნოში გამოვატარე: ის სტრიქონები,
ის წიგნები, ის ძვირფასი სახელები... თუმცა არ ვიცი შავ
უდაბნოს ხრიოკ ველებზე ფესვებს როგორ გაიდგამს და
განედლდება ჩემი დარდი, სხვა უდაბნოს
შხამდალეული...
პოეტის გულის საიდუმლოს მე გავანდობ
დაუშურველად და დავუხატავ თეთრ ქვიშაზე
სიყვარულის ცეცხლში ჩამდგარ ადამიანებს, გავანდობ
იმ დარდს იქ, სიკვდილის უდაბნოში მე რომ ვატარე.
რაღაც დამთავრდა, რასაც გადაჰყვა ჩემი ნაწყენი
გულისტკივილი. მშვიდობით, ჩემო თეთრო უდაბნოვ!
შენი ქვიშა და სიმხურვალე თვით საჰარის უდაბნოსაც
შეშურდებოდა! მშვიდობით, დიდო პოეტებო,
წამებულებო, სანახევროდ ღმერთებო და სანახევროდ
პოეტებო!.. ამ უდაბნოში თქვენს ღვთაებრივ
კვალზე ვიარე...
აქ ჩვენ ვიყავით: პოეტების წყეული კასტა და ჩვენ
მუხლამდე დავეფალით თეთრ უდაბნოში...
პირველმამებო, ერთი მითხარით და თქვენც,
პირველპოეტებო, ერთი მითხარით, რატომ დამტოვეთ
ამ უდაბნოში, ამ ცხელი მზის და ამ ხორშაკი ქარის
პირისპირ!.. თქვენგან აშლილი ქაღალდის მტვერში მე
ვეფლობი ეხლა წელამდე!.. ისიც კი არ დაიბარეთ,
პირველმამებო, რაც გველოდა ჩვენ, ქაღალდის
უდაბნოში მიტოვებულებს!.. აბა, რა ვუთხრა ეხლა იმას,
ვინც ამ გზაზე მოემართება, რა წავუწერო მე უდაბნოს
გზისნაპირებზე!?
ვინც ობლად დარჩა თეთრ უდაბნოში, ეს ჩვენ ვიყავით:
პოეტების წყეული კასტა... და იმდენი ვითავცემეთ და
გულები ამოვიგლიჯეთ... და იმდენი ვიღრიალეთ, რომ
სიზმრები გავუფანტეთ გალაქტიკის მოსახლეობას!
უდაბნოების ღმერთო მაღალო, შენ დაიფარე ის
უკვდავი სახელები, ვინც ქაღალდის უდაბნოში ფეხი
შედგა თავდაპირველად... უდაბნოების ღმერთო
მაღალო, აქ ბევრს, მართლაც გზა აერია და ოაზისს
ვეღარ მიაგნო, ვერ იგემა ცივი წყარო, კბილისმტეხავი!
აი, ისიც, დიდი მოხუცი: ჩვენზე მლოცველი, კავკასიის
მთების შვილი უპირველესი: ამ ქაღალდის და
სიკვდილის უდაბნოში ჩვენი დაღლილი სულების
მწყემსი... ის ლუხუმივით აიმართა ლაშარის გორზე და
მოისმინა ღმერთის სიტყვა, თავდაპირველი... და ჩვენ
მივდივართ უდაბნოში მისი მზერის მიმართულებით...
იმისმა ლოცვამ გაანედლა ჩვენი კვნესა, შემაძრწუნები...
დიდო ლუხუმო, შენ დალოცე საკვირველი ენა
ქართული: ჩვენი სამოთხე, ძველისძველი აღთქმული
მიწა!.. დალოცე ის დღე, როცა წმინდა მოსეს აჩრდილი
წინ წაგვიძღვება ჩვენ, ქაღალდის უდაბნოდან
გამოქცეულებს!..
მე ვარ ქაღალდის და სიკვდილის უდაბნოელი: ბაობაბის
ხმელი ფოთოლი... და უდაბნოს ერთგულებაში მე
ვერავინ შემეჯიბრება! მე ვარ ის მგზავრი, ვინც პოეტის
დიდი დარდი უდაბნოს მზეს აჩუქა და უგულოდ და
უსინათლოდ თეთრ ქვიშაზე მიდის არსაით...
დიდო ლუხუმო, შენ დალოცე ენა ქართული, შენ
დალოცე ვინმე მგზავრი, ამ ქაღალდის უდაბნოში
გზაარეული!
2013
