Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ჯარჯი ფხოველი Sun Oct 04, 2020 5:30 pm
ჯარჯი ფხოველი
წლებმა
წლებმა მოგახვიეს თოვლიანი ღრუბლები: შენი ნიღაბი თეთრად გადაღებეს... ძილიც გაძვირდა თრიაქივით... შეგძულდა შემზარავი სიზმრების ყურება. ხანდახან ნაცნობ სიტყვასთან წაიყბედებ: გაიხსენებთ პოეტების მიუსაფრობას, იმათ ცრემლებს, იმათ კვნესას, სისხლის დენას, დაუსრულებელს... ხანაც შხამიან მოგონებებს დაემგზავრები: დრო დაგადევნებს ჩანაცრული წარსულის ამბავს... და კიდევ ერთხელ სისხლის ცრემლით დაიბწკალები და შენს გულშიც კიდევ ერთხელ ჩაიღვრება გამდნარი სიტყვა... წლებმა მოგახვიეს თოვლიანი ღრუბლები: შენი ნიღაბი თეთრად გადაღებეს...
Last edited by Admin on Mon Oct 12, 2020 1:19 pm; edited 2 times in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ჯარჯი ფხოველი Sun Oct 04, 2020 9:45 pm
ჯარჯი ფხოველი
ფოლკლორი
ვეხმიანები პოეტებს, დროის უფსკრულში მიბმულებს... გულის ქურდი ხარ, სამშობლოვ, მამპარე, აღარ მიბრუნებ!
დამკვლიე, კიდეც ვტირივარ, შენის საკირის ნაცარი... ის შენთვის შემიწირია, ყველაზე ძვირი რაც არის!
2002
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ჯარჯი ფხოველი Sun Oct 04, 2020 9:46 pm
ჯარჯი ფხოველი
დილის არაყი
ლექსს ჩაუჯდები (დილის არაყს) ჩამხრჩვალ ლოთივით, და ჩანხარ ისე, ბნელში კაცი რო სიყვარულს ძერწავს და აცოცხლებს მარმარილოთი...
დაიბრჭყალები ცეცხლით, ქვაცივო! ხედავ: მიწისპირს, სადაც შენი ჯავრი მოკრიფე, დრო დასწოლია, დანაფეთები: საფლავის ლოდებს და სიკვდილის იეროგლიფებს, ზედ რომ აცხია სისხლის წვეთები...
ცად აიწურა სიტყვის ლანდი, შენით დაღლილი, და, სანამ იგი მზემდე არ ავა, კვალდაკვალ მოსდევ შენ ქსანტიპეს ერთგულ ძაღლივით, აეტოტები ღამის გალავანს...
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ჯარჯი ფხოველი Sun Oct 04, 2020 9:47 pm
ჯარჯი ფხოველი
*** არაგვის თვალში მთები ცურავენ: მდინარეს ჩქვეფენ ძველი ფშავლები... აჰა: ეს სიტყვა, გასაწურავი: სტრიქონი, სისხლში ამოსავლები! თქვენია ესეც, პირქუფრო მთებო, მეც ხომ თქვენი ვარ, მგზავრი გვიანი... თქან მომაქვს თქვენი თოვლი და თებო, თქვენი სიზმრების დეკა-ღვიანი... უნდა ვხატავდე მე თქვენს სურათებს და მზით ვავსებდე დაცლილ ხელადებს... აქ უნდა ვიდგე დასასრულამდე: ვიდგე სულ ბოლო ამოქშენამდე!..
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ჯარჯი ფხოველი Sun Oct 04, 2020 9:47 pm
ჯარჯი ფხოველი
*** ის ოდესღაც ხმა იყო ჩემი... ახლა, როცა ხორცი შეისხა და სამოსი ჩაიცვა ტანზე, უცხო გახდა საქარავნო გზების მგზავრივით, ვისაც თვალები ამოუშრო უდაბნოს ქარმა და ჩოქზე დგომამ დაუხეთქა მუხლისთავები... ის ოდესღაც ხმა იყო ჩემი...
2001
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ჯარჯი ფხოველი Sun Oct 04, 2020 9:48 pm
ჯარჯი ფხოველი
ვაჟა-ფშაველა „ვაჟაობაზე“
ქვემოთ, ნისლებით შემოღობილ მწვერვალთა ქვემოთ, დაღარულ, დაშლილ ფერდობთა დაბლა, სადაც ჩარგლურა ჩაფრენია რიყის კედლებს და სადაც აღმა მიდის გზაწვრილი, იმ გზისპირე იმ ვერანი ადგილის ახლოს, შენ დაგინახე, რო ტიროდი, ვაჟა-ფშაველავ.
ფუნჯის წვერით აკრეფილი, სხვადასხვა ფერით შემკული, როგორც არლეკინი მოხეტიალე, ღარიბული სურათის ჩარჩოში იდექ,
შენ სიახლოვეს ენთო ბალახი, ხოლო შენს ფერხთით მანქანების ფეერვერკი, და ეგზოტიკა ცხენოსნების, ჩოხების, ხმლების, მზერა იმ მხარეს რად გაგირბის ნეტავ, ძვირფასო?!
დიდხანს უსმენდი სადღეგრძელოებს, და საღამოჟამს, როცა ყველა გამოიბრუჟა, როცა ყველას გადაავიწყდი, როცა არავინ არ გიმზერდა უკვე, შეინძრა შენი ბებერი ტანი, შემოიმსხვრია ჩარჩოს გარსი, გადმოაბიჯა და მანქანების ჩრდილში დაფენილს, და გამობრუჟულ მოქეიფეთ ჩამოუარა,
ზოგს დაუდო ქვის სასთუმალი, ზოგს ფოთლის ჩრდილი და ბუერა გადააფარა და გაითქვიფა იმათ სიზმრებში, გაილია, გაუჩინარდა...
1980
Last edited by Admin on Wed Jun 02, 2021 8:09 am; edited 7 times in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ჯარჯი ფხოველი Sun Oct 04, 2020 9:58 pm
ჯარჯი ფხოველი
წამისოფელი
სოფელო, წუთი ვინ გასესხა, ვინ დაგარქვა წუთისოფელი,მაშინ, როცა ერთი წამიც გყოფნის, ტიალო, გულის ერთი ამოკვნესა, თვალის ერთი დახამხამება!
წუთისოფელი კი დაგარქვეს, მაგრამ წუთიერ შენს მრისხანე გამოხედვას ვინ გაუძლებს, ერთი მითხარი!
კაცს ხომ ესეც კარგად ყოფნის ამქვეყანაზე გულის ერთი ამოკვნესა, თვალის ერთი დახამხამება... ნახევარი ნაბიჯი და ნახევარი ამოსუნთქვა და სანახევროდ ცის ნაპირზე თვალის მოვლება... ნახევარლექსი და ნახევრად- ნამღერი რამე... და ნახევარდასაწყისი და ნახევარდასასრულიც და ნახევარსტრიქონი რამე...
ო, როგორ ბევრი გაიმეტა იმან, ვინც შენ წუთისოფლად მიგახატა ჩვენს გულებზე და ვარსკვლავებზე!..
ეს რა ყოფილხარ, წამისოფელო, რა სისხლი გიდუღს შხამშერეული!.. ისე ჩქარა გათავდი, რომ ამოკვნესაც ვერ მოვასწარი!.. სახლიც ვეღარ დავამთავრე, ვერ დავწერე ჩემი წიგნის ბოლო სტრიქონი!
თვალს და ხელს შორის ქრები, ტიალო!..
აქ ცეცხლიც ხომ მომიკიდე, ზარავანდის სიმწარეც ხომ უხვად მასმიე!.. და არ დამტოვე ხელშეუვლები ჩემს უიღბლო ბედისწერაში!
აჰა: მიდიხარ და სულ ბოლო ტკივილებს მითვლი, ჭრილობებს მითვლი, განუკურნებელს!
მარტო სიკვდილში ისვენებენ ჩვენი გულები! სიკვდილიც ხომ შენი გზებით მოდის, ტიალო: ის საკონტროლო ტყვიასავით გაგვივლის გულში... ამოკვნესასაც ვეღარ ვასწრებ, ვერც ტაბლეტის გადაყლაპვას, წნევის გაზომვას!
ციდან დამწივი ისე, როგორც შავი მიმინო და მოკლე დღეებს უფრო ამოკლებ.. და სწრაფი ხარ, როგორც სიკვდილი და სწრაფი ხარ, როგორც წამი და წამივით გაუღუნველი!
რა უნდა გითხრა: შენ არ გესმის ჩემი ქართული! შენ მარტო კვნესის ენა იცი და შენ გიყვარს კვნესის სამშობლო!..
ხოლო კვნესა არა თავდება: ვერც ვერავის აჩუქებ და ვერც გაყიდი უცხო ბაზრებზე!..
და არავის აღარ უნდა: შენი კვნესა, ცაგამოვლილი... თავისაც ხომ უხვადა აქვთ: კვნესა და კვნესა და ძირმწარე ამოხველება!
და, როცა კვნესი, ხელს დაიდებ გულისფიცარზე და შავი ფიქრი დაგემსჭვალება: გული ხომ არ ამოვაყოლეო...
და დარწმუნდები: გული ისევ შენთან არის, შენთან ის შავ გზაზე მიიცრემლება და წამისოფლის სამდურავი ამოსკდება იმის ბაგეებს!
წამისოფელო, ტიალო, შენც ხომ კვნესი და ასე ფიქრობ: გული ხომ არ ამოვაყოლეო!..
დაიდე ხელი გულისფიცარზე!
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ჯარჯი ფხოველი Sun Oct 04, 2020 9:59 pm
ჯარჯი ფხოველი
წყალდიდობა
ხავსიან ქვებით, დაღლილ ქვებით ვაშენებ ციხეს და ახლოს ისმის შენი ჩურჩული _ ჩამქრალი ღამე ლოცულობს დღეზე...
მე კი ვაშენებ _ აგურების ძველისძველ ანბანს სწავლობენ ჩემი ხელისგულები. აქ _
ამ ოქროსფერ გორაკებზე მესმის შორიდან ადიდებული გაზაფხულის მწვანე ჩუხჩუხი _ უახლოვდება წყალდიდობა ჩემს ახალ კედლებს, ჩემს კეთილ ანბანს და მღელვარებას... ჩემი სანთლების ღამისაკენ მოდის მინდორი, მოდის ჭალაკი, მოდის ხნული, დასალიერი... მოაქანავებს გაზაფხულის ოქროსფერ ბორცვებს, მთვარის გორაკებს, სატაცურის მწვანე სიმღერას _ ჩემი სანთლების ღამისაკენ, ჩემი ციხისკენ.
რა ახლოს ისმის შენი ჩურჩული _ ჩამქრალი ღამე ლოცულობს დღეზე... იჩურჩულე, ნათელო ჩემო, იჩურჩულე წყალდიდობისთვის, ანბანისთვის, კედლებისათვის...
ხავსიან ქვებით, დაღლილ ქვებით ვაშენებ ციხეს... ქარი კითხულობს დახეთქილი ლოდების ანბანს და _ როგორც ხეთა შიშველი ცრემლი _ ადიდებული გაზაფხულის მწვანე ჩუხჩუხი გადამდის გულზე... უახლოვდება წყალდიდობა ჩემს კეთილ ანბანს,
ჩემს უკუნ ღამეს, ახალ კედლებს და მღელვარებას... იჩურჩულე ნათელო ჩემო, იჩურჩულე...
1971
Last edited by Admin on Tue Oct 06, 2020 2:47 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ჯარჯი ფხოველი Sun Oct 04, 2020 10:04 pm
ჯარჯი ფხოველი
ეს საარაგვო
და კურუმკურუმ... და ოკრობოკრო... ეს საარაგვო ოქროა, ოქრო!.. დავესესხები რითმას ილიონს, დავესესხები ბებერ ბარაკონს... საშოთაოა და საილიო, საარაკოა და საარაგვო! ბოლს დააყენებს ძველი ვარამი, მტერს დააბრუებ ცეცხლით, მაჟარო! საგურამოა და საგვარამო, საყაზბეგოა და სავაჟაო!.. და კურუმკურუმ... და ოკრობოკრო... ეს საარაგვო ოქროა, ოქრო!.. საგურამოა და სასაბაო, საგივარგიო და სადავითო... ხედავ: ვიღაცის ცხენი აბია აქ ისტორიის გრძელი სადავით... გულო, ძველისძველ დარდთან საუბრობ: აქ ძველი დარდით უნდა დავითრო! მიწა: სამზეო. მიწა: საუფლო. საფარნავაზე და სადავითო!.. და კურუმკურუმ... და ოკრობოკრო... ეს საარაგვო ოქროა, ოქრო!
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ჯარჯი ფხოველი Sun Oct 04, 2020 10:07 pm
ჯარჯი ფხოველი
*** გმარხავენ და ცრემლებს გაწვეთებენ გულები, მიწაზე მიბმულები... გზები, ათასწლობით ნაცვეთები, შენს დარდს უკანვე გიბრუნებენ.
რომ გფლეთდა, ის ფიქრი წაიშალა, სიზმარო, ზღაპარო, არაკო და... სტრიქონო, შენა ხარ ქარიშხალი, ტანზე დახვეული ანაკონდა.
წყვდიადი წამწამებს ახამხამებს, ეშვება სიბნელე ახოვანი... თვალი ვეღარ სწვდება ახმახ ღამეს, ტანმაღალ ვარსკვლავებს: თანხმოვანებს...
იგრძენი წყურვილის აბოლება, სიტყვების წრიალი, ფეთიანი... წერტილი, ამ ლექსს რომ აბოლოებს, გულმწარე წყვდიადის წვეთი არი!
2001
Last edited by Admin on Thu May 27, 2021 11:02 pm; edited 2 times in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ჯარჯი ფხოველი Sun Oct 04, 2020 10:10 pm
ჯარჯი ფხოველი
„და სხვები“ და სხვა
„და სხვები“ ხომ მრავლად იყვნენ საქართველოში: მახსოვს: ზურგიდან უყურებდნენ იმათ აჩრდილებს, რომ სახეები არ დაენახათ! ღმერთო ჩემო, ამქვეყნიდან ზოგიერთი ისე წავიდა, რომ წინიდან არ დაუნახავთ: ხელი არავის გაუწვდია, მუშტი არავის დაურტყია... არც არავინ გადახვევია! გამოვტყდები: მეც იქ ვიდექი: უნივერსიტეტის "და სხვებში" და მწ. კავშირის „და „სხვებში“ და დიდი ქალაქის „და სხვებში“ და მთლად საქართველოს მრავალ „და სხვებში“... ღმერთო, ღმერთებო, „და სხვებში“ იდგა დიდი პოეტი შოთა ჩანტლაძე!.. და ქეიფი „და სხვებთან“ ერთად მაღრანის ტყეში ქეიფსაც ჯობდა!.. ანგელოზის სუნთქვა ახლდა აქ „და სხვების“ ნათქვამ სტრიქონებს... ღმერთო, ნუთუ აღარ მომელს „და სხვების“ ძებნა ძაან მაგარ პახმელიაზე!.. როცა ძნელად საშოვნელია შატილის ლუდი და ყველაზე იაფი „პრიმა“... რა ვქნა, ეხლა ის მეცოდება, ვინც „და სხვებთან“ არა მდგარა გულდარდიანი... საქართველოს უსახელო ტყე: გამახსენდა ის ბავშვობის სიხარულივით... აბა, „და სხვებს“ რა გამოლევს საქართველოში... აგერ ქუჩაში გულობლად რომ მიისაწყლება, ზურგიდან ვამჩნევ: ის უნდა იყოს! მივალ, წინიდან შემოვუვლი, ხელს ჩამოვართმევ, და ვანუგეშებ: დაივიწყე „და სხვებში“ დგომა, მოდი, მე და შენ დავივიწყოთ ოხერი ვინმე, ვინც „და სხვებში“ ჩაგწერა და, ვინც ზურგიდან გიყურებს დღემდე!.. ის გაიხსენე, აქ ზოგმა „და სხვამ“ უკვდავებაში რომ შეაბიჯა... გეტყვი: იმ ბედკრულ საუკუნეში „და სხვებში“ იდგა ვაჟა-ფშაველა! „და სხვებში“ იდგა გულდაჭრილი გალაკტიონი! აქ ისტორიის „და სხვებიც“ იყვნენ... „და სხვები“, ეხლა თქვენ გეკითხებით, რატომ გამაგდეთ თქვენი ჯოგიდან: მე ხომ ვიყავი უეჭველად პირველი „და სხვა“. სტუმარი არ ვარ, გამოგიტყდებით, „და სხვები“ კლუბის ძველისძველი მასპინძელი ვარ!
2011
Last edited by Admin on Tue Oct 06, 2020 11:25 am; edited 2 times in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ჯარჯი ფხოველი Sun Oct 04, 2020 10:14 pm
ჯარჯი ფხოველი
სალიერი
დრო გერქვა, მაგრამ გავდი სალიერს, მკერდში გიძგერდა გული, წყეული... მაშინ შენ ჩემი სისხლი დალიე: ჩაქრი, დაღამდი სისხლდალეული! მას მერე მღვრიე წლებში ვერიე: ბევრი რამ დავთმე და არც ვინანი! ეხლა მოსისხლე გავხდი მტერივით, გულს მიმაგრებენ კაცნი, წინანი: ისინი, ვისაც გული ვაჩუქე და ვის დარდებსაც გართმევ, ვჩემულობ, დროო, მზაკვარო, მაგრამ ჩაუქო, სალიერივით სისხლდალეულო!
2013
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ჯარჯი ფხოველი Tue Oct 06, 2020 12:02 pm
ჯარჯი ფხოველი
*** ბოლოს ყველანი გამოვერკვიეთ.
თურმე ამაოდ მოვათრევდით ამხელა ლოდებს. მათ ვერ დაიტევს ეს კედლები და საფლავებიც აკვნესდებიან მათი სიმძიმით.
ბოლოს ყველანი გამოვერკვიეთ – როცა ჩვენს შორის დავინახეთ ბავშვი – რომელსაც ფრთხილად მიჰქონდა პეშვით ჭრელი კენჭები მზისკენ.
1971
Last edited by Admin on Tue Oct 06, 2020 2:36 pm; edited 2 times in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ჯარჯი ფხოველი Tue Oct 06, 2020 2:12 pm
ჯარჯი ფხოველი
ავტოპორტრეტი - 2011
შესვა სიკვდილის ღვინო-არაყი, იგრძნო წარსულის დიდი დარები... დროს დაედევნა დარდში დანაყილს: დრო დაიტირა დავიდარაბით!
უქმად ფანტავდა წლების ნახევარს, ვერ შეირიგა პირშავი აწმყო... მან კაცად ყოფნის ერთი ნახევი, იმქვეყანაში იგრძნო და აწყო!
გაკვირვებული დარჩა ნანახით, ევნო შავეთის ავი დარებით... დროს გამოუდგა დარდში დანაყილს, დრომ დაიტირა დავიდარაბით!
შენ ეხლა გიკვირს როგორ იცხოვრა, რით გაახარა ფიქრი, მორჭმული... ის იყო კაცი: მგზავრი უცხო რამ, დროის მდევნელი, გულამოჭმული!
2011
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ჯარჯი ფხოველი Tue Oct 06, 2020 2:14 pm
ჯარჯი ფხოველი
*** ბოლოს ხომ მაინც მოვა ვინმე, რომ გვითხრას: „წადით, სუყველამ თქვენს მოლოდინს უყარაულეთ!“
ნეტავ სად წავალთ, რა მხარეზე გავიკრიფებით? სად ჰყვავის ჩვენი მოლოდინის ხე? და მისი ჩრდილი, მზეთუნახავის სიზმრებს რომ იცავს, ჩვენს სიზმარ-ცხადს თუ შეიფარებს, თუ გარევს თავის რჩეულ ლაშქარში?
ნეტავ საითკენ წაგვივა თვალი ბოლოს, როდესაც მოგვაკითხავს ვინმე და გვეტყვის: „წადით, სუყველამ თქვენს მოლოდინს უყარაულეთ!“
1977
Last edited by Admin on Tue Jun 01, 2021 10:40 am; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ჯარჯი ფხოველი Tue Oct 06, 2020 2:17 pm
ჯარჯი ფხოველი
ის ოდესღაც ხმა იყო ჩემი...
ახლა, როცა ხორცი შეისხა და სამოსი ჩაიცვა ტანზე, უცხო გახდა საქარავნო გზების მგზავრივით, ვისაც თვალები ამოუშრო უდაბნოს ქარმა და ჩოქზე დგომამ დაუხეთქა მუხლისთავები...
ის ოდესღაც ხმა იყო ჩემი...
2001
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ჯარჯი ფხოველი Tue Oct 06, 2020 2:18 pm
ჯარჯი ფხოველი
მინაწერი
რითაც სიკვდილი გავრითმე, დავდივარ იმავ ჯავრითვე... გულის დუღილი, ჩივილი თან გავატანე ჩავლილ თვეს... მწარე დღეწვრილთა წრიალი გავზომე დროსთან დავითვე... დავწყიე ყოფის სიმუხთლე, დავჯე და დარდით დავითვერ!..
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ჯარჯი ფხოველი Tue Oct 06, 2020 2:27 pm
"პრემიერს" პოეტი და მთარგმნელი ჯარჯი ფხოველი ესაუბრა:
_ საქართველოში ვერლიბრის ერთ-ერთი ფუძემდებელი ხართ და თავის დროზე პოეზიაში სიახლე შემოიტანეთ. მაშინ ბევრი არაერთგვაროვნად შეხვდა თქვენს შემოქმედებას. გქონდათ ამის გამო დაბრკოლებები შემოქმედებით ცხოვრებაში?
_ ჩემზე ვერლიბრის ფუძემდებლის თქმა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ჯერ კიდევ წინა საუკუნის დასაწყისში ყველაზე საუცხოო ველრიბრი შექმნა კონსტანტინე გამსახურდიამ უოლტ უიტმანის "ბალახის ფოთლების" თარგმანით. ეს არის ნამდვილი ვერლიბრი. შემდეგ გალაკტიონსაც ჰქონდა ვერლიბრი, მაგრამ ის ამით არ არის ცნობილი. პაოლო იაშვილს, ციტიანსა და ტერენტი გრანელსაც აქვთ ვერლიბრი თავიანთ შემოქმედებაში. ვერლიბრი მაშინ ცოტა ანტისაბჭოურადაც აღიქმებოდა. ჩვენ, ვინც ვერლიბრს ვქმნიდით, არ ვიყავით მაინცდამაინც განებივრებულები ყურადღებით. პრინციპში, მაინც შევძელით ამ მიმართულების დამკვიდრება. ვერლიბრი დამკვიდრდა, თუმცა გააჩნია მკითხველის განწყობას, ზოგი ვერლიბრს კითხულობს, ზოგი რითმიანს, კონვენციურ ლექსს. ფუძემდებლად ნუ მომიხსენიებთ, ჩვენ მხოლოდ ფართოდ დავამკვიდრეთ პოეზიის ეს ფორმა. იმის გამო რომ ვერლიბრი ანტისაბჭოთა განწყობილებების მატარებლად მიიჩნეოდა დაბრკოლებები ნამდვილად გვქონდა, ძალიან დიდხანს. მაგრამ ეს დაბრკოლებები თავისთავად გადაილახა. რედაქციები, გამომცემლობები გვთხოვდნენ ასეთ ლექსებს. მოთხოვნილება მის მიმართ ძალიან მალე გაჩნდა. თუმცა რითმიანი, კონვენციური ლექსი თუ სუსტი, არაფრისმთქმელი და უძლურ ფესვებზეა დამყარებული, მის დაბეჭდვას ყოველთვის ერიდებოდნენ და ახლაც ერიდებიან.
_ ექსპერტები საუბრობენ, რომ ვერლიბრი ელიტური პოეზიაა და მოუმზადებელი მკითხველი მისგან სიამოვნებას ვერ მიიღებს.
_ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, იმდენად რამდენადაც ელიტური მკითხველი მარტო ველრიბრის კი არა, ყველანაირი ლექსისაც არის. თუ პოეტურად არ არის გაწაფული ადამიანის გონება და გული ის ვერლიბრს ვერ აღიქვამს. ვერლიბრი არ უნდა წავიკითხოთ, როგორც პროზა, ის უნდა წავიკითხოთ როგორც პოეზია და მაშინ არის ის იოლად აღსაქმელი. და საერთოდ აზრების პოეზიას ცოტა ძნელია პოეზია უწოდო.
_ დღეს აღარაფერი უკვირთ, გამოიცემა ყველანაირი ნაწარმოები, ღირებულიც და ნაკლებად ღირებულიც. ხშირად უხეშადაა გაშიშვლებული ზნეობაც. როგორ ფიქრობთ, ეს ხომ არ არის ერთგვარი ხრიკი მკითხველის მოსაზიდად?
_ უზნეობის აღწერით მოიზიდოს? ეს რა მკითხველს მიიზიდავს, ხომ წარმოგიდგენიათ. ასეთი მკითხველი ნამდვილი მკითხველი არ არის. მსგავსი ნაწარმოები ჩემთვის მაშინვე უინტერესო ხდება. თუ ის შემოქმედებითად არ არის ღირებული. ეს მხოლოდ დაბალი დონისა და გემოვნების მკითხველისთვის იქნება საინტერესო. ასეთი რამ მწერლისთვის თვითმიზანი არ უნდა იყოს. პოეზიაშიც ბევრი ცდილობს მაგით ფონს გასვლას, მაგრამ ამით არაფერი გამოვა.
_ როგორ შეაფასებთ თანამედროვე მწერლობას, პასუხობს თუ არა ის დროისა და ეპოქის გამოწვევებს?
_ თანამედროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებს, რა თქმა უნდა, პასუხობს, ოღონდ რა არის, იცით? თანამედროვეობა სულაც არ არის ისეთი რამ, რომელიც რაღაც კითხვებისგან პასუხს მოითხოვს. ეს არის ცხოვრება ჩვეულებრივი და მონოტონური, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენ მაინც მივდივართ ისეთი ცხოვრებისკენ, რომელიც იქნება არა მონოტონური, არამედ მძაფრი, შინაარსიანი და აზრიანი. თუმცა რა მინდა იცით, გითხრათ? რა ცხოვრებაც გავიარე ეს იყო სრული იმედგაცრუება საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული დღემდე.
_ რა იყო თქვენი იმედგაცრუების მიზეზი?
_ ბევრი რამ. იმედგაცრუებული ვარ ჩემი წიგნებით, ადამიანებით, რომლებსაც ახასიათებთ მოღალატური თვისებები. პირველი იმედგაცრუება კი მთავრობისგან მოდის. ადამიანთა მოტყუება, სისასტიკე. სისასტიკე და დაუნდობლობა ეს ყველა მთავრობის მახასიათებელი იყო და ახლა იგივე ხდება. ეს ყველაფერი კი იმედგაცრუების საბაბია.
_ დღეს ბევრს საუბრობენ უწიგნურობაზეც. ზოგიერთი პოეტი აგრესიულიც კი არის და ის, რომ მისი წიგნები არ იყიდება, საზოგადოების უწიგნურობასა და გაუნათლებლობას აბრალებს. ეს მართლაც ასეა?
_ ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს თანამედროვე ტექნოლოგიები. მეორე მიზეზი კი არის ის, რომ ადამიანი ისეთ გაწამაწიაშია, ისე იბრძვის საკუთარი თავის გადასარჩენად, რომ წიგნისთვის აღარ რჩება დრო და ხალისი. მე წიგნის კითხვის გარეშე არ შემიძლია. ეს ჩემი ყოველდღიური საქმიანობაა. მაგრამ ეს სათავეს, ალბათ, ჩემი პროფესიიდანაც იღებს. ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ყოველდღიური ჯაფით არის გადაღლილი, წიგნისთვის ვეღარ იცლის. ზოგიერთი, სამწუხაროდ, აგდებითაც კი ეკიდება ლიტერატურას. მათ ის არაფრად მიაჩნიათ. მაგრამ, თუ გვინდა, რომ ქართული სული და ადამიანობა გადავარჩინოთ, წიგნი აუცილებლად უნდა წავიკითხოთ.
_ როგორ ფიქრობ, როდესაც ჩვენ ვედავებით სხვებს, რომ ისინი არიან "ბნელები", დაუნდობლები, შეუწყნარებლები, მოძულენი, ჩვენ თავად რამდენად ვართ განათლებულნი, დამნდობნი, შემწყნარებლები? თუ აგრესიამ აუცილებლად უნდა შვას აგრესია და სხვაგვარად ამას ვერ ვუმკურნალებთ?
_ მე ასე არ ვუწოდებდი სხვებს. საერთოდ "სიბნელე" პირობითია. ყველა თავის საქმეშია პროფესიონალი, მაგრამ სხვა საქმეში შეიძლება "ბნელი" იყოს. ვფიქრობ, ყველას თავისი "სიბნელე" აქვს. უნივერსალური ადამიანი არ არსებობს. მისი გონება ვერ შეძლებს უნივერსალობას. მაგალითად, ლიტერატურულ სიბნელეს ვერ ჩავთვლი ვერც დადებით და ვერც უარყოფით მოვლენად. კარგი მკითხველი ცოტა მწერლური ნიჭითაც არის დაჯილდოებული. ამიტომაც არის ის კარგი მკითხველი.
_ თქვენ თუ გაქვთ ურთიერთობა თანამედროვე ახალგაზრდა მწერლებთან და პოეტებთან. როგორ ვითარდება დღეს თანამედროვე მწერლობა?
_ ახალგაზრდებთან საკმაოდ ახლო და კარგი ურთიერთობა მაქვს. ძალიან საინტერესო ახალგაზრდები გვყავს. ვფიქრობ, რომ სწორი გზით მიდის თანამედროვე ლიტერატურა. არავინ არავის ზღუდავს და ყველა ნიჭიერ ახალგაზრდას შეუძლია, თავისუფლად დაწეროს ის, რაც მას სწორად მიაჩნია.
_ ფიქრობთ, რომ გემოვნებიანი მკითხველის დეფიციტი გვაქვს ქვეყანაში?
_ ეს ყოველთვის იქნება. კარგ ლიტერატურას ხალხი მასობრივად ვერ კითხულობს. თქვენ წარმოიდგინეთ, "ვეფხისტყაოსანსაც" ვერ კითხულობენ მასობრივად. რადგან მათ გემოვნების დეფიციტი აქვთ. ეს ყველა ეპოქაში იყო და იქნება. მე არ მჯერა, რომ უცხოეთში მილიონობით იყიდებოდეს რომელიმე ავტორის წიგნი, თუნდაც ნობელიატის. და თუ ეს ასეა, ეჭვი მაქვს, რომ ნაწარმოები ძალიან მდარეა და ამიტომ არის ის ყველასთვის მისაღები. მაღალი გემოვნების ნაწარმოები შეუძლებელია ყველასთვის მისაღები იყოს.
_ როგორ ფიქრობთ, დღეს მწერალსა და მკითხველს შორის ბარიერი წაშლილია ან საერთოდ არსებობდა ეს ბარიერი?
_ მგონია, რომ ბარიერი თუ არსებობს ეს მხოლოდ მწერლის პრობლემაა. ავტორი ვერ ქმნის ისეთ ნაწარმოებს, რომ საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. კარგ მწერალს მკითხველი აუცილებლად ჰყავს. თუმცა ლიტერატურა თავისი ძიებებით ისე შორს წავიდა, რომ შეიძლება მკითხველთა ინტერესს გასცდა. ამიტომ მიუღებელი აღმოჩნდა ბევრი მათგანისთვის.
_ თქვენს შემოქმედებაში რა სიახლეებს უნდა ველოდეთ, ახალ კრებულს თუ ამზადებთ ან ახალი მთარგმნელობითი მუშაობით თუ ხართ დაკავებული.
_ ამჟამად არაფერს ვთარგმნი. მთელი ცხოვრება ჩინურ, რუსულ და ევროპულ ლიტერატურას ვთარგმნიდი, დღეს ამ მიმართულებით არ ვმუშაობ. რაც შეეხება ჩემს შემოქმედებას, ეს არის სრული იმედგაცრუება ჩემი შემოქმედების მიმართ. კმაყოფილი არ ვარ ჩემი თავით. შარშან გამოვიდა ჩემი წიგნი, სადაც 4-5 წლის შემოქმედება შევიდა. უახლოეს ხანებში კი ახალი კრებულის გამოცემას არ ვგეგმავ. გამზადებული მაქვს ჩანაწერების წიგნი, მაგრამ დღეს წიგნის გამოცემა ძალიან ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული და როდის მოვახერხებ მის გამოცემას, ჯერ არ ვიცი.
Last edited by Admin on Mon May 31, 2021 8:26 am; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ჯარჯი ფხოველი Tue Oct 06, 2020 2:29 pm
ჯარჯი ფხოველი
გვრინი
I არ იმღერება ეს სიმღერა. ჩემი სტრიქონი არ იფარფატებს როიალის ნათელ მინდვრებზე, არ დაჰკვლევს ბეჩავს ძე ხორციელი, არც გუთნისდედა შემოსძახებს, არცა ტრიალი ტრამალის მკვიდრი მენახირე და არც დაღლილი მგზავრი იმღერებს ამტვერებულ გზებზე მარები.
მუნჯია ეს ხმა, მოგუდული და უმოტივო, თავგაჩეხილი მეციხოვნის ხაფია იგი, ყელგამოღადრულ მოზვრის ხრიალი... არ იმღერება ეს სიმღერა. ოდენ მგოდებელ დიაცთა ხმაში აკვნესდება და დამარცხებულ მეციხოვნეთა ბაგეებში დაიკლაკნება. მუნჯია იგი _ როგორც ბავშვი გულამომჯდარი. ცრემლის ტალღებით ევსება ხახა.
არ იმღერება ეს სიმღერა მუნჯი და მწარე. თავქვე მოგორავს გაქვავებულ კომიჭასავით, მოთელავს ბალახს, მოიქცევა ხახაგამშრალი.
II ნელა ილევა შენი სანთელი. შემხედე ერთი, როგორ გამიგო ფეხქვეშ ჭილობი ფერად-ფერადი ამ ოქტომბერმა და შუაღამით მე მოვაბიჯებ შენი სინათლის მბჯუტავ ბილიკზე... შემხედე ერთი _ ცირკის ჯამბაზს _ შემხედე ერთი, _ კბილით რომ მომაქვს ფუთობით რკინა: აყვავებული იმედები და დასიზმრებულ ჩრდილების მოთქმა და მტვრიანი ზეცის ნაგლეჯი _ ჩემი ქალაქის მოსასხამი... შემხედე ერთი: მოვაბიჯებ საცოდავ შუქზე და შენი სანთლის ბედკრულ ბჟუტვაში მესმის მთიბავის ცელის სივილი.
III შენ ისევ მიხმობ. შენ ისევ მომდევ. შენ ისევ მოთქვამ. შენ ისევ გალობ უკუნის წიაღ და ეგ გალობა, როგორც ღმერთისთვის მიდ- გმუ- ლი
კი- ბე ნათლით კიაფობს. შენ ისევ მიხმობ _ იქ, იმ თავანის ნისლოვან თაღზე დანთებულ მზისკენ. შენ ისევ ტირი ამ მუნჯი ხმისთვის. შენ ისევ მოთქვამ. შენ ისევ გალობ წკვარამის წიაღ... ბედკრულო, შენი ცელის სივილი მიახლოვდება და კარგად ვხედავ: წვება ბალახი ბაგეგამშრალი... მიახლოვდება შენი ცელის ხმა...
IV ვის გასძახიან ტოროლები. მიმწუხრის მზეში საით მიფრინავს ჭილყვავი ობლად? ან გადათიბულ ველის თავზე რატომ დგას ქუფრი ხმა უსამოსო და უმოტივო?
V არ იმღერება ეს სიმღერა. ამ წარმავალი ჟამის ამარა იფარფატებს და განილევის ეს ხმამაღალი დაფიქრება, ქართა ჩურჩული და მოძახილი მთიბავისა... იქ მიიქცევის _ სადაც მწუხრეულ მეუფების ბჟუტავს სანთელი და თიხად ქმნილა სადაც ყოველი.
1971
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ჯარჯი ფხოველი Tue Oct 06, 2020 2:31 pm
ჯარჯი ფხოველი
*** აჰა: ბალახმა დამადგა ფეხი... მთელი სიცოცხლე ვთიბე და ვთელე. ხანძრებით ვშანთე _ ჩავაბრუნე მიწის საშოში... მთელი სიცოცხლე რა ამაო ომი მქონია... აჰა, ბალახმა დამადგა ფეხი.
1977
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ჯარჯი ფხოველი Tue Oct 06, 2020 2:33 pm
ჯარჯი ფხოველი
ქვა
ქვის მდუმარება – მილიარდ წლობით რომ ჩაჟანგულა, გაბნეულა ლოდებად, ქვიშად მდინარეების ფსკერზე, ველთა განიერ მხრებზე და ვარსკვლავეთის უდაბნოებში...
ქვის მდუმარება – უხსოვარი ამბის მომტანი ჟამთა გაღმიდან, სადაც ბჟუტავენ ღამის ბალახით შეჭვარტლული სამყაროები...
იფშვნება, ტყდება, იფანტება, მაგრამ მაინც მწყემსავს ერთგულად თავის უძველეს საიდუმლოს, პირგაკერილი.
სახლის კედლებში ატანებენ, უკრავენ ხელ-ფეხს, ათრევს მდინარე, ნაკადული ეჯაჯგურება, წყეული ზვავი ანაფოტებს... მაგრამ მაინც ბედნიერია – რადგან ამქვეყნად საითაც კი გადააგდებენ, სუყველგან თვისტომს შეეფეთება.
1980
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ჯარჯი ფხოველი Tue Oct 06, 2020 2:47 pm
ჯარჯი ფხოველი
უსინათლო პოეტებს
გულით სიბრმავეს თქვენ არჩიეთ თვალით სიბრმავე! ამქვეყნიური ყვავილები დაგიმალეს და: სამაგიეროდ თქვენ სამოთხის ყვავილებს რგავთ და სამაგიეროდ თქვენ სამოთხის ყვავილებს ხატავთ! და გულით ხედავთ იმას, რასაც თვალხილულნი ვერ იხილავენ... გულით ხედავდა დიდი ხორხე ლუის ბორხესიც, ისიც ხომ თქვენი ერთი ძმა იყო: იმასაც ერგო ბედისწერის ღვთაებრივი, შავი სიბრმავე... მაგრამ მზე ენთო იმის ღამეში და ვარსკვლავების ბრაილით წერდა!.. და იყო კიდევ ერთი პოეტი, ვინც ტროას ომი უსინათლო თვალებით ნახა და გადმოხატა ხსოვნის ღრუბლებით და გადმოწერა დარდის ანბანით... ბრაილის შრიფტი არა ჰქონდა, აბა, მეტი რა უნდა ექნა! თქვენზე რომ ვფიქრობ, მომაგონდება ჩემი დიდედის დიდი სიბრმავე: იმისი დილა თენდებოდა ხელუხლებელ და რძისფერი ქაღალდივითა შორს, შორს: მაღალ არახიჯაში... ვიცი, სულ მალე ჩემი დილაც გათენდება ამ ქაღალდივით, ეხლა ჩემი კალამი რომ ებღაუჭება... და თქვენ რომ ხატავთ, მეც ვიხილავ იმ ყვავილებს, ცით მოფრენილებს და სამოთხის ყვავილების დახატვაში დაგეხმარებით... უსინათლო დიდი აედო: ჰომეროსო, გულდარდიანო, ბორხესო, ღამის მესაიდუმლევ, მითხარით, როგორ შევიყვარო მე წყვდიადი, გულშემზარავი; ღამეს როგორ გამოვტაცო უკვდავების მწარე წვეთები და გულმოკლულმა მტკივან გულში სიმღერები როგორა ვთქვა მაშინ, როცა სიყვარულის ცაში აწვდილ მთებს და იმათ ღრუბლებს ვერ დავინახავ!
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ჯარჯი ფხოველი Tue Oct 06, 2020 3:33 pm
ჯარჯი ფხოველი
ის მიდიოდა...
ის მიდიოდა და ტიტველ ქუჩას გულზე თავის ჩრდილს აფარებდა... და კაცების ხარბი თვალები კვალზე მისდევდენ და კორტნიდენ იმის მშვენებას მშიერ ყორნების ნისკარტებივით... მიდიოდა, როგორც დილა გაზაფხულისა, გულში რომ იკრავს სიზმრებიდან გამოქცეულ ადამიანებს, ერთურთს დილის არაყივით რომ უწვდიან სანდო სიტყვებს მისალმებისა... ის მიდიოდა და გაშლილი თმებით ფარავდა კაცების დაღლილ და ტიტველ გულებს, რომლებზეც ომში დალეწილი ხმლები იყო ამოტვიფრული და ზედ მოჭრილი მტრის მკლავები სისხლით ეხატა...
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ჯარჯი ფხოველი Tue Oct 06, 2020 3:37 pm
ჯარჯი ფხოველი
*** ვეხმიანები პოეტებს, დროის უფსკრულში მიბმულებს... გულის ქურდი ხარ, სამშობლოვ, მამპარე, აღარ მიბრუნებ!
დამკვლიე, კიდეც ვტირივარ, შენის საკირის ნაცარი... ის შენთვის შემიწირია, ყველაზე ძვირი რაც არის!
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ჯარჯი ფხოველი Sun Oct 11, 2020 10:12 pm
ჯარჯი ფხოველი - თუშური სიმღერები •Oct 11, 2020
თუშური სიმღერები ჯარჯი ფხოველი (კითხულობს ავტორი) ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2020
*** ჯარჯი ფხოველი
თუშური სიმღერები
ნანული აზიკურს
შავეთის გზიდან დაგაბრუნებს, ისევ აქა ხარ.
გახსოვს: მღეროდნენ თუშის ქალები, დაუბრუნებელ ქმრებზე მღეროდნენ, საკუთარ სისხლის გუბეებში ჩაყინულებზე.
ქმრები კი იწვნენ სალეკოს ყელში, ქმრებს ბახტრიონის კართან ეძინათ და ტანზე ყორნის ფრთები ეფარათ.
და ეს სიმღერა მოდიოდა და ხელს აჰკრავდა, ფარს აუგდებდა დაცემულებს.
გაიღვიძებდნენ: რამდენი ხანი გვძინებიაო. და სანამ სიპით დახურული სახლებისკენ გაიხედავდნენ, კვამლი ადის თუ აღარ ადისო; სანამ ცოლებს მოეხვეოდნენ; სანამ ყანწებს ასწევდნენ: დაბრუნებას გაუმარჯოსო, უკვე გაწვდილი ხმლები ეჭირათ და მიდიოდნენ ბახტრიონისკე, სალეკოს ყელის ბილიკებზე... და მიდიოდნენ და იძინებდნენ უსიზმრო ძილით.
მარტო სიკვდილში ისვენებთო, - ტიროდა დედა...
ხოლო ცოლები მღეროდნენ ისევ, დაუბრუნებელ ქმრებზე მღეროდნენ, საკუთარ სისხლის გუბეებში ჩაყინულებზე.
*** Tushetian Songs The verse by Jarji Pkhoveli (in Georgian) This clip is made with: The oldest Tushetian music by Epro Torgvaidze. This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020